ივლისი

ივლისი

თვენი

ივლისის თვის წმინდათა ცხოვრება

იუდა მოციქული - ხორციელი ძმა უფლისა

2 ივლისს (ძვ. სტ. 19 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა იუდა მოციქულს, იესო ქრისტეს ხორციელ ძმას

იუდა მოციქული, თადეოზ მოციქული, ლებეოს მოციქული, ძმა უფლისა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      ქრისტეს თორმეტ მოციქულს შორის, ერთ-ერთი იყო მისი ხორციელი ძმა - იუდა მოციქული, რომელსაც ახალი აღმის წიგნებში, სხვადასხვა სახელით იხსენიებენ. მაგალითად, მათე მახარებელი ერთგან მას უწოდებს ლებეოსს (მათე 10, 3), სხვაგან თადეოზს (მათე 10, 3). თადაოზად იხსენიებს მარკოზ მახარებელიც (მარკოზი 3, 18), ხოლო ლუკა მახარებელი, საქმე მოციქულთაში, მოციქულ იუდას იხსენიებს ბარსაბა მოციქულად (საქმე, 15, 22). იუდა მოციქული, ისევე როგორც მამამისი, იოსები, დავითისა და სოლომონის შთამომავალი იყო.

      როგორც წმინდა წერილი მოგვითხრობს, ბეთლემში შობის შემდეგ, წმინდა ოჯახს ეგვიპტეში ლტოლვა მოუწია. გადმოცემის მიხედვით, იქიდან დაბრუნების შემდეგ, მართალმა იოსებმა (დამწინდველმა) თავისი კუთვნილი მიწების დანაწილება დაიწყო შვილებს შორის (რომელიც მას პირველი ცოლისგან ჰყავდა), და ისურვა, ქალწულ მარიამისგან შობილი იესო ქრისტესთვისაც გამოეყო ნაწილი. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ მაშინ ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (იოანე 7,5). მხოლოდ, ძმებს შორის ყველაზე უფროსმა - იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობლად. მოგვიანებით იუდამ ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის თორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის დამკვიდდრდა, მაგრამ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - იგი, თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიებს საკუთარ თავს.

      მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქული იუდა სახარების საქადაგებლად გაემგზავრა. იგი ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►