17 აგვისტოს, (ძვ. სტ. 4 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს შვიდ ეფესელ მოწამეს!

შვიდი ეფესელი მოწამე, მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე), ანტონინე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      უსჯულო დეკიუსის ზეობისას ცხოვრობდა შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე. წმიდა მაქსიმილიანე ეფესოს ქალაქის თავის ძე იყო, დანარჩენი ექვსი ჭაბუკი კი - სხვა ეფესელ დიდებულთა ვაჟიშვილები. ისინი სიყრმიდანვე მეგობრობდნენ და ერთად მსახურობდნენ. როცა მრისხანე იმპერატორი ეფესოში ჩავიდა, ბრძანა, ყველანი კერპებისთვის მსხვერპლის შესაწირად გამოცხადებულიყვნენ. ბრძანების პასუხად უამრავი ხალხი შეიკრიბა წარმართულ ტაძრებთან. "კუამლსა ბოროტსა შეეცვა ქალაქი იგი, და ბნელსა და არმულსა გებისა მის მათისასა დაეპყრა ქუეყანაჲ, რომელსა-იგი უგებდეს ცუდთა ღმერთთა".

      ის ქრისტიანები, რომლებიც არ დაემორჩილნენ მეფის ბრძანებას, შეიპყრეს და სასტიკ სატანჯველებს მისცეს. მხედრები სამალავებშიც აგნებდნენ მათ, წამებით ხდიდნენ სულს, შემდეგ კი წმიდა ცხედრებს ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ, ციხე-გალავნებზე ჰკიდებდნენ ფრინველთა საჯიჯგნად, მოკვეთილ თავებს ძელებზე აცვამდნენ სხვათა დასაშინებლად... უსჯულოების ზეობის გამო მწუხარებას მოეცვა მართლმორწმუნეები. წუხდნენ ეფესელი ყრმებიც, რომლებიც "ღამის-თევასა და ლოცვასა დადგრომილ იყვნეს". ბოლოს, ჭეშმარიტების მტრებმა ისინიც დაასმინეს - დეკიუსს მოახსენეს: "რომელნი-იგი შორს არიან, მოაახლებ გებად ღმერთთა, და აჰა მახლობელნი შენნი შეურაცხ-ყოფენ მეფობასა შენსა და მცნებათა შენთა".

      განრისხებულმა თვითმპყრობელმა თავისთან მოიხმო მხედრები და უბრძანა, დაუყოვნებლივ შეეწირათ მსხვერპლი კერპებისათვის. მაქსიმილიანემ მეგობრების ნაცვლადაც მიუგო: "გუაქუს ჩუენ ღმერთი ფარული, რომლისა დიდებითა ცაჲ და ქუეყანაჲ სავსე არიან, და მოვართუამთ მას ფარულად მსხუერპლსა აღსარებისა ჩუენისასა და საკმეველსა სულნელსა... ჩვენ ყროლასა მას კუამლისასა შესუარულსა წინაშე კერპთა არ შევწირავთ და გინებათა ეშმაკისათა არა შევავლინოთ სიწმიდ ჱ სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ".

      დეკიუსმა ბრძანა, პატივის აყრის ნიშნად აღმსარებლებისათვის მხედრული სარტყლები შეეხსნათ. მაგრამ არ დაუტუსაღებია ისინი - სალაშქროდ გამზადებულს, იმედი ჰქონდა, რომ სანამ ეფესოში მობრუნდებოდა, ჭაბუკები გონს მოეგებოდნენ და საქციელს შეინანებდნენ.

      მაქსიმილიანემ და მისმა მეგობრებმა ქონება გლახაკებს დაურიგეს, დატოვეს ქალაქი და ოქლონის მთის გამოქვაბულს შეეხიზნნენ - სურდათ, დეკიუსის დაბრუნებამდე განკრძალული ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. ყველაზე უმცროსი მათ შორის - იამბლიქო გლახაკის სამოსელში გადაცმული მიდიოდა ხოლმე ეფესოში და პურს ყიდულობდა. ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს მან შეიტყო, რომ იმპერატორი უკვე დაბრუნებულიყო და მათ ეძებდნენ. მაქსიმილიანემ მოუწოდა მეგობრებს, ნებსით გამოცხადებულიყვნენ სამსჯავროზე, მაგრამ, ღვთის ნებით, შვიდივეს მიეძინა "ტკბილითა სიკუდილითა"; "არა აგრძნეს დაწოლაჲ იგი ძილისა მათისაჲ და გამოსულაჲ სულთა მათთაჲ. და ესრეთ დაიძინეს ქუეყანასა ზედა და შეჰვედრნეს სულნი თჳსნი ღმერთსა". როცა უსჯულო ხელისუფალმა ნეტართა ადგილსამყოფელი გაიგო, ბრძანა, მღვიმის შესასვლელი ქვებით ამოექოლათ, რომ ყმაწვილები შიგ შიმშილითა და წყურვილით ამომწყდარიყვნენ, "რამეთუ ჰგონებდა მეფე და ყოველი ქალაქი, ვითარმედ ცოცხალ არიან წმიდანი იგი". ორმა ფარულმა ქრისტიანმა, საჭურისებმა თევდორემ და ვარგოსმა ლოდებს შორის დაბეჭდილი ლუსკუმა ჩადეს, რომელშიც ორი კალის ფირფიტა იდო წმიდა ყრმათა სახელებითა და მათი ღვაწლისა და სიკვდილის გარემოებათა აღწერით.

      განვლო თითქმის ორმა ასწლეულმა. ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს გამოჩნდნენ მწვალებლები, რომლებიც უარყოფდნენ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას. აი, სწორედ ამ დროს გზადაბნეულთა მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად უფალმა სასწაულის აღსრულება ინება: მისი ჩაგონებით, იმ მიწის მფლობელმა, სადაც ოქლონის მთა მდებარეობდა, ცხოვართათვის ბაკის მშენებლობა განიზრახა. მისმა მონა-მსახურებმა მღვიმის პირთან დახვავებული ქვები და ლოდები გადააგორეს და შესასვლელი გათავისუფლდა. ეფესელმა ყრმებმა ხანგრძლივი ძილისაგან გამოიღვიძეს. მათი სხეულები სრულიად უხრწნელი იყო. წმიდანებმა არც იცოდნენ, თუ რა დრომ განვლო მათი მიძინების შემდეგ და იამბლიქო კიდევ ერთხელ გაგზავნეს ქალაქში პურის საყიდლად. როცა ყრმა ეფესოს მიუახლოვდა, გაოცებამ შეიპყრო: ბჭეებზე ჯვრის ნიში იყო აღმართული; ქალაქში ქრისტეს სახელსაც თავისუფლად წარმოთქვამდნენ... ყოველივე ამან იგი დააეჭვა, გზა ხომ არ ამბნევია, სხვაგან ხომ არ მოვხვდიო, სურდა, ჩქარა მიბრუნებულიყო უკან, მაგრამ როცა პურის გამყიდველებს ვერცხლის დიდი მონეტა გაუწოდა დეკიუსის გამოსახულებით, იგი დააკავეს "ძუელთა მეფეთა საუნჯის" პოვნისა და გადამალვისათვის.

      ნეტარი იმ დროს მიჰგვარეს ქალაქის თავს, როდესაც მასთან ეფესოს ეპისკოპოსი იმყოფებოდა. უსმენდა რა ყრმის დაბნეულ პასუხებს, მან გაიფიქრა: "გამოცხადებაჲ რაჲმე უნებს ღმერთსა ჩუენდა დღეს ჴელითა ამის ჭაბუკისაჲთა", და ქალაქის ხელისუფლებთან და ხალხთან ერთად იამბლიქოს გამოქვაბულისკენ გაჰყვა. მღვიმის შესასვლელთან, ქვების გროვებში მღვდელმთავარმა დაბეჭდილი ლუსკუმა იპოვა, გახსნა და კალის დაფებზე გაკეთებული წარწერები წაიკითხა. ყველამ ერთობლივ ადიდა ღმერთი "და ესრ ჱთ შემართეს ქუაბად და პოვნეს წმიდანი იგი მსხდომარენი სიხარულითა დიდითა ფრიად და პირნი მათნი ბრწყინვიდეს, ვითარცა მზ ჱ". ეპისკოპოსმა, ქალაქის თავმა და ერის სიმრავლემ თაყვანი სცა წმიდანებს, "და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან ღირს-ყვნა იგინი ხილვად დიდებულსა ამას ხილვასა". ყველა ხვდებოდა, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა ნეტარი მარტვილების საუკუნო ძილისაგან გამოფხიზლებით ეკლესიას მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო გაუცხადა. თავად იმპერატორი თეოდოსიც ჩავიდა ეფესოში და ესაუბრა ყრმებს. "შეხედვიდა მათ მეფ ჱ და ადიდებდა ღმერთსა და გული მისი იხარებდა აღსარებითა". საუბრის დროს ყველას თვალწინ უფლის სათნომყოფელებმა "კუალად მიიდრიკეს თავნი მათნი ქუეყანად და დაიძინეს", ამჟამად - საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე. იმპერატორს სურდა, წმიდათა ცხედრებისათვის ოქროს ლუსკუმები შეემზადებინა, მაგრამ იმავე ღამეს ყრმები ძილში ეჩვენნენ მას და უთხრეს: "მიწისაგან აღდგეს გუამნი ჩუენნი და არა ოქროჲსაგან და არცა ვეცხლისაგან. ამისთჳს ადგილსა ჩუენსა, სადაცა ვართ, ქუაბსა მას, მიწასა მას ზედა გჳტევენ ჩუენ, რამეთუ ღმერთმან მიერ მიწით კუალად მერმე აღმადგინნეს ჩუენ".

      მეორედ შვიდი ეფესელი ყრმის ხსენება 4 ნოემბერს აღინიშნება. გადმოცემით, წმიდანებმა ამ დღეს მეორედ მიიძინეს, სხვა ცნობით კი მათ პირველად 17 აგვისტოს მიეძინათ, 4 ნოემბერს კი გამოიღვიძეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 17 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, მოწამე, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 852

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters