წიგნის ავტორია ესაია ამოსის ძე. მისი სახელი ებრაულად ჟღერს როგორც ეშა-ია-გუ, რაც ნიშნავს იაჰვეს ხსნას (უფლისმიერ შეწევნას). განმმარტებელთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ ამოსი, ესაიას მამა, წინასწარმეტყველი ამოსია, თუმცა ნეტერმა იერონიმემ, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა ებრაულ ენას, ფილოლოგიური ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ ესაიას მამა და მცირე წინასწარმეტყველი ამოსი ორი განსხვავებული პირია . ესაია იუდას ტომიდან იყო და სამეფო გვარს მიეკუთვნებოდა. იგი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ იერუსალიმში ჰყავდა მეუღლე და შვილები - შეარ იაშუბი და მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი. მოღვაწეობა უწევდა იმ ეპოქაში, როდესაც მეზობელი ისრაელის სამეფო იერობოამ II-ის შემდგომ მძვლავრი დაღმასვლის გზას დაადგა და მალევე, 722 წ., ასურელთა მირ იქნა განადგურებული . იგივე საფრთხე ელოდა იუდასაც, თუმცა სამხრეთის სამეფომ განსაცდელი გადალახა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ისრაელის დაცემიდან საუკუნე-ნახევრის მანძილზე შეინარჩუნა. სწორედ ამ ურთულეს ჟამს გამოდის ასპარეზზე ესაია. ის თვისტომთ უზენაესს ახსენებს, ურჩევს, რომ ერი არ სასოებდეს ეგვიპტისა და ასურის ძლიერ სხელმწიფოებს, არამედ საკუთარი ნება უფალს დაუმორჩილოს, რითიც ნებისმიერი განსაცდელი დაიძლევა.
ესაიამ საუფლო მოწოდება მეფე ოზიას გარდაცვალების წელს (740 წ.) მიიღო და ღრმა მოხუცებულობამდე ერთგულად იმსახურა, დაახლოებით - 60 წელი. მისი აღსასრულის შესახებ ბიბლიაში ცნობების არარსებობის მიუხედავად საეკლესიო გადმოცემა იტყობინება, რომ წინასწარმეტყველი შეუჩერებელი მხილებების გამო იუდას მეფე მანასეს ბრძანებით ხერხით შუაზე გადახერხეს, სავარაუდოდ, ასურელი მეფის სენნახირიმის გარდაცვალების წელს (681 წ.) . მარტვილი „სილოამის საბანელთან“ ახლოს დაიკრძალა. მოგვიანებით თეოდოსი მცირემ ესაიას წმ. ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენა. ცნობილია, რომ დღეისთვის მისი თავის ქალა ათონის მთაზე - ქილანდარის მონასტერში ინახება.
ახალი აღთქმის წიგნებში ესაიას წინასწარმეტყველებიდან სამოცზე მეტი ადგილია ციტირებული. პატრისტიკულ მემკვიდრეობაში ყველაზე ხშირად ბიბლიური ციტატები სწორედ ესაის წიგნიდან მოიხმობა. რჩეული ერის წიაღში შობილი რიგით პირველი დიდი წინასწარმეტყველი ამ ერის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა. მისი წიგნი უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ მასალას გვთავაზობს იუდეველთა ცხოვრების შესახებ ძვ. წ. აღ-ის მე-8 საუკუნის II ნახევრსა და მე-7 საუკუნის დასწყისზე. ერთ-ერთი მთავარი თემა საკუთარი ხალხის გამუდმებული მხილებაა. ამასთანავე, წინასწარმეტყველი ყველაზე აღმატებულ ხარისხში საუბრობს ცათა სასუფევლის თაობაზე, სადაც სულიერი ისრაელიანნი ღვთის კრავის საშუალებით დამკვიდრდებიან.
ნეტარი იერონიმე: ესაიამ მესიასთან დაკავშირებული საიდუმლოებანი ისეთი სიცხადით გადმოსცა, რომ გექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მას ახალ აღთქმაში ემოღვაწოს და თავად ენახოს ყოველივე).
დეკან. ალექსანდრე მენი: ესაიას წიგნთან დაკავშირებით უძველესი დროიდანვე არსებობდა მოსაზრება, რომ ის რამდენიმე ავტორის შემოქმედების ნაყოფი იყო. აღნიშნული ვარაუდის დადასტურებას, ამჯერად მეცნიერული თვალსაზრისით, მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე პროტესტანტი ბიბლეისტები შეეცადნენ და შესაბამისი კვლევები გამოსცეს . მათი აზრით წიგნი სამ ნაწილად უნდა დაიყოს. 1-39 თავები უშუალოდ ესაია წინასწარმეტყველს (პროტოესაიას) ეკუთვნის, 40-55 თავები - ვინმე დევტეროესაიას, ხოლო 56-66 თავები - ტრიტოესაიას. ამგვარ არგუმენტაციამდე ხსენებული მკვლევარები ტექსტოლოგიური ანალიზის შედეგად მიდიან. მათი თქმით, წიგნის მეორე ნაწილში (40-55 თავები) გადმოცემული მოვლენები იუდეველი ერის ტყვეობაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება და, შესაბამისად, ამავე ეპოქიაში მცხოვრები უცნობი ავტორის მიერ დაიწერა. მაგალითად, ის სპარსეთის მეფე კიროსს ახსენებს, რაზეც მე-8 საუკუნეში მოღვაწე ადამიანი ვერ ისაუბრებდა . წიგნის ბოლო ნაწილი კი (56-66 თავები) სამშობლოში დაბრუნებული იუდეველების შესახებ იუწყება, რაც, ზემომითითებული მკვლევარების აზრით, ბუნებრივია, ასევე სხვა პიროვნებას ეკუთვნის, რეპატრიანტთა იმ თაობის წარმომადგენელს, რომელიც სამოცდაათწლიანი ტყვეობის დასასრულს საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდა.
წარმოდგენილი არგუმენტების საპირისპიროდ საეკლესიო ტრადიცია წიგნის ავტორად ერთხმად საკუთრივ ესაიას ასახელებს, რასაც იუდაური გადმოცემაც ეთანხმება. ამასთანავე, კიდევ ერთი უტყუარი ფაქტი, რომელიც ესაიას სასარგებლოდ მეტყველებს, ახალი აღთქმის წიგნთა უწყებაა: მახარებელთა და მოციქულთაგან აღწერილ წიგნებში პირველი (1-39 თავები) თუ მეორე (40-66 თავები) ნაწილიდან მოხმობილი მრავალი ციტატა ერთხმად დიდ წინასწარმეტყველს განეკუთვნება . 1970 წელს ებრაელი მეცნიერის რადდაეს მიერ ჩატარებულმა ესაიას წინასწარმეტყველების ტექსტის კომპიუტერულმა ანალიზმაც იგივე შედეგი დაადასტურა. აქვე უნდა აღინიშნოს მკვდარი ზღვის სანაპიროზე აღმოჩენილი ყუმრანის ხელნაწერები, სადაც ესაიას წიგნი ერთმთლიანი სახითაა წარმოდგენილი. მისი თანამედროვენი არიან წინასწარმეტყველები ოსია და მიქა.
განმმარტებელთა აზრით, ესაიას წინასწარმეტყველება გათვლილი იყო ორი ეპოქის ადამიანებზე:
ესიაია ასპარეზზე გამოდის იუდეის მეფის ოზიას გარდაცვალების წელს (740 წ.). ხსენებული მეფე ყველა ღონეს ხმარობდა, რომ თავის სამეფოში ჭეშმარიტი ღვთისმსახურება განემტკიცებინა. მეფე ოზიას დროს იუდეამ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, იგი წინა აზიის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლევამოსილ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ოზიას მზრუნველობამ ერის სიწმინდესა და ღმერთთან ჭეშმარიტი კავშირის აღდგენაზე ამავე მეფეს საღვთო კურთხევა მიანიჭა და მისი მსახურების დღეები საკმაოდ განივრცო, 52 წელი გაგრძელდა. ხსენებული მეფის მმართველობისას ხალხი ისეთივე ბედნიერი იყო, როგორც სოლომონის ეპოქაში. თუმცა ცხოვრების ბოლო პერიოდში, სოლომონის მსგავსად, მანაც მძიმედ შესცოდა: ოზია ტაძრის წმიდაში შევიდა და საკმეველის კმევა ისურვა, რისი უფლებაც მხოლოდ ძველი აღთქმის სასულიერო პირს გააჩნდა. ტაძარში მყოფი მეფე სასწაულებრივად იქვე კეთრით დასნეულდა .
იოთამი იუდეის სამეფოს 16 წელი მართავდა. აქედან 11 წელი მამის - ოზიას თანამმართველი იყო, ხოლო დარჩენილი დროის მანძილზე ერთპიროვნულად განაგებდა ქვეყანას . იოათამი მამის გზით აგრძლებდა სვლას და მთავარ საზრუნავს საკუთარი ერის ღმერთთან უმწიკვლო კავშირის შენარჩუნება წარმოადგენდა. თუმცა მისი მოღვაწეობის მიუხედავად იუდეველები ღვთის მცნებას არად აგდებდნენ. ესაია იოთამის დროს იუწყება, რომ ღმერთი იუდეის სამეფოს მასში არსებული უმსგავსობის გამო დასჯის.
ოზიასა და იოთამის მიღწეული წარმატებებით იუდეის მოსახლეობა უზრუნველობასა და დაუდევარ ცხოვრებას მიეცა. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება ესაიას წიგნის 2, 3, 4, 5 თავები.
იოთამის შემდეგ სამეფო ტახტზე ადის მისი ვაჟი აქაზი. იგი 10 წელი მეფობდა და წინაპრებისგან განსხვავებით კერპების მსახურება ირჩია. მეფე აქაზის დროს სირიისა და ისრაელის სამეფოს გაერთიანებულმა ჯარებმა, ედომელებთან ერთად, იუდეის სამეფო დაარბიეს და მოსახლეობის ნაწილი სამარიაში გადაასახლეს. ესაია უკეთურებათა მიზეზით მკაცრად ამხელდა აქაზს და ამასთანავე აუწყებდა, რომ არ მიემართა დახმარების თხოვნით ასურეთის მეფე თიგლათფალასარისთვის, ვინაიდან ეს უკანასკნელი იუდეის დამორჩილებასაც შეეცდებოდა.
ეზეკია (ხიზკიაჰუ) იუდეას 29 წელი მართავდა . მამისგან განსხვავებით იგი ღვთისმოშიშებითა და კეთილკრძალულებით გამოირჩეოდა. მეფე მთელი არსებით შეეცადა ჭეშმარიტი ღვთისმსახურების აღედგენას, რისთვისაც იუდეის მმართველ იერარქთა შორის ერთ-ერთი უღერსეულესი მოღვაწის სახელი დაიმკვიდრა.
წიგნი 66 თავს მოიცავს და რამდენიმე დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება. თხრობა არაა დალაგებული ქრონოლოგიურად, რადგან რიგ შემთხვევებში წიგნის უკანა თავებში წარმოდგენილი ამბები წინ უსწრებს წინარე თავებში დაცულ ცნობებს. წიგნი შეიძლება, ორ პირობით ნაწილად დაიყოს:
ა). 1 - 39 თავები, სადაც წინასწარმეტყველი მკაცრ მხილებას მიმართავს;
ბ). 40 - 66 თავები. ესაია ცდილობს ანუგეშოს საკუთარი ხალხი ბაბილონის ტყვეობის წინ.
წიგნის პირველი ნაწილის შემადგენლობა (1 - 39 თავები):
წიგნის მეორე ნაწილის შემადგენლობა (40 - 66 თავები):
აღნიშნული მონაკვეთი ერთიან, მწყობრ, თანმიმდევრულ თხრობას გვთავაზობს და სამ ნაწილად იყოფა.
1. მესიის დედის წიაღიდან მოწოდების შესახებ (‘მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი”. ეს. 49.1);
2. ქალწულისაგან შობის შესახებ (‘აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს”. ეს. 7.14);
3. იესეს ძირიდან აღმოცენებისა და დავითის ჩამომავლობაში განკაცების შესახებ (‘ამოვა ყლორტი იესეს კუნძიდან და ნორჩი ნერგი მისი ფესვებიდან ნაყოფს გამოიღებს … იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი”. ეს. 11.1, 10);
4. სულიწმინდისგან განმტკიცების შესახებ (‘დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა”. ეს. 11.2; ‘აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს”. ეს. 42.1);
5. მესის გულმოდგინე მსახურების შესახებ (‘გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს, სამართალს სიმართლით გააჩენს”. ეს. 42.3);
6. მესიის მორჩილებით აღსრულებული მსხურების შესახებ (‘უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით. უფალმა ღმერთმა გამიხსნა სასმენელი და მე არ გავურჩებულვარ, უკან არ მივქცეულვარ. ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან. მაგრამ უფალი ღმერთი შემეწეოდა მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ; ამიტომაც კაჟად ვაქციე ჩემი პირისახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები. ახლოს არის ჩემი გამმართლებელი. ვინ არის, რომ მედავება? დავდგეთ ერთად, ვინ არის ჩემი მომჩივანი? ახლოს მოვიდეს. აჰა, უფალი შემეწევა; ვინ გამამტყუნებს? აჰა, სამოსელივით გაცვთებიან ყველანი, ჩრჩილი შეჭამთ მათ”. ეს. 50. 4-9);
7. ნებაყოფლობითი ტანჯვის შესახებ (‘ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან”. ეს. 50.6; ‘ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა”. ეს. 53. 7-8);
8. ისრაელის მიერ მესიის უარყოფის შესახებ (‘ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას…” ეს. 49.7; ‘ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით”. ეს. 53. 2-3);
9. მესიის მიერ კაცობრიობის ცოდვების საკუთარ თავზე ტვირთვის შესახებ (‘ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება … თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს”. ეს. 53. 4-6, 11);
10. სიკვდილზე გამარჯვების შესახებ (‘უფალს სურდა მისი დალეწვა, მისი დასნეულება თუ დასდებს ის თავის სულს დანაშაულის მსხვერპლად, იხილავს ის შთამომავლობას, გაიგრძელებს დღეებს, და უფლის ნება მისი ხელით მიაღწევს წარმატებას”. ეს. 53.10);
11. მესიის განდიდების შესახებ (‘აჰა, მოჭკვიანდება ჩემი მორჩილი, გაიმართება, აღზევდება და დიდად ამაღლდება”. ეს. 52.13; ‘ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა”. ეს. 53.12);
12. მესიის მიერ ისრაელიანთა ნუგეშინისცემისა და უკეთურთა დასჯის შესახებ (‘უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვედრად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ -ბორკილების ახსნა. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა. დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ”. ეს. 61. 1-3);
13. მესიის მიერ ღმერთის განდიდების შესახებ (‘მითხრა: ჩემი მსახური ხარ შენ, ისრაელ, რომელშიც გავბრწყინდები.”. ეს. 49.3);
14. მესიის მოსვლის შესახებ, რომ ისრაელი სულიერად იშვას და კვლავ დაუბრუნდეს აღთქმულ მიწას (‘ახლა თქვა ჩემმა უფალმა, დედის მუცლიდან თავის მსხურად ჩემმა გამომსახველმა, რომ მივაბრუნო მისკენ იაკობი, და ისრაელი მასთან შეიკრიბოს, რათა პატივდებული ვიყო უფლის თვალში, და ჩემი ღმერთი იყოს ჩემი ძალა”. ეს. 49.5; ‘ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად”. ეს. 49.8);
15. მესია დავითის ტახტზე დაბრძანდება და ისე იმეფებს (‘დიდ არს მთავრობა მისი, და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა ზედა დავითისსა დაჯდეს და მეფობასა მისსა წარმართებად მისსა. და სიმართლისა მიერ და მშჯავრისა შეწევნად მისსა ამიერითგან და უკუნისამდე შურმან უფლისა საბაოთისმან ყვნა ესენი”. ეს. 9.7 );
16. მესია ისრაელს ნათელს მოუტანს (‘ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი ნათელი; სიკვდილის აჩრდილის ქვეყნის მცხოვრებლებზე გაბრწყინდა იგი”. ეს. 9.2);
17. მესია ახალ აღთქმად იქნება ისრაელისთვის (‘მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახვ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ”. ეს. 42.6; ‘ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად, გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი”. ეს. 49. 8-9);
18. მესია ნათელი იქნება წარმართთათვის (‘მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახვ, გაქცევ შენ … ხალხების სინათლედ”. ეს. 42.6; @და თქვა მან: ‘არ კმარა, რომ იქნები ჩემს მსახურად იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის შენახულთა დასაბრუნებლად. მე გაგხდი შენ ხალხთა სინათლედ, რათა ჩემი ხსნა დედამიწის კიდემდე იყოს”^. ეს. 49.6 ).
19. ხალხები მისკენ მიიქცევიან, ის კი აღადგენს მათ (‘იმ დღეს ხალხთა ნიშნად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ერები, და დიდება იქნება მისი განსასვენებელი”. ეს. 11.10);
20. წარმართები ეთაყვანებიან მას (‘ასე შეაშფოთებს ის ბევრ ხალხებს, მეფენი მოკუმავენ მის გამო პირს, რადგან დაინახავენ იმას, რაც არ უამბიათ მათთვის, და რაც არ სმენით, იმას გაიგებენ”. ეს. 52.15);
21. მესია საუკუნოდ იმეუფებს (‘რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად საკვირველ მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას…”. ეს. 9.6);
22. მესია სიმართლითა და სამართლიანობით განმსჯელი იქნება (‘ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას. სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე”. ეს. 11. 3-5; ‘აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს”. ეს. 42.1, 4).
სხვა ინფორმაცია წინასწარმეტყველის შესახებ:
ტეგები: Bible, Holy, Old_Testament, Propets, Qwelly, ბიბლია, ესაია, ძველი_აღთქმა, წერილი, წინასწარმეტყველი, მეტი...წმინდა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•