ედგარ ალან პო - შენ ხარ კაცი იგი!
რეტლბოროს გამოცანა რომ ამოვხსნა, ოიდიპოსის როლი უნდა გავითამაშო ახლა. მხოლოდ მე შემიძლია გითხრათ, როგორ გამოაშკარავდა რეტლბოროული სასწაული – ერთადერთი, ჭეშმარიტი, აღიარებული, უცილობელი, უცდომელი სასწაული, რომელმაც საგონებელში ჩააგდო ზოგი მიუხვედრელი რეტლბოროელი და დღეს უკვე დედაბერივით ღვთის მოშიში გახადა აქამდე ყველა გაკადნიერებული ურწმუნო.
ეს მოხდა – უკაცრავად კი ვარ ჩემი მონათხრობის ასეთი შეუფერებელი, მსუბუქი კილოს გამო – 18... წლის ზაფხულს, ბ-ნი ბარნაბას დგიმუაუგოთი, ერთი აქაური შეძლებული და პატივცემული კაცი, რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილა და ამ ამბავმა ხალხი საგონებელში ჩააგდო. ბ-ნი დგიმუაუგოთი რეტლბოროდან შაბათს სისხამ დილით გასულა ცხენზე ამხედრებული. ასე უთქვამს, ქალაქ ...ს მივემგზავრებიო, რომელიც თხუთმეტიოდე მილით იყო დაცილებული ჩვენს დაბას. იმ საღამოსვე აპირებდა თურმე მობრუნებას. მისი გამგზავრების ორი საათის შემდეგ ცხენი უმხედროდ დაბრუნდა, ლაფში ამოვლებული, დაჭრილი, ის ჩანთებიც არ ჩანდა, პატრონს თან რომ წაეღო. ამ გარემოებამ, რაღა თქმა უნდა, მეტად შეაშფოთა დაკარგული კაცის მეგობრები. ბატონი ბარნაბას დგიმუაუგოთი დილითაც რომ აღარ გამოჩნდა, მთელი დაბა დაირაზმა მის საძებნელად. ძებნის სულისჩამდგმელი გახლდათ ბატონ დგიმუაუგოთის გულითადი მეგობარი ბატონი ჩარლზ სულიკოუ ან, როგორც ყველა ეძახდა, „ჩარლი სულიკოუ“ თუ „ძია ჩარლი სულიკოუ“. ვერ გეტყვით, გასაკვირველი თანხვდომილებაა თუ თავად სახელს აქვს ხასიათზე იდუმალი ზეგავლენა, ეს კია, არასდროს მინახავს ვინმეს ჩარლი ერქვას და ის კაცური კაცი არ იყოს, ალალი, პატიოსანი, დიდბუნებოვანი, გულმხიარული, ტკბილ ხმაზე მოუბარი, სულ მუდამ რომ თვალს გისწორებთ და თითქოს გეუბნებათ: „სინდისი სუფთა მაქვს, არც არავისი მეშინია, ყოველ შემთხვევაში, ცუდს არასდროს ჩავიდენ“. აი, რატომაა, რომ ყველა გულიან, დარდიმანდ კაცს ჩარლი უნდა ერქვას ნამდვილად. ექვსი თვე იქნებოდა გასული, რაც „ძია ჩარლი სულიკოუ“ რეტლბოროში გამოჩნდა. და თუმცა აქაურთაგან არავინ იცნობდა, ადვილად გაიჩინა დაბის დარბაისელ ხალხში უამრავი ნაცნობი. ერთი ეთქვა და დაუყოვნებლივ მიიღებდა სესხად თუნდაც ათას დოლარს; ხოლო ქალები მისთვის სულსაც არ დაიშურებდნენ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩარლი ერქვა, ამ სახელის პატრონი კი უთუოდ უნდა ყოფილიყო შუბლგახსნილი ადამიანი, ვისზეც ასე ამბობენ ხოლმე: „ამ კაცის თვალები მისი გულის სარკეაო“. უკვე მოგახსენეთ, რომ ბატონი დგიმუაუგოთი ერთი უპატივცემულესთაგანი და ჭეშმარიტად უმდიდრესი კაცი იყო რეტლბოროში, მისი გულისთვის „ძია ჩარლი სულიკოუ“, როგორც იტყვიან, წყალში გადავარდებოდა. კარის მეზობლები იყვნენ ეს მოხუცი ჯენტლმენები და თუმცა ბატონი დგიმუაუგოთი ათასში ერთხელ თუ შეივლიდა „ძია ჩარლისას“, პური იქ ერთხელაც არ გაუტეხია, მაგრამ ეს ამბავი მათ მეგობრობას ხელს არ უშლიდა. მართლაც, დღე ისე არ გავიდოდა, რომ თავად „ძია ჩარლის“ სამჯერ, ოთხჯერ არ შეერბინა მეზობლის სანახავად, ხშირადაც რჩებოდა ხოლმე საუზმეზე თუ ჩაის დასალევად, სადილზე კი ყოველთვის, ხოლო რამდენი ჭიქა ღვინო გადაუკრავთ ამ ორ ძმაკაცს, ამას ვინ მოთვლის. „ძია ჩარლის“ მეტად უყვარდა შატო-მარგო და როცა ჭიქას ჭიქაზე ცლიდა, ბატონი დგიმუაუგოთი სიამოვნებით შესცქეროდა თავის სტუმარს; ჰოდა, ერთხელაც ღვინით კარგად რომ შეჟიჟინდნენ, ბატონმა დგიმუაუგოთმა მხარზე ხელი დაჰკრა თანამესუფრეს: „შენ გეუბნები-მეთქი, „ძია ჩარლი“, სული არ წამიწყდეს, ამ ხნის კაცი ვარ და შენისთანა კარგი მეგობარი ჯერ არ მყოლია; რაკიღა აგრე გყვარებია ყლურწვა, ეშმაკის კერძი გავხდე, დიდი ყუთი შატო-მარგო თუ არ გაჩუქო – ბატონ დგიმუაუგოთს ჰქონდა ერთი საძრახისი ჩვევა, ხანდახან შეკურთხება უყვარდა. „ეშმაკის კერძი გავხდე“ ან „მიწა გამისკდეს“ თუ „დასწყევლოს ღმერთმა“, თუმცა მეტს არ იკადრებდა, – ეშმაკის კერძი გავხდე, განაგრძო მან, თუ ამ ნაშუადღევს ქალაქში არ შევუკვეთო ვეებერთელა ყუთი შენი მოსაწონი საუკეთესო ღვინო. მორჩა და გათავდა, იცოდე, ამ მოკლე ხანში მოგაყენებ კარზე. ბატონ დგიმუაუგოთის გულუხვობაზე იმიტომაც მოგახსენეთ, რომ იცოდეთ ამ ორი ადამიანის დიდი მეგობრობის ამბავი.
ჰოდა, როცა იმ კვირა დილით მიხვდნენ, ბატონი დგიმუაუგოთი ხიფათს გადაეყარაო, „ძია ჩარლი სულიკოუსავით“ მეხდაცემული ჯერ არავინ მინახავს. პირველად რომ გაიგო, ცხენი უმხედროდ, უჩანთებოდ მობრუნდა, დამბაჩის ტყვიით დაჭრილი, მკერდი რომ შეენგრია საბრალო ოთხფეხისთვის, მაგრამ არ მოეკლა, – სულზე უტკბესი ღვიძლი ძმის თუ მამის დამკარგავი კაცივით გადაფითრდა და ციებცხელებიანივით თავით ფეხამდე აკანკალდა.
მეტისმეტად გულდაშანთულმა პირველად ვერც ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერც რამის მოსაზრება; ის კი არადა, დიდხანს ეხვეწა ბატონ დგიმუაუგოთის მეგობრებს, ცოტა ხანს შევიცადოთ, ასე ერთი-ორი კვირა ან ერთი-ორი თვე, ეგებ რამე გაირკვეს ამ დროში, ეგებ თავად ბატონი დგიმუაუგოთი საღ-სალამათი მოვიდეს და გვითხრას, ცხენი შინ როგორ გამოექცაო. ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, დამწუხრებული კაცი რომ მუდამ ფეხს ითრევს ან სულაც სახვალიოდ გადადებს საქმეს, თითქოს ჭკუაშეშლილს განძრევაც კი ზარავს და, როგორც ხანდაზმული ქალები იტყვიან, „კაეშნის სალოლიავებლად“ მივარდნილს წოლის მეტი აღარაფერი უნდა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ნიადაგ დამწუხრებულია.
მართლაც „ძია ჩარლის“ სიბრძნისა და წინდახედულობის დიდი თაყვანისმცემელი რეტლბოროელების უმრავლესობა თანახმა იყო აღარაფერი მოემოქმედა, ვიდრე „რაიმე გაირკვეოდა“, როგორც ბრძანებდა ეს პატივცემული მოხუცი ჯენტლმენი; და ვფიქრობ, ბოლოს ამ აზრს დაადგებოდნენ ყველანი, რომ ფრიად საეჭვოდ არ ჩარეულიყო ბატონ დგიმუაუგოთის დისწული, ერთი მეტად უწესო, ნაგიჟარი ყმაწვილი კაცი. მას, გვარად უსავარგოს, გაგონებაც კი არ სურდა – რის ლოდინი, რა ლოდინი, ახლავე უნდა ვეძებოთ გვამიო. დიახ, სწორედ ასე წამოიძახა. იმწამსვე სამართლიანად ბრძანა ბატონმა სულიკოუმ, რა უცნაურად თქვა ამ ბიჭმაო. ბრბოსაც ასევე დასცა მეხი „ძია ჩარლის“ ამ სიტყვებმა, ერთმა კიდეც იკითხა ხაზგასმით, კი მაგრამ ამ ყმაწვილმა, უსავარგომ საიდან იცის თავისი ბიძის ასავალ-დასავალი ასე აშკარად და პირდაპირ რომ აცხადებს – „ბიძაჩემი მოკლულიაო“. ცოტა წაკინკლავდნენ კიდეც, ზოგიერთებს შემოელანძღათ ერთმანეთი, მეტადრე „ძია ჩარლისა“ და უსავარგოს. მაგრამ რაკიღა ეს სამი თუ ოთხი თვე ისინი ერთმანეთთან ვერ იყვნენ კარგად, მათი წაკიდება, რაღა თქმა უნდა, აღარავის გაჰკვირვებია. ერთხელ ჩხუბიც კი მოუვიდათ – იმ დღეს უსავარგომ მუშტი სთხლიშა და ძირს დასცა ბიძამისთან სტუმრად მოსული „ძია ჩარლი“. მიზეზი ის იყო, რომ ამან თითქოს რაღაც ისე ვერ თქვა და ისე ვერ მოიქცა იმ ოჯახში, სადაც თავად ბატონ დგიმუაუგოთის დისწული ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, იმწუთას სამაგალითო იყო „ძია ჩარლის“ თავშეკავება და ქრისტიანული სათნოება, წამოდგა, ტანისამოსი გაისწორა, სამაგიეროს გადახდა არც კი უცდია. მხოლოდ წაიდუდუნა, სულ მალე გიჩვენებ სეირსო, რაც ბუნებრივი და სრულიად მისატევებელი გამოხატულება გახლდათ მრისხანებისა და, ცხადია, ამ სიტყვების თქმა და დავიწყება ერთი იყო.
ასეა თუ ისე, ამ ამბავს ქვემოთ მონათხრობთან არავითარი კავშირი არ აქვს, ის კია ცნობილი, რომ უსავარგოს დაჟინებით ბოლოს გადაწყვიტეს დაბის შემოგარენში გასვლა დაკარგული ბატონ დგიმუაუგოთის მოსაძებნად. ხოლო, როცა ეს გადაწყვიტეს და ყველა მიხვდა, ძებნა აუცილებელიაო, ესეც თქვეს, უთუოდ უნდა დაიყონ მძებნელები, ანუ შემოგარენის უკეთ მოსაჩხრეკად ხალხი ჯგუფ-ჯგუფად უნდა წავიდესო. აღარ მახსოვს, როგორ და რა სიტყვებით, მაგრამ „ძია ჩარლიმ“ ბოლოს ბრძნულად დაასაბუთა ამ გეგმის ყოვლად უვარგისობა და უსავარგოს გარდა ყველამ დაუჯერა. ბოლოს დაადგინეს, მოქალაქეებს გულდასმით დაეთვალიერებინათ ის მიდამოები თავად „ძია ჩარლის“ წინამძღოლობით.
მართლაც, ვერც კი ინატრებდნენ „ძია ჩარლიზე“ უკეთეს მეთაურს. ყველამ იცოდა, ფოცხვერივით მახვილი თვალი რომ ჰქონდა ამ კაცს. ხალხი უცნობი ბილიკებით სად არ ატარა და რა გადაკარგული ორმოები და კუნჭულები არ მოაჩხრეკინა. და თუმცა თითქმის მთელი ერთი კვირა დღე და ღამე ეძებდნენ, ბატონ დგიმუაუგოთის ნაკვალევს მაინც ვერსად მიაგნეს. ნაკვალევს ვერ მიაგნეს-მეთქი, რომ ვამბობ, არაა მთლად ზუსტი ნათქვამი, რადგან რაღაც კვალი, ცხადია, იპოვეს. საბრალო ჯენტლმენს მართლაც დაეტოვებინა კვალი. მისი ცხენის ნაფეხურმა, რომელიც საგანგებო ნალებით იყო დაჭედილი, ხალხი დაბის აღმოსავლეთით მიიყვანა, ასე, სამიოდე მილით დაცილებულ, ქალაქს მიმავალი შარაგზის ერთ ადგილას. მერე ნაკვალევმა გადაუხვია და ტყის ვიწრო ბილიკით ისევ დიდ გზაზე გავიდა, რამაც ჩვეულებრივი სავალი თითქმის ნახევარი მილით მოჭრა. კიდევ ქვემოთ რომ გაუყვნენ ნაფეხურებს, ბილიკის ხელმარჯვნივ მაყვლის ბუჩქებში სანახევროდ ჩამალულ ტბორს მიაღწიეს, სადაც კვალი აღარ ჩანდა. მაგრამ კი ეტყობოდა, რომ აქ რაღაც ბრძოლა ყოფილა და კაცის სხეულზე დიდი და მძიმე საგანი ბილიკიდან ტბორისკენ გადაეთრიათ. ტბორის ფსკერი საგულდაგულოდ ორგზის მოჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი ნახეს და ხალხს იმედი გადაეწურა. განგებამ თუ ჩააგონა ბატონ სულიკოუს, როცა თქვა, ტბორიდან წყალი ამოვხაპოთო, რასაც სიხარულით დაეთანხმა „ძია ჩარლის“ სიბრძნისა და მიხვედრილობის მაქებარი ხალხი. ბევრს ნიჩბები წამოეღო, ეგებ გვამის ამოთხრა დაგვჭირდესო. ასე რომ, წყლის ამოხაპვა არ გაძნელებიათ; ჯერ კიდევ ხეირიანად არც გამოჩენილიყო ფსკერი, რომ შლამში იპოვეს შავი ხავერდის ჟილეტი, რომელიც თითქმის ყველამ უსავარგოს კუთვნილებად შეიცნო. ჟილეტი სულ დაგლეჯილი და სისხლით მოთხვრილი იყო. რამდენიმემ გაიხსენა კიდეც, რომ ბატონი დგიმუაუგოთის ქალაქს გამგზავრების დილას სწორედ ეს ჟილეტი ეცვა უსავარგოსო. ზოგმა ესეც თქვა: თუ გინდათ, დავიფიცებ, იმ ავბედითი განთიადის შემდეგ მთელი დღე არ გვინახავს უსავარგოს ტანზე ეს ჩასაცმელიო, ერთსაც არ უთქვამს, ბატონ დგიმუაუგოთის დაკარგვის მერეც უტარებია ეს ჟილეტი უსავარგოსო. უსავარგოს საქმე ვერ იყო კარგად. ამას ისიც მოწმობდა, როცა ჩაეკითხნენ, თავს რით იმართლებო, მკვდრისფერი დაედო, ხმა ვეღარ ამოიღო. ცხადია, ამ ამბავმა უფრო დააეჭვა ხალხი. მაშინვე ბედის ანაბარად მიატოვა უსავარგო იმ ორიოდე მეგობარმაც, ქეიფებსა და დროსტარებაში გვერდიდან რომ არ შორდებოდნენ და აჯობეს კიდეც ყვირილში ამ ბიჭის დიდი ხნის მტრებს – იქაურობა აიკლეს, ახლავე უნდა დავიჭიროთო. ამ ამბის მერე კიდევ უფრო გაიბრწყინა ბატონ სულიკოუს სულგრძელობამ, რომელმაც თავი გამოიდო უსავარგოს დასაცავად. და ფრიად გულიანი და მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა. არაერთგზის აღნიშნა, დიდი ხანია დამავიწყდა და ვაპატიე ამ ყრმა ჯენტლმენს, „პატივცემული ბატონ დგიმუაუგოთის მემკვიდრეს“ ის შეურაცხყოფა, რაც მან მომაყენა, რაღა თქმა უნდა, მრისხანებისგან ჭკუაშეშლილმაო. სწორედ ასე განაცხადა, მიმიტევებია მთელი სულითა და გულითო; თავად „ძია ჩარლის“ სრულიადაც არ სურდა დაემძიმებინა ის ბრალდება, რაც, სამწუხაროდ, უსავარგოს წინააღმდეგ აღიძრა, და იგი თავის მჭევრმეტყველებას არ დაიშურებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ... რომ... რომ ნათელი მოჰფინოს ამ ბნელით მოცული საქმის სამძიმო გარემოებებს.
ბატონი სულიკოუ ასე ლაპარაკობდა მთელი ნახევარი საათი. და თუმცა კი მოიხვეჭა ბრძენის სახელი, მაგრამ ვაი, რომ თავისი კეთილი გულით მისნაირი კარგი ხალხიც ხშირად ებმება არასასურველი წვრილმანების და უადგილო განმარტებების ხლართებში და მეგობრის საშველად მოწადინებულს, მისთვის სიკეთის მოსურნეს, ძალაუნებურად დახმარების მაგივრად ზიანი უფრო მოაქვს.
ახლაც ასე მოხდა, „ძია ჩარლის“ მჭევრმეტყველების მიუხედავად; ის კი თავგადაკლული ცდილობდა ეჭვების გაფანტვას, მაგრამ უნებლიეთ წარმოთქმულმა მისმა ყოველმა სიტყვამ ყმაწვილისადმი თავდაპირველი ეჭვი და რისხვა უფრო გაამრავლა და ბრბო ჯავრით ააყაყანა.
სიტყვით გამოსულის ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომა ის იყო, წამოსცდა, ეჭვმიტანილი „პატივცემული მოხუცი ჯენტლმენის, ბატონ დგიმუაუგოთის მემკვიდრეაო“. მართლაც, აქამდე ხალხს ეს არც მოჰგონებია. მხოლოდ ის ახსოვდათ, რომ ერთი თუ ორი წლის წინ ბიძამისი, რომელსაც დისწულის გარდა სხვა ნათესავი არ ჰყავდა, დაემუქრა, მემკვიდრეობას დაგიკარგავო, ასე რომ, უკვე შესრულებული ეგონათ მუქარა – აი, ასეთი გულუბრყვილო ხალხი ცხოვრობდა რეტლბოროში; მაგრამ „ძია ჩარლის“ უნებლიე სიტყვებმა ბრბო იმწამსვე ჩააფიქრა, ხომ შეიძლება ზოგჯერ მუქარა მუქარადვე დარჩესო. მაშინვე წამოიჭრა ბუნებრივი კითხვა, ვისდა სასიკეთოდ? – კითხვა, რომელიც ჟილეტზე მეტად ადანაშაულებდა ყმაწვილ კაცს.
ამ წმინდა იურიდიული კითხვას უსავარგოს საქმის მსგავს შემთხვევაში იყენებენ, როდესაც ეჭვმიტანილი პიროვნება გამტყუნდება სავარაუდო სარგებლის არსებობის შემთხვევაში და მას დამნაშავედ ცნობენ. ამჯერადაც ეს კითხვა აშკარად ბრალს სდებდა უსავარგოს. ბიძამისმა ჯერ ხომ თავისი ქონება მას უანდერძა, მერე დაემუქრა, ანდერძის ქაღალდს დავხევო, მაგრამ მუქარა არ შეუსრულებია და, როგორც ჩანს, ხელიც არ უხლია პირვანდელი საბუთისთვის. ანდერძი რომ შეეცვალა, მკვლელობის ერთადერთი მიზეზი ყმაწვილის ჩვეულებრივი შურისძიების წყურვილი იქნებოდა, მაგრამ ამ მიზეზის უკუგდება შეეძლო ასეთ მოსაზრებას: იქნებ, ბიძიას კვლავ წყალობის თვალით შეეხედა ძმისწულისთვის. ხოლო თუ ანდერძი ხელუხლებელი იყო და ბრალდებული შიშობდა, ვაითუ ბიძიამ ძველი ანდერძი გააუქმოსო, მაშინვე გამომზეურდებოდა მხეცური მკვლელობის საფუძველი; სწორედ ასე დაასკვნეს გამჭრიახმა და დიდად პატივცემულმა რეტლბოროელებმა. ასე რომ, უსავარგო აქვე დააპატიმრეს. იმ მიდამოს მცირეოდენი მოჩხრეკის შემდგომ ხალხი ტუსაღითურთ შინ წამოვიდა. მაგრამ გზად გადახდათ ერთი ამბავი, რამაც ეჭვი უფრო გაუღრმავა ხალხს. თავგამოდებული ბატონი სულიკოუ, ცოტათი რომ უსწრებდა დანარჩენთ, უცებ რამდენიმე ნაბიჯით წინ გავარდა და ხალხმა დაინახა, როგორ აიღო ბალახიდან პატარა საგანი. ისიც შეამჩნიეს, ბატონმა სულიკოუმ ნაჩქარევად რომ გადაავლო თვალი ნაპოვნს, პალტოს ჯიბეში მოინდომა ჩაჩურთვა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, რადგან მასთან ხალხმა მიირბინა. ესპანურ დანას მალავდა თურმე. ათიოდემ მაშინვე განაცხადა, რომ ეს იარაღი უსავარგოს ეკუთვნოდა. ტარზე ამოჭრილი ინიციალებიც ამას ადასტურებდა. დანა სისხლიანი და ბუდის გარეშე ეგდო მიწაზე. დისწულის დანაშაული უკვე ყველასთვის ნათელი გახდა და რეტლბოროში მისვლისთანავე ყმაწვილი გამომძიებელს მიჰგვარეს. უსავარგოს აქ საქმე უფრო ცუდად წაუვიდა. პატიმარი რომ დაკითხეს, სად იყავი და რას აკეთებდი ბატონ დგიმუაუგოთის დაკარგვის დილასო, უპასუხა, იმ დროს ტბორის სიახლოვეს თოფით ირემზე ვნადირობდიო; სწორედ იქ, სადაც ბატონი სულიკოუს გონებაგახსნილობის წყალობით, სისხლით მოთხვრილი ჟილეტი იპოვეს.
ბატონი სულიკოუ გამოვიდა და ცრემლმორეულმა ჩვენების მისაცემად სიტყვა მოითხოვა. ჩემი შემოქმედისა და ასევე ჩემი მოყვასის მოვალეობა მალაპარაკებსო, ასე განაცხადა. თქვა, მართალია, ეს ყმაწვილი კარგად ვერ მომექცა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს, ახლა კი მწუხარებისგან ჩემი გული მთლად დაშანთულია. იმ ავბედითი დილის წინა საღამოს, ვიდრე ბატონი დგიმუაუგოთი ქალაქს გაემგზავრებოდა, ამ პატივცემულმა მოხუცმა ჯენტლმენმა თავის დისწულს ჩემი თანდასწრებით უთხრა, რომ ხვალ „საფერმერო და მანქანა-იარაღების ბანკში“ კარგა დიდი თანხის შეტანას ვაპირებო. სწორედ მაშინ ბატონმა დგიმუაუგოთმა ისიც პირდაპირ უთხრა დისწულს, საბოლოოდ მაქვს გადაწყვეტილი, ჩემი ანდერძი გავაუქმო და სულ უკაპიკოდ დაგაგდოო. ბრალდებულს მან საზეიმოდ მოუწოდა, აბა თქვი, ჩემი ეს ჩვენება მართალია თუ არაო და ყველას გასაკვირად, უსავარგომ პირდაპირ თქვა, – დიახ, მართალიაო.
მაშინ გამომძიებელმა ორ კონსტებლს უბრძანა იმ ოთახის გაჩხრეკა, დისწულს რომ ეკავა ბიძამისის სახლში. გაგზავნილები მალე მობრუნდნენ და ყველასთვის კარგად ნაცნობი, ფოლადის წვრილი სალტით შემოვლებული შინდისფერი ტყავის ქისა მოიტანეს, მრავალი წელიწადი რომ თან დაჰქონდა მოხუც ჯენტლმენს, მაგრამ ქისა ცარიელი იყო, ამაოდ ჩაეკითხა გამომძიებელი ტუსაღს, აბა, მითხარი, სად დახარჯე ან სად გადამალე ფულიო, მაგრამ ყმაწვილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ფულზე არაფერი ვიციო. კონსტებლებმა ამ უბედურის ლეიბ-საბნის ქვეშ იპოვეს მისივე ინიციალებით დაქარგული პერანგი და ყელსახვევი, ორივე მსხვერპლის სისხლით მოთხვრილი. ასე იყო ეს ამბავი, როცა მოიტანეს ცნობა, დაღუპული მოხუცი ჯენტლმენის დაჭრილი ცხენი ეს წუთია თავლაში მოკვდაო. ბატონმა სულიკოუმ განაცხადა, დაუყოვნებლივ უნდა გავკვეთოთ ცხოველი, ეგებ ტყვია მოინახოსო. ასეც მოიქცნენ. თითქოს საბოლოო ეჭვების უკუსაგდებად ბატონმა სულიკოუმ მკერდის ღრუს საგულდაგულო გასინჯვის შემდეგ ნახა და ამოიღო უჩვეულო სიდიდის ტყვიის გულა, რომელიც, როგორც დაადგინეს, სწორედ უსავარგოს თოფით იყო ნასროლი. ასეთი თოფი არავის ჰქონდა იმ დაბასა თუ მის შემოგარენში, უფრო მეტიც, ტყვიას ზედ ეტყობოდა ნაკაწრი თუ ნახოკი, რაც შეჯერებისას ზუსტად დაემთხვა ჩვეულებრივ ნაჭდევს იმ თოფის ლულისას, რომელიც, როგორც განაცხადა უსავარგომ, მისი იყო. ტყვიის ნახვისა და შემოწმებისთანავე გამომძიებელმა აღარ მოისურვა ჩვენების ჩამორთმევა და პატიმრის საქმე მაშინვე გადასცა სასამართლოს. თავდებით მის გათავისუფლებაზე კრინტს ვინ დაძრავდა, თუმცა ასეთი გულქვაობა სასტიკად დაგმო ბატონმა სულიკოუმ და გამოთქვა კიდეც სურვილი, ყმაწვილის თავდებით გამოსაყვანად ნებისმიერი თანხა შეეტანა. „ძია ჩარლის“ სულგრძელობა მართლაც შეეფერებოდა მის მადლიან და რაინდულ ხასიათს, რითაც რეტლბოროში ჩამოსვლისთანავე გამოირჩეოდა. ამ ღირსეულ კაცს ყმაწვილის დახსნა ისე უნდოდა, რომ თავისი ახალგაზრდა მეგობრისთვის სათავდებო თანხის შესატანად მომზადებულს, როგორც ჩანს, სრულიად დაავიწყდა, რომ სულს იქით არაფერი ებადა. შემდგომ რაც მოხდა, ადვილი მისახვედრია. მთელ რეტლბოროელებში გათათხულ-შერცხვენილი უსავარგო სასამართლოს წინაშე წარდგა. არაპირდაპირი სამხილები ისეთი ნათელი გამოდგა, რომ მსაჯულებმა იმწუთას, მოუთათბირებლად გამოიტანეს ვერდიქტი: „განზრახ მოუკლავს, დამნაშავეა“. მალე ამ უბედურ კაცისმკვლელს სასიკვდილო განაჩენი დაუდგინეს და გადააგზავნეს საოლქო საპყრობილეში, სადაც უნდა დალოდებოდა კანონის აღსრულებას.
ამის შემდგომ ღირსეული „ძია ჩარლი სულიკოუ“ პატივცემულ დაბელებს უფრო მეტად შეუყვარდათ, ათწილ უფრო სანდომ-საამური გახდა ეს კაცი მათთვის; და რაკიღა ყველასთვის სასურველი სტუმარი იყო, ცხადია, თავადაც ნებსით თუ უნებლიედ უარი უნდა ეთქვა თავის წინანდელ ხელმომჭირნეობაზე. ასე რომ, ახლა ხშირად მართავდა შინ პატარა წვეულებებს, სადაც, მართალია, კი ლაღობდნენ და ილხენდნენ... მაგრამ ცოტათი მაინც დაღონდებოდნენ ხოლმე, როცა მოაგონდებოდათ ამ გულუხვი მასპინძლის აწ გამოტირებული სათაყვანებელი მეგობარი და მისი დისწულის უბედური და დღემოკლე ხვედრი.
ერთ მშვენიერ დღეს ერთობ გააოცა და თან გაახარა ეს დიდებული მოხუცი ჯენტლმენი ასეთმა ბარათმა. რეტლბორო ჩარლზ სულიკოუს. შატო-მარგო. ა – №1. 6 დუჟინი ბოთლი. მოწყალეო ხელმწიფევ, ჩვენი პატივცემული მუშტრის, ბატონნ ბარნაბას დგიმუაუგოთის ამ ორი თვის წინანდელ თხოვნას ვასრულებთ და დღეს დილით გიგზავნით დიდ ყუთ შატო-მარგოს. „ანტილოპას“ მარკისას, იისფერ ბეჭდიანს, ყუთის ნომერი და ნიშანი იხ. არეზე. პატივისცემით თქვენი მონა მორჩილი ჟოსმენი, გომბეშოუ, ტავერნა დ..., 18... წლის 21 ივნისი. P.S. ყუთს მიიღებთ ამ ბარათის მოსვლის მეორე დღეს, ფურგონით. ბატონ დგიმუაუგოთს გადაეცით ჩვენი კეთილი სურვილები. ცხადია, ბატონ სულიკოუს დაპირებული შატო-მარგოს ხილვის იმედი უკვე გადასწურვოდა ბატონ დგიმუაუგოთის სიკვდილის შემდეგ. ჰოდა, განგების ხელი დაინახა ამ ამბავში. სიხარულით აღფრთოვანებულმა, რაღა თქმა უნდა, მეორე დღისთვის მეგობართაგან ბევრი იწვია მცირე ვახშამზე კეთილი მოხუცი ჯენტლმენის საჩუქრის დასაგემოვნებლად, მაგრამ დაპატიჟებულებისთვის არ უთქვამს, „კეთილი მოხუცი ჯენტლმენის საჩუქარიაო“. დიდი ფიქრის შემდეგ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ამაზე სიტყვაც არ დაეძრა. მეხსიერება თუ არ მღალატობს, ერთხელაც არ უხსენებია, შატო-მარგო ნაჩუქარიაო. უბრალოდ უთხრა მეგობრებს, მოდით და მშვენიერი, საამური ღვინო დავლიოთ, ორიოდე თვის წინ რომ შევუკვეთე ქალაქში და ხვალ ჩამომივაო. ხშირად მიფიქრია, „ძია ჩარლიმ“ რატომ არ გაამხილა, ეს ღვინო რომ მის მოხუც მეგობარს გამოეგზავნა, მაგრამ ვერა და ვერ ჩავწვდი ამ დუმილის მიზეზს, თუმცა უთუოდ დიდებული და მეტად ქველი მოსაზრება ექნებოდა საფუძვლად.
მეორე დღეც დადგა. ბატონ სულიკოუსთან დიდძალმა ღირსეულმა ხალხმა მოიყარა თავი. თითქმის ნახევარი დაბა მოვიდა. კარგა მოსაღამოვებულიყო, „ძია ჩარლის“ ხვავრიელი სუფრისთვის სტუმრებს უკვე პატივი მიეგოთ, მაგრამ შატო-მარგო კი ჯერ არსად ჩანდა და მასპინძელი დიდად წუხდა. ბოლოს მოიტანეს ვეებერთელა ყუთი; გამხიარულდა ყველა, ისედაც დიდებულ განწყობაზე რომ იყვნენ და ერთხმად დააგინეს, ყუთი მაგიდაზე დავდგათ და ამწამსვე ვადინოთ ბდღვირიო.
თქმა და ქმნა ერთი იყო. მეც შევაშველე ხელი; არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ და ყუთი მაგიდაზე, ბოთლებსა და ჭიქებს შუა ჩავდგით. ბევრი ჭურჭელი დაილეწა ამ ჭიდილში. „ძია ჩარლი“ მაგრად შეჭიკჭიკებულიყო, მთლად წამოჭარხლებული და სასაცილოდ გაფხორილი იდგა სუფრის თავში, დოქისთვის ხელი წამოევლო და გაშმაგებული ბაგაბუგი აეტეხა, გაჰყვიროდა, „წესრიგი დავიცვათ ამ საუნჯის გახსნისასო“.
და ბოლოს ყველა გაისუსა, როგორც მსგავს შემთხვევებში ხდება, გამეფდა ღრმა და მრავლისმეტყველი მდუმარება. სახურავის ახდა მე მთხოვეს და, რაღა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ყუთს დანა რომ გავურჭე და ჩაქუჩი რამდენჯერმე ოდნავ დავკარი, უეცრივ აიხადა სახურავი და იმავე წამს იქიდან, სწორედ მასპინძლის წინაშე ამოიმართა მოკლული ბატონ დგიმუაუგოთის ნაგვემი, გასისხლიანებული, თითქმის გახრწნილი გვამი. რამდენიმე წამს ბატონ სულიკოუს შეაჩერდა უსიცოცხლო, შუქდაშრეტილი, შემპალი თვალებით; მერე ყრუდ, მაგრამ ცხადლივ გაისმა საზარელი სიტყვები: „შენ ხარ კაცი იგი!“ შემდეგ კი ხელებგაშლილი სხეული კიდობნიდან მაგიდას გადმოაწყდა. იმას, რაც ამის მერე მოხდა, ენა ვერ აღწერს. კარ-ფანჯრებთან შემაძრწუნებელი ჯგლეთა გაიმართა, ბევრ მოწიფულ ვაჟკაცსაც კი სული კოჭებში გაეპარა, მუხლთ მოეკვეთა. მაგრამ როცა პირვანდელი შიშის ზარი ჩაცხრა, ყველა შეაცქერდა ბატონ სულიკოუს. ას წლამდეც რომ მივატანო, რა დამავიწყებს ცოტა ხნის წინ ლხენითა და ლხინით გაღაჟღაჟებული კაცის სულთმობრძავივით საზარლად დაღმეჭილ სახეს. რამდენიმე წუთს მარმარილოს ქანდაკებასავით გაქვავებული იჯდა; ყოველგვარი გრძნობისგან დაცლილი თვალები თითქოს ჩაბრუნებოდა. ბოლოს, უცებ, თითქოს სააქაოს მობრუნდა, სკამიდან წამოიჭრა, თავ-მკერდით მძიმედ დაემხო მაგიდაზე ბატონ დგიმუაუგოთის გვამთან და ჭკუაარეულმა საჩქაროდ გვიამბო ის შემზარავი დანაშაული, რის გამოც უსავარგო გამოამწყვდიეს და სიკვდილი მიუსაჯეს. და აი, რა გავიგეთ: თითქმის გუბემდე თავად მიჰყოლია მსხვერპლს, ცხენისთვის დამბაჩა დაუხლია, ტარის დარტყმით მხედარი გაუთავებია, ცხენი, რომელიც მკვდარი ეგონა, ვაივაგლახით წყლისპირას, მაყვლის ბუჩქებში გადაუთრევია, მერე საკუთარ ბედაურზე ბატონ დგიმუაუგოთის გვამი დაუკრავს, ტყე-ტყე წამოუღია და ერთ მივარდნილ ადგილას დაუმალავს.
ჟილეტი, დანა, საფულე და ტყვია კი შურის საძიებლად მიუგდო უსავარგოს; ისიც მოაწყო, რომ სისხლიანი ცხვირსახოცი და ყელსახვევი ამ ყმაწვილის ოთახში ეპოვათ. შესაზარელი აღსარების დასასრულს „ძია ჩარლი“ ენას ძლივს აბრუნებდა, ხმაც დაჰკარგოდა, ლაპარაკი რომ მოათავა, მოსწყდა მაგიდას, გადმოქანდა და იქვე უსულოდ დაეცა.
ამ ფრიად დროული აღსარების ძალად ამოგლეჯის ხერხი, მიუხედავად თავისი ქმედუნარიანობისა, მეტად უბრალო გახლდათ. ბატონ სულიკოუს მეტისმეტი პირწყლიანობა არ მეჭაშნიკა და მაშინვე დავეჭვდი. როცა უსავარგომ მუშტი უთავაზა, მის გვერდით ვიმყოფებოდი და „ძია ჩარლის“ თვალების ბოროტმა, თუმცა წამიერმა გაკვესებამ დამარწმუნა, რომ თავის მუქარას ეს კაცი უთუოდ აასრულებდა. ამიტომაც კეთილი რეტლბოროელებისგან განსხვავებით, უკვე მზად ვიყავი სხვაგვარად შემეხედა „ძია ჩარლის“ საქციელისთვის. თავიდანვე შევნიშნე, რომ ყველა პირდაპირი თუ არაპირდაპირი სამხილი სწორედ ამ კაცთან მიდიოდა, ხოლო ბატონ სულიკოუს მიერ ცხენის გვამში ნაპოვნმა ტყვიამ საბოლოოდ ამიხილა თვალი. რეტლბოროელების მსგავსად მე არ დამვიწყებია ცხოველის ორი ნაჭრილობევი – სადაც მოხვდა ტყვია და საიდანაც გასხლტა. ჰოდა, რაკიღა ტყვია ცხენის სიკვდილის შემდეგ იპოვეს, სწორედ მისი დამმალავი იქნებოდა მისი მპოვნელი. ტყვიის შემდეგ სისხლიანმა ცხვირსახოცმა და ყელსახვევმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს ვარაუდებში, რადგან შემოწმებისას სისხლი დიდებული წითელი ღვინო აღმოჩნდა და სხვა არაფერი. ამ ამბებმა, აგრეთვე უკანასკნელ დროს ბატონ სულიკოუს ხელგაშლილობამ და დიდმა ხარჯებმა უფრო მეტად გამიღვივა ეჭვი, რომელიც არავისთვის გამიმხელია.
ამავე დროს სრულიად საიდუმლოდ დავიწყე ბატონ დგიმუაუგოთის ნეშტის ძებნა და, რაღა თქმა უნდა, ვეძებდი იმ ადგილებიდან შორს, სადაც ბატონ სულიკოუს ხალხი დაჰყავდა. რამდენიმე დღის შემდეგ გადავაწყდი კიდეც მაყვლის ბუჩქებში თითქმის ჩამალულ ძველ გამშრალ ჭას, რომლის ფსკერზე ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი.
ისე მოხდა, რომ შემთხვევით შევესწარი ორი ძმაკაცის საუბარს, როცა ბატონმა სულიკოუმ დაპირება დასტყუა მასპინძელს და საჩუქრად მოელოდა ერთ ყუთ შატო-მარგოს. სწორედ ეს დაპირება გამოვიყენე. ვიშოვე ვეშაპის ულვაში, ყელში ჩავუყარე ბატონ დგიმუაუგოთის ნეშტს და ასე ჩავდევი ძველ საღვინე ყუთში. ვეშაპის ულვაშის გამართვისას გვამიც უნდა გამართულიყო. მერე ყუთის სახურავი ძლივძლივობით დავხურე და სანამ ლურსმნით დავჭედავდი, ხელი არ ამიშვია: ასე რომ, რაღა თქმა უნდა, როგორც კი ყუთი აიხდებოდა, გვამიც წამოიწეოდა.
მერე ყუთი მოვნიშნე, დავნომრე და უკვე იცით, ზედ რა მისამართიც წავაწერე. შემდეგ ბატონი დგიმუაუგოთის ნაცნობი ღვინის მოვაჭრეების სახელით წერილი დავწერე და მსახურიც დავარიგე, რომ ჩემს ნიშანზე მოეყენებინა ეს ყუთი ბატონ სულიკოუს კარის წინ. ხოლო ის სიტყვები, ნეშტმა რომ წარმოთქვა, სინამდვილეში ჩემი ნათქვამი იყო, სწორედ ამ ხერხის იმედი მქონდა, კაცისმკვლელს აღსარებას წამოვაცდენინებ-მეთქი.
მეტი აღარაფერი დამრჩა სათქმელი. უსავარგო იმავე ღამით გაათავისუფლეს, მემკვიდრეობად მიიღო ბიძამისის სარჩო-საბადებელი, ამ მწარე გაკვეთილის შემდეგ ახალ ცხოვრებას მიჰყო ხელი და მას შემდეგ ბედი არასოდეს შემოსწყრომია.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•