XIX საუკუნის 60-იან წლებში რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ის (1855-1881), მიერ ჩატარებულმა ეკონომიკურმა თუ სოციალურმა რეფორმებმა მრავალი დადებითი შედეგი გამოიღო. საგლეხო რეფორმამ ფეოდალურ-ბატონყმური მეურნეობის ნგრევა გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, რუსეთის იმპერიაში, კერძოდ კი საქართველოში, კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარება დააჩქარა. ვითარდებოდა მრეწველობა, შეიქმნა მრავალი სავაჭრო ცენტრი, აშენდა რკინიგზები. საქართველოს ამ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ეკავა სამთამადნო მრეწველობას, რომლის ცენტრად ჭიათურა იქცა.

XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან უწინდელი არგვეთის საერისთავო ცნობილი გახდა, როგორც მანგანუმის საბადოს მდიდარი კერა. ყველაფერი კი 1845 წელს დაიწყო, როდესაც რუსულ „სამთო ჟურნალში" ჭიათურის მანგანუმის შესახებ პირველი სტატია დაიბეჭდა. ჭიათურის მანგანუმის მეცნიერული შესწავლის ფუძემდებლად ითვლება ცნობილი გერმანელი გეოლოგი, აკადემიკოსი ჰერმან აბიხი. 1846 წელს აბიხი, რომელიც კავკასიის გეოლოგიურ შესწავლას აწარმოებდა, ადგილზე გაეცნო მანგანუმის საბადოს და ამის თაობაზე 1849 წელს მეფისნაცვლის კანცელარიას წარუდგინა მოხსენებითი ბარათი. 1858 წელს იმავე „სამთო ჟურნალში" აბიხმა ვრცელი გამოკვლევა გამოაქვეყნა ჭიათურის საბადოზე. გამოკვლევების მიუხედავად ბუნების ეს სიმდიდრე ხელუხებელი რჩებოდა, ვიდრე აკაკი წერეთლის უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით არ დაიწყო ჭიათურის მანგანუმის საბადოს გეოლოგიური გამოკვლევა და შემდეგ უკვე მადნის დამუშავება. 1872 წელს, აკაკის უშუალო თხოვნით, ჭიათურის საბადო შეისწავლა მისმა ახლო მეგობარმა, გეოლოგმა სპირიდონ სიმონოვიჩმა (წარმოშობით სერბ სიმონოვიჩს გეოლოგიის დოქტორის ხარისხი ჰქონდა მოპოვებული). მისი მოხსენების საფუძლველზე კავკასიის სამთო სამმართველომ ჭიათურაში მიავლინა სხვა სპეციალისტებიც, რომლებმაც საბადო დეტალურად შეისწავლეს და შედეგებიც გამოაქვეყნეს.

უცხოელების დაინტერესების მიზნით წერეთელმა სიმონოვიჩთან ერთად ჭიათურის საბადოს შესახებ ბროშურა შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულსა და რუსულ ენებზე. მადნის მოპოვება, მისი ხელსაყრელი ბუნებრივი განლაგების გამო, შესაძლებელი იყო რთული ტექნიკის გარეშე. 1879 წელს მადნის მოპოვების დაწყებამ განაპირობა ჭიათურის სახელით ცნობილი დასახლების (სოფლის?) აშენება, რომელიც მრეწველობის ამ დარგის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა, ქალაქად კი მხოლოდ 1921 წელს გამოცხადდა. შეიძლება ითქვას, რომ მადნის მოპოვების ისტორია თვით ქალაქის ისტორიაცაა. „იქ, სადაც დღეს არც გზაა და არც კვალი, რკინიგზა მოვა, ეს უდაბნო, ჭიათურა, გაშენდება", - წერდა აკაკი.

როგორც ითქვა, მადნის დამუშავება 1879 წელს დაიწყო, როდესაც ჭიათურაში ჩამოვიდნენ კრუპის ქარხნის, აგრეთვე ვესტფალიაში რკინის მაღაროების Gute Hoffnung-ისა და პეტერბურგის სავაჭრო სახლის „ვახტერისა და კომპანიის" წარმომადგენლები და იმავე წელს ამოიღეს 54 ათასი ფუთი მანგანუმი. მანგანუმის დამუშავებაში აგრეთვე ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მეწარმეებიც, მაგალითად, მანგანუმის მომპოვებელი საზოგადოება „იმერეთი", რომელშიც შედიოდნენ მრეწველები: ჩუბინიძე, მოსეშვილი, გამყრელიძე და სხვები. მანგანუმის ამოღება ხდებოდა ძირითადად შორაპნის მაზრაში მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე 126,5 კვ. კილომეტრის ფართობზე. ცენტრი იყო სოფელი ჭიათურა. მთლიანად მანგანუმის მოპოვების აუზი, გარდა ჭიათურისა კიდევ რვა სოფლისაგან შედგებოდა: რგანი, თაბაჩები, მღვიმევი, დარკვეთი, პერევისი, შუქრუთი და ითხვისი.

ჭიათურის მანგანუმის 54 ტონა, რომელიც პირველად იქნა გატანილი მსოფლიო ბაზარზე, გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით და დიდი ინტერესი გამოიწვია ისეთ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა ინგლისი, აშშ, ბელგია, გერმანია და საფრანგეთი. 1889 წელს მოპოვებულ იქნა 3686 ფუთი (60376.68 კგ.); 1890 - 10 468 ფუთი (171465.84 კგ.); 1900 - 40 363 ფუთი (661145.94 კგ.). ამრიგად 21 წლის მანძილზე (1879-1900) მანგანუმის მოპოვება 748-ჯერ გაიზარდა. XIX საუკუნის მიწურულისთვის დიდი მასშტაბით გაჰქონდათ მადანი სამრეწველო ფირმებს: „შუტც და ციმერმანს", პანასიეს, ძმებ ოგანეზოვებს, გ. ემერიკს; ადგილობრივ მრეწველთაგან პ. წულუკიძეს. აგრეთვე მანგანუმის მოპოვებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ინგლისური ფირმები: „გარდნერი", „კიტელი და კომპანია", გერმანული ფირმა „შალკე". 1900 წელს ფრანგულმა ანონიმურმა საზოგადოებამ სოფელ დარკვეთში დაიწყო გამამდიდრებელი ქარხნის აგება. 1914 წლამდე ჭიათურის მადნის უმსხვილესი იმპორტიორი გერმანია იყო, რომელზეც მოდიოდა მთელი ექსპორტის 43%, ინგლისზე - 23%, ბელგიაზე - 14%, აშშ-ზე 6%, საფრანგეთზე - 5%. აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის 90-იანი წლების მიწურულსა და 1900-იანი წლების დასაწყისში მანგანუმის ხვედრითმა წილმა მსოფლიო ექსპორტში 50% მიაღწია, რაც რუსეთში ამოღებული მადნის 75% შეადგენდა. დანარჩენი 25% მოდიოდა ურალზე, დასავლეთ ციმბირსა და სხვა რაიონებზე.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ გამოიწვია მადნის ექსპორტის შეწყვეტა გერმანიაში, იმავე წელს დარდანელის სრუტის დაკეტვამ კი - სხვა ქვეყნებში. ექსპორტის შემცირება აგრეთვე გამოწვეული იყო რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებითა და საქართველოს ხელისუფლებაში მენშევიკური მთავრობის მოსვლით. ამ ტენდენციის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი კი ალბათ ინდოეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში მანგანუმის ახალი საბადოების ექსპლუატაცია იყო. მაგალითად, თუ 1900 წელს მსოფლიოში მანგანუმის მოპოვებაში საქართველოს წილი 54,4% იყო, 1917 წელს ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და 1925 წლისთვის მხოლოდ 18,8% უდრიდა. მდგომარეობა ნაწილობრივ მხოლოდ 1930 წელს შეიცვალა (28,6%).

საქართველოს დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში (1918-1921), კერძოდ კი 1920 წლის ივნისში ჩამოყალიბდა მანგანუმის მადნის საექსპორტო საზოგადოება „ჩემო", რომელმაც ადგილობრივი სააქციო საზოგადოებები გააერთიანა. 1925 წელს „ჩემომ" შეწყვიტა არსებობა და 12 ივნისს მანგანუმის საბადოს კონცესია გადაეცა ამერიკულ ფირმა „ჰარიმანს". ჭიათურაში მანგანუმის გარდა ასევე მოიპოვებდნენ კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების ასაგებად. 1928 წლის აგვისტოში „ჭიათურმანგანუმის" ტრესტი შეიქმნა. საბჭოთა კავშირში მეტალურგიის სწრაფმა განვითარებამ და ექსპორტის ზრდამ ჭიათურის მანგანუმის მეურნეობის ძირფესვიანად გარდაქმნა და ახალი ტექნიკური საჭუალებებით აღჭურვა მოითხოვა. აშენდა მადნის ახალი მომპოვებელი კომპლექსები.

1933 წელს მწყობრში ჩადგა ზესტაფონის ფეროშენადობთა ქარხანა, რამაც მანგანუმის მადანზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაზარდა. 1935 წელს, ჭიათურაში ბურღვა-აფეთქების სამუშაოების გაფართოების მიზნით შემოზიდეს ფირმა „სიმენსშუკერტის" ელექტრობურღები.

მოპოვების შემცირებასთან ერთად პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ჭიათურის მანგანუმის მადნის ხარისხიც. მაგალითად, თუ 1934 წელს მადნის ხარისხი შეადგენდა 43,5%-ს, 1946 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 33,3%-მდე, 1955 წელს კი - 29,7%-მდე. შესაბამისად შემცირდა მაღალი ხარისხის კონცენტრატების გამოსავალი 36,1%-დან 19,4%-მდე. ამასთანავე მანგანუმის რაოდენობა მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად აღემატებოდა მის მოთხოვნებს, რამაც მკვეთრად გაზარდა კონკურენცია ქვეყნებს შორის.

1949 წელს დაიწყო და 1957 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ფართოლიანდაგიანი რკინიგზა, როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მიმოსვლისათვის. ნელ-ნელა მოწესრიგდა ინფრასტრუქტურაც, კერძოდ, 1954 წელს ჭიათურელი კონსტრუქტორის გ. ფანცულაიას თაოსნობით პირველი საბაგირო გზა აშენდა (აღსანიშნავია, რომ მისი უშუალო მონაწილეობით დაპროექტდა მთაწმინდის, დიდუბის, ბორჯომის, აბასთუმნისა და სიგულდის (ლატვია) კიდული საბაგირო გზები).

სამუშაო პირობები

მიუხედავად მადნის მოპოვების ზრდისა ჭიათურის მანგანუმის მრეწველობაში ტექნიკის დანერგვა მეტად დაბალ დონეზე იდგა. შესაბამისად, ეს უბანი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ სამრეწველო ადგილად იყო მიჩნეული. მანგანუმის წარმოება დიდი ხნის განმავლობაში კუსტარულ ხასიათს ატარებდა, ამასთანავე ზოგი საწარმო წმინდა მანუფაქტურული ტიპისა იყო. მადნის ამოღების ზრდასთან ერთად მატულობდა მუშათა რაოდენობა: 1880 წელს - 217; 1896 - 1704; 1900 - 3702 მუშა. მუშათა მდგომარეობა უაღრესად მძიმე იყო. უცხოელი მომპოვებელნი სრულიად არ ზრუნავდნენ მათთვის საბინაო პირობების შექმნაზე. მუშები უმთავრესად ბარაკებსა და ფაცხებში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით აშენდა ყაზარმები, სადაც ერთ ოთახში (ვენტილაციის გარეშე) 15-20 მუშა ცხოვრობდა. მუშები იწვნენ დაფლეთილ ლოგინებში ხის საერთო საწოლებზე, ხოლო სახურავების უვარგისობის გამო ყაზარმებში წვიმა ჩამოდიოდა. ასევე ძალიან ცუდი იყო მუშათა საწარმოო პირობები. მუშებს ყოველ წუთში საფრთხე ემუქრებოდათ გვირაბების მოსალოდნელი ჩამონგრევის გამო. მაღაროებში ძირითადად ხმარობდნენ წერაქვსა და ნიჩაბს. მადნის გამოტანა ხდებოდა ურიკებით, ანდა რონოდებით, რომლებიც მოძრაობაში მოჰყავდათ მუშებს ან ცხენს. 1895 წლამდე, ჭიათურის რკინიგზის შტოს გაყვანამდე, მადნის გადაზიდვა რკინიგზის უახლოეს შორაპნის სადგურამდე საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტით ხდებოდა.

მუშების დიდი ნაწილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ბინის ქირა კი ძალიან ძვირი იყო და ზორჯერ მუშის ხელფასის 2/5 აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ მუშათა შრომის ანაზღაურება თანდათან მცირდებოდა. მრეწველები რკინიგზის მაღალი ტარიფის გამო ხარჯების ანაზღაურების მიზნით ამცირებდნენ მუშათა ხელფასს. 1909 წლისთვის მნგრეველების ხელფასი 1 მანეთსა და 35 კაპიკს შეადგენდა, ხოლო მზიდავებისა - 1 მანეთსა და 20 კაპიკს, გადამჩევლების ხელფასი იყო 50-80 კაპიკი. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ხშირად მუშას სხვადასხვა გადასახადის გამო ხელფასის 20-40% მრეწველისთვის უნდა დაეტოვებინა.

დაბოლოს, აღსანიშნავია ისიც, რომ XIX საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან საქართველოს მრეწველობაში ფეხი მოიკიდა მუშათა ექსპლუატაციის ისეთმა მძიმე ფორმამ, როგორიც იყო ე.წ. „სანარდო სისტემა". მუშები იძულებული იყვნენ დამატებითი საათები ემუშავათ და არსებული ცნობების მიხედვით ჭიათურის მრეწველობაში სამუშაო დღე 16-18 საათს გრძელდებოდა.

ამრიგად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურის მანგანუმის მოპოვების წამოწყება, ზოგადად, XIX საუკუნის ბოლო ათწლეულების რუსეთის იმპერიაში, კერძოდ კი საქართველოში, ეკონომიკური პროგრესის ლოგიკური შედეგი იყო. მეორე მხრივ, რუსეთის ინდუსტრიული ჩამორჩენილობა მის მეტად მოუხერხებელ სახელმწიფოებრივ ბიუროკრატიულ აპარატთან ერთად, არ იძლეოდა ახლად აღმოჩენილი ჭიათურის მანგანუმის სწრაფად და ეფექტიანად დამუშავების საშუალებას. შედეგად, უცხოელი მრეწველების ხელში ჩავარდნილი ჭიათურის მანგანუმის ფასის ხელოვნურად დაწევა მათი ერთმანეთში შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

ნახვა: 279

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters