ჯონ გოლზუორთი - აკმე

   ნიჭიერ კაცს ჩვენს დროში შიმშილით სული არ ამოხდება. ქვემოთ მოთხრობილი ამბავი, რომელიც ჩემს მეგობარ ბრუსს შეემთხვა, ამის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს. იგი სამოცი წლის იქნებოდა, როცა პირველად გავიცანი. ამ დროისთვის უკვე თხუთმეტიოდე წიგნის ავტორი გახლდათ, რომლებმაც ერთ მუჭა მცოდნეთა წრეში „გენიოსის“ სახელი დაუმკვიდრეს. იგი ადელფის უბანში ცხოვრობდა იორკის ქუჩაზე, სახლში, რომელიც უფრო იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ მისი სადარბაზო შესასვლელი არასოდეს იკეტებოდა. ორი ოთახი ეკავა ბოლო სართულზე, სადაც მორყეულ კიბეს ავყავდით. დარწმუნებული ვარ, ასეთ მეორე მწერალს ვერსად იპოვიდით. იგი სულაც არ დაგიდევდათ, რას ფიქრობდა მასზე ხალხი და სავსებით უგულებელყოფდა პრესის აზრს. მაგრამ ეს არ ჰგავდა იმ მწერლის დამოკიდებულებას პრესისადმი, რომელიც აღმოცენდება ხოლმე საკუთარ თხზულებებზე კრიტიკის კითხვის შედეგად – კრიტიკულ წერილებს იგი სულაც არ კითხულობდა. სინამდვილეში, ეს უფრო მოხეტიალე სულისა და ჩვენს ცივილიზაციაში უცხოდ მოხვედრილი ახირებული კაცის უგულებელყოფას წააგავდა, თვეობით ხეტიალის ეშხით რომ მზად იყო, სხვენის სართული მიეტოვებინა და შინ მხოლოდ გამოსაზამთრებლად და წიგნის დასაწერად დაბრუნებულიყო. ბრუსი თხელ-თხელი, ტანმაღალი კაცი გახლდათ, სახით ოდნავ მარკ ტვენს ჰგავდა: ზევით აზიდული შავი, დაფანჩული წარბები; ჭაღარა, ძირს დაშვებული მეჩხერი ულვაში და ჭაღარავე აჩეჩილი თმა ჰქონდა. თვალები კი – მუქი თაფლისფერი, სულში ჩამწვდენი და სევდიანი – ჭოტს მიუგავდა და მის დაღარულ სახეს რაღაც უჩვეულო გამომეტყველებას ანიჭებდა, თითქოს მწერლის სული სრულიად უცხოა მისი დამატყვევებელი სხეულისთვისო. ჩემი მეგობარი უცოლოდ შემორჩენილიყო და, ჩანდა, კიდეც გაურბოდა ქალებს. მგონია, ყოველთვის წარმატება ჰქონდა ქალებში და ბოლოს, ეტყობა, „ჭკუა ისწავლა“.

   იმ წელიწადს, როცა ეს ამბავი მოხდა, ჩემი მეგობარი საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდა. ან რა გასაკვირია? ჩვენს საუკუნეს სულაც არ ადარდებდა ის საკითხები, რომელთა მიმართაც ბრუსი გულგრილობას ვერ იჩენდა. მისი უკანასკნელი წიგნი სავსებით ჩაფლავდა. ამას ზედ დაერთო ოპერაცია, რაც ძვირად დაუჯდა და ძალზეც მიასავათა. ოქტომბრის ერთ დღეს მის სანახავად რომ მივედი, ერთმანეთზე მიდგმულ ორ სავარძელში ჩასვენებულიყო და ბრაზილიურ სიგარეტს აბოლებდა, რომელიც ძალიან მოსწონდა, ჩემზე კი ძალიან ცუდად მოქმედებდა – სიმინდის მოყვითალო ფურცელში გახვეული სიგარეტები ძალიან შავი და მაგარი იყო. ბრუსს მუხლებზე ბლოკნოტი ედო, გარშემო კი ქაღალდის ფურცლები ეყარა. ოთახს უბადრუკი იერი დაჰკრავდა. წელიწადზე მეტი არ მენახა მეგობარი, მან კი ისე შემომხედა, თითქოს მხოლოდ წინა ღამით დავშორდით ერთმანეთს.

– გამარჯობა! – მომესალმა იგი, – წუხელ კინოა თუ რაღაც ეშმაკები იქ გახლდით. ოდესმე ყოფილხართ კინოში?

– როგორ თუ ვყოფილვარ? იცით, რომელი წლიდან არსებობს კინო? დაახლოებით ათას ცხრაასიდან.

– ნუთუ? დიდი სასეირო რამეა! მინდა გუშინდელი სურათი გავამასხარაო.

– როგორ თუ გაამასხარავო?

– უბრალოდ: პაროდია უნდა დავწერო. ეს იქნება ყველაზე დიდი მონაჩმახი, რაც კი ოდესმე წაგიკითხავთ.

იგი ძირს დაგდებულ ფურცელს დასწვდა, გადაათვალიერა და ჩაიხითხითა.

– ჩემი პაროდიის გმირი ქალი, – დაიწყო მან, – ოქტორუნია. მას ვნებით მიბნედილი თვალები აქვს და ტურფა მკერდი უღელავს. ყველა მის დასაკუთრებას ესწრაფვის, მაგრამ – ამაოდ! მისი კდემამოსილება ენით აუწერელია. ქალის ცხოვრება უამრავი ფათერაკითაა აღსავსე. ეპიზოდები, როცა იგი ბეწვზე უსხლტება სიკვდილს, შიშით ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ და თმას ყალყზე დაგიყენებთ. ქალს ერთი ავარა, თავზეხელაღებული ძმა ჰყავს, რომელმაც დის რაღაც საშინელი საიდუმლო იცის. მას უნდა ამით ისარგებლოს და საკუთარი და ერთ მილიონერს მიჰყიდოს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე საშინელ საიდუმლოებას ფარავს. ერთი სიტყვით, პაროდიაში სულ ოთხი ბნელით მოსილი საიდუმლოა. პირდაპირ შემაძრწუნებელი ამბებია!

– რა ტყუილუბრალოდ ფლანგავთ დროს, – შევნიშნე მე.

– დროს? – გაჯავრებით წამოიძახა მან. – რა თავში ვიხლი ნეტავ ამ დროს, სულ ერთია, ჩემს წიგნებს მაინც არავინ ყიდულობს.

– ვინ გივლით ახლა თქვენ?

– ექიმები! მათ მარტო ფულის დაცინცვლა იციან და მეტი არაფერი. მე კი სულ ჯიბეგამოფხეკილი ვარ. მაგრამ ამაზე არ ღირს ლაპარაკი, – თქვა მან, იატაკიდან კიდევ ერთი ფურცელი აიღო და ისევ ჩაიხითხითა.

– წუხელ იქ უჩვენებდნენ (ღმერთო დიდებულო, რას არ მოიგონებენ!), როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მატარებელი და ავტომობილი. ჰოდა, მეც ერთმანეთს ავტომობილი, აეროპლანი და ცხენი გავაჯიბრე.

ყურები ვცქვიტე.

შეიძლება, თქვენს პაროდიას გადავხედო, როცა დაამთავრებთ? – ვკითხე მე.

– უკვე მოვრჩი, ორიოდე საათში დავწერე. ნუთუ ფიქრობთ, ასეთ სისულელეს რამდენიმე დღეს მოვანდომებდი? – მან ფურცლები ერთად შეკრიბა და გამომიწოდა. – აი, ინებეთ. ცოტა გული გადავაყოლე ამის წერას. იცით, გმირი ქალის საიდუმლოება ისაა, რომ მის ძარღვებში ზანგის წვეთი სისხლიც არ ურევია. იგი აღმოჩნდება ქ-ნი დელა კასე – წმინდა სისხლის სამხრეთელი კრეოლი, ხოლო ის არამზადა სულაც არაა მისი ძმა. მილიონერიც ნამდვილი მილიონერი არ გამოდგება. ბოლოს გამოირკვევა, რომ ნამდვილი მილიონერი ყოფილა ქალის ადრინდელი სატრფო, რომელიც მანამდე ყველას ჯიბეგაფხეკილი ეგონა. უნდა მოგახსენოთ, სწორედ დიდებულია!

– გმადლობ, – მივუგე მშრალად და ხელნაწერი ჩამოვართვი. გულდამძიმებული დავშორდი მეგობარს. მაფიქრებდა მისი ავადმყოფობა, უფრო კი მისი ფულადი გაჭირვება, რადგან ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა დაეღწია თავი ამ მძიმე მდგომარეობიდან.

   იმ საღამოს, სადილობის შემდეგ, უხალისოდ შევუდექი პაროდიის კითხვას. ოცდათხუთმეტგვერდიანი ხელნაწერის ორი ფურცელიც არ მექნებოდა გადაკითხული, რომ აღელვებისგან ზეზე წამოვიჭერი, მერე ისევ დავჯექი და სულმოუთქმელად ჩავიკითხე. პაროდიაო? ღმერთო ჩემო! ჩემ წინ სრულყოფილი სცენარი იდო, ანუ, უფრო სწორად, უბრალო პროფესიული გაშალაშინების შემდეგ სრულქმნილი გახდებოდა. აღფრთოვანებამ შემიპყრო. ეს პაროდია ნამდვილ ოქროს ზოდს წარმოადგენდა, თუ ჭკვიანურად გამოვიყენებდით. დარწმუნებული ვიყავი, არც ერთი განთქმული კინოკომპანია ასეთ ლუკმას ხელიდან არ გაუშვებდა. დიახ! დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ როგორ შევდგომოდი საქმეს, რა მეღონა? ბრუსი ერთი ახირებული ვინმე გახლდათ, უნდო და ველური – ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა. აბა, მარტო ის რად ღირდა, რომ კინო ახლახან აღმოაჩინა! რომ მეთქვა, თქვენი პაროდიიდან შესანიშნავი ფილმი გამოიჭრება-მეთქი, ვიცი, წამოიძახებდა: ღმერთო ჩემო, რა სისულელეაო, და რა ძვირფასიც უნდა ყოფილიყო, ბუხარში შეუძახებდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ავტორის თანხმობის გარეშე, როგორ გამეყიდა სცენარი, თუ ბრუსს ჩემს განზრახვას არ გავუმჟღავნებდი მე კი სულითა და გულით მეწადა, დავხმარებოდი, ცოტაოდენი ფული მაინც ეშოვა. თუ ვიყოჩაღებდით, ამ სცენარს შეეძლო ბრუსი კარგა ხნით უზრუნველეყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფასდაუდებელი სამუზეუმო რამ ნივთი მჭეროდეს ხელში და ახლა ფეხის წაბორძიკება კმაროდა, რომ იგი ნამსხვრევებად ქცეულიყო. უცებ გამახსენდა, რა კილოთი ლაპარაკობდა ბრუსი კინოზე: – დიდი სასეირო რამეაო! – ფულის საკითხშიც მუდამ უშნო ამპარტავნობას იჩენდა ხოლმე. ჰოდა, განა შემეძლო მის დაუკითხავად გამეყიდა სცენარი? მართალია, ვიცოდი, გაზეთებს არასოდეს კითხულობდა, მაგრამ ეს გარემოება მაინც ვერ გაამართლებდა ჩემს ნაბიჯს. გამეყიდა სცენარი და დამედგა ფილმი ისე, რომ ამის თაობაზე ხმა-კრინტი არ დამეძრა მასთან? რამდენიმე საათი ვუტრიალე ამ საკითხს, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე და მეორე დღეს ისევ ვეწვიე ბრუსს. იგი რაღაცას კითხულობდა.

– ა, ისევ თქვენა ხართ? გამარჯობა. მართლა, რას ფიქრობთ თეორიაზე, თითქოს ეგვიპტის კულტურა საჰარის ძველი ცივილიზაციის ნამსხვრევიაო?

– არაფერსაც არ ვფიქრობ, – მივუგე მე.

– მტკნარი სისულელეა. ეს ვაჟბატონი ვარაუდობს...

მე შევაწყვეტინე.

– დაგიბრუნოთ პაროდია, თუ ნებას მომცემთ დავიტოვო?

– პაროდია? რა პაროდია?

– აი, გუშინ რომ მომეცით.

– ოჰ, ისა? შეგიძლიათ ბუხარს შეუკეთოთ. დიახ. იმას გეუბნებოდით, ეს ვაჟბატონი-მეთქი...

– კეთილი, ცეცხლში შევუძახებ, – ვთქვი მე. – ვხედავ, არა გცალიათ.

– ოჰ, სრულებითაც არა! არაფერი საქმე არა მაქვს, – მომიგო მან. – რა გამოდის წერით! ყოველი ახალი წიგნი სულ უფრო და უფრო ნაკლებ შემოსავალს მაძლევს. ლამის სიღატაკეში ამომხდეს სული.

– იმიტომ, რომ ხალხის გემოვნებას აინუნშიც არ აგდებთ.

– რა ვქნა, როცა არ ვიცი, ხალხს რა მოსწონს.

– თქვენ არც გსურთ, გაიგოთ. მე გასწავლიდით, რა გზით შეიძლება ხალხის გულის მონადირება და ფულის შოვნა, მაგრამ ვიცი, კინწისკვრით გამაგდებთ.

   უცებ, კინაღამ წამომცდა: აი, მაგალითად, ჯიბეში უკვე მიდევს თქვენი ოქროს ზოდი-მეთქი, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე. ამჟამად რისკის გაწევა არ ღირს, – გავივლე გუნებაში, – მთავარია, რომ სცენარი ხელთა მაქვს Carte blanche - cartes serrees!. 

   ოქროს ზოდი ისევ შინ წავიღე, ჩავუჯექი და მალე სცენარად ვაქციე. ამას იოლად გავართვი თავი, რადგან მოთხრობა თითქმის არ გადამიკეთებია. ნამდვილი თავსატეხი მერე გამომიჩნდა: წამეწერა თუ არა მისი გვარი? საქმე ისაა, რომ თუ კინოკომპანიას ხელმოუწერელ სცენარს წარვუდგენდი, უავტორო ნაწარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ჰონორარი გვერგებოდა. ხოლო თუ ბრუსის გვარს დავაწერდი, მცირე ვაჭრობის შემდეგ, ორჯერ მეტ ფულს დავცინცლავდი. კინოს ხალხს, რა თქმა უნდა, ბრუსის სახელი არც ექნებოდათ გაგონილი, მაგრამ ვიწრო ლიტერატურულ წრეში კი, უდავოა, იცნობდნენ და, მოგეხსენებათ, რა შთაბეჭდილებას ახდენს დროულად ჩართული ფრაზა: „გენიოსის კალამს ეკუთვნის“. მაგრამ ასეთი ნაბიჯი სახიფათო გახლდათ, ამიტომ საშუალო გზა გამოვნახე. გადავწყვიტე კინოკომპანიისთვის მიმეტანა ხელმოუწერელი სცენარი, მაგრამ ლაპარაკში დავძენდი, – ერთი გენიოსი მწერლისაა-მეთქი, და თანაც დავარწმუნებდი, რომ ასეთი ინკოგნიტო, პირიქით, უფრო მეტი მოგების საწინდარი იქნებოდა. კარგად ვიცოდი, კინოს მუშაკები ერთი თვალის გადავლებით მიხვდებოდნენ, მართლაც ნიჭიერ სცენართან რომ ჰქონდათ საქმე.

   მეორე დღესვე ერთ ცნობილ კინოკომპანიას მივუტანე ხელნაწერი პატარა ბარათითურთ: „ავტორს, ცნობილ ნიჭიერ მწერალს, გარკვეული მიზეზების გამო არ სურს თავისი ვინაობის გამომჟღავნება“. კომპანია ორი კვირის განმავლობაში ყალყზე იდგა, მაგრამ ბოლოს მაინც მოვახრევინე ქედი. სხვა გზა არ ჰქონდათ: სცენარი თავისთავად უნაკლო რამ იყო. ახლა მთელი კვირა ჰონორარზე ვვაჭრობდით. ორჯერ წავუყენე ულტიმატუმი და ორჯერვე მოვდრიკე: კარგად უწყოდნენ, რა ლუკმაც ჩაუვარდათ ხელში. შემეძლო ხელშეკრულება ორი ათას გირვანქა სტერლინგზე დამედო, რასაც ვადის დასრულების შემდეგ კიდევ ორი ათასი გირვანქა დაემატებოდა, მაგრამ ამჯერად მე დავთმე და ნაღდ სამი ათას გირვანქა სტერლინგზე შევუთანხმდი იმ ანგარიშით, რომ ბრუსს ეს უფრო ხელს მისცემდა. უნდა ითქვას, რომ ხელშეკრულების პირობები იოტისოდენადაც არ შეეფერებოდა ასეთ სრულქმნილ, სრულყოფილ სცენარს, მე რომ ხელფეხშეკრული არ ვყოფილიყავი, საქმეს, უდავოა, უკეთ გავარიგებდი. მოკლედ, ასე თუ ისე, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე, სცენარი გადავეცი და ჰონორარის ჩეკი მივიღე.

   წარმატებამ ფრთები შემასხა, თუმცა ვგრძნობდი, ნამდვილი გასაჭირი სწორედ ახლა იწყებოდა. რა ეშმაკობა უნდა მომეგონებინა, რომ ბრუსი დამეყოლიებინა, ფული აეღო, როცა წინასწარ ვიცოდი მისი შეხედულება კინოზე? ჯერ ვიფიქრე, მის თხზულებათა გამომცემლებთან მივსულიყავი და მეთხოვა, დროდადრო ფული გადაეგზავნათ ბრუსისთვის ვითომდა დარჩენილი ჰონორარის ანგარიშში. მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ გამომცემლებისთვის საიდუმლო გამენდო. თანაც ბრუსი თავის წიგნებში უმნიშვნელო გასამრჯელოს მიღებას მიეჩვია და ახლა დიდი თანხა ეჭვს აღუძრავდა, მიიკითხ-მოიკითხავდა და ბოლოს ყველაფერი გამოაშკარავდებოდა. მერე გადავწყვიტე, ვინმე ვექილს გამოვძებნი, რომელიც ხელდახელ გახდის ბრუსს ამ ფულების მემკვიდრედ-მეთქი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ვექილიც რომ დათანხმებულიყო, დასასრული აღარ ექნებოდა ტყუილებისა და არაკების ჩმახვას. ერთხანს ვფიქრობდი, ფულს ბანკნოტების სახით გადავგზავნი და ასეთ ბარათსაც დავურთავ: „მარად თქვენი ნიჭის თაყვანისმცემელი“. მაგრამ შემეშინდა, ვაითუ ბრუსმა აქ რაიმე ფანდი, ან მოპარული ფულების საშიშროება დაინახოს და პოლიციას მიმართოს საქმის გამოძიების მიზნით-მეთქი. ბოლოს იმ აზრზე დავდექი, რომ ყველაფერს აჯობებდა, თუ პირდაპირ მივდიოდი, მაგიდაზე ჩეკს დავუდებდი და გულახდილად გავუმჟღავნებდი ყველაფერს.

   ეს საქმე საშინლად მტანჯავდა, რასაც აღრმავებდა იმის შეგნება, რომ უფლება არ მქონდა საერთო ნაცნობები ჩამერია და მათთვის რჩევა მეკითხა. ერთი სიტყვით, ისეთი ამბავი გახლდათ, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც გაირკვეოდა. გარდა ამისა, არც ფულის აღება მინდოდა გამეჭიანურებინა, რადგან ფილმის გადაღებას უკვე შესდგომოდნენ. კინო იმ ხანებში კრიზისს განიცდიდა, ეკრანებზე კარგი ფილმები იშვიათად გამოდიოდა, რის გამოც ბრუსის სცენარის მიხედვით სურათის გადაღება ფაცაფუცით დაიწყეს. მაგრამ მე უფრო ბრუსის ბედი მადარდებდა: საშინლად ხელმოკლედ ცხოვრობდა, უფულობის გამო ფეხი ვერსად გაედგა, თანაც ავადმყოფობა და გაურკვეველი მომავალი გულს უღრღნიდა. და, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ისე განსხვავდებოდა სხვებისგან, ისე უცხო და ზეამაღლებული ჩანდა ჩვენი ცივილიზაციის წინაშე, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მივსულიყავი მასთან და მეთქვა: „აი, ინებეთ თქვენი სცენარის ფული“. ამაზე ფიქრიც კი ჟრუანტელს მგვრიდა. თითქოს მესმოდა კიდეც მისი ხმა: „რაო? ეს მე დავწერე კინოსთვის? რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ?“

   ყველაფერი რომ კარგად ავწონ-დავწონე, დავრწმუნდი, ზედმეტი თავისუფლება გამოვიჩინე, როცა ბრუსის დაუკითხავად მისი ხელნაწერი გავყიდე. ვგრძნობდი, არასოდეს მაპატიებდა ამას. მე კი გულწრფელად მიყვარდა იგი, თითქმის მოწიწებით ვეპყრობოდი და ამიტომ შიშით ვფიქრობდი, ყველაფერს რომ გაიგებს, ნამდვილად ზურგს შემაქცევს-მეთქი. ბოლოს ისეთი გზა ავირჩიე, რომელსაც უნდა გაემართლებინა ჩემი საქციელი: ვითომდა ყველაფერი პირადი გამორჩენის მიზნთი გავაკეთე. ამიტომ ჩეკი გავანაღდე, ფული ჩემს ბანკში შევიტანე, მერე მთელი თანხის – სამი ათასი გირვანქა სტერლინგის – ჩეკი გამოვაწერინე და ხელშეკრულებიანად შინ მივადექი მეგობარს.

   ბრუსი ჩვეულებისამებრ ორ ერთმანეთზე მიდგმულ სავარძელში იწვა, თავის საყვარელ ბრაზილიურ სიგარეტს აბოლებდა და მასთან შეხიზნულ უპატრონო კატას ეალერსებოდა. იმ დღეს ბრუსი უფრო მოტეხილი მეჩვენა. საუბარი შორიდან დავიწყე, ჯანმრთელობის ამბავი გამოვკითხე, რაღაცებს მივედ-მოვედე და ბოლოს საქმეს შევუდექი.

– ბრუს, ცოდვა უნდა მომიტევოთ.

– ცოდვა? – გაიკვირვა მან. – რა ცოდვა?

– გახსოვთ, ამ ექვსიოდე კვირის წინ პაროდია რომ დაწერეთ კინოზე და მერე მე მომეცით?

– არა.

– როგორ არ გაგონდებათ? აი, ოქტორუნის თავგადასავალს რომ ჰყვებოდით?

– ოჰ, ისა? ჰო, გამახსენდა, – თქვა ბრუსმა და ჩაიცინა.

მე სული ამოვითქვი და განვაგრძე: – იცით, ის ხელნაწერი გავყიდე. ფული კი, რა თქმა უნდა, თქვენია და უნდა აიღოთ.

– რაო? ვინ ბეჭდავს მაგ აბდაუბდას?

– კი არ ბეჭდავენ, ფილმს იღებენ, და თანაც, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ზეფილმს!

   ხელი, კატას რომ უალერსებდა, წამით შეჩერდა და ბრუსმა თვალი თვალში გამიყარა. მე აჩქარებით განვაგრძე: – რა თქმა უნდა, მოვალე ვიყავი მეთქვა თქვენთვის, რასაც ვაპირებდი, მაგრამ ახირებული და ყველაფერზე საოცრად ამაღლებული აზრების კაცი ხართ, ბრუს. დარწმუნებული ვარ, რომ მეთქვა, თავს უშნოდ გამოიდებდით და შეიძლება, საქმე უფრო წაგეხდინათ. ისე კი უნდა გამოგიტყდეთ, პაროდიიდან ბრწყინვალე სცენარი გამოვიდა. აი, ხელშეკრულება და სამი ათასი გირვანქა სტერლინგის ჩეკიც, ჩემი ბანკის სახელზე. საქმის გარიგებისთვის, თქვენ თუ ყაბულსა ხართ, სამასი გირვანქა მერგება. მართალია ფულის მიღების იმედი არა მაქვს, მაგრამ თუ გაიმეტებთ, სიამოვნებით ავიღებ, თქვენნაირად არ მეჩოთირება.

– ღმერთო ჩემო, – აღმოხდა ბრუსს.

– დიახ, მე მესმის თქვენი, ბრუს. მაგრამ მერწმუნეთ, სისულელეა. ვიცი, მთელი სიცოცხლე სინდისის ქენჯნა გაგტანჯავთ. იტყვით, შემოსავლის უღირსი, ჭუჭყიანი წყაროაო. ასე თუ მიდგა საქმე, რაღაა ღირსეული და შეუბღალავი ჩვენს დროში? კინო სწორედ რომ კარგად ასახავს ჩვენი ცივილიზაციის არსს. იგი ჩვენი საუკუნის ბუნებრივი გამოვლენაა. კინო ართობს ადამიანებს, სიამოვნებას ანიჭებს. შეიძლება, ეს სიამოვნება ვულგარული და იაფფასიანია, მაგრამ ჩვენ თვითონაც ვულგარული და იაფფასიანი არა ვართ? რა საჭიროა თვალთმაქცობა, თითქოს სინამდვილეში მართლა ასეთები არ ვიყოთ! რა თქმა უნდა, მე თქვენ არ გგულისხმობთ, ბრუს, არამედ, საერთოდ ადამიანებს. ვულგარული საუკუნე ვულგარულ გართობას მოითხოვს. ხოლო, თუ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ხალხს ასეთი გართობა, ვალდებული ვართ ასეც მოვიქცეთ. რას იზამთ, ცხოვრება ვერაფერი საამურია!

   ბრუსი თვალს არ მაშორებდა. ამ მზერამ თითქოს დამბლა დამცაო, მაგრამ მაინც ენის ბორძიკით განვაგრძობდი: – ამქვეყნად განდეგილივით ცხოვრობთ, ბრუს, და არც კი იცით, რა სურს, რა სწადია უბრალო ხალხს. მას კი თავისი ბანალური, ერთფეროვნული ცხოვრების შესაფერადებლად სურს იხილოს სისხლის ღვრა, ყოველი ჯურის გამაღიზიანებელი, შემაძრწუნებელი ამბები. მართალია, თქვენ აზრადაც არ მოგსვლიათ მაყურებლის ეს სურვილები დაგეკმაყოფილებინათ, მაგრამ თქვენდა უნებურად მათი მადლი მოისხით. ამიტომაც ეს ფული თქვენ გეკუთვნით და უყოყმანოდ უნდა აიღოთ.

   დაფეთებული კატა უცებ ძირს გადმოხტა. მე ქარიშხლის ამოვარდნას ველოდი, ამიტომ საპასუხოდ განვაგრძე: – ვიცი, თქვენ გძულთ და გეზიზღებათ კინო...

   უცბად გრგვინვასავით გაისმა მისი ხმა: – რას ჩმახავთ, რას ლაპარაკობთ! კინო? თითქმის ყოველ საღამოს კინოში დავდივარ! ახლა უკვე ჩემი რიგი დადგა და წამოვიძახე: – ღმერთო ჩემო!

   მერე ხელშეკრულება და ბანკის ჩეკი ხელში მივაჩეჩე და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი ოთახიდან. დაფეთებული კატაც ფეხდაფეხ ამედევნა.

1923 წ.

აკმე - სრულყოფილების მწვერვალი, უმაღლესი ხარისხი, აყვავების ხანა (ბერძნ). 

ნახვა: 337

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.





Rising Tensions and Humanitarian Issues

During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters