ჩემო საპყარ!

      გწერს შენი ბაყდარი

      და რო მოგიკვდა, თუ გახსოვს?

      არა, მეორედ რო მოგიკვდა, ეგ როგორ არ გეხსომება, პირველად რომ მოგიკვდა, რაღა თქმა უდა, ისიც გეხსომება, დის სიკვდილს რა დაავიწყებს კაცს; და ძმისთვის ისეთივე შეუცვლელია, როგორც მზე მთვარისათვის. ძმის უბედურებაზე დის თვალებიდან ჩამოგორულ ერთი ცრემლის კურცხალშიც კი უკლებრივ ჩანს, რაც კი მის ძმას გადახდენია ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, თუ ამას გულისხმიერი კაცი გულდასმით დააკვირდება. დას სხვანაირი სიყვარული აქვს ძმისა. დას ისეთ ადგილას უზის ძმა გულში, მკვდარიც ღმერთს შეეხვეწება: ღმერთო, დედამიწაზე ჩემი ძმა შეწუხებულია, გამიშვი, გამაცოცხლე, ვნახავ, გულს გავუთბობ და წამოვალ მერე ისევ აქეთ, შენთან ახლოს ყოფნას რა მირჩევნია.

      მჯერა, შენმა დამაც ღმერთს სთხოვა.

      ახლა შენზე ვფიქრობ და მოდი, ჩემთვის მოვყვები ამას, ვითომც არ ყოფილა და ახლა ვიგონებ ასეთ ამბავს.

      ვიწყებ, საპყარო, შენ ისეთი კაცი ხარ, რამე რო გამომრჩეს, საყვედურებით ამიკლებ მერე.

      - ვიწყებ!

      - ჰო, დაიწყე, თუ იწყებ - ვიცი ამას იტყვი, ამ წერილს რო წაიკითხავ.

      - ვიწყებ

      - დაიწყე, კაცო, რა შემიჭამე ისედაც ქვეყნისგან შეჭმული გული.

      - მაშ, აბა, მოემზადე, ვიწყებ.

      - არ დაიწყებ და ვინც შენი წერილი წაიკითხოს, ძაღლი მიაკვდეს სულში. რა იღბალი მაქვს, ვის გადავეკიდე, მარჯვენა ჯიბე ჰქონოდა რა დევს გახვრეტილი, რო შენი ჭიპი დაკარგულიყო, მაშინ ვნახავდი, რასაც დაიწყებდი. დაიწყე რა, გიტლერმა დაუწყო მთელს მსოფლიოს ომი და შენ ჩემი დის სიკვდილის აბავს ვეღარ იწყებ?

      - ჰო, კარგი, კარგი, ვიწყებ.

      - აი, ახლა კი ჩუმადა ვარ, გიდა დაიწყე და გინდა - არა, შენ იმდენს იზამ, სანამ ჩემი დის ამბავს დაიწყებდე, მგონი, ისეთი ომი ატყდეს მანდ, სუ დაგავიწყდეს ჩემთან გამოსაგზავნი წერილიცა და მკვდარ-ცოცხალიცა.

      - ჰოო, აბა, მაშ... უჰ:

      მოკვდა საპყარის და სამძივარი. ხანში იყო შესული და მოკვდა. ქმარი აღარ ჰყავდა და რძლებს გაუხდა მიცვალებული თავში საცემი. შვილები ქალაქში გაიქცნენ ხარჯის პურ-ღვინის მოსატანად. აპარეკა სხვა სოფელში ცხოვრობს, ხო არ დაუძახეს, ჩქარა გამაიქეც, შენი და საიქიოს წავიდაო.

      გააპატიოსნეს რძლებმა ცხედარი, ჩააწვინეს კიდეც საკაცეში, თავით სანთელი დაუნთეს, ბოთლით წყალი დაუდგეს, ეგრე იციან, სანამ საიქიოს მივა, გზაში წყალი არ მოსწყურდესო. ჩემმა მტერმა გაძლოს საიქიომდე უწყლოდ. სად იშოვი, ტარტაროზები დაგალევინებენ თუ რა? მწყურვალი ერთ მთას ვერ გადაივლი და, აბა, საიქიომდე როგორ ივლი, დავარდები და ვეღარც საიქიოს მიხვალ, აღარც სააქაოსა ხარ. გდიხარ შუა გზაში, თუ ღვთსნიერმა მიცვალებულმა ჩამაიარა და თავისი წყალი დაგალევინა, კიდე არა გიშავს, მაგრამ ხო ხედავ, რა ქვეყანა გახდა, კაცოო, აქ არავინ გასმევს წყალს და იქ ვის იმედზე უნდა წახვიდე. სჯობია ისევ ისეთი ერთი ბოთლი საკუთარი წყალი წაიღო, დაგამძიმებს თუ რა, ისეთი სიმძიმე გაქვს სააქაოს ნატარები რო, ერთი ბოთლის სიმძიმე რაღა არის.

      ამიტომაც დაუდგეს რძლებმა თავით წყალი. უმცროსმა რძალმა თქვა, მოდი ერთი ბოთლი არაყიც დავუდგათ თავით, რა ვიცი, იქნებ ვინ ხვდება გზაშიო, მაგრამ უფროსმა იუარა.

      - აბა, რას ამბობ, შე კაი დედმამიშვილო, გასავათებული ქალია, სხვას რო მიაწვდის არაყს, თვითონაც რო პირი წაუცდეს, ხო დათვრა. დათვრება და ან დაეძინება, ან გზა აერევა და ვინ იცის, საიქიოს მაგიერ სად ამოყოფს თავს.

      აღარ დაუდგეს არაყი. ხორბალი დაუდგეს პატარა ჯამით, დიდი მჭამელი კი არ არის, მაგრამ ის არა თქვას, რძლებმა საგზალი არ გამომატანესო.

      ეს ყველაფერი რო ლამაზად ჩააწიკწიკეს რძლებმა, გავიდნენ და სამზარეულოში დასხდნენ. თან ორი-სამი მეზობელიც შემომატათ სალაპარაკოდ. ჭირია, სუფრა არის გასაშლელი, უნდა ილაპარაკო, აბა, რა.

      მიცვალებული თავისთვის წევს ჩუმად, ის დროა გასული, კარგა ერთი ორასი ვერსი მაინც ექნება გავლილი საიქიოსკენ მიმავალ გზაზე.

      ამ დროს მოვიდა საპყარი. კარები ღიაა და ჩუმად შემოვიდა სახლში.

      ეტყობა, ქალები სამზარეულოში ისე არიან ლაპარაკით გართულნი, ვერ გაიგეს საპყარის მოსვლა.

      დაძმური სიყვარული სხვა არის და ამოუჯდა საპყარს გული. ელაპარაკება დას. რას არ უყვება. ეს გახსოვსო? ესაო? იქ რო ვიყავითო? რო მოგვნათლესო?

      - რო მოგვნათლეს, როგორ არ მახსოვსო - ამოიდგა უცებ მიცვალებულმა ენა.

      - შენ ქორწილში რო მე და ბაყდარმა ვითამაშეთ, ისაო?

      - ეგეც კარგად მახსოვსო.

      კიდევ რაღაცის გახსენება უნდოდა საპყარს მაგრამ დამ სთხოვა, რაღაც ვიწროდა ვწევარ, არიქა, ჩემს რძლებს დაუძახე, ჩემს ლოგინზე გადამაწვინონო.

      ადგა საპყარი, შევიდა სამზარეულოში და ეუბნება მიცვალებულის რძლებს:

      - ქალებო, სამძივარი გთხოვთ, აქ ვიწროდა ვწევარ, ლოგინზე გადამაწვინეთო.

      - გადამაწვინეთო?!! - რო იკივლეს ქალებმა, იქ ისეთი ამბავი ატყდა, მაგას ვეღარ აგიწერ, ჩემო საპყარო... აქ ისეთი ამბავი ატყდა, შენი დის რძლების კივილი მონაგონია, ისეთი სროლაა, ისეთი ქუხილია... გავრბივარ, მაგრამ მაინც დავამთავრებ ამ წერილს: ღმერთმა გაგინათლოს დის სული, შენცა და ყველას, ვისაც და ჰყავდა და აღარა ჰყავს სააქაოზე.

ბაყდარი
გავრბივარ...
1944 წელი

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

ტეგები: Qwelly, გარდაცვალება, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი

ნახვა: 1198

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:The Burden of Haunted Souls

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am 0 კომენტარი

In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…

გაგრძელება

FC 26 Coins Strategy Breakdown: How to Master Gameplay Mechanics and Tactics

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

EA Sports FC 26 brings a whole new level of depth and excitement to the world of football gaming. With enhanced graphics, more fluid gameplay mechanics, and advanced strategic elements, this installment of the franchise challenges players to think… გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters