სასერინოდ გამოსული ბრბო ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილოყო მოედანზე და მხიარულობდა. ეს იყო ნამდვილი საახალწლო დღესასწაული, რომლის დადგომაზეც წინასწარ ოცნებობენ ყოველი ჯურის კომედიანტები, ჯამბაზები, მცეხთა მგეშავნი და მეწვრილმანენი, იმ იმედით, რომ აინაზღაურებენ მთელი წლის დანაკლისს.ასეთ დღეებში, როგორც ჩანს, ხალხს ავიწყდება ყველაფერი - სადარდებელიც და საზრუნავიც; ყველანი ბალღებს ემსგავსებიან. ბალღთათვის ეს დღე ხომ შვების დღეა, სკოლის დავიდარაბისგან განთავისუფლებაა მთელი დღე-ღამით. მოზრდილთათვის კი ეს ზავია ცხოვრების მტრულ ძალებთან დადებული, თავის დაღწევაა გამუდმებული დაძაბულობისა და ბრძოლისაგან.

     თვით საზოგადოებაში გამოსული კაციც კი, ინტელექტუალური შრომით მცხოვრები, ჩაებმება ზოგჯერ ამ გადამდებ მხიარულების ფერხულში, ძალაუნებურად მასაც ჩაითრევს ხოლმე საყოველთაო უზრუნველობის ატმოსფერო. მეც, როგორც ჭეშმარიტ პარიზელს, არასოდეს გამიშვია შემთხვევა ქუჩის ამ სანახაობათა ჭვრეტისა, განსაკუთრებით უქმე დღეებში.

     ირგვლივ მართლაცდა საშინელი კონკურენციის ატმოსფერო სუფევს: ისმის ღრიალი, ყმუილი, კივილ-წივილი; ეს ხმები სპილენძის გუგუნსა და აფეთქების ხმებს ერწყმიან, ჭრელაჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილი მასხარები ათასგვარად მანჭავენ შავგრემან, ქარცემულ სახეებს, წვიმისა და მზისგან გაკაჟებულნი, დიდი მსახიობის აპლომბით ისვრიან ენამახვილ კალამბურებს, მოლიერის იუმორივით მძიმესა და სოლიდურს. ჩაფსკვნილი ძალოსნები ამაყობენ თავიანთი დაბერილი კუნთებით, ორანგუტანგისებური ჩაჭყლეტილი თავ-კისრით, გოროზად დააბიჯებენ წინადღით საგანგებოდ გარეცხილ შემოჭერილ რეიტუზებში, მოცეკვავე გოგონები ფერიების დარად დაცქრიალებენ ფარნების შუქზე, მათ ბრჭყვიალა კვედაკაბებზე რომ ირეკლება.

     ყველგან სინათლე, სიხარული, ყაყანი, ციებ-ცხელება. ერთნი ფულს იხდიან, მეორენი იხვეჭენ, თანაბარის ხალისით. ირგვლივ დიდი გამოცოცხლებაა. ბალღები დედის კალთებს ჩასჭიდებიან, თხოვენ შაქარყინულს, ხანაც მამებს ასხდებიან მხრებზე, რათა უკეთ დაინახონ ილუზიონისტი, მათ თვალში - ბრწყინვალე ღვთაება. აქ ყველა სხვა არომატს ახშობს ტაფაზე აშიშხინებული ერბოს სუნი, თითქოსდა საკმეველიაო ამ დღესასწაულისა.

     გერდულების რიგის ბოლოში დავინახე საბრალო, ბებერი ჯამბაზი, მოკაკული, ძალმიხდილი, თითქოს სირცხვილით გამოქცევიაო ამ დიდებულ ზეიმს - ეს იყო რაღაც ნანგრევი ადამიანისა. იგი თავისი გახუნებული კარვის ერთ-ერთ სვეტს მიყრდნობოდა, ასეთი დაძენძილი კარავი არც ერთ დაჩლუნგებულ და გაუბედურებულ ველურს არ ექნებოდა. აქ ძლივსღა ბჭუტავდა ორი, თითქმის ბოლომდე დამწვარი სანთელი.

     ყველგან სიამე, სიხარული, ღრიანცელი, სარფა, ხვალინდელი დღის იმედი; ცხოველმყოფელი ხალისი... აქ კი უიმედობა, სიდუხჭირე - თანაც სიდუხჭირე ჯამბაზის ჩვრებში მორთული, თვით გაჭირვება ჰქმნიდა მყვირალა კონტრასტს, ყოველგვარი ხელოვნების გარეშე. ეს უბედური როდი იცინოდა! იგი არც ტიროდა, არც ცეკვავდა, არც მღეროდა, ჟესტითაც არ ითხოვდა შველას. იგი უძრავად და უტყვად იდგა, დამორჩილებული ბედს, დაეყარა ფარ-ხმალი. მისი ბედი გადაწყვეტილი იყო... მაგრამ რა ღრმა, რა დაუვიწყარი მზერით ათვალიერებდა იგი ამ ბრბოს, ამ შუქურებს, რომელთა მორევი შეგუბებულიყო მისი დუხჭირი სადგომის მახლობლად! ბოღმა მომაწვა ყელში, თვალები ცრემლით ამევსო, იმ ჯიუტი ცრემლით, რომელიც თითქოს არ ლამობსო თვალთაგან გადმოღვრას.

     რა მექნა? ხომ არ მეკითხა ამ უბედურისთვის რა იშვიათობის, რა უცნაურობის ჩვენებას აპირებდა იგი, იმ აყროლებულ ფარდულებთან, პატარა სცენაზე? მართალი გითხრათ, ვიდექი და ვყოყმანობდი, მეშინოდა, გული არ ვატკინო-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე, ცოტაოდენი ფული ჩამედო მისთვის, იმ იმედით, რომ იგი სწორად გამიგებდა, მაგრამ ამ დროს რაღაც ალიაქოთი ატყდა, ბრბო დამეტაკა და წამიღო სხვა მხარეს და იგი დავკარგე თვალთაგან.

     უკან ვიხედებოდი, თითქოსდა დევნილი ამ ზმანებით, თან გულისტკივილით ვამბობდი: რა ვნახე ახლა? განა ეს მოხუცებული მწერლის ხატება არ იყო, თაობა რომ შემოეცლება, რომლისთვისაც იგი ბრწყინვალე გართობის წყაროს წარმოადგენდა; განა ეს მოხუცი პოეტი არ იყო, რომელსაც არც მეგობრები ჰყავს, აღარც ოჯახი, აღარც შვილები, რომელიც გაჭირვებამ და უმადურმა საზოგადოებამ სრულ დაცემამდე მიიყვანეს და რომლის ფარდულშიც ამ გულმავიწყ და ცვალებად ხალხს აღარ უნდა შესვლა?

ტეგები: Qwelly, ბებერი, ბოდლერი, ლიტერატურა, სიდუხჭირე, უიმედობა, შარლ, ჯამბაზი

ნახვა: 1034

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:The Burden of Haunted Souls

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am 0 კომენტარი

In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…

გაგრძელება

FC 26 Coins Strategy Breakdown: How to Master Gameplay Mechanics and Tactics

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

EA Sports FC 26 brings a whole new level of depth and excitement to the world of football gaming. With enhanced graphics, more fluid gameplay mechanics, and advanced strategic elements, this installment of the franchise challenges players to think… გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters