ედგარ ალან პო - გული-გამთქმელი
დიახაც! ვიყავი და ვარ კიდეც ძალიან, ძალიან ნერვიული, მაგრამ ახლა არა თქვათ, გიჟიაო ეს კაცი. ავადობამ კი არ დამიჩლუნგა და შემიმუსრა, პირიქით, მთლად ამილესა გრძნობები. ყურთასმენა უფრო მახვილი გამიხდა. ყველაფერი მესმის ცისა და ბარის, ბევრი – ჯოჯოხეთისაც. რის გიჟი, რა გიჟი? აბა, ყური მიგდეთ, რა საღად, რა დალაგებულად გიამბობთ მთელ ამბავს! ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მომივიდა თავში ეს აზრი, მაგრამ რომ გამიჯდა, აღარც დღისით მომშვებია, აღარც ღამით. თავად ის რა შუაში იყო, გასაყოფი მასთან რა მქონდა, რაიმე უსიამოვნებაც არ მომსვლია, თავისებურად მიყვარდა კიდეც ის მოხუცი კაცი. ჩემთვის არასოდეს უწყენინებია, არც შეურაცხყოფა მოუყენებია, არც იმის ოქრო მომსურვებია. ყველაფერი მისი თვალის გამო მოხდა... ჰო, ასეა სწორედ! სვავისას მიუგავდა ერთი, ბუნდი, ცისფერი. მომაჩერდებოდა და გავხევდებოდი შეძრწუნებული. თანდათან, ცოტ-ცოტა მოვედი აზრზე, სიცოცხლეს მოვუსწრაფებ მოხუცს და ასე სამარადისოდ დავაღწევ-მეთქი ამ თვალს თავს.
ალბათ ფიქრობთ, რომ გიჟი ვარ. გიჟს კი რა მოეკითხება, მაგრამ აბა ერთი ჩემთვის შეგეხედათ, რა ბრძნულად, რა ფრთხილად, რა შორსმჭვრეტელობით, რა თავის მოკატუნებით შევუდექი ამ საქმეს! მთელი კვირა მკვლელობამდე ისეთი მოკრძალებული და თავაზიანი ვიყავი მოხუცთან, როგორც არასდროს. ყოველღამე, ასე, შუაღამემდე, გადავატრიალებდი კლიტეს და შევაღებდი კარს – ჰოი, რა ნაზად! თავი რომ შეეტეოდა, იმდენზე გაიღებოდა და ჩაბნელებულ, ყოველი მხრით ჩამოხურულ, მთლად სხივგამოუღწეველ ფარანს შევყოფდი ჯერ და მერე თავს. ჰოი, რა მოხერხებულად ვაკეთებდი ამას, ერთი გენახათ და გაგეცინებოდათ! ნელა, სულ ნელა, მოხუცს ძილი არ დავუფრთხო-მეთქი. საათს მოვუნდებოდი, ვიდრე თავს სრულად შევყოფდი კარის ღიობში და დავაცქერდებოდი ლოგინში მწოლს. რაო! გინახავთ სადმე ასეთი გონებაბრძენი გიჟი? მერე მოვაღებდი ფრთხილად, ფრთხილად... იმდენად მოვაღებდი ფარანს, რომ წვრილი სხივიღა მოხვედროდა სვავისებრ თვალს. შვიდი ღამე ზედიზედ სწორედ შუაღამით შევაღებდი კარს, მაგრამ სულ დახუჭული ჰქონდა თვალი და ეს საქმე აღარ მოგვარდა, რადგან თავად მოხუცი კი არა, მისი ავი თვალი მაცოფებდა. ყოველ დილაბინდზე მოხუცთან შევდიოდი თავდაჯერებული, მხნედ გავუბამდი საუბარს, სახელს დავუძახებდი, გულიანად გამოვკითხავდი, ღამე როგორ მოისვენე-მეთქი. გამჭრიახი გონების პატრონი უნდა ყოფილიყო ის კაცი, ეჭვი რომ აეღო – ყოველღამე, ზუსტად თორმეტ საათზე მძინარეს მითვალთვალებსო.
მერვე ღამეს ჩვეულებრივზე უფრო ფრთხილად შევაღე კარი. აქამდე არასოდეს მიგრძნია ასეთი ძალმოსილობა, გონების ასეთი გამჭრიახობა. სიხარულით ფრთაშესხმული ძლივს ვიოკებდი თავს. კარს ნელ-ნელა ვაღებდი, ეს კაცი რას მიხვდება, სიზმარშიც ვერ მოუვა აზრად ჩემი იდუმალი ზრახვა და ჩანაფიქრი-მეთქი, გავიფიქრე ეს და ჩავიხითხითე. ლოგინში შეწრიალდა ელდანაკრავივით, კიდეც გაიგონა, მგონი, და იმიტომ, იმწუთას უკან გამოვარდებოდა ეს კაციო – ამას გაივლებთ გულში. არა, ბატონო, მთლად განუჭვრეტელი ბნელ-უკუნეთი ჩამოწოლილიყო მის ოთახში, ვეღარაფერს შენიშნავს-მეთქი და ნელ-ნელა ვაღებდი კარს.
თავი შევყავი და ის იყო უნდა გამეხსნა ფარანი, რომ შუათითი მომისხლტა სამაგრს და საწოლზე წამოიჭრა მოხუცი ყვირილით: „ვინ არის?“
გავყუჩდი, ხმა არ ამომიღია. მთელი საათი არც კი შევტოკებულვარ, მთელი ეს დრო არ გამიგონია მისი დაწოლის ხმა. ლოგინზე იჯდა სმენად ქცეული.
უცებ ჩუმი კვნესა ჩამესმა. საშინლად დაშინებული კაცის ხმა შევიცანი. ტკივილი გახელებულის ან შეჭირვებულის კი არა, უფრო შიშნაჭამის სულის სიღრმიდან ამოღწეულ კვნესა-გმინვას ჰგავდა! კარგად ვიცნობ ამ ხმას. ხშირად, სწორედ შუაღამით, ქვეყანას რომ სძინავს, მკერდიდან მრავალგზის ამომხდომია შემზარავ ექოდ სასოწარკვეთილი შიშის ზარი. კარგად ვიცი-მეთქი, ვამბობ, ვხვდები მოხუცის განცდებს, მებრალება, თუმცა გულში კი ვხითხითებ. ისიც ვიცი, ჩემი ხმაური რომ ჩაესმა პირველად და ლოგინში შეწრიალდა, მას მერე სულ ღვიძავს ამ კაცს. სულ მეტად და უფრო იზაფრებოდა. ცდილობდა, როგორმე დაეჯერებინა თავი, ეს შიში უსაგნოაო, მაგრამ ამაოდ. გულში ასე გაივლებდა: „რა უნდა იყოს, სადღაც თაგვმა გაიფაჩუნა, თუ ქარმა გაიშრიალა ბუხარში“. დიახ, ასე ლამობდა თავის დამშვიდებას. სულ ამაოდ, რადგან მსხვერპლს უკვე წამოჰპარვოდა, თავს დასდგომოდა სიკვდილის შავი აჩრდილი.
მთლად სმენად ქცეულს, უსაშველო ლოდინის ჟამს მისი დაწოლის ხმა არ გამიგონია და გადავწყვიტე, მომეღო მცირედ... სულ მცირედ ფარნის სანათებელი. მოვაღე... ვერც კი წარმოიდგენთ, რა ნელა, ვიდრე ბოლოს ერთი მქრქალი, აბლაბუდას ძაფის სისხო სხივი არ გაუსწორდა მის სვავისებურ თვალს.
დაეჭყიტა, დიდზე და ფართოდ დაეჭყიტა, და ბრაზი წამეკიდა ამის დანახვაზე. ცხადად, ნათლად ვხედავდი შესაზიზღარ, ლიბრგადაკრულ მრუმე ცისფერს, შიშის ზარმა დამიარა მთელ ტანში, თვალიღა ჩანდა. მეტი არაფერი, აღარც სახე და აღარც სხეული მოხუცისა, რაკიღა თითქოსდა გუმანით სწორედ ამ დაწყევლილ წერტილს გავუსწორე ფარნის სხივი.
აღარ გეტყვით, ხომ იცით უკვე, როგორ ცდებით, გიჟი რომ გგონივართ ასეთი გრძნობების კაცი. ჰოდა, მისმინეთ, ჩუმი ხმიანობა გავიგონე, ასეთს ბამბაში შეხვეული საათი თუ გამოსცემს, კარგად ვიცი, რაც არის, გული უფეთქავს მოხუცს. მთლად გამაცოფა ამან, ასე მოჰყავს მეომარი ბრძოლის ჟინზე დოლის ცემას. მაგრამ ახლაც შევიკავე თავი, გავისუსე, ფარანი არ შემიტოკებია, სულ იმის ცდაში ვიყავი, თვალისთვის არ მომეცილებინა სხივი. მატულობდა ამ დროს ჯოჯოხეთური დოლის ცემა – გულისცემის ხმაური. ყოველ წამს უფრო ძალუმი ხდებოდა. ასევე უნდა აზვირთებულიყო მოხუცის შიში! ძალუმად და უფრო ძალუმად-მეთქი ყოველ წუთს! ყურს ხომ კარგად მიგდებთ. უკვე გითხარით, ნერვიული ვარ-მეთქი – დიახაც! ამჟამად, ღამის უკუნეთში, ძველი სახლის შემზარავ მდუმარებაში სული ძლივსღა მეჭირა კბილით. კიდევ დიდხანს შევიკავე თავი, წყნარად ვიყავი. მაგრამ ძალუმად სცემდა, სულ ძალუმად! აჰა და გული გაუსკდება-მეთქი. ახლა იმან გამახელა, ვაითუ მეზობლებმა ეს ხმაური გაიგონ-მეთქი. ღრიალით სრულიად გადავხსენი სანათებელი და ოთახში შევიჭერი. მოვიდა მოხუცის აღსასრული. ერთხელ, ერთიღა შეჰყვირა მხოლოდ. გადმოვითრიე იმწუთას და ვეებერთელა ლოგინი ზედ გადმოვამხე. რაკიღა მოსახდენი ხდებოდა, სიხარულის ღიმილი გამიჩნდა, მაგრამ კიდევ დიდხანს უცემდა გული. მერე და რა, ეს მე აღარ მაღელვებდა. კედლებში არ გაატანდა ამ კაცის გმინვა. ბოლოს მიჩუმდა. გათავებულიყო მოხუცი. ლოგინი გადმოვატრიალე და გვამი გავსინჯე. ქვასავით იდო მკვდარი. კარგა ხანს მედო ხელი იმის მკერდზე, გული აღარ უცემდა, ვეღარაფერს დამაკლებდა აწი მისი თვალი. თქვენ კიდევ გიჟი გგონივართ? ცოტა ხანიღა იქნებით ამ აზრზე, ვიდრე გიამბობთ, რა ბრძნული სიფრთხილით გადავმალე გვამი. ღამე ილეოდა, სწრაფად, ოღონდ ჩუმად ვმუშაობდი.
სამი ფიცარი ავაძრე ოთახის იატაკს, გვამი კოჭსა და კოჭს შუა ჩავდე, მერე ისე მოხერხებულად მოვარგე ფიცრები, ვერაფერს შენიშნავდა კაცის თვალი, თვით იმისი თვალიც. მორეცხვაც არ უნდოდა, აღარაფერი, სისხლის წვეთიც არ დარჩენილიყო სადმე. ჩემი სიფრთხილის პატრონს აბა რა შემეშლებოდა. ოთხი საათი იქნებოდა, როცა ამ საქმეს მოვრჩი, მაგრამ შუაღამის უკუნეთი იდგა ირგვლივ. საათმა როგორც კი დაჰკრა, სადარბაზოს კარზე დააკაკუნეს. ჩავედი და მშვიდად გავაღე, ახლა რისი უნდა შემშინებოდა? სამი მოკრძალებული მამაკაცი შემოვიდა, პოლიციიდან ვართო, თურმე ღამით მეზობელს გაეგონა რაღაც ყვირილი. ვაითუ უბედურება მოხდაო და სადაც ჯერ არს, იქ შეუტყობინებია, ეს სამი პოლიციელი კი მოსაკვლევად გამოეგზავნათ.
გავუღიმე, შესაშინებელი რაღა უნდა მქონოდა? სალამი-მეთქი, ბატონებო. ვუთხარი, რომ სიზმარში მე დავიყვირე. მოხუცი, ისე, სხვათა შორის ვახსენე, სოფელში წავიდა-მეთქი. მთელი სახლი შემოვატარე. ყველაფერი კარგად, კარგად ნახეთ-მეთქი. ბოლოს იმის ოთახშიც შევუძეხი, მისი ქონება ვაჩვენე, უკლებლივ, მთელი და ხელუხლებელი. ჩემი გამბედაობით აღფრთოვანებულმა სავარძელი შემოვიტანე, აქ მოისვენეთ, დაღლილ-დაქანცული იქნებით-მეთქი. ზარზეიმური გრძნობით მოცულმა ჩემი სკამი სწორედ იმ ადგილას დავდგი, სადაც მსხვერპლის გვამი ჩავდე.
დაკმაყოფილდნენ, დააჯერა ჩემმა დახვედრამ. მშვენივრად ვთამაშობდი. დასხდნენ და სულ მოცინარ-მოღიმარი რომ ვპასუხობდი, თავადაც გამართეს მუსაიფი. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მკვდრისფერი დამედო, ნეტავ, ჩქარა წაშავდნენ-მეთქი. თავბრუ დამესხა, ყურში რაღაც ზარივით ჩამესმა, მაგრამ კვლავ ისხდნენ საუბრით გართულნი. მეტად და უფრო ნათლად გავიგონე რეკვა... აღარ შენელებულა და უფრო გამოკვეთილად გაისმა. მთლად ენად გავიკრიფე, იქნებ, ამეხსნას ეს ჯადო-მეთქი. აღარ შენელებულა და უფრო მკაფიო ხდებოდა... და მივხვდი, არ მეჩვენებოდა ეს ხმა.
ცხადია, გადავფითრდი... მაგრამ მაინც ვქაქანებდი გაუთავებლად, უფრო და უფრო ავუწიე ხმას. ის ხმაც მატულობდა... რა წყალში გადავვარდნილიყავი? ძლივს გასაგონი... ბამბაში შეხვეული საათი რომ გამოსცემს, ისეთი. სუნთქვა შემეკრა... იმათ კი არაფერი ესმოდათ. ვყბედობდი თავგადაკლული... მთლად გაშმაგებული. მაინც განუწყვეტლივ მატულობდა ეს ხმა. წამოვხტი და რაღაცებს მივედ-მოვედებოდი ხელების ქნევით, თითქმის აღრიალებული... მაინც მატულობდა ხმაური. რად არ მიეთრეოდნენ? დავძრწოდი აქეთ-იქით, მძიმედ და დიდზე ვადგამდი ფეხს, თითქოს ცეცხლი წამკიდა ამ ხალხის ცქერამ... მაინც მატულობდა ხმიანობა. რა წყალში უნდა გადავვარდნილიყავი, ღმერთო! ხვითქი გადამდიოდა... ვბოდავდი... ვიგინებოდი! სკამიანად ვწრიალებდი, ფხაკაფხუკი გამქონდა იმ ფიცრებზე, მაგრამ ყოველივე ჩაეხშო ამ ხმას და კვლავაც მატულობდა. მოუმატა... მოუმატა... მოუმატა! მაგრამ ეს ხალხი, ვითომცდა არაფერიაო, მასლაათობდა, იცინოდა, ნუთუ არაფერი ესმოდათ? ღმერთო დიდებულო!.. არა... ეჭვი აეღოთ!.. დამცინოდნენ! სასაცილოდ გაეხადათ ჩემი ტანჯვა!.. ასე გავიფიქრე მაშინ და ახლაც ასე ვფიქრობ, ყველაფერი მერჩია ამ წამებას! კაცი რას არ აიტანს, მაგრამ ასეთ აბუჩად აგდებას – არა! იმათ იქედნურ ღიმილს როგორ გავუძლებდი! გავთავდებოდი და ის იქნებოდა, რომ არ მეღრიალა!.. და მაშინ!.. მოუმატა! მოუმატა! მოუმატა! მოუმატა!..
– მხეცებო! – დავიყვირე, – თავს ნუ იკატუნებთ, ვაღიარებ – მე მოვკალი!.. აყარეთ ფიცრები!... აქ... აი, აქ სცემს მისი წყეული გული!
ტეგები: Qwelly, ალან_პო, დეტექტივი, ედგარ_პო, ლიტერატურა, პო
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•