შეუძლებელია სანატრელი თავმდაბლობის სიმდიდრისა და სიმაღლის გამოთქმა, სრულიად წარმოუდგენელია მისი ბუნების სიტყვებით გადმოცემა. მის გარეგნულ ნიშნებზე კი ძალისაებრ ჩვენი ცოდნისა ვიტყვით.
ახალბედათა ჭეშმარიტი სინანული, ყოველგვარ ბიწიერებას განშორებული გლოვა და ყოვლადწმიდა თავმდაბლობა ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ფქვილი, ცომი და პური. სული შეიმუსრება და დაიფქვება ჭეშმარიტი სინანულით, რომელიც ცრემლთა მშვენიერი წყლით გარკვეული სახით შეერთვის და შეეზილება ღმერთს; შემდეგ კი უფლის მიერ აგიზგიზებული ცეცხლით გამოცხვება და განმტკიცდება აუფუებელი და ამპარტავნებისგან განშორებული სანატრელი თავმდაბლობა.
აი, ამიტომ ეს სანატრელი სამკეცი ჯაჭვი, უკეთ რომ ვთქვათ, ცისარტყელა,[1] ერთ ძალად იკვრება, და ერთია მათი საქმეცა და ძალაც. რასაც ერთზე ვიტყვით, ის მეორესა და მესამესაც ეხება. ამიტომ მათზე მოკლედ ვილაპარაკებ.
სათნოებათა ამ ქველი და დიდებული სამებისთვის დამახასიათებელია: პირველი - ყოველგვარი ლანძღვა-შეურაცხყოფის სიხარულით ტვირთვა და დათმენა. ამ დროს ადამიანს სულიერი ხელი გაშვერილი აქვს ყვედრება-დამცირების, როგორც სულიერ სნეულებათა განმაქარვებელი და დიდ ცოდვათა აღმხოცველი წამლის, მისაღებად და შესატკბობად. ამ სამძალოვანი სათნოების მეორე ნიშანი გულისწყრომის სრული მოკვდინება, გულშემუსვრილება და ყველაფერში საკუთარი თავის დამნაშავედ მიჩნევაა. ხოლო მისი მესამე საფეხური არის საკუთარი სათნოებებისადმი სრული უნდობლობა-ურწმუნოება და სარწმუნოებით სწავლის მიღების გამუდმებული წყურვილი.
“დასასრული სჯულისაჲ” და წინასწარმეტყველთა “ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა” (შდრ. რომ. 10. 4); ხოლო ყოველგვარ უწმინდურ ვნებათა ბოლო არის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება. ამ უკანასკნელთა მკვლელია ეს წმიდა და სანატრელი ირემი (თავმდაბლობა - რედ.), რომელიც თავის მეუღლეს (ვისთან ერთადაც ის ცხოვრობს) ყოველგვარი მომაკვდინებელი გესლისგან იცავს. როგორც კი გულში ბოროტი გველი გამოჩნდება, თავმდაბლობა დაუყოვნებლივ განაქიქებს და მოჰკლავს მას. თავმდაბლობასთან ერთად შუძლებელია იყოს სიძულვილი, ურჩობა, შეკამათება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მართლმორწმუნეობაზე ელაპარაკებიან ურწმუნოებს.
ვინც ამ სანატრელის მეუღლე გახდება, ის ალერსიანი, კეთილი, მოწყალე, მშვიდი და წმიდა იქნება, არ ეცოდინება ნაღველი, იქნება ფხიზელი, გულმოდგინე, და მრავალსიტყვაობა რომ თავიდან ავიცილო, გახდება ყოველგვარი ვნებისგან უვნებელი. ნათქვამია: “სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან,.. და მიჴსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან” (ფსალმ. 135. 23-24), ვნებებისა და ბრძოლებისგან.
თავმდაბალი მონაზონი არ იძიებს იმას, რაც დაფარულია და მიუწვდომელი; ამპარტავანი კი ღვთის სამართალსაც იკვლევს.
ერთ სულიერ მონაზონს პირისპირ გამოეცხადნენ ეშმაკები და ქება დაუწყეს. ყოვლადბრძენმა ბერმა კი უპასუხა: “თუ თქვენ ჩემს ქებას შეწყვეტთ, თქვენი წასვლით მივხვდები, რომ დიდი ვარ; თუ ჩემს ქებას არ შეწყვეტთ, მაშინ თქვენი ქებიდან მივხვდები ჩემს უწმინდურებას, რადგან “საძაგელ არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა” (იგავნი 16. 5). ახლა კი ან განმშორდით, რათა დიდი მეგონოს თავი, ან შემაქეთ და თქვენით მოვიპოვებ სიმდაბლეს”. ეშმაკები გააოცა ამ ორმხრივმა სიბრძნემ, დამარცხდნენ და გაუჩინარდნენ.
ძმაო, ნუ იქნება შენი სული ის ჭა, რომელიც ზოგჯერ სიცოცხლის წყალს აღმოაცენებს და ზოგჯერ დიდებისმოყვარეობისა და სიამაყის სიცხისგან შრება; არამედ იყოს შენი სული წყარო უვნებობისა, რომელიც გამუდმებით გულშემუსვრილების წყალს წარმოადენს.
იცოდე, საყვარელო: “ღელეთა განამრავლონ იფქლი” (ფსალმ. 64. 13) და სულიერი ნაყოფი.
“ღელე” თავმდაბალი სულია, რომელიც შეურყევლად და აღუზევებლად შრომისა და სათნოების მთებს შორის არის მოქცეული.
არ მიმარხულია, არ მიფხიზლია, არც მიწაზე მძინებია, არამედ “დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე” უფალმა (ფსალმ. 114. 6).
სინანული სულს აღადგენს და აღამაღლებს, ცრემლები ცის კარზე რეკს, ხოლო თავმდაბლობა ამ კარს აღებს. მე კი ვიტყოდი: თაყვანს ვცემ სამგვაროვნებას ერთარსებით და ერთარსებას სამებით.
მზე ყოველივე ხილულს ანათებს, ხოლო თავმდაბლობა ყოველგვარ სათნოებას განამტკიცებს.
სინათლე რომ არ არსებობდეს, ყოველივე ბნელი იქნებოდა. თავმადაბლობა რომ არ არსებობდეს, ჩვენი შრომაც ფუჭი იქნებოდა.
არსებულ მიწებს შორის მხოლოდ ერთადერთმა[2] იხილა ერთხელ მზე. არსებობს ერთი აზრი, რომელიც მრავალგზის შობს სიმდაბლეს.
მხოლოდ ერთადერთ დღეს გაიხარა ქვეყნიერების ყოველმა მკვიდრმა.[3] ასევე, თავმდაბლობაა ერთადერთი სათნოება, რომელსაც ეშმაკები ვერ იჩემებენ.
სხვაა სიამაყე, სხვაა - არ გაამაყდე და სხვაა - თავმდაბლობა. პირველი ყოველთვის სხვას განიკითხავს, მეორე არავის განიკითხავს, მათ შორის, არც საკუთარ თავს; ხოლო მესამე უდანაშაულოა და მაინც ყოველთვის საკუთარ თავს განიკითხავს.
სხვაა თავმდაბლობა, სხვაა - მოღვაწეობა თავმდაბლობის მოსაპოვებლად, და სხვა - თავმდაბალთა ქება. პირველი სრულყოფილებს ახასიათებთ, მეორე - ჭეშმარიტ მორჩილებს, ხოლო მესამე - მორწმუნეებს.
ვინც შინაგანად არის თავმდაბალი, მას ვერც საკუთარი ბაგეები გაქურდავს; რადგან რაც საგანძურში არ ძევს, მას ვერც კარიდან გაიტანენ.
სანამ ცხენი მარტოა, თავი სწრაფი ჰგონია; აი, როცა ასპარეზზე გავა, მაშინ მიხვდება თავის უძლურებას.
კურნების დასაწყისის მანიშნებელია, როცა ადამიანი არ ამაყობს იმით, რაც ბუნებრივად აქვს მიმადლებული.[4] ადამიანი ვერ შეიგრძნობს სურნელებას, ვიდრე სიამაყის სიმყრალეს ყნოსავს.
ყოვლადწმიდა თავმდაბლობამ თქვა: “სანამ ჩემი მოყვარული ჩემი თანაზიარი გახდება, არავის განიკითხავს, არც ეკამათება, არც დიდება სწადია, არც უფროსობა სურს. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემი თანაზიარი გახდება, “მართალსა სჯულ არა უც” (1 ტიმოთე 1. 9).
ერთ მონაზონს სანატრელი თავმდაბლობის მოპოვება ეწადა. მივიდნენ მასთან ეშმაკები და მის გულში ქება დათესეს. სანატრელმა მათ დასამარცხებლად ხერხს მიმართა და თავისი კელიის კედლებზე უმაღლესი და უდიდესი სათნოებების სახელები დაწერა, როგორიცაა: სრულყოფილი სიყვარული, ანგელოზებრივი თავმდაბლობა, წმინდა ლოცვა, გამოუთქმელი სიწმინდე და ამის მსგავსნი. როცა ქების აზრები ეწვეოდა, ამბობდა: “აბა, მივიდეთ სამხილებელ ადგილას!” მივიდოდა კედელთან, წაიკითხავდა სათნოებათა სახელებს და თავის თავს მიმართავდა: “ჰოი, საწყალო, ყოველივე ეს რომც მოიპოვო, მაინც შორს იქნები ღვთისგან. ჯერჯერობით არც ერთი მათგანი გაქვს და როგორღა ამაყობ?”
თუ რაში მდგომარეობს ძალა და არსი ამ მზისა, ამის თქმა არ ძალგვიძს, ხოლო მისი მოქმედებიდან, თვისებიდან და ჩვეულებიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელის რაობაზე მცირედს მოგახსენებთ.
თავმდაბლობა ღვთიური საფარველი და საკუთარი სათნოებების ვერ ხედვაა.
თავმდაბლობა გულშემუსვრილების უფსკრულია, რომელსაც სულიერ ნაყოფთა მპარავნი ვერ ძარცვავენ.
თავმდაბლობა არის “გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა” (ფსალმ. 60. 4).
“არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უშჯულოებისამან (ანუ გულისთქმამ)ვერ შესძინოს ვნებად მისა” (ფსალმ. 88. 23); და მოსრას “პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი” დაამხოს (ფსალმ. 88. 23).
ზემოხსენებულთა გარდა სხვა ნიშნებიც არსებობს, რითაც საკუთარ სულიერ სიმდიდრეს სცნობს ის, ვისაც სულში სანატრელი თავმდაბლობა მოუპოვებია. ზემოხსენებულთა დანახვა და გამოთქმა ადამიანს ძალუძს, მაგრამ ის, რაც თავმდაბალი ადამიანის სულში ხდება, ენით აღუწერელია.
სანატრელი თავმდაბლობის შენში დამკვიდრებას მაშინ სცნობ, როცა გული ენით უთქმელი სინათლით აღივსება და ლოცვისადმი აღუწერელი ტრფიალება დაგეუფლება. მაგრამ თავდაპირველად გულში არავის უნდა განიკითხავდე რამე ცოდვისა თუ ცთომილებისა გამო. ამის წინამორბედი კი ამპარტავნებისა და დიდებისმოყვარეობის სიძულვილია.
ყველა, ვისაც სულით ჭეშმარიტად შეუცნია საკუთარი უძლურება, ნაყოფიერ მიწაზე თესავს. სადაც ამგვარად არ თესავენ, იქ ვერც თავმდაბლობა აყვავდება.
ვისაც საკუთარი უძლურება შეუცნია, მას ღვთის შიში მოუპოვებია, და დადის რა ღვთის შიშით, სიყვარულის ბჭესაც მიაღწევს.
თავმდაბლობა სასუფევლის ბჭეს წარმოადგენს, რომელსაც მასთან მისული ადამიანი სასუფეველში შეჰყავს. ვფიქრობ, ამაზე ამბობდა უფალი: ამ კართან მისული ამა სოფელში უშიშრად “შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს” (იოანე 10. 9), და მდელოც სამოთხის განსასვენებელში.[5]
ყველა, ვინც სამონაზვნოდ სხვა კარით შემოვიდა, ქურდია და ავაზაკი.
ვისაც თავმდაბლობის მოპოვება გვსურს და გვწადია, საკუთარ თავს დავუკვირდეთ: თუ ვნახავთ, რომ მთელი სულითა და გულით გვსურს, მოყვასი ჩვენზე უკეთესი და პატივცემული იყოს, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ახლოს არის ღვთის წყალობა.
როგორც შეუძლებელია თოვლისგან ცეცხლის დანთება, ისევე შეუძლებელია მწვალებელთა შორის თავმდაბლობის პოვნა.
ეს სათნოება მხოლოდ მართლმორწმუნეებს ხელეწიფებათ, თანაც იმათ, ვინც წმიდა და ღვთისმოყვარეა.
ბევრნი ვამბობთ, რომ ცოდვილები ვართ, და, შესაძლოა, ასეც ვფიქრობთ; მაგრამ გულის სიმდაბლე მაინც სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფით გამოიცდება.
ვინც ამ აუღელვებელ ნავსაყუდელში შედის, დაე, დაუცხრომლად მანამ ეძიოს შეურაცხი და მდაბალი საქმეები, სიტყვები, ზრახვები, ძალისხმევა, ადგილი და ცხოვრების წესი, სანამ ღვთის შეწევნით აღნიშნული საქმეების საშუალებით ამპარტავნების მარადმღელვარე ზღვას დააღწევს თავს და სულის ნავს სამშვიდობოს გაიყვანს. ვინც თუნდაც მარტო ამ ბოროტებას განერიდება, მას მეზვერის მსგავსად დანარჩენი ცოდვებიც მალე მიეტევება.
ზოგიერთისთვის ძველი ცოდვები შენდობის შემდგომაც კი მუდამჟამ დამდაბლების მიზეზს წარმოადგენს და მათი საშუალებით ბოროტი ამპარტავნების ქედს მუსრავს. სხვები ქრისტეს ვნებებს იხსენებენ და მიიჩნევენ რა თავს მის მოვალედ, სიმდაბლეში იმყოფებიან. სხვები ყოველდღიურად ჩადენილი ცდომილებებით მუსრავენ გულს; სხვები მოწეული განსაცდელებისა და სნეულებათა საშუალებით იტკბობენ სათნოებათაA დედას; არიან ისეთებიც (ამჟამად თუ არსებობენ, არ ვიცი), რომლებიც ღვთის მადლით რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, მით უფრო იმდაბლებენ თავს, მსგავსი სიმდიდრის უღირსად თვლიან თავს და მიიჩნევენ, რომ დღითი დღე ვალს ვალზე უმატებენ. აი, ეს არის თავმდაბლობა, ნეტარება და სრულყოფილება.
თუ ნახავ ან გაიგებ, რომ ვინმემ მცირე ხანში მიაღწია უვნებობის სიმაღლეს, დარწმუნებული იყავი, რომ ამას არა რომელიმე სხვა, არამედ ამ სანატრელი მოკლე და უტყუარი გზით მიაღწია.
აი, დიდებული მეუღლეები - თავმდაბლობა და სიყვარული. პირველი ადამიანს აღამაღლებს, ხოლო მეორე ამაღლებულის დაცემას არ დაუშვებს, რადგან “სიყუარული არა სადა დაეცემის”.
სხვაა გულშემუსვრილება, სხვა - საკუთარი თავის ცოდნა და სხვა - თავმდაბლობა.
დაცემა შობს გულშემუსვრილებას. ვინც ეცემა, შეიმუსრება, სანაქებო ურცხვობით ძრწოლით დგება ლოცვაზე, უძლურივით ეყრდნობა სასოების კვერთხს და ამ კვერთხით სასოწარკვეთილების ძაღლს იგერიებს.
თავის შეცნობა საკუთარი ძალების სწორად შეფასებაა, მსუბუქი ცოდვების გამუდმებული ხსენება და კვლევაა.
თავმდაბლობა ქრისტეს უხილავი სწავლებაა, რომელიც ღირსთა სულებში უხილავად მკვიდრდება და რომლის სიტყვებით გამოთქმაც ენას არ შეუძლია.
ვინც ამბობს, რომ ამ ნელსაცხებლის სურნელი მცირედ მაინც უგრძვნია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შექებისას მცირეოდენ უტოკავს გული ან ქების სიტყვები სიამოვნებს, თავს ნუ იტყუებს და აღიაროს, რომ სრულიად შემცდარია.
მსმენია, ერთი კაცი მხურვალე გულით რომ ამბობდა: “ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ“ (ფსალმ. 113. 9); ამ უკანასკნელმა იცოდა, რომ ჩვენი ბუნება თავისით ქებისგან თავს ვერ დაიცავდა უვნებლად. ასევე ამბობდა: “შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა” (ფსალმ. 21. 26), ანუ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში, და იქ მისვლამდე შენმიერი ქება ამა სოფლისა არად, უფრო მეტიც, მავნებლად შემირაცხავს.
თუ უდიდესი ამპარტავნების ნიშანია ის, როცა დიდების მოხვეჭის მიზნით ისეთ სათნოებებს იჩემებენ, რომლებიც არ გააჩნიათ, მაშინ უდიდესი თავმდაბლობის გამოხატულებაა ის, როცა ისეთ დანაშაულს გვაბრალებენ, რომელიც არ ჩაგვიდენია, ჩვენ კი თავს არ ვიმართლებთ და ვიბრალებთ კიდეც მას.
ამგვარად მოიქცა ის, ვინც ყველი და პური აიღო ხელში, თავისი კელიის კართან ძელზე დაჯდა და მსგავსი სიმდაბლე აჩვენა. სიწმინდის სხვა მუშაკმა კი სამოსელი შემოიძარცვა და ვნებისგან თავისუფალი ქალაქში მიმოდიოდა.
ასეთები ყურადღებას აღარ აქცევენ, აბრკოლებენ თუ არა სხვებს, რადგან ლოცვით ყოველთა უხილავად დარწმუნების ძალა აქვთ მიღებული.
ვინც პირველზე ზრუნავს, ის მეორის ნაკლებობას ამჟღავნებს. სადაც ღმერთი მზადაა თხოვნათა შესასრულებლად, იქ ჩვენთვის ყოველივეა შესაძლებელი.
ძმებო, გვერჩივნოს, ღმერთს ვაამოთ, და არა კაცთა. ღმერთს ძლიერ ახარებს, როცა ხედავს, რომ ამაო სიამაყის დათრგუნვისა და ალაგმვის მიზნით კაცთაგან შეურაცხყოფას ვეძიებთ.
მსგავს სიკეთეთა მომტანია ჭეშმარიტი უცხოობა. ახლობელთა შეურაცხყოფისა და დამცირების ტვირთვა ძალიან დიდ ადამიანებს ხელეწიფებათ.
საყვარელო, ნუ გაგაკვირვებს ჩემი ნათქვამი! არ არსებობს ადამიანი, ერთი ნაბიჯით კიბის თავში რომ ასულიყოს.
“ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ” ქრისტეს მოწაფეები ვართ, როცა არათუ ეშმაკები დაგვემორჩილებიან, არამედ როცა ჩვენი სახელები დაიწერება “ცათა შინა” სიმდაბლისა (შდრ. ლუკა 10. 20).
უნაყოფობა თურინჯის ხის რტოებს მაღლა სწევს. როცა ხე მსხმოიარეა, მაშინ რტოები ქვემოთ აქვს დახრილი. ვინც გულისყურით კითხულობს ამ სიტყვებს, მის აზრსაც ჩასწვდება.
ამ სანატრელ კიბეს ღმერთმა ოცდაათი, სამოცი და ასი საფეხური უბოძა. უკანასკნელ საფეხურზე სრულყოფილნი ადიან, შუაზე - მოღვაწენი, ხოლო პირველზე ასვლა ყველას შეუძლია.
ვინც საკუთარ შესაძლებლობებს აცნობიერებს, თავის ძალას აღმატებულ საქმეს არ ხელჰყოფს და სანატრელი თავმდაბლობის გზით მიდის.
როგორც ქათამს ეშინია არწივისა, ისე თავმდაბალს - სიტყვის შებრუნებისა.
ბევრი შესულა სასუფეველში წინასწარმეტყველების, ნიშნებისა და სასწაულების გარეშე, მაგრამ საქორწილო წვეულებაზე ვერავინ შევა თავმდაბლობის გარეშე.
პირველის მცველი მეორეა, ხოლო პირველის გამო მეორე ხშირად გაუჩინარებულა ქარაფშუტებში.
უფალმა ამგვარად ჩვენი დამდაბლების მიზნით განაგო. მეორის მსგავსად (თავმდაბლობის მსგავსად - რედ.) სხვა ვერავინ ხედავს საკუთარ წყლულებს. ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენ კი არ ვიყოთ ჩვენივე თავის მოძღვარნი, არამედ სულიერი მწყემსი ვიყოლიოთ, და როცა წყლულებისგან განვიკურნებით, მადლობა ვუთხრათ ღმერთსა და მოძღვარს.
თავმდაბალ ადამიანს ყოველთვის ისე სძულს საკუთარი ნება, როგორც მაცდური, და თავს უცოდინრად მიიჩნევს. აი, ამიტომ, რაც უმჯობესია, მდაბლად ითხოვს ღვთისგან და ღვთის შეწევნით სარწმუნოებით სწავლობს სიკეთეს.
თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მორჩილია, ყურს უგდებს სხვათა უმჯობეს რჩევას, არასდროს ენდობა თავს და თავის საზრუნავს მიანდობს უფალს, რომელმაც ბალაამის ვირიც კი აალაპარაკა. და მან თუნდაც რომ ყოველივე ღვთისთვის აკეთოს და თქვას, მაინც არ ენდობა საკუთარ გონებას, რადგან, რამდენადაც ამპარტავანს უმძიმს, სხვას ჰკითხოს რჩევა, იმდენად თავმდაბლისთვის რთულია, მიენდოს საკუთარ თავს.
ვფიქრობ, ცოდვით წარუტაცებლობა მხოლოდ ანგელოზებს ახასიათებთ. პავლეც კი, უდიდესი მიწიერი ანგელოზი, შემდეგს ამბობდა: “არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები. ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს” (1 კორინთ. 4. 4). აი, ამიტომ ყოველთვის საკუთარი თავის განკითხვა და დადანაშაულება გვმართებს, რათა ნებით დამდაბლებულნი უნებურ ცოდვებს განვერიდოთ. ასე თუ არ მოვიქცევით, სიკვდილის ჟამს მათ გამო დიდ გვემაში აღმოვჩნდებით.
ვინც ღვთისგან რამეს ითხოვს და თავს უღირსად მიიჩნევს, უფრო მეტს მიიღებს. ამის მოწმეა მეზვერე, რომელმაც ცოდვათა შენდობა ითხოვა და განმართლდა.
ავაზაკმა მხოლოდ სასუფეველში მოხსენიება ითხოვა და მთელი სამოთხე დაიმკვიდრა.
როგორც არ არსებობს ქვეყნად დიდი და პატარა ცეცხლის ბუნება, ერთია მათი ბუნება და მცირე ნაკვერცხლსაც ისეთივე თვისება აქვს, როგორიც დიდ ღუმელს, ისე ჭეშმარიტი სიმდაბლე, სადაც კი დამკვიდრდება, ცოდვის ყოველგვარ ნივთს სპობს.
ვიდრე ნებით ვცოდავთ, ის ჩვენთან ვერ იქნება. იცოდა უფალმა, რომ სხვისი მაგალითით სული მდაბლდება. ამიტომ აიღო არდაგი და თავმდაბლობის სახე და გზა თავად გვიჩვენა, ვინაიდან სული საქმეთა მიმბაძველია: როგორიცაა საქმეები, ისიც ისეთივეა.
უფროსობა ერთ-ერთი ანგელოზისთვის ამპარტავნების მიზეზი გახდა, თუმცა მთავრობა მას ამისთვის არ ებოძა.
სხვაა საყდარზე მჯდომი ადამიანის გონება და სხვა - სკორეში მჯდომი დავრდომილისა. ალბათ, ამიტომ, იჯდა რა ქალაქგარეთ ნაგავსაყრელზე, მოიპოვა სრული თავმდაბლობა მართალმა იობმა და სულიერი მეცნიერებით თქვა: “ამისთჳის განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად” (იობი 42. 6).
კაცთა შორის ყველაზე დიდ ცოდვილად მანასე მიმაჩნია, რომელმაც ღვთის ტაძარი და სამსხვერპლო კერპებით შებილწა. თუნდაც რომ მთელ ქვეყანას ემარხულა მისთვის, მაინც არ იქნებოდა ეს საკმარისი შენდობის მისაღებად; მაგრამ უკურნებლის განკურნება თავმდაბლობამ შეძლო.
დავითი ღმერთს მიმართავს: “უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა”, მაგრამ მარხვისა “საკუერთხი არა გთნდეს”, “მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი” (ფსალმ. 50. 18-19).
“შევსცოდე უფალს”, - მრუშობისა და კაცისკვლის გამო ღაღადყო სანატრელმა სიმდაბლემ, და მეყვსეულად ესმა: “უფალმანცა მიგიტევნა ცოდვანი შენნი” (2 მეფეთა 12. 13).
სანატრელმა მამებმა თავმდაბლობისკენ მიმავალ გზად შრომა დაასახელეს. მე კი მორჩილებასა და გულის სიწრფელესაც დავურთავდი. ეს უკანასკნელნი თავიანთი ბუნებით სიამაყის მოწინააღმდეგენი არიან.
თუ ამპარტავნებამ ზოგიერთი ანგელოზი ეშმაკად აქცია, მაშინ თავმდაბლობასაც შესძლებია ეშმაკის ანგელოზად გარდაქმნა. ამიტომ დაცემულნი არ მიეცნენ უიმედობას.
შევეცადოთ, ძმებო, და ყოველ ძალისხმევას მივმართოთ, რათა საწადელი თავმდაბლობის თავამდე ავმაღლდეთ. თუ თავს ვერ ვწვდებით, მაშინ მის მხარზე მაინც დავსხდეთ. თუ მხრებამდე ასვლაც არ შეგვიძლია, მაშინ ვეცადოთ, მისი მკლავიდან მაინც არ ჩამოვვარდეთ; რადგან ვინც იქიდან ვარდება, არც კი ვიცი, საერთოდ თუ მოიპოვებს რამე საღმრთო მადლს.
თავმდაბლობის საძირკველი და გზა (მაგრამ არა მისი ნიშნები) არის: უპოვარება, უცხოება, სიბრძნის დაფარვა, მოწყალების თხოვნა, კეთილშობილი წარმომავლობის დამალვა, კადნიერების განდევნა, მრავლისმეტყველებისგან განდგომა. სხვა ვერაფერი დაამდაბლებს სულს, როგორც ის, როცა საამაყოდ მიზეზი გვაქვს და ჩვენ კი ხორციელი დიდებისგან უკანმოუხედავად გავრბივართ. სწორედ მაშინ წარმოჩნდება ჩვენი ღვთისმოყვარეობა.
როცა რამე ვნებას შეებრძოლები, მშვენიერი თავმდაბლობა შემწედ წაიყვანე და მაშინ “ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი” (ფსალმ. 90. 13), ანუ ცოდვასა და სასოწარკვეთილებას უჩინარჰყოფ, ხოლო ეშმაკსა და ვეშაპს (რაც არის ხორცი) ქრისტეს ძალით დათრგუნავ.
თავმდაბლობა სულის ცოდვათა უფსკრულიდან ცამდე ამყვანებელი კიბეა.
მავანმა იხილა რა მისი მშვენება თავის გულში, გაკვირვებამ შეიპყრო. ჰკითხა მშობლის სახელი. მან კი მხიარული და გაბრწყინებული სახით მიუგო: “როგორ გაიგებ ჩემი მშობლის სახელს, როცა საკვირველი და უსახელოა ის. არ გეტყვი მის სახელს, ვიდრე შენში არ დამკვიდრდება ღმერთი, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.
წყლისა და წყაროს დედა უფსკრულია, ხოლო გონიერებისა და განსჯისა - თავმდაბლობა.
-------------------------------------------------------------
[1] - სიკეთისა და მადლის მრავალფეროვნების გამო თავმდაბლობას ცისარტყელას უწოდებს.
[2] - გულისხმობს იმ მიწას, რომელიც მოსეს მიერ მეწმული ზღვის განპობით გამოჩნდა, ასევე ისუს მიერ იორდანეს განპობით გამოჩენილ მიწას.
[3] - ეს ერთი დღე ნოეს კიდობნიდან გამოსვლის დღეა.
[4] - ბუნებრივ სიკეთეში გულისხმობს: წარჩინებულ გვარიშვილობას, ხელმარჯვეობას, სწავლის ნიჭს, მშვენიერ ხმასა და ლამაზ გარეგნობას.
[5] - იგულისხმება შემდეგი: ვინც ქრისტეს მსგავსი სიმდაბლით შეუდგება მონაზვნობას, ის რიგიანად შედის და გამოდის საწუთრო ცხოვრებიდან და პოვებს საძოვარს _ საღმრთო განსვენებას.
წყარო: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=arti...
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა luckylucky_მ.
თარიღი: მაისი 7, 2025.
საათი: 10:27am
0 კომენტარი
0 მოწონება
At JTpackage, we are committed to providing our customers with the highest quality packaging solutions. As one of the leading manufacturers of POF Shrink Film , we understand that quality and precision are paramount. That’s why we extend a warm invitation to businesses to visit our Jiuteng Factory, where…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and Humanitarian Issues
During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•