ძმანო და მამანო. აჰა, აღდგომა, დღე საამური, დღე ყოველგვარი მხიარულებისა და სიხარულისა; შემოიქცევა ჟამი და მარადიულად მოგვეახლება აღდგომა ქრისტესი, უფრო კი ყოველდღიურად და მარადჟამს აღსრულდება მათში, რომლებმაც უწყიან ამ დღის საიდუმლო.
აღდგომის დღესასწაულმა სიხარულითა და ლხინით აგვივსო გულები, ერთბაშად გააქარწყლა მან ყოვლადწმიდა მარხვის სიმძიმე ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, სრულყო ჩვენი სულები და ამავე დროს, ნუგეში სცა მათ. ამ დღემ უხმო ყველა მორწმუნეს, რომ ილხენდნენ და აღავლენდნენ სამადლობელს; აწ კი, როგორც ხედავთ, მიიწურა იგი.
ვმადლობდეთ უფალს, ვინც გვიწინამძღვრა მარხვის ზღვაში, ვინც სიხარულით შეგვიძღვა მისი აღდგომის ნავსადგურში. ვმადლობდეთ მას ყოველნი, რომლებმაც მდუღარე სურვილითა და სათნო საქმეებით კეთილად და წადიერად განვვლეთ სარბიელი მარხვისა; ვმადლობდეთ ისინიც, რომლებიც მოვუძლურდით ამგვარ ღვაწლში სულმოკლეობისა და სულიერი სისუსტის გამო; ვმადლობდეთ უფალს, რადგანაც სწორედ ის არის, ვინც საქმეთაებრ უხვად მიმადლებს მხნედ მოღვაწეებს გვირგვინსა და ღირსეულ სამძალს, ხოლო უძლურთ კეთილმოწყალედ და კაცთმოყვრულად მიუტევებს, რადგანაც იგი უფრო იმას ჭვრეტს, თუ რას ესწრაფვის, რას განიზრახავს ჩვენი სული, ვიდრე იმას, თუ როგორ ვიღწვით ხორციელად. როდესაც სათნოებაში ვიწრთობთ თავს, ან ფრიად ვამკაცრებთ ღვაწლს თანახმად სულიერი მოთხოვნილებისა, ანდა გვძლევს ჩვენი სხეულის უძლურება და ვერ ვუტოლდებით მოღვაწეებს, ხოლო უფალი იმ საზომით მოგვიზღავს ყველას, იმ საზომით მოგვანიჭებს სულიწმიდის მადლს, რა საზომითაც გამოვავლენთ ჩვენს გულისწადილს, რადგანაც იგი ზოგ მოღვაწეს სახელს გაუთქვამს და განადიდებს, ზოგ მოღვაწეს კი, ვისაც მართებს უფრო მეტად მკაცრი განწმენდა, სიგლახაკეში ამყოფებს კვლავაც.
ახლა კი ვნახოთ, თუ ისურვებ, რა არის საიდუმლო ქრისტეს, ჩვენი ღვთის, აღდგომისა, რაც იდუმალად აღსრულდება მარადის ჩვენში, რომლებსაც გვსურს ეს. გულდასმით გამოვიკვლიოთ, თუ როგორ დაიფვლება ქრისტე ჩვენში, ვითარცა სამარეში, შემდეგ კი როგორ აღდგება იგი, ჩვენს სულებთან შეერთებული, და როგორ აღგვადგენს ჩვენც მასთან ერთად.
წინამდებარე მსჯელობა ამგვარია:
ქრისტემ, ჩვენმა ღმერთმა, რომელიც “ჯვარსა დამოეკიდა” და რომელმაც ჯვარზე მიალურსმა სამყაროს ცოდვა, იგემა სიკვდილი და ჩავიდა ჯოჯოხეთის უქვემოეს ნაწილში. როდესაც იგი კვლავ აღმოვიდა ჯოჯოხეთიდან, შევიდა თავის უკვდავ სხეულში (რომელსაც ჯოჯოხეთში ჩაშვების დროსაც არანაირად არ განშორებია), მყისვე აღდგა მკვდრეთით და ამის შემდეგ ამაღლდა ზეცად ფრიადი დიდებითა და ძალმოსილებით. მსგავსადვე ხდება ამჟამადაც, როდესაც კი გამოვდივართ ჩვენ სოფლიდან და უფლის ვნებათა მიმსგავსებით შევდივართ სინანულისა და სიმდაბლის სამარეში, იგი თავადი ჩამოდის ციდან, შემოდის ჩვენს სხეულში, ვით სამარეში, უერთდება ჩვენს სულებს და ჭეშმაირტად მკვდრეთით აღადგენს მათ. ოდეს ამგვარად აღდგება ვინმე ქრისტესთან ერთად, მიემადლება მას უფლისაგან, რომ იხილოს სიდიადე ღვთის საიდუმლო აღდგომისა.
ამგვარად, აღდგომა ქრისტესი არის აღდგომა ჩვენი, - ქვე დადებულთა, რადგანაც ის, ვინც, წერილის თქმისებრ, არასოდეს დაცემულა ცოდვაში, ვისაც არანაირად არ უცვლია თავისი დიდება, როგორ აღდგება და იდიდება, - თვით მარადჟამს ზედიდებული და უცვლელად დამკვიდორებული ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა ზედა!?
აღდგომა და დიდება ქრისტესი, როგორც ითქვა, არის აღდგომა და დიდება ჩვენი, რაც იქმნება, რაც ცხადდება და რაც ვლინდება ჩვენს წინაშე, რაჟამს აღდგება უფალი ჩვენში, რადგანაც ერთგზის უკვე ითვისა მან ჩვენი ბუნება და ამიტომაც, ყოველივეს, რასაც ჩვენში იქმს, თვითვე იკუთვნებს; აღდგომა სულისა არის შეერთება ცხოვრებასთან. როგორც სხეული, რომელიც აღარ შეიწყნარებს ცხოველმყოფელ სულს და არ შეერევა მას შეურევლად, უკვე მკვდარია და აღარ ითქმის ცოცხალ სხეულად, ასევე სულიც თავისთავად, განმხოლოებით მოკლებულია სიცოცხლის ნიჭს, თუკი იგი ფარულად და შეურევლად არ შეერთვება ჭეშმარიტად მარადიულ ცხოვრებას, - უფალს. ცოდნისმიერ, ხილვისმიერ და გრძნობისმიერ შეერთებამდე მკვდარია სული, თუმცა ბუნებით გონიერია იგი და უკვდავი; არ არსებობს ცოდნა ხილვის გარეშე, არცთუ ხილვა – გრძნობის გარეშე. ეს ნიშნავს: ჰგიეს ხილვა და ხილვაში ცოდნა და გრძნობა (სულიერთათვის ვამბობ ამას, რადგანაც ხორციელთა შორის გრძნობა არსებობს ხილვის გარეშეც). როგორ შეიძლება ეს გამოითქვას? ბრმა იგრძნობს, ქვაზე ფეხს რომ წამოკრავს, მკვდარს კი არა აქვს ამის გრძნობა. სულიერთა შორის ასე ხდება: ვიდრე გონება არ მიაღწევს ზეშემეცნებით საქმეთა ჭვრეტას, ვერც საიდუმლო მოქმედებას შეიგრძნობს იგი, ხოლო ვინც ამბობს, რომ სულიერი მგრძნობელობა შეიძლება წინ უსწრებდეს ჭვრეტას იმისას, რაც კი გონებას, სიტყვასა და შემეცნებას აღემატება, - ასეთი ვინმე იმ ბრმას ჰგავს, რომელიც თუმცა გრძნობს ყველაფერს, რასაც განიცდის, - კარგსა თუ ბოროტს, - მაგრამ არ იცის, რა აქვს მას ხელში ანდა ფეხებთან, რა არის მისთვის სასიკვდილო, რა – სასიცოცხლო. ვისაც არა აქვს მხედველობის ძალა და გრძნობა, ვერანაირად ვერ შეიგრძნობს, წინ რა მოელის, - ცუდი თუ კარგი. ამიტომ ხშირად ბრმა რომ კვერთხს ასწევს მტრის წინააღმდეგ, მის ნაცვლად თავის მოყვასს ურტყამს, მტერი კი კვლავაც მის თვალწინ დგას და სიცილს აყრის.
ქრისტეს აღდგომა კაცთაგან ბევრს სწამს, მეტად ცოტანი კი არიან, წმიდად რომ ჭვრეტენ ამ აღდგომას. ვინც მხილველობას მოკლებულია, არც ის ძალუძს, თაყვანი სცეს იესუ ქრისტეს, როგორც “წმიდასა” და როგორც “უფალს”. წერილი ამბობს: “ვერვინ შემძლებელ არს თქუმად “უფალო იესუ”, უკუეთუ არა სულითა წმიდითა” (I კორ. 12,3); ასევე, სხვაგან: “სულ არს ღმერთი და თაყუანისცმემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანისცემაჲ (იოანე 4, 24) უმეტესად სამღვდელო სიტყვა, ყოველდღიურად რომ ვიმეორებთ, ამგვარად გვამცნობს: “მხილველნი ქრისტეს აღდგომისა თაყვანსა ვცემთ წმიდასა უფალსა იესუს, მხოლოსა უცოდველსა, “და არა ასე: “მორწმუნენი ქრისტეს აღდგომისა...”. მაგრამ რის გამო გვათქმევინებს ჩვენ სულიწმიდა ზემორე სიტყვებს: “მხილველნი ქრისტეს აღდგომისა”, ისე, თითქოს მართლაც გვეხილოს, რაც არ გვიხილავს. ათასი წლის წინ ერთგზის აღდგა იესუ ქრისტე და მაშინაც მისი აღდგომა ვერავინ ნახა; ნუთუ ის ნებავს წმიდა წერილს, ცრუდ გვითხრას რამე? ნუ იყოფინ! არამედ იმას შთაგვაგონებს, რომ წარმოვთქვათ ჭეშმარიტება: ყველა ჩვენგანში აღსრულდება ქრისტეს აღდგომა, არათუ ერთგზის, არამედ, ვიტყვი ყოველ საათს აღდგება ჩვენში შუქბრწყინვალე მეუფე ქრისტე, ვინც გამოსცემს უხრწნელებისა და ღვთაებრივ სხივებს, რადგანაც მოსვლა ნათელმოსილი სულიწმიდისა საჩინო-ყოფს ჩვენს წინაშე, თითქოსდა ცისკრად, უფლის აღდგომას, უფრო კი იმის მადლს გვანიჭებს, რომ ვიხილოთ თვით უფალი აღდგომამდე. ამიტომ ვამბობთ: “ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ” (ფს. 117,27). ამასთან, მოვასწავებთ რა მის მეორედ მოსვლას, დავძენთ და ვიტყვით: “კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა” (ფს. 117,26). უკეთუ ვინმეს გამოუჩნდება აღმდგარი ქრისტე, გამოუჩნდება მის სულიერ თვალს, როგორც ყოვლითურთ სულიერად სახილველი და რაჟამს ჩვენშიც სულიწმიდით ეს აღსრულდება, მკვდრეთით აღგვადგენს ჩვენ უფალი, გაგვაცხოველებს და მოგვანიჭებს სრულ მხილველობას, რომ თვით არის ცხოველი ჩვენში, თვით უკვდავი და წარუწყმედელი; მოგვანიჭებს იმის მადლსაც, რომ შევიცნოთ იგი თავადი, ვინც მასთანავე აღგვადგენს და თანაგვადიდებს. ამას გვამცნობს მთელი საღვთო წერილი.
აი, ეს არის ქრისტიანთა საღვთო საიდუმლო, აი, ეს არის ჩვენი რწმენის ფარული ძალა, რასაც ვერ ჭვრეტენ ურწმუნონი, ცუდმორწმუნენი თუ სანახევროდ მორწმუნენი. არანაირად არ ძალუძთ მათ ამგვართა ხილვა; ურწმუნონი, ცუდმორწმუნენი თუ სანახევროდ მორწმუნენი მათ ეწოდებათ, სარწმუნოებას საქმეებით რომ არ ცხადყოფენ; საქმის გარეშე სწამთ ეშმაკებსაც; თვით ეშმაკნიც აღიარებენ, რომ ღმერთი არის მეუფე ქრისტე: “გიცნით შენ, ამბობენ, ძეო ღმრთისაო” (შდრ. მარკ. 1,24; მათე 8,29). აგრეთვე სხვაგან: “კაცნი ესე მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი” (საქმე 16,17); ამგვარი რწმენა არას არგებთ არც ეშმაკებს, არც ზემორე ადამიანებს; არაფერია სასარგებლო ამგვარ რწმენაში, რადგანაც მკვდარია იგი, თანახმად მოციქულისა: “სარწმუნოებაჲ თვინიერ საქმეთა მკუდარ არს” (იაკ. 2,26), ისევე, როგორც საქმეებიც – რწმენის გარეშე; და რატომ არის ეს რწმენა “მკვდარი”? რადგანაც მასში აღარ სუფევს ცხოველმყოფელი ღმერთი ჩვენი, რადგანაც იგი არ იმარხავს საუფლო სიტყვებს: “ვისაც ვუყვარვარ, ჩემს მცნებებსაც დაიცავს იგი, და მე და მამა მივალთა მასთან და დავივანებთ” (შდრ. იოანე 14, 21-23), უფლის მოსვლა კი მკვდრეთით აღადგენს მორწმუნეებს, ცხოველყოფს მათ და მხილველობას მიმადლებს ღვთისას, რომელიც აღდგა სწორედ მათში და აღადგინა ისინიც მკვდრეთით. აი, ამიტომ მკვდარი არის უსაქმო რწმენა, უფრო მკვდრები ისინია, რომლებიც ამგვარ რწმენას ფლობენ, ხოლო ის რწმენა, საღვთო რწმენა, მარადჟამს ცოცხლობს და თვით ცხოველი ცხოველყოფს ყველას, ვინც მას იწყნარებს. ამგვარმა რწმენამ ბევრი ვინმე ჯერ კიდევ მანამ ამოზიდა სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ, ვიდრე ისინი მცნებებს სრულყოფდნენ; და რომ ეღვაწათ მცნებათაებრ მათ ამის შემდეგ და რომ დაეცვათ სიკვდილამდე საღვთო მცნებები, თვით იქნებოდნენ დაცულები ამ მცნებათაგან, ისევე, - როგორც უფრო ადრე – მარტოოდენ რწმენით; მაგრამ რადგანაც “გარდაიქმნენ მრუდე მშვილდებად” (ფს. 77,57) და განიგმირენ ძველი ცოდვებით, მყისვე დაღუპეს მათი რწმენა და ვაგლახად განიძარცვნენ ჭეშმარიტი განძისაგან, რომელიც არის ღმერთი ჩვენი იესუ ქრისტე. რომ არ შეგვემთხვეს ჩვენც ამგვარი რამ, ძალისამებრ დავიმარხოთ მცნებები ღვთისა, რათა ვიშვებდეთ ამჟამინდელ და სამომავლო კეთილთა მიერ; ვიტყვი იმასაც, რომ ვეღირსოთ თვით ქრისტეს ხილვას, მას მივეახლოთ ყველა ჩვენგანი მისივე მადლით, დიდება მისდა უკუნისამდე, ამინ.
წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
ძველი ბერძნულიდან თარგმნა
ედიშერ ჭელიძემ
ტეგები: qwelly, ქველი, ქრისტეს აღდგომა, წმინდა წერილი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
© 2026 George.
•