ხორხე ლუის ბორხესი - ფენიქსის კულტი


   ისინი, ვინც წერენ, რომ ფენიქსის კულტის სათავე ჰელიოპოლისშია, და ამტკიცებენ, რომ ეს მოდის რელიგიური რეკონსტრუქციიდან, რომელიც მოჰყვა რეფორმატორ ამენჰოტეპ IV სიკვდილს, ციტირებენ ჰეროდოტეს, ტაციტუსს და წარწერებს ეგვიპტურ მონუმენტებზე, თუმცა არ იციან (შესაძლოა - შეგნებულადაც), რომ „ფენიქსის კულტის“ კვალს ჰრაბანუს მაურუსზე უფრო შორს ვერ გავყვებით, და რომ უადრესი წყაროები (ვთქვათ, „სატურნალიები“ ან ფლავიუს იოზეფუსი) ახსენებენ მხოლოდ „პრაქტიკის ადამიანებს“ ან „საიდუმლოს ადამიანებს“. ფერარას შეკრებებზე გრეგოროვიუსი ამბობდა: ფენიქსი ძალზე იშვიათად მოიხსენებოდა ზეპირსიტყვიერებაშიო. ჟენევაში მქონდა საუბრები ხელოსნებთან, რომლებმაც ვერ გამიგეს, როცა შევეკითხე, ფენიქსის ხალხი ხომ არ ხართ-მეთქი, თუმცა დაუყოვნებლივ დამთანხმდნენ, რომ საიდუმლოს ადამიანები იყვნენ. თუ არ ვცდები, თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ბუდისტებზეც: სახელი, რომლითაც მათ ქვეყნიერება იცნობს, არ თანხვდება სახელს, რომლითაც თავად მოიხსენიებენ საკუთარ თავს.
   თავის ერთ ყოვლად სახელგანთქმულ გვერდზე, მოკლოსიჩმა ფენიქსის კულტის წევრები გაუთანაბრა ბოშებს. ჩილესა და უნგრეთში ცხოვრობენ ორივენი - ბოშებიც და ამ სექტის წევრებიც, თუმცა, თავიანთი ყველგანმყოფობის გარდა, ბევრი არაფერი აქვთ საერთო. ბოშები არიან ცხენებით მოვაჭრეები, მექოთნეები, მჭედლები და მარჩიელები, ფენიქსის კულტის წევრები კი, მთლიანობაში, „თავისუფალი პროფესიების“ კმაყოფილი პრაქტიკოსები. ბოშები გარკვეულ ფიზიკურ ტიპს ეკუთვნიან და მეტყველებენ (ან მიეჩვივნენ მეტყველებას) საიდუმლო ენაზე. კულტის წევრებს კი არაფერი განასხვავებთ სხვა ადამიანებისგან და ამის დასტურია, რომ არასოდეს ყოფილან დევნილები. ბოშებს კოლორიტული გარეგნობა აქვთ და ხშირად შთააგონებენ ცუდ პოეტებს. ბალადებში, ფოტოებზე თუ ბოლეროებში ვერ ნახავთ ფენიქსის ადამიანებს... მარტინ ბუბერის თქმით, ებრაელები თავისი არსით ტანჯულები არიან; კულტის წევრები - არა ყველანი, ზოგიერთს კი საერთოდ სძულს პათოსი. ეს საჯარო და საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება კმარა იმ უხეში შეცდომის უკუსაგდებად (ასე აბსურდულად დაცულის ურმანის მიერ), რომლის მიხედვითაც ფენიქსის ფესვები ისრაელშია. ადამიანები მეტ-ნაკლებად ასე მსჯელობენ: ურმანი მგრძნობიარე კაცი იყო, თანაც ებრაელი, რომელსაც ჩვევად ჰქონდა კულტის წევრების მონახულება პრაღის ებრაულ გეტოებში. სიახლოვე, რომელსაც ურმანი გრძნობდა, ნამდვილ ნათესაობას ამტკიცებს. გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ დავეთანხმები ამ დასკვნას. ის, რომ ებრაულ გარემოში კულტის წევრები ებრაელებს ჰგვანან, თავისთავად არაფერს ამტკიცებს. რისი უარყოფაც შეუძლებელია, ისაა, რომ - ჰაზლიტის უსასრულო შექსპირისა არ იყოს - ისინი ყველას ჰგვანან ამ დედამიწაზე; მოციქულისა არ იყოს, ყველასთვის ყველაფერი არიან. რამდენიმე დღის წინ დოქტორი ხუან ფრანჩესკო ამარო ფიქრობდა იმ სიმსუბუქეზე, რომლითაც ისინი ასიმილირებენ, იმ უბრალოებაზე, რომლითაც ისინი „აბუნებრივებენ“ თავიანთ თავს.
უკვე ვთქვი, რომ კულტის ისტორია არ იცნობს დევნას. ეს ასეა, მაგრამ რადგანაც არ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც არ შედიოდნენ ფენიქსის სექტის მიმდევრებიც, მაშინ ისიც სიმართლეა, რომ არ ყოფილა დევნა თუ სისასტიკე, რომლებიც სექტის წევრებს არ ეწვნიოთ და არ განეხორციელებინოთ. დასავლური სამყაროს ომებშიც და შორეულ აზიურ ომებშიც მათი სისხლი საუკუნეების განმავლობაში იღვრებოდა მტრის დროშების ქვეშ. ნამდვილად არ უღირთ თავის გაიგივება დედამიწის ყველა ეროვნებასთან.
   რაკი არ გააჩნიათ წმინდა წიგნი, რომელიც ისევე გააერთიანებდათ, როგორც ისრაელს აერთიანებს ბიბლია, არ აქვთ საერთო მეხსიერება, არ აქვთ ის მეორე მეხსიერება, რომელიც არის საერთო ენა, გაფანტულან დედამიწაზე სხვადასხვა ფერითა და ნაკვთებით, რჩება ერთი რამ, რაც მათ აერთიანებთ დროთა აღსასრულამდე: საიდუმლო. ოდესღაც ამ საიდუმლოს ემატებოდა ლეგენდა (და ალბათ კოსმოგონიური მითი), მაგრამ ფენიქსის ზედაპირულმა კაცებმა დაივიწყეს ის და სადღეისოდ შემორჩათ მხოლოდ სასჯელის ბნელი და ბუნდოვანი ამბავი, - სასჯელის, პაქტის თუ პრივილეგიის (სხვადასხვა ვერსიით). მაგრამ რაც შეიძლება ბუნდოვნად შევამჩნიოთ სექტის ყველა წევრს, ესაა კონცეფცია ღმერთისა, რომელიც მარადისობას ჰპირდება იმ არსებათა მოდგმას, რომლის კაცები თაობიდან თაობამდე განსაზღვრულ რიტუალს ასრულებენ. მე შევადარე ერთმანეთს მოგზაურთა ჩანაწერები. მისაუბრია პატრიარქებთან და თეოლოგებთან. შემიძლია დავამოწმო, რომ ამ რიტუალის ჩატარება ერთადერთი რელიგიური პრაქტიკაა, რომელსაც კულტის წევრები მისდევენ. ეს რიტუალი, ფაქტობრივად, საიდუმლოა. საიდუმლო, როგორც ვთქვი, გადაეცემა თაობიდან თაობას, თუმცა ტრადიცია კრძალავს, რომ დედამ ის შვილებს ასწავლოს, ისევე, როგორც მღვდლებს ეკრძალებათ ეს. საიდუმლოსთან ზიარება სექტის უდაბლეს წარმომადგენელთა საქმეა. მისტაგოგის როლს ასრულებს მონა, კეთროვანი ან მათხოვარი. ბავშვსაც შეუძლია დამოძღვროს მეორე ბავშვი. თვით ეს აქტი ტრივიალურია, მომენტის ამბავი, რომელსაც აღწერა არ სჭირდება. გამოყენებული მასალებია კორპი, ცვილი ან გუმერაბიკი (ლიტურგიაში ნახსენებია „ლამი“. ამიტომ ტბორის ლამსაც ხშირად იყენებენ). არ არსებობს საგანგებოდ კულტის თაყვანისცემისთვის აგებული ტაძრები. ამისთვის შესაფერის ადგილებად მიჩნეულია ნანგრევები, სარდაფები ან დერეფნები. საიდუმლო საკრალურია. თუმცა ეს ხელს არ უშლის, იყოს ცოტათი სასაცილოც. ის მალულად ტარდება, გასაიდუმლოებულადაც კი, და მისი ადეპტებიც არაფერს ამბობენ ხმამაღლა. არ არსებობს შესაფერისი სიტყვები, რომლითაც მას დაასახელებდი, თუმცა გასაგებია, რომ ყველა სიტყვა რაღაცნაირად მას ასახელებს ან, უფრო სწორად, გარდაუვალად მიუთითებს მასზე. რაღაც უმნიშვნელო ვთქვი საუბარში და დავინახე, როგორ გაიღიმეს ადეპტებმა ან უხერხულად შეიშმუშნენ, რადგან იგრძნეს, რომ საიდუმლოს შევეხე. გერმანულენოვან ლიტერატურაში არის ლექსები, დაწერილი ფენიქსის კულტის წევრების მიერ, რომელთა ნომინალური თემებია ზღვა და მწუხრი. არაერთგზის მსმენია ხალხის ნათქვამი: ეს ლექსები რაღაცნაირად საიდუმლო სიმბოლოებიაო. Orbis terrarium est speculum Ludi, ამბობს აპოკრიფული გამოთქმა კანჟის გლოსარიუმში. ერთგვარი საკრალური შიში აკავებს ზოგიერთ მორწმუნეს რიტუალთაგან ამ უმარტივესის ჩატარებისგან. სექტის სხვა წევრებს სძაგთ ასეთები, თუმცა ამ უკანასკნელთ კიდევ უფრო მეტადაც სძაგთ თავიანთი თავი. მეორე მხრივ, ისინი, ვინც შეგნებულად ამბობს უარს პრაქტიკაზე და გადის პირდაპირ კონტაქტზე ღვთაებასთან, დიდ პატივისცემას იწვევენ. ასეთები ზემოხსენებულ კონტაქტზე ლაპარაკობენ ლიტურგიული ფიგურების გამოყენებით. ასე ვიპოვეთ ჯონ რუდელის მიერ დაწერილი სიტყვები: დე, ეთქვას ცის ცხრავე თაღს, რომ ღმერთი წარმტაცია, როგორც კორპი და ჭაობი.
   სამ კონტინენტზე მე ფენიქსის მრავალი თაყვანისმცემლის მეგობრობა დავიმსახურე. ვიცი, თავდაპირველად საიდუმლო ბანალურად, სამარცხვინოდ, უხამსად და, რაც კიდევ უფრო უცნაურია, დაუჯერებლად ეჩვენათ. ვერც კი დაიჯერეს, რომ მათი მშობლები ოდესმე მსგავს აქტებამდე დამდაბლდნენ. უცნაურია, რომ საიდუმლო დიდი ხნის წინ კი არ გადაშენდა, არამედ ქვეყნიერების უკუღმართობათა მიუხედავად, მიუხედავად ომებისა და მასობრივი გადასახლებების, მაინც მოდის ყველა მორწმუნესთან მთელი თავისი საშინელებით. ვიღაც იმასაც კი ამბობს, ამჟამად ის ინსტინქტურიაო.

ნახვა: 682

ბლოგ პოსტები

FC 26 Coins Strategy Breakdown: How to Master Gameplay Mechanics and Tactics

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

EA Sports FC 26 brings a whole new level of depth and excitement to the world of football gaming. With enhanced graphics, more fluid gameplay mechanics, and advanced strategic elements, this installment of the franchise challenges players to think… გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters