აკაკი ბაქრაძე - შემოდგომის დღე

დავით კლდიაშვილი

       ზერელე შეხედვით, „დარისპანის გასაჭირისა“ და „ირინეს ბედნიერების“ ერთ წარმოდგენად გაერთიანების საფუძველი არ არსებობს. მაგრამ, როცა ღრმად ჩავაკვირდებით, დავინახავთ, რომ არის ამისი შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა და საფუძველია ცოდვის პრობლემა, რომელიც როგორც ერთ პიესაში, ისე მეორეში მთავარი და ძირითადი საკითხია. დავით კლდიაშვილისათვის თანაბარი ცოდვაა ქალის გაუთხოვრობაც და ჯვარდაწერილი ქალის უსამართლოდ და უნამუსოდ დაჩაგვრა. მართალია, პელაგია საბელაშვილს უჭირს სამი გასათხოვარი ქალის შენახვა, მათი ჭამა-სმა, ჩაცმა-დახურვა, მაგრამ მარტო ეს არ არის მიზეზი ნატალიას გასათხოვებლად ბრძოლისა. პელაგიას უფრო ცოდვის ეშინია. ქალის შინაბერად დარჩენა ანტიბუნებრივ, ღმრთის საწინააღმდეგო საქმედ მიაჩნია - „...ცოდვისაგან მიხსნის, ქალიშვილობაში შვილი არ დამაბერებინოს და მის სიმდიდრეს რას დავეძებ...“ ასევე უჭირს დარისპან ქარსიძესაც, მაგრამ უფრო მეტად აშინებს და ზაფრავს აზრი მარტოობისათვის ხომ არ არიან განწირული მისი ქალიშვილები. „...ვაი თუ ღმერთს არც კი გაეჩინოს თქვენი ბედი და იღბალი, ვაი თუ კენტებად ყავხართ გაჩენილები?“

      ამ ცოდვის შიშმა უბიძგა ფილიპე ბარბაქაძეს (“ირინეს ბედნიერება“) და აიძულა დაუფიქრებლად დათანხმებულიყო აბესალომ სალამთაძის სიძობას. ვერ გაითვალისწინა და ვერ აწონ-დაწონა რა დანაშაული ჩაიდინა, როგორ გასწირა შვილი. პელაგიას, დარისპანს, ფილიპეს ეშინიათ ბუნების კანონზომიერების დარღვევისა. განსაკუთრებით მტკივნეული და სავალალოა ის, რომ ღვთაებრივ კანონზომიერებას არღვევს მატერიალური სიდუხჭირე, გასაჭირი. გაჭირვებას დაუთრგუნავს ადამიანში ღვთაებრივი. ადამიანის წარმმართველი ელემენტური კეთილდღეობის ძიება გამხდარა. აღარავის აინტერესებს სიყვარული, მშვენიერება, სამშვინველი. ძირითადი გამხდარა მატერიალური. თუ მზითევი აქვს ქალს, ჯოჯოხეთის მაშხალაც რომ იყოს, იოლად გათხოვდება. თუ მზითევი არა აქვს, მოწყვეტილ ვარსკვლავს რომ ჰგავდეს, ზედაც არავინ შეხედავს. არსებითად ქალი ვაჭრობის საგნად გადაქცეულა. საზოგადოება დარღვეულია, რამეთუ გაუქმებულია ზნეობრიობა. სიყვარული ვაჭრობას დაუჩაგრავს, სილამაზე და მშვენიერება - სარგებლიანობას და სარფიანობას. გვარიანად შებერებული, არათვალადი და არატანადი ოსიკო ხარებაძე ქალის ღირსებას ქონებით ზომავს. ორად ორი სიტყვა აქვს აკვიატებული - „აქვს რამე?“ ამას იქით არც მისი თვალი იყურება და არც მისი გონება. ოსიკოს ამგვარი შეხედულება საზოგადოების კრედომ ჩამოყალიბა. ონისიმე მათარაძე შემთხვევით კი არ დაატარებს ოსიკოს გასათხოვარი ქალების ოჯახში. იგი წინამძღოლია, რომელიც საზოგადოების აზრს გამოხატავს: „მზითევი მაინც არაა დასაკარგავი ყმაწვილებისაგან... ჩემს რძალს რომ მზითევი არ მოჰყოლოდა, სწორედ არ შემოვუშვებდი შვილს სახლში... ყმაწვილმა თავი უნდა დეიფასოს...“ ასეთ პირობებში გაუთხოვრად დარჩენა ელის ქალს. მაგრამ, თუ შემთხვევამ მოიტანა და ვიღაცას თვალში მოუვიდა, შეიძლება ირინე ბარბაქაძესავით გათხოვდეს. თუმცა ეს შემთხვევა უბედურების მეტს არაფერს მოიტანს, რამეთუ იგი ემყარება გაუცნობიერებელ სიხარბეს. ფილიპეს თავბრუ დაახვია აბესალოს წინადადებამ, რადგან ეს ყმაწვილი შეძლებული კაცის შვილი იყო. აქაც ქონებამ სიყვარული დათრგუნა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა უბედურება.

      საზოგადოებაში, სადაც სიყვარულს სჯობნის ქონება, სადაც ზნეობას თრგუნავს მატერიალური კეთილდღეობის ძიება, ადამიანი გარდაუვლად უბედურია. სულერთია რა ფორმით გამოიხატება ეს უბედურება. ამ ძირითადი აზრობრივი ლაიტმოტივით აერთიანებს რეჟისორი გოგი ქავთარაძე „დარისპანის გასაჭირსა“ და „ირინეს ბედნიერებას“ ერთ სპექტაკლად - „სურათები იმერეთის ცხოვრებიდან“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში. რეჟისორი არღვევს ქრონოლოგიურ თანამიმდევრობასაც. „ირინეს ბედნიერება“ დაწერილია 1897 წელს, „დარისპანის გასაჭირი“ - 1903 წელს. მაგრამ წარმოდგენა „დარისპანის გასაჭირით“ იწყება და „ირინეს ბედნიერებით“ მთავრდება. ეს არ არის შემთხვევითი. ეს გარკვეული ჩანაფიქრის შედეგია. თუ დარისპან ქარსიძე ძალად, განუკითხავად გაათხოვებს კაროჟნას, ისეთსავე დღეში ჩავარდება, როგორ მდგომარეობაშიც ფილიპე ბარბაქაძე აღმოჩნდა. თუ კაროჟნა ვერ დაიცავს საკუთარ ღირსებას, მასაც ის დამცირება და დაჩაგვრა მოელის, რაც ირინემ განიცადა. ერთი სიტყვით, ადამიანის თავისუფალი ნების ყოველგვარი შეზღუდვა დანაშაულის საფუძველი ხდება. ამიტომ რეჟისორ გ. ქავთარაძისა და მსახიობების ნაზიბროლა ნავროზაშვილის (კაროჟნა) და დოდო ტაბატაძის (ნატალია) ინტერპრეტაციით, ორივე პროტაგონისტს პროტესტის მეტი გრძნობა აქვს და გამოხატავენ კიდეც ამას. ქართველი მკითხველისათვის ბავშვობიდანვე ცნობილია სცენა - კაროჟნას ხელიდან უვარდება ფინჯანი და ტყდება. დ. კლდიაშვილი ამას ერთი წინადადებით აღნიშნავს და არ იძლევა განმარტებას, რატომ მოუვიდა ეს კაროჟნას - შემთხვევით, მოუქნელობით თუ განგებ. ტრადიციულად ეს გაგებულია კაროჟნას მოუქნელობად, უგერგილობად, სცენა ჩვეულებრივ მაყურებლის სიცილს უნდა იწვევდეს. გ. ქავთარაძის წარმოდგენაში ეს ასე არ არის. კაროჟნა-ნ. ნავროზაშვილი განგებ ტეხავს ფინჯანს, სრულიად დემონსტრაციულად და პროტესტის ნიშნად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარი პროტესტით რეჟისორი და მსახიობი სრულებით არ არღვევენ დ. კლდიაშვილის პერსონაჟის ხასიათს, თვისებას და ბუნებას. ნ. ნავროზაშვილის კაროჟნა თავმდაბალი, მორცხვი, მორიდებული და მამის მორჩილი ქალია. მაგრამ რეჟისორი და მსახიობი პერსონაჟის მშვინვიერ სამყაროში ღრმად იხედებიან, ხედავენ პროტესტის იმ ნაპერწკალს, რომელიც ყოველი ადამიანის სამშვინველში ღვივის. ეს ამოაქვთ კაროჟნას გულის სიღრმიდან და დასანახს ხდიან მას.

      პროტესტი ამით არ მთავრდება. მწერალი გვაუწყებს - „კაროჟნა ბოჭავს ნატეხებს და ნატალიაც ეხმარება“. სპექტაკლშიც ასეა: ნატალია-დ. ტაბატაძე იწყებს ნამსხვრევების აკრეფას, მაგრამ ამასთანავე კაბის კალთას უბერტყავს კაროჟნას. ეს დ. კლდიაშვილს არა აქვს. ეს რეჟისორისა და მსახიობის დამატებული დეტალია. მსახიობი დ. ტაბატაძე აკვარელის სიმსუბუქით გაგრძნობინებთ თავისი საქციელის ორპლანიანობას. ერთი პლანი გამოხატავს უბრალო ქმედებას: ერთმა მეორეს დასვრილი კაბა გაუწმინდა. ყოფის ბუნებრივი სურათია გადმოცემული. მეორე პლანი უფრო მნიშვნელოვანი და ღრმაა: ნატალია-დ. ტაბატაძე ეალერსება, უთანაგრძნობს კაროჟნა-ნ. ნავროზაშვილს. ეფერება, თანალმობას და სოლიდარობას უცხადებს მას. ქალები ქვეცნობიერად გაერთიანდნენ. უსიტყვოდ, მაგრამ წინ აღუდგნენ დამცირებას. ჭიქის გატეხვა აღარ არის მარტო კაროჟნას პროტესტი. იგი ნატალიას პროტესტიც არის. მორჩილება მოჩვენებითია და მაყურებელი ახალი რაკურსით უყურებს როგორც კაროჟნას, ისე ნატალიას. მართალია, დარისპანი ისევ გაბრაზებული ყვირის - „რა ეშმაკებმა დაგირბინეს მაგ ხელებში, შე უხეირო... ძალიან არ დამიმოწმა თავის სიმარჯვე... არა, გამოუბრუნებლად რავა გაგლახა მგზავრობამ, შე შერცხვენილო!..“ მაგრამ მაყურებელი აღარ დასცინის კაროჟნას. პირიქით, გაკვირვებითა და სიხარულით მისჩერებია. ხედავს, რომ ეს ქალი გაჭირვებამ და ხელმოკლეობამ გამოაგდო სოფლის შარაზე, თორემ ღირსება და სიამაყე ოდნავადაც არ დაუკარგავს. კაროჟნასა და ნატალიას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვლინდება. ღატაკი და გუდამშიერი ოსიკო ხარებაძე (მსახიობი ანზორ ნიკოლაიშვილი) უარს იტყვის, ორი გასათხოვარი ქალიდან ერთ-ერთი აირჩიოს, რაკი მათ მზითევი არა აქვთ. ურცხვად იცრუებს - სხვა მყავსო დანიშნული. საქმე ჩაიშალა. იმედი გაქარწყლდა. დარისპანი ისევ გზას უნდა გაუდგეს შვილის ბედის საძებნელად. ტოვებენ მართა ქვიტირიძის სახლს. მიმავალი კაროჟნა-ნ. ნავროზაშვილი დიდხანს, ჯიუტად და თანაგრძნობით მისჩერებია ნატალია-დ. ტაბატაძეს, რომელიც მუხლებზე დავარდნილი, თავჩაქინდრული გარინდებულა. კაროჟნას უხმო მზერაში არის ბედისთანზიარის მიმართ უზომო თანალმობა. ხაზგასმულია, რომ ცოტა ხნის წინანდელი მეტოქეობა ცხოვრების სიდუხჭირით ნაკარნახევი წამიერი მოვლენაა, თორემ მათ მოყვასისადმი სიყვარულით სავსე გული აქვთ. ეს კიდევ უფრო მეტად მტკივნეულს ხდის მათ ბედსა და მდგომარეობას. აქვე უნდა ითქვას, რომ ალბათ, სახელის - კაროჟნა უცნაურმა ჟღერადობამ აფიქრებინა მკითხველს, ეს ქალი ერთი ულამაზო, უშნო, მოუქნელი, ტლანქი და ულაზათო ვინმეაო. ასეთის სინონიმადაც გახდა იგი ჩვენს ცხოვრებაში. ნამდვილად კი ასე არ არის. ტრაგედია ის არის, რომ კაროჟნა მშვენიერი, ლამაზი, კოხტა, შოლტივით გოგოა და მაინც კარდაკარ უნდა იწანწალოს ბედის საძებნელად. ხალხის სიღარიბეს და გაჭირვებას მოუწყვია ასე: თუ ქონება, სიმდიდრე არ გაგაჩნია, არავის უნდა არც სილამაზე, არც ახალგაზრდობა, არც შრომისმოყვარეობა. სასწორის ერთ პინაკზე დადებულა ქონება და მეორეზე - ყველა სხვა ფასეულობანი. მაინც სიმდიდრეს გადაუწონავს.

      გ. ქავთარაძე არღვევს კაროჟნაზე ტრადიციულ მცდარ წარმოდგენას. ამ როლს, შესასრულებლად, გარეგნულად მოხდენილ მსახიობ ქალს აძლევს. ეს არ არის უბრალოდ რამ. ესეც მეტყველებს, რომ რეჟისორი დ. კლდიაშვილის პიესის არსს ღრმად სწვდება. ეს ყველგან ვლინდება. დიდი ცეკვა-თამაში გაიმართა. ოსიკო ხარებაძეს თავი უნდა მოაწონონ ქალებმა. არ გასჭრა ამ ხერხმა. როგორც კი მზითევის მაძიებელმა სასიძომ გაიგო, ამ ქალებს „აბზეკილი ცხვირისა, წვრილი ტანისა, შეღებილი წარბებისა და მარდი ფეხების“ მეტი არაფერი აბადიათო, თავაზიანად მოიბოდიშა და მართას სახლიდან უკანმოუხედავად გაილალა. თავმოყვარეობაშელახული და დამცირებული ნატალია-დ. ტაბატაძეს ისტერიკული სიცილი აუვარდება. თითქოს შეურაცხყოფის სპაზმი ახრჩობსო, ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისვრის სიტყვებს: „- რა იყო ახლა... რას გამორჩით, რომ მაიმუნივით მაჩანჩალეთ ვიღაც ოხრის წინ? რას გამორჩით?...“ შეშინებული პელაგია-ლამარა ვაშაკიძე შვილს ეხვევა და ამშვიდებს: „- აპა, რა ვქნა, შე დაწყევლილო, რა ვქნა, რა? მასწავლე ერთი... ღმერთმანი, აღარ ვიცი რა შავ წყალში გადავარდე!.. შე უკუღმართო, თუ კაცს შენი თავი არ დაანახვე, შენი ღირსება არ აჩვენე, ისე რომელი სულელი მოგკიდებს ხელს? რომელი გადარეული გეცემა, ცოლათ წამომყევიო?“ ამ სიტყვებს თუ ზერელედ შეხედავთ, გეგონებათ, რომ პელაგია ტუქსავს, უწყრება შვილს - დაწყევლილიო, უკუღმართიო... მაგრამ ნამდვილად დედის გული იგლოვს, დასტირის ასულის ბედს. მსახიობი ლ. ვაშაკიძე სწორედ სიტყვების უკან დამალულ მწუხარებას ავლენს, ტკივილსა და სევდას გვიჩვენებს. იგი სიტყვებს წარმოთქვამს ყრუდ, გაგუდული ხმით, თითქოს ქვითინებს. უიმედობისა და სასოწარკვეთილების ინტონაცია ავსებს სცენას. როცა პელაგია-ლ. ვაშაკიძე მოთქვამს: „- თავი რომ გაგანებოთ, ვიღა შემოგხედავთ, თქვენ შავ დღეზე გაჩენილებო, ვიღა? უნდა ჩაბერდეთ ნაცარში, თქვე უბედურებო?!“ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ შვილის გამოტირება. ეს უკვე ზოგადქალური დარდია, ზოგადქალური ბოღმა, ამონთხეული ყველა უბედურების სახელით. და მიუხედავად ამგვარი მძაფრი დრამატიზმისა, წარმოდგენა სავსეა დავით კლდიაშვილის ცრემლნარევი, სევდიანი ღიმილით.

      მოტეხილი, დაღლილი, დაქანცული შემოდის დარისპანი-ვახტანგ მეგრელიშვილი მართა ქვიტირიძის ოჯახში. საცოდავად, საწყალობლად შესჩივის იგი მართას: „- წანწალმა მომკლა, მართა ჩემო... ეგებ ერთი - კი გავათხოვო მარა - რა, მადლი აღარ აქვს ამისთანა გათხოვებას!.. შენთან შემოვუხვიე, ეგებ ცოტა დავისვენო და შენც კარგა ხანია აღარ მინახავხარ...“ მაგრამ საკმარისია ყური მოჰკრას, სასიძო კაცი გამოჩნდაო, რომ თვალის დახამხამებაში გარდაიქმნას ეს კაცი. დარისპანი-ვ. მეგრელიშვილი ხდება ხელგაშლილი, დარდიმანდი, უდარდელი, ბედით კმაყოფილი. ვ. მეგრელიშვილის ხმაში ქრება მოწყალების მთხოვნელი ინტონაცია. ჩნდება თვითდაჯერებული, ღონიერი, ბაქია და მკვეხარა კილო. მართალია, ოთხი ქალიშვილი ჰყავს, მაგრამ მათი გათხოვება ენანება“... კაი ოჯახში ნამყოფი, კარგად შენახული... თუ ისევ ხეირიან ოჯახში არ ჩააგდე, ცოდვაა... ამიტომ უფრო არ ვეჩქარი მაგათ დათხოვებას... თვარა მთხოვნელები ბევრი დამიდიან!..“ ამგვარი მეტამორფოზა იწვევს ღიმილსაც და სევდასაც. განსაკუთრებით საცოდავი და სასაცილოა დარისპან-ვ. მეგრელიშვილი მაშინ, როცა დარწმუნდა, რომ მარტოდმარტომ უნდა იბრძოლოს ოსიკო ხარებაძის ხელში ჩასაგდებად. პელაგია, ბუნებრივია, არ დაუთმობს ამ ყმაწვილს, რამეთუ თავად უნდა იგი სიძედ. კაროჟნას თვალში არ მოსდის ეს მზითევის მაძიებელი სასიძო და ამიტომ არც აქტიურობს. პირიქით, ყველა ღონეს იხმარს თავი არასასურველ საცოლედ აჩვენოს. მართალია, მართა ნათესავია, მაგრამ არც ის იქნება დარისპანის მშველელი. მართას ნატალიას გათხოვება უფრო უნდა, ვიდრე კაროჟნასი. დარისპანი-ვ. მეგრელიშვილი უცბად აცნობიერებს ამ მდგომარეობას. გალიაში დამწყვდეული მხეცივით აწყდება ხან ერთ კუთხეს, ხან მეორეს. აქეთ კაროჟნას ტუქსავს, იქით მართას ამუნათებს. აქეთ პელაგიას ეჩხუბება, იქით ონისიმეს ეფინება ფიანდაზად. ვიც იცის, იქნებ ამ კაცის სიტყვამ გადაწყვიტოს საქმე. თან ღირსებაც უნდა შეინარჩუნოს. არ უნდა ვინმემ შეამჩნიოს, რომ ქალიშვილის გათხოვების იმედმა თავგზა დაუბნია, ააფორიაქა, წონასწორობა დააკარგვინა. აკი სულ ცოტა ხნის წინათ ყველას უმტკიცებდა, დილღვამიანი ოჯახი მაქვს და გოგოების გათხოვებას არ ვჩქარობო. მაგრამ ყოველი წუთი ძვირფასია: ხომ შეიძლება სასიძო ხელიდან გამოაცალონ და დარისპანი-ვ. მეგრელიშვილი, თითქოს დაავიწყდაო საკუთარი ასაკი, ციბრუტივით ტრიალებს. და უცბად მაყურებლის წინ იშლება კომედიურში გახვეული ტრაგიკული: ბედისწერის ხელში თოჯინად, სათამაშოდ გადაქცეული ადამიანი. მართალია, ყურებისას სულ ღიმილი დასთამაშებს მაცქერალს სახეზე, მაგრამ ანაზდეულად გასაგები ხდება, რომ არაფერია სასაცილო: დარისპან ქარსიძე ცხოვრებისაგან გათელილი, დაბეჩავებული, დაგლახავებული კაცია, ვინც თანაგრძნობას უფრო იწვევს, ვიდრე დაცინვას.

      ყველაფერი დამთავრდა. ეს იმედიც ცრუ გამოდგა. დარისპან-ვ. მეგრელიშვილს ნიღაბი აღარ სჭირდება. ახლა შეუძლია ყველას საკუთარი სახით ეჩვენოს. იყოს მართალი და ალალი. იგი ყველას ბოდიშს უხდის შეწუხებისათვის, წყენინებისათვის, გაუგებრობისათვის. წრე შეიკრა: დასასრულს დარისპანი-ვ. მეგრელიშვილი ისეთივე საცოდავია, როგორიც დასაწყისში იყო, როცა პირველად გამოჩნდა მართას ოჯახში. განწყობილებათა და გრძნობათა ამ მონაცვლეობის ნაირნაირი ფერის, ტონის, ტემპერამენტის გადმოცემისას ვ. მეგრელიშვილი არასოდეს არღვევს ზომიერებას, არასოდეს გადადის აუცილებლის საზღვარს. დ. კლდიაშვილის დრამატურგია მდიდარია განწყობილებათა და გრძნობათა მონაცვლეობით. როგორც წესი, მწერალი უპირისპირებს ერთმანეთს ადამიანის პირად თვისებას და გარემოებით ნაკარნახევ საქციელს. ეს გაორება მსახიობისაგან ითხოვს ოსტატობას, რომ ხელოვნური, თვალში საცემი არ გამოვიდეს განწყობილების შეცვლა. როცა მართა ეზოში შემოსულ დარისპანს მოჰკრავს თვალს, მასპინძლის დამოკიდებულება სტუმრისადმი უარყოფითია: „დასწყევლოს ღმერთმა, საიდან გაჩნდა? საიდან მოეთრევა?“ ეს გარემოებით ნაკარნახევი რეაქციაა, რამეთუ მართას მიზანია გაათხოვოს ნატალია და დარისპანი თავისი ქალიშვილით შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი გამოდგეს. მაგრამ, როგორც კი დარისპანს მიეგებება მართა, მისი დამოკიდებულება იცვლება: „- მობრძანდით, მობრძანდით, დარისპან ჩემო!...“ უკვე ალერსიანი და გულგაშლილი მასპინძელი ხდება ქალი, ეს მისი პირადი თვისებაა, რომელიც რამდენიმე წამით განთავისუფლდა გარემოს ზემოქმედებისაგან. ამ რთულ ორპლანიანობას დამაჯერებლად და მართლად გადმოგვცემს მართა ქვიტირიძის როლის შემსრულებელი მსახიობი ნესტან კვეიძე. ვისაც პიესა კარგად ახსოვს, მოიგონებს, რომ, როგროც სხვა პერსონაჟებს, ისე მართას, ხშირად უხდებათ ამგვარ გაორებულ მდგომარეობაში ყოფნა. ჯერ იყო და მართა აქებდა და აქებდა ოსიკო ხარებაძეს, რადგან იმედი ჰქონდა სიძედ მოიკიდებდა. მაგრამ საქმე ჩაიშალა. ხელმოცარული მაშვალი უკვე ზიზღნარევი გესლით ახასიათებს სასიძოს: „რა იყო ამ გლახაკმა, წასვლისას რომ დაგვახალა, დანიშნული მყავსო... ჰმ... ორ სიტყვას ძლივს უყრის თავს და რავა მოაქვს თავი... დავასხი ლაფი!..“ ასეთი როლების შესრულებისას ბეწვის ხიდია გასავლელი, რომ წონასწორობა არ დაირღვეს. არ დაიკარგოს სიმართლის გრძნობა. სასიხარულოა, რომ „დარისპანის გასაჭირის“ მონაწილე მსახიობებმა ეს ამოცანა პირნათლად გადაჭრეს. ამჯერადაც ხელი მოეცარა დარისპანს. ისევე უნდა გაუდგეს გზას სასიძოს პოვნის იმედით. წარმოდგენა მთავრდება ასე: შორს, სცენის სიღრმეში მოჩანს იმერეთის გორაკები და დაკლაკნილი ვიწრო ბილიკები, ისინი უსასრულობაში იკარგებიან (მხატვარი ჯეირან ფაჩუაშვილი). გვიანი შემოდგომის ქარი გაყვითლებულ ფოთლებს ფანტავს. მაყურებელს ეუფლება სიცივისა და მიუსაფრობის განცდა. ამ ბილიკებზე ქედმოდრეკილი, თავჩაქინდრული მიდიან დარისპანი და პელაგია, კაროჟნა და ნატალია. მიდიან ისე, თითქოს თითოეული მათგანი თავის საკუთარ გოლგოთაზე მიაბიჯებდეს... მათი სვლა გრძელდება დიდხანს... მიაცილებს ნაზი, სევდიანი, მელოდიური მუსიკა (მუსიკალურად წარმოდგენა გააფორმა ოთარ ბრეგაძემ), რომელიც სულის ძირამდე აღავსებს მაყურებელს თანაგრძნობითა და თანალმობით.

      შემოდგომის გაცრეცილი საღამოს მყუდროებაში არაფრის ჩქამი არ ისმის, გარდა ამ დარდიანი მუსიკისა... ვერაფერს ხედავ, გარდა ჰაერში მოფარფატე ფოთლებისა, შორს ჰორიზონტზე უკვე ლანდადქცეული ადამიანებისა და ყურში წივის, არ იცის საიდან მოტანილი, ექო გოდებისა: „...ვიღა შემოგხედავთ, თქვენ შავ დღეზე გაჩენილებო, ვიღა? უნდა ჩაბერდეთ ნაცარში, თქვე უბედურებო?!.“ „ღმერთო, კეთილად დააბოლავე ჩვენი მგზავრობა!..“ თითქოს უზენაესმა უსმინაო მათ თხოვნას და მეორე მოქმედება, ანუ „ირინეს ბედნიერება“, მხიარული პურობით იწყება. ილხენს ფილიპე ბარბაქაძის ოჯახი, მაგრამ მოსალოდნელი ხიფათის პირველი ნიშანიც მაშინვე გამოჩნდება. უგონოდ მთვრალ აბესალომ სალამთაძეს ვერაფრით გადაათქმევინეს ირინე ბარბაქაძის შერთვის აზრი. არადა, ქალს სხვა უყვარდა - პავლე როდამიშვილი. სიხარულით გონდაბნეული ფილიპეც აბესალოს მიემხრო და ქალიშვილის ხვეწნა-ვედრება არ შეისმინა. დადგა წუთი, როცა აბესალომ ირინეს თანხმობა ან უარი უნდა მოისმინოს. პიესის მიხედვით, აბესალოს, ირინეს და ფილიპეს საუბარს როდამიშვილი არ ესწრება. როცა ირინემ აბესალოს დაძმური სიყვარული შესთავაზა, ვაჟმა უარყო ეს. დაჟინებით განაცხადა: „- თქვენს თავს ვერავინ წამართმევს...“ მაშინ მამამ სტაცა ქალიშვილს ხელი და აბესალო დაამშვიდა: „- ვინაა წამრთმევი, შენი ჭირიმე, ვინა?...“ და შვილიცა და სასიძოც შინ შეიყვანა. დ. კლდიაშვილის რემარკაა - „მიჰყავს თავჩაკიდებული ირინე“. ფაქტი უკვე მოხდა, ეს როდამიშვილმა შეიტყო. ეს სცენა სხვაგვარად არის წარმოდგენილი სპექტაკლში. წარმოდგენაში ეს სცენა ლხენის მონაწილეთა თანდასწრებით თამაშდება. იქვე არიან ვიქტორიც და როდამიშვილიც. როცა ირინე (ნიკური ჟორჟოლიანი) აბესალოს (გიზო ღელეყვა) მიმართავს: „- დიდად მადლობელი ვარ თქვენი ჩემდამი გრძნობისათვის... მეც სიტყვას გაძლევთ, მოგიგოთ ნამდვილი და-ძმური სიყვარული...“, მაშინ ცოფმორეული აბესალო როდამიშვილისაკენ მიიწევს და დამუქრებით ამბობს: „მე თქვენ თავს ვერავინ წამართმევს... ვერა, ვერა!..“ მდგომარეობა იძაბება. სადაც არის სისხლი უნდა დაიღვაროს. დაბნეული ფილიპე (ელგუჯა ბეჟუაშვილი) შეშინებული ამშვიდებს აბესალოს: „- ვინაა წამრთმევი, შენი ჭირიმე, ვინა?..“ უბედურება რომ თავიდან აიცილოს, ვინმე რომ არ იმსხვერპლოს, ირინე გადაწყვეტს დამორჩილდეს აბესალოს გულისთქმას. იგი უხმოდ მიდის და თანხმობის ხელს უწვდის მამაკაცს. თუ პიესის მიხედვით, ირინე მამის მოთხოვნას ემორჩილება, წარმოდგენაში ემატება სურვილი - იხსნას ნანდაური პავლე როდამიშვილი აბესალოს და მისი ძმაკაცების შურისძიებისაგან. ამით ხაზგასმულია თავის თავის მსხვერპლად გაღების მოტივი.

      დავით კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერებაში“ ორ საპირისპირო თვისებების ადამიანს ხატავს - ფილიპე ბარბაქაძეს და აბესალო სალამთაძეს. თუ ფილიპეს სრული სიმართლის გაგების წყურვილი აწამებს, აბესალოს პირიქით, სიმართლის ეშინია და ურჩევნია ბოლომდე ტყუილის ტყვე იყოს.

      აბესალომ დანაშაული ჩაიდინა. ბრმა გულისთქმას აჰყვა და ქალი შეირთო, რომელიც არ უყვარდა. არც ქალს უყვარდა იგი. აბესალომ ამის ცოდნას ვერ გაუძლო. აფორიაქებული სულის დამშვიდებას სიცრუით შეეცადა. ცოლისადმი სიყვარულის უქონლობა რომ გაემართლებინა (ე.ი. საკუთარი საქციელის ობიექტური საფუძველი რომ მოეძებნა), ირინეს ღალატი დააბრალა. ჩაიდინა პირველ დანაშაულზე უფრო დიდი დანაშაული. ამით აბესალოს არარაობა სრულიად გამოვლინდა. პიესის ეს ხაზი მთლიანად და უცვლელად არის დატოვებული სპექტაკლში, ოღონდ ზოგიერთი ნიუანსია ახლებურად გააზრებული. რეჟისორის ინტერპრეტაციით აბესალო გაორდა. მას თან შეუყვარდა ცოლი და თან თავი ვეღარ დააღწია მის მიერვე გავრცელებულ ჭორს. ეს გაორება ტანჯავს აბესალოს და თან კიდევ მეტად აბოროტებს. გავიხსენოთ სცენა, როცა აბესალო, თანამეინახეებთან ერთად, შინ ბრუნდება. იგი ითხოვს, სუფრა გაგვიშალეო. ირინე ალერსიანად ეკითხება ქმარს: „...დედას რომელი ღვინო ამოვაღებინოვო?..“ აბესალო (გ. ღელეყვა) ჯერ დააპირებს მიეფეროს ცოლს, ტკბილად უთხრას რაღაც, მაგრამ მერე ახსენდება ჭორი და უკვე უკმეხად, პირქუშად უყვირის ირინეს: „- ნაქაჩი! ანდა წყალ-მაჭარა!.. მაგიც საკითხავია!..“ ამ პატარა სცენაში მკაფიოდ ჩანს, რომ ცოლ-ქმარს შორის გაჩნდა სიყვარული, მაგრამ უკვე გავრცელებული ჭორი უფრო ძლიერია, ღონიერია. იგი კლავს სიყვარულს და ადამიანებს უბედურებისაკენ მიერეკება.

      როგორც ცნობილია, „ირინეს ბედნიერების“ ფინალში აბესალო მიიწევს ცოლის მოსაკლავად, მაგრამ იქვე მყოფნი არ აძლევენ საშუალებას ჩაიდინოს ეს მძიმე დანაშაული. წარმოდგენაში უფრო ულმობლად იქცევა რეჟისორი: აბესალო-გ. ღელეყვა კლავს ირინეს-ნ. ჟორჟოლიანს. გაოგნებული ნათესავებისა და ამხანაგების თვალწინ, აბესალოს მკლავებზე უსვენია ცოლის ცხედარი. იგი ნელა იჩოქებს და მიცვალებულს ემთხვევა. თუ აქამდე ეს კაცი იწვევდა აღშფოთებას, ახლა გეცოდება. ხედავ, როგორ შეჭამა ადამიანი პატივმოყვარეობამ, უნებისყოფობამ, ახირებამ. როგორ იმსხვერპლა, ერთი ფიზიკურად, მეორე - ზნეობრივად. ცრუ ვაჟკაცობა, ცრუ დარდიმანდობა, ცრუ თავმოყვარეობა როგორ იქცა სასჯელად. როგორ მოკვდა სიყვარული როგორც საკუთარი, ისე სხვისი. ასე ხდება, როცა ადამიანი უნებისყოფოა და არ ძალუძს საკუთარი ვნებათაღელვის, ამპარტავნობისა და თავმოყვარეობის მართვა.

      „ირინეს ბედნიერებაში“ ყოველგვარი ბაქიბუქის თვინიერ ხატავს დ. კლდიაშვილი ჭეშმარიტ ვაჟკაცობას, როცა ფილიპე ბარბაქაძე მძახალის ოჯახში მიდის და უკომპრომისოდ ითხოვს, უთხრან სიმართლე. მართალია, ფილიპე შვილის ბედნიერების ძიებამ შეაცდინა, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაუკარგავს ღირსება და პატიოსნება, პირიქით, ჭეშმარიტების დადგენის მტკიცე სურვილი გაუჩინა. „აბესალო, გაფიცებ შენს საყვარელ დედ-მამას, მითხარი თუ მართლა ასე გაუწყრა ღმერთი იმ ჩემს შვილს, რომ სრულიად დაივიწყა პატიოსნებაც, თავმოყვარეობაც, ნამუსი, აღარ მოერიდა უწმინდურობას, დაჰკარგა ოჯახის პატივისცემა - ქმრის სიყვარული და შიში... მითხარი, ნუ მიმალავ!..“ შეჰღაღადებს სიძეს ფილიპე, მაგრამ აბესალოს არაფერი შეუძლია უთხრას. იძულებულია გაჩუმდეს სიმართლის მაძიებლის წინაშე. ამ ურთულეს სცენას ელგუჯა ბეჟუაშვილი ღირსეულად თამაშობს. მაგრამ აქ წარმოდგენას აკლია თანაბრობა და მთლიანობა. ამ სცენის დამსწრეებს, იქნება იგი როდამიშვილი თუ ვიქტორი, იქნებიან ისინი აბესალოს მშობლები თუ ძმაკაცები, სჭირდებათ გაცილებით მრავალფეროვანი, ღრმა და ნიუანსირებული დამოკიდებულების გამოვლენა, გაკვირვება, განცვიფრება, გაოგნება, აღშფოთება, სინანული, თანაგრძნობა, სიბრალული. შურისგება მონაცვლეობს და ეჯახება ერთმანეთს. ეს მრავალფეროვნება უნდა გამოჩნდეს როგორც ცალკეული მოქმედი პირის, ისე მთელი ლიანგის საქციელში. სამწუხაროდ, ეს არ არის. უნდა ითქვას ისიც, რომ „ირინეს ბედნიერებაში“ მსახიობთა ანსამბლი არ არის ისე ერთიანი და მთლიანი, როგორც „დარისპანის გასაჭირში“, თუ ამ მიმართულებით საუბარს გავაგრძელებთ, როგორც რეჟისორს, ისე მსახიობებს უნდა ვუსაყვედუროთ, რომ, ყველაფერს თანაბარი ყურადღება არ ექცევა.

      ურთულესი როლია ვიქტორი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იგი ერთადერთი კაცია, რომელმაც წინასწარ იცის, რა მოჰყვება აბესალოს ახირებას. მეორეც იმიტომ, რომ იგი ახლობელთა შორის ნდობით სარგებლობს და დახმარებისათვის ყველა მას მიმართავს. ამგვარი მდგომარეობა თავისთავად ქმნის სახის მრავალპლანიანობას. მსახიობ მერაბ ჩიქოვანს აკლია ეს მრავალპლანიანობა. უფრო ერთი საღებავით ხატავს როლს. თავი რომ დავანებოთ ყველაფერს, დგება წუთი, როცა ვიქტორი აღშფოთებისა თუ სულიერი ტკივილისაგან უნდა აფეთქდეს. მისთვის ახლობელი და საყვარელია ირინეც და აბესალოც. იგი ხედავს, რომ ორივეს უბედურება უახლოვდება. არაფრის გაკეთება კი არ ძალუძს. მას უნდა აწამებდეს ორი შეგნება: ერთი მხრივ, ცოდნა იმისა, რაც მოხდება და, მეორე მხრივ, ხილვა საკუთარი უძლურებისა, ააცდინოს თავისიანებს უბედურება. ეს ბრძოლა, ჭიდილი, წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გადმოიცეს. სხვანაირად ვიქტორის სახე მჭლევდება, ღარიბდება. მართალია, მოცულობის თვალსაზრისით, პავლე როდამიშვილს დიდი ადგილი არ უჭირავს პიესაში, მაგრამ ისიც რთული სახეა. პავლე და აბესალო არა მარტო რაყიფები არიან, არამედ სოციალურად დაპირისპირებულნიც. აბესალო მდიდარია, პავლე - ღარიბი. აბესალო გალაღებული და გათავხედებულია სიმდიდრით, პავლე დაჩაგრული და დათრგუნვილი სიღარიბით. ამიტომ ვერ დაიცვა მან სიყვარული. დათმო ირინე. მაგრამ, როცა ირინეს სახელს გაბახება და ჭუჭყი დაემუქრა, პავლემ უზადო ვაჟკაცობით დაიფარა ქალი. ამით გამოავლინა არა მარტო სიყვარული ირინესადმი, არამედ ღრმა პატიოსნებაც. დავინახეთ ის დიდი ტკივილიც, რომელიც ამ კაცის სულს აწამებდა. პავლე როდამიშვილის სახეც რთული და მრავალფეროვანი ნიუანსებით არის სავსე. ამიტომ რეჟისორსაც და მსახიობ ჯემალ ჩხეიძესაც უნდა მოეძებნათ ხერხები, საშუალებანი, რომ სრულიად და დამაჯერებლად ეჩვენებინათ პავლე როდამიშვილის სახე. „ირინეს ბედნიერებაში“ არის ერთი ფრაზა, რომელიც კარგად გამოხატავს ორჭოფობას, რომელიც ირინე ბარბაქაძის გარშემო გავრცელებულმა ჭორმა აღძრა ადამიანებში. ამ ფრაზას ამბობს აბესალოს ამხანაგი სოგრატ პურაშვილი: „- ალბათ არის, კაცო, აბა რატომ შეიძულა ასე უცნაურად და ისეთ გუნებაზეა, რომ მზათაა, მგონია, სიცოცხლეს გამოასალმოს“. როგორც ხედავთ, ჭორს ზოგიერთი დაუეჭვებია. თუ მთლად არა, ნაწილობრივ მაინც ჰგონიათ, რომ ირინე არ არის პატიოსანი ქალი. ასეთ გარემოებაში მკითხველმა არ უწყის, რა იციან, ამ ჭორთან დაკავშირებით, აბესალოს მშობლებმა. ისინი, განსაკუთრებით აბესალოს დედა, შეწუხებულნი არიან, რომ ცოლ-ქმარს შორის არ არის ტკბილი ურთიერთობა, ხშირად ხდება უსიამოვნება და კინკლაობა. ეკა დარდობს, განიცდის რომ აბესალომ აითვალისწუნა ირინე. მაგრამ უფრო ვრცელ ინფორმაციას დ. კლდიაშვილი აღარ გვაწვდის. ინტერპრეტაციის თავისუფლებას უტოვებს რეჟისორსა და მსახიობთ, მშობლების დამოკიდებულება ჭორისადმი საკუთარ შეხედულებისამებრ გააანალიზონ. ამან მისცა უფლება გ. ქავთარაძეს და მსახიობ იაკობ სიხარულიძეს წარმოუდგინონ მაყურებელს სამსონ სალამთაძე, მამა აბესალოსი, არაგულწრფელ კაცად. სამსონი თავს იკატუნებს, პირფერობს, როცა ირინეს ექომაგება, როცა გაიკვირვებს, თითქოს არაფერი გაუგია ჭორის შესახებ. მაგრამ ამ განწყობილებას უფრო ნატიფი და დახვეწილი გადმოცემა უნდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაყურებლისათვის გასაგები გახდეს, რად სჭირდება სამსონს ეს თვალთმაქცობა. მეორეც, როგორია ამ საქციელისადმი ცოლის და შვილის დამოკიდებულება და მესამეც, რას ფიქრობს ირინე მამამთილზე. თუ სამსონ სალამთაძეს წარმოვადგენთ ერთი განზომილებით - მან მართლაც არაფერი იცის გავრცელებულ ჭორზე, მაშ, რასაც მსახიობი იაკობ სიხარულიძე აკეთებს, საკმარისია. მაგრამ ეს არ აკმაყოფილებს არც რეჟისორს და არც მსახიობს. მათ მეტი უნდათ: ადამიანის ბუნების დაფარული საიდუმლოს ჩვენება. რაკი ასეა, მაყურებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს უფრო ღრმა და ნიუანსირებული თამაში. ადამიანის სამშვინველის ბნელი კუნჭულების გამომზეურება. ამ თვალსაზრისით, რომლის შესრულება ხარვეზიანია და მას დახვეწა-გაღრმავება სჭირდებოდა. სამსონ სალამთაძის ამგვარმა დამოკიდებულებამ გაართულა ეკას, აბესალოს დედის როლიც. პიესის მიხედვით, ეკამ იცის, რომ აბესალო უდიერად, უპატივცემულოდ ექცევა ცოლს, მაგრამ არ უწყის, რამ გამოიწვია ეს. თუ ამგვარად დავტოვებთ ამ სახეს, მაშინ მას უნდა უკვირდეს, აღშფოთებდეს, აფიქრებდეს სამსონის პირფერობა. თუ მასაც გულს უღრღნის ეჭვი, მაშინ ირინესადმი დამოკიდებულება უნდა იყოს სხვაგვარი, არსებითად გაორებული: უყვარს კიდეც რძალი, პატივს სცემს, მაგრამ აშინებს ჭორიც - ვაი, თუ მართალია? ქეთევან კოლხიდელი დამაჯერებლად თამაშობს შეწუხებულ, დადარდიანებულ, გაუგებარ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, მაგრამ აღარ არის მეორე პლანი, რომელიც დაგვანახებდა ეკას დამოკიდებულებას სამსონისადმი. რა თქმა უნდა, ეს მეორე პლანი აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსონს გამოვიყვანთ არაგულწრფელ ადამიანად. სპექტაკლში არის ამის ცდა. რაკი ასეა, მაშინ ეკას სახეც მოითხოვს გართულებას და ხედვის სხვადასხვა კუთხეს. ალბათ დ. კლდიაშვილის პიესების სცენური განხორციელება იმიტომაც არის ძნელი, რომ იგი არასოდეს მიმართავს რაიმე ეფექტს, გარეგნულად მომგებიან საშუალებას. მწერალს აინტერესებს ადამიანის სამშვინველის მოძრაობა და უმთავრესად ამას ავლენს სრულიად უბრალო და მარტივ საქციელში. ოღონდ უნდა დაფიქრდე, დააკვირდე და ამოიცნო ამ მარტივი საქციელის არსი. სანიმუშოდ ვიმსჯელოთ ერთ-ერთ ეპიზოდურ პერსონაჟზე - სოგრატზე. სოგრატი და აბესალო მეგობრებია. დღედაღამ ერთად არიან, ქეიფობენ, ნადიმობენ, ილხენენ. სოგრატი ხედავს, რომ აბესალოს წონასწორობა დაეკარგა. თავად ამბობს შეწუხებული და დამფრთხალი: „- ერთ ბეწვზე გადავრჩით საშინელ უბედურებას“. ასეთ სიტუაციაში მოქცეული კაცი, იმის მაგიერ საქმეს ღრმად ჩახედოს, გაერკვეს და მეგობარსაც უშველოს, დაეჭვებული კითხულობს: „- ალბათ არის, კაცო, აბა რატომ შეიძულა ასე...“ ეს ერთი „ალბათ“ ამხელს, ავლენს, აჩვენებს ზერელე, ფუქსავატ, შარახვეტია კაცის ბუნებას. სოგრატი იმას ხედავს, რაც ზედაპირზე დევს. მოვლენის არსში ჩაწვდომა არ შეუძლია. ზერელობას, ფუქსავატობას თავისი სიღრმე აქვს, ოღონდ ამ სიღრმის შინაარსი უარყოფითია. სწორედ ამ უარყოფით შინაარსს ავლენს დავით კლდიაშვილი. თემურ თავაძე კი უვნებელ, უმნიშვნელო კაცად წარმოგვიდგენს სოგრატს. არ არის იგი უვნებელი და უმნიშვნელო. სოგრატი ბოროტების მოკავშირე და თანამდგომია ფუქსავატობისა და ზერელობის გამო. ამიტომ ცოდვაში, რომელიც სალამთაძეების ოჯახში დატრიალდა, ბრალი მიუძღვის არა მარტო აბესალოს, არამედ ყველას, ვინც ამ კაცს გარს ეხვია. ზოგმა შიშის, ზოგმა გულგრილობის, ზოგმა უნიათობის გამო ვერ მოახერხა საქმის არსის გარკვევა და ირინე იმსხვერპლეს. როცა ფინალში ისევ განმეორდება გვიანი შემოდგომის დღე, ფოთოლცვენა, სევდიანი მუსიკა, გამოიკვეთება იმერეთის გორაკების კონტურები, დაკლაკნილი ბილიკები, გაგახსენდება სიტყვები, რომელიც სხვა მწერალზე ითქვა, მაგრამ რომლის პერიფრაზი ზუსტად გამოხატავს ლადო მესხიშვილის თეატრის წარმოდგენით - „სურათები იმერეთის ცხოვრებიდან“ - შექმნილ განწყობილებას.

       როცა დავით კლდიაშვილის მოთხრობებს კითხულობთ ან მის პიესებს უყურებთ, გეუფლებათ გვიანი შემოდგომის მოწყენილი დღის სევდა. ჰაერი გამჭვირვალე ხდება, მკვეთრად იხაზება შიშველი ხეები, პაწია სახლები და საცოდავი ადამიანები. ყველაფერი უცნაურია, მარტოხელა, უძრავი და უღონო. გაცრეცილი ლურჯი შორეთი უდაბურია და ერთვის ნაცრისფერ ცას. მიწა სავსეა კაეშანით, რომელსაც ვერსად გაექცევი. მწერლის რუასი გაზაფხულის მზის სისასტიკით ანათებს გზებს, ბილიკებს, ეზოებს, ოდა-სახლებს, იქ მოფუსფუსე ადამიანებს. ისინი მოწყენილობას, მარტოობას, სიღარიბეს და დარდს შეუპყრია. ამ სოფლად, ამ ადამიანებში გაიარა დიდმა, ძლიერმა, ჭკვიანმა კაცმა. შეხედა მათ, მისი სამშობლოს უბედურ მოქალაქეებს და რბილი, დარდიანი ხმით, სევდიანი ღიმილით, თანაგრძნობით, გულისტკივილით ალერსიანად და გულწრფელად უთხრა: - თქვენ ცუდად ცხოვრობთ, ბატონებო.

1980 წ.

 

ნახვა: 1440

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Manipulating the Fear of the Unseen

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 8, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

3. Manipulating the Fear of the Unseen: Ambush from the Shadows

One of the most primal fears in human nature is the fear of what cannot be seen or understood. This is the foundation of many successful ambushes in Skull and Bones. By keeping your presence hidden until the perfect moment, you can capitalize on your enemies’ uncertainty, leaving them unprepared for your assault.

a) Hide in Plain Sight

Sometimes, the most effective way to ambush an enemy is by hiding in a place…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters