ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ბულგაკოვი

თემა: ექიმის არაჩვეულებრივი თავგადასავალი
მოდანი, რომელშიც ეწყო სამი ღამის პერანგი, საპარსი ფუნჯი, ექიმ რაბოვის ჯიბის რეცეპტურა (1916 წ.), ორი წყვილი წინდა, პროფესორ მეჩნიკოვის ფოტოსურათი, გაქვავებული ფუნთუშა, რომანი „მარია ლუსიევა უცხოეთში“, ექვსი ფხვნილი პირამიდონი და ექიმის უბის წიგნაკი მისი დის ხელში მოხვდა.       ექიმის დამ უბის წიგნაკი ფოსტით მე გამომიგზავნა და თან წერილი გამოაყოლა, რომელიც ასე იწყებოდა: „თქვენ ლიტერატორი და მისი მეგობარი ხართ, დაბეჭდეთ, რადგან საინტერესოა“... (ამას მოსდევდა ქალური მსჯელობა, რომ კითხვა სასარგებლოა, ნაწერი ცრემლებით იყო დალაქავებული).       მე არ მიმაჩნია, რომ ეს დიდად საინტერესოა, – ზოგიერთი ადგილის ამოკითხვა საერთოდ შეუძლებელია (ექიმს საშინელი ხელწერა აქვს), მაგრამ უთავბოლო ჩანაწერებს მაინც ვბეჭდავ სრულიად უცვლელად, მხოლოდ თავებად დავყავი და დავასათაურე.       თავისთავად ცხადია, ჰონორარს ბუენოს-აირესში გავუგზავნი ექიმ №-ს, როგორც კი შევიტყობ, რომ ნამდვილად იქ იმყოფება. I - უსათაურო – მხოლოდ გოდება       ბედისწერავ, რატომ მდევნი?! რა იქნებოდა, ასი წლის წინ დავბადებულიყავი, ან ასი წლის შემდეგ, ანდა ამქვეყნად სულაც არ გავჩენილიყავი? დღეს ერთმა ტიპმა მითხრა, სამაგიეროდ, შვილიშვილებისთვის ბევრი რამ გექნება მოსაყოლიო! რეგვენი! თითქოს საოცნებოდ მარტო ის მქონდეს, რომ შვილიშვილებს სიბერეში მოვუყვე, მესერზე როგორ ვეკიდე!.. თანაც, შვილიშვილებს ვინ ჩივის, შვილებიც არ მეყოლება, იმიტომ რომ, ასე თუ გასტანა, სულ მალე მომკლავენ... და მოგჭამა ჭირი შვილიშვილებმა. ჩემი სპეციალობა ბაქტერიოლოგიაა. ჩემი სიყვარულის საგანი – მწვანე ლამპა და წიგნები ჩემს კაბინეტში. ფენიმორ კუპერი, შერლოკ ჰოლმსი, ვეფხვები, თოფების ჭახაჭუხი, ნაპოლეონი, ომები და მეზღვაურ კოშკას გმირობა-მამაცობანი ბავშვობიდანვე მძულდა.       ასეთი რამეებისკენ მიდრეკილება არ მაქვს. ჩემი მისწრაფება ბაქტერიოლოგიაა.       ამასობაში კი...       მწვანე ლამპა ჩაქრა. „სპირილეზურ დაავადებათა ქიმიოთერაპია“ იატაკზე გდია. შესახვევში ისვრიან. მორიგი, მეხუთე ხელისუფლებისგან მობილიზებული ვარ.       .................... II - იოდმა სიკვდილისგან მიხსნა       ...დეკემბრის საღამო.       მეხუთე ხელისუფლება დაამხეს, ხოლო მე კინაღამ სიცოცხლეს გამოვესალმე... საღამოს ხუთი საათისთვის ყველაფერი აირია. ყინავდა. ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში „იმათი“ ტყვიამფრქვევები კაკანებდა, დასავლეთ გარეუბნებში – „ჩვენი“ ტყვიამფრქვევები. ვიღაც შაშხანიანები გარბოდნენ. ნამდვილი დომხალია. მეეტლეებმა ჩაიარეს და გავიგონე, რომ თქვეს, ქალაქში ახალი ხელისუფლებააო...       მითხრეს, თქვენი ნაწილი (რა ჩემია, ეშმაკსაც წაუღია!) ვლადიმირის ქუჩაზეაო. ვლადიმირის ქუჩაზე გავრბივარ, მაგრამ ვერაფერი გამიგია. ერთი ალიაქოთია. ყველას ვეკითხები „ჩემი“ ნაწილის ასავალ-დასავალს. ყველანი სადღაც მიქრიან, ჩემთვის არ სცალიათ. უეცრად ვხედავ, ვიღაცებმა ქუჩა გადაკვეთეს, წითელფოჩიანი ქუდები ახურავთ.       – დაიჭირეთ! – დაიყვირეს წითელფოჩიანებმა, – არ გაუშვათ!       გავიხედე, რომ დამენახა, დაჭერას ვის უპირებდნენ.       თურმე მე მიპირებდნენ!       ახლაღა მოვისაზრე, რა უნდა მექნა: შინისკენ უნდა მომეკურცხლა. ჰოდა, გავიქეცი. რა ბედნიერებაა, რომ მოვიფიქრე და შესახვევისკენ გავსხლტი. იქ კი ბაღი და მესერი დავინახე. მესერზე ავბობღდი.       ისინი კი მიყვირიან:       – გაჩერდი!       ომის ამბებში თუმცა სრულიად გამოუცდელი გახლავართ, ინსტინქტით მაინც მივხვდი, რომ გაჩერება არ შეიძლებოდა. მესერს გადავაბობღდი. ტრახ! ტრახ! – მომაყოლეს უკნიდან. ამ დროს, სად იყო და სად არა, ანჩხლი, ბალანაშლილი თეთრი ქოფაკი ჩემკენ გამოექანა, მაზარაზე მეცა და ფხრეწა დაუწყო. მესრიდან გადავეკიდე. ერთი ხელით ვკიდივარ, მეორეში იოდით სავსე ქილა მიჭირავს (200 გრ), საუცხოო გერმანული იოდი. ფიქრის დრო აღარ მქონდა. უკნიდან ფეხების ბრაგუნი მოისმოდა. ქოფაკი დამღუპავდა. ქილა მოვიქნიე და თავში ჩავცხე. ქოფაკი უმალ ჟღალფრად შეიღება და ყმუილით გაიძურწა. ბაღი გადავირბინე, კარი გამოვაღე და შესახვევში გავედი. იქაურობა დუმდა. შინისკენ გავეშურე...       ...სული ჯერაც ვერ მომითქვამს!       ...ღამით სამხრეთის მხრიდან ქვემეხებს ისროდნენ. არ ვიცი, ვისი ქვემეხები იყო. იოდი ძალიან მენანება. III - 2 თებერვლის ღამე       ენით აუწერელი რამ ხდება... ახალი ხელისუფლებაც გარეკეს. ამქვეყნად იმაზე უარესი არაფერი იქნებოდა. მადლობა ღმერთს. მადლობა...       გუშინდლიდან მობილიზებული ვარ. არა, გუშინწინიდან. ერთი დღე და ღამე გაყინულ ხიდზე გავატარე. ღამით 15 გრადუსი იყო ნულს ქვემოთ (რეომიურით). ქარი ქროდა. ხიდის მალებში მთელ ღამეს უსტვენდა. მდინარის გაღმა ქალაქის შუქები ციმციმებდა, გამოღმა – დაბის შუქები. ჩვენ შუაში ვიყავით. მერე ყველანი ქალაქისკენ გაიქცნენ. ასეთი ზედახორა არასოდეს მინახავს. მხედრები. ქვეითები. ქვემეხებსაც მიათრევდნენ და სამზარეულოებსაც. სამზარეულოს მოწყალების და მიჰყვებოდა. მითხრეს, გალიციაში წაგიყვანენო. გაქცევა მაშინღა მოვისაზრე. ყველა დარაბა დახურული იყო, ყველა სადარბაზო შესასვლელი აფიცრული. მსხვილსვეტებიანი ეკლესიის წინ გავრბოდი. უკნიდან მესროდნენ, მაგრამ ვერ მომარტყეს. ვიღაცის ეზოში შევირბინე და ფარდულში დავიმალე. იქ ორ საათს ვიჯექი. მთვარე როცა ჩავიდა, გამოვედი. შინისკენ უკაცრიელ ქუჩებში გავრბოდი და ჩემს ბედ-იღბალზე ვფიქრობდი. ბედი დამცინის. ექიმი ვარ, დისერტაციას ვამზადებ და ღამე სხვის ეზოში ვირთაგვასავით ვიმალები! ზოგჯერ ვნანობ, მწერალი რომ არ ვარ, მაგრამ, აბა, ვინ დამიჯერებს! ჩემი ჩანაწერები ვინმეს ხელში რომ ჩაუვარდეს, დარწმუნებული ვარ, იფიქრებს, რომ ყველაფერი მოვიგონე.       გათენებისას ქვემეხებს ისროდნენ. IV - იტალიური გარმონი       15 თებერვალი       დღეს მხედართა პოლკი მოვიდა, მთელი კვარტალი დაიკავა. საღამოთი მე-2 ესკადრონიდან ჩემთან მიღებაზე ერთი ემფიზემიანი მეწვია. მისაღებში თავის რიგს ელოდა და დიდ იტალიურ გარმონზე უკრავდა. ეს ემფიზემატიკი საუცხოოდ უკრავს („მანჯურიის სოპკებს“), მაგრამ პაციენტები საშინლად წუხდნენ და ავადმყოფების გულისა და ფილტვების მოსმენაც შეუძლებელი გახლდათ. ურიგოდ მივიღე. ჩემი ბინა ძალიან მოეწონა. უნდა, რომ ოცეულის მეთაურთან ერთად შემომისახლდეს. მკითხა, გრამოფონი თუ გაქვთო?       ემფიზემატიკს აფთიაქში წამალი ოც წუთში დაუმზადეს, თანაც უფასოდ. დიდებულია, ღმერთმანი!       17 თებერვალი       წუხელ მეძინა – ქვემოთ გრამოფონი მოიშალა.       თვრამეტბეჭდიანი ქაღალდები ვიშოვე იმის თაობაზე, რომ ჩემთან არავინ არ უნდა შემოესახლებინათ. ერთი ქაღალდი სადარბაზო შემოსასვლელის კარზე მივაკარი, ერთი – კაბინეტის კარზე, ერთი – სასადილო ოთახის კარზე.       21 თებერვალი       შემომისახლეს...       22 თებერვალი       ...და მობილიზაციაშიც მომახვედრეს.       ...მარტი       მხედართა პოლკი ვიღაც ატამანთან საომრად გაემართა. პოლკს უკან გრამოფონიანი საზიდარი მიჰყვებოდა. უკრავდნენ ჰანგს – „ითხოვეთ სიმღერა“. გრამოფონი კარგი გამოგონებაა!       გათენებისას ქვემეხებს ისროდნენ... V       ....................       .................... VI - საარტილერიო მომზადება და ჩექმები       .................... VII რა თქმა უნდა, წამიყვანეს       ....................       ....................       ...ქვემეხებს......................       ...და..................... VIII - ხანკალის ხეობა       სექტემბერი       ზოგჯერ მგონია, რომ ყველაფერი სიზმარია. მრისხანე ღმერთმა მთები დაახვავა. ხეობებში ნისლები მიცურავს. მთის მწვერვალები საავდრო ღრუბლებს დაუბურავს. ღელე შმაგურად მოაგორებს...       ...ამღვრეულ ტალღას.       ავი ჩეჩენი ნაპირზე მოსხლტის       და ლესავს ხანჯალს.       უზუნ-ჰაჯი ჩეჩენ-აულშია. აული ზეგანზე შეფენილა მოლურჯო ნისლში გახვეული მთების ფონზე. ხანკალის ხეობაში გზას ურმები და ორთვალები ამტვერებენ. ყიზლარელი კაზაკები მარცხენა ფლანგზე მიდიან, ჰუსარები – მარჯვენა ფლანგზე. სიმინდის გათელილი მინდვრებიდან ბატარეები უზუნისკენ შრაპნელს ისვრიან. ჩეჩნები გააფთრებით ებრძვიან „თეთრ ეშმაკებს“. პატარა მდინარის მახლობლად, რომლის ნაპირას ცხენის გაბერილი ლეში გდია, ორთვალა ეტლზე თეთრი დროშა ფრიალებს, ზედ წითელი ჯვარია გამოსახული. გასისხლიანებული კაზაკები მოჰყავთ და ჩემ ხელში იხო-ცებიან.       საავდრო ღრუბელი მთას მიეფარა, მზემ დააცხუნა, მათარა მოვიყუდე და მყრალ წყალს ხარბად დავეწაფე. მოწყალების დები დაფაცურობენ, საზიდრებში ჩაფენილ ნამჯაზე მწოლიარე დაჭრილებს წყალს ასმევენ, უძლურად ჩამოკიდებულ თავებს თეთრი ბინტით უხვევენ.       ტყვიამფრქვევები გუნდ-გუნდად, ხმაშეწყობით გრიალებენ.       ჩეჩნები აულიდან ისვრიან. თავგანწირვით იბრძვიან, მაგრამ არაფერი ეშველებათ. აულს აიღებენ და გადაწვავენ. ყუბანელ ქვეითთა სამ ბატარეას ორი უხეირო სამდუიმიანი ქვემეხით როგორ გაუმკლავდებიან...       ჩეჩენთა პოლკი სიმინდის გადათელილი, გადამწვარი მინდვრიდან გამოიჭრა, მკვირცხლმა მხედრებმა თერგელ კაზაკებს ფლანგიდან ხორხისმიერი ყვირილით შეუტიეს.       თერგელებმა კინაღამ პირი იბრუნეს, მაგრამ ყუბანელები წამოეშველნენ, ტყვიამფრქვევები კვლავ ააკაკანეს და მხედრები სიმინდის მინდვრების იქით ზეგანზე არეკეს, სადაც ბინოკლში მოჩანდა განწირული ქოხები.       ღამე.       სროლა თანდათან მინელდა. ბინდბუნდია. იდუმალი ჩრდილები ჩამუქდა, მერე ხავერდის ფარდა ჩამოეშვა და ვარსკვლავეთის უკიდეგანო ოკეანე გაჩახჩახდა. ნაკადული ბრაზიანად მიჩხრიალებს, ცხენები ფრუტუნებენ, ხოლო მარჯვნივ, ყუბანელთა ბატალიონებში, ალაგ-ალაგ ცეცხლი ბრიალებს. რაც უფრო ბნელდება, მიდამო უფრო შემზარავი ხდება და სულში ნაღველი ისადგურებს. ცეცხლი ჩვენც გვინთია, შეშა ტკაცუნობს, კვამლი ხან ჩემკენ მოიწევს, ხან გატრიალდება. მოცახცახე შუქში კაზაკებს სახეები უცნაური, ცვალებადი აქვთ. წყვდიადიდან გამოკრთებიან და კვლავ ბნელეთში ჩაინთქმებიან. ხოლო უკიდეგანო, კუნაპეტი ღამე ყველაფერს ეუფლება, ანცობს. სადღაც ლანძღვა-გინება გაისმის. ხეობა გრძელია. არავინ უწყის, ღამის ხავერდოვანი ფარდის მიღმა რა იმალება. ზურგი დაუცველია და მეჩვენება, რომ ზურგს უკან მუხის ტევრი ცოცხლდება. შესაძლოა, ჩოხიანი ჩრდილები იქიდან უკვე მოიწევენ, ცვრიან ბალახზე წახრილან, მოცოცავენ... თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, რომ გააფთრებული, სიძულვილისგან გაალმასებული ჩრდილები ყვირილით, ღრიალით გამოენთებიან და... ამინ!       ფუ, ეშმაკმა დალახვროს!       – თავდებად ვერ დადგები, – ფილოსოფიურად მიპასუხა ცეცხლთან მჯდარმა, მხედართა მესამე პოლკის მებრძოლმა, თერგელმა კაზაკმა, როცა დილეტანტური მოსაზრებანი გამოვთქვი, ეს ღამე საიმედო არ არის, ვინ იცის, რა ფათერაკს გვიმზადებს-მეთქი, – ხლანგიდან მოგვიხტებიან, ასეთი რამაც ყოფილა.       ძირძიტა შენს ენას! „ხლანგიდან“! ღმერთო ჩემო! რა დღეში ვართ! ცხენები ნაკელს ღეჭავენ, შაშხანის ლულები ცეცხლის შუქზე ლაპლაპებს. „თავდებად ვერ დადგები“! წყვდიადი ჩანისლულა. უზუნ-ჰაჯი ბედკრულ აულშია...       რაო, ლერმონტოვი ხომ არ ვარ! მე მგონი, ეს მისი სპეციალობაა. მე რა შუაში ვარ!       ბრეზენტზე მოკრუნჩხული ვწევარ, მაზარა მახურავს, ალმასებით დაწინწკლულ ხავერდოვან თაღს ავცქერი და მღვრიე კაეშანი დამფარფატებს, თვალწინ მიკრთის მწვანე ლამპა, სინათლის რკალში მოქცეული პრიალა ფურცლები, კაბინეტის კედლები... ყველაფერი ყირამალა დგას! ღამის შემზარავ სიბნელეში ბრეზენტზე ვწევარ ათასი ვერსის აქეთ, ხანკალის ხეობაში გადმოკარგული...       ბოლოს მაინც ვიძინებ, მაგრამ ეს რა ძილია? ხან აბაჟურიანი ლამპა მეზმანება, ხან ღამის უზარმაზარი აბაჟური და შიგ კოცონის მოცეკვავე ალი. ხან კალმის წყნარი წრიპინი ჩამესმის, ხანაც სიმინდის ცეცხლმოდებული ღეროების ტკაცუნი. ხან ძილის მღვრიე წყვდიადში ვიძირები, ხან შემკრთალი წამოვხტები. გაისმა ხმლების ჩახაჩუხი, ხორხისმიერი ხმები, აპრიალდა ხანჯლები, ვერცხლის მასრები... ოჰ!.. თავს დაგვესხნენ!       ...არა! მომჩვენებია... ირგვლივ სიწყნარეა. ცხენები ფრუტუნებენ, შავი ნაბდები მწკრივებად ჩარიგებულა – დაქანცულ კაზაკებს სძინავთ... ნაკვერჩხლებს ნავლი ფარავს. აცივდა. შორს მკრთალად ირიჟრაჟა.       არაადამიანურ დაღლილობას ვგრძნობ. ჩეჩნების ჯავრი აღარ მაქვს. ტყვიასავით დამძიმებული ქუთუთოები ვერ გამიხელია. კოცონი თვალთაგან მიქრება... „ხლანგიდან“ მოგვიხტებიან, ქათმებივით გაგვჟუჟავენ. გაგვჟუჟავენ და გაგვჟუჟონ. რა ბედენაა...       ლერმონტოვი მძაგს. ყოველთვის მძაგდა. ჰაჯი. უზუნი. წითელყდიანი, ერთ ტომად. ყდაზე გამოსახულ ოქროსფერ, თვალგაშტერებულ ოფიცერს ეპოლეტები მხრებზე ფრთებივით ადგას. „შენ გიძღვნი – ლაღ შვილს ეთერისას“. ეთერიანი შუშა მზეზე გასკდა... რბილად, რბილად, ყრუდ ვიძირები სიბნელეში. ძილი თავს მართმევს. IX - კვამლი და ბუმბული       დამთავრდა. ზეგნიდან კვამლის შავი ბოლქვები ავარდა. თერგელები სიმინდის მინდვრების გადაღმა ჭენებით გაემართნენ. ტყვიამფრქვევი ისევ აგრიალდა და მალევე ჩაჩუმდა. ჩეჩენ-აული აიღეს.       უკვე ზეგანზე ვართ. ცეცხლის სვეტები ცისკენ მიიწევს. თეთრი სახლები, ღობეები ბრიალებს. დაკლაკნილ ქუჩებში ცეცხლის ქარბორბალა მიქრის. კვამლის ცალკეული სვეტები ღრუბლად ერთდება და ეს ღრუბელი უკანა პლანისკენ, ოპერა „დემონის“ დეკორაციისკენ ნელა მიცურავს. მიწა ბუმბულით არის მოფენილი, ჰაერშიც ბუმბული ტრიალებს. მკვირცხლი სტანიცელები აულისკენ გრიგალივით მიქრიან და უკანვე ბრუნდებიან. უნაგირზე გადაკიდებულ ფეხებგაკრულ ქათმებსა და ბატებს კრიახ-გნიასი გააქვთ.       ჩვენს ბანაკში დილიდანვე ლუკულუსის ნადიმია გამართული. ქვაბში თხუთმეტი ქათამი ჩაუძახეს. ოქროსფერ, მსუყე ბულიონში თითებს ჩაიკვნეტ. შუგაევი ქათმებს ისე ჟლეტს, როგორც მეფე ჰეროდე ყრმებს ჟლეტდა.       მთის კალთებზე ნისლის ფთილები მიცურავს და ზედ ადნება, ხოლო მთათა შუა იდუმალ ღრმულს თავის მხედრებთან ერთად მიუყვება შურისძიებით გულანთებული, საიდუმლოებით მოცული უზუნი.       თუნდაც თავს დავდებ, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. ახიც იქნება – აულები არ უნდა გადაწვა. ჩემთვისაც ცუდად დამთავრდება, მაგრამ ამ აზრს უკვე შევეგუე. ვცდილობ, თავი დავირწმუნო, რომ გრძელსა და ცუდ სიზმარს ვხედავ.       ფერშალი გოლენდრიუკი ყოველთვის ჭკვიან კაცად მიმაჩნდა. წუხელ უკვალოდ დაიკარგა. თუმცა ამბავი არ დაუტოვებია, მივხვდი, რომ სანუკვარი მიზნისკენ მიმავალ გზას ადგას, სახელდობრ, რკინიგზისკენ მიმავალ გზას; იმ რკინიგზის ბოლოს ქალაქია, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. „გამოძიების ჩატარება“ მიბრძანეს. სიამოვნებით. მედიკამენტების ყუთზე ვზივარ და გამოძიებას ვატარებ. გამოძიების შედეგი: ფერშალი გოლენდრიუკი უკვალოდ დაიკარგა ამა და ამ რიცხვში, ამა და ამ ღამეს. წერტილი. X - ჩეჩნები გამოჩნდნენ       სექტემბრის მცხუნვარე დღეა.       ...აი, უბედურება! ჩემი რაზმი დავკარგე. ეს რანაირად უნდა მომხდარიყო? სულელური კითხვაა, აქ ყველაფერი შეიძლება, რომ მოხდეს. მოკლედ, რაზმი არსადაა.       გავარვარებული მზე თავს გვადგას, ირგვლივ გადახრუკული ბალახია. გზაზე ურმის ძველი ნაკვალევი. ურმის ნაკვალევთან ორთვალა ეტლი დგას. ეტლში მე და შუგაევი ვსხედვართ, ხელში ბინოკლი მიჭირავს, მაგრამ, რაც მთავარია, ზეგანზე კაციშვილი არ ჩანს. რამდენიც გინდა, ატრიალე ცეისის მინები, ვერაფერს მიაგნებ. თითქოს ყველაფერი მიწაში ჩაინთქა. ათიათასიანი რაზმიც, ქვემეხებიანად, და ჩეჩნებიც. ხუთი ვერსის იქით ჩამწვარი ჩეჩენ-აული რომ არ ბოლავდეს, ვიფიქრებდი, რომ აქ სულიერი არასოდეს ყოფილა.       შუგაევი ეტლში წამოიმართა, მარცხნივ გაიხედა, ზურგისკენ შეტრიალდა, მარჯვნივაც გაიხედა, უკანაც, წინაც და მაღლაც, მერე ეტლიდან ჩამოხტა და თქვა:       – საქმე ჭაკადაა!       უკეთესად ვეღარ იტყვი. ჩეჩნებს თუ გადავაწყდით, ვისაც ხუთი აული გადაუწვეს, რა დღეში ჩავცვივდებით, ძნელი წარმოსადგენი არ გახლავთ. ამისთვის აუცილებელი არ არის, წინასწარმეტყველი რომ იყო... მეტი რა ჩარაა, უბის წიგნაკში ბოლომდე ჩავიწერ ყველაფერს. ეს საინტერესოა.       გზა ალალბედზე განვაგრძეთ.       ...ერთი ყორანი ზემოთ აფრინდა, მეორე ქვემოთ ჩაფრინდა, აგერ მესამეც. ნეტავი რას დასტრიალებენ? მივუახლოვდით. ბალახმოდებული, მიტოვებული გზის პირას ჩეჩენი წევს. ხელები გაუფარჩხავს, თავი უკან გადაუგდია. შავი ჩოხა შემოფხრეწია, ფეხშიშველაა. ხანჯალი არ ჰკიდია, აღარც ვაზნები უწყვია მასრებში. კაზაკები ყაირათიანი ხალხია, გოგოლის ოსიპის მსგავსი:       – თოკიც გამოსადეგია.       ჩეჩენს მარცხენა ღაწვის ქვემოთ შავი ნახვრეტი მოუჩანს. იქიდან მკერდზე ორდენის ლენტივით ჩამოჰფენია მზეზე გახუნებული სისხლის ნაკვალევი. ნახვრეტს ზურმუხტისფერი ბუზები ესევიან. ყორნები დაბლა დაეშვნენ, იქაურობას ბრაზიანი ყრანტალით დასტრიალებენ... გზას განვაგრძობთ!       ...ცეისი ჰალუცინაციებს ბადებს! წინ ბორცვია, ხოლო ბორცვის მწვერვალზე ვენური სკამი მოჩანს! გარემო უდაბურია! ბორცვზე სკამი ვის უნდა აეტანა? ანდა რატომ?       ...ბორცვს ფრთხილად ჩავუარეთ. არავინ ჩანს. იქაურობას გავცდით, სკამი კი ისევ ისე დგას.       ცხელა. კიდევ კარგი, მათარა სავსე წამოვიღე.       საღამო ხანი.       ესეც ასე! გავებით. მთები სულ ახლოს, ორ ნაბიჯზეა. წინ ხეობა მოჩანს, ხოლო ხეობიდან მოისწრაფვიან. ცხენებს თითქოს ფრთები გამოსხმიათ! ვერცხლით მოსირმული ხმლის ქარქაშები ბრჭყვიალებს. საინტერესოა, ჩემი უბის წიგნაკი ხელში ვის ჩაუვარდება? მაშ ვეღარავინ წაიკითხავს? შუგაევს სახეზე მწვანე ფერი დასდებია. მეც, ალბათ, ასეთ დღეში ვარ. ჯიბეში ბრაუნინგი მექანიკურად მოვსინჯე. სისულელეა. ბრაუნინგი რას მიშველის? შუგაევი დაფაცურდა, ცხენების აჩქარებას აპირებდა, მაგრამ გაინაბა. რა სისულელეა. მათ ცხენებზე უკეთესს თვალი ვერსად ნახავს. აღალის ორი ცხენით სად გაექცევი? განძრევასაც ვერ მოასწრებ, ვიღაცა შაშხანას გადმოატრიალებს, მხარზე მიიყრდნობს და წირვას გამოგიყვანს.       – ე-ჰე-ჰე, – ესღა თქვა შუგაევმა.       შეგვამჩნიეს. გზა აამტვერეს. ჩვენკენ მოეშურებიან. ცხენები მოაჭენეს. თეთრ კბილებს აელვებენ, ვერცხლის მასრები უბრწყინავთ. მზეს ავხედე და გამოვემშვიდობე...       ...უჩვეულო რაღაც ხდება!.. ზედ მოგვეჭრნენ, მაგრამ ცხენებს ჩვენს ირგვლივ აცეკვებენ და არას გვერჩიან. მარტო გნიასობენ:       – ტა-ლა-გა-გა!       ეშმაკმა უწყის, რა უნდათ. ჯიბეში ხელი ჩავიყავი და ბრაუნინგის სახელურს ჩავჭიდე. დამცველი გადავწიე, სასროლად მოვამზადე. თუ დამატყვევებენ, პირში ვიკრავ. ასე დამარიგეს.       ისინი კი ყაყანებენ, მკერდში ხელებს იბაგუნებენ, კბილებს აელვებენ, შორეთისკენ თითებს იშვერენ, რაღაცას გვანიშნებენ.       – ა-ლა-მა-მი-ა... ბოლგატოე-ე!       – შალი-აულ! გა-გო-გირ-გირ!       შუგაევი ნაცადი კაცია. გამობრძმედილი. გამწვანებული სახე უცებ გაუღაღანდა. ხელების ქნევას მოჰყვა, გასაოცარ ენაზე ალაპარაკდა:       – შალიო, ამბობ? ჰო-ო. ჩვენი შალი-აულში წავიდა? ჰო-ო, ჰო-ო. ბოლგატოე. ჩვენები სად არიან? იქ?       ისინი გაიბადრნენ, საუცხოო კბილები გააელვეს. ხელებს იქნევენ, თავს აკანტურებენ.       შუგაევს სახის ფერი საბოლოოდ დაეწმინდა.       – მშვიდობიანები არიან! ბატონო ექიმო, მშვიდობიანები! მოუთვინიერებიათ. ამბობენ, რომ ჩვენები ბოლგატოეს გავლით შალი-აულისკენ წავიდნენ. გვთავაზობენ, გაგაცილებთო! აგერ, ჩვენებიც! ნაღდად ჩვენები არიან!       გავიხედე – ფერდობის ბოლო ამტვერდა. კოლონის კუდი მოიკლაკნება. შუგაევი ცეისზე უკეთესად ხედავს.       ჩეჩნები თვალგაშტერებულები იცქირებიან. ცეისს ესიყვარულებიან.       – ბინოკლი მოეწონათ, – ჩაიცინა შუგაევმა.       თავადაც ვხედავ, რომ მოეწონათ. ოჰ, როგორ მოეწონათ. კოლონას მალე მაინც დავეწეოდეთ! შუგაევი კოფოზე მიირწევა; მიმიხვდა, რას ვფიქრობდი. მამშვიდებს.       – ნუ ღელავთ. აქ თითსაც არ დაგვაკარებენ. ჩვენები აგერ არიან, აგერ! ორი ვერსის მოშორებით რომ ყოფილიყვნენ, მაშინ კი... – შუგაევმა ხელი ჩაიქნია. ირგვლივ კი:       – გირ... გირ!       ერთი სიტყვა მაინც მესმოდეს. შუგაევს კი ესმის და თავადაც ელაპარაკება.       ხელებითაც, ენითაც, ჩეჩნები გვერდით მოგვყვებიან, ხმლებს მოაჩხარუნებენ. ასეთი ბადრაგი არასოდეს მხლებია... XI - კოცონთან       აული იწვის. უზუნს მისდევენ. ღამით ცივა. ცეცხლს ვეფიცხებით. ხმლების სახელურებს ალი დასთამაშებს.       ჩეჩნები ფეხმორთხმით სხედან, ჩემს მკლავზე გამოსახულ წითელ ჯვარს მონუსხულები უცქერენ. მოთვინიერებულნი არიან, დამორჩილებულნი, ჩვენი მოკავშირენი. შუგაევი თითებით, სიტყვით უყვება, რომ მე ყველაზე მთავარი, ყველაზე დიდი ექიმი ვარ. ისინი თავს უკანტურებენ, სახეზე მოწიწება ეხატებათ, თვალები უელავთ. მაგრამ ორი ვერსის მოშორებით რომ ვიყოთ... XII       .................... XIII       დეკემბერი       ეშელონი მზადაა. ყველანი მთვრალები არიან. მეთაური, კაზაკები, კონდუქტორების ბრიგადა და, რაც მთავარია, მემანქანეც. 18 გრადუსი ყინვაა. თბილანა ვაგონები საყინულედ ქცეულა. ერთი ღუმელიც არსადაა. შუაღამისას დავიძარით, ვაგონის კარი გადავკეტეთ. რაც ხელში მოგვხვდა, იმით შევიფუთნეთ. ყველა სანიტარს სპირტი მე თვითონ დავალევინე. მაშ ხალხს ხომ არ დავღუპავდი! ვაგონი შეტოკდა. ქვემოთ ბორბლებმა გაიღრჭიალა და აკაკუნდა. დავიძარით.       არ მახსოვს, როგორ ჩამეძინა და მერე გარეთ როგორ გავვარდი. ეს კი კარგად მახსოვს, თოვლში გახვეული ფერდობზე როგორ მივგორავდი, ვაგონები ერთმანეთს ჭახჭახით როგორ ასკდებოდა და ასანთის კოლოფებივით იჭყლიტებოდა. ალიონის მკრთალ შუქზე მოჩანდა, ხალხი ვაგონებიდან როგორ ცვიოდა. ირგვლივ გმინვა და ყვირილი გაისმოდა. თუმცა სემაფორი ენთო, მემანქანემ ეშელონი შემხვედრ მატარებელს შეაჯახა...       შუგაევი მებრალება. ფეხი მოიტეხა.       სადგურის ოთახში დაჭრილები დილამდე მოჰყავდათ. მე ჭრილობებს ვუხვევდი და დახოცილებს ვსინჯავდი...       უკანასკნელს ჭრილობა როცა გადავუხვიე, ნამსხვრევებით დაფარულ ლიანდაგზე გავედი. ფერმიხდილ ცას თვალი შევავლე, ირგვლივ მიმოვიხედე...       ფერშალი გოლენდრიუკი თვალწინ დამიდგა... მაგრამ სად ჯანდაბას წავალ! მე ხომ ინტელიგენტი ვარ. XIV - დიდი მარცხი       თებერვალი       ყოველივე ქაოსმა მოიცვა. სადგური იწვოდა. მერე მატარებლით მივქროდი. ბოლო თბილანა ვაგონი აქეთ-იქით აწყდებოდა...       ეს რა სიგიჟეა...       ტალღამ აქამდე უწია........................       ....................       დღეს, როგორც იქნა, მოვისაზრე. ო, უკვდავო გოლენდრიუკო! კმარა სისულელე და სიგიჟე. ერთ წელიწადში იმდენი რამ გადამხდა, მაინ რიდს ათი ტომისთვის ეყოფოდა. მაგრამ მე არც მაინ რიდი ვარ და არც ბუსენარი. ყველაფერი ყელში ამომივიდა. ტილებმა გამომხრეს. ინტელიგენტი თუ ხარ, აუცილებელი არ არის, უსათუოდ იდიოტი იყო...       კმარა!       ზღვა თანდათან ახლოვდება! ზღვა! ზღვა!       ....................       წყეულიმც იყვნენ მეომარნი ამიერიდან უკუნისამდე! მიხაილ ბულგაკოვი …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 10:15am on ივნისი 27, 2020
თემა: ჩინელის ამბავი
აძლოა ორმოცისა? ეშმაკმა უწყის! მგონი, 23 წლისა გახლდათ.       არავინ იცის, იდუმალებით მოცულმა ხოძიამ რამდენიმე ათასი ვერსი ხმელი ფოთოლივით რატომ გადმოიფრინა და მდინარის სანაპიროზე აღმართული ქონგურებიანი დაღრღნილი კედლის ძირას აღმოჩნდა. ხოძიას მაშინ გაბურძგნილი ყურებიანი ქუდი ეხურა, ნაკერებზე გარღვეული მოკლე ქურქი და უკანალზე გამოფხრეწილი დალიანდაგებული შარვალი ეცვა, ხოლო ფეხებზე საუცხოო, ყვითელი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ემოსა. ეტყობოდა, რომ ოდნავ მოღუნული, მაგრამ დაძარღვული ფეხები ჰქონდა. კაპიკი ფული არ გააჩნდა.       კედელთან ყურებიანი ქუდივით გაბურძგნილი უსიამოვნო ქარი დაქროდა. ერთხელ თვალის შევლებაც კმაროდა იმის მისახვედრად, რომ მდინარე ძალზე ცივი და უცხო იყო. ხოძიას უკან ტრამვაის ცარიელი ხაზი მოჩანდა, ხოლო წინ დასვრეტილი გრანიტი, გრანიტს იქით, ფერდობზე, ძირგახვრეტილი ნავი, ნავს იქით ის დაწყევლილი მდინარე, მდინარის იქით ისევ გრანიტი, გრანიტს იქით კი სახლები, ქვიტკირის სახლები, ეშმაკმა უწყის, რამდენი სახლი. სულელური მდინარე რატომღაც შუა ქალაქში მიედინებოდა.       გრძელი წითელი მილებისა და მწვანე სახურავების თვალიერებით გული რომ იჯერა, ხოძიამ მზერა ცას მიაპყრო. ცა ყველაფერზე უარესი იყო, რუხზე-რუხი, ჩაჟანგულ-ჩაჟამებული. ძალზე დაბალი კედლის მიღმა ამოზიდული გუმბათების გასწვრივ, რუხ ცაზე მიცურავდა ჩარუმბულ-ჩათქვირული ღრუბლები. ხოძიას ცა გაბურძგნილ ქუდზე მძიმედ ჩამოემხო. ახლა თუ არა, ცოტა ხნის შემდეგ მაინც ამ ციდან ცივი, სველი თოვლი ჩამოცვიოდა და, საერთოდაც, იმედი არ უნდა ჰქონოდა, რომ ასეთი ცის ქვეშ რაიმე სასიკეთოს მიაკვლევდა, სიმაძღრესა და სიამოვნებას პოვებდა.       – ოოო, – რაღაც ჩაიბუტბუტა ხოძიამ და რამდენიმე სიტყვა სევდიანად დაუმატა იმ ენაზე, რომელიც არავის გაეგებოდა.       ხოძიამ თვალები მოჭუტა და უმალვე მის წინაშე ამოტივტივდა ძალზე მცხუნვარე, მრგვალი მზე, ყვითელი, მტვრიანი გზა, გვერდზე ოქროს კედელივით აღმართული გაოლიანის(გაოლიანი – 4 მ სიმაღლის ჩინური ფეტვი) ტევრი, შემდეგ ტოტებგაშლილი მუხა, მიწაზე მოჩუქურთმებულ ჩრდილს რომ ჰფენდა, და ფანზის(ფანზა – ჩინური პატარა სახლი) წინ ალიზის ზღურბლი. ზღურბლთან ვითომ პატარა ხოძია დაყუნცულიყო და ძალიან გემრიელ ლავაშს შეექცეოდა, ხოლო თავისუფალ მარცხენა ხელს ცეცხლივით მხურვალე მიწაზე აფათურებდა. ხოძიას ძალიან სწყუროდა, მაგრამ წამოდგომა ეზარებოდა და ელოდა, მუხის იქიდან დედა როდის გამოჩნდებოდა. დედას მხრეულზე ორი ვედრო ეკიდა და ყინულივით ცივი წყალი მოჰქონდა...       ხოძიას მკერდი შიგნიდან თითქოს სამართებელმა ჩაუსერა და გადაწყვიტა, რომ კვლავ უზარმაზარ სივრცეთა გადასალახავად გასწევდა. გასწევდა, მაგრამ როგორ? როგორ ესაზრდოვა? როგორმე. კიტაი-სა... შეუშვი, ვა-გო-ნო.       უზარმაზარი ქონგურებიანი კედლის კუთხიდან ზარების მუსიკა მოისმოდა. ზარები ბუნდოვნად წკრიალებდნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ, მაგრამ მაინც ცხადყოფდნენ, რომ ცდილობდნენ, რაღაც მელოდია ხმაშეწყობილად და ძლევამოსილად ეგალობათ. ხოძია იქით გაემართა, კუთხეს გასცდა, შორს, მაღლა აიხედა და ნახა, რომ მუსიკას რუხი წოპწოპა კოშკის ოქროსისრებიანი, მრგვალი, შავი საათი გამოსცემდა. საათი რეკვა-გალობას მორჩა და დადუმდა. ხოძიამ ღრმად ამოიოხრა, პირდაპირ კოშკში ტრახტრახით შესულ გაქერცლილ მოტოციკლეტს თვალი გააყოლა, ქუდი შუბლზე ჩამოიფხატა და გაურკვეველი მიმართულებით გაემართა. II - შავი კვამლი, ბროლის დარბაზი       საღამოთი ხოძია ქალაქის განაპირას აღმოჩნდა. შორს დარჩა მგალობელი საათი და რუხი სათოფურები. ჭუჭყიანი გარეუბნის მეორე გასასვლელ ეზოში, რომლის მიღმაც დამყაყებული რუხი თოვლის ზოლებითა და წითელი აგურის ნამსხვრევებით დაფარული უშენი ადგილი იწყებოდა, ორსართულიანი სახლი იდგა. მყრალი დერეფნის ბოლოს, პატარა ოთახში, კარზე დაფხრეწილი მუშამბა რომ ჰქონდა აკრული, მომცრო ღუმელი იდგა. ღუმელში შეშა იწვოდა და მოწითალო ალი ავად ბრიალებდა. ღუმლის ცეცხლოვანი, მრავალნასვრეტებიანი კარის წინ ძალზე ხნიერი ჩინელი ჩაყუნცულიყო. ასე ორმოცდათხუთმეტი, ანდა იქნებ ოთხმოცი წლისა იქნებოდა. სახის კანი ქერქად ჰქცეოდა, ღუმლის კარს როცა გამოაღებდა, თვალები დემონივით ავად უელავდა, ხოლო როცა მიხურავდა, ჩაუღრმავდებოდა და ცივად, სევდიანად იმზირებოდა. ხოძია დიდრონი, სხარტი ბაღლინჯოებით გაძეძგილ, ჩაღუნულ დასაკეც საწოლზე დაფენილ, ნაკუწებისგან შეკერილ, გაზინთულ საბანზე იჯდა, შეჭვარტლულ ჭერზე მოფარფატე და მოთამაშე შავ და წითელ ჩრდილებს დაფეთებული და გაფაციცებული უცქეროდა, მხრებს მალიმალ ისე არხევდა, თითქოს აჟრჟოლებსო, ხელს საყელოში შეიყოფდა, გააფთრებით იფხანდა და ბებერი ჩინელის მონაყოლს უსმენდა.       ბერიკაცი ლოყებს აბურცავდა, ღუმელს უბერავდა და თვალებს მუშტებით ისრესდა, როცა მწარე კვამლი აუწვავდა. ამ დროს თხრობას წყვეტდა. მერე ღუმლის კარს მიხურავდა, ჩრდილში ჩაიკარგებოდა და ხოძიას გარდა ყველასთვის გაუგებარ ენაზე ალაპარაკდებოდა.       ბებერი ჩინელი მოკლე-მოკლედ ძალზე გულგასატეხ რაღაცას ამბობდა, რაც შემდეგს ნიშნავდა: პური არ არის. სრულებით არ არის. მეც მშიერი ვარ. ვაჭრობა არ არის. ცოტა კოკაინი მაქვს, ოპიუმი არ არისო. ბოლო სიტყვები ეშმაკმა ჩინელმა განსაკუთრებით გამოკვეთილად წარმოთქვა. ოპიუმი არ არის, ვაი, ვაი, არ არისო. ბებრული ჩინური თვალები ამ დროს ირიბ ჭრილებში მთლიანად იმალებოდა და ღუმლის შუქი თვალთა იდუმალ სიღრმეში ვერ აღწევდა.       – მაშ რა არის? – ჰკითხა სასოწარკვეთილმა ხოძიამ და მხრები აუცახცახდა.       – რა არის? რაღაც არის, მაგრამ ყველაფერი ისეთია, ჯობდა, არ ყოფილიყო. ჩეკისტებისგან დევნა არის. კოკაინის პაკეტს მართმევდა და დანა დამარტყა მკვლელმა, ნასტკას არამზადამ.       ბერიკაცმა თხელ კედელს თითი ატაკა. ხოძიამ ყური მიუგდო და ქალის ჩახრინწული სიცილი და სიცილ-ხიხინი შემოესმა.       – არაყი არის, – თქვა ბერიკაცმა, მერე გაქონილი კოფთის სახელო გამოსწია და ძარღვებით ჩახლართულ-ჩაკვანძულ წინამხარზე ახალი, ირიბი სამგოჯიანი ნაიარევი გამოაჩინა. კარგად ეტყობოდა, რომ ეს ბასრი ფინური დანის ნაკვალევი იყო. ბერიკაცმა მეწამულ ნაიარევს დახედა, თვალები მიენისლა, ხმელი კისერი ჩაუმუქდა, კედლისკენ პირი მიაქცია და ჩაიჩურჩულა:       – ბანდიტი არის!       მერე დაიხარა, ღუმლის კარი გამოაღო, ცეცხლოვან ხახაში ორი ნაფოტი შეტენა, ლოყები გაბერა და ჩინურ ავსულს დაემგვანა.       თხუთმეტი წუთის შემდეგ შეშა თანაბრად და მძლავრად გუგუნებდა, შავი მილი თანდათან წითლდებოდა. ოთახში სიმხურვალე დატრიალდა, ხოძიამ ქურქი გაიძრო, საწოლიდან ჩაჩოჩდა და იატაკზე ფეხმორთხმული დაჯდა, სითბოში გულმომბალი ბებერი ჩინელი ფეხებმოკეცილი იჯდა და რაღაც აბდაუბდას ჩმახავდა. ხოძია ყვითელ ქუთუთოებს ახამხამებდა, დასიცხული ფშუტუნებდა და ბერიკაცს შეცბუნებული სევდიანად ხანდახან თუ შეეკითხებოდა რამეს. ბერიკაცი კი ბურტყუნებდა: მე ბებერი ვარ და აღარაფერი მადარდებს. ლენინი არის, ყველაზე მთავარია და ძალიან არის, ბურჟუები არ არის, ოჰ, არ არის! სამაგიეროდ, წითელი არმია არის. ბევრი არის. მუსიკა? არის, არის. მუსიკა იმიტომ არის, რომ ლენინი საათიან კოშკში ზის. კოშკის იქით? კოშკის იქით წითელი არმია არის.       – შინ დაბრუნება? არა, არა! საშვი არ არის, კარგი ჩინელი წყნარად ზის.       – მე კარგი ვარ, სად ვიცხოვრო?       – სად იცხოვრო? არა, არა. წითელი არმია ყველგან არის.       – წითელი... – ჩაიჩურჩულა გაოგნებულმა ხოძიამ და ცეცხლოვან ნახვრეტებს ჩააშტერდა.       ერთი საათი გავიდა. გუგუნი ჩაწყნარდა, ღუმლის კარის ექვსი ნახვრეტი ექვსი ცეცხლოვანი თვალივით იმზირებოდა. მოცახცახე ჩრდილებსა და მოწითალო ათინათებში გახვეული ხოძია ხელებს ბერიკაცისკენ იწვდიდა და რაღაცას ემუდარებოდა.       გაიარა საათმა, კიდევ ერთმა საათმა. ღუმლის კარის ექვსი ნახვრეტი დაბრმავდა, გამოღებული სარკმლისკენ შავი, ტკბილი კვამლი მიიწევდა. კარს ზემოთ ღრიჭო ძონძებით იყო გამოჭედილი, ხოლო გასაღების ნახვრეტი ჭუჭყიანი ცვილით ამოგოზილი. სპირტქურის წვრილი, მოლურჯო ალი იატაკზე თრთოდა. ხოძიას ქურქი სპირტქურასთან გაეშალა და ცალ გვერდზე მოსწოლოდა, ხელში ნახევარი არშინის სიგრძეზე ჩიბუხი ეჭირა. ჩიბუხზე ფეხებგაფარჩხული დრაკონ-ხვლიკი იყო ამოჩუქურთმებული, ხოლო ოქროსფრად მოელვარე სპილენძის ბუნიკში შავი ბურთულა მეწამული წერტილივით დნებოდა. სპირტქურას მეორე მხრიდან ბებერი ჩინელი მოსწოლოდა. იატაკზე დაფხრეწილი საბანი გაეშალა, ხელში ისეთივე ყვითელი ჩიბუხი ეჭირა. მის გარშემო, როგორც ხოძიას ირგვლივ, შავი კვამლი იბოლქვებოდა, დნებოდა და სარკმლისკენ მიიწევდა.       გათენებისას იატაკზე, ოდნავ მბჟუტავი ალის გვერდით, ბუნდოვნად მოჩანდა მოყვითალო-მოშავო კბილთა ორი რიგი. ბერიკაცი სად იყო, არავინ უწყოდა. ხოძია კი უზარმაზარი საათის ქვემოთ ბროლის დარბაზში ცხოვრობდა. საათი ყოველ წუთში აწკრიალდებოდა, როგორც კი ოქროს ისარი წრეს შემოირბენდა. საათის წკრიალს ბროლის დარბაზში სიცილი მოჰყვებოდა და ძალზე მხიარული ლენინი გამოჩნდებოდა. ლენინს ყვითელი კოფთა ეცვა, ხელში უზარმაზარი, პირგამართული, მოელვარე ცელი ეჭირა, თავზე ღილდაკერებული ქუდი ეხურა. იგი ქანქარა ისარს ჩაეჭიდებოდა და მარჯვნივ გააქანებდა – მაშინ საათი მარცხნივ აწკრიალდებოდა, ხოლო როცა მარცხნივ გააქანებდა, ზარები მარჯვნივ აწკრიალდებოდა. ლენინი ზარების რეკვას როცა მორჩებოდა, ხოძიას ხელს მოჰკიდებდა, აივანზე გაიყვანდა და წითელ არმიას აჩვენებდა. ბროლის დარბაზში ცხოვრებას რა სჯობდა – თბილოდა, თან ნასტკასაც ხედავდა. მზეთუნახავი ნასტკა ბროლის სარკეზე მიაბიჯებდა, ქოშები ეცვა და ისეთი პატარა ფეხები ჰქონდა, კაცს მუჭაში ჩაეტეოდა. ნასტკას არამზადა, მკვლელი და ბანდიტი დარბაზში შემოძრომას აპირებდა, ხელში ფინური დანა ეჭირა, მაგრამ გოლიათივით შემზარავი და მამაცი ხოძია წამოდგა, პირფართო მახვილი მოუქნია და თავი წააგდებინა. თავი აივნიდან ჩაგორდა, ხოძიამ კი თავმოკვეთილ გვამს ხელი წამოავლო, მოიქნია და თავს კვალდაკვალ მიაყოლა. მთელმა ქვეყნიერებამ მოისვენა და გაიხარა, რადგან ის არამზადა დანამომარჯვებული ვეღარ იწანწალებდა. ლენინმა ხოძიას დასაჯილდოებლად ზარებით მქუხარე ჰანგი დასჭექა და მკერდზე ბრილიანტის ვარსკვლავი ჩამოჰკიდა. ზარები ისევ აწკრიალდა და იქამდე წკრიალებდა, სანამ ბროლის იატაკზე გაოლიანის ოქროსფერი ტევრი არ ამოიზარდა; თავს ზემოთ მცხუნვარე, მრგვალი მზე გაბრწყინდა, ტოტებგაშლილი მუხა მოჩუქურთმებულ ჩრდილს ჰფენდა, მუხის იქიდან დედა მოდიოდა, მხრეულზე ვედროები ეკიდა და ყინულივით ცივი წყალი მოჰქონდა. III - სიზმრები გაქრა, სინამდვილე დაბრუნდა       არავინ იცის, შემდგომ ოთხ დღეს ორსართულიან სახლში რა ხდებოდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მეხუთე დღეს ხუთიოდე წლით მობერებული ხოძია ატალახებულ ქუჩაში გამოვიდა, ოღონდ ქურქი აღარ ეცვა, ზურგზე ტომარა ჰქონდა მოხურული. აღარც საუცხოო მაღალყელიანი ფეხსაცმელი ემოსა, ფეხები მოწითალო ჯღანებში წაეყო. ჯღანებიდან სადაფისფერფრჩხილიანი, დიდრონი, წითელი თითები მოუჩანდა. ქუჩის კუთხეში გადაბრეცილ ფარანთან რუხ ცას თვალები ჩააშტერა, ხელი ჩაიქნია და ვიოლინოსავით ჩამღერა:       – წითელი...       მერე გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. IV - ჩინელი ქამრადი       ორი დღის შემდეგ ხოძია მრავალთაღიან უზარმაზარ დარბაზში ფიცარნაგზე იჯდა, ჯღანებიანი ფეხები ძირს ჩამოეკიდა, თავად თითქოს ბელეტაჟში იყო, ხოლო პარტერი ულვაშიანსა და უულვაშო თავებს გაევსო. ყველას წვეტიანი ქუდი ეხურა და ზედ უზარმაზარი წითელი ვარსკვლავი ჰქონდა მიკერებული. ხოძია ვარსკვლავიანთა სახეებს დიდხანს დასცქეროდა, ბოლოს იგრძნო, რომ ყურადღებაზე პასუხი რაიმეთი უსათუოდ უნდა გამოეხატა, თავდაპირველად ზაფრანისფერ სახეზე თავისი საუკეთესო ღიმილი გამოსახა, შემდეგ წვრილ ხმაზე წამღერებით თქვა ყველაფერი, რაც მრგვალი მზიდან ზარებიანი საათის მქონე დედაქალაქამდე შემზარავი გადარბენისას დაისწავლა:       – პური... ვაგონო, შეუშვი... წითელი... კიტაი-სა – მერე სამი სიტყვა დააყოლა, რომელთა შეთავსება სასწაულებრივი ეფექტის მქონე გასაოცარ კომბინაციას იძლეოდა. ხოძიამ გამოცდილებით იცოდა, რომ ამ კომბინაციას თბილანა ვაგონის კარის გაღება შეეძლო, მაგრამ ასევე შეეძლო, ჩინელის გადახოტრილ თავზე მუშტების საშინელი ბაგუნიც გამოეწვია. ქალები ამ სიტყვების გაგონებაზე გარბოდნენ, ხოლო კაცები ძალზე სხვადასხვაგვარად იქცეოდნენ: ზოგი პურს აძლევდა, ზოგიც საცემრად მოიწევდა. ამჯერად სასიხარულო შედეგი იქონია. თაღებიან დარბაზში სიცილის მქუხარე ტალღა აგორდა და ჭერამდე ავარდა. ხოძიამ პირველ დაქუხებას შეთქმულების ოდნავი ელფერით შეხამებული № 2 ღიმილით უპასუხა და სამი სიტყვა გაიმეორა. ამის შემდეგ ეგონა, დავყრუვდებიო. გუგუნი გამყინავმა ხმამ გაკვეთა:       – ვანია! აქ მოდი! მოხალისე ჩინელი, ნახე, დედას რა მაგრად იგინება!       ხოძიას ირგვლივ ჩოჩქოლებდნენ, მერე ერთბაშად მისცეს წეკო, პური და თუნუქის ტოლჩით მღვრიე ჩაი. ხოძიამ კბილებში მოხრაშუნე სამი ნატეხი პური თვალის დახამხამებაში გააფთრებით შესანსლა, ჩაი დალია და წეკო ხარბად გააბოლა. შემდეგ ხოძია ვიღაცა მწვანე გიმნასტურიანი კაცის წინაშე წარდგა. საბეჭდი მანქანის გვერდით, გატეხილთალფაქიანი ლამპის ქვეშ მჯდარმა კაცმა ხოძია კეთილგანწყობით შეათვალიერა და კარში თავშემორგულს გასძახა:       – ამხანაგებო, ცნობისმოყვარეობა დაიოკეთ. ჩვეულებრივი ჩინელია...       თავშემორგული გაქრა თუ არა, უჯრიდან ქაღალდი ამოიღო, კალამი მოიმარჯვა და ხოძიას ჰკითხა:       – სახელი? მამის სახელი და გვარი?       ხოძიამ პასუხად გაიღიმა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. გიმნასტურიან კაცს სახეზე დაბნეულობა აღებეჭდა.       – რაო, ამხანაგო, რუსული არ იცი? ჰა? რა გქვია? – მან თითი ხოძიასკენ გააქნია, – სახელი? ჩინელი ხარ?       – კიტაი-სა... – ჩაიმღერა ხოძიამ.       – ჰო! ჰო! ჩინელი რომ ხარ, ეს გავიგე, მაგრამ რა გქვია, ქამრად? ჰა? – ხოძიას სახე ღიმილმა გაუბადრა. კუჭი პურსა და ჩაის ინელებდა და სასიამოვნოდ თენთავდა.       – აი, ხათაბალა, – ჩაიბურტყუნა მწვანეგიმნასტურიანმა და მარცხენა წარბი ბრაზიანად მოიფხანა.       მერე დაფიქრდა, ხოძიას ახედ-დახედა, ქაღალდი უჯრაში ჩადო და დამშვიდებულმა თქვა:       – ახლა სამხედრო კომისარი მოვა და მაშინ შევავსებთ. V - ვირტუოზი! ვირტუოზი!       ორი თვე გავიდა. ჰოდა, როცა ცა რუხი ფერის ნაცვლად მტრედისფრად დაიფერა და ზედ კრემისფერი, გაფიჟვინებული ღრუბლები აცურდა, უკვე ყველამ იცოდა, როგორც ფრანც ლისტი იყო დაბადებული იმისათვის, რათა როიალზე შემზარავი რაფსოდიები დაეკრა, ხოძია სენ-ზინ-პო ამ ქვეყანას იმიტომ მოევლინა, რომ ტყვიამფრქვევიდან ესროლა. თავდაპირველად ბუნდოვანი ხმები გავრცელდა, შემდგომ ეს ხმები გაიბერა, ლეგენდებად იქცა და სენ-ზინ-პო დიდებით შემოსა. იმით დაიწყო, რომ თქვეს, ჩინელმა ძროხა სროლით შუაზე გადაჭრაო, და იმით დასრულდა, რომ პოლკებში ლაპარაკობდნენ, ხოძია ტყვიამფრქვევით ორი ათას ნაბიჯზე თავებს ასხეპავსო. თავებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ასპროცენტიანი მოხვედრება ნამდვილად ჰქონდა. აზრი გაჩნდა, 100 არამყარი და პირობითია, იქნებ 105 იყოსო? ირიბჭრილიან აქატისფერ თვალებში დაბადებითვე საუცხოო სამიზნე პანორამა იჯდა, სხვაგვარად ასეთი სროლის ახსნა შეუძლებელი გახლდათ.       სასროლეთზე უზარმაზარი მანქანით მოვიდა რუხმაზარიანი, ფუმფულაულვაშებიანი მედიდური კაცი. იგი დურბინდმომარჯვებული იდგა და ხოძიას სროლას ცნობისმოყვარედ აკვირდებოდა. ხოძია შორეთს თვალებმოჭუტული ჩაშტერებოდა, აგრიალებული „მაქსიმის“ სახელურებს აწვებოდა და კორდს ისე ცელავდა, როგორც დედაკაცი ყანას მკის.       – ეშმაკმა უწყის, მართლა საკვირველი ამბავია! ასეთ რამეს პირველად ვხედავ, – თქვა ფუმფულაულვაშიანმა, როცა გავარვარებული „მაქსიმი“ დადუმდა, მერე ხოძიას მიუბრუნდა და თვალებმომცინარემ უთხრა: – ვირტუოზი ხარ!       – ვირტუ-ზი... – უპასუხა ხოძიამ და ჩინურ ანგელოზს დაემგვანა.       ერთი კვირის შემდეგ პოლკის მეთაურმა მეტყვიამფრქვევეთა რაზმის მეთაურს ბოხი ხმით უთხრა:       – ნამდვილი მამაძაღლია! – მერე მხრები აღფრთოვანებით აიჩეჩა, სენ-ზინ-პოსკენ შეტრიალდა და დაუმატა: – ამას პრემია უნდა ვაძლიოთ.       – პრე-მი... აძლიო, აძლიო, – უპასუხა ხოძიამ და მოყვითალო ნათება დააფრქვია.       მეთაურმა როგორც კასრიდან, ისე ამოიგრგვინა და მეტყვიამფრქვევეებმა მქუხარე ხმით უპასუხეს. იმავე საღამოს კანცელარიაში, ჩამტვრეული ტიტის ქვეშ მჯდარმა გიმნასტურიანმა კაცმა პოლკის მეთაურს მოახსენა, ქაღალდი მოვიდა, ხოძია ინტერნაციონალურ პოლკში გადაგზავნეთო. მეთაურს სახეზე სისხლი მოაწვა და წამოჭარხლებულმა ჩაიბუხუნა:       – კიდევ რა უნდათ? – თანაც უზარმაზარი, ბალნიანი თითი მოკაკვა და ბრაწი აჩვენა. გიმნასტურიანი კაცი უმალვე შეუდგა წერილის შავად წერას. წერილი ამ სიტყვებით იწყებოდა: „რკინის პოლკის მეტყვიამფრქვევე სენ-ზინ-პო პოლკის სიამაყე და ვირტუოზია...“ VI - ბრწყინვალე დებიუტი       ერთი თვე გავიდა, ცაზე პაწაწკინტელა ღრუბელიც კი არსად ჩანდა, თავს ზემოთ მცხუნვარე მზე იდგა. ორი ვერსის იქით, ტყის პირას ჩაყოლებული ლურჯი წარაფებიდან სამხედრო ჭექა-ქუხილისმაგვარი გრგვინვა-გრიალი მოისმა, ხოლო მარცხენა მხარეს რკინის პოლკი უკან იხევდა, გამშრალ მიწაზე სწრაფად მიაბიჯებდა. მხრებზე ლენტებგადაკიდებული ხოძია დამრეც ფერდობზე იდგა ცხვირწვეტა ტყვიამფრქვევის გვერდით. სახეზე ჩაფიქრება ეხატებოდა. დროდადრო ცას ასცქეროდა, მერე წარაფებს აკვირდებოდა, ხანაც თავს გვერდზე მიატრიალებდა და ნაცნობ მეტყვიამფრქვევეს ხედავდა. მისი თავი და მკერდზე გამონასკვული წითელი ბაფთა ორმოციოდე ნაბიჯის იქით ბუჩქებში გაკრთებოდა ხოლმე. მეტყვიამფრქვევეს წამით გახედავდა, მერე თვალებმოჭუტული კვლავ მზეს აცქერდებოდა, მზისგან გაფიცხებულ ქუდს შუბლზე აიწევდა, ოფლს მოიწმენდდა და იცდიდა, ჭახაჭუხს რა მოჰყვებოდა.       ცდა დიდხანს არ დასჭირვებია. შორს, ლურჯ წარაფებში, შავი მწკრივები გამოჩნდა. ეს მწკრივები ხან მიწას გაერთხმებოდა, ხან წამოიმართებოდა, თანდათან ფართოვდებოდა, ხშირდებოდა და ბორცვის ფერდობს უახლოვდებოდა. ხოძიას უკან და მარცხნივ რკინის პოლკმა გააფთრებული გრგვინვა-ქუხილი უფრო გაახშირა. ხოძიას ზურგს უკან გამკივანმა შეძახილმა მთელ ბორცვს გადაუარა:       – ცე-ცხლი!       ბაფთიანმა მეტყვიამფრქვევემ ბუჩქებში ტყვიამფრქვევი უმალ ააკაკანა. ამ ხმას სადღაც მარცხნივ სხვა ხმაც აჰყვა და წამომართული მწკრივის წინ მიწიდან მტვრის ბურუსი ავარდა. ხოძია ტყვიამფრქვევთან მარჯვედ ჩაჯდა, ვირტუოზული ყვითელი ხელები სახელურებს ჩასჭიდა, ლულა ერთხანს უხმოდ ოდნავ მიატრიალ-მოატრიალა, მერე მოკლე-მოკლედ ააკაკანა, შეჩერდა... ისევ ააკაკანა და უცებ გამაყრუებელი გაბმული ჭახჭახით შემზარავი რაფსოდია ააჟღერა. გავარვარებულმა ტყვიებმა მწკრივი ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე რამდენიმე წამში გალოკ-გამოლოკა. მწკრივი მიწას განერთხა, ისევ წამოიმართა, ალაგ-ალაგ დაწყდა და დაიმსხვრა. უკან აღფრთოვანებული, ჩახლეჩილი ხმა გაისმა:       – ხოძია! მოცელე! ცეცხლი! ცე-ცხლი!       ხოძიამ მტვერსა და ბურუსში მეორე მწკრივისკენ ტყვიების განუწყვეტი თქეში მიმართა. ამ დროს მარჯვნივ, შორს, მიწიდან მუქი ზოლები ამოიზიდა და მათ გასწვრივ მტვრის სვეტები ავარდა. ბორცვის ფერდობს განგაშის უხილავმა ელვამ ჩაურბინა. ჩახრინწული ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტად გაისმა:       – მოიერიშე კავალერიისკენ...       გუგუნმა მიწა ხოძიამდე შეარყია. მუქი ზოლები საშინელი სისწრაფით ახლოვდებოდა. ამ დროს, როცა ხოძია ტყვიამფრქვევს მარჯვნივ ატრიალებდა, მის თავს ზემოთ ჰაერი მკრთალმა შუქმა გაკვეთა. და იგი რაღაცამ მკერდით სახელურებზე მიანარცხა. ხოძია ვეღარაფერს ხედავდა.       როცა მზე ხელახლა შეიგრძნო, მის წინ ბურუსიდან ტყვიამფრქვევი და გათელილი ბალახი ამოცურდა; ირგვლივ ყოველივე დაიმსხვრა და სადღაც გაფრინდა. უკან, პოლკში, ცეცხლი ჭახანით კანტიკუნტად გაიკვესებდა და გაქრებოდა. ხოძია მკერდში ისეთ მწვავე ტკივილს გრძნობდა, ძლივსღა სუნთქავდა, თავი შეატრიალა და დაინახა, რომ მტვრის ღრუბელში გახვეული მხედრები ელვისებურად მიექანებოდნენ იქით, სადაც რკინის პოლკი ისროდა, და სადაცაა, დააცხრებოდნენ. მარჯვნივ მეტყვიამფრქვევე გამქრალიყო. მწვანეტანსაცმლიანთა მწკრივები აღმართზე ამორბოდნენ. სირბილით მომავლებს სამხრეები ოქროსფრად უბრწყინავდათ. ისინი ყოველ წამს მატულობდნენ და ხოძია უკვე მათ სპილენძისფერ სახეებსაც ხედავდა. ხოძიამ ტკივილისგან დაიწრიპინა, დაბნეულად მიმოიხედა, სახელურებს ჩაეჭიდა და ტყვიამფრქვევი ააგრიალა. სახეები და ოქროსფერი სამხრეები ბალახში ჩაემხო. სამაგიეროდ, ახლა მარჯვნივ წამოიმართნენ და ხოძიასკენ გამოექანნენ. გვერდით მეტყვიამფრქვევეთა ოცეულის მეთაური გამოჩნდა. ხოძიამ ერთ წამს თვალი ბუნდოვნად მოჰკრა, რომ მას მარცხენა სახელოდან სისხლი ჩამოსდიოდა. მეთაურს ხოძიასთვის აღარაფერი დაუყვირია. ფეხზე წამოიმართა, მარჯვენა ხელი წინ გაიწოდა და მომხდურებს სროლა აუტეხა. მერე განცვიფრებული ხოძიას თვალწინ მაუზერის ლულა პირში ჩაიდო და გაისროლა. ხოძია წამით დუმდა, მერე კი ტყვიამფრქვევი კვლავ ააგრიალა.       შაშხანამომარჯვებულმა, სირბილისგან სულშეხუთულმა, სპილენძისფერსახიანმა იუნკერმა მწკრივს გამოასწრო. იგი ხოძიასკენ მარჯვნიდან მოისწრაფოდა.       – ტყვიამფრქვევს ხელი უშვი... წყეულო ჩინელო!!! – ხრიალებდა იგი. ტუჩებზე ქაფი ებუშტებოდა, – დაგვნებდი.       – დაგვნებდი!!! – ღრიალებდნენ მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც, ოქროსფერი სამხრეები და წვეტიანი ხიშტები უკვე ფერდობის კიდეზე ათამაშდა. ა-რ-რა-პა-პა! – ტყვიამფრქვევმა უკანასკნელად წაიმღერა და ერთბაშად დადუმდა. ხოძია წამოდგა, ნებისყოფის დაძაბვით ჩაიხშო მკერდის ტკივილი და ავისმომასწავებელი გრძნობა, რამაც გული უეცრად შეუკუმშა. უკანასკნელ წამს მის თვალწინ სასწაულებრივად გაიელვა მცხუნვარე მზის ქვეშ დამსკდარმა მიწამ, ნაჩუქურთმევმა ჩრდილმა და ოქროსფერი გაოლიანის ტევრმა. შინისკენ, შინისკენ უნდა გასწიოს. ხოძიამ ტკივილი დათრგუნა, ირიბ სახეზე სხივმფინარე ღიმილი აიყვავილა და თუმცა უკვე გრძნობდა, რომ იმედი ქრებოდა, თვალები ცისკენ აღაპყრო და მაინც თქვა:       – პრემი... წითელი ვირტუოზი... აძლიო! აძლიო!       გოლიათმა სპილენძისფერ-წითელმა იუნკერმა ხიშტი მძლავრად გამოაქანა და ყელში ისე ატაკა, რომ ხერხემალი შეუმტვრია. ოქროსისრებიანმა შავმა საათმა სპილენძის მჟღერი ზარებით ჰანგის ჩამოწკრიალება მოასწრო და ხოძიას ირგვლივ ბროლის დარბაზი აელვარდა. ამ დარბაზში ვერავითარი ტკივილი ვერ შეაღწევდა. ტკივილგაყუჩებული, მშვიდი, სახეზე ღიმილშეყინული ხოძია ვერ გრძნობდა, იუნკერები ხიშტებით როგორ ჩხვლეტდნენ. მიხაილ ბულგაკოვი …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 3:43pm on ოქტომბერი 3, 2020
პოსტი: ლიტურგიკის საკითხების კონსპექტი

მოკლე კონსპექტი ლიტურგიკაში სამების ჯგუფისთვის

2. ეკლესიის საიდუმლოებები …



დაამატა ana gumberidze at 12:57am on აპრილი 25, 2013
თემა: მიხაილ ბულგაკოვი - მორფი
იხსენებ! ჩემს თავზე თუ მოგახსენებთ, როგორც ახლა გამოირკვა, ბედნიერი თურმე 1917 წლის ზამთარში ვყოფილვარ. ო, რა დაუვიწყარი, ქარბუქიანი, დაუდეგარი წელი იყო! ამოვარდნილმა ქარბუქმა დახეული გაზეთივით ამიტაცა და მიყრუებული უბნიდან სამაზრო ქალაქში გადამაგდო. იფიქრებთ, დიდი რამეც სამაზრო ქალაქიაო! მაგრამ თუ ვინმე წელიწად-ნახევრის მანძილზე ჩემსავით მჯდარა ზამთრობით თოვლში, ზაფხულობით პირქუშსა და უღიმღამო ტყეებში, ისე, რომ იქაურობას ერთი დღითაც არ მოსცილებია, თუ ვინმეს ერთი კვირის წინანდელი გაზეთის ბანდეროლი ისეთი გულისძგერით გაუხევია, როგორც ბედნიერი შეყვარებული ცისფერ კონვერტს გახევს, თუ ვინმეს დაწალიკებით ცხენშებმული მარხილით მშობიარესთან 18 ვერსზე უვლია, ის, ალბათ, მიმიხვდება. ნავთის ლამპა მყუდროების მომნიჭებელია, მაგრამ მაინც ელექტრონათურები მირჩევნია! ჰოდა, მომხიბლავი ელექტრონათურები ისევ ვიხილე! აი, გლეხის მარხილებით კარგად გატკეპნილი მთავარი ქუჩა პატარა ქალაქისა, ქუჩა, სადაც თვალს ახარებდა ჩექმიანი აბრა, ოქროსფერი კრენდელი, წითელი დროშები, ფირნიში, რაზედაც გამოსახული გახლდათ ღორისთვალება, თავხედურად მომზირალი ახალგაზრდა კაცი, არაბუნებრივი თმის ვარცხნილობა რომ ჰქონდა. ეს ფირნიში გაუწყებდათ, რომ მინის კარს იქით ბრძანდებოდა იქაური ბაზილი, ვინც 30 კაპიკად გაგპარსავდათ, როცა მოისურვებდით, სადღესასწაულო დღეების გარდა, რაც ჩემს მამულში ასე უხვადაა.        აქამდე ძრწოლით ვიგონებ ბაზილის ხელსახოცებს. ამ ხელსახოცების დანახვისას უსათუოდ თვალწინ წარმომიდგებოდა კანის დაავადებათა გერმანული სახელმძღვანელოს ის გვერდი, სადაც დამაჯერებლად და თვალსაჩინოდ იყო გამოსახული მაგარი შანკრი ვიღაც კაცის ნიკაპზე. მაგრამ ჩემს მოგონებებს ჩრდილი ამ ხელსახოცების გახსენებამაც ვერ მიაყენა! გზაჯვარედინზე ცოცხალი მილიციელი იდგა, დამტვერილ ვიტრინებში ბუნდოვნად მოჩანდა რკინის ფირფიტებზე მჭიდროდ ჩამაგრებული წითურკრემიანი ღვეზლები, მოედანს თივა ეფინებოდა, ხალხი მიმოდიოდა ფეხით, ცხენებით, მარხილებით, ისმოდა ქუჩაში მყოფთა ლაპარაკი, ჯიხურში გასაოცარი ცნობების მაუწყებელი, გუშინდელი მოსკოვური გაზეთები იყიდებოდა, შორიახლოს მოსკოვის მატარებლების სტვენა გაისმოდა. მოკლედ, ეს გახლდათ ცივილიზაცია, ბაბილონი, ნევის პროსპექტი. საავადმყოფოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იქ იყო ქირურგიული, თერაპევტიული, გადამდებ სნეულებათა და სამეანო განყოფილებები. საავადმყოფოში იყო საოპერაციო, სადაც ელავდა ავტოკლავი, ვერცხლისფრად ბრწყინავდა ონკანები, მაგიდებს მოუჩანდა ეშმაკურად მოწყობილი თათები, კბილები, ხრახნები. საავადმყოფოს ჰყავდა მთავარი ექიმი, სამი ორდინატორი (ჩემ გარდა), ფერშლები, მეანები, მომვლელები, იყო აფთიაქი და ლაბორატორია. წარმოგიდგენიათ, ლაბორატორია! ლაბორატორიაში ცეისის მიკროსკოპები და მიკროსკოპებისთვის საჭირო საღებავების მშვენიერი მარაგი. მე ვკრთებოდი და ჟრუანტელი მივლიდა, შთაბეჭდილებები მთრგუნავდა. მრავალმა დღემ გაიარა, სანამ მივეჩვეოდი, საავადმყოფოს ერთსართულიანი კორპუსები, დეკემბრის ბინდბუნდში, თითქოს ბრძანებას დამორჩილებულნი, ელექტროშუქით ერთბაშად რომ გაჩახჩახდებოდა ხოლმე. ელექტროშუქი მაბრმავებდა. აბაზანებში წყალი ბობოქრობდა და თქრიალებდა, შიგ ამოთხუპნული ხის თერმომეტრები ყვინთავდა და დაცურავდა. გადამდები სნეულებების ბავშვთა განყოფილებაში მთელ დღეს კვნესა, შესაბრალისი ტირილი, ხიხინ-ბუყბუყი გაისმოდა. მომვლელი ქალები გარბი-გამორბოდნენ, მიმოქროდნენ... გულიდან მძიმე ტვირთი მომცილდა. ამქვეყნად რაც უნდა მომხდარიყო, საბედისწერო პასუხისმგებლობა მე აღარ მეკისრებოდა.        ჩემი საზრუნავი არ იყო ჩაჭედილი თიაქარი, არ ვკრთებოდი, როცა ირიბად მდებარე ნაყოფის მქონე მშობიარეს მარხილით მოიყვანდნენ, მე არ მეხებოდა ჩირქოვანი პლევრიტები, რასაც ოპერაცია სჭირდებოდა... პირველად ვგრძნობდი თავს ისეთ კაცად, ვისი პასუხისმგებლობაც რაღაც ჩარჩოთია შემოფარგლული. მშობიარე? აგერ, გეთაყვა, დაბალი კორპუსი, აგერ, განაპირა ფანჯარა, თეთრი მარლა რომ აქვს ჩამოფარებული. იქ გახლავთ სიმპათიური, მსუქანი, ჟღალულვაშა, მელოტი მეანი ექიმი. ეს მისი საქმეა. მარხილი მარლაჩამოფარებული ფანჯრისკენ მიატრიალეთ! გართულებული მოტეხილობა მთავარი ექიმის – ქირურგის მოვალეობაა. ფილტვების ანთება? თერაპიულ განყოფილებაში პაველ ვლადიმიროვიჩს მიაკითხეთ. ოჰ, დიდი საავადმყოფოს ზუსტად გამართულ-გაპოხილო დიდებულო მანქანავ! აპარატს მეც წინასწარ ზომააღებული ახალი ხრახნივით მოვერგე და საბავშვო განყოფილება ჩავიბარე. მთელი ჩემი დღეები დიფთერიტმა და ქუნთრუშამ ჩანთქა. მაგრამ მხოლოდ დღეები. ღამით ვიძინებდი, იმიტომ, რომ ჩემი ფანჯრების ქვემოთ ავისმომასწავებელი ღამეული ბრაგაბრუგი აღარ გაისმოდა, რასაც შეიძლებოდა წამოვეგდე და წყვდიადისკენ, ხიფათისა და გარდაუვალობისკენ წარვეგზავნე. საღამოობით ვკითხულობდი (პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიფთერიაზე და ქუნთრუშაზე, შემდეგ კი რატომღაც უცნაური ინტერესით ფენიმორ კუპერს) და ერთობ ფასი მიეცა მაგიდაზე მდგარ ლამპას, სამოვრის სადგარის მოთეთრო კიდეებს, შეგრილებულ ჩაის და წელიწად-ნახევრის მანძილზე უძილობის შემდეგ მოსვენებით ძილს... ასე ბედნიერი ვიყავი 17 წლის ზამთარში, როცა მიყრუებული ქარბუქიანი უბნიდან სამაზრო ქალაქში გადამიყვანეს. II        გაირბინა ერთმა თვემ, შემდეგ მეორემ და მესამემ, 17 წელი უკან დარჩა და უკვე 18 წლის თებერვალი მიედინებოდა. ჩემს ახალ ყოფას მივეჩვიე და შორეული უბანი თანდათან მიმავიწყდა. მეხსიერებაში წარიშალა მოსისინე, მწვანე ნავთის ლამპა, მარტოობა, ნამქერი... რა უმადურობაა! დავივიწყე ჩემი საბრალო პოსტი, სადაც მარტოდმარტო, ყოველგვარ შემწეობას მოკლებული ვებრძოდი სნეულებებს, საკუთარ ძალებს მინდობილი, ფენიმორ კუპერის გმირის მსგავსად თავს ვაღწევდი ყველაზე საოცარ ვითარებებს. ზოგჯერ, თუმცა იშვიათად, როცა ლოგინში ჩავწვებოდი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ახლა დავიძინებდი, დაბინდულ ცნობიერებაში ნაგლეჯ-ნაგლეჯი სურათები ამიცურდებოდა. მწვანე შუქი, მოციმციმე ფარანი... მარხილის ჭრიალი... ოდნავი კვნესა, შემდეგ წყვდიადი, მინდორში ქარბუქის მიყრუებული ღმუილი... მერე ყოველივე გვერდზე გადაბრიალდებოდა და ჩაინთქმებოდა... „საინტერესოა, ვინ არის ახლა იქ, ჩემ ნაცვლად?.. ვინმე, ალბათ, იქნება... ჩემნაირივე ახალგაზრდა ექიმი... მერე რა, მე ჩემი ყავლი მოვათავე. თებერვალი, მარტი, აპრილი... ჰა და ჰა, მაისი – ჰოდა, ჩემი სტაჟი დამთავრდება, მაშასადამე, მაისის გასულს ჩემს ბრწყინვალე ქალაქს გამოვეთხოვები და მოსკოვში დავბრუნდები. თუ რევოლუციის ტალღა გამიტაცებს, შესაძლოა, ხეტიალმა კიდევ მომიწიოს... ასეა თუ ისე, ჩემს უბანს თვალით ვეღარასოდეს ვნახავ... ვეღარასოდეს... დედაქალაქი... კლინიკა... ასფალტი, შუქი...“ ამას ვფიქრობდი. „...მაინც კარგია, იმ უბანზე რომ ვიყავი... გამბედავი გავხდი... აღარ მეშინია... რაღას არ ვმკურნალობდი?! მართლა, რა არ მიმკურნალია? ჰა? ფსიქიკური დაავადებანი არ მიმკურნალია... ასეა... არა, მოიცა... მაშინ აგრონომი არაყში თავს რომ იხრჩობდა... მე ვმკურნალობდი, მაგრამ საკმაოდ წარუმატებლად... თეთრი ცხელება... განა ფსიქიკური დაავადება არ არის? ფსიქიატრიის წაკითხვა დამჭირდება... მოიცა ერთი... მერე, როდისმე, მოსკოვში წავიკითხავ... ახლა კი პირველ რიგში ბავშვის სნეულებებს უნდა მივხედო... მხოლოდ ბავშვის სნეულებებს... განსაკუთრებით ამ კატორღულ საბავშვო რეცეპტურას... ფუ ეშმაკს... თუ, ვთქვათ, ბავშვი ათი წლისაა, რამდენი პირამიდონი შეიძლება მივცეთ ერთ ჯერზე: 0,1 თუ 0,15?.. დამავიწყდა. თუ სამი წლისაა?.. ბავშვის სნეულებების გარდა ვერაფერზე მოვიცლი... ვერაფერზე... კმარა სხვა რამეზე ტვინის გაცხელება! მშვიდობით, ჩემო უბანო!.. ეს უბანი ამ საღამოს მაინც რას გადამეკიდა?.. მწვანე შუქი... იმასთან ხომ ანგარიში სამუდამოდ გავასწორე... ჰოდა, კმარა... დავიძინოთ...“ . . . – წერილია... თქვენთან გამოუტანებიათ. – მომეცით. მომვლელი ქალი ჩემი ბინის წინკარში იდგა. გაცრეცილსაყელოიანი პალტო ბეჭდიანი თეთრი ხალათის ზემოდან მოეხურა. იაფფასიან ლურჯ კონვერტზე თოვლი დნებოდა. – მისაღებში დღეს თქვენ მორიგეობთ? – ვკითხე მთქნარებით. – დიახ. – არავინ მოუყვანიათ? – არა. – თუ ვინმე მოიყვანონ (მთქნარებამ პირი ლამის გამიხია და სიტყვებს უხეიროდ გამოვთქვამდი), მაშინვე დამიძახეთ... მე დაშაჯინებლად დავჭვები... – კარგი. შეიძლება, წავიდე? – ჰო, ჰო, წადით.        ქალი წავიდა. კარმა გაიწრიპინა, მე კი ფეხსაცმელების ფრატუნით საწოლი ოთახისკენ გავემართე, თან კონვერტი თითებით ირიბად, უხეიროდ ჩავფხრიწე. კონვერტში მოგრძო, დაჭმუჭნილი ბლანკი აღმოჩნდა, ჩემი უბნის, ჩემი საავადმყოფოს შტემპელი რომ ჰქონდა... დაუვიწყარი ბლანკი... ჩავიცინე. „საინტერესოა... მთელი საღამო ჩემს უბანზე ვფიქრობდი, ჰოდა, თავი თვითონ შემახსენა.... წინათგრძნობაა...“ შტემპელის ქვეშ ქიმიური ფანქრით რეცეპტი ეწერა. გაჯღაბნილ-გადახაზული ლათინური სიტყვების ამოკითხვა ჭირდა... – ვერაფერი გამიგია... უაზრო რეცეპტია... – ჩავიბუტბუტე და ერთ სიტყვას ჩავაშტერდი... Morphin... „რა არის ამ რეცეპტში უჩვეულო?.. ჰო... ოთხპროცენტიანი ხსნარი! მორფის ოთხპროცენტიან ხსნარს ვინ გამოწერს?.. რატომ?..“        ფურცელი გადავაბრუნე და მთქნარებამ გამიარა. ფურცლის მეორე გვერდზე დუნე ხელით გაფანტულად ეწერა: „1918 წლის 11 თებერვალი. ძვირფასო Collega! მომიტევეთ, ქაღალდის ნაგლეჯზე რომ ვწერ. ქაღალდი ხელთ არა მაქვს. ძალიან მძიმედ, ცუდად დავსნეულდი. შემწე არავინა მყავს და არც მინდა, რომ შემწეობა თქვენ გარდა ვინმესთან ვეძიო. მეორე თვეა, თქვენს ყოფილ უბანზე ვარ. ვიცი, რომ ქალაქში ხართ, აქედან არცთუ ისე შორს. უნივერსიტეტის წლებში ჩვენი მეგობრობის იმედით გთხოვთ, რაც შეიძლება, მალე ჩამოხვიდეთ. თუნდაც ერთი დღით, თუნდაც საათით. და თუ მეტყვით, რომ ჩემი მდგომარეობა უიმედოა, დაგიჯერებთ... იქნებ ჩემი გადარჩენა შეიძლებოდეს? იქნებ იმედი საიდანმე კიდევ გამოკრთეს? გთხოვთ, რასაცა გწერთ, არავის გააგებინოთ“. – მარია! ახლავე მისაღებში წადით და მორიგე მომვლელს დაუძახეთ... რა ჰქვია?.. დამავიწყდა... ერთი სიტყვით, მორიგეს, ვინც ახლა წერილი მომიტანა. სწრაფად! – ახლავე. ორიოდე წუთის შემდეგ მომვლელი ქალი ჩემ წინ იდგა. თოვლი ადნებოდა გაცრეცილ თექას, რითაც საყელო იყო შეკერილი. – წერილი ვინ მოიტანა? – არ ვიცი, წვერიანი იყო. თქვა, კოოპერატორი ვარ, ქალაქში მოვდიოდიო. – ჰმ... კარგი, წადით. არა, მოიცადეთ. ახლავე წერილს დავწერ და მთავარ ექიმთან გაგატანთ. გეთაყვა, პასუხიც მომიტანეთ. – კარგი. მთავარ ექიმს მივწერე: „1918 წლის 13 თებერვალი. პატივცემულო პაველ ილარიონოვიჩ. ახლახან ჩემი უნივერსიტეტელი ამხანაგის, ექიმ პოლიაკოვის წერილი მივიღე. იგი გორელიეში, ჩემს ყოფილ უბანშია მარტოდმარტო. ავად გამხდარა, ეტყობა, მძიმედაა. თავი მოვალედ მიმაჩნია, მასთან ჩავიდე. თუ ნებას მომცემთ, განყოფილებას ხვალ, ერთი დღით ექიმ რადოვიჩს ჩავაბარებ და პოლიაკოვთან წავალ. კაცი უმწეოდაა. პატივისცემით, ექიმი ბომგარდი“. მთავარი ექიმის საპასუხო წერილი: „პატივცემულო ვლადიმირ მიხაილოვიჩ, გაემგზავრეთ. პეტროვი“. საღამოთი რკინიგზის გზამკვლევი გადავსინჯე. გორელოემდე ჩასვლა ამგვარად შეიძლებოდა: ხვალ დღის ორ საათზე მოსკოვის საფოსტო მატარებელს გავყვებოდი, რკინიგზით 30 ვერსს გავივლიდი, სადგურში ჩამოვხტებოდი, იქიდან კი გორელოეს საავადმყოფომდე ოცდაორ ვერსს მარხილით გავივლიდი. „თუ გამიმართლა, გორელოეში ხვალ საღამოს ვიქნები, – ვფიქრობდი, როცა ლოგინში ვწვებოდი, – რით არის ავად? ტიფით, ფილტვების ანთებით? არც ერთით, არც მეორით... მაშინ უბრალოდ მომწერდა, ფილტვების ანთება დამემართაო. ეს კი ბუნდოვანი, ცოტა არ იყოს, ყალბი წერილია. მძიმედ, ცუდად დავსნეულდიო. რით, სიფილისით? ჰო, უეჭველად სიფილისით. შეძრწუნებულია... მალავს... ეშინია... მაგრამ სადგურიდან გორელოემდე ვისი ცხენებით წავალ? კარგ დღეში ჩავვარდები, სადგურში დაბინდებისას თუ ჩავალ, იქიდან წასვლას კი ვერ შევძლებ... არა, რაღაცას მოვახერხებ. სადგურზე ვიღაცას მოვნახავ და ცხენებს გამოვართმევ. დეპეშა ხომ არ გავუგზავნო, ცხენები რომ გამომიგზავნოს? აზრი არა აქვს! ჯერ მე ჩავალ და დეპეშა ერთი დღის შემდეგ მოვა... გორელოეში ხომ ვერ გადაფრინდება. სადგურში მანამდე იდება, სანამ ვინმეს იქით მიმავალს არ გაატანენ. ვიცი გორელოეს ამბავი, ვიცი, რა მიყრუებული ადგილიცაა“.        ბლანკზე მონაწერი ბარათი მაგიდაზე მედო და ლამპის შუქი ანათებდა. ლამპის გვერდით გულის შემაღონებელი უძილობის თანამგზავრი, ნამწვავებით აჯაგრული საფერფლე იდგა. დაჭმუჭნილ ზეწარზე ვტრიალებდი და გულში ბრაზი მეპარებოდა. წერილი უკვე მაღიზიანებდა. „მართლაცდა, თუ რაიმე მწვავე დაავადება არა აქვს და, ვთქვათ, სიფილისი სჭირს, აქ თვითონ რატომ არ ჩამოდის? ქარბუქში მე რატომ უნდა ვიწანწალო? ლუესისგან ერთ საღამოს ხომ ვერ განვკურნავ? ანდა საყლაპავი მილის კიბოსგან? რა კიბო, რის კიბო! ჩემზე ორი წლით უმცროსია, 25 წლისაა... „მძიმედ“... სარკომა? აბდაუბდაა, ისტერიკული წერილია. ასეთი წერილის მიმღებს, შეიძლება, შაკიკი დაემართოს... ნაღდად ასეა. საფეთქელთან ძარღვი გაგიშეშდება... დილით გაიღვიძებ და ტკივილი ძარღვს თხემისკენ აუყვება, ნახევარ თავს გაგიკავებს და საღამოთი პირამიდონი და კოფეინი უნდა ყლაპო. მარხილით ჯაყჯაყი და პირამიდონის ყლაპვა როგორი რამეა?! ფერშალს სამგზავრო ქურქი უნდა გამოვართვა, თორემ ჩემს პალტოში გავითოშები... რა უნდა სჭირდეს? იქნებ იმედი გამოკრთესო... ასეთ რამეს ექიმის სერიოზულ წერილში კი არა, რომანებში წერენ!.. სჯობია, დავიძინო და ამაზე აღარ ვიფიქრო. ხვალ ყველაფერი გაირკვევა. ხვალ“. ამომრთველი გადავატრიალე და ჩემი ოთახი უმალ წყვდიადმა შთანთქა. უნდა დავიძინო... ძარღვი მიბჟუის... მაგრამ უფლება არა მაქვს, აბდაუბდა წერილის გამო კაცზე გავბრაზდე, სანამ არ შევიტყობ, რა სჭირს. კაცი იტანჯება და უნდა, რომ თავისი წუხილი სხვას შეატყობინოს, ისე როგორც შეუძლია, როგორც ჰგონია... შაკიკის გამო, შეწუხების გამო, საკადრისი არ არის, კაცი თუნდაც გულში დაადანაშაულო... ეს წერილი ყალბი და რომანტიკული იქნებ სულაც არ არის. სერიოჟკა პავლოვი ორი წელია, რაც არ მინახავს, მაგრამ კარგად მახსოვს. ყოველთვის გონიერი იყო... მაშ რაღაც უბედურება დაემართა. ძარღვიც ცოტა დამიწყნარდა... ეტყობა, ძილი მიახლოვდება. ძილის მექანიზმი როგორია?... ფიზიოლოგიაში წავიკითხე... მაგრამ ბუნდოვანი იყო... ვერ გავიგე, ძილი რა არის... ტვინის უჯრედები როგორ იძინებს?! საიდუმლოდ გეუბნებით, ვერ გავიგე. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ფიზიოლოგიის შემდგენელი თავადაც ძალიან მტკიცედ თავდაჯერებული არ უნდა იყოს... ყველა თეორია ტოლფასია... აგერ სერიოჟკა პოლიაკოვი – ოქროსფერღილებიანი მწვანე ქურთუკი აცვია, თუთიის მაგიდასთან დგას, მაგიდაზე კი გვამია... ჰო... ეს უკვე სიზმარია... III        ტუკ, ტუკ, ტუკ... ბუხ, ბუხ, ბუხ... ჰო... ვინ? ვინ? რა?.. უჰ, აკაკუნებენ, დაწყევლოს ეშმაკმა, აკაკუნებენ... სადა ვარ? რას ვაკეთებ?.. რა ხდება? ჰო, ლოგინში ვწევარ... რატომ მაღვიძებენ? იმიტომ მაღვიძებენ, რომ მორიგე ვარ. ექიმო ბომგარდო, გაიღვიძეთ. მარია უკვე კარის გასაღებად მიდის ფეხების ფრატუნით. რომელი საათია? პირველის ნახევარი... ღამეა. ეტყობა, მხოლოდ ერთი საათი მეძინა. შაკიკი მაწუხებს? ჰო, მაწუხებს. კარზე ხმადაბლა მოაკაკუნეს. – რა მოხდა? სასადილო ოთახის კარი გამოვაღე. მომვლელი ქალის სახე სიბნელეში დავინახე, მაგრამ მაშინე შევამჩნიე, რომ გაფითრებული იყო, თვალები გაფართოებული და შეშფოთებული ჰქონდა. – ვინ მოიყვანეს? – გორელოეს უბნის ექიმი, – ხმამაღლა, ხიხინით მიპასუხა მომვლელმა ქალმა, – დაჭრილია. თავის მოკვლა უცდია. – პო-ლი-ა-კო-ვი? შეუძლებელია! პოლიაკოვი? – გვარი არ ვიცი. – ჰო, ჰო... ახლავე, ახლავე მოვდივარ. თქვენ კი მთავარ ექიმთან გაიქეცით და ამწუთასვე გააღვიძეთ. უთხარით, რომ სასწრაფოდ მისაღებში ვიწვევ. მომვლელი ქალი შეტრიალდა და თეთრი ლაქა უმალ თვალს მიეფარა. ორი წუთის შემდეგ პარმაღზე გასულს მშრალმა და მჩხვლეტავმა ქარბუქმა სახეზე ამიქროლა, პალტოს კალთები ამიფრიალა, შეშინებული სხეული გამიყინა. მიმღები ოთახის ფანჯრებში თეთრი, მოუსვენარი შუქი ბრიალებდა. პარმაღზე თოვლის კორიანტელში მთავარ ექიმს შევეჩეხე. ისიც იქით მიიჩქაროდა, სადაც მე მივდიოდი. – თქვენი ამხანაგია? პოლიაკოვი? – ხველებით მკითხა ქირურგმა. – ვერაფერი გამიგია, ეტყობა, ის არის, – ვუპასუხე და მისაღებში სწრაფად შევედით. სკამიდან ჩვენს შესახვედრად შეფუთნილი ქალი წამოდგა. ყავისფერი თავშლის ქვემოდან ნამტირალევი, ნაცნობი თვალები შემომაცქერდა და გორელოელი მეანი ქალი, გორელოეს საავადმყოფოში მშობიარეთა მოვლა-პატრონობისას ჩემი ერთგული თანაშემწე მარია ვლასიევნა ვიცანი. – პოლიაკოვია? – ვკითხე მას. – დიახ, – მიპასუხა მარია ვლასიევნამ, – რა საშინელებაა, ექიმო, მომყავდა და მთელი გზა შიშით ვკანკალებდი, ვაითუ, ცოცხალმა ვერ ჩააღწიოს-მეთქი. – ეს როდის მოხდა? – ამ დილას, გათენებისას, – ბუტბუტებდა მარია ვლასიევნა, – დარაჯმა მოირბინა და მითხრა, ექიმის ბინიდან სროლის ხმა გავიგონეო. ნათურა მაგიდას საძაგელ, მშფოთვარე შუქსა ჰფენდა. მაგიდაზე ექიმი პოლიაკოვი იწვა. მისი თექის ჩექმების უსიცოცხლო, თითქოს გაქვავებულ ქუსლებს შევხედე თუ არა, გულმა რეჩხი მიყო. პოლიაკოვს ქუდი მოვხადეთ. ერთმანეთზე შეწებებული სველი თმა გამოუჩნდა. ჩემი ხელები, მომვლელი ქალის ხელები, მარია ვლასიევნას ხელები პოლიაკოვის მკერდთან ერთმანეთში აირია, პალტოს შიგნიდან წითელ-ყვითელი, გადღაბნილი ლაქებით დაფარული თეთრი მარლა გამოვაცალეთ. პოლიაკოვს მკერდი სუსტად აუდ-ჩაუდიოდა. მე პულსი გავუსინჯე და შევკრთი. პულსი თითებქვეშ მეკარგებოდა, იჭიმებოდა და წვრილ-წვრილად ჩაკვანძული, დაძენძილი ძაფივით მალიმალ წყდებოდა. ქირურგის ხელი უკვე მხარზე მისწვდა და მკრთალი კანი თითებში მოიქცია, რომ ქაფური შეეშხაპუნებინა. ამ დროს დაჭრილმა ერთმანეთს მიწებებული ტუჩები გააპო და სისხლის ვარდისფერი ზოლი გამოაჩინა, მერე სუსტი ხმით ცივად თქვა: – ქაფური მომაშორეთ. ჯანდაბას... გალურჯებულ ტუჩებს ოდნავ ატოკებდა. – გაჩუმდით, – უთხრა ქირურგმა და ყვითელი ზეთი კანქვეშ შეუშხაპუნა. – უნდა ვივარაუდოთ, რომ გულის პარკუჭი დაზიანებული უნდა იყოს, – ჩაიჩურჩულა მარია ვლასიევნამ, მაგიდის კუთხეს ხელი მაგრად ჩასჭიდა და დაჭრილს ქუთუთოებში ჩააცქერდა (მას თვალები დახუჭული ჰქონდა). დაისის ჩრდილების მსგავსი ნაცრისფერ-იისფერი ხაზები ცხვირის აქეთ-იქით სულ უფრო მკაფიოდ ჩნდებოდა და ოფლის წვრილი, ვერცხლისწყლისნაირი სხურპლები ამ ჩრდილებს ნამივით დაასხდა. – რა რევოლვერი იყო? – იკითხა ქირურგმა და ცალი ლოყა შეატოკა. – ბრაუნინგი, – ამოიკნავლა მარია ვლასიევნამ. – ე-ეჰ, – თითქოს ბრაზით, თანაც სინანულით თქვა ქირურგმა, უეცრად ხელი ჩაიქნია და განზე გადგა. მე ვერაფერს მივხვდი და მისკენ შეშინებული შევტრიალდი. მხარს უკან ვიღაცის თვალებმა გაიელვა. ერთი ექიმი კიდევ მოვიდა. პოლიაკოვმა ტუჩები უცებ გვერდულად ისე შეატოკა, თითქოს ნამძინარევი კაცი აბეზარი ბუზის მოცილებას ცდილობსო, მერე ქვედა ყბა ისე შეარხია, თითქოს ყელში კოშტი გასჩხერია და ჩაყლაპვა უნდაო. ეჰ, ვისაც რევოლვერის ან თოფის საშინელი ჭრილობები უნახავს, იმისთვის ასეთი მოძრაობა კარგადაა ცნობილი! მარია ვლასიევნამ წარბები ავადმყოფურად შეჭმუხნა და ამოიოხრა. – ექიმ ბომგარდს მოუხმეთ, – ძლივს გასაგონად თქვა პოლიაკოვმა. – აქა ვარ, – ალერსიანად გაისმა ჩემი ჩურჩული მის ტუჩებთან ახლოს. – რვეულს თქვენ გიტოვებთ... – უფრო სუსტად ჩაიხიხინა პოლიაკოვმა. მერე თვალები გაახილა და ჭერისკენ აღაპყრო. თვალთა მუქი გუგები შუქით თითქოს შიგნიდან გაივსო, თვალების გარსი გამჭვირვალე, თითქოს ცისფერი შეიქნა, ზეაპყრობილი თვალები ისევე გაშეშდა, მერე აიმღვრა და წამიერი მშვენიერება გაქრა. ექიმი პოლიაკოვი მოკვდა. . . .        ღამეა. განთიადი ახლოვდება. ნათურა ძალიან მკაფიოდ ანათებს, იმიტომ, რომ ქალაქს სძინავს და ელექტროდენი ჭარბადაა. ყოველივე დუმს, ხოლო პოლიაკოვის სხეული სამლოცველოში ასვენია. ღამეა. თვალები კითხვისგან ჩაწითლებული მაქვს. მაგიდაზე გახსნილი კონვერტი და ფურცელი მიდევს. ფურცელზე წერია: „ძვირფასო ამხანაგო! აღარ გიცდით. მკურნალობა გადავიფიქრე. ეს უიმედოა. აღარც ის მინდა, რომ ვიტანჯო. საკმარისად ვეცადე. სხვებს ვაფრთხილებ: 25 წილ წყალში გახსნილ თეთრ კრისტალებს უფრთხილდით! ამ კრისტალებს ძალზე მივენდე და მათ დამღუპეს. ჩემს დღიურს საჩუქრად გიტოვებთ. ყოველთვის მაძიებელ და დოკუმენტების მოყვარულ კაცად მეჩვენებოდით. თუ დაინტერესდებით, ჩემი ავადმყოფობის ისტორია წაიკითხეთ. მშვიდობით. თქვენი ს. პოლიაკოვი“. შემდეგ მსხვილი ასოებით მინაწერი: „გთხოვთ, ჩემს სიკვდილში ნურავის დაადანაშაულებთ. ექიმი სერგეი პოლიაკოვი. 1918 წლის 13 თებერვალი“.        თვითმკვლელობის წერილის გვერდით მუშამბაგადაკრული საერთო რვეული მიდევს. წინა ფურცლები, რვეულის ნახევარი, ამოხეულია. დარჩენილ ნახევარში მოკლე ჩანაწერებია, თავიდან ფანქრით ანდა მელნით. ხელნაწერი მკაფიოა, ასოები – წვრილი. რვეულის ბოლოსკენ ქიმიური ფანქრითა და მსხვილი, წითელი ფანქრით ნაწერი დაუდევარია, ასოები მიბრეცილ-მობრეცილი, ბევრი სიტყვა შემოკლებული. IV        „...7 წლის1 20 იანვარი. ...ძალიან მიხარია, ღმერთს მადლობას ვწირავ: რაც უფრო მიყრუებულ ადგილას ვიქნები, მით უკეთესია. თვალით არავის დანახვა არ შემიძლია, აქ კი სნეული გლეხების გარდა ვერავის ვნახავ. ამათ კი ჩემს საწუხართან, აბა, რა ხელი აქვთ? თუმცა, ჩემზე უკეთესად არც დანარჩენები გაუნაწილებიათ ერობათა უბნებში. მთელი ჩემი გამოშვება ომში გაწვევას არ ექვემდებარებოდა (მეორე ჯგუფის მოლაშქრეთა 1916 წლის გამოშვება), ერობებში ჩამოარიგეს. თუმცა, ეს არავისთვის საინტერესო არ არის. ამხანაგებიდან მხოლოდ ივანოვისა და ბომგარდის ასავალ-დასავალი შევიტყვე. ივანოვს არხანგელსკის გუბერნია აურჩევია (გემოვნების ამბავია), ხოლო ბომგარდი, როგორც ფერშალმა მითხრა, ასეთივე მიყრუებულ უბანში, სამი მაზრის იქით, გორელოეში ყოფილა. მინდოდა, წერილი მიმეწერა, მაგრამ გადავიფიქრე. არც ნახვა მინდა ვინმესი და არც გაგონება. 21 იანვარი. ქარბუქია, ყველაფერი რიგზეა. 25 იანვარი. რა ნათელი დაისია. მიგრენინი – Antipirin, a, Coffein, a, Uac Citrin შენაერთი 1,0 ფხვნილი... 1,0 შეიძლება? შეიძლება. 3 თებერვალი.       დღეს გასული კვირის გაზეთები მივიღე. კითხვა არ დამიწყია, მაგრამ თეატრების განყოფილებისკენ თვალი მაინც გამექცა. „აიდა“ გასულ კვირაში მიდიოდა. მაშ ის სცენაზე გამოდიოდა და მღეროდა: „მოდი ჩემთან, მეგობარო...“ არაჩვეულებრივი ხმა აქვს. საოცარია: ბნელი სულის მქონე არსება ნათელი, ძლიერი ხმის პატრონია... (აქ დღიური წყდება, ორი თუ სამი ფურცელი ამოხეულია). ...ექიმო პოლიაკოვო, ეს, რა თქმა უნდა, უღირსი საქციელია. ასეთი სისულელე გიმნაზიელს თუ შეეფერება. განა შეიძლება, ქალი ქუჩურად ლანძღო იმის გამო, რომ მიგატოვა? არ უნდოდა შენთან ყოფნა და მიგატოვა. მორჩა და გათავდა. არსებითად, ყველაფერი ხომ მარტივადაა. ოპერის მომღერალი ქალი ახალგაზრდა ექიმს გადაეყარა, ერთი წელი მასთან გაატარა და მიატოვა. უნდა მოვკლა? ყველაფერი სისულელეა, უაზროა. უიმედოა! ფიქრი არ მინდა. არ მინდა... 11 თებერვალი.        ქარბუქი არა და არ თავდება... ქარბუქში ვარ ჩაკარგული! მთელ საღამოებს მარტოდმარტო ვატარებ. ლამპას ავანთებ და ვზივარ. დღისით ხალხს კიდევ ვხედავ. მაგრამ მექანიკურად ვმუშაობ. სამუშაოს შევეგუე. არც ისეთი საშიშია, როგორც ადრე მეგონა. თუმცა, ომის დროს ჰოსპიტალში ყოფნა ძალზე დამეხმარა. რაც უნდა იყოს, აქ არც ისეთი უვიცი მოვედი. დღეს პირველად გავაკეთე ბრუნის ოპერაცია. მაშ ასე, თოვლში სამი ადამიანი ვართ დამარხული: მე, ანა კირილოვნა – ფერშალ-მეანი და ფერშალი. ფერშალი ცოლიანია. ისინი (ფერშლების პერსონალი) ფლიგელში ცხოვრობენ. მე კი მარტო ვცხოვრობ. 15 თებერვალი.        წუხელ საინტერესო რამ დამემართა. დასაძინებლად დაწოლას ვაპირებდი, როცა მუცლის არეში ტკივილი ვიგრძენი. თანაც, როგორი! შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა. უნდა მოგახსენოთ, ჩვენი მედიცინა მაინც საეჭვო მეცნიერებაა. როცა კაცი კუჭ-ნაწლავის არავითარ დაავადებას არ უჩივის (მაგ. აპენდ.), ღვიძლიც საუკეთესო აქვს და თირკმლებიც, ვისი კუჭ-ნაწლავიც სავსებით ნორმალურად მოქმედებს, ღამით ისეთმა ტკივილმა რატომ უნდა შემოუტიოს, რომ მოკრუნჩხულმა საწოლზე იგორაოს? კვნესით მივაღწიე სამზარეულოს, სადაც მზარეული ქალი და მისი ქმარი ვლასი ღამეს ათევენ. ვლასი ანა კირილოვნასთან გავგზავნე. ანა კირილოვნა იძულებული შეიქნა ჩემთვის მორფი გაეკეთებინა. მითხრა, მთლად გამწვანებული იყავიო. რა დამემართა? ჩვენი ფერშალი არ მომწონს. ერთი უჟმური ვინმეა. ანა კირილოვნა კი ძალიან სანდომიანი, განვითარებული ქალია. საოცარია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი სრულიად მარტოდმარტო რანაირად ცხოვრობს ამ თოვლის სამარეში. მისი ქმარი გერმანელთა ტყვეობაშია. არ შემიძლია, ხოტბა არ შევასხა, ვინც ყაყაჩოდან მორფი პირველად მოიპოვა. იგი კაცობრიობის ჭეშმარიტი კეთილისმყოფელია. ნემსის გაკეთებიდან შვიდი წუთის შემდეგ ტკივილმა გამიარა. საინტერესოა, რომ ტკივილი უწყვეტ ტალღად, ყოველგვარი შუალედის გარეშე მიტევდა და სულს მიხუთავდა. თითქოს მუცელში გავარვარებული რკინა შემირჭვეს და მიტრიალებდნენ. ნემსის გაკეთებიდან ოთხი წუთის შემდეგ უკვე ვამჩნევდი, რომ ტკივილი ხან მიკლებდა, ხან მიმატებდა. კარგი იქნება, ექიმს საშუალება ჰქონდეს, მრავალი წამალი საკუთარ თავზე გამოცადოს. მასში სულ სხვანაირად გაიგებს, ეს წამლები როგორ მოქმედებს. ნემსის გაკეთების შემდეგ ღრმად და კარგად ბოლო თვეების მანძილზე პირველად მეძინა. ვინც მიღალატა, იმაზე აღარ ვფიქრობდი. 16 თებერვალი.        დღეს, მიღებაზე, ანა კირილოვნამ მკითხა, როგორა ხართო, და მითხრა, შუბლგახსნილი პირველად გნახეთ, სულ მოღუშული დადიხართო. – განა მე მოღუშული ვარ? – ძალიან, – დამაჯერებლად მიპასუხა მან და დაუმატა, მიკვირს, სულ ჩუმად რომ ხართო. – რა ვქნა, ასეთი ვარ. ადრე საღამოვდებოდა. ბინაში მარტო ვარ. დაბინდებისას ტკივილმა მომიარა, მაგრამ არც ისე ძლიერმა, გუშინდელის აჩრდილმა, სადღაც გულის კოვზს ქვემოთ. შემეშინდა, გუშინდელი შეტევა არ გამმეორებოდა და თეძოში ერთი სანტიგრამი მე თვითონ გავიკეთე. ტკივილმა თითქმის მყისვე გამიარა. კიდევ კარგი, ანა კირილოვნამ ერთი შუშა დამიტოვა. 18 თებერვალი. ოთხი ჩხვლეტა საშიში არ არის. 25 თებერვალი. ანა კირილოვნა უცნაური ვინმეა! თითქოს თავად ექიმი არ ვიყო. 1,5 შპრიცი=0,015 Morphin, დიახ. 1 მარტი.        ექიმო პოლიაკოვო, ფრთხილად! სისულელეა. ჩამობინდდა ორი კვირაა, რაც ჩემს მოღალატეზე ფიქრი აღარ დამბრუნებია. მისი ამნერისის პარტიის ჰანგმა მიმატოვა. ამით დიდად ვამაყობ. ვაჟკაცი ვარ. ანა კ. ჩემი მალული ცოლი გახდა. სხვა რამ მოსალოდნელი არც იყო. ჩვენ ხომ დაუსახლებელ კუნძულზე ვართ მომწყვდეულნი. თოვლი შეიცვალა, თითქოს მორუხო ფერი დაედო. ძლიერმა ყინვებმა გაიარა, მაგრამ ქარბუქი დროდადრო განახლდება ხოლმე. პირველი წუთი: კისერზე შეხების შეგრძნება. ეს შეხება თბილი ხდება და ფართოვდება. მეორე წუთში გულის კოვზთან უეცრად ცივი ტალღა ჩაირბენს, შემდეგ კი გონება არაჩვეულებრივად ნათდება და შრომისუნარიანობის აფეთქება იწყება. უსიამოვნო შეგრძნებანი აბსოლუტურად ქრება. ეს ადამიანის სულიერი ძალის გამოვლინების უმაღლესი წერტილია. სამედიცინო განათლებით წამხდარი რომ არ ვიყო, ვიტყოდი, რომ ადამიანს ნორმალურად მუშაობა მხოლოდ მორფის გაკეთების შემდეგ შეუძლია. მართლაც, კაცი, აბა, რისი მაქნისია, როცა უბრალო ნევრალგიაც კი თავგზას უბნევს: ანა კ. შიშობს. მე დავამშვიდე, ვუთხარი, ბავშვობიდანვე ნებისყოფის უზარმაზარი ძალით გამოვირჩეოდი-მეთქი. 2 მარტი.        რაღაც გრანდიოზული ხმები დაირხა. ამბობენ, ნიკოლოზ II ჩამოაგდესო. დასაძინებლად ძალიან ადრე ვწვები. ასე ცხრა საათზე. ტკბილად მძინავს. 10 მარტი.        იქ რევოლუცია ხდება. დღემ იმატა, საღამოს ბინდი კი თითქოს მომტრედისფრო გახდა. ასეთი სიზმრები გათენებისას არასოდეს მინახავს. ეს ორმაგი სიზმრებია.        ამასთან ერთად, ძირითადი სიზმარი, ასე ვთქვათ, მინისაა, გამჭვირვალეა. საძაგლად განათებულ რამპას ვხედავ, იქიდან შუქთა მრავალფერი ლენტი მოილტვის. ამნერისი მწვანე ბუმბულს არხევს და მღერის. ორკესტრი მართლა არამიწიერი, არაჩვეულებრივად სრულხმოვანია. თუმცაღა, ამის სიტყვით გამოხატვა არ ძალმიძს. ერთი სიტყვით, ნორმალურ სიზმარში მუსიკა უხმოა... (ნორმალურში? ეს კიდევ საკითხავია, რომელი სიზმარია ნორმალური? თუმცა, ვხუმრობ...) ჩემს სიზმარში კი ციური ხმებივით გაისმის. რაც მთავარია, შემიძლია, მუსიკა ჩემს ნებაზე გავაძლიერო ანდა შევასუსტო. გახსოვთ, „ომსა და მშვიდობაში“ აღწერილია, პეტია როსტოვმა ძილ-ღვიძლში ასეთივე რამ როგორ განიცადა. ლევ ტოლსტოი შესანიშნავი მწერალია! ახლა გამჭირვალობის თაობაზე; „აიდას“ მოლივლივე ფერებში ძალზე რეალურად ამოიზრდება ჩემი საწერი მაგიდის კუთხე, კაბინეტის კარიდან რომ მოჩანს, ლამპა და პრიალა იატაკი, დიდი თეატრის ორკესტრის ხმას აშკარად კვეთს ფეხის ხმა, კასტანეტების ყრუ კაკუნივით სასიამოვნოდ რომ მოისმის. მაშ რვა საათია და ანა კ. მოდის, რათა გამაღვიძოს და გამაგებინოს, მიმღებში რა ხდება. იგი ვერ მიმხვდარა, რომ ჩემი გაღვიძება საჭირო არ არის, ყველაფერი რომ მესმის და მასთან ლაპარაკი შემიძლია. გუშინ ასეთი ცდა ჩავატარე კიდევაც: ანა: – სერგეი ვასილიევიჩ... მე: – გისმენ... (მუსიკას ხმადაბლა – „ძლიერად“). მუსიკა – დიადი აკორდი. რე-დიეზი... ანა: – ოცი კაცია ჩაწერილი. ამნერისი (მღერის) თუმცა, ქაღალდზე ამის გადმოცემა შეუძლებელია. ეს სიზმრები სახიფათოა თუ არა? ოჰ? არა. ამ სიზმრების შემდეგ ძალ-ღონე და მხნეობა მემატება და კარგად ვმუშაობ. სამუშაოს მიმართ ინტერესიც კი გამიჩნდა, რაც ადრე არა მქონდა. ანდა რა გასაკვირია, როცა სულ ჩემს ყოფილ ცოლზე ვფიქრობდი. ახლა კი დავმშვიდდი. დავმშვიდდი. 19 მარტი. წუხელ ანა კ.-ს წავეჩხუბე. – ხსნარს აღარ დაგიმზადებთ. მე მის დაყოლიებას შევეცადე: – ანუსია, რა სისულელეა: ბავშვი ხომ არა ვარ? – არ დაგიმზადებთ. თქვენ დაიღუპებით. – როგორც გენებოთ, მაგრამ მკერდში ტკივილი მაქვს! – იმკურნალეთ. – სად? – შვებულება აიღეთ და წადით. მორფის კეთება მკურნალობა არ არის (მერე დაფიქრდა და დაუმატა), თავს ვერასოდეს ვაპატიებ, მაშინ მეორე შუშა რომ დაგიმზადეთ. – მე რა, მორფინისტი ხომ არა ვარ? – დიახ, მორფინისტი ხდებით. – მაშ არ დამიმზადებთ? – არა.        მაშინ ჩემს თავს პირველად შევამჩნიე, გაბრაზების უსიამოვნო უნარი რომ გამაჩნდა და, რაც მთავარია, შემეძლო, ადამიანისთვის მეყვირა, როცა თავად ვტყუოდი. თუმცა ერთბაშად არ ავყვირებულვარ. საწოლ ოთახში შევედი და ვნახე, რომ შუშის ფსკერზე ხსნარი ცოტა ჩარჩენილიყო. შპრიცში მოვაგროვე – 1/4 შპრიცი აღმოჩნდა. შპრიცი გადავაგდე, კინაღამ გავტეხე, თავად კი ავკანკალდი. ფრთხილად ავიღე და გავსინჯე, – ბზარი არსად ჰქონდა. საწოლ ოთახში ოციოდე წუთს ვიჯექი, მერე მივედი და ვნახე, რომ ანა აღარსად იყო. წავიდა. წარმოიდგინეთ, ვერ მოვითმინე და მასთან წავედი. ფლიგელის განათებულ ფანჯარაზე მივუკაკუნე. თავშალმოხვეული ანა პარმაღზე გამოვიდა. წყნარზე წყნარი ღამე იდგა. ირგვლივ ფაშარი თოვლი იდო. სადღაც შორს, ცაზე, გაზაფხულის სუნთქვა იგრძნობოდა. – ანა კირილოვნა, აფთიაქის გასაღები მომეცით. ანამ ჩაიჩურჩულა: – არ მოგცემთ. – ამხანაგო, აფთიაქის გასაღები მომეცით. როგორც ექიმი, ისე გეუბნებით. ბინდბუნდში ვხედავ, ანას სახე შეეცვალა, ძალიან გაუთეთრდა, თვალები ჩაუღრმავდა, ჩაუცვივდა, ჩაუშავდა. ისეთი ხმა ჰქონდა, რომ გულში სიბრალული აღმეძრა, მაგრამ მაშინვე ბრაზი კვლავ მომერია. – ასე რატომ მელაპარაკებით? – მითხრა ანამ, – ეჰ, სერგეი ვასილიევიჩ, მე ხომ მებრალებით. თავშალს ქვემოდან ხელი გამოიღო და ვნახე, რომ გასაღები ხელში ეჭირა. მაშ როცა ჩემთან გამოდიოდა, გასაღებიც გამოიყოლა. – მომეცით გასაღები! – ვუთხარი უხეშად, გასაღები ხელიდან გამოვტაცე და საავადმყოფოს თეთრი კორპუსისკენ ფიცრებდამპალ, მორყეულ წანწალა ხიდს გავუყევი. გულში ბრაზი მიდუღდა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ოდნავი წარმოდგენაც არ მქონდა იმის თაობაზე, კანქვეშ შესაშხაპუნებელი მორფის ხსნარი როგორ დამემზადებინა. ფერშალი ხომ არ ვიყავი, ექიმი გახლდით! მივდიოდი და ვცახცახებდი. უკნიდან ფეხის ხმა შემომესმა. ანა ერთგული ძაღლივით ამდევნებოდა. გულში მის მიმართ სინაზე აღმეძრა, მაგრამ ჩავიხშე, შევტრიალდი და კბილებდაკრეჭილმა ვუთხარი: – მომიმზადებთ თუ არა? ანამ ხელი განწირულივით ჩაიქნია, ახლა ყველაფერი სულერთიაო, და მიპასუხა: – მოგიმზადებთ... ...ერთი საათის შემდეგ თავს ნორმალურად ვგრძნობდი. რაღა თქმა უნდა, ანას ბოდიში მოვუხადე, უაზრო უხეშობა რომ გამოვიჩინე. თავადაც არ ვიცი, ეს როგორ დამემართა, ადრე ზრდილობიანი კაცი ვიყავი-მეთქი. ჩემმა ბოდიშმა ანას უცნაური საქციელი გამოიწვია. მან დაიჩოქა, ხელებზე მომეკრა და მითხრა: – არ გიწყრებით, არა. უკვე ვიცი, რომ დაღუპული კაცი ხართ. ვიცი და ჩემს თავს ვწყევლი, მაშინ ნემსი რომ გაგიკეთეთ. როგორც შემეძლო, ვამშვიდებდი. ვარწმუნებდი, რომ დანაშაული არ მიუძღოდა და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა თავად მეკისრებოდა. აღვუთქვამდი, ხვალიდან სერიოზულად დავიწყებ გადაჩვევას, ნელ-ნელა დოზას შევამცირებ-მეთქი. – ახლა რამდენი გაიკეთეთ? – ბევრი არაფერი. ერთპროცენტიანი ხსნარის სამი შპრიცი. ანამ თავზე ხელები შემოიჭდო და გაჩუმდა. – ამის გამო ნუ ღელავთ! – ვუთხარი კიდევ დასაწყნარებლად. ...სიმართლე რომ ითქვას, კარგად მესმის, შეშფოთების მიზეზი რომ აქვს. Morphium Hidrochloricum-ი მართლაც საშიში რამ გახლავთ. ადამიანი ძალიან სწრაფად ეჩვევა. მაგრამ მცირედი ჩვევა ხომ მორფინიზმი არ არის?.. ...კაცმა რომ თქვას, ეს ქალი ერთადერთი ადამიანია, ვინც ჩემ მიმართ ნამდვილ ერთგულებას იჩენს. არსებითად, ჩემი ცოლი ეს უნდა იყოს. ის ქალი დამავიწყდა. დამავიწყდა. ამ ამბავს კი, ასეა თუ ისე, მორფს უნდა ვუმადლოდე... 1917 წლის 8 აპრილი. ეს სატანჯველია. 9 აპრილი. გაზაფხული შემზარავია. კოკაინი შუშაში ჩამძვრალი ეშმაკია. დიახ, შუშაში ჩამძვრალი ეშმაკი! მისი მოქმედება ორგვარია: 2%-იანი ხსნარის ერთ შპრიცს გაიკეთებ თუ არა, მყისვე სიმშვიდე გეუფლება, რასაც უმალვე აღტაცება და ნეტარება ენაცვლება. ეს მხოლოდ ერთი-ორ წუთს გასტანს, მერე ყოველივე უკვალოდ ქრება, თითქოს არც ყოფილიყოს, და გეუფლება ტკივილი, ძრწოლა, წყვდიადი. გაზაფხული კი გუგუნებს, შავი ფრინველები შიშველი ტოტებიდან ტოტებზე მიფრი-მოფრენენ, შორს ტყე ცისკენ შავად აჯაგრულა, ხოლო ტყის გადაღმა ცის ერთი მეოთხედი გაზაფხულის პირველ დაისს აულანძავს. ჩემი ბინის ცარიელ ოთახში კარიდან ფანჯრისკენ, ფანჯრიდან კარისკენ დიაგონალზე მივდი-მოვდივარ. რამდენჯერ უნდა წავიდ-წამოვიდე? თხუთმეტჯერ ან თექვსმეტჯერ, მეტჯერ – არა. მერე მივტრიალდები და საწოლ ოთახში შევალ. მარლაზე შპრიცი დევს, შპრიცის გვერდით შუშა. შპრიცს ვიღებ, დაჩხვლეტილ თეძოს იოდით დაუდევრად ვიწმენდ და კანში ნემსს ვირჭობ. ტკივილს სრულებით ვერ ვგრძნობ. ო, პირიქით: წინასწარ ვტკბები ეიფორიით, ახლა რომ უნდა დამეწყოს. მეწყება კიდევაც. ამას გარმონის ხმები მაუწყებს. გაზაფხულის დადგომით გახარებული ვლასი პარმაღზე ზის და გარმონს უკრავს. და, აი, გარმონის ნაგლეჯ-ნაგლეჯი ხმა, მინის იქიდან ყრუდ რომ მოისმოდა, ანგელოზთა ხმას ემგვანება, ხოლო გაბერილი ტყავის უხეში ბანები ციური ქოროსავით გაისმის. მაგრამ ორი წუთი გადის და სისხლში კოკაინი საიდუმლო კანონით, რაც ფარმაკოლოგიაში არსად არის აღწერილი, ახალ რაღაცად იქცევა. მე კი ვიცი, რომ ეს სატანისა და ჩემი სისხლის ნარევია. პარმაღზე მჯდომარე ვლასის მიმართ სიძულვილი მიპყრობს, დაისი მოუსვენრად თრთის და შიგნეულს მიდაღავს. დაბინდებამდე ეს რამდენჯერმე მეორდება და ბოლოს ვხვდები, რომ მოწამლული ვარ. გული ძგერას ისე მიწყებს, რომ ხელებსა და საფეთქლებში ვგრძნობ... მერე უფსკრულში ჩაინთქმება და დგება წამი, როცა მგონია, რომ ექიმი პოლიაკოვი სიცოცხლეს ვეღარ დაუბრუნდება... 13 აპრილი.        მე, ბედკრული ექიმი პოლიაკოვი, ამა წლის თებერვალში მორფინიზმით დასნეულებული, ვაფრთხილებ ყველას, ვისაც ბედი ჩემნაირ ხვედრს არგუნებს, კოკაინით მორფის შეცვლას ნუ შეეცდება. კოკაინი უსაშინელესი და უმზაკვრესი საწამლავია. ანამ გუშინ ქაფურით ძლივს მომასულიერა, დღეს კი ცოცხალ-მკვდარი ვარ. 1917 წლის 6 მაისი.        დიდი ხანია, დღიურისთვის ხელი არ მომიკიდია. დასანანი კია, სინამდვილეში ეს დღიური კი არა, ავადმყოფობის ისტორიაა და, როგორც ჩანს, ამქვეყნად ერთადერთი მეგობრის მიმართ (თუ ჩემს სევდიანსა და ხშირი ტირილით თვალებდასიებულ ანას არ ჩავთვლით) პროფესიული ლტოლვა მაქვს. მაშ ასე, თუ ავადმყოფობის ისტორიას ვადგენ, უნდა ჩავწერო: მორფს დღე-ღამეში ორჯერ ვიკეთებ: საღამოს 5 საათზე (სადილის შემდეგ) და ღამის 12 საათზე ძილის წინ. ხსნარი სამპროცენტიანია: ორი შპრიცი. მაშასადამე, ერთ ჯერზე 0,06-ს ვიკეთებ. გვარიანი დოზაა!        ადრინდელი ჩანაწერები ცოტა ისტერიკულია. განსაკუთრებულად საშიში არაფერი მჭირს. ჩემს შრომისუნარიანობაზე ეს არავითარ ზეგავლენას არ ახდენს. პირიქით. მთელი დღე წინა დღეს განაკეთებით ვარსებობ. ოპერაციებს საუცხოოდ ვაკეთებ, რეცეპტებს ყურადღებით, წუნდაუდებლად ვწერ და ექიმის სინდისს ვფიცავ, ჩემს მორფინიზმს ჩემი პაციენტებისთვის არაფერი უვნია. ვიმედოვნებ, რომ არც ავნებს. მე სხვა რამ მაწამებს. სულ მეჩვენება, რომ ჩემს მანკს ვიღაც გაიგებს. პაციენტების მიღებისას ვგრძნობ, ჩემი ასისტენტ-ფერშალი ზურგიდან ჩაციებით, გამომცდელად რომ მაკვირდება და ეს ძალიან მიმძიმს.სისულელეა! ის ვერ მიხვდება. არაფერი გამთქვამს. თვალის გუგებმა მხოლოდ საღამოთი შეიძლება გამთქვას, საღამოთი კი ფერშალს არასოდეს ვხვდები. მაზრაში ჩავედი და ჩვენს აფთიაქს მორფის შემზარავი დანაკლისი შევუვსე. მაგრამ უსიამოვნო წუთების გადატანა იქაც მომიხდა. მოთხოვნილებაში განზრახ კიდევ სხვა ბევრი რაღაც-რაღაცა ჩავწერე, კოფეინის მსგავსი (თუმცა კოფეინი თავზე საყრელი გვქონდა). საწყობის გამგემ მოთხოვნილება გამომართვა და მითხრა: 40 გრამი მორფი? ვიგრძენი, რომ თვალებს მოწაფესავით ვმალავდი. ვიგრძენი, რომ ვწითლდებოდი... იმან კი მითხრა: – ამდენი არა გვაქვს. ათ გრამს მოგცემთ. მართლაც არა ჰქონდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემს საიდუმლოს ჩასწვდა. თვალებით მჩხრეკდა და მბურღავდა, ხოლო მე ვღელავდი და ვიტანჯებოდი.დიახ, თვალის გუგები, მხოლოდ თვალის გუგებია სახიფათო, ამიტომ წესად უნდა მქონდეს, საღამოთი არავის შევხვდე. თუმცაღა, საამისოდ ჩემს უბანზე შესაფერისი ადგილი მთელ ქვეყნიერებაზე არ მოიძებნება. ექვს თვეზე მეტია, ავადმყოფების გარდა აქ არავინ მინახავს. იმათ კი ჩემთვის არა სცხელათ. 18 მაისი.        ჩახუთული ღამეა. გაავდრდება. ტყის გადაღმა მუცელგაბერილი შავი ღრუბელი იზრდება და იბოლქვება. უკვე მკრთალად იელვა. ავდარი იწყება. მაგიდაზე იმ ადგილას გადაშლილი წიგნი მიდევს, სადაც მორფისგან თავის შეკავების შესახებ ზოგი რამ წერია. „...უკიდურესი მოუსვენრობა, მშფოთვარება, სევდიანობა, აღგზნებადობა, მეხსიერების შესუსტება, ზოგჯერ ჰალუცინაციები და გონების მცირედი დაბინდვა...“ ჰალუცინაციები არ მქონია, მაგრამ სხვა რამეთა თაობაზე შემიძლია ვთქვა: ო, რა უღიმღამო, უსულგულო, რა არაფრის მთქმელი სიტყვებია! „სევდიანობა“!..არა, მე, ამ საშინელი სენით დაავადებული კაცი, ექიმებს ვაფრთხილებ, რომ თავიანთი პაციენტების უფრო შემბრალენი იყვნენ. „სევდიანობა“ კი არა, ნელი სიკვდილი ემუქრება მორფინისტს, თუ მორფს ერთი ან ორი საათით მოაკლებთ. გაუგემურებულ ჰაერს ვეღარ ყლაპავს... სხეულში ერთი უჯრედიც აღარა აქვს, რომელსაც არ სწყუროდეს... რა? ამის არც განსაზღვრა შეიძლება, არც ახსნა. ერთი სიტყვით, კაცი აღარ არსებობს. გათიშულია. გვამი მოძრაობს, წუხს, იტანჯება. აღარაფერი უნდა, აღარაფერზე ფიქრობს გარდა მორფისა, მორფისა! წყურვილით სიკვდილი სამოთხეა, ნეტარებაა მორფის წყურვილთან შედარებით. ცოცხლად დამარხული ჰაერის უკანასკნელ, უმცირეს ნამცეცებს კუბოში, ალბათ, ასე ეტანება და მკერდს ფრჩხილებით იღადრავს, ერეტიკოსი კოცონზე ასე გმინავს და იგრიხება, როცა ცეცხლის პირველი ენები ფეხებს ულოკავს. სიკვდილი – უსახური, ნელი სიკვდილი... აი, რას ნიშნავს ეს სიტყვა – „სევდიანობა“. მეტი აღარ შემიძლია. ავდექი და ვიჩხვლიტე. ამოვისუნთქე. კიდევ ამოვისუნთქე. გულს მომეშვა. ცოტაც, ცოტაც... აი, გულის კოვზის ქვეშ უკვე სიგრილეს ვგრძნობ... 3%-იანი ხსნარის სამი შპრიცი. ეს შუაღამემდე მეყოფა... ლაყბობაა. ეს ჩანაწერი ლაყბობაა. ყოველივე არც ისე საშიშია. ადრე თუ გვიან, მივატოვებ!.. ახლა კი უნდა დავიძინო, დავიძინო. მორფთან უაზრო ბრძოლით მხოლოდ თავს ვიტანჯავ და ვისუსტებ. /ამის შემდეგ რვეულში ოციოდე ფურცელი ამოხეულია/ ...მბერი. ...ვლავ გულისრევა ხუთის ნახევარზე. როცა ცოტა მოვსულიერდები, საშინელ შთაბეჭდილებებს ჩავწერ. 1917 წლის 14 ნოემბერი.        მაშ ასე, მოსკოვიდან, ექიმ... (გვარი გულმოდგინედ გადახაზულია) საავადმყოფოდან გამოქცევის შემდეგ კვლავ შინა ვარ. წვიმა კოკისპირულად ასხამს და მთელი ქვეყნიერება თვალთაგან მიქრება. დაე, გაქრეს. ეს ქვეყნიერება არა მჭირდება, ისევე როგორც ამქვეყნად თავად მე არავის ვჭირდები. სროლისა და გადატრიალების დროს ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი. მაგრამ მკურნალობის მიტოვებაზე ფიქრი ადრევე შემომეპარა და საავადმყოფოდან გაქცევა მოსკოვის ქუჩებში ბრძოლების დაწყებამდე გადავწყვიტე. მორფს ვუმადლი იმას, მამაცი რომ შევიქენი. სროლა ოდნავადაც არ მაშინებს. ანდა, საერთოდ, რამ უნდა შეაშინოს ის, ვინც მხოლოდ ერთ რამეზე – დიდებულ, ღვთიურ კრისტალებზე ფიქრობს. როცა ქვემეხთა გრუხუნისგან მთლად გაოგნებული ფერშალი ქალი... /აქ ერთი ფურცელი ამოხეულია/ ...ხიე ეს ფურცელი, რომ არავის წაეკითხა, დიპლომიანი კაცი მალულად, მხდალად როგორ მიიპარებოდა და საკუთარ კოსტიუმს იპარავდა. კოსტიუმს კიდევ რა უშავს! საავადმყოფოს პერანგი გამოვიყოლე. ამაზე ფიქრისთვის აღარ მცხელოდა. მეორე დღეს, მას მერე, რაც ნემსი ვიჩხვლიტე და გამოვცოცხლდი, ექიმ №-თან დავბრუნდი. ექიმმა სიბრალულით შემომხედა, მაგრამ ამ სიბრალულში ზიზღიც გამოსჭვიოდა. მერედა, რატომ? ის ხომ ფსიქიატრია და უნდა იცოდეს, რომ თავს ყოველთვის ვერ ვიოკებ. მე სნეული ვარ. განა ამის გამო კაცის შეზიზღება შეიძლება? საავადმყოფოს პერანგი უკანვე დავაბრუნე. – გმადლობთ, – მითხრა მან და მერე დაუმატა, – ახლა რას აპირებთ? მე მკვირცხლად ვუპასუხე /ამ დროს ეიფორიაში ვიყავი/. – გადავწყვიტე, ჩემს მიყრუებულ მხარეში დავბრუნდე, თანაც შვებულება უკვე დამიმთავრდა. დიდ მადლობას მოგახსენებთ მზრუნველობისთვის, ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. მკურნალობას შინ გავაგრძელებ. – თქვენ თავს უკეთ ოდნავადაც არა გრძნობთ, – მიპასუხა პროფესორმა, – სასაცილოა, ამას მე რომ მეუბნებით. თვალის გუგებში ერთხელ რომ ჩაგხედოთ, ესეც ხომ საკმარისია. აბა, ამას ვის ეუბნებით? – პროფესორო, ერთბაშად გადაჩვევა არ შემიძლია... განსაკუთრებით ახლა, როცა ასეთი ამბავია... სროლამ მთლად მომშალა. – სროლა დამთავრდა. ამჟამად ახალი ხელისუფლებაა. დარჩით და მკურნალობა განაგრძეთ.იმწუთას ყველაფერი გამახსენდა... ცივი დერეფნები... ზეთის საღებავით შეღებილი, შიშველი კედლები... ხოლო მე ფეხმოტეხილი ძაღლივით დავფორთხავ... რაღაცას ველი... რას? ცხელ აბაზანას?.. 0,005 მორფის ჩხვლეტას. ასეთი დოზის წყალობით არ მოკვდები... ეს არის და ეს... სევდა კი უცვლელად გრჩება, გულს როგორც გიმძიმებდა, ისევე გიმძიმებს... უძილო ღამეები, როცა პერანგი შემოვიხიე და ვიხვეწებოდი, გამიშვით-მეთქი? არა. არა. მორფი თუ გამოიგონეთ, ღვთაებრივი მცენარის გამშრალი თავებიდან თუ გამოწურეთ, მაშ ხერხიც გამონახეთ, რომ სნეული უწამებლად განკურნოთ! თავი ჯიუტად გავაქნიე. ამ დროს იგი წამოდგა და მე კარისკენ შეშინებული გავექანე. მომეჩვენა, რომ კარს ჩამიკეტავდა და საავადმყოფოში ძალით დამტოვებდა...პროფესორი წამოჭარხლდა. – მე ციხის ზედამხედველი არა ვარ, – თქვა გულმოსულმა, – და აქ საპატიმრო არა მაქვს, წყნარად იჯექით. ორი კვირის წინ ტრაბახობდით, სავსებით ნორმალური ვარო. ახლა კი... – მან ჩემი შიშის გამომხატველი ჟესტი გამომეტყველად გაიმეორა, – აქ არ გაკავებთ. – პროფესორო, გემუდარებით, ხელწერილი დამიბრუნეთ, – ვუთხარი და ხმა შესაბრალისად ამითრთოლდა. – ინებეთ. მან მაგიდის უჯრაში გასაღები გააჩხაკუნა და ხელწერილი მომცა, სადაც ვწერდი, რომ მოვალე ვიყავი, ორთვიანი კურსი ბოლომდე ჩამეტარებინა, მათ საავადმყოფოში ჩემი დატოვება შეეძლოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვეულებრივი ფორმის ხელწერილი გახლდათ. ხელწერილი აკანკალებული ხელით გამოვართვი, ჯიბეში ჩავიდე და ჩავიბურტყუნე: – გმადლობთ. მერე წამოვდექი და კარისკენ გავემართე. – ექიმო პოლიაკოვო! – ხმა დამადევნა პროფესორმა. მე შევტრიალდი, ხელი კარის სახელურზე მეკიდა, – მისმინეთ, – მითხრა მან, – გონს მოდით. იცოდეთ, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მაინც მოგიყვანენ, ვთქვათ, ცოტა მოგვიანებით... მაგრამ მაშინ გაცილებით უარესად იქნებით. მე, როგორც ექიმს, მაინც გიწევდით ანგარიშს. მერე კი სულიერად სავსებით განადგურებული მოხვალთ. ჩემო კარგო, სიმართლე გითხრათ, თქვენი მუშაობა საერთოდ არ შეიძლება. დანაშაულიც კია, თქვენი სამუშაო ადგილი რომ არ გავაფრთხილოთ. მე შევკრთი და აშკარად ვიგრძენი, რომ სახის ფერი დავკარგე (თუმცა ფერი ისედაც არა მქონდა). – პროფესორო, გემუდარებით, – ვუთხარი ყრუ ხმით, – არავის არაფერი უთხრათ... სამსახურიდან დამითხოვენ... ავადმყოფს დამიძახებენ... ასე რატომ უნდა მომექცეთ? – წადით, – მითხრა მან განაწყენებით, – წადით. არავის არაფერს ვეტყვი. თქვენ მაინც აქ დაგაბრუნებენ... მე წამოვედი და, გეფიცებით, მთელ გზაზე ტკივილისა და სირცხვილისაგან ვიკრუნჩხებოდი... რატომ?.. უბრალო რამის გამო. ჩემო მეგობარო, ჩემო ერთგულო დღიურო. შენ ხომ არ გამცემ? კოსტიუმი არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ საავადმყოფოში მორფი მოვიპარე. სამი კუბური სანტიმეტრი კრისტალები და ათი გრამი ერთპროცენტიანი ხსნარი. მე მხოლოდ ეს არ მაინტერესებს. კიდევ, აი, რა. კარადის კარში გასაღები იყო ჩარჩენილი. გასაღები რომ არ ყოფილიყო? კარადას გავტეხდი თუ არა? ჰა? გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ. გავტეხდი. მაშ ასე, ექიმი პრლიაკოვი ქურდია. ამ ფურცლის ამოხევას მოვასწრებ. მუშაობის თაობაზე კი პროფესორმა გადაამლაშა. ჰო, მე დეგენერატი ვარ. ნამდვილად ასეა. ზნეობის განადგურება დამეწყო, მაგრამ მუშაობა შემიძლია და არც ერთ ჩემს პაციენტს არაფერს ვავნებ. რატომ მოვიპარე? უბრალო მიზეზის გამო. ვიფიქრე, რომ ამ ბრძოლებისა და არეულობის გამო, რაც გადატრიალებამ გამოიწვია, მორფს ვერ ვიშოვიდი. მაგრამ როცა არეულობა მინელდა, გარეუბნის ერთ აფთიაქში თხუთმეტი გრამი ერთპროცენტიანი ხსნარი კიდევ ვიშოვე. აბა, ეს ჩემთვის რა იყო, ცხრა შპრიცი უნდა გამეკეთებინა! თანაც, თავის დამცირება დამჭირდა. ფარმაცევტმა ბეჭედი მომთხოვა, პირქუშად და ეჭვიანად მიყურებდა. სამაგიეროდ, მეორე დღეს, როცა ნორმაში გახლდით, სხვა აფთიაქში ოცი გრამი კრისტალები შეუფერხებლად მომცეს – რეცეპტი საავადმყოფოსთვის გამოვწერე (რა თქმა უნდა, რეცეპტში კოფეინი და ასპირინიც ჩავწერე). ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა ვიმალებოდე, რად უნდა მეშინოდეს? მართლაც, შუბლზე ხომ არ მაწერია, მორფინისტი რომ ვარ? ბოლოს და ბოლოს, ვისი საქმეა?        სენი ძალიან მაქვს გამჯდარი? მოწმედ ეს ჩანაწერებიც გამოდგება. მართალია, ჩანაწერები ნაწყვეტ-ნაწყვეტია, მაგრამ მე ხომ მწერალი არა ვარ! განა აქ სადმე გიჟური აზრებია? მე მგონი, სავსებით ჯანსაღად ვმსჯელობ.მორფინისტს ერთი ბედნიერება აქვს, რასაც ვერავინ წაართმევს, – მას შეუძლია, ცხოვრება სრულიად მარტოდმარტომ გაატაროს. სიმარტოვე კი საყურადღებო, მნიშვნელოვან აზრებს ბადებს, სიმარტოვე ჭვრეტაა, სიმშვიდეა, სიბრძნე.კუნაპეტი, მდუმარე ღამე მიედინება. სადღაც ფოთლებშემოძარცული ტყეა, ტყის გადაღმა მდინარე, სიცივე, შემოდგომა. შორს, შორს აჯაგრული, ბობოქარი მოსკოვია. მაგრამ მე არაფრის ჯავრი არა მაქვს, არაფერი მჭირდება, გული არსაით მიმიწევს.ჩემო ლამპავ, ანათე, წყნარად ანათე, მინდა დავისვენო და დავივიწყო, რაც მოსკოვში თავს გადამხდა.დავივიწყე კიდევაც.დავივიწყე. 18 ნოემბერი.        სუსხმა დაჰკრა. გზები გაშრა. სახლიდან გავედი და მდინარისკენ ბილიკს გავუყევი, იმიტომ, რომ ჰაერზე არასოდეს ვარ.პიროვნების რღვევა – ეს უკვე აშკარაა, მაგრამ მაინც ვცდილობ, ეს თავიდან ავიცილო. მაგალითად, ამ დილას ნემსი არ გამიკეთებია (ახლა 4%-იანი ხსნარის სამ შპრიცს დღეში სამჯერ ვიკეთებ). უხერხულია. ანა მეცოდება. ყოველი ახალი % გულს უხეთქავს. მეცოდება,. ოჰ, როგორი ქალია.დიახ... აი, ასე... დიახ... ცუდად როცა შევიქენი, გადავწყვიტე, თავი გამეტანჯა (დაე, დატკბეს პროფესორი №), ჩხვლეტის დრო გადამეწია და მდინარეზე წავსულყავი.ნამდვილი უდაბნოა. ჩქამი არსაიდან მოისმის. ჯერ არ დაბინდებულა, მაგრამ ჩრდილები სადღაც არიან ჩამალულნი და ჭაობებში, კოლბოხებსა და ჯირკებს შორის მოღოღავენ... ლევკოვოს საავადმყოფოსკენ მოისწრაფიან... მეც ჯოხზე დაყრდნობილი მივღოღავ (სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო ხანს ცოტა დავსუსტდი).ჰოდა, ვხედავ, მდინარის მხრიდან, ფერდობზე, ჩემკენ სწრაფად მოფრინავს ყვითელთმიანი დედაბერი, ისე, რომ ფეხებს მიწაზე არ ადგამს. ჭრელი კაბა ზარივით გაუშლია... პირველ წუთს აზრზე ვერ მოვდივარ, არც შიშსა ვგრძნობ. ჩვეულებრივი დედაბერი მგონია. უცნაური კია, ამ სიცივეში თავშიშველი და კოფთის ამარა რატომაა? ამას გარდა, საიდან გაჩნდა? ვინ არის? ლევკოვოში მიღება რომ დამთავრდება და გლეხები ბოლო მარხილებით წავლენ-წამოვლენ, ირგვლივ ათ ვერსზე აღარავინაა – მხოლოდ ნისლი, ჭაობი და ტყეა! მერე კი უცებ ზურგი ცივმა ოფლმა დამისველა – მივხვდი! დედაბერი კი არ გამორბოდა, სწორედ მოფრინავდა, მიწას ფეხს არ აკარებდა. როგორია? მაგრამ იმიტომ კი არ ავყვირებულვარ, არამედ იმიტომ, რომ დედაბერს ხელში ფიწალი ეჭირა. ასე რატომ შევშინდი? რატომ? ცალ მუხლზე ჩავიჩოქე და ხელები წინ ისე გავიწოდე, რომ დედაბერი არ დამენახა, მერე შევტრიალდი და შინისკენ, როგორც მხსნელი ადგილისკენ, ისე გავიქეცი. აღარაფერი მსურდა იმის გარდა, რომ გული არ გამსკდომოდა, თბილ ოთახებში მალე შემერბინა, მალე დამენახა ცოცხალი ანა და მორფი...ჰოდა, შინ მივირბინე.სისულელეა. უაზრო ჰალუცინაცია. შემთხვევითი ჰალუცინაცია. 19 ნოემბერი.        გული ამერია. ეს ცუდია.ჩემი საუბარი ანასთან 21-ში, ღამით: ანა. – ფერშალმა იცის.მე. – მართლა? ჩემთვის სულერთია.ანა. – თუ ქალაქში არ წახვალ, თავს ჩამოვიხრჩობ. გესმის? აბა, ხელებზე დაიხედე, აბა, დაიხედე.მე. – ოდნავ მიკანკალებს. ეს მუშაობაში ხელს სრულებით არ მიშლის.ანა. – დახედე. ხელებში სინათლე გაგდის. მარტო ძვალი და ტყავიღა ხარ... ნახე, ნახე, რას გიგავს... ყური მიგდე, სერიოჟა. ქალაქში წადი, გაფიცებ, წადი...მე. – შენ რაღას იზამ?ანა. – წადი. წადი, თორემ დაიღუპები.მე. – ეს კი გადაჭარბებულია. თუმცა, თავადაც ვერ გამიგია, ასე მალე რატომ დავსუსტდი? ჯერ ხომ ერთი წელიც არ არის, რაც ავადა ვარ. ეტყობა, ასეთი აგებულება მაქვს.ანა (მწუხარედ). – ამქვეყნად რა დაგაბრუნებს? იქნებ ამნერისმა გიშველოს – შენმა ცოლმა?მე. – ოჰ, არა. დამშვიდდი. მორფის მადლობელი ვარ, ის რომ დავივიწყე. მორფი იმის მაგიერია.ანა. – ღმერთო ჩემო... რა ვქნა?მეგონა, ანასნაირები მხოლოდ რომანებში იყვნენ. თუ როდისმე გამოვჯანმრთელდები, ჩემს ბედს სამუდამოდ, სამუდამოდ დავაკავშირებ მის ბედთან. დაე, მისი ქმარი გერმანიიდან აღარ დაბრუნდეს. 27 დეკემბერი.        დიდი ხანია, რვეულისთვის ხელი აღარ მომიკიდია. შეფუთნილი ვარ. ცხენშებმული მარხილი მელოდება. ბომგარდი გორელოეს უბნიდან გადავიდა და მის შემცვლელად მგზავნიან. ჩემს უბანზე ექიმად ქალი ჩამოდის.ანა აქ რჩება. ჩემთან ჩამოვა ხოლმე.თუმცა იქამდე 30 ვერსია.გადავწყვიტეთ, რომ 1 იანვრიდან შვებულებას ავიღებ ავადმყოფობის გამო და მოსკოვში პროფესორთან წავალ. ხელწერილს კიდევ მივცემ, რათა საავადმყოფოში ერთ თვეს არაადამიანურად ვიტანჯო.მშვიდობით, ლევკოვო. ნახვამდის, ანა. 1918 წელი იანვარი.        მოსკოვში არ წავსულვარ. კრისტალებთან, ჩემს ღვთაებასთან განშორება არ შემიძლია.მკურნალობისას სული ამომხდება.სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ მკურნალობა არ მჭირდება. 15 იანვარი.        დილით გული ამერია.4%-იანი ხსნარის სამი შპრიცი შებინდებისას.4%-იანი ხსნარის სამი შპრიცი ღამით. 16 იანვარი.        ოპერაციების დღეა, ამიტომ თავი დიდხანს უნდა შევიკავო, საღამოს 6 საათამდე.შებინდება ყველაზე საშინელი ჟამია. შინ როცა დავბრუნდი, ოთახიდან ხმა მომესმა. ვიღაც მონოტონურად, მუქარით იმეორებდა: – სერგეი ვასილიევიჩ, სერგეი ვასიელიევიჩ.ნემსის გაკეთების შემდეგ ყოველივე უმალ გაქრა. 17 იანვარი.        ქარბუქია. მიღება არ არის. ჩხვლეტისგან თავს ვიკავებ და ფსიქიატრიის სახელმძღვანელოს ვკითხულობ. შთაბეჭდილება შემზარავია. დავიღუპე. იმედი აღარაფრისა უნდა მქონდეს.როცა ჩხვლეტისგან თავს ვიკავებ, ფაჩუნიც მაკრთობს, ხალხი მძულს – ადამიანებისა მეშინია. ეიფორიის დროს ყველა მიყვარს, მაგრამ მარტოობა მირჩევნია.აქ ფრთხილად უნდა ვიყო – გორელოეში ერთი ფერშალი და ორი მეანი ქალია. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო, თავი რომ არ გავთქვა. უკვე გამოცდილი ვარ, არ გავთქვამ. სანამ მორფის მარაგი მაქვს, ვერავინ ვერაფერს შეიტყობს. ხსნარს თვითონ ვამზადებ, ანდა ანას წინასწარ ვუგზავნი რეცეპტს. ერთხელ მან სცადა (რაც უაზრო გახლდათ), ხუთპროცენტიანი ხსნარი ორპროცენტიანით შეეცვალა. ხსნარი ლევკოვოდან ყინვასა და ქარბუქში თვითონ ჩამოვიტანე.        ამის გამო ღამით დიდი ჩხუბი გვქონდა. დავარწმუნე, რომ ეს არ უნდა ექნა. აქაურ პერსონალს განვუცხადე, რომ ავად ვიყავი. დიდხანს ვიჭყლეტდი ტვინს, რა სენი მომეგონებინა. ვთქვი, ფეხების რევმატიზმი და მძიმე ნევრასთენია მაქვს-მეთქი. გავაფრთხილე, რომ თებერვალში შვებულებას ავიღებდი და სამკურნალოდ მოსკოვში გავემგზავრებოდი. საქმე კარგად მიდის, მუშაობა სრულიად არ მიფერხდება. ოპერაციებს თავს ვარიდებ იმ დღეეში, როცა გულისრევა და სლოკინი ამიტყდება. ამის გამო ჩემს ავადმყოფობებს კუჭის კატარიც მივუმატე. ეჰ, ერთ ადამიანს რამდენი სენი შეიძლება სჭირდეს!აქაური პერსონალი ლმობიერია და თავად მაძალებს, შვებულებაში წავიდე.სენის გარეგნული ნიშნები: სიგამხდრე, სახე – ცვილისფერი.აბაზანა მივიღე და საავადმყოფოს სასწორზე ავიწონე. შარშან 4 ფუთს ვიწონიდი, ახლა 3 ფუთსა და 15 გირვანქას ვიწონი. სასწორის ისარს რომ შევხედე, შევშინდი. მერე შიშმა გამიარა. მკლავები და თეძოები ჩირქოვანი მუწუკებითა მაქვს დაფარული. ხსნარს სტერილურად ვერ ვამზადებ, ამას გარდა, სამჯერ გამოუხარშავი შპრიცი ვიჩხვლიტე, რადგან გამგზავრების წინ ძალიან ვჩქარობდი.ასეთი რამ არ შეიძლება. 18 იანვარი.        ასეთი ჰალუცინაცია მქონდა: ჩაშავებულ ფანჯარაში ვიღაც ფერმკრთალ ადამიანთა გამოჩენას ველოდი. ამის ატანა შეუძლებელია. ფანჯარაზე მხოლოდ ერთი ფარდაა ჩამოფარებული. საავადმყოფოდან მარლა წამოვიღე და ჩამოვაფარე. მიზეზად ვერაფერი მოვიგონე.ჯანდაბას ყველაფერი! ბოლოს და ბოლოს, ჩემს ყოველ მოქმედებას მიზეზი რატომ უნდა ვუძებნო და რამე მოვიგონო? ეს მართლაც სიცოცხლე კი არა, წამებაა!ჩემს აზრებს დალაგებით გამოვთქვამ?მე მგონი, დალაგებით.სიცოცხლე? სასაცილოა! 19 იანვარი.        დღეს, როცა მიღებისას შესვენება გვქონდა, აფთიაქში პაპიროსს ვეწეოდით. ფერშალი ფხვნილებს ახვევდა და თან (რატომღაც სიცილით) მიყვებოდა, ერთ ფერშალ ქალს მორფინიზმი სჭირდა და როცა მორფს ვერსად იშოვიდა, ნახევარ ჭიქა ოპიუმის ნაყენს სვამდაო. მისი მონათხრობისაგან გავწამდი, თვალები სად დამემალა, აღარ ვიცოდი. აქ სასაცილო რა არის? გულში მის მიმართ სიძულვილს ვგრძნობდი. სასაცილო რა იყო? რა? აფთიაქიდან ქურდულად გავიპარე.მინდოდა, მეკითხა, ეს ავადმყოფობა სასაცილო რატომ გგონიათ-მეთქი?მაგრამ თავი შევიკავე, შევიკ...ჩემს დღეში მყოფმა კაცმა დიდგულობა მაინცდამაინც არ უნდა გამოავლინოს. ოჰ, ეს ფერშალი. ესაც იმ ფსიქიატრივით სასტიკია, ვისაც არაფრით, არაფრით, არაფრით შეუძლია, ავადმყოფს დაეხმაროს. არაფრით.არაფრით. წინა სტრიქონები იმ დროს არის დაწერილი, როცა ჩხვლეტისგან თავს ვიკავებდი, და იქ ბევრი რამ არასამართლიანია. ახლა მთვარიანი ღამეა. გულისრევის შემოტევის შემდეგ დასუსტებული ვწევარ. ხელს მაღლა ვერ ვწევ და ამ სტრიქონებს ფანქრით ვწერ. ვწერ ნათლად და ამაყად. რამდენიმე საათს ბედნიერი ვიქნები. ახლა დავიძინებ. შარავანდედიანი მთვარე თავს მადგას. ჩხვლეტის მერე აღარაფერი მაშინებს. 1 თებერვალი.        ანა ჩამოვიდა. გაყვითლებულია, ავადაა. სული ამოვხადე, სიკვდილის პირას მივიყვანე. დიდი ცოდვა მაწევს. შევფიცე, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მოსკოვს გავემგზავრები. შევასრულებ კი? დიახ, შევასრულებ.თუ ცოცხალი ვიქნები. 3 თებერვალი.        მაშ ასე: ბორცვი, ყინულოვანი და უსასრულო, ისეთივე, საიდანაც ბავშვობის დროინდელ ზღაპარში კაი მარხილმა გაიტაცა. ეს ამ ბორცვიდან ჩემი უკანასკნელი გაფრენაა და ვიცი, ქვემოთ რაც მელის. ეჰ, ანა, დიდი მწუხარება მოგელის მალე, თუკი გიყვარდი. 11 თებერვალი.        გადავწყვიტე, ბომგარდს მივწერო. რატომ მაინცდამაინც იმას? იმიტომ, რომ ფსიქიატრი არ არის, ახალგაზრდაა და უნივერსიტეტელი ამხანაგია. ჯანმრთელია, ძლიერი, მაგრამ ლმობიერია, თუ არ ვცდები, ასეთი მახსოვს. იქნებ თანამიგრძნოს. რაიმეს მოიფიქრებს. იქნებ მოსკოვში იმან წამიყვანოს. მასთან თავად რომ წავიდე, ამას ვერ შევძლებ. შვებულება უკვე ავიღე. ვწევარ. საავადმყოფოში აღარ დავდივარ. ფერშალს ცილი დავწამე. მერე რა მოხდა, რომ იცინოდა. მომინახულა. დახმარება შემომთავაზა. უარი ვუთხარი. უარის მიზეზი არ მიძებნია. აღარ მინდა, რამე მოვიგონო. ბომგარდს წერილი გავუგზავნე. ადამიანებო, არავინ მიშველით?! ეს პათეტიკური შეძახილია. ვინმე თუ წაიკითხავს, იფიქრებს, სიყალბეაო, მაგრამ ამას არავინ წაიკითხავს.        სანამ ბომგარდს წერილს მივწერდი, ვიხსენებდი, რაც თავს გადამხდა. განსაკუთრებით დამიდგა თვალწინ მოსკოვის ვაგზალი ნოემბერში, როცა მოსკოვიდან გამოვრბოდი. რა საშინელი საღამო იყო. მოპარულ მორფს საპირფარეშოში ვიკეთებდი... როგორ გავიტანჯე. კარს ანჯღრევდნენ, მიყვიროდნენ, მლანძღავდნენ, ამდენ ხანს მანდ რას უზიხარო. კაკვი ხტოდა, კარი ლამის იღებოდა... ძირმაგარები მას მერე მაქვს. წუხელ, როცა ეს გავიხსენე, ავტირდი. 12 თებერვლის ღამე. ისევ ავტირ... ღამით ეს სისუსტე და სისაძაგლე რას მოასწავებს? 1918 წლის 13 თებერვლის განთიადი გორელოეში.შემიძლია, ჩემს თავს მოვულოცო. უკვე თოთხმეტი საათია, ნემსი არ მიჩხვლეტია! თოთხმეტი! ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია. მქრქალად, თეთრად ირიჟრაჟა. ნუთუ ახლა მთლად გამოვჯანმრთელდები. დალაგებით თუ ვიმსჯელებთ, არც ბომგარდი მჭირდება და არც სხვა ვინმე. სამარცხვინო იქნება, თუ სიცოცხლეს თუნდაც ერთი წუთით გავიხანგრძლივებ. ასეთი სიცოცხლე რა საჭიროა? წამალი ხომ ხელთა მაქვს. აქამდე რატომ ვერ მივხვდი? მაშ საქმეს შევუდგეთ. არავის ვალში არა ვარ. მხოლოდ თავი დავიღუპე. ანაც დავღუპე, მაგრამ აღარაფერი შემიძლია. დრო განკურნავს, როგორც მღეროდა ამნერ. იმასთან ყველაფერი, რა თქმა უნდა, უბრალოდ, იოლად ჩაივლის. რვეულს კი ბომგარდს ვუტოვებ. მორჩა...“ V        სერგეი პოლიაკოვის ჩანაწერები შორეულ პატარა ქალაქში 1918 წლის 14 თებერვალს გათენებისას წავიკითხე. ეს ჩანაწერები ახლა მთლიანად და უცვლელად თქვენ წინაშეა. ფსიქიატრი არ გახლავართ და დარწმუნებით ვერ ვიტყვი, ყურადსაღებია, საჭიროა თუ არა? მე მგონი, საჭიროა. ახლა, როცა ათი წელი გავიდა, სიბრალულმა და შიშმა, რაც ამ ჩანაწერებმა მომგვარა, რა თქმა უნდა, გამიარა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ხელახლა გადავიკითხე და ახლაც დავინტერესდი, როცა პოლიაკოვის სხეული დიდი ხნის ჩაფერფლილია, ხოლო მისი ხსოვნა დიდი ხნის გამქრალია. შესაძლოა, ეს ჩანაწერები საჭიროა? გავბედავ და ამ კითხვას დადებითად ვუპასუხებ. ანა კ. 1922 წელს პარტახტიანი ტიფით მოკვდა იმავე საავადმყოფოში, სადაც მუშაობდა. ამნერისი – პოლიაკოვის პირველი ცოლი უცხოეთშია და იქიდან აღარ დაბრუნდება. ნაჩუქარი ჩანაწერები შემიძლია თუ არა, დავბეჭდო?შემიძლია. ვბეჭდავ. ექიმი ბომგარდი. 1927 წლის შემოდგომა.   …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:10pm on დეკემბერი 7, 2014
თემა: ეშმაკეულნი
ბაზაში (ასანთის მასალათა მთავარ ცენტრალურ ბაზაში) უცვლელად მსახურობდა საქმისმწარმოებლის საშტატო თანამდებობაზე და მთელი 11 თვე იმსახურა.       ასანთმასალაში მოკალათებულმა, წყნარმა, ქერათმიანმა კოროტკოვმა გულიდან სამუდამოდ ამოიგდო აზრი, რომ ამქვეყნად არსებობდა ეგრეთ წოდებული ბედის უკუღმართობანი და ამის ნაცვლად რწმენა ჩაინერგა, რომ ამ ბაზაში იმსახურებდა დედამიწაზე სიცოცხლის დასრულებამდე, მაგრამ ყოველივე სხვაგვარად წარიმართა.       1921 წლის 20 სექტემბერს ასანთმასალის მოლარემ საძაგელი ყურებიანი ქუდი დაიხურა. პორტფელში ზოლებიანი ასიგნობა(ასიგნობა – დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბანკი თანხას აძლევს.) ჩაიდო და წავიდა. ეს იყო ღამის 11 საათზე.       იგი ნაშუადღევს, ხუთის ნახევარზე, მთლად გალუმპული დაბრუნდა, ქუდი დაფერთხა, მაგიდაზე დადო, ზედ პორტფელი ჩამოდო და თქვა:       – ბატონებო, ზედახორას ნუ გამართავთ.       მერე რატომღაც მაგიდის უჯრა ამოქექა, ოთახიდან გავიდა, თხუთმეტი წუთის შემდეგ დიდი, კისერმოგრეხილი მკვდარი ქათამი მოიტანა, პორტფელზე დადო, მარჯვენა ხელი დააყრდნო და წარმოთქვა:       – ფული არ იქნება.       – ხვალ? – ერთხმად შეჰყვირეს ქალებმა.       – არა, – თავი გააქნია მოლარემ, – არც ხვალ იქნება და არც ზეგ. ბატონებო, ზედახორას ნუ გამართავთ, თორემ მაგიდას გადამიბრუნებთ.       – რაო? – შესძახა ყველამ, მათ შორის მიამიტმა კოროტკოვმაც.       – ამხანაგებო! – ტირილნარევი ხმით ამღერდა მოლარე და კოროტკოვი იდაყვით მოიცილა, – გთხოვთ!       – ეს როგორ შეიძლება? – ყვიროდნენ ყველანი და ყველაზე ხმამაღლა – კომიკოსი კოროტკოვი.       – აი, ნახეთ, – ჩახრინწული ხმით თქვა მოლარემ, პორტფელიდან ასიგნობა ამოიღო და კოროტკოვს აჩვენა.       იმ ადგილას, სადაც მოლარე ჭუჭყიან ფრჩხილს უსვამდა, წითელი მელნით ირიბად იყო წარწერილი:       „გაეცით. სუბოტნიკოვის ნაცვლად – სენატი“.       უფრო ქვემოთ იისფერი მელნით ეწერა:       „ფული არ არის. ივანოვის ნაცვლად – სმირნოვი“.       – რაო? – მარტო კოროტკოვმა შეჰყვირა, ხოლო დანარჩენები მოლარეს ხვნეშით მიესივნენ.       – ოჰ, ღმერთო ჩემო! – აწუწუნდა დაბნეული მოლარე, – მე რა შუაში ვარ? ღმერთო ჩემო!       მერე ასიგნობა პორტფელში ფაცაფუცით ჩატენა, ქუდი დაიხურა, პორტფელი იღლიაში ამოიჩარა, თავი გაიქნ-გამოიქნია და შეჰყვირა: გეთაყვა, გამატარეთო! ცოცხალი კედელი გაარღვია და კარში გაუჩინარდა.       მოლარეს წრიპინით გაედევნა გაფითრებული რეგისტრატორი ქალი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. მარცხენა წვეტიანი ქუსლი ზედ კართან ღრაჭუნით მოსძვრა. ქალი შეტორტმანდა, ფეხი ასწია და ფეხსაცმელი გაიძრო.       ცალ ფეხზე ფეხსაცმელგაძრობილი ქალიც და დანარჩენებიც, მათ შორის კოროტკოვი, ოთახში დარჩნენ. II - წარმოების პროდუქტები       ზემოაღწერილი ამბიდან სამი დღის შემდეგ იმ ოთახის კარი, სადაც კოროტკოვი საქმიანობდა, ქალმა შემოაღო, ნამტირალევი სახე გამოაჩინა და ბრაზიანად თქვა:       – ამხანაგო კოროტკოვო, წადით, ხელფასი მიიღეთ.       – რა? – შესძახა გახარებულმა კოროტკოვმა და „კარმენის“ უვერტიურის სტვენით გაიქცა იმ ოთახისკენ, რომლის კარზე ეწერა: „სალარო“. მოლარის მაგიდასთან შეჩერდა და პირი ფართოდ გააღო. ყვითელი შეკვრების ორი მსხვილი სვეტი ჭერამდე აზიდულიყო. პასუხი რომ არ გაეცა შეკითხვებზე, გაოფლილსა და აღელვებულ მოლარეს ასიგნობა კედელზე ქინძისთავით მიემაგრებინა. ასიგნობაზე ახლა მესამე, მწვანე მელნით წარწერილი სიტყვები მოჩანდა:       „გაიცეს წარმოების პროდუქტებით.       ამხ. ბოგოიავლენნის ნაცვლად – პრეობრაჟენსკი.       მეც ასე მიმაჩნია – კშესინსკი“.       მოლარის ოთახიდან გამოსული კოროტკოვი სულელურად იღიმებოდა. ხელებში ოთხი დიდი, ყვითელი, ხუთი პატარა, მწვანე შეკვრა ეჭირა, ხოლო ჯიბეში ასანთის ცამეტი ლურჯი კოლოფი ედო. თავის ოთახში დაბრუნებული გაოცების გამომხატველ ხმათა გუგუნს უსმენდა, კანცელარიიდან რომ მოისმოდა, თანაც ასანთის კოლოფებს დღევანდელი გაზეთის ორ უზარმაზარ ფურცელში ფუთავდა. მერე სამსახურიდან შინ ისე წავიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს. ასანთმასალის სადარბაზო შესასვლელის წინ კინაღამ ავტომობილს ჩაუვარდა, რომლითაც ვიღაც მოვიდა, მაგრამ სახელდობრ ვინ, კოროტკოვმა თვალი ვერ მოჰკრა.       შინ როცა მივიდა, ასანთები მაგიდაზე დაალაგა, განზე გადგა და აათვალიერ-ჩაათვალიერა. სახიდან სულელური ღიმილი არ სცილდებოდა. მერე ქერა თმა აიჩეჩა და საკუთარ თავს უთხრა:       – გული არ უნდა გავიტეხოთ. ახლა გაყიდვას უნდა შევეცადოთ.       მერე მეზობელს, გუბღვინსაწყობის მოსამსახურეს, ალექსანდრა ფიოდოროვნას მიუკაკუნა.       – შემოდით, – ყრუდ მოისმა ხმა ოთახიდან.       კოროტკოვი შევიდა და განცვიფრდა. სამსახურიდან ადრე დაბრუნებული ალექსანდრა ფიოდოროვნა იატაკზე ჩაცუცქულიყო. პალტო არ გაეხადა და ქუდიც ისევ ეხურა. წინ მწკრივად ეწყო გაზეთის ქაღალდით პირდაცობილი, მუქწითელი სითხით სავსე ბოთლები. სახე ნამტირალევი ჰქონდა.       – 46, – თქვა მან და კოროტკოვისკენ მოტრიალდა.       – მელანია?.. გამარჯობა, ალექსანდრა ფიოდოროვნა, – მიესალმა განცვიფრებული კოროტკოვი.       – საეკლესიო ღვინოა, – სლუკუნით უპასუხა მეზობელმა.       – რაო, თქვენც ასე გადაგიხადეს? – ამოიოხრა კოროტკოვმა.       – თქვენც საეკლესიო ღვინო მოგცეს? – გაუკვირდა ალექსანდრა ფიოდოროვნას.       – ჩვენ – ასანთი, – მილეული ხმით უპასუხა კოროტკოვმა და პიჯაკის ღილის ტრიალი დაიწყო.       – ეგ ასანთი ხომ არ ინთება! – შესძახა ალექსანდრა ფიოდოროვნამ, წამოდგა და კაბა ჩამოიფერთხა.       – როგორ თუ არ ინთება? – შეშინდა კოროტკოვი და თავისი ოთახისკენ გაექანა. იქ ერთი წუთიც არ დაუკარგავს, კოლოფს ხელი დასტაცა, გახსნა და ასანთი გაჰკრა. ასანთმა გაიშიშინა, მომწვანო ალი დააკვესა, გადატყდა და ჩაქრა. გოგირდის მწვანე სუნით სულშეხუთულმა კოროტკოვმა ავადმყოფურად დაახველა და მეორე ასანთს გაჰკრა. ასანთმა გაიტკაცუნა და ორი ნაპერწკალი გატყორცნა. ერთი ნაპერწკალი ფანჯრის მინას დაეჯახა, მეორე კი ამხანაგ კოროტკოვს თვალში ეცა.       – ა-აჰ! – შეჰყვირა კოროტკოვმა და კოლოფი ხელიდან გაუვარდა.       იგი რამდენიმე წამს ფეხებს ფიცხი ცხენივით აბაკუნებდა და თვალზე ხელისგულს იჭერდა. მერე წვერის საპარს სარკეში შიშით ჩაიხედა, დარწმუნებული იყო, რომ თვალი აღარ ჰქონდა, მაგრამ თვალი თავის ალაგას აღმოჩნდა. თუმცა ჩასწითლებოდა და ცრემლები სდიოდა.       – ოჰ, ღმერთო ჩემო! – თქვა გამწარებულმა კოროტკოვმა, კამოდიდან დაუყოვნებლივ ამოიღო ამერიკული ინდივიდუალური პაკეტი(1920 წლის დასაწყისში მოქმედებდა „დამშეულთა დახმარების ამერიკული ადმინისტრაცია“, რომელიც საბჭოთა რუსეთს სურსათსა და მედიკამენტებს აწვდიდა.), გახსნა, თავის მარცხენა მხარე შეიხვია და ბრძოლაში დაჭრილს დაემგვანა.       კოროტკოვს მთელი ღამე შუქი არ ჩაუქრია, იწვა და ასანთს ატკაცუნებდა. ამგვარად სამი კოლოფი დააცარიელა, თანაც, 63 ასანთის ანთება შეძლო.       – მიჰქარავს ის სულელი, – ბუზღუნებდა კოროტკოვი, – მშვენიერი ასანთია.       დილა როცა მოახლოვდა, ოთახი სულის შემხუთავი გოგირდის სუნით გაივსო. გამთენიისას კოროტკოვმა დაიძინა და სულელური, საშინელი სიზმარი ნახა: თითქოს მწვანე მდელოზე მის წინაშე უზარმაზარი, ცოცხალი, ფეხებიანი ბილიარდის ბურთი გაჩნდა. ეს ისეთი საძაგელი რამ იყო, რომ კოროტკოვმა შეჰყვირა და გაიღვიძა. მღვრიე წყვდიადში ხუთიოდე წამს კიდევ ეჩვენებოდა, რომ ბურთი იქვე, საწოლის გვერდით იყო და გოგირდის ძალიან ძლიერი სუნი იდგა. მაგრამ მერე ყველაფერმა გაიარა; კოროტკოვმა გვერდი იცვალა, დაიძინა და დილამდე აღარ გაღვიძებია. III - მელოტი გამოჩნდა       მეორე დილას კოროტკოვმა სახვევი გადაიწია და დარწმუნდა, რომ თვალი თითქმის მორჩენოდა, მაგრამ ზედმეტად ფრთხილი გახლდათ და გადაწყვიტა, სახვევი ჯერჯერობით არ მოეხსნა.       სამსახურში ძალზე დაგვიანებით მისული ეშმაკი კოროტკოვი პირდაპირ თავის ოთახში შევიდა, რათა დაბალი ჩინის მოსამსახურეებში მითქმა-მოთქმა არ გამოეწვია. მაგიდაზე ქაღალდი დახვდა, სადაც დაკომპლექტების ქვეგანყოფილების გამგე ბაზის გამგეს ეკითხებოდა, მანქანაზე მბეჭდავ ქალებს ფორმის ტანსაცმელი დაურიგდებათ თუ არაო. კოროტკოვმა ქაღალდი მარჯვენა თვალით წაიკითხა, ხელში აიღო და ბაზის გამგის, ამხ. ჩეკუშინის კაბინეტისკენ დერეფანს გაუყვა.       კაბინეტის კართან უცხო კაცს შეეფეთა, ვისმა გარეგნობამაც განაცვიფრა. ისეთი ტანდაბალი იყო, მაღალ კოროტკოვს წელამდე ძლივს სწვდებოდა. სამაგიეროდ, უჩვეულოდ მხარბეჭიანი გახლდათ. კვადრატული სხეული მოკვანტილ ფეხებს ეყრდნობოდა, თანაც მარცხენა ფეხით კოჭლობდა. ყველაზე თვალში საცემი კი თავი ჰქონდა, კვერცხის ზუსტ, კისერზე ჰორიზონტალურად დადგმულ, გიგანტურ მოდელს რომ წარმოადგენდა. წვეტიანი მხარე წინ მიექცია, კვერცხივით იყო მოტვლეპილი და ისე ლაპლაპებდა, კეფაზე ელექტრული ნათურები ჩაუქრობლად ენთო. ერთი ბეწო სახე ისე სუფთად გაეპარსა, სილურჯე გადაჰკრავდა. პაწაწკინა, ქინძისთავის მსგავსი, მწვანე თვალები ბუდეებში ღრმად ეჯდა. ნაცრისფერი სასაბნე ქსოვილისგან შეკერილი, ღილებჩახსნილი ფრენჩი ეცვა, რომლის შიგნითაც უკრაინული ნაქარგი პერანგი მოუჩანდა. იმავე ქსოვილის შარვალი ალექსანდრე II-ის დროინდელ დაბალყელიან ჰუსარულ ჩექმებში ჰქონდა ჩატანებული.       „რა ტიპია“, – გაიფიქრა კოროტკოვმა და ჩეკუშინის კარისკენ გაექანა, თან შეეცადა, თავმოტვლეპილი კაცისთვის გვერდი აექცია, მაგრამ ეს კაცი მოულოდნელად წინ გადაეღობა.       – რა გინდათ? – ისეთი ხმით ჰკითხა კოროტკოვს თავმოტვლეპილმა, რომ ნერვიული საქმისმწარმოებელი შეკრთა. ეს ხმა სპილენძის ტაშტის ხმას ზედმიწევნით წააგავდა და ისეთი ტემბრი ჰქონდა, მსმენელს ყოველი სიტყვის გაგონებაზე ეჩვენებოდა, ხერხემლის გასწვრივ ხორკლიანი მავთული ჩამისრიალესო. ამას გარდა, კოროტკოვს ისიც მოეჩვენა, უცნობის სიტყვებს ასანთის სუნი უდისო.       წინდაუხედავმა კოროტკოვმა ყოველივე ამას ყურადღება არ მიაქცია და ის ქნა, რაც არაფრის დიდებით არ უნდა ექნა, – განაწყენდა.       – ჰმ... საკმაოდ უცნაურია. ქაღალდი მიმაქვს... იქნებ მითხრათ, თქვენ ვინ ბრძან...       – ვერ ხედავთ, კარზე რა წერია?       კოროტკოვმა კარს შეხედა და დიდი ხნის ნაცნობი წარწერა დაინახა: „მოუხსენებლად ნუ შემოხვალთ“.       – სწორედაც მოხსენებით შევდივარ, – სულელურად უპასუხა კოროტკოვმა და თავის ქაღალდზე მიუთითა.       თავმოტვლეპილი, კვადრატული კაცი მოულოდნელად განრისხდა, თვალებიდან მოყვითალო ნაპერწკლები დააკვესა.       – ამხანაგო, – ქვაბისებური ხმით გააყრუა კოროტკოვი, – თქვენ ისეთი განუვითარებელი ხართ, რომ ყველაზე უბრალო სამსახურებრივი წარწერის მნიშვნელობა ვერ გაგიგიათ. მიკვირს, აქამდე როგორ მსახურობდით. საერთოდაც, თქვენთან ბევრი რამ არის საინტერესო. მაგალითად, ყოველ ნაბიჯზე თვალახვეულები მხვდებიან, მაგრამ არა უშავს. ყველაფერს მოვაწესრიგებთ („ჰო-ო!“ – გულში შესძახა კოროტკოვმა), მომეცით!       თქვა ეს უცნობმა, კოროტკოვს ქაღალდი ხელიდან გამოსტაცა, სწრაფად წაიკითხა, შარვლის ჯიბიდან ქიმიური ფანქარი ამოიღო, ქაღალდი კედელზე მიატყეპა და რამდენიმე სიტყვა ირიბად წააწერა.       – წადით! – დაიგრგვინა მან და კოროტკოვს ქაღალდი ისე შეაჩეჩა, კინაღამ საღი თვალიც გამოსთხარა. კაბინეტის კარმა დაიწივლა და უცნობი შთანთქა, ხოლო კოროტკოვი ერთ ადგილას გაშეშდა, – ჩეკუშინი კაბინეტში არ იყო.       დაფეთებული კოროტკოვი გონს ნახევარი წუთის შემდეგ მოეგო, როცა ამხ. ჩეკუშინის პირად მდივანს ლიდოჩკა დე რუნის გადააწყდა.       – ო-ოხ! – ამოიხვნეშა ამხ. კოროტკოვმა. ლიდოჩკას თვალი ზუსტად ისეთივე ინდივიდუალური მასალით ჰქონდა შეხვეული, იმ განსხვავებით, რომ ბინტს ბოლოები კოპწიად ჰქონდა გამონასკვული.       – რა დაგემართათ?       – წყეული ასანთის ბრალია! – უპასუხა გაღიზიანებულმა ლიდოჩკამ.       – კაბინეტში ვინ არის? – ჩურჩულით ჰკითხა გულმოსულმა კოროტკოვმა.       – ნუთუ არ იცით? – აჩურჩულდა ლიდოჩკა, – ახალია.       – რაო? – დაიწრიპინა კოროტკოვმა, – ჩეკუშინი რა იქნა?       – გუშინ გააგდეს, – ბრაზიანად უპასუხა ლიდოჩკამ, თითი კაბინეტისკენ გაიშვირა და დაუმატა, – ეს კი კარგი ვინმეა. ასეთი საძაგელი ვიღაცა ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. ღრიალებს! გაგრეკავთო! ეს ნიფხავგამოხეული! – დაუმატა მოულოდნელად.       – რა გვარ...       შეკითხვა ვერ დაამთავრა თვალებდაჭყეტილმა კოროტკოვმა, რადგან კაბინეტიდან შემზარავი ხმა მოისმა: „კურიერო!“ საქმისმწარმოებელი და მდივანი ქალი აქეთ-იქით გაცვივდნენ. თავის ოთახში შევარდნილი კოროტკოვი მაგიდას მიუჯდა და თავისთვის ალაპარაკდა:       – ვაი, ვაი... კოროტკოვო, თავი რა დღეში ჩაიგდე. ეს საქმე უნდა გამოვასწოროთ... „განუვითარებელი“.. ჰმ... თავხედი... კარგი! განახვებ, კოროტკოვი როგორი განუვითარებელია.       საქმისმწარმოებელმა მელოტის ნაწერი ცალი თვალით წაიკითხა. ქაღალდზე ირიბად ჩამწკრივებულიყო სიტყვები: „ყველა მემანქანეს და საერთოდ ყველა ქალს დროულად დაურიგდება ჯარისკაცური კალსონები“.       – კარგი რამეა! – შესძახა აღფრთოვანებულმა კოროტკოვმა და ნეტარებით შეთრთოლდა. როცა ჯარისკაცის ნიფხვიანი ლიდოჩკა თვალწინ დაუდგა. სუფთა ფურცელი ამოიღო და სამ წუთში შეთხზა:       „ტელეფონოგრამა.       დაკომპლექტების ქვეგანყოფილების გამგეს წერტილი თქვენი 19 რიცხვში გამოგზავნილი №0,15015/ბ მიწერილობის პასუხად მთავასანთმასალა გაცნობებთ მძიმე რომ ყველა მემანქანეს და საერთოდ ქალებს ჯარისკაცის კალსონები დროულად დაურიგდებათ წერტილი გამგე ტირე ხელმოწერა. საქმისმწარმოებელი ტირე ვარფოლომეი კოროტკოვი წერტილი“.       დარეკა და შემოსულ კურიერს, პანტელეიმონს უთხრა:       – გამგეს შეუტანე ხელმოსაწერად.       პანტელეიმონმა ტუჩები გაღეჭა, ქაღალდი გამოართვა და გავიდა.       კოროტკოვი ამის შემდეგ ოთხ საათს თავის ოთახში ყურგაფაციცებული იჯდა იმ ვარაუდით, თუ ახალი გამგე შენობას ჩამოივლის, უსათუოდ საქმეში ჩაფლული დავხვდეო. მაგრამ შემზარავი კაბინეტიდან ჩქამიც არ მოისმოდა. მხოლოდ ერთხელ გაისმა ბუნდოვანი თუჯისებური ხმა, ვიღაცას თითქოს სამსახურიდან დათხოვნით რომ ემუქრებოდა; ოღონდ ვის, კოროტკოვმა ვერ გაიგონა, თუმცა ყური გასაღების ჭუჭრუტანაზე ჰქონდა მიდებული. ნაშუადღევის ოთხის ნახევარზე კანცელარიის კედლის იქით პანტელეიმონის ხმა დაირხა:       – მანქანით წავიდა...       კანცელარია უმალ აჩოჩქოლდა. ყველანი გაიქც-გამოიქცნენ. ამხ. კოროტკოვი შინისაკენ ყველაზე ბოლოს მარტოდმარტო წავიდა. IV - პირველი პარაგრაფი – კოროტკოვი გაისტუმრეს       მეორე დილას გახარებული კოროტკოვი დარწმუნდა, რომ მის თვალს სახვევით მკურნალობა აღარ სჭირდებოდა, ამიტომ დამშვიდებულმა ბინტი მოიხსნა და უმალ შეიცვალა, უკეთესი შესახედავი შეიქნა. ჩაი ხელდახელ დალია, პრიმუსი ჩააქრო და სამსახურისკენ გაეშურა; ცდილობდა, არ დაეგვიანა, მაგრამ 50 წუთით დაიგვიანა იმის გამო, რომ ტრამვაი მეექვსე მარშრუტის ნაცვლად წრეზე წავიდა მეშვიდე მარშრუტით, შორეულ ქუჩებში გავიდა, სადაც პატარა სახლები იდგა და იქ გაფუჭდა. კოროტკოვმა სამი ვერსი ფეხით გაიარა და კანცელარიაში ქოშინით სწორედ მაშინ შეირბინა, როცა „ალპური ვარდის“ სამზარეულოს საათმა თერთმეტჯერ დარეკა. კანცელარიაში დილის თერთმეტი საათისთვის შეუფერებელი სანახაობა ელოდა. ლიდოჩკა დე რუნი, მილოჩკა ლიტოვცევა, ანა ევგრაფოვნა, უფროსი ბუღალტერი დროზდი, ინსტრუქტორი გიმტისი, ნომერაცკი, ივანოვი, მუშკა, რეგისტრატორი, მოლარე – მოკლედ, მთელი კანცელარია – ყოფილი რესტორნის, „ალპური ვარდის“ სამზარეულოს მაგიდებთან თავ-თავიანთ ადგილებზე კი არ ისხდნენ, არამედ მჭიდროდ შეჯგუფებულნი იდგნენ კედელთან, სადაც ლურსმნით იყო მიმაგრებული ფურცლის მეოთხედი. კოროტკოვის შესვლისთანავე უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა და ყველამ თავი დახარა.       – გამარჯობათ, ბატონებო, ეგ რა არის? – იკითხა განცვიფრებულმა კოროტკოვმა.       ჯგუფი შუაზე გაიპო და კოროტკოვი ფურცელთან მივიდა.       პირველი სტრიქონები კოროტკოვს გარკვევით, გამართულად შეაცქერდა, ბოლო სტრიქონები კი ცრემლნარევ, გამაოგნებელ ბურუსში გამოჩნდა.       ბრძანება №1       1. თავისი მოვალეობისადმი უკიდურესად დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მნიშვნელოვან სამსახურებრივ ქაღალდებში აღმაშფოთებელი არევ-დარევა გამოიწვია, აგრეთვე იმის გამო, რომ სახე, ალბათ, ჩხუბში დაისახიჩრა, ამხანაგი კოროტკოვი ამ თვის 26 რიცხვიდან გათავისუფლებულია. ტრამვაის ფული გადაეხადოს 25 რიცხვის ჩათვლით.       პირველი პარაგრაფი ამასთანავე უკანასკნელიც გახლდათ, ხოლო პარაგრაფის ქვემოთ მოჩანდა მსხვილი ასოები ხელმოწერისა:       „გამგე კალსონიერი...“       „ალპური ვარდის“ ბროლის მტვრიან დარბაზში ოც წამს იდეალური სიჩუმე გამეფდა. ყველაზე უკეთ, ღრმად, მკვდარივით დუმდა სახეგამწვანებული კოროტკოვი. ოცდამეერთე წამზე მდუმარება დაირღვა.       – რა? რა? – ორჯერ დაიწივლა კოროტკოვმა, როგორც ქუსლგატეხილმა „ალპური ვარდის“ ბოკალმა, – მისი გვარი კალსონიერია?       საზარელი სიტყვის გაგონებაზე კანცელარიის თანამშრომლები აქეთ-იქით გაცვივდნენ და თვალის დახამხამებაში მაგიდებთან ჩამწკრივდნენ, როგორც ყვავები ტელეგრაფის მავთულებზე. კოროტკოვის სახეზე მწვანე ობისფერს მეწამული ლაქები შეენაცვლა.       – ვაი, ვაი, ვაი, – დავთრიდან თავი აიღო და დაიგუგუნა მოშორებით მჯდარმა სკვორეცმა, – ჩემო კარგო, ეგ როგორ შეგეშალათ? ჰა?       – რ-რა ვ-ვი-ცი! – ჩაიბლუკუნა კოროტკოვმა, – „კალსონიერის“ ნაცვლად „კალსონები“ წავიკითხე. გვარს პატარა ასოთი წერს!       – მე ნიფხავს არ ჩავიცვამ, მშვიდად იყოს! – ბროლივით ჩააწკრიალა ლიდოჩკამ.       – სს! – გველივით ჩაისისინა სკვორეცმა, – რას ამბობთ? – იგი მთავარი ბუღალტრის ოთახში შეიმალა და ფურცელი აიფარა.       – სახის თაობაზე კი ნება არა აქვს! – წამოიყვირა კოროტკოვმა და მეწამულის ნაცვლად მიტკლისფერი დაედო, – მე ხომ თვალი ჩვენი საძაგელი ასანთით გამოვიწვი, როგორც ამხანაგმა დე რუნიმ.       – ჩუმად! – დაიწრიპინა გაფითრებულმა გიტისმა, – რას ამბობთ? გამგემ ასანთი გუშინ შეამოწმა და საუცხოოდ მიიჩნია.       დ-რ-რ-რ-რ-რ-რრრ, – უეცრად აჟღრიალდა ელექტროზარი კარს ზემოთ... იმავე წამს პანტელეიმონის მძიმე სხეული ტაბურეტიდან გადმოემხო და დერეფანში გაშლიგინდა.       – არა! განმარტებას მოვთხოვ! განმარტებას მოვთხოვ! – წვრილი ხმით წამოიყვირა კოროტკოვმა, ჯერ მარცხნივ გაქანდა, მერე მარჯვნივ, ადგილზე ფეხები ააბაკუნა, „ალპური ვარდის“ მტვრიან სარკეში მრუდედ აირეკლა, დერეფანში გასხლტა და მქრქალი ნათურების შუქისკენ გაიქცა, რომელიც ანათებდა წარწერას – „განცალკევებული კაბინეტები“, შემზარავი კარის წინ ქოშინით შეჩერდა და გონს მაშინ მოეგო, როცა პანტელეიმონის მკლავებში მოექცა.       – ამხანაგო პანტელეიმონ, – წამოიწყო აფორიაქებულმა კოროტკოვმა, – შემიშვი, გეთაყვა, გამგეს დაუყოვნებლივ უნდა ველაპარაკო...       – არ შეიძლება, არ შეიძლება, ნაბრძანები მაქვს, არავინ შევუშვა, – ახრიალდა პანტელეიმონი და კოროტკოვის მოწადინება ხახვის საშინელი სუნით ჩაახშო, – არ შეიძლება. ბატონო კოროტკოვო, წადით, თორემ თქვენ გამო მეც დავისჯები...       – პანტელეიმონ, შესვლა მჭირდება, – სთხოვა ჩანავლებულმა კოროტკოვმა, – ძვირფასო პანტელეიმონ, ჩემზე ბრძანებაა, შემიშვი, საყვარელო პანტელეიმონ.       – რას ამბობ, ბატონო... – დაფეთებული პანტელეიმონი კარისკენ შეტრიალდა და ისევ აჩურჩულდა, – ხომ გითხარით, რომ არ შეიძლება. არ შეიძლება, ამხანაგო!       კარს იქით, კაბინეტში, ტელეფონი აჟღრიალდა და მკაცრი, სპილენძისებური ბუბუნი გაისმა.       – მოვდივარ! ახლავე!       პანტელეიმონი და კოროტკოვი აქეთ-იქით გადგნენ; კარი გაიღო და ქუდიანი, იღლიაში პორტფელამოჩრილი კალსონიერი დერეფანს სწრაფი ნაბიჯით გაუყვა. პანტელეიმონი ძუნძულით გაედევნა, კოროტკოვი ცოტა ხანს შეყოყმანდა და პანტელეიმონს სირბილით მიჰყვა. დერეფნის მოსახვევში გადაფითრებული და აღელვებული კოროტკოვი პანტელეიმონს ხელებქვეშ გაუძვრა, კალსონიერს წამოეწია, მერე გაასწრო, პირი შემოაბრუნა და სირბილით წინ გაუძღვა.       – ამხანაგო კალსონიერო, – აბურტყუნდა იგი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმით, – ნება მიბოძეთ, ერთ წუთს დაგელაპარაკოთ... ბრძანების გამო მინდა გითხრათ...       – ამხანაგო! – დაიგრგვინა სწრაფად მიმავალმა, შეშფოთებულმა კალსონიერმა და კოროტკოვი გზიდან ჩამოიცილა, – ხომ ხედავთ, რომ არ მცალია? მივდივარ! მივდივარ!...       – ბრძანების გამო გეუბნებით...       – ვერ ხედავთ, რომ არ მცალია? ამხანაგო! საქმისმწარმოებელს მიმართეთ.       კალსონიერი ვესტიბიულში გავარდა, სადაც „ალპური ვარდის“ უპატრონოდ მიტოვებული უზარმაზარი ორგანი იყო მოთავსებული.       – საქმისმწარმოებელი ხომ მე ვარ! – დაიწრიპინა შეძრწუნებულმა, ოფლში გაღვრილმა კოროტკოვმა, – მისმინეთ, ამხანაგო კალსონიერო!       – ამხანაგო! – საყვირივით დაიგრგვინა კალსონიერმა, კოროტკოვს ყური არ უგდო, პანტელეიმონს შეუჩერებლად მიუტრიალდა და დაუყვირა, – ზომები მიიღეთ, რომ არ დამაყოვნონ!       – ამხანაგო! – დაიხრიალა შეშინებულმა პანტელეიმონმა, – რატომ აყოვნებთ?       არ იცოდა, რა ზომები მიეღო და ამგვარად მოიქცა: კოროტკოვს წელზე ხელები შემოხვია და საყვარელი ქალივით მსუბუქად მიიკრა. ამ ქმედებამ გაჭრა, – კალსონიერი გასხლტა, კიბეზე თითქოს გორგოლაჭებით გაექანა და სადარბაზო შესასვლელიდან გავარდა.       – დრ! დრ! – მინებს იქით დაიტრახტრახა მოტოციკლეტმა, ხუთჯერ გამოაბოლქვა, ფანჯარა კვამლში გაახვია და გაუჩინარდა. პანტელეიმონმა კოროტკოვს ხელი ახლაღა გაუშვა, ოფლი მოიწმინდა და ამოიგმინა:       – რა უბედურებაა!       – პანტელეიმონ, სად წავიდა? – ხმის კანკალით ჰკითხა კოროტკოვმა, – მალე მითხარი, უკვე სხვა...       – მგონი, ცენტრმომარაგებაში.       კოროტკოვმა კიბეზე ისარივით ჩაიქროლა, გასახდელში შევარდა, პალტოსა და ქუდს ხელი წამოავლო და ქუჩაში გაიჭრა. V - სატანური ფოკუსი       კოროტკოვს გაუმართლა. ტრამვაი „ალპურ ვარდებს“ იმავე წუთს გაუსწორდა. კოროტკოვი ტრამვაის მარჯვედ შეახტა და წინ გასწია; ხან სამუხრუჭე ბორბალს ეხლებოდა, ხან ვიღაცათა ზურგზე წამოკიდებულ ტომრებს. გულში იმედი უღვიოდა. მოტოციკლეტი რატომღაც დაბრკოლდა და ახლა ტრამვაის წინ მიტრახტრახებდა. ლურჯ კვამლში გახვეული ზურგი კოროტკოვს ხან ეკარგებოდა თვალთაგან, ხან ისევ გამოჩნდებოდა. კოროტკოვი ტრამვაის ბაქანზე ხუთიოდე წუთს აქეთ-იქით ეხეთქებოდა და იჭყლიტებოდა. ბოლოს მოტოციკლეტი ცენტრმომარაგების რუხი შენობის წინ გაჩერდა. კვადრატული სხეული გამვლელებს მიეფარა და გაქრა. კოროტკოვი მიმავალი ტრამვაიდან გადახტა, დაბზრიალდა, წაიქცა, მუხლი იტკინა, დავარდნილ ქუდს მისწვდა, ავტომობილის ცხვირწინ გასხლტა და ვესტიბიულისკენ გაეშურა.       კოროტკოვს ათეულობით ადამიანი ხვდებოდა, ბევრნი წამოეწეოდნენ და გაასწრებდნენ ხოლმე. ყველანი იატაკზე სველ ლაქებს ტოვებდნენ. კვადრატული ზურგი კიბის მეორე მარშზე გაკრთა. სულშეხუთული კოროტკოვი უმალ გამოედევნა. კალსონიერი კიბეზე საშინელი, არაბუნებრივი სიჩქარით არბოდა და კოროტკოვს გული უკრთოდა, თვალთაგან არ დამეკარგოსო. მართლაც ასე მოხდა. მეხუთე ბაქანზე, როცა საქმისმწარმოებელს ძალა მთლად გამოელია, ზურგი სახეთა, ქუდთა და პორტფელთა ზღვაში გაუჩინარდა. კოროტკოვი ბაქანზე ისარივით აიჭრა და ერთ წამს შეყოყმანდა იმ კარის წინ, რომელზეც მოჩანდა წარწერა: „მომარაგების საქმეთა სამმართველოს კანცელარიის უფროსი.“ კოროტკოვმა ალალბედზე ეს კარი შეაღო და მინის უზარმაზარი გალიები დაინახა, რომელთა შორის უამრავი ქერათმიანი ქალი გარბი-გამორბოდა. მინის პირველი ტიხარი როცა გამოაღო, შიგნით ვიღაც ნაცრისფერკოსტიუმიანი კაცი დაინახა, მაგიდაზე რომ გადაწოლილიყო და ტელეფონში მხიარულად იცინოდა. მეორე განყოფილებაში მაგიდაზე შელერ-მიხაილოვის თხზულებათა სრული კრებული მოჩანდა, რომლის გვერდით თავშალმოხვეული უცნობი ხნიერი ქალი სასწორზე ხმელ, აყროლებულ თევზს წონიდა. მესამე განყოფილებაში განუწყვეტელი კაკუნ-წკარუნი გაისმოდა – იქ ექვს მანქანაზე ექვსი ქერა წვრილკბილა ქალი ბეჭდავდა და იცინოდა. ბოლო ტიხარს მიღმა მსხვილსვეტებიანი დიდი სივრცე გადაშლილიყო. ჰაერში მანქანების აუტანელი ჭახანი იდგა, ქალებისა და კაცების უამრავი თავი მოჩანდა, მაგრამ მათ შორის კალსონიერის თავი არ ერია. აფორიაქებულმა და დაბნეულმა კოროტკოვმა პირველივე ქალი გააჩერა, რომელმაც გვერდით ჩაურბინა და ხელში პატარა სარკე ეჭირა.       – კალსონიერი ხომ არ გინახავთ?       კოროტკოვს გული სიხარულისგან გაუჩერდა, როცა ქალმა თვალები დაჭყიტა და უპასუხა:       – ვნახე, მაგრამ უკვე მიდის. დაეწიეთ.       კოროტკოვი სვეტებიან დარბაზში იქით გაიქცა, საითაც წითელფრჩხილებიანი თეთრი ხელი უთითებდა. დარბაზი როცა გადაირბინა, ვიწრო, ჩაბნელებულ ბაქანზე აღმოჩნდა, სადაც განათებული ლიფტის დაღებული ხახა დაინახა. კოროტკოვს გული ფეხებისკენ დაუქანდა, – დაეწია... ლიფტის ხახა სასაბნე ქსოვილით შემოსილ კვადრატულ ზურგსა და შავად მოელვარე პორტფელს ნთქავდა.       – ამხანაგო კალსონიერო, – შეჰყვირა კოროტკოვმა და გაშეშდა. ბაქანზე უამრავი მწვანე წრე ათამაშდა. მინის კარი ბადემ დაფარა, ლიფტი დაიძრა, კვადრატული ზურგი შეტრიალდა და გოლიათურ მკერდად იქცა. კოროტკოვმა ყველაფერი იცნო: ნაცრისფერი ფრენჩიც, კეპიც, პორტფელიც, წვრილი თვალებიც. ეს კალსონიერი გახლდათ, მაგრამ გრძელი, ასირიული, მკერდამდე ჩამოშვებული გოფრირებული წვერით დამშვენებული კალსონიერი. კოროტკოვის ტვინში დაუყოვნებლივ დაიბადა აზრი: „სანამ მოტოციკლეტით გარბოდა და კიბეზე ადიოდა, წვერი წამოეზარდა, – ეს რა ამბავია?“ შემდეგ მეორე აზრიც: „წვერი ყალბია – ეს რა ამბავია?“       კალსონიერი ამასობაში ბადით დაფარულ უფსკრულში ჩაეშვა. ჯერ ფეხები გაუჩინარდა, მერე მუცელი, წვერი, ბოლოს თვალები და პირი. მერე კოროტკოვმა გაიგონა, ამ პირმა ნაზი ტენორით როგორ წამოიყვირა:       – გვიანაა, ამხანაგო, პარასკევს.       „ხმაც შეიცვალა“, – გაუწკარუნდა კოროტკოვის გონებაში. სამ წამს თავი მტანჯველად უხურდა, მაგრამ მერე გაახსენდა, ვერანაირმა ჯადოქრობამ ვერ უნდა შემაჩეროს, დაყოვნება დამღუპავსო, და ლიფტისკენ გაქანდა. ბადეში ბაგირზე ჩამოკიდებული სახურავი გამოჩნდა, მილს იქიდან მიბნედილი ლამაზი ქალი გამოვიდა, თმაში მოელვარე თვლები რომ უბრწყინავდა. კოროტკოვს ხელზე ნაზად შეეხო და შეეკითხა:       – ამხანაგო, გულის მანკი გჭირთ?       – არა, ოჰ, არა, ამხანაგო, – წამოიძახა გაოგნებულმა კოროტკოვმა და ბადისკენ ნაბიჯი გადადგა, – ნუ მაყოვნებთ.       – მაშინ, ამხანაგო, ივან ფინოგენოვიჩთან წადით, – სევდიანად უთხრა კოროტკოვს ლამაზმა ქალმა და ლიფტისკენ გზა გადაუღობა.       – არ მინდა! – წამოიტირა კოროტკოვმა, – ამხანაგო! მეჩქარება, თავი გამანებეთ!       მაგრამ სევდიანი ქალი არ შედრკა.       – არაფერი შემიძლია, თავადაც იცით, – უთხრა კოროტკოვს და ხელზე ხელი მაგრად ჩასჭიდა. ლიფტი შეჩერდა, პორტფელიანი კაცი გამოტყორცნა, ბადე ჩამოიფარა და კვლავ ქვემოთ გაემართა.       – გამიშვით! – წამოიკივლა კოროტკოვმა, ქალს ხელი გამოსტაცა და კიბეზე წყევლა-კრულვით დაექანა. მარმარილოს ექვსი მარში ჩაათავა, მაღალი, თავსაბურავიანი დედაბერი კინაღამ საიქიოს გაამგზავრა, ქვემოთ უზარმაზარ, მინის ახალ კედელთან აღმოჩნდა, სადაც მაღლა, ლურჯ ფონზე მოჩანდა ვერცხლისფერი წარწერა: „მაღალი კლასის მორიგე ქალბატონები“, ხოლო ქვემოთ ქაღალდზე კალმით წაწერილი: „საცნობარო“. კოროტკოვს მრუმე შიში დაეუფლა. კედლის იქით აშკარად გაკრთა კალსონიერი. სილურჯემდე სუფთად წვერგაპარსული, ადრინდელი და საშინელი კალსონიერი. მან კოროტკოვს სულ ახლოს ჩაუარა, მისგან მხოლოდ მინის თხელი ფენა ჰყოფდა. კოროტკოვი შეეცადა, არაფერზე ეფიქრა, სპილენძის ელვარე სახელურისკენ გაექანა და შეანჯღრია, მაგრამ სახელური არ დაემორჩილა.       კოროტკოვმა მოელვარე სპილენძი ერთხელ შეანჯღრია და სასოწარკვეთილმა ახლაღა შეამჩნია ნამცეცა წარწერა: „მე-6 სადარბაზოდან შემოუარეთ“.       კალსონიერმა გაიელვა და მინის იქით შავ ნიშაში გაუჩინარდა.       – მეექვსე სად არის? მეექვსე სად არის? – სუსტი ხმით გასძახა კოროტკოვმა ვიღაცას. გამვლელები გაფრთხნენ. გვერდითა პატარა კარი გაიღო და იქიდან ლუსტრინისპიჯაკიანი, ლურჯსათვალიანი ბერიკაცი შემოვიდა, ხელში უზარმაზარი სია ეჭირა, კოროტკოვს სათვალის ზემოდან გადმოხედა, გაიღიმა და ტუჩები გაღეჭა.       – რაო? სულ აქ დაიარებით? – აჩიფჩიფდა იგი, – ღმერთმანი, ამაოდ. გამიგონეთ ბერიკაცს, მოეშვით აქ სიარულს. სულერთია, უკვე ამოგშალეთ. ხი-ხი.       – საიდან ამომშალეთ? – გაშეშდა კოროტკოვი.       – ჰი. საიდან და სიიდან. ფანქრით – ჩხიკ და მორჩა – ჰი, ჰი, – ბერიკაცმა გულიანად გაიცინა.       – უკაც... რავად... მაგრამ საიდან მიცნობთ?       – ჰი. რა ხუმარა ხართ, ვასილ პავლოვიჩ.       – მე ვარფოლომეი ვარ, – უთხრა კოროტკოვმა და ცივ, გალიპულ შუბლზე ხელი მოისვა, – პეტროვიჩი.       შემზარავ ბერიკაცს სახეზე ღიმილი წუთით გაუქრა.       იგი ფურცელს ჩააჩერდა და გრძელფრჩხილიანი ხმელი თითი სტრიქონებს ჩააყოლა.       – რატომ მაბნევთ? აგერ – კოლობკოვი, ვ. პ.       – მე კოროტკოვი ვარ, – მოუთმენლად შეჰყვირა კოროტკოვმა.       – მეც ხომ ეგა ვთქვი: კოლობკოვი, – განაწყენდა ბერიკაცი, – აი კალსონიერიც. ორივე ერთად ხართ გადაყვანილი. კალსონიერის ნაცვლად ჩეკუშინია.       – რაო? – შეჰყვირა სიხარულისგან გადარეულმა კოროტკოვმა, – კალსონიერი გააგდეს?       – დიახ. ერთ დღეს იუფროსა და გააძუნძულეს.       – ღმერთო ჩემო! – შესძახა აღფრთოვანებულმა კოროტკოვმა, – გადავრჩი! გადავრჩი! – მან ბერიკაცს ხეშეშა ხელზე ხელი თავდავიწყებით მოუჭირა. ბერიკაცმა გაიღიმა. კოროტკოვის სიხარული წამით გაფერმკრთალდა. ბერიკაცის თვალთა ლურჯ ხვრელებში უცნაური, ავისმომასწავებელი რაღაც გაკრთა. უცნაური გახლდათ მისი ღიმილიც, რამაც მოლურჯო ღრძილები გააშიშვლა, მაგრამ კოროტკოვმა უსიამოვნო გრძნობა უმალ მოიცილა და დაფაცურდა.       – მაშ ახლა ასანთმასალებში უნდა გავიქცე?       – აუცილებლად, – დაუდასტურა ბერიკაცმა, – აქ ნათქვამია, ასანთმასალებშიო. ოღონდ თქვენი წიგნაკი მიბოძეთ, შიგ ფანქრით აღნიშვნას გავაკეთებ.       კოროტკოვმა ხელი უმალ ჯიბეში ჩაიყო, გაფითრდა, მეორე ჯიბეც მოიქექა, უარესად გაფითრდა, შარვლის ჯიბეები მოისინჯა, ყრუ ხმით წამოიკივლა და კიბეს სირბილით აუყვა, თან ფეხებქვეშ იყურებოდა, გზად ვიღაცებს ეჯახებოდა. სასოწარკვეთილმა კიბე თავამდე აირბინა, უნდოდა, თვლებით თმაშემკობილი, ლამაზი ქალი დაენახა და მისთვის რაღაც ეკითხა, მაგრამ ნახა, რომ ლამაზი ქალი, მახინჯ, ცინგლიან ბიჭად გადაქცეულიყო.       – ჩემო კარგო, – მისკენ გაექანა კოროტკოვი, – ჩემი საფულე, ყვითელი...       – ტყუილია, – ბრაზიანად უპასუხა ბიჭმა, – მე არ ამიღია, ტყუილი უთქვამთ.       – არა, ჩემო კარგო, ამას არ ვამბობ... შენ არა... საბუთები.       ბიჭმა ალმაცერად შემოხედა და უცებ ბოხი ხმით აბღავლდა.       – ოჰ, ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა სასოწარკვეთილმა კოროტკოვმა და ქვემოთ, ბერიკაცისკენ გაექანა, მაგრამ ქვემოთ როცა ჩაირბინა, ბერიკაცი იქ აღარ დახვდა. გაუჩინარებულიყო. კოროტკოვი პატარა კარს ეცა, სახელურს დაეჯაჯგურა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბინდბუნდში გოგირდის ოდნავი სუნი იდგა.       კოროტკოვს თავში ფიქრები ქარიშხალივით დაუტრიალდა და ახალი აზრი ამოუხტა: „ტრამვაი!“ უცებ ცხადად გაახსენდა, ბაქანზე ორმა ახალგაზრდა კაცმა შუაში როგორ მოიქცია და მოჭეჭყა. ერთი მათგანი გამხდარი იყო, შავი, თითქოს მიწებებული ულვაში ჰქონდა.       – აი, ეს არის უბედურება, – ბუტბუტებდა კოროტკოვი, – ყველაზე დიდი უბედურება.       იგი ქუჩაში გავარდა, ბოლომდე ჩაირბინა, შესახვევში გაუხვია და უშნოდ ნაგები პატარა შენობის სადარბაზო შესასვლელთან აღმოჩნდა.       – სად მიძვრები? – ჰკითხა კოროტკოვს ელამმა და პირქუშმა, ულაზათო კაცმა, მისკენ კი არა, სადღაც გვერდზე რომ იცქირებოდა:       – მე, ამხანაგო, ვ. პ. კოროტკოვი ვარ. ეს-ესაა, საბუთები მომპარეს... მთლიანად... შეუძლიათ, დამიჭირონ...       – სულ იოლად, – დაუდასტურა პარმაღზე მდგარმა კაცმა.       – ჰოდა, ნება მიბოძეთ...       – პირადად კოროტკოვი მოვიდეს.       – კოროტკოვი თავად მე გახლავართ.       – მოწმობა მომეცი.       – მოწმობა ახლახან მომპარეს, – ამოიგმინა კოროტკოვმა, – მომპარეს, ამხანაგო... ულვაშიანმა ახალგაზრდა კაცმა მომპარა.       – ულვაშიანმა? მაშ კოლობკოვი იქნებოდა. უეჭველად. ჩვენს რაიონში ის არის ამისი სპეციალისტი. იმას ახლა სადმე საჩაიეში თუ იპოვი.       – ამხანაგო, არ შემიძლია, – ატირდა კოროტკოვი, – ასანთმასალებში უნდა მივიდე, კალსონიერთან. შემიშვით.       – მოწმობა მომეცი, რომ მოგპარეს.       – მოწმობა ვინ უნდა მომცეს?       – სახლმმართველმა.       კოროტკოვი პარმაღს მოსწყდა და ქუჩაში გავარდა.       „ასანთმასალებში წავიდე თუ სახლმმართველთან? – გაიფიქრა მან, – სახლმმართველს მიღება დილიდან აქვს; მაშ ასანთმასალებში უნდა წავიდე“.       ამ დროს მოშორებით, მოწითალო კოშკზე საათმა ოთხჯერ დარეკა და იმავე წუთს ყველა კარიდან პორტფელიანი ხალხი გამოიშალა. დაბინდდა და ციდან თხლად იწყო ცვივნა თოვლის სველმა ფანტელებმა.       „გვიანაა, – გაიფიქრა კოროტკოვმა, – შინ წასვლა სჯობია“. VI - პირველი ღამე       ბოქლომის ყურში თეთრი ბარათი იყო გაჩრილი. კოროტკოვმა ბინდბუნდში წაიკითხა.       „ძვირფასო მეგობარო!       მე ზვენიგოროდში დედასთან მივემგზავრები. საჩუქრად ღვინოს გიტოვებთ. სვით, რამდენიც გენებოთ, – არავინ ყიდულობს. კუთხეში აწყვია.       თქვენი ა. პაიკოვა“.       კოროტკოვმა ალმაცერად გაიღიმა, ბოქლომი ააჩხაკუნა, დერეფნის კუთხეში ჩამწკრივებული ბოთლები თავის ოთახში ოც გზობაზე გადაზიდა, ლამპა აანთო და საწოლზე ქუდიანი და პალტოიანი მიეგდო. კრომველის სურათს ნახევარი საათი მონუსხულივით უცქეროდა, სანამ იგი შედედებულ ბინდბუნდში არ ჩაიკარგა, მერე წამოხტა და გამძვინვარდა. კეპი მოიძრო და კუთხეში მიაგდო, ასანთის კოლოფები ხელის ერთი მოსმით იატაკზე ჩამოყარა, ფეხით შესდგა და გათელვა დაუწყო.       – ეგეც შენ! ეგეც შენ! ეგეც შენ! – ღმუოდა კოროტკოვი და წყეულ კოლოფებს ლეწავდა, თან ელანდებოდა, კალსონიერის თავს ვთქერავო.       კვერცხისნაირი თავის გახსენებამ უეცრად ხან გაპარსული, ხანაც წვერიანი სახე გაახსენა და უმალ შეჩერდა.       – უკაცრავად... მაგრამ ეს რა ამბავია? – ჩაიჩურჩულა და თვალებზე ხელი მოისვა, – ეს რანაირი რამეა? რას ვდგავარ და რას ვსულელობ, როცა ყოველივე ასე შემზარავია? მართლა გაორმაგებული ხომ არ იქნება?       ჩაშავებული ფანჯრებიდან შიში ოთახში შემობობღდა. კოროტკოვი ცდილობდა, ფანჯრებისთვის თვალი მოერიდებინა, თან ფარდებს აფარებდა, მაგრამ არც ამან უშველა. ხან წვერმოშვებული, ხან გაპარსული, გაორმაგებული სახე დროდადრო კუთხეებიდან ამოტივტივდებოდა და მომწვანო თვალებს აელვარებდა. კოროტკოვმა ბოლოს ვეღარ გაუძლო; გრძნობდა, რომ ტვინი დაძაბულობისგან უსკდებოდა და ხმადაბლა ატირდა.       როცა ტირილით გული იჯერა და შვება იგრძნო, გუშინდელი ცივი კარტოფილი შეჭამა, მერე წყეულ გამოცანას მიუბრუნდა და ცოტა ხანს კიდევ წაუტირა.       – უკაცრავად... – ჩაიჩურჩულა უცებ, – რა მატირებს, როცა ღვინო მაქვს?       ნახევარი ჩაის ჭიქა ერთბაშად გადაჰკრა. ტკბილმა სითხემ ხუთი წუთის შემდეგ იმოქმედა, – მარცხენა საფეთქელი საშინლად ასტკივდა და ცხარედ, აუტანლად მოსწყურდა.       სამი ჭიქა წყალი დალია, საფეთქლის ტკივილმა კალსონიერი მთლად გადაავიწყა, ტანსაცმელი კვნესით გაიძრო და საწოლზე თვალებგადმოკარკლული გაიშოტა. „პირამიდონი მაინც მქონდეს...“ – ჩურჩულებდა დიდხანს, სანამ ძილ-ბურანი თავს წაართმევდა. VII - ორგანი და კატა       მეორე დღეს, დილის ათ საათზე, კოროტკოვმა ჩაი სახელდახელოდ აადუღა, მეოთხედი ჭიქა უხალისოდ დალია, გრძნობდა, რომ ძნელი, ფორიაქი დღე ელოდა. ოთახიდან გავიდა და ნისლში სველი, მოასფალტებული ეზო გადაირბინა. ფლიგელის კარზე ეწერა: „სახლმმართველი“. კოროტკოვმა ხელი უკვე ღილაკისკენ წაიღო, მაგრამ თვალი მოჰკრა წარწერას: „სიკვდილის გამო მოწმობები არ გაიცემა“.       – ოჰ, ღმერთო ჩემო, – სინანულით შესძახა კოროტკოვმა, – ყოველ ფეხის ნაბიჯზე მარცხი გაგონილა? – მერე დაუმატა, – რახან ასეა, საბუთების საქმე მერე მოვაგვაროთ, ახლა კი ასანთმასალებისკენ გავწიოთ. უნდა შევიტყოთ, იქ რა ხდება. იქნებ ჩეკუშინი უკვე დაბრუნდა.       რადგან ფული სულ მოჰპარეს, კოროტკოვი ასანთმასალებამდე ფეხით მივიდა, ვესტიბიული გაიარა და პირდაპირ კანცელარიისკენ გაემართა. კანცელარიის ზღურბლზე შეჩერდა და პირი დააღო. ბროლის დარბაზში ვერც ერთი ნაცნობი სახე ვერ დაინახა. არც დროზდი, არც ანა ევგრაფოვნა, მოკლედ, არავინ ჩანდა. მაგიდებთან სამი მთლად ერთნაირი, წვერგაპარსული კაცი იჯდა. მავთულზე ჩამწკრივებულ ყვავებს კი არა, ალექსეი მიხაილოვიჩის სამ შევარდენს ჰგავდნენ. ღია ნაცრისფერი კუბოკრული კოსტიუმები ეცვათ. იქვე იყო ერთი ახალგაზრდა ქალი, მეოცნებე თვალები რომ ჰქონდა და ბრილიანტის საყურე ეკეთა. ახალგაზრდა კაცებს კოროტკოვისთვის ოდნავი ყურადღებაც არ მიუქცევიათ, დავთრებში კალმების წრიპინი არ შეუწყვეტიათ, ხოლო ქალმა თვალები მოჭუტა და ისე შეხედა. როცა დაბნეულმა კოროტკოვმა პასუხად გაუღიმა, ქალმა მედიდურად გაიღიმა და პირი მიიბრუნა. „უცნაურია“, – გაიფიქრა კოროტკოვმა, ზღურბლზე წაიბორძიკა და კანცელარიიდან გავიდა.       თავისი ოთახის კართან შეყოყმანდა, ოხვრით შეხედა იმ ადგილს, სადაც მოჩანდა ძველი, საამური წარწერა: „საქმისმწარმოებელი“, კარი შეაღო და შევიდა. უმალ თვალთ დაუბნელდა და ფეხქვეშ იატაკი ოდნავ შეერყა. კოროტკოვის მაგიდას თვით კალსონიერი უჯდა, იდაყვები გაეფარჩხა და კალამს გააფთრებით აწრიპინებდა, მკერდს გოფრირებული, მბზინვარე წვერი უფარავდა. კოროტკოვი მწვანე მაუდისკენ დახრილ პრიალა მელოტ თავს სულშეგუბებული დააცქერდა. მდუმარება კალსონიერმა დაარღვია.       – ამხანაგო, რა გნებავთ? – ფალცეტით თავაზიანად ჩაიღუღუნა მან.       კოროტკოვმა ტუჩები ცახცახით გაილოკა, ვიწრო მკერდში ჰაერი ბლომად ჩაიგუბა და ძლივსგასაგონი ხმით თქვა:       – ჰმ... მე, ამხანაგო, აქაური საქმისმწარმოებელი ვარ... ესე იგი... ბრძანება თუ გახსოვთ...       კალსონიერს სახის ზედა ნაწილი განცვიფრებამ შეუცვალა. ქერა წარბები აეზიდა და შუბლი გარმონივით ჩაეკეცა.       – უკაცრავად, – ზრდილობიანად უპასუხა მან, – აქაური საქმისმწარმოებელი მე გახლავართ.       კოროტკოვი დროებით დამუნჯდა. სიმუნჯემ როცა გაუარა, მერე წარმოთქვა:       – რანაირად? გუშინ ხომ... ოჰ, დიახ. ბოდიში, გეთაყვა, მგონი, შემეშალა. ბოდიში.       იგი ოთახიდან უკუსვლით გავიდა და დერეფანში საკუთარ თავს ჩახლეჩილი ხმით უთხრა, – კოროტკოვო, გაიხსენე, დღეს რა რიცხვია?       მერე თავადვე უპასუხა:       – სამშაბათი, ანუ პარასკევი, ათას ცხრაასი...       კოროტკოვი შეტრიალდა. იმავე წამს ადამიანის სპილოსძვლისებურ სფეროზე დერეფნის ორმა ნათურამ გაიბრწყინა და მთელი ქვეყნიერება კალსონიერის გაპარსულმა სახემ დაფარა.       – კარგი! – დაიგრგვინა ტაშტმა და კოროტკოვს კრუნჩხვა დაეუფლა, – მე გელით. დიდებულია. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.       ეს თქვა, კოროტკოვს მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და ისე მოუჭირა, რომ იგი ცალ ფეხზე წამოიჭიმა სახურავზე მდგარ ყანჩასავით.       – შტატი გავანაწილე, – სწრაფად, მჭახედ, მედიდურად წამოიწყო კალსონიერმა, – სამნი იქ არიან, – მიუთითა კანცელარიის კარისკენ, – რა თქმა უნდა, მანეჩკაც. თქვენ ჩემი თანაშემწე ხართ. კალსონიერი საქმისმწარმოებელია. ძველები ყველანი გავრეკე. იდიოტი პანტელეიმონიც. შევიტყვე, რომ „ალპურ ვარდში“ ლაქიად ნამყოფია. მე ახლა განყოფილებაში გავიქცევი, ამასობაში კი თქვენ და კალსონიერმა მიმართვები დაწერეთ ყველას თაობაზე; განსაკუთრებით იმაზე, რა ჰქვია... კოროტკოვზე. ჰო, მართლა, ცოტათი იმ არამზადას ჰგავხართ, ოღონდ იმას თვალი აქვს ჩალურჯებული.       – მე, არა, – თქვა დაბარბაცებულმა, ყბაჩამოვარდნილმა კოროტკოვმა, – არამზადა არ ვარ. ყველა საბუთი მომპარეს. უკლებლივ.       – ყველა? – წამოიყვირა კალსონიერმა, – ეგ არაფერი. უმჯობესიცაა.       იგი სულშეხუთულ კოროტკოვს მკლავში ჩააფრინდა, დერეფანი ჩაარბენინა, სანუკვარ კაბინეტში შეათრია, ტყავის ფუმფულა სკამზე მიაგდო და თავად მაგიდას მიუჯდა. კოროტკოვი ფეხქვეშ იატაკის უცნაურ რყევას კიდევ გრძნობდა, მოიბღუნძა, თვალები დახუჭა და აბუტბუტდა: „ოცში ორშაბათი იყო, მაშასადამე, სამშაბათს ოცდაერთია. არა. რას ვამბობთ? ოცდაერთი წელია. გასული ნომერი 0.15, ხელის მოწერის ადგილი ტირე ვარფოლომეი კოროტკოვი. მაშასადამე – მე. სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი. ორშაბათი ოთხშაბათივით „ო“-თი იწყება. პარასკევი... პარას... სამშაბათივით „ს“ ურევია.       კალსონიერმა ქაღალდზე კალამი სწრაფად ჩააფხაჭუნა, ბეჭედი დაჰკრა და ქაღალდი კოროტკოვს შეაჩეჩა. იმავე წამს ტელეფონი გაშმაგებით აღრიალდა. კალსონიერმა ყურმილს ხელი დასტაცა და შიგ ჩაჰყვირა:       – დიახ! ასე. ასე. ამწუთას მოვდივარ.       იგი საკიდისკენ გაექანა, ქუდი ჩამოგლიჯა, მელოტ თავზე ჩამოიფხატა, კარს მიღმა გაუჩინარდა და კოროტკოვს გამოსძახა:       – კალსონიერთან მომიცადეთ.       კოროტკოვმა როცა შტამპიან ქაღალდზე ნაწერი წაიკითხა, თვალებზე ბინდი გადაეფარა.       „ამის წარმომდგენი ნამდვილად გახლავთ ჩემი თანაშემწე ამხ. ვასილი პავლოვიჩ კოლობკოვი, რაც ნამდვილად სწორია. კალსონიერი“.       – ო-ო! – ამოიგმინა კოროტკოვმა, ქაღალდი და ქუდი იატაკზე დაუცვივდა, – ეს რა ამბავია?       იმავე წუთს კარი აჭრიალდა და კალსონიერი წვეროსანი დაბრუნდა.       – კალსონიერი უკვე გავარდა? – წვრილი ხმით ალერსიანად ჰკითხა მან კოროტკოვს.       ირგვლივ შუქი ჩაინისლა.       – ა-ა-ა-ა-ა... – ტანჯვას ვეღარ გაუძლო და ამოიბღავლა კოროტკოვმა, კალსონიერს გადარეული მიეჭრა და კბილები გააელვა. კალსონიერს სახეზე ძრწოლა აღებეჭდა, ერთბაშად გაყვითლდა. კარს ზურგით მიაწვა, ბრაგუნით გააღო, დერეფანში გავარდა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩაცუცქდა, მაგრამ უმალ წამოხტა და ყვირილით გაიქცა:       – შიკრიკო! შიკრიკო! მიშველეთ!       – გაჩერდით. გაჩერდით. გთხოვთ, ამხანაგო... – აყვირდა გონს მოსული კოროტკოვი და გაქცეულს გაეკიდა.       კანცელარიაში რაღაც აგრიალდა. შევარდნები გამალებულნი წამოიშალნენ. მანქანასთან მჯდარ ქალს მეოცნებე თვალები აუბრიალდა.       – ტყვიას დაგახლი! ტყვიას დაგახლი! – გაისმა მისი ისტერიკული კივილი.       კალსონიერი პირველი გაიჭრა ვესტიბიულში, სადაც ორგანი იდგა, წამით შეჩერდა, ფიქრობდა, საით გაქცეულიყო, მერე ადგილს მოსწყდა, კუთხე მოჭრა და ორგანის მიღმა გაუჩინარდა. კოროტკოვი გამოედევნა, ფეხი დაუსხლტა და მოაჯირზე თავს გაიტეხდა, ორგანის ყვითელი ფერდიდან გამოჩრილი უზარმაზარი, მოხრილი, შავი სახელური რომ არ დახვედროდა. სახელურმა კოროტკოვის პალტოს კალთა ჩაიხვია, გაწყალებული შევიოტი ხმადაბალი წრიპინით ჩაიფხრიწა და კოროტკოვი ცივ იატაკზე რბილად დაჯდა. ორგანს იქით გვერდითა გასასვლელის კარი ზრიალით გაჯახუნდა და კალსონიერი შთანთქა.       – ღმერთო ჩემო... – წამოიწყო კოროტკოვმა, მაგრამ აღარ დაუმთავრებია.       სპილენძისმილებიან, უზარმაზარ, ჩამტვრეულ ყუთში უცნაური ხმა გაისმა, თითქოს ჭიქა გატყდაო, რასაც თითქოს მუცლიდან ამომავალი ბუყბუყი, უცნაური წრიპინი და ზარების რეკვა მოჰყვა. მერე მაჟორული აკორდი აჟღერდა, მძლავრი ჭავლი დაიძრა, ორგანის შიგანში ჩაგუბებულ ბგერათა საბადო შეირხა და ყვითელი, სამიარუსიანი ყუთი ერთიანად ამღერდა.       მოსკოვს ძალუმი ხანძარი ნთქავდა...       კარის შავ კვადრატში უეცრად პანტელეიმონის ფერმკრთალი სახე გამოჩნდა. წამიც და მას მეტამორფოზა დაემართა. თვალები გამარჯვების ელვარებით გაუბრწყინდა, გაიჯგიმა, მარჯვენა ხელი მარცხენისკენ ისე გადაიქნია, თითქოს უხილავი ხელსახოცი გადაიკიდაო, ადგილს მოსწყდა და კიბეზე გვერდულად, ეტლის განაპირა ცხენივით ირიბად დაექანა, თან ხელები ისე მოამრგვალა, თითქოს ფინჯნებიანი ლანგარი მიაქვსო.       მდინარის პირას წვებოდა კვამლი...       – ეს რა ჩავიდინე? – შეძრწუნდა კოროტკოვი.       მანქანამ პირველი შეგუბებული ტალღები დაატრიალა, თანაბრად დაიძრა და ასანთმასალების უკაცრიელი დარბაზები ათასობით ლომის ღრიალითა და ზრიალით გაავსო.       და იგი კრემლის შემურულ კართან...       ღრიალ-გრიალი და ზარების რეკვა ავტომობილის სიგნალმა გაკვეთა და უმალ მთავარი შემოსასვლელიდან კალსონიერი დაბრუნდა, – წვერგაპარსული, შურისმგებელი და მრისხანე კალსონიერი. იგი კიბეზე თანაბარი ნაბიჯით მოემართებოდა ავისმომასწავებელ მოლურჯო ნათებაში. თმააყალყული კოროტკოვი გაფრთხიალდა, ორგანის იქით, გვერდითა კარიდან გასხლტა, მრუდე კიბეს ჩაუყვა, მოხრეშილ ეზოში გავარდა, შემდეგ კი ქუჩაში გაიჭრა. ისარივით მიქროდა და ყურში ჩაესმოდა, მის უკან „ალპური ვარდის“ შენობა ყრუდ როგორ გუგუნებდა.       მოჩანდა რუხი სერთუკით მდგარი...(ლექსი ნაპოლეონისადმია მიძღვნილი.)       კუთხეში მეეტლე მათრახს იქნევდა და გააფთრებით ცდილობდა, ჯაგლაგი ცხენი ადგილიდან დაეძრა!       – ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! – გულამოსკვნით აქვითინდა კოროტკოვი, – ისევ ის არის. რა ამბავია?       ეტლის გვერდით ქვაფენილზე წვეროსანი კალსონიერი გაჩნდა, ეტლში შეხტა, მეეტლეს ზურგში მუშტები დაუშინა და თან წვრილი ხმით შეუძახა:       – გარეკე! გარეკე, შე არამზადა!       ჯაგლაგი დაიძრა, წიხლები აიქნია, მერე მათრახით ფერდებამწვარი გაიქცა და ქუჩა ბორბლების ხრიგინით გააყრუა. თვალცრემლიანმა კოროტკოვმა დაინახა, მეეტლეს გალაქული შლაპა როგორ მოსძვრა და დაგრეხილი ფულები აქეთ-იქით გაეფანტა. ბიჭები ფულებს სტვენით გაედევნენ. მეეტლე შემოტრიალდა, სადავეები გამწარებით მოზიდა, მაგრამ კალსონიერმა ზურგში მუშტები გააფთრებით დასცხო და ყვირილიც დააყოლა:       – გასწი! გასწი! მე გადაგიხდი!       მეეტლემ სასოწარკვეთით შეჰყვირა:       – ეჰ, ბატონო, თავი უნდა დავიღუპო? – ჯაგლაგი გააჭენა და ეტლი კუთხეს მიეფარა.       კოროტკოვმა თავს ზემოთ სწრაფად მქროლ ნაცრისფერ ცას ქვითინით ახედა, დაბარბაცდა და გამწარებით შეჰყვირა:       – კმარა! ამ ამბავს არ მოვეშვები! ამ კაცის ასავალ-დასავალს გამოვარკვევ, – იგი ახტა და ტრამვაის რკალს ჩამოეკიდა. რკალმა ხუთ წუთს აჯანჯღარა და ცხრასართულიან მწვანე სახლთან ჩამოაგდო. კოროტკოვმა ვესტიბიულში შეირბინა, ფიცრის ზღუდის ოთხკუთხა ხვრელში თავი შერგო და უზარმაზარ ლურჯ ჩაიდანს ჰკითხა:       – ამხანაგო, პრეტენზიების ბიურო სად არის?       – მე-8 სართული, მე-9 დერეფანი, 41-ე ბინა, ოთახი 302, – ქალის ხმით უპასუხა ჩაიდანმა.       – მე-8, მე-9, 41-ე, სამას... სამას... რამდენი... 302, – ფართო კიბეზე არბოდა და ბუტბუტებდა კოროტკოვი, – მე-8, მე-9, მე-8, სტოპ, 40... არა 42... არა, 302, – ღმუოდა იგი, – ოჰ, ღმერთო ჩემო, დამავიწყდა... ჰო მე-40, მე-40...       მე-8 სართულზე სამ კარს ჩაუარა, მეოთხეზე შავი ციფრი „40“ დაინახა და უშველებელ, ორფეროვან, სვეტებიან დარბაზში შევიდა. დარბაზის კუთხეებში ქაღალდის რულონის კოჭები ეწყო და მთელი იატაკი ნაწერი ქაღალდის ნაგლეჯებით იყო მოფენილი. შორს მოჩანდა მაგიდა, რომელზეც საბეჭდი მანქანა იდგა. მაგიდასთან მჯდარი, მუშტზე ლოყადაყრდნობილი ქალი ხმადაბლა ღიღინებდა. კოროტკოვმა დაბნეულად მიმოიხედა და დაინახა, რომ სვეტების მიღმა აღმართული ესტრადიდან მძიმე ნაბიჯებით ჩამოვიდა თეთრკუნტუშიანი კაცი. მარმარილოსებურ სახეზე ჩამოგრძელებული ჭაღარა ულვაში მოუჩანდა. არაჩვეულებრივად თავაზიანი, ოღონდ უსიცოცხლო, ცივი ღიმილი ეფინა. კოროტკოვს მიუახლოვდა, ხელი ნაზად ჩამოართვა, ქუსლი ქუსლს მიარტყა და უთხრა:       – იან სობესკი( აქ გათამაშებულია დამთხვევა პოლონელი მხედართმთავრის, იან სომესკის (1629-1696) გვარისა და რუსული აბრევიატურისა „Собес“ (Социальное Обеспечение) – სოცუზრუნველყოფა.).       – შეუძლებელია... – უპასუხა განცვიფრებულმა კოროტკოვმა.       კაცმა სასიამოვნოდ გაიღიმა.       – რომ იცოდეთ, ბევრს უკვირს, – თქვა მან ენის ბორძიკით, – მაგრამ არ იფიქროთ, ამხანაგო, რომ იმ ბანდიტთან რაიმე საერთო მაქვს. ოჰ, არა. სამწუხარო დამთხვევაა და მეტი არაფერი. უკვე შევიტანე განცხადება, რომ ახალი გვარი – სოცვოსსკი(გვარი ნაწარმოებია აბრევიატურიდან „соцвос“ (Социалистическое Воспитание) – სოციალისტური აღზრდა.) დამიმტკიცონ. ეს ბევრად ლამაზია და არც ისე სახიფათოა. თუმცა, თუ არ მოგწონთ, – კაცმა ტუჩები განაწყენებით დაბრიცა, – ძალას არ გატანთ. ხალხს ყოველთვის მოვნახავთ. ჩვენ სანთლით დაგვეძებენ.       – რას ბრძანებთ, – მწუხარედ შესძახა კოროტკოვმა, იგრძნო, რომ აქაც უცნაური რაღაც იწყებოდა. დაფეთებულმა მიმოიხედა, ეშინოდა, საიდანმე გაპარსული სახე და კვერცხივით მოტვლეპილი თავი არ გამოჩნდესო. მერე ენის ბორძიკით დაუმატა, – მოხარული ვარ, დიახ, დიდად მოხარული...       კაცს მარმარილოსებური სახე ოდნავ წამოუწითლდა. კოროტკოვს მკლავზე ხელი ნაზად მოჰკიდა, მაგიდისკენ წაიყვანა, თანაც საუბარი გაუბა:       – მეც დიდად მიხარია, მაგრამ ისეთ დღეში ვართ, არ ვიცი, სად დაგსვათ. ჩვენი მნიშვნელობის მიუხედავად ბაკში გვამყოფებენ (კაცმა ხელი ქაღალდის კოჭებისკენ გაიქნია). ინტრიგები... მაგრამ ჩვენ მუშაობას გავაჩაღებთ, დარდი ნუ გექნებათ... ჰმ... ახალს რას შემოგვთავაზებთ? – ალერსიანად ჰკითხა მან ფერმიხდილ კოროტკოვს, – ოჰ, უკაცრავად, ათასგზის ბოდიშს გიხდით, ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ, – თეთრი ხელი საბეჭდი მანქანისკენ მოხდენილად გაიწოდა, – გენრიეტა პატაპოვნა პერსიმფანსი(გვარისთვის გამოყენებულია აბრევიატურა „Персимфанс“ (Первый Симфонический Ансамбль)).       ქალმა კოროტკოვს ხელი უმალ ჩამოართვა ცივი ხელით და მიბნედილად შეხედა.       – მაშ ასე, – ტკბილად განაგრძობდა მასპინძელი, – რით გაგვახარებთ? ფელეტონით? ნარკვევით? – თეთრი თვალები გადაკარკლა და განაგრძო, – ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვჭირდება.       „ღმერთო ჩემო... რა ამბავია?“ – გაიფიქრა გონებადაბინდულმა კოროტკოვმა და მერე გამალებით ალაპარაკდა, სულს ძლივს ითქვამდა:       – მე... ე... საშინელება დამემართა. იგი... ვერ გამიგია. თუ ღმერთი გწამთ, არ გეგონოთ, რომ ეს ჰალუცინაციაა... ჰმ... ხა-ხა... (კოროტკოვი შეეცადა, ხელოვნურად გაეცინა, მაგრამ ვერ მოახერხა). იგი ცოცხალია. გარწმუნებთ... მაგრამ ვერაფერს მივმხვდარვარ. ხან წვერიანია, ერთი წუთის მერე კი უწვეროა. ვერაფერი გამიგია... ხმასაც იცვლის... ამას გარდა, ყველა საბუთი უკლებლივ მომპარეს. სახლმმართველი კი, თითქოს ჯიბრზე, მოკვდა. ეს კალსონიერი...       – ხომ ვიცოდი, – შეჰყვირა მასპინძელმა, – მაშ ვინ იქნებოდნენ?       – ოჰ, ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა, – გამოეპასუხა ქალი, – ოჰ, ეს საშინელი კალსონიერები...       – იცით, რა, – შეაწყვეტინა აღელვებულმა მასპინძელმა, – იატაკზე მის გამო ვზივარ. აი, ნახეთ. ჟურნალისტიკისა რა გაეგება?.. – მასპინძელი კოროტკოვს ღილზე ჩაეჭიდა, – კეთილინებეთ და მითხარით, რა გაეგება? აქ ორ დღეს დაყო და მთლად გამაწამა. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ბედნიერება მეწვია. ფიოდორ ვასილიევიჩთან მივედი და როგორც იქნა, მოგვაშორა. საკითხი მწვავედ დავუსვი: ან მე, ან ის-მეთქი. სადღაც ასანთმასალებში თუ ჯანდაბაში გადაიყვანეს. ქექოს ახლა ის მყრალი ასანთები! მაგრამ ავეჯის, ავეჯის გადატანა მოასწრო იმ წყეულ ბიუროში. მთლიანად. როგორი ამბავია? მითხარით ერთი, რაღაზე ვწერო? თქვენ რაზე უნდა წეროთ? რადგან ეჭვიც არ მეპარება, ჩვენი იქნებით, ძვირფასო (მასპინძელი კოროტკოვს მოეხვია). ატლასის მშვენიერ ავეჯს იმ არამზადამ სულელურ ბიუროში უკრა თავი, თუმცაღა, იმ ბიუროს, სულერთია, ხვალ დახურავენ, ჭირსაც წაუღია.       – რომელ ბიუროზე ამბობთ? – ყრუ ხმით ჰკითხა კოროტკოვმა.       – ოჰ, პრეტენზიებისაა თუ რაღაცისა, – გულჯავრიანად თქვა მასპინძელმა.       – რაო? – შესძახა კოროტკოვმა, – რაო? სად არის ის ბიურო?       – იქ, – უპასუხა გაოცებულმა მასპინძელმა და იატაკისკენ მიუთითა.       კოროტკოვმა შეშლილი თვალები თეთრ კუნტუშს(მამაკაცის უკრაინული ტანსაცმელი) უკანასკნელად შეავლო და ერთი წუთის შემდეგ დერეფანში გაჩნდა. ცოტა ხანს დაფიქრდა და ქვემოთ ჩასასვლელი კიბის საძებნელად მარცხნივ გაიქცა. მიხვეულ-მოხვეულ დერეფანში ხუთ წუთს გარბოდა, ხუთი წუთის მერე კი იმავე ადგილას აღმოჩნდა, საიდანაც გაიქცა. კარი №40.       – ფუ, ეშმაკს! – შეჰყვირა კოროტკოვმა, ფეხები ააბაკუნა, მარჯვნივ გაიქცა და 5 წუთის შემდეგ იქვე მივიდა. №40. კარი სწრაფად შეაღო, დარბაზში შევიდა და ნახა, რომ იქაურობა დაცარიელებულიყო. მხოლოდ მაგიდაზე მდგარი საბეჭდი მანქანა თეთრი კბილებით მდუმარედ უღიმოდა. კოლონადასთან მიირბინა და მასპინძელი დაინახა. იგი კვარცხლბეკზე იდგა, აღარ იღიმებოდა, სახე განაწყენებული ჰქონდა.       – ბოდიში, რომ ვერ დაგემშვიდობეთ... – წამოიწყო კოროტკოვმა და გაჩუმდა..       მასპინძელს ყური და ცხვირი აღარ ჰქონდა, მარცხენა ხელიც მოსტეხოდა. სისხლგაყინულმა კოროტკოვმა უკან დაიხია და კვლავ დერეფანში გავარდა. უეცრად მოპირდაპირე მხარეს უჩინარი კარი გაიხსნა და იქიდან სახედანაოჭებული, ყავისფერი დედაკაცი გამოვიდა. მხრეულზე ცარიელი ვედროები ეკიდა.       – დედაკაცო! დედაკაცო! – შეშფოთებით შეჰყვირა კოროტკოვმა, – ბიურო სად არის?       – არ ვიცი, ბატონო, არ ვიცი, მწყალობელო, – უპასუხა დედაკაცმა, – ტყუილად ნუ დარბიხარ, ჩემო კარგო, მაინც ვერ იპოვი. ვერაფერს გახდები – ათი სართულია.       – უ-უჰ, შე სულელო, – კბილებშუა ჩაიღმუვლა კოროტკოვმა და კარს იქით შევარდა. კარი მის უკან მიჯახუნდა და კოროტკოვი ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეში აღმოჩნდა, რომელსაც გასასვლელი არსაით ჰქონდა. იგი შახტში მომწყვდეულივით გაქანდ-გამოქანდა, კედლებს კაწრავდა, ბოლოს თეთრ ლაქას წააწყდა, იქიდან რომელიღაც კიბეზე გავარდა და ქვემოთ ბრაგაბრუგით დაეშვა. ამ დროს ფეხის ხმა გაიგონა. ვიღაცა ქვემოდან ამოდიოდა. კოროტკოვმა მოუსვენრობა იგრძნო, გული სევდიანად შეეკუმშა და შეჩერდა. წამიც და პრიალა ქუდი, ნაცრისფერი სასაბნე ქსოვილი და გრძელი წვერი გამოჩნდა. კოროტკოვი დაბარბაცდა და მოაჯირს ჩაებღაუჭა. ქვემოდან მომავალმა და კოროტკოვმა ერთმანეთს ერთდროულად შეხედეს, ორივენი შეშინდნენ და წვრილი ხმით აყვირდნენ. კოროტკოვი უკუსვლით ზემოთკენ გაემართა, უსაშველო შიშით გათანგული კალსონიერი ქვემოთ დაეშვა.       – მოიცადეთ, – დაიხრიალა კოროტკოვმა, – ერთი წუთით... მხოლოდ განმიმარტეთ...       – მიშველეთ! – დაიღრიალა კალსონიერმა, წვრილი ხმის ნაცვლად პირვანდელი სპილენძისებური ბანი დაუბრუნდა. ფეხი დაუცდა, უკან გადავარდა და კეფით ბრაგვანი მოადინა. დაცემას ამაოდ არ ჩაუვლია. კალსონიერი ფოსფორისთვალებიან შავ კატად გადაიქცა, კიბე უკანვე აირბინა, ბაქანი ელვისებურად გადაჭრა, გორგალივით შეიკუმშა, ფანჯრის რაფაზე შეხტა და აბლაბუდით დაფარულ, ჩატეხილ მინაში გაუჩინარდა. კოროტკოვს ტვინზე თეთრი საბურველი წამით გადაეფარა, მაგრამ უმალ გადაეწმინდა და გონება არაჩვეულებრივად გაუნათდა.       – ახლა ყველაფერი გასაგებია, – ჩაიჩურჩულა კოროტკოვმა და წყნარად გაიცინა, – დიახ, მივხვდი. კატები! ყველაფერი გასაგებია. კატები.       იგი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა იცინოდა, სანამ კიბე მთლიანად გუგუნით არ გააყრუა. VIII - მეორე ღამე       ბაიკის საწოლზე ბინდბუნდში მჯდარმა ამხანაგმა კოროტკოვმა სამი ბოთლი ღვინო დალია, რათა ყველაფერი დაევიწყებინა და დამშვიდებულიყო. თავი ახლა ერთიანად სტკიოდა; მარჯვენა და მარცხენა საფეთქელი, კეფა და ქუთუთოებიც კი. კუჭის ფუძიდან მღვრიე ლექი დაეძრა, შიგანში ტალღებად დაუტრიალდა და ორჯერ ტაშტში აღებინა.       – ახლა ასე მოვიქცევი, – ხმადაბლა ჩურჩულებდა თავჩაკიდებული კოროტკოვი, – ხვალ შევეცდები, რომ მას არ შევხვდე, მაგრამ რადგანაც ყველგან ტრიალებს, ამიტომ მოვიცდი. ან შესახვევში, ან ჩიხში მოვიცდი. ის გვერდზე ჩაივლის. თუ გამომეკიდება, მაშინ გავექცევი. ჰოდა, ჩამომეხსნება, შენი გზით იარეო. აღარც ასანთმასალებში მუშაობა მინდა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თუნდ გამგე იყავი და თუნდ საქმისმწარმოებელი. აღარც ტრამვაის ფული მინდა. ისედაც გავძლებ როგორმე, ოღონდაც თავი დამანებონ. კატა ხარ თუ არა ხარ, წვერიანი ხარ თუ უწვერო, შენთვის იყავი, ხოლო მე ჩემთვის ვიქნები. სხვა ადგილს მოვძებნი და წყნარად, მშვიდად ვიმსახურებ. არავის არაფერს დავუშავებ და ნურც მე დამიშავებენ. არც ჩივილს დავიწყებ სადმე. ხვალ საბუთებს მოვიწესრიგებ და ამით დავასრულებ...       შორს საათის რეკვა ყრუდ გაისმა. ბამ... ბამ... „პესტუხინებთანაა“, – გაიფიქრა კოროტკოვმა და თვლას შეუდგა, – ათი... თერთმეტი... შუაღამე, 13, 14, 15... 40...       – საათმა ორმოცჯერ დარეკა, – მწარედ ჩაიცინა კოროტკოვმა და კვლავ ატირდა. მერე საეკლესიო ღვინო კრუნჩხვით ამოარწყია.       – ოჰ, რა მაგარი ღვინოა, – ამოიგმინა კოროტკოვმა და ბალიშს კვნესით მიესვენა. ორი საათი გავიდა. ჩაუქრობელი ნათურა ფერმიხდილ სახესა და ბალიშზე მიმოშლილ თმას ანათებდა. IX - შემზარავი მანქანები       შემოდგომის მქრქალი დღე კოროტკოვს უცნაურად შეხვდა. იგი კიბეზე აქეთ-იქით მფრთხალად იყურებოდა. მე-8 სართულზე ავიდა, ალალბედზე მარჯვნივ შეუხვია და გული სიხარულით აუჩქროლდა. კედელზე გამოსახული ხელი მიუთითებდა წარწერაზე – „302-349 ოთახები“. მხსნელი ხელის საჩვენებელი თითის მიმართულებას მიჰყვა და იმ კარამდე მიაღწია, რომელზეც ეწერა: „302 – პრეტენზიების ბიურო“. შიგნით ფრთხილად შეიხედა, რომ არასასურველ ვინმეს არ გადაჰყროდა, ოთახში შევიდა და საბეჭდ მანქანებთან მსხდარი ქალების წინაშე აღმოჩნდა. ცოტა ხანს შეყოყმანდა, მერე შვიდთაგან განაპირას მყოფ შავგვრემან, ფერმკრთალ ქალთან მივიდა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ შავგვრემანმა ქალმა უეცრად შეაწყვეტინა. ყველა ქალმა მზერა კოროტკოვს მიაპყრო.       – დერეფანში გავიდეთ, – მკვეთრად უთხრა კოროტკოვს ფერმკრთალმა ქალმა და ათრთოლებული ხელით თმა შეისწორა.       „ღმერთო ჩემო, კვლავ რაღაც დაიწყო...“ – სევდიანად გაუკრთა გონებაში კოროტკოვს, მძიმედ ამოიოხრა და ქალს დაემორჩილა. ოთახში დარჩენილი ექვსი ქალი მღელვარედ აჩურჩულდა.       შავგვრემანმა ქალმა კოროტკოვი გარეთ გაიყვანა და ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში უთხრა:       – საშინელი ვინმე ხართ... თქვენ გამო მთელი ღამე არ მიძინია და გადავწყვიტე. იყოს ნება თქვენი. დაგნებდებით.       კოროტკოვმა უზარმაზარ თვალებსა და შროშანის სუნის მფრქვეველ შავგვრემან სახეს შეხედა, ყელიდან რაღაცნაირი ხმა აღმოხდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ქალმა თავი უკან გადაიქნია, კბილები გაწამებით დაკრიჭა, კოროტკოვს მკლავებში ხელები ჩასჭიდა, თავისკენ მიიზიდა და აჩურჩულდა:       – მაცდუნებელო, რას დუმხარ? სიმამაცით დამიმორჩილე, გრძნეულო. მაკოცე, ჩქარა მაკოცე, სანამ საკონტროლო კომისიიდან არავინ გამოჩენილა.       კოროტკოვს კვლავ უცნაური ბგერა აღმოხდა, დაბარბაცდა, ტუჩებზე რაღაც ტკბილი და რბილი იგრძნო, თვალთა უზარმაზარი გუგები თვალებთან აუელვარდა.       – დაგნებდები... – გაისმა ჩურჩული კოროტკოვის პირთან ახლოს.       – არ მინდა, – ჩახრინწული ხმით უპასუხა კოროტკოვმა, – მე საბუთები მომპარეს.       – ჰო-ო, – უეცრად გაისმა უკან.       კოროტკოვმა მიიხედა და ლუსტრინისპიჯაკიანი ბერიკაცი დაინახა.       – ო-ოჰ! – შესძახა შავგვრემანმა ქალმა, სახეზე ხელები აიფარა და ოთახში შეირბინა.       – ჰი, – თქვა ბერიკაცმა, – ბარაქალა. ყველგან თქვენ უნდა დამხვდეთ, ბატონო კოლობკოვო. ძალიან მარჯვე ხართ. რამდენი კოცნაც უნდა დახარჯოთ, მივლინება მაინც არ გერგებათ. მე მომცეს, ბერიკაცს, და მე წავალ, დიახ.       ეს თქვა და კოროტკოვს ხმელი ხელით ბრაწი აჩვენა.       – თქვენ თაობაზე განცხადებას კი უსათუოდ შევიტან, – ბრაზიანად განაგრძო ლუსტრინისპიჯაკიანმა, – დი-ახ. მთავარ განყოფილებაში სამი ხომ გააბახეთ. ახლა ქვეგანყოფილებასაც უწიეთ? იმათი ანგელოზები ახლა რომ ტირიან, თქვენთვის სულერთია? საბრალო გოგოები ახლა წუხან, მაგრამ გვიანღაა. ქალწულობას ვეღარ დაიბრუნებენ. ვეღარ, – ბერიკაცმა ნარინჯისფერი თაიგულებით მოჩითული დიდი ცხვირსახოცი ამოიღო, წაუტირა და ცხვირი მოიხოცა, – ბერიკაცს ნამცეცები გინდათ წაგლიჯოთ, ბატონო კოლობკოვო? კარგი... – ბერიკაცი აცახცახდა და აქვითინდა, პორტფელი ხელიდან გაუვარდა, – წაიღეთ, ჭამეთ, უპარტიო, თანამგრძნობი ბერიკაცი თუნდაც შიმშილით მოკვდეს... მერე რა. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ბებერ ქოფაკს, მაგრამ უწყოდეთ, ბატონო კოლობკოვო, – ბერიკაცს ხმა წინასწარმეტყველივით მრისხანე გაუხდა და ზარივით აუგუგუნდა, – ეშმაკეული ფულები არ შეგერგებათ, ყელში გაგეჩხირებათ, – თქვა ეს და მწარედ აქვითინდა.       კოროტკოვს ისტერიკა დაეუფლა. უეცრად, თავისთვისაც მოულოდნელად, ფეხები ააბრაგუნა.       – ეშმაკსაც წაუღიხართ! – გამწივანად დაიყვირა და მისი ავადმყოფური ხმა თაღებში დაირხა, – მე კოლობკოვი არა ვარ. მომწყდი თავიდან! კოლობკოვი არა ვარ – არ მივდივარ! არ მივდივარ!       კოროტკოვმა საყელო ჩამოიგლიჯა.       ბერიკაცს ცრემლი უმალ შეაშრა, შიშისგან აცახცახდა.       – შემდეგი! – მოისმა კარს იქიდან. კოროტკოვი გაჩუმდა, შიგნით შევარდა, მარცხნივ გაუხვია, საბეჭდი მანქანები უკან მოიტოვა და ბრგე, მოხდენილი, ლურჯკოსტიუმიანი ქერა კაცის წინაშე აღმოჩნდა. მან კოროტკოვს თავი დაუქნია და უთხრა:       – მოკლედ, ამხანაგო. ერთბაშად. უცბად. პოლტავა თუ ირკუტსკი?       – საბუთები მომპარეს, – უპასუხა გატანჯულმა კოროტკოვმა და ველურად მიმოიხედა, – კატაც დამემატა. უფლება არ აქვს. ჩემს დღეში არ მიჩხუბია, ასანთმა მიქნა. დევნის უფლება არა აქვს. მერე რა, რომ კალსონიერია. საბუთები მომპარა...       – ეგ სისულელეა, – უპასუხა ლურჯკოსტიუმიანმა, – ტანსაცმელს მოგცემთ, პერანგებსაც და ზეწრებსაც. თუ ირკუტსკში წახვალთ, ნახმარ ქურქსაც მიიღებთ. მოკლედ...       – სერგეი ნიკოლაევიჩ, გთხოვთ.       იფნის უჯრიდან უმალ გამოჩნდა დავარცხნილი, სელისფერთმიანი თავი და ლურჯი, მკვირცხლი თვალები, თავს მოჰყვა გველისებური, გაკლაკნილი კისერი, გატკაცუნდა გახამებული საყელო, გამოჩნდა პიჯაკი, ხელები, შარვალი და ერთი წამის შემდეგ მდივანი მთლიანად გამოსხლტა ლურჯ მაუდზე, თანაც, – დილა მშვიდობისაო, – დაიწრიპინა. ტანი წყლიდან ამოსული ძაღლივით დაიფერთხა, ძირს ჩახტა, მანჟეტები პიჯაკის მაჯებზე ღრმად ჩაიწია, ჯიბიდან პატენტიანი კალამი ამოიღო და უმალ წერას შეუდგა.       კოროტკოვმა უკან დაიხია, ხელი წინ გაიშვირა და ლურჯკოსტიუმიანს საწყალობლად უთხრა:       – ნახეთ, ნახეთ, მაგიდიდან ამოძვრა. ეს რა ამბავია?       – რა თქმა უნდა, ამოძვრა, – უპასუხა ლურჯკოსტიუმიანმა, – მაშ მთელ დღეს შიგ ხომ არ იქნებოდა. დროა. დრო. ქრონომეტრაჟი.       – როგორ? რანაირად? – დაიწივლა კოროტკოვმა.       – ოჰ? ღმერთო ჩემო, – აღელდა ლურჯკოსტიუმიანი, – ნუ მაყოვნებთ, ამხანაგო.       შავგვრემანმა ქალმა კარში თავი შემოყო და გახარებულმა აღელვებით შეჰყვირა:       – მაგისი საბუთები უკვე პოლტავაში გავგზავნე. მეც მაგასთან ერთად მივდივარ. პოლტავაში დეიდა მყავს განედის 43-ე გრადუსსა და გრძედის მე-5 გრადუსზე.       – არ მინდა! – შეჰყვირა კოროტკოვმა და თვალები დააცეცა, – ეგ დანებებას მოინდომებს, რასაც ვერ ვიტან. არ მინდა. საბუთები დამიბრუნეთ. პატიოსანი გვარი აღმიდგინეთ!       – ამხანაგო, ქორწინების განყოფილებას მიაკითხეთ, – აწრიპინდა მდივანი, – ჩვენ არაფერი შეგვიძლია.       – ოჰ, შე სულელო! – შესძახა შავგვრემანმა ქალმა და კვლავ შემოიხედა, – დათანხმდი! დათანხმდი! – ჩურჩულებდა იგი სუფლიორივით, ხან მიიმალებოდა, ხან კვლავ გამოჩნდებოდა.       – ამხანაგო! – აქვითინდა კოროტკოვი და სახე ცრემლებით მოერწყა, – ამხანაგო! გემუდარები, საბუთები მომეცი. ქენი სიკეთე. მთელი სულითა და გულით გთხოვ. ჰოდა, მონასტერში წავალ.       – ამხანაგო! ისტერიკას მოეშვით. კონკრეტულად და აბსტრაქტულად ჩამოაყალიბეთ წერილობით და ზეპირად, დროულად და საიდუმლოდ – პოლტავა თუ ირკუტსკი? მოუცლელ კაცს დროს ნუ მაკარგვინებთ! დერეფნებში არ იაროთ! არ დააფურთხოთ! არ მოსწიოთ! ფულის დახურდავება არ დააბრკოლოთ! – დაიგრგვინა მოთმინებადაკარგულმა ქერა კაცმა.       – ხელის ჩამორთმევა გაუქმებულია! – წამოიყივლა მდივანმა.       – ხვევნას გაუმარჯოს! – ვნებიანად ჩაიჩურჩულა შავგვრემანმა ქალმა, ოთახში ნიავივით ჩაიქროლა და კოროტკოვს კისერზე შროშანის სურნელება დააფრქვია.       – მეცამეტე მცნებაში ნათქვამია: მოყვასთან დაუკითხავად ნუ შეხვალ, – ჩაიჩიფჩიფა ლუსტრინისპიჯაკიანმა, ჰაერში გადაიფრინა და მოსასხამის კალთები გადააფრიალა... – მე არც შემოვდივარ, არც შემოვდივარ, ქაღალდებს კი მაინც ჩამოგიყრით. აი, ასე, ფრი!.. თუნდაც ერთს მოაწერ ხელს და განსასჯელის სკამზე დაჯდები, – მან განიერი შავი სახელოდან თეთრი ფურცლების დასტა გამოაგდო და ფურცლები მაგიდებს ისე მოეფინნენ, როგორც თოლიები სანაპიროს კლდეებს.       ოთახში ბინდი შემოიჭრა და ფანჯრები შეზანზარდა.       – ამხანაგო ქერათმიანო! – ტიროდა განაწამები კოროტკოვი, – აქვე დამხვრიტე, ოღონდაც რაიმე საბუთი მომეცი. ხელებს დაგიკოცნი.       ბინდბუნდში ქერათმიანი თანდათან იბერებოდა და იზრდებოდა, თანაც ფურცლებს ხელს განუწყვეტლივ აწერდა და მდივანს უყრიდა, ხოლო ის სიხარულის გამომხატველი დუდღუნით იჭერდა.       – ჭირსაც წაუღია! – დაიგრგვინა ქერათმიანმა, – ჭირსაც წაუღია. ჰეი, მემანქანეებო!       მან უზარმაზარი ხელი დაიქნია, კოროტკოვის თვალწინ კედელი გააპო და მაგიდებზე ჩამწკრივებულმა საბეჭდმა მანქანებმა ზარების წკარუნით ფოქსტროტი ააჟღერეს. ოცდაათი ქალი მაგიდების ირგვლივ ზარ-ზეიმით დატრიალდა; თეძოებს არხევდნენ, მხრებს ავხორცულად იქნევდნენ, კრემისფერი ფეხებით თეთრ ქაფს აქეთიქით ისროდნენ.       მანქანების ხახებში თეთრი ფურცლები გველებივით შესრიალდნენ და დახვევა, დაპობა, გადაკერება იწყეს. ამოსხლტნენ იისფერლამპასებიანი თეთრი შარვლები: „ამის წარმომდგენი არის ნამდვილად წარმომდგენი და არა ვიღაც ვიგინდარა“.       – ჩაიცვი! – ბურუსში დაიგრგვინა ქერათმიანმა.       – უ-უ-უ-უ, – წვრილი ხმით აყმუვლდა კოროტკოვი და ქერათმიანის მაგიდას თავის რახუნი დაუწყო. თავი ერთი წამით დაუამდა და ვიღაცის ცრემლიანი სახე თვალწინ გაუკრთა.       – ვალერიანი! – იყვირა ვიღაცამ ჭერზე.       მოსასხამი შუქს შავი ფრინველივით ჩამოეფარა და ბერიკაცი მღელვარედ აჩურჩულდა:       – ახლა საშველი ესღაა, – დირკინისკენ, მეხუთე განყოფილებაში. მალე! მალე!       ეთერის სუნი დადგა, მერე ვიღაცამ კოროტკოვს ხელი ნაზად მოჰკიდა და ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში გაიყვანა. მოსასხამი გარს ეხვეოდა, წინ მიაქანებდა და თან ხითხითით ეჩურჩულებოდა:       – ამათ კარგი ოინი ვუყავი: მაგიდებზე ისეთი რამ დავუყარე, თითოეულს სულ ცოტა ხუთი წელი და ბრძოლის ველზე დამარცხება ერგება. მალე! მალე!       მოსასხამი განზე გაფრიალდა, უფსკრულში ჩამავალი ბადიდან ნესტიანმა ქარმა წამოუბერა. X - შემზარავი დირკინი       სარკეებიანი კაბინა ქვემოთ დაექანა და ორი კოროტკოვი ძირს ჩასრიალდა. პირველმა და მთავარმა კოროტკოვმა მეორე კოროტკოვი კაბინის სარკეში ჩატოვა და გრილ ვესტიბიულში მარტო გავიდა. ძალზე სქელი, ვარდისფერი, ცილინდრიანი კაცი მას ამ სიტყვებით შეხვდა:       – დიდებულია. ახლა დაგაპატიმრებთ.       – ჩემი დაპატიმრება არ შეიძლება, – უპასუხა კოროტკოვმა და სატანური ხმით გაიცინა, – იმიტომ რომ ცნობილი არ არის, ვინა ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი არც დაპატიმრება შეიძლება და არც დაქორწინება. არც პოლტავაში წავალ.       სქელი კაცი შიშისგან აცახცახდა. კოროტკოვს თვალის გუგებში ჩახედა და უკან დაიხია.       – აბა, დამაპატიმრე, – დაიწრიპინა კოროტკოვმა და ღიპიანს აცახცახებული, ფერდაკარგული, ვალერიანის სუნით გაჟღენთილი ენა გამოუყო, – როგორ დამაპატიმრებ, თუ საბუთების ნაცვლად ბრაწი მაქვს? იქნებ ჰოჰენცოლერნი(გერმანელ იმპერატორთა – ჰოჰენცოლერნთა საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენელი სამფლობელოების დათმობის შემდეგ განცალკევებით ცხოვრობდა.) ვარ?       – ღმერთო დიდებულო, – თქვა ღიპიანმა, აკანკალებული ხელით პირჯვარი გადაიწერა და ვარდისფერის მაგივრად ყვითელი ფერი დაედო.       – კალსონიერი არ შეგხვედრია? – მჭახედ ჰკითხა კოროტკოვმა და მიმოიხედა, – მიპასუხე, ღიპიანო.       – არ შემხვედრია, – უპასუხა ღიპიანმა და სახე გაუნაცრისფრდა.       – ახლა რა ვქნათ? ჰა?       – დირკინთან წასვლაა საჭირო, – ატიტინდა ღიპიანი, – ყველაფერს ეს სჯობია, მაგრამ მრისხანეა. უჰ, რა მრისხანეა! ახლოს ვერ მიეკარები. ორნი, იმასთან ნამყოფნი, ზემოდან გადმოფრინდნენ. ახლახან ტელეფონი დალეწა.       – კარგი, – უპასუხა კოროტკოვმა და ყოჩაღად გადააფურთხა, – ახლა ჩვენთვის სულერთია. ზემოთ წამიყვანე!       – ფეხი არ იტკინოთ, ამხანაგო რწმუნებულო, – ნაზად უთხრა კოროტკოვს ღიპიანმა და ლიფტში ჩასვა.       ზედა ბაქანზე ასულებს თექვსმეტიოდე წლის ტანმორჩილმა ყმაწვილმა შემზარავად დაუყვირა:       – სად მიდიხართ? გაჩერდით!       – არა მცემო, ბიძიკო, – უთხრა მას ღიპიანმა, მოიკუნტა და თავზე ხელები დაიფარა, – თვით დირკინთან მივდივართ.       – გასწით, – შეჰყვირა ტანმორჩილმა.       ღიპიანი აჩურჩულდა:       – თქვენ წადით, თქვენო ბრწყინვალებავ, მე კი აქ სკამზე მოვიცდი. ძალიან მეშინია...       კოროტკოვი ჯერ ბნელ წინკარში, შემდეგ კი უკაცრიელ დარბაზში შევიდა, სადაც ცისფერი, გაცვეთილი ხალიჩა ეფინა.       იმ კართან, რომელზეც წარწერა „დირკინი“ მოჩანდა, კოროტკოვი ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ მერე შევიდა და მყუდროდ მოწყობილ კაბინეტში აღმოჩნდა, სადაც ჟოლოსფერი მაგიდა იდგა და კედელზე საათი ეკიდა. მაგიდის იქით მჯდარი ტანმორჩილი, ფუმფულა დირკინი სწრაფად წამოხტა, ულვაშები აიყალყა და დაიღ-რიალა:       – ჩუმად! – თუმცა კოროტკოვს ჯერ არაფერი ეთქვა.       იმავე წუთს კაბინეტში ფერმკრთალი, პორტფელიანი ჭაბუკი შემოვიდა. დირკინს უმალ სახეზე ღიმილი გადაეფინა.       – ოჰ! – შესძახა მან ტკბილი ხმით, – არტურ არტურიჩ. მოგესალმებით.       – მისმინე, დირკინო, – წამოიწყო ჭაბუკმა ფოლადისებური ხმით, – პუზირევს შენ მისწერე, თითქოს ემერიტურულ სალაროში(ემირატურა – (ლათ. სიტყვიდან emeritus – დამსახურებული) – რევოლუციამდელ რუსეთში ფულადი დახმარება, რასაც სამსახურიდან გადამდგარ სახელმწიფო მოხელეებს აძლევდნენ.) ერთპიროვნული დიქტატურა დავამყარე და მაისის ემერიტურული ფული მივითვისე? შენ მისწერე? მიპასუხე, შე არამზადა.       – მე? – აბუტბუტდა დირკინი, მრისხანე დირკინიდან ჯადოქრულად კეთილ დირკინად გადაიქცა, – მე, არტურ დიქტატურიჩ... მე, რა თქმა უნდა... თქვენ ტყუილ-უბრალოდ...       – ოჰ, შე არამზადა, შე არამზადა, – მჭახე ხმით უთხრა დირკინს ჭაბუკმა, თავი გააქნია და პორტფელი ყურში ლავაშივით ჩასცხო.       კოროტკოვმა უნებურად წამოიყვირა და გაშეშდა.       – შენც და ყველა არამზადასაც, ვინც ჩემს საქმეში ცხვირს ჩაყოფს, ეს დღე მოელის, – შთამბეჭდავად უთხრა ჭაბუკმა კოროტკოვს, წითელი მუშტი მუქარით მოუღერა და კაბინეტიდან გავიდა.       კაბინეტში ორიოდე წუთს სიჩუმემ დაისადგურა, მხოლოდ სადღაც ჩავლილი სატვირთო მანქანისგან აზანზარებული კანდელაბრის საკიდები წკარუნობდა.       – ხომ ნახეთ, ყმაწვილო კაცო, – უთხრა კოროტკოვს კეთილმა, დამცირებულმა დირკინმა და მწარედ ჩაიცინა, – აი, გულმოდგინების საფასური. ღამეებს მშიერ-მწყურვალი ათევ, სანაცვლოდ კი ცხვირ-პირში გირტყამენ. იქნებ თქვენც ამ განზრახვით მოხვედით? მაშ ურტყით დირკინს, ურტყით. დირკინის ცხვირ-პირი რა დასანანია. იქნებ არ გინდათ, რომ ხელი იტკინოთ? მაშ კანდელაბრი აიღეთ.       დირკინმა საწერი მაგიდიდან ფუმფულა ლოყები მაცდუნებლად წამოსწია. კოროტკოვი არც დაფიქრებულა, მორცხვად გაიღიმა, კანდელაბრს ფეხზე მისწვდა, სანთლებიანად მოიქნია და დირკინს თავში ჩაულაწუნა. თავდაჩეჩქვილ დირკინს ცხვირიდან სისხლი წასკდა და მაუდი გადააწითლა, მიშველეთო, – დაიყვირა, შიგნითა კარი გამოაღო და ოთახიდან გაიქცა.       – გუ-გუ! – დაიძახა ტყის გუგულმა და კედელზე ჩამოკიდებული ნიურნბერგული მოხატული სახლიდან გამოხტა.       – კუ-კლუქს-კლანი! – დაიყვირა მან და მელოტ თავად გადაიქცა, – ჩავწეროთ, თანამშრომლებს როგორ სცემთ.       კოროტკოვს მრისხანება დაეუფლა. კანდელაბრი მოიქნია და საათს დაჰკრა. საათმა დაიგრგვინა და ოქროსფერი ისრები მიმოფანტა. საათიდან კალსონიერი გამოხტა, თეთრ მამლად გადაიქცა და კარიდან გავარდა. ფრთებზე „გასული“ ეწერა. იმავე წამს შიგნითა კარს მიღმა დირკინის ბღავილი გაისმა: „დაიჭირეთ ეგ ყაჩაღი!“ ირგვლივ ფეხების ბრაგაბრუგი გაისმა. ხალხი ყოველი მხრიდან გამორბოდა. კოროტკოვი შეტრიალდა და გაიქცა. XI - პარფორსული* კინო და უფსკრული       * Parforse (ფრანგ.) – სანადირო ძაღლების საყელური. პარფორსული ნადირობა – ნადირზე მწევრებით ნადირობა; აქ, კოროტკოვის დევნა, რომელიც მისი დაღუპვით დასრულდა.       ბაქანზე ღიპიანი კაბინაში შეხტა, ბადე ჩამოიფარა და ქვემოთ დაეშვა, ხოლო უზარმაზარ, დაღრღნილ კიბეზე შემდგომი რიგით დაექანნენ: პირველი – ღიპიანის შავი ცილინდრი, შემდეგ – თეთრი „გასული“ მამალი, მამლის შემდეგ – კანდელაბრი, წვეტიანი თეთრი თავის ზემოთ ერთ გოჯზე რომ მიფრინავდა, მერე კოროტკოვი, რევოლვერმომარჯვებული თექვსმეტი წლის ყმაწვილი და კიდევ ვიღაცები, ნალებიან ჩექმებს რომ მოაბრაგუნებდნენ. კიბე ბრინჯაოს ხმით აკვნესდა, ბაქნებზე კართა მშფოთვარე ჯახუნი გაისმა.       ვიღაც ზედა სართულიდან გადმოეკიდა და რუპორში ჩასძახა:       – რომელი სექცია გადადის? ცეცხლგამძლე სალარო დარჩათ!       – ბანდიტები! – ქვემოდან პასუხად გაისმა ქალის ხმა.       ქუჩაში გამავალ უზარმაზარ კართან კოროტკოვმა ცილინდრსა და კანდელაბრს გაასწრო, გარეთ გავარდა, გახურებული ჰაერის უშველებელი ულუფა შეისუნთქა და ქუჩას სირბილით გაუყვა. თეთრმა მამალმა გოგირდის სუნი დააფრქვია და მიწაში ჩაინთქა, ჰაერში შავი მოსასხამი გამოიძერწა და კოროტკოვს აედევნა, თან წვრილი ხმით გაჰკიოდა:       – მეარტელეებს სცემენ, ამხანაგებო!       ქუჩაში მიმავალნი კოროტკოვის დანახვაზე აქეთ-იქით გარბოდნენ და სახლებქვეშა თაღებში იმალებოდნენ, წამდაუწუმ სტვენა გაისმოდა, ჩაიგრიალებდა და მიწყდებოდა. ატყდა საშინელი ყიჟინი, ვიღაც ჩახლეჩილი ხმით აყვირდა: „დაიჭირეთ!“ რკინის გისოსები გრიალით ჩამოეშვა.       – დაიწყო! – კიოდა ტრამვაის ხაზზე მჯდარი კოჭლი კაცი.       კოროტკოვის უკან ნაძვის ხის ტკაცუნასავით მხიარული სროლა გახშირდა. ტყვია ხან გვერდით, ხან მაღლა გაიწივლებდა. მჭედლის საბერველივით აქშუტუნებული კოროტკოვი ისარივით მიისწრაფოდა უზარმაზარი თეთრმეტსართულიანი შენობისკენ, გვერდი ქუჩისკენ რომ ჰქონდა მოქცეული, ფასადი კი ვიწრო შესახვევისკენ. კუთხეში მიმაგრებული მინის აბრა, რომელზეც ეწერა „Restoran i pivo“ ვარსკვლავისებურად დაიბზარა, ხნიერი მეეტლე კოფოდან ქვაფენილზე გადაჯდა და სახემოთენთილი ალაპარაკდა:       – ყოჩაღ! რას სჩადით, ძმებო, ყველას განურჩევლად ესვრით?..       შესახვევიდან ვიღაც კაცი გამოვარდა, კოროტკოვის შეჩერებას შეეცადა, პიჯაკის კალთაში სწვდა, მაგრამ კალთა ხელში შერჩა. კოროტკოვმა კუთხეში შეუხვია, რამდენიმე საჟენი გაირბინა და სარკეებიან ვესტიბიულში შევარდა. ლიფტთან მდგარი სირმებიანი და ოქროსფერღილებიანი ბიჭი განზე გახტა და ატირდა.       – ჩაჯექი, ძია, ჩაჯექი! – აღრიალდა იგი, – ოღონდ ობოლს ნუ მცემ!       კოროტკოვი ლიფტის კოლოფში შეხტა, მეორე კოროტკოვის პირისპირ მწვანე დივანზე ჩამოჯდა და ქვიშაზე დაგდებული თევზივით აქოშინდა. ბიჭი სლუკუნით შეჰყვა, კარი მიხურა და თოკი ჩამოქაჩა. ლიფტი ზემოთ გაემართა. იმავე წამს ქვემოთ, ვესტიბიულში, სროლა ატყდა და მინის მრავალი კარი აქანავდა.       ლიფტი ზემოთ რბილად, მომაბეზრებლად მიემართებოდა. დამშვიდებული ბიჭი ერთი ხელით ცხვირს იხოცავდა, მეორე ხელით კი თოკს ექაჩებოდა.       – ძია, ფული მოიპარე? – ცნობისმოყვარედ შეეკითხა პიჯაკშემოხეულ კოროტკოვს.       – კალსონიერს... შევუტიე... – უპასუხა სულშეხუთულმა კოროტკოვმა, – მაგრამ იგი შეტევაზე თვითონ გადმოვიდა...       – ძია, გირჩევნია, სულ მაღლა, საბილიარდოში ახვიდე, – ურჩია კოროტკოვს ბიჭმა, – თუ მაუზერი გაქვს, სახურავზე ჩასაფრდი.       – ავიდეთ... – დაეთანხმა კოროტკოვი.       ერთი წუთის შემდეგ ლიფტი შეჩერდა, ბიჭმა კარი გააღო და კოროტკოვს ცხვირის სრუტუნით უთხრა:       – ძია, გადი, სახურავისკენ გასწი.       კოროტკოვმა ლიფტიდან ისკუპა, მიმოიხედა და ყური მიუგდო. ქვემოდან გუგუნი მოისმოდა, თანდათან რომ მატულობდა და ზემოთ მოიწევდა. გვერდიდან, მინის ტიხარს იქიდან, სადაც შეშფოთებული სახეები მოჩანდა, ძვლის ბურთების ჭახაჭუხი გამოდიოდა. ბიჭი ლიფტში შეხტა, კარი მიიკეტა და ქვემოთ დაექანა.       კოროტკოვმა პოზიციას არწივისებური მზერა მოავლო, ცოტა ხანს შეყოყმანდა, მერე ომახიანად შესძახა: წინ! – და საბილიარდოში შევარდა. მწვანე მოედანზე აგორებული კრიალა ბურთები და ფერმკრთალი სახეები აირ-დაირია. ქვემოთ, სულ ახლოს სროლის ხმა გაისმა, რასაც გამაყრუებელი ექო აჰყვა და სადღაც მინები წკრიალით ჩამოიმსხვრა. მოთამაშეებმა კიები ერთდროულად დაყარეს, დამწკრივდნენ და გვერდითა კარისკენ ბრაგაბრუგით გაცვივდნენ. კოროტკოვი გაქანდა, გასულთა უკან კარი გადარაზა, მერე კიბიდან საბილიარდოში შემოსასვლელი მინის კარიც გადაკეტა და ბურთებით უმალ შეიარაღდა. რამდენიმე წამი გავიდა და ლიფტის გვერდით, მინის მიღმა პირველი თავი ამოიზარდა. კოროტკოვის ნასროლმა ბურთმა მინა სტვენით გაანგრია და თავი უმალ გაქრა. მის ადგილას მკრთალმა ცეცხლმა იელვა და მეორე თავი გამოჩნდა, მერე – მესამე. ბურთები ერთმანეთს მიჰყვა და ტიხრის მინები ჩაიმსხვრა. კიბეზე ჩაგორებულ ბურთებს რაკარუკი გაჰქონდა. ამ ხმის პასუხად ზინგერის საკერავი მანქანასავით გამაყრუებლად აგრიალდა ტყვიამფრქვევი და მთელი შენობა შეზანზარდა. საბილიარდოს ზემოთა ნაწილში მინები და ჩარჩოები, თითქოს დანით შემოაჭრესო, ისე ჩამოიშალა და მთელ საბილიარდოს ჩამოცვივნული ბათქაშიდან ავარდნილი მტვრის ღრუბლები მოეფინა.       კოროტკოვი მიხვდა, რომ პოზიციის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა. თავზე ხელები დაიფარა, გაქანდა და ფეხები დასცხო მინის მესამე კედელს, რომლის იქით შენობის ბრტყელი, მოასფალტებული სახურავი იწყებოდა. კედელი გაიბზარა და ჩამოილეწა. კოროტკოვმა ბობოქარ ცეცხლში მაინც მოასწრო, სახურავზე ხუთი პირამიდა გადაეყარა და ბურთები ასფალტზე მოკვეთილი თავებივით გაგორდა. ბურთებს კოროტკოვიც მიჰყვა. დროზე მოასწრო, იმიტომ რომ ტყვიამფრქვევმა ჩარჩოს ქვედა ნაწილი ჩაჭრა.       – დაგვნებდი! – ყრუდ ჩაესმა ხმა.       კოროტკოვის ზემოთ ძალაგამოლეული მზე და ფერმიხდილი ცა გამოჩნდა. მოყინულ ასფალტზე ქარი დაქროდა. ქვემოდან და გარედან ქალაქის მღელვარე გუგუნი მოისმა. კოროტკოვი ასფალტზე ახტა-დახტა, მიმოიხედა, სამ ბურთს ხელი წამოავლო, პარაპეტთან მიირბინა, ზედ ახოხდა და ქვემოთ გადაიხედა. გული გადაუტრიალდა. ქვემოთ გამოჩნდა გაბრტყელებულ-დაპატარავებულ სახლთა სახურავები, მოედანი, სადაც ტრამვაი მიღოღავდა და ადამიანები ხოჭოებივით მიმორბოდნენ. იმავე წამს კოროტკოვმა შესახვევიდან სადარბაზო შემოსასვლელისკენ წამოსული რუხი ფიგურები შეამჩნია. მათ უკან ოქროსფრად მოელვარე თავებით დახუნძლული მძიმე სათამაშო დაიძრა...       – ალყაში მომაქციეს! – ამოიხვნეშა კოროტკოვმა, – მეხანძრეები არიან.       პარაპეტზე გადახრილმა კოროტკოვმა დაუმიზნა და სამი ბურთი ზედიზედ ისროლა. ბურთები მაღლა აიჭრნენ, წრე მოხაზეს და ქვემოთ დაექანნენ. კოროტკოვმა სამი ბურთი კიდევ აიტაცა, კიდევ ახოხდა პარაპეტზე და სამივე ბურთი გაისროლა. ბურთებმა ვერცხლისფრად გაიელვეს, ქვემოთ დაეშვნენ და გაშავდნენ, მერე ისევ იელვეს და გაქრნენ. კოროტკოვს მოეჩვენა, რომ მზის სხივებივით გაბრწყინებულ მოედანზე ხოჭოებმა შეშფოთებით იწყეს სირბილი. იგი კვლავ დაიხარა ბურთების ასაკრეფად, მაგრამ აკრეფა ვეღარ მოასწრო. საბილიარდოში მინის ნამსხვრევების განუწყვეტელი ჭახაჭუხი გაისმა და ხალხის ნაკადი გამოჩნდა. მომხვდურნი სახურავზე მუხუდოს მარცვლებივით ცვიოდნენ. მოფრიალებდა რუხი ქუდები და რუხი მაზარები, ხოლო ლუსტრინისპიჯაკიანი ბერიკაცი ზედა სარკმლიდან იატაკზე ფეხის დაუკარებლად შემოფრინდა. მერე კედელი მთლიანად ჩამოიშალა და გორგოლაჭებით მრისხანედ შემოგორდა შემზარავი, წვერგაპარსული კალსონიერი. ხელში ძველებური მუშკეტონი ეჭირა.       – დაგვნებდი! – გაისმა ღრიალი წინიდან, უკნიდან და ზემოდან, მერე კი ყველა ხმა დაფარა აუტანელმა, დამაყრუებელმა, ქვაბივით მოგუგუნე ბანმა.       – რა თქმა უნდა! – სუსტი ხმით შესძახა კოროტკოვმა, – რა თქმა უნდა. ბრძოლა წაგებულია. ტა-ტა-ტა! – ტუჩებით დაუკრა გასაყარი ნაღარა.       კოროტკოვს გული სასიკვდილო განწირულობის სიმამაცით აევსო. იგი პარაპეტის ბოძზე გადაბობღდა, შექანდა, მერე წამოიმართა და შეჰყვირა:       – სირცხვილს სიკვდილი მირჩევნია!       მდევრები ორ ნაბიჯზე იყვნენ. კოროტკოვი უკვე გამოწვდილ ხელებსა და კალსონიერის პირიდან გამოვარდნილ ალს ხედავდა. მზით გაბრწყინებულმა უფსკრულმა ისე მიიზიდა, რომ სული შეუგუბდა. გამარჯვების გამაყრუებელი შეძახილით შეხტა და მაღლა აიჭრა. უმალ სუნთქვა შეეკრა. ბუნდოვნად დაინახა, თითქოს აფეთქებისგან წარმოქმნილმა რაღაც ნაცრისფერმა და შავნახვრეტებიანმა გვერდზე როგორ ჩაუქროლა და ზემოთ გაემართა. შემდეგ თვალნათლივ დაინახა, რომ ის ნაცრისფერი რაღაც ქვევით დაექანა, თავად კი მაღლა გაქანდა ვიწრო შესახვევისკენ, ახლა თავს ზემოთ რომ მოჰქცეოდა. მერე სისხლისფერი მზე თავში გრიალით დაემსხვრა და მეტი აღარაფერი დაუნახავს. მიხაილ ბულგაკოვი …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 7:49pm on თებერვალი 24, 2021
თემა: ხორხე ლუის ბორხესი - წრიული ნანგრევები
ტალახში ჩაეშვა. მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც უკლებლივ ყველამ იცოდა, რომ ეს ჩუმი კაცი სამხრეთიდან მოვიდა და რომ მისი სამშობლო იყო იმ უსასრულო სოფლებიდან ერთ-ერთი, მთის ძალუმ ფერდობს რომ შეჰფენოდა მდინარის ზედა ნაწილში, სადაც ზენდავესტური ენა ჯერაც არ მოწამლულიყო ბერძნულით და სადაც კეთრს არ იცნობდნენ. მაგრამ, რეალურად, ნაცრისფერმა კაცმა ტალახს აკოცა, ნაპირზე აცოცდა (ალბათ არც კი უგრძნია ბასრღეროიანი ლერწმები, სხეულს რომ უსერავდნენ) და, გასისხლულ-დასუსტებული, მილასლასდა წრიულ გალავნამდე, რომელსაც აგვირგვინებდა ქვის ცხენისა თუ ვეფხვის ფიგურა, ოდესღაც ცეცხლისფერი, ახლა კი ფერფლივით რუხი. ეს გალავანი იყო დიდი ხნის წინ დაქცეული ტაძარი, რომელიც მალარიულმა ჯუნგლებმა წაბილწეს და რომლის ღვთაებამაც - კაცთა მოდგმისგან პატივაყრილმა - იქაურობა დატოვა. უცხოელი კაცი კვარცხლბეკის ძირში მიწვა.       ცაში მაღლა ასულმა მზემ გამოაღვიძა. ჭრილობები დაითვალიერა და გაუოგნებლად შენიშნა, რომ ყველა შეხორცებოდა. მქრქალი თვალები დახუჭა და ძილი განაგრძო, - არა სხეულში ჩამდგარი სისუსტისგან, არამედ მტკიცე გადაწყვეტილების კარნახით, რომ უნდა დაეძინა. იცოდა: სწორედ ეს ტაძარი იყო ადგილი, რომლისკენაც მისი დაუმარცხებელი გეგმა უხმობდა; იცოდა: უმოწყალო ხეებს მაინც ვერ შთაენთქათ მდინარის უფრო ქვედა ნაწილში მდგარი მეორე იმედისმომცემი ტაძარი, ისიც - ასეთივე მკვდარი, ჩაფერფლილი ღმერთების სამკვიდრო; იცოდა: მის უშუალო ვალდებულებას ამჯერად ძილი შეადგენდა. შუაღამისას ფრინველის უნუგეშო ძახილმა გამოაღვიძა. შიშველი ფეხების ნაკვალევმა, რამდენიმე ლეღვმა და წყლიანმა დოქმა მიახვედრა, რომ ადგილობრივი ხალხი პატივისცემით უთვალთვალებდა მის ძილს, ელოდა მის წყალობას ან მის მაგიას უფრთხოდა. სხეულში შიშის სიცივემ დაუარა, კედლის ნანგრევში საფლავივით ნიშა მოძებნა, შიგ შეწვა და სხეულზე უცნობი ფოთლები გადაიფარა. მიზანი, რომელიც ამოძრავებდა, მიუწვდომელი კი არ იყო, არამედ სრულებით ზებუნებრივი. მას სურდა დასიზმრებოდა კაცი, დასიზმრებოდა მთლიანად, ყოველი დეტალითა და ნიუანსით, და რეალობაში გადმოეტანა ის. სული ამ ჯადოსნურმა მიზანმა აუვსო და ვინმეს რომ მისთვის სახელი ეკითხა, ან დაინტერესებულიყო მისი აქამომდელი ცხოვრების რომელიმე მომენტით, ვერაფერს ეტყოდა. უკაცრიელი და ჩამონგრეული ტაძარი დიახაც შეეფერებოდა მის დღევანდელობას, რადგან ეს ხილული სამყაროს მინიმუმი იყო. ასევე შეეფერებოდა სიახლოვე ტყისმჭრელებთან, რომლებიც მის მწირ საჭიროებებზე ზრუნავდნენ. მათ მიერ შემოწირული ბრინჯი და ხილი საკმარისი საკვები იყო მისთვის, ვისაც თავი ძილისა და სიზმრისთვის ჰქონდა გადადებული.      თავიდან ქაოსური სიზმრები ესიზმრებოდა, ცოტა ხნის შემდეგ - უკვე დიალექტიკური. უცხოელს ესიზმრებოდა, რომ იმყოფებოდა წრიული ამფითეატრის ცენტრში, რომელიც რაღაცნაირად დანგრეული ტაძარი იყო, მდუმარე სტუდენტები კი ღრუბლის ფთილებივით ავსებდნენ ტერასებად განლაგებულ ქვის სკამებს. ყველაზე დაშორებული სახეები მრავალი საუკუნის განმავლობაში და კოსმიურ სიმაღლეზე მოჩანდა, თუმცა - აბსოლუტურად მკაფიოდ. კაცი კითხულობდა ლექციებს ანატომიის, კოსმოგრაფიის, მაგიის სფეროებში. სახეები სერიოზულად, ყურადღებით უსმენდნენ და ცდილობდნენ, გაგებით გამოხმაურებოდნენ. თითქოს გრძნობდნენ მნიშვნელობას ამ საგანმანათლებლო პროცესისა, რომელსაც უნდა გამოეხსნა ერთ-ერთი მათგანი ცარიელი და მოჩვენებითი არსებობიდან და რეალურ სამყაროში გადმოეყვანა. მძინარეცა და მღვიძარეც, კაცი აჩრდილთა პასუხებზე ფიქრობდა. ვერ დაუშვებდა, რომ თაღლითურად მოეტყუებინათ, და ზოგიერთ დაბნეულში მზარდ გონიერებას გრძნობდა. ეძებდა სულს, რომელიც ღირსი იქნებოდა, რომ თავისი ადგილი დაეკავებინა სამყაროში.      მეცხრე თუ მეათე ღამეს კაცი მიხვდა (ერთგვარი სიმწარით), რომ არაფრის ლოდინი არ შეიძლებოდა იმ სტუდენტებისგან, რომლებიც პასიურად იღებდნენ მის სწავლებას, არამედ მხოლოდ ისეთებისგან, დროდადრო და კეთილგონივრულად რომ შეესიტყვებოდნენ ხოლმე. პირველები - უსიტყვოდ მიმღებნი, მაინც რომ იმსახურებდნენ სიყვარულსა და რაღაც თანაგრძნობას, არასოდეს იქცეოდნენ პიროვნებებად; მეორეებს - მათ, ვინც ზოგჯერ კითხვებს იძლეოდა - რამდენადმე უფრო ღრმა არსებობა ჰქონდათ. ერთ ნაშუადღევს (ამჯერად ნაშუადღევებიც ძილში გადიოდა: ამ დროს კაცს სულ ორი-სამი საათი ეღვიძა, ისევე, როგორც გათენებისას) მან ერთხელ და სამუდამოდ დაითხოვა თავისი დიდი, ილუზორული აუდიტორია და სულ რამდენიმე მოწაფე დაიტოვა: ჩუმი ჭაბუკი, ზოგჯერ ურჩი და მოუხელთებელი, მოყვითალო კანით და მკვეთრი ნაკვთებით, რომლებიც სიზმრად ნანახი იმ კაცის ნაკვთებს ეხმიანებოდა. ეს მოწაფე დიდხანს არ დაუბნევია დანარჩენების დათხოვნას. რამდენიმე ინდივიდუალური გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელი განაცვიფრა მისმა პროგრესმა. მაგრამ მომავალი უბედურება მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა. ერთ დღესაც კაცს ისე გამოეღვიძა, თითქოს, ბოლოს და ბოლოს, წებოვან უდაბნოს დაუსხლტაო, საღამოს დაცარიელებულ სინათლეს გახედა (რომელიც ერთი წუთით თენების სინათლეში აერია) და მიხვდა, რომ არ დასიზმრებია. მთელ იმ ღამეს და მომდევნო დღეს უძილობის აუტანელი სიცხადე ქორივით დასდევდა უკან. ჯუნგლების დასათვალიერებლად წავიდა იმ იმედით, რომ დაიღლებოდა. მათოთებს შორის სულ მოკლე ინტერვალებით ჩაძინება მოახერხა და ეს ძილიც მისთვის უსარგებლო რამდენიმე წამიერმა ხილვამ თუ გასერა. ისევ შეკრიბა თავისი კლასი, მაგრამ რამდენიმე შემგონებლური სიტყვის თქმის შემდეგ სახეები გაინთხა, დაიბრიცა და გაუჩინარდა. თითქმის მუდმივად მღვიძარ მდგომარეობაში მყოფ ამ თვალებს რისხვის ცრემლები შანთავდა.      მიხვდა, რომ სიზმრების არათანმიმდევრული და გამაბრუებელი მასალისგან რაიმეს გამოძერწვა უძნელესი სამუშაოა, რომელიც ადამიანმა შეიძლება შეასრულოს, თუნდაც ზედა და ქვედა სფეროების ყველა გამოცანას ზომავდეს, - გაცილებით ძნელი, ვიდრე თოკის დაწვნა ქვიშისგან ან მონეტების გამოჭედვა უსახური ქარისგან. მიხვდა, რომ თავდაპირველი მარცხი გარდაუვალი იყო. დაიფიცა, რომ უკან ჩამოიტოვებდა დიდ ჰალუცინაციას, გზიდან რომ გადააცდინა, და თავის მიზანთან მიახლოების სხვა გზის ძებნას შეუდგა. მანამდე კი მთელი თვე მიუძღვნა იმ ძალის აღდგენას, ბოდვაში ყოფნამ რომ გამოაცალა. მიატოვა ყოველგვარი წინასწარი მედიტაცია სიზმარზე, თითქმის მაშინვე ჩაიძინა და დღის გვარიანი ნაწილი ძილში გაატარა. ამასობაში რამდენიმე სიზმარი ნახა, თუმცა ფოკუსირება არც ერთზე არ მოუხდენია, - მერე განაგრძობდა თავის საქმეს, როცა მთვარე შეივსებოდა. იმ საღამოსვე განიბანა სხეული მდინარის წყლებში, ქედი მოუდრიკა პლანეტის ღმერთებს, წარმოთქვა იმ ძალუმი სახელის მარცვლები, კანონიერად რომ უნდა წარმოითქვას, და დასაძინებლად დაწვა.      თითქმის ჩაძინებისთანავე ესიზმრა მფეთქავი გული: თბილი, აქტიური, ფარული, დაახლოებით შეკუმშული მუშტის ზომის, გრანიტის ფერი გუნდა ადამიანის უსახო და უსქესო სხეულის შიდა ბინდბუნდში. ეს ესიზმრებოდა მტკივნეული სიყვარულით თოთხმეტი ღამის განმავლობაში, ღამიდან ღამემდე - უფრო და უფრო ცხადად, უფრო და უფრო გარკვეულად. არ ეხებოდა, მხოლოდ ხედავდა, უკვირდებოდა, იქნებ თვალებით ასწორებდა კიდეც. მრავალი კუთხიდან, მრავალი მანძილიდან აღიქვამდა და განიცდიდა მას. მეთოთხმეტე ღამეს ფილტვების არტერიას საჩვენებელი თითი გადაუსვა, მერე მთელ გულს შეეხო, შიგნიდან და გარედან. და ამ დათვალიერებამ სიამაყე აგრძნობინა. მომდევნო ღამეს განზრახ არ დაიძინა. მერე ისევ მიუბრუნდა გულს, პლანეტის სახელი წარმოთქვა და ამჯერად სხვა დიდი ორგანოს დასიზმრებას შეუდგა. სანამ ერთი წელი გავიდოდა, უკვე ჩონჩხამდე და ქუთუთოებამდე მივიდა. სხეულზე ამოსული უთვალავი თმა ალბათ ყველაზე ძნელი დასასიზმრებელი იყო. დაესიზმრა ახალგაზრდა მამაკაცი მთელი მისი სხეულით: არ ამდგარა და ხმა არ ამოუღია, თვალიც კი არ გაუხელია. ღამიდან ღამემდე კაცს მძინარე ჭაბუკი ესიზმრებოდა.      გნოსტიკოსების კოსმოგონიაში დემიურგები ზელენ წითელ ადამს, რომელიც ფეხზე ვერ დგება. ასეთივე ნედლი, უმწიფარი და პირველადი იყო ჯადოქრის ღამეებში გამოძერწილი სიზმრის ადამი. ერთ ნაშუადღევს კაცმა ლამის დაამსხვრია თავისი ქმნილება. მაგრამ ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაც აღთქმა დაუდო მიწისა და მდინარის ყველა ღვთაებას, პირქვე დაემხო ვეფხვის თუ კვიცის კერპის წინაშე და დახმარება სთხოვა, ჯერაც გამოუყენებელი დახმარება. იმ საღამოს, დაისზე, ქანდაკებამ სიზმრებით აავსო. სიზმარში ის ცოცხალი იყო და ცახცახებდა, თუმცა არ ზაფრავდა კაცს ცხენის და ვეფხვის ჰიბრიდული სახით. ეს, მართლაცდა, ორი ძალუმი არსება იყო და, მათთან ერთად, ხარიც, ვარდიც, ქარიშხალიც, - ეს ყველაფერი ერთად. მრავალსახიანმა ღმერთმა კაცს გაუმხილა, რომ მისი მიწიერი სახელი იყო ცეცხლი; რომ ამ წრიულ ტაძარში (და ყველა მის მსგავსში) ადამიანები მსხვერპლს წირავდნენ და თაყვანს სცემდნენ მას და რომ ის მაგიურად შთაბერავდა სულს ფანტომს, რომელზეც კაცი ოცნებოდა; იმდენად სრულად შეასხამდა ხორცს, რომ ყოველი არსება, თვით ცეცხლისა და მეოცნებე კაცის გარდა, მას სისხლით და ხორცით სავსე არსებად მიიღებდა. მერე უბრძანა მეოცნებეს, ჭაბუკი რიტუალებში გაარკვიე და იმ მეორე დანგრეულ ტაძარში გაგზავნეო, რომლის პირამიდები ჯერ კიდევ იდგა ქვემოთ, მდინარესთან, რათა შესძლებოდა ღვთის განდიდება უკაცრიელ ადგილას. მძინარე კაცის სიზმარში მძინარემ გაიღვიძა.      ჯადოქარმა შეასრულა ცეცხლის მითითებები. გარკვეული დრო დაუთმო (ამ დრომ, საბოლოოდ, მთელ ორ წელიწადს გასტანა) ჭაბუკისთვის სამყაროსა და ცეცხლის კულტის საიდუმლოებების განდობას. გულის სიღრმეში კაცი იტანჯებოდა, რომ უნდა დაშორებოდა თავის ქმნილებას. პედაგოგიური აუცილებლობის საბაბით, ყოველდღე უფრო დიდხანს წელავდა ძილის საათებს. გარდა ამისა, მარჯვენა მკლავიც შეუსწორა (როგორც ჩანს, დეფექტური). შიგადაშიგ, ეუფლებოდა შემაწუხებელი განცდა, რომ ეს ყველაფერი უწინაც მომხდარიყო... მთლიანობაში, ბედნიერი დღეები ჰქონდა. თვალების დახუჭვისას ფიქრობდა: „ახლა მე ჩემს ვაჟთან ვიქნები“. უფრო იშვიათად: „ჩემ მიერ ჩასახული ჩემი ვაჟი ახლა მელოდება. ის არ იარსებებს, თუ არ მივაკითხავ“.      ნელ-ნელა კაცმა ჭაბუკი რეალობას მიაჩვია. ერთხელ უბრძანა, იმ შორეული მთის თავზე დროშა აღმართეო. მეორე დღეს მწვერვალზე დროშა ფრიალებდა. მან სხვა მსგავსი ექსპერიმენტებიც სცადა, ყოველი მომდევნო - წინაზე უფრო გაბედული. ერთგვარი სიმწარე იგრძნო იმის შემხედვარემ, რომ მისი ვაჟი უკვე მზად იყო დასაბადებლად (იქნებ ვეღარც კი ითმენდა). იმ ღამეს პირველად აკოცა, მერე კი გაგზავნა მრავალი ლიეს გასავლელად გაუვალ ჯუნგლში და ჭანჭრობში, იმ მეორე ტაძრისკენ, რომლის ნანგრევები თეთრად ელავდნენ მზეზე, მდინარესთან. მაგრამ მანამდე (რათა ბიჭს არასოდეს სცოდნოდა, რომ ფანტომი იყო, და დაეჯერებინა, რომ ისიც ადამიანია ყველა სხვასავით) კაცმა მას განსწავლის წლების სრული დავიწყება ჩაუღვარა.      კაცის გამარჯვება და შინაგანი მშვიდობა დააბლაგვა მისი დღეების დამღლელმა ერთნაირობამ. მწუხრისა და განთიადის ბინდბუნდში პირქვე ირთხმეოდა ქვის კერპის წინაშე და, შესაძლოა, წარმოიდგენდა, რომ მისი ვაჟიც ასეთივე რიტუალებს ატარებდა მეორე წრიულ ნანგრევებში, მდინარესთან. ღამღამობით არაფერი ესიზმრებოდა, ან - ისეთი სიზმრები, რასაც ყველა ადამიანი ხედავს. სამყაროს ხმებისა და ფორმების მისეული აღქმა რამდენადმე გაუფერულდა: წასული შვილი მისი სულის ამ დაპატარავებით იკვებებოდა. მისი სიცოცხლის მიზანი განხორციელდა, ამჟამად კაცი ერთგვარ ექსტაზში განაგრძობდა ყოფნას. გარკვეული ხნის შემდეგ (რომელსაც ამ ამბის ზოგიერთი მთხრობელი წლებით განსაზღვრავს, ზოგიც - ათწლეულებით), ორმა მენიჩბემ კაცი გააღვიძა შუაღამისას. სიბნელეში სახეები არ უჩანდათ, მაგრამ კაცს უამბეს ჩრდილოეთის ტაძარში მცხოვრებ მაგიურ ადამიანზე, რომელიც ცეცხლზე დადიოდა და არ იწვებოდა.      ჯადოქარს იმწამსვე გაახსენდა ღმერთის სიტყვები. გაახსენდა, რომ დედამიწის ყველა მკვიდრს შორის მხოლოდ ცეცხლმა იცოდა, რომ მისი ვაჟი აჩრდილი იყო. ამ გახსენებამ ჯერ ანუგეშა, მერე კი ტანჯვა მოჰგვარა. შეეშინდა: ჩემი შვილი თავის არაბუნებრივ პრივილეგიას ჩაუფიქრდება და რაღაცნაირად აღმოაჩენს, რომ თვითონ მხოლოდ ფანტომია და მეტი არაფერიო. იყო არა ადამიანი, არამედ მხოლოდ სხვა ადამიანის სიზმრის პროექცია: რა გაუგონარი დამცირებაა, რა თავბრუსხვევა! ნებისმიერი მშობელი ზრუნავს შვილებზე, რომლებიც მან შექმნა (ან შეაქმნევინა) ბედნიერმა ან თუნდაც თავგზააბნეულმა. სრულიად ბუნებრივია, რომ ჯადოქარს აღელვებდა იმ შვილის ხვედრი, ორგანოდან ორგანომდე, ნაკვთიდან ნაკვთამდე რომ შეექმნა ათას ერთი საიდუმლო ღამის განმავლობაში.      მისი ნააზრევები უეცრად შეწყდა. თუმცა მანამდე წინამაუწყებელი ნიშნებიც დაინახა: ჯერ - დიდი ხნის გვალვის შემდეგ - შორეული, ჩიტივით მსუბუქი ღრუბელი მთის წვერზე; შემდეგ, სამხრეთისკენ, ლეოპარდის მოვარდისფრო ღრძილების ფერის ცა; შემდეგ - კვამლის ფთილები, რომლებმაც დაჟანგა ღამეთა რკინა; ბოლოს კი - დამფრთხალი ცხოველების გაქცევა... რადგან ახლა მეორდებოდა ის, რაც ასობით წლის წინ მოხდა. ცეცხლის ღმერთის სამლოცველოს ნანგრევები ცეცხლმა შემუსრა. განთიადზე, რომელსაც ჩიტების ხმები არ ახლდა, ჯადოქარი უყურებდა ცეცხლის კონცენტრულ რგოლებს კედლების თავზე. ერთი წამით იფიქრა, წყალს შევეფარებიო. თუმცა მეორე წამს მიხვდა, რომ სწორედ სიკვდილი დააგვირგვინებდა მის ასაკს და გაათავისუფლებდა ყოველგვარი გარჯისგან. ცეცხლის ფლასებში შეაბიჯა... მაგრამ მათ არ უკბინეს, მხოლოდ მიეალერსნენ, ზედ გადაევლნენ სიცხისა და წვის გარეშე. შვებამოგვრილი, დამცირებული, შეძრწუნებული კაცი მიხვდა, რომ თვითონაც მხოლოდ ფანტომი იყო და ახლა ვიღაცას ესიზმრებოდა. წაიკითხეთ სხვა ავტორებიც შტეფან ცვაიგი მარკ ტვენი ედგარ პო ერნესტ ჰემინგუეი მიხაილ ბულგაკოვი ანტონ ჩეხოვი ჯონ გოლზუორთი ფრანც კაფკა …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 7:39pm on მარტი 15, 2015
თემა: ხორხე ლუის ბორხესი - ბაბილონური ლატარია
ა ხელზე საჩვენებელი თითი არ მაქვს. შემომხედე: მოსასხამის ჭრილში მუცელზე გაკეთებული ალისფერი სვირინგი მიჩანს: ეს მეორე ასოა, ბეთ. სავსემთვარიან ღამეებში ეს სიმბოლო მაძლევს ძალაუფლებას იმ ადამიანებზე, რომლებსაც გიმელის ნიშანი აქვთ, თუმცა მაქვემდებარებს ალეფის ნიშნიანებისადმი, თავის მხრივ, გიმელის ნიშნიანებს რომ ემორჩილებიან უმთვარო ღამეებში. ცისკრის ბინდბუნდში, სარდაფში, შავი საკურთხევლის წინ სამსხვერპლო ხარებს ყელს ვჭრიდი ხოლმე. ერთხელ მთელი მთვარის წელიწადის განმავლობაში მე უხილავად შემრაცხეს: შემეძლო, მეყვირა, მაინც არავინ მიაყურადებდა ჩემს ძახილს; შემეძლო, პური მომეპარა, არავინ წამაცლიდა თავს. ვიცოდი ისეთი რამ, რაც ბერძნებს არ სცოდნიათ: გაურკვევლობა. სპილენძის ოთახში, ჯალათის მდუმარე ყელსახვევის წინაშე, იმედი არ დამკარგვია. სიამოვნებათა მდინარეში პანიკას არ შევუპყრივარ. ჰერაკლიტე პონტიკუსი აღტაცებით ამბობს: პითაგორა იხსენებდა პიროსად ყოფნას, მანამდე - ევფორბუსად, კიდევ უფრო ადრე - სხვა მოკვდავადო. ასეთივე ცვალებადობის გასახსენებლად სიკვდილი არ მჭირდება, თვით ყალთაბანდობაც კი.      ამ თითქმის საზარელ მრავალფეროვნებას ერთ ინსტიტუტს ვუმადლი: ლატარიას, რომელიც უცნობია სხვა ერებისთვის, ან თუ ნაცნობია და - არასრულყოფილად ან ფარულად. არასოდეს ჩავძიებივარ ამ ინსტიტუტის ისტორიას. ვიცი, რომ ამ საკითხში ბრძენკაცნიც ვერ თანხმდებიან. მის ძალუმ მიზნებზე იმდენივე ვიცი, რამდენიც ასტროლოგიის არმცოდნემ შეიძლება იცოდეს მთვარის შესახებ. ჩემი ქვეყანა თავბრუდამხვევი ქვეყანაა, სადაც ლატარია დღემდე რეალობის დიდი ელემენტია. ამაზე ისევე ცოტა მიფიქრია, რამდენიც გაუშიფრავი ღმერთების ქცევაზე ან ჩემსავე გულზე. ახლა, ბაბილონიდან და მისი საყვარელი ადათ-წესებიდან შორს, შეცბუნებული ვფიქრობ ლატარიაზე და იმ მკრეხელურ ვარაუდებზე, მალული ადამიანები რომ ჩურჩულებენ რიჟრაჟის ან მწუხრის ბინდბუნდში.      მამაჩემს შეეძლო მოეყოლა, როგორ თამაშობდა ბაბილონში უბრალო ხალხი ლატარიას დიდი ხნის წინ (საუკუნეების? წლების?). ჰყვებოდა (თუმცა არ ვიცი, ნამდვილად ასე იყო თუ არა), როგორ იღებდნენ დალაქები კლიენტებისგან სპილენძის მონეტებს და უბრუნებდნენ სიმბოლოებით მორთულ ძვლის ან პერგამენტის მართკუთხედებს. შემდეგ, დღისით-მზისით, თამაშდებოდა ლატარია. ისინი, ვისაც ბედი გაუღიმებდა, ვერცხლის მონეტებს იგებდნენ ისე, რომ, იღბლის მხრიდან, მეტი დასტური აღარ სჭირდებოდათ. ეს პროცედურა, თავად დაინახავ, ელემენტარულია.      ბუნებრივია, ეს ეგრეთ წოდებული „ლატარიები“ სხვა არაფერი იყო, თუ არა მარცხი და წარუმატებლობა. არავითარი ზნეობრივი ძალა მათ არ გააჩნდა და მიმართავდა არა ადამიანის უნარს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მის იმედს. მალე ხალხის გულგრილობამ უჩვენა, რომ ვაჭრები, რომელთაც ეს გასაყიდი ლატარიები დააფუძნეს, უკვე ზარალში წავიდნენ. ვიღაცამ რაღაც ახლის წამოწყება სცადა: იღბლიანი რიცხვების სიაში რამდენიმე უიღბლოც ჩართო. ეს სიახლე ნიშნავდა, რომ მათ, ვინც ამ დანომრილ მართკუთხედებს იძენდა, ორმაგი შანსი ეძლეოდათ: შეიძლებოდა ფული მოეგოთ ან, პირიქით, იქით ჰქონოდათ გადასახდელი გარკვეული, ხანდახან კარგა გვარიანი თანხა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ პატარა რისკმა (ყოველ ოცდაათ „კარგ“ ნომერზე ერთი ავის მომასწავებელი მოდიოდა) ხალხს ინტერესი გაუღვივა. ბაბილონელთა რიგები ბილეთების გასაყიდ წერტილებთან არ წყდებოდა. მას, ვინც არაფერს ყიდულობდა, მხდალ არამზადად ნათლავდნენ, ანუ იმად, ვის სულშიც თავგადასავლის ნიშანწყალი არ იყო. დროთა განმავლობაში, ამ გამართლებულ ზიზღს მეორე სამიზნეც გაუჩნდა: არა მხოლოდ ის, ვინც არ თამაშობდა, არამედ ისიც, ვინც აგებდა და ჯარიმას იხდიდა. კომპანიას (ასე იწყებდა პუბლიკა მის გაცნობას) უნდა დაეცვა მოგებულთა ინტერესები, - იმათი, ვისაც ვერ გადაუხდიდნენ მონაგებს, სანამ თითქმის მთლიანად არ დაგროვდებოდა ჯარიმების თანხა. წაგებულთადმი აღძრული სასამართლო პროცესი მათ თავდაპირველი ჯარიმის გადახდასაც უწესებდა და, ამასთანავე, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებასაც, ან კიდევ - რამდენიმე დღის გატარებას ციხეში. ამ კომპანიის შეფერხების მიზნით, ყველა წაგებულს საკანში ჩამწყვდევა ერჩივნა. მაგრამ რამდენიმე კაცის მიერ ნასროლმა ხელთათმანმა სათავე დაუდო კომპანიის ყოვლისშემძლეობას, მის ზეციურ, მეტაფიზიკურ ძალას.      მიუხედავად მოლოდინისა, ლატარიაში ამოსული რიცხვების პარალელურად აღარ გამოქვეყნდა ჯარიმების სიები. ამიერიდან ქვეყნდებოდა მხოლოდ წაგებულთა დატუსაღების დღეები. ეს ერთგვარი სტენოგრაფია, რომელმაც მაშინ შეუმჩნევლად ჩაიარა, უკიდურესად მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენდა: ამ დროს პირველად გამოჩნდა არაფულადი ელემენტები ლატარიაში. და ამას დიდი წარმატება ხვდა წილად: მოთამაშეებმა, მართლაცდა, აიძულეს კომპანია, გაეზარდა უიღბლო ნომრების რაოდენობა.      როგორც ყველასთვის ცნობილია, ბაბილონელები დიდად ეთაყვანებიან ლოგიკას და თვით სიმეტრიასაც. შეუსაბამო იყო, რომ იღბლიან რიცხვებს ვერცხლის მრგვალი მონეტები რგებოდა, უიღბლო კი ციხის საკანში გატარებული დღე-ღამეებით გაეზომათ. იყვნენ მორალისტები, ვინც სადავოდ ხდიდა, ყოველთვის მოჰქონდა თუ არა ბედნიერება მონეტების ფლობას, და ვისთვისაც არსებობდა ბედნიერების სხვა ფორმები, შესაძლოა - უფრო პირდაპირი და უშუალო.      ქალაქის ახლომახლო მობინადრე დაბალ კასტებს სხვა საჩივარი ჰქონდათ. ქურუმთა კლასის წარმომადგენლები მძიმედ რისკავდნენ და ასე შეჰხაროდნენ შიშისა და იმედის მონაცვლეობას. ღარიბები (გასაგები ან გარდაუვალი შურით) ხედავდნენ, რომ გზა მოჭრილი ჰქონდათ იმ საყოველთაოდ საამური ბორბლისკენ, რომელსაც სენსუალურსაც კი დაარქმევდი. მშვენიერმა და კეთილგონივრულმა სურვილმა, რომ ყველა კაცს და ქალს, მდიდარს თუ ღარიბს, ერთნაირად შესძლებოდა მონაწილეობის მიღება ლატარიაში, თან მოიყოლა აღშფოთების გამოვლინებები, რომლებიც დრომ ვერ დაბინდა. ზოგიერთი ჯიუტი სული ვერ მიხვდა (ან ვითომ ვერ მიხვდა), რომ ეს იყო novus ordo seclorum, ისტორიის აუცილებელი საფეხური... მონამ ალისფერი ბილეთი მოიპარა. კენჭისყრამ გადაწყვიტა, რომ ამ ბილეთის მფლობელისთვის ენა უნდა ამოეწვათ. კანონთა კოდექსი იმავე განაჩენს ითვალისწინებდა ლატარიის ბილეთის ქურდისთვის. ზოგიერთი ბაბილონელის აზრით, ჩადენილი ქურდობისთვის მონამ გავარვარებული რკინა დაიმსახურა. სხვები - უფრო დიდსულოვანნი - მიიჩნევდნენ, რომ ჯალათს რკინა იმიტომ უნდა გამოეყენებინა, რომ ასე გადაწყვიტა ბედმა... იყო მღელვარებები, იყო სისხლის ღვრის დასანანი შემთხვევები, მაგრამ ბაბილონელთა მასებმა, მდიდართა და შეძლებულთა წინააღმდეგობის მიუხედავად, გაიტანეს თავიანთი ნება და, შესაბამისად, თავიანთი სულგრძელი მიზნებიც ბოლომდე მიღწეული იხილეს. პირველი: კომპანია იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ხალხის ძალმოსილებისთვის (კონსოლიდაცია გარდაუვალი იყო ახალი ოპერაციების მასშტაბურობისა და სირთულის გამო). მეორე: ლატარია გახდა ფარული, უფასო, ყველასთვის მისაწვდომი; გაუქმდა წილების ქორვაჭრული გაყიდვა. ბაალის მისტერიებთან ზიარების შემდეგ ყოველი მოქალაქე ავტომატურად ერთვებოდა საკრალურ ლატარიაში, რომელიც ტარდებოდა ღვთის ლაბირინთებში ყოველ მესამოცე დღეს და განსაზღვრავდა თითოეული ბაბილონელის ბედს მომდევნო გათამაშებამდე. ამან უთვალავი შედეგი გამოიღო. იღბლიან ლატარიას შეიძლებოდა კაცი მოგვების საბჭომდე აემაღლებინა, ან მისი მტრის დაპატიმრება გამოეწვია (ფარულად ან ყველასთვის თვალსაჩინოდ), ან საშუალება მიეცა მისთვის, თავისი ოთახის მშვიდობიან ბინდბუნდში ეპოვა ქალი, რომელიც მას ააღელვებდა ან რომლის ნახვის იმედი აღარც კი ჰქონდა. უიღბლო გათამაშებას კი შეიძლებოდა მოეტანა დასახიჩრება, პატივის აყრა, თვით სიკვდილი. ზოგჯერ ერთადერთი ცდომილება: მავანის მკვლელობა ტავერნაში, მავანის იდუმალი აპოთეოზი - შეიძლებოდა ყოფილიყო ოცდაათი თუ ორმოცი ლატარიის შთაგონებული შედეგი. სანაძლეოთა კომბინირება ძნელი საქმე იყო, მაგრამ უნდა გავიხსენოთ კომპანიის ყოვლისშემძლეობა და გონიერება (მაშინაც და ახლაც). ბევრ შემთხვევაში, იმის ცოდნა, რომ ზოგიერთი ბედნიერი დასასრული, უბრალოდ, იღბლის ამბავი იყო, ამცირებდა ასეთი შედეგების ძალას. ამ პრობლემის აღკვეთის მიზნით, კომპანიის აგენტები მიმართავდნენ ჩაგონებას, თვით მაგიასაც კი. ბილიკები, რომლებსაც ისინი მისდევდნენ, ინტრიგები, რომლებსაც ხლართავდნენ, მუდამ დაფარული რჩებოდა. თითოეული ადამიანის უშინაგანეს იმედებსა თუ შიშებში შესაღწევად ისინი ასტროლოგებსა და ჯაშუშებს მიმართავდნენ. იყო ერთგვარი ქვის ლომები, საკრალური საპირფარეშო სახელად ქაპქა, ნაპრალები მტვრიან აკვედუკში: ამ ადგილებიდან, საყოველთაო რწმენით, შესაძლებელი იყო კომპანიამდე მიღწევა, და კარგისა თუ ცუდის მსურველი ადამიანები სწორედ მსგავს წერტილებში ტოვებდნენ კონფიდენციალურ შეტყობინებებს. ანბანური თანმიმდევრობით შედგენილ საქაღალდეში ცვლადი უტყუარობით შედგენილი ეს დოსიეები ეწყო.      დაუჯერებელია, მაგრამ იქ ლაპარაკობდნენ ფავორიტიზმზე, კორუფციაზე. მისთვის ჩვეული სიფრთხილიდან გამომდინარე, კომპანია პირდაპირ პასუხს არ იძლეოდა. ამის სანაცვლოდ, თავის მოკლე არგუმენტს ნიღბების ქარხნის ყორის ქვას მიაჯღაბნიდა ხოლმე. ეს თავის მართლება ამჟამად წმინდა წერილებში შედის. ის დოგმატურად აღნიშნავდა: ლატარია იღბლის ჩართვაა სამყაროს წესრიგში და ცდომილებათა მიღება შანსის გაძლიერებას ნიშნავს და არა მის შეწინააღმდეგებასო. ასევე აღნიშნავდა იმასაც, რომ ის ქვის ლომები თუ საიდუმლო საპირფარეშოები - თუნდაც არცთუ კანონგარეშედ გამოცხადებული კომპანიის მიერ - მაინც ვერ მოქმედებდნენ ოფიციალური გარანტიებით. ამ განაცხადმა ხალხი ჩააწყნარა. თუმცა სხვა შედეგებიც მოიყოლა, იქნებ გაუთვალისწინებელიც მისი ავტორისთვის. ამან სიღრმისეულად შეცვალა კომპანიის სულიცა და მოქმედებებიც...      ცოტა დრო დამრჩა. გემი მალე გავაო, გვითხრეს. მაგრამ შევეცდები, აგიხსნათ.      რაოდენ ნაკლებად სარწმუნოც უნდა ჩანდეს, იმ მომენტამდე არავის შეემუშავებინა თამაშის ზოგადი თეორია. ბაბილონელები სპეკულაციური ხალხი არ გახლავთ, ისინი შემთხვევის კარნახს ემორჩილებიან, მას უქვემდებარებენ თავიანთ ცხოვრებას, იმედებს, უსახელო ზაფრას, თუმცა აზრადაც არასოდეს მოსდით, ჩაეძიონ შემთხვევის ლაბირინთულ კანონებს ან განმეორებად სფეროებს, რომლებშიც მისი მუშაობა მჟღავნდება. მიუხედავად ამისა, ჩემ მიერ ნახსენებმა ნახევრად ოფიციალურმა განაცხადმა სამართლებრივი და მათემატიკური ხასიათის უამრავი დებატი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანიდან წარმოიშვა შემდეგი ვარაუდი: თუ ლატარია შანსის გაინტენსიურებაა, ქაოსის პერიოდული შესხურება კოსმოსში, მაშინ იქნებ უპრიანია, რომ შანსი ლატარიის ყველა ასპექტში შემოიჭრას და არა მხოლოდ ერთში? განა შეუსაბამო არ არის, რომ შემთხვევამ განსაზღვროს ადამიანის სიკვდილი, ხოლო სიკვდილის გარემოებები - განმარტოებით მოდის ის თუ საჯაროდ, ერთ საათს გრძელდება თუ მთელ საუკუნეს - შემთხვევას არ ექვემდებარებოდეს? ამ სავსებით კეთილგონივრულ შესიტყვებებს, საბოლოოდ, ძირფესვიანი რეფორმა მოჰყვა. ახალი სისტემის სირთულეები (კიდევ უფრო გართულებული საუკუნეების განმავლობაში) მხოლოდ ერთ მუჭა სპეციალისტებს ესმით, თუმცა მაინც ვეცდები, შევაჯამო ისინი, თუნდაც სიმბოლურად.      წარმოვიდგინოთ პირველი ლატარია, რომელიც მავანს სასიკვდილოდ გაწირავს. ამ გადაწყვეტილების შესრულებისას თამაშდება მომდევნო ლატარია, რომლიდანაც გამოდის, ვთქვათ, ცხრა შესაძლებელი სასამართლოს აღმასრულებელი. მათგან ოთხს შეეძლო წამოეწყო მესამე ლატარია, რათა განესაზღვრა ჯალათის სახელი, ორს შეეძლო შეეცვალა უიღბლო შედეგი იღბლიანით (ვთქვათ, განძის აღმოჩენით), კიდევ ერთი გადაწყვეტდა, რომ სიკვდილი უნდა გამძაფრდეს (ვთქვათ, პატივის აყრის დამატებით ან წამების საშუალებათა გაუმჯობესებით), სხვებს შეიძლება, უბრალოდ, უარი ეთქვათ განაჩენის აღსრულებაზე... ასეთია - სიმბოლურად თუ გამოვთქვამთ - ლატარიის სქემა. რეალურად, წილისყრის რიცხვი უსასრულოა. არც ერთი გადაწყვეტილება არ არის საბოლოო: ყველა გადაწყვეტილება სხვებში გადადის. უმეცარი ასკვნის, რომ უსასრულო გათამაშებას უსასრულო დრო სჭირდება, არადა, მხოლოდ ისაა საჭირო, რომ დრო უსასრულოდ დაყოფადი იყოს, როგორც კუსა და აქილევსის სახელგანთქმულ პარაბოლაშია. უსასრულობა თვალში საცემად კარგად უთავსდება შემთხვევის რთულ რიცხვს და პლატონიკოსთა საყვარელ ლატარიის ზეციურ არქეტიპს... ჩვენი ჩვეულების რომელიღაც დეფორმირებული ექო, როგორც ჩანს, ტიბროსამდე მივიდა. თავის წიგნში „ანტონიუს ჰელიოგაბალუსი“ ალიუს ლამპრიდიუსი გვეუბნება, რომ იმპერატორმა ნიჟარებს დააწერა ხვედრი, რომელსაც სადილზე მოწვეულ სტუმრებს უმზადებდა: ზოგი მიიღებდა ათ ფუნტ ოქროს, სხვები - ათ შინაურ ბუზს, ათ ძილგუდას, ათ დათვს. ცუდი არ იქნებოდა გაგვეხსენებინა, რომ ჰელიოგაბალუსი აღიზარდა მცირე აზიაში, თავისი თანამოსახელე ღმერთის ქურუმებთან.      არსებობს აგრეთვე უპიროვნო ლატარიები, რომელთა მიზანი ბუნდოვანია. ერთი ლატარია გადაწყვეტს, რომ ტაპრობანის საფირონი ევფრატის წყლებში ჩავარდეს; მეორის მიხედვით, რომელიმე კოშკის წვერიდან ჩიტი უნდა გაუშვან; კიდევ ერთი ამბობს: ყოველ ას წელიწადში ერთხელ ერთ-ერთი ზღვის სანაპიროს უთვალავ ქვიშას კიდევ უნდა დაემატოს (ან გამოაკლდეს) ქვიშის ერთი მარცვალიო. ზოგჯერ ამას საშინელი შედეგები მოჰყვება.      კომპანიის კეთილისმქმნელი გავლენით, ჩვენი წეს-ჩვეულებები შემთხვევითობაში არ დაინთქა. თორმეტი ამფორა დამასკური ღვინის მყიდველი არ გაოცდება, თუ რომელიმე მათგანში თილისმას ან გველგესლას აღმოაჩენს. კანცელარიის მწერალი, რომელიც კონტრაქტს ადგენს, ყოველთვის ჩაიდენს რაღაც შეცდომას. მე თვითონ ამ სიჩქარეში გავამრუდე რაღაც მშვენიერება, რაღაც სისასტიკე, შესაძლოა - რაღაც იდუმალი მონოტონურობა... ჩვენმა ისტორიკოსებმა, ყველაზე გამჭრიახმა მთელ პლანეტაზე, შემთხვევის შესწორების მეთოდი გამოიგონეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ მეთოდის შედეგები (მთლიანობაში) ნდობას იმსახურებს, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ისინი არასოდეს ქვეყნდება სიცრუის გარეშე. გარდა ამისა, არაფერია ისე აჭრელებული გამონაგონით, როგორც კომპანიის ისტორია... რომელიღაც ტაძარში გათხრების შედეგად ნაპოვნი პალეოგრაფიული დოკუმენტი შეიძლება მოდიოდეს გუშინდელი ან რამდენიმე საუკუნის წინანდელი ლატარიიდან. არც ერთი წიგნი არ ქვეყნდება ისე, რომ რაღაც სხვაობა არ იყოს რედაქტორის თითოეულ ეგზემპლარს შორის. მწერლები დებენ საიდუმლო აღთქმას - გამოტოვონ, ჩართონ, შეცვალონ. მიღებულია აგრეთვე არაპირდაპირი სიყალბე.      თავის ღვთაებრივ თავმდაბლობაში, კომპანია თავს არიდებს ყოველგვარ საჯაროობას. მისი აგენტები, რასაკვირველია, ფარულად მოქმედებენ. მის მიერ მუდმივად (იქნებ ყოველწუთიერადაც) გაცემული განკარგულებები არაფრით განსხვავდება იმათგან, რასაც მასობრივად ავრცელებენ ყალთაბანდები. გარდა ამისა, ვინ იტრაბახებს იმით, რომ მხოლოდ ყალთაბანდია? მთვრალი კაცი, რომელიც აბსურდულ ბრძანებას ბლუკუნებს; მძინარე, რომელიც უეცრად იღვიძებს, გადმობრუნდება და ახრჩობს გვერდით მწოლიარე ქალს: - იქნებ ისინი კომპანიის ერთ-ერთ საიდუმლო დავალებას ასრულებენ? ეს უჩუმარი ფუნქციონირება (ღმერთის მოქმედებასავით) არც ერთ ვარაუდს არ გამორიცხავს. ერთი უხამსად აცხადებს: კომპანიამ ასეულობით წლის წინ შეწყვიტა არსებობა და რომ ჩვენი ცხოვრების საკრალური უწესრიგობა მემკვიდრეობითია და ტრადიციულიო; მეორეს სჯერა: კომპანია მარადიულია და იარსებებს ბოლო ღამემდე, როცა უკანასკნელი ღმერთი დედამიწას მოსპობსო; მესამის აზრით, კომპანია ყოვლისშემძლეა, თუმცა მხოლოდ პატარა რამეებს ეხება: ფრინველის ძახილს, მტვრისა და ჟანგის ჩრდილებს, განთიადის ნახევარსიზმრებს... მავანი შენიღბული ერეტიკოსი ჩურჩულებს: კომპანიას არასოდეს უარსებია და არც არასდროს იარსებებსო. კიდევ სხვა, არანაკლებ საბრალო, ამტკიცებს: არავითარი განსხვავება არ არის იმაში, ვამტკიცებთ თუ უარვყოფთ ჩრდილოვანი კორპორაციის არსებობას, რადგან ბაბილონი სხვა არაფერია, თუ არა შემთხვევითობის უსასრულო თამაშიო. წაიკითხეთ სხვა ავტორებიც შტეფან ცვაიგი მარკ ტვენი ედგარ პო ერნესტ ჰემინგუეი მიხაილ ბულგაკოვი ანტონ ჩეხოვი ჯონ გოლზუორთი ფრანც კაფკა …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 9:16pm on მარტი 17, 2015
თემა: რადიარდ კიპლინგი - წყალდიდობის ჟამს
წია გაღმითა ნაპირს. ჩქარობს საჰიბი? შევდენი წყალში მეფონე სპილოს, თუ საჰიბს ჩემი არა სჯერა. ოჰე, მაჰაუტი აგერ ფარდულშია. გამოიყვანეთ რამ პერშადი. თუ არ შეაქცევს ზურგს მდინარებას, ხომ კარგი. სპილოს გუმანი შეუმცდარია, საჰიბ. აგერ რამ პერშადი, აგერა კალა-ნაგიც... დე იყოს ნება შენი. მაშ, შებედე, ჩემო მეუფევ! შედი წელამდე და ნახე რას იტყვის მდინარე. ყოჩაღ, რამ პერშად, სპილოთა მოდგმის მაგრალიტო, აბა, შენ იცი...       - თავში ჩაჰკარი, თავში, მაგ ბოთეს! ანკუსი მაგის ზურგის მოსაფხანი არ გეგონოს. დასცხე! დასცხე! რიყის ქვა რა ბედენაა შენთვის, რამ პერშად, მთაო ძალოვანო! გასწი, რუსტამ ბეგო, გასწი!       არა, საჰიბ! ცდა ამაოა. გესმის, სპილო ბუკს აყვირებს. ის ატყობინებს კალა-ნაგს, გაღმით ვერ გავაღწევო. ერთ ალაგს ტარაბუა დასხმულივით ბრუნავს და თავს აქანებს. ბრიყვი როდია, ვინ, ვინ და მაგან კი იცის გაავებული ბარჰვის ძალა, აჰა! ჩანს, ჭკუა გეყო, შვილო ჩემო. სალამი შენდა, რამ პერშად, ბაჰადურო! ხეებქვეშ მიაყენებდეს მაჰაუტი, საჭმელი არ მოაკლოს. ბარაქალა უდიადესო ეშვოსანთა შორის. სალამი სირკარს და ძილი ნებისა!       რაღა გავაწყო. საჰიბმა უნდა შეიცადოს, ვიდრე მდინარე დაცხრება. თუ ღმერთმა ინება, ის უკან დაიხევს ხვალ, ანდა ზეგ დილით მაინც უეჭველად. რად გაბრაზდა საჰიბი? მე ხომ მისი მსახური ვარ. ღვთის წინაშე, ამ წყალდიდობაში რა ბრალი მიდევს? საჰიბის სანაცვლო იყოს ჩემი ქოხი, მოიხმაროს, როგორც ენებოს. ვატყობ, იწვიმებს. გამოდი, ცის შვილო. სად გაგონილა დაცხრეს მდინარე, როცა ასე უგბილად ახსენებ? სად ძველი დროის საჰიბები და სად დღევანდელნი. წინათ, მდინარე თუ გზას გადაუღობავდათ ანდა თუ ორთვალი ტალახში ჩაეფლობოდა, ერთს არ დაიჩივლებდნენ. ღმერთმა ასე ინებაო, იტყოდნენ. ცეცხლის ეტლი კი არაფერს ეპუება. მიდის და მიდის, თუნდაც მთელმა საქაჯეთმა დაქაჩოს კუდით, არას დაგიდევს. ცეცხლის ეტლმა წაახდინა საჰიბები. ბოლოს და ბოლოს რა ბედენაა ერთი დღე, თუნდა ორი? საკუთარ ქორწილზე ხომ არ ეშურება საჰიბი, რომ ასე ჩქარობს და ბრაზობს თანაც? ჰოუ! ჰოუ! ჰოუ! მე ერთი ბებერი კაცი ვარ და საჰიბები ძვირად თუ მინახავს. მომიტევე, თუ ვერ ვისაზრე და ვერ მოგაგე კუთვნილი პატივი. ხომ არ მიწყრება საჰიბი!       მისი ქორწილი?! ჰოუ! ჰოუ! ჰოუ! მოხუცი კაცის გონება მსგავსია ნუმაბის ხისა - ნაყოფი, კვირტი და წარსული წლების მკვდარი ფოთლები ერთად რომ ჰშვენის. ახალი თუ გარდახდენილი ერთად იყრის თავს მოხუცი კაცის მახსოვრობაში. საწოლზე ჩამოჯექ, საჰიბ, და რძე მიირთვი, ანდა... იქნებ საჰიბმა ჩემი თუთუნის მოწევა ინებოს? საუცხოო რამაა, ნუკლაოს თამბაქოა. ჩემა ვაჟმა გამომიგზავნა, იქ რომ მსახურობს. მოწიე, საჰიბ, თუკი იცი ყალიონის გაწყობა. დახე, საჰიბი მუსლიმანივით აწყობს ყალიონს. ბარაქალა მას. გასაკვირია, სად ისწავლა ეს ყოველივე?       მისი ქორწილი?! ჰოუ! ჰოუ! ჰოუ! საჰიბმა თქვა, ქორწილი აქ არაფერ შუაშიაო. განა საჰიბი გულს გადაუხსნის შავ კაცს? ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ იგი ჩქარობს. ოცდაათი წელია, საჰიბ, ამ მდინარის პირს ვაღამებ და ვათენებ, მაგრამ არასოდეს მიხილავს ასე მოჩქარე საჰიბი. ოცდაათი წელი, საჰიბ, ხუმრობა როდია. ორი ათასი საპალნიანი ხარი მიხილავს ფონს გადასული ერთ ღამეს. ახლა რკინიგზა მოვიდა. ბაზ, ბაზ, ბაზ, გაიძახიან ცეცხლის ეტლები და ასობით ლაქჰი ღვთის წყალობაც გადადის ამ ხიდით. ეს მართლაც რომ გასაკვირია. ოღონდაც ფონი გაუკაცრიელდა და ხსენება გაქრა ქარავნების, ხეებს ქვეშ რომ დაიბანაკებდნენ ხოლმე.       არა, ტყუილად მისჩერებიხარ ზეცას. განთიადამდე იწვიმებს. ყური მიუგდე, ამ ღამით რიყის ქვა დაიძრა მდინარის კალაპოტში. თუკი არ დაიშლი და გადასვლას ეცდები, ეგ ღორღი შენს ძვლებს გაცრცნის ხორცისაგან. მოდი, კარს გადავკეტავ და წვიმა აღარ შემოასხამს. ვაჰი! აჰი- უჰ! ოცდაათი წელი ფონის ნაპირზე! ახლა რაღაი?! ერთი საწყალი ბერიკაცი ვარ!.. სადაა ნეტავ ჭრაქი?.. რაო, საჰიბ? სიბერის გამო კატასავით ჩუმი მაქვს ძილი. შენ კი კართან მოჩოჩებულხარ. მიცქირე ახლა, საჰიბ, მიცქირე და მისმინე. ნახევარი მილით დაშორიშორდა ნაპირი ნაპირს. ვარსკვლავთა შუქზე ალბათ ხედავ, წყლის სიღრმე ათ ფუტზე მეტი იქნება. მდინარე არ დაიწევს შენი შერისხვით, ვერც შენი წყევლა-კრულვა გაჭრის. რომელი უფრო მჭექარეა, საჰიბ, შენი ხმა თუ ხმა მდინარისა? შეუძახე აბა, იქნება დაირცხვინოს. მე მიწვნევია ბარჰვის რისხვა, როცა მთებში გაავდრებულა. ერთხელ გადავცურე ადიდებული მდინარე, ამაზე ათგზის უარეს ღამით და ღმერთმა თუ მიხსნა სიკვდილს კლანჭებისაგან.       გნებავს, ამბავს მოგითხრობ, ძალზე კარგ ამბავს, ოღონდ ჯერ ყალიონს გავტენი ხელახლა. ოცდაათი წლის წინ ყმაწვილკაცი ვიყავ, ჯან-ღონით სავსე. ყველა მტვირთავი მენდობოდა თუ დასტურვყოფდი, ფონი გაწმენდილია-მეთქი. მთელი ღამეები ჩქერალში ვიდექ, ყელამდე წყალში, შიშისაგან დაფეთებული ასობით ხარი გადამყავდა, ისე რომ ჩლიქსაც არ წამოვატკენდი. მერე მივაკითხავდი აძაგძაგებულ პატრონებს და ისინი საჩუქრად მაძლევდნენ ქედძლიერ ბუღას. ასეთ პატივში ვყავდი ყველას. ახლა კი, როცა წვიმა დაასხამს და მდინარე ადიდდება, ჩემს ქოხში შევიძუძგები ხოლმე და ძაღლივით ვწაწკანებ. ძალა დამელია, დავჩაჩანაკდი და ცეცხლის ეტლმაც ფონი გააუკაცრიელა. ოდესღაც კი ბარჰველ ყოჩაღს მეძახდნენ. ხედავ ჩემს თავ-პირს, საჰიბ? მაიმუნს მიგავს. ანდა ჩემს მკლავებს? დედაბრისა რომ გეგონება. ოღონდაც, გეფიცები, დიაცი თვალს ვერა სწყვეტდა ამ სახეს და ამ მკლავებშიაც იბუდებდა ოცი წლის წინათ. მერწმუნე, საჰიბ, მართალს ვამბობ. ოცი წლის წინათ.       მოდექი კართან და გახედე. მკრთალ შუქს ხომ ხედავ დაბლა, მდინარის გაყოლებაზე? ესაა სოფელ პატეერაში აღმართულ ჰანუმანის ტაძარში დანთებული ცეცხლი. ეს სოფელი, რომელსაც დიდი ვარსკლავი დაჰყურებს, ჩრდილოეთის მხარეზეა, მაგრამ იგი მიმალულა მდინარის განშტოებასთან. როგორია გადასაცურად, საჰიბ? გაიძრობ ტანზე და შებედავ? ჰოდა, მე არაერთხელ მიმიცურავს პატეერამდე. მის სიახლოვეს, ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ნიანგებიც ულევია.       სიყვარულმა გარჩევა არ იცის, და ამიტომაც მე, მაჰმადიანს, ძეს მაჰმადიანისა, გულში ჩამივარდა ქალი - ქვრივი ჰინდუსი - ღვიძლი დაი ლამბარდარისა, სოფლის თავკაცის. ეს არაფერი. ლამბარდარის მთელი ჯალაბი მუტრას იყო წასული სალოცავად, როცა ქალი ახალი პატარძალი გახლდათ. ვერცხლის საჭიდები ეკეთა ტახტრევანის ბოძებს და აბრეშუმის ფარდები მალვიდა ქალს. აღარ ვიჩქარე მისი გადაყვანა, საჰიბ, რადგან ქარმა ფარდები გადასწია და ვიხილე იგი. ის ბიჭი - მისი ქმარი - მალე მოკვდა და ერთხელაც მე კვლავ გადავეყარე ტახტრევანზე მჯდომ ქალს. ღმერთმანი, ბრიყვნი არიან ჰინდონი. რას ვაქნევდი ქალი ჰინდუ იყო, ჯაინი თუ მოკვეთილი, კეთროვანი თუ საღ-სალამათი. ის ფიქრი მქონდა, ფონის ახლოს მომეწყო სახლი და შინ დამესვა ჩემი საბედო. ცხრა ბარიდან მეშვიდე ამბობს, რომ ადამიანმა არ უნდა ითხოვოს წარმართი. ჭეშმარიტებაა განა ეს? ორთავეს - შიიტებსა და სუნიტებს ასე დაუდგენიათ - მაჰმადიანს არა აქვს უფლება დაქორწინდესო ურწმუნოზე. რაო? საჰიბი თავს რომ მიქნევს, ამდენიც იცის? ზოგ ისეთ რამესაც ვეტყვი, რაც საჰიბს, ალბათ, არა სმენია. შიიტებიცა და სუნიტებიც, კანონიერნიცა და მოკვეთილნიც, სულ მოგონილი ამბავია სიყვარულისთვის. და ეს მოგონებებიც ფიჩხის პატარა კონაა, მყის რომ შთაინთქავს სიყვარულის ალი. რაც მართალია, მართალია - გულით მეწადა მისი შერთვა. მაგრამ რა უნდა მეღონა? ლამბარდარი მომისევდა და კეტებით გამიპობდნენ თავს. არ შევდრკებოდი თუნდ ხუთი კაცის წინაშეც, მაგრამ მთელ სოფელს ვინ იქნება, რომ წინ აღუდგეს?       ამიტომაც მოვითათბირეთ ჩვენ ორთა. ასე დავთქვით, გაღმით უნდა გადამეცურა ღამღამობით და ყანაში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. არავინ უწყოდა ჩვენი ასავალ-დასავალი. მიყურე ახლა. წესად მედო, გზა გადმომეჭრა, გარს შემომევლო ჯუნგლისათვის მდინარის განშტოებამდე, სადაც მდინარის ხიდია, შვერილს გავცდენოდი და მიმეღწია პატეერამდე. ტაძრის სინათლე შუქურის მაგივრობას მიწევდა ბნელ ღამეებში. ჯუნგლი მდინარის ახლოს სავსეა გველებით, პატარა გველებით, სილაზე რომ თვლემენ. არც ქალის ძმები გამიშვებდნენ ყანიდან ცოცხალს, იქ რომ ვენახეთ. მაგრამ არავინ არაფერი იცოდა, გარდა ჩვენ ორისა. თანაც მდინარის კალაპოტიდან ქარის მიერ მობნეული სილა ფარავდა ჩემი ფეხის ნაკვალევს. ცხელ თვეებში ფონზე გადასვლა პატეერამდე არად მიჩნდა და წვიმების ალოობაზეც, წყალდიდობას როდი ვეპუებოდი. თავს არ ვიზოგავდი, ბარჰვს აღმა ვჭრიდი. ჩემს ქოხში ვვახშმობდი და წყალს იქ ვაყოლებდი, პატეერაში. ქალი გამენდო, ერთმა თავზეხელაღებულმა, ჰირნამ სინგჰმა, მდინარის აყოლებაზე მეორე ნაპირს რომ სახლობდა, თვალი დაადგა თურმე მას. ეგ სიქჰები ძაღლები არიან. მაგათ თავიანთი სიბრიყვის გამო უარი თქვეს ღვთით ნაბოძებ ისეთ სიკეთეზეც, თამბაქო რომაა. მე მზად ვიყავი დამეკლა ჰირნამ სინგჰი, რომ შებედა ქალს და ეს შეჰკადრა, საყვარელი გყოლიაო. ფიცით იჭაჭებოდა თურმე, დავუდარაჯებ, ლამბარდარს გავუმხელ მის სახელს, თუ არ გამომყვებიო. მართლაც რომ ძაღლები არიან სიქჰები. წელში გარჭობილ, პატრა, ბასრ დანას არ ვიცილებდი. აგრე მივცურავდი ხოლმე და მტერსაც კი არ ვუსურვებდი წინ გადამღობებოდა. არ დავინდობდი არც მას და არც სხვა ვინმეს, ვინც ჩემსა და ჩემს სატრფოს შუა ჩადგებოდა. ერთ ღამეს, სწორედ წვიმების ალოობის წინ, პატეერას წასვლას დავეპირე, თუმცა მდინარე რისხვით ფრთონავდა. ბარჰვს ასე სჩვევია. ოც ამოსუნთქვაში ჩამორიალდება მთებიდან. სამი ფუტის სიმაღლის ტალღებს დაიდგამს და, ვიდრე ცეცხლს დაანთებდე და პურს გამოაცხობდე, ეს ღელესავით წყალი თავის დას, ჯამნას, აღარ დაუდებს ტოლს. ნაპირს გავშორდი. ნახევარი მილით დაბლა მეჩეჩი მეგულებოდა. უნდა მიმეღწია იქამდე და სული მომეთქვა; ვგრძნობდი, მდინარე მძიმედ ჩამჭიდებოდა ქუსლებში. რას არ ჩაიდენს ახალგაზრდა კაცი სიყვარულისთვის. ვარსკვლავები მკრთალად ანათებდნენ და მეჩეჩისკენ მიმცურავს, დამპალი კედარის ხე მეტაკა ცხვირ-პირში. ეს იყო ნიშანი - მთის ძირში და მთის გადაღმაც დიდი წვიმა მოსულიყო. კედარის ხე ფესვმაგარია და იოლად როდი წყდება კლდეს. მე ვისწრაფვოდი, მდინარეც მეშველებოდა, მაგრამ, ვიდრე მეჩეჩზე ფეხს შევდგამდი, ზვირთცემამ იძალა და დახეთ ბედსა, ტალღის ქედზე გამოვრჩი.       მოხვედრილა კი ოდესმე საჰიბი ისეთ წყალდიდობაში, როცა ტალღები გებრძვის და მოძრაობა გაქვს წართმეული? თავაღერილს ასე მეგონა წყალს მოეტბორა მთელი ქვეყანა, სამყაროს კიდეს გასწვდენოდა. ნაფოტივით მათამაშებდა მჭევლები წყლისა. მდინარის თბეში მოქცეული კაცი რას გახდება. ისე ბორგავდა მდინარე, ხალხს დღესაც კი სულ პირზე ადგას მაშინდელი ამბავი. ლამის ნაღველი ჩამექცა, ზურგზე ვიყავი გაშოტილი, სიკვდილის შიშით ატანილი. ცოცხალი არსებებიც ბევრი ირეოდა წყალში - ტყის მხეცები, ნახირი. კაცის ხმაც მომესმა, საშველად მიხმობდა, მაგრამ მერეხი წამოვიდა, წყალმა თეთრი დუჟი მოიგდო. ჩემს ქვემოთ, რიყის ქვებს გაუდიოდა რახარუხი, ზემოდან დამშხუოდა წვიმა. სხვა ხმა არაფერი ატანდა ყურთასმენამდე. მორევმა დამითრია და სული შემიხუთა. ძნელია სიკვდილი, როცა ახალგაზრდა ხარ. აქედან უმზერ რკინიგზის ხიდს? გახედე აბა. აგერა იქ შუქი ჩანს პეშავარში მიმავალი საფოსტო მატარებლისა. ხიდი ახლა ოცი ფუტი სიმაღლისაა. იმ ღამით კი მდინარე ცხაურს ეტოტებოდა. სწორედ იქ მივენარცხე პირველად, მაგრამ ბლომად მორები დაყრილიყო ცხაურსა და ხიდის ბურჯზე და ძლიერ არ დავშავებულვარ. ოღონდ ეს იყო, მდინარემ ისე დამაძვალრბილა, ღონიერი კაცი რომ დატორავს ჯანსუსტს. ცხაურს ჩავეჭიდე და რის ვაივაგლახით ავცოცდი ზედ. საჰიბ, მდინარე ლამის მოაჯირზე გადმოდიოდა. თავად განსაჯე, რა წყალდიდობა უნდა ყოფილიყო. სმენაც დამეხშო და თვალისჩინიც წამერთვა. ღობურზე ვიყავ მიგდებული და ძლივსღა ვსუნთქავდი.       ცოტა ზნის შემდგომ, როცა წვიმა შეწყდა და ცაზე დაჩდნენ ახალპირდაბანილი ვარსკვლავები, თვალი ვეღარ გავაწვდინე მოტბორებულ მღვრიე წყალს. მდინარე მოაჯირამდე უწევდა. ხიდზე ბევრი დამხრჩვალი ცხოველი გამოერიყა. ზოგი ცხაურში გაჩრილიყო კისრით, ზოგი, ჯერ კიდევ ცოცხალი, ცდილობდა ზედ აპოტინებულიყო. ვინ მოსთვლიდა კამეჩებს, ძროხებს, გველებს, ტურებს, ტახი და თითო-ოროლა ირემიც ერია შიგადაშიგ. მათი გვამები შავად ჩნდა ხიდის მარცხენა მხარეს. მომცრო ცხოველები კი ცხაურში გააძვრინა და დაბლა გააქანა მიმქროლავმა ღვარმა.       მერე ვარსკვლავები ჩაქრა, ხელახლა იხუვლა თქეშმა. მდინარე კვლავ მოდგანდგარებდა და მე ვიგრძენი, ხიდი ირწეოდა სწორედ ისე, კაცი რომ იშმუშნება გაღვიძებისას, მაგრამ არ მეშინოდა, საჰიბ, ვფიცავ, არ მეშინოდა, თუმცაღა ძალა გამომცლოდა სახსრებიდან. ვიცოდი, არ უნდა მოვმკვდარიყავ, ვიდრე ნანდაურს არ ვიხილავდი ერთხელ კიდევ. ოღონდ ის იყო, კბილს კბილზე მაცემინებდა, ამაბაბანა და ვგრძნობდი, საცაა ხიდი უნდა გამომცლოდა ფეხქვეშ. ისე თრთოდა წყალი, როგორც ისიც ხოლმე, ვიდრე დიდი ტალღა მოგორდებოდეს, დაცდილი მქონდა და უჰა, ზღვა წყალმა ხიდიც ააყირავა. მარჯვენა მხარე ცხაურისა წყალში ჩაინქრა, მარცხენა კი აყირავდა. წვერს გეფიცები, საჰიბ, მართალს ვამბობ: როგორც მირზაპორის ქვის საზიდი ნავი კოჩავს ქარისაგან, ისე აყირავდა ბარჰვის ხიდი. ჰო, სწორედ ასე.       მორევმა დამითრია და უკანიდან აიყალყა გოროზი ტალღა. ხიდის ჭრიალი მომესმა, როცა ის საბჯენებს მოსწყდა და ჩაინთქა. აღარაფერი მახსოვს იქამდე, ვიდრე მდოვრში არ ამოვტივტივდი. მკლავი გავმართე საცურაოდ და - ჰოი, საოცრებავ, ხელში მომყვა მამაკაცის თმაშეკონილი თავი. დამხრჩვალი იყო. ბარჰველი ყოჩაღის გარდა, აბა, ვინ გაუძლებდა შმაგ მდინარესთან ჭიდილს. რუმბივით იყო გაბერილი. მთელი ორი დღის მკვდარი ჩანდა. მაშველად მომევლინა. სიხარულმა ამიტაცა, მხოლოდ მაშინ ვირწმუნე, რომ უცილობლად ვნახავდი სატრფოს, უვნებელი, საღ-სალამათი. თითები მაგრად ჩავჭიდე მის თმას, რადგან შორი გზა მედო წინ, ერთად გავყევით დაღმით მდინარეს - ჩვენ ორთავე - იგი მკვდარი და მე ცოცხალი, ერთმანეთს გადასკვნილები. ეს რომ არა, ჩემი საქმე წასული იყო. თავით ფეხამდე გათოშილი ვიყავი, ხორცი ქვასავით მექცა და წყალმა ძვლებში შეატანა. ის კი უშიშრად მიცურავდა უკვე განსაცდელგამოვლილი.       გვერდულა დინებამ ლიას მიგვარიყა. ფსკერი ფეხით მოვსინჯე. ცხედარი აღარ მომყვებოდა. შევშინდი, ასე ვიფიქრე, კორძებს ხომ არ წამოედო-მეთქი. იულლუნის წვერობი მეხლებოდა მუხლებზე და მივხვდი, ჩემს ქვემოთ ყანა იყო. მდინარის ძირს ახლა კი ვუწიე ფეხი. თავთავებს მოვედე, მკვდარი გორაკზე შერჩა ლეღვის ხის ძირას, მე კი დელგმიდან რის ვაისყოფის გამოვაღწიე. უცნაურია განგების ნება, საჰიბ! მდინარებამ პატეერას წინ აზიდულ ბორცვზე შემაგდო, არათუ სხვაგან. მკვდარი ბალახზე გამოვათრიე. პატივი დავდე გაწეული სამსახურისათვის, ისიც ვიაზრე, ვინძლო კიდევ გამომდგომოდა. მერმე მივედი დანიშნულ ალაგს - ლამბარდარის ბეღელის ახლოს და ტურასავით სამჯერ ვიკივლე. შეყვარებულს დაესწრო ჩემთვის. იქ დამხვდა. ტიროდა მუხლებზე დავარდნილი. დაქცეული ეგონა თურმე, ფონის პირს მდგარი ჩემი ქოხი. უხმაუროდ როცა გამოველ, კოჭებამდე მომდგარი წყლიდან, მოჩვენებად მიმიღო და გაქცევა დააპირა, მკლავები მოვაჭდე. იმხანობას განა თუ აჩრდილს ვგავდი, დრომ კი მაინც თავისი გაიტანა, ახლა ერთი ჯანდაგი ვინმე ვარ. ჰოუ! ჰოუ! ჰოუ! ფშუტე თავთავი ვარ ახლა ხორბლისა და წვენდაშრეტილი მაიზი. ჰოუ! ჰოუ!       ბარჰვის ხიდის ამბავი ვუთხარ და მან უდიადესი მიწოდა მოკვდავთა შორის. არავის ძალუძს ბარჰვი გადალახოს დიდროას ჟამს. და აქობამდეც ადამისშვილს ჯერ არ უხილავს, ალბათ, ისეთი ჯოჯოხეთი, მე რომ განვვლე. იმ ბორცვს მივუბრუნდით ერთად, სადაც გვამი დავტოვე და ვაჩვენე, ვისი შემწეობითაც შემრჩა სიცოცხლე. კაშკაშა ღამე იყო. ქალი ვარსკვლავების შუქზე დააცქერდა გვამს. მერე ხელებში ჩამალა სახე. ესაა ჰირნამ სინგჰის გვამიო, ამოთქვა. მე ვუთხარი: მკვდარი ღორი გიჯობდეს ცოცხალს. მომიგო ქალმა:^რაღა თქმა უნდა, მაგან არ გადამირჩინა ამქვეყნად ჩემთვის უძვირფასესი? აქ მაინც ნუ დატოვებ, სახელს გამიტეხს; ტყვია რომ ჰქონდეს ნაკრავი ჩემიანების მიერ, კიდევ ჰო. მერმე გადავაგორე გვამი და ასე ვთქვი: ღმერთი მოწამეა, ჰირნამ სინგჰ, შენს ცოდვაში ფეხი არ მიდგას. და მაინც, რაკი ასეთი საქმე დაგმართე, არ გაღირსე გჰატზე დაფერფლვა, ახლა ყვავებისათვის დამილოცნიხარ...       თავი ვუკარი გვამს ტალღებში და იგი წაიღო გაშლილმა წყალმა. მიაქანებდა შავ წვერს. ეს იყო და ეს, მას მერე აღარც მიხილავს ჰირნამ სინგჰი.       განთიადის ჟამს დავცილდით ერთმანეთს და მე ვაშურე ჯუნგლის იმ მხარეს, რომელიც ჯერ არ მოტბორილიყო. როცა მოდღევდა, მაშინღა ვნახე, რა ჩამედინა კუნაპეტში. ფერი მეცვალა, პატეერასა და გაღმითა კორომებს შორის მიქანაობდა დუჟმორეული ღვართქაფი. მოხუცის ყბაში ამოჩრილი ჩამტვრეული კბილივით ჩანდა შუა წყალში მოტივტივებული ბარჰვის ხიდი. მდინარის არემარეზე სიცოცხლე გამქრალიყო. არც ფრინველები, არც ნავები, მხოლოდღა ჯგრო ჩაძირული ხარების, ცხენების, ადამიანების. მდინარე სისხლისფრად შეეღება მთის ძირებიდან ჩამოშლილ აყალო მიწას. არასოდეს არ მოვსწრებივარ ამგვარ წარღვნას. მეორედ მოსვლა იყო სწორედ. საჰიბ, მე მოვიმოქმედე ის, რასაც ვერა კაცი ვერ შეძლებდა.       იმ ღამეს რაღას დავბრუნდებოდი უკან და ლამბარდარის სანახებისკენ პირს აღარ ვიზამ აღარასოდეს, თუ არა ღამით. მაშინ ხომ საფრთხეს ვეღარა ხედავს კაცის თვალი.       აღმა ავყევი მდინარეს და ერთი მჭედლის სახლს მივადექი. ასე ვუთხარი, ჩემი ქოხი წყალმა წაიღო-მეთქი და იქ ლუკმა გამიყვეს. შვიდი დღე დავრჩი მჭედლის სახლში, ვიდრე სანდალი არ გამოჩნდა და შინ დავბრუნდი მერე იმ ნავით. სადღა იყო ან კედლები, ან სახურავი. აღარაფერი დამიხვდა, გარდა აზელილი ტალახისა. თავად განსაჯე, საჰიბ, რამოდენაზე უნდა ეწია წყალს. ჩანდა სიკვდილი არ მებედა არც ქოხში, არც ბარჰვის შუაგულში და არც ის მეწერა, ხიდს ჩავყოლოდი მდინარის ფსკერზე. გაჭირვებულს ღმერთმა მაწვია ორი დღის მკვდარი ჰირნამ სინგჰი. დღესაც არ ვიცი, მოკლეს იგი თუ წყალმა დაახრჩო, ანდა რა მანქანებით გამიხდა შემწედ. მწამს და მჯერა, ჯოჯოხეთი არ ასცდებოდა და ჰირნამ სინგჰის ტანჯვის მდელოზე მწყაზარ ყვავილად დაიხატება იმღამეული მოგონება.       ყურობ, საჰიბ? მდინარემ იცვალა ხმა. ეპირება ჩათვლიმოს განთიადის წინ. ინათებს თუ არა, კვლავ იხუვლებს ახალი ძალით. საიდან ვიცი? ამ მდინარეს გავცქერი ოცდაათი წელი. წყლის ხმას ისე ვცნობ, მამა რომ არჩევს პირმშოს დაძახილს. ყოველი წამით უფრო და უფრო ყუჩდება ბარჰვი. მერწმუნე, ერთი ან ორი საათი საფრთხე არ გელის. დილისა კი, რა მოგახსენო. იჩქარე, საჰიბ! ახლა მოვიხმობ რამ პერშადს. და ამჯერად იგი ზურგს აღარ შეაქცევს მდინარეს. შენი ბარგი ხომ საიმედოდაა შეფუთული? ოჰე, პირდაუბანელო მაჰაუტო! აბა, სპილო საჰიბისათვის, გაუძეხი და შეატყობინე იქით ნაპირზე, რომ დილისათვის გზა შეიკვრება.       ფული? რა ბრძანებაა, საჰიბ. მაგ ყაიდის კაცი როდი ვარ. ნურც ტკბილეულს შემომთავაზებ ბავშვებისათვის. თავად ხედავ, ჩემი სახლი ცარიელია, მე კი მოვხუცდი. არე, რამ პერშად! ჩამოიდაბლე! დატ! დატ! დატ! მოიყარე მუხლი. ღმერთმა მშვიდობით გატაროს, საჰიბ! წაიკითხეთ სხვა ავტორებიც შტეფან ცვაიგი მარკ ტვენი ედგარ პო ერნესტ ჰემინგუეი მიხაილ ბულგაკოვი ანტონ ჩეხოვი ჯონ გოლზუორთი ფრანც კაფკა ავტორთა საძიებელი …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 7:42pm on თებერვალი 16, 2015
თემა: მიხაილ ბულგაკოვი - საბედისწერო კვერცხები
ერსიკოვი თავის კაბინეტში შევიდა, გერცენის ქუჩაზე მდებარე ზოოლოგიის ინსტიტუტში რომ იყო მოთავსებული. პროფესორმა ზედა მქრქალი სფერო აანთო და მიმოიხედა.       საზარელი კატასტროფის დასაწყისად სწორედ ეს ავბედითი საღამო ჩაითვალა, ისევე როგორც ამ კატასტროფის პირველმიზეზად უთუოდ პროფესორი ვლადიმირ იპატიევიჩ პერსიკოვი უნდა მივიჩნიოთ.       იგი ზუსტად 58 წლისა გახლდათ, დიდებულ, ქვასანაყისნაირ, გამელოტებულ თავს გვერდებზე მოყვითალო თმის ბღუჯები გამოსჩროდა. წვერს მუდამ სუფთად იპარსავდა, წინ წამოზიდული ქვედა ტუჩის გამო სახეზე ნიადაგ ოდნავი ჭირვეულობის დაღი აჩნდა. წითელ ცხვირზე ვერცხლისჩარჩოიანი, პატარა, ძველმოდური სათვალე დაეკოსებინა, თვალები უბრწყინავდა, ტანმაღალი და წელში ოდნავ მოხრილი იყო. წრიპინა ხმის პატრონს სხვა უცნაურობათა შორის ამგვარი ჩვევაც ჰქონდა: როცა რამეს საფუძვლიანად და დამაჯერებლად ამბობდა, მარჯვენა სალოკ თითს მოკაკვავდა და თვალებს მოჭუტავდა. და რადგანაც მუდამ დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ვინაიდან თავის დარგში სავსებით ფენომენალური ერუდიცია გააჩნდა, ამის გამო პროფესორ პერსიკოვთან მოსაუბრეების ცხვირწინ მისი მოკაკული თითი ძალზე ხშირად ტრიალებდა. თავისი დარგის, ანუ ზოოლოგიის, ემბრიოლოგიის, ანატომიის, ბოტანიკისა და გეოგრაფიის გარდა პროფესორი პერსიკოვი თითქმის არაფერზე ლაპარაკობდა.       პროფესორი პერსიკოვი გაზეთებს არ კითხულობდა, არც თეატრში დადიოდა, ცოლი 1913 წელს გაექცა, ოპერის ტენორს, ზიმინს გაჰყვა და ამგვარი შინაარსის წერილი დაუტოვა: „შენი ბაყაყები ისე მეზიზღება, მათი გახსენებაც კი აუტანელ ჟრჟოლას მგვრის. მათ გამო სულ სიცოცხლეგამწარებული ვიქნები“.       პროფესორი მერე აღარ დაოჯახებულა. შვილები არ ჰყავდა. ძალზე ფიცხი გახლდათ, ოღონდ ბრაზი მალე გაუვლიდა ხოლმე, მიწამაყვალას მურაბიანი ჩაი უყვარდა, პრეჩისტენკაზე ცხოვრობდა ხუთოთახიან ბინაში, რომლის ერთი ოთახი ხმელ-ხმელ დედაბერს, ეკონომ ქალს, მარია სტეპანოვნას ეკავა, პროფესორს გადიასავით რომ უვლიდა.       1919 წელს პროფესორს ხუთი ოთახიდან სამი ჩამოართვეს. მაშინ პერსიკოვმა მარია სპეტანოვნას განუცხადა: - მარია სტეპანოვნა, თუ ისინი ამ უმსგავსობას არ მოიშლიან, საზღვარგარეთ წავალ. პროფესორი ამ გეგმას თუ განახორციელებდა, ეჭვგარეშეა, მსოფლიოს რომელიც გინდა უნივერსიტეტში ზოოლოგიის კათედრაზე მოწყობას სულ იოლად შეძლებდა, რადგანაც მართლაცდა პირველხარისხოვანი მეცნიერი გახლდათ, ხოლო იმ დარგში, რომელიც წყალხმელეთა ცხოველებს ანდა შიშველ ქვეწარმავლებს შეისწავლიდა, კემბრიჯის პროფესორ უილიამ ვეკლისა და რომაელ პროფესორ ჯაკომო ბართოლომეო ბეკარის გარდა, ბადალი არ ჰყავდა. პროფესორი რუსულის გარდა ოთხ ენაზე კითხულობდა, ხოლო ფრანგულად და გერმანულად რუსულივით ლაპარაკობდა. საზღვარგარეთ წასვლის თაობაზე თავისი განზრახვა პერსიკოვს არ შეუსრულებია. ოცი წელი ცხრამეტზე კიდევ უფრო უარესი გამოდგა. ამბავი ამბავს მიჰყვა. დიდ ნიკიტსკაიას გერცენის ქუჩა დაარქვეს, შემდეგ გერცენისა და მოხოვაიას კუთხეში მდგარი სახლის კედელში ჩატანებული საათი თერთმეტ საათსა და თხუთმეტ წუთზე გაჩერდა, დაბოლოს ზოოლოგიური ინსტიტუტის ტერარიუმებში მოთავსებულმა ქვეწარმავლებმა სახელოვანი წლის ყველა არეულობას ვერ გაუძლეს და ამოწყდნენ: თავდაპირველად ვასაკების რვა დიდებული ეგზემპლარი მოკვდა, მათ თხუთმეტი ჩვეულებრივი გომბეშო მიჰყვა და ბოლოს სული ამოხდა სურინამული გომბეშოს იშვიათ ეგზემპლარსაც.       გომბეშოების ამოწყვეტის კვალდაკვალ, რამაც ბოლო მოუღო შიშველ ქვეწარმავალთა პირველ რაზმს, სამართლიანად უკუდო ქვეწარმავალთა რაზმი რომ ეწოდება, იმქვეყნად გადასახლდა ინსტიტუტის უცვლელი დარაჯი ვლასი. თუმცაღა შიშველ ქვეწარმავალთა კლასს არ გენეკუთვნებოდა, მისი სიკვდილის მიზეზი იგივე გახლდათ, რამაც საბრალო ქვეწარმავალთა ამოწყვეტა გამოიწვია და ეს მიზეზი პერსიკოვმა უმალვე განსაზღვრა: - დამშევა! მეცნიერი უდავოდ მართალი გახლდათ: ვლასს ფქვილით უნდა ესაზრდოვა, ხოლო გომბეშოებს ფქვილის მატლებით, მაგრამ რაკიღა პირველი გაქრა, მეორენიც მის კვალს მიჰყვნენ. პერსიკოვი შეეცადა დარჩენილი ვასაკების ოცი ეგზემპლარი ტარაკანებით კვებაზე გადაეყვანა, მაგრამ ტარაკანებიც სადღაც გაუჩინარდნენ, რითაც სამხედრო კომუნიზმის მიმართ თავიანთი ბოროტგანმზრახველობა გაამჟღავნეს, ასე რომ, უკანასკნელი ეგზემპლარებიც ინსტიტუტის ეზოში ამოთხრილ სანაგვე ორმოში ჩასაყრელი შეიქნა. ქვეწარმავალთა, განსაკუთრებით კი სურინამული გომბეშოს დაღუპვამ პერსიკოვი ისე დაამწუხრა, ენით არ გამოითქმის. მათ სიკვდილს იგი რატომღაც მაშინდელ განათლების სახალხო კომისარს აბრალებდა.       პერსიკოვი ინსტიტუტის გათოშილ დერეფანში ქუდიანი და კალოშებიანი იდგა და თავის ასისტენტ ივანოვს, ქერა, წამახული წვერით დამშვენებულ, უაღრესად დახვეწილ ჯენტლმენს ეუბნებოდა: - პიოტრ სტეპანოვიჩ, ამის გამო ხომ იმას სიკვდილი არ უნდა აკმარო! რას სჩადიან? ისინი ხომ ინსტიტუტს ღუპავენ! ჰა? უბადლო მამალი პიპა ამერიკანა, საუცხოო ეგზემპლარი, ცამეტი სანტიმეტრის სიგრძისაა...       მერე და მერე საქმე გაუარესდა. ვლასის სიკვდილის შემდეგ ინსტიტუტის ფანჯრები ერთიანად გაიყინა, მინები შიგნითა მხრიდან ყინულმა ააჭრელა. დაიხოცნენ ბოცვრები, მელიები, მგლები, თევზები, ამოწყდა უკლებლივ ყველა ანკარა. პერსიკოვი მთელი დღეები ხმას არ იღებდა, მერე ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ არ მომკვდარა. როცა გამოკეთდა, ინსტიტუტში დაიწყო სიარული და კვირაში ორჯერ ლექციების ციკლს თემაზე „ცხელი სარტყლის ქვეწარმავლები“ რვა მსმენელს უკითხავდა მრგვალ დარბაზში, სადაც მუდამ, რატომღაც უცვლელად 5 გრადუსი ყინვა იდგა იმისაგან დამოუკიდებლად, რამდენი გრადუსი იყო ქუჩაში; კალოშები ეცვა, ყურებიანი ქუდი ეხურა, კაშნე ეკეთა და პირიდან თეთრი ორთქლი ამოსდიოდა. დანარჩენ დროს პერსიკოვი პრეჩისტენკაზე, თავის ბინაში, წიგნებით ჭერამდე გამოტენილ ოთახში დივანზე იწვა, პლედი ეხურა, ახველებდა, ღუმლის ცეცხლოვან ხახას აშტერდებოდა, მარია სტეპანოვნას მოოქრული სკამებით რომ გაეხურებინა, და სურინამულ გომბეშოს იხსენებდა.       მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული. გასრულდა ოცი და ოცდაერთი წლები, ხოლო ოცდაორში საქმეები თითქოს წაღმა დაიძრა. განსვენებული ვლასის ადგილას გამოჩნდა პანკრატი, ჯერ ახალგაზრდა, მაგრამ დიდი იმედების მომცემი ზოოლოგიური დარაჯი, ნელ-ნელა ინსტიტუტის გათბობაც დაიწყეს, ხოლო ზაფხულში პერსიკოვმა პანკრატის დახმარებით კლიაზმაზე თოთხმეტი ცალი ვულგარული გომბეშო დაიჭირა. ტერარიუმში სიცოცხლე კვლავ აჩქეფდა... ოცდასამ წელში პერსიკოვი უკვე კვირაში რვაჯერ კითხულობდა ლექციებს - სამჯერ ინსტიტუტში და ხუთჯერ უნივერსიტეტში, ოცდაოთხ წელში კვირაში ცამეტჯერ, ამას გარდა მუშფაკებზეც, ხოლო ოცდახუთში, გაზაფხულზე, სახელი გაითქვა იმით, რომ გამოცდებზე სამოცდათექვსმეტი სტუდენტი ჩაჭრა, თანაც ყველა შიშველ ქვეწარმავლებზე. - მაშ არ იცით შიშველი ქვეწარმავლები რითი განსხვავდებიან სხვა ქვეწარმავლებისაგან? - ეკითხებოდა მათ პერსიკოვი, - ეს ხომ სასაცილოა, ყმაწვილო კაცო, შიშველ ქვეწარმავლებს მენჯის თირკმლები არა აქვთ. არ გააჩნიათ. მააშ. გრცხვენოდეთ. თქვენ უთუოდ მარქსისტი იქნებით? - მარქსისტი ვარ, - უპასუხებდა ნირწამხდარი მარქსისტი. - ჰოდა, გეთაყვა, შემოდგომაზე მობრძანდით, - თავაზიანად ეტყოდა პერსიკოვი და პანკრატს მხნედ გასძახებდა - შემდეგი შემოუშვი.       მსგავსად იმისა, როგორც ხანგრძლივი გვალვის შემდეგ პირველივე უხვი წვიმებისას ამფიბიები გამოცოცხლდებიან ხოლმე, პროფესორი პერსიკოვი გამოცოცხლდა 1926 წელს, როცა ამერიკულ-რუსული გაერთიანებული კომპანია მშენებლობას შეუდგა, გაზეთის შესახვევისა და ტვერსკაიას გადაკვეთის გაყოლებაზე მოსკოვის ცენტრში 15 თხუთმეტსართულიანი სახლი წამოჭიმა, ხოლო გარეუბანში მუშათა 300 რვა-რვა ბინიანი კოტეჯი ააშენა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღო საშინელსა და სასაცილო საბინაო კრიზისს, ასერიგად რომ ტანჯავდა მოსკოველებს 1919-1925 წლებში. საერთოდ, ეს ზაფხული პერსიკოვის ცხოვრებაში საუცხოო გახლდათ. ზოგჯერ ხმადაბლა კმაყოფილებით ჩაიხითხითებდა ხოლმე და ხელების ფშვნეტით იხსენებდა იმ დროს, როცა ის და მარია სტეპანოვნა ორ ოთახში იყვნენ გამომწყვდეულნი. ახლა პროფესორმა ხუთივე ოთახი დაიბრუნა, ორი ათას ხუთასი წიგნი, ფიტულები, დიაგრამები, პრეპარატები ხალვათად განალაგა, კაბინეტში, მაგიდაზე მწვანე ლამპა აანთო.       ინსტიტუტიც ძნელად საცნობი შეიქნა: შენობა კრემისფრად შეღებეს, ქვეწარმავალთა ოთახში საგანგებო წყალსადენით წყალი გაიყვანეს, ყველა მინა სარკისებური მინით შეცვალეს, ხუთი ახალი მიკროსკოპი, მინის საპრეპარაციო მაგიდები, ორიათასლამპიანი შუქამრეკლავი სფეროები, რეფლექტორები გამოგზავნეს, მუზეუმისათვის კარადები მოიტანეს.       პერსიკოვი გამოცოცხლდა, რაც მთელ ქვეყნიერებას ამცნო 1926 წლის დეკემბერში მისმა გამოქვეყნებულმა ბროშურამ: „კვლავ ბალთოსნების ანუ ქიტონების გამრავლების საკითხისათვის“ გამოსცა, 126 გვ. „IV უნივერსიტეტის მაცნე“.       ხოლო 1927 წლის შემოდგომაზე 350 გვერდიანი კაპიტალური ნაშრომი, გადათარგმნილი 6 ენაზე, მათ შორის იაპონურადაც: „გომბეშოების, ქიტონებისა და ბაყაყების ემბრიოლოგია“. ფასი 3 მანეთი სახგამომცემლობა.       1928 წლის ზაფხულში კი ის წარმოუდგენელი, საშინელი ამბავი მოხდა... თავი II. ფერადი ხვეული       მაშ ასე, პროფესორმა სფერო აანთო და მიმოიხედა, გრძელ საექსპერიმენტო მაგიდაზე რეფლექტორი ჩართო, თეთრი ხალათი ჩაიცვა, მაგიდაზე რაღაც ხელსაწყოები ააწკარუნა...       ოცდარვა წელს მოსკოვში მსრბოლი ოცდაათი ათასი მექანიკური ეკიპაჟიდან მრავალი გარბი-გამორბოდა გერცენის ქუჩაზე და გლუვ ტორსფენილზე მიშარიშურიბდა, ყოველ წუთში კი გერცენიდან მოხოვაიასკენ გრიალ-ხრჭიალით მიექანებოდა 16, 22, 48 ან 53 მარშრუტის ტრამვაი. კაბინეტის სარკისებურ მინებში ნაირფრად ირეკლებოდა შუქთა ათინათები, ხოლო შორს, მაღლა, ქრისტეს ტაძრის ჩამუქებული და მძიმე გუმბათის გვერდით მოჩანდა დაბინდული, მკრთალი ნამგალა მთვარე.       მაგრამ პროფესორ პერსიკოვს არც ნამგალა მთვარე აინტერესებდა და არც მოსკოვის საგაზაფხულო გუგუნი. იგი ხრახნიან სამფეხა სკამზე იჯდა და თამბაქოსგან ჩაყვითლებული თითებით ცეისის დიდებული მიკროსკოპის კრემალიერს ატრიალებდა, მიკროსკოპში კი ამების ახალი, ჩვეულებრივი, შეუღებავი პრეპარატი მოეთავსებინა. იმ დროს, როცა პერსიკოვი პრეპარატის ზომას ხუთიდან ათი ათასამდე ზრდიდა, კარი გაიღო, წამახული წვერი და ტყავის წინსაფარი გამოჩნდა და ასისტენტის ხმა გაისმა: - ვლადიმერ იპატიჩ, ჯორჯალი დავაყენე, ხომ არ ჩახედავდით?       პერსიკოვი ტაბურეტიდან მკვირცხლად წამოხტა, კრემალიერი შუა გზაზე მიატოვა და ასისტენტის კაბინეტში შევიდა, თან ხელში პაპიროსს ნელა ატრიალებდა. იქ, მინის მაგიდაზე, ცოცხალმკვდარი, შიშისა და ტკივილისაგან გაშეშებული ბაყაყი კორპის შტატივზე იყო გაკრული, ხოლო მისი გასისხლიანებული მუცლიდან ამოყრილი ქარსივით გამჭვირვალე შიგნეული ასისტენტს მიკროსკოპში ჩაემაგრებინა. - ძალიან კარგი! - თქვა პერსიკოვმა და მიკროსკოპის ოკულიარს ჩააცქერდა.       ეტყობა რაღაც ძალზე საინტერესო მოჩანდა ბაყაყის ჯორჯალში, სადაც ძარღვთა მდინარეები, როგორც ხელისგულზე, ისე გადაშლილიყო და შიგ მკვირცხლად დარბოდა სისხლის ცოცხალი ბურთულები. პერსიკოვს თავისი ამებები გადაავიწყდა და ივანოვთან ერთად ამ ბურთულებს დაუწყო თვალიერება. საათნახევრის განმავლობაში მიკროსკოპის მინას ხან ერთი ჩასცქეროდა, ხან მეორე. ამასთანავე მეცნიერები ერთმანეთს გახალისებულნი გადაულაპარაკებდნენ ხოლმე უბრალო მოკვდავთათვის გაუგებარ სიტყვებს.       ბოლოს პერსიკოვმა მიკროსკოპს თავი ანება და თქვა: - სისხლი დედდება, ვეღარაფერს გააწყობ.       ბაყაყმა თავი მძიმედ გადააქნია, მისი სხივმიმქრალი თვალები კი აშკარად მეტყველებდა: „არამზადები ხართ, რომ იცოდეთ...“       პერსიკოვი წამოდგა, დაბუჟებული ფეხები გამართა, თავის კაბინეტში დაბრუნდა, დაამთქნარა, ანთებისაგან ერთთავად ჩაწითლებული ქუთუთოები თითებით მოისრისა, ტაბურეტზე ჩამოჯდა, მიკროსკოპში ჩაიხედა, თითები კრემალიერს მოჰკიდა და უკვე ხრახნის გადატრიალებას აპირებდა, მაგრამ აღარ გადაატრიალა. პერსიკოვი მარჯვენა თვალით შემღვრეულ თეთრ ლაქას და შიგ ფერმკრთალ, დაბინდულ ამებებს ხედავდა, ხოლო დისკოს შუაგულში ქალის კულულის მსგავსი ფერადი ხვეული მოჩანდა. ეს ხვეული თავად პერსიკოვს და ასეულობით მის მოწაფესაც ძალზე ბევრჯერ ჰქონდათ ნანახი და ამით არავინ დაინტერესებულა, რადგან დასაინტერესებელი არც ყოფილა რამე. შუქის ფერადი ბღუჯა მხოლოდ აფერხებდა დაკვირვებას და იმას იუწყებოდა, რომ პრეპარატი ფოკუსში არ იყო მოქცეული. ამიტომაც ამ ბღუჯას ხრახნის ერთი გადატრიალებით დაუნდობლად გააქრობდნენ ხოლმე და ველს თანაბარი თეთრი შუქით გაანათებდნენ. ზოოლოგმა გრძელი თითები ხრახნის ნაჭდევს უკვე მჭიდროდ შემოაჭდო, მაგრამ შემკრთალმა უეცრად მოაცილა. ამის მიზეზი პერსიკოვის მარჯვენა თვალი გახლდათ. უცბად რომ გაფაციცდა, განცვიფრდა და შეშფოთდა კიდევაც. მიკროსკოპთან რესპუბლიკის ჭირად მომრავლებულ საშუალო დონის ერთი უნიჭოთაგანი კი არ მჯდარა, არა, იქ იჯდა პროფესორი პერსიკოვი! მთელი მისი ცხოვრება, მთელი გულისთქმანი ამ მარჯვენა თვალში გახლდათ თავმოყრილი. უმაღლესი არსება უმდაბლესს სამარისებურ სიჩუმეში ხუთი წუთის განმავლობაში აკვირდებოდა. თვალს ძაბავდა და განაწამებ მზერას ფოკუსის მიღმა დარჩენილი პრეპარატისკენ მიმართავდა. ირგვლივ მდუმარებას დაესადგურებინა. პანკრატს უკვე ეძინა ვესტიბულის გვერდით თავის ოთახში. შორს კარადების მინებმა მუსიკალურად და ნაზად მხოლოდ ერთხელ გაიწკარუნა - მაშ ივანოვმა წასვლისას თავისი კაბინეტის კარი გაიკეტა. მერე ქუჩაში გასასვლელმა კარმა ამოიკვნესა. შემდეგ კი პროფესორის ხმაც გაისმა. თუმცა არავინ უწყის, ვის შეეკითხა: - ეს რა არის? ვერაფერი გამიგია... გერცენის ქუჩაზე დაგვიანებულმა სატვირთო მანქანამ ჩაიარა და ინსტიტუტის ძველი კედლები შეაზანზარა. მაგიდაზე პინცეტებიანმა პირგანიერმა მინის ჯამმა გაიწკარუნა. პროფესორი გაფითრდა და ხელები მიკროსკოპს ისე გადააფარა, როგორც დედა შვილს გადააფარებს ხოლმე, როცა ბავშვს ხიფათი მოელის. ახლა პერსიკოვი ხრახნს არაფრის დიდებით არ გადაატრიალებდა. ის კი არა, უკვე ეშინოდა, რაიმე ძალამ მხედველობის არიდან არ გამიქროს, რაც დავინახეო.       უკვე მთლად გათენებულიყო. ინსტიტუტის კრემისფერი პარმაღი ოქროსფერ ზოლს გადაეხაზა, როცა პროფესორმა მიკროსკოპი მიატოვა, გაშეშებული ფეხები ფანჯარასთან ვაი-ვაგლახით მიათრია და აკანკალებული თითებით ღილაკს დააჭირა. შავი ფარდები ფანჯრებს ჩამოეფარა, დილა გააუჩინარა და კაბინეტში ბრძნული, მეცნიერული ღამე დაასადგურა. სახეჩაყვითლებულმა, შთაგონებამოძალებულმა პერსიკოვმა ფეხები გაჩაჩხა, აცრემლებული თვალები პარკეტს ჩააშტერა და ხმამაღლა თქვა: - ეს რა არის? ეს რა საოცრებაა!.. დიახ, საოცრებაა, ბატონებო, - მიმართა ტერარიუმში მყოფ გომბეშოებს, მაგრამ გომბეშოებს ეძინათ და პასუხი არ გაუციათ.       იგი ერთხანს დუმდა, მერე ამომრთველთან მივიდა, ფარდები ასწია, ყველა შუქი ჩააქრო და მიკროსკოპში ჩაიხედა. სახე დაეძაბა, დაბუჩქული ყვითელი წარბები შეყარა. - ჰო, ჰო, - ჩაიბურტყუნა მან, - გაქრა. გასაგებია. გა-სა-გებია, - წარმოთქვა გაბმით და ჩამქრალ სფეროს შეშლილივით შთაგონებულად ააცქერდა, - ცხადზე ცხადია.       მერე მოსისინე ფარდები კვლავ ჩამოუშვა და სფერო ისევ აანთო, მიკროსკოპში ჩაიხედა და გახარებულმა გულიანად ჩაიცინა. - დავიჭერ, - ზეიმით, მედიდურად თქვა მან და თითი მაღლა აღმართა, - უსათუოდ დავიჭერ. იქნებ მზის სხივი წარმოქმნის.       ფარდები კვლავ მაღლა ასრიალდა. მზე უკვე ამოსულიყო. ინსტიტუტის კედლები სხივებში გაეხვია და გერცენის ტორსფენილზე ირიბად გაწოლილიყო. პროფესორი ფანჯრიდან იყურებოდა და ცდილობდა განესაზღვრა, მზე დღისით სად იქნებოდა. ფანჯარას ხან მოსცილდებოდა, ხან მიუახლოვდებოდა და ბოლოს ფანჯრის რაფაზე გადაწვა.       მერე ფრიად მნიშვნელოვან საიდუმლო საქმიანობას შეუდგა. მიკროსკოპს მინის თალფაქი ჩამოაფარა. სანთურის მოლურჯო ალზე ლუქის ნაჭერი გაადნო და თალფაქის კიდეები მაგიდას მიამაგრა, ხოლო ლუქის ნაღვენთებზე ცერი თითი მიაბეჭდა. გაზი ჩააქრო, კაბინეტიდან გავიდა და კარი ინგლისური გასაღებით გადაკეტა.       ინსტიტუტის დერეფანში მკრთალი შუქი იდგა. პროფესორი პანკრატის ოთახს მიადგა. კარზე დიდხანს უშედეგოდ აკაკუნა. ბოლოს კარს იქით ისეთი ხმა გაისმა, თითქოს ჯაჭვით დაბმული ძაღლი იღრინებაო, რასაც ხველება და ბურტყუნი მოჰყვა. განათებულ ღრიჭოში კოჭებთან გამონასკვულ ზოლიანი ნიფხვის ამარა პანკრატი გამოჩნდა. იგი მეცნიერს ფეთიანივით მიაშტერდა, ნამძინარევი ჯერ კიდევ ოდნავ ზმუოდა. - მაპატიე, პანკრატ, - უთხრა მას პროფესორმა და სათვალის ზემოდან დახედა... - ბოდიში, რომ გაგაღვიძე. იცი რა, მეგობარო. ჩემს კაბინეტში დილით არ შეხვიდე. იქ სამუშაო დავტოვე, რომლის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება. მიხვდი? - ჰო-ო, მი-მი-ივხვდი, - უპასუხა პანკრატმა, თუმცა ვერაფერსაც ვერ მიხვდა. იგი ბარბაცებდა და ზმუოდა. - არა, პანკრატ, გონს მოდი, გაიღვიძე, - უთხრა ზოოლოგმა პაკნრატს და ნეკნებში ხელი ოდნავ წაჰკრა, რის შედეგადაც მას სახეზე შიში გამოესახა და თვალებში აზრის რაღაც ნატამალი გაუკრთა. - მე კაბინეტი დავკეტე, ისე რომ ჩემს მოსვლამდე კაბინეტის დალაგება საჭირო არ არის. გაიგე? - გავიგე, - ჩაიხიხინა პანკრატმა. - ჰოდა, ძალიან კარგი. წადი, დაიძინე.       პანკრატი შეტრიალდა, კარს მიეფარა და უმალ საწოლზე დაემხო, ხოლო პროფესორი ვესტიბულში ჩაცმას შეუდგა. ნაცრისფერი საზაფხულო პალტო ჩაიცვა, თხელი ქუდი დაიხურა, მერე მიკროსკოპში ნანახი სურათი გაახსენდა, თავის კალოშებს დააშტერდა და რამდენიმე წამს ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავსო. შემდეგ მარცხენა ფეხზე კალოში ჩაიცვა და ამ კალოშზე მარჯვენა კალოშის ჩაცმას შეუდგა, მაგრამ კალოში კალოშში ვერ ჩატია. - რა საოცარია, პიოტრ სტეპანოვიჩმა უცებ რომ დამიძახა, - თქვა მეცნიერმა, - თორემ მიკროსკოპში ამას ხომ ვერ შევამჩნევდი. მაგრამ ეს რას მოასწავებს? ეშმაკმა უწყის, რას მოასწავებს!..       პროფესორმა ჩაიცინა, თვალები მოჭუტა და კალოშებს დახედა, მარცხენა კალოში გაიხადა და მარჯვენა ჩაიცვა. - ღმერთო ჩემო, ხომ შეუძლებელია წარმოიდგინო ყველა შედეგი, რაც ამას შეიძლება მოყვეს... - პროფესორმა ზიზღით მიაგდო მარცხენა კალოში, რომელსაც არ სურდა მარჯვენა კალოშს მორგებოდა, მერე გასასვლელისაკენ ცალი კალოშით გაემართა. იქვე ცხვირსახოცი დაკარგა, გარეთ გავიდა და მძიმე კარი გაიჯახუნა. პარმაღზე დიდხანს იდგა და ასანთის მოსაძებნად ჯიბეებს იჩხრეკდა, ბოლოს იპოვა და ქუჩას გაუყვა, პირში მოკიდებული პაპიროსი ჰქონდა გაჩრილი.       ტაძრამდე პროფესორს კაციშვილი არ შეხვედრია. იქ როცა მივიდა, თავი მაღლა ასწია და ტაძრის ოქროს მუზარადს დააშტერდა, რომელსაც მზე ცალი მხრიდან ხარბად ლოკავდა. - ადრე რატომ არ შემიმჩნევია? აი, შემთხვევა ამას ჰქვია!.. ფუი, რა სულელი ვარ, - პროფესორი დაიხარა, სხვადასხვანაირად შემოსილ ფეხებს დააცქერდა და ჩაფიქრდა, - ჰმ... ახლა რა ვქნა? უკან დავბრუნდე? არა, პანკრატს ვერ გავაღვიძებ. ეს უპატრონო, გადასაგდებადაც არ მემეტება. სხვა გზა არა მაქვს, ხელით უნდა ვატარო. - კალოში გაიხადა, ხელში ზიზღით დაიჭირა და გზა ისე განაგრძო.       პრეჩისტენკის მხრიდან ძველი ავტომობილი გამოჩაკჩაკდა. შიგ სამნი ისხდნენ. ორ გამობრუჟულ კაცს მუხლებზე სახეშეთხიპნილი, ოცდარვა წლის მოდაზე შეკერილი აბრეშუმის შარვლიანი ქალი ეჯდა. - ჰეი, ბიძიკო! - ჩახრინწული ხმით გამოსძახა ქალმა პერსიკოვს, მეორე კალოში შემოგეხარჯა? - ბერიკაცი ალბათ „ალკაზარში“ გამოთვრა, - წამოიყმუვლა მარცხნივ მჯდარმა მთვრალმა კაცმა, ხოლო მარჯვნივ მჯდარმა ავტომობილიდან თავი გამოყო და დაიყვირა: - მამილო, ვოლხონკაზე ღამის ბარი ღიაა? იქ მივდივართ!       პროფესორმა მთვრალებს სათვალის ზემოდან მკაცრად გახედა, პირიდან პაპიროსი გაუვარდა და ავტომობილში მსხდომთა არსებობა უმალვე დაავიწყდა. პრეჩისტენკის ბულვარს მზის სხივები ზოლ-ზოლად ეფინა, ხოლო ქრისტეს მუზარადს უკვე ცეცხლი შემოგზნებოდა. მზე ამოვიდა. თავი III. პერსიკოვმა მიაკვლია       საქმის ვითარება ასეთი გახლდათ: როცა პროფესორმა გენიალური თვალი ოკულარს მიუახლოვა, თავის სიცოცხლეში პირველად მიაქცია ყურადღება იმას, რომ მრავალფერ ხვეულში ერთი სხივი განსაკუთრებით მკაფიოდ და მძლავრად იკვეთებოდა. ეს სხივი ხასხასა წითელი ფერისა გახლდათ და ხვეულიდან მცირე ზომის წვეტივით, ასე ვთქვათ, ნემსივით სხლტებოდა.       საუბედუროდ ამ სხივმა ვირტუოზის გაწაფული თვალი რამდენიმე წამით მიიზიდა.       ამ სხივში პერსიკოვმა ისეთი რამ შეამჩნია, რაც თვით სხივზე, მიკროსკოპის სარკისა და ობიექტივის მოძრაობისას შემთხვევით შობილ უბადრუკ ნაშიერზე ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო. იმის წყალობით, ასისტენტმა პროფესორი რომ გაიხმო, ამბები საათნახევრის განმავლობაში ამ სხივის ზემოქმედებას განიცდიდნენ და ამას, აი, რა შედეგი მოჰყვა: იმ დროს, როცა სხივგარეთ დარჩენილი მარცვლოვანი ამებები დისკოში დუნედ, უმწეოდ იწვნენ, იმ ადგილას, სადაც წითელი, პირბასრი მახვილი გაჭიმულიყო, უცნაური მოვლენები ხდებოდა. წითელ ძაფში სიცოცხლე დუღდა. ნაცრისფერ ამებებს ცრუფეხები გაეწვდინათ, რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, წითელი ზოლისკენ მიიწევდნენ და იქ (თითქოს ჯადოსნური ძალის წყალობით) ცხოველმყოფელობას იძენდნენ. რაღაც ძალა მათ სულს შთაბერავდა. ისინი ქარავნებად მიემართებოდნენ და სხივში ადგილისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ. იქ გაშმაგებული (სხვა სიტყვა არ მოიძებნება) გამრავლება მიმდინარეობდა. ისინი პერსიკოვისთვის საკუთარი ხუთი თითივით ცნობილ ყველა კანონს ამსხვრევდნენ და ამხობდნენ, მის თვალწინ ელვისებური სისწრაფით იკვირტებოდნენ, სხივს შიგნით ნაწილებად იშლებოდნენ და ყოველი ნაწილი ორ წამში ახალ, ცხოველმყოფელ ორგანიზმად გარდაიქმნებოდა. ეს ორგანიზმები რამდენიმე წამში სრულდებოდნენ და სიმწიფეს აღწევდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავის მხრივ მყისვე ახალი თაობა წარმოექმნათ, წითელ ზოლში, ხოლო შემდეგ მთელ დისკოში სივიწროვე შეიქნა და გარდაუვალი ბრძოლა დაიწყო. ახლად შობილნი ერთმანეთს მძვინვარედ ესხმოდნენ თავს, ნაწილ-ნაწილ გლეჯდნენ და ნთქავდნენ. ახალშობილთა შორის არსებობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გვამები ეყარა. უკეთესნი და ძლიერნი იმარჯვებდნენ. ეს უკეთესნი შემზარავნი იყვნენ. ზომით ხომ დაახლოებით ორჯერ სჭარბობდნენ ჩვეულებრივ ამებებს, ამასთანავე რაღაც განსაკუთრებული სიანჩხლითა და სიმკვირცხლით გამოირჩეოდნენ. მათი მოძრაობა ელვისებური გახლდათ, ცრუფეხები ნორმალურზე გაცილებით გრძელი ჰქონდათ და ამ ცრუფეხებს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ისე ამუშავებდნენ, როგორც რვაფეხები საცეცებს.       მეორე საღამოს უჭმელობისაგან ლოყებჩაცვივნული და ფერმიხდილი პროფესორი მხოლოდ მსხვილად გახვეული პაპიროსით იკრებდა ძალას და ამებათა ახალ თაობას აკვირდებოდა, მესამე დღეს კი კვლავ პირველწყაროს ანუ წითელ სხივს დაუბრუნდა.       გაზი სანთურში ხმადაბლა შიშინებდა, ქუჩიდან კვლავ ფეხის ხმა მოისმოდა. მესამე პაპიროსით მოწამლული, თვალებმილულული პროფესორი ხრახნიანი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. - დიახ, ახლა ყველაფერი ცხადია. ამებები სხივმა გამოაცოცხლა. ეს ახალი, ჯერ გამოურკვეველი, ჯერ აღმოუჩენელი სხივია. პირველი, რაც უნდა გამოვარკვიო, ესაა - იგი მხოლოდ ელექტროობისგან წარმოიქმნება თუ მზეც წარმოქმნის, - თავისთვის ბუტბუტებდა პერსიკოვი.       კიდევ ერთი ღამეც და ეს გამოირკვა. პერსიკოვმა სამ მიკროსკოპში სამი სხივი დაიჭირა, მზისგან ვერაფერი მიიღო და თქვა: - უნდა ვიგულისხმოთ, მზის სპექტრი იგი არ არის... ჰმ... ერთი სიტყვით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მისი მიღება მხოლოდ ელექტროშუქის მეშვეობით შეიძლება. - მან მქრალ სფეროს სიყვარულით ახედა, შთაგონებით გაიფიქრა რაღაცა, კაბინეტში ივანოვს მოუხმო, ყველაფერო მოუყვა და ამებები აჩვენა.       პრივატ-დოცენტი ივანოვი გაოგნდა, მთლად დაითრგუნა: ეშმაკმა დალახვროს, ასეთი უბრალო რამ, ეს წყვილი ისარი რომაა, ადრე როგორ ვერ შევამჩნიეთ, თუნდაც მე როგორ ვერ შევნიშნე, მართლა რა საოცარია! - ვლადიმერ იპატიჩ, ერთი შეხედეთ! - ამბობდა შეძრწუნებული, ოკულარს აკრული ივანოვი, - ეს რა ხდება?! თვალდათვალ იზრდებიან... ნახეთ, ნახეთ... - მე ამას მესამე დღეა, რაც ვაკვირდები, - შთაგონებით უპასუხა პერსიკოვმა.       ამის შემდეგ მეცნიერებმა ისაუბრეს, რის შედეგადაც გადაწყვიტეს: პრივატ-დოცენტ ივანოვს ლინზებითა და სარკეებით უნდა აეგო კამერა, რითაც მიკროსკოპის გარეშე შესაძლებელი იქნებოდა ამ სხივის გადიდებული სახით მიღება. ივანოვი იმედოვნებდა, დარწმუნებულიც კი იყო. ეს ძალზე უბრალო რამ არის, სხივს მოვიპოვებ, ვლადიმერ იპატიჩ, ეჭვი ნუ შეგეპარებათო. აქ კი ოდნავი უხერხულობა წარმოიშვა. - პიოტრ სტეპანოვიჩ, როცა ნაშრომს გამოვაქვეყნებ, აღვნიშნავ, რომ კამერები თქვენი აგებულია, - ჩაურთო პერსიკოვმა, რადგან იგრძნო, უხერხულობა უნდა დაეძლია. - ოჰ, ამას რა მნიშვნელობა აქვს... თუმცა, რა თქმა უნდა...       უხერხულობა უმალ გაქრა. ამ წუთიდან სხივმა ივანოვიც ჩანთქა. იმ დროს, როცა გამხდარ-დაუძლურებული პერსიკოვი შუაღამემდე მიკროსკოპს უჯდა, ივანოვი ლამპებით გაჩახჩახებულ ფიზიკის კაბინეტში ფუსფუსებდა, ლინზებისა და სარკეების კომბინაციებს ცვლიდა. ივანოვს მექანიკოსი ეხმარებოდა.       განათლების კომისარიატის საშუალებით გაგზავნილი მოთხოვნის შედეგად გერმანიიდან სამი ამანათი მიიღო, რაშიაც ეწყო ორმხრივამოზნექილი, ორმხრივჩაზნექილი და ამოზნექილ-ჩაზნექილი, გახეხილი მინები. ყოველივე იმით დამთავრდა, რომ ივანოვმა კამერა ააგო და ამ კამერაში წითელი სხივი მართლა დაიჭირა, თანაც უნდა ვაღიაროთ, რომ ოსტატურად დაიჭირა: სხივი მსხვილი, ოთხი სანტიმეტრი განაკვეთის მქონე, ბასრი და მძლავრი გამოვიდა.       პირველ ივლისს კამერა პერსიკოვის კაბინეტში დააყენეს და პროფესორი გამალებით შეუდგა სხივით გაშუქებულ ბაყაყის ქვირითზე ცდების ჩატარებას. ამ ცდებს გასაოცარი შედეგები მოჰყვა. ორ დღე-ღამეში ქვირითიდან ათასობით თავკომბალა გამოიჩეკა. მაგრამ ეს კიდევ არაფერია; ერთ დღე-ღამეში თავკომბალები დასრულებულ ბაყაყებად იქცნენ, თანაც ისეთი ანჩხლები და ღორმუცელები იყვნენ, რომ მათი ნახევარი მეორე ნახევარმა უმალ შესანსლა. სამაგიეროდ, ცოცხლად დარჩენილებმა ყოველგვარი ვადის გარეშე იწყეს ქვირითის დაყრა და ორ დღეში ამჯერად სხივის გარეშე წარმოშვეს ახალი თაობა, თანაც ურიცხვი რაოდენობისა. მეცნიერის კაბინეტში ეშმაკმა უწყის, რა ამბავი ატყდა: თავკომბალები კაბინეტიდან მთელ ინსტიტუტს მოედვნენ, ტერასები და იატაკი გაავსეს, ყოველ კუთხე-კუნჭულში, როგორც ჭაობში, ომახიანი ქოროები ახმიანდა. პანკრატს პერსიკოვისა ისედაც ხომ როგორც ცეცხლისა ეშინოდა და ახლა შიშისაგან ლამის სული ამოხდომოდა. ერთი კვირის შემდეგ თვით მეცნიერმა იგრძნო, რომ ჭკუაზე ირყეოდა. ინსტიტუტი ეთერისა და კალიუმციანიდის სუნით ისე გაიჟღინთა, პანკრატი კინაღამ მოიწამლა, რადგან ნიღაბი უდროოდ მოიხსნა. ბოლოს შეძლეს ჭაობის გამრავლებული ბინადარნი შხამებით ამოეწყვიტათ და კაბინეტები გაენიავებინათ, - პიოტრ სტეპანოვიჩ, დეიტეროპლაზმაზე და საერთოდ კვერცხუჯრედზე სხივის მოქმედება განსაცვიფრებელია. - უთხრა პერსიკოვმა ივანოვს.       დინჯმა, თავშეკავებულმა ჯენტლმენმა ივანოვმა პროფესორს უჩვეულო ტონით გააწყვეტინა: - ვლადიმერ იპატიჩ, წვრილმანი დეტალები, დეიტეროპლაზმა რა სალაპარაკოა. პირდაპირ ვთქვათ: თქვენ არგაგონილი რამ აღმოაჩინეთ, - ასისტენტმა თავს ძალა დაატანა და წარმოთქვა: - პროფესორო პერსიკოვო, თქვენ სიცოცხლის სხივი აღმოაჩინეთ!       პერსიკოვს ფერმკრთალი, გაუპარსავი ღაწვები ოდნავ წამოუწითლდა. - კარგი ერთი, - ჩაიბუტბუტა მან. - თქვენ ისეთ სახელს მოიხვეჭთ... - განაგრძობდა ივანოვი, - ლამისაა გადავირიო. იცით რა, ვლადიმერ იპატიჩ, უელსის გმირი თქვენთან შედარებით არაფერია... მე კი ეს ზღაპარი მეგონა... „ღმერთების საზრდო“ გახსოვთ? - ჰო, ის რომანი? - თქვა პერსიკოვმა. - ღმერთო ჩემო, ის ხომ ცნობილი რომანია!.. - დამავიწყდა, - უპასუხა პერსიკოვმა, - მახსოვს, რომ წავიკითხე, მაგრამ დამავიწყდა. - როგორ თუ დაგავიწყდათ, აბა ერთი შეხედეთ, - ივანოვმა მინის მაგიდიდან ფეხით ასწია უზარმაზარი, მუცელაბუშტული ბაყაყი, სულგამფრთხალსაც კი დრუნჩზე ანჩხლი გამომეტყველება რომ შერჩენოდა, - ეს ხომ განსაცვიფრებელია! თავი IV. მღვდლის ქვრივი დროზდოვა       ღმერთმა უწყის, ივანოვი იყო დამნაშავე, თუ სენსაციური ამბები ჰაერში თავისით ვრცელდება. ეს კია, უზარმაზარ, მოთუხთუხე მოსკოვში სხივზე და პროფესორ პერსიკოვზე უეცრად ალაპარაკდნენ, თუმცაღა გაკვრით და ძალზე ბუნდოვნად. სასწაულებრივი აღმოჩენის ამბავი აელვარებულ დედაქალაქში დაჭრილი ფრინველივით ხტოდა, ხან გაუჩინარდებოდა, ხანაც კვლავ ანავარდდებოდა. ასე გასტანა შუა ივნისამდე, ვიდრე გაზეთ „იზვესტიის“ მეოცე გვერდზე, სათაურით „მეცნიერებისა და ტექნიკის სიახლენი“, არ გამოქვეყნდა მოკლე ცნობა სხივის თაობაზე, სადაც გაკვრით იყო ნათქვამი, რომ IV უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა პროფესორმა სხივი გამოიგონა, რომელიც დაბალი ორგანიზმების ცხოველმოქმედებას წარმოუდგენლად ზრდიდა. საჭიროა ამ სხივის შემოწმებაო, - ასკვნიდა გაზეთი. გვარი, რაღა თქმა უნდა, დამახინჯებულად გახლდათ დაბეჭდილი: „პევსიკოვი“.       ივანოვმა პერსიკოვს ცნობა აჩვენა. - „პევსიკოვი“, - ჩაიბუზღუნა კაბინეტში კამერასთან მოფუსფუსე პერსიკოვმა, - ის ჩიტირეკიები ყველაფერს რანაირად შეიტყობენ ხოლმე?       ვაი, რომ დამახინჯებულმა გვარმა პერსიკოვი ვერ იხსნა იმ ამბებისგან, მეორე დღესვე რომ დაიწყო და მისი ცხოვრების მდინარება ერთბაშად შეცვალა.       პანკრატმა დააკაკუნა, კაბინეტში შევიდა და პერსიკოვს დიდებული ატლასივით მბზინავი სავიზიტო ბარათი გადასცა. - თვითონ იქ არის, - მოკრძალებით დაუმატა პანკრატმა.       ბარათზე ლამაზი შრიფტით იყო დაბეჭდილი: „ალფრედ არკადიევიჩ ბრონსკი“       თანამშრომელი მოსკოვის ჟურნალებისა - „წითელი ცეცხლი“, „წითელი წიწაკა“, „წითელი ჟურნალი“, „წითელი პროჟექტორი“ და გაზეთისა „წითელი საღამოს მოსკოვი“. - გააგდე აქედან, ჯანდაბას მაგისი თავი, - ჩაიბუტბუტა პერსიკოვმა და ბარათი მაგიდის ქვეშ შეაგდო.       პანკრატი შეტრიალდა, გავიდა და ხუთი წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა. დამწუხრებულს ხელში იმავე ბარათის მეორე ეგზემპლარი ეჭირა. - შენ ხომ არ დამცინი? - დაიწრიპინა პერსიკოვმა და სახეზე რისხვა გამოეხატა.       -გეპეუდან ვარო, - უპასუხა გაფითრებულმა პანკრატმა.       პერსიკოვმა ცალი ხელი ბარათს ისე სტაცა, კინაღამ შუაზე გადახია, მეორე ხელით კი პინცეტი მაგიდაზე დააგდო. ბარათზე ჩახუჭუჭებული ხელით იყო მიწერილი: „დიდად პატივცემული პროფესორო, ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, სამი წუთით მიმიღოთ ბეჭდვითი სიტყვის საზოგადოებრივ საქმეზე, გეპეუს გამომცემლობის სატირული ჟურნალის „წითელი ყორანის“ თანამშრომელი.“ - შემოიყვანე, - თქვა სულშეხუთულმა პერსიკოვმა.       პანკრატის ზურგს უკანიდან უმალვე გამოსხლტა სუფთად წვერგაპარსული, ლოყებპრიალა ახალგაზრდა კაცი, ჩინელივით შუბლზე აზიდული წარბები რომ ჰქონდა და წარბებქვეშ ჩამსხდარ აქატისფერ თვალებს ერთთავად არიდებდა მოსაუბრეს. ახალგაზრდა კაცი მართლაც რომ უზადოდ, მოდაზე გახლდათ ჩაცმული. ემოსა ვიწრო და გრძელი, მუხლებამდე ჩაშვებული პიჯაკი, ძალზე განიერი, ფარფარა შარვალი და უჩვეულოდ ფართო ყელიანი, გალაქული ფეხსაცმელები, ცხვირები ფლოქვებს რომ მიუგავდა. ხელში ჯოხი, წაწვეტებული შლაპა და ბლოკნოტი ეჭირა. - რა გნებავთ? - ჰკითხა მას პერსიკოვმა ისეთი ხმით, რომ პანკრატი უმალვე კარს იქით გასხლტა, - ხომ გითხრეს, რომ არ მცალია?       პასუხის ნაცვლად ახალგაზრდა კაცი პროფესორს ჯერ მხარმარცხნივ, მერე მხარმარჯვნივ თავდახრილი მიესალმა, მერე თვალები მთელ კაბინეტს ბორბლებივით მოავლო და ბლოკნოტში უმალვე რაღაც ჩაინიშნა. - მე არ მცალია, - უთხრა სტუმარს პროფესორმა და თვალებში ზიზღით შეხედა, მაგრამ ვერავითარ ეფექტს ვერ მიაღწია, რადგან მისი მზერა ვერაფრით მოიხელთა. - ათასგზის ბოდიშს გიხდით, დიდად პატივცემულო პროფესორო, - წვრილი ხმით წამოიწყო ახალგაზრდა კაცმა, - შინ რომ შემოგეჭერით და ძვირფას დროს გაკარგვინებთ, მაგრამ თქვენი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის ამბავი, რაც მთელ ქვეყნიერებას მოედო, ჩვენს ჟურნალს აიძულებს გთხოვოთ, რაიმე განმარტება მოგვცეთ. - რა განმარტებას მოითხოვთ მთელი ქვეყნიერებისათვის? - შესძახა პერსიკოვმა გამყინავი ხმით და ზაფრანის ფერი დაედო, - მოვალე არა ვარ განმარტება მოგცეთ... არ მცალია... სრულებით არ მცალია. - რაზე მუშაობთ? - ხმა დაიტკბო ახალგაზრდა კაცმა და ბლოკნოტში რაღაც კიდევ ჩაინიშნა. - მე ხომ... რაო? რაიმეს დაბეჭდვას აპირებთ? - დიახ, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა და უეცრად ბლოკნოტში სწრაფად იწყო წერა. - ჯერ ერთი, არაფრის გამოქვეყნებას არ ვაპირებ, სანამ სამუშაოს არ დავასრულებ... მით უმეტეს თქვენს გაზეთებში... მეორეც, ეს ყოველივე საიდან იცით? - პერსიკოვმა უცებ იგრძნო, რომ თავგზა ებნეოდა. - მართალია თუ არა, რომ ახალი სიცოცხლის სხივი გამოიგონეთ? - რა ახალი სიცოცხლის სხივი? - გაშმაგდა პროფესორი, - რა სისულელეებს ჩმახავთ? ის სხივი, რაზედაც ვმუშაობ, ჯერ გამოკვლეული არ არის, და საერთოდ არაფერი არაა ცნობილი! შესაძლოა პროტოპლაზმის ცხოველმოქმედებას ზრდის... - რამდენჯერ? - სწრაფად ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა.       პერსიკოვი მთლად დაიბნა... „ეს რა კაცია. ეშმაკმა უწყის, რა ხდება!“ - რა ობივატელური შეკითხვებია?.. ვთქვათ, ვარაუდი გამოვთქვი, რომ ათასჯერ ზრდის!       ახალგაზრდა კაცს სიხარბისგან თვალები გაუბრწყინდა. - მაშ გიგანტური ორგანიზმები წარმოიქმნება? - არაფერი ამის მსგავსი! თუმცაღა, ჩემს მიერ მიღებული ორგანიზმები ჩვეულებრივს ჭარბობენ... ზოგიერთი ახალი თვისება გააჩნიათ... მაგრამ აქ ხომ მთავარი სიდიდე კი არა, არამედ გამრავლების წარმოუდგენელი სისწრაფეა, - თავისდა საუბედუროდ თქვა პერსიკოვმა და მყისვე შეძრწუნდა. ახალგაზრდა კაცმა ნაწერით მთელი გვერდი გაავსო, გადაფურცლა და წერა განაგრძო. - ნუ წერთ! - ჩახრინწული ხმით თქვა სასოწარკვეთილმა, უკვე ფარხმალდაყრილმა პერსიკოვმა, იგრძნო, რომ ახალგაზრდა კაცს ვერა და ვერ დაუსხლტებოდა, - აბა, რას წერთ? - მართალია, რომ ორი დღე-ღამის განმავლობაში ქვირითიდან ორი მილიონი თავკომბალის გამოჩეკა შეიძლება? - რა რაოდენობის ქვირითიდან? - დაიყვირა კვლავ განრისხებულმა პერსიკოვმა, - როდისმე თუ გინახავთ ქვირითი... ვთქვათ, ვასაკასი? - ნახევარი გირვანქიდან? - ისე ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა, არც შეცბუნებულა.       პერსიკოვი წამოჭარხლდა. - ასე ვინ ზომავს? ჰუი! რას მიედ-მოედებით? ჰო, რა თქმა უნდა, თუ ავიღებთ ბაყაყის ნახევარ გირვანქა ქვირითს... მაშინ შესაძლო იქნება დაახლოებით ამ რაოდენობის ანდა უფრო მეტის მიღებაც!       ახალგაზრდა კაცს თვალები ბრილიანტებივით აუკიაფდა და ნაწერით კიდევ ერთი გვერდი შეუჩერებლივ გაავსო. - მართალის, რომ ეს მესაქონლეობაში მსოფლიო გადატრიალებას გამოიწვევს? - ეს რა საგაზეთო შეკითხვაა, - აკივლდა პერსიკოვი, - მე საერთოდ არ გაძლევთ უფლებას უაზრო რაღაც წეროთ. სახეზე გატყობთ, რომ სისაძაგლეს წერთ! - პროფესორო, თქვენი ფოტოგრაფიული სურათი მიბოძეთ, დაბეჯითებით გთხოვთ, - თქვა ახალგაზრდა კაცმა და ბლოკნოტი დახურა. - რაო? ჩემი სურათი? თქვენი ჟურნალისთვის? იმ აბდაუბდასთან ერთად, რასაც წერთ? არა, არა, არა... მე არა მცალია... მშვიდობით! - ძველი სურათი მაინც მიბოძეთ, უმალვე დაგიბრუნებთ. - პანკრატ! - შეჰყვირა გაცოფებულმა პროფესორმა. - კარგად ბრძანდებოდეთ, - თქვა ახალგაზრდა კაცმა და გაუჩინარდა.       პანკრატის ნაცვლად კარს მიღმა მანქანის უცნაური, თანაბარი ღრაჭუნი და იატაკზე რაღაც ნაჭედის კაკუნი გაისმა, კარი გაიღო და კაბინეტში დრაფისგან შეკერილი ხალათ-შარვლით შემოსილი, არაჩვეულებრივად ჩასუქებული კაცი შემოვიდა, მარცხენა მექანიკურ ფეხს ჩხაკუნით მოაბრაგუნებდა, ხელში კი პორტფელი ეჭირა. გაპარსული, მოყვითალო მრგვალი პირისახე ალერსიანად უღიმოდა. პროფესორს მხედრულად გაჭიმული მიესალმა, რის გამოც მისმა ფეხმა ზამბარასავით გაიტკაცუნა. პერსიკოვს ენა ჩაუვარდა. - ბატონო პროფესორო, - წამოიწყო უცნობმა ოდნავ ჩახლეჩილი სასიამოვნო ხმით, - მიუტევეთ უბრალო მოკვდავს, განმარტოება რომ დაგირღვიათ. - რეპორტიორი ხართ? - ჰკითხა პერსიკოვმა, - პანკრატ!! - არა, ბატონო პროფესორო, - უპასუხა ჩასუქებულმა კაცმა, - ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ: შორეული ნაოსნობის კაპიტანი და სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული გაზეთ „მრეწველობის მაცნის“ თანამშრომელი. - პანკრატ!! - ისტერიულად შეჰყვირა პერსიკოვმა. კუთხეში ტელეფონმა უმალ წითელი სიგნალი გააელვა და მსუბუქად გაიწკრიალა - პანკრატ! - გაიმეორა პროფესორმა, - გისმენთ. - ფარცაინ ზი ბიტტე, ჰერ პროფესორ, - ახიხინდა ტელეფონი გერმანულად, - დას იჰ შტიორე. იჰ ბინ მიტარბეიტერ დეს „ბერლინერ ტაგესბლატს“... - პანკრატ! - ჩაჰყვირა ყურმილში პროფესორმა, - bin momental zer beSeftiet und kan zi desxalb etct niht empfangen!.. პანკრატ!!       ინსტიტუტის სადარბაზო შემოსასვლელთან კი ამ დროს ზარის რეკა ატყდა. * * * - კოშმარული მკვლელობა ბრონაიას ქუჩაზე! - ბორბლებს შუა მოქცეულ შუქითა და ჩახჩახა ფარნებით გაჩირაღდნებულ ქუჩაზე უჩვეულოდ ჩახრინწული ხმით გაჰკიოდნენ ივნისის ხვატისგან გახურებულ ქვაფენილზე მოფუსფუსე ბიჭები, - ქათმების კოშმარული სენი მღვდლის ქვრივ დროზდოვას ეზოში! ქვრივის პორტრეტი!.. პროფესორ პერსიკოვის მიერ სიცოცხლის სხივის კოშმარული აღმოჩენა!!       პერსიკოვი ისე მოსწყდა ადგილს, რომ მოხოვაიაზე კინაღამ ავტომობილს ჩაუვარდა და გაზეთს ხელი გაშმაგებით სტაცა. - სამი კაპიკი, მოქალაქევ! - შეჰყვირა ბიჭმა, ტროტუარზე მიმავალ ხალხს შეერია და კვლავ აკივლდა - „წითელი საღამოს გაზეთი“! ექს-სხივის აღმოჩენა!!       გაოგნებულმა პერსიკოვმა გაზეთი გაშალა და ფარნის ბოძს მიეყრდნო. მეორე გვერდის მარცხენა კუთხეში გადღაბნილი ჩარჩოდან პროფესორს შეაცქერდა მელოტი, ჩინდაკარგული შეშლილი თვალებით მომზირალი, ქვედაყბაჩამოგდებული კაცი, ალფრედ ბრონსკის მხატვრული შემოქმედების ნაყოფი. „იდუმალებით მოცული წითელის სხივის აღმომჩენი ვ. ი. პერსიკოვი“. - იუწყებოდა ნახატის ქვეშ მოთავსებული წარწერა. ქვემოთ მოჩანდა სტატიის სათაური - „მსოფლიო გამოცანა“. სტატია შემდგომი სიტყვებით იწყებოდა: „დაბრძანდით, - ალერსიანად გვითხრა მხცოვანმა მეცნიერმა პერსიკოვმა...“       სტატიის დასასრულს ამშვენებდა ხელმოწერა: „ალფრედ ბრონსკი (ალონზო)“.       „დაბრძანდით!!! - უცებ აწივლდა სახურავზე დამაგრებული რუპორი უსიამოვნო წვრილი ხმით. ალფრედ ბრონსკის ათასჯერ გაძლიერებულ ხმას ძალზე რომ წააგავდა, - ალერსიანად გვითხრა მხცოვანმა მეცნიერმა პერსიკოვმა! მე დიდი ხანია მსურდა, ჩემი აღმოჩენის შედეგები მოსკოველი პროლეტარიატისთვის გამეცნო...“       პერსიკოვის ზურგს უკან ხმადაბალი მექანიკური ღრაჭუნი გაისმა და პროფესორს სახელოზე ვიღაცამ მოქაჩა. მან უკან მიიხედა და მექანიკური ფეხის მფლობელის მოყვითალო სახე დაინახა. მრგვალსახიანს თვალები ცრემლებით დანამოდა და ტუჩები უთრთოდა. - ბატონო პროფესორო, თქვენ არ ისურვეთ გასაოცარი აღმოჩენის შედეგები ჩემთვის გაგეცნოთ, - თქვა მან სევდიანად და ღრმად ამოიოხრა, - ჰოდა: დავკარგე თუმანნახევარი!       იგი ნაღვლიანად ასცქეროდა უნივერსიტეტის სახურავს, სადაც შავ ხახაში ჩაბუდებული უხილავი ალფრედი მძვინვარებდა. პერსიკოვს ღიპიანი კაცი რატომღაც შეებრალა. - მე მისთვის დაბრძანდით-მეთქი არ მითქვამს! - ჩაიბუტბუტა მან, თან ციდან მომდინარე სიტყვებს მძულვარებით უსმენდა, - იგი საოცრად თავხედია! მომიტევეთ, გეთაყვა, მაგრამ დამეთანხმებით, როცა მუშაობისას შემოგივარდებიან... რა თქმა უნდა, ამას თქვენზე არ ვამბობ... - ბატონო პროფესორო, ეგებ თქვენი კამერის აღწერილობა მაინც მაუწყოთ? - პირფერულად, მჭმუნვარედ თქვა მექანიკურმა კაცმა, - თქვენთვის ახლა ხომ ხულ ერთია... - ნახევარი გირვანქა ქვირითიდან სამ დღეში იმდენი თავკომბალა გამოიჩეკება, დათვლა შეუძლებელია, - გაჰკიოდა რუპორიდან უჩინარი. - პი-პი, - ყრუდ გაჰკიოდნენ ავტომობილები მოხოვაიაზე. - ოჰო-ჰო... დახე, დახე, ოჰო-ჰო, - ბუბუნებდა თავაწეული ხალხი. - როგორი არამზადაა, ჰა? - ჩაუსისინა რკინისფეხიან კაცს ბრაზისგან აკანკალებულმა პერსიკოვმა, - ეს ამბავი როგორ მოგწონთ? უეჭველად ვუჩივლებ! - აღმაშფოთებელია! - დაეთანხმა ღიპიანი კაცი.       პროფესორს თვალი მოსჭრა დამაბრმავებელმა იისფერმა შუქმა. ირგვლივ ყველაფერი გაბრწყინდა - ფარნის ბოძი, ქვაფენილის კუთხე, ყვითელი კედელი, ცნობისმოყვარე სახეები. - თქვენ გიღებენ, ბატონო პროფესორო, - აღფრთოვანებით ჩასჩურჩულა ღიპიანმა კაცმა პროფესორს და სახელოზე ჩამოეკიდა. ჰაერში რაღაც აღრჭიალდა. - ჯანდაბას ამათი თავი! - ნაღვლიანად წამოიყვირა პერსიკოვმა, ბრბო გაარღვია და სახელოზე ჩამოკიდებული ღიპიანი კაციც თან გაიყოლა, - ჰეი, ტაქსომატორო! პრეჩისტენკაზე!       ოცდაოთხი წლის კონსტრუქციის ძველი, გაქერცლილი მანქანა ტროტუართან ათუხთუხდა და პროფესორი ლანდოში შებობღდა, თან ცდილობდა ღიპიანი კაცი თავიდან მოეშორებინა. - თქვენ ხელს მიშლით, - სისინით ამბობდა იგი და იისფერ შუქისგან სახეს მუშტებით იფარავდა. - წაიკითხეთ?! რას გაჰყვებიან?.. მალაია ბრონაიაზე პროფესორ პერსიკოვისთვის ყელი გამოუჭრიათ შვილებთან ერთად!.. - გაჰკიოდნენ ირგვლივ. - მე შვილები არა მყავს, თქვე მამაძაღლებო, - დაიღრიალა უცებ პერსიკოვმა და მისი პროფილი, დაფჩენილი პირი და რისხვით ანთებული თვალები უცებ შავი აპარატის ფოკუსში მოექცა. - კრხ...ტუ...კრხ...ტუ, - აღმუვლდა ტაქსომოტორი და ხალხის ტალღა გაარღვია.       ღიპიანი კაცი უკვე ლანდოში იჯდა და პროფესორს გვერდს უთბობდა. თავი V. ქათმების ამბავი       კოსტრომის გუბერნიის სტეკლოვსკის მაზრის პატარა შტატგარეშე სამაზრო ქალაქში, ყოფილ ტროიცკში, ამჟამად სტეკლოვსკში, ყოფილ სობორნაიას, ამჟამად კი პერსონალნაიას ქუჩაზე მდებარე სახლის პარმაღზე ხილაბანდით თავწაკრული, თაიგულებით მორთული ნაცრისფერი კაბით შემოსილი ქალი გამოვიდა და აქვითინდა. ეს ქალი, ყოფილი ტაძრის ყოფილი დეკანოზის ქვრივი დროზდოვა ისე ხმამაღლა ქვითინებდა, რომ სულ მალე ქუჩის გადაღმა მდებარე სახლის ფანჯრიდან თავი გამოყო თივთიკის თავშალიანმა ქალმა და შესძახა: - რა მოხდა, სტეპანოვნა, კიდევ ერთი მოკვდა? - მეჩვიდმეტე! - ქვითინით უპასუხა ყოფილმა დროზდოვამ. - ვაი-ვაი-ვაი, - კრუსუნით თავი გააქნია თავშალიანმა ქალმა, - რა ხდება ჩვენს თავს? ჭეშმარიტად უფალი გაგვირისხდა! მართლა მოკვდა? - ნახე, ნახე ერთი, მატრიონა, - ხმამაღლა, მწარედ ასლუკუნდა მღვდლის ქვრივი, - ნახე ერთი, რა დღეშია!       გადაღრეცილი რუხი კუტიკარი გაჯახუნდა, ფეხშიშველი ქალი მტვრიან ქუჩაზე გაფლატუნდა და ცრემლებით სახედაჟივებული ქვრივი მატრიონას საქათმის ეზოში შეუძღვა.       უნდა ითქვას, რომ ანტირელიგიურ შემოტევათა შედეგად 26 წელში გარდაცვლილ დეკანოზ საბა დროზდოვის ქვრივს ყურები არ ჩამოუყრია და მექათმეობას მიჰყო ხელი. მაგრამ საქმე როგორც კი სასიკეთოდ დაიძრა, ისეთი გადასახადი შეაწერეს, კეთილი ადამიანები მხარში რომ არ ამოსდგომოდნენ, მექათმეობისთვის თავი უნდა მიენებებინა. მათ ქვრივი შეაგულიანეს, ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადება მიუტანეს იმის თაობაზე, რომ ქვრივს მექათმეობის შრომითი არტელის დაარსება სურსო. არტელის შემადგენლობაში შევიდნენ: თვითონ დროზდოვა, მისი ერთგული მოახლე მატრიოშკა და ქვრივის ყრუ დისშვილი. ქვრივს გადასახადი მოუხსნეს და მისი მექათმეობა ისე გაიფურჩქნა, რომ 28 წლის დამდეგს საქათმეებით გარშემორტყმულ მტვრიან ეზოში ორას ორმოცდაათამდე ქათამი დადიოდა, რომელთა შორის კოხინხინებიც კი ერია. ქვრივის კვერცხები ყოველ კვირა დღეს იყიდებოდა სტეკლოვსკის ბაზარზე, კვერცხები გაჰქონდათ ტამბოვში, ზოგჯერ კი მოსკოვამდეც აღწევდა და ყველ-კარაქის მაღაზიის შემინულ ვიტრინებში მოჩანდა, უწინ ჩიჩკინს რომ ეკუთვნოდა.       ჰოდა, მეჩვიდმეტე დედალი, ქვრივის საყვარელი ქოჩორა ბრამაპუტრა დილას აქეთ ეზოში დალასლასებდა და პირს აღებინებდა. „ერ... რრრ... ურლ... ურლ კო-კო-კო“, - ჩაიკაკანებდა ქოჩორა და მზეს ისე ნაღვლიანად ახედავდა ხოლმე, თითქოს უკანასკნელად ხედავდა. დედლის წინ ჩაცუცქულ არტელის წევრ მატრიოშკას ხელში წყლით სავსე ჯამი ეჭირა და აქეთ-იქით დახტოდა. - ქოჩორა, საყვარელო... ჯუ-ჯუ-ჯუ... წყალი დალიე, - ემუდარებოდა დედალს მატრიოშკა და ნისკარტის წინ ჯამს უტრიალებდა, მაგრამ ქოჩორას წყლის დალევა არ უნდოდა, პირს ფართოდ აღებდა და თავს მაღლა სწევდა, მერე კი ღებინებისას სისხლიც ამოანთხია. - ღმერთო დიდებულო! - შესძახა სტუმარმა და თეძოებზე ხელები შემოირტყა, - ეს რა ხდება? მარტო სისხლს ანთხევს. არასოდეს მინახავს ქათამს ადამიანივით მუცლისგვრემა სჭირდეს.       ეს საბრალო ქოჩორასათვის უკანასკნელი გზის დასალოცი სიტყვები გამოდგა. იგი უეცრად გვერდზე გადაგორდა, ნისკარტი მტვრიან მიწას უმწეოდ გაუსვა და თვალები გადაატრიალა, მერე ზურგზე გადაბრუნდა, ორივე ფეხი მაღლა აფარჩხა და ასე გაშეშდა. მატრიოშკა ბოხი ხმით აქვითინდა და ჯამიდან წყალი დაეღვარა. ატირდა თვითონ ქვრივიც - არტელის თავმჯდომარე. სტუმარი მისკენ დაიხარა და ყურში ჩსაჩურჩულა: - სტეპანოვნა, მიწამ მიყოს პირი, თუ შენი ქათმები არ გათვალეს. ასეთი რამ სად გაგონილა! ასეთნაირი ქათმის ავადმყოფობა არ არსებობს! შენს ქათმებს ვიღაცამ ჯადო შეუკრა. - მტრებმა მიყვეს!! - ცას შეღაღადა მღვდლის ქვრივმა, - რას მერჩიან, წუთისოფელს უნდათ რომ გამომასალმონ?       მის ხმას აჰყვა მამლის ხმამაღალი ყივილი, რის შედეგად ბუმბულგაჩეჩილი გამხდარი მამალი საქათმიდან გვერდულად ისე გამოვარდა, გეგონებოდათ, ლუდხანიდან შფოთიანი ლოთი გამობანცალდაო. მამალმა ეზოში მყოფებს თვალები დაუბრიალა, ერთ ადგილას დაბზრიალდა, ფრთები არწივივით გაშალა, მაგრამ არსად გაფრენილა და ეზოში წრეზე იწყო სირბილი თოკზე გამობმული ცხენივით. მესამე წრეზე გაჩერდა, ღებინება აუტყდა და ხრიალ-ხროტინს მოჰყვა, იქაურობა სისხლით მორწყა, პირაღმა გადატრიალდა და ფეხები მზისკენ ანძებივით აფარჩხა. ქალების კივილმა მთელი ეზო შეძრა. კივილს საქათმეებიდან მოუსვენარი კუტკუტი, ფრთების ფართხუნი და ქოთქოთი აჰყვა. - მაშ გათვალულები არ არიან? - თავდაჯერებულად იკითხა სტუმარმა, - მამა სერგი მოიყვანე და პარაკლისი გადაახდევინე.       საღამოს ექვს საათზე, როცა დასალიერისკენ დაქანებული მზის ცეცხლოვანი ბურთი აყვავებულ მზესუმზირებს შორის აბრიალდა, ტაძრის წინამძღვარმა მამა სერგიმ მექათმეობის ეზოში პარაკლისი დაასრულა და ეპიტარქილი გაიხადა. ძველი მესრის ზემოდან და ღრიჭოებიდან ცნობისმოყვარეთა თავები მოჩანდა. დამწუხრებული ქვრივი ჯვარს ემთხვია და მამა სერგის ცრემლებით დასველებული, დაძენძილი, გაყვითლებული მანეთიანი მისცა. მამა სერგიმ ფული გამოართვა და დააყოლა, ღმერთი გვირისხდებაო, თან ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, კარგად ვიცი, ღმერთი რატომაც გვირისხდება, მაგრამ არ ვამბობო.       ამის მერე ქუჩაში მყოფნი წავიდ-წამოვიდნენ და, რადგან ქათმები ადრე იძინებენ, არავის შეუტყვია, რომ მღვდლის ქვრივის მეზობლის საქათმეში ერთბაშად სამი დედალი და ერთი მამალი მოკვდა. მათ ისევე აღებინებდათ, როგორც დროზდოვას ქათმებს, მაგრამ კარგამოკეტილ საქათმეში უხმაუროდ დაიხოცნენ. მამალი ქანდარიდან თავდაყირა ჩამოვარდა და ასევე თავდაყირა მოკვდა. ქვრივის ქათმები კი პარაკლისის დამთავრებისთანავე დაიხოცნენ. საღამოთი საქათმეში მდუმარებამ დაისადგურა, ყველგან გროვებად ეყარა გაშეშებული ფრინველები.       დილით ქალაქმა მეხდაცემულივით გაიღვიძა, ამბები უცნაურად და შემზარავად განვითარდა. პერსონალნაიას ქუჩაზე შუადღისთვის სამი ქათამიღა იყო ცოცხალი, ისიც განაპირა სახლში, სადაც მაზრის ფინინსპექტორს ჰქონდა ბინა დაქირავებული, მაგრამ დღის პირველ საათამდე ისინიც დაიხოცნენ. საღამოთი ქალაქი სტეკლოვსკი სკასავით ზუზუნებდა და ბობოქრობდა, ყველგან გაისმოდა შემზარავი სიტყვა „ჭირი“. დროზდოვას გვარი ადგილობრივ გაზეთ „წითელ მებრძოლში“ მოხვდა, სადაც დაიბეჭდა სტატია: „ნუთუ ქათმის ჭირი გაჩნდა?“ იქიდან კი ქვრივის სახელი მოსკოვსაც მისწვდა.       პროფესორ პერსიკოვის ცხოვრება უცნაური, მშფოთვარე და მღელვარე შეიქნა. ერთი სიტყვით, ამგვარ ვითარებაში მუშაობა შეუძლებელი გახდა. მეორე დღეს, ანუ მას შემდეგ, რაც ალფრედ ბრონსკის თავი დააღწია, ინსტიტუტში თავის კაბინეტში ყურმილი გადადო და ტელეფონი გამოთიშა, ხოლო საღამოთი, როცა ოხოტნიჩი რიადზე ტრამვაით მიდიოდა, საკუთარი თავი დაინახა უზარმაზარი სახლის სახურავზე, სადაც მოჩანდა წარწერა: „მუშათა გაზეთი“, იგი, პროფესორი, ხან ნაწილ-ნაწილ იშლებოდა, ხან მწვანდებოდა, ხან ციმციმებდა, ტაქსის ლანდოში მიძვრებოდა, სასაბნე დრაფით შემოსილი მექანიკური ბურთი სახელოზე ეჯაჯგურებოდა და ისიც ლანდოში ეტენებოდა. სახურავზე გაჭიმულ თეთრ ეკრანზე პროფესორი იისფერი შუქისგან სახეს მუშტებით იფარავდა. შემდეგ გამოხტა ცეცხლოვანი წარწერა: „ავტომობილით მიმავალი პროფესორი პერსიკოვი განმარტებას აძლევს ჩვენს სახელგანთქმულ რეპორტიორს კაპიტან სტეპანოვს“. მართლაც: ქრისტეს ტაძრის მახლობლად, ვოლხონკაზე ჩაირიხინა დანჯღრეულმა ავტომობილმა, შიგ პროფესორი ლაყლაყებდა, სახე მახეში მომწყვდეულ მგელს მიუგავდა. - ესენი ადამიანები კი არა, ნამდვილი ეშმაკეულები არიან, - კბილებში გამოსცრა პროფესორმა, როცა იქაურობას მანქანით ჩაუარა.       იმავე საღამოს შინ დაბრუნებულ პროფესორს მარია სტეპანოვნამ 17 ჩანაწერი დაახვედრა იმათი ტელეფონის ნომრებითურთ, ვინც პროფესორს ურეკავდა, როცა იგი შინიდან წასული იყო, თანაც განუცხადა, ამდენი რეკვით გამაწამესო. პროფესორს უნდოდა ჩანაწერი დაეხია, მაგრამ შეჩერდა, რადგან ერთი ნომრის გასწვრივ მინაწერი დაინახა: „ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი“. - რა ამბავია? - თქვა მართლაცდა საგონებელში ჩავარდნილმა პროფესორმა, - რა ჯანდაბა დაემართათ?       იმავე საღამოს, 10 საათსა და 15 წუთზე ზარის ხმა გაისმა და პროფესორი იძულებული შეიქნა თვალისმომჭრელად გამოწკეპილ ვიღაც მოქალაქესთან ესაუბრა, ვინც მიიღო სავიზიტო ბარათის გამო, რაზედაც (გვარისა და სახელის გარეშე) ეწერა: „საბჭოების რესპუბლიკაში უცხოეთის წარმომადგენლობათა სავაჭრო განყოფილებების სრულუფლებიანი შეფი“. - ჯანდაბას მაგისი თავი, - ჩაიღრინა პერსიკოვმა, მაუდზე ლუპა და რაღაც დიაგრამები დაყარა და მერე მარია სტეპანოვნას უთხრა: - ბატონი რწმუნებული აქ, კაბინეტში მოიწვიეთ. - რით შემიძლია გემსახუროთ? - ისეთი ტონით ჰკითხა შეფს პერსიკოვმა, რომ მას ოდნავ შეაჟრჟოლა. პერსიკოვმა სათვალე შუბლზე აიწია, მერე ისევ ჩამოიწია და ვიზიტიორი შეათვალიერა. იგი ერთიანად ლაქისა და პატიოსანი თვლების ელვარებას აფრქვევდა, ხოლო მარჯვენა თვალში მონოკლი ჰქონდა ჩამაგრებული. „რა საძაგელი სიფათი აქვს“, - რატომღაც გაიფიქრა პერსიკოვმა.       სტუმარმა შორიდან დაიწყო, სახელდობრ, ნებართვა ითხოვა, სიგარას მოვწევო, როს გამოც პერსიკოვმა დაჯდომა შესთავაზა, თუმცა ძალზე უხალისოდ. ამის შემდგომ სტუმარმა მოიბოდიშა იმის გამო, რომ ასე გვიან ეწვია. „თუმცა... შეუძლებელია ბატონი პროფესორის დღისით დაჭერ... ხი-ხი... პარდონ... მიგნება“ (სტუმარი სიცილისას აფთარივით ქშუტუნებდა). - დიახ, მოუცლელი ვარ! - ისე მოკლედ უპასუხა პერსიკოვმა, რომ სტუმარს ჟრჟოლამ ხელმეორედ დაუარა.       მიუხედავად ამისა, მან თავს ნება მისცა სახელგანთქმული მეცნიერი შეეწუხებინა - როგორც იტყვიან, დრო ფულია... პროფესორს სიგარა ხომ არ აწუხებსო? - მურ-მურ-მურ, - უპასუხა პერსიკოვმა, ნება ხომ დაგრთეთო. - პროფესორმა ხომ სიცოცხლის სხივი აღმოაჩინა? - მომიტევეთ, რა სიცოცხლის სხივი?! ეს მეგაზეთეების შეთხზულია! - გამოცოცხლდა პერსიკოვი. - ოჰ, არა, ხი-ხი-ხი... - რწმუნებული მშვენივრად ამჩნევს თავმდაბლობას, რაც ყველა ნამდვილ მეცნიერს ჭეშმარიტად ამშვენებს... ამას თქმა აღარ უნდა... დღეს დეპეშები მოვიდა... მსოფლიოდ დიდ ქალაქებში - ვარშავაში, რიგაში - სხივის თაობაზე უკვე ყველაფერო ცნობილია. პროფესორ პერსიკოვის სახელი მთელ მსოფლიოს პირზე აკერია... მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალს პროფესორ პერსიკოვის მუშაობას... მაგრამ ყველამ კარგად უწყის, საბჭოთა რუსეთში მეცნიერთა მდგომარეობა რა მძიმეა. antr nu sua di... აქ უცხო ხომ არავინ არის?.. ვაი, რომ აქ სამეცნიერო შრომების დაფასება არ იციან. ისე რომ, იგი პროფესორთან მოლაპარაკებას ისურვებდა... ერთი უცხოური სახელმწიფო პროფესორ პერსიკოვს ლაბორატორიული მუშაობის ჩატარებაში სრულიად უანგარო დახმარებას სთავაზობს. როგორც წმინდა წერილი გვეუბნება, ღორებს მარგალიტები არ უნდა დაუყარო. სახელმწიფომ იცის, რა გადაიტანა პროფესორმა 18 და 20 წლებში, ხი-ხი... რევოლუციის დროს. რა თქმა უნდა, საიდუმლოება მკაცრად იქნება დაცული... პროფესორი ამ სახელმწიფოს გააცნობს თავისი მუშაობის შედეგებს, ხოლო სახელმწიფო ამის საფასურად პროფესორს დააფინანსებს. პროფესორმა ხომ კამერა ააგო, ჰოდა საინტერესო იქნებოდა ამ კამერის ნახაზებს გავცნობოდით...       სტუმარმა ეს თქვა და პიჯაკის ჯიბიდან ქაღალდების ქათქათა დასტა ამოიღო.       ეს უმნიშვნელო რაღაც: 5 000 მანეთი, მაგალითად, ბეს სახით, პროფესორს შეუძლია ამ წუთასვე მიიღოს... არც ხელწერილი იქნება საჭირო... პროფესორი ხელწერილზე სიტყვას თუ დაძრავს, სავაჭრო წარმომადგენლობათა შეფს დიდად გაანაწყენებს. - მომწყდით თავიდან! - უცებ ისე შემზარავად შეჰყვირა პროფესორმა, რომ სასტუმრო ოთახში პიანინოს კლავიშებმა ხმა გამოსცა.       სტუმარი ისე გაუჩინარდა, რომ მრისხანებისაგან აკანკალებული პერსიკოვი თავადვე შეეჭვდა, ეს ჰალუცინაცია ხომ არ იყოო. - ეს მისი კალოშებია?! - ერთი წუთის შემდეგ წინკარში აყვირდა პერსიკოვი. - დავიწყებია, - უპასუხა აკანკალებულმა მარია სტეპანოვნამ. - ახლავე გადაყარეთ! - სად უნდა გადავყარო. თვითონ მოვა და წაიღებს. - სახლის კომიტეტს ჩააბარეთ. ხელწერილი გამოართვით. ეს კალოშები თვალით აღარ დამანახოთ! კომიტეტს მიუტანეთ! ჩაიბარონ ჯაშუშის კალოშები!       მარია სტეპანოვნამ პირჯვარი გადაიწერა, საუცხოო ტყავის კალოშები უკანა გასასვლელიდან გაიტანა, კარს იქით ცოტა ხანს იდგა და მერე საკუჭნაოში შეინახა. - ჩააბარეთ? - ბობოქრობდა პერსიკოვი. - ჩავაბარე. - ხელწერილი მომეცით. - ვლადიმერ იპატიჩ, თავმჯდომარემ ხომ წერა-კითხვა არ იცის!.. - ახლავე. ამ წუთას. მომიტანე ხელწერილი. ხელი ვინმე წერა-კითხვის მცოდნე მამაძაღლმა მოაწეროს!       მარია სტეპანოვნამ თავი გადააქნია და თხუთმეტ წუთში ხელწერილით დაბრუნდა, სადაც ეწერა: „პროფ. პერსიკოვისგან ფონდში მიღებულია 1 (ერთი) წყვ. კალოში. კოლესოვი“. - ეს რაღაა? - ჟეტონი.       პერსიკოვმა ჟეტონი ფეხით გათელა, ხელწერილი კი მინის ქვეშ ამოდო. მერე რაღაც აზრმა შუბლი მოუქუფრა, ტელეფონს ეცა, ინსტიტუტში იმდენ ხანს რეკა, პანკრატი გამოაფხიზლა და ჰკითხა: „ყველაფერი რიგზეა?“ პანკრატმა ყურმილში რაღაც ჩაიბურდღუნა, რითაც მიხვდებოდით, რომ, მისი აზრით, ყველაფერი რიგზე იყო. მაგრამ პერსიკოვი მხოლოდ ერთი წუთით დამშვიდდა. წუთის შემდეგ ტელეფონს კვლავ შუბლშეჭმუხნული ეძგერა და ყურმილში ჩასძახა: - მომეცით ისა, რა ჰქვია, ლუბიანკა. მერსი... მანდ თქვენთან ვის უნდა ვუთხრა... ჩემთან ვიღაც კალოშებიანი საეჭვო სუბიექტები მოდიან, დიახ... IV უნივერსიტეტის პროფესორი პერსიკოვი...       ყურმილში ლაპარაკი უცებ შეწყდა. პერსიკოვი ტელეფონს ლანძღვა-გინებით მოშორდა. - ვლადიმერ იპატიჩ, ჩაის მიირთმევთ? - კაბინეტში მოკრძალებით შემოიხედა მარია სტეპანოვნამ. - ჩაის არ დავლევ... მურ-მურ-მურ, ჯანდაბას იმათი თავი... ყველა ასე რამ გადარია.       ზუსტად ათი წუთის შემდეგ პროფესორმა კაბინეტში უკვე ახალი სტუმრები მიიღო. ერთ მათგანს, სასიამოვნო, ჩამრგვალებულ, ძალზე ზრდილ კაცს, ხაკისფერი სადა სამხედრო ფრენჩი და რეიტუზი ეცვა. ცხვირზე ბროლის პეპელასავით აჯდა პენსნე და გალაქული ჩექმებით შემოსილ ანგელოზს ჰგავდა. მეორეს, პირქუშ კაცს, სამოქალაქო ტანსაცმელი ემოსა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ამ ტანსაცმელში თავს უხერხულად გრძნობდა. მესამე სტუმარი უცნაურად მოიქცა, პროფესორის კაბინეტში კი არ შევიდა, სანახევროდ ჩაბნელებულ წინკარში დარჩა, თანაც ისეთ ადგილას დაჯდა, რომ განათებული და თამბაქოს კვამლის სვეტებით გავსებული კაბინეტი თავით ბოლომდე დაენახა. ამ მესამეს, აგრეთვე სამოქალაქო ტანსაცმლით შემოსილ კაცს, კვამლისფერი პენსნე ეკეთა.       კაბინეტში მყოფებმა პერსიკოვი ძალზე გააწამეს, სავიზიტო ბარათი ათვალიერეს, ხუთასი ათასი მანეთის ამბავი გამოჰკითხეს, სტუმრის გარეგნობა ააწერინეს. - ეშმაკმა უწყის იმისი თავი, - ბურტყუნებდა პერსიკოვი, - როგორია და საზიზღარი ფიზიონომია აქვს, დეგენერატისა. - შუშის თვალი ხომ არ ჰქონდა? - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ტანდაბალმა კაცმა. - ეშმაკმა უწყის. თუმცა არ ჰქონდა, თვალები აქეთ-იქით გაურბოდა. - რუბინშტეინი? - ხმადაბლა ჰკითხა ანგელოზმა სამოქალაქოტანსაცმლიან ტანდაბალ კაცს. მაგრამ მან პირქუშად შეხედა და თავი უარის ნიშნად გააქნია. - რუბინშტეინი ხელწერილის გარეშე ფულს არავის მისცემს, - ჩაიბურტყუნა მან, - ეს რუბინშტეინის ნახელავს არ ჰგავს. ვიღაც, უფრო მაღალი დონისა უნდა იყოს.       კალოშების ამბავმა სტუმრები ძალზე დააინტერესა. ანგელოზმა სახლის კომიტეტის ტელეფონის ნომერი აკრიფა და ყურმილში სულ რამდენიმე სიტყვა ჩასძახა: -„სახელმწიფო პოლოტიკური სამმართველო ითხოვს, სახლის კომიტეტის მდივანი კოლესოვი ამ წუთას მოვიდეს პროფესორ პერსიკოვის ბინაში და კალოშები მოიტანოს“, - ჰოდა, გაფითრებული კოლესოვი უმალ კაბინეტში გაჩნდა, ხელში კალოშები ეჭირა. - ვასენკა! - ხმადაბლა გასძახა ანგელოზმა წინკარში მჯდარ კაცს. იგი აიზლაზნა და კაბინეტში შებანცალდა. კვამლისფერ მინებს მისი თვალები მთლად შთაენთქა. - რა? - დუნე ხმით მოკლედ იკითხა მან. - კალოშები.       შემოსულმა კალოშებს დაბინდული თვალები შეავლო. ამასთანავე პერსიკოვს მოეჩვენა, რომ მინებს ქვემოდან, გვერდულად, ერთი წამით იელვა დუნემ კი არა, პირიქით, განსაცვიფრებლად მზიანმა მზერამ. მაგრამ თვალთა ელვარება მეყსეულად ჩაცხრა. - დაფიქრდი, ვასენკა!       იმან ვისაც ვასენკას უწოდებდნენ, უხალისოდ უპასუხა: - ამას დაფიქრება რად უნდა. პელეჟნკოვსკის კალოშებია.       ფონდი პროფესორ პერსიკოვის საჩუქარს უმალვე გამოეთხოვა. კალოშები გაზეთში გაახვიეს. უსაზღვროდ გახარებული ფრენჩიანი ანგელოზი წამოდგა და პროფესორს ხელი მაგრად ჩამოართვა, თან მოკლე სიტყვაც კი წარმოთქვა ამგვარი შინაარსისა: პროფესორი ღირსეულად მოიქცა... პროფესორს შეუძლია მშვიდად იყოს... მეტად აღარავინ შეაწუხებს არც ინსტიტუტში, არც სახლში... ზომები მიღებული იქნება, მის კამერებს არავითარი საფრთხე არ ელის... - არ შეიძლება, რეპორტიორები რომ დახვრიტოთ? - იკითხა პერსიკოვმა და სტუმრებს სათვალის ზემოდან გადახედა.       ამ შეკითხვამ სტუმრები ძალზე გაამხიარულა. არა მარტო პირქუშმა ტანდაბალმა კაცმა, არამედ წინკარში მყოფმა კვამლისფერპენსნეიანმაც კი გაიღიმა. სახეგაბადრულმა ანგელოზმა პერსიკოვს განუმარტა, ჯერჯერობით ეს შეუძლებელიაო... რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ მაინც პრესაა... თუმცა შრომისა და თავდაცვის საბჭოში ამგვარი პროექტი უკვე მზადდებაო. - ვინ იყო ის გაიძვერა, მე რომ მესტუმრა?       ახლა სახეზე ღიმილი ყველას გაუქრა. ანგელოზმა მიკიბულ-მოკიბულად უპასუხა, ვიღაც წვრილფეხა აფერისტი იყო, ყურადღების მიქცევადაც არა ღირსო... მიუხედავად ამისა, მოქალაქე პროფესორს დაბეჯითებით ვთხოვთ, ამ საღამოს მომხდარი ამბავი საიდუმლოდ შეინახოსო.       პერსიკოვი კაბინეტში თავის დიაგრამებს დაუბრუნდა, მაგრამ მუშაობის დაწყება მაინც არ დასცალდა. ტელეფონმა ცეცხლოვანი რგოლი ააკიაფა და ქალის ხმამ პროფესორს შესთავაზა, შვიდოთახიანი ბინის მქონე საინტერესო და ვნებიანი ქვრივი ქალის შერთვას ხომ არ ინებებთო. პერსიკოვმა ყურმილში ჩაჰკივლა: - გირჩევთ პროფესორ როსოლიმოსთან იმკურნალოთ...       მაგრამ ტელეფონი კვლავ აწკრიალდა.       ახლა კი პერსიკოვი ცოტათი მოლბა, რადგან კრემლიდან საკმაოდ ცნობილი პიროვნება ურეკავდა; დიდხანს თანაგრძნობით ელაპარაკა, სამუშაოს თაობაზე ბევრი რამ გამოჰკითხა და სურვილი გამოთქვა, ლაბორატორიას მოვინახულებო. ტელეფონს როცა ჩამოსცილდა, პერსიკოვმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, მერე ყურმილი განზე გადადო. ახლა ზედა სართულის ბინაში საყვირი აგრიალდა და ვალკირიას კივილმა იქაურობა გააყრუა, - მაუდის ტრესტის დირექტორის რადიომიმღებმა დიდი თეატრიდან ვაგნერის კონცერტის გადმოცემა დაიჭირა. პერსიკოვმა ჭერიდან მომდინარე კივილ-გრიალში მარია სტეპანოვნას განუცხადა, დირექტორს სასამართლოში ვუჩივლებ, რადიომიმღებს დავუმტვრევ, მოსკოვიდან გადავიკარგები, რადგან, ცხადია, ჩემი გაძევება აქვთ განზრახულიო. მერე ლუპა გატეხა, დასაძინებლად კაბინეტში დივანზე დაწვა და მალე ჩაეძინა კლავიშების ნაზ ხმაზე, სახელგანთქმული პიანისტის თითები დიდ თეატრში რომ გამოსცემდა.       სიურპრიზები არც მეორე დღეს შეწყვეტილა. ინსტიტუტში ტრამვაით მისულ პერსიკოვს პარმაღზე უცნობი მოქალაქე დახვდა, თავზე მოდური კოთხოქუდი რომ ეხურა. ამ მოქალაქემ პერსიკოვი დაკვირვებით შეათვალიერა, თუმცა არაფერი უკითხავს და ამიტომ პერსიკოვს მასზე გული არ მოსვლია. მაგრამ ინსტიტუტის წინკარში დაბნეული პანკტარის გარდა პერსიკოვის შესახვედრად მეორე კოთხოქუდიანი კაცი წამოდგა და ზრდილობიანად მიესალმა: - გამარჯობათ, მოქალაქე პროფესორო. - რა გნებავთ? - მრისხანედ ჰკითხა პერსიკოვმა და პანკრატის დახმარებით პალტო გაიხადა. მაგრამ კოთხიოქუდიანმა პერსიკოვი უმალ დაამშვიდა, უნაზესი ხმით ჩასჩურჩულა, ამაოდ ღელავთო. აქ სწორედ იმიტომ გახლავართ, რომ მომაბეზრებელი სტუმრები თავიდან მოგაშოროთო, პროფესორს შეუძლია არა მარტო კაბინეტის კარს იქით, ფანჯრის იქითაც მშვიდად იყოსო. ამის შემდეგ უცნობმა პიჯაკის ბორტი წამით გადაწია და პროფესორს რაღაც ნიშანი აჩვენა. - ჰმ... თქვენ საქმე მართლა გამართული გქონიათ, - ჩაიბუხუნა პერსიკოვმა და მერე მიამიტად დაუმატა: - აქ რა უნდა ჭამოთ?       ამაზე კოთხოქუდიანმა ჩაიცინა და პროფესორს განუმარტა, შემცვლიანო.       შემდგომმა სამმა დღემ დიდებულად ჩაიარა. პროფესორს კრემლიდან ორჯერ ეწვივნენ; ერთხელაც სტუდენტები მოვიდნენ, რომელთაც პერსიკოვმა გამოცდა ჩაუტარა და ყველა ჩაჭრა. ჩაჭრილებს სახეზე ეტყობოდათ, რომ პერსიკოვი მათ უსაზღვრო შიშა აღუძრავდა. - კონდუქტორებად იმუშავეთ! ზოოლოგიის შესწავლის თავი თქვენ არა გაქვთ, - მოისმოდა კაბინეტიდან. - მკაცრია? - ჰკითხა პანკრატს კოთხოქუდიანმა. - უჰ, ღმერთმა ყველა დაიფაროს, - უპასუხა პანკრატმა, - თუკი ვინმემ გამოცდის ჩაბარება შეძლო, ჩემო კარგო, კაბინეტიდან ბარბაცით გამოდის, ცხრაპირი ტყავი აქვს გამძვრალი. აქედან გავა და მაშინვე ლუდხანაში გარბის.       ამ საქმეებით გართულმა პროფესორმა ვერც კი შეამჩნია, სამმა დღემ ისე გაირბინა, მაგრამ მეოთხე დღეს ქვეყნიერებას კვლავ დაუბრუნდა და ამის მიზეზი გამკინავი ხმა გახლდათ, ქუჩიდან რომ შემოესმა. - ვლადიმერ იპატიჩ! - გერცენის ქუჩიდან შემოიჭრა ხმა კაბინეტის გამოღებულ ფანჯარაში. ხმის პატრონს ბედმა გაუღიმა: პერსიკოვი ბოლო დღეებში ძალზე გადაიღალა, დასასვენებლად სავარძელში იჯდა, პაპიროსს ეწეოდა არაქათგამოცლილი და ფანჯრისკენ დუნედ იყურებოდა, თავი არაფრისა ჰქონდა. ამიტომ ფანჯრიდან, ცოტა არ იყოს, ცნობისმოყვარედაც კი გადაიხედა და ტროტუარზე ალფრედ ბრონსკი დაინახა. პროფესორმა წაწვეტებულ შლაპას და ბლოკნოტს თვალი მოჰკრა თუ არა, ტიტულოვანი სავიზიტო ბარათის მფლობელი მაშინვე იცნო. ბრონსკიმ თავი მისასალმებლად მოკრძალებით, ნაზად დახარა. - ოჰ, ეს თქვენა ხართ? - ჰკითხა პროფესორმა. გაბრაზების თავი აღარ ჰქონდა. ცნობისმოყვარეობაც კი მოეძალა, მერე რა მოხდებაო, ფანჯრის შიგნით ალფრედისგან თავს უხიფათოდ გრძნობდა. ქუჩაში მუდმივად მყოფმა კოთხოქუდიანმა ბრონსკის ხმაზე ყური უმალ ცქვიტა. ბრონსკის სახეზე მაამებლური ღიმილი გადაეფინა. - ორიოდენი წუთით, ძვირფასო პროფესორო, - ხმას აუმაღლა ტროტუარზე მდგარმა ბრონსკიმ, - მხოლოდ ერთ შეკითხვას მოგცემთ, თანაც წმინდა ზოოლოგიურს. ნებას მომცემთ, რომ გკითხოთ? - მკითხეთ, - ლაკონურად და ირონიულად უპასუხა პერსიკოვმა და გაიფიქრა: „ამ არამზადას თითქოს რაღაც ამერიკული აქვს“. - ქათმებისას რას მეტყვით, ძვირფასო პროფესორო? - პირზე ხელი მოიფარა და ისე ამოსძახა ბრონსკიმ.       პერსიკოვი განცვიფრდა. ჯერ ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, მერე ისევ ჩამოხტა, თითი ღილაკს დააჭირა, მერე ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა და დაიყვირა: - პანკრატ, ტროტუარზე კაცი რომ დგას, ჩემთან შემოუშვი.       როცა ბრონსკი კაბინეტში შევიდა, პერსიკოვი უკვე ისე მოლბა, რომ სტუმარს ალერსიანად შესთავაზა: - დაბრძანდით!       აღფრთოვანებულმა ბრონსკიმ გაიღიმა და ხრახნიან ტაბურეტზე ჩამოჯდა. - მითხარით, გეთაყვა, - წამოიწყო პერსიკოვმა, - თქვენა წერთ იმ თქვენს გაზეთებში? - ნამდვილად, - მოკრძალებით უპასუხა ალფრედმა. - კი მაგრამ, როგორ წერთ, როცა რიგიანად ლაპარაკიც არ შეგიძლიათ. აბა რა არის, „ორიოდენი წუთით“, ანდა „ქათმებისას?“ ალბათ უნდა გეკითხათ: ქათმებზეო, არა?       ბრონსკიმ უმწეოდ და მოკრძალებით გაიცინა: - ვალენტინ პეტროვიჩი ასწორებს. - ვალენტინ პეტროვიჩი ვინ არის? - ლიტერატურული ნაწილის გამგე. - ჰო, კარგი, თუმცაღა ფილოლოგი არც მე გახლავართ. ამას თქვენი პეტროვიჩის მისამართით ვამბობ. სახელდობრ რის შეტყობა გსურთ ქათმებზე? - პროფესორო, საერთოდ ყველაფრისა, რასაც მეტყვით.       ბრონსკიმ ფანქარი მოიმარჯვა. პერსიკოვს თვალებში გამარჯვების ნაპერწკალი აუციმციმდა. - თქვენ მე ტყუილად მომმართეთ, რადგან ფრთოსნების სპეციალისტი არ გახლავართ. გერჩივნათ I უნივერსიტეტში ემილიან ივანოვიჩ პორტუგალოვისთვის მიგემართათ. პირადად მე ძალზე ცოტა რამ ვიცი.       ბრონსკიმ აღფრთოვანებით გაიღიმა, რითაც პროფესორს ამცნო, ხუმრობას მიგიხვდითო. მერე ბლოკნოტში ჩაჩხაპნა: „ხუმრობს, ცოტა რამ ვიციო!“ - მაგრამ, რაკი გაინტერესებთ, მოგახსენებთ. ქათმები, ანუ ბიბილოიანები ქათმისებრთა რაზმის ფრინველები არიან. ხოხბისებრთა ოჯახიდან... - წამოიწყო პერსიკოვმა ხმამაღლა, თანაც ბრონსკის კი არ უყურებდა, სადღაც შორეთისკენ იცქირებოდა, სადაც ათასობით მსმენელს გულისხმობდა... - ხოხბისებრთა ოჯახიდან... ფაზიანიდე. ეს გახლავთ სქელკანიანი ბიბილოსი და ქვედა ყბის ქვეშ ორი ლაპოტის მქონე ფრინველი... ჰმ... თუმცა ნიკაპის ქვეშ ერთი ლაპოტიც გვხვდება... ჰო, კიდევ ფრთები მოკლე და მომრგვალებული... ბოლო საშუალო სიგრძისა, რამდენიმე საფეხურიანი და, შეიძლება ითქვას, სახურავისებური, შუა ბუმბულები ნამგლისებურად მოხრილი... პანკრატ... მოდელების კაბინეტიდან №705 მოდელი, გაჭრილი მამალი მოიტანე... თუმცა თქვენ ხომ ეს არ გესაჭიროებათ?.. პანკრატ, მოდელს ნუ მოიტან... გიმეორებთ, მე სპეციალისტი არა ვარ, პორტუტგალოვთან მიბრძანდით. ჰო, პირადად ჩემთვის გარეული ქათმების 6 სახეობაა ცნობილი... ჰმ... პორტუგალოვმა მეტი იცის... ინდოეთსა და მალაის არქიპელაგზე. მაგალითად ბანკივური მამალი ანუ კაზინტუ გვხვდება ჰიმალაის მთისწინეთში, მთელ ინდოეთში, ასამში, ბირმაზე... ჩანგლისებურბოლოიანი მამალი ანუ გალუს ვარიუსი ლამბოკზე, სუმბავაზე და ფლორესზე. ხოლო კუნძულ იავაზე ბინადრობს შესანიშნავი მამალი გალუს ენეუსი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში შემიძლია დაგისახელოთ ძალიან ლამაზი ზონერატის მამალი... მერე სურათსაც გაჩვენებთ, რაც შეეხება ცეილონს, იქ ბინადრობს სტენლის მამალი, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება.       ბრონსკი თვალებდაჭყეტილი იჯდა და იწერდა. - კიდევ გსურთ, რაიმე გაუწყოთ? - მე მინდა რაიმე მითხრათ ქათმების ავადმყოფობათა თაობაზე, - ხმადაბლა თქვა ალფრედმა. - ჰმ, მე სპეციალისტი არა ვარ... პორტუგალოვს გამოჰკითხეთ... თუმცა... ვთქვათ, ლენტისებური მუცლის ჭიები, მწუწნავები, მუნის ტკიპა, დემოდეკოზი, ფრინველის ტკიპა, ქათმის ტილი ანუ ღინღლიჭამია, რწყილები, ქათმის ქოლერა, ლორწოვანი გარსის კრუპოზულ-დიფთერიული ანთება, პნევმონომიკოზი, ტუპერკულოზი, ქათმის ქეცი... რამდენიმე რამ შეიძლება შეეყაროს... (პერსიკოვს თვალებში ნაპერწკლები უხტოდა)... მოწამვლა, მაგალითად, ციკუტათი, სიმსივნეები, ინგლისური სენი, სიყვითლე, რევმატიზმი, ახორიონ შენლაინის სოკო... ძალიან საინტერესო ავადმყოფობაა. დასნეულებისას ქათამს ბიბილოზე ობისნაირი პატარა ლაქები უჩნდება...       ბრონსკიმ ჭრელი ცხვირსახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. - პროფესორო, ამჟამინდელი კატასტროფის მიზეზი თქვენი აზრით რა უნდა იყოს! - რა კატასტროფისა? - რაო, პროფესორო, განა არ წაგიკითხავთ? - გაოცდა ბრონსკი და პორტფელიდან დაჭმუჭნული გაზეთი „იზვესტია“ ამოიღო. - მე გაზეთებს არ ვკითხულობ, - უპასუხა პერსიკოვმა და წარბები შეიჭმუხნა. - პროფესორო, რატომ არ კითხულობთ? - ნაზად ჰკითხა ალფრედმა. - იმიტომ, რომ გაზეთებში რაღაც მონაჩმახს წერენ, - დაუფიქრებლად უპასუხა პერსიკოვმა. - რას ბრძანებთ, პროფესორო, - ჩაიჩურჩულა ბრონსკიმ და გაზეთი გაშალა. - ეგ რა არის? - ჰკითხა პერსიკოვმა და ფეხზე წამოდგა. ახლა ნაპერწკლები თვალებში ბრონსკის აუკიაფდა. მან ლაქწასმული ფრჩხილების წვეტი გაუსვა უზარმაზარ სათაურს, გაზეთის მთელ გვერდს რომ გასდევდა: „ქათმის ჭირი რესპუბლიკაში“. - რაო? - ჰკითხა ბრონსკის პერსიკოვმა და სათვალე შუბლზე აიწია. თავი VI. მოსკოვი 1928 წლის ივნისში       მოსკოვი ელვარებდა, შუქი ცეკვავდა, ჩაქრებოდა და აენთებოდა. თეატრის მოედანზე ავტობუსების თეთრი ფარები და ტრამვაების მწვანე შუქი ბრიალებდა. ყოფილი მიურის და მერილიზის თავზე დაშენებული მეათე სართულის ზემოთ ჭრელაჭრულა ელექტრული ქალი ხტოდა და ასო-ასო ისროდა ფერად-ფერად სიტყვებს: „მუშათა კრედიტი“. დიდი თეატრის მოპირდაპირე სკვერში, სადაც ღამით მრავალფერი შადრევანი იფრქვეოდა, ხალხი იერეოდა და გუგუნებდა, ხოლო დიდი თეატრის სახურავზე უზარმაზარი რუპორი გაჰკიოდა: „ლეფორტის ვეტერინალურ ინსტიტუტში ჩატარებული ქათმის ჭირის საწინააღმდეგო აცრა ბრწყინვალე შედეგს იძლევა. ქათმების სიკვდილიანობა დღეისათვის ორჯერ შემცირდა...“       მერე რუპორი ტემბრს იცვლიდა, შიგ რაღაც აღმუვლდებოდა, თეატრის თავზე მწვანე ჭავლი იფეთქებდა და ჩაცხრებოდა, შემდეგ კი რუპორი ბოხი ხმით წამოიწყებდა: „ჩამოყალიბდა ქათმის ჭირთან მებრძოლი საგანგებო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ჯანმრთელობის სახალხო კომისარი, მიწის სახალხო კომისარი, მეცხოველეობის გამგე ამხანაგი პტახა-პოროსიუკი, პროფესორი პერსიკოვი და პორტუგალოვი... და ამხანაგი რაბინოვიჩი! ქათმების ჭირთან დაკავშირებით ინტერვენციის ახალი მცდელობანი!.. - ტურასავით გაჰკიოდა და ქვითქვითებდა რუპორი.       თეატრალურ შესახვევში, ნეგლიანაიაზე და ლუბიანკაზე სინათლის თეთრი და იისფერი ზოლები გიზგიზებდა, სხივები იფრქვეოდა, საყვირები გაჰკიოდნენ, მტვრის კორიანტელი ადიოდა. კედლებზე გამოკრულ ჭახჭახა წითელი რეფლექტორებით განათებულ განცხადებათა დიდრონი ფურცლების წინ ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იდგა.       „მოსახლეობას სასტიკად ეკრძალება ქათმის ხორცისა და კვერცხის საჭმელად გამოყენება. კერძო მოვაჭრენი ბაზრებზე ქათმის ხორცისა და კვერცხის გაყიდვის მცდელობისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან და მთელი ქონება ჩამოერთმევათ. კვერცხის მქონე ყველა მოქალაქემ კვერცხი სასწრაფოდ უნდა ჩააბაროს მილიციის რაიონულ განყოფილებას“.       „მუშათა გაზეთის“ სახურავზე გაჭიმულ ეკრანზე ქათმები იყო დაზვინული და მწვანეტანსაცმლიანი, ნაპერწკლებში გახვეული მეხანძრეები ზედ ნავთს შლანგებით ასხამდნენ. ეკრანზე ახლა წითელი ტალღები იქოჩრებოდა, კვამლი იბერებოდა, მერე ფთილა-ფთილა იფანტებოდა და ცისკენ სვეტ-სვეტად მიიწევდა, ბოლოს კი ცეცხლოვანი წარწერა გამოხტებოდა: „ქათმის ლეშის დაწვა ხოდინკაზე“.       ქალაქის მაღაზიები ღამის სამ საათამდე ვაჭრობდნენ, შესვენება მხოლოდ ორჯერ - სადილობისას და ვახშმობისას ჰქონდათ. ამ მაღაზიათა გაჩახჩახებულ ვიტრინებს შორის მოჩანდა ფიცრებაჭედილი, ჩაბრმავებული ფანჯრები იმ ფირნიშებს ქვემოთ, სადაც ეწერა: „კვერცხით ვაჭრობა. ხარისხისათვის გარანტია“. მილიციელების თვალწინ ხშირ-ხშირად მძიმე ავტობუსებს საგანგაშო წივილით ასწრებდნენ და შიშინით მიჰქროდნენ მანქანები, რომლებზეც მოჩანდა წარწერა: „მოსჯანგანყოფილება. სასწრაფო დახმარება“. - ვიღაც კიდევ გამომძღარა აყროლებული კვერცხით, - გაისმოდა ხალხში.       პეტროვკაზე მწვანე და ნარინჯისფერ ფარნებს აელვარებდა საქვეყნოდ განთქმული რესტორანი „ამპირი“, სადაც გადასატანი ტელეფონების გვერდით ეწყო ლიქიორის ლაქებით დაფარული მუყაოს ფირნიშები: „მოსსაბჭოს განკარგულებით ომლეტი არ გვექნება. მიღებულია ქორფა ხამანწკები“.       „ერმიტაჟში“, სადაც უსიცოცხლო სიმწვანეში შესაბრალისად ბჟუტავდა მძივებივით ჩარიგებული ჩინურა ფარნები, თვალისმომჭრელად გაჩახჩახებულ ესტრადაზე კუპლეტისტები შრამსი და კარმანიკოვი ჩეჩოტკის ბაგაბუგით მღეროდნენ პოეტების არდის და არგუევის კუპლეტებს.       ვაი, დედა! ვაი, დედა!       უკვერცხოდ რა გვეშველება?       1927 წელს პუშკინის „ბორის გოდუნოვის“ დადგმისას შიშველი ბოიარებით მოხატული ტრაპეციების ჩამონგრევისას დაღუპული ვსევოლოდ მეიერხოლდის სახელობის თეატრმა ელექტრო ფირნიში გამოჰკიდა, რომელზედაც მრავალფერი მოძრავი წარწერა იუწყებოდა, რომ მწერალ ერენდორგის პიესა „ქათმის ჭირის“ დადგმა განახორციელა მეიერხოლდის მოწაფემ, რესპუბლიკის დამსახურებულმა რეჟისორმა კუხტერმანმა. გვერდით, „აკვარიუმში“, მწვანე ესტრადაზე სარეკლამო შუქების ლივლივსა, ნახევრად შიშველი ქალის სხეულის ელვარებასა და ტაშის გრიალში მიმდინარეობდა მწერალ ლენივცევის მიმოხილვა „ქათმის შვილები“. ხოლო ტვერსკაიაზე მწკრივად მიდიოდნენ დრუნჩის ორივე მხარეს ფარანჩჩამოკიდებული ცირკის ვირები, ზურგზე მოელვარე პლაკატები რომ ჰქონდათ დამაგრებული: „კორშის თეატრში როსტანის „შანტეკლერი“ განახლდება“.       გაზეთების გამყიდველი ბიჭები მოტორთა გრიალში გაჰკიოდნენ: - შემზარავი აღმოჩენა მიწისქვეშეთში! პოლონეთი საშინელი ომისთვის ემზადება!! პროფესორ პერსიკოვის საზარელი ცდები!!       ყოფილ ნიკიტინის ცირკში, ნაკელის საამო სუნით გაჟღენთილ ყავისფერ არენაზე სახეშეთეთრებული კლოუნი ბომე წყალმანკიანივით გაფიჟვინებულ კუბოკრულტანსაცმლიან ბიმს ელაზღანდარებოდა. - ვიცი, რატომაცა ხარ ასე დაღონებული! - ლატომ? - წრიპინა ხმით ეკითხებოდა ბიმი. - კვერცხები მიწაში ჩამარხე, მეთხუთმეტე უბნის პოლიციამ კი აღმოაჩინა. - ხა-ხა-ხა-ხა, - ისე იცინოდა ცირკი, რომ ნაღველნარევი მხიარულებისგან ძარღვებში სისხლი გაგეყინებოდა. ხარხარის ხმა ძველი გუმბათის ქვეშ ტრაპეციებს არხევდა და აბლაბუდას აფრიალებდა. - ჰო-ოპ! - ყურისწამღებად შეჰყვირებდნენ კლოუნები და ჩათქვირებულ თეთრ ცხენებზე ამხედრებული, ჟოლოსფერი ტრიკოთი შემოსილი, ფეხებჩამოქნილი, საოცრად ლამაზი ქალი არენაზე გამოიჭრებოდა.       უეცარი დიდებით მოსილი შთაგონებული პერსიკოვი მოხოვაიაზე მანეჟთან მოციმციმე ცეცხლოვანი საათისკენ მარტოდმარტო მიდიოდა, ზედ არავის უყურებდა, ვერავის ამჩნევდა, გამვლელთა მუჯლუგუნებს არაფრად აგდებდა და ნაზი ხმით მოპატიჟე კახპებს ყურადღებას არ აქცევდა. ფიქრებში წასული ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, უცნაურ, ძველმოდურად ჩაცმულ კაცს შეეჯახა და თითები იტკინა, ხელი ისე ატაკა ხისბუდიან რევოლვერს, იმ კაცს ქამარზე რომ ეკიდა. - ფუ ეშმაკს! - ამოიწრიპინა პერსიკოვმა - უკაცრავად. - ბოდიში, - უსიამო ხმით უპასუხა რევოლვერიანმა, მერე ერთმანეთს მოსცილდნენ და ხალხის ზღვას შეერივნენ. პროფესორმა პრეჩისტენკისკენ გასწია და ეს შეჯახება უმალვე მიავიწყდა. თავი VII. როკი       არავინ უწყის, მართლა კარგი იყო თუ არა ლეფორტის ვეტერინარული აცრები, მარჯვედ მოქმედებდნენ თუ არა სამარელი გადამღობი რაზმები, შედეგიანი აღმოჩნდა თუ არა მკაცრი ზომები, რაც კალუგასა და ვორონეჟში კვერცხების შემსყიდველთა მიმართ ჩაატარეს, შედეგიანად მოქმედებდა თუ არა მოსკოვის საგანგებო კომისია, მაგრამ ის ცნობილია, რომ პერსიკოვისა და ალფრედის ბოლო შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ რესპუბლიკების კავშირში ქათმების მხრივ ყველაფერი მოწესრიგდა. პატარა სამაზრო ქალაქების ეზოებში ალაგ-ალაგ ობლად ეყარა ქათმის ბუმბულები, მნახველს ცრემლს რომ მოჰგვრიდა, საავადმყოფოებში მოთავსებულ უკანასკნელ ღორმუცელებს სისხლიანი ფაღარათი და გულისრევა მალე გაუვლიდათ და გამოჯანმრთელდებოდნენ. ადამიანთა სიკვდილიანობა რესპუბლიკაში, საბედნიეროდ, ათას კაცს არ გადასცილებია. ამ ამბავს არც დიდი არეულობა მოჰყოლია. თუმცაღა ვოლოკოლამსკში წინასწარმეტყველი გამოჩნდა, ხალხს რომ აუწყებდა, ქათმის ჭირი კომისრებმა გამოიწვიესო, მაგრამ თავისი ქადაგებით დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. ვოლოკოლამსკის ბაზარში დედაკაცებისთვის ქათმების ჩამოსართმევად მისულ რამდენიმე მილიციელს სცემეს და ადგილობრივ ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფანჯრები ჩაამტვრიეს. მაგრამ ვოლოკოლამსკის მარჯვე ხელისუფლებამ, საბედნიეროდ, ზომები მიიღო, რის შედეგადაც წინასწარმეტყველის მოღვაწეობა შეწყდა, ხოლო ტელეგრაფში მინები ჩასვეს.       ჩრდილოეთისკენ გავრცელებულმა ქათმის ჭირმა არხანგელსკსა და სიუმკინვასელოკს მიაღწია თუ არა, თავისით შეჩერდა იმის გამო, რომ იქით ვეღარ გავრცელდებოდა, - თეთრ ზღვაში, მოგეხსენებათ, ქათმები არ არიან. ქათმის ჭირი შეჩერდა ვლადივოსტოკშიც, რადგან იმას იქით ოკეანე გახლავთ. შორეულ სამხრეთში გაქრა და ჩაცხრა სადღაც ორდუბატის, ჯულფისა და ყარაბულაკის გადახრუკულ სივრცეებში, ხოლო დასავლეთში, თუმცა საოცარია, სწორედ პოლონეთსა და რუმინეთის საზღვრებზე შეჩერდა. იქ კლიმატი იყო სხვანაირი თუ მეზობელ მთავრობათა მიერ მოწყობილმა გადამღობმა კორდონებმა გამოიღო შედეგი, არ ვიცით, მაგრამ ჭირი იქით აღარ გავრცელებულა. უცხოეთის პრესა ისტორიაში უმაგალითო ჭირის ამბავს ცხარედ, ერთი აურზაურით განიხილავდა, ხოლო საბჭოთა რესპუბლიკების მთავრობა ყოველგვარი აურზაურის გარეშე, თავაუღებლად მუშაობდა. ქათმის ჭირთან მებრძოლ საგანგებო კომისიას სახელი შეუცვალეს და რესპუბლიკაში მექათმეობის განახლება-აღორძინების საგანგებო კომისია უწოდეს. ეს კომისია ახალი საგანგებო სამეულით შეავსეს, რომლის შემადგენლობაში თექვსმეტი ამხანაგი შეიყვანეს. დაარსდა მექათმეობის ნებაყოფლობითი საზოგადოება, რომელშიაც თამჯდომარის საპატიო ამხანაგებად შევიდნენ პერსიკოვი და პორტუგალოვი. გაზეთებში მათი პორტრეტების ქვემოთ გამოჩნდა სათაურები: „უცხოეთში კვერცხების მასობრივი შესყიდვა“ და ბატონ იუზს კვერცხების კომპანიის ჩაშლა სურს“. მთელ მოსკოვში გადაიქუხა ჟურნალისტ კოლეჩკინის გესლიანმა ფელეტონმა, რომელიც შემდგომი სიტყვებით მთავრდებოდა: „ბატონო იუზო, ჩვენს კვერცხებში ხელებს ნუ აფათურებთ, თქვენ საკუთარიცა გაქვთ“.       პროფესორი პერსიკოვი ბოლო სამ კვირაში ძალზე გაიტანჯა და გადაიქანცა. ქათმების ამბავმა იგი კალაპოტიდან ამოაგდო და ტვირთი გაუორმაგა. საღამოობით ქათმის ჭირთან მებრძოლ საგანგებო კომისიაში უნდა ემუშავა, ხოლო დროდადრო ხან ალფრედ ბრონსკისთან, ხანაც მექანიკურ ღიპიან კაცთან ხანგრძლივი საუბრებისთვის გაეძლო. საჭირო შეიქნა პროფესორ პორტუგალოვთან და პრივატ-დოცენტ ივანოვთან ერთად ქათმები გაეკვეთა და მიკროსკოპით ჭირის ბაცილა ეძებნა, ამას გარდა, სამი საღამო თავჩარგული იჯდა და ხელახლად დაწერა ბროშურა „ცვლილებანი ჭირიანი ქათმების ღვიძლში“.       პერსიკოვი ქათმების დარგში დიდი გატაცებით არ მუშაობდა და ეს ამბავი გასაგებიცაა, - ერთთავად სხვა რამეზე, ძირითადზე და მნიშვნელოვანზე, ესე იგი წითელ სხივზე ფიქრობდა, რასაც ქათმების კატასტროფის გამო მოსწყდა. პერსიკოვი ისედაც გატეხილ ჯანმრთელობას მთლად ბოლოს უღებდა, ძილისა და ჭამისთვის ვეღარ იცლიდა, ზოგჯერ პრეჩისტენკაზე აღარც ბრუნდებოდა, ინსტიტუტის კაბინეტში მუშამბაგადაკრულ დივანზე წათვლემდა და გათენებამდე კამერებსა და მიკროსკოპებს უტრიალებდა.       ივლისის დამდეგისთვის ალიაქოთი ოდნავ ჩაცხრა, სახეშეცვლილ კომისიაში მუშაობა ნორმალურ კალაპოტში ჩადგა და პერსიკოვი შეფერხებულ სამუშაოს დაუბრუნდა. მიკროსკოპებში ახალი პრეპარატები მოათავსეს, ხოლო კამერებში სხივებქვეშ თევზისა და ბაყაყის ქვირითი ზღაპრული სისწრაფით მწიფდებოდა. კენინგსბერგიდან აეროპლანით საგანგებოდ შეკვეთილი მინები ჩამოიტანეს და ივლისის ბოლო რიცხვებში მექანიკოსებმა ივანოვის მეთვალყურეობით ორი ახალი დიდი კამერა ააგეს, რომლებშიაც სხივი ფუძესთან პაპიროსის კოლოფის სიგანისა გახლდათ, ხოლო მილძაბრაში თითქმის ერთ მეტრს აღწევდა. პერსიკოვმა ხელები მხიარულად მოიფშვნიტა და იდუმალებით მოცული რთული ცდებისთვის მზადებას შეუდგა. უპირველეს ყოვლისა, განათლების სახალხო კომისარს ტელეფონით რაღაცაზე შეუთანხმდა და ყურმილის ყიყინა ხმა ყოველგვარ მხარდაჭერას თავაზიანად შეჰპირდა, რის შემდეგ პერსიკოვმა ტელეფონითვე გამოიძახა უმაღლეს კომისიასთან არსებული მეცხოველეობის განყოფილების გამგე, ამხანაგი პტახა-პოროსიუკი. პტახა პერსიკოვს დიდი გულისყურით მოეპყრო. საუბარი ჰქონდათ პროფესორ პერსიკოვისთვის უცხოეთში დიდი დაკვეთის თაობაზე. პტახამ თქვა, ბერლინში და ნიუ-იორკში დეპეშებს ახლავე გავგზავნიო. ამის შემდეგ პერსიკოვს კრემლიდანაც დაურეკეს და ჰკითხეს, თქვენი საქმეები როგორ მიდისო, და ალერსიანი, თუმცა მედიდური ხმით უთხრეს, ავტომობილი ხომ არ გჭირდებათო? - არა, გმადლობთ, ტრამვაით სიარული მირჩევნია, - უპასუხა პერსიკოვმა. - რატომ? - იკითხა იდუმალმა ხმამ და შემწყნარედ ჩაიცინა.       პერსიკოვს ყველანი საერთოდ რიდითა და შიშით ელაპარაკებოდნენ, ანდა ალერსიანად ჩაიცინებდნენ ხოლმე, თითქოს იგი პატარა, თუმცა ტანადი ბავშვი ყოფილიყო. - ტრამვაი უფრო სწრაფად დადის, - მიუგო პერსიკოვმა. - როგორც გენებოთ, - ჩაიბუბუნა ხმამ ტელეფონში.       კიდევ ერთმა კვირამ გაიარა და ქათმებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა მინელდა. პერსიკოვი ამ საქმიანობას თანდათან ჩამოშორდა და სხივის შესწავლას ჩაუღრმავდა. უძილო ღამეებმა და გადაღლამ გონება გაუნათა, თითქოს სიმჭვირვალე და სიმჩატე შესძინა. თვალთა ირგვლივ წითელი რკალები აღარ სცილდებოდა. თითქმის ყოველ ღამეს ინსტიტუტში ათევდა. ზოოლოგიური სავანე მხოლოდ ერთხელ მიატოვა, რათა პრეჩისტენკაზე, ბიოლოგთა ცენტრალური კლუბის უზარმაზარ დარბაზში მოხსენება წაეკითხა თავის სხივზე და იმის თაობაზე, თუ ეს სხივი კვერცხუჯრედზე როგორ მოქმედებდა. ეს ახირებული ზოოლოგის გიგანტური ტრიუმფი გახლდათ. სვეტებიანი დარბაზის ჭერი ტაშისცემამ ლამის ჩამოანგრია. რკალური მილაკები შუქსა ჰფენდა კლუბის წევრთა შავ სმოკინგებსა და ქალების თეთრ კაბებს. ესტრადაზე, კათედრის გვერდით, მინის მაგიდაზე შემოდგმულ ლანგარზე კატისხელა რუხი, სველი ბაყაყი იჯდა და მძიმედ სუნთქავდა. ესტრადისკენ წერილებს ისროდნენ. მათ შორის შვიდი სასიყვარულო წერილი აღმოჩნდა და პერსიკოვმა შვიდივე დახია. კლუბის თავმჯდომარემ იგი ხალხისათვის თავის დასაკრავად ესტრადაზე ძალით გაიყვანა. პერსიკოვი თავს უხალისოდ უკრავდა, ხელები ოფლისგან დასველებოდა, შავი ჰალსტუხი ნიკაპს ქვემოთ კი არა, მარცხენა ყურს უკან მოქცეოდა. მსმენელთა ამონასუნთქის ბურუსში ასობით მოყვითალო სახესა და მამაკაცთა თეთრ მკერდებს ხედავდა. უეცრად რევოლვერის ყვითელმა ბუდემ გაიელვა და სადღაც თეთრი სვეტის მიღმა გაუჩინარდა. მაგრამ მოხსენების შემდეგ დარბაზს როცა ტოვებდა და კიბეზე დაფენილ ნოხზე ჩადიოდა, უეცრად თავი ცუდად იგრძნო. ვესტიბულში გაჩახჩახებული ჭაღი წამით შავად შებურული წარმოესახა, თვალები დაებინდა, გულისრევა იგრძნო... მოეჩვენა, რომ ირგვლივ კვამლი იდგა და ყელიდან მწებვარე ცხელი სისხლი სდიოდა... პროფესორმა მოაჯირს აკანკალებული ხელი ჩასჭიდა. - ვლადიმერ იპატიჩ, ცუდად ხართ? - გაისმა ირგვლივ შეშფოთებული ხმები. - არა, არა, - უპესუხა პერსიკოვმა და თავი შეიმაგრა, - უბრალოდ, გადავიღალე... ჰო... ერთი ჭიქა წყალი დამალევინეთ, გეთაყვა. * * *       აგვისტოს თაკარა დღე იდგა. პროფესორს მზე ხელს უშლიდა და ამიტომ ფანჯრებისთვის ფარდები ჩამოეფარებინა. ინსტრუმენტებითა და მინებით გავსებულ მინის მაგიდას დრეკადი რეფლექტორი მჭახე შუქს ფენდა. დაქანცულ პერსიკოვს ხრახნიანი სავარძლის საზურგე უკან გადაეწია, პაპიროსს ეწეოდა დადაღლილობისაგან ჩამქრალი, მაგრამ კმაყოფილი მზერა კვამლის სვეტების მიღმა მიეპყრო კარგამოღებული კამერისკენ, სადაც წყნარად გაწოლილიყო წითელ სხივთა კონა და კაბინეტის ისედაც ჩახუთულ, უსუფთაო ჰაერს კიდევ უფრო ახურებდა.       კარზე მოაკაკუნეს. - შემოდი! - გასძახა პერსიკოვმა.       კარმა ოდნავ გაიჭრიალა, პანკრატი შემოვიდა, ხელები ჩამოუშვა და ღვთაების წინაშე შიშისგან ფერწასულმა თქვა: - ბატონო პროფესორო, როკი გეწვიათ.       მეცნიერს სახეზე ღიმილის მსგავსი რაღაც გამოესახა. მან თვალები მოწკურა და თქვა: - ეს საინტერესოა, მაგრამ მე არ მცალია. - ამბობს, კრემლიდან წერილით ვარ მოსულიო. - როკი წერილით? საკვირველია, - თქვა პერსიკოვმა და მერე დაუმატა: - აბა, შემოიყვანე! *გაგარძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 8:43pm on მაისი 11, 2015
თემა: მიხაილ ბულგაკოვი - საბედისწერო კვერცხები (გაგრძელება)
ი სავარძელი ჭრიალით შემოაბრუნა და მოსულს სათვალის ზემოდან გახედა. პროფესორი ცხოვრებას ძალზე ჩამოცილებული იყო - სრულებით არ აინტერესებდა, მაგრამ მასაც კი თვალში ეცა კაბინეტში შემოსულის ძირითადი და უმთავრესი თავისებურება - უცნაურად ძველმოდური გარეგნობა. 1919 წელს ეს კაცი მოსკოვის ქუჩებისთვის სავსებით შესაფერისი იქნებოდა, 1924 წლის დასაწყისისთვის ასატანი, მაგრამ 1928 წელში უცნაური მოგეჩვენებოდათ. იმ დროს როცა პროლეტარიატის ყველაზე ჩამორჩენილი ნაწილი - ხაბაზებიც კი პიჯაკებით შემოსილნი დადიოდნენ, როცა მოსკოვში ფრენჩი - 1924 წლის დასასრულს საბოლოოდ მიტოვებული ძველმოდური კოსტიუმი - იშვიათი სანახავი შეიქნა, შემოსულს ტყავის ორბორტიანი ქურთუკი და მწვანე შარვალი ეცვა. ფეხზე ტოლაღები და შტიბლეტები ემოსა, ხოლო გვერდზე ძველებური კონსტრუქციის პისტოლეტი - ყვითელ, გაქერცლილ ბუდეში ჩადებული უზარმაზარი მაუზერი ეკიდა. სტუმრის სახემ პერსიკოვზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორსაც ყველაზე ახდენდა - უკიდურესად უსიამოვნო შთაბეჭდილება. წვრილი თვალები ქვეყნიერებას გაოცებით და ამავე დროს თავდაჯერებულად უცქეროდა, ბრტყელტერფიან მოკლე ფეხებს ერთგვარი მოურიდებლობის ნიშანი ედო. გულდასმით გაპარსულ ლოყებზე სილურჯე გადაჰკრავდა. პერსიკოვი მყისვე მოიღუშა, ხრახნიანი გამეტებით ააღრჭიალა, სტუმარს სათვალის ზემოდან კი არა, უკვე სათვალიდან დააცქერდა და უთხრა: - წერილი მოიტანეთ? აბა, სადა გაქვთ? სტუმარი როგორც ჩანს იქაურობამ ძალზე განაცვიფრა. განცვიფრების უნარი ნაკლებად გააჩნდა, მაგრამ ახლა განცვიფრდა. თვალებზე ეტყობოდა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჭერამდე აღმართულმა და წიგნებით გამოტენილმა თორმეტთაროიანმა კარადამ გააოცა. შემდგომ, რა თქმა უნდა, კამერებმა, სადაც მინებში გაჯირჯვებული სხივი, როგორც ჯოჯოხეთში, ჟოლოსფრად ციალებდა. რეფლექტორიდან ისარივით გამომსხლტარი სხივის განაპირას ხრახნიან სავარძელზე მჯდარი, სანახევროდ სიბნელეში ჩაძირული პერსიკოვიც საკმაოდ უცნაური და დიდებული შესახედაობის მქონე გახლდათ. სტუმარი პროფესორს დააშტერდა, თვალებში თავდაჯერებულობასთან ერთად მოწიწების ნაპერწკლები აშკარად გაუკრთა. პერსიკოვისთვის წერილი არ გაუწოდებია, ისე უთხრა: - მე ალექსანდრ სემიონოვიჩ როკი გახლავართ! - მერე რა გნებავთ? - მე საჩვენებელი საბჭოთა მეურნეობის - „წითელი სხივის“ - გამგედ გახლავართ დანიშნული, - განმარტა სტუმარმა. - მერე? - ამხანაგო თქვენთან საიდუმლო წერილი მაქვს. - საინტერესოა. ოღონდ მოკლედ თქვით, თუ შეიძლება. სტუმარმა ქურთუკის ბორტი გაიხსნა, საუცხოო სქელ ქაღალდზე დაბეჭდილი ბრძანება ამოიღო, პერსიკოვს მიაწოდა და მერე ხრახნიან ტაბურეტზე დაუპატიჟებლად ჩამოჯდა. - მაგიდა არ შეარყიოთ, - ბრაზით უთხრა მას პერსიკოვმა. სტუმარმა შიშით გახედა მაგიდას, რომლის კიდეზე ნაცრისფერ, ბნელ ხვრელში ვიღაცის უსიცოცხლო თვალები ზურმუხტივით კიაფობდა. ამ თვალებიდან სიცივე მოედინებოდა. პერსიკოვმა წერილი წაიკითხა თუ არა, ტაბურეტიდან უმალ წამოხტა და ტელეფონისკენ გაექანა. რამდენიმე წამის შემდეგ უკვე აჩქარებით ლაპარაკობდა უკიდურესად გაღიზიანებული. - უკაცრავად... ვერ გამიგია... ეს როგორ შეიძლება? ჩემი თანხმობის, ჩემი რჩევის გარეშე... ეშმაკმა უწყის, ახლა ეს რას ჩაიდენს!! უცნობი ტაბურეტზე დიდად განაწყენებული შემოტრიალდა. - უკაცრავად, - წამოიწყო მან, - მე ხომ გამგე გახლავ... მაგრამ პერსიკოვმა მოკაკული თითი დაუქნია და განაგრძო: - უკაცრავად, მაგრამ ვერ გამიგია... ბოლოს და ბოლოს კატეგორიულ პროტესტს ვაცხადებ. კვერცხებზე ცდების ჩასატარებლად სანქციას არ მოგცემთ... სანამ თავად მე არ ვსინჯავ... ყურმილიდან ყიყინ-კაკუნი მოისმოდა და შორიდანაც კი მიხვდებოდით, რომ პერსიკოვს დაყვავებით ელაპარაკებოდნენ, როგორც პატარა ბავშვს. ყოველივე იმით დასრულდა, რომ სახეწამოჭარხლებულმა პერსიკოვმა ყურმილი დაახეთქა და კედლისკენ პირშექცეულმა თქვა: - მე ხელები დამიბანია. იგი მაგიდასთან დაბრუნდა, წერილი აიღო, უსათვალოდ ჩაიკითხა, მერე სათვალით ქვემოდან ზემოთ აუყვა და უცებ შეჰკივლა: - პანკრატ! პანკრატი კარებში გამოჩნდა. ისე მოაბიჯებდა, თითქოს ოპერაში ტრაპზე ადისო. პერსიკოვმა შეხედა და დაიღრიალა: - პანკრატ, გასწი აქედან! პანკრატი ისე გაუჩინარდა, სახეზე გაოცება არ გამოხატვია. პერსიკოვი ახლა სტუმარს მიუბრუნდა: - ნება თქვენია... დაგმორჩილდით. ჩემი საქმე არ არის. არც მაინტერესებს. - უკაცრავად, - წამოიწყო სტუმარმა, - ამხანაგო, თქვენ ხომ... - სულ რა „ამხანაგოს“ გაიძახით... - პირქუშად ჩაიბურტყუნა პერსიკოვმა და გაჩუმდა. „თუმცა“, - გამოესახა როკს სახეზე. - უკაცრა... - მაშ ასე, გეთაყვა, - გააწყვეტინა პერსიკოვმა, - აი, რკალური სფერო. ოკულარის გადაადგილებით მისგან სხივების კონას მიიღებთ, - პერსიკოვმა ფოტოგრაფიული აპარატის მსგავსი კამერის სახურავი გააჩხაკუნა, - ამ კონის შეკვრა ობიექტების გადაადგილებით შეგიძლიათ. აი, №1... და სარკე №2 - პერსიკოვმა სხივი ჩააქრო, მერე ისევ აანთო აზბესტის კამერის იატაკზე, - ხოლო იატაკზე გაწოლილ სხივში შეგიძლიათ ის განალაგოთ, რასაც მოისურვებთ და ცდები ჩაატაროთ. ძალზე მარტივი რამაა, ხომ მართალია? პერსიკოვის ირონია და ზიზღი სტუმარმა ვერ შეამჩნია, მოელვარე თვალებით კამერას დაკვირვებით დააშტერდა. - ოღონდა გაფრთხილებთ, - განაგრძო პერსიკოვმა, სხივში ხელები არ შეყოთ, ვინაიდან, ჩემი დაკვირვებით, იგი ეპითელიუმის ზრდას იწვევს... ავთვისებიანი არის თუ არა, ეს კი, სამწუხაროდ, ჯერ არ დამიდგენია. სტუმარმა ხელები ზურგს უკან მკვირცხლად დამალა და ტყავის კარტუზი დაუვარდა. მან პროფესორის ხელები შეათვალიერა. პერსიკოვს ხელები ერთიანად იოდით ჰქონდა დადაღული, მარჯვენა ხელის მაჯა კი ბინტით შეეხვია. - პროფესორო, თავად როგორ იქცევით? - შეგიძლიათ კუზნეცკზე შვაბესთან რეზინის ხელთათმანები იყიდოთ. მე მოვალე არა ვარ ამაზე ვიზრუნო, - ბრაზიანად უპასუხა პროფესორმა და სტუმარს ისე დააცქერდა, თითქოს ლუპით აკვირდებაო. - საიდან გაჩნდით? საერთოდ... რატომ მოინდომეთ? როკი ახლა კი ძალზე განაწყენდა. - უკაცრა... - საქმის ვითარებას ხომ უნდა იცნობდეთ!.. ამ სხივს რატომ მოეძალეთ? - იმიტომ, რომ უდიდესი მნიშვნელობის საქმეა... - მაშ უდიდესია? მაშინ... პანკრატ! პანკრატი უმალ გამოჩნდა. - მოიცა, დავფიქრდები. პანკრატი მორჩილად გაუჩინარდა. - ერთი რამ ვერ გამიგია, - თქვა პერსიკოვმა, - ასეთი აჩქარება და გასაიდუმლოება რა საჭიროა? - პროფესორო, უკვე თავგზა ამიბნიეთ, - უპასუხა როკმა, - ხომ იცით, რომ ქათმები ერთიანად ამოწყდნენ. - მერე რა მოხდა? - აყვირდა პროფესორი. - რაო. გინდათ, რომ უცებ მკვდრეთით აღადგინოთ? ამას შეუსწავლელი სხივის შემწეობით რატომ აპირებთ? - ამხანაგო პროფესორო, სინდისს გეფიცებით, დამაბნიეთ, - უპასუხა როკმა, -გეუბნებით, რომ მექათმეობა აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, იმიტომ, რომ უცხოეთში ჩვენზე ყოველგვარ უხამსობას წერენ. დიახ. - წერონ რამდენიც უნდათ... - იცით, რას გეტყვით... - იდუმალად უპასუხა როკმა და თავი გადააქნია. - მინდა ვიცოდე, კვერცხებით ქათმების მომრავლება აზრად ვის მოუვიდა? - მე, - უპასუხა როკმა. - ჰო-ო... კარგი... მიბრძანეთ, მაინც რატომ? საიდან შეიტყვეთ, სხივს რა თვისებები აქვს? - პროფესორო, თქვენს მოხსენებაზე გახლდით. - კვერცხებით მე ჯერ არაფერი გამიკეთებია! ახლა ვაპირებ! - ღმერთმანი, მოგვარდება, - უცებ დამარწმუნებლად და გულითადად თქვა როკმა, - თქვენი სხივი ისეთი დიდებულია, წიწილებს კი არა, სპილოებს გამოზრდის. - იცით რა, - უთხრა პროფესორმა, - თქვენ ზოოლოგი არა ხართ? არა? სამწუხაროა... თქვენგან ძალზე გამბედავი ექსპერიმენტატორი დადგებოდა... დიახ... მაგრამ რისკს ეწევით... შესაძლოა მარცხი განიცადოთ... ხოლო მე დროს მაკარგვინებთ... - კამერებს უკანვე დაგიბრუნებთ. - როდის? - პირველ პარტიას როცა გამოვიყვან. - თავდაჯერებულად ლაპარაკობთ! კარგი. პანკრატ! - მე ხალხი მოყვანილი მყავს, - თქვა როკმა, - მცველებიც... საღამო ხანს პერსიკოვის კაბინეტი დაობლდა... მაგიდები დაცარიელდა. როკის მოყვანილმა ხალხმა სამი დიდი კამერა წაიღო. პროფესორს მხოლოდ პირველი, პატარა კამერა დაუტოვეს, რომლითაც მან ცდების ჩატარება დაიწყო. ივლისის საღამოს ბინდი ახლოვდებოდა, ინსტიტუტში ნოტიო ჰაერი შემოიჭრა და დერეფნებს გაუყვა. კაბინეტიდან მონოტონური ნაბიჯების ხმა მოისმოდა - პერსიკოვი დიდ ოთახში ფანჯრიდან კარამდე ბოლთას სცემდა, ისე რომ, შუქი არ აუნთია. უცნაური რამ მოხდა! იმ საღამოს ინსტიტუტში მყოფ ადამიანებსაც და ცხოველებსაც შეუცნობელი სევდა დაეუფლა. გომბეშოებმა რატომღაც მეტისმეტად ნაღვლიანი კონცერტი გამართეს, ავის მომასწავებლად და გამაფრთხილებლად გნიასობდნენ. პანკრატმა საკნიდან გამომძვრალი ანკარა დერეფანში დაიჭირა. ანკარას ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს უნდოდა ცხრა მთას იქით გადაკარგულიყო, ოღონდაც იქაურობას მოშორებოდა. როცა მთლიანად ჩამობნელდა, პერსიკოვის კაბინეტიდან ზარის ხმა მოისმა. პანკრატმა ზღურბლიდან უცნაური სურათი დაინახა. პროფესორი შუა კაბინეტში მარტოდმარტო იდგა და მაგიდებს დასცქეროდა. პანკრატმა ჩაახველა და გაირინდა. - ხომ ხედავ, პანკრატ, - უთხრა პერსიკოვმა და დაცარიელებულ მაგიდაზე მიუთითა. პანკრატი შეძრწუნდა. ბინდბუნდში მოეჩვენა, რომ პროფესორს თვალები ნამტირალევი ჰქონდა. ეს კი მართლა არაჩვეულებრივი, მართლა შემზარავი რამ გახლდათ. - ვხედავ, - წამოიტირა პანკრატმა და გაიფიქრა, - „მირჩევნია, დამყვიროდე!“ - ხომ ხედავ, პანკრატ, - გაიმეორა პერსიკოვმა და ფანჯრისკენ შეტრიალდა, - ჩემი ცოლი, აქედან თხუთმეტი წლის წინ რომ წავიდა და ოპერაში დაიწყო მუშაობა, თურმე ახლა მომკვდარა... აი, რა ამბავია, ძვირფასო პანკრატ... წერილი გამომიგზავნეს... გომბეშოები საწყალობლად ყიყინებდნენ, პროფესორი ბინდბუნდში ეხვეოდა, მოსკოვში ღამდებოდა... სადღაც, ფანჯრებს მიღმა თეთრი სფეროები აციმციმდა... დაბნეული, დანაღვლიანებული პანკრატი გამოჭიმული იდგა. - წადი, პანკრატ, წადი, - თქვა გულდამძიმებულმა პროფესორმა, - დაიძინე, ძვირფასო, საყვარელო პანკრატ. დაღამდა. პანკრატი კაბინეტიდან რატომღაც ფეხის წვერებზე გავიდა, თავის საკანში შეირბინა, კუთხეში მიყრილი ძონძები გაქექა, არაყის ნაკლული ბოთლი ამოაძვრინა, ერთი ჩაის ჭიქის ოდენა ერთბაშად გადახუხა, მარილმოყრილი პური დააყოლა და თვალები ოდნავ გაუმხიარულდა. შუაღამე მოახლოვებული იყო, როცა პანკრატი ძუნწად განათებულ ვესტიბულში სკამზე იჯდა, ჩითის პერანგის ქვეშ მკერდს იფხანდა და კოთხოქუდიან ძილგამკრთალ მორიგეს ეუბნებოდა: - ღმერთმანი, მერჩივნა მოვეკალი... - მართლა ტიროდა? - ცნობისმოყვარედ ეკითხებოდა კოთხოქუდიანი. - ღმერთმანი... - არწმუნებდა პანკრატი. - დიდი მეცნიერია, - თქვა კოთხოქუდიანმა, - მაგრამ ბაყაყი ცოლის მაგივრობას ვერ გაუწევდა. - ვერ გაუწევდა, - კვერი დაუკრა პანკრატმა. მერე დაფიქრდა და დაუმატა: - ჩემი ცოლი უნდა ჩამოვიყვანო... აბა, სოფელში რად უნდა იჯდეს... ეგ არის, ქვეწარმავლებს თვალის დასანახად ვერ იტანს... - რაც მართალია, მართალია, დიდი საზიზღრობაა, - დაეთანხმა კოთხოქუდიანი. მეცნიერის კაბინეტიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. არც შუქი ენთო, კარის ქვედა ღრიჭოდან სინათლის ზოლი არ გამოდიოდა. თავი VIII. საბჭოთა მეურნეობაში მომხდარი ამბავი ნამდვილად არ არსებობს უკეთესი დრო, ვიდრე ეშხში შესული აგვისტოს ჟამია, თუნდაც სმოლენსკის გუბერნიაში. 1928 წლის ზაფხული დიდებული გახლდათ. გაზაფხულზე წვიმები დროულად მოდიოდა, მერე მზიანი, მცხუნვარე დღეები დაიჭირა და მოსავალსაც კარგი პირი უჩანდა... შერემეტიევების ყოფილ მამულში ვაშლი მწიფდებოდა... ტყეები მწვანედ ხასხასებდა, მინდვრები გაყვითლებულ კვადრატებად იქცა... ბუნების წიაღში ადამიანი უკეთესი ხდება. ალექსანდრ სემიონოვიჩიც ისეთი უსიამოვნო შესახედავი აღარ იყო, როგორც ქალაქში გახლდათ. საძაგელი ქურთუკი აღარ ეცვა, სახე შერუჯოდა, ჩითის გაღეღილი პერანგიდან შავად გაბანჯგვლული მკერდი მოუჩანდა, ტილოს შარვალი ეცვა. მშვიდად, კეთილად იმზირებოდა. კამერიდან პარმაღზე, ვარსკვლავის ქვემოთ, მიჭედებული იყო აბრა: „საბჭოთა მეურნეობის „წითელი სხივი“ ალექსანდრ სემიონოვიჩმა პარმაღიდან მკვირცხლად ჩაირბინა და პატარა სატვირთო ავტომობილთან მიიჭრა, რომელმაც მცველთა თანხლებით სამი შავი კამერა მოიტანა. ალექსანდრ სემიონოვიჩი მთელ დღეს თანამშრომლებთან ერთად ფუსფუსებდა, ყოფილ ზამთრის ბაღში - შერემეტიევების ორანჟერეაში კამერებს აყენებდა. საღამო ხანს ყველაფერი მზად იყო. მინის ჭერქვემოთ თეთრი, მქრქალი სფერო აენთო, კამერები აგურებზე დადგეს და კამერებთან ერთად მოსულმა მექანიკოსმა მოელვარე ხრახნების ტკაცან-ტრიალით შავ ყუთებში აზბესტის იატაკზე იდუმალი წითელი სხივი აანთო. ალექსანდრ სემიონოვიჩი ვერ ისვენებდა, კიბეზე ადიოდა და სადენებს თავად ამოწმებდა. მეორე დღეს იგივე სატვირთო მანქანამ სადგურიდან საუცხოო პრიალა ფანერისგან შეკრული სამი ყუთი მოიტანა, ირგვლივ იარლიყები რომ ჰქონდა შემოწებებული და შავ ფონზე თეთრი წარწერებით იყო აჭრელებული: VORSICHT: EIER!! ფრთხილად კვერცხებია!! - რა ცოტა გამოუგზავნიათ? - გაუკვირდა ალექსანდრ სემიონოვიჩს, მაგრამ უმალ დაფაცურდა და შეფუთული ყუთების გახსნას შეუდგა. ყუთებს იმავე ორანჟერეაში ხსნიდნენ. ამ საქმიანობაში მონაწილეობდნენ: თვით ალექსანდრ სემიონოვიჩი, მისი უსაზომოდ ჩასუქებული ცოლი მანია, ამჟამად საბჭოთა მეურნეობაში დარაჯის უნივერსალურ თანამდებობაზე მომუშავე ყოფილი შერემეტიევების ყოფილი ელამი მებაღე, საბჭოთა მეურნეობაში ცხოვრებისთვის განწირული და დამლაგებელი დუნია. ეს მოსკოვი არ იყო და ყველაფერს უფრო უბრალო, ოჯახური და მეგობრული ელფერი ჰქონდა. ალექსანდრ სემიონოვიჩი განკარგულებებს იძლეოდა და თან სიყვარულით დასცქეროდა ყუთებს, ძვირფას, კომპაქტურ საჩუქარს, ორანჟერეის შემინული ჭერიდან ჩამავალი მზის შუქი რომ ეფინებოდა. კარებთან მიყუდებული შაშხანა მშვიდობიანად თვლემდა, თავად მცველს კი მარწუხი მოემარჯვებინა და სამაგრებსა და ლითონის გარსაკრავებს გლეჯდა. ჭახანი გაისმოდა... მტვერი აქეთ-იქით აფრქვეოდა. ალექსანდრ სემიონოვიჩი სანდლებს დააფლატუნებდა და ყუთებთან ფუსფუსებდა. - ცოტა ნელა, გეთაყვა, - ეუბნებოდა იგი მცველს, - ფრთხილად, შიგ ხომ კვერცხებია? - ფიქრი ნუ გაქვთ, - ხიხინებდა ძველი მეომარი და თან ბურთავდა, - ახლავე. ტრ-რ-რ... - გაისმოდა ხმა და მტვერი იფრქვეოდა. კვერცხები ჩინებულად შეფუთული აღმოჩნდა: ფიცრის სახურავის ქვეშ გასანთლული ქაღალდის ფენს გამოჩნდა, მერე საშრობი ქაღალდისა, მერე ბურბუშელის სქელი ფენა, შემდეგ ნახერხისა, ნახერხში კი კვერცხის თეთრი წვეტები გამოკრთა. ალექსანდრ სემიონოვიჩი ნახერხში იქექებოდა და თან ესიყვარულებოდა. - უცხოურად არის შეფუთული, ჩვენებურად კი არა. მანია, ფრთხილად, არ დაამტვრიო. - ალექსანდრ სემიონოვიჩ, რამ გადაგრია, - უპასუხა ცოლმა, - ოქრო ხომ არ არის. რაო. კვერცხები არ მინახავს? ვაი!.. რამხელებია! - უცხოურია, - ამბობდა ალექსანდრ სემიონოვიჩი და კვერცხებს ხის მაგიდაზე ალაგებდა, - განა ჩვენებური სოფლური კვერცხებია... ალბათ სულ ბრამატუტრისაა, ეშმაკმა დალახვროს! გერმანული... - რა თქმა უნდა, - კვერს უკრავდა მცველი და კვერცხებს ალერსიანად დასცქეროდა. - მხოლოდ ეს ვერ გამიგია, დასვრილი რატომაა. - ამბობდა ჩაფიქრებული ალექსანდრ სემიონოვიჩი, - მანია, თვალი ადევნე, ამოალაგონ, მე კი ტელეფონით დავრეკავ. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ეზო გადაჭრა და საბჭოთა მეურნეობის კანტორისკენ გაემართა, სადაც ტელეფონი იდგა. ზოოლოგიური ინსტიტუტის კაბინეტში საღამო ხანს ტელეფონი აწკრიალდა. თმააბურძგნული პროფესორი პერსიკოვი აპარატთან მივიდა. - გისმენთ, - თქვა მან. - ახლა პროვინცია დაგელაპარაკებათ, - გაისმა ყურმილში ქალის შიშინა ხმა. - ჰო, გისმენთ, - ზიზღით ჩასძახა პერსიკოვმა ტელეფონის შავ ყურმილში, სადაც ჯერ რაღაც ტკაცუნობდა, შემდეგ კი კაცის შორეული, მღელვარე ხმა გაისმა: - პროფესორო, კვერცხები გავრეცხოთ? - რა თქვით? რა? რას მეკითხებით? - გაბრაზდა პერსიკოვი, - საიდან მელაპარაკებით? - ნიკოლსკიდან, სმოლენსკის გუბერნიიდან, - უპასუხა ყურმილმა. - ვერაფერი გამიგია. ნიკოლსკი არც გამიგონია. ვინა ხართ? - როკი, - მკაცრად მიუგო ყურმილმა. - ვინ როკი? ჰო... ეს თქვენა ხართ?.. აბა რას მეკითხებით? - გავრეცხოთ თუ არა? უცხოეთიდან ქათმის კვერცხების პარტია გამომიგზავნეს. - მერე? - ... კვერცხები გათუთხნულია... - რაღაც გეშლებათ... როგორ შეიძლება „გათუთხნული“ იყოს, როგორც თქვენ ამბობთ? რა თქმა უნდა, შეიძლება ცოტაოდენი სკინტლი ჰქონდეს მიმხმარი... ანდა კიდევ სხვა რამ... - მაშ არ გავრეცხოთ? - რა თქმა უნდა, არა... რაო, უკვე აპირებთ კვერცხები კამერაში ჩააწყოთ? - დიახ, ვაპირებ, - უპასუხა ყურმილმა. - ჰმ... - ჩაიფრუტუნა პერსიკოვმა. - აბა, კარგად, - ჩაისისინა ყურმილში და დადუმდა. - „აბა, კარგადო“, - ბრაზით გადაულაპარაკა პერსიკოვმა პრივატ-დოცენტ ივანოვს, - როგორ მოგწონთ ეს ტიპი, პიოტრ სტეპანოვიჩ? ივანოვს გაეცინა. - ის არის? წარმომიდგენია, იმ კვერცხებს რა დომხალად აქცევს. - მაშ... მაშ... მაშ... - ბრაზიანად წამოიწყო პერსიკოვმა, - პიოტრ სტეპანოვიჩ, აბა, დაფიქრდით... შესაძლებელია, ქათმის კვერცხის დიეტეროპლაზმაზე სხივმა ისეთივე ზემოქმედება მოახდინოს, როგორც შიშველი ქვეწარმავლების პლაზმაზე. შესაძლებელია, ქათმები გამოიჩეკოს კიდევაც. მაგრამ ვერც თქვენ და ვერც მე ხომ ვერ ვიტყვით, ის ქათმები როგორი იქნება... იქნებ ყოვლად უვარგისნი აღმოჩნდნენ. იქნებ ორი დღის მერე ამოწყდნენ. იქნებ მათი ხორცი საჭმელად გამოუსადეგარი იყოს. განა შემიძლია თავდებად დავდგე, რომ ფეხზე დადგომას შეძლებენ? იქნებ მსხვრევადი ძვლები აღმოაჩნდეთ. - პერსიკოვი ისე გაფიცხდა, ხელს იქნევდა და თითებს კაკვავდა. - ნამდვილად ასეა, - დაეთანხმა ივანოვი. - პიოტრ სტეპანოვიჩ, თქვენ შეგიძლიათ თავდებად დადგეთ, რომ ის ქათმები შთამომავლობას წარმოქმნიან? იმ ტიპმა იქნებ სტერილური ქათმები გამოიყვანოს. შესაძლოა, ძაღლისხელები გაიზარდნონ, მაგრამ შთამომავლობა ვერ წარმოქმნან, თუნდაც მეორედ მოსვლამდე ელოდო. - ამის თავდებად ვერავის დადგება, - დაეთანხმა ივანოვი. - თანაც როგორი მოურიდებელია, - გულს იმღვრევდა პერსიკოვი, - როგორი კადნიერი! არ დაგავიწყდეთ, რომ დავალებული მაქვს იმ არამზადას ინსტრუქტაჟიც მევე გავუწიო, - პერსიკოვმა როკის მოტანილ ქაღალდზე მიუთითა, რომელიც საექსპერიმენტო მაგიდაზე ეგდო, - იმ უვიცს ინსტრუქტაჟი რანაირად უნდა გავუწიო, როცა ამ საკითხზე თავად მე არაფრის თქმა შემიძლია. - არ შეგეძლოთ უარი გეთქვათ? - ჰკითხა ივანოვმა. პერსიკოვი წამოჭარხლდა, ქაღალდი აიღო და ივანოვს მიაწოდა. ივანოვმა წაიკითხა და ირონიულად ჩაიცინა. - ჰო-ო... - თქვა მერე მრავლისმეტყველად. - თანაც არ დაგავიწყდეთ - მე ჩემს შეკითხვას ორი თვეა, ველი და ჩამიჩუმიც არ ისმის. იმას კი კვერცხები უმალ გაუგზავნეს და, საერთოდ, ყოველგვარი შემწეობა აღმოუჩინეს... - ვლადიმერ იპატიჩ, ის ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ კამერებს დაგიბრუნებენ. - ნეტავი ეს მალე მოხდებოდეს, მე ხომ ცდების ჩატარება მიფერხდება. - ეს კი ცუდია. მე ყველაფერი მზად მაქვს. - სკაფანდრები მიიღეთ? - დიახ, დღეს მივიღე. პერსიკოვი ცოტათი დამშვიდდა და გამოცოცხლდა. - ჰო-ო... მე მგონი, ასე უნდა მოვიქცეთ: საოპერაციო ოთახის კარი ჩავკეტოთ, ხოლო ფანჯარა გავაღოთ... - რა თქმა უნდა, - დაეთანხმა ივანოვი. - ჩაფხუტი სამია? - დიახ, სამია. - მაშ ასე... თქვენ, მაშასადამე, მე და შეიძლება რომელიმე სტუდენტი მოვიხმაროთ. მესამე ჩაფხუტი იმას მივცეთ. - გრინმუტი გამოდგება. - სალამანდრებზე რომ ამუშავებთ? ჰმ... იმას არა უშავს... თუმცა, გეთაყვა, გაზაფხულზე ვერ მითხრა, შიშველკბილებიანებს საცურაო ბუშტი როგორა აქვთ მოწყობილი, - ღვარძლიანად დაუმატა პერსიკოვმა. - არა, მართლა არა უშავს... კარგი სტუდენტია, - გამოესარჩლა გრინმუტს ივანოვი. - ერთი ღამის გათევა მოგვიწევს, - განაგრძო პერსიკოვმა, - ოღონდ, იცით რა, პიოტრ სტეპანოვიჩ, გაზი შეამოწმეთ, თორემ ქიმიის ნებაყოფლობითი საზოგადოება, ეშმაკმა უწყის, რა ნაგავს გამოგზავნის. - არა, არა, - ივანოვმა ხელები გააქნია, - გუშინ უკვე გამოვცადე. ვლადიმერ იპატიჩ, სიმართლე უნდა ითქვას, საუცხოო გაზია. - რაზე გამოცადეთ? - ჩვეულებრივ გომბეშოებზე. ჭავლს მიუშვებ თუ არა, მყისვე იხოცებიან. ჰო, ვლადიმერ იპატიჩ, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ. მთავარი სახელმწიფო სამმართველოს სახელზე მიმართვა დაწერეთ, რომ ელექტრო რევოლვერი გამომიგზავნონ. - ხმარება რომ არ ვიცი! - ეგ მე მომანდეთ, - უპასუხა ივანოვმა, - კლიაზმაზე თავის შესაქცევად ვისროდით... იქ ჩემს მეზობლად მთავარი სახელმწიფო სამმართველოს ერთი მუშაკი ცხოვრობდა. საუცხოო რამეა, მართლაცდა ჩინებული... უხმოდ ისვრის, ას ნაბიჯზე კლავს, ყვავებს ვესროდით... მგონი გაზი აღარც დაგვჭირდეს. - ჰმ... ეს ჩინებული აზრია... ნამდვილად ჩინებული, - პერსიკოვი კუთხეში მივიდა, ყურმილი აიღო და ჩასძახა: - აბა, ერთი, რა ჰქვია... ლუბიანკა შემაერთეთ... *    გაუსაძლისი ცხელი დღეები იდგა. ცხადლივ ჩანდა, ველზე როგორ ლივლივებდა გამჭვირვალე, შედედებული ხვატი. ღამეები კი ჩინებული, მაცდუნებელი, მომწვანო ელფერისა გახლდათ. შერემეტიევების ყოფილ მამულს მთვარე დანათოდა და ისე ალამაზებდა, ენით არ გამოითქმის, სასახლე-საბჭოთა მეურნეობა თითქოს შაქრისააო, ისე ბრწყინავდა, პარკში ჩრდილები თრთოდა, ხოლო ტბორები სანახევროდ მთვარის ირიბ სვეტს გაენათებინა, მეორე ნახევარი კი წყვდიადში ჩაძირულიყო. მთვარის შუქზე თავისუფლად წაიკითხავდით გაზეთ „იზვესტიას“, წერილი ნონპარელით აწყობილი საჭადრაკო განყოფილების გარდა. მაგრამ ასეთ ღამეებში „იზვესტიას“, ცხადია, არავის წაიკითხავდა... დამლაგებელი დუნია საბჭოთა მეურნეობის გარეთ, კორომში აღმოჩნდა გარემოებათა დამთხვევის შედეგად იქვე გაჩნდა საბჭოთა მეურნეობის გაქერცლილი სატვირთო ავტომობილის წითელულვაშა შოფერი. იქ რას აკეთებდნენ, არავინ იცის. თელის მეჩხერ ჩრდილში ტყავის პალტოზე ისხდნენ, შოფერს მიწაზე რომ გაეშალა. სამზარეულოში ნათურა ენთო. იქ ორი მებაღე ვახშმობდა, ხოლო თეთრკაპოტიანი მადამ როკი სვეტებიან ვერანდაზე იჯდა, თვალწარმტაც მთვარეს ასცქეროდა და ოცნებობდა. საღამოს ათ საათზე, როცა საბჭოთა მეურნეობის გარეთ მდებარე სოფელ კონცოვკაში ხმაური მიწყდა, იდილიურ პეიზაჟს ფლეიტის მშვენიერი, ნაზი ხმები მოეფინა. შეუძლებელია იმისი გამოხატვა, ეს ხმები კორომებსა და შერემეტიევის ყოფილი სასახლის სვეტებს რამდენად შეეფერებოდა. „პიკის ქალის“ ნაზი ლიზას ხმა ვნებიანი პოლინას ხმას ერწყმოდა და მთვარით გაჩირაღდნებული ზეცისკენ მიიწევდა, ვით ძველი და მაინც საოცრად სანატრელი, გულის აჩუყებამდე მომხიბლავი რეჟიმის ზმანება. ქრებიან... ქრებიან... მოლივლივე ხმით სტვენდა, კვნესოდა ფლეიტა. კორომები გაირინდნენ. ალივით მომხიბლავ დუნიას ლოყა შოფრის ხმელ, მქითურ, ვაჟკაცურ ლოყაზე მიეყრდნო და ფლეიტას უსმენდა. - კარგად უკრავს ეს მამაძაღლი, - თქვა შოფერმა და ვაჟკაცური ხელი დუნიას წელზე შემოხვია. ფლეიტაზე თვით საბჭოთა მეურნეობის გამგე ალექსანდრ სემიონოვიჩ როკი უკრავდა. ჰოდა, მართლაც საუცხოოდ უკრავდა. საქმე ის გახლავთ, რომ ფლეიტა ოდესღაც ალექსანდრ სემიონოვიჩის სპეციალობა გახლდათ. 1917 წლამდე იგი მსახურობდა მაესტრო პეტუხოვის ცნობილ საკონცერტო ანსამბლში, რომელიც ყოველ საღამოს ქალაქ ეკეტერინოსლავის მყუდრო კინემატოგრაფ „ჯადოსნური ოცნებების“ ფოიეს მწყობრი ბგერებით ახმიანებდა. მაგრამ მრავალ ადამიანთა კარიერის გარდამტეხმა დიადმა 1917 წელმა ალექსანდრ სემიონოვიჩიც ახალ გზას გაუყენა. მან „ჯადოსნური ოცნებები“ და სატინაგადაკრული, ვარსკვლავებით მოხატული მტვრიანი კედლები მიატოვა, ფლეიტის ნაცვლად ხელში სიცოცხლის მომსპობი მაუზერი აიღო და ომისა და რევოლუციის მღელვარე ზღვაში გადაეშვა. ალექსანდრ სემიონოვიჩს ტალღები დიდხანს დააქანებდა, ხან ყირიმში გამორიყავდა, ხან მოსკოვში, ხან თურქესტანში და ხანაც ვლადივოსტოკში. თურმე რევოლუცია იყო საჭირო, რათა ალექსანდრ სემიონოვიჩს თავისი უნარი მთლიანად გამოევლინა. თურმე იგი ნამდვილად დიდი ადამიანი გახლდათ და „ოცნებების“ ფოიეში არაფერი ესაქმებოდა. ყველაფრის დაწვრილებით ჩამოთვლას არ მოვყვებით და მხოლოდ მოგახსენებთ, რომ 1927 წლის ბოლოს და 1928 წლის დამდეგს ალექსანდრ სემიონოვიჩი თურქესტანში იმყოფებოდა, სადაც ვეებერთელა გაზეთს რედაქტორობდა. ამას გარდა, როგორც უმაღლესი სამეურნეო კომისიის ადგილობრივმა წევრმა, სახელი გაითქვა თურქმენეთის მხარის მორწყვისთვის შექმნილი განსაცვიფრებელი ნაშრომებით. 1928 წელს როკი მოსკოვში ჩავიდა, სადაც დამსახურებულ დასვენებას აზიარეს. უმაღლესმა კომისიამ იმ ორგანიზაციისა, რომლის ბილეთსაც პროვინციული ძველმოდური კაცი ღირსეულად ატარებდა, იგი დააფასა და მშვიდ, საპატიო თანამდებობაზე განაწესა, მაგრამ ალექსანდრ სემიონოვიჩის მგზნებარე ტვინი, რესპუბლიკის საუბედუროდ, ვაი, რომ არ დაცხრა! როკი მოსკოვში პერსიკოვის გამოგონებას გადააწყდა. ჰოდა, ტვერსკაიაზე მდებარე სასტუმრო „წითელი პარიზის“ ნომერში ალექსანდრ სემიონოვიჩს დაებადა იდეა, რომ ორ თვეში პერსიკოვის სხივის შემწეობით რესპუბლიკაში ქათმებს კვლავ მოამრავლებდა. როკს მეცხოველეობის კომისიაში მოუსმინეს, დაეთანხმნენ და იგი უცნაურ ზოოლოგს გატკიცინებული ქაღალდით ეწვია. სარკესავით მოელვარე ტბორების, პარკისა და კორომების დამატკბობელი კონცერტი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ ერთმა გარემოებამ ეს კონცერტი დროზე ადრე შეწყვიტა. დიახ, კონცოვკაში ძაღლებმა, რომელთაც წესით უკვე უნდა სძინებოდათ, უეცრად საშინელი ყეფა ატეხეს. ყეფა თანდათან გაბმულ, გულის გამაწვრილებელ ყმუილად იქცა, მერე იმატა და ველებს ერთიანად მოედო. უეცრად ამ ყმუილს ტბორებიდან ბაყაყების მილიონხმიანი მჭახე კონცერტი აჰყვა. ყოველივე ისეთი შემაძრწუნებელი გახლდათ, რომ იდუმალებით მოცული, ჯადოსნური ღამეც კი წამით თითქოს გაფერმკრთალდა. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ფლეიტა მიატოვა და ვერანდაზე გავიდა. - მანია, გესმის? თუ იცი, ეს წყეული ძაღლები რამ გადარია? - მე რა ვიცი? - უპასუხა მანიამ, თან მთვარეს ასცქეროდა. - წამო, მანეჩკა, კვერცხებს დავხედოთ, - უთხრა ალექსანდრ სემიონოვიჩმა. - ღმერთმანი, ალექსანდრ სემიონოვიჩ, მაგ შენმა კვერცხებმა და ქათმებმა მთლად გაგაგიჟეს. ცოტა მაინც დაისვენე! - არა, მანეჩკა, წავიდეთ. ორანჟერეაში ელვარე ბურთი ბრიალებდა. სახეწამონთებული, თვალებგაბრწყინებული დუნიაც მოვიდა. ალექსანდრ სემიონოვიჩმა საკონტროლო მინები ფრთხილად გახსნა და ყველამ კამერაში ჩაიხედა. ლაქებით აჭრელებული ღაღანა წითელი კვერცხები აზბესტის თეთრ იატაკზე მწყობრ რიგებად ეწყო. კამერებში მდუმარება სუფევდა... ზემოთ კი 15 000 სანთლიანი სფერო ხმადაბლა შიშინებდა. - ოჰ, რა წიწილებს გამოვჩეკავ! - აღფრთოვანებით ამბობდა ალექსანდრ სემიონოვიჩი და კამერებში ხან გვერდიდან, საკონტროლო ჭრილებიდან, ხანაც ზემოდან, ფართო სავენტილაციო ხვრელებიდან იცქირებოდა, - აი, ნახავთ... რა? ვერ გამოვჩეკავ? - ალექსანდრ სემიონოვიჩ, იცით რა, - ღიმილით უთხრა დუნიამ, - კონცოვკელი გლეხები თქვენზე ამბობენ, ანტიქრისტეაო. ამბობენ, ეშმაკეული კვერცხები მოუტანიაო. მანქანით წიწილების გამოჩეკა ცოდვააო. თქვენი მოკვლა უნდოდათ. ალექსანდრ სემიონოვიჩი შეკრთა და ცოლისკენ შეტრიალდა. სახეზე ზაფრანისფერი დაედო. - ერთი უყურეთ! ეს რა ხალხია! ამისთანა ხალხს რა ეშველება? ჰა? მანეჩკა, კრება უნდა ჩავატაროთ... ხვალ მაზრიდან მუშაკებს გამოვიძახებ. სიტყვას მეც წარმოვთქვამ. საერთოდაც აქ უნდა წავიმუშაოთ... თორემ ეს ისეთი მიყრუებული ადგილია... - უმეცრებაა. - თქვა ორანჟერეის კართან გაშლილ მაზარაზე წამოწოლილმა მცველმა. მეორე დღეს უცნაური და აუხსნელი ამბები ერთმანეთს წაეწყო. დილით, როცა მზემ ამოანათა და კორომები მნათობს ჩვეულებისამებრ ფრინველთა განუწყვეტელი, მძლავრი სტვენა-გალობით უნდა შეგებებოდნენ, ახლა დადუმდნენ. ეს ყველამ შეამჩნია. ასეთი სიჩუმე ავდრის წინ ჩამოდგება ხოლმე, მაგრამ ახლა ავდრის ნიშანწყალიც არაფერს ეტყობოდა. ალექსანდრ სემიონოვიჩმა შეამჩნია, რომ საბჭოთა მეურნეობაში უცნაურად, ორაზროვნად იწყეს ლაპარაკი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონცოვკელი ბრძენი კაცის, ცნობილი შფოთისთავის, მეტსახელად თხაწვერას მონაყოლი მოისმინეს. იგი ამბობდა, ფრინველებმა თავი მოიყარეს, გუნდ-გუნდად დაეწყვნენ და გამთენიისას შერემეტიოვკადან ერთიანად სადღაც ჩრდილოეთისკენ გადაიხვეწნენო. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ეს ლაპარაკი სისულელედ მიიჩნია, მაგრამ გუნება მაინც წაუხდა და მთელი დღე იმაზე დაკარგა, რომ ქალაქ გრაჩოვკას ტელეფონით დაკავშირებოდა. ალექსანდრ სემიონოვიჩს აღუთქვეს, რომ ორი დღის შემდეგ ორატორებს გამოუგზავნიდნენ, რომლებიც ისაუბრებდნენ ორ თემაზე - საერთაშორისო მდგომარეობაზე და მექათმეობის ნებაყოფლობით საზოგადოებაზე. არც საღამოს ჩაუვლია სიურპრიზების გარეშე. თუ დილით კორომები ჩაჩუმდა, რამაც სრულიად ცხადი გახადა, ხეთა შორის მდუმარება რა საეჭვო და უსიამოვნოა, თუ შუადღისას ბეღურები საბჭოთა მეურნეობის ეზოდან სადღაც გადაიკარგნენ, საღამო ხანს შერემეტიოვკის ტბორიც დადუმდა. ეს მართლაც გასაოცარი გახლდათ, რადგან ირგვლივ ორმოცი ვერსის მანძილზე იყო განთქმული შერემეტიოვკელი ბაყაყების ყიყინი. ახლა კი თითქოს ამომწყდარიყვნენ. ტბორიდან ჩქამიც არ მოისმოდა, მდუმარედ იდგა ისლი. უნდა ვაღიაროთ, რომ ალექსანდრ სემიონოვიჩს გუნება საბოლოოდ წაუხდა, რადგან ამ უცნაურ ამბებზე ძალზე უსიამოვნო მითქმა-მოთქმა დაიწყეს, თანაც ალექსანდრ სემიონოვიჩის ზურგს უკან. - ეს მართლაც უცნაურია, - უთხრა ალექსანდრ სემიონოვიჩმა ცოლს სადილობისას, - ვერ გამიგია, ფრინველები რატომ უნდა გადახვეწილიყვნენ? - აბა, მე რა ვიცი? - უპასუხა მანიამ. - იქნებ შენი სხივის გამოა? - მანია, ნამდვილად სულელი ხარ, - უთხრა ალექსანდრ სემიონოვიჩმა და კოვზი გადააგდო. - რაღა შენ და რაღა ის გლეხები. სხივი, აბა რა შუაშია? - მე რა ვიცი. თავი გამანებე. საღამოთი მესამე სიურპრიზმაც არ დააყოვნა - კონცოვკაში ძაღლები ისევე აყმუვლდნენ და მერე როგორ აყმუვლდნენ! მთვარის შუქით განათებულ ველებს გაბმული, ბრაზიანი, ნაღვლიანი კვნესა-გოდება მიეფინა. ალექსანდრ სემიონოვიჩი ამჯერად ცოტათი გაახარა სასიამოვნო სიურპრიზმა, რაც ორანჟერეაში ელოდა. კამერებში ჩაწყობილი წითელი კვერცხებიდან განუწყვეტელი კაკუნი მოისმა. ტუკ...ტუკ...ტუკ...ტუკ... ხმიანებდა ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე კვერცხი. კვერცხების კაკუნი ალექსანდრ სემიონოვიჩს საზეიმო ხმებად ჩაესმა. კორომებსა და ტბორებზე მომხდარი უცნაურობანი უმალ გადაავიწყდა. ყველამ თავი მოიყარა ორანჟერეაში: მანიამაც, დუნიამაც, დარაჯმაც და მცველმაც, რომელსაც შაშხანა კარებთან დაეტოვებინა. - აბა, რას იტყვით? - გამარჯვებული კაცის ხმით ეკითხებოდა მათ ალექსანდრ სემიონოვიჩი. ყველანი პირველი კამერის კარის წინ დაიხარნენ და ყური ცნობისმოყვარედ მიაპყრეს, - წიწილები ნისკარტებს უკაკუნებენ, - განაგრძობდა სახეგაბრწყინებული ალექსანდრ სემიონოვიჩი. ¬- ახლაც იტყვით, ვერ გამოჩეკავო? არა, ძვირფასებო, - გრძნობამოჭარბებულმა მცველს მხარზე ხელი დაუტყაპუნა. - ისეთ წიწილებს გამოვჩეკავ, პირს დააღებთ. ახლა თვალი კარგად გეჭიროთ, - მკაცრად დაუმატა მან. - როგორც კი გამოჩეკვას დაიწყებენ, მაშინვე მაცნობეთ. - კარგი, - ერთხმად უპასუხეს დარაჯმა, დუნიამ და მცველმა. - ტუკ...ტუკ...ტუკ... - სულ უფრო მძლავრად ხმიანობდა პირველ კამერაში ხან ერთი, ხან მეორე კვერცხი. თხელ გამჭვირვალე ნაჭუჭს შიგნით ახალი სიცოცხლის აღმოცენება იქ მყოფთა თვალწინ მართლაც ისე საინტერესო იყო, რომ მთელი საზოგადოება კიდევ დიდხანს იჯდა დაპირქვავებულ ცარიელ ყუთებზე და უცქეროდა, იდუმალ შუქში ჟოლოსფერი კვერცხები როგორ მწიფდებოდა. დასაძინებლად საკმაოდ გვიან წავიდ-წამოვიდნენ, როცა საბჭოთა მეურნეობასა და მის შემოგარენს მომწვანო ღამე გადაეფარა. ეს ღამე იდუმალებით მოცული, შეიძლება ითქვას, შემზარავიც კი იყო, ალბათ იმიტომ, რომ მდუმარებას დროდადრო არღვევდა ძაღლების ნაღვლიანი ყმუილი, კონცოვკაში უმიზეზოდ რომ იწყებოდა. დილით ალექსანდრ სემიონოვიჩს უსიამოვნო ამბავი ელოდა. ძალზე დაბნეული მცველი ხელებს მკერდზე იდებდა, ფიცით თავს იკლავდა, არ მძინებიაო, მაგრამ ვერაფერი შევამჩნიეო. - ვერაფერი გამიგია, - თავს იმართლებდა მცველი, - ამხანაგო როკო, მე არაფერ შუაში ვარ. - დიდ მადლობას მოგახსენებთ, - ტუქსავდა მას ალექსანდრ სემიონოვიჩი, - რას ფიქრობთ, ამხანაგო? აქ რატომ გადაყენეს? თვალყურის სადევნებლად. მაშ მითხარით სად გაქრნენ? ხომ გამოიჩეკნენ, არა? მაშ გაიპარნენ. მაშასადამე კარი ღია დაგიტოვებიათ და ისინიც გაპარულან. არა ვიცი რა, წიწილები იპოვეთ და მომიყვანეთ! - არსად არ წავალ. მე ჩემი საქმე კარგად ვიცი, - განაწყენდა ბოლოს მცველი, - ამხანაგო როკო, ტყუილ-უბრალოდ საყვედურს ნუ მეუბნებით! - მაშ სად დაიკარგნენ? - მე რა ვიცი, - გაცხარდა ბოლოს მეომარი, - დარაჯად ხომ ვერ დავუდგებოდი. მე რა მევალება? თვალყური მეჭიროს, რომ კამერები არავინ აწაპნოს. ჰოდა, ჩემს მოვალეობას ვასრულებ. აი კამერები. ხოლო თქვენი წიწილების დაჭერა კანონით არ მევალება. ვინ იცის, რანაირი წიწილები გამოიჩეკებიან, იქნებ ველოსიპედითაც ვერ დაეწიო. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ხმადაბლა რაღაც ჩაიბურტყუნა. განცვიფრებას ვერ მალავდა. მართლაცდა უცნაური ამბავი იყო. პირველ კამერაში, სადაც კვერცხები ყველაზე ადრე ჩააწყვეს, სხივის ფუძეში ჩადებული ორი კვერცხი გამოტეხილი დახვდა, ერთი კვერცხი გვერდზეც კი გადაგორებულიყო. ნაჭუჭი აზბესტის იატაკზე, სხივში ეგდო. - ეშმაკმა უწყის, - ბუტბუტებდა ალექსანდრ სემიონოვიჩი, - ფანჯრები ჩაკეტილია, სახურავიდან ხომ არ გაფრინდებოდნენ. მან თავი ასწია და იქ აიხედა, სადაც მინის სახურავში რამდენიმე ფართო ხვრელი მოჩანდა. - რას ამბობთ, ალექსანდრ სემიონოვიჩ, - ძალზე განცვიფრდა დუნია, - წიწილები სად გაფრინდებოდნენ. სადმე აქ იქნებიან... ძიბ... ძიბ... ძიბ... დაიწყო მან ძახილი, თან ორანჟერეის კუთხეებში იცქირებოდა, სადაც დამტვერილი ყვავილების ლარნაკები იდგა, რაღაც ფიცრები და ხარახურა ეყარა. მაგრამ წიწილების ხმა არსაიდან ისმოდა. მოსამსახურეთა მთელი გუნდი საბჭოთა მეურნეობის ეზოში ორ საათს დარბოდა და მკვირცხლ წიწილებს დაეძებდა, მაგრამ წიწილები ვერსად იპოვეს. დღემ ძალზე მშფოთვარედ ჩაიარა. კამერებს დამცველი დარაჯიც მიუჩინეს და უმკაცრესი ბრძანება მისცეს: ყოველ თხუთმეტ წუთში კამერების სარკმლებიდან შეეჭყიტა და თუ რამეს შეამჩნევდა, ალექსანდრ სემიონოვიჩისთვის დაეძახა. მცველი კართან წარბებშეჭმუხნული იჯდა. შაშხანა მუხლებს შუა მოექცია. ამ ალიაქოთით დაქანცულმა ალექსანდრ სემიონოვიჩმა მხოლოდ დღის ორ საათზე ისადილა. ნასადილევს შერემეტიევის ყოფილ დივანზე გრილ ჩრდილში ერთი საათი ეძინა, საბჭოთა მეურნეობაში დამზადებული ორცხობილის ბურახი დალია, ორანჟერეაში შეიარა და დარწმუნდა, რომ იქ ყველაფერი რიგზე იყო. პირველ კამერასთან ჭილობზე პირქვე გაწოლილი მოხუცი დარაჯი საკონტროლო მინაში თვალების ხამხამით იყურებოდა. მცველი კარს ფხიზლად დარაჯობდა. ალექსანდრ სემიონოვიჩს ორანჟერეაში ახალი ამბავიც დახვდა: მესამე კამერაში ყველაზე ბოლოს ჩაწყობილი კვერცხები ისე ახმიანდნენ, თითქოს შიგნით ვიღაც სლუკუნებსო. - უჰ, გამოსაჩეკად ემზადებიან, - თქვა ალექსანდრ სემიონოვიჩმა, - ნამდვილად მალე გამოიჩეკებიან. ხედავ? - მიუბრუნდა დარაჯს. - მაგარი რამეა, - უპასუხა დარაჯმა ორაზროვანი ტონით და თავი გადააქნია. ალექსანდრ სემიონოვიჩი კამერასთან ჩაცუცქდა, ცოტა ხანს უთვალთვალა, მაგრამ მის თვალწინ არაფერი გამოჩეკილა, მერე წამოდგა, ხელ-ფეხი გამართა და თქვა, აქაურობას არ გავცილდები, მხოლოდ ტბორზე საბანაოდ ჩავალ და, თუ რამე ახალი იქნება, მაშინვე დამიძახეთო. იგი სასახლისაკენ გაემართა, საწოლ ოთახში შეირბინა, სადაც ორი ვიწრო, ზამბარებიანი საწოლი იდგა, ზედ დაჭმუჭნული თეთრეული რომ ჰქონდა გადაფარებული, ხოლო იატაკზე მწვანე ვაშლის გროვა და წიწილების მომავალი თაობისთვის გამზადებული ფეტვის ზვინი მოჩანდა. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ხაოიანი პირსახოცს ხელი წამოავლო, მერე დაფიქრდა და ფლეიტაც აიღო, როცა წყლის პირას დავისვენებ, ცოტას დავუკრავო, სასახლიდან მხნედ გამოირბინა, საბჭოთა მეურნეობის ეზო გადაჭრა, ტირიფების ხეივანს გაუყვა და ტბორისკენ გაემართა. მხნედ მიაბიჯებდა, პირსახოცს მიაფრიალებდა, ფლეიტა იღლიაში ამოეჩარა. ტირიფებს შორის ციდან მცხუნვარება იფრქვეოდა, ალექსანდრ სემიონოვიჩს ტანი უბჟუოდა და წყლისკენ მიუწევდა. ხელმარჯვნივ ძირხვენების ბარდნარი გამოჩნდა და როცა იქ ჩაიარა, ბუჩქებისაკენ გადააფურთხა. ბუჩქების სიღრმეში უმალვე ისეთი შარიშური გაისმა, თითქოს ვიღაცა მორს მოათრევსო. ალექსანდრ სემიონოვიჩს გული ოდნავ შეუქანდა. მან თავი ბარდნარისკენ შეატრიალა და იქაურობას დაკვირვებით დააცქერდა. ორი დღეა, ტბორიდან ჩქამიც არ მოისმოდა. შარიშური მიწყდა. ძირხვენებს მიღმა ტბორის მიმზიდველი წყნარი ზედაპირი და გასახდელი ჯიხურის ნაცრისფერი სახურავი გაკრთა. ალექსანდრ სემიონოვიჩს ცხვირწინ რამდენიმე ნემსიყლაპია აუფრინდა. იგი უკვე ფიცრის ბოგურისკენ შეტრიალებას აპირებდა, როცა ბუჩქებში უეცრად შარიშური განმეორდა და თან მოკლე შიშინიც დაერთო, თითქოს ორთქმავალმა ზეთი და ორთქლი გამოუშვაო. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ყურები ცქვიტა და ბარდნარს დააცქერდა. - ალექსანდრ სემიონოვიჩ, - გაისმა ამ დროს როკის ცოლის ხმა და ჟოლოს ბუჩქებში მისი თეთრი კოფტა გაკრთა, მერე მიიმალა და ისევ გაკრთა. - მომიცადე, საბანაოდ მეც მოვდივარ. როკის ცოლი ტბორისკენ მარდად გამოემართა, მაგრამ ალექსანდრ სემიონოვიჩი ძირხვენებისკენ იყო მიყურადებული და მისთვის ხმა არ გაუცია. ძირხვენებიდან მორუხო-მოწენგოსფერო მორი ამოიმართა და თვალდათვალ იწყო ზრდა. ალექსანდრ სემიონოვიჩს მოეჩვენა, რომ მორი მოყვითალო სველი ლაქებით იყო დაფარული. მორი ირხეოდა, იგრიხებოდა, იწელებოდა და იმხელაზე გაიწელა, დაბალსა და დაკორძილ ტირიფს ასცდა, შემდეგ მორის წვერო თითქოს ჩამოტყდა, ოდნავ ჩამოიხარა და ალექსანდრ სემიონოვიჩის თავს ზემოთ მოსკოვური ელექტრობოძის ოდენა რაღაც წამოიმართა. მაგრამ ეს რაღაცა ბოძზე სამჯერ მსხვილი და გაცილებით ლამაზი გახლდათ, რადგან ქიცვოვანი ტატუირება ამშვენებდა. ალექსანდრ სემიონოვიჩი თუმცა ჯერ ვერაფერს მიხვდა, სხეულში სიცივემ მაინც დაურბინა, შემზარავი ბოძის წვეროს ახედა და მისმა გულმა რამდენიმე წამით ძგერა შეწყვიტა. მოეჩვენა, რომ აგვისტოს დღის მცხუნვარებას უეცრად თოში შეენაცვლა. თვალები ისე დაებინდა, თითქოს საზაფხულო შარვალი ჰქონდა აფარებული და მზეს ისე ასცქეროდა. მორის ზედა წვეროზე გაბრტყელებული, წამახული და ყვითელი, მრგვალი ლაქით შემკობილი თავი მოჩანდა. ლაქის ზემოთ, თითქოს სახურავქვეშ ჩამჯდარი, ვიწრო უქუთუთო თვალებიდან არნახული ბრაზი გამოსჭვიოდა. თავი ისე შეირხა, თითქოს ჰაერი ჩაკორტნაო, ხოლო მორი მთლიანად ძირხვენებში ჩაიმალა, ზემოთ მარტო თვალები დარჩა, ალექსანდრ სემიონოვიჩს დაშტერებით რომ უცქეროდა. ფოთლებს შორის გამომჭვირვალი თვალები ისეთი შემზარავი იყო, რომ ოფლში გაღვარულმა ალექსანდრ სემიონოვიჩმა ყოვლად უადგილო სამი სიტყვა წარმოთქვა, ჭკუიდან შემშლელმა შიშმა რომ წამოაძახებინა. - ეს რა ხუმრობაა... მერე გაახსენდა, დავრიშები... დიახ... დიახ... ინდოეთი... მოწნული კალათი... შელოცვა. თავი კვლავ აღიმართა და ტანიც ამოჰყვა. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ფლეიტა ტუჩებთან მიიტანა, ჩახლეჩილი ხმით ჩასტვინა და ვალსის დაკვრა დაიწყო „ევგენი ონეგინიდან“, თუმცა ყოველ წამს სული ეხუთებოდა. მწვანე ფოთლებიდან გამომზირალი თვალები უმალ ამ ოპერის დაუოკებელმა სიძულვილმა ააკიაფა. - რამ გაგასულელა, ამ პაპანაქებაში რომ უკრავ? - გაისმა მანიას მხიარული ხმა და ალექსანდრ სემიონოვიჩმა სადღაც მარჯვნივ თვალი მოჰკრა თეთრ ლაქას. შემდეგ მთელი საბჭოთა მეურნეობა გულშემზარავმა კივილმა შეძრა, თანდათან იმატა და ცაში აიჭრა, ხოლო ვალსმა ფეხმომსხვრეულივით იწყო ხტომა. თავი მწვანე ფოთლებს მოსცილდა, წინ გაექანა და თვალები ალექსანდრ სემიონოვიჩს განშორდა. თხუთმეტიოდე არშინის სიგრძე და ადამიანის სიმსხო გველი ძირხვენებიდან ზამბარასავით გამოხტა. გზაზე მტვერი აისვეტა და ვალსი დასრულდა. გველმა საბჭოთა მეურნეობის გამგეს გვერდით ჩაუქროლა და იქით გაექანა, სადაც გზაზე თეთრი კოფთა მოჩანდა, როკმა თვალნათლივ დაინახა, რომ მანიას ზაფრანისფერი დაედო და გრძელი თმა ნახევარი არშინის სიმაღლეზე მავთულებივით აღემართა. გველმა როკის თვალწინ პირი წამით გააღო, საიდანღაც ჩანგლის მსგავსი რაღაც გამოხტა. მტვერში ჩამჯდარ მანიას გველმა კბილები მხარში ჩაასო და ერთი არშინის სიმაღლეზე აიტაცა. მანიამ სიკვდილის წინ შემზარავად ამოიკივლა. გველი ხუთსაჟენიან ხრახნად ჩაიგრიხა, კუდი ქარბორბალასავით დაატრიალა და მანიას შემოერტყა. მანიას ერთი ბგერაც აღარ დასცდენია, როკს მხოლოდ მისი ძვლების მსხვრევის ხმა ჩაესმა. გველის ყბაზე ნაზად აკრულ მანიას თავი მაღლა აიჭრა, მანიამ პირიდან სისხლი ამოანთხია, მოტეხილი ხელი ჩამოეკიდა და ფრჩხილებიდან სისხლი წასკდა. მერე გველმა ყბები ამოიგდო, ხახა დააფჩინა, მანიას თავს თავისი თავი ერთბაშად ჩამოამხო და როგორც თითზე ხელთათმანს, ისე დაუწყო წამოცმა. გველი ირგვლივ ყოველ მხარეს სუნთქვას აფრქვევდა და ეს მხურვალება როკს სახეზე მისწვდა. მოქნეულმა კუდმა კინაღამ გზისპირა მტვერში გატყორცნა. სწორედ მაშინ როკის კუპრივით შავი თავი ვერცხლისფრად ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა მხარეს შეიფერა, საშინელი გულისრევა მოეძალა. იგი გზას მოსწყდა და გამაყრუებელი ღრიალით გაიქცა, ირგვლივ ვეღარაფერს ხედავდა... თავი IX. ცოცხალი ფაფა სადგურ დუგინოში სახელმწიფო კონტროლის სამმართველოს აგენტი შჩუკინი ძალზე მამაცი კაცი გახლდათ. მან თავის ამხანაგს, მწითურა პოლაიტისს ჩაფიქრებულმა უთხრა: - მაშ რა ვქნათ, უნდა წავიდეთ, მოტოციკლეტი გამოიყვანე, - ცოტა ხანს დუმდა, მერე სკამზე ჩამომჯდარ კაცს მიუბრუნდა, - ფლეიტა მაინც დადეთ. მაგრამ დუგინოს სახელმწიფო პილიტიკური სამმართველოს შენობაში სკამზე მჯდარ ჭაღარა კაცს ფლეიტა არ დაუდვია, ატირდა და აზმუვლდა. მაშინ შჩუკინი და პოლაიტისი მიხვდნენ, რომ ჭაღარა კაცისთვის ფლეიტა თვითონ უნდა გამოერთმიათ, რადგან თითები ზედ მიჰკვროდა. ცირკის მსახიობივით ღონიერმა შჩუკინმა თითები სათითაოდ გადაუწია, ხელი გააშლევინა და ფლეიტა მაგიდაზე დაადებინა. ეს ამბავი მანიას სიკვდილის მეორე დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მოხდა. - თან უნდა გამოგვყვეთ, - უთხრა შჩუკინმა ალექსანდრ სემიონოვიჩს, - იქ ყველაფერს გვაჩვენებთ. მაგრამ როკი განზე გაიწია და სახეზე ხელები აიფარა, თითქოს საშინელ რაღაცას ხედავდა. - უნდა გვაჩვენოთ, - მკაცრად დაუმატა პოლაიტისმა. - არა, თავი გაანებე. ვერ ხედავ, კაცი ჭკუაზე აღარ არის. - მოსკოვში გამგზავნეთ, - ტირილით ითხოვა ალექსანდრ სემიონოვიჩმა. - საბჭოთა მეურნეობაში საერთოდ არ დაბრუნდებით? როკმა პასუხის ნაცვლად ხელები კვლავ სახეზე აიფარა და თვალებში შიში ჩაუდგა - ჰო, კარგი, - გადაწყვიტა შჩუკინმა, - თქვენ ძალა მართლაც არ შეგწევთ... თავადაც გამჩნევთ. ახლა საკურიერო მატარებელი ჩამოივლის და იმას გაჰყევით. მერე სადგურის დარაჯმა ალექსანდრ სემიონოვიჩს მინანქარმოტეხილი ტოლჩით წყალი დაალევინა. ყბააცახცახებული როკი ტოლჩაზე კბილებს ურაწკუნებდა. სანამ მას წყალს ასმევდნენ, შჩუკინი და პოლაიტისი ერთმანეთს ეთათბირებოდნენ. პოლაიტისი ამბობდა, არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ, როკი სულით ავადმყოფია და საშინელი ჰალუცინაციები ჰქონდაო, შჩუკინი კი ვარაუდობდა, ქალაქ გრაჩოვკიდან, სადაც ამჟამად საგასტროლოდ ცირკი არის ჩამოსული, მგუდავი გაეპარებოდათო. როკმა შეეჭვებულ მოთათბირეთა ჩურჩული გაიგონა და წამოდგა, ცოტათი გონს მოსულმა ხელები ბიბლიური წინასწარმეტყველივით აღმართა და წარმოთქვა: - მისმინეთ. რატომ არ გჯერათ? ეს ნამდვილად მოხდა. მაშ ჩემი ცოლი სად არის? შჩუკინი დადუმდა და ჩაფიქრდა, მერე გრაჩოვკაში დაუყოვნებლივ რაღაც დეპეშა გაგზავნა. მისი განკარგულებით მესამე აგენტი ალექსანდრ სემიონოვიჩს არ უნდა მოსცილებოდა და მოსკოვშიც გაჰყოლოდა. შჩუკინი და პოლაიტისი კი ექსპედიციისათვის მზადებას შეუდგნენ. მათ მხოლოდ ერთი ელექტრო რევოლვერი ჰქონდათ, მაგრამ დიახაც დიდად საიმედო რამ. 1927 წლის გამოშვება, ფრანგული ტექნიკის სიამაყე, ახლო მანძილზე ბრძოლისთვის განკუთვნილი ორმოცდაათმუხტიანი მოდელი სულ ას ნაბიჯზე მოქმედებდა, მაგრამ ორი მეტრი დიამეტრის ველს ქმნიდა და ამ ველში ყოველივე ცოცხალს უმალ სპობდა. მიზანს ძნელად თუ ააცდენდი. შჩუკინმა ეს ბრჭყვიალა ელექტრო სათამაშო ჩამოიკიდა, პოლაიტისმა ჩვეულებრივი ოცდახუთვაზნიანი ტყვიამფრქვევი აიღო და მჭიდებიც გაიყოლა. ორივენი ერთ მოტოციკლში ჩასხდნენ და სანამ დილით ნამი აშრებოდა, საბჭოთა მეურნეობისაკენ მიმავალ შარაგზას გაუყვნენ. მოტოციკლეტმა სადგურიდან საბჭოთა მეურნეობამდე ოცი ვერსი თხუთმეტ წუთში ტრახტრახით გაიარა (როკი მთელ ღამე მიდიოდა და დროდადრო, როცა შიშის ზარი აიტანდა, გზისპირა ბალახში იმალებოდა) და როცა მზემ საკმაოდ დააცხუნა, გორაკიდან, რომლის ძირას მდინარე ტოპი მიიკლაკნებოდა, სიმწვანეში ჩაფლულმა სვეტებიანმა შაქრისფერმა სასახლემ გამოაშუქა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო. საბჭოთა მეურნეობის მისადგომებთან აგენტებმა საზიდრით მიმავალ გლეხს გაასწრეს. რაღაც ტომრებით დატვირთული საზიდარი ნელა მიჩანჩალებდა და მალე უკან დარჩა. მოტოციკლეტმა ხიდი გადაირბინა. პოლაიტისმა საყვირს ჩაჰბერა, რომ ვინმე გამოეძახა. მაგრამ საყვირის ხმას არავის გამოხმაურებია, მხოლოდ შორს, კონცოვკაში ძაღლები გააფთრებით აყეფდნენ. მოტოციკლეტმა სვლა შეანელა და ფაფარგამწვანებულ ლომებით შემოღობილ ჭიშკარს მიადგა. ყვითელგეტრიანი, ტანსაცმელდამტვერილი აგენტები ჩამოქვეითდნენ, მოტოციკლეტი მესრის გისოსზე ჯაჭვით მიაბეს, ბოქლომით ჩაკეტეს და ეზოში შევიდნენ. ისინი აქ დამკვიდრებულმა მდუმარებამ განაცვიფრა. - ჰეი, მანდ ვინმე თუ ხართ? - ხმამაღლა შესძახა შჩუკინმა. მაგრამ მის ბოხ ხმას არავინ გამოპასუხებია. აგენტებმა მთელი ეზო მოიარეს უფრო და უფრო გაოცებულებმა. პოლაიტისი მოიღუშა. შჩუკინი სერიოზულად იცქირებოდა და ქერა წარბებს სულ უფრო მეტად ჭმუხნიდა. სამზარეულოში ჩაკეტილი ფანჯრიდან შეიხედეს. იქ არავინ მოჩანდა, მაგრამ მთელ იატაკზე ჭურჭლის თეთრი ნამსხვრევები იყო მიმობნეული. - აქ მართლა რაღაც მომხდარა, უთუოდ კატასტროფაა, - თქვა პოლაიტისმა. - ჰეი, აქ ვინმე თუ ხართ! ჰეი! - ყვიროდა შჩუკინი, მაგრამ სამზარეულოს თაღებიდან მხოლოდ ექო ეპასუხებოდა. - ეშმაკმა უწყის, რა ამბავია! - ბუზღუნებდა შჩუკინი. - ყველას ერთბაშად ხომ ვერ გადაყლაპავდა. იქნებ სადმე გაიქცნენ. სახლში შევიდეთ. სასახლის კარი სვეტებიანი ვერანდის მხრიდან ყურთამდე ღია ეგდო, მაგრამ შიგნით არავინ ჩანდა. აგენტები მეზონინშიც კი ავიდნენ, ყველა კარზე მიაკაკუნეს, ყველა კარი გამოაღეს, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს და ცარიელი პარმაღიდან კვლავ ეზოში ჩავიდნენ. - სახლს ირგვლივ შემოვუაროთ. ორანჟერეისკენ წავიდეთ, - განკარგულება გასცა შჩუკინმა, - ყველაფერი გავჩხრიკოთ და მერე შეიძლება, ტელეფონით დავრეკოთ. აგენტები აგურით მოფენილ ბილიკს გაუყვნენ, ყვავილნარს ჩაუარეს, უკანა ეზოში გავიდნენ, ეზოც გადაჭრეს და ორანჟერეის ბრჭყვიალა მინები დაინახეს. - მოიცა, - ჩაიჩურჩულა შჩუკინმა და ქამრიდან რევოლვერი მოიხსნა. პოლაიტისმა ყური გაამახვილა და ტყვიამფრქვევი მოიმარჯვა. ორანჟერეაში და იმას იქითაც უცნაური, მძლავრი ხმა გაისმოდა, თითქოს ორთქმავალი შიშინებსო. ში-ში-ში... სი-სი-სი... - სისინებდა ორანჟერეა. - ფრთხილად, - ჩაიჩურჩულა შჩუკინმა. აგენტები ორანჟერეისკენ გაემართნენ, თანაც ცდილობდნენ, ქუსლები არ ებაკუნებინათ, მინებთან მივიდნენ და შიგნით შეიხედეს. პოლაიტისი უმალ უკან გადაიხარა და გაფითრდა. რევოლვერმომარჯვებულმა შჩუკინმა პირი დააღო და ერთ ადგილას გაშეშდა. მთელი ორანჟერეა მატლებდახვეულ ფაფასავით ფუთფუთებდა. ორანჟერეის იატაკზე უზარმაზარი გველები დასრიალებდნენ, ხან გორგლებად შეიკვრებოდნენ, ხან გაიშლებოდნენ, სისინებდნენ და ყელყელაობდნენ, აქეთ-იქით ტრიალებდნენ და თავებს არხევდნენ. იატაკზე მიმოფანტულ ნაჭუჭს მათ სხეულქვეშ ღრაჭუნი გაჰქონდა. ზემოთ მძლავრი ელექტროსფერო ენთო და ორანჟერეას უცნაურ კინემატოგრაფიულ შუქს ჰფენდა. იატაკზე სამი შავი, ფოტოგრაფიული კამერის მსგავსი უზარმაზარი ყუთი გახირულიყო. ორ მათგანში, განზე გაცურებულსა და აყირავებულში, შუქი აღარ ენთო, მესამეში კი ჟოლოსფერი მცირე ლაქა ციალებდა. ყველანაირი ზომის გველები მავთულებზე მიცოცავდნენ, ფანჯრის ჩარჩოებზე ადიოდნენ და სახურავის ხვრელიდან გარეთ მიძვრებოდნენ. თვით ელექტრო სფეროზე რამდენიმე არშინის სიგრძე შავი ხალებიანი გველი ეკიდა და თავს ქანქარასავით აქანავებდა. ხრიალ-ჟღარუნი და სისინი ერთმანეთში ირეოდა, ორანჟერეიდან საშინელი შმორის, თითქოს ტბორის სუნი გამოდიოდა. ამას გარდა, აგენტებმა ბუნდოვნად მოჰკრეს თვალი მტვრიან კუთხეში გროვა-გროვად დახვავებულ თეთრ კვერცხებს, კამერასთან უძრავად გაწოლილ კანჭმაღალ გიგანტურ ფრინველს და კართან, შაშხანის გვერდით გაშოტილ რუხტანსაცმლიან გვამს. - უკან დაიხიე! - შესძახა შჩუკინმა; თავადაც უკან იხევდა, მარცხენა ხელით პილაიტისს აწვებოდა, მარჯვენათი კი რევოლვერს უმიზნებდა. ცხრაჯერ მოასწრო გასროლა და ორანჟერეის გვერდით მომწვანო ელვა სისინით დააკვესა. შჩუკინის სროლის პასუხად მთელი ორანჟერეა გაშმაგებით ამოძრავდა, ყველა ხვრელიდან ბლაგვი თავი ამოიზიდა. ქუხილმა უმალ მთელ საბჭოთა მეურნეობაში დაიგრგვინა და კედლებზე ათინათებად ათამაშდა. ჭახ-ჭახ-ჭახ-ჭახ, - ისროდა პოლაიტისი და თან უკან იხევდა. უკნიდან ოთხი ფეხის უცნაური შარიშური მოისმა. პოლაიტისმა უცებ საშინლად შეჰყვირა და გულაღმა დაეცა. ფეხებგაჩაჩხული მომწვანო-მოყავისფრო, უშველებელი წაწვეტებული დრუნჩისა და სავარცხლისებური კუდის მქონე არსება, შემზარავი ზომის ხვლიკს რომ წააგავდა, ფარდულის კუთხიდან გამოსხლტა, პოლაიტისს ფეხი წააკვნიტა და მიწაზე დაანარცხა. - მიშველე, - შეჰყვირა პოლაიტისმა. მისი მარცხენა ხელი უმალ ნიანგის პირში მოექცა და გადაიმსხვრა. პოლაიტისი ამაოდ ცდილობდა, მარჯვენა ხელი მაღლა აეწია, რევოლვერს მიწაზე მიაჩოჩებდა. შჩუკინი მისკენ შეტრიალდა და ერთხელ გასროლა მოასწრო, მაგრამ ააცდინა, იმიტომ რომ შეეშინდა, ამხანაგი არ მოეკლა. მეორედ ორანჟერეისკენ გაისროლა, რადგან იქიდან გველის პატარა თავებს შორის ერთი უზარმაზარი წენგოსფერი თავი ამოიმართა, თავს სხეულიც ამოჰყვა და პირდაპირ მისკენ გამოექანა. ამ გასროლით შჩუკინმა გიგანტური გველი მოჰკლა, მერე კვლავ ნიანგის პირში მოქცეულ ცოცხალმკვდარ პოლაიტისს მიუბრუნდა. ირგვლივ ურბენდა, ადგილს არჩევდა, სად ესროლა, რომ საშინელი ქვეწარმავალი მოეკლა, აგენტისთვის კი არაფერი ევნო. ბოლოს მოახერხა. ელექტრორევოლვერმა ორჯერ იფეთქა და ირგვლივ ყველაფერი მომწვანო შუქით გაანათა. ნიანგი შეხტა, გაიჭიმა, მერე გაშეშდა და პოლაიტისი პირიდან ამოაგდო. პოლაიტისს სხეულიდან სისხლი სდიოდა, სისხლს ანთხევდა პირიდანაც, მარჯვენა საღ ხელს ეყრდნობოდა და გადამსხვრეულ მარჯვენა ხელს მიათრევდა, თვალები თანდათან ებინდებოდა. - შჩუკინ... გაიქეცი, - ამოიღმუვლა მან სლუკუნით. შჩუკინმა ორანჟერეისკენ რამდენჯერმე გაისროლა და რამდენიმე მინა ჩაამსხვრია. მაგრამ უკნიდან, სარდაფის სარკმლიდან, უზარმაზარი, წენგოსფერი და მოქნილი ზამბარა გამოხტა, ეზოში გამოსრიალდა, ხუთსაჟენიანი სხეულით მთელი ეზო დაიკავა, შჩუკინს ელვის უსწრაფესად ფეხებზე შემოეჭდო. შჩუკინი მიწას დაასკდა, ბრჭყვიალა რევოლვერი ხელიდან გაუსხლტა და გვერდით გადავარდა. მან მძლავრად შეჰყვირა, მერე სული შეეხუთა, მთელი სხეული, თავის გარდა, რგოლებმა დაუფარა, ერთი რგოლი თავზე ერთხელ გადაევლო, სკალპი გადააძრო და თავი გაუხეთქა. საბჭოთა მეურნეობაში სროლის ხმა აღარ ისმოდა. ყოველივე ჩაახშო მოსისინე, ყოვლისმშთანმთქმელმა ხმამ. პასუხად ძალზე შორიდან, კონცოვკიდან, ქარს ყმუილის ხმა მოჰყვა, თუმცა ძნელი გასარჩევი იყო, ძაღლი ყმუოდა თუ ადამიანი. თავი X. კატასტროფა გაზეთ „იზვესტიას“ რედაქციაში ღამით კაშკაშა სფეროები ბრდღვიალებდა. ჩასუქებული გამომშვები რედაქტორი ტყავის მაგიდაზე დეპეშების მეორე გვერდს აკაბადონებდა, რომელსაც სათაურად ჰქონდა „რესპუბლიკების კავშირში“. თვალში ერთი სვეტი მოხვდა, პენსნეთი დააცქერდა და ახარხარდა, მერე საკორექტოროდან კორექტორებს მოუხმო, მეტრანპაჟსაც დაუძახა, ყველანი გარს შემოიკრიბა და სვეტი აჩვენა. საღებავშეუმშრალი ქაღალდის ვიწრო ზოლზე დაბეჭდილი გახლდათ: „სმოლენსკის გუბერნიის ქალაქი გრაჩოვკა. მაზრაში ცხენისხელა ქათამი გამოჩნდა, ცხენივით ტლინკებს რომ ყრის და ბოლოს ნაცვლად ქალის ბურჟუაზიული ბუმბულები აქვს“. ასოთამწყობებმა ხარხარი ატეხეს. - ჩემს ახალგაზრდობაში, - წამოიწყო გამომშვებმა გულიანი ხითხითით, - როცა ვანია სიტინთან „რუსულ სიტყვაში“ ვმუშაობდი, გამომთვრალებს სპილოები ელანდებოდათ. ნამდვილად. ახლა კი, როგორც ჩანს, სირაქლემები მოლანდებიათ. ასოთამწყობები ხარხარებდნენ. - მართლა სირაქლემა მოსჩვენებიათ, - თქვა მეტრანპაჟმა, - რა ვქნა, ჩავსვა ივან ბონიფატიევიჩ? - ხომ არ გასულელდი, - უპასუხა გამომშვებმა, - მიკვირს, მდივანმა როგორ გაუშვა. ვიღაც მთვრალის გამოგზავნილი დეპეშაა. - მართლა ნაქეიფარის გამოგზავნილია, - დაეთანხმნენ ასოთამწყობები და მეტრანპაჟსაც სირაქლემის თაობაზე გამოგზავნილი ცნობა მაგიდას მოაცილა. ამიტომ მეორე დღეს გამოსული „იზვესტია“ ჩვეულებისამებრ, დიდძალ საინტერესო მასალას შეიცავდა, მაგრამ გრაჩოვკული სირაქლემის ხსენებაც კი არსად იყო. პრივატ-დოცენტი ივანოვი „იზვესტიას“ ყოველთვის გულდასმით კითხულობდა, ახლაც თავის კაბინეტში თავიდან ბოლომდე გადაიკითხა, მერე გრაგნილივით დაახვია, მთქნარებით თქვა, საინტერესო არაფერიაო, და თეთრი ხალათის ჩაცმას შეუდგა. ცოტა ხნით ადრე მის კაბინეტში სანთურები აბრიალდა და ბაყაყები აყიყინდნენ. პროფესორ პერსიკოვის კაბინეტში კი ერთი ალიაქოთი იდგა. შეშინებული პანკრატი გაჭიმული იდგა, ხელები დაბლა ჩამოეშვა. - გასაგებია... გასაგებია, - ამბობდა იგი. პერსიკოვმა ლუქით დაბეჭდილი პაკეტი მიაწოდა და უთხრა: - მეცხოველეობის განყოფილებაში მიდი და განყოფილების გამგეს - პტახას პირდაპირ უთხარი, ღორი ხარ-თქო. უთხარი პროფესორმა პერსიკოვმა შემოგითვალა-თქო. ეს პაკეტიც გადაეცი. „კარგი ამბავია, ხომ იცი...“ - გაიფიქრა გაფითრებულმა პანკრატმა და პაკეტიანად გაუჩინარდა. პერსიკოვი კი ბობოქრობდა. - ეშმაკმა უწყის, ეს რა უბედურებაა, - წუწუნებდა იგი, კაბინეტში ბოლთას სცემდა და ხელთათმანიან ხელებს იფშვნეტდა, - ეს არნახული აბუჩად აგდებაა, ჩემიც და ზოოლოგიისაც, იმ წყეულ ქათმის კვერცხებს აუარებელს აგზავნიან, მე კი ორი თვეა, ვერ მიმიღია, რაც აუცილებლად მჭირდება. თითქოს ამერიკა ისე შორს იყოს! სულ ასეთი არეულობაა, სულ ასეთი უწესრიგობა, - მან თითებზე იწყო ანგარიში: - მოგროვებას, ვთქვათ, ათი დღე დასჭირდებოდა, დიდი-დიდი თხუთმეტი... კარგი, თუნდაც ოცი, გადმოფრენას ორი დღე, ლონდონიდან ბერლინში ერთი დღე... ბერლინიდან აქამდე ექვსი საათი... ენით აუწერელი უწესრიგობაა... იგი გააფთრებით ეცა ტელეფონს და სადღაც რეკვას შეუდგა. პერსიკოვს საიდუმლო და სახიფათო ცდების ჩასატარებლად კაბინეტში ყველაფერი მზად ჰქონდა, კარებზე ასაწებებელი, ზოლ-ზოლად დაჭრილი ქაღალდი მაგიდაზე ეწყო, იქვე მოჩანდა გამყვანი მილებით აღჭურვილი საყვინთო ჩაფხუტები და ვერცხლისწყალივით მოელვარე რამდენიმე ბალონი, რომლებსაც ეკრა ეტიკეტები: „არმიის ნებაყოფლობითი საზოგადოება. არ მიეკაროთ“, აგრეთვე თავის ქალა და გადაჯვარედინებული ძვლებიც ჰქონდა მიხატული. პროფესორს სამი საათი მაინც დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და წვრილმანი სამუშაოებისთვის ხელი მოეკიდა. ინსტიტუტში ღამით თერთმეტ საათამდე იმუშავა, ამიტომ არ იცოდა, კრემისფერი კედლების მიღმა რა ხდებოდა. არ გაუგია, მოსკოვში გველებზე რა უაზრო ხმები დაირხა და არც ის შეუტყვია, საღამოს გაზეთებში მისული უცნაური დეპეშა რას იტყობინებოდა, იმიტომ რომ დოცენტი ივანოვი სამხატვრო თეატრში „ფიოდორ იოანოვიჩზე“ იყო და, მაშასადამე, პროფესორი ახალ ამბავს ვერავისგან გაიგებდა. პროფესორი პრეჩისტენკაზე დაახლოებით შუაღამისას მივიდა და დასაძინებლად დაწვა. სანამ დაიძინებდა, ლონდონიდან მიღებული ჟურნალ „ზოოლოგიის მაცნეში“ დაბეჭდილი რაღაც ინგლისური სტატიისა წაკითხვაც მოასწრო. პერსიკოვს ეძინა, გვიან ღამემდე მოფუსფუსე მოსკოვმაც ჩაიძინა. არ ეძინა მხოლოდ ტვერის ქუჩაზე ეზოში მდგარ უზარმაზარ რუხ კორპუსს, სადაც „იზვესტიის“ საროტაციო მანქანების გრიალი მთელ შენობას აზანზარებდა. გამომშვების კაბინეტში წარმოუდგენელი ალიაქოთი სუფევდა. თვალებჩაწითლებული, მთლად გაცოფებული გამომშვები აქეთ-იქით აწყდებოდა, აღარ იცოდა, რა ექნა და ყველას ლანძღვა-გინებით იკლებდა. ღვინის სუნით აქოთებული მეტრანპაჟი უკან დასდევდა და ეუბნებოდა: - რა მოხდა, ივან ბონიფატიევიჩ, არა უშავს, დილაზე საგანგებო დამატება გამოუშვან. ნომერს მანქანიდან ხომ ვერ ჩამოვიღებთ. ასოთამწყობები შინ არ წასულან, გუნდ-გუნდად დადიოდნენ, მერე შექუჩდებოდნენ და დეპეშებს კითხულობდნენ, მთელი ღამე ყოველ თხუთმეტ წუთში განუწყვეტლივ რომ მოდიოდა და სულ უფრო შემზარავი და უცნაური ხდებოდა. თვალისმომჭრელი ვარდისფერი შუქით გაჩირაღდნებულ სტამბაში ალფრედ ბრონსკის წვეტიანი შლაპა მალიმალ გაიელვებდა, მექანიკური ღიპიანი კაცი ღრაჭუნ-ჩლახუნით ხან აქ, ხან იქ გამოჩნდებოდა. რეპორტიორები მთელი ღამე მოდიოდნენ და სადარბაზო შესასვლელის კარიც მალიმალ ხახუნობდა. სტამბის თორმეტივე ტელეფონი განუწყეტლივ წკრიალებდა, სადგური იდუმალ ყურმილებს თითქმის მექანიკურად პასუხობდა: - „დაკავებულია“, „დაკავებულია“. სადგურში უძილობით დაქანცული ქალიშვილების წინ სიგნალების მღერა არ წყდებოდა... ასოთამწყობები მექანიკურ კაცს შემოეხვივნენ. - გაზით აღჭურვილი აეროპლანები უნდა გაიგზავნოს, - უთხრა მათ შორეული ნაოსნობის კაპიტანმა. - ნამდვილად - ამბობდნენ ასოთამწყობები, - ეს რა ამბავია! - მერე საშინელმა ლანძღვა-გინებამ იქაურობა გააყრუა და და გამკინავი ხმა გაისმა: - პერსიკოვი დასახვრეტია. - პერსიკოვი რა შუაშია, - უპასუხეს მას, - საბჭოთა მეურნეობაში ვიღაც მამაძაღლი რომ არის, ის უნდა დაიხვრიტოს. - დაცვა უნდა დაეყენებინათ, - ყვიროდა ვიღაცა. - იქნებ კვერცხები სულაც არაფერ შუაშია. საროტაციო ბორბლები მთელ შენობას აზანზარებდა და აგუგუნებდა, იქაურობის შემხედვარეს მოეჩვენებოდა, ულამაზო რუხ კორპუსს ელექტრო ხანძარი აგიზგიზებსო. როცა გათენდა და დღემ იმძლავრა, ალიაქოთი მაინც არ შენელებულა, თუმცა ელექტროშუქი ჩაქრა. მოტოციკლეტები მოასფალტებულ ეზოში ავტომობილებთან მონაცვლეობით მალიმალ შეგრიალდებოდნენ ხოლმე. მთელმა მოსკოვმა გამოიღვიძა და გაზეთის თეთრი ფურცლები ქუჩებს ჩიტებივით მოეფინა. ყველას ხელში გაზეთი ეჭირა, ყველგან გაზეთები ფრიალებდა და შრიალებდა. თერთმეტი საათისთვის გაზეთის გამყიდველებს გაზეთები გამოელიათ, თუმცა „იზვესტია“ იმ თვეში მილიონნახევარი ტირაჟით გამოდიოდა. პრეჩისტენკიდან ავტობუსით წამოსული პერსიკოვი ინსტიტუტში მივიდა. იქ ახალი ამბავი ელოდა. ვესტიბულში ლითონის სალტეებით ფაქიზად შემოჭედილი ფიცრის სამი ყუთი იდგა. ეტიკეტებს ფარავდა ცარცით რუსულად მსხვილი ასოებით მინაწერი: „ფრთხილად. კვერცხებია“! პროფესორს უსაზღვრო სიხარული დაეუფლა. - როგორც იქნა, - შესძახა მან. - პანკრატ, ყუთები დაუყოვნებლივ გახსენი, თანაც ფრთხილად, რომ არ დაამტვრიო, და კაბინეტში შემომიტანე. პანკრატმა ბრძანება უმალ შეასრულა და თხუთმეტი წუთის შემდეგ ნახერხითა და ქაღალდის ნაგლეჯებით მოფენილ კაბინეტში პროფესორის მძვინვარე ხმა გაისმა. - სასაცილოდ მიგდებენ, თუ რა არის, - გაჰკიოდა პროფესორი და მუშტებს იქნევდა, ხელში კვერცხები ეჭირა. - პტახა ნამდვილი პირუტყვია. ნებას არ მივცემ, მასხარად ამიგდონ. პანკრატ, ეს რა არის? - კვერცხებია, - დაღონებით უპასუხა პანკრატმა. - ქათმისა, გესმის, ქათმისა, ეშმაკმა წაიღოს იმათი თავი! რა ჯანდაბად მინდა. იმ არამზადას გაუგზავნონ საბჭოთა მეურნეობაში! პერსიკოვი ოთახის კუთხისკენ გაექანა, ტელეფონს ეცა, მაგრამ დარეკვა ვეღარ მოასწრო. - ვლადიმერ იპატიჩ, ვლადიმერ იპატიჩ, - გაისმა ინსტიტუტის დერეფანში ივანოვის მჭექარე ხმა. პერსიკოვი ტელეფონს მოსცილდა, პანკრატი გვერდზე გახტა და პრივატ-დოცენტს გზა დაუთმო. ივანოვმა კაბინეტში შემოირბინა, ჯენტლმენური ჩვევა გადაავიწყდა და კეფაზე მოქცეული ნაცრისფერი შლაპა არ მოუხდია, ხელში გაზეთი ეჭირა. - ვლადიმერ იპატიჩ, იცით რა მოხდა? - შესძახა მან და პერსიკოვს ცხვირწინ გაზეთის ფურცელი გაუშალა, სათაურად რომ ჰქონდა: „საგანგებო დამატება“, ხოლო შუაში ჭყეტელა ფერადი ნახატი მოჩანდა. - აბა, ნახეთ, რა ქნეს, - პასუხად აყვირდა პერსიკოვი, ივანოვს არც უსმენდა, - ქათმის კვერცხებით უნდათ, რომ გამაკვირვონ. ეს პტახა ნამდვილი იდიოტია, ნახეთ! ივანოვი გახსნილ ყუთებს შეძრწუნებული დააცქერდა, მერე გაზეთის ფურცელს დახედა და თვალები ლამის გადმოუცვივდა. - აი, თურმე რა მომხდარა, - თქვა სულშეხუთულმა, - ახლა კი მივხვდი... ვლადიმერ იპატიჩ, აბა, დახედეთ, - გაზეთის ფურცელი სწრაფად გაშალა და პერსიკოვს ფერად გამოსახულებაზე აკანკალებული ხელით მიუთითა. ფურცელზე გადღაბნილ უცნაურ მწვანე ფონზე სახანძრო შლანგივით დაკლაკნილი, ყვითელლაქებიანი წენგოსფერი შემზარავი გველი მოჩანდა. სურათი ზემოდან იყო გადაღებული. მსუბუქი მფრინავი მანქანიდან, - ვლადიმერ იპატიჩ, მითხარით, ეს რა არის? პერსიკოვმა სათვალე შუბლზე აიწია, მერე კვლავ თვალებზე მოირგო, სურათს დააშტერდა და გაოცებულმა თქვა: - ეს რა ჯანდაბაა. ეს... ეს ხომ ანაკონდაა, წყლის მგუდავი... ივანოვმა შლაპა მოიძრო და სკამზე მოწყვეტით დაჯდა. - ვლადიმერ იპატიჩ, ეს ანაკონდა სმოლენსკის გუბერნიიდან გახლავთ, - ამბობდა იგი და ყოველ სიტყვას მაგიდაზე მუშტის ბრაგუნს აყოლებდა, - ეს რაღაც საშინელებაა. ხომ გესმით, იმ არამზადამ ქათმების ნაცვლად გველები გამოჩეკა და ისინიც, უნდა მოგახსენოთ, ზუსტად ისეთივე ფენომენალური რაოდენობის კვერცხებს დებენ, როგორც ბაყაყები დებდნენ. - რაო? - თქვა პერსიკოვმა და სახე წამოუჭარხლდა... - ხუმრობთ თუ... პიოტრ სტეპანოვიჩ... რანაირად? ივანოვი წამით დამუნჯდა, მერე მეტყველების უნარი დაუბრუნდა, თითი გახსნილი ყუთისკენ გაუშვირა, სადაც ყვითელი ნახერხიდან თავამოყოფილი კვერცხები თეთრად ქათქათებდა და თქვა: - აი, ამნაირად. - რაო? - შეჰკივლა პერსიკოვმა, რაღაცას მიხვდა. ივანოვმა ორივე მუშტი დამაჯერებლად აღმართა და შეჰყვირა: - ცხადზე ცხადია. თქვენი შეკვეთილი გველებისა და სირაქლემას კვერცხები შეცდომით საბჭოთა მეურნეობაში გაგზავნეს, თქვენ კი ქათმის კვერცხები მოგიტანეს. - ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო... - გაიმეორა პერსიკოვმა, სახეზე მწვანე ფერი დაედო და ხრახნიან ტაბურეტზე ჩამოჯდა. კართან მდგარი პანკრატი მთლად გაოგნდა, გაფითრდა და ენა ჩაუვარდა. ივანოვი წამოხტა, გაზეთის ფურცელს ხელი დასტაცა, ერთ სტრიქონს ფრჩხილის წვეტი გაუსვა და პროფესორს ყურში ჩასძახა: - ახლა კარგ დროს გაატარებენ!.. რა მოხდება, ვერც კი წარმომიდგენია. ვლადიმერ იპატიჩ, აბა, ნახეთ, - მან დაჭმუჭნული ფურცელი გაშალა და იმ ადგილის კითხვას შეუდგა, რაც თვალში მოხვდა... - გველები მოჟაისკის მიმართულებით გუნდ-გუნდად მიემართებიან და აურაცხელ კვერცხს დებენ. კვერცხები დუხოვოს მაზრაშიც შეამჩნიეს... ალაგ-ალაგ ნიანგები და სირაქლემებიც გამოჩნდნენ. საგანგებო დანიშნულების ნაწილებმა და სახელმწიფო სამმართველოს რაზმებმა ვიაზმაში პანიკა იმით შეწყვიტეს, რომ ქალაქის გარეუბნებთან ტყეს ცეცხლი წაუკიდეს და ქვეწარმავლების წინსვლა შეაჩერეს...“ სახეაჭრელებული, გალურჯებულ-გაფითრებული, თვალებშეშლილი პერსიკოვი ტაბურეტიდან წამოდგა და სულშეხუთული აყვირდა: - ანაკონდა... ანაკონდა... წყლის მგუდავი! ღმერთო ჩემო! - იგი ასეთ მდგომარეობაში არასოდეს უნახავთ არც ივანოვს და არც პანკრატს. პროფესორმა ჰალსტუხი ხელის ერთი გაქნევით მოიგლიჯა, პერანგზე ღილები აიწყვიტა, დამბლადაცემულივით წამოჭარხლდა, თვალები უაზროდ გაეყინა, ადგილს მოსწყდა და საითკენღაც ბარბაცით გაექანა. ინსტიტუტის ქვით ნაგები თაღები მისმა ღრიალმა შეძრა. - ანაკონდა... ანაკონდა... - აგუგუნდა ექო. - პროფესორი დაიჭირე! - დასჭყივლა ივანოვმა შიშისაგან ერთ ადგილს აცეკვებულ პანკრატს. - წყალი შეასხი... სისხლმა თავში აასხა. თავი XI. ბრძოლა და სიკვდილი ელექტრო შუქში გახვეული მოსკოვი ერთიანად ბრიალებდა. იმ ღამეს ყველა ბინაში შუქი ენთო, ერთ ადგილსაც ვერ ნახავდით, სადაც აბაჟურმომძვრალი ნათურები არ ჩახჩახებდა. მოსკოვის ოთხ მილიონ ბინადართაგან ბავშვების გარდა არავის ეძინა. იმას ჭამდნენ და სვამდნენ, რასაც მოიხელთებდნენ, რაღაცას გაჰყვიროდნენ. სახეშეშლილი მცხოვრებნი ყველა სართულის ფანჯრებიდან ყოველ წუთს თავს ჰყოფდნენ და პროჟექტორებით ერთიანად დახაზულ ცას ასცქეროდნენ. ცაში მალიმალ თეთრი შუქი ინთებოდა, მოსკოვს მკრთალ კონუსებად ეფინებოდა, მერე თანდათან ილეოდა და ქრებოდა. აეროპლანები ძალზე დაბლა გადაიფრენდნენ ხოლმე და მათი გუგუნი განუწყვეტლივ გაისმოდა. ყველაზე უფრო შემზარავი სანახავი ტვერსკაია-იამსკაია გახლდათ. ალექსანდრეს ვაგზალზე ყოველ ათ წუთში შემოდიოდა სატვირთო თუ სხვადასხვა კლასის ვაგონებისგან არეულ-დარეულად შემდგარი მატარებლები, შიგადაშიგ ცისტერნებიც რომ ერია და გაგიჟებული ხალხით იყო შეხუნძლული, ტვერსკაია-იამსკაიაზე ზვავად მომსკდარი ხალხი გარბოდა, შეშლილებივით ავტობუსებისა და ტრამვაის ვაგონებში ეტენებოდნენ, სახურავებზე მიძვრებოდნენ, ერთმანეთს თელავდნენ, ბორბლებქვეშ ცვიოდნენ, ვაგზალში ბრბოს თავზე წამდაუწუმ გაისმოდა შაშხანების საგანგაშო ტკაცა-ტკუცი - სამხედრო ნაწილები ცდილობდნენ, სროლით დაეშოშმინებინათ გადარეული ხალხი, სმოლენსკის გუბერნიიდან მოსკოვს რომ მოაწყდა და რკინიგზის ლიანდაგებზე გამორბოდა. ვაგზალზე წამდაუწუმ წკრიალით იმსხვრეოდა ფანჯრის მინები, კიოდა ყველა ორთქლმავალი. ყველა ქუჩაზე გათელილი პლაკატები ეყარა, ასეთივე პლაკატებს აეჭრელებინა თვალისმომჭრელი ჟოლოსფერი რეფლექტორებით განათებული კედლები. ამ პლაკატებზე რაც ეწერა, ყველამ იცოდა და აღარავინ კითხულობდა. პლაკატები ხალხს ამცნობდა, რომ მოსკოვში სამხედრო მდგომარეობა ცხადდებოდა, პანიკის ამტეხებს სასჯელით ემუქრებოდა და ატყობინებდა, რომ სმოლენსკის გუბერნიისკენ ერთი მეორის მიყოლებით მიემართებოდნენ გაზით აღჭურვილი წითელი არმიის რაზმები. მაგრამ პლაკატები მოგუგუნე ღამეს ვერ გააჩერებდა. ბინებში ხელიდან უცვიოდათ და ემსხვრეოდათ ჭურჭელი, ყვავილის ლარნაკები, გარბი-გამორბოდნენ, კედლის კუთხეებს ეჯახებოდნენ, ჩემოდნებს ტენიდნენ, ბოხჩებს ხსნიდნენ და კრავდნენ ფუჭი იმედით, რომ იაროსლავის ან ნიკოლოზის ვაგზლებში შეაღწევდნენ. მაგრამ ამაოდ ირჯებოდნენ. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ყველა სადგურს ქვეით მეომართა მჭიდრო ალყა ერტყა. იქითკენ ჯაჭვების ჩხარუნით მიემართებოდა ყუთებით გაძეძგილი უზარმაზარი სატვირთო მანქანები. ყუთებზე ჯარისკაცები ისხდნენ, თავზე წვეტიანი მუზარადები რომ ეხურათ და ყოველ მხარეს ხიშტები გაეშვირათ. ამ მანქანებით ეზიდებოდნენ ფინანსთა სახალხო კომისარიატის სარდაფებიდან ამოღებულ ოქროს მონეტების მარაგს და უზარმაზარ ყუთებს, რომლებზეც ეწერა: „ფრთხილად. ტრეტიაკოვის გალერეა“. მთელ მოსკოვში მანქანები დაღმუოდნენ და დაქროდნენ. შორს, ძალზე შორს, ცის კიდურზე, ხანძრის ათინათი თრთოდა და აგვისტოს წყვდიადს ქვემეხთა განუწყვეტელი ზათქი აპობდა. ღამენათევ მოსკოვში, სადაც მთელი ღამე ერთი ნათურაც არ ჩამქრალა, გათენებისას ტორსფენილზე ფლოქვების თქარუნით ტვერსკაიას აუყვა მრავალათასიანი რიგები გველივით გაკლაკნილ ცხენოსანთა არმიისა, გზიდან ყველაფერს რომ იცილებდა. დამფრთხალი ხალხი სადარბაზოში იჭეჭყებოდა, ვიტრინებს აწყდებოდა და მინებს ლეწავდა. მხედართა ხუხ ზურგებზე ჟოლოსფერ ჩაბალახთა წვეროები ფრიალებდა, ხიშტთა წვეტები ცას სერავდა. აზავთებულ-აკივლებული ბრბო თითქოს ერთბაშად გამოცოცხლდა, როცა დაინახა, ცხენებს როგორ მოაგელვებდნენ მხედართა მწკრივები. ტროტუარებზე მდგართ გული მოეცათ და იმედიანად იწყეს მოწოდებათა ძახილი. - გაუმარჯოს ცხენოსანთა არმიას! - გულის გამყინავი ხმით გაჰკიოდნენ ქალები. - გაუმარჯოს! - ბანს აძლევდნენ კაცები. - გაუმარჯოს!! გაგვსრესენ!.. - წიოდნენ სადღაც. გვიშველეთ! - ყვიროდნენ ტროტუარზე მდგარნი. ტროტუარებიდან მწკრივებისკენ მიფრინავდა პაპიროსის კოლოფები, ვერცხლის ფულები, საათები, ვიღაც ქალები ქვაფენილზე შერბოდნენ, ხიფათს არად აგდებდნენ, მხედართა მწყობრს აწყდებოდნენ, უზანგებზე ეჭიდებოდნენ და კოცნიდნენ. ფლოქვთა განუწყვეტელ თქარუნში ხანდახან გაისმოდა ოცეულის მეთაურთა შეძახილი: - სადავეები დაამოკლეთ. სადღაც მხიარულად და დარდიმანდულად მღეროდნენ, ცხენებიდან იცქირებოდნენ მკრთალი სარეკლამო შუქით განათებული სახეები მხედრებისა, ჟოლოსფერი ქუდები გვერდზე რომ მოეგდოთ. იმ მხედართა რიგებს, ვისაც სახე მოუჩანდა, წამდაუწუმ ენაცვლებოდა რიგები უცნაური ჩადრებით პირშებურული უცნაური მხედრებისა, გამყვანმილებიანი ბალონები ზურგზე ღვედებით რომ წამოეკიდათ. მათ უკან მიჰყვებოდა ყრუდ დაგმანული, ვიწრო სათოფურიდან მანათობელი, ტორსფენილის ჩამზნექელი მძიმე მუხლუხა ტანკები. მერე მხედართა რიგები წყდებოდა და რუხ ჯავშანში ჩასმული ავტომობილები გამოჩნდებოდა, გარეთ ისეთივე მილები რომ ჰქონდათ გამოჩრილი და გვერდებზე თეთრი თავის ქალები ეხატა, რომელთა ქვეშ ეწერა: „გაზი“. „ქიმიის ნებაყოფლობითი საზოგადოება“. - გვიხსენით, ძმებო, - გაჰკიოდნენ ტროტუარებზე, - ქვეწარმავლებს დასცხეთ... მოსკოვი გადაარჩინეთ! - ვაშა... ვაშა... ვაშა... - გადაიგრგვინებდა მწკრივებში. განათებულ ღამის ჰაერში პაპიროსის კოლოფები მიფრინავდა და ცხენებზე მსხდომნი კბილებს თეთრად აელვარებდნენ. მწკრივებში ჩაიქროლებდა ხოლმე მოგუდული, გულის გამაწვრილებელი სიმღერა. რა ტუზი, ქალი და რა ვალეტი, გველებს რომ მოვსპობთ, უეჭველია, და გამარჯვებას ჩვენივე ხელით... ხალხის მორევში „ვაშა“ ჩაიგრგვინებდა ხოლმე, რადგან ხმა დაირხა, რომ მწკრივებს წინ მიუძღოდა ცხენზე ამხედრებული, სხვა მხედრებივით შემოსილი, მათსავით ჟოლოსფერჩაბალახიანი, ათი წლის წინ ლეგენდად ქცეული, ამჟამად მობერებული და გაჭაღარავებული მეთაური ცხენოსანთა არმიისა. ბრბო აკივლდებოდა და ცისკენ მიიწევდა მშფოთვარე გულების ოდნავ დამშვიდებული გუგუნი: „ვაშა... ვაშა...“ *    ინსტიტუტი სუსტად იყო განათებული. მომხდარ ამბავთა მხოლოდ ცალკეული ბუნდოვანი და ყრუ გამოძახილი აღწევდა იქამდე. მანეჟის ახლოს ცეცხლოვანი საათის ქვეშ ბათქმა მარაოსავით ერთხელ ჩაიშრიალა. იქ ადგილზე დახვრიტეს ვილხონკაზე ბინის გაძარცვის მცდელობისას დაჭერილი მოროდიორები. მახლობელ ქუჩებში მანქანები ნაკლებად მოძრაობდა, რადგან ყველა მანქანა ვაგზლებისკენ მიემართებოდა. პროფესორის კაბინეტში ერთი ლამპა მქრქალად ანათებდა და სხივთა კონას მაგიდაზე აფენდა. ხელებზე თავჩამოყრდნობილი პერსიკოვი მდუმარედ იჯდა. კვამლი ირგვლივ ფენა-ფენა ეხვია. ყუთში სხივი ჩამქრალიყო. ტერარიუმებში ბაყაყები დუმდნენ, უკვე ეძინათ. პროფესორი არც მუშაობდა და არც კითხულობდა. განზე, მარცხენა იდაყვქვეშ, ვიწრო ზოლად ნაბეჭდი დეპეშების საღამოს გამოშვება ედო, სადაც იუწყებოდნენ, რომ სმოლენსკი ერთიანად იწვოდა, ხოლო მოჟანსკის კვადრატებად დაყოფილ ტყეს არტილერია ჭურვებს უშენდა და ყველა ნოტიო ხრამში მიმობნეულ ნიანგის კვერცხთა ბუდობებს ანადგურებდა. იტყობინებოდნენ, რომ აეროპლანების ესკადრილია ვიაზმასთან ერთობ წარმატებით მოქმედებდა. თითქმის მთელი მაზრა გაზის ჭავლებში გაეხვია, მაგრამ ამ სივრცეებში ადამიანთა მსხვერპლიც აურაცხელი გახლდათ, იმიტომ რომ პანიკის შედეგად მოსახლეობის დაქსაქსული ჯგუფები თავის ნებაზე, ვინ საით, ვინ საით, უგზოუკვლოდ მიემართებოდა, იმის მაგივრად, რომ მაზრები ევაკუაციის წესსა და რიგზე დაეტოვებინათ. იტყობინებოდნენ, რომ კავკასიელთა საგანგებო საკავალერიო დივიზიამ მოჟაისკის მიმართულებით ბრწყინვალედ მოიგო ბრძოლა სირაქლემების გუნდთან, ყველა ერთიანად აჩეხა და სირაქლემის კვერცხების უზარმაზარი გროვები გაანადგურა, თანაც თავად უმნიშვნელო დანაკლისი განიცადა. მთავრობა იუწყებოდა, რომ თუ დედაქალაქიდან ორასკილომეტრიან ზონაში ქვეწარმავლების შეჩერებას ვერ შეძლებდნენ, მაშინ ქალაქის მოსახლეობის მთლიან ევაკუაციას მოახდენდნენ. მუშა-მოსამსახურეებს სრული სიმშვიდე უნდა დაეცვათ. მთავრობა უმკაცრეს ზომებს მიიღებდა, რათა სმოლენსკის ამბავი არ განმეორებულიყო, სადაც რამდენიმე ათასი ჩხრიალა გველის მოულოდნელმა თავდასხმამ ისეთი არეულობა გამოიწვია, იმედდაკარგული მოსახლეობა ერთბაშად აიყარა და გადაიხვეწა, ქალაქში უპატრონოდ მიტოვებული ჩაუმქრალი ღუმელებისგან კი ყველგან ხანძარი გაჩნდა და ქალაქი გადაიწვა. იტყობინებოდნენ, რომ მოსკოვი ექვსი თვის საკმარი სურსათით მაინც იყო უზრუნველყოფილი და მთავარსარდალთან არსებული საბჭო სასწრაფოდ ზრუნავდა ბინების შესაჯავშნად, რათა ქვეწარმავლებთან ქუჩის ბრძოლები გაეჩაღებინათ თვით დედაქალაქის ქუჩებში, თუ წითელი არმიები, აეროპლანები და ესკადრილიები ქვეწარმავალთა შემოსევის შეჩერებას ვერ შეძლებდნენ. პროფესორს ეს ცნობები არ წაუკითხავს, თვალებგაშტერებული სადღაც იცქირებოდა და პაპიროსს ეწეოდა. ინსტიტუტიდან აღარ გადიოდა, თავისი ერთადერთი ჩამქრალი ყუთის მიტოვება არაფრის გულისთვის არ უნდოდა. ინსტიტუტში მის გარდა ორნი იყვნენ - პანკრატი და ეკონომი ქალი მარია სტეპანოვნა. თვალცრემლიანმა მარია სტეპანოვნამ პერსიკოვის კაბინეტში სამი ღამე გაატარა. ახლა კაბინეტის კუთხეში მდგარ მუშამბაგადაკრულ დივანზე იჯდა, თავისთვის რაღაცას სევდიანად ფიქრობდა, ზედადგარზე შემოდგმულ ჩაიდანს უყურებდა და ელოდა, გაზის სანთური წყალს როდის აადუღებდა, რომ პროფესორისთვის ჩაი მიერთმია. ინსტიტუტი დუმდა. ყველაფერი უეცრად მოხდა. ტროტუარიდან უეცრად ხმამაღალი, ბრაზიანი შეძახილები გაისმა. მარია სტეპანოვნამ წამოიკივლა და წამოხტა. ქუჩაში ფარნების შუქი აკიაფდა და ვესტიბულში პანკრატის ხმა გაისმა. პროფესორს ამ ხმაურისთვის ყურადღება მაინცდამაინც არ მიუქცევია, თავი წამით ასწია და ჩაიბურტყუნა: „დახე, როგორ გაშმაგდნენ... თუმცა მე რა უნდა ვქნა?“ მერე თვალები კვლავ გაუშტერდა, მაგრამ მალევე გამოერკვა. ინსტიტუტის რკინით შემოჭედილმა კარმა, გერცენის ქუჩაზე რომ გადიოდა, საშინლად დაიგრიალა და ყველა კედელი შეზანზარდა. მერე მეზობელ კაბინეტში სარკე შუაზე გასკდა. პროფესორის კაბინეტში მინა წკრიალით ჩამოიმსხვრა, ფანჯრიდან რუხი ქვა შემოვარდა და მინის მაგიდა ჩალეწა. ტერარიუმში ბაყაყები ატყაპუნდნენ და აყიყინდნენ. მარია სტეპანოვნა პროფესორისკენ გაექანა, ხელებში ჩაეჭიდა და აყვირდა: „გაიქეცით, ვლადიმერ იპატიჩ, გაიქეცით“. პროფესორი ხრახნიანი სკამიდან წამოდგა, წელში გაიმართა, თითი მოკაკვა, თვალები ძველებურად დააკვესა და ადრინდელ შთაგონებულ პერსიკოვს დაემგვანა. - არსადაც არ წავალ, - თქვა მან, - რა სისულელეა. ისინი გიჟებივით დაძრწიან... მთელი მოსკოვი თუ გაგიჟდა, სადღა უნდა წავიდე. ნუ ყვირით, გეთაყვა. მე რა შუაში ვარ. პანკრატ! - მოუხმო პანკრატს და თითი ღილაკს დააჭირა. ალბათ უნდოდა პანკრატს ამ ალიაქოთისთვის ბოლო მოეღო, რადგან არეულობა ყოველთვის სძულდა. მაგრამ პანკრატს აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. გრიალი იმით დასრულდა, რომ ინსტიტუტის კარი გაიღო და შორიდან რევოლვერის ტკაცატკუცი მოისმა, შემდეგ კი ქვით ნაგები ინსტიტუტი ფეხების ბრაგუნმა, ყვირილმა, ჩამსხვრეულმა მინების წკრიალმა შეძრა. მარია სტეპანოვნა პერსიკოვს სახელოზე ჩაეჭიდა და შეეცადა საითკენღაც წაეთრია, მაგრამ პერსიკოვმა ხელი გააშვებინა და დერეფანში თავაწეული გავიდა. თეთრი ხალათი არ გაუხდია. - რა ამბავია? - იკითხა მან. კარი გაიღო და სამხედრო კაცის ზურგი გამოჩნდა, მარცხენა სახელოზე ჟოლოსფერი შევრონი და ვარსკვლავი რომ მოუჩანდა. იგი უკან იხევდა და რევოლვერს იქით ისროდა, საიდანაც გააფთრებული ბრბო მოიწევდა. მერე ადგილს მოსწყდა, პერსიკოვს გვერდით ჩაურბინა და დაიძახა: - პროფესორო, თავს უშველეთ, მე აღარაფერი შემიძლია. მის შეძახილს მარია სტეპანოვნას კივილი აჰყვა. სამხედრო კაცი თეთრ ქანდაკებასავით აღმართულ პერსიკოვს მოწყდა და მოპირდაპირე მხარეს მიხვეულ-მოხვეული დერეფნების წყვდიადში გაუჩინარდა. ხალხი დერეფანში ყვირილით შემოცვივდა: - დასცხეთ! მოკალით! - ქვეწარმავლები შენ შემოგვისიე! ირგვლივ შეშლილი სახეები, ჩამოფხრეწილი კაბები აირია, ვიღაცამ რევოლვერიც ისროლა. კეტები დატრიალდა. პერსიკოვმა ოდნავ უკან დაიწია, კაბინეტის კარი მიხურა, სადაც შიშისგან თავზარდაცემული მარია სტეპანოვნა დაჩოქილიყო, ხელები ჯვარცმულივით გაეშალა რათა ბრბო შიგნით არ შეეშვა და ბრაზიანად შეჰყვირა: - ეს რა სიგიჟეა... რამ გაგამხეცათ, რა გინდათ? - შემდეგ დასჭექა: - გასწით აქედან! - და ყვირილი ყველასთვის ცნობილი მჭახე შეძახილით დაასრულა: - პანკრატ ყველანი გარეკე! მაგრამ პანკრატს არავის გარეკვა აღარ შეეძლო, იგი თავგაჩეხილი, გათელილი და დანაფლეთებული გაუნძრევლად ეგდო ვესტიბულში. ბრბო კი შიგნით ტალღა-ტალღა მოგორავდა და ქუჩაში მილიციელთა მიერ ატეხილ სროლს არაფრად აგდებდა. ტანდაბალმა კაცმა, მაიმუნივით მოკვანტილი ფეხები რომ ჰქონდა, დახეული პიჯაკი და გვერდზე მოქცეული, გულისპირჩაფხრეწილი პერანგი ეცვა, ყველას დაასწრო, პერსიკოვს მიეჭრა, კეტა გამეტებით ჩასცხო და თავი გაუხეთქა. პერსიკოვი დაბარბაცდა და იატაკზე გვერდულად დამხობილმა უკანასკნელად ამოიძახა: - პანკრატ... პანკრატ... ყოვლად უდანაშაულო მარია სტეპანოვნა კაბინეტში დაფლითეს, სხივჩამქრალი კამერა ნამსხვრევებად აქციეს, ტერარიუმი მიანგრ-მოანგრიეს, გადარეული ბაყაყები გაჟლიტეს და ფეხით გასრისეს, მინის მაგიდები და რეფლექტორები დალეწეს, ერთი საათის შემდეგ ინსტიტუტი გიზგიზებდა, შენობასთან გვამები ეყარა, გვამებს ელექტრო რევოლვერებით შეიარაღებულთა ალყა ერტყა, ხოლო სახანძრო ავტომობილები წყლის ჭავლებს ტყორცნიდნენ ფანჯრებისკენ, საიდანაც ცეცხლის გრძელი ენები გუგუნით მობრიალებდა. თავი XII. ყინულის ღმერთის სრბოლა 1928 წლის 19 აგვისტოს, ღამით, ქვეყანას ისეთმა არნახულმა ყინვამ შემოუტია, ღრმად მოხუცებიც რომ არ მოსწრებიან. ყინვამ ორ დღესა და ღამეს გასტანა და 18 გრადუსს მიაღწია. გაწამებულმა მოსკოვმა ყველა კარ-ფანჯარა ჩაგმანა. მოსახლეობა მხოლოდ მესამე დღის დასასრულს მიხვდა, რომ ყინვამ იხსნა ქალაქი და მისი კუთვნილი უკიდეგანო სივრცეები 1928 წელს მოვლენილი საშინელი უბედურებისაგან. ცხენოსანთა არმიამ მოჟაისკთან მებრძოლთა ორი მესამედი დაკარგა და ძალა გამოელია. საზიზღარი ქვეწარმავლები მოსკოვისკენ დასავლეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან ნახევარწრედ მოემართებოდნენ. მათი წინსვლის შეჩერებას გაზით აღჭურვილი ესკადრილიებიც ვეღარ ახერხებდნენ. ქვეწარმავლები ყინვამ მოაშთო. საზიზღარ არსებათა ქარავნებმა თვრამეტგრადუსიან ყინვას ვერ გაუძლეს, რამაც ორ დღესა და ღამეს გასტანა. ოც აგვისტოს, როცა ყინვამ გადაიარა მიწაზე მარტო გუბეები იდგა, ჰაერში სინესტეღა დარჩა, ხეებზე კი მოულოდნელი ყინვებისგან ჩამომჭკნარი ფოთლები ეკიდა. ბრძოლა აღარავისთან იყო საჭირო, უბედურება დასრულდა. ტყეები, მინდვრები, თვალუწვდენელი ჭაობები ჯერაც სავსე იყო ჭრელაჭრულა კვერცხებით, რომელთა ნაწილს უცნაური, უცხო გამოსახულებები ფარავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულმა როკმა რომ გათუთხნული უწოდა. მაგრამ ეს კვერცხები ახლა სრულიად უვნებელი გახლდათ. ჩანასახები მკვდარი იყო.    თვალუწვდენელ სივრცეებში კიდევ დიდხანს იხრწნებოდა აურაცხელი გვამი ნიანგებისა და გველებისა, რომელთაც სიცოცხლე გერცენის ქუჩაზე გენიალურ თვალებში შობილმა სხივმა მიანიჭა, მაგრამ ეს არსებანი სახიფათონი აღარ იყვნენ. მცხუნვარე ტროპიკების აშმორებულ ჭაობთა ბინადრებმა ყინვას ვერ გაუძლეს, ორ დღეში ამოწყდნენ და სამი გუბერნიის სივრცეები საშინელი სიმყრალით, ზინზლითა და სიმყაყით გაავსეს. ქვეწარმავალთა და ადამიანთა გვამებისგან გამოწვეული ხანგრძლივი ეპიდემიები და მრავალგვარი მოარული სენი კიდევ დიდხანს მძვინვარებდა, არმია გუბერნიებში კიდევ დიდხანს დადიოდა, ოღონდ გაზით კი არა, მესანგრეთა იარაღებით, ნავთის ცისტერნებითა და შლანგებით აღჭურვილი და მიწას წმენდდა. იქაურობა გაწმინდეს და 1929 წლის გაზაფხულისთვის ყოველივე დასრულდა.    1928 წლის გაზაფხულზე მოსკოვი კვლავ გასხივოსნდა, აბრიალდა და გაჩახჩახდა, ქუჩებში ძველებურად დახრიგინებდნენ მექანიკური ეკიპაჟები, ქრისტეს ტაძრის გუმბათის ზემოთ კვლავ თითქოს ძაფზე ეკიდა ნამგალა მთვარე, ხოლო 1928 წლის აგვისტოში დამწვარი ორსართულიანი ინსტიტუტის ადგილას ახალი ზოოლოგიური სასახლე იდგა, რომელსაც პრივატ-დოცენტი ივანოვი განაგებდა. პერსიკოვი აღარსად იყო, მოსაუბრეების წინაშე დამარწმუნებლად მოქანავე მოკაკვული თითი აღარასოდეს გამოჩნდებოდა და წრიპინა ხმას ვეღარავის გაიგონებდა. სხივსა და 1928 წლის კატასტროფაზე მთელი მსოფლიო კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა და წერდა, მაგრამ შემდეგ პროფესორ ვლადიმერ იპატიჩ პერსიკოვის სახელი ბურუსში თშაინთქა და ისევე გაქრა, როგორც თვით მის მიერვე აპრილის ღამეს აღმოჩენილი წითელი სხივი. ამ სხივის ხელახლა მიღება ვეღარ მოხერხდა, თუმცა დახვეწილი ჯენტლმენი, ამჟამად კი ორდინალური პროფესორი პიოტრ სტეპანოვიჩ ივანოვი არაერთგზის შეეცადა. პირველი კამერა გააფთრებულმა ბრბომ გაანადგურა იმ ღამეს, როცა პერსიკოვი მოკლეს. სამი კამერა ნიკოლსკის საბჭოთა მეურნეობა „წითელ სხივში“ დაიწვა ქვეწარმავლებთან ერთად ესკადრილიის პირველივე ბრძოლისას და მათი აღდგენა აღარ მოხერხდა. მინებისა და სარკეებიდან მომდინარე სხივთა კონების შეხამება თითქოს მარტივი იყო, მაგრამ მათი ხელახლა კომბინირება ვეღარ შეძლეს, თუმცა ივანოვი ბევრს ცდილობდა. საამისოდ, ცოდნის გარდა, ალბათ სხვა განსაკუთრებული რაღაც იყო საჭირო, რაც მთელ მსოფლიოში მხოლოდ ერთ კაცს - განსვენებულ პროფესორს, ვლადიმერ იპატიჩ პერსიკოვს გააჩნდა. მოსკოვი, 1924 წელი, ოქტომბერი. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:23pm on ივნისი 14, 2015
  • 1
  • 2
  • 3

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი 0 მოწონება

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 0 მოწონება

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 0 მოწონება

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 1 Like

შუალედური წერა

 

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!