ონორე დე ბალზაკი - ძმადნაფიცი

წიგნიდან: პოლკოვნიკი შაბერი და სხვა მოთხრობები

     ეს მოხდა, როცა საფრანგეთში მეფობდა ანრი მეორე, რომელიც ისტორიაში იმითაა ცნობილი, რომ მშვენიერი დიანა უყვარდა. იმ დროს არსებობდა ერთი ჩვეულება, რომელიც შემდეგ იშვიათი გახდა, ხოლო ბოლოს სრულიად მოისპო ჟამთა მსვლელობაში. ეს მშვენიერი და კეთილშობილი ჩვეულება იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველი რაინდი ვალდებული იყო ძმადნაფიცი აერჩია, რის შემდეგ ეს ორი ერთგული და პატიოსანი ადამიანი ერთმანეთს არ შორდებოდა კუბოს ფიცრამდე; ისინი ძმები ხდებოდნენ. თითოეული მათგანი ვალდებული იყო თავისი ძმობილი დაეცვა მტრის იარაღისა და კარისკაცების ბოროტი ენისაგან. მას უნდა გაებათილებინა ყოველი ბრალდება, რომელიც მის ძმობილს უპატიოსნობას, მოღალატეობას ან სხვა რაიმე ცუდ ქცევას მიაწერდა, და მაშინვე ხმალში გამოეწვია შეურაცხმყოფელი: იმიტომ, რომ მას ეჭვი არ უნდა ჰქონოდა - ეს ყოველივე ცილისწამებააო. თავისთავად იგულისხმება, ძმობილები ერთმანეთს შველოდნენ კარგსა თუ ცუდ საქმეში და ერთად იყოფდნენ სიხარულსა და მწუხარებას. ხშირად უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე ღვიძლი ძმები, რომელნიც შემთხვევით არიან შეკავშირებული ბუნების მიერ, მაშინ როცა ძმობილთ უფრო ღრმა და იდუმალი ნათესაობა აერთიანებს. ასეთი დაძმობილება ხშირად შობდა უმშვენიერეს მოქმედებას, როგორსაც ძველად ბერძნები და რომაელები სჩადიოდნენ. მაგრამ ჩემი მოთხრობის საგანი ისეთია, რომ ისტორიკოსებს არ აღუწერიათ, არც საყოველთაოდაა ცნობილი.

     ამ, ჩემს მიერ ზემოთ დასახელებულ, დროს ორი ახალგაზრდა ტურენელი, რომელთაგან ერთი მალიეს ოჯახის უმცროსი ვაჟი იყო, ხოლო მეორე ლავალიერთა გვარს ეკუთვნოდა, ძმადნაფიცები გახდნენ სწორედ რაინდობის ხარისხის მიღების დღეს. მათი ხელმძღვანელი ომის ხელოვნებაში ცნობილი მხედართმთავარი მორმორანსი იყო, და რავენის ბრძოლაში მათ ისეთი ვაჟკაცობა გამოიჩინეს, რომ მრავალი ხნიერი რაინდის ქებაც დაიმსახურეს და თავიანთი მხნე ოსტატიც ასახელეს. მალიე ამ გააფთრებულ ბრძოლაში ლავალიერმა გადაარჩინა. ორივენი დაიჭრნენ, მათ სისხლით განამტკიცეს თავიანთი ძმობა, როცა თავიანთი მასწავლებლის მორმორანსის კარავში იწვნენ.

     ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ თუმცა მალიეს გვარში მრავალი ლამაზი მამაკაცი ყოფილა, თვით იგი უშნო იყო და გარეგნობით ეშმაკს თუ შეედრებოდა; სამაგიეროდ, მშვენიერი ტანი ჰქონდა; ახოვანი იყო, ბეჭებში ბრტყელი და ამასთანავე ღონიერიც, როგორც ფრანგთა მეფე პეპინი, რომელიც, როგორც გადმოგვცემდნენ, გვარიანი მოჭიდავე ყოფილა. ლავალიერი, პირიქით, ისეთი მოხდენილი ყმაწვილი იყო, რომ მნახველს ეგონებოდა, მისთვისაა გამოგონილი თხელი მაქმანები, ძვირფასი მაუდის შარვალი და ვერცხლის აბზინდიანი ფეხსაცმელიო; მას სხვა ღირსებასთან ერთად ფერფლისფერი კულულები ჰქონდა. ერთი სიტყვით, ისეთი ჭაბუკი იყო, რომ მშვენიერი სქესის არსებანი კარგად გაერთობოდნენ მის საზოგადოებაში. ერთხელ ტახტის მემკვიდრის ცოლმა, პაპის ძმისწულმა ლავალიერის შესახებ სიცილით უთხრა ნავარის დედოფალს, რომელსაც უყვარდა ასეთი ხუმრობა: - იცი, ეს დარბაზის ყრმა კარგი მალამოა ყოველი ავადმყოფობის წინააღმდეგ! - როცა თექვსმეტი წლის ტურენელმა ეს სიტყვები გაიგონა, გაწითლდა, რადგან კომპლიმენტი გაკიცხვად მიიღო.

     როცა ომის გათავების შემდეგ მალიე იტალიიდან დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მის დედას სრულიად მოეგვარებინა მისი დაქორწინების საქმე და სარძლოდ დანბოს ქალი აერჩია; სილამაზისა და კოხტა გარეგნობის გარდა, ამ ქალს დიდი შეძლებაც ჰქონდა, შემოსავლიანი მამულები სოფლად და საუცხოო სახლი პარიზში, ბარბეტის ქუჩაზე, იტალიური სურათებითა და მშვენიერი ავეჯეულობით შემკული. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მეფე ფრანსუა რომლის სიკვდილმა საყოველთაო შიშის ძრწოლა გამოიწვია იმიტომ, რომ განსვენებული მეფე ნეაპოლის ავადმყოფობით იყო დასნეულებული, ამას კი შეიძლებოდა თვით სასახლის მანდილოსნების დასნეულება მოჰყოლოდა. სწორედ ამ დროს მალიე იძულებული გახდა პიემონტში გამგზავრებულიყო სამსახურში; იგი დიდად შეწუხებული იყო, რომ თავის ახალგაზრდა მომხიბლავ ცოლს ხიფათისა და მოულოდნელობის ანაბარა სტოვებდა, ისეთი ყმაწვილების გვერდით, რომელნიც არწივებივით თავხედნი და ამპარტავნები იყვნენ და ისევე ხარბად უცქეროდნენ ქალებს, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავნი ლორს უცქერიან გახსნილების დღეს. მალიემ, რომელსაც ეჭვი ქენჯნიდა, ხოლო თავისი ცოლის დატოვება აშინებდა, გადაწყვიტა ერთგვარ ცხრაკლიტულში დაემწყვდია იგი და ამისათვის ქვემორე აღწერილ ღონისძიებას მიმართავდა.

     დილით გამგზავრების დღეს მან მოიხმო თავისი ძმადნაფიცი. როგორც კი ჭიშკართან ლავალიერის ბედაურის თქარათქური გაიგონა, საწოლიდან წამოხტა, თუმცა მისი მშვენიერი მეუღლე ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო იმ მსუბუქი დილის რულიდან, რომელიც ესოდენ სასიამოვნოა ზარმაცებისათვის. ლავალიერი სასტუმრო ოთახში შემოვიდა, მეგობრები ერთმანეთს მიესალმნენ და ფანჯრის რაფას დაეყრდნენ.

- მე, რასაკვირველია, ღამითვე აქ გავჩნდებოდი, - უთხრა ლავალიერმა, - მაგრამ ერთი სიყვარულის ისტორია მქონდა მოსათავებელი და ეს არის იმ მანდილოსანს გავშორდი. შენ გინდა თან წაგყვე პიემონტში? მას უკვე ვუთხარი ამის შესახებ, ერთგულება აღმითქვა. მაგრამ ბევრს არ ვინაღვლი თუნდაც მომატყუოს, მეგობარი ჩემთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე სატრფო!

- არა, ჩემო ძვირფასო ძმაო, - უპასუხა მალიემ, გულაჩუყებულმა მეგობრის სიტყვებით, - მე მინდა მეტი რამ გთხოვო შენი ჩემდამი სიყვარულის დასამტკიცებლად. შეგიძლია თუ არა ჩემი ცოლის მფარველობა იკისრო, მისი ხელმძღვანელი გახდე, იზრუნო, რომ მან არავითარი გაუფრთხილებელი ნაბიჯი არ გადადგას, პასუხი აგო ჩემი პატიოსანი სახელისათვის? ჩემი აქ არყოფნის დროს აქვე, მწვანე დარბაზში დასახლდები და ჩემი ცოლის რაინდი იქნები.

- მე არ მეშინია არც შენი, არც შენი ცოლისა, არც ჩემი თავისა, - უპასუხა პირქუშად ლავალიერმა, - მაგრამ ვუფრთხი იმ ბოროტ ენებს, რომელთაც შეუძლიათ შემთხვევა გამოიყენონ ჩვენს წასაჩხუბებლად.

- მენდე სრულიად, - თქვა ამის საპასუხოდ მალიემ და მკერდზე მიიკრა მეგობარი. - თუ ბედს სურს რქოსანი გამხადოს, ნაკლებ შევწუხდები, თუ ამის მიზეზი შენ იქნები... მართალია, ამ შემთხვევაშიაც ნაღველი მომკლავს, რადგან ჩემი სასიქადულო უმანკო ცოლი გაგიჟებით მიყვარს. - თქვა და პირი იბრუნა, რადგან არ უნდოდა მეგობრისთვის დაენახვებინა ცრემლები, რომელიც ღაპაღუპით წამოსცვივდა თვალებიდან; ლავალიერმა ეს შეამჩნია, ხელი მოჰკიდა და უთხრა: - ძმაო, გეფიცები, სანამ ვინმე შენს ცოლს შეეხებოდეს, იგი მიწაზე დაეცემა ჩემი დაშნით განგმირული. და თუ თვით მე არ მოვკვდი, შენი ცოლის სხეული უკან დაბრუნებულს ხელუხლებელი დაგვხვდება, ხოლო რაც შეეხება სულს, როგორც კარგად იცი, იგი ადამიანის გამგებლობის გარეშე იმყოფება.

- მაშ, კარგი, საქმე გადაწყვეტილია, - წამოიძახა მალიემ, - კუბოს ფიცრამდე შენი მოვალე ვიქნები!

     ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მალიე გზას გაუდგა, რადგან არ უნდოდა გალხობილიყო ოხვრისა, ვიშისა და ცრემლებისაგან, რაც ცოლებს ყოველთვის აღმოხდებათ ხოლმე გამოთხოვების ჟამს. ლავალიერმა მეგობარი ქალაქის კარიბჭემდე მიაცილა და უკან დაბრუნდა, რათა იქ დაეცადა, სანამ დასაძინებელი ოთახიდან გამოვიდოდა მარი დანბო, რომლისთვისაც მას ქმრის წასვლა უნდა ეუწყებინა და თავისი თავი გადაეცა სრულ განკარგულებაში; ეს ყოველივე ისე მოხდენილად შეასრულა, რომ ყველაზე უბიწო ცოლიც კი უარს ვერ იტყოდა ასეთი რაინდის სამსახურზე. მაგრამ მარის არ სჭიროდა ახსნა-განმარტება, რადგან ფარულად ყური დაუგდო მეგობრების საუბარს და დიდად ნაწყენი იყო, რომ ქმარმა ეჭვი გამოთქვა მის შესახებ. როგორც ცნობილია, ყოველ ადამიანურ საქმესა და აზრს პირი წაღმაც აქვს და უკუღმაც, და ცხოვრების რთული მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ საგანს წაღმა პირიდან შევხედოთ. ქალისთვის თავის მოწონება კი იმიტომ გვიჭირს, რომ მას ისეთი რამ აქვს, რაც თვით მასზე უფრო ქალურია. ჩვენ, მამაკაცებმა, კი არასოდეს ცუდი აზრები არ უნდა გავაღვიძოთ ქალებში, და თუ მათი დამორჩილება გვინდა, თვით დავემორჩილოთ მათ: მგონია, ამაშია ცოლქმრობის ძნელი ამოცანის საუკეთესო გადაწყვეტა. მარი დანბო მეტად კმაყოფილი დარჩა რაინდის თავაზიანობისა და ყველა წინადადებისა, მაგრამ სახეზე მსუბუქმა ღიმილმა გაურბინა: თავში აზრმა გაუელვა, თავისი ახალგაზრდა მცველისთვის არჩევანი გაეკეთებინა პატიოსნებასა და სიამოვნებას შორის და ალერსიანი მოპყრობით და ნაზი შეხედვით აეძულებინა, მეგობრისათვის ეღალატნა სიყვარულის გულისათვის.

     ყოველივე თითქო ხელს უწყობდა მარი დანბოს ზრახვების განხორციელებას: მარტო ის რად ღირდა, რომ ლავალიერს ერთ ჭერქვეშ უნდა ეცხოვრა მასთან. და რადგან ქალს ვერაფერი გადაახვევინებს დასახულ მიზანს, მარიმ, სხვა ქალების წაბაძულობით, გადაწყვიტა თავის ბადეში გაება ახალგაზრდა რაინდი. ქალი ვაჟს აიძულებდა შუაღამემდე მის ოთახში დარჩენილიყო ბუხრის წინ და მისი სიმღერა ესმინა; ხან ვითომდა უნებურად თმა გაეშლებოდა, მკერდი გაეღეღებოდა ან სხვა რაიმე მშვენიერება გამოუჩნდებოდა. ამასთანავე მისი თვალების ელვარება თითქოს ამაოდ ცდილობდა მისი იდუმალი ზრახვების დამალვას; დილით იგი ხშირად ვაჟთან ერთად სეირნობდა ბაღში, მძიმედ ეყრდნობოდა მის ხელს, ღრმად ოხრავდა და ტანით ეკვროდა მის ტანს; იგი მას აიძულებდა მაშიის თასმა შეეკრა მისთვის, ეს თასმა მუდამ ეხსნებოდა სიარულის დროს. ერთი სიტყვით, ელაციცებოდა, როგორც ეს მხოლოდ ნებიერ და ალერსიან ქალს შეუძლია. იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა თავისი სტუმრის მიმართ, ხშირად შედიოდა მასთან, ჰკითხავდა, ხომ არაფერი გაკლიათო, საკმაოდ რბილია თუ არა ლოგინი, გაწმენდილია თუ არა ჰაერი, ღამით გამჭოლი ქარი, ან დღისით მზის სიცხოველე ხომ არ გაწუხებთო; ამასთანავე, ყოველთვის თხოვდა, ნუ დამიმალავთ თქვენს ჩვეულებებსა და სურვილებსო.

- თქვენ, ალბათ, დილით ლოგინში რამეს სვამთ. რა გიყვართ: თაფლი, რძე თუ ხილის ნახადი? უმადოდ ხომ არ ხართ სადილად ან ვახშმად? მხოლოდ ენა დასძარით და ყოველი თქვენი სურვილი შესრულდება, თხოვნით ჩემი შეწუხებისა ნუ გეშინიათ.

     ამ მზრუნველობას თან სდევდა მრავალი კეკლუცი ქცევა. სხვათა შორის, რაინდის ოთახში ისე არ შევიდოდა, რომ არ წამოეძახა: - თუ გაწუხებთ, გამაგდეთ... თქვენ სრულიად თავისუფლად უნდა გრძნობდეთ თავს... ახლავე მივდივარ...

     რაინდი, რასაკვირველია, მუდამ სთხოვდა, დარჩითო. ქალი ვაჟთან ყოველთვის მეტად მსუბუქად ჩაცმული შედიოდა და ისე თვალთმაქცურად ამხელდა თავისი მშვენიერი სხეულის ნაკვთებს, რომ თვით მიხრწნილი პატრიარქი მათუსალა უეჭველად ნდომისაგან დაიჭიხვინებდა თავისი ასსამოცი წლის სიმძიმის მიუხედავად. თავის მხრით, ლავალიერიც, ნატიფი, როგორც აბრეშუმის ძაფი, ნებას აძლევდა დიასახლისს ელაღობა მასთან, რადგან ბედნიერი იყო, რომ ამ ქალის ყურადღების და მზრუნველობის საგანი სხვა არავინ გახდა. თვით ვაჟი კი მას მუდამ უცხოეთში წასულ ქმარს ახსენებდა. ერთხელ საღამოთი, მეტად ცხელი დღის შემდეგ, ლავალიერს შეეშინდა თავისი დიუფალის პირისპირ ცქერისა და თვალებდახრილმა ლაპარაკი ჩამოუგდო იმაზე, თუ როგორ ძლიერ უყვარს იგი ქმარს, რარიგ კეთილშობილია მალიე და როგორ ეჭვიანია ერთსა და იმავე დროს.

- მაშ, რად დაგასახლათ აქ, თუ ასეთი ეჭვიანია?

- განა ეს უდიდესი სიფრთხილე არაა? - უპასუხა ვაჟმა, - განა თქვენ ისეთი მცველისათვის არ უნდა ჩაებარებინეთ, რომელიც მტრებისაგან დაგიცავდათ?

- მაშ, თქვენ ჩემი დარბაზის ყრმა ყოფილხართ? - თქვა ქალმა.

- დიახ, მე ამით ვამაყობ, - წამოიძახა ლავალიერმა.

- ცუდი არჩევანი მოუხდენია, მართალი მოგახსენოთ!

     ამ სიტყვებთან ერთად ქალმა ვაჟს ისეთი ვნებიანი თვალები მიაპყრო, რომ პატიოსანი ძმადნაფიცი იძულებული გახდა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა თანამესაუბრე, რომელიც, როგორც ეტყობოდა, მეტად შეურაცხყოფილი იყო, სიყვარულზე უარს რომ ეუბნებოდნენ. მარტოდმარტო დარჩენილი მარი დანბო ოცნებაში წავიდა. იგი ცდილობდა გამოეცნო ვაჟის უარის მიზეზი, იმიტომ, რომ ქალისთვის ძნელია იმის გაგება, თუ როგორ შეუძლია ვინმეს აითვალწუნოს ის ძღვენი, რომელსაც, ჩვეულებრივ, მამაკაცები სიამოვნებით ღებულობენ და დიდადაც აფასებენ. მისი აზრები ერთმანეთში გადაიხლართნენ, მათ ქალი შორს გაიტაცეს და ბოლოს მარი დანბოსთვის ნათელი გახდა, რომ ლავარიელი უღრმესი სიყვარულით უყვარდა.

     ამრიგად, მარი დანბომ ბოლოს გაიგო, რაც ადრევე უნდა გაეგო, სახელდობრ, რომ კეთილშობილი რაინდი სხვა ქალის მახეში მოჰყვა, რათა თავი დაეღწია მის მიერ გადასროლილი ბადისთვის; იგი შეუდგა გამოძიებას, სად შეეძლო მის სტუმარს გულისთქმის საგანი ეპოვა, და გადაწყვიტა, ალბათ, ან მშვენიერი ლიმეილზეა შეყვარებული, ან დედოფალ ეკატერინე მედიჩის ერთ-ერთ ქალზე - ქალბატონ დე ნევერსა, დესტრესა ან ჟიაკზეო. იგი მეშურნეობით გაიმსჭვალა, მაგრამ გადაწყვიტა, ჯერჯერობით შეეზღუდა თავისი ცთუნებით აღსავსე თამაშობა თავის გუშაგთან და მხოლოდ ხანდახან შუბლზე ნაზად ეკოცნა მისთვის.

     უცილობელია, მარი დანბო უფრო ლამაზი, ახალგაზრდა, სანდომიანი და მომხიბლავი იყო, ვიდრე მისი მოქიშპეები. ყოველ შემთხვევაში, ამას ეუბნებოდა გონება: ყოველი მისი ნიჭი, ნებისყოფის მთელი ძალა და აგრეთვე წმინდა ფიზიკური ნდომა, რომელიც ქალებს თანდაყოლილი აქვთ, მას უკარნახებდა, იერიში განაგრძე რაინდის წინააღმდეგო. ამ მხრითვე მოქმედებდა სპორტული სიყვარულიც.

     ქალი კატასავით იგრიხებოდა ვაჟის წინაშე, უღიტინებდა მის გრძნობებს. ნელ-ნელა ათვინიერებდა და ალერსს აჩვევდა მას, ისე რომ ერთხელ საღამოთი, როცა ქალმა უგუნებობა მოიმიზეზა, ვაჟი იძულებული გახდა ეკითხა - რა მოგდითო.

     ამის საპასუხოდ, თითქოს ოცნებაში წასული მარი დანბო, თავის ამბავს მოჰყვა. ლავალიერი კი როგორც მუსიკას, ისე ისმენდა მის სიტყვებს. ქალი ჩიოდა: ჩემი სურვილის წინააღმდეგ გამათხოვეს, დიდად უბედური ვარ. არ ვიცი რა არის სიყვარულის სიხარული, ჩემი სიცოცხლე ცრემლებითაა სავსე, რადგან ქმარი არ მაკმაყოფილებსო: სულით ქალწული ვარ და მხოლოდ ცხოვრების ბნელ მხარეებს ვიცნობ, თუმცა კარგად გამეგება სიყვარულის შვება და სიტკბოება, რომლისკენაც ჩემი მსგავსნი მიისწრაფვიან. შურით ვუცქერი იმათ, ვისაც შეუძლია ეს შვება და სიტკბოება სხვებს მიანიჭოს თუნდ ძვირფასი მსხვერპლის გაღებითო. მზად ვარ სიყვარულის ერთი დღისა ან ღამისათვის ცხოვრება გავწირო და მსხვერპლად ვიქცე, მაგრამ იმას, ვინც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, არ სურს ჩემთვის ყურის დაგდება, თუმცა ჩვენი კავშირის დამალვა არც ისე ძნელია, რაკი ქმარი ესოდენ დანდობილიაო; და, ბოლოს, თუ სატრფომ უარი მითხრა, ჯავრი მომკლავსო.

     ეს ტაეპები ამოღებულია იმ ლექსიდან, რომელიც ქალებმა უკვე არტახებში იციან ზეპირად. ისინი წარმოთქმული იქნენ გრძელი პაუზებით და სულის სიღრმიდან ამოხეთქილი კვნესა-ვიშით, შემკობილი იქნენ მრავალი მომხიბლავი ოინით, ციური ძალების მოწოდებით და შორეულ სივრცეში გახედვით; ქალის ღაწვები ანთებული იყო, იგი მზად იყო თმა დაეგლიჯა მწუხარებისაგან. ერთი სიტყვით, გამოყენებული იქნა მთელი დედაკაცური არსენალი და, რადგან ამ სიტყვათა ნიაღვრის მიზეზი ის გულისთქმა იყო, რომელიც თვით მახინჯებს ალამაზებს, კეთილშობილმა რაინდმა თავი ვერ შეიკავა, მარის ფერხთ ქვეშ დაეცა და ამბორით და ცრემლებით დაფარა ისინი; ქალი კი ვაჟს არ უცქეროდა, მაგრამ თითქოს სავსებით ნებდებოდა მას. მაგრამ ბედმა განაგო, რომ მარის ამ საღამოს არ გადაელახა მართებული საზღვრები, იმიტომ რომ ლავალიერმა სასოწარკვეთილი ხმით უთხრა:

- ქალბატონო, მე უბედური და უღირსი კაცი ვარ!

- მაგას რად ამბობთ? - ჰკითხა ქალმა.

- ჩემთვის ბედნიერება დახშულია, არ შემიძლია სავსებით თქვენი გავხდე.

- რატომ?

- ვერ გამოგიტყდებით.

- ნუთუ ცუდი რამ გჭირთ?

- დიახ, ცუდი რამ, რასაც შეუძლია თქვენ შეგბღალოთ.

- თქვით, მე თვალებზე ხელს ავიფარებ.

     მან თვალთმაქცურად პირზე ხელები აიფარა, ისე რომ რაინდს თითებს შუა ხედავდა.

- მაშ, იცოდეთ, - დაიწყო ლავალიერმა, - რომ იმ საღამოს, როცა თქვენ იმდენი ალერსიანი სიტყვა მაფრქვიეთ, მე ვერაგმა დასაძრახისმა სიყვარულმა გამიტაცა, მაგრამ რადგან არც ჩემი ბედნიერების მოახლოების მჯეროდა და ვერც გრძნობათა გამხელას გიბედავდით, მეძავ დედაკაცებთან წავედი და იქ გადამდები სენი შევიძინე, რომელიც შეიძლება მომაკვდინებელიც იყოს.

     შეშფოთებულმა ქალმა ოდნავ შეჰკივლა და უნებურად ხელი ჰკრა ლავალიერს. ეს საბრალო კი შემკრთალი გავიდა ოთახიდან. მაგრამ ვერც კი მოასწრო კარებზე ჩამოკიდებულ ნოხს გასწორებოდა, რომ მარი დანბომ ხელახალი ოხვრა და ვიში დაიწყო: - ახ, რა უბედურებაა! - გაიძახოდა ქალი, სიყვარულით გამსჭვალული სამმაგად აღკვეთილი ხილისადმი. იგი ღრმა მწუხარებამ მოიცვა, ამასთანავე, სიბრალულით აივსო მეგობრისადმი.

     ერთხელ საღამოს ვაჟი ჩვეულებრივზე უფრო მშვენიერი ეჩვენა და განუცხადა: - ქმარი რომ არ მეცოდებოდეს, მეც შენსავით დავსნეულდებოდი, რათა ერთი და იგივე სატანჯველი გაგვეცადაო.

- მე იმდენად მიყვარხართ, რომ ვალდებული ვარ, კეთილგონიერება გამოვიჩინო, - უპასუხა ლავალიერმა, საჩქაროდ გამოეთხოვა და მშვენიერ ლიმეილის ქალთან წავიდა.

     რაინდს ძალა არ შესწევდა, მარის მწველი თვალების შეხედვა აეტანა; იგი ანთებული იყო, როცა მის გვერდით იჯდა სადილად ან საღამოს; ქალიც ცდილობდა არ შეხებოდა რაინდის სხეულს, მხოლოდ უცქეროდა მას. ამრიგად, იგი თავს იცავდა აბეზარი მოაშიკე კარისკაცებისაგან, იმიტომ რომ, როგორც ცნობილია, ქალისა და ვაჟისთვის არ არსებობს უფრო გარდაუვალი დაბრკოლება და უფრო ერთგული დარაჯი, ვიდრე სიყვარული, რომელიც ეშმაკის ალის მსგავსად ედება ყველაფერს, რასაც ახლო გაეკარება.

     ლავალიერს ერთხელ მოუხდა თავისი გულის დიუფალს გაჰყოლოდა დედოფალ ეკატერინეს[50] მიერ გამართულ საცეკვაო საღამოზე და იქ ეცეკვა მშვენიერ ლიმეილთან, რომელიც გაგიჟებით მოსწონდა. სეფექალები შურით უცქეროდნენ ლიმეილს, რომელიც მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორმე ლავალიერი დაეპყრო; ჯერ კიდევ ცეკვაც კი არ დაწყებულიყო, რომ მან რაინდს მეორე დღეს პაემანი დაუნიშნა ნადირობაზე. დედოფალი ეკატერინა მედიჩი პოლიტიკური მოსაზრებით ყოველთვის ხელს უწყობდა ასეთ რომანებს და, როგორც გამოცდილ პურის მცხობელს შეეფერება, მაშით ცეცხლს უკეთებდა ღუმელში. როცა მის თვალწინ წყვილ-წყვილად მოხდენილი ქალ-ვაჟები ტრიალებდნენ, იგი ეუბნებოდა მეფეს: - სანამ ესენი აქ ერთმანეთს ებრძვიან, ვერ მოიცლიან შეთქმულების მოსაწყობად თქვენს წინააღმდეგ.

- ჰო, - უპასუხა მეფემ, - მაგრამ ეს არ ეხება იმათ, ვინც რელიგიური მიზნებისთვის იბრძვის.

- იმათაც მოვუვლით, - სიცილით უპასუხა დედოფალმა. - შეხედეთ ლავალიერს, მას ხომ ფარულ ჰუგენოტად სთვლიან, ამავე დროს იგი თავის ბადეში გაუხვევია ჩემს საყვარელ ლიმეილს, რომელიც საკმაოდ გამოცდილია, თუმცა ესაა თექვსმეტი წლის ასაკს მიაღწია.

- ამას ნუ ელით, თქვენო უდიდებულესობავ, - სიტყვა ჩაურთო მარი დანბომ, - რადგან ლავალიერი იმავე სენითაა დაავადებული, რომელმაც სიცოცხლე მოუსწრაფა მეფე ფრანსუას და თქვენ ხელი შეგიწყოთ დედოფალი გამხდარიყავით. ამ გულუბრყვილო ცნობის გაგონებაზე დედოფალმა, მშვენიერმა დიანამ და მეფემ რომელნიც ერთად იდგნენ, გადაიხარხარეს, და მალე მთელმა დარბაზმა გაიგო მათი სიცილის მიზეზი. ლავალიერი სასაცილოდ აიგდეს, საბრალოს ერჩია მიწა გახეთქოდა; მისმა მოქიშპეებმა დაუყოვნებლივ ეს ამბავი სიცილით აცნობეს ლიმეილის ქალს, და მანაც საშინელი ავადმყოფობის შიშით ცივი წყალი გადაასხა თავის თაყვანისმცემელს. ლავალიერს ყველანი გაურბოდნენ, თითქოს იგი კეთროვანი ყოფილიყო. მეფემაც რაღაც მკვახე სიტყვა წასჩურჩულა, და რაინდი იძულებული გახდა საღამო დაეტოვებინა მარისთან ერთად, რომელიც შეძრწუნებული იყო თავისი გაუფრთხილებელი საქციელით. ქალმა გაიგო, რომ თვითვე დაღუპა საყვარელი ადამიანი, შეურაცხჰყო მისი პატიოსანი სახელი და გაუფუჭა სარბიელი; ცნობილია, ექიმები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ცუდი სენით დაავადებული ადამიანი კარგავს თავის სახეს, ბავშვის გაჩენის უნარს და ძვლებიც კი უშავდებაო. არც ერთი დედაკაცი მთელ სამეფოში არ მისთხოვდებოდა ასეთ ადამიანს.

     ჰერკულესის სასახლიდან, სადაც საცეკვაო საღამო იყო გამართული, მალიეს სასახლეში მისვლამდე რაინდს კრინტი არ დაუძრავს, იმდენად განადგურებული იყო მწუხარებით; შინ შესვლისთანავე მარიმ უთხრა: - ძვირფასო მეგობარო, ვგრძნობ, დიდი ტანჯვა მოგაყენეთ.

- ქალბატონო, - უპასუხა რაინდმა, - ჩემი ნაღველი კიდევ გაქარდება, თქვენ კი მართლაც არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩავარდით. ყველანი იკითხავენ, როგორ შეეძლო იმის გაგება, თუ რა საფრთხე მოელის ქალს ლავალიერის სიყვარულისგანო?

- სამაგიეროდ, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ჩემთან იქნებით, - უპასუხა ქალმა, - იმიტომ, რომ ჩემს მიერ მოყენებული სირცხვილისა და უპატიურობის სამაგიეროდ ახლა თქვენი ერთგული მეგობარი, თქვენი დიასახლისი და თქვენი გულის დიუფალი ვიქნები; კიდევ მეტს ვიტყვი, თქვენი მსახური გავხდები. მინდა თავი შემოგწიროთ, რათა სამარცხვინო ლაქა მოგაშოროთ და ღამეები გავტეხო, რათა მოგარჩინოთ. ხოლო თუ მკურნალები იტყვიან, სნეულება სხეულში იმდენად გამჯდარი აქვს, რომ განსვენებული მეფის ბედი ელისო, არ დაგტოვებთ და თქვენთან ერთად მოვკვდები იმავე სნეულებით. არა, - დაამთავრა ქალმა ქვითინით, - არ არსებობს მსხვერპლი, რომლითაც შეიძლებოდეს ჩემს მიერ მოყენებული ბოროტების გამოსყიდვა.

     იგი კიდევ უფრო ხმამაღლა ატირდა, მიიბნიდა და კინაღამ გული წაუვიდა. შეშინებულმა ლავალიერმა ხელი სტაცა და მის მკერდს შეეხო; ქალი გონს მოვიდა, როცა მოსიყვარულე ხელის სითბო იგრძნო, მაგრამ მოზღვავებული ვნებათაღელვის გამო კინაღამ ხელახლა გრძნობა დაჰკარგა.

- ეჰ, დღეიდან მხოლოდ უმანკო და მსუბუქი ალერსი იქნება ჩვენი ერთადერთი სიხარული. მაგრამ ეს მაინც შეუდარებლად სჭარბობს იმ სიამოვნებას, რომელსაც ჩემი საბრალო მალიე მანიჭებდა. ნუ წამართმევთ თქვენს ხელს, იგი ახლოა ჩემს სულთან.

     ამ სიტყვების საპასუხოდ აღელვებულმა და გაფითრებულმა რაინდმა გულუბრყვილოდ აღიარა: ამ წუთში უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მწვავდება და ასეთ ტანჯვას სიკვდილი მირჩევნიაო.

- მაშ, ერთად მოვკვდეთ! - უთხრა ქალმა.

     მაგრამ ამის შესრულება ადვილი არ იყო და, როცა შეყვარებულნი თავთავიანთ ოთახებში წავიდნენ, ვაჟი თავისი ლიმეილის დაკარგვას ნანობდა, ხოლო ქალი ახლად განცდილ უბადლო სიხარულზე ფიქრობდა. ამ მოულოდნელი შემთხვევის გამო ლავალიერი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ცოლის შერთვაზე და სიყვარულზეც და ვეღარ ბედავდა სახლიდან თავის გამოყოფას. იგი დარწმუნდა, რა ძვირად უჯდება ხანდახან მამაკაცს ქალის მცველად გადაქცევა. მაგრამ რამდენადაც უფრო მტკიცედ იცავდა პატიოსნებასა და სათნოებას, მით უფრო სასიამოვნო იყო მისთვის თავის განწირვა ძმობილისთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ დღეებში მისი ვალდებულება მეტად ძნელი შესასრულებელი, თითქმის აუტანელი გახდა, როგორც ქვემოთ დავინახავთ.

     თანაგრძნობის შეგნებამ, ზიანმა, რომელიც რაინდს მიაყენა, განუცდელი სიამოვნების აზრმა, ყოველივე ამან გამბედაობა შემატა მშვენიერ მარი დანბოს, მაგრამ მისი სიყვარული პლატონური რჩებოდა და მხოლოდ უმანკო ალერსით იყო შეფერადებული. ცნობილია, მეფე ფრანსუას სიკვდილის შემდეგ მრავალი სეფექალი, რომელთაც არ სურდათ თავიანთ თაყვანისმცემელთ გაშორებოდნენ და, ამავე დროს, დაავადებისა ეშინოდათ, უბიწო ალერსსა და სამიჯნურო სიტყვების გაცვლა-გამოცვლაში პოულობდნენ ნუგეშს. ლავალიერს არ შეეძლო, ამაზე უარი ეთქვა მარისათვის, რომელიც ყოველ საღამოს მის გვერდით ჯდებოდა, იღებდა მის ხელებს, ლოყით ნაზად ეხებოდა მათ და მხოლოდ თვალებით კოცნიდა რაინდს. ასეთ სათნო მდგომარეობაში რაინდი თავს ისე გრძნობდა, როგორც სატანა - აიაზმით სავსე ფიალაში; ქალი კი დაუღალავად ელაპარაკებოდა თავის ღრმა, მტანჯველ სიყვარულზე და შეუსრულებელ სურვილთა უსაზღვროებაზე. მთელ იმ აღგზნებას, რომელსაც ქალები სიყვარულში ამხელენ, როცა ღამის წყვდიადში სხვა სინათლე არ ანთია, გარდა თვალებისა, იგი აღფრთოვანებით გადმოსცემდა ხან თავის მისტიკური მოძრაობის, ხან სულის ნათელი თრთოლის შემწეობით. ისინი თითქო ერთმანეთში გადნენ, მათი ნაზი ლიტანია თითქო ყველა დროის შეყვარებულთა ლიტანიის განმეორება იყო.

- ჰო, - ამბობდა მარი დანბო, - შენ ჩემი ძალა და სიცოცხლე ხარ, ჩემი ბედნიერება და საუნჯე!

- თქვენ კი, - უპასუხებდა ვაჟი, - ჩემი ანგელოზი, ჩემი მარგალიტი ხართ!

- შენ ჩემი სერაფიმი ხარ!

- თქვენ ჩემი გული ხართ!

- შენ ჩემი ღმერთი ხარ!

- თქვენ ჩემი ცისკრის და საღამოს ვარსკვლავი ხართ, ჩემი პატიოსნება და მშვენიერება, ჩემი სამყარო ხართ!

- შენ ჩემი დიდი და ღვთაებრივი მბრძანებელი ხარ!

- თქვენ ჩემი დიდება, სარწმუნოება და სახელი ხართ!

- შენ ჩემი ნაზი, მამაცი, მშვენიერი, კეთილშობილი, ძვირფასი რაინდი, მფარველი, მეფე ხარ; შენ ჩემი სიყვარული ხარ!

- თქვენ ჩემი ფერია, ჩემი ცხოვრების ყვავილი, ჩემი სიზმარი ხართ!

- შენ ჩემი ყოველი საათის, ყოველი წუთის აზრი ხარ!

- თქვენ ჩემი თვალების სიხარული ხართ!

-შენ ჩემი სულის ძახილი ხარ!

- თქვენ დღის სინათლე ხართ!

- შენ ნაპერწკალი ხარ ღამის წყვდიადში!

- თქვენ უსაყვარლესი ხართ ქალთა შორის!

- შენ გასაღმერთებელი ხარ კაცთა შორის!

- თქვენ ჩემი სისხლი, ჩემი მე, ჩემზე უკეთესი ხართ!

- შენ ჩემი გული და ჩემი ლამპარი ხარ!

- თქვენ ჩემი წმინდანი, ჩემი ერთადერთი სიხარული ხართ!

- სიყვარულში პირველობა შენ გეკუთვნის, და თუმცა, ჩემი სიყვარული უსაზღვროა, ვფიქრობ, რომ შენ კიდევ უფრო გიყვარვარ, რადგან შენ ჩემი მბრძანებელი ხარ!

- არა, პირველობა თქვენ გეკუთვნით, ჩემო მარი!

- არა, მე შენი მხევალი ვარ, მე არაფერი ვარ და შენ შეგიძლია ნაცრად მაქციო!

- არა, მე ვარ თქვენი მონა, თქვენი ერთგული დარბაზის ყრმა; მე თქვენთვის სიოს ერთი დაბერვა ვარ, თქვენი პაწია ფეხებისთვის ნოხი ვარ, ჩემი გული თქვენი ტახტია!

- არა, ჩემო მეგობარო, შენი ხმა გულს მიგმირავს!

- თქვენი შეხედვა კი მწვავს!

- მე ქვეყანას ისე ვუცქერი, თითქო შენ ჩემი სათვალე იყო!

- მე ქვეყანას ისე ვგრძნობ, თითქო თქვენ ჩემი გრძნობა იყოთ!

- მაშ, გულზე ხელი დამადე და შეამჩნევ, როგორ ვფითრდები, როცა ჩემი სისხლი შენს სისხლს სიცოცხლეს ართმევს.

     ამ ბრძოლაში მათი ანთებული თვალები კიდევ უფრო ელავდნენ და რაინდი აორკეცებდა მარი დანბოს სიხარულს, როცა მკერდზე ხელს ადებდა. ამ მსუბუქ მოძრაობაში იხატებოდა მთელი მისი სურვილი და იგი ილეოდა ბედნიერებისაგან. მათი თვალებიდან ცხარე ცრემლები ცვიოდა, ისინი ერთმანეთს ეხვეოდნენ, როგორც ცეცხლის ენები ეხვევიან შეშას, მაგრამ ამით ყოველივე თავდებოდა. ლავალიერმა ამაოდ როდი აღუთქვა თავის მეგობარს, ცოლის სხეულს შეგინახავ და არა სულსო.

     მალიემ სწორედ დროზე შემოთვალა, შინ ვბრუნდებიო, იმიტომ რომ ვერავითარი სათნოება ვერ აიტანდა ასეთ წამებას; რაც უფრო თავს იჭერდნენ შეყვარებულნი, მით უფრო გავარვარებული ხდებოდა მათი ოცნება. რაინდმა მარი მარტოდმარტო დასტოვა და მეგობრის შესახვედრად გაეშურა ბონდიში, რათა თან ხლებოდა ტყის გზაზე, სადაც მოგზაურობა სახიფათო იყო. ძველებური ჩვეულების მიხედვით, მათ ღამე ერთად გაათიეს ბონდიში, ერთ ლოგინში ჩაწვნენ და დიდხანს ილაპარაკეს: ერთი თავის სამხედრო თავგადასავალს მოჰყვა, ხოლო მეორე - სასახლის ჭორებს, სიყვარულის ამბებს და სხვა. მაგრამ მალიეს პირველი შეკითხვა მარის შეეხებოდა, და ლავალიერმა განუცხადა, მას შენი სახელი არ შეუბღალავსო. ამ სიტყვებმა ქმარი უსაზღვროდ გაახარა.

     მეორე დღეს სამივენი ერთად ისხდნენ და, თუმცა მარი დიდად შეწუხებული იყო, ქალური თვალთმაქცობით მხიარულად ეალერსებოდა ქმარს, მაგრამ ამავე დროს მეგობრის დასანახავად ნაზად გულს უთითებდა, თითქო ეუბნებოდა - ეს შენიაო!

     ვახშმობის დროს ლავალიერმა უცებ განაცხადა, ომში მივდივარო. მალიე სახტად დარჩა. თან გაყოლა მოინდომა, მაგრამ ლავალიერი გადაჭრით წინ აღუდგა.

- ქალბატონო, - უთხრა ლავალიერმა მარი დანბოს გამოსალმების დროს, - მე თქვენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ, მაგრამ პატიოსნებას მაინც უფრო მეტად ვაფასებ.

     რაინდი გაფითრდა, მარიც გაფითრდა. არასოდეს თავის შექცევის დროს მათ იმდენი სიყვარული არ გამოუმჟღავნებიათ, რამდენიც ამ წუთში გამომჟღავნდა. მალიემ გადაწყვიტა, ერთი დღის სავალზე გაეცილებინა თავისი მეგობარი.

     შინ დაბრუნებისთანავე მან ცოლს ლაპარაკი ჩამოუგდო იმის შესახებ, თუ რა უნდა ყოფილიყო მისი მეგობრის უცაბედი გამგზავრების ფარული მიზეზი. მარიმ, რომელიც განუწყვეტლივ თავისი მეგობრის ტანჯვაზე ფიქრობდა, თქვა: - ჩემთვის ყოველივე ნათელია: მას რცხვენია აქ დარჩენისა, რადგან ყველამ იცის, რომ იგი ნეაპოლური სენითაა დაავადებული.

- როგორ? - წამოიძახა გაკვირვებულმა მალიემ. - ჩვენ ორჯერ ერთ ლოგინში ვიწექით, ერთხელ - ბონდიში, მეორეჯერაც - გუშინ; არავითარი სენი არ სჭირს; ლავალიერი ისე ჯანმრთელია, როგორც თქვენი თვალი.

     მარის ცრემლები წასკდა; უსაზღვრო იყო მისი აღტაცება ამ კეთილშობილებისა და თავგანწირულების წინაშე, ამ ფარული ვნებათაღელვის ღრმა ტანჯვის წინაშე. მაგრამ ქალი გულის სიღრმეში მალავდა თავის სიყვარულს და იმ დღესვე მოკვდა, რა დღესაც ლავალიერი მოჰკლეს მეცის ციხის გალავანთან, როგორც ამას ბურდელ დე ბრანტომი იუწყება თავის მემუარებში.

ნახვა: 1726

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters