1346 წლის 17 მეჰრი იყო, ორშაბათი, შუადღე. ჰეიდარიმ შუბლზე ხელი გადაისვა და გაიფიქრა, სიცხე მაქვსო. საშინლად სცხელოდა, ღილი ყელში უჭერდა. მანქანის მინა ჩამოსწია და თავი ფანჯრისკენ შეატრიალა. ჰაერში რაღაც გავარვარებული და მკვრივი ჩამოწოლილიყო, ყელს უშრობდა და კანზე მძიმედ აწვებოდა. ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო და ცოლის დაბარებული საყიდლების სია გულდასმით გადაიკითხა. გაუკვირდა, რატომ სთხოვდა ცოლი ამდენი ტკბილეულისა და ხილის შეძენას, მაგრამ მერე უცებ გაახსენდა, რომ 17 მეჰრი მისი დაბადების დღეა. გაეცინა. ანგარიშმიუცემლად გაზს უმატა და დაასიგნალა. ახლოს საჭმლით სავსე თბილი ქვაბი ედგა, შვილების სადილის ქვაბი. ასწია და უფრო ახლოს მიიდგა. თითებით სახელურს დასწვდა და ქვაბი კარგად დაამაგრა.
გზები ყველგან გადაჭედილი იყო. ოდნავ წინ წაიწია, მანქანა უკან დახია, ადგილი შეინაცვლა. მიხვდა, რომ აზრი არა ჰქონდა. ძრავა გამორთო და იმედგადაწურულმა თავი მანქანის საზურგეს მიაყრდნო. კალენდარი ამოიღო. გადაფურცლა. არა, არ შეშლია. ორშაბათი, 17 მეჰრი, მისი დაბადების დღეა. გონებაში იანგარიშა, შემდეგ დაეჭვებულმა და გაოგნებულმა თითებზე გადათვალა და დარწმუნდა, რომ ზუსტად ოცდაცხრამეტი წლისაა. იგრძნო, რომ ერთბაშად კანი აექავა, ფეხსაცმელები კი თითქოს რამდენიმე ზომით დაუპატარავდა. პიჯაკი გაიხადა და საკინძე აჩქარებით შეიხსნა. გაიფიქრა: "ამ ცოტა ხნის წინათ ოცდაათი წლის ვიყავი. ასე უცებ ოცდაცხრამეტისა როგორ შევსრულდი!" მხრები აიჩეჩა და ფრჩხილების გამოწმენდას შეუდგა. გარშემო მიმოიხედა და ხელები საჭეზე დააწყო. მანქანები ერთმანეთში გახიდულიყვნენ და, საითაც გზა გამოჩნდებოდა, ყველანი უნებლიეთ იქით მიცვივდებოდნენ. ჰეიდარიმ მანქანიდან თავი გამოყო და გვერდით მდგომი მანქანის მძღოლს შეუტია. რამდენჯერმე უმისამართოდ შეიკურთხა, – არც ვინმეს გაუგია და არც ვინმეს უპასუხია. მოტრიალდა და ერთხელ უკვე გამოვლილი გზით უკან დაბრუნდა. ქვაბი ჭრიჭინისმაგვარ ხმას გამოსცემდა. სვლა შეანელა. ქვაბი აიღო და დაკვირვებით დაათვალიერა. "ალბათ სახელურს ხრახნი მოსძვრა. აფსუს! რა დასანანია! დღეს ღამითვე უნდა შევაკეთო, შინ რომ დავბრუნდები, საღამოსვე!" შუქნიშანი წითელს ანთებდა. გააჩერა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ყელში სიმშრალეს, პირში კი სიმწარეს გრძნობდა. ჩააქრო და მოისროლა.
ხეების მიღმა ვაივიში ისმოდა. რამდენიმე კაცს პაწაწინა კუბო მიჰქონდა. აქა-იქ შეღონებული ხმით წარმოთქმული უფლის დიდება ისმოდა. ბოლოში რამდენიმე შაოსანი ქალი მოდიოდა, ტიროდა და მკერდში მჯიღს იცემდა. ხმის გამაძლიერებლიდან გადმოღვრილი "ვაშას" შეძახილი და მხიარული ყიჟინა მოთქმისა და ლოცვის ხმებს ახშობდა. ფერად-ფერად ნათურებს, დროშებსა და აუარება ხალხს შორის კუბოს გატარება ძნელი საქმე იყო.
ჰეიდარიმ პირიდან ოფლი მოიწმინდა და გაღიზიანებულმა დაიყვირა: "მინას ხელი არ ახლო! არ მინდა, თავიდან მომწყდი!" დაიძრა და გაზს ძლიერად დააწვა. საათზე დაიხედა. დიდი დრო არ ჰქონდა. ჯერ ბავშვებთან სკოლაში სადილი უნდა მიეტანა, გზად სამრეცხაოში შეევლო და ტანსაცმელი გამოეტანა, მერე ცოლის ჩამოწერილი პროდუქტები ეყიდა, შინ მისულიყო, ესადილა და სამსახურში დაბრუნებულიყო. გაახსენდა, რომ სამსახურის შემდეგ სიმამრთანაც უნდა გაევლო და მოეკითხა. უფრო მეტად იგრძნო დაღლა. სიჩქარეს უმატა და მოუხვია. ვიღაცამ მის მანქანას წინ გადაურბინა, დაიყვირა, ხელების ქნევას მოჰყვა, დაემუქრა და შეაგინა. ქვაბი შეტოკდა, გადაქანდა და ის-ის იყო, უნდა ჩამოვარდნილიყო, რომ თავზარდაცემულმა ჰეიდარიმ ჰაერში დაიჭირა. ხუფი კარგად მოარგო. გადმოღვრილი ცხიმი პიჯაკის სახელოს მიეცხო. იგრძნო, რომ უცნაური რამ ემართებოდა, გული თანდათან უფართოვდებოდა და უმძიმდებოდა. მანქანები ერთმანეთს აწვებოდნენ, წითელი ფარები უწყვეტ რიგად ენთო.
ხის ტოტებიდან ფერადი ნათურების შუქი იღვრებოდა, იქაურობა ფულაქებს, შადრევნებს და ყვავილებს აევსო. ვიღაცამ მანქანის ფანჯარაში ბილეთების შეკვრა შემოყო, ცხვირთან მიუტანა და ლამის თვალებზე ააფარა. ჰეიდარიმ თავი გაიქნია და სახე მოარიდა. გაიგონა, როგორ აკაკუნებდა ის ვიღაც ფანჯრის მინაზე და კარის სახელურს ატრიალებდა. წინ გაიხედა და ხმა არ გაიღო. მის უკან მძღოლი გამუდმებით ასიგნალებდა და ილანძღებოდა. ჰეიდარიმ იგრძნო, რომ თავი უხურდა, ყურები უწუოდა. მუქარის ნიშნად ხელი აუქნია და დაუღრიალა: "ნაყიდი მაქვს, ორი ცალი მაქვს ნაყიდი!" ჯიბიდან რამდენიმე დაჭმუჭნილი ბილეთი ამოიღო და ქუჩაში მოისროლა. ფანჯრის მინა ასწია და გამშრალი ტუჩები მოილოკა. გარშემო ტაქსები დაჯარულიყო. ყველა რაღაცას ამბობდა. გამაძლიერებლებიდან გამოსვლებისა და აპლოდისმენტების ხმა ძალუმად იღვრებოდა. ყველანი დარბოდნენ, ქოშინებდნენ, მანქანებს, საზიდრებსა და ოთხთვალებს შორის გაბნეული ადამიანები ქანცგაწყვეტილნი, დაღლილები და გასავათებულები ერთმანეთს შეხედავდნენ და ჩაივლიდნენ. ჰეიდარიმ ტუჩები მოკუმა და ორ მანქანას შორის, რომლის მძღოლებიც ერთმანეთთან დავით იყვნენ გართულნი, გზა გაიკვლია და გაიარა. შუქნიშნის წითელ ფერს ყურადღება არ მიაქცია და ფირდოუსის ქუჩაზე აჩქარებით ჩაუხვია. ბავშვებს სადილი უცივდებოდათ. ქვაბს ხელი მიადო და საათზე დაიხედა. გაახსენდა, რომ ოცდაცხრამეტი ცალი სანთელიც უნდა ეყიდა. გაახსენდა, რომ ბავშვების თმის შეჭრისა და აცრის დროც მოახლოვდა. გაახსენდა, რომ ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს, გაახსენდა, როგორ ისვამს ხოლმე ცოლი ხელს გამობზეკილ მუცელზე და ტაატით დააბიჯებს. იხრება და იატაკიდან გაჭირვებით იღებს გაზეთებს. ამბობს: "ღმერთო მომკალი! ეს იმ არაკაცის ცოლ-შვილის ფოტოა, რომ მოკვდა! ერთი მითხარი, შე კაი ადამიანო, გჭირდა რამე?! კაცს რომ ცოლ-შვილი ეყოლება, თავსატკივარს გაიჩენს განა?!" გაიფიქრა: "მეზობლებს უეჭველად გააგებინებდა ჩემი დაბადების დღის ამბავს, ისევ უზარმაზარ ტორტს იყიდდა და სანთლებითაც მორთავდა". წარმოიდგინა, როგორ ტრიალებენ მის გარშემო ბავშვები, ტაშს უკრავენ, იცინიან. ოთახის კუთხიდან ვიღაც დაიძახებს: "განვლილ ოცდაცხრამეტ წელს გაუმარჯოს!"
გამხდარი, აყლაყუდა ბიჭი შავი ქუდითა და წითელი დროშით წინ გადაუდგა და მიწას ფეხი დაჰკრა. სკოლის პოლიციელი იყო. ჰეიდარიმ, თითქოს ძილი დაუფრთხესო, დაამუხრუჭა და გაჩერდა. ქვაბი გადაქანდა, ფეხზე მოხვდა და თავსახური მოვარდა. ჰეიდარიმ თავს წყევლა შეუთვალა, ქვაბის სახელურს დასწვდა და ხუფი ხელახლა დაახურა. სახელურს ხრახნი მოსძრობოდა და ხმაურობდა. გაიფიქრა: "ამაღამვე შევაკეთებ." მიმოიხედა. დაინახა, რომ გარშემო მანქანების, ოთხთვალებისა და ველოსიპედების ტევა არ იყო. გასაქცევი გზა არსაით ჩანდა. გვერდით მსუქანი, ფაშფაშა ქალი საჭეს ორივე ხელით ჩაჰფრენოდა და შუქნიშანს თვალს არ აშორებდა. ჰეიდარიმ უხალისოდ გახედა. შეშუპებულ თვალებსა და ყელის მოფამფალებულ ხორცს შეხედა. მის ინისფერ თმებს, მკლავების შიშველ ჩამოკიდებულ კანს თვალი შეავლო და სახე მიაბრუნა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. ნერვიულად მოუკიდა. თითქმის გამელოტებულ თავზე ხელი გადაისვა და სასწრაფოდ აიღო. გულში გაიფიქრა: "იცი, ქალბატონო, რომ დღეს ზუსტად ოცდაცხრამეტი წლისა შევსრულდი? ან კი ასეთ რამეებზე წარმოდგენა თუ გაქვს? თავად რამდენისა ბრძანდები ამ ფუნჩულა სახითა და ჭაღარა თმით? რა მოხელე ხარ, დღეს როგორ ატარებ ან ღამით რასა იქმ?"
თვალი უნებურად მანქანის სარკისაკენ გაექცა და შეამჩნია, რომ თავზე თმა გასცვენოდა, თვალის უპეებისა და ბაგეების გარშემო კანი წვრილ უსიამოვნო ნაოჭებს დაეფარა. სახე მიაბრუნა და გზას გაუდგა. დაასიგნალა და კბილებით სიგარეტი გასრისა. ქვაბი ფრთხილად აიღო და ქვემოთ, ფეხებთან დაიდგა, მზე რომ არ მოხვედროდა. საათს დახედა. გვარიანად დაჰგვიანებოდა. მისი შვილები სკოლის მესერთან სადილს ელიან, ცოლი კი, აფორიაქებული, ფანჯრიდან აქეთ-იქით იცქირება. მზე მანქანის სახურავს აჭერდა. სველი პერანგი სკამს მიჰკვროდა. თავი გარეთ გაყო და დაიძახა: "რა იყო, ვერ გაიწევი? ვერა ხედავ, ჩემი გზაა! განზე გადექი, გაეთრიე!" გაიფიქრა: "პირველად დავიგვიანე. პირველი შემთხვევაა, ბავშვებს სადილი დროზე რომ ვერ მივუტანე". საღამოს გაზეთი აიღო. გადაფურცლა. ცოლის სიტყვები გაახსენდა: "რა უშნოა ეს ჩე გევარა, მაიმუნსა ჰგავს! რა სქელია, რა სასაცილო წვერი აქვს! ვის რად უნდა ასეთი ადამიანები! თავკერძა და ხიფათიანები არიან. ეგეთმა ხალხმა წყალობის ფასი არ იცის!" მის უკან პატარა ტაქსი დროდადრო ხან წინ წაიწევდა, ხან უკან იხევდა, გარდიგარდმო გაეხირებოდა და ადგილზე ცქმუტავდა. მძღოლი აყვირდა, რა დროს გაზეთის კითხვააო. ჰეიდარიმ არ შეიმჩნია და გაზეთი გადაფურცლა. ცოლი ამბობდა: "არა, ამ კაცს ცოლი არ ჰყვარებია. შეუძლებელია! არც საკუთარი შვილები ჰყვარებია. ეყოლებოდა ასობით მეგობარი, აი, ისინი – მურდალი კუბელი ქალები. მით უკეთესი, თუ ჩაძაღლდა! უწია ცოლის წყევლამ!"
ხელმარჯვნივ ვიწრო ქუჩა ჩადიოდა. ყველანი იქით მიცვენილიყვნენ. ხელმარცხნივ მოძრაობა ცალმხრივი იყო და მობრუნებაც არ შეიძლებოდა. ქუჩის შუაგულში მდგარმა პოლიციელმა სასტვენს ჩაჰბერა და გულგრილი სახე მიიღო. ჰეიდარიმ მინა ჩამოსწია და თავი გამოყო. მისი ხმა ფეხის ნაბიჯებმა და ქუჩის ხმაურმა შთანთქა, მტვრით გაჯერებულმა ცხელმა ჰაერმა ხველა აატეხინა. ცხელი, მშრალი ნიავი უბერავდა და ელექტროგადამცემ ბოძებზე დაკიდებულ დროშებს ნაზად არხევდა. დაიძრა. გაზს ფრთხილად დააწვა. მანქანა გახურებულიყო და საცა იყო, ადუღდებოდა. "რადაც არ უნდა დამიჯდეს, ბავშვებთან სკოლამდე უნდა მივაღწიო. შეჩვეული არიან შუადღეზე სადილობას. ალბათ მოშიებულები, სკოლის კარებთან ატუზულები წუთებს ითვლიან." ქვაბი აიღო და კარგად დაამაგრა. გაახსენდა, რომ ეს ქვაბი შვიდი წლის წინ იყიდა, როცა მისი პირმშო ის-ის იყო, სკოლაში წავიდა. იმ დროიდან მოყოლებული, ეს ქვაბი მუდამ მასთანაა: ყოველ შუადღეს, ყოველ ნაშუადღევს და ზოგჯერ დასვენების დღეებშიც კი. თითქოს ერთგულების ფიცი ჰქონოდეთ დადებული, თითქოს მათ შორის ბუნებრივი კავშირი არსებულიყოს. დაფიქრდა – შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე ამ გზას გადიოდა, უკან ბრუნდებოდა და საყვედურიც კი არ დასცდენია. შვიდი წელიწადი თავს მორჩილად ხრიდა და ამბობდა: "დიახ...…აუცილებლად... კი, ბატონო..." გულის სიღრმეში ინატრა, რომ შვილები მალე გაზრდილიყვნენ და მისთვის თავი დაენებებინათ, დამდგარიყო დღე, როდესაც ამ ქვაბის ტარება საჭირო აღარ გახდებოდა. თუმცა, რა აზრი აქვს. კიდევ ერთი შვილი უკვე გზაშია, კიდევ ერთი მელოტი და სახეფუნჩულა. ისევ დაიწყება ღამეული ცხოვრება, ისეთივე მოვალეობები და განცდები, ისევ ზრუნვა და მოვლა-პატრონობა, ისევ იავნანა და უძილობა. მოეჩვენა, თითქოს მოსახვევთან ავარია მომხდარიყო თუ ვიღაც მანქანის ქვეშ მოყოლილიყო. "რა მოხდა?"– ჰკითხა გვერდით მდგომს. არავინ იცოდა. სასწრაფო დახმარების მანქანის სირენა კი რამის გაგონების საშუალებას არ იძლეოდა.
ჰეიდარი მიხვდა, რომ კიდევ უნდა მოეთმინა, დალოდებოდა და ხმა არ გაეღო. ქვაბს ხელი მიადო – სულ მთლად გაყინულიყო.
მანქანის სარკე გაასწორა. თვალში ისევ საკუთარი თავი მოხვდა. გაიფიქრა: "არავინ იცის, რომ დღეს ოცდაცხრამეტი შემისრულდა. მაგრამ რატომ დამცვივდა ასე ადრე თმა, კანი ასე რატომ გამიყვითლდა და დამიჭკნა?! ზუსტად ერთი წლის თავზე, ამავე ქუჩაზე, ამავე ქვაბის გვერდით ორმოცი წლის გავხდები!" თავს ჰკითხა: "რა არის ორმოცი წელი? დასაწყისია თუ დასასრული? რომელი ერთი?" მხრები აიჩეჩა: "რა მნიშვნელობა აქვს! ხომ მუდამ ამ გზით ვივლი. კიდევ ერთი ქვაბი, კიდევ ერთი ორსულობა, კიდევ ერთი ბავშვი..." თვალწინ წარმოუდგა ცოლი, რომელიც ოთახში დაფუსფუსებს და მიმოფანტულ ნივთებს აგროვებს. ტანსაცმელს ნაფტალინს აყრის და გაშმაგებით რთავს ქსელიდან რადიოს. ამბობს: "ახლა კიდევ ერთი გადარეულის გაღმერთება მოუნდომებიათ! არავინ ფიქრობს ამ კაცის საბრალო ცოლ-შვილზე. არავინ კითხულობს, რა ეშველებათ იმ უბედურებს. ერთი მითხარი, ადამიანო, გაკლდა რამე ცხოვრებაში?"
თახთე ჯამშიდის ქუჩის აყოლებაზე გზა გადაკეტილი იყო. ჰეიდარიმ იგრძნო, რომ გული უჩერდებოდა. კანქვეშ რაღაც დაფუთფუთებდა და აწუხებდა. იკითხა: "ბატონო პოლიციელო, შევძლებ აქეთ გასვლას?" გვერდით მდგომმა უპასუხა: "არა, გენაცვალე. წინ გადათხრილია. ხიდიც არ არის. ვერ გახვალ." იკითხა: "მაშ, როგორ მოვიქცე? ყოველდღე აქედან დავდივარ. ჩემი შვილების სკოლა, აგე, იმის უკანაა. საქმე მაქვს. მეჩქარება!" გვერდით მდგომმა შეხედა და არაფერი უთხრა. თავი გამოყო და ასფალტზე გადააფურთხა. ჰეიდარიმ საჭეს ხელი უშვა: "ჯანდაბა და დოზანა! აქვე დავჯდები და დაველოდები. ბოლოს და ბოლოს ხომ მოხდება რაღაც. ბოლოს და ბოლოს რაღაცა იქნება!" ძრავა გამორთო და გაზიდან ფეხი აიღო. საკუთარი დაბადების დღე გაახსენდა და სიცილი აუტყდა. გაახსენდა ოცდაცხრამეტი სანთელი, ორმოცი სანთელი, ორმოცდახუთი... გაახსენდა სანთლებით დაფარული უზარმაზარი ტორტი და მერე – ერთი ძლიერი სულის შებერვა, რომელიც ყველა სანთელს აქრობს და კიდევ... – არაფერი. თუმცა, როგორ არა – მერე საფლავზე დანთებული სანთელი, კვირის თავზე, ორმოცზე და წლისთავზე დანთებული სანთლები... ქამარი მოიშვა და ფეხსაცმელები გაიძრო. კანზე ჭიანჭველები დაურბოდა და სადღაც სხეულის სიღრმიდან რაღაც, საპნის ბუშტის მაგვარი, ბუყბუყით ამოდიოდა და ყურთან უსკდებოდა. შეიშმუშნა და ჩაიბურტყუნა: "ბოლოს და ბოლოს ან ისე იქნება, ან – ასე. მოხდება რაღაც." გაახსენდა, რომ აქამდეც ბევრი რამ უნდა მომხდარიყო, სანამ ორმოცისა შესრულდებოდა, ათასი რამ უნდა ყოფილიყო, ათასი უცხო სასწაული, ათასი გადაწყვეტილება და არჩევანი, ათასი აღმოჩენა და საბუთი, ცოდნა და მოსაზრება. მოაგონდა ის დღეები, როცა ჯიქურ დააბიჯებდა და სურდა, მთელი სამყაროს გული მოეგო. მოაგონდა ის დღეები, როცა სჯეროდა და სწამდა, დღეები, როცა ფიქრობდა, რომ ყველაფერი მას უკავშირდება, ცუდიც და კარგიც, რაც ხამს და არა ხამს, დღეები, როდესაც სხვებსაც და საკუთარ თავსაც ალალად ეუბნებოდა: "საცქერლად არ მოვსულვართ. იმისათვის არ მოვსულვართ, რომ დავსხდეთ სმენადახშულები და ენადადუმებულები და ვიძახოთ: "დიახ... კი, ბატონო... სწორედ ასეა." მოაგონდა სიჭაბუკის დღეები, დღეები, როცა გეგმებს აწყობდა და ათასობით მიზანი ჰქონდა, დღეები, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდა და საკუთარი ადგილი იქ მონიშნული ჰქონდა. შეეცადა, არ ეფიქრა. სცადა, ის დღეები სევდისმომგვრელი ძველი გახუნებული ფოტოებივით ჯიბეში დაემალა და პირველსავე მარჯვე შემთხვევისას გადაეყარა. მის გონებაში რაღაც, როგორც წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი რგოლები, დატრიალდებოდა და იშლებოდა. გაიფიქრა, იქნებ რაიმე შეცდომააო. იქნებ დროის სათვალავი აერია. განა შეიძლება თვალი გაახილო და უცებ აღმოაჩინო, რომ სიცოცხლის ნახევარი გასულა? განა შეიძლება ოცდაცხრამეტი სანთლის ერთბაშად ყიდვა და სულის ერთი შებერვით ჩაქრობა? ცხვირსახოცი ამოიღო და კისერი შეიმშრალა. ცოლი მოაგონდა, ოთახებში მტვრის წმენდით გართული. ეზო მოურეცხავს და ლარნაკში ყვავილები ჩაუწყვია. ქვეყანა შეუყრია, ტკბილი ფლავი და ფესენჯანის ხორეშთი მოუმზადებია. ზის და ქმარს ელოდება, სახე რომ დაუკოცნოს, თავს ზემოთ ესფანდი უკმიოს და დაბადების დღე მიულოცოს. საკუთარ თავს ჰკითხა: "ჩემო ძვირფასო მეგობარო, გახსოვს ის დღეები, მაშინდელი შენი სიტყვები თუ გაგონდება? მაშ როგორ მოხდა? რა მოხდა? განა დარწმუნებული არ იყავი, რომ ადამიანი თავისუფალია, თავისი თავის ბატონ-პატრონია და საკმარისია, მიიღოს გადაწყვეტილება და საკუთარი გზა აირჩიოს?!" წინ მიმავალმა მანქანამ მოუხვია და განზე გადგა. მწვანე შუქი ენთო. ჰეიდარიმ ფეხი გაზს დააჭირა და ვილას გზაჯვარედინი დიდი სიჩქარით გაიარა. გულგრილი გამომეტყველება მიიღო და გაიფიქრა: "ეგ ასი წლის წინ იყო, ან იქნებ – ათასისა. ხალისი დავკარგე. მერმის ორმოცი წლისა ვხდები. დავბერდი და დავძაბუნდი. ჩემი საქმე ცოლ-შვილის შენახვაა. ჩემი საქმე შვილებზე ზრუნვაა. ჩემი საქმე ამ ქვაბის მიტან-მოტანაა". ირანშაჰრის გზაჯვარედინთან ახლოს დაამუხრუჭა და გაჩერდა. შუქნიშანი მოშლილი იყო. წამდაუწუმ ხან წითელი ინთებოდა, ხან ყვითელი, ხანაც – მწვანე და ვერავის გაეგო, როგორ მოქცეულიყო. ყველანი ყვიროდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ჰეიდარიმ თვალები დახუჭა, გაახილა და თავი უიმედოდ მიაყრდნო ფანჯარას. ერთ ხმელ-ხმელ ბერიკაცს არხის პირას სადალაქო მოწყობილობა მიწაზე გაეშალა და თვლემდა. შიგადაშიგ თავს შეანძრევდა, დაბნეული ირგვლივ მიმოიხედავდა და თავი კვლავ მკერდზე უვარდებოდა. მორჩილი, მშვიდი და მობუზული განურჩევლობითა და კმაყოფილებით შინაურ ფრინველს ჰგავდა. ჰეიდარიმ სახე მიაბრუნა და ნერწყვი ჩაყლაპა. სცხელოდა. მაჰმუდიეს ქუჩის სიგრილე მოაგონდა. გაახსენდა ის დრო, როდესაც, სამყაროს შექმნის პირველი დღეებისა არ იყოს, მის გარშემო ჯერ არაფერს გამოკვეთილი ფორმა არ ჰქონდა. დღეები, როცა ყველაფერი მოძრავი, ცვალებადი და ერთმანეთისგან მოწყვეტილი იყო, როცა თავს ეუბნებოდა: "მე დავაწყვილებ ამ გაბნეულ მარცვლებს, ამ უფორმო და უსახო მასას თითებში მოვიქცევ, ჩემი ნებისამებრ მივანიჭებ სიგრძესა და სიგანეს, თიხასა და წყალს ავურევ და, როგორსაც გული მეტყვის, ისეთი ფორმით ჩამოვქნი". მოაგონდა დღეები, როდესაც თავის ირგვლივ წრეს შემოხაზავდა ხოლმე და იტყოდა: "აქ მდებარეობს სამყაროს ცენტრი". მრავალი რამის უცვლელობის, უწყვეტობის და მარადიულობისა სჯეროდა. თავს დაეკითხა: "ეს არის ის, რაც ასე ძლიერ მსურდა? ეს არის ის დღეები, რომელთაც ასე ველოდი? როგორ მოხდა? რა ჯანდაბა დამემართა? თითქოს, ჰაერში უცხო რამ იყო, რომელიც უხმაუროდ და უჩუმრად, ისე, რომ ვერც კი გავიგე, მომეპარა და ხელ-ფეხი შემიბორკა, ან იქნებ საჭმელში ან წყალში ბანგი გაურიეს ძალის გამოსაცლელად, ან, რა ვიცი, რამე ფხვნილი ჩამიყარეს მეხსიერების წასართმევად?! არ ვიცი... ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ სადღაც თავისი საქნელი ქნა და გონებიდან ყველაფერი წამიშალა." კუჭის თავთან წვას გრძნობდა და ნაწლავები ერთმანეთზე გადახლართვოდა. კუჭის წყლული შვებას არ აძლევდა. ხმაგაკმენდილმა და დამფრთხალმა, იმ ავადმყოფივით, რომელმაც იცის, რომ მოახლოებულ წამს ვერ გაექცევა და მაინც ამაოდ აცეცებს თვალებს აქეთ-იქით, გაიფიქრა: "ნეტავ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, თავი გამექნია და "არა" მეთქვა. ნეტავ შემძლებოდა, ნეტავ გამებედა!" ვიღაც მის უკან გაუთავებლად ასიგნალებდა. ჰეიდარიმ, დაოსებულმა და გასავათებულმა, თავი უკან მიატრიალა და დაუყვირა: "მოიცა, შე კაცო! ვერ ხედავ, ჩემ წინ გზა დაკეტილია. ერთი წუთით რომ დაიგვიანო, ხომ არ მოკვდები!" ოდნავ განზე გაიწია და ანიშნა, გაიარეო. შეხედა და გულში შეუკურთხა. ჩაიბურტყუნა: "თუ სიმართლე გინდა, ერთ საათშიც არ მოკვდები. არც სამ დღეში მოკვდები. ოღონდ ერთ დღეს სარკეში ჩაიხედავ და საკუთარი თვალით დაინახავ, რომ თავი გაგმელოტებია, კბილები დაგჭიანებია და მაშინ მიხვდები, რომ ორმოცი წლისა ხარ, მერე – ორმოცდაათისა და მერე კი – სიკვდილის დროც მოვა". შუა ქუჩაში პოლიციელმა დაიყვირა. სასტვენი ამოიღო, შემოტრიალდა და დაიძახა: "აქეთ – სდექ! მოუჩქარეთ!" ვიღაცამ მის მანქანას ჩაუარა, უკანა ფარს გაჰკრა და გაიარა. ჰეიდარიმ ხელები მუცელზე შემოიჭდო და ტკივილისგან სახე დაემანჭა. სიცხისაგან ფეხები დასივებოდა და ფეხსაცმელი უჭერდა. სახელურის ჭრიალი ისმოდა, ქვაბი ტორტმანებდა და თავსახურს რაკარუკი გაჰქონდა. მამამისი იტყოდა ხოლმე: "მაჰმუდს მეტისმეტი ფიქრი სჩვევია, მაჰმუდმა მეტისმეტი იცის, მაჰმუდი უბრალო ბავშვი არ გეგონოთ. მაჰმუდს ცვლილების, სრულქმნისა და წინსვლის სჯერა." ჰეიდარის გაეღიმა და ქვაბის სახელურს ხელი დაადო. იგრძნო, რომ თავადაც ერთგვარ ქვაბს დამსგავსებოდა, გახეხილ-გაწმენდილ-გაპრიალებულსა და ნაპატივებს, მოკრძალებულ და თვინიერ ქვაბს, თავზე ფოლადის სახელურით, ქვაბს, რომელსაც ყოველ ღამე გამორეცხავენ და ხელახლა პირთამდე აავსებენ ხოლმე, თავზე დაახურავენ და აქეთ-იქით დაატარებენ. ყელში რაღაც აუდ-ჩამოუდიოდა. გული მთისხელა გახდომოდა და მკერდის გაგლეჯას ლამობდა. ვერ მიმხვდარიყო, უეცრად რა ეტაკა, ვერ გაეგო, კანი რატომ დასჭიმვოდა, ვერ გაეგო, კბილებს რატომ აკრაჭუნებდა ან სიგარეტს რატომ ღეჭავდა, რატომ უხურდა ყურები და მოწოლილი ყვირილისგან ხორხი ტკივილს რატომ აეტანა. გაზი მისცა, სიჩქარეს უმატა და მოუხვია. გაახსენდა, რომ მაღაზიები უკვე იკეტება, ცოლი კი ტკბილეულს, ხილსა და დაბადების დღის სანთლებს ელოდება. წარმოიდგინა, რომ ნაცრისფერ ფლანელის შარვალშია გამოწყობილი, უკეთია თეთრკოპლებიანი ლურჯი ჰალსტუხი და ამქვეყნად მოვლენის სადღეგრძელოს სვამს. მოაგონდა, იმ დილით ვიღაც ამბობდა, მესგარაბადში უკვე ადგილს ვეღარ იპოვიო, ამთავითვე უნდა იზრუნო, ახლავე უნდა შეიძინო მიწის ნაკვეთი და მავთულხლართი შემოავლოო. გაჭირვებით გასცდა რამდენიმე რიგად ჩაწყობილ მანქანებს და "სდექ" ნიშანთან სვლა შეანელა. შეეცადა, არ ეფიქრა. სცადა, მაღაზიების აბრების კითხვით შეექცია თავი. გული ვერ დაუდო და რაღაც ძველი სიმღერის ღიღინს მოჰყვა. შორიდან ნაცნობი დაინახა, ხელი დაუქნია და ნაჩქარევად გაუღიმა. თავი გამოყო, რომ დაეძახა და მანქანაში ჩაესვა. მაგრამ მანქანები ასიგნალებდნენ და ქუჩა ხმაურში ჩაძირულიყო. გაიფიქრა: "ოცდაცხრამეტი წელი არაფერია. მართლა არაფერი. ჯერ კიდევ ნახევარი ცხოვრება წინაა. ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს. ჯერ კიდევ ათასი საქმის გაკეთება შეიძლება. ათასგვარ გეგმას დააწყობს კაცი, შემიძლია თავიდან დავიწყო. თუნდაც დღეიდანვე." გულმა ბაგაბუგი დაუწყო. გაიფიქრა: "შემიძლია ახლა მანქანა გავაჩერო და გადმოვიდე. ახლავე! შემიძლია გავიდე შუა ქუჩაში, შუა მოედანზე, ბალახზე, ქვიშაზე, მაღლა – რომელიმე ამ ძეგლთაგანზე ავიდე და ვიყვირო, ვიკივლო და ყველანი აქ შევყარო. შემიძლია ყველაფერი ვთქვა, ჩემი სათქმელი ვთქვა და საკუთარ თავთან და სხვებთანაც ანგარიში გავასწორო. მაგრამ ვისთვის? რისთვის? ამ გულგრილ და გაოგნებულ სახეებს, ამ ცივ და უმეტყველო მზერებს, ამ დაღლილ და დაქანცულ ადამიანებს არაფერი ესმით. არ სჯერათ, რომ იძულებული ვიყავი, მისჯილი მქონდა და ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ამათ არ იციან, რომ ცოლ-შვილი მყავს და მათზე უნდა ვიზრუნო. ესენი სიყვარულზე, სრულყოფილ მიჯნურობაზე ლაპარაკობენ და ის კი არ იციან, რომ ცოლი ფეხმძიმედა მყავს და აქედანვე მშობიარობის ხარჯზე უნდა ვიფიქრო. ესენი რწმენასა და მრწამსზე საუბრობენ და არ კი კითხულობენ, ვინ იკისრებს ჩემი შვილებისათვის სადილის მიტანას, ვინ ითავებს ამ ქვაბის ტარებას. თავადაც ვიცი, რომ საკმარისია ერთი წამი, ხელის ერთი აქნევა, თვალის ერთი დახამხამება. მაგრამ ვიდრე განძრევას დავაპირებდე, ესენივე წყევლა-კრულვას დამიწყებენ და სახეში შემაფურთხებენ. ახლა მომჩერებიან და მეკითხებიან, როგორ მოხდა, რომ ხე-ტყით ვაჭრობა დავაპირე? როგორ მომივიდა აზრად ქარაჯისა და ალიაბადის მიწების ყიდვა-გაყიდვა? მაგრამ მე გეკითხებით, თქვენ თავად რატომღა მოიქეცით ასე? თქვენ ხომ ჩემზე მეტად გეშინიათ, თქვენ ხომ უფრო ხშირად მიგაქვთ თითი ტუჩთან და ჩურჩულებთ. თქვენ ხომ ჩემზე მეტად იფშვნეტთ ხელებს, იკაკვებით და ღმერთს მადლობას სწირავთ. მაგრამ მინდა თქვენ – ყველას ახლავე გაგემიჯნოთ. ვგრძნობ, რომ წელში მოვიხარე და თვალის ჩინი მომაკლდა, მე საკუთარი საფლავის ქვას ვხედავ და ვიცი, რა ადვილად დამივიწყებენ, რა იოლად დაიკავებს ვიღაც ჩემს ადგილს. მინდა სწორედ ახლა დავიწყო, დღეიდანვე, და თქვენ ფეხებზე მკიდიხართ!" ვიღაცამ მის წინ მოტოციკლით შემოუხვია და დაუსიგნალა. პოლიციის ოფიცერი იყო. მზეზე ქუდი ულაპლაპებდა. სათვალე მოიხსნა და მიმართა: "მიბოძეთ თქვენი მართვის მოწმობა!" ჰეიდარი შეკრთა და დაიბნა. დროისა და ადგილის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა. დამფრთხალი და ავისმომლოდინე მზერა მოავლო იქაურობას და ხმადაბლა იკითხა: "რა იყო? რა მოხდა? არაფერი დამიშავებია, შვილებისთვის ქვაბით საჭმელი მიმქონდა სკოლაში!" ოფიცერი ახალგაზრდა კაცი იყო წვრილი თვალებითა და ფართო ცხვირით. ცივად და დაღლილი ხმით უთხრა: "მარცხნივ მოხვევის წესი დაარღვიეთ. გადაიხადეთ ჯარიმა – ოცი თუმანი." ჰეიდარიმ შეხედა, შვებით ამოისუნთქა და მართვის მოწმობა ამოიღო. ფული მისცა და გზას გაუდგა. "მორჩა, გათავდა. ახლა უკვე ნამდვილად ყველაფერი მორჩა. არა აქვს მნიშვნელობა, სად გაქრა ის დღეები, მნიშვნელობა არა აქვს, აქამდე რა მიკეთებია. კიდევ მაქვს დრო – ერთი წელი. სამას სამოცდახუთი დღე წინა მაქვს". ცოლი გაახსენდა – დოინჯშემყრილი ოთახებში ბოლთას სცემს. გაიფიქრა: იქნებ სწორედ ახლა დაეწყო ტკივილი ან იქნებ უკვე იმშობიარა; მოაგონდა შვილები, მოაგონდა ქვაბი, რომელიც მის ფეხებთან გამუდმებით ყანყალებდა. გულმა მაჰმუდიეს ქუჩისაკენ გაუწია და სხეული ნაცნობი მღელვარებისაგან ერთიანად დაეძაბა. უკან მიიხედა და გადაწყვიტა, მოტრიალებულიყო. რამდენიმე კაცმა დაასიგნალა, დაუყვირა და ანიშნა, არ მოხერხდებაო. ქუჩა ხალხით იყო გაჭედილი. ვიღაც კაცმა უთხრა: "არა, ბატონო, აზრი არა აქვს. ეს გზა საღამომდე გადაკეტილი იქნება. მხიარული კარნავალი ტარდება. გიჯობს, მანქანა დააყენო, ჩამოხვიდე და უცქირო." ჰეიდარიმ უპასუხა: "არა, ძმაო, ეგ ჩემი საქმე არ არის" და სახე მიატრიალა. მაგრამ მიხვდა, რომ მართლაც ვერსად გაიქცეოდა. ალყაში იყო მოქცეული და არავის მისი დარდი არა ჰქონდა. მანქანა გამორთო. გადმოვიდა. გაიფიქრა: "აქედანვე დავურეკავ ცოლს და ყველაფერს ვეტყვი. ასე უფრო იოლია, ადვილია. ვეტყვი, რომ ამიერიდან ცხოვრებაში სხვა საქმე მექნება, რომ მსურს, თავად ავირჩიო და რომ დამღალა ამ ბრიყვულმა მორჩილებამ. ახლავე მივალ და გავაგებინებ, რომ მისი გამოხედვა, მხრების ჩეჩვა და გულმავიწყობა უკვე გულს მირევს. ავუხსნი, რომ მჯერა – არსებობს უკეთესი ცხოვრება, სიყვარული და სილამაზე, მწამს აღზევების, ამაღლებისა და სრულქმნისა; რომ სხეულის, ნივთების, განვადების, სესხის, ვალის, დანაზოგისა და დაზღვევის, მაჰდუდესა და თარიზის, გაზეთის, მთვარის, რაკეტის, პროგრესის, მეცნიერებისა და რევოლუციის გარდა, მჯერა, კიდევ სხვა რამაც არსებობს. მწამს, რომ ტყუილის, თვალთმაქცობისა და მლიქვნელობის, დაბადების დღისა და ქორწინების წლისთავის აღსანიშნავი წვეულების გარდა, ოჯახური მისვლა-მოსვლის, სიდედრისა თუ სხვა პატივსაცემი ნათესავების ხელზე ამბორის გარდა, შარიათისა და თარიყათის, ამ წარმავალი დროისა და ამ საეჭვო ადგილის გარდა, მწამს, რომ არის კიდევ სხვა რამ უკეთესი." "უკაცრავად, ბატონო," – ჰკითხა ვიღაცას, – "ტელეფონი სად არის?". არ იცოდა. თავი გადააქნია და გაეცალა. მაღაზიების უმეტესობა დაეკეტათ. ხურდა ფული ან ორრიალიანი არავის აღმოაჩნდა. საზოგადოებრივი ტელეფონის ყურმილი გატეხილი იყო, მავთული – გადაჭრილი. ჰეიდარიმ სათვალე გაიკეთა, გულგრილი გამომეტყველება მიიღო და თქვა: "ბოლოს და ბოლოს თავადაც მიხვდება. ბოლოს და ბოლოს ყველანი მიხვდებიან. ადრე თუ გვიან.
საერთოდაც, ახსნა რა საჭიროა?! მინდა, ვისარგებლო იმით, რაც მეკუთვნის და ეს ჩემი უფლებაა!" ისმოდა მუსიკა, სიმღერა და ხანგრძლივი ტაში. ჩადრიანი ქალები ერთმანეთს აწვებოდნენ და იცინოდნენ. ზოგი იქით გარბოდა, ზოგი – აქეთ და "ვაშას" ყვიროდა. ჰეიდარიმ რამდენიმე კაცი მისწი-მოსწია, შეეცადა, გზა გაეკვლია და როგორმე ქუჩის მეორე მხარეს გადასულიყო. ზოგიერთები ცხოველებად გადაცმულიყვნენ და დახტოდნენ. ხან აქეთ ეცა, ხან – იქით. ვერ მიხვდა, როგორ მოქცეულიყო. მსახიობთა ერთმა ჯგუფმა ჩაიარა. ღია მანქანებში ისხდნენ და ხელებს იქნევდნენ. ხალხი უსტვენდა და ტაშს უკრავდა. ჰეიდარი ხელებსა და ფეხებს შორის გახლართულიყო და ცდილობდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, თავი დაეხსნა. ხალხი აწვებოდა და ხან იქით მოისროდა მას, ხან – აქეთ. მზე თავზე დასდგომოდა. გახურებული სხეულების სუნისა და გათანგული ადამიანების სუნთქვისაგან გული უწუხდა. რამდენიმე კაცს მუჯლუგუნი ჰკრა. აქეთ-იქით წიხლები დააზილა და განაპირება მოახერხა. იმ კაცს ჰგავდა, ძილში ნაბიჯებს რომ დგამს და იმავე წერტილში რჩება, მირბის, მირბის და ადგილიდან ვერ დაძრულა. თითქოს მის წინაშე გადაშლილიყო უცნობი გზა, რომელიც არსაით მიდის, ხოლო ყოველი გადადგმული ნაბიჯი მიჯრით მიწყობილ რუხ სახლებს სულ უფრო აშორებდა. მისი ენა არავინ იცოდა, ვერავინ ხედავდა, მისი სიტყვები არავის ესმოდა. მოეჩვენა, რომ უეცრად ყველაფერმა ფორმა იცვალა; ისინი, ვისაც ახლა მის გარშემო წრე შეეკრა, ათასი წლის წინანდელი დროიდან მოსულიყვნენ და მათ სხეულებს მიწისქვეშ ჩაკარგული გამოქვაბულების სუნი ასდიოდა. თვალები დახუჭა და ისევ გაახილა. სხეული დაღლილი, ნაბეგვი და დასნეულებული ჰქონდა, ეჩვენებოდა, თითქოს ვიღაც შორიდან ეძახდა. აქლემებმა ჩამოიარეს ზანზალაკებით. ვიღაც როსთამად გადაცმულიყო და ჰეიდარის მუცელში ურტყამდა. რომელიღაც კუთხეში ერთი ჯგუფი ტაშს უკრავდა და "ვაშას" გაჰკიოდა. გაიფიქრა: "არა! არა და არა! შეუძლებელია! არ დავნებდები. თავს არ გავაცურებინებ. არ დავთანხმდები!" აქოშინებული მივარდა მანქანას და კარს დაეყრდნო. ქვაბს თვალი მოჰკრა და სხეულის ხურვებამ უმატა. თითქოს, ვერაგი და ბოროტი მტერი ჩასაფრებოდა და მარჯვე შემთხვევას ელოდა. სახეზე ხელი გადაისვა და ხის ჩრდილს შეეფარა. ყურში ქვაბის თავსახურის რაკარუკის ხმა ექოსავით ჩაესმოდა, ხელზე კი წვნიანისა და ქონის სუნი უდიოდა. იგრძნო, რომ ეს ქვაბი ყელზე სალტესავით შემოჭდობოდა და გასაქანს არ აძლევდა. გაიფიქრა: "ახლა კი მორჩა, ნამდვილად გათავდა, ახლავე დავიხსნი თავს ამისგან". მანქანის კარი გამოაღო. ქვაბს ხელი დაავლო და ჰაერში მოიქნია. სახელური ჩაბღუჯა და სხვათა "ვაშას" გრიალის და სიხარულის ყიჟინაში ქვაბი მიწას გამეტებით დაანარცხა. სახელური ააგლიჯა და კედლისკენ გატყორცნა. წიხლი წაჰკრა და უფრო შორს მოისროლა. გულით ეწადა, ერთი ქვა მოეხელთებინა და ქვაბის ჯავრი ამოეყარა. გარშემო რამდენიმე ცნობისმოყვარე შემოიკრიბა და ცქერა დაუწყო. შეძრწუნებულმა ჰეიდარიმ ირგვლივ მიმოიხედა. ვერ მიხვდა, რატომ მისჩერებოდა ხალხი, რა აცინებდა. საგზაო პოლიციელმა სასტვენს ჩაჰბერა და გაკვირვებული მის წინ აღიმართა. ჰკითხა: "რა ხდება, ბატონო? ეს თქვენი ქვაბია?" ისმოდა წივილ-კივილი, ყიჟინა, ხალხის მქუხარე ტაშის ხმა. მხიარულ კარნავალს ყველა ჩაეთრია. გამაძლიერებლებიდან ჰაერში მოწონების შეძახილები იღვრებოდა. სატვირთო მანქანაზე ვიღაც სიტყვით გამოდიოდა. გარშემო შეკრებილნი მქუხარე ტაშით მას სიტყვას შუაზე აწყვეტინებდნენ.
ჰეიდარი ფეხზე ძლივს იდგა, თავს რეტი ესხმოდა. ქუჩის პირას ხეს ხელით მიეყრდნო და ნერწყვი ჩაყლაპა. არასოდეს უგრძვნია მზე კანთან ასე ახლოს. მკერდში, გულის ადგილას, რაღაც, ქვაბივით მძიმე, ადი-ჩამოდიოდა. მიმოიხედა და დაინახა, რომ არავინ ყურადღებას არ აქცევდა. ყველანი კარნავალის მონაწილეების ცქერით გართულნი, ამაღელვებელი გამოსვლით მონუსხულნი და მოხიბლულნი იყვნენ. რამდენიმე კაცი მიაწვა და ხელი ჰკრეს, ერთმა წიხლიც უთავაზა. ყველანი ერთმანეთზე გადადიოდნენ, უნდოდათ თვალი მოეკრათ იმ კვირის ბედნიერი გამარჯვებულისათვის, რომელიც სასწორზე დაესვათ და ატრიალებდნენ. ჰეიდარიმ გადაწყვიტა, არ დანებებულიყო. "რისი უნდა მეშინოდეს? მე განვსხვავდები ამ ნახირისაგან. ამ სიტყვებით ვერ გამაცურებენ. მე ჩემი გზა მაქვს." მოაგონდა შვილები, თვალწინ დაუდგა ცოლი – დოინჯშემოყრილი და მომკივანი. დაბადების დღის ტორტს თავზე ამხობს და ემუქრება. შვილები კითხვებს აყრიან, ახსნას სთხოვენ და განცვიფრებულნი მის გარშემო ტრიალებენ. ვიღაცამ ხელში ქვაბის სახელური მიაჩეჩა და გაუღიმა. თავსახური გატეხილი იყო. პოლიციელმა უთხრა: "ბატონო, უმჯობესია, თქვენს მანქანაში დაბრძანდეთ", მერე შეკრებილთ მიუბრუნდა და მუქარით მიმართა: "რა იყო? რა ამბავია? საქმეს მიხედეთ!" ვიღაცამ თასით წყალი მიუტანა და უთხრა: "მეგობარო, პირზე შეისხი, აზრზე მოხვალ".
ჰეიდარი გახევებულიყო, არ იცოდა, რა ექნა. მარტო ყოფნა ეწადა და ტირილი. გულით უნდოდა, იქვე, იმავე წამს ყველაფერი დამთავრებულიყო, ბოლო მოღებოდა ამ უაზრო ბორიალს. დაიხარა და მიწიდან ქვაბი აიღო. თავსახური პიჯაკის კიდეს შეაწმინდა და მტვერი მოაშორა. გარშემო სიხარულის ყიჟინა და სიცილ-ხარხარი გამეფებულიყო. ცხვირსახოცი ამოიღო, დაიხარა, რათა ქუჩიდან ბრინჯი აეკრიფა. ავტოსადგომის მუშამ მხრიდან ჩვარი ჩამოიღო, დაფერთხა და უთხრა: – ადე, ბატონო, მე გავწმენდ, ეგ თქვენი საქმე არ არის.
ჰეიდარი წამოდგა. ქვაბი აიღო და მანქანაში ჩადო. საჭეს მიუჯდა, მინა ასწია. ავტოსადგომის მუშა აუღელვებლად, სახეზე გადაფენილი ღიმილით ასუფთავებდა იქაურობას. ვაშლი და რამდენიმე მსხალი ჯიბეში ჩაიწყო და ზანტად გაეცალა იმ ადგილს. ჰეიდარის გაახსენდა ცოლის სიტყვები: "მადლობა ღმერთს, ამ ქალაქში ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც ხელს მოგიმართავს."
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•