კასპი

კასპი

ამ ჯგუფის მიზანია, გაგაცნოთ ერთერთი უძველესი ქალაქი კასპი და შემოგთავაზოთ კასპში განხორციელებული სიახლეები, ახალი პროექტები და ა.შ.

კასპი ისტორია (ქალაქის წარმოშობის შესახებ)

history, kaspi, qwelly, ისტორია, კასპები, კასპი, კასპის_ისტორია, კასპის_წარმოსობის_ისტორია, მოქცევაი_ქართლისაი, ხვალინები, ჰირკანები

კასპის წარმოშობის ისტორია

      სახელწოდება კასპი ბუნდოვანია, ფიქრობენ აღნიშნული სახელი წარმოიშვა იმ ტომებისაგან, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

      არსებობს რელიქტური ზღვის აუზი-კასპიის ზღვა. მას ძველად უწოდებდნენ ჰირკანს, ხვალინს, სამივე სახელწოდება წარმოიშვა იმ ხალხებისაგან (ჰირკანები,ხვალინები და კასპები), რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ მის ნაპირზე.

      ძველი კასპი ვიწრო ორღობეებით, ერთმანეთთან მიჯრილი ბანიანი სახლებით გამოირჩეოდა.

      ახლა კასპში დგას მრავალსართულიანი სახლები, არის ფართო გზები, მოასფალტებული, ამ უბანში არის საუკუნეზე მეტი ხნის სკოლა, გამგეობის შენობა, ცემენტის ქარხანა, გიორგი სააკაძის ძეგლი, სტალინისა და კოსტავას ბიუსტები, მთავარი ბიბლიოთეკა, საკრებულო, ახლადაშენებული ბაღი, რკინიგზა და ავტოსადგურები, მაღაზიები, ბაზარი, საყოფაცხოვრებო კავშირგაბმულობის შენობები...

      თანამედროვე უბნის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. მემატიანე ლეონტი მროველი (XI) ქალაქის დაარსებას მითური მცხეთოსის ძეს ეთნარქ უფროსს მიაწერს.კასპი იხსენიება უძველეს ქალაქებთან (სარკინე,ურბნისი,ოძრახე) ერთად.

      "მოქცევაი ქართლისას" მიხედვით ძვ.წ. Iს-ში "მეფე არსუკმა კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო" კასპი იხსენიება ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებითაც 337წელს. "ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რათამცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ" ... "გამოვიდა ვარსკვლავი იგი, ამაღლდა და მიიწია მთასა ზედა თხოთისასა, გარდასვლასა ზედა კასპისასა, დაადგრა ადგილსა ერთსა და ყოვლად უჩინაო იქმნა."

      კასპი დაწინაურდა Vს-ში. მას დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. ჰყავდა საკუთარი სპასალარი და წარმოადგენდა სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულს - "კასპის სპასალარის" ცენტრს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასალის და:"შვა საგდუხტ ასული სხუა და უწოდა სახელი მისი მირანდუხტ. და მოითხოვა იგი საზრდოდ სპასალარმან კასპისაგან, და მისცა იგი მეფემან და წარიყვანა იგი ქალაქად კასპისა და იზრდებოდა მუნ."

      მემატიანის თქმით კასპი ოსებს დაულაშქრავთ, ხოლო სამი წლის მირანდუხტი ტყვედ წაუყვანიათ. VIIIს-ის 30-იან წლებში არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ ქალაქი ისე ააოხრა, რომ მასში სააბოლოოდ ჩაკვდა საქალაქო ცხოვრება: "დაიყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არის დაბა დიდი"-აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი.

      გათხრები მოწმობს რომ კასპი საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა პოლიტიკურად და ეკონომიკურად.

      XV-საუკუნიდან კასპი ამილახვართა სამფლობელოში შედიოდა.XVIს ის II ნახევარში სიმონ I-მა კასპი ბარძიმ ამილახვარს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა.

      XIXს-ში კასპი სოფლის ტიპის დასახლება ყოფილა 1889 წელს გაზეთი ივერია წერდა: ურიგო სოფელი არ არის კასპი, მაღლობ ადგილზე შეფენილი ასოცკომლიანი სოფელი მიწური ბანიანი ქოხმახებით, უსუფთაო ქუჩებითა და ათასი რჯულის აქაურ-იქაურთ. კასპზე გამავალი რკინიგზას ბუზივით ახვევია მუშახელი,ბაღ-ვენახებს კი უკაცობა დასტყობია. ჩარჩ ვაჭარი მოსძალებია გაღატაკებულ სოფელს, ვალებში აღრჩობს აქაურ ვაჭრებს მარიფათი".

      1890წელს გაზეთი ივერია კვლავ იტყობინებოდა რომ :ყველას უჭირს სოფლის ხარჯების გაძღოლა, მაგრამ სკოლა ისეთი რამ არის სულის ამორთვამდე შეიძლება, გაიმეტოს თავი".

      1890 წლიდან კასპში პირველი სასწავლებელი იხსნება: აქაურებს როგორც ყური მოვკარი,უფრო მასწავლებელი ქალი უნდათ, რომ სოფლის პატარა ქალები ბლომად იყოლიოს და ხელსაქმე ასწავლოს"(1889წ ;ივერია")

      1902 წელს კასპის გლეხობამ პროტესტი გამოხატა მეჯვრისხევის უბანზე გზებისა და ხიდების მშენებლობაზე.

      ამავე წლის 18 სექტემბერს გაიფიცნენ კასპის რკინიგზის სადგურის მუშები და მოითხოვეს ხელფასის მომატება.

      1903 წელს კასპის გლეხობა გამოვიდა მემამულეთა წინააღმდეგ.

      1904 წელს კასპის გლეხობამ მოაწყო გამოსვლა თავად ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

      მათ ხელთ იგდეს მემამულის საძოვრები და იქ თავისი საქონელი მირეკეს: მათ დასასჯელად გაგზავნილი იქნა რაზმი.

      1905 წლის ნოემბრის თვეში კასპის გლეხობამ განაიარაღა მთავრობის მოხელენი.

      1922 წლის 24 აპრილს შედგა სოფლის სამეურნეო მშრომელ-მწარმოებელთა ამხანაგობის დამაფუძნებელი კრება,რომელზედაც გადაწყდა შრომითი ამხანაგობის დაარსება.ამხანაგობას ეწოდა :შრომა:

      სარკინიგზო მაგისტრალს უბანში კვეთს ხიდი, მეორე ხიდი დასამთავრებელია.

      ძველმა კასპმა თარიღები შემოგვინახა: 1927 წელს დაიწყო ცემენტის ქარხნის მშენებლობა, 1930 წელს პირველი პროდუქცია გამოუშვა. 1933 წელს პირველი სასმელი წყალი იქნა გამოყვანილი, 1973 წელს გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1969 წელს კავშირგაბმულობის შენობა, 1977 წელს გაიხსნა კულტურის სახალხო უნივერსიტეტი, ი.ჯავახიშვილის სახელობისა . . .

      ცენტრს ამშვენებს გიორგი სააკაძის ძეგლი, რომელიც გაიხსნა 1970 წლის 22 ნოემბერს (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, არქიტექტორი გ.ჯაფარიძე).

      გამოჩენილი მხედართმთავარი გამოძერწილია ცხენზე ამხედრებული, სატევარმომარჯვებული, ცხენი და მხედარი ქმნიან ერთიან შეკრულ დინამიკურ კომპოზიციას. ქანდაკება დგას რუხი გრანიტით მოპირკეთებულ მაღალ კვარცხლბეგზე, ძეგლი აღმართულია ბაზალიტის ფილებით გაწყობილ ფართო მოედანზე. ძეგლის დასავლეთით რუხი გრანიტით მოპირკეთებული დაბალი კედელია, რომელზედაც მიმაგრებულია ლითონის ჩირაღდანის სკულპტურული გამოსახულება, აქ ანთია მარადიული ცეცხლი, კედელზე წარწერაა: "დიდება გმირებს". ამ ძეგლისათვის
მერაბ ბერძენიშვილს 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

      კოსტავას ქუჩის მარცხენა მხარეზე აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაკეთდა, აქვე გაშენდა ბაღი-შადრევნით, ბაღის ცენტრში დგას ი. ბ. სტალინის ბიუსტიც.

      კოსტავას ქუჩას ამშვენებს ეროვნული გმირის მ.კოსტავას ბიუსტიც

(ავტორი დ. ნავროზაშვილი)

history, kaspi, qwelly, ისტორია, კასპები, კასპი, კასპის_ისტორია, კასპის_წარმოსობის_ისტორია, მოქცევაი_ქართლისაი, ხვალინები, ჰირკანები history, kaspi, qwelly, ისტორია, კასპები, კასპი, კასპის_ისტორია, კასპის_წარმოსობის_ისტორია, მოქცევაი_ქართლისაი, ხვალინები, ჰირკანები