წიგნიდან: ონორე დე ბალზაკი - მოთხრობები
იმხანად ერთ პატარა ქუჩაზე ვცხოვრობდი. მისი სახელი, ალბათ, არცა გსმენიათ. ეს ლედიგიერის ქუჩა გახლავთ; სენტ-ანტუანის ქუჩიდან იწყება, ბასტილიის მოედანთან რომ შადრევანია, იმის მახლობლად, და სერიზეს ქუჩას უერთდება.
მეცნიერების სიყვარულმა შემაგდო ერთ მანსარდაზე, სადაც ღამეს თეთრად ვათევდი მუშაობაში, ხოლო ყოველ ცისმარე დღეს იქვე, მეზობლად მდებარე სამეფო ბიბლიოთეკაში წიგნებს ჩავჩიჩინებდი.
ღარიბულად ვცხოვრობდი, რაკი თავადვე გადავწყვიტე, მტკიცედ დამეცვა მონასტრული ცხოვრების ყველა პირობა, რაც მშრომელი კაცისათვის ესოდენ საჭიროა. ხანდახან, კარგ ამინდში, ცოტა ხნით თუ გავისეირნებდი ბურდონეს ბულვარზე. გულმოდგინე მუშაობას ერთადერთი გატაცება მომწყვეტდა ხოლმე და მასაც ისევ ცოდნის შეძენის წყურვილი იწვევდა - გარეთ გამოვდიოდი და გარეუბნის მკვიდრთა ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებსა და ხასიათს ვაკვირდებოდი. მუშაკაცივით ცუდად ჩაცმული, გულგრილად განწყობილი გარეგნული ზიზილ-პიპილებისადმი, ჩემი გამოჩენით იქაურ მცხოვრებლებს არ ვაფრთხობდი. შემეძლო გავრეულიყავი ბრბოში, დამენახა, როგორ ჩარხავდნენ მუშები ერთმანეთთან საქმეებს, როგორ კინკლაობდნენ სამუშაოს დამთავრებისას.
ადამიანზე დაკვირვების უნარი უკვე ქვეცნობიერ გრძნობად გადამექცა; იგი იჭრებოდა სხვის სულში და უყურადღებოდ სხეულსაც არ ტოვებდა. უფრო სწორად, გარეგნულ დეტალებს ისე უეცრად აღვიქვამდი, რომ სულიერ სამყაროში მაშინვე ვაღწევდი. დაკვირვების ამგვარი უნარი საშუალებას მიქმნიდა იმ პიროვნების ცხოვრებით მეცხოვრა, ვისზედაც დაკვირვებას ვაწარმოებდი, გარდავსახულიყავი ისეთ ადამიანად, როგორიცაა დერვიში «ათას ერთი ღამიდან», თავისი თილისმით მოჯადოებული ადამიანებისაგან რომ იღებდა სხეულსა და სულს.
ღამის თერთმეტსა თუ თორმეტ საათზე, როცა შემომხვდებოდა ვინმე მუშა, ვინც ცოლთან ერთად «ამბიგიუ-კომიკიდან» ბრუნდებოდა, თავშესაქცევად უკან მივყვებოდი და პონტ-ო-შუდან ბომარშეს ბულვარამდე ვაცილებდი. საცოდავი ადამიანები თავდაპირველად იმ საღამოს ნანახ წარმოდგენაზე საუბრობდნენ. მასლაათში თანდათან თავიანთ საქმეებს გადაწვდებოდნენ. დედა ხელში ხელჩაკიდებულ ბავშვს მოაჩანჩალებდა და მის წუწუნსა და ჩივილს ყურს არ უგდებდა. ცოლ-ქმარი ითვლიდა, ხვალ რამდენი ფული გვერგებაო, და ამ თანხას ათასნაირი საჭიროებისთვის ინაწილებდა. რა წვრილმანებზე არ ლაპარაკობდნენ. ჩიოდნენ, კარტოფილი გაძვირდა, ზამთარსაც არ ეღირსა გასვლა, ტორფის ფასი კი სულ მატულობს და მატულობსო. ერთმანეთს პირში ახლიდნენ, ხომ იცი, მეფუნთუშისა რამდენი გვმართებსო. ბოლოს ატყდებოდა ერთი აყალმაყალი და ორთავე მეტად ხატოვანი გამოთქმებით თავიანთ ხასიათს ამჟღავნებდა.
ვუსმენდი ამ ადამიანებს და მათი ცხოვრება ჩემი ცხოვრება ხდებოდა. ვგრძნობდი, ზურგზე მათი კონკები მეფარა, ფეხზე მათი ლანჩგახვრეტილი ფეხსაცმელი მეცვა. მათი სურვილები, მოთხოვნილებები, ყოველი მისწრაფება ჩემს სულში გადმოდიოდა, ან ჩემი სული იკალათებდა მათში.
ეს იყო ფხიზელი ადამიანის სიზმარი. ამ ღარიბ-ღატაკ ადამიანებთან ერთად გული მომდიოდა მათ მჩაგვრელ საწარმოს უფროსებზე, ან სინდისგარეცხილ მუშტრებზე, რაკი ისინი ქირას დროზე არ უხდიდნენ და აიძულებდნენ ხელფასის მისაღებად კარები აეტალახებინათ მათთვის.
ვიცილებდი საკუთარ ჩვევებს, ვითრგუნავდი სულიერ მიდრეკილებებს, რათა სხვა ადამიანად გადავქცეულიყავი და ნებისყოფის გამოცდის თამაშში ჩავბმულიყავი. ასეთი გახლდათ ჩემი გართობა.
ნეტავ რას უნდა ვუმადლოდე ამგვარ ნიჭს? შინაგანი ხილვა ხომ არ არის იგი, ან უნარი, რისი ბოროტად გამოყენებაც სიგიჟეს იწვევს?
ამ ძალის გამომწვევი მიზეზი არასოდეს მიძებნია, მას ვფლობ და მით ვსარგებლობ. ეს არის და ეს. მარტოოდენ მსურს მოგახსენოთ, რომ იმ დროს უკვე შემეძლო, დამენაწილებინა მრავალსახოვანი მასა, რასაც სახელად ხალხი ეწოდება, ჩავწვდომოდი მის არსს და შემეფასებინა მისი კეთილი თუ ბოროტი მხარე.
უკვე კარგად ვიცოდი, რაოდენ ძალას ფლობდა ეს გარეუბანი - რევოლუციის კერა, - სადაც იზრდებიან გმირები, გამომგონებლები, თვითმყოფადი მეცნიერები, თაღლითები, არამზადები; სადაც იფურჩქნება სათნოება და მანკიერება. აქ ყველა გათანგულია სიღარიბით, ქანცგაწყვეტილი ხელმოკლეობით, ჩამხრჩვალი ღვინოში, გასავათებული არყის სმით. ვერც წარმოიდგენთ რამდენი ხიფათი მიკარგულა, რამდენი დრამა მისცემია დავიწყებას ამ მწუხარების ქალაქში, რამდენი შემაძრწუნებელი და რამდენი მშვენიერი ამბავი!
გონება ვერასოდეს ჩაწვდება და ვერ შეიცნობს ჭეშმარიტად, რა იმალება აქ; არვის ძალუძს ახსნას ეს ამოცანა. მეტად ქვემოთ, სიღრმეში, უნდა ჩახვიდე, რათა შენს თვალწინ გადაიშალოს ტრაგიკული თუ კომიკური განსაცვიფრებელი სურათები, შემთხვევით აღმოცენებული შედევრები.
თვითონაც არ ვიცი, ესოდენ დიდხანს გულში რატომ ვინახავდი ამბავს, რასაც ახლა მოგიყვებით. იგი წარმოადგენს ნაწილს გასაოცარი თავგადასავლებისა, რაც ინახება იმ გუდაში, საიდანაც მეხსიერებას, როცა მოეპრიანება, მაშინ ამოაქვს ესა თუ ის ამბავი, ვითარცა ლატარიის ნომრები. ამასავით უცნაური ბევრი რამ სხვაცა მაქვს გადამალული. დამიჯერეთ, მათაც დაუდგებათ თავიანთი რიგი.
ერთ დღეს ჩემმა მოახლემ, მუშის ცოლმა, მთხოვა პატივი დამედო და მისი ერთ-ერთი დის ქორწილს დავსწრებოდი. რათა წარმოგიდგინოთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ქორწილი, საჭიროა მოგახსენოთ, რომ თვეში ორმოც სუს ვაძლევდი საცოდავ დედაკაცს, რომელიც ყოველ დილით ჩემთან მოდიოდა, მისწორებდა ლოგინს, მისუფთავებდა ფეხსაცმელს, მიწმენდდა ტანსაცმელს, მილაგებდა ოთახს, მიმზადებდა სადილს. დანარჩენ დროს რომელიღაც მანქანის ტარს ატრიალებდა და მძიმე ჯაფის საფასურად დღეში ათ სუს უხდიდნენ. მისი ქმარი, წითელ ხეზე მომუშავე დურგალი, დღეში ოთხ ფრანკს იღებდა. ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავდა და პატიოსანი შრომით ლუკმა-პურს ძლივს ჭამდნენ.
ამ მამაკაცსავით და დედაკაცსავით ნამუსიანი ადამიანები არასოდეს შემხვედრია. ამ უბნიდან გადასვლის შემდეგ, მთელი ხუთი წლის განმავლობაში, ჩემი სახელწოდების დღეს დეიდა ვაიან ყოველთვის მოდიოდა ჩემთან და თაიგული და ფორთოხლები მოჰქონდა. ასე იქცეოდა ქალი, ვისაც თავის დღეში ათი სუც არ ჰქონია ზედმეტი.
სიღარიბემ დაგვაახლოვა. ერთხელაც ვერ შევძელი მისთვის მეჩუქებინა ათ ფრანკზე მეტი, რასაც ხშირად სწორედ ამ შემთხვევისთვის ვსესხულობდი.
აღნიშნულმა მდგომარეობამ იქნებ გასაგები გახადოს, რატომ შევპირდი, ქორწილზე მოვალ-მეთქი; ღატაკი ხალხის სიხარულის გაზიარება მსურდა.
ნადიმი მოაწყვეს შარანტონის ქუჩაზე მოვაჭრე სირაჯთან, მეორე სართულზე, თეთრი თუნუქის რეფლექტორიანი ნათურებით განათებულ დიდ ოთახში. კედლებზე მაგიდის სიმაღლემდე გაქონილი შპალერი იყო გაკრული, ხოლო კედლების გასწვრივ ხის მერხი იდგა.
თაიგულებითა და ლენტებით მორთული, საზეიმოდ გამოპრანჭული, დროსტარების ჟინით შეპყრობილი, სახეატკეცილი ოთხმოცი ადამიანი დარბაზში ისე ცეკვავდა, თითქოს მეორედ მოსვლა დამდგარიყოს. ყველას გასახარად ნეფე-პატარძალი ერთმანეთს კოცნიდა და იყო ერთი შეძახილები: «ეჰ! ეჰ! აჰ! აჰ!» ეს შეძახილები, თუმცა მეტად ორაზროვანი გახლდათ, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, მაინც ნაკლებად უხამსი იყო, ვიდრე კარგად აღზრდილი ყმაწვილი ქალის მრავალმნიშვნელოვანი, ქვეშ-ქვეშა გამოხედვა.
სირაჯის დარბაზში თავმოყრილ ადამიანთა უხეშ მხიარულებაში იყო რაღაც ისეთი, რაც არ შეიძლებოდა სხვებსაც არ გადასდებოდა. უნდა მოგახსენოთ, რომ არც ამ საზოგადოების გარეგნობას, არც ქორწილს, არც სხვა რამეს, რაც აქ ხდებოდა, საერთო არაფერი აქვს ჩემს ამბავთან. მარტოოდენ დაიხსომეთ ის უცნაურობა, რითაც აღწერილი სურათის ჩარჩო გამოირჩევა.
ნათლად წარმოიდგინეთ ამაზრზენი და წითლად შეღებილი დუქანი, შეიგრძენით ღვინის სურნელება, ყური დაუგდეთ მხიარულ შეძახილებს, შეესისხლხორცეთ გარეუბანს, მუშების წრეს, ბერიკაცებს, საცოდავ დედაკაცებს, რომელთაც ერთი ღამის სიამოვნების დაკმაყოფილების ჟინი დაუფლებია. ორკესტრი შედგებოდა «კენზ-ვანის» სამი ბრმისაგან, პირველი ვიოლინოზე უკრავდა, მეორე - კლარნეტზე, ხოლო მესამე - ფლაჟოლეტზე.
სამთავეს ერთად შვიდასი ფრანკი ეძლეოდათ ღამეში.
რაღა თქმა უნდა, ამ ფასად არავინ დაგვიკრავდა არც როსინის, არც ბეთჰოვენს. ამიტომ რაც მოეპრიანებოდათ, იმას უკრავდნენ, უფრო კი - რაც შეეძლოთ.
საყვედურს არავინ ეუბნებოდა მათ, - მომხიბლავი თავაზიანობაა!
მათი დაკვრა ისე უხეშად მოხვდა ჩემს ყურს, რომ ჯერ თავმოყრილ საზოგადოებას მოვავლე თვალი და მერე ბრმების ტრიოს გადავხედე. როცა ფორმა ვიცანი, მაშინვე გული მომილბა.
დამკვრელები ფანჯრის ნიშაში ისხდნენ და თუ მოისურვებდი მათი პირისახის გარჩევას, სულ ახლოს უნდა მისულიყავი. მაშინვე არ მივსულვარ დამკვრელებთან და მერე, როცა მივუახლოვდი მათ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ირგვლივ ყოველივე შეიცვალა, ქორწილი და მუსიკა გაქრა, ცნობისმოყვარეობა უკიდურესად გამიღიზიანდა, რადგან ჩემი სული კლარნეტის დამკვრელის სხეულში გადავიდა. მევიოლინესა და ფლაჟოლეტის დამკვრელს ყველასთვის ცნობილი, ჩვეულებრივი, უსინათლოების დაძაბული, ყურადღებიანი, სერიოზული სახეები ჰქონდათ. კლარნეტზე დამკვრელს კი ისეთი განსაკუთრებული სახე ჰქონდა, რომელიც ერთნაირად იპყრობს როგორც ხელოვანის, ისე ფილოსოფოსის ყურადღებას.
წარმოიდგინეთ გრუზა, შევერცხლილი, აქოჩრილი ჭაღარით მოსილი დანტეს თაბაშირის ნიღაბი, ზეთის ლამპის შუქით განათებული.
ამ საოცარი სახის სევდიანსა და მწუხარე გამომეტყველებას უფრო მეტად ნაღვლიანსა ხდიდა უსინათლობა, რამეთუ ჩაშრეტილ თვალებს აზრი უცოცხლებდა. ბრმის თვალებზე თითქოს კიაფობდა კაშკაშა სხივი, ერთადერთი გაუქრობელი ვნებისა, რაც ძველი კედლის ნასკდომების მსგავსი ნაოჭებით დაღარულ, ამობურცულ შუბლზე მძლავრად აღბეჭდილიყო.
ბერიკაცი ალალბედზე უკრავდა, ერთი ბეწოთიც არ აქცევდა ყურადღებას არც რიტმსა და არც მელოდიას. მისი თითები ზემოთ და ქვემოთ ანგარიშმიუცემლად დაცურავდნენ და ძველ კლავიშებს ეხებოდნენ. აინუნშიც არ მოსდიოდა, თუკი მისი ინსტრუმენტი, ორკესტრანტები რომ იტყვიან, «დაიყივლებდა». ხოლო ამას მოცეკვავეები ისევე ვერ ამჩნევდნენ, როგორც ჩემი იტალიელის ორი დამქაში. იტალიელიო, ვამბობ, რაკი მე მინდოდა იტალიელი ყოფილიყო ის და მართლაც იტალიელი იყო.
ამ ხანდაზმულ ჰომეროსს რაღაც დიადსა და დესპოტურს შეამჩნევდით. გულის სიღრმეში იგი უთუოდ ფარავდა «ოდისეას», რასაც დავიწყება ეწერა. თვალში გეცემოდათ მოხუცის დიდებული, მბრძანებლური იერი, რაც მის უკიდურეს სიღარიბეს, დამცირებულ მდგომარეობას უმალ გავიწყებდათ.
არც ერთი მძაფრი ვნებათაღელვა, რასაც ადამიანი სიკეთისკენაც შეუძლია წაიყვანოს და ბოროტებისკენაც, გადააქციოს კატორღელად ან გმირად, არ აკლდა იტალიელის მოლურჯო-მოთეთრო პირისკანიან, კეთილშობილურად გამოკვეთილ სახეს, დაჩრდილულს შეჭაღარავებული წარბებით, რაც ნისლს ფენდა ღრმულებს, საიდანაც გონების შუქი გამოკრთოდა და ისეთსავე შიშს იწვევდა კაცში, როგორც გამოქვაბულის შესასვლელთან ჩირაღდნებითა და ხანჯლებით შეიარაღებულ ყაჩაღთა ბრბოს შეხვედრა. ადამიანის ხორცის გალიაში ლომი იჯდა, რომლის ძალ-ღონე რკინის ხარიხებთან ბრძოლას ფუჭად შეელია.
სასოწარკვეთილების კოცონი ნაცრად ჩაიფერფლა, ლავა გაცივდა, ხოლო კვლები, გაცივებული ნიაღვრის ნაკადულები, მბჟუტავი კვამლი, ვულკანის ამოფრქვევის სიმძლავრეზე მოწმობდა.
ყოველივე ეს, რაც უფრო ბუნდოვნად გამოსჭვიოდა მისი სახის ნაკვთებიდან, ჩემს წარმოდგენაში უფრო ცხოველმყოფლად ისახებოდა.
ყოველი ცეკვის შემდეგ, შესვენების დროს, ჭიქებითა და ბოთლებით ფრიად დაინტერესებული ფლაჟოლეტზე დამკვრელი და მევიოლინე საკრავებს თავიანთ გაცრეცილი ქურთუკების ღილებზე ჩამოიკიდებდნენ, ხელს გაიშვერდნენ ფანჯრის ნიშაში მიდგმულ მაგიდისკენ, სადაც მათთვის სუფრა გაეშალათ და იტალიელს სთავაზობდნენ ღვინით სავსე ჭიქას, რის აღებაც თვითონ არ შეეძლო, რადგან მაგიდა მისი სკამის უკან იდგა. კლარნეტის დამკვრელი მადლობის ნიშნად მათ ყოველთვის მეგობრულად თავს უქნევდა.
დამკვრელთა მოძრაობა გამოირჩეოდა იმ გასაოცარი სიზუსტით, რაც «კენზ-ვანის» ბრმებს ახასიათებს.
სამი უსინათლოსკენ გავემართე, რათა მათი საუბარი მომესმინა, მაგრამ როცა მივუახლოვდი, ისინი გაიტრუნნენ. ეტყობა, მიხვდნენ, მუშა რომ არ ვიყავი და ხმა გაკმინდეს.
- სადაური ხართ, თქვენ, კლარნეტზე რომ უკრავთ?
- ვენეციელი, - ოდნავი იტალიური კილოთი მიპასუხა ბრმამ.
- ბრმა დაიბადეთ თუ თვალის ჩინი დაკარგეთ რაღაც...
- უბედური შემთხვევის შედეგად, - მიპასუხა მკვირცხლად, - დაწყევლილი შავი წყალი...
- ვენეცია ლამაზი ქალაქია. ჩემი დღე და მოსწრება იქ წასვლაზე ვოცნებობ.
ბერიკაცს სახე გაუნათდა, ნაოჭები აუთრთოლდა. მძლავრმა მღელვარებამ შეიპყრო იგი.
- თუ მე წამოგყვებით ვენეციაში, დროს ტყუილად არ დაკარგავთ, - მითხრა მან.
- ვენეციაზე ნურაფერს ეტყვით, თორემ დოჟი თავის რაშს მოაჯდება და... თანაც ორი ბოთლი გადაყლურწა ჩვენმა ბატონიშვილმა!
- აბა, დავიწყოთ, ყიყლიყო ბიძია!
სამთავე დაკვრას შეუდგა, მაგრამ ოთხივე კადრილის შესრულებისას ვენეციელის ყურადღება მხოლოდ ჩემკენ იყო მომართული. გრძნობდა, რომ ცნობისმოყვარეობა უაღრესად გამიღიზიანა. სევდიანი გამომეტყველება გაუქრა. რაღაც ჩემთვის უცნობმა იმედმა სახის ნაკვთები გამოუცოცხლა და მის ნაოჭებს ცისფერი ალივით ჩაუქროლა. გაიღიმა და თამამი, შემზარავი შუბლი მოიწმინდა. დაბოლოს, სიხარულმა შეიპყრო იგი, რაკი იგრძნო, რომ საშუალება ეძლეოდა თავისი აკვიატებული აზრი ვინმესთვის გაეზიარებინა.
- რამდენი წლისა ბრძანდებით? - ვკითხე მე.
- ოთხმოცდაორისა.
- დიდი ხანია, რაც დაბრმავდით?
- მალე ორმოცდაათი წელი იქნება, - მიპასუხა მან ისეთი კილოთი, რაც იუწყებოდა, რომ მისი სინანული თვალის ჩინის დაკარგვას არ ეხებოდა მხოლოდ, არამედ რაღაც დიდ ძალაუფლებას, რომელიც ხელიდან გამოსცლოდა.
- ერთი ეს მითხარით, ესენი დოჟს რატომ გიწოდებენ? - შევეკითხე.
- აჰ, ისე, ხუმრობით მეძახიან, - მომიგო მან. - ვენეციელი პატრიცი გახლავართ და სხვებსავით მეც შემეძლო დოჟი ვყოფილიყავი.
- რა გვარისა ბრძანდებით?
- აქ, - მიპასუხა მან, - ძია კანეს მეძახიან. სამოქალაქო აქტებში ჩემი გვარი სხვანაირად შეიტანეს. იტალიურად კი ეს გახლავთ მარკო ფაჩინო კანე, ვარეზელი ბატონიშვილი.
- როგორ, თქვენ შთამომავალი ბრძანდებით სახელგანთქმული კონდოტიერი ფაჩინო კანესი, რომლის დაპყრობილი სამფლობელოები მილანელ დუკათა ხელში გადავიდა?
- E vero, - მითხრა მან, - იმხანად კანეს ძემ ვენეციას შეაფარა თავი, რათა ვისენტის საგვარეულოს არ მოეკლა. მისი გვარი იქ «ოქროს დავთარში» შეიტანეს. ხოლო დღეს აღარც კანე არსებობს და აღარც საგვარეულო დავთარი. - და მან ისე ჩაიქნია ხელი, რომ ამით გამოხატა ჩაფერფლილი პატრიოტული გრძნობაცა და ზიზღიც ამქვეყნიური ამაოებისადმი.
- თუ ვენეციელი სენატორი ბრძანდებით, მაშინ ხომ მდიდარიც უნდა ყოფილიყავით? როგორ მოხდა, რომ ქონება ასე გამოგცლიათ ხელიდან?
ამ შეკითხვაზე მან პირი ჩემკენ ჭეშმარიტად ტრაგიკული მოძრაობით მოაბრუნა, თითქოს იმისათვის, რათა დამკვირვებოდა და მიპასუხა: - უბედურებათა შედეგად!
ღვინის სმა ვიღას აგონდებოდა. ხელით ანიშნა, რომ აღარ სურდა გამოერთმია ღვინით სავსე ჭიქა, რასაც ამ წუთში ფლაჟოლეტის ბებერი დამკვრელი აწვდიდა და თავი ჩაქინდრა.
ეს დეტალები იმ ხასიათისა არ გახლდათ, რომ ჩემთვის ცნობისმოყვარეობა დაეყუჩებინა. ცეკვის დროს, როცა ეს სამი ავტომატი დაკვრას განაგრძობდა, მოხუც კეთილშობილ ვენეციელს ვათვალიერებდი გამსჭვალული ისეთი გრძნობით, რაც ოცი წლის ჭაბუკის გულში ცეცხლივით აგიზგიზდება ხოლმე. თვალწინ წარმომიდგა ვენეცია და ადრიატიკა. მოხუცის ჟამთა სიავით განადგურებულ სახეზე ვხედავდი ნანგრევებად ქცეულ ვენეციას, დავეხეტებოდი ამ ქალაქში, რომელიც ესოდენ ძვირფასია მის ბინადართათვის. მივეშურებოდი რიალტოდან დიდ არხამდე, ესკლავონის სანაპიროდან - ლიდომდე. ვბრუნდებოდი ვენეციის ტაძარში, რაც ესოდენ თავისებურად დიდებულია. შევცქეროდი casa d’oro-ს ფანჯრებს, თითოეულ მათგანს ხომ განსხვავებული ჩუქურთმა ამკობს. ვათვალიერებდი მარმარილოთი მდიდრულად ნაგებ ძველ სასახლეებს. დაბოლოს, აღტაცება მიპყრობდა მთელ ამ ჯადოსნურ ქმნილებათა ხილვით, რამეთუ ისინი იმდენად ძვირფასნი არიან სწავლულისთვის, რამდენადაც იგი ოცნებაში თავის ნებაზე აფერადებს მათ, ხოლო სინამდვილე მის ოცნებას პოეზიის სამოსს არ აცლის.
გონებით მივყვებოდი უდიდეს კონდოტიერთა შთამომავლის ცხოვრების დინებას. იქ ვეძებდი მის უბედურებათა ნაკვალევს და მიზეზს იმ ღრმა ფიზიკური და სულიერი გადაგვარებისა, რაც ამ წუთას მის სახეზე აკიაფებულ სიდიადისა და კეთილშობილების ნაპერწკლებს უფრო მეტად მშვენიერსა ხდიდა. ჩემი და ვენეციელის ფიქრები, უეჭველია, ერთმანეთს ემთხვეოდა, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, ბრმა, რაკი ყურადღებას გარე სამყაროს სხვადასხვა საგნებზე ვერ ფანტავს, სხვა ადამიანთან გონებრივ კონტაქტს სწრაფად ახდენს.
მართლაც, ჩვენი ურთიერთკეთილგანწყობის გამომჟღავნება დიდხანს არ დაყოვნებულა. ფაჩინო კანემ დაკვრა შეწყვიტა, წამოდგა, მოვიდა ჩემთან და მითხრა: «გავიდეთ»! ამ სიტყვამ ჩემზე ელექტრონის დენივით იმოქმედა.
მკლავში ხელი გავუყარე და მასთან ერთად გარეთ გამოვედი.
ქუჩაში ასე მომმართა: - თანახმა ხართ, წამიყვანოთ ვენეციაში, ჩამყვეთ იქამდე? იქნებ ირწმუნოთ ჩემი? ისეთ ბედსა გწევთ, რომ თქვენი ქონება ამსტერდამისა და ლონდონის ათი ბანკის ქონებას გადააჭარბებს, როტშილდზე მდიდარი გახდებით. ერთი სიტყვით, იქნებით ისეთი ავლადიდების პატრონი, როგორიც «ათას ერთ ღამეშია» აღწერილი.
გავიფიქრე, ეს კაცი გიჟია-მეთქი, მაგრამ მის ხმაში იმგვარი ძალა გამოკრთოდა, რომ დავნებდი.
მორჩილად გავყევი ბრმას და მან ისე მიმიყვანა ბასტილიის თხრილებთან, თითქოს თვალხილული ყოფილიყოს!
მოხუცი ჩამოჯდა ერთ ქვაზე, უკაცრიელ ადგილას, სადაც შემდგომ ააგეს ხიდი, სენ-მარტენის არხს სენასთან რომ აერთებს. მეც იქვე, ბერიკაცის წინ, მეორე ლოდზე ჩამოვჯექი. მისი ჭაღარა მთვარის შუქზე ვერცხლის ძაფებივით ბზინავდა.
სიჩუმე, რასაც ჩვენამდე მოღწეული ბულვარების ქოთქოთი არღვევდა, კამკამა ღამე, ყოველივე ხელს უწყობდა იმას, რომ სცენა მართლაც ფანტასტიკური ყოფილიყო.
- თქვენ მილიონებზე ელაპარაკებით ყმაწვილკაცს და გგონიათ, იგი ყოყმანს დაიწყებს მათ მისაღებად, თუნდაც ათასი ხიფათი მოელოდეს? ხომ არ დამცინით?
- დაე, მოვკვდე ცოდვების მოუნანიებლად, - მომიგო მან მგზნებარედ, - თუკი ის, რასაც გიამბობთ, მართალი არ არის. ოცი წლისა ვიყავი, როგორც თქვენა ხართ ახლა, მდიდარი გახლდით, ლამაზი, მაღალი წარმოშობისა და ცხოვრებაში ფეხი შევდგი უდიდესი სიგიჟით - სიყვარულით. ისეთმა მიჯნურობამ დამიმონა, რის მსგავსიც ახლა აღარ არსებობს. ოღონდ მარტოოდენ დაპირება მიმეღო, რომ სატრფო კოცნის ნებას დამრთავდა და ჩავჯდებოდი ზანდუკში, სადაც ხანჯლით ამკუწავდნენ. მისთვის სიკვდილი ხანგრძლივ სიცოცხლედ მიმაჩნდა. 1760 წელს ვენდრამინთა საგვარეულოს შთამომავალი, თვრამეტი წლის ქალი შემიყვარდა. მისი ქმარი, გვარად საგრედო, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სენატორი გახლდათ. ოცდაათი წლისა იყო და ცოლი გაგიჟებით უყვარდა. მე და ჩემი სატრფო ქერუბინებივით უცოდველნი ვიყავით. ერთხელ sposo თავს დაგვადგა, როცა ჩვენ სიყვარულზე ვსაუბრობდით. უიარაღოდ ვიყავი. მან დარტყმა ამაცდინა, მე კი ვეცი და ორი ხელით დავახრჩე. წიწილასავით მოვუგრიხე კისერი. მინდოდა ბიანკასთან ერთად გავცლოდი ქალაქს, მაგრამ მან არ ინება გამომყოლოდა. ასეთები გახლავთ ქალები! წავედი მარტო. დაუსწრებლად გამასამართლეს. ჩემს ქონებას ჩემს მემკვიდრეთა სასარგებლოდ სექვესტრი დაადეს, მაგრამ მე მოვასწარი და თან წავიღე ალმასები, ტიციანის ხუთი გრაგნილად დახვეული ტილო, მთელი ოქრო, რაც კი გამაჩნდა. წავედი მილანში, სადაც არავის შევუწუხებივარ. ჩემი საქმე ხელისუფლებას სულაც არ აინტერესებდა.
- სანამ ამბის მოყოლას განვაგრძობდე, ერთ პატარა საკითხზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, - მითხრა მან ცოტაოდენი დუმილის შემდეგ, - არ ვიცი, გავლენას ახდენს თუ არა ქალის ახირებული სურვილები პირმშოზე ჩასახვის მომენტში, ან მაშინ, როცა მუცლით დაატარებს, ის კი უდავოა, რომ დედა ჩემზე ორსულობის პერიოდში ოქროზე ჭკუას კარგავდა. მეც ასევე ვგიჟდები ოქროსთვის და ამ მანიის დაკმაყოფილება ჩემი არსებობისთვის სრულიად აუცილებელია. რა პირობებშიც უნდა მოვხვდე, ოქრო თან უნდა მქონდეს. ხელში ოქროს ვატრიალებ ნიადაგ. სიჭაბუკეში ყოველთვის ოქროს სამკაულს ვატარებდი და ჯიბეში ორი ან სამი დუკატი მედო.
ამ სიტყვებთან მან ორი დუკატი ამოიღო ჯიბიდან და მიჩვენა.
- თითქოს ყნოსვით ვგრძნობ ოქროს. თუმცა ბრმა ვარ, მაინც ოქრომჭედლების დუქნებთან ვჩერდები. ამ ვნებამ დამღუპა კიდეც. აზარტული მოთამაშე გავხდი, რათა ოქროზე მეთამაშა. ყალთაბანდი არ ვიყავი, სხვები კი ყალთაბანდურად მეთამაშებოდნენ და გავკოტრდი. როცა ქონების ნატამალიც აღარ გადამრჩა, ბიანკას ნახვის სურვილმა გამაგიჟა. საიდუმლოდ დავბრუნდი ვენეციაში. ვიპოვე სატრფო და ექვსი თვის განმავლობაში ბედნიერებით ვტკბებოდი. მის სახლში ვიმალებოდი და საჭმელსაც ის მაჭმევდა. მეგონა, მთელ სიცოცხლეს ასეთი ნეტარებით გავატარებდი.
ბიანკა ერთ პროვედიტორს უყვარდა. იგი მიხვდა, რომ მეტოქე ჰყავდა. იტალიაში მეტოქეს გუმანით გრძნობენ. იმდენი გვითვალთვალა, სანამ სარეცელზე არ შემოგვისწრო. არამზადა! წარმოიდგინეთ, როგორი ბრძოლა გაიმართა ჩვენს შორის. არ მოვკალი, მხოლოდ მძიმედ დავჭერი.
ამ ხიფათმა დაამსხვრია ჩვენი ბედნიერება. ჩემს სიცოცხლეში ბიანკასთანა ქალი აღარ მინახავს.
რა სიამოვნება არ განმიცდია, რა განცხრომას არ მივცემივარ, ლუი XV კარზე მიცხოვრია, ყველაზე სახელგანთქმულ ქალებსაც დავახლოვებივარ, მაგრამ ჩემი ძვირფასი ვენეციელისდარ ღირსებებს, მომხიბვლელობას, ვნებიანობას არსად შევხვედრივარ. პროვედიტორს მხლებლები ახლდა. მოიხმო ისინი. სასახლეს ალყა შემოარტყეს და მერე შიგ შემოცვივდნენ. თავს ვიცავდი, რათა მოვმკვდარიყავი ბიანკას თვალთა წინაშე. ბიანკაც მეხმარებოდა და ჩემთან ერთად ლამობდა პროვედიტორის მოკვლას.
ოდესღაც ეს ქალი ჩემთან ერთად გაქცევაზე არ დამყაბულდა, მაგრამ ექვსი თვის ბედნიერების შემდეგ ისწრაფოდა, ჩემთან ერთად მომკვდარიყო და მრავალი ჭრილობაც მიიღო. უცბად დიდი მოსასხამი გადამაფარეს, მერე შემკრეს, გონდოლაში ჩამსვეს და ციხის ერთ-ერთ ხაროში ჩამაგდეს.
ოცდაორი წლისა ვიყავი. ისე მაგრად მეჭირა ჩემი გადატეხილი ხმლის ნატეხი, რომ თუ ხელს არ მომაჭრიდნენ, ვერ წამართმევდნენ. შემთხვევის წყალობით, ან სიფრთხილით შთაგონებულმა, რკინის ნატეხი ერთ კუთხეში მივმალე, თითქოს რაიმე სამსახურის გაწევა შეეძლო. მიმკურნალეს, არც ერთი ჭრილობა სასიკვდილო არ გამოდგა. ოცდაორი წლის ასაკში რას არ გადაურჩება კაცი.
თავის მოკვეთას მიპირებდნენ. დროის მოსაგებად ავადმყოფობა მოვიგონე. ვვარაუდობდი, ჩემი ჯურღმული არხის გვერდით უნდა ყოფილიყო. გადავწყვიტე, კედელს გამოვთხრი, არხს გადავცურავ და გავიქცევი-მეთქი, თუმცა დახრჩობა იქნებ არც ამცდენოდა.
ახლავე გეტყვით რას ეყრდნობოდა ჩემი ვარაუდი. ყოველთვის, როცა მედილეგეს ჩემთვის საჭმელი მოჰქონდა, მე ვასწრებდი კედლებზე წარწერილი მითითებები წამეკითხა. მაგალითად, ასეთი წარწერა: «სასახლის მხარე», «არხის მხარე», «მიწისქვეშეთის მხარე». ბოლოს გეგმაც გავარჩიე. მის დანიშნულებაზე სულაც არ ვნაღვლობდი, რაკი უთანხმდებოდა განლაგებას დოჟთა სასახლისა, რის აშენებაც ჯერაც არ დასრულებულა.
გონების განსაკუთრებული დაძაბულობის შედეგად, რასაც თავისუფლების მოპოვების მძაფრი სურვილი იწვევს, ერთი ქვის ზედაპირზე თითების ფათურით ძლივსძლივობით გავარჩიე არაბული წარწერა, რითაც ამ საქმის მოთავე აუწყებდა თავის შემცვლელებს, რომ კედლის ქვემო წყობიდან ორი ლოდი გამოეძრო და თორმეტი ფუტის სიგრძეზე მიწისქვეშა გასასვლელი გამოეთხარა. მისი საქმის გამგრძელებელს ხაროს ძირში უნდა დაეყარა ქვების ნამსხვრევები და კირი, რაც მიწის თხრის შედეგად დაგროვდებოდა.
თუნდაც შენობის მტკიცე ნაგებობით გულარხეინად არ ყოფილიყვნენ მეციხოვნეები და ინკვიზიტორები და არ დაკმაყოფილებულიყვნენ გარედან დაყენებული გუშაგების დაცვით, თვით განლაგება ორმოებისა, სადაც მხოლოდ რამდენიმე საფეხურზე ჩამოდიოდნენ, საშუალებას ქმნიდა თანდათანობით ისე ამემაღლებინა იატაკის დონე, რომ მედილეგეებს არ შეემჩნიათ. ეს უზარმაზარი სამუშაო წყალში ჩაეყარა ყოველ შემთხვევაში იმას, ვინც წამოიწყო, რადგან დაუმთავრებელი საქმე უცნობის სიკვდილს იუწყებოდა. რათა მისი თავგანწირვა უკვალოდ არ გამქრალიყო, პატიმარს არაბული ენა უნდა სცოდნოდა. მე კი სომეხთა მონასტერში აღმოსავლური ენები მქონდა ნასწავლი.
ქვის უკან დაწერილი ერთი წინადადება იმ უბედური კაცის ამბავს გადმოსცემდა. იგი მსხვერპლი გამხდარიყო თავისი უთვალავი სიმდიდრისა, რამაც ერთ ვენეციელს სიხარბე გაუღვიძა და უბიძგა, მის ქონებას დაუფლებოდა. მიზნის მისაღწევად ერთი თვე დამჭირდა. მუშაობისას, ან იმ დროს, როცა დაღლილობა ქანცს მაცლიდა, მესმოდა ოქროს ჩხრიალი, ვხედავდი ოქროს, ალმასების ელვარებით თვალთ მიბნელდებოდა.
ოჰ! მომისმინეთ. ერთ ღამეს ჩემი დაჩლუნგებული ფოლადი ხეს მოხვდა. გავლესე ხმლის ნატეხი და ხის გაბურღვას მოვყევი. მუშაობა რომ შემძლებოდა, მუცლით ვხოხავდი და გველივით ვიკლაკნებოდი. სრულიად შიშველი თხუნელასავით ვთხრიდი მიწას. ხელები წინ გავიშვირე და საძირკვლის ქვაც კი საყრდენ წერტილად გადავიქციე.
სასამართლომდე სამი დღეღა დამრჩა. გადავწყვიტე, ღამით უკანასკნელად დამეძაბა ძალა. გავხვრიტე ხე და რკინა სიცარიელეში გავიდა.
წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა ნახვრეტში გავხედე! აღმოვჩნდი ერთი სარდაფის ხის ჩუქურთმის უკან და მკრთალი შუქი საშუალებას მიქმნიდა ოქროს გროვა შემემჩნია.
დოჟი და ათთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი სარდაფში იმყოფებოდნენ. მათი ხმაც მომესმა. ლაპარაკიდან შევიტყვე, რომ აქ ინახებოდა რესპუბლიკის საიდუმლო განძი, დოჟთა ძღვენი და ნადავლის მარაგი, რასაც «ვენეციის შემოსავალი» ეწოდებოდა და რაც საომარი ლაშქრობების დროს შეგროვებულ ნაალაფევს წარმოადგენდა.
გადავრჩი! როცა მედილეგე ჩემთან მოვიდა, ვთხოვე გაქცევაში დამხმარებოდა და თანაც გამომყოლოდა. პირობა დავუდე, რომ იმდენ სიმდიდრეს წავიღებდით თან, რამდენსაც შევძლებდით.
საყოყმანო არაფერი ჰქონდა და ისიც დამთანხმდა.
ლევანტისკენ გასამგზავრებლად გემმა აფრა აუშვა. სიფრთხილის ყველა ზომა მიღებული იყო. ბიანკა ყოველმხრივ დახმარებას უწევდა მზადებას, რასაც მე ჩემი შეთქმულების მონაწილეს ვუკარნახებდი.
ეჭვი რომ არავისთვის აღეძრა, ბიანკა სმირნაში უნდა დაგვწეოდა.
ერთ ღამეს ღრუ გავაფართოვეთ და ვენეციის საიდუმლო ხაზინაში ჩავედით. რა ღამე იყო! ჩემს თვალწინ ოქროთი სავსე ოთხი ვეებერთელა კასრი იდგა.
წინა ოთახში ორად დაეგროვებინათ ვერცხლი და ორ გროვას შორის გზა დაეტოვებინათ, რათა გაევლოთ ოთახში, რომლის კედლებთან ხუთი ფუტის სიმაღლეზე მონეტები ეყარა. მეგონა, ჩემი მედილეგე გაგიჟდებოდა: მღეროდა, ხტოდა, იცინოდა, ოქროში დაკუნტრუშობდა. დავემუქრე, დაგახრჩობ, თუ დროს დამაკარგვინებ, ან ხმაურს ასტეხ-მეთქი.
ისე იყო გახარებული, რომ პირველად ვერ შეამჩნია მაგიდა, რაზეც ალმასები ეყარა. მე მივვარდი მაგიდას და, რაც შემეძლო, მეზღვაურის ქურთუკისა და შარვლის ჯიბე-უბეები გამოვიტენე.
ღმერთო ჩემო! მესამედიც კი ვერ წამოვიღე. მაგიდის ქვეშ ოქროს ზოდები ეყარა. ჩემი ამხანაგი დავიყაბულე, ოქროთი აგვევსო იმდენი ტომარა, რამდენის წაღებასაც შევძლებდით. ეს ერთადერთი საშუალება იყო, როგორც მე ავუხსენი მას, რომ უცხოეთში ჩვენზე ეჭვი არ მოეტანათ.
- მარგალიტები, სამკაულები, ალმასები გაგვცემს, - ვეუბნებოდი.
როგორიც უნდა ყოფილიყო ჩვენი სიხარბე, ორი ათას ლივრ ოქროზე მეტის წამოღება ვერ შევძელით. ისედაც ექვსჯერ გადავიარეთ გზა საპატიმროდან გონდოლამდე. არხზე გასასვლელ კართან მდგომი გუშაგი მოვისყიდეთ ერთი ტომრით, რომელშიაც ათი ლივრი ოქრო იყო.
ორ გონდოლიერს კი ეგონა, რესპუბლიკას ვემსახურებითო.
გათენებისას გავემგზავრეთ. შუა ზღვაში რომ გავედით, ისევ ის ღამე წარმომიდგა თვალწინ. მოვიგონე, რა განცდები გადავიტანე, ხელახლა დავინახე უზარმაზარი საგანძური, სადაც, ჩემი გამოანგარიშებით, ოცდაათი მილიონი დავტოვე ვერცხლითა და ოცი მილიონი ოქროთი. უთვალავი მილიონის ალმასი, მარგალიტები და ლალები. რაღაც სიგიჟის მსგავსმა მომიარა. ოქროს ციებ-ცხელება შემეყარა.
სმირნაში გადმოვბარგდით და მაშინვე საფრანგეთში მიმავალ გემში ჩავსხედით. გემზე ასვლისას ღმერთმა კეთილი თვალით გადმომხედა და ამხანაგი თავიდან მომაშორა.
მაშინ ვერ მივხდი, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამ შემთხვევას, რამაც სიხარულით ამივსო გული. ორთავე იმდენად ვიყავით აღელვებული, რომ სრულიად გამოვთაყვანდით და ერთმანეთს ვერც ველაპარაკებოდით. სულ იმას ველოდით, როდის გავცდებოდით საფრთხეს, როდის აღმოვჩნდებოდით მყუდრო ადგილას და ჩვენს ნებაზე დავიწყებდით ცხოვრებას. განა გასაკვირველია, რომ იმ არამზადას თავგზა აებნა.
თქვენ დაინახავთ, როგორ დამსაჯა ღმერთმა. გულს მხოლოდ მაშინ მომეფონა, როცა ლონდონსა და ამსტერდამში ალმასების ორი მესამედი გავყიდე და ოქროს ქვიშა ფასიან ქაღალდებად ვაქციე.
ხუთი წლის განმავლობაში მადრიდში ვიმალებოდი. შემდეგ, 1770 წელს, ესპანელის სახელითა და გვარით პარიზში ჩამოვედი. აქ მეტად მდიდრული ცხოვრება დავიწყე. ბიანკა გარდაიცვალა. ცხოვრების სიამტკბილობაში ჩაფლულმა ექვსი მილიონის პატრონმა თვალის ჩინი დავკარგე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ავადმყოფობა საპატიმროს ჯურღმულში ჯდომისა და ქვის მტვრევის შედეგია, უკეთუ ოქროს ხილვის განსაკუთრებული უნარი მხედველობით ენერგიას არ მიძაბავდა და თვალის შუქს არ მიკარგავდა.
იმხანად ერთი ქალი მიყვარდა. ვაპირებდი, ბედ-იღბალი მისთვის დამეკავშირებინა. საიდუმლო გავანდე და ნამდვილი გვარიც გავუმხილე. ის ერთ ყოვლისშემძლე საგვარეულოს ეკუთვნოდა. დიდი იმედი მქონდა უზენაესი მფარველობისა, რასაც ლუი XV მიწევდა. დიახ, გული გადავუშალე ქალს, მადამ დიუ ბარის მეგობარს. მან მირჩია ვჩვენებოდი ლონდონის ცნობილ ოკულისტს. მე და ჩემმა სატრფომ ლონდონში რამდენიმე თვე ერთად დავყავით. ერთ დღეს მან ჰაიდ-პარკში მიმატოვა. მთელი ჩემი ქონება გაიტაცა და საარსებოდ ერთი გროშიც არ დამიტოვა. რა უნდა მექნა, გვარს ვერვის გავუმხელდი, ვენეციის შურისძიების მეშინოდა.
ჩემი ხეიბრობით ხელს ითბობდნენ ჯაშუშები, რომლებიც ქალმა თავს დამახვია. აღარ დაგღლით ჟილ-ბლაზის ღირსი ხიფათებიანი თავგადასავლის მოყოლით. მოხდა თქვენი რევოლუცია.
იძულებული გავხდი, თავი შემეფარებინა «კენზ-ვანში», სადაც ისევ იმ მყრალმა დედაკაცმა მომათავსა მას შემდეგ, რაც გიჟად გამომაცხადა და ბისეტრში მაყურყუტა. ვერასოდეს მის მოკვლას ვერ შევძლებდი. არც თვალის ჩინი გამაჩნდა და არც ქონება, რომ მის მოსაკლავად მკვლელი დამექირავებინა.
სანამ მედილეგე ბენედიტო კარპის დავკარგავდი, მანამდე რომ მისგან შემეტყო, რომელ მხარეს მდებარეობდა ჩემი ჯურღმული, ვენეციაში დავბრუნდებოდი და შევძლებდი, ისევ მიმეღწია ხაზინამდე, მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა რესპუბლიკა გაანადგურა.
მართალია, ბრმა ვარ, მაგრამ წავიდეთ ვენეციაში! მივაგნებ საპატიმროს კარებს, კედლებს იქითაც დავინახავ ოქროს, ახლაც ვიგრძნობ წყლის ქვეშ, სადაც იგი გადამალულია, ვინაიდან მოვლენები, რომელთა წყალობით ვენეციის ძალაუფლება დაემხო, ისეთი ხასიათისაა, რომ ხაზინის საიდუმლო უნდა დამარხულიყო ბიანკას ძმასთან, დოჟ ვენდრამინოსთან ერთად. მის გარდაცვალებამდე კი იმედი მქონდა, რომ «ათთა საბჭოსთან» მიშუამდგომლებდა იგი და შემარიგებდა.
განცხადებით მივმართე პირველ კონსულს, ხელშეკრულების დადება შევთავაზე ავსტრიის იმპერატორს, ყველა ისე თავაზიანად მეუბნებოდა უარს, როგორც გიჟს! მოდი, წავიდეთ, ვენეციაში. წავალთ მათხოვრები და დავბრუნდებით მილიონერები. გამოვისყიდით მამულებს და თქვენ დაგნიშნავთ მემკვიდრედ, იქნებით ვარეზელი ბატონიშვილი.
თავგზა ამიბნია მოხუცის აღსარებამ, რაც ჩემს წარმოდგენაში მთელ პოემად გადაიქცა. შევყურებდი მის გაჭაღარავებულ თავს, გადავცქეროდი ბასტილიის თხრილებში მომდინარე შავ წყალს, ისევე მდორეს, როგორც ვენეციის არხებშია, და დანა კბილს არ მიხსნიდა.
ფიჩინო კანეს ეგონა, რომ მეც სხვებსავით გიჟად ჩავთვალე, და ზიზღნარევი სიბრალულით ჩაიქნია ხელი, რითაც სასოწარკვეთილების მთელი ფილოსოფია გამოხატა. ნაამბობმა, ალბათ, ვენეციაში გატარებული ბედნიერი დღეები გაახსენა. მან ხელი დაავლო კლარნეტს და სევდიანად ააკვნესა ვენეციური სიმღერა - ბარკაროლა, რისთვისაც ხელახლა იპოვა პირვანდელი ნიჭი, ნიჭი გამიჯნურებული, ქედმაღალი პატრიცისა.
ეს რაღაც ისეთი იყო, რამაც super flumina Babylonis გამახსენა.
თვალი ცრემლით ამევსო.
თუ რომელიმე დაგვიანებული გამვლელი ამ დროს ბურდონეს ბულვარზე ჩაივლიდა, უეჭველია, შეჩერდებოდა, რათა მოესმინა სამშობლოდან განდევნილის უკანასკნელი ლოცვა, მოესმინა უკანასკნელი სინანული დაკარგული სახელის გამო, რასაც ბიანკას მოგონება უკავშირდებოდა.
მაგრამ ოქრომ სწრაფად თავისი გაიტანა და საბედისწერო გატაცებამ სიჭაბუკის სხივი ჩააქრო.
- ამ განძს, - მითხრა მან, - მე ყოველთვის ვხედავ. სიფხიზლეშიაც და ძილშიც. ოქროში დავსეირნობ, ალმასები კიაფობენ. ისე ბრმა არ გახლავართ, როგორც თქვენ გგონიათ: ოქრო და ალმასები მინათებენ წყვდიადს, ღამეს უკანასკნელი ფაჩინო კანესი, რამეთუ ჩემი ტიტული მემმის საგვარეულოზე გადავა. - ღმერთო ჩემო! მკვლელის დასჯა ასე ადრე დაიწყო! Ave Maria...
მან წაიჩურჩულა რამდენიმე ლოცვა, რაც მე ვერ გავარჩიე.
- ჩვენ წავალთ ვენეციაში, - შევყვირე მე, როდესაც იგი ფეხზე წამოდგა.
- მაშ, შევხვდი ნამდვილ მამაკაცს! - შესძახა მოხუცმა და სახე გაებადრა.
მკლავში მკლავი გავუყარე და გავაცილე. «კენზ-ვანის» კართან ხელი ჩამომართვა. ამ დროს ქორწილიდან დაბრუნებულმა რამდენიმე მამაკაცმა ჩაგვიარა. ისინი, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, გაჰკიოდნენ.
- ხვალ გავემგზავროთ? - მკითხა უსინათლომ.
- მაშინვე, როგორც კი ცოტაოდენ ფულს მოვუყრით თავს.
- რატომ, ხომ შეგვიძლია ფეხით გავუდგეთ გზას. მოწყალებას ჩამოვითხოვ... ამტანი ვარ და, გარდა ამისა, ადამიანი ახალგაზრდავდება, როცა წინ ოქროს ხედავს.
ფაჩინო კანემ ორი თვე იავადმყოფა და იმავე ზამთარს გარდაიცვალა.
საბრალო ბერიკაცს ჭლექი ჰქონდა.
პარიზი. მარტი, 1836 წ.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•