მარკ ტვენი

       ორშაბათი. პირდაპირ ტვინი წაიღო ამ ახალმა, გრძელთმიანმა არსებამ. სულ კუდში დამდევს, წამით არ მშორდება. რა ჯანდაბად მინდა, არ ვიცი, სხვა ცხოველებს აეკიდოს, მე მარტოობას ვარ მიჩვეული... დღეს რაღაც მოიღრუბლა, ქვენამ დაუბერა, ალბათ გაწვიმდება და ჩვენ... რაო, ჩვენო? ეს სიტყვა საიდან გაჩნდა?.. ააა, მომაგონდა, მომაგონდა, ახალ არსებას არ აკერია სულ პირზე?!

სამშაბათი. დღეს ადგილ-მამული შემოვიარე. ახალი არსება მას „ედემის ბაღს“ ეძახის. რატომ? - რა ვიცი, ამბობს, ასე გამოიყურებაო. ეს რა საბუთია, თავქარიანობაა და მეტი არაფერი. მაგრამ ხმას არ მაღებინებს და რა ვქნა. ყველაფერს ისე ნათლავს, როგორც მოეპრიანება და თანაც სულ დაუჩემებია, ასე გამოიყურება, ამას ჰგავსო და ამიტომაც, ასე უნდა დავარქვათო. აი, თუნდაც დოდო. ამბობს, შეხედავ თუ არა, იმ წუთში მიხვდები, რომ პირწავარდნილი დოდოაო. კი, ბატონო, რა ჩემი საქმეა. ერთი მე ვგავარ დოდოს და მეორე ეგ.

ოთხშაბათი. პატარა კარავი ავიშენე, როცა გაწვიმდება, შევალ ჩემთვის და ჩამოვჯდები-მეთქი, მაგრამ ვინ გაცალა! გვერდით არ მომისკუპდა?! ვაჰ, ეს ვინ ყოფილა-მეთქი, მინდოდა გარეთ გამომეგდო, მაგრამ ამ დროს წყალი გადმოღვარა იმ ხვრელებიდან, რომელიც თავის წინა ნაწილში აქვს და რომლებიდანაც იცქირება, მერე თათებით შეიმშრალა და ისეთი გულის ამაჩუყებელი ხმა ამოუშვა, როგორც ცხოველებმა იციან განსაცდელის ჟამს. ჯანდაბას მაგის თავი, დარჩეს, ოღონდ გაჩუმდეს-მეთქი, ტვინი წაიღო მაგის ჭიჭყინმა... აქ ეგებ ცოტა გადავაჭარბე და შეურაცხვყავი კიდეც ეს საცოდავი არსება, მაგრამ ღმერთია მოწამე, ასე არ მინდოდა. უბრალოდ, მანამდე ადამიანის ხმა არ მსმენია და ამიტომაც, ყოველი ახალი ბგერა, რომელიც არღვევს ამ იდუმალი სიმარტოვის საზეიმო მყუდროებას, ყალბი ნოტივით მხვდება ყურში. ეს ახალი ხმა კი თანაც ისე ახლოდან ჩამესმის, თითქოს ზედ მხრებთან ჟღერდეს, ზედ ყურთან, ხან ერთი, ხანაც მეორე მხრიდან, მაშინ როცა მე, ასე თუ ისე, მაინც შორეულ ხმებს ვარ შეჩვეული. ეს ჩვენი დედაბუნების ხმებია, ცაში მოციმციმე საგანთა ხმები, რომლებიც შორიდან მოაწყდება ხოლმე ამ უკიდეგანო მყუდროებას - ტყეთა ქარების ქროლა და კვნესა, სადღაც მიმალულ წყაროთა რაკრაკი, მშვიდი ღამის სიჩუმის საამო მუსიკა... ეჰ, რა ბედნიერად ვცხოვრობდი ერთ დროს!

შაბათი. ძალიან ბევრ ხილს ჭამს ეს ახალი არსება. არ ვიცი, ასე როგორ გავიტანთ ჩვენ თავს. ისევ „ჩვენ“, ეს მისი სიტყვაა, თუმცა ახლა ჩემიც გახდა, დღედაღამ მესმის და...

ამ დილით ნისლი ჩამოწვა, ასეთ ამინდში გარეთ არ გავდივარ ხოლმე. მისთვის კი სულერთია, დაადებს თავს და დაყიალებს ზემოთ-ქვემოთ, გინდ წვიმდეს, გინდ არა. მერე იმ ტალახიანი ფეხებით შემოალაჯებს და ენად გაიკრიფება. აფსუს, რა მშვიდი და მყუდრო ცხოვრება მქონდა?!

კვირა. როგორც იქნა, დავაღამე. თანდათან აუტანელი ხდება ეს კვირა დღეები. გასულ ნოემბერში გამოიყო იგი, როგორც ერთადერთი დასვენების დღე, მანამდე ექვსი ასეთი დღე მქონდა ყოველკვირეულად. დილით ახალ არსებას ვაშლების ჩამოყრა უნდოდა იმ აკრძალული ხიდან, მაგრამ ვერ მივართვი.

ორშაბათი. ახალი არსება მიმტკიცებს, ევა მქვიაო. ერქვას რა, ვინ უშლის. იმასაც ამბობს, ასე უნდა დამიძახო, როცა გინდა, შენთან მოვიდეო. მე ვუთხარი, ეს უკვე ნამეტანია-მეთქი. როგორც ჩანს, ამ სიტყვამ დიდად ამამაღლა მის თვალში. არადა, მართლაც, საკმაოდ კარგი და დიდი სიტყვაა. სხვა დროსაც უნდა გამოვიყენო...

შაბათი. გასულ სამშაბათს გავიპარე. მთელი ორი დღე ისე ვიარე, უკან არ მომიხედავს და მერე ერთ საიმედო ადგილზე ახალი კარავი ავიშენე, თან ყოველი შემთხვევისთვის ჩემი ნაკვალევი საგულდაგულოდ წავშალე, მაგრამ რად გინდა, მაინც მომაგნო ერთი ცხოველის დახმარებით, რომელიც კარგა ხანია მოიშინაურა და მგელი დაარქვა. მოვიდა და ისევ ამოუშვა ის გულის ამაჩუყებელი ხმა, ისევ გადმოღვარა წყალი იმ ადგილიდან, რომლიდანაც იხედება. რა მექნა, ავდექი და გავყევი, მაგრამ არა, ბატონო, მაგასთან გამჩერებელი მე არ ვარ, უმალვე გავიქცევი, როგორც კი დროს მოვიხელთებ. მაინც რა სულელური ამბებით ერთობა, ახლა იმის გარკვევა უნდა, ის ცხოველები, რომელთაც იგი ლომებსა და ვეფხვებს უწოდებს, ბალახითა და ყვავილებით რატომ ირჩენენ თავს, მაშინ როცა ისეთი კბილები აქვთ, რომ ერთმანეთს უნდა ჭამდნენ. სისულელეა. როგორ, ერთმანეთი დახოცონ? ეს ხომ ის იქნება, რასაც „სიკვდილი“ ჰქვია? სიკვდილი კი, რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით ქვეყნად არ არის, რაც, ჩვენში რომ დარჩეს, სამწუხაროცაა გარკვეული თვალსაზრისით.

კვირა. როგორც იქნა, დავაღამე.

ორშაბათი. მგონი მივხვდი, რისთვისაა მოგონილი მთელი კვირა - კაცმა რომ გულს გადააყოლოს კვირა დღის მოწყენილობას. ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი იდეაა. ევა ისევ იმ ხეზე მიცოცავდა. ჩამოვაგდე. რა გინდა, არავინ მიყურებდაო. როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ ამით ყოველთვის შეიძლება თავის გამართლება. ასეც მოვახსენე. სიტყვა „გამართლება“ ძალიან მოეწონა და მგონი, შეშურდა კიდეც. მართლაც, რა კარგი სიტყვაა!

ორშაბათი. დღეს მითხრა, იცი, მე შენი სხეულიდან ამოღებული ნეკნიდან გავჩნდიო. ვინ დაიჯერებს მაგას, სხვა რომ არაფერი, მე ხომ არც ერთი ნეკნი არ მაკლია. ბოლო ხანებში კაკაჩს გადაჰყვა. ამბობს, ეს საწყალი ბალახს ვერ იტანს და ვაითუ, კარგად ვერ გავზარდო. ის ხომ გახრწნილი ლეშით უნდა იკვებებოდესო. მაგრამ რა ვქნათ, იმას დასჯერდეს, რაც აქვს. ბოლოს და ბოლოს, ამ ერთი კაკაჩის გამო ყველაფერზე ხომ ვერ ავიღებთ ხელს.

შაბათი. გუშინ გუბეში ჩავარდა. როგორც ყოველთვის, საკუთარ თავს უყურებდა წყალში და ჩავარდა. ჰოდა, ჯერ იყო, კინაღამ დაიხრჩო, მერე თქვა, ეს რა საშინელება ყოფილაო. ამიტომაც ძალიან შეეცოდა ის არსებანი, რომლებიც წყალში ცხოვრობენ და რომელთაც იგი თევზებს უწოდებს. ეს ჩვეულება მაინც არ მოიშალა. როგორც მოეპრიანება, ისე არქმევს სახელებს ყველაფერს. იმას კი არ დაეძებს, სჭირდებათ თუ არა მათ ეს სახელები, ან მოდიან თუ არა, როცა ასე დაუძახებს. არა, არა, მის დაჭკვიანებას არ დაადგა საშველი. ჰოდა, დაიჭირა რამდენიმე ცალი, ამოიყვანა და საწოლში ჩამიწვინა, გათბებიან, მადლიაო. ხანდახან გადავხედავ ხოლმე მათ და მგონია, რომ წყალში ყოფნა ერჩივნათ. დაღამდება თუ არა, გარეთ გავყრი. მაგათთან დამწოლი არ ვარ. სიცივეს ვინ დაეძებს, სულ ეკლებივით იჩხვლიტებიან და, საერთოდ, ვერაფერი სიამოვნებაა მათთან წოლა, მით უმეტეს, როცა ტიტველი ხარ.

კვირა. როგორც იქნა, დაღამდა.

სამშაბათი. ახლა გველს დაუმეგობრდა. სხვა ცხოველებს უხარიათ, რადგან მათ ათასგვარ ცდას უტარებდა და თავი მოაბეზრა. მეც მიხარია, რადგან გველი ლაპარაკობს მაინც და მეც ცოტა ამოვისუნთქავ.

პარასკევი. მეუბნება, გველი მირჩევს, გასინჯე იმ ხის ნაყოფი და ნახე, ამას რა დიდებული და კეთილშობილური შედეგი მოჰყვესო. მე ვუთხარი, კი, ბატონო, მაგრამ ამას ისიც მოჰყვება, რომ ქვეყნად სიკვდილი გაჩნდება-მეთქი. აქ ნამდვილად შევცდი. უკეთესი იყო, არაფერი მეთქვა, რადგან ამით უბრალოდ კიდევ ერთი ახალი იდეა მივაწოდე. ძალიან კარგია, საწყალ კაკაჩსაც უკეთესად მოვუვლი, ლომებსა და ვეფხვებსაც ახალი ხორცი არ მოაკლდებათო, თქვა. მე ერთხელ კიდევ ვურჩიე, მაგ ხეს ნუ გაეკარები-მეთქი, მაგრამ, არაო. ცუდადაა საქმე, რაღაც დიდი უბედურების წინათგრძნობა მაქვს. უნდა გავიქცე.

ოთხშაბათი. თქვენს მტერს, მე რომ დღე დამადგა. იმავე ღამეს გავიპარე, შემოვახტი ცხენს და მთელი ღამე შეუსვენებლივ ვაჭენე, რათა ედემის ბაღს გავცლოდი და სადმე, სხვა მხარეს შემეფარებინა თავი, სანამ უბედურება დაიწყებოდა, მაგრამ გაგიგონია?! ერთი საათიც არ იქნებოდა გასული, რაც ცხენს ოთხით მივაჭენებდი ამწვანებულ ჭალაში, სადაც ჩვეულებრივად ცხოველები გამოსულიყვნენ, ლაღობდნენ და ერთ ამბავში იყვნენ, რომ უცებ, სრულიად მოულოდნელად, მათ რაღაც შემაძრწუნებელი ხმები ამოუშვეს და ჭალაც წამში ისეთ გააფთრებულ ბრძოლის ველად იქცა, სადაც ყოველი მხეცი გლეჯდა და სპობდა თავის მეზობელს. მივხვდი, რასაც ნიშნავდა ეს - ევამ შეჭამა ნაყოფი და ქვეყნად გაჩნდა სიკვდილი... ვეფხვებმა თვალის დახამხამებაში შესანსლეს ჩემი ცხენი, რამდენი ვუყვირე, შეჩერდით, რას აკეთებთ-მეთქი, მაგრამ ვინ გაიგონა. ეს კი არა, მგონი, მეც ზედ მიმაყოლებდნენ, ცოტა რომ მომეცადა, მაგრამ რას დავრჩებოდი?!. მერე ეს ადგილი გამოვძებნე, მართალია, შორსაა ედემის ბაღისგან, მაგრამ ორიოდე დღე მაინც არხეინად ვიყავი, მერე კი ისევ მომაგნო ევამ. უნდა ვაღიარო, რომ ამჯერად სულ არ მწყენია მისი გამოჩენა, რადგან აქ საჭმელზე ცოტა უკაცრავად გახლდით, მან კი რამდენიმე ვაშლი მოიტანა. რა მექნა, შიმშილისგან სული მიმდიოდა და შევჭამე. მართალია, მე სულ სხვა რწმენის კაცი ვიყავი, მაგრამ რწმენა მაშინ გახსოვს თურმე, როცა მაძღარი ხარ... ევა ხის ტოტებსა და ფოთლებში იყო გამოხვეული. ვუთხარი, ეს კიდევ რა სისულელე მოგიფიქრებია-მეთქი, მერე ფოთლები შემოვაცალე და გადავუყარე. ევა გაწითლდა და გადაიკისკისა. ასე გაცინებული და გაწითლებული თავის დღეში არ მენახა არავინ, ამიტომაც ევას საქციელი მეტად უღირსი და იდიოტური მეჩვენა. მან კი მითხრა, მალე საკუთარ თავზე გამოცდი, ეს რაც არისო. არც შემცდარა. ხომ მშიერი ვიყავი, მაგრამ მაინც დავაგდე ნაკბეჩი ვაშლი მიწაზე, არადა, რა გემრიელი მეჩვენებოდა ის ოხერი, და თვითონვე მოვირთე გადაყრილი ტოტებითა და ფოთლებით, მერე ევას მივუბრუნდი და საკმაოდ უხეშად ვუბრძანე, წადი ახლავე, კიდევ მოაგროვე ფოთლები და სხვა დროს წესიერად ჩაიცვი, ასე მოღიავებული არ დაგინახო-მეთქი. ასეც მოიქცა და მერე ორივე გავეშურეთ იმ ველისკენ, სადაც რამდენიმე ხნის წინ გარეული ცხოველები დაესივნენ ერთმანეთს. იქ შევაგროვეთ ტყავები და ევას ერთი წყვილი საგარეო ტანსაცმელი შევაკერვინე. მართალია, ბევრი ვერაფერი გამოუვიდა, მაგრამ მოდურია, და ტანსაცმელს, კაცმა რომ თქვას, სხვა რა მოეთხოვება... რა კარგი სამეგობრო ყოფილა ევა?! მის გარეშე ალბათ ვერ გავძლებდი, მით უმეტეს ახლა, როცა მთელი ჩემი ავლა-დიდება დავკარგე. და კიდევ, მეუბნება, დღეიდან ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ საკუთარი ლუკმაპურისთვის, ასეთია ღვთის ნებაო. ო, ამ საქმეში ნამდვილად გამოდგება. რაც შემეხება მე, უფროსობას არ მოვაკლებ. ათი დღის შემდეგ. მადანაშაულებს, მეუბნება, ნაწილობრივ შენც ხარ ამ უბედურების მიზეზიო! კი ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი.

შემდეგი წელი. ჩვენ მას კაენი დავარქვით. მე რომ სანადიროდ ვიყავი წასული, მაშინ მოუყვანია, სადღაც ტყეში დაუჭერია ორი თუ ოთხი მილის დაშორებით ჩვენი თავშესაფრიდან. ცოტათი ჩამოგვგავს და მგონი, ჩვენი ნათესავიც უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ევა, მაგრამ მე რომ მკითხოთ, ნამდვილად ცდება. სხვა რომ არაფერი, ზომით ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რომ აშკარაა, იგი სულ სხვა, ახალი არსებაა, ვინ იცის, ეგებ თევზიც. თუმცა როცა ამის შემოწმება მინდოდა და წყალში ჩავაგდე, ქვასავით ჩაიძირა. ევამ იმწამსვე ჩაყვინთა და ამოათრია, არ დამამთავრებინა ეს საინტერესო ექსპერიმენტი, ერთხელ და სამუდამოდ გავარკვევდი ყველაფერს. მე ახლაც თევზი მგონია იგი, მაგრამ ევას, როგორც ჩანს, სულ არ აწუხებს ეს ამბავი და მთელი უბედურება ისაა, რომ არც მაცლის რაიმე ვიღონო. ერთი რამ ცხადია - ამ არსების გაჩენამ ისე გარდაქმნა ევა, რომ აღარავითარი ექსპერიმენტები არ აინტერესებს. არც ერთ ცხოველზე ისე არ ზრუნავს, როგორც მასზე, მაგრამ თვითონაც არ იცის, რატომ. ნამდვილად ჭკუიდან შეიშალა, ისე იქცევა. ხანდახან, როცა ეს თევზი ჭირვეულობს და მგონი, წყალს ითხოვს, ევა მთელი ღამე ხელით ატარებს. ამავე დროს ევას წყალი ეღვრება სახის იმ ნაწილიდან, საიდანაც იცქირება, თან რომ დაამშვიდოს, თევზს ზურგზე უტყაპუნებს და საოცარ ნაზ ხმებს გამოსცემს პირიდან, საერთოდ, ყოველნაირად ამჟღავნებს თავის მწუხარებასა და მზრუნველობას. არ ვიცი, რა დაემართა, სხვა თევზებთან არასდროს იქცეოდა ასე, უწინაც მოუყვანია პატარ-პატარა ვეფხვები და ეთამაშებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ თამაში იყო და მეტი არაფერი. არც იმაზე იკლავდა ხოლმე თავს, როცა რომელიმე ვეფხვს ნასადილევს კუჭი აეშლებოდა.

კვირა. კვირადღეობით აღარ მუშაობს, წამოწვება მთელი კვირის ნაშრომი და ნაჯაფი, თევზთან ერთად გორაობს, თან რაღაც სულელურ ხმებს გამოსცემს მის გასართობად, მერე კი ისე მოაჩვენებს, თითქოს თათებზე უნდა უკბინოსო და ამაზე თევზი კვდება სიცილით. პირველად ვხედავ, რომ თევზი იცინოდეს და, ცოტა არ იყოს, ეს მაფიქრებს. ისე მეც შემიყვარდა კვირა დღეები, მთელი კვირა უფროსობა ხომ სასტიკად ღლის სხეულს. უფრო მეტი კვირა დღე უნდა იყოს, წინათ მაინცდამაინც არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ ახლა კვირა დღის გათენებას არაფერი მირჩევნია.

ოთხშაბათი. არა, ეს თევზი არაა, მაგრამ ვერც ის გამიგია, კერძოდ, რა არის. როცა უკმაყოფილოა, მტრისას, ისეთ ხმებს ამოუშვებს. მაგრამ როცა ნასიამოვნებია, სულ „გუ-გუს“ გაიძახის. ჩვენი ჯიშის ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგან არ დადის. არც ფრინველია, რადგან არ ფრინავს. არც ბაყაყია, რადგან არ ხტის, არც გველია, რადგან არ ცოცავს. დარწმუნებული ვარ, არც თევზია, თუმცა დღემდე ვერ გამიგია, ცურავს თუ არა. სულ გორაობს, ისიც ზურგზე და ფეხებაპლაკული. პირველად ვხედავ ასეთ ცხოველს. მე ვთქვი, ეს ნამდვილად რაღაც გამოცანაა-მეთქი, მაგრამ ევას მხოლოდ ეს სიტყვა მოეწონა, თუმცა მისი აზრი ვერ გაიგო. დიახ, ის ნამდვილად ან გამოცანაა, ან რაღაც მწერუკა. თუ მოკვდა, დავშლი და ვნახავ ერთი, როგორაა მოწყობილი. არ ჩამაგდო საგონებელში?!

სამი თვის შემდეგ. საქმე თანდათან რთულდება. მეგონა, მალე დავაღწევდი თავს ამ დავიდარაბას, მაგრამ პირიქით. ძილი მე არ მაქვს და მოსვენება. ახლა გორაობას თავი დაანება და ოთხ ფეხზე დაფოფხავს, მაგრამ ოთხფეხა ცხოველი მაინც არ უნდა იყოს. წინა ფეხები ძალიან მოკლე აქვს, რის გამოც ტანის დიდი ნაწილი მაღლა აუწევია და არცთუ კარგი სანახავია. არა, ტანის აგებულების მიხედვით ჩვენ გვგავს, მაგრამ ისე დადის, ნამდვილად არ არის ჩვენი ჯიშის. ჩემი აზრით, მოკლე წინა ფეხები და გრძელი უკანა ფეხები იმას მიუთითებს, რომ იგი კენგურუს ოჯახს მიეკუთვნება, მაგრამ ამ მხრივაც ახალი ნაირსახეობა უნდა იყოს, რადგან ნამდვილი კენგურუ დახტის, ის კი - არა. ერთი სიტყვით, ფრიად საინტერესო და საყურადღებო რამ არის. ისიც საგულისხმოა, რომ იგი მეცნიერებისთვისაც უცნობია. მე, როგორც მის აღმომჩენს, მგონი, ვერავინ დამიშლის, მას ადამისეული კენგურუ დავარქვა და ამით სამუდამოდ უკვდავყო ჩემი სახელი... ალბათ ძალიან მცირეწლოვანი იყო, როცა მოიყვანეს, რადგან მას შემდეგ ისე გაიზარდა, ვეღარ იცნობ. დიახ, ერთი ხუთჯერ მაინც გაიზარდა და როცა უკმაყოფილოა, ათჯერ უფრო ხმამაღლა ყვირის, ვიდრე პირველად იცოდა. ძალადობა არ გადის, პირიქით, უფრო აცოფებს. ამიტომაც სხვა გზას მივმართეთ. ევა მას შთაგონებით აწყნარებს, ანდა ისეთ რამეს მისცემს, რასაც მანამდე არ აძლევდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე შინ არ ვიყავი, როცა პირველად მოგვევლინა და ევამ მითხრა, ტყეში ვნახეო. სულ მარტო ხომ არ იქნებოდა-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ, მგონი, ასეც უნდა იყოს, რამდენი ხანია დავდივარ, მის მსგავს ცხოველს ვეძებ, რათა ჩემი კოლექცია შევავსო. ამასთანავე მასაც ჰყავდეს მეგობარი და გამრთობი, ეგებ მაშინ ცოტა დაწყნარდეს და ჩვენც მოგვასვენოს, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, ვერ ვიპოვე. უფრო მეტიც, ნაკვალევსაც ვერ წავაწყდი, მიწაზე ხომ უნდა ცხოვრობდეს, აბა, ისე როგორ იქნება, ჰოდა, როგორ ახერხებს იმას, რომ კვალს არ ტოვებს? რამდენი ხაფანგი დავუგე, მაგრამ ამაოდ. მის გარდა, რა გინდა, სულო და გულო, რა ნაირ-ნაირი პატარ-პატარა ცხოველი არ დავიჭირე, და ისინიც უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო თუ შედიოდნენ ხაფანგში, ალბათ უკვირდათ, რძეს აქ რა უნდაო, თუმცა მისთვის არც ერთს პირი არ დაუკარებია.

სამი თვის შემდეგ. კენგურუ ისე იზრდება, რომ ამ ამბავმა ფრიად დამაფიქრა. პირველად ვხედავ, ცხოველი ასე ნელა იზრდებოდეს. ახლა თავზე ბეწვი ამოუვიდა, მაგრამ ისეთი კი არა, კენგურუს რომ აქვს, იგი ჩვენს თმას უფრო ჰგავს, თუმცა გაცილებით ნაზი და ფაფუკია, არც შავია, უფრო წითურია. ღმერთმანი, მალე ალბათ გავგიჟდები. თანდათან ისე აუტანელი ხდება ეს ჯერ კიდევ შეუსწავლელი ბიოლოგიური მახინჯი არსება. ნეტავ კიდევ მანახვა მაგისთანა და მეტი არაფერი მინდა! მაგრამ რაღაც არ მაქვს იმედი, რადგან ეს სრულიად ახალი ნაირსახეობა უნდა იყოს და ისიც ერთადერთი. დიახ, დიახ, ამას წყალი არ გაუვა. ისე, მე მაინც დავიჭირე ერთი ნამდვილი კენგურუ და მოვიყვანე, რადგან გავიფიქრე, ეს ჩვენი ბედოვლათი მარტოა და ცოტას გაერთობა-მეთქი. მე შენ გეტყვი და თავისიანები არ ეხვიოს თავზე, რომ ცოტა დარდი შეუმსუბუქონ, მის ირგვლივ ხომ მხოლოდ უცხონი არიან, რომელთაც მისი არ ესმით და არც იციან, როგორ აგრძნობინონ სითბო და ალერსი-მეთქი... მაგრამ შევცდი, მოჰკრა თუ არა თვალი კენგურუს, იმწუთშივე გული წაუვიდა და მიხვდა, რომ პირველად ხედავდა ამ ცხოველს. ღმერთმანი, ძალზე მებრალება ეს პატარა საცოდავი მხეცუკა, მაგრამ რა ვქნა, რა გავუკეთო, რომ არ ვიცი? ცოტა რომ გამაწვრთნევინა, კარგია, მაგრამ რომ არაფერი გამოდის?! რაც უფრო მეტად ვცდილობ, მით უარესია. გული მიკვდება, როცა ასეთ მოწყენილსა და გაანჩხლებულს ვხედავ. რამდენჯერ მიფიქრია: მოდი, გავუშვებ-მეთქი, მაგრამ ევამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არ ვიცი, რატომ მექცევა ასე უგულოდ. თუმცა ეგებ მართალიც იყოს, მაშინ ხომ უფრო დაობლდება, მე შენ გეტყვი და, თავისიანები არ მოძებნოს, ამდენი ხანია მე ვერ მიპოვია და ის რას გააწყობს?!

ხუთი თვის შემდეგ. არა, კენგურუ არაა, ნამდვილად არაა, რადგან ევას თითებს ჩაბღაუჭებული რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს თუ არა უკანა ფეხებით, მყისვე ტყაპანს მოადენს. მგონი, უფრო დათვის მსგავსი რაღაც უნდა იყოს, თუმცა კუდი არა აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც, არც ბეწვი ემჩნევა სადმე, იმის გარდა, რაც თავზე აქვს. ზრდით კი ისევ იზრდება. საოცარია, დათვები ხომ უფრო მალე იზრდებიან. საერთოდ, დათვები ახლა უკვე საშიშია, იმ კატასტროფის შემდეგ. ამდენად, სულ არ მესიამოვნება, ამანაც რომ ულაპარაკოდ დადოს თავი და იყიალოს. ამიტომაც ვურჩიე ევას, მოდი, კენგურუ აიყვანე, ეს კი გაუშვი-მეთქი, მაგრამ, არაო. რას ფიქრობს ნეტავ, სულ შიშში ხომ არ უნდა გამატარებინოს ჩემი დღე და მოსწრება. არა, ნამდვილად ჭკუიდან შეიშალა ევა, თორემ წინათ როდის იყო ასეთი?!

ორი კვირის შემდეგ. დღეს პირის ღრუ შევუმოწმე. ჯერჯერობით არა უშავს. ერთი კბილი აქვს მხოლოდ. არც კუდი ამოსვლია. თუმცა ახლა უფრო ხმაურობს, ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით ღამით. ასე რომ, გარეთ გამოვსახლდი - დილით მხოლოდ სასაუზმოდ შევდივარ, ასევე იმისთვის, რომ ვნახო, კბილები ხომ არ მომატებია. მორჩა, გადაწყდა. როგორც კი პირი კბილებით აევსება, კუდი ექნება თუ არ ექნება, სულერთია, დატოვებს აქაურობას. როგორ, უკუდო დათვი არაა საშიში თუ?

ოთხი თვის შემდეგ. მთელი თვე სანადიროდ ვიყავი წასული. ამასობაში ჩვენს დათუნას უკანა ფეხებით სიარული უსწავლია და ხანდახან „დედას“ და „მამას“ წამოიძახებს ხოლმე. არა, ეს დათვი კი არა, ნამდვილად რაღაც ახალი ჯიშია. ამ ბგერების ასეთი მსგავსება სიტყვებთან შეიძლება სრულიად შემთხვევითი ამბავი იყოს და ამდენად, არც რაიმე აზრი ჰქონდეს, მაგრამ ერთი რამ მაინც ცხადია - არც ერთ დათვს არა აქვს ამის თავი. ამიტომაც, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ მას საერთოდ არა აქვს ბეწვი, არც კუდის ნასახი გააჩნია და ამავე დროს, შესწევს ლაპარაკის იმიტაციის უნარი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს დათვის სრულიად ახალი სახეა. ამ საკითხის შემდგომი მეცნიერული შესწავლა კი, ვინ იცის, რა ძვირფას შედეგებს მოგვცემს. ამიტომაც გადავწყვიტე უახლოეს დღეებში ერთი შორეული ექსპედიცია მოვაწყო ჩრდილოეთის ტყეებში და გულდასმით გადავქექო იქაურობა. როგორ დავიჯერო, რომ იქ თუნდაც ერთ მაგის მსგავს ცხოველს ვერ წავაწყდები. ჰოდა, ჩამოვიყვან, და მაშინ ესეც ნაკლებად საშიში იქნება, თავისიანს რომ დაინახავს. ახლავე უნდა გავეშურო, მაგრამ მანამდე ამას ავუკრავ პირს.

სამი თვის შემდეგ. ძალიან კი დამქანცა ამ ნადირობამ, მაგრამ ამას ვინღა ჩიოდა, რაიმე შედეგი რომ მოჰყოლოდა. და წარმოგიდგენიათ, სწორედ ამ დროს, ისე, რომ ეზოდან ფეხიც არ გაუდგამს, ევამ მეორე არ დაიჭირა! ბედი არ უნდა ყველაფერს?! მე ალბათ მთელი საუკუნე რომ მეხეტიალა იმ ტყეებში, მაინც ვერაფერს გავხდებოდი.

სამი თვის შემდეგ. ძველი ახალს შევადარე და დავრწმუნდი, რომ ორივე ერთი ჯიშისაა. ახალს ევამ აბელი დაარქვა. მინდოდა ერთ-ერთი მათგანისგან ჩემი კოლექციისთვის ფიტული გამეკეთებინა, მაგრამ ევამ არ დამანება. რა მექნა, გადავიფიქრე, თუმცა ახლა კი ვგრძნობ, რომ შევცდი. ერთ მშვენიერ დღეს რომ გაიქცეს რომელიმე მათგანი, ხომ დაიღუპა მაშინ მეცნიერება?! უფროსი ცოტა მოშინაურდა, თუთიყუშივით ლაპარაკობს და იკრიჭება. აბა, რა იქნება, დღედაღამ თუთიყუშთან არის და მერე, არ იკითხავთ, მიბაძვის რა ნიჭი აქვს? ნამდვილად გავგიჟდები, ახლა რომ თუთიყუშის რაიმე ნაირსახეობად იქცეს, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველად თევზად მომეჩვენა, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ახალი არსებაც ისევე საშინელია, როგორიც ძველი იყო - მომწვანო-მოყვითალო ფერის პირისახითა და უბეწვო თავით.

ათი წლის შემდეგ. ბიჭები ყოფილან. კარგა ხანია, რაც ამაში დავრწმუნდით. თავდაპირველად იმიტომ ვერ ვხვდებოდით, რომ ძალიან პატარები ჩნდებოდნენ, ჩვენ კი ამის მაშინ არაფერი გაგვეგებოდა. ახლა გოგონებიც გვყავს. აბელი კარგი ბიჭი გამოდგა, მაგრამ კაენი დათვად რომ დარჩენილიყო, მგონი, უკეთესი იქნებოდა... და კიდევ ერთი - ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ნათლად ვგრძნობ, რომ ევას ვერ ვაფასებდი ღირსეულად. ღმერთმანი, უმჯობესია მასთან ერთად იცხოვრო ედემის ბაღის გარეთ, ვიდრე ედემში იყო და ის არ გყავდეს. პირველად ისიც მეგონა, რა ბევრს ლაპარაკობს-მეთქი, მაგრამ ახლა ნამდვილად გული მეტკინება, ეს ხმა რომ დადუმდეს და კვლავ აღარ გავიგონო.

 

ნახვა: 3127

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm 0 კომენტარი







The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.







Rising Tensions and…

გაგრძელება

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters