ხვალიდან იწყება დიდი მარხვა და აბა თქვენ იცით, როგორ ვაჟკაცურად შეებრძოლებით იმ უხილავ მტრებს, რომელთაც მორწმუნეები ასე შეიგრძნობენ. და თუ გვინდა ღირსეულად ვიმარხულოთ, დავიწყოთ იმით, რომ დღეს შევუნდოთ ერთმანეთს ყველაფერი. საერთოდ იცოდეთ, არც სიძვისათვის თავის დანებებაა ისე ძნელი, არც ლოთობისათვის, გაცილებით ძნელია იმ წყენის დავიწყება, რაც სხვისგან მოყენებული შეურაცხყოფით ჩასახლდა ჩვენში. ქრისტიანობა კი სულ იმას მოგვიწოდებს, არაფრით არ ჩავიდოთ ასეთი წყენა გულში, არ განვიმსჭვალოთ სიძულვილით არავისადმი. თუ კაცი შინაგანად ვერ პატიობს სხვას წყენას, მის ქრისტიანობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთ ადამიანს არ გააჩნია არც ქრისტიანობა და არც სარწმუნოება. რადგან ადამიანს თუ რწმენა აქვს, მან იცის, როგორი საშინელებაა ჯოჯოხეთი და ვერავისაც ვერ გაიმეტებს მისთვის. ადამიანი ჯოჯოხეთში კი სწორედ ცოდვათა მიუტევებლობით იგზავნება. სწორედ ამაზე არის საუბარი დღევანდელ სახარებაში:

       - თუ არ მიუტევებთ ერთმანეთს შეცოდებებს, არც მე მოგიტევებთ მათ.

       კაცი მაშინაა მორწმუნე, სხვისი სიხარული როცა ახარებს. ხოლო თუ იგი შურით ივსება, როცა სხვას აქებენ, სწყინს სხვისი კარგი, მაშასადამე, ბოღმაც აქვს გულში და ვერ დაუვიწყებია იგი. ახლა ასე ამბიონიდან საუბარი უფრო იოლია, ვიდრე წყენის დავიწყება. ჩვენც არა ვართ ასეთი ცოდვისაგან დაზღვეულენი, მაგრამ ღვთის შემწეობით მოდით ყველა ერთად შევეცადოთ ამის გაკეთებას და ამოვიგდოთ გულიდან ეს ვნება.

       ხშირად იმის მაგივრად, რომ გავიზიაროთ სხვისი მდგომარეობა განკითხვებს ვუბრუნდებით. ამასთან დაკავშირებით მინდა გიამბოთ ერთი ამბავი. ერთხელ მონასტერში სტუმრად მისულმა ბერმა ხარბად იწყო ჭამა და ცოტა სული რომ მოითქვა, მიხვდა რა განკითხვაშიც ჩააგდო ბერები. მაშინ გაანდო მათ, რომ ექვსი დღის ნაშიმშილები იყო. თითქოს უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ ბევრის მთქმელი. ამიტომ უნდა შევიკავოთ თავი განკითხვისაგან. ხომ ყოფილა ასეც, ტაძარში შარვლით შემოსულ გოგონას რომ მივვარდნილვართ და მკაცრად განგვიკითხავს ასეთი საქციელისთვის. განა სწორია ეს?! ხომ ხდება ისეც, რომ ასეთი ადამიანი მერე მონასტერშიც წასულა და მონაზონიც გამხდარა. დღეს თუ არ იცის მან, რომ ასე შესვლა არ შეიძლება ტაძარში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს თავს მივცეთ უფლება ასე მკაცრად მოვეპყრათ მას. ამიტომ გვმართებს მოთმინება და დაფიქრებაც, სანამ რამეს ვიტყოდეთ, უნდა გავიაზროთ ამ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და ვუთანაგრძნოთ. ბევრს არ შეუძლია მარხვის შენახვა. არც ეს უნდა გავიხადოთ განკითხვის საბაბად. ჩვენ ხომ არ ვიცით ამ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. გარეგნულად შესაძლოა ეს ადამიანი ძლიერად გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად ის არ არის ალბათ მომზადებული იმისთვის, რომ ეშმაკს შეებრძოლოს. ამიტომ ნუ განვიკითხავთ ნურავის.

       მარხვა ნიშნავს საკვების ზოგიერთი კატეგორიიდან თავის შეკავებას და საერთოდ ბრძოლას საკუთარ ვნებებთან. ერთხელ ერთმა მოძღვარმა იქადაგა მარხვა არ ნიშნავსო საკვებისაგან თავის შეკავებას და ეს მისი სიტყვები ზოგმა პირდაპირ გაიგო. საერთოდ ყველაფერი უნდა გავიაზროთ და ისე გავაკეთოთ. საკვებისაგან შეიძლება იმ ადამიანმა არ შეიკავოს თავი, რომლისათვისაც ეს კერძი უკვე აღარ წამოადგენს ვნების საგანს, ჩვენ კი დაცემული ადამიანები, თუ მარხვისას საკვებს არ შევიზღუდავთ, უარეს ვნებებში ჩავვარდებით. ზოგს მარხვის შენახვა იმიტომ არ უნდა, რომ ჰგონია დაავადდება. ასეთებს მინდა ვუთხრა, რომ ყოველგვარი ავადმყოფობა ღვთისგან მოდის და არა საკვების შეზღუდვისგან. მეც მახსოვს ყმაწვილკაცობაში ისეთი სუსტი ვიყავი, გაძლიერებულ კვებაზე ვყავდი მშობლებს. მერე ხელში ჩამივარდა წიგნი, სადაც ამოვიკითხე, რომ ავადმყოფობა მაშინ ეგზავნება ადამიანს, როცა ცოდავს სჩადის და არა უჭმელობით. ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი, რადგან მაშინ არ მქონდა ასეთი სარწმუნოება, მაგრამ მერე რომ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და მარხვებიც დავიჭირე, ვნახე, რომ ძალა უფრო მომეცა, ვიდრე მომაკლდა. ასე რომ, ტყუილად იმიზეზებენ ავადმყოფობას მარხვისას. მორწმუნე ადამიანს მოძღვარმა უნდა დაუდგინოს, როგორ იმარხულოს. მხოლოდ მარხვისას და ლოცვისას შეიგრძნობს ადამიანი ღმერთს.

       ახლა რაც შეეხება პატიებას. ადამიანი საიქიოში რომ ხვდება, სასაცილოდაც არ ჰყოფნის ის, რამაც აქ ასე გაანაწყენა. ვისაც ჯარში უმსახურია, იმათთვის გასაგებ ამბავს მოვყვები. იქ ხშირად ხდება ასეთი წყენის გულში ჩადება. ვინმე გაგამწარებს, გადაგეკიდება და ეს ისე გარისხებს, გგონია, ჯარის გავლის შემდეგ მოკლავ ამ კაცს. მაგრამ დრო რომ გადის და შემთხვევით კვლავ ხვდები მას, ისეთი სიხარული გეუფლება, სიცილით იგონებ იმ წყენას. ეს იმიტომ, რომ შინაგანი განწყობა გაქვს უკვე სხვანაირი. ასეა სასუფეველშიც. აქაური აღარაფერი გეჩვენება იმ დონის, ვინმე რომ ჯოჯოხეთისთვის გაიმეტო. საერთოდ ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება სასუფევლის დამკვიდრებისათვის მზადების პერიოდია.

       ერთ ამბავსაც გიამბობთ გასამხნევებლად. ერთ კაცს თავისი თანაკლასელი შემოაკვდა ხელში და მისმა ქმარმა რომ მოინდომა მისთვის სამაგიეროს გადახდა, ფეხებში ჩაუვარდა ასეთი სიტყვებით:

       - მაპატიე, ძმაო, ნუ დამიობლებ ჩემს ოთხ შვილს. მე ისიც მეყოფა, ასეთი საშინელება რომ ჩავიდინეო.

       და თქვენ წარმოიდგინეთ, კაცმა დასძლია საკუთარი გრძნობები და შეუნდო მკვლელს. უფრო მეტიც, თვითონ აიღო თავის თავზე ეს მკლელობა, მის მაგივრად ჩაჯდა ციხეში. 11 წელი მიუსაჯეს. მთელი ამ ხნის მანძილზე მისთვის მხოლოდ ქრისტე და ღვთისმშობელი არსებობდა და ციხეშიც მათი შემწეობით უკეთებდა ყველას სიკეთეს. ის-ის იყო გავიდა ეს წლები და ციხეში ვიღაცამ მოკლა ვიღაც და იმის მკვლელობაც თავის თავზე აიღო. ახლა 12 წელი მიუსაჯეს. ასე გაატარა მან 23 წელი კატორღაში და ბოლოს სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, მღვდლის მოყვანა ითხოვა. მოუყვანეს, ჩააბარა აღსარება და ბოლოს ეუბნება მღვდელს:

       - ნახე მამაო, ღვთისმშობელი და დავით მეფსალმუნე მოვიდნენ. რა ტკბილად უკრავსო დავითი.

       მიხვდა მაშინ მღვდელი, როგორ უმწიკვლო პიროვნებასთან ჰქონდა საქმე და არ დაუმალავს, რომ თვითონ ვერაფერს ხედავდა.

       ხედავთ, თვითონ ღვთისმშობელი შეეგება ამ კაცს იმქვეყნად მიმავალ გზაზე და ეს იმ მიმტევებლობის გამო, რომელიც მას გააჩნდა.

       არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი როგორ პირობებში იცხოვრებს, ციხეშიც კი, თუ იგი ინარჩუნებს სიწმინდეს, გარაცვლილს თვითონ უფალი და ღვთისმშობელი შეეგებება.

       წარმოიდგინეთ რა აპატია მან თანაკლასელს. ჩვენ კი რა ვერ გვიპატიებია ერთმანეთისთვის?! აქაო და მეზობელმა ხე მოჭრაო, ან ინდაური მომიკლაო, ლამის სასიკვდილოთაც კი გავიმეტოთ იგი. მოდით, შევუნდოთ ერთმანეთს ყველაფერი. მითუმეტეს, რომ თქვენთვის მეუღლე არავის მოუკლავს, მხოლოდ სიტყვით გაუნაწყენებიხართ. განა ღირს ამისთვის ჯოჯოხეთისთვის გავიმეტოთ ადამიანი?

       ერთ ამბავსაც გიამბობთ. ერთი მორწმუნე ქალს მეძავობა დასწამეს. იგი ისე გაამწარა ამან, ღმერთს მთელი ღამე ევედრებოდა თანასოფლელთა დასჯას. დილით გარეთ რომ გამოვიდა, სოფელი მიწასთან გასწორებული დახვდა. მაშინ კი მიხვდა, რა გააკეთა და ჩავარდა საშინელ სინანულში. მთელი დარჩენილი ცხოვრებაც იმის ლოცვა-ვედრებაში გაატარა, ღმერთს რომ შეენდო ადამიანებისათვის ეს ცოდვა და დაემკვიდრებინა ისინი სასუფეველში. მორწმუნე ადამიანს უსმენს ღმერთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვისი დაღუპვა ვითხოვოთ. ღმერთი კი ისმენს ჩვენსას, მაგრამ მერე, იმქვეყნად ამ დაღუპული ადამიანთა სულებისთვის ჩვენვე მოგვეთხოვება პასუხი. ამიტომ როცა ვიღაცა სცოდავსა, კი ნუ დავწყევლით მას, პირიქით, ილოცეთ, რომ ღმერთმა შეუნდოს. მერწმუნეთ, ეს უფრო მეტია ღვთის წინაშე, ვიდრე ის, რომ ვამხილოთ იგი. ასე რომ ვილოცოთ, შევუნდოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს შეცოდებანი ჩვენნი. ღმერთმა ინებოს საქართველოს სულიერი ამაღლება და ბედნიერება.

ამინ!

 

ნახვა: 101

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.





Rising Tensions and Humanitarian Issues

During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters