რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, იმდენჯერ ამომხდება ხოლმე -გენიალურია! ვაჟა ხომ თავადაა გენია!
ყველას და, მათ შორის, მეც მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენია: - გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, - თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან. მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ არა შეედრება!..
მაგრამ ამჟამად ყველაფერი მავიწყდება და თვალთ-წინ მიდგება მხოლოდ ერთი ხმელი წიფელი. ისიც უღრანს ტყეში დგას, ერთის კლდის თავზედ. ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკვრია. ხმელს წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს განგებ გაჰშორებიან და ამაყად დასჩერებიან თავზე. ხმელის წიფლის ახლო რამდენიმე ჟოლის ფეხია მოსული, შველისა და ირმის ნაკვნეტის ფოთლებით. ისინი გადმოძაბულან და გადმოსცქერიან დაბლა მდინარეს, მის ფესვებში რამდენიმე ფეხი ძირტკბილა მოდის, ზამთარ-ზაფხულ მწვანე, დაკბილულ-ფოთლებიანი. ხმელს წიფელს წასვლია სიცოცხლის ნიშანწყალი: სამი ტოტი-ღა შერჩენია შუა წელს ქვევით, ზედა ტანი მოტეხილია და ხევში ჩაჩხატულა, გახიდულა. ამ სამს ტოტში წელიწადში მარტო ერთს გამოუვა ხოლმე სამი თუ ოთხი ფოთოლი, ისიც ფერწასული, დამჭკნარი, გაყვითლებული. სხვა ხეებს-კი რომ უყუროთ, დატვირთულნი დგანან ბუნების მინიჭებულის სარჩოთი. არაფრად აგდებენ ხმელს წიფელს, ყურადღებას არ აქცევენ, მხოლოდ ზამთრობით, როცა თითონაც შემოეძარცვებათ ხოლმე საპატარძლო ტანისამოსი და, ცოტად თუ ბევრად, დაუახლოვდებიან სიხმელეს და დაემსგავსებიან ხმელს წიფელს, მაშინ თუ შეაცქერდებიან, ისიც გაკვრით... ეს მოხდება სწორედ მაშინ, როდესაც პირბადრი, სახენათელი, თმაგაშლილი “ადგილის დედა” ბუნების სანუგეშოდ სიყვარულზე, სიწმინდეზე და სიცოცხლეზე ზღაპარს უამბობს. მაშინ შეუბუზღუნებენ ხმელს წიფელს: “რას გაშტერებულხარ, საწყალო? ყური დაუგდე, დედა რას ამბობსო!”.
ხმელი წიფელი ამოიკვნესებს ღრმა კვნესით და არც ავად, არც კარგად ყურს არ ათხოვებს ამ ამაყ მცენარეთ, მაგრამ “ადგილის დედის” ზღაპარს-კი ყურს უგდებს; თითოეული მისი სიტყვა ლახვარივით გულზე ესობა და უჩუმრად ცრემლსა ჰღვრის.
საბრალო წიფელი! ერთი დრო იყო, რომ ესეც ამაყად გაბარჯღული იდგა, სხვა ხეებს ბევრით მაღლა ასცილებოდა და თავის დიდრონ ტოტებითა და ფოთლებით ქოხივით ეხურებოდა თავს მთელს ტყეს. მთიდამ ბარად მომდინარი არწივი მის კენწეროზე ისვენებდა, მოჰყვებოდა ამაყად ყეფას. ეხლა კი სულთმაბრძოლს დაჰფერებია. წაქცევ-წაქცევაზეა მიმზადული. ტანზე რამდენსამე ადგილს საცოდავს გამხმარი ქერქი ასძრობია და ტიტველი გვერდები უჩანს. ერთს ალაგს უფრო გრძლად აჰყრია ქერქი და დედამიწისკენ გრძლად გადმოშვერილა; გეგონებათ, ხანჯალი დაუციათ და ნაწლევები გადმოუყრევინებიათო. ჭიაც ბევრი თუ აქვს ამ წიფელს, რომ რამდენჯერაც მის ახლო გავლა მომიხდება, ზედ მუდამ კოდალასა ვხედავ. ეს დასაქცევი ერთთავად ზედ აზის და, რაც ძალი და ღონე აქვს, ურახუნებს იმ გასახმობს, გასავერანებელს ნისკარტს; თან კიდეც დასჭყივის, დაჰკივის, თითქოს ნიშნს უგებსო. აგერ რამდენს ადგილას ამოუღრუტნია წიფელი გულამდის. საცაა გულსაც ფქვას დაუწყებს. წიფელი დგას, დგას შეუშფოთრად, წარბშეუხრელად; არც ავს ამბობს, არც კარგსა.
როცა ქარი უბერავს, სხვა ხეები ერწევიან, მხოლოდ ხმელი წიფელი არ ინძრევა; წინათ-კი, როცა იგი ჯანსაღად იყო, სიცოცხლით სავსე, ქარის ბერვაზე დაიწყებდა ზღვასავით ღელვას; მისი ტოტები და ფოთლები ჭექა-ქუხილივით ხმაურობას ასტეხდენ. ხმელის წიფლის ტოტები ამაყად დედამიწას სცემდენ, ასკდებოდენ, დიაღ, ეხლა ქარს ვეღარ მიჰყვება ხმელი წიფელი სხვა ხეებივით, ძველებურად, შეუპოვრად გულ-მკერდს ვეღარ უპყრობს ქარიშხალს. არ მოიდრიკება-კი ხმელი წიფელი და, თუ მოსტყდება, იმისი რა ვსთქვათ... მოსტყდება, წაიქცევა, გვერდზე წაწვება, ფესვები გამოჩნდებიან, აღმა თავაჭერილები, თითქოს ლოცულობდენ, ღმერთს ევედრებოდენ, შველასა სთხოვდენო. ზაფხულობით უფრო შესაბრალისია ხმელი წიფელი: სხვა ხეები მორთულან მწვანის ფოთლით, უვნებელნი, უდარდელნი; მათზედ ათასი ფრინველი სხდება საგალობლად, ქედნები ღუღუნებენ იმათ ტოტებზე, ქერონა ჩიტი დაჰკრავს დაუსრულებელს გალობას, წიპრია იკლებს სტვენით იმათ არე-მარეს და მოუსვენრად გადახტ-გადმოხტის; ყელმოღერებული შველი და ირემი იმათ იჩრდილავს. ეს გაფოთლილი ხეები ამაყად დასცქერიან ბეჩავს ხმელს წიფელს, იმისი ეჩოთირებათ და ამბობენ: “ნეტავი შენ არ გვაუშნოებდეო!” - არ იციან, რომ ხმელი წიფელი იმათზე მეტად იხსენიება, და არიან, იპოვებიან ისეთნი კაცნი, რომელთაც მოსწონთ და უყვართ უბედურებაში ჩავარდნილი ხმელი წიფელი... სოფელში დღეში სამჯერ მაინც მოიგონებენ ხმელს წიფელს, - სადა გყვანდათ დღეს საქონელიო? - მამამ რომ ჰკითხოს თავის შვილებს, ისინი უჩვენებენ ხმელის წიფლის მიდამოს, გაღმითს ან გამოღმითს, თავს ან ბოლოს.
- ხმელ წიფლის ძირს, კლდეში, ვეფხი დაბუდებულაო, - ხმა არის სოფელში: - ლეკვები დაუყრიაო. მონადირეებს ენახათ ხმელ წიფლის გარეშემო დედა-ვეფხის და იმის ლეკვების კვალიო.
- ეს სააბედე სოკო ხმელს წიფელს ავაჭერო, - ამბობს მეორე.
დიაღ, არ იციან უგუნურმა ხეებმა, რომ ხალხს ჯერ არ დაუვიწყნია ხმელის წიფლის სახელი, კიდევ ახსოვს იმისი სიდიადე.
განა ყველა, რაც ხმელია,
კაცისგან საწუნარია!?
ათასს ცოცხალსა ბევრჯელა
ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.
შენის დანახვით, ტიალო,
გულს დარდი მაწევს ცხარია,
რაკი გხედავ, რო ბეჩავად
და უპატრონოდ ხარია, -
თითქოს დაჰკრესო განგაში,
სამგლოვიარო ზარია.
მინდა, რომ დიდხანს ნახარში
და გულში ნადუღარია
გაგიზიარო ვარამი,
მდიოდეს ცრემლის ღვარია.
რისთვის მოსულხარ, ბეჩავო,
არ იგლოვები მკვდარია?!
შენთვის არც წაწყმედა არი,
არსად ცხონება არია!
ვინ რა შაგიკრავს კუბოსა,
ვინ რა აგინთოს სანთელი?..
ვაჰ, რა ძნელია, კვდებოდეს,
იკარგებოდეს სახელი!
ღამ-ღამობით ათასში ერთხელ ხმელს წიფელზე ბუ შეჯდება და დაკოდილის ხმით მოჰყვება გულმოკლული ძახილს: “ვერ იპოვეო?” და, როცა ძახილით დაქანცულს შემოესმის: “ვერა, ვერაო”, მოსაწყლებული თავს დაჰკიდებს და “ღრუ, ღრუო”, ხმადაბლა გულს ჩასძახებს.
ზამთრობით მგელი ესტუმრება ხოლმე ხმელს წიფელს, აიტუზება იმის გვერდით და ღმუის, შიმშილისაგან შეწუხებული. ხმელი წიფელი შეუშფოთრადა დგას, არც ავს იტყვის, არც კარგს, დგას გაშტერებული; იმან არც სიბრალული იცის, არც სიმძულვარე; არც სამტროდ აუდუღდება გული, არც სამოკეთოდ; ფიქრობს ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; გულში თითქო ღრმად ჩასჭდევია მწუხარება. ხანდახან გადმოაცქერდება მის ერთს ფესვის ბოლოზე ამოსულს პატარა დასახულს ყლორტს, რომელიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს. ეს-ღაა იმისი ნუგეში...
ვაჟა - ფშაველა
ტეგები: Literature, Qwelly, დრო, ვაჟა, ლიტერატურა, მარტოობა, ნუგეში, სიბერე, სიბრალული, სტუმრები, მეტი...ქართული, ცნობილი_ავტორი, წიფელი, ხმელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•