მიხაილ ბულგაკოვი - მოთხრობები
ბოჰემა
I
როგორ ვიარსებო ლიტერატურის შემწეობით.
თბილისისკენ პიესაზე ამხედრებული მივემგზავრები. თუ ვინმე მკითხავს, რისი ღირსი ვარ, როგორც ჭეშმარიტი ღვთის წინაშე, ისე ვაღიარებ: კატორღის ღირსი გახლავართ. თუმცაღა, თბილისის გამო კი არა, თბილისში არაფერი დამიშავებია, ვლადიკავკაზის გამო. ვლადიკავკაზში უკანასკნელ დღეებს ვატარებდი და შიმშილის მრისხანე აჩრდილი (შტამპი! შტამპი!... „მრისხანე აჩრდილი“... თუმცა, ჯანდაბას! ეს ჩანაწერები მზის სინათლეს ვერასოდეს იხილავს!)... მაშ, როგორც ვთქვი, შიმშილის მრისხანე აჩრდილი კარს მომადგა ჩემს საცოდავ ბინაზე, ორდერით რომ მქონდა მიღებული. ხოლო აჩრდილის კვალდაკვალ კარზე მომიკაკუნა ნაფიცმა რწმუნებულმა გენზულაევმა – ჯაგრისისნაირად ულვაშშეკრეჭილმა, შთაგონებული სახის მქონე პირნათელმა კაცმა. ჩვენ შორის საუბარი გაიმართა. ამ საუბარს სტენოგრაფიულად გთავაზობთ:
– ყურები რას ჩამოგიყრიათ? (ეს გენზულაევია.)
– ამ თქვენს საძაგელ ვლადიკავკაზში კაცს შიმშილით სული ამოხდება...
– არ გედავებით, ვლადიკავკაზი საძაგელი ქალაქია. ამქვეყნად ამაზე საძაგელი ქალაქი ძნელად თუ მოიძებნება. მაგრამ სული რატომ უნდა ამოგხდეთ?
– საშველი აღარსაით ჩანს. ყველა შესაძლებლობა ამოვწურე. ხელოვნების ქვეგანყოფილებას ფული არა აქვს და ხელფასს ვეღარ მომცემენ. პიესებისთვის წასამძღვარებელი შესავალი სიტყვების დაკვეთები გამოილია. ვლადიკავკაზის ადგილობრივ გაზეთში ფელეტონი დავბეჭდე და 1200 მანეთი მივიღე, ამასთანავე აღმითქვეს, რომ საგანგებო განყოფილებაში ჩამსვამდნენ, თუ ამ პირველი ფელეტონის მსგავს რამეს კიდევ დავბეჭდავდი.
– რატომ? (გენზულაევი შეშინდა. გასაგებიცაა. რაკიღა ჩასმას მიპირებენ, მაშ საეჭვო კაცი ვყოფილვარ).
– დამცინავი სიტყვების გამო.
– სისულელეა. უბრალოდ, აქ აზრზე არ არიან, ფელეტონი რა არის. იცით რა... აი, როგორ მოიქცა გენზულაევი: წამაქეზა, რომ მასთან ერთად დამეწერა იქაური ყოფის ამსახველი რევოლუციური პიესა. გენზულაევს ბრალსა ვდებ. იმან დამარიგა, ხოლო მე ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო დავეთანხმე. პიესის დაწერაში გენზულაევს რა წილი ედო? რა თქმა უნდა, არაფერი. თავიდანვე გულახდილად მითხრა, ლიტერატურა მძულსო, რითაც გულში უსაზღვრო სიმპათია აღმიძრა. ლიტერატურა მეც მძულს და, მერწმუნეთ, გენზულაევზე ბევრად უფრო ძლიერად. მაგრამ გენზულაევმა ზედმიწევნით იცის იქაური ყოფა, თუ ყოფად შეიძლება მივიჩნიოთ მწვადით საუზმობა ამქვეყნად ყველაზე შემზარავი მთების ფონზე, უხეირო ფოლადის ხანჯლები, დაძარღვული ცხენები და საშინელი, გულის შემაღონებელი მუსიკა. მაშასადამე, მე უნდა ვწერო, ხოლო გენზულაევმა იქაური ყოფით მომამარაგოს.
– იდიოტები იქნებიან, თუ ამ პიესას შეიძენენ.
– იდიოტები ჩვენ ვიქნებით, თუ ვერ მოვახერხებთ, რომ ეს პიესა შევაძენინოთ! პიესა შვიდ-ნახევარ დღეში დავწერეთ. ამგვარად, დღე-ნახევრით მეტ ხანს მოვუნდით, ვიდრე სამყაროს შექმნას დასჭირდა. მიუხედავად ამისა, სამყაროზე უფრო უხეირო გამოვიდა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: თუ როდისმე ყველაზე უაზრო, უნიჭო და თავხედური პიესის გამოსავლინებლად კონკურსი ჩატარდება, ჩვენი პიესა პირველ პრემიას მიიღებს, პირველს თუ არა, მეორეს ან მესამეს მაინც უსათუოდ. თუმცა ახლა, როცა 1921-1924 წლებში დაწერილ ზოგიერთ პიესას ვიხსენებ, ეჭვი მეპარება... მოკლედ, ამ პიესის დაწერამ ისეთი დაღი დამასვა, რასაც ვერანაირად ვერ მოვიცილებ. მარტო იმის იმედითღა ვარ, რომ პიესა ვლადიკავკაზში, ხელოვნების ქვეგანყოფილების წიაღში ჩაიფერფლებოდა. ხელწერილი 200000 მანეთის მიღებაზე, ჯანდაბას, თუნდაც გადარჩენილი იყოს. ასი – მე, ასი – გენზულაევს. პიესა სამჯერ წავიდა (რეკორდი) და ავტორებს სცენაზე იწვევდნენ. გენზულაევი გადიოდა, ლავიწზე ხელს იდებდა და თავს უკრავდა. მეც გავდიოდი და სახეს ვმანჭავდი, რომ ფოტოსურათზე ვერავის ვეცანი (სცენას მაგნიუმის შუქზე იღებდნენ). ამის გამო ქალაქში ჩემზე ხმა დაირხა, გენიოსია, მაგრამ ცოტა შერეკილიაო. საწყენი კი იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სახის მანჭვა სრულებით არ გახლდათ საჭირო, ფოტოსურათებს იღებდა რეკვიზირებული და თეატრზე მიმაგრებული ფოტოგრაფი, ამიტომაც სურათზე მხოლოდ თოფი, წარწერა „გაუმარჯოს...“ და ბურუსის ზოლი მოჩანდა. 7 ათასი ორ დღეში დავხარჯე, დანარჩენი 93 ათასით კი გადავწყვიტე, ვლადიკავკაზიდან გავმგზავრებულიყავი.
*
მაინცდამაინც თბილისში გამგზავრება რამ გადამაწყვეტინა? თუნდა მომკალით, ახლა ვერ გამიგია. თუმცა, მახსოვს, რომ ამბობდნენ:
1. თბილისში ყველა მაღაზია ღიაა.
2. – „ – ღვინოა
3. – „ – ძალზე ცხელა და ხილი იაფია.
4. – „ – ბევრი გაზეთია და ა.შ. და ა.შ.
გადავწყვიტე, გავმგზავრებულიყავ. პირველ რიგში ბარგი გავამზადე: საბანი, ცოტაოდენი თეთრეული და ნავთქურა. 1921 წელს მისვლა-მოსვლა ცოტა სხვაგვარად იყო, ვიდრე 1924 წელს. ვერ ადგებოდი და შენს ნებაზე, სადაც მოისურვებდი, იქ ვერ წახვიდოდი! ვინც მოქალაქეთა მისვლა-მოსვლას განაგებდა, დაახლოებით, ალბათ, იმას ფიქრობდა, ყველამ თავის ნებაზე რომ იმგზავროს, ეს რას დაემგვანებაო. ამიტომ ნებართვის მიღება იყო საჭირო. განცხადება დაუყოვნებლივ წარვადგინე სადაც ჯერ არს, და გრაფაში, სადაც ეწერა, რატომ მიემგზავრებიო, ამაყად ჩავწერე: „თბილისში, რევოლუციური პიესის დასადგმელად“. მთელ ვლადიკავკაზში მხოლოდ ერთი კაცი იყო, ვინც სახეზე არ მცნობდა. ეს გახლდათ სწორედ ის ყოჩაღი ყმაწვილი კაცი, გვერდზე რევოლვერი რომ ეკიდა და მიჭედებულივით იდგა მაგიდასთან, სადაც თბილისში წასასვლელ ორდერებს იძლეოდნენ. როცა რიგი ჩემს ორდერზე მიდგა, ხელი ყმაწვილი კაცისკენ გავიწოდე, მაგრამ მან შემაჩერა და მჟღერი, უდრეკი ხმით მკითხა:
– რატომ მიემგზავრებით?
– რევოლუციური პიესის დასადგმელად.
მაშინ ყმაწვილმა კაცმა ორდერი კონვერტში ჩადო, ეს კონვერტი და მასთან ერთად მეც ვიღაც შაშხანიან კაცს ჩააბარა და უთხრა:
– საგანგებო განყოფილებაში წაიყვანე.
– რატომ? – ვკითხე მე. ყმაწვილმა კაცმა არაფერი მიპასუხა. კაშკაშა მზე (ერთადერთი კარგი რამ, რაც კი ვლადიკავკაზშია) თავს დამნათოდა, სანამ ქვაფენილზე მივაბიჯებდი და მარცხენა მხრიდან თოფიანი კაცი მომყვებოდა. იგი თავის შესაქცევად გამომელაპარაკა.
– ახლა ბაზარში ჩავივლით, გაქცევას არ შეეცადო და ცოდვაში არ გამხვიო.
– თუნდაც შემეხვეწოთ, ამას არ ვიზამ, – ვუპასუხე გულწრფელად და პაპიროსი შევთავაზე. მეგობრულად გავაბოლეთ და საგანგებო განყოფილებისკენ გავემართეთ. გზადაგზა ყველა დანაშაული გავიხსენე, რაც კი ოდესმე ჩამედინა, ჩადენილი მქონდა სამი დანაშაული: 1. 1907 წელს კრაევიჩის ფიზიკის სახელმძღვანელოს შესაძენად მოცემული 1მან. და 50კაპ. კინემატოგრაფში დავხარჯე.
2. 1913წ. დედაჩემის ნების საწინააღმდეგოდ ცოლი შევირთე.
3. 1921წ. ის სახათაბალო ფელეტონი დავწერე.
პიესა? მომიტევეთ, მაგრამ პიესა კრიმინალი იქნებ სულაც არ არის? იქნებ პირიქითაცაა. იმათ საყურადღებოდ, ვინც საგანგებო განყოფილებაში არ ყოფილა: დიდი ოთახი, იატაკზე დაფენილი ხალიჩა, უზარმაზარი საწერი მაგიდა, ტელეფონის რვა აპარატი სხვადასხვა კონსტრუქციისა, ტელეფონის აპარატებთან შეერთებული მწვანე, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი შნურები, მაგიდასთან სამხედროფორმიანი, ძალზე სიმპათიური სახის მქონე ტანმორჩილი კაცი. გამოღებული ფანჯრებიდან ტოტებგაბარჯღული წაბლები მოჩანდა. მაგიდასთან მჯდომმა კაცმა როცა დამინახა, შეეცადა, სიმპათიური სახისთვის კუშტი გამომეტყველება მიეცა და უსიმპათიო გაეხადა, რაც სანახევროდ შეძლო. მან მაგიდის უჯრიდან ფოტოსურათი ამოიღო; ხან მე შემომხედავდა, ხან სურათს დახედავდა.
– არა, ეგ მე არა ვარ, – ვუთხარი სწრაფად.
– ულვაშების მოპარსვა შეიძლება, – თქვა ჩაფიქრებულმა სიმპათიურმა კაცმა.
– კარგად დააკვირდით, – ვუთხარი მე, – ეს ვაქსივით შავია, თანაც ორმოცდახუთი წლისაა, მე კი ქერა ვარ და ოცდარვა წლისა.
– საღებავი? – ყოყმანით თქვა ტანმორჩილმა კაცმა.
– ის ხომ მელოტია. ამას გარდა, ცხვირს დააკვირდით, გემუდარებით, ცხვირზე შემომხედეთ. ტანმორჩილი კაცი ცხვირზე შემომაჩერდა და სასოწარკვეთა დაეუფლა.
– მართალია. არა გგავს.
სიჩუმე ჩამოვარდა, სამელნეში მზის ათინათი ათამაშდა.
– ბუღალტერი ხართ?
– ღმერთმა დამიფაროს.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. გავხედე წაბლის ხეებს, შევათვალიერე ნაძერწი ჭერი, ამურები.
– თბილისში რატომ მიემგზავრებით? სწრაფად მიპასუხეთ, დაუფიქრებლად, – სხაპასხუპით მითხრა ტანმორჩილმა კაცმა.
– რევოლუციური პიესის დასადგმელად, – სხაპასხუპით ვუპასუხე მეც.
ტანმორჩილმა კაცმა პირი დააღო, თავი უკან გადაწია და სახე გაებადრა.
– პიესებს წერთ?
– ვწერ ხოლმე.
– დახე. კარგი პიესა დაწერეთ?
მის ხმაში ისეთი რაღაც გამოსჭვივოდა, ყველას გულს აუთრთოლებდა, მაგრამ ჩემს გულს არაფერი გაჰკარებია. ვიმეორებ, კატორღის ღირსი ვარ.
– დიახ, კარგი პიესა დავწერე, – ვუპასუხე და თვალი ავარიდე.
დიახ, დიახ, დიახ. ეს მეოთხე და ყველაზე მძიმე დანაშაული გახლდათ. საგანგებო განყოფილების წინაშე სინდისი სუფთა რომ მქონოდა, უნდა მეპასუხა:
– არა. ცუდი პიესაა. საშინელია. უბრალოდ, თბილისში წასვლა ძალიან მინდა.
დახეული ჩექმების ცხვირებზე დავიყურებოდი და ვდუმდი. მაშინღა გამოვფხიზლდი, როცა ტანმორჩილმა კაცმა პაპიროსი და თბილისს გასამგზავრებელი ორდერი გამომიწოდა, ხოლო შაშხანიან კაცს უთხრა: – ლიტერატორი გარეთ გააცილე. საგანგებო განყოფილებავ! ეს ამბავი დაივიწყე! ხომ ხედავ, რომ ვაღიარე. სამი წლის ტვირთი მოვიშორე. ის, რაც საგანგებო ნაწილში ჩავიდინე, საბოტაჟზე, კონტრრევოლუციაზე და სამსახურებრივ დანაშაულზე უარესად მიმაჩნია.მაგრამ დაივიწყე!!!
II
მარადიული მოხეტიალენი
ამბობენ, რომ 1924 წელს ვლადიკავკაზიდან თბილისში ჩასვლა სულ უბრალოდ შეიძლებოდა: ავტომობილს დაიქირავებდი და არაჩვეულებრივად ლამაზ გზას – საქართველოს სამხედრო გზას გაუყვებოდი. თანაც სულ 210 ვერსი იყო გასავლელი. 1921 წელს კი თვით სიტყვა „დაქირავება“ ვლადიკავკაზში უცხო სიტყვად ჟღერდა. წასვლა ამდაგვარად შეიძლებოდა: საბნითა და ნავთქურით სადგურზე გახვიდოდი, ლიანდაგებს ჩაუყვებოდი და თბილანა ვაგონების უსასრულო შემადგენლობებს დაზვერავდი. რამდენიმე ლიანდაგი ოფლის ღვრით მივიარ-მოვიარე და მეშვიდე ლიანდაგზე კარგამოღებულ თბილანა ვაგონის წინ ფლოსტებიანი, მარაოსავით წვერგაფანჩული კაცი დავინახე. იგი ჩაიდანს რეცხავდა და სიტყვა „ბაქოს“ იმეორებდა.
– წამიყვანეთ, რა! – ვთხოვე წვერგაფანჩულს.
– არ წაგიყვან, – მიპასუხა წვერგაფანჩულმა.
– ძალიან გთხოვთ, რევოლუციური პიესა უნდა დავდგა, – ვუთხარი მე.
– არ წაგიყვან.
წვეროსანმა აყუდებულ ფიცარზე აიარა და ჩაიდნიანად ვაგონში შევიდა. მე გახურებულ რელსთან საბანზე ჩამოვჯექი და პაპიროსი გავაბოლე. ვაგონებს შუა ღიობებიდან ბუღი მოედინებოდა, ლიანდაგის გვერდით ონკანი მოვუშვი და წყალი დავლიე. მერე ისევ დავჯექი, ვგრძნობდი, ვაგონი ციებცხელებიანივით როგორ თუხთუხებდა. წვეროსანმა გამოიხედა.
– რა პიესაა? – მკითხა მან.
– აი.
საბანი გავშალე და პიესა ამოვაძვრინე.
– თქვენი დაწერილია? – უნდობლად მკითხა თბილანა ვაგონის მფლობელმა.
– გენზულაევთან ერთად დავწერე.
– არ ვიცნობ.
– აუცილებლად უნდა წამოვიდე.
– ორი კაცია მოსასვლელი. თუ არ მოვლენ, იქნებ წაგიყვანოთ. ოღონდ საწოლი არ მომთხოვოთ. ხომ არ გგონიათ, რომ გაპარპაშდებით, რაკიღა პიესა დაგიწერიათ. წინ გრძელი გზა გვაქვს და თავადაც პოლიტგანათლებიდან გახლავართ.
– არ გავპარპაშდები, – ვუთხარი და გამთანგველ ხვატში იმედის წამობერვა ვიგრძენი, – იატაკზე დავწვები.
– საგზალი გაქვთ? – მკითხა საწოლზე ჩამომჯდარმა წვეროსანმა.
– ცოტაოდენი ფული მაქვს.
წვეროსანი დაფიქრდა.
– იცით რა... სანამ გზაზე ვიქნებით, ჩვენი ულუფის სიაში ჩაგრიცხავთ. ოღონდ ჩვენს საგზაო გაზეთში მონაწილეობა უნდა მიიღოთ. გაზეთისთვის რა შეგიძლიათ, რომ დაწეროთ?
– რასაც ინებებთ, – ვუთხარი დამაჯერებლად, ულუფა გამოვართვი და პურის ზედა ქერქის ღეჭვა დავიწყე.
– ფელეტონსაც დაწერთ? – მკითხა წვეროსანმა. სახეზე ეტყობოდა, რომ მატყუარად მივაჩნდი.
– ფელეტონი ჩემი სპეციალობაა.
საწოლთა ჩრდილში სამი სახე და ერთი კაცის შიშველი ფეხები გამოჩნდა. ყველანი მე ჩამომცქეროდნენ.
– ფიოდორ! ზემოთ, ერთი ადგილი არის. სტეპანოვი არ მოვა, ის მამაძაღლი, – ბოხი ხმით თქვა ფეხშიშველმა, – ამხანაგ ფელეტონისტს აქ დავაწვენ.
– კარგი, დააწვინე, – თქვა დაბნეულმა წვეროსანმა ფიოდორმა, – აბა, რა ფელეტონი უნდა დაგვიწეროთ?
– მარადიული მოხეტიალენი.
– ფელეტონს როგორ დაიწყებთ? – მკითხეს ზემოდან. – ამოდით ჩვენთან, ჩაი დავლიოთ.
– კეთილი, დაგვიწერეთ მარადიული მოხეტიალენი, – მითხრა ფიოდორმა და ჩექმები გაიძრო, – რელსებზე ორი საათი რომ იჯექით, არ ჯობდა, ფელეტონი თავიდანვე გეხსენებინათ? შემოგვიერთდით. ვლადიკავკაზში მცხუნვარე დღეს უკიდეგანო, საუცხოო საღამო ენაცვლება. საღამოს ბინდი ეფინება მტრედისფერ მთებსაც. ფერდობზე კვამლი გაწოლილა. ველი თასის ფსკერს წააგავს. ბორბლები შეირხა და ამ ფსკერს გაუყვა. მარადიული მოხეტიალენი. სამუდამოდ გემშვიდობები, გენზულაევო. გემშვიდობები, ვლადიკავკაზო!
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•