პატარა ქალაქ მენდის სამრეკლოზე ზარმა შუაღამის ჟამი დარეკა. ახალგაზრდა ფრანგი ოფიცერი ვიქტორ მარშანი გრძელ ტერასზე იდგა. ეს ტერასი გარს უვლიდა კოშკის ბაღს. ოფიცერი დაყრდნობილი იყო გალავანს და, როგორც ეტყობოდა, უფრო ღრმად იყო ჩაფიქრებული, ვიდრე ეს უზრუნველ სამხედრო ცხოვრებას შეეფერებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ადგილის მდებარეობა და ღამე მეტად უწყობდა ხელს ფიქრებში წასვლას. ესპანეთის მშვენიერ ცას განიერი კამარა შეეკრა. ვარსკვლავების ციმციმი და მთვარის ალერსიანი შუქი ანათებდნენ საუცხოო ველს, რომელიც მხატვრულად იშლებოდა მის ფერხთა ქვეშ. ჰაერი აყვავილებული ფორთოხლის სუნით იყო გაჟღენთილი; შორიახლო ქალაქი მენდი მოჩანდა. იგი თითქოს ჩრდილოეთის ქარებისაგან თავს იცავდა იმ კლდის ძირას, რომელზედაც კოშკი იყო აგებული. საკმაო იყო, მხედარს თავი მოებრუნებინა და იგი ზღვას დაინახავდა; მისი მოლაპლაპე ტალღები სურათის გარშემო ფართო ვერცხლის ზოლს ავლებდა. კოშკის დარბაზებიდან მოისმოდა ორკესტრის ხმა, მოცეკვავე ოფიცრებისა და ქალების სიცილი; ეს ხმები ერთვოდა შორეული ოკეანის დრტვინვას. ღამის სიგრილე ძალ-ღონეს მატებდა მხედარს, ხოლო მცენარეები და ყვავილები ისეთ საამურ სუნს აკმევდნენ, რომ ახალგაზრდა კაცს ეგონა, სურნელოვან ტალღებში ვცურავო.
მენდის კოშკი ეკუთვნოდა ესპანელ დიდებულს, მარკიზ ლეგანიესს, რომელიც ამ დროს იქ ცხოვრობდა თავისი ოჯახით. მთელი ამ საღამოს განმავლობაში მარკიზის უფროსი ქალი რაღაც სევდიანი თანაგრძნობით უცქეროდა ოფიცერს. გასაკვირველი არ არის, რომ ამის შემდეგ ახალგაზრდა ფრანგი ოცნებაში წასულიყო. კლარა მშვენიერი იყო და, თუმცა მას სამი ძმა ჰყავდა, ვიქტორ მარშანი ფიქრობდა, რადგან ლეგანიესს უზარმაზარი ქონება აქვს, თავის ქალს დიდ მზითევს მისცემსო. მაგრამ განა თავხედობა არ იყო იმის ფიქრი, რომ იმ დიდებულის ქალი, რომელიც ესპანეთში ყველაზე მეტად ამაყობდა თავისი გვარით, პარიზელი ბაყალის ვაჟს მისთხოვდებოდა? გადა ამისა, აქაური ესპანელობა ფრანგებს სიძულვილით ეპყრობოდა. ფრანგ გენერალს, ამ პროვინციის დროებით მმართველად დანიშნულს, ეჭვი ჰქონდა, მარკიზი აჯანყებას ამზადებს ნაპოლეონის მიერ გადაყენებული ესპანეთის მეფის ფერდინანდის სასარგებლოდო ათასეული, რომელსაც ვიქტორ მარშანი უფროსობდა, იმისათვის იყო დაბანაკებული მენდში, რომ თვალყური ედევნებინა მარკიზ ლეგანიესის ერთგული ოლქის მოსახლეობისათვის. ამ ცოტა ხნის წინათ მარშალ ნეის მიერ გამოგზავნილი ესტაფეტა შიშს გამოთქვამდა, ახლო ხანში ინგლისელები არ გადმომსხდარიყვნენ ამ ნაპირზე და იტყობინებოდა, მარკიზს ფარული ურთიერთობა აქვს ლონდონის კაბინეტთანო. ამიტომ, თუმცა ამ ესპანელმა გულთბილად მიიღო ვიქტორ მარშანი და მისი ჯარისკაცები, ახალგაზრდა მხედარი მაინც ფრთხილად იყო. მაგრამ, როცა ტერასზე იდგა და ქალაქს და მის მიდამოებს უცქეროდა, თავის თავს ჰკითხავდა, ნეტავ რით აიხსნება მეგობრული განწყობილება, რომელსაც ჩემს მიმართ მარკიზი იჩენს და როგორ შევათანხმო ამ კუთხის სიწყნარე გენერლის შიშთანო.
ბოლოს ეს აზრები მაინც სიფრთხილისა და წინდახედულობის გრძნობამ განდევნა. უცბად მან შეამჩნია, რომ ქალაქში მრავალ ადგილას ენთო სინათლე. თუმცა ეს დღე წმ. იაკობის დღესასწაული იყო, მაგრამ მან დილითვე განკარგულება გასცა, სინათლე ჩაექროთ დაწესებულ დროს. მხოლოდ კოშკი წარმოადგენდა გამონაკლისს ამ ბრძანებისათვის, მხოლოდ აქ შეიძლებოდა ხომლის ანთება. აქა-იქ მის მიერ დაყენებული ფრანგი გუშაგების ხიშტები ბრჭყვიალებდა, მაგრამ ჰაერში რაღაც დღესასწაულებრივი სიწყნარე მეფობდა და არავითარი ნიშანი არ იუწყებოდა, რომ ესპანელები უქმე დღის მხიარულებაში ყოფილიყვნენ გართული. რად დაარღვია მოსახლეობამ მისი ბრძანება? ეს მით უფრო ძნელი ასახსნელი იყო, რომ მას რამდენიმე ასისთავი ჰყავდა ქალაქში გაგზავნილი სადარაჯოდ. ახალგაზრდული სიფიცხის გავლენით იგი უკვე მზად იყო გალავანზე გადასულიყო და კლდეზე გაჭრილი მოკლე ბილიკით ჩასულიყო სადარაჯომდე, რომელიც ქალაქის ბჭეებთან იდგა ციხე-კოშკის მხრით, მაგრამ ნელმა შრიალმა შეაჩერა. მოეჩვენა, თითქოს ხეივანში სილას ქალის მსუბუქი ნაბიჯები ეხებოდა. მობრუნდა და ვერავინ დაინახა, მაგრამ სახტად დარჩა ოკეანის არაჩვეულებრივი განათების გამო. უცებ იქ ისეთი საშინელი სურათი წარმოუდგა, რომ გაქვავდა: იფიქრა, თვალები მატყუებენო. მთვარის ფერმკრთალი შუქი მაინც იმდენად ძლიერი იყო, რომ მან საკმაოდ შორეულ სივრცეში ინგლისის ხომალდების იალქნები დაინახა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ სცადა თავისი თავი დაეჯერებინა, ეს მხედველობის ცთუნებაა, ტალღებისა და მთვარის ცელქობით შექმნილიო. ამ წუთში მან თავისი სახელი გაიგონა, ჩახლეჩილი ხმით წარმოთქმული; გალავნის ქონგურში გაიხედა და დაინახა, რომ ნელ-ნელა ზევით ამოიწია იმ ჯარისკაცის თავმა, რომელმაც იგი ამ დღეს კოშკში მოაცილა.
- თქვენ ბრძანდებით, ბატონო ციხისთავო?
- მე ვარ. რა მოხდა? - ჩურჩულით ჰკითხა ახალგაზრდა ოფიცერმა, რომელსაც წინათგრძნობა უკარნახებდა, ფრთხილად მოქმედებაა საჭიროო.
- არამზადა ესპანელები რაღაცას ფარულად ფუსფუსებენ და საჩქაროდ მოვედი, რათა ჩემი დაკვირვებანი მომეხსენებინა.
- თქვი! - ბრძანა მარშანმა.
- მე კოშკიდან ფეხაკრეფით გამოვყევი ფარნიან კაცს, რომელიც აქეთ წამოვიდა. ფარანი საეჭვო რამაა, ეშმაკმა დალახვროს. არა მგონია, ამ ქრისტიანს ღმერთისა ან წმინდანისათვის დასჭირვებოდეს ასე გვიან სანთლის დანთება. ალბათ, ჩვენი გადაყლაპვა უნდათ. სამ ნაბიჯზე აქედან, ბატონო ციხისთავო, კლდის ქიმზე ფიჩხია დაყრილი...
საშინელმა ყვირილმა, რომელიც ქალაქში მოისმა, შეწყვიტა მისი სიტყვები. უცებ ციხისთავი ცეცხლმა გაანათა. საბრალო ჯარისკაცი მიწაზე განერთხა, ტყვიით შუბლგანგმირული. წალამისა და ფიჩხის კოცონის ალი ცაში ავარდა ათიოდე ნაბიჯის იქით იმ ადგილიდან.
მუსიკა და სიცილი უცებ შეწყდა საცეკვაო დარბაზში. დღესასწაულის ჟივილ-ხივილი შეცვალა სიკვდილის დუმილმა, რომელსაც დროგამოშვებით მხოლოდ კვნესა არღვევდა. ოკეანის რძისფერ ზედაპირზე ზარბაზანმა დაიქუხა. ოფიცერს ცივი ოფლი დაასხა. მას ზედ ხმალიც არ ჰქონდა.
მიხვდა, რომ ფრანგი ჯარისკაცები დაიღუპნენ და ნაპირზე ინგლისელების გადმოსხმა მზადდებოდა. იგი ხედავდა კიდეც, როგორ წარსდგებოდა პატივაყრილი სამხედრო სამსჯავროს წინაშე, თუნდაც ახლა ცოცხალი გადარჩენილიყო; თვალით გაზომა ხრამი და გადასახტომად აიწვართა, რომ ხელში დონა კლარას ხელის წავლება იგრძნო.
- გაიქეცით! ჩემი ძმები აქეთ მოდიან თქვენს მოსაკლავად. კლდის ძირას ჩემი ძმის ხუანიტოს ანდალუზიურ ცხენს ნახავთ. აბა, ჩქარა!
ქალმა ხელი ჰკრა. გონებადაბნეულმა ყმაწვილმა ერთი წუთით თვალები მიაპყრო მას, მაგრამ იმ წუთშივე იმ თავდაცვის ალღოს დაემორჩილა, რომელიც არასოდეს არ სტოვებს თვით უმტკიცესი სულის ადამიანს; ნაჩვენები მიმართულებით გაიქცა და კლდეზე დაეშვა ჯიხვისებური სისწრაფით. მას ესმოდა, როგორ უძახოდა კლარა თავის ძმებს: «არიქა, დაიჭირეთ!» ესმოდა თავისი მდევრების ფეხის ხმა, ყურებთან ტყვიებმა გაუზუზუნა, მაგრამ თვალის დახამხამებაზე ჩაირბინა ფრიალო კლდე, ცხენი დაინახა, ზედ შეახტა და ელვის სისწრაფით გაქრა.
რამდენიმე საათის შემდეგ იგი მიიჭრა გენერლის ბანაკში და უფროსების წინაშე წარსდგა გაფითრებული და თავგზააბნეული, როცა ისინი სადილობდნენ.
- სიკვდილით დამსაჯეთ! - წამოიძახა მან.
შემდეგ დაჯდა და თავისი საშინელი თავგადასავალი მოჰყვა. მისი ამბავი დუმილით იქნა მოსმენილი.
- ჩემი აზრით, ეს უფრო უბედურებაა, ვიდრე დანაშაული, - თქვა ბოლოს მრისხანე გენერალმა. - თქვენ პასუხისმგებელი არ ხართ ესპანელების ვერაგობისათვის, და თუ მარშალი სხვანაირად არ განსჯის, მე თქვენთვის მიპატიებია.
ეს სიტყვები სუსტ ნუგეშს წარმოადგენდა საბრალო ოფიცრისათვის.
- რას იტყვის იმპერატორი, როცა ამ ამბავს გაიგებს! - წამოიძახა მან.
- იგი თქვენს დახვრეტას მოინდომებს, - თქვა გენერალმა. - მაგრამ ეს მომავლის საქმეა. ახლა კი, - დაუმატა მან პირქუში ტონით, - ნურაფერზე ვილაპარაკებთ, გარდა შურისძიებისა, რათა შიშის ზარი დავცეთ ამ ქვეყანას, სადაც ადამიანები ისე იბრძვიან, თითქოს ველურები იყვნენ.
ერთი საათიც არ გასულა და მთელი ქვეითი ლეგიონი, ცხენოსანთა რაზმი და არტილერია გზას გაუდგა. გენერალი და ვიქტორ მარშანი წინ მიუძღოდნენ ამ ჯარს. ჯარისკაცებმა თავიანთი ამხანაგების დაღუპვის ამბავი გაიგეს და უზომოდ იყვნენ გააფთრებული. მანძილი, რომელიც მთავარ ბანაკს ქალაქ მენდიდან ჰყოფდა, გასაოცარი სისწრაფით განვლეს. გზადაგზა გენერალს დასახლებული ადგილები ხვდებოდა, რომელთაც იარაღისათვის ეტაცათ ხელი. იგი ალყას არტყამდა ამ ბეჩავ სოფლებს და ხვრეტდა ყოველ მეათე მცხოვრებს.
რაღაცა საბედისწერო შემთხვევის გამო ინგლისის ხომალდები ვერ მოადგნენ ნაპირს. შემდეგ გამოირკვა, რომ ამ ხომალდებს თურმე მარტო არტილერია წამოეღოთ და წინ გამოესწროთ დანარჩენი სატრანსპორტო გემებისთვის. ამრიგად, ქალაქ მენდს არ აღმოაჩნდა დამხმარეები, რომელთაც ელოდა ინგლისური იალქნების გამოჩენისთანავე, და იგი გარემოცულ იქნა ფრანგის ჯარების მიერ თოფის გაუსროლელად. თავზარდაცემული მცხოვრებლები გამარჯვებულთ დანებდნენ. ფრანგი ჯარისკაცების მკვლელები გრძნობდნენ, რომ შეუბრალებელი გენერალი ცეცხლს მისცემდა მთელ ქალაქს და შემუსრავდა მთელ მოსახლეობას. და იმ კეთილშობილი თავგანწირულების ზეგავლენით, რომელიც ხშირი იყო ესპანეთში, გენერალს წინადადება მისცეს, ჩვენს თავს თვით გადავცემთ ფრანგის ჯარსო. გენერალმა ეს წინადადება მიიღო, მხოლოდ იმ პირობით, რომ მისთვის გადაეცათ აგრეთვე კოშკის ბინადარნიც, მარკიზიდან დაწყებული უკანასკნელ მსახურამდე. ფრანგი ჯარის სარდალმა ამის თანხმობაც მიიღო; მან აღთქმა დასდო, დანარჩენ მცხოვრებლებს შევიწყალებ და ჯარისკაცებს ნებას არ მივცემ ქალაქი დაწვან და დაარბიონო. შეძლებული მოქალაქეები წაყვანილ იქნენ მძევლებად. ისინი იმ უზარმაზარი კონტრიბუციის საწინდარს წარმოადგენდნენ, რომელიც მოსახლეობას ოცდაოთხი საათის განმავლობაში უნდა გადაეხადა.
გენერალმა მიიღო ყველა ღონისძიება, რომელიც საჭირო იყო ჯარის დასაცავად თავდასხმის განმეორების შემთხვევაში: ისინი სახლებში კი არ დააბინავა, არამედ კარვებში დააბანაკა. შემდეგ კოშკში ავიდა და იგი შეიარაღებული ძალით დაიჭირა. ლეგანიესის ოჯახის წევრები და მსახურები შებოჭეს და იმავე დარბაზში დაამწყვდიეს, სადაც ორიოდე დღის წინათ ზეიმი და ცეკვა იყო გამართული, და მათ გაძლიერებული ყარაული მიუყენეს. ამ დარბაზის ფანჯრებიდან მთელი ტერასი მოჩანდა, რომელიც ქალაქს გადაჰყურებდა. შტაბი მეზობელ გალერეაში მოთავსდა და გენერალმა, უწინარეს ყოვლისა, იქ თათბირი გამართა იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთა მიღება საჭირო იყო, რათა ინგლისელების ჯარისათვის ხელი შეეშალათ ნაპირზე გადმოსულიყო. მან ადიუტანტი გაგზავნა მარშალ ნეისთან, ბრძანა ზარბაზნები დაედგათ სანაპიროზე და შემდეგ შტაბთან ერთად დატყვევებულთა საქმის გარჩევას შეუდგა. ორასი ესპანელი დაუყოვნებლივ დახვრიტეს ტერასზე. შემდეგ გენერალმა განკარგულება გასცა, ამავე ტერასზე იმდენი სახრჩობელა აემართათ, რამდენი კაციც იყო დამწყვდეული კოშკის დარბაზში, და ქალაქში კაცი გაგზავნა ჯალათის მოსაყვანად. ვიქტორ მარშანმა დრო იხელთა და დატუსაღებულნი ინახულა. ის ჩქარა დაბრუნდა გენერალთან.
- ნება მიბოძეთ, მსჯავრდებულთა შუამდგომლობა მოგახსენოთ, - თქვა მან აღელვებული ხმით.
- თქვენ? - იკითხა გენერალმა მწარე დაცინვის ტონით.
- ეს სამწუხარო შუამდგომლობაა, - უპასუხა მარშანმა. - მარკიზმა სახრჩობელები დაინახა და იმედი გამოთქვა, თქვენ დასთანხმდებით, რომ მისი ოჯახის წევრებს, როგორც აზნაურებს, ჩამოხრჩობის მაგივრად თავის მოკვეთა მიუსაჯოთ.
- დაე, ასე იყოს, - თქვა გენერალმა.
- ისინი აგრეთვე თხოულობენ, ზიარების ნება მისცეთ და ბორკილები ახსნათ: აღთქმას იძლევიან, გაქცევას არ ვეცდებითო.
- თანახმა ვარ, - თქვა გენერალმა, - მხოლოდ თქვენ იყავით თავდები.
- გარდა ამისა, მოხუცი მთელ თავის ქონებას გთავაზობთ, თუ სიცოცხლეს აჩუქებთ მის უმცროს ვაჟს.
- ოღონდაც: მისი ქონება უკვე მეფე ჟოზეფს ეკუთვნის.
გენერალი ცოტა ხნით ჩაფიქრდა შუბლშეჭმუხვნილი. შემდეგ თქვა: - ძალიან კარგი. მე შევასრულებ მის სურვილს. ვხვდები ამ უკანასკნელი თხოვნის მნიშვნელობას. დაე, მან თავისი გვარის დაცვა გამოისყიდოს, მაგრამ ესპანეთმაც საუკუნოდ შეინარჩუნოს მისი გამცემლობის და დასჯის ხსოვნა! ქონებასა და სიცოცხლეს ვაჩუქებ მარკიზის იმ ვაჟს, რომელიც ჯალათობას იკისრებს. წადი და კრინტიც აღარ დასძრა!
სუფრა გაშალეს. ოფიცრები მადიანად შეექცნენ. მხოლოდ ვიქტორ მარშანი არ იჯდა მათ შორის. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ იგი შევიდა დარბაზში, სადაც ლეგანიესის ამაყი ოჯახი იტანჯებოდა, და სევდიანად თვალი გადაავლო სურათს, რომელსაც ეს სადგომი წარმოადგენდა. გაახსენდა, როგორ გაიელვა აქ ორი დღის წინათ მის თვალწინ ვალსის კორიანტელში ორი ახალგაზრდა ქალის და ორი ვაჟის თავებმა, და იგი შეაძრწუნა აზრმა, რომ მალე ისინი მიწაზე დაგორდებოდნენ, ჯალათის ნაჯახის ერთი დარტყმით მოკვეთილნი. დედ-მამა, სამი ვაჟი და ორი ქალი მოვარაყებულ სავარძლებში ისხდნენ ხელ-ფეხ შებოჭილნი და თითქო სრულიად გაქვავებულიყვნენ. რვა მსახური იქვე იდგა; მათ ხელები ზურგზე ჰქონდათ შეკრული. ეს თხუთმეტი კაცი დღესასწაულებრივი დუმილით უცქეროდა ერთმანეთს; მათი გრძნობები მხოლოდ მათ თვალებში თუ ამოიკითხებოდა: ეს იყო შერიგება ბედისწერასთან, სინანული, რომ ყოველივე მარცხით დამთავრდა. ჯარისკაცები უმოძრაოდ დარაჯობდნენ მათ; ეტყობოდათ, პატივისცემით ეპყრობოდნენ თავიანთი ულმობელი მტრების ტანჯვას. მარშანის შემოსვლისთანავე მათი სახეები იმედმა გამოაცოცხლა. მან ბრძანა, ხელ-ფეხი შეეხსნათ მსჯავრდებულთათვის და კლარა თვით მოხსნა სავარძელს. ქალმა სევდიანად გაიღიმა. მხედარი უნებურად შეეხო ახალგაზრდა ქალის ხელს, სიამოვნებით დააცქერდა მის შავ თმას, მის მოქნილ ტანს. ეს ნამდვილი ესპანელი ქალი იყო. ესპანური კანის ფერი ჰქონდა, ესპანური თვალები, გრძელი მოზნექილი წამწამები.
- როგორია პასუხი? - ჰკითხა მან იმ მჭმუნვარე ღიმილით, რომელშიაც ადამიანი გრძნობს ახალგაზრდა ქალის სულს.
მარშანმა თავი ვერ შეიკავა და ამოიოხრა. შემდეგ თვალი გადაავლო კლარას ძმებს. უფროსი ოცდაათი წლისა იქნებოდა, ტანით ნაკლებ წარმოსადეგი იყო, ამაყი და ზვიადი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ კეთილშობილ მიხვრა-მოხვრაზე ეტყობოდა, მოკლებული არ უნდა ყოფილიყო გრძნობათა სიფაქიზეს, რომელმაც ოდესღაც ესოდენ სახელი გაუთქვა ესპანურ ზნე-ჩვეულებათ. მას ხუანიტო ერქვა. მეორე ვაჟი, ფილიპე, ათი წლით ახალგაზრდა იყო თავის ძმაზე. იგი კლარას ჰგავდა. უმცროსი რვა წლისა იყო. ამ პაწია მანუელის სახეზე მხატვარი რომაული სიმტკიცის ბეჭედს დაინახავდა. მოხუცი მარკიზის ჭაღარა თავი თითქოს მურილიოს ტილოდან იყო ამოჭრილი.
ფრანგი ოფიცერი მიხვდა, რომ არც ერთი მათგანი არ მიიღებდა გენერლის პირობას; მაინც უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და კლარას გადასცა მისი შინაარსი. ესპანელი ქალი ათრთოლდა, მაგრამ უცებ თავი შეიკავა, მამას მიუახლოვდა და მის წინაშე დაიჩოქა.
- მამა, - თქვა მან, - ფიცი დაადებინეთ ხუანიტოს, რომ უსიტყვოდ შეასრულებს თქვენს ბრძანებას და ჩვენ კმაყოფილნი დავრჩებით.
მარკიზის მეუღლე იმედის ცახცახმა აიტანა, მაგრამ როცა თავი ქმრისკენ დახარა და კლარას საშინელი სიტყვები გაიგონა, მას გული წაუვიდა. ხუანიტომ ყოველივე გაიგო. მან დაიგმინა დაჭრილი ლომივით. მარშანმა მარკიზს სიტყვა ჩამოართვა, არც ერთი მსჯავრდებული წინააღმდეგობას არ გაწევსო, და ჯარისკაცები დაითხოვა. მსახურნი ტერასზე გაიყვანეს, ისინი ჯალათმა ჩამოახრჩო.
როცა ოჯახი მარტო დარჩა მარშანთან ერთად, მოხუცი მამა წამოდგა.
- ხუანიტო! - წარმოთქვა მან.
ხუანიტომ თავი გაიქნია უარის ნიშნად, სკამზე დაეცა მოწყვეტილი და მშობლებს უსიცოცხლო, შემზარავი თვალებით ჩააშტერდა.
კლარა ძმას მუხლებზე დაუჯდა, კისერზე ხელები მოხვია, თვალებში აკოცა და მხიარული ხმით უთხრა: - ჩემო ძვირფასო ხუანიტო, ნეტავი იცოდე როგორი ტკბილი იქნება შენი ხელით სიკვდილი! მე არ შემეხება ჯალათის მურტალი ხელები. შენ შემიმსუბუქებ ტანჯვას... ყური დამიგდე, ხუანიტო, შენ ხომ არ გინდოდა, რომ ვისმეს ვრგებოდი? მაშ, იცოდე, თუ...
მისმა ხავერდოვანმა თვალებმა ცეცხლის ნაპერწკალი გადაისროლეს მარშანისკენ, თითქოს იმისათვის, რომ ხუანიტოს გულში კიდევ უფრო გაღვივებულიყო ფრანგების სიძულვილი.
- გამხნევდი, - უთხრა ხუანიტოს საშუალო ძმამ, ფილიპემ. - წინააღმდეგ შემთხვევაში აღიგვება ჩვენი თითქმის მეფური გვარი.
კლარა უცებ წამოდგა. ჯგუფმა, რომელიც ხუანიტოს გარს ეხვია, გვერდზე გაიწია, და ეს ვაჟი, რომელსაც გრძნობა მორჩილებას უკარნახებდა, მამის წინაშე აღმოჩნდა პირისპირ.
- ხუანიტო, მე შენ ამას გიბრძანებ! - უთხრა მოხუცმა დღესასწაულებრივი ხმით.ახალგაზრდა კაცი უმოძრაოდ იდგა. მამა მას ფეხებში ჩაუვარდა. კლარამ, მანუელმაც და ფილიპემაც ძალაუნებურად დაიჩოქეს მის წინაშე. ყველანი ხელებს უწვდიდნენ ამ ადამიანს, რომელსაც მათი თესლი დაღუპვას უნდა გადაერჩინა. მოხუცი მამა ამბობდა: - შვილო, ნუთუ შენ არ გამოიჩენ ესპანურ მხნეობას და სულის ახოვანებას? რამდენ ხანს უნდა ვიდგე შენს წინაშე მუხლმოდრეკილი? განა შეგშვენის, რომ საკუთარ სიცოცხლესა და ტანჯვაზე იფიქრო? ჩემი შვილია თუ არა ეს? - თქვა ბოლოს მოხუცმა და თავის მეუღლეს შეხედა.
- იგი თანახმაა! - სასოწარკვეთილად წამოიძახა დედამ, რადგან შეამჩნია, რომ ხუანიტომ წარბებით ისეთი მოძრაობა გააკეთა, რომლის აზრი მხოლოდ მას ესმოდა.უმცროსი ქალი მარიკვიტა დაჩოქილი იყო და სუსტი ხელებით მუხლებზე ეხვეოდა დედას; და როცა პატარა ძმამ, მანუელმა, დაინახა, რომ იგი ცხარე ცრემლებით ატირდა, მკაცრი საყვედურით მიმართა მას. მარშანს ძალა აღარ ეყო ამ სანახაობის საცქერლად და გარეთ გავარდა, რათა უკანასკნელად ეცადა გენერლის გულისწყრომის დაცხრომა; გენერალი საუცხოო გუნებაზე იყო და კიდევ სუფრას უჯდა. ოფიცრებს ბევრი ესვათ და მათ შორის მხიარული საუბარი იყო გაბმული.
ერთი საათის შემდეგ ტერასზე მენდის ასი რჩეული მოქალაქე გამოცხადდა, რათა გენერლის ბრძანების თანახმად, ლეგანიესის ოჯახის სიკვდილის დასჯას დასწრებოდა. იქვე გამწკრივებულიყო ჯარისკაცების ასეული. ესპანელი მოქალაქეები იმ სახრჩობელათა ქვეშ მოათავსეს, რომელზედაც მარკიზის მსახურნი იყვნენ ჩამოკიდებულნი, ისე რომ მათი თავები ეხებოდნენ ჩამოხრჩობილი მსახურების ფეხებს. მათგან ოცდაათი ფეხის ნაბიჯზე ამართული იყო ეშაფოტი და ნაჯახი ბრჭყვიალებდა. ჯალათი მზად იყო იმ შემთხვევისათვის, თუ ხუანიტო უარს იტყოდა. უცებ ესპანელებს რამდენიმე კაცის ნაბიჯის ხმა, ჯარისკაცების რაზმის გაზომილი სვლა და იარაღის ნელი ჟღარუნი მოესმათ. ეს ხმები ერთვოდა მოქეიფე ოფიცრების მხიარულ ღრიანცელს ისევე, როგორც ორიოდე დღის წინათ საცეკვაო მუსიკა სისხლისმღვრელ შეთქმულებას ფარავდა. ყველამ კოშკისკენ გაიხედა. გამოჩნდნენ მარკიზის ოჯახის წევრები, რომელნიც გასაოცარი სიმტკიცით ახლოვდებოდნენ. მათი სახეების გამომეტყველება წყნარი და განათებული იყო. მხოლოდ ერთი მათგანი იყო ფერმკრთალი და სახეშეშლილი; იგი ძლივს მობარბაცებდა, ეტყობოდა მხნეობა ღალატობდა, როგორც სასიცოცხლოდ განწირულს. ჯალათი მიხვდა, ისევე როგორც სხვები, რომ ხუანიტო დათანხმებულიყო დღეს მისი მაგივრობა გაეწია. მოხუცი მარკიზი და მისი მეუღლე, კლარა, მარიკვიტა და ორი უმცროსი ძმა მუხლებზე დაეცნენ რამდენიმე ნაბიჯზე თხემის ადგილიდან. ჯალათმა ხელი მოჰკიდა ხუანიტოს, განზე გაიხმო და, როგორც ეტყობოდა, ასწავლა როგორ მოქცეულიყო. რაზმის უფროსმა მსჯავრდებულნი ისე მოათავსა, რომ მათ თვით არ დაენახათ დასჯა. მაგრამ ისინი ნამდვილი ესპანელები იყვნენ და არ გამოუჩენიათ სისუსტე. კლარა პირველი მივარდა თავის ძმას.
- ხუანიტო! - შესძახა მან. - მაპატიე სულმოკლეობა! დაიწყე ჩემით! - იმავე წუთში აჩქარებული ნაბიჯების ხმა მოისმა. გამოჩნდა მარშანი. კლარა უკვე დაჩოქილი იყო, მისი თეთრი კისერი ნაჯახს მოუწოდებდა. ოფიცერი გაფითრდა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და ქალთან მიირბინა.
- გენერალი მზადაა გაპატიოს, თუ ჩემი ცოლი გახდებით.
ესპანელმა ქალმა ფრანგ ოფიცერს ზიზღითა და სიამაყით აღსავსე თვალებით შეხედა.
- დაჰკარ, ხუანიტო! - თქვა მან დაბალი ხმით.
მისი თავი მიწაზე დაგორდა ოფიცრის ფეხებთან. მარკიზ ლეგანიესი შეკრთა ამ ხმის გაგონებაზე; ეს იყო მისი სულიერი ტკივილის ერთადერთი ნიშანი.
- კარგად დავდევი თუ არა თავი, ჩემო კეთილო ხუანიტო? - ამის მეტი არაფერი უთქვამს სიკვდილის წინ პატარა მანუელს.
- აჰ, შენ ტირი, მარიკვიტა,- დაიკვნესა ხუანიტომ, როცა უმცროსი და დაინახა.
- ჰო, - უპასუხა ქალმა, - მეცოდები, საწყალო ხუანიტო, შენ მეტად უბედური იქნები უჩვენოდ.
შემდეგ გამოჩნდა მარკიზის წარმოსადეგი ფიგურა. მან დაინახა თავისი შვილების სისხლი, მიუბრუნდა უსიტყვო და უმოძრაო მაყურებლებს, ხელები გაიწოდა ხუანიტოსკენ და ხმამაღლა წარმოთქვა: - ესპანელებო, ჩემს ვაჟს მშობლიურ ლოცვა-კურთხევას ვაძლევ! - ახლა კი, დაჰკარი უშიშრად და უებროდ.მაგრამ როცა ბოლოს ხუანიტომ მოხუცი დედა დაინახა, შეშლილივით დაიღრიალა: - მე ხომ ამის ძუძუებმა გამომზარდეს!
ამ სიტყვების გაგონებისთანავე დამსწრეებს შემაძრწუნებელი გმინვა აღმოხდა. უცებ შეწყდა მოქეიფე ოფიცრების მხიარული ღრიანცელი. მარკიზის მეუღლე მიხვდა, რომ მისი ვაჟიშვილის მხნეობა ამოწურული იყო, გალავანზე გადავარდა და ფრიალო კლდეზე დაეცა თავგატეხილი. ბრბომ კმაყოფილებით ამოიოხრა. ხუანიტოს გული წაუვიდა.
- გენერალო, - თქვა ერთმა გამოფხიზლებულმა ოფიცერთაგანმა, - ესაა მარშანმა ამ დასჯის ზოგიერთი გარემოება მიამბო. მე სანაძლეოს ვდებ, თქვენ არ გაგიციათ ეს განკარგულება...
- თქვენ გეტყობათ, დაგავიწყდათ, ბატონებო, - წამოიძახა გენერალმა, - რომ ერთი თვის შემდეგ ხუთასი ფრანგის ოჯახი შავით შეიმოსება, და რომ ჩვენ ესპანეთში ვიმყოფებით. ხომ არ გინდათ, აქ დასტოვოთ თქვენი ძვლები?
ამ გაწყრომის შემდეგ ვერც ერთმა ოფიცერმა ვერ გაბედა თავისი ჭიქის დაცლა.იმ პატივისცემის მიუხედავად, რომლითაც გარემოცულია მარკიზი ლეგანიესი, მიუხედავად ელ ვერდუგოს საპატიო სახელწოდებისა, რომელიც ესპანეთის მეფემ უბოძა ფრანგების განდევნის შემდეგ, მას კაეშანი ღრღნის, იგი განდეგილივით ცხოვრობს და იშვიათად ტოვებს ციხე-კოშკს, ქედმოხრილი იმ საშინელი დანაშაულის სიმძიმით, რომელიც სხვებში აღტაცებას იწვევს. ის მოუთმენლად ელის მეორე ვაჟის დაბადებას, რათა უფლება მოიპოვოს შეუერთდეს მწუხარე აჩრდილებს, თავისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრებს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•