საეკლესიო სწავლების მიხედვით, დღე, როდესაც მაცხოვარმა ნაზარეთში სინაგოგაში იქადაგა, არის ის დღე რომელსაც ჩვენ ვდღესასწაულობთ 14 სექტემბერს - საეკლესიო წელიწადის დასაწყისი.
ლუკა მახარებელი მოგვითხრობს:
და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ. და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო: სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა. (ლკ. 4, 16-21)
312 წელს, კონსტანტინე დიდმა (306-337) სწორედ 14 სექტემბერს (ძვ. სტილით 1 სექტმებერს) დაამარცხა მაქსენციუსი (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი დროიდან (ვარაუდობენ I მსოფლიო კრებიდან) ეკლესიაში წელიწადის ათვლა 14 სექტემბრიდან იწყება.
სიტყვა ინდიქტიონი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გამოცხადებას. სწორედ ამ სიმბოლური მნიშვნელობით, მაცხოვრის განცხადებით და შემდეგ საკვირველი გამარჯვებით იწყება ინდიქტიონის აღნიშნვა ქრისტიანულ ეკლესიაში.
უფრო მოგვიანებით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 14 სექტემბერს. ამ დღეს ქრისტეს ეკლესია "ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს" შესთხოვს, "აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა".
ინდიქტიონის შესახებ საუბრობს დეკანოზი ბიძინა გუნია, იხილეთ - ვიდეო
ლაშა
გილოცავთ ახალ წელს!
სექტემბერი 14, 2021
ლაშა
მრავალ ახალ წელს!
სექტემბერი 14, 2022