„გეშინია. და თუ ყელს გამომჭრი, ამასაც შიშის გამო ჩაიდენ. კაცი კაცს მხოლოდ იმიტომ ჭრის ყელს, რომ ეშინია. კაცს იარაღი მხოლოდ იმიტომ დააქვს თან, რომ ეშინია. კაცი სიავეს მხოლოდ იმიტომ სჩადის, რომ ეშინია. ბოროტებას ბოროტი კაციც ისევე თვლის უსამართლობად, როგორც კეთილი, და არც ჩაიდენდა, შიშს რომ ლაჩრად არ ექცია. ლაჩარი და ბოროტი ერთი და იგივეა. შიში ყველა ადამიანს დაბადებითვე თან დაჰყვება, მაგრამ ზოგს ჰყოფნის გამბედაობა, თვალი გაუსწოროს თავის შიშს, ზოგს არა. ვისაც არ ჰყოფნის, ის ლაჩარი და უსამართლო ხდება. თანდაყოლილი შიში სიკვდილის შიშია და, ვინც შიშს ბატონად გაიხდის, მას ყველაზე მოსაფრთხილებელი ამქვეყნად თავისი სიცოცხლე ჰგონია. შენ რომ იცოდე, შენი სიცოცხლე იმაზე მეტი არა ღირს, ვიდრე სხვისი, განა მაშინაც მოკლავდი კაცს! ჩვენ ყველანი მშიშრებად კი ვიბადებით, მაგრამ ყველანი ლაჩრები არა ვართ. შენ ლაჩარი გამოდექი და შიშის დაძლევას შიშის დამალვა ამჯობინე, რადგან შიშის დამალვა უფრო ადვილია, ვიდრე შიშის დაძლევა,მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე გადარჩენა, გაძარცვა უფრო ადვილია, ვიდრე დახმარება, წაქცევა უფრო ადვილია, ვიდრე წამოყენება, სიძულვილი უფრო ადვილია, ვიდრე სიყვარული.(!!) შენ შენს თანდაყოლილ შიშს ვერ გაუძელი, ლაჩრად იქეცი და იოლი გზა აირჩიე. შენ ყველაფრის გეშინია, რაც შენს გარეთაა, ამიტომ ცდილობ, რაც შენს გარეთაა, ყველაფერი მოსპო, მაგრამ ეს შეუძლებელია.თავს არ უტყდები,თორემ თავადაც იცი,რომ ეს შეუძლებელია.მთელი ქვეყანა რომ მონად გაიხადო, როგორც შენი სულმდაბალი სიძე გაიხადე მონად,შენს შიშს მაინც არაფერი ეშველება: ნადირს ხომ ვერ გაიხდი მონად,სტიქიონს ხომ ვერ დაჩაგრავ და დაიმორჩილებ,ზვავს ხომ ვერ შეაკავებ,წარღვნას ხომ ვერ დაემალები, ვულკანს ხომ ვერ გაექცევი?ეს კი იცი,მაგრამ გგონია,რომ,თუ შენს საცოდავ შიშს ზემოდან სხვათა სიცოცხლე დააყარე,სხვათა ტანჯვაში, სხვათა ცრემლებში,სხვათა შეურაცხყოფაში,სხვათა უბედურებაში გაახვიე,რაკი ვეღარ დაინახავ,თავსაც მოიტყუებ,ვითომ აღარც არსებობს.მაგრამ შენი მცდელობა მხოლოდ შენს უსუსურობას ადასტურებს.შენ ხომ არაფერი ისეთი არ ჩაგიდენია,რასაც შეგიძლია სიმამაცე უწოდო!შენ ხომ მუდამ მხოლოდ იმას ჩაგრავდი,იმას ძარცვავდი და იმას კლავდი,ვისი დაჩაგვრაც,ვისი გაძარცვაც და ვისი მოკვლაც ადვილი იყო! შენ ხომ ყოველთვის უხიფათო გზას ეძებდი! ეს ციხეც ხომ იმიტომ აირჩიე სადგომად, რომ შენი სიძე ადვილი დასამორჩილებელი გამოდგა! შენზე უფრო ძლიერს რომ გადაეყარო, ხომ მაშინვე სამალავს დაუწყებ ძებნას! შენი შიში ცოცხალია და არ იქნება ერთ მშვენიერ დღეს მთელი ძალით არ ამოხეთქოს, სისხლსა და ხორცში არ გაგიჯდეს და მთელი შენი საცოდავი არსება თხემით ტერფამდის, თმის ძირებამდის შიშად არ აქციოს! მე უიარაღოდ მოვედი აქ, მკვლელებისა და ყაჩაღების ბუნაგში, სადაც უეჭველი სიკვდილი მელოდა, შენ კი ახალუხის ქვეშ დამბაჩა გქონდა დამალული, როცა ეკლესიაში შემოხვედი,თუმცა იცოდი,დაბეჩავებული ხალხი უბატონოდ ხმის გაცემას ვერ გაგიბედავდა.შენ ცდილობ, ყველა მონად გაიხადო, თავად კი საკუთარი შიშის მონა ხარ და მუდამ იმას აკეთებ,რასაც შიში გიბრძანებს. მალე შენი მბრძანებელი ჯურღმულიდან ამოვა,თავზე დაგადგება და თვალს თვალში გაგიყრის. მაშინ ნახავ, რა ყოფილა ის შიში, სხვებისთვის რომ ასე გულუხვად იმეტებდი! ადრე თუ გვიან წინ შეგეყრება და ისეთ ადგილას გიყელებს, გასაქცევი არსაით გექნება. ჯალათი რომ სახრჩობელაზე აგიყვანს და მოქანავე ყულფს დაინახავ, რომელიც წამის შემდეგ კისერზე უნდა შემოგეჭდოს,მაშინ მიხვდები,რომ შიშის მეტი არაფერი ყოფილხარ...შუაღამისას ტყეში რომ მარტოდმარტოს მგლების ხროვა ირგვლივ შემოგეხვევა და ნელ-ნელა დაიწყებს სასიკვდილო წრის შეკვრას, მაშინ მიხვდები, რომ შიშის მეტი არაფერი ყოფილხარ.დილით რომ გაიღვიძებ და დაინახავ,თავზე მკვლელი გადგას,რომლის დამბაჩის ლულა შუბლში გაქვს მობჯენილი, მაშინ დაინახავ,რომ შიშის მეტი არაფერი ყოფილხარ.ღვინით სავსე ჯამის დაცლისას რომ გულ-მუცელი ჩაგეთუთქება და იგრძნობ,თურმე რომელიღაც შენსავ ამხანაგს საწამლავი შემოუპარებია, მაშინ მიხვდები, რომ შიშის მეტი არაფერი ყოფილხარ.ყველაზე დიდი შიში მერე გელის, მას შემდეგ,რაც სიკვდილის შიში მოგკლავს.ყველაზე დიდი შიში მაშინ გელის,როცა შენი ცოდვები მატლებივით დაგეხვევა და შენი სული შვების სამყოფელში შვებას ვერ ჰპოვებს.აი,ამის სათქმელად მოვედი. ახლა შეგიძლია დაუძახო შენს ძაღლებს ან შენს ამხანაგებს, რომლებიც შენს ძაღლებზე უკეთესები არ არიან.

ტეგები: Qwelly, ამონარიდები, ანტონიო, დავითი, ქარჩხაძე, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 2066

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters