პირველი მოციქულთაგანი, თავად უფლის მოწოდებული. პეტრე მოციქულის ხორციელი ძმა, მებადური, ქართველთა განმანათლებელი.
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს თუ სად წასულიყვნენ საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო, მაგრამ რადგან მოახლოებული იყო მიცვალების ჟამი, ამიტომ საქადაგებლად ანდრია მოციქული გამოემგზავრა.
ღვთისმშობელმა მოციქულს ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. ანდრია პირველწოდებულს წარმართა ქვეყანაში მრავალი განსაცდელი დაატყდა, მაგრამ პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი დაითმინა.
ახალმოქცეულებს დაუდგინა მღვდლები და დიაკონები, "დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოების", აუგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც დააბრძანა ხელთუქმნელი ხატი.
ფერსათის მთაზე აღმართა ჯვარი. სოფელ აწყურში უფლის შემწეობით ქვრივ დედაკაც შვილი აღუდგინა.
მოციქულმა იმოგზაურა კლარჯეთში, ატაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი წესისამებრ იერუსალიმში ჩავიდა.
მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ დაბრუნდა საქართველოში და განამტკიცა ქრისტიანობა. მოციქულებმა იქადაგეს სამეგრელოსა და აფხაზეთში, შემდეგ სკვითაა ქვეყანაში გადავიდნენ.
უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა საბერძნეთი იყო. წმიდანის ლოცვით უამრავი ადამიანი ეზიარა ჭეშმარით სარწმუნოებას.
ურჯულო ქალაქის მართველი ერთგული დარჩა ცრუ ღმერთების. მან გადაწყვიტა წმინდანის დასჯა და ბრძანა ტანჯვის გასახანგრძლივებლად მოციქულის ძელზე დაკიდება.
მოციქული სიხარულით შეხვდა განაჩენს. თავისით ავიდა ჯვარზე. ჯვარზე გაკრული მოციქული ორი დღე ქადაგებდა. ქადაგებით შეწუხებულმა მმართველმა ბრძანა განთავისუფლება, მაგრამ ანდრიამ მოციქულმა უფალს შესთხოვა მოწამეობრივი სიკვდილი.
"აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან". და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი.
ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას.
რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში - წმიდა მოციქულთა ტაძარში ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.
ლაშა
გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!
დეკემბერი 13, 2018