მაისი

მაისი

თვენი

მაისის თვის წმინდათა ცხოვრება

მარკოზ მახარებელი

8 მაისს (ძვ. სტ. 25აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მარკოზ მახარებელს!

მარკოზ მახარებელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

     70 მოციქულთაგან ერთ-ერთი, წმიდა მახარებელი მარკოზი დაიბადა იერუსალიმში, 63 წელს. ცნობილია, რომ იგი იყო მოციქულ ბარნაბას ძმისწული. საეეკლესიო გარდამოცემის თანახმად, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი უფალთან ერთად იმყოფებოდა და შესძლო თავი დაეღწია მისი შეპყრობის მსურველი ჯარისკაცებისაგან. უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი, რომელიც გეთსამანიის ბაღს ესაზღვრებოდა, ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა.

     საქმე მოციქულთას თანახმად, წმიდა მარკოზი პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად იმყოფებოდა სელევკიაში, საიდანაც წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. მოგვიანბით, წმიდა მარკოზი ქალაქ პაფოში, ხდება მოწმე იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი.

     მახარებელი მარკოზი, წმიდა პავლესთან თანამოსაგრეობის შემდეგ, ბრუნდება იერუსალიმში და პეტრე მოციქულთან ერთად მოივლის რომს, იქიდან კი მოციქულის ბრძანებით წავა ეგვიპტეში, სადაც ეკლესიას დააარსებს.

     როდესაც, წმიდა პავლე მეორე მისიონერულ მოგზაურობაში იმყოფებოდა, მას ანტიოქიაში შეხვდა მარკოზ მახარებელი. ანტოქიიდან მარკოზი წმიდა ბარნაბასთან ერთად გაემგზავრა კვიპროსზე. შემდეგ კი კვლავ ეგვიპტეში წავიდა და წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მრავალი ეკლესია დააარსა.

     იმ დროს, როცა პავლე მოციქული რომაელებს ჰყავდათ დატყვევებული, მახარებელი მარკოზი იმყოფება წმინდა ტიმოთესთან, ფესოში.დაახლოებით 62-63 წლებში წმინდა მარკოზი ჩავიდა რომში, სადაც დაწერა სახარება.

     რომიდან ეგვიპტეში წასული წმიდა მოციქული, ალექსანდრიაში აარსებს ქრისტიანულ სასწავლებელის და ადგენს ლიტურღიის წესს ალექსანდრიელი ქრისტიანებისთვის.

     მოგვიანებით მახარებელმა სახარების ქადაგებით მოიარა აფრიკის არაერთი მხარე.

     სწორედ ამ მოგზაურობისას მოციქულს ეუწყა სულიწმიდისაგან, რომ ჩასულიყო ალექსანდრიაში, სადაც წარმართებისთვის უნდა ექადაგა. აქ მახარებელი დაემკვიდრა მეწაღე ანანიას სახლში. მეწაღემ შეისმინა მისი ქადაგება და მოინათლა კიდეც. მოციქულმა მას ასევე ავადმყოფი ხელი განუკურნა. ამ ყველაფრის შემდეგ მოინათლა ქალაქის იმ ნაწილში მცხოვრები ბევრი ალექსანდრიელი, რამაც წარმართთა გაბოროტება გამოიწვია მათ გადაწყვიტეს, მოეკლათ წმიდა მოციქული. როცა ამის შესახებ გაიგო წმიდანმა ანანიას ხელი დაასხა ეპისკოპოსად, მალკი, საბინე და კედრინი კი ხუცესად აკურთხა.

     მოგვიანებით, წარმართები ღვთისმსახურების დროს თავს დაესხმებიან წმინდა მარკოზს, სცემენ და საპყრობილეში ჩააგდებენ, სადაც მახარებელს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადება და განამტკიცებს. მეორე დღეს, სანამ სამსჯავრომდე მიიყვანდნენ, წმიდანი აღესრულება.

     63 წლის 4 აპრილს, როდესაც წარმართებმა მოინდომეს მარკოზის გვამი დაეწვათ, უფლის დაშვებით ხდება სასწაული, კოცონის გააჩარებისას ძლიერად იძრა მიწა. შეშინებული ღვთისმოძულენი გაიქცნენ, ქრისტიანებმა კი წმიდა მოციქულის ნეშტი აიღეს და ქვის სარკოფაგში დაკრძალეს, სადაც 310 წელს ტაძარი ააგეს. ხოლო 820 წელს, როდესაც ეგვიპტეში არაბები გაბატონდნენ და ქრისტიანების დევნა დაიწყეს, მოციქულის წმიდა ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

     მახარებელი მარკოზი გამოიხატება ლომით, რომელიც მიანიშნებს ქრისტეს ძლიერებასა და სამეფო ღირსებაზე. წმიდა მარკოზი ძირითადად აღწერს მაცხოვრის სიტყვებს და საქმეებს, რადგან იგი წარმართთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა სახარებას. ყველა ძველი მწერალი ადასტურებს, რომ მარკოზის სახარება მოციქულთა თავის - პეტრეს ქადაგებებისა და მონათხრობების მოკლე ჩანაწერია. წმინდა მახარებელი მარკოზი იხსენიება ასევე 10 ოქტომბერს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►