ფრანსუა რენე შატობრიანი - დრამა
„რამდენადაც ცხოველი იყო ჩემი ოცნება, იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა იგი: გამოფხიზლება განდეგილის გამოქვაბულთან მელოდა. როდესაც შუადღისას მივედი იქ, გაოცებული დავრჩი, შესახვედრად გამოქცეული ატალა რომ ვერ დავინახე, არ ვიცი, რა უეცარმა საშინელებამ შემიპყრო. გამოქვაბულს რომ მივუახლოვდი, ვერ გავბედე ლოპესის ასულისათვის დამეძახნა. ჩემს ძახილს დუმილი მოჰყვებოდა თუ ხმაურობა, ერთიანად შევძრწუნდებოდი, კიდევ უფრო მაშინებდა კლდის შესავალში გამეფებული სიბნელე და მისიონერს ვუთხარი: „ოჰ, თქვენ, რომელსაც ცა თან დაგყვებათ და ძალას გმატებთ, შედით ამ სიბნელეში“.
„რა სუსტია ადამიანი, რომელსაც ვნება ეუფლება. რა ძლიერია ის, ვინც ღმერთს მიენდობა. მორწმუნის გულში, რომელიც სამოცდათექვსმეტ წელს დაეჭკნო, უფრო მეტი გულადობა იყო, ვიდრე ჩემი ახალგაზრდობის მთელ სიფიცხეში. მშვიდობის ადამიანი გამოქვაბულში შევიდა, მე გარეთ დავრჩი, საშინელებით მოცული. მალე კლდის სიღრმიდან კვნესი მსგავსის ჩურჩული მომესმა. ძალა მოვიკრიბე და ღრიალით გამოქვაბულის სიბნელეში შევიჭერი. წინაპართა სულნო, მხოლოდ თქვენ იცით ის სანახაობა, რომელმაც თავზარი დამცა.
„განდეგილმა აანთო ფიჭვის ჩირაღდანი, რომელიც აკანკალებულ ხელში ეჭირა, ატალას საწოლს ზემოთ. ეს მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, ნიდაყვზე დაყრდნობილი, ნახევრად წამომდგარიყო, ფერმკრთალი და თმაგაჩეჩილი. სიმწრის ოფლის წვეთები შუბლზე უბრწყინავდა. თითქმის ჩამქრალი გამოხედვით ჩემთვის სიყვარულის გამოხატვას ცდილობდა და ტუჩებით გაღიმებას ლამობდა. მეხდაცემულივით ვიდექი უძრავად,თვალებგაშტერებული, ხელებგაწვდილი, ნახევრად პირდაღებული. ერთ წამს ამ სამწუხარო მდგომარეობაში მყოფ სამ ადამიანს შორის ღრმა დუმილი ჩამოვარდა. პირველად სიჩუმე განდეგილმა დაარღვია: „ეს დაღლილობით გამოწვეული ციება იქნება, - თქვა მან, - და თუ ღვთის ნებას მივენდობით, იგი შეგვიბრალებს“.
„ამ სიტყვების გაგონების შემდეგ შეჩერებულმა სისხლმა ჩემს გულში დენა განაახლა და ველურის სიფიცხით, უზომო შიში უზომო იმედით შემეცვალა. მაგრამ ამ მდგომარეობაში ატალამ დიდხანს არ დაგვტოვა. სევდიანად თავი დაგვიქნია, გვანიშნა საწოლთან მივსულიყავით. „ჩემო მამავ, - უთხრა ბერს მისუსტებული ხმით:, - სიკვდილის პირად ვარ. ოჰ, შაქტას, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, მოისმინე საბედისწერო საიდუმლო, რომელსაც არ გიმხელდი, რათა მეტისმეტად არ გამეუბედურებინე და რათა დედაჩემის ნებას დავმორჩილებოდი. ეცადე მწუხარების გამოხატვით სიტყვა არ შემაწყვეტინო, რაც სიცოცხლის დარჩენილ მცირე წუთებს შემიმცირებს. ბევრი მაქვს სათქმელი, გულისცემა კი, რომელიც ნელდება.. არ ვიცი, რაღაც მყინავი სიმძიმე, რომელსაც ჩემი მკერდი ძლივს იტანს... მაგრძნობინებს, რომ უნდა ავჩქარდე“.
„ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ატალამ ასე განაგრძო: „ჩემი სამწუხარო ბედი თითქმის იმის წინ დაიწყო, სანამ სინათლეს ვიხილავდი. უბედურებაში ჩავესახე დედაჩემს, სხეულს ვუმძიმებდი, და დიდი ტანჯვით გამაჩინა. ჩემი გადარჩენის იმედი დაჰკარგეს. ჩემთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად შეჰფიცა, რომ მას შევწირავდი ჩემს ქალწულობას, თუ ცოცხალი გადავრჩებოდი... ეს იყო საბედისწერო აღთქმა, რომელიც საფლავისაკენ მიმაქანებს. „მეთექვსმეტე წელში გადავდექი, როდესაც დედა დავკარგე. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, დედამ სარეცელთან მომიხმო: „ჩემო შვილო, - მითხრა მისიონერის თანდასწრებით, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ანუგეშებდა, - ჩემო შვილო, ხომ გახსოვს ის აღთქმა, რომელიც შენი გულისათვის დავდე, ნუთუ ისურვებ, ეს აღთქმა დაირღვეს? ოჰ, ჩემო ატილა! გტოვებ ქვეყანაში, რომელიც ღირსი არაა, ჰყავდეს ქრისტიანი, გტოვებ წარმართებს შორის, რომლებიც ჩემსა და მამაშენის ღმერთს სდევნიან. ღმერთს, რომელმაც ქვეყანაზე შენი გაჩენის შემდეგ სიცოცხლე შეგინარჩუნა. ეჰ, ჩემო ძვირფასო ბავშვო, ქალწულთა საბურველით რომ იმოსები, ამით მხოლოდ ხელს იღებ ოჯახურ ზრუნვაზე და საბედისწერო ვნებაზე, რომლებმაც დედაშენის მკერდი ააღელვა. მაშ, მოდი, ჩემო საყვარელო, და მომაკვდავი დედის წინაშე, რომ ღვთის წინაშე არ გამწირავ. გახსოვდეს, რომ ეს შენი გულისთვის დავივალე, შენთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, და დედაშენის სულს საუკუნო ტანჯვაში ჩააგდებ, თუ ჩემ აღთქმას არ შეასრულებ“.
„ოჰ, დედაჩემო! ასე რატომ მელაპარაკებოდი? ოჰ, სარწმუნოებავ, რომელიც ერთსა და იმავე დროს უბედურებასა და ბედნიერებას მანიჭებ, მღუპავ და კიდეც მანუგეშებ! და შენ, ძვირფასო და მწუხარე საგანო იმ ვნებისა, რომელიც სიკვდილის სარეცელზეც მანადგურებს, ოჰ, შაქტას, ახლა ხომ ხედავ რამ გამოიწვია ჩვენი ბედის სისასტიკე!.. ცრემლის ფრქვევით დედას მკერდში ჩავუვარდი და აღვუთქვი, რასაც ჩემგან ითხოვდნენ. მისიონერმა ჩემს თავზე საშინელი სიტყვები წარმოთქვა და სამუდამოდ ჩემი შემბოჭველი სამხრე გამიკეთა, დედა დაწყევლით დამემუქრა, თუ ოდესმე აღთქმას დავარღვევდი. ჩემი სარწმუნოების მდევნელთა წინაშე ურღვევი საიდუმლოს დაცვა რომ მომანდო, გულში ჩამიხუტა და სული განუტევა.
„თავიდან არ მესმოდა, ეს ფიცი რა საფრთხეს შეიცავდა, აღგზნებული და ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომლის ძარღვებში ზვიადი ესპანელის სისხლი სჩქეფდა, გარშემო ვხედავდი მხოლოდ ისეთ მამაკაცებს, რომლებიც ჩემი ქმრობის ღირსი არ იყვნენ. კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით, რომ ქმრად მხოლოდ დედაჩემის ღმერთი ავირჩიე. მაგრამ გიხილე შენ, ახალგაზრდა და მშვენიერო ტყვევ, შენმა ბედმა გული ამიჩვილა, გავბედე და კოცონთან დაგელაპარაკე, ჩემი აღთქმის მთელი სიმძიმე მაშინ ვიგრძენი“.
როგორც კი ატალამ ეს სიტყვები წარმოთქვა, მუშტები მოვკუმშე, მისიონერის მუქარით შევხედე და შევძახე: „მაშ ასეთია თქვენ მიერ ნაქები სარწმუნოება, წყეული იყოს ფიცი, რომელიც ატალას მართავს! წყეული იყოს ღმერთი, რომელიც ბუნებას ეწინააღმდეგება! ადამიანო-მღვდელო, რისთვის მოსულხარ ამ ტყეში?“
„შენს გადასარჩენად, - მითხრა მოხუცმა საშინელი ხმით, - შენი ვნებების დასაცხრომად და შენს სახსნელად, ღვთის მგმობელო, რომ თავზე ცის რისხვა არ დაიტეხო. ახალგაზრდა ადამიანო, რომელსაც ჯერ ფეხი არ შეგიდგამს, განა მწუხარებაზე ჩივილი შეგფერის? სადაა შენი ტანჯვის ნიშნები? სადაა შენ მიერ გადატანილი უსამართლობა? სადაა შენი სათნოება, რომელსაც შეეძლო შენი ჩივილი გაემართლებინა? რა სამსახური გაგიწევია? რა სიკეთე დაგითესია? ეჰ, უბედურო, შენ მხოლოდ ვნებებს მთავაზობ და ჰბედავ ცას დასდო ბრალი! როდესაც მამამ ობრივით შენ ოცდაათ წელს მთებში გაძევებული გაატარებ, მაშინ ისე სულსწრაფი არ იქნები განგების განსასჯელად, მაშინ მიხვდები, რომ არაფერი იცი, არაფერი ხარ და არ არსებობს ისეთი სასტიკი სასჯელი, ისეთი საშინელი მწუხარება, რომლის გადატანა გარყვნილ სხეულს არ დაემსახურებინოს“.
„ცეცხლი, რომელიც მოხუცს თვალებიდან სცვივოდა, წვერი, რომელიც მკერდზე სცემდა, მრისხანე სიტყვები, რომელთაც წარმოთქვამდა, მას ღმერთს ამსგავსებდა. მოხუცის სიდიადით დათრგუნვილი, მის მუხლებთან დავეცი და ჩემი გაცხარებისთვის პატიება ვთხოვე, ..ჩემო შვილო, - მიპასუხა მან ისეთი ტკბილი ხმით, რომ ჩემი სული სინდისის ქენჯნამ შეიპყრო, - ჩემო შვილო. არა ჩემი გულისათვის გისაყვედურებ. ვაი, რომ მართალი ხარ, ჩემო ძვირფასო ბავშვო! მე ამ ტყეში მოვედი მცირე რამის გასაკეთებლად, და ღმერთს ჩემზე უფრო უღირსი მსახური არ ჰყავს. მაგრამ, ჩემო შვილო, ცას, ცას არასოდეს არ უნდა დასდო ბრალი. მაპატიე, თუ რაიმე გაწყენინე, მაგრამ ჯერ შენს დას მოვუსმინოთ, შეიძლება არის რაიმე წამალი, იმედს ნუ დაჰკარგავ. შაქტას, ჭეშმარიტად ღვთაებრივია ის სარწმუნოება, რომელიც იმედს სათნოებად აქცევს“.
„ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, - დაიწყო ისევ ატალამ. - შენ იყავი ჩემი ტანჯვის მოწმე, მაგრამ მისი უმცირესი ნაწილი იხილე მხოლოდ, დანარჩენს გიმალავდი. არა, შავი მონა, რომელიც თავის ოფლით ფლორიდას ცხელ სილას რწყავს, ნაკლებ უბედურია, ვიდრე ატალა იყო. გეხვეწებოდი გაქცეულიყავი, თუმცა შენი დაშორება უეჭველ სიკვდილს მიქადდა. მეშინოდა შენთან ერთად უდაბნოში გაქცევა და იმავე დროს გული ტყის ჩრდილისაკენ მიმიწევდა. ეჰ! მხოლოდ ნათესავების, მეგობრების, სამშობლოს დატოვება რომ ყოფილიყო საჭირო, ან თვით (ოი, საშინელებავ!) ჩემი სულის წაწყმედა! მაგრამ შენი აჩრდილი, ოჰ დედაჩემო, შენი აჩრდილი მუდამ წინ მედგა და შენს ტანჯვას მისაყვედურებდა. მესმოდა შენი კვნესა, ვხედავდი, როგორ იწვოდი ჯოჯოხეთის ცეცხლში. ღამეები უძილო და აჩრდილებით სავსე მქონდა. დღეები კი უნუგეშო. საღამოს ცვარი, რომელიც ცეცხლმოდებულ ტანზე მეცემოდა, ორთქლდებოდა. ნიავს ნახევრად გაღებულ პირს რომ მივუშვერდი, ნიავს სიგრილე კი არ მოჰქონდა, არამედ თვით იწვოდა ჩემი სუნთქვის ცეცხლით. რა ტანჯვაა, მუდამ ჩემს მახლობლად გხედავდი, ადამიანებს დაშორებული, ყრუ ადგილას, და ჩემსა და შენს შორის დაუძლეველ ზღუდეს ვგრძნობდი! ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა სადმე მსოფლიოს უცნობ კუთხეში სიცოცხლე შენს ფეხთან გამეტარებინა, როგორც მონას შენთან მემსახურა, შენთვის საჭმელი და საწოლი მომემზადებინა. ამ ბედნიერებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ამით ვერ ვტკბებოდი. რა არ განმიზრახავს! აგრერიგად დამწუხრებულ გულში რა ოცნება არ აღმძვრია! ზოგჯერ თვალს რომ მოგაპყრობდი, გიჟური და იმავე დროს დანაშაულებრივი სურვილები მომიცავდა. ხან მინდოდა, რომ შენთან ერთად დედამიწაზე ვყოფილიყავი ერთადერთი ცოცხალი არსება, ხან, როდესაც ვგრძნობდი ღვთაებას, რომელიც ჩემ საშინელ აღტაცებას ანელებდა, მსურდა, რომ ეს ღვთაება განადგურებულიყო და შენს მკერდში ჩაკრულს შემძლებოდა უფსკრულიდან უფსკრულში ჩაშვებულიყავი ღვთისა და მსოფლიოს ნამსხვრევებთან ერთად. ახლაც კი.. ვთქვა? ახლაც, როდესაც მარადისობა საცაა შთანთქავს, საცაა ულმობელი მსაჯულის წინაშე წარვსდგები, ამ წუთშიც კი, როდესაც დედაჩემის ნების შესასრულებლად სიხარულით ვხედავ, როგორ მინადგურებს სიცოცხლეს ჩემი უმანკოება, - ახლაც კი წინააღმდეგობის გამო, სინანული მიმყვება, რომ შენი არ გავხდი!“
„ჩემო ასულო, - შეაწყვეტინა მისიონერმა - ტანჯვამ გზა-კვალი აგირია. ეს ვნებიანი თავდავიწყება, რომელსაც მისცემიხარ, იშვიათად არის სწორი, ის არც ბუნებას შეესაბამება. ამ მხრივ ღვთის თვალში ეს თავდავიწყება ნაკლებ დამნაშავეა, რადგან ეს უფრო გონების რაღაც შეცდომაა, ვიდრე გულის ბიწიერება. თავიდან უნდა მოიშორო აგზნება, რომელიც შენი უმანკოების ღირსი არაა, მაგრამ, ჩემო ძვირფასო ბავშვო, მგზნებარე ფანტაზიას მეტისმეტად აუღელვებიხარ შენი აღთქმის გამო. სარწმუნოება მხოლოდ ისეთ მსხვერპლს ითხოვს, რომლის ატანაც ადამიანს შეუძლია. სარწმუნოების ჭეშმარიტი შეგრძნება, მისი ზომიერი სათნოება მაღლა დგას ვითომდაც გმირობის აღტყინებულ გრძნობებსა და იძულებულ სათნოებაზე. საბრალო გზადაბნეულო კრავო, შენ რომ დაცემულიყავი, კეთილი მოძღვარი გიპოვიდა ფარაში დასაბრუნებლად. მონანიების საუნჯე შენთვის მისაწვდომი იყო. ადამიანთა წინაშე ჩვენი ცოდვები მოსანანიებლად საჭიროა სისხლის ნიაღვარი. ღმერთს კი მხოლოდ ერთი ცრემლი ჰყოფნის. დამშვიდდი, ჩემო ასულო, შენი მდგომარეობა სიმშვიდეს ითხოვს. მივმართავთ ღმერთს, რომელიც თავის მსახურთა ყველა ჭრილობას ჰკურნავს. თუ ღვთის ნებით შენ ამ ავადმყოფობას გადაურჩი, ქვებეკის ეპისკოპოსს მივწერ, მას სრული რწმუნებულება აქვს, რომ შენი აღთქმისაგან გაგანთავისუფლოს. ეს სულ უბრალო აღთქმაა, და შენს ცხოვრებას ჩემს მახლობლად დაასრულებ შაქტასთან, შენს ქმართან, ერთად“.
„მოხუცის ამ სიტყვებმა ატალას ხანგრძლივმა კრუნჩხვამ მოუარა. მას რომ თავი დააღწია, საშინელი ტკივილი დაეწყო. „როგორ! - თქვა მან და ვნებით ხელების მტვრევა დაიწყო, - მაშ, იყო წამალი! ჩემი აღთქმისაგან განთავისუფლება შემეძლო! „დიახ, ჩემო ასულო, - უპასუხა ბერმა, - და ეს ახლაც შეგიძლია“. „გვიანღაა! გვიანღაა! - წამოიძახა ატალამ. - ნუთუ იმ დროს უნდა მოვკვდე, როცა გავიგე, რომ შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი! ამ წმინდა მოხუცს რატომ უფრო ადრე არ ვიცნობდი! რა ბედნიერებით დავტკბებოდი დღეს, შენთან ერთად, ქრისტიან შაქტასთან ერთად.... ამ დიდებული მოძღვრის მიერ ნუგეშცემული. დამშვიდებული.. ამ უდაბნოში.. სამუდამოდ.. ოჰ! ეს მეტად დიდი ნეტარება იქნებოდა!“ „დამშვიდდი, - ვუთხარი და უბედურს ხელი ვტაცე, - დამშვიდდი, ამ ბედნიერებით დავტკბებით“. „არასოდეს! არასოდეს!“ - მითხრა ატალამ. „როგორ?“ ვკითხე. „ყველაფერი არ იცი, - წამოიძახა ქალწულმა: - გუშინ.. ქარიშხლის დროს.. კინაღამ აღთქმა დავარღვიე, კინაღამ ჩავაგდე დედაჩემი ჯოჯოხეთის ცეცხლში. მისმა წყევლამ უკვე მიწია. უკვე ვტყუვდებოდი ღვთის წინაშე. რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა.. როდესაც ათრთოლებულ ტუჩებს მიკოცნიდა, შენ არ იცოდი, რომ მხოლოდ მკვდარს მეხვეოდი“„ოჰ, ცაო! - წამოიძახა მისიონერმა, - რა ჩაიდინე, ძვირფასო ბავშვო?“ ბოროტმოქმედება, მამაო, - თქვა თვალარეულმა ატალამ, - მაგრამ მე მხოლოდ თავი დავიღუპე, დედაჩემი კი გადავარჩინე“. „დაასრულე ბარემ!“ - წამოვიძახე შეძრწუნებულმა. „ჰოდა, - თქვა ასულმა, - წინასწარ ვიგრძენი ჩემი სისუსტე: ქოხები რომ მივატოვე, თან წამოვიღე...“ „რა?“ - წამოვიძახე ზარდაცემულმა. „შხამი!“ - თქვა ბერმა. „იგი ჩემს სხეულშია!“ - წამოიძახა ატალამ.
„განდეგილს ხელიდან ჩირაღდანი გაუვარდა, მე ლოპესის მომაკვდავი ქალიშვილის მახლობლად დავეცი. მოხუცმა ორივეს ხელი მოგვხვია და ერთ წუთს ჩვენ სამნი სიბნელეში სიკვდილის სარეცელს ერთად დავქვითინებდით.
„გავმხნევდეთ, გავმხნევდეთ! - თქვა გულადმა განდეგილმა და ლამპარი აანთო. - ჩვენ ძვირფას წუთებს ვკარგავთ, უშიშარი ქრისტიანები უბედურების იერიშებს ნუ შევუშინდებით. ყელზე ბაწარშებმულნი, თავზე ნაცარდაყრილნი უზენაესის ფერხთ დავეცეთ, მოწყალება გამოვთხოვოთ, მის ნებას მივენდოთ, შეიძლება დრო კიდევ გვრჩება. ჩემო ასულო, გუშინ საღამოს უნდა გაგეფრთხილებინე“.
„ვაიმე! მამავ, - უთხრა ატალამ, - წუხელ გეძებე, მაგრამ ცამ დაგვაშორა, რათა ჩემი ცოდვებისათვის დავესაჯე. თუ, ცა ყოველგვარი დახმარება უნაყოფოა, რადგან ინდიელებმაც კი, რომლებიც ასე დახელოვნებული არიან შხამით მოწამლულთა მკურნალობაში, არ იციან ჩემ მიერ მიღებული შხამის საწინააღმდეგო წამალი. ოჰ, შაქტას, განსაჯე, როგორი იყო ჩემი გაოცება, როდესაც დავინახე, რომ შხამმა ისე სწრაფად არ იმოქმედა, როგორც მოველოდი! სიყვარულმა ძალები გამიორკეცა, ჩემმა სულმა ვერ შესძლო ასე მალე გაგშორებოდა’“.
„აქ ამბავი ატალას ქვითინით კი არ შეწყვეტილა, არამედ ისეთი გააფთრებით, როგორიც მხოლოდ ველურებს სჩვევიათ. გაცოფებული მიწაზე ვგორავდი, ხელებს ვიმტვრევდი, თითებს ვიკბენდი. მოხუცი მოძღვარი ხან ჩემთან მორბოდა, ხან ატალასთან, ჩვენთვის დახმარებას არ იშურებდა. თუმცა ღრმად მოხუცებული და გულდამშვიდებული იყო, მაგრამ მაინც შესძლო ჩვენი ახალგაზრდული განცდა გაეგო. სარწმუნოება თვით ჩვენს ვნებაზე უფრო ნაზსა და მწველ სიტყვებს აწვდიდა. ეს მღვდელი, რომელიც ამ მთებში ორმოცი წლის განმავლობაში ყოველდღიურად თავს არ ზოგავდა ღვთის და ადამიანთა სამსახურში, ხომ არ მოგაგონებს ისრაელის მოსანანიებელ მსხვერპლშეწირვებს, რომლებიც უფლის წინაშე განუწყვეტლივ ბოლავდნენ მაღალ ადგილებში.
„ვაგლახ! ამაო გამოდგა მოხუცის ცდა, ეპოვნა რაიმე წამალი ატალას განსაკურნავად. დაღლილობა, მწუხარება, შხამი და ყველა შხამზე უფრო უკურნებელი ვნება ერთად შეკავშირდა, რათა უდაბნოსთვის ეს ყვავილი გამოეტაცა. საღამო ხანს საშინელმა ნიშნებმა იჩინა თავი. ატალას კიდურების საერთო გაშეშება დაეწყო. ხელ-ფეხი უცივდებოდა: „ჩემ თითებს შეეხე, - მეუბნებოდა, - ძალიან გაყინული ხომ არაა?“ არ ვიცოდი, რა მეპასუხნა, და საშინელებისაგან თმა ყალყზე მიდგებოდა. მერე ატალა დაუმატებდა: „ჯერ კიდევ გუშინ, ჩემო საყვარელო, შენი ოდნავი შეხება თრთოლვას მგვრიდა, ახლა კი შენს ხელს ვერა ვგრძნობ, ხმაც თითქმის არ მესმის, გამოქვაბულის საგნები თანდათან ქრება. ფრინველები ხომ არ მღერიან? ახლა მზე ხომ მალე უნდა ჩავიდეს? შაქტას, მისი სხივები მშვენიერი იქნება უდაბნოში ჩემს საფლავზე“.
„ატალამ შენიშნა, რომ მისი სიტყვები ცრემლს გვაფრქვევინებდა, და გვითხრა: „მომიტევეთ, ჩემო კარგო მეგობრებო, ძალიან სუსტად ვარ, მაგრამ შეიძლება მოვღონიერდე. როგორ მოვკვდე ასე ახალგაზრდა უეცრად, როდესაც ჩემი გული ასე სავსეა სიცოცხლით! ლოცვის უხუცესო, შემიბრალე, გამამხნევე, როგორ ფიქრობ, დედაჩემი კმაყოფილი იქნება და ღმერთი მომიტევებს, რაც ჩავიდინე?
„ჩემო ასულო, - უპასუხებდა კეთილი ბერი ცრემლის ფრქვევით და მთრთოლვარე, დასახიჩრებული თითებით ცრემლს იწმენდდა, - ჩემო ასულო, ყველა შენი უბედურება უვიცობიდან გამომდინარეობს. შენ დაგღუპა ველურმა აღზრდამ და საჭირო განათლების უქონლობამ. არ იცოდი, რომ ქრისტიან ქალს არ შეუძლია სიცოცხლე თავის ნებაზე განაგოს. დამშვიდდი, ძვირფასო კრავო, ღმერთი მოგიტევებს შენი გულის უბრალოების გამო. დედაშენი და მისი არაკეთილგონიერი ხელმძღვანელი მისიონერი შენზე უფრო დამნაშავენი არიან. თავიანთ უფლებას გადააჭარბეს, ასეთი მოუფიქრებელი აღთქმა რომ დაგადებინეს, მაგრამ უფალმა მათ მშვიდობა მისცა. თქვენ, სამივე, იძლევით საშინელ მაგალითს იმისას, თუ რა საფრთხეს იწვევს აღტყინება და სარწმუნოების საქმეში სუსტად გარკვევა. დამშვიდდი, ჩემო ბავშვო, სულითა და გულით მხილავი განსჯის შენი ზრახვების მოქმედარის მიხედვით, რომელიც დასასჯელია.
„რაც შეეხება სიცოცხლეს, თუ დადგა ჟამი შენი განსვენებისა ღმერთთანა, ეჰ, ჩემო ძვირფასო ბავშვო, იცოდე, რომ ამ ქვეყნიდან წასვლით მცირე რამეს ჰკარგავ. თუმცა განმარტოებულ ადგილას ცხოვრობდი, შენ გამოსცადე მწუხარება. რას იფიქრებდი, საზოგადოებრივ ბოროტებათა მოწმე რომ ყოფილიყავი? ევროპის ნაპირს რომ მისდგომოდი და შეეშფოთებინე მტკივნეულ ხანგრძლივ ყვირილს, რომელიც ამ ძველ მიწაზე ისმის? ქოხისა თუ სასახლის მცხოვრები იქ ყველა ერთნაირად იტანჯება, ყველა კვნესის. იქ ხშირად უნახავთ დედოფალი, რომელიც უბრალო ქალივით ტიროდა, და მეფე, რომელიც უხვად აფრქვევდა ცრემლს.
„სიყვარული ხომ არ გენანება? მაშინ, ჩემო ასულო, სიზმარზედაც ასევე უნდა გვეტირა. იცნობ შენ ადამიანის გულს და შესძლებდი მის დაუდგრომელ სურვილთა აღრიცხვას? უფრო ადვილად დასთვლიდი ტალღებს, რომლებსაც ზღვა ქარიშხალის დროს აგორებს. ატალა, მსხვერპლის გაღება, მადლის ქმნა არ არის სამარადისოდ შემაკავშირებელი. შეიძლება ოდესმე ერთმანეთი მოგბეზრდებოდათ, ამას ზიზღი მოჰყოლოდა, წარსული არაფრად ჩაგეგდო და დაგენახა მხოლოდ ღარიბი და შეზიზღებული კავშირის შეუფერებლობა. უეჭველად, ჩემო ასულო, ყველაზე უფრო მშვენიერი სიყვარული იყო შემოქმედის ხელით შექმნილი ქალ-ვაჟის სიყვარული. მათთვის სამოთხე იქნა მოწყობილი, ისინი უცოდველი და უკვდავი იყვნენ. სულითა და ხორცით სრულყოფილნი ერთმანეთს ყველაფერში შეეფერებოდნენ. ევა ადამისათვის იყო გაჩენილი, ადამი კი ევასათვის. თუ მათაც ვერ შესძლეს ამ ბედნიერი მდგომარეობის შენარჩუნება, მათ შემდეგ რომელი წყვილიღა შესძლებს ამას? სრულიად არაფერს ვიტყვი ადამიანის პირველშობილ შვილთა ქორწინებაზე. ამ აუწერელ კავშირთა შესახებ, როდესაც და თავის ძმის ცოლი იყო, როდესაც სიყვარული და დაძმური მეგობრობა ერთსა და იმავე გულში იყო გადახლართული და ერთი გრძნობის სიწმინდე ზედ ერთვოდა მეორე გრძნობის ნეტარებას. ყველა ეს კავშირი მღელვარებამ მოიცვა. მეშურნეობა შეიპარა ყვავილნარის საკურთხეველში. სადაც თიკანს ზვარაკად სწირავდნენ. მეშურნეობა აბრაამის კარავშიც დამკვიდრდა, იმ სარეცლებზედაც, სადაც პატრიარქები სიამოვნებას იმდენად ეწაფებოდნენ, რომ დედის სიკვდილს ივიწყებდნენ.
„ნუთუ იმედოვნებდი, ჩემო ბავშვო, რომ თქვენს ცოლ-ქმრულ კავშირში უფრო უმანკო და ბედნიერი იქნებოდით, ვიდრე ის წმინდა ოჯახები, საიდანაც იესო ქრისტემ წარმოშობა ისურვა? გვერდს უვლი ოჯახის საზრუნავ წვრილმანებს, ურთიერთ შელაპარაკებას, საყვედურებს, შეწუხებას და ყველა იმ საიდუმლო ტანჯვას, რომელიც ცოლ-ქმრის სასთუმალთან ფხიზლობს. ქალი ტირილით თხოვდება და ყოველი მშობიარობის დროს ტკივილი უახლდება. რამდენ ტანჯვას იწვევს დაკარგვა ახალშობილისა, რომელსაც ძუძუს აწოვებდა და ხელში გვიკვდება. მთა კვნესით აივსო. რაქილის ნუგეშისცემა არაფერს შეეძლო, რადგან ვაჟები აღარ ჰყავდა. ადამიანურ სიყვარულთან დაკავშირებული ეს სიმწარე იმდენად ძლიერია, რომ მინახავს, ჩემ სამშობლოში მეფეთა საყვარელი დედოფლები როგორ სტოვებდნენ მეფის კარს, რათა ცოცხლად მონასტერში დამარხულიყვნენ და ეგვემათ ამბოხებული სხეული, რომლის სიამოვნება ტანჯვაა მხოლოდ.
„შეიძლება მითხრა, რომ ეს უკანასკნელი მაგალითები შენ არ გეხება, რომ შენი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილდებოდა, თუ უცნობ ქოხში იცხოვრებდი შენ მიერ არჩეულთან ერთად. რომ ეძებდი იმდენად არა ცოლქმრულ სიტკბოებას, რამდენადაც იმ სიგიჟის მომხიბლაობას, რომელსაც ახალგაზრდობა სიყვარულს ეძახის? ეს არის ილუზია, ქიმერა, ამაოება, ავადმყოფური ფანტაზიის ოცნებანი. და მეც, ჩემო ასულო, განმიცდია გულის მღელვარება, ეს თავი მუდამ მელოტი არ ყოფილა, არც ეს მკერდი ისე მშვიდი, როგორც დღეს შენ გეჩვენება. დაუჯერე ჩემ გამოცდილებას: ადამიანი თავის სიყვარულში მტკიცე რომ ყოფილიყო და ყოველთვის შესძლებოდა გამოჩენა გრძნობისა, რომელიც მარად ახლდება, მარტოობა და სიყვარული მას უეჭველად თვით ღვთის ტოლს გახდიდა, რადგან სწორედ ამაშია მოქცეული დიდი არსების ორი მარადი სიამოვნება. მაგრამ ადამიანის სული იღლება და არასოდეს მას დიდხანს ერთი და იგივე საგანი მთელი სისრულით არ უყვარს. ყოველთვის არის რამდენიმე წერტილი, სადაც ორი გული ერთმანეთს არ ხვდება. და ეს წერტილები საკმარისია იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში ცხოვრება აუტანელი გახადოს.
„ბოლოს, ჩემო ძვირფასო ასულო, ადამიანი უდიდეს შეცდომას მაშინ უშვებს, როდესაც ბედნიერებაზე ოცნებობს და ამ დროს ივიწყებს თავის ბუნებასთან დაკავშირებულ ფიზიკურ ნაკლს - სიკვდილს: უნდა მოვკვდეთ. ადრე თუ გვიან, რა ბედნიერიც უნდა იყო, ეს მშვენიერი სახე შეიცვლება იმ ერთფეროვან სახედ, რომელსაც ადამის მოდგმას საფლავი აძლევს. შაქტასის თვალიც კი ვერ შესძლებდა საფლავისეულ დებს შორის შენს ცნობას. სიყვარული თავის მბრძანებლობას ჭიებზე ვეღარ ავრცელებს. რას ვამბობ? (ოჰ, ამაოება ამაოებათა!) რას ვლაპარაკობ მიწიერი მეგობრობის ძლიერებაზე? გსურს, ჩემო ძვირფასო მეგობარო, იცოდე მისი საზღვარი? გარდაცვლილი ადამიანი რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანას რომ დაუბრუნდეს, ვეჭვობ, მის ხსოვნას ყველაზე მეტი ცრემლი მიუძღვნეს: იმდენად სწრაფად მყარდება სხვა კავშირები, იმდენად ადვილად ითვისებენ სხვა ჩვეულებებს, იმდენად ბუნებრივია ადამიანისათვის ცვალებადობა, იმდენად მცირე მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებას თვით ჩვენი მეგობრის გულშიც კი.
„მაშ, მადლი შესწირე ღვთის წყალობას, ჩემო ძვირფასო ასულო, რომელიც ამ გლოვის ველს ასე მალე გაშორებს. უკვე შენთვის ღრუბლებში ქალწულთა თეთრი სამოსელი და ბრწყინვალე გვირგვინი მზადდება. უკვე მესმის ანგელოზთა დედოფლის ხმა, რომელიც მოგვიწოდებს: მოვედ, ჩემო ღირსეულო მხევალო, მოვედ, ჩემო მტრედო, მოვედ, სულის სისპეტაკის ტახტზე დასაბრძანებლად იმ ასულთა შორის, რომლებმაც სილამაზე და ახალგაზრდობა შესწირეს ხალხის სამსახურს, ბავშვების აღზრდასა და მონანიების სამაგალითო საქმეებს. მოვედ, წმინდა ასულო, იესო ქრისტეს მკერდზე განსასვენებლად. ეს კუბო, შენ მიერ არჩეული საქორწინო სარეცელი, არასოდეს გაწბილდება, და ზეციური ქმრის ალერსს არასოდეს დასასრული არ ექნება!“
„როგორც დღის უკანასკნელი სხივი ქარს აწყნარებს და ცას სიმშვიდეს მოჰფენს, ასევე მოხუცის მშვიდმა საუბარმა ჩემ სატრფოს ვნება დაუცხრო. ატალა თითქოს ჩემს მწუხარებას აქცევდა ყურადღებას და ცდილობდა, რომ მისი დაკარგვა ადვილად გადამეტანა. ხან მეუბნებოდა, ბედნიერად მოვკვდები, თუ აღმითქვამ, რომ არ მიტირებო, ხან ჩემს დედაზე და სამშობლოზე მელაპარაკებოდა. ცდილობდა წარსული მწუხარება გაეხსენებინა, რათა ჩემთვის ახლანდელი მწუხარება გაექარვებინა. მოთმინებისა და სათნოებისაკენ მომიწოდებდა, „ყოველთვის უბედური არ იქნები, - მეუბნებოდა, - თუ შენ დღეს ცა გცდის, მხოლოდ იმიტომ. რომ სხვათა უბედურებამ შენში მეტი თანაგრძნობა გამოიწვიოს. გული, ოჰ, შაქტას, ჰგავს იმ ჯიშის ხეებს, რომლებიც ადამიანთა ჭრილობებისათვის მალამოს მაშინ გამოყოფენ, როდესაც რკინა თვით მათ მიაყენეს ჭრილობას“.
„ასეთი საუბრის შემდეგ ატალა მისიონერს მიუბრუნდა, ეძებდა ნუგეშს, რომელიც მე მომცა, და ატალა ხან მანუგეშებელი, ხან ნუგეშმცემელი, სიკვდილის სარეცელზე სიცოცხლის სიტყვას ამბობდა და ისმენდა.
„ამ დროს კი განდეგილი თავის გულმოდგინეობას აორკეცებდა. კაცთმოყვარეობის მხურვალებამ ბებერი ძვლები გამოუცოცხლა, განუწყვეტლივ ამზადებდა წამლებს, ცეცხლს აღვივებდა, საწოლს ასწორებდა, შესანიშნავ სიტყვებს ამბობდა ღმერთზე და მართალთა ბედნიერებაზე. ხელში სარწმუნოების ლამპარით თითქოს ატალას საფლავისაკენ მიუძღოდა, რათა იქ მისთვის საიდუმლო სასწაულები ეჩვენებინა. უბრალო გამოქვაბული ქრისტიანული გარდაცვალების სიდიადით აივსო, და ციური სულნი, უეჭველად, თვალს არ აშორებდნენ ამ სანახაობას, სადაც სარწმუნოება მარტო ებრძოდა სიყვარულს, ახალგაზრდობასა და სიკვდილს.
„ღვთიური სარწმუნოება იმარჯვებდა და მისი გამარჯვება მჟღავნდებოდა წმინდა მწუხარებაში, რომელიც ჩვენს გულში ვნების პირველი სიშმაგე შესცვალა. „შუაღამისას ატალა თითქოს გამოცოცხლდა ლოცვების გასამეორებლად, როლებსაც ბერი ამბობდა მის საწოლთან. ცოტა ხნის შემდეგ ატალამ ხელი გამომიწოდა და ძლივს გასაგონი ხმით მითხრა: „უტალისის ვაჟო, გახსოვს ის პირველი ღამე, როდესაც უკანასკნელი სიყვარულის ქალწული გეგონე? ეს იყო უცნაური წინასწარმეტყველება ჩვენს ბედზე! - დადუმდა, მერე ისევ განაგრძო: - როცა ვფიქრობ, რომ სამუდამოდ უნდა დაგტოვო, ჩემი გული ისე იძაბება გასაცოცხლებლად და ვგრძნობ ძალას, რომ სიყვარულის მეოხებით უკვდავი გავხდე. მაგრამ, უფალო, იყოს ნება შენი! - რამდენიმე წამს დადუმდა, მერე დაუმატა: - იმის მეტი არაფერი დამრჩენია, რომ პატიება გთხოვოთ ჩემს მიერ მიყენებული მწუხარებისათვის. ჩემი ახირებითა და სიამაყით ძლიერ დაგტანჯე. შაქტას, ჩემს ცხედარზე დაყრილი ერთი პეშვი მიწა თქვენსა და ჩემს შორის მთელ სამყაროს აღმართავს და ჩემ უბედურებათა ტვირთისაგან სამუდამოდ გაგათავისუფლებთ“.
„თქვენ გაპატიო! - ვუპასუხე ცრემლთა ფრქვევით: - ამდენი უბედურება ხომ მე მოგაყენე?“ ატალამ სიტყვა შემაწყვეტინა და მითხრა: „ჩემო მეგობარო, ძლიერ ბედნიერი გამხადეთ და სიცოცხლე რომ დამბრუნებოდა, რომ უბედური და გარდახვეწილი ვყოფილიყავი და თქვენ მყვარებოდით“
„აქ ატალას ხმა ჩაუწყდა, თვალებსა და ტუჩების გარშემო სიკვდილის ჩრდილი მოეფინა. თითებით ლამობდა ფათურით რაღაცას შეხებოდა. სულ ჩუმად უხილავ სულებს ესაუბრებოდა. ძალა მოიკრიბა და სცადა, ყელზე პატარა ჯვარცმა მოეხსნა, მაგრამ ამაოდ. მთხოვა მე თვითონ მომეხსნა ჯვარცმა და მითხრა; „როდესაც პირველად დაგელაპარაკე, ჩემს მკერდზე ცეცხლის შუქით გაბრწყინებული ეს ჯვარი დაინახე, ეს ერთადერთი ქონებაა, რომელიც ატალას აბადია. ლოპესმა, ჩვენმა მამამ, დედაჩემს გამოუგზავნა ეს რამდენიმე დღის შემდეგ, მე რომ დავიბადე. მაშ, მიიღე ჩემგან ეს მემკვიდრეობა, ოჰ, ჩემო ძმაო! შეინახე ჩემი უბედურების სახსოვრად. ცხოვრებაში მწუხარება რომ შეგხვდება, თავს ამ უბედურთა ღმერთს შეაფარებ. შაქტას, შენთან უკანასკნელი სათხოვარი მაქვს. მეგობარო, ჩვენი კავშირი დედამიწაზე ხანმოკლე იქნებოდა, მაგრამ ამ ცხოვრების შემდეგ ცხოვრება, უფრო ხანგრძლივი. რა საშინელება იქნებოდა ჩვენი სამუდამო განშორება! მე დღეს მხოლოდ წინ გისწრებ და ცათა სასუფეველში გელოდები. თუ გიყვარდი, შეისწავლე ქრისტიანული სარწმუნოება, რომელმაც ჩვენი შეერთება მოამზადა. ეს სარწმუნოება შენს თვალწინ დიდ სასწაულს ახდენს: ძალას მაძლევს ისე გაგშორდე, რომ სასოწარკვეთილების გამო ტანჯვაში არ მოვკვდე. მაგრამ, შაქტას, მე მინდა, რომ მხოლოდ უბრალო აღთქმა მომცე, არა გთხოვ ფიცის მიცემას, რადგან კარგად ვიცი, რა ძნელია. ამ ფიცმა შეიძლება ჩემზე უფრო ბედნიერი ვინმე სხვა ქალს დაგაშოროს... ოჰ, დედაჩემო, მიუტევე შენს ასულს.. ოჰ, ღვთისმშობელო! შეიკავე შენი რისხვა! ისევ სისუსტე მიპყრობს. ოჰ, ღმერთო, მტაცებს ფიქრებს, რომლებიც მხოლოდ შენ უნდა გეკუთვნოდეს“. „მწუხარებით გულდაფლეთილმა ატალას აღვუთქვი, რომ ოდესმე ქრისტეს რჯულს მივიღებდი. ამის მხილველი განდეგილი ადგა ზეშთაგონებული სახით, გამოქვაბულის კამარისაკენ ხელები აღაპყრო და წამოიძახა: „დროა, დრო აქ ღმერთს მოვუწოდოთ!“
„ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა, ზებუნებრვიმა ძალამ მაიძულა მუხლებზე დავცემულიყავი და ატალას სარეცელთან თავი დამეხარა. მღვდელმა გახსნა საიდუმლო ადგილი, სადაც აბრეშუმგადაფარებული ოქროს თასი იყო ჩაკეტილი. მიწაზე დაემხო და მხურვალე ლოცვა დაიწყო. გამოქვაბული განათებულად მომეჩვენა უეცრად, ჰაერში ანგელოზთა გალობა და ციურ ქნართა თრთოლვა ისმოდა. და როდესაც განდეგილმა სანაწილე გამოიღო წმინდა ადგილიდან. მეგონა, თვით ღმერთი გვევლინებოდა მთის წიაღიდან.
„მღვდელმა თასი გახსნა. ორი თითით თოვლივით თეთრი სეფისკვერი აიღო და ატალას მიუახლოვდა იდუმალ სიტყვათა წარმოთქმით. წმინდა ასულმა აღტაცებით თვალი ცას მიაპყრო. თითქოს მთელ მის მწუხარებას ბოლო მოეღო. მთელი სასიცოცხლო ძალა ტუჩებზე დაუგროვდა. ნახევრად გააპო ბაგე, რომელიც მოწიწებით ეძებდა ღმერთს, საიდუმლო პურის სახით გამოხატულს. მერე ღვთიური მოხუცი ბამბას ნაკურთხ ზეთში ასველებს და ატალას საფეთქლებზე უსვამს, ერთ წამს მომაკვდავ ასულს უცქერის და უეცრად ეს ძლიერი სიტყვები აღმოხდა: „წარვედ, სულო ქრისტიანისაო, შეუერთდი შენს გამჩენს“. მაშინ თავი ავწიე, შევხედე თასს, რომელშიც ზეთი იყო, და წამოვიძახე: „მამაო, ეს წამალი ატალას სიცოცხლეს დაუბრუნებს?“ „დიახ, ჩემო შვილო, - თქვა მოხუცმა და მკლავებში ჩამივარდა, - მარად სიცოცხლეს“! ატალა გარდაცვლილიყო.
ამ ადგილას შაქტასი მეორეჯერ შეიქნა იძულებული ამბის მოყოლა შეეწყვიტა. ცრემლი ღვრად სდიოდა და სიტყვებს მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა. ბრმა საშემმა მკერდი გადაიღეღა, უბიდან ატალას ჯვარცმა ამოიღო. „აი, - წამოიძახა, - უბედურების საწინდარი! ოჰ, რენე! ოჰ, ჩემო შვილო, ამას ხომ ხედავ?! მე კი ვეღარა.. მითხრა, ამდენ წელთა შემდეგ ოქროს ფერი ხომ არ უცვლია? ხომ ვერ ამჩნევ ზედ ცრემლის კვალს? იმ ადგილის გამოცნობა ხომ შეგიძლია, რომელსაც წმინდანი თავისი ტუჩებით ეხებოდა? შაქტასი რატომ არაა ჯერ კიდევ ქრისტიანი? რა ფუქსავატი, პოლიტიკური თუ პატრიოტული, მოსაზრებებით შერჩა იგი თავი წინაპართა შეცდომებს? არა, მეტი აღარ მინდა დავიგვიანო. მიწა მიხმობს: როდისღა ჩამოხვალ საფლავში და რაღას უცდი ღვთიური სარწმუნოების აღიარებასო?.. ოჰ, მიწავ! დიდხანს ლოდინი აღარ დაგჭირდება: როგორც კი მღვდელი დარდებისაგან ამ გათეთრებულ თავს წყალში გამიახალგაზრდავებს, იმედი მაქვს, ატალას შევუერთდე.. მაგრამ უნდა დავასრულოთ ჩემი ამბის მოყოლა“.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Anselmrosseti_მ.
თარიღი: მაისი 29, 2025.
საათი: 5:15am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of MMORPGs, few games have attempted to bridge the gap between mobile and PC with the ambition and visual spectacle of Odin: Valhalla Rising. With over 150 hours invested—about 30 of those actively and the rest through its extensive AFK features—I can confidently say that Valhalla Rising is a solid MMO experience that, despite its quirks and mobile roots, offers much more than meets the eye.
The MMO Landscape and Valhalla’s Position
Let’s start with the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•