აკა მორჩილაძე - ახალი დროება


   ბევრ თავადიშვილს ძალიან უჭირდა ახალ დროებაზე მორგება.
არადა, ახალი დროება მოდიოდა, მოდიოდა ყმების გათავისუფლების დროება.
   რა გულსაკლავია ქართლ-კახეთის თავადების წერილი რუსეთის იმპერატორისადმი, როცა ის ბატონყმობას აუქმებს!
ამ ხალხმა არ იცის, რა ქნას.
ადამიანები რჩებიან თავიანთი მთავარი საქმის გარეშე. ეს კი უკვე სრულ უსაქმურობას ნიშნავს. თანდათან კი - სიღარიბეს.
თავადს უკვე საქმე სჭირდება, საქმე კი არასდროს არ უკეთებია. მისი საქმე იყო ომში წასვლა და ნადირობა. ოფიცრობამ ეს საქმეც თითქმის მოსპო. იყო სხვა გზაც: მილიცია, მოხალისეთა რაზმები. მაგრამ ეს შემოსავალს არ იძლეოდა.
   გამოჩნდა, ვინ ჭკვიანი იყო და ვინ - სულელი. ვის ეყო ხასიათი და ვის - არა. მაგალითად, იყო ასეთი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი, ძალიან კარგი თავადიშვილი. რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, ქართველ მოხალისეთა მეთაური, ჩოლოქის ომის გმირი. სხვათა შორის, ამ კაცის სახელი დაარქვა გიორგი მაჩაბელმა თავის შვილს. მისი ხელქვეითი იყო ჩოლოქის ამბების დროს მოხალისეთა რაზმში. ჰოდა, ივან მალხაზიჩი ძალიან შეძლებული კაცი იყო და ჭკვიანი თავადიშვილიც. ერთხელ უთხრეს, ყოჩაღ შენ, როგორ შეაგროვე, როგორ თანდათან გაზარდე შენი ქონება, როგორ აშენებ შენს მამულს და ამშვენებო.
   იმან გაიცინა: კაცო, მე რას ვაკეთებ. მეო, ოცდაათი წელიწადია ვაშენებ და ვერ ავაშენეო და ჩემი მეზობელი ოცდაათი წელიწადია ანგრევს და ვერ დაანგრიაო. ქონება იმას ჰქონია, მე კი არაო. ვიღაც ღარიბდებოდა და ვიღაც მდიდრდებოდა ამ ახალ, უყმო დროებაში. ვინც ღარიბდებოდა, ის ძალიან საცოდავი სანახავი იყო, განსაკუთრებით - წვრილი აზნაურობა, რომელსაც არაფერი შეეძლო, ბატონის ხლების გარდა. იყო ასეთი მოდა დასავლეთ საქართველოში: აზნაურები გრძელი, მოვლილი ფრჩხილებით დადიოდნენ, კლდიაშვილის აზნაურები, შემოდგომის.
   გრძელი, მოვლილი ფრჩხილები. ერთი კარგი ჩოხა, კარგი იარაღი და შესახედი ცხენი, თუ ღმერთმა ეს ცხენი შეგარჩინა. მოვლილი ფრჩხილები იმას ნიშნავს, რომ შენ არასდროს მუშაობ, მიწის სამუშაოს არ მისდევ, უვლი ამ შენს ფრჩხილებს და ამით აჩვენებ შენს კეთილშობილ სისხლს გარშემო მყოფთ, თუმცა ამ ფრჩხილების მეტი აღარაფერი გაქვს დარჩენილი.
ძალიან ლამაზია აზნაურებისა და თავადების იმერული და მეგრული ეზოები და, საერთოდ, ყველგან, გვარიშვილების ეზოებში, იდგა ცნობილი კაკლის ხე, რომელიც, რაც უფრო ხნოვანი იქნებოდა, მით უკეთესი იყო.
ეს ხე აჩრდილებდა, მაგრამ ეს უბრალოდ ჩრდილი არ იყო.
   ეს იყო ნიშანი, რომ შენი გვარი ძველია და შენი გვარი განუმეორებელია.
იწექი ამ კაკლის ჩრდილში და აღარაფერი გებადა. ჩექმაც კი ძნელი საშოვნელი იყო. მოდიოდა ისეთი დრო, რომ მხოლოდ თავადობისთვის ჭკუას არავინ გკითხავდა. ერთხელ ბანკის არჩევნები იყო და გრიგოლ ორბელიანმა, ალბათ საუკეთესომ ძველ თავადთა შორის, საუკეთესომ თავისი განათლებით, გონებით და ნიჭით, შესძახა უკვდავი ფრაზა: ჩვენი ქვეყნის უბედურება იქ დაიწყო, როცა მე, პატარა კახის შვილიშვილს, და ცალქალამანიძეს თითო ხმა მოგვცესო. მეც ერთი უნდა ვთქვა და იმანაც ერთიო. ეგ როგორ შეიძლებაო.
ძალიან ღიზიანდებოდნენ ჩვენი ძველი თავადები, როცა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილს შედარებით დაბალი წოდების ხალხი იკავებდა, - წვრილი აზნაურებისა და სოფლის მღვდლების შვილები.
როგორღაც ისე იყო, რომ ეს ხალხი ძალიან მიდრეკილი იყო განათლებისკენ.
„ეხლა რა გინდაო, რომელ გაზეთშიც არ შეხვალ, დიაკვნის შვილები სხედანო. იმათ რა უნდა ველაპარაკოო,“ ასეც ამბობდნენ.
   ისევ გრიგოლ ორბელიანი, ისევ ბანკის პირველი თავმჯდომარის არჩევისას გაიძახოდა: ბიჭო, რასა შვებით, სუმბათაანთ აზნაურს თავმჯდომარედ როგორ ირჩევთო. ეს სუმბათაანთ აზნაური დიმიტრი ყიფიანი იყო.
ასეთი დრო მოვიდა: ყაჩაღი თავადი უბრალოდ ყაჩაღი იყო.
მკვლელი თავადი უბრალოდ მკვლელი იყო. ხდებოდა ასეთებიც. ცხოვრებაში ადგილი იკარგებოდა. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ქუთაისის ციხეში იჯდა სულ ორი რევოლუციონერი - გიორგი ლასხიშვილი და გიორგი ზდანევიჩი. იქვე იჯდა ორი თავადი: მეგრელი პაატა გოშუა, რომელიც მკვლელობისთვის გაესამართლებინათ, და სახელგანთქმული გიორგი მიქელაძე - გაყაჩაღებული კანვოის ოფიცერი.
   აი, ამ გიორგი მიქელაძის ცხოვრება იყო ძალიან ნიშანდობლივი და გამომხატველი იმ უბედურებისა და ნგრევისა, რომელშიც მოჰყვა ბევრი ქართველ თავადი. ახალგაზრდობაში ის მსახურობდა თითქოს საუკეთესო უქმობის და სახელის ადგილას, იმპერატორის ბადრაგში. იქ ქართველები ბევრნი იყვნენ, აკაკისაც იქით მიუწევდა გული ბიჭობაში, რადგან ძმა იმათში ჰყავდა.
   საქმე არაფერი ჰქონდათ ცხენის ჭენების, ზუსტი სროლისა და დროსტარების გარდა და საქართველოში მობრუნებულმა მიქელაძემ კი სხვა ვერაფერი მოახერხა გარდა იმისა, რომ შარაგზის ყაჩაღი შექნილიყო, თანაც ძალიან ცნობილი. რუსეთის იმპერია ისეთი ქვეყანა როდი იყო, რომ გზის ყაჩაღი დიდხანს გაეჩერებინა გზაზე, და ისიც დაიჭირეს.
ძალიან დიდხანს იჯდა ქუთაისის ციხეში, სადაც, სხვათა შორის, მაშინ საკნების კარები არ იკეტებოდა და ყველას შეეძლო მოესმინა ამ უცნაური და ტრაგიკული კაცისთვის.
   მახათას მთაზე ჩამოახრჩეს ცნობილი ავაზაკი ტატო წულუკიძე, ერთი ახალგაზრდა, გზას აცდენილი თავადიშვილი. კოლა ორბელიანი რომ ვახსენე, ალექსანდრეს ძმიშვილი, კოლას ნათქვამია: გაიცანით ჩემი შვილიო, ოღონდაც არ იფიქროთ, რომ კაი კაციაო. მე თოთხმეტი ძაღლი მყავს, ეს კი ჯერ მიწას არ ასცილებია და უკვე თვრამეტი ძაღლი ჰყავსო.
   ბევრი ქართველი თავადი ვერ შეეგუა ახალ დროებას და თავისი ცხოვრება ლოთობაში, ვალებსა და მამულების განადგურებაში გაატარა. ერთი ასეთი იყო თამარაშენელი თავადი გიორგი მაჩაბელი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაძარცვა და გაანიავა. განა ცუდი კაცი იყო, კარგი კაცი იყო. დარჩენილია გიორგი მაჩაბლის ერთი წერილი, სადაც ის შვილს სწერს რუსეთში, გავიგეო, რო მანდ ერთი წიგნი ყოფილაო, ძალიან კარგი წიგნიო, რომლის ბევრი ზღაპარიც გამიგიაო, ათას ერთი ღამის წიგნიო. იქნებ მიშოვო, რომ წავიკითხოო.
   თავის დროზე გიორგიმ ცოლად შეირთო მდიდარი თბილისელი ვაჭრის, ერივანცოვის ქალი, თუმცა, საუცხოო მზითევი გაფლანგა და გაანიავა.
გიორგი მაჩაბლის ბოლო ისეთი იყო, როგორიც ბევრი ქართველი თავადისა. ის გარდაიცვალა გორთან ახლოს, მიხეილ მაისურაძის დუქანში და როდესაც ჭირისუფლები მის წასასვენებლად მივიდნენ, მედუქნემ ბოდიში მოიხადა, სანამ ოთხმოც თუმანს არ გადამიხდით, მიცვალებულს ვერ გაგატანთო; იმიტომ, რომ ჩემი ვალი აქვს და წლებია ჩემთვის ფული არ გადაუხდიაო.
გიორგი მაჩაბელი იყო დიდი ქართველი კაცის - ივანე მაჩაბლის მამა. აი, როგორი შვილები ჰყავდათ ასეთ თავადებს.
   იყო ასეთი რუსი ჟურნალისტი, ცოტა მწერალი, ცოტა პოეტი - ველიჩკო. გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორად იყო თბილისში და ძალიან უყვარდა ქართველები, მაგრამ უყვარდა როგორღაც უცნაურად - რომანტიკულად, თბილად და იმპერიულად. ის ამბობდა, რომ საქართველოს არ უნდა უნივერსიტეტი, არამედ - ბევრი სამხედრო სასწავლებელი, იმიტომ, რომ ქართველები კარგი მეომრები არიან, მეგობრობა და ერთგულება იციან და კარგი ოფიცრები გამოდიან.
   მისი წიგნი „კავკასია“ ძალიან საინტერესო წიგნია და დღესაც სასარგებლო, განსაკუთრებით - ქართველებისთვის.
ველიჩკოს სომხები არ უყვარდა და ყველგან აკრიტიკებდა. ქართველების ქების ფონზე ეს საკმაოდ რთული რამ იყო.
აკაკი წერეთელი ვერ იტანდა ველიჩკოს და ძალიან ბრაზობდა - ერთმანეთს გვკიდებს ჩვენ და სომხებს და თავის საქმეს იკეთებსო.
ახალი ჩამოსული რომ იყო ველიჩკო თბილისში, ქეიფში მოხვდნენ ერთად ის, ილია და აკაკი.
   მაშინ ილია და აკაკი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ველიჩკომ ეს ამბავი იცოდა და ადგა და ექსპრომტად ლექსი თქვა, ღმერთმა შეარიგოს ეს ორი ქართველი ტიტანიო. ილია ქეიფებში ჩუმად იჯდა ხოლმე, გაიღიმებდა და ეგ იყო. აკაკი არ სვამდა, მაგრამ ბევრს ლაპარაკობდა და ველიჩკოზე გაბრაზდა - მაგას ვინ ჰკითხავს, ჩვენ ერთმანეთში რა დავა მოგვივაო, ჩვენ მაგათი წინააღმდეგი ვართ, ეგ ყველამ იცისო. ასე ედავებოდა ხოლმე.
   ველიჩკო კი თავისი წიგნის გამო გავიხსენე. ბევრი საინტერესო მაგალითი აქვს ქართველი თავადების ცხოვრებისა და ძალიან საინტერესოდ აღწერს მათ დრამას. ის ერთ-ერთ უბედურებად თვლის სმას - ძალიან ბევრს სვამენ ქართველი თავადები, განსაკუთრებით, მშობლიურ გარემოშიო. გასცდებიან საქართველოს და ხდებიან საქმის და წესრიგის ხალხი, მობრუნდებიან აქა და თითს თითზე არ დაადებენ, ეფლობიან ქეიფშიო. რუსს რომ სმა გაუკვირდება.
   საქართველოში კარგა ბევრს სვამდნენ ყოველთვის. კარგადაც სვამდნენ, ცუდადაც, მაგრამ თავადების შემთხვევაში ამას, ცოტა არ იყოს, რთული გაგრძელება ჰქონდა იმიტომ, რომ უსაქმობისგან სმა და ქეიფი ლოთობაში გადაიზრდებოდა ხოლმე. თბილისში იყვნენ ძალიან ცნობილი მუქთახორა თავადები, კარგი შეძლებისა და დიდი სითამამის ხალხი. ზოგი ნაოფიცრალი, ზოგიც უბრალოდ თავადიშვილი. მაგალითად, ლეო ანდრონიკაშვილი, კოლია ბარათაშვილი, კოლია რატიშვილი.
   ისინი იკლებდნენ დუქნებს და ჰქონდათ ერთი ამბავი. ერთადერთი, ვისთანაც შარი არ ჰქონდათ, ყარაჩოღელები იყვნენ. ყარაჩოღლურ დუქნებში კარგად იქცეოდნენ. ისე, კი შეეძლოთ ქუჩაში გამოეტანათ ყველა მაგიდა. დაუძახებდნენ მუშებს, ამ მაგიდებზე თვითონ შედგებოდნენ და ჩამოუვლიდნენ ცეკვაცეკვით, თან მუშებს მაგიდები ქუჩაზე მიჰქონდათ. ანდა, იცოდნენ რელსებიდან კონკის გადაყვანა.
   დააგორებდნენ კონკას და ზედ დახტოდნენ. ძალიან მოდაში იყო რევოლვერებით ცეკვა. ეს ძალიან სახიფათო იყო: თან ცეკვავ და თან ისვრი.
იყო ასეთი გიგო ყარანგოზაშვილი, რომელიც დაოსტატებული იყო ჭიქების შეჭმაში და ხელის რაღაც არაჩვეულებრივი გრეხით ღვინის სმაში. ეუბნებოდნენ, გიგო, რათა ჭამ ჭიქას, კაცოო. ხო უნდა შეირგოო...
მიჩვეული იყო კაცი. ასეთი იყო, თავადიშვილი იყო.
   ის აუწერელი ენერგია, რომელიც შეიძლებოდა ათას სასარგებლო რამეში დაბანდებულიყო, ამ საბრალო ხალხს დაებანდებინა სულ სხვა რამეში.
არადა, იყვნენ სამხედრო საქმეშიაც საუცხოონი.
   ნიკო ჭავჭავაძე - გასაოცარი გენერალი, ძალიან მამაცი კაცი, დიდ ნიკოდ წოდებული. მთელი ჭავჭავაძეები გენერლების მოდგმა არ იყო? რატიშვილები - ოფიცრები, საგინაშვილები - ოფიცრები. გვარებს მოსდგამდათ პირდაპირ.
ეს ყველაფერი იყო, მაგრამ უბრალო ქართველი თავადი, ლუარსაბ თათქარიძე, უკვე დაჩაგრული, გაუბედურებული იყო და ამ ქვეყნის ამბისა არა იცოდა რა. მაგრამ იყვნენ სხვა თავადებიც.

ნახვა: 384

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters