ედგარ ალან პო - ელეონორა

   Sub convservation formae specificae Salva anima.
RAYMOND LULUX.

   ჩამომავლობით მე იმათთაგანი ვარ, ვინც დაჯილდოებულია ძალუმი ფანტაზიითა და მგზნებარე ვნებით, გიჟს მეძახოდა ხალხი; საკითხავი კი ის არის, უმაღლესი ჭკუა-გონებაა სიგიჟე, იქნებ, ბევრს, რაც დიდებულია, იქნებ, ყოველივე იმას, რაც ღრმაა, ფიქრის ავადობა აქვს საფუძვლად - ისეთი მდგომარეობა გონებისა, რომლის კიდევ მეტი ამაღლება გონიერების წარხოცის საფასურია. ცხადში სიზმრის მხილველებიღა შენიშნავენ იმას, ღამეული სიზმრის მნახველებს რომ გამორჩებათ. ბუნდ ზმანებაში მარადიულობის გაელვებას მოკრავენ ისინი თვალს და თრთოლვა აიტანთ გამოღვიძების ჟამს, რაკი მიხვდებიან, უდიდესი საიდუმლოს სამანზე ყოფილან თურმე. მეყსეულად სიბრძნისას რაღაცას ეზიარებიან, იმას, რაც სიკეთეა, და იმასაც, რაც ჩვეულებრივ ცოდნაზე მეტია - ბოროტებას. და მაინც საჭის უქონელად და გზის უცოდნელად შეაღწვენ „შეუცნობელი ნათელის“ უკიდეგანო ოკეანეში და კვლავ, თითქოსდა ნუბიელი გეოგრაფის თავგადასავლების მოყვარულნი იყვნენ. „agress sunt mare tenebrarum guid in eo esset exploraturi“.

   ვთქვათ და მართლაც გიჟი ვარ. კიდევაც უნდა გამოგიტყდეთ, ორგვარი ჩემი სულიერი მდგომარეობა: მდგომარეობა ნათელმოსილი გონიერებისა, რაც უდავოა, ვით მოგონებები რაც უდავოა, ვით მოგონებები ჩემი სიცოცხლის პირველი წლებისა, და ჩემს ახლანდელ ყოფასთან დაკავშირებული ბინდისნაირი და უმტკიცო მდგომარეობა, ჩემი არსებობის მეორე, უდიდესი ხანის ხსოვნა. სწორედ ამიტომ უნდა დაიჯეროთ მონათხრობი ჩემი ადრეული ყოფიერების შესახებ, ხოლო უფრორე გვაინდელ ამბავს ისეთი ნდობით მოეკიდეთ, როგორსაც იგი იმსახურებს. ანდა სულაც ჭოჭმანით შეხედეთ მას ან, თუ ჭოჭმანი არ შეგიძლიათ, ოიდიპოსის მსგავსად ამოხსენით ეს გამოცანა.
სიყმაწვილეში რომ მიყვარდა, ვისზეც ახლა გულდამშვიდებითა და ცხადლივ ვწერ ამ მოგონებებს, მხოლოდშობილი ასული იყო და დიდი ხნის წინ გარდაცვლილი დედაჩემის ერთადერთი დისა. ელეონორა ერქვა ჩემს დეიდაშვილს.

   ტროპიკული მზისქვეშ, ნაირფერი ბალახით შეფენილ ველზე სულ ერთად ვიყავით. არავის არც არასდროს შემოუდგამს უცაბედად აქ ფეხი, რაკიღა შორს იყო ეს მხარე, გარშემოკრული ცადაზიდული მთაგრეხილით, კლდეები გადმოშვერილიყო ამ არემიდამოზე და მზის სხივიც კი აღარ აღწევდა იმის უმშვენიერეს კუთხე-კუნჭულებში. ბილიკსაც კი ვერ იხილავდით და ჩვენს ბედნიერ საცხოვრისში შემოსაღწვად უნდა წვალებით გამოგევლოთ უღრანი ტყეები, მირიადი ყნოსვის დამატკბობელი ყვავილი უნდა გადმოგეთელოთ. მიზეზი მარტოობისა ეს იყო, ჩვენ იქით მდებარე გარესამყაროსი არაფერი ვიცოდით მე, ჩემმა დეიდაშვილმა და მისმა დედამ.

   მთების მხრიდან, მჭმუნვარე შორეთიდან, ჩვენს გარშემოზღუდულ სამფლობელოში მოედინებოდა ვიწრო და ღრმა მდინარე, ელეონორას თვალების გარდა ყველაფერს რომ ჩრდილავდა თავისი ბრწყინვით; მოიხვეოდა, უჩუმრად, დაბოლოს დაინთქმებოდა ჩრდილოვან ხეობაში, ქედებს შუა რომ იყო, უფრორე მჭმუნვარე ჩანდნენ ეს ქედები, ვიდრე ისინი, საიდანაც აქეთ მოიკვლევდა გზას. „მდუმარებისმდინარეს“ ვეძახდით მას, რადგან ირგვლივ სიჩუმეს ამეფებდა თითქოს. ჩქამიც კი არ ისმოდა მისი, მდორედ მოლივლივებდა და მის სიღრმეში ენთო წარუვალი ელვარებით მარგალიტის კენჭები, თითოეული იმთავითვე უძრავად დალექილიყო ფსკერზე და ჩვენ თვალებმოუშორებლივ ვტკბებოდით მათი მშვენიერებით.
ნაპირი ამ მდინარისა, მისკენ მოჩუხჩუხე მრავალი სხივმომფინარი ნაკადული, მთელი ეს სივრცე, სანაპირო არემიდამოდან ქვევით, ვიდრემდე ფსკერზე მობრჭყვიალე მარგალიტის კენჭებამდე, მთელი ეს ზურმუხტოვანი არემიდამო მთებამდე დაეფარა რბილ, მობიბინე, ხშირსა და ერთი სიმაღლის, ვანილის სურნელების მფრქვეველ ყვითელ ბაიებს, თეთრ ზიზილოებს, ლილისფერ იებს, მეწამული ფერის ასფოდელოებს, მთელი ეს ზღაპრული მშვენიერება მოუთხრობდა ჩვენს გულებს სიყვარულისა და დიდებას ღვთისას.

   აქა და იქ, სიზმარეულ ზმანებისამებრ, ველზე ზეაღმართულიყვნენ საკვირველი ხეები, მაღალნი, მაგრამ არა სწორნი, საოცარი სინატიფით დაკლაკნილებს აეზიდათ წვეროები ამ ველის შუაგულში შუადღით ჩამოშვებული სინათლისკენ. იმათ ქერქს ერთიმეორის მონაცვლე მოშავ-მოვერცხლისფერო შარავანდედი გადასდიოდა, ნაზი იყო, მაგრამ უფრორე უნაზესი ჰქონდა ელეონორას ლოყები; საამო ნიავისაგან თრთოლვამოკიდებული, ზემოდან ჩამოფენილი ხასხასა მწვანე დიდრონი ფოთლები რომ არა, გიგანტური სირიული გველები ეგონებოდა კაცს ისინი, თაყვანს რომ სცემენ თავიანთ მეუფეს, მზეს.

   თხუთმეტი წელიწადი ხელიხელჩაკიდებული დავეხეტებოდი ამ ველზე ელეონორასთან ერთად, ვიდრე სიყვარულმა არ ჩაიბუდა ჩვენს გულში. საღამო ჟამს მოხდა ეს ამბავი, მისი ცხოვრების მესამე ხუთწლეული ილეოდა, მეოთხე მე უნდა გამესრულებინა მალე. ყელგადაჭდობილნი ვისხედით გველებივით დახვეულ ხეებქვეშ და მდუმარების მდინარეში ჩვენს ანარეკლს დავცქეროდით. გათავდა ეს საამური დღე და კრინტიც არ დაგვიძრავს, გათენდა დილა და სულ ორიოდე სიტყვით მორცხვად გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. ღვთაება ეროსი გამოვიხმეთ ჭავლების წიაღიდან და წინაპართა ცეცხლით წამოიგზნო ჩვენი სულები. საუკუნეობით გამოირჩეოდა ჩვენი მოდგმა ვნებით, ასევე წარმოსახვის უნარით, და ახლა ერთ სუნთქვად შეიკრა ყოველივე, ზეგარდმო ნეტარებით მოევლინა ნაირფერი ბალახით შეფენილ ველს. სახე იცვალა აქ ყველაფერმა. გაუგონარი ამბავი მოხდა: იქ სადაც ყვავილს ვერ ნახავდით, გასაოცარი, შუქსავსე ვარსკვლავისნაირი ყვავილები გამოისხეს ხეებმა. ზურმუხტოვანი ნოხების სიმწვანე უფრო ჩამუქდა და, როცა ერთიმეორის მიყოლებით მეწამულისფერმა ასფოდელოებმა მოიღეს ბდღვრიალი. სიცოცხლემ იფეთქა ყველგან, სადაც კი ფეხი დავადგით; ტანწერწეტა ფლამინგოები გამოჩნდნენ პირველად სხვა მხიარულ ფერადოვან ჩიტებთან ერთად და ალისფერ ნაკრტენაფრიალებულნი დადგნენ ჩვენ წინ. მდინარეში გაჩნდნენ ოქროსა და ვერცხლის თევზები, მისი სიღრმიდან ღიღინი მოისმა ჯერ და მერე იმატა, იმატა, დაბოლოს იავნანად მიიქცა. სიმღერა ეს უფრო ღვთაებრივი იყო, ვიდრე ეოლოსის ქნარი, მაგრამ ელეონორას ხმის მუსიკას ვერ შეედრებოდა ვერაფერი.

   ღრუბელი წამოიმართა, უზარმაზარი, ჰესპეროსის სიახლოვეს ვხედავდით დიდხანს მას, ოქროსფერი ცეცხლი გადასდიოდა, გამოცურდა, მშვიდობიანად ჩვენ ზემოთ გაირინდა, დღითიდღე დაბლა, სულ დაბლა ეშვებოდა, ვიდრე მთათა წვეროს არ დაებჯინა კიდით, შარავანდედში შთაინთქა მისი მჭუნვარება და თითქოსდა სამარადისოდ გამოვიკეტეთ დიდებისა და ბრწყინვალების ჯადოსნურ ციხე-კოშკში. სერაფიმივით მზეთუნახავი იყო ელეონორა, ყვავილებს შორის გაატარა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე ამ სათნო და უმანკო გოგონამ. თვალთმაქცურად არ დაუმალავს სიყვარულის ალი, რომლითაც მისი გული იყო მოცული, და ჩემთან ერთად მოიხილა მისი უღრმესი კუნჭულები მაშინ, როცა ნაირფერ ბალახით შეფენილ ველზე დავეხეტებოდი და ვსაუბრობდით უკანასკნელ ხანს აქ მომხდარ დიდ ცვლილებებზე. დაბოლოს ცრემლმორეულმა ერთ დღეს სევდა-მწუხარების მომგრველი უკანასკნელი ცვლილება მამცნო, ყველა ადამიანის ხვედრი რომაა გარდაუვალი. მას მერე ერთი გულის მომკვლელი აზრი აეკვიატა და სულ უტრიალებდა თავში მსგავსად იმისა, როგორც შირაზელი მგოსნის სიმღერების ყოველ შთამბეჭდავ ვარიაციაში კვლავ და კვლავ წარმოგვიდგება ერთი და იგივე სახეები. მიხვდა, სიკვდილის ლანდი წამოდგომოდა თავს, ფარვანას მსგავსად განწირული იყო დასაღუპავად მისი ენით უთქმელი მშვენიერება; მაგრამ ჩემთვის საძვლე შემზარავი მხოლოდ ერთი რამითააო, - თქვა მან მდუმარების მდინარის ნაპირას, საღამო ხანს, შებინდებისას. ფიქრი სტანჯავდა, ნაირფერი ბალახით შეფენილ ველზე დამკრძალავ და სამუდამოდ მიატოვებ მერე ამ ბედნიერ მხარეს, სხვას შეიყვარებ ასეთივე ვნებით, ქალწულთაგან ვინმეს ნახავო ყოველდღიური საზრუნავით მოცემულ მიღმამყოფ სამყაროში. და მაშინ, იქვე, იმავე წამს მუხლებში ჩავუვარდი ელეონორას და შევფიცე მას და ზეცასაც, რომ მიწის შვილს არასოდეს მოვიყვანდი ცოლად, არც არასდროს ვუღალატებდი მის ძვირფას ხსოვნას. ანუ ხსოვნას იმ სიყვარულისას, რომელიც მომიძღვნა. დიდი მეუფე ზასთასოფლისა მოწმედ მოვიხმე, რომ ფიცი ეს წმინდაა და საზეიმო, და თუ ამ ფიცს დავივიწყებდი, დაე დავესაჯე მას და ელეონორას, ვინც სასუფეველს ელიზიუმში დაიმკვიდრებდა, ისეთი საზარელი სასჯელით, რომ თქმაც ვერ გამიბედავს აქ. ჩემს ამ სიტყვებზე ნათელმოსილი თვალები უფრო ნათელი გაუხდა ელეონორას, სული მოითქვა, თითქოსდა მომაკვდინებელი ხვანჯები დაეხსნა მის მკერდს, თრთოლვა მოეკიდა და მწარედ აქვითინდა; მაგრამ ჩემი ფიცის სიმტკიცეში ეჭვი არ შეპარვია (ის ხომ ჯერ კიდევ ბალღი იყო) და ნეტარება მიანიჭა სიკვდილის სარეცელზე გაკრულს. რამდენიმე დღის შემდეგ გულდამშვიდებულმა მომაკვდავმა ასე მითხრა: რაღაი ნუგეშცემულია იგი. ჩემგან, მეოხედ მომევლინება მისი სული და, თუკი მისი ნება იქნება, ღამღამობით ცხადლივ ვიხილავ მას, ხოლო სამოთხის სულებს თუ ეს არ ძალუძთ, მაშინ ხშირად მამცნობს თავის ყოფნას - მწუხრის ნიავი ლოყაზე მომელამუნება მისი ფშვინვით ან ზეციური კანდელის სურნელებით გამსჭვალავს იმ ჰაერს, რომლითაც მე ვსუნთქავ. და ამ სიტყვებით დაუტევა მან თავისი უცოდველი სიცოცხლე და ამით სამანი დაუდო ჩემი არსებობის პირველ ხანას.

   აქამდე რაც მოგახსენეთ, სრული ჭეშმარიტებაა მაგრამ გადავაბიჯე თუ არა ჟამთა მსვლელობას, ანუ ჩემი სატრფოს სიკვდილით გავლებულ ზღუდეს და ფეხი შევდგი ჩემი არსებობის მეორე ხანაში, ასე ვიგრძენი, - რაღაც ჩრდილმა მოიცვა ჩემი გონება და აღარ ვენდობოდი, არ ვიცი, რამდენადაა მართალი ჩემი ჩანაწერები. მაგრამ ნება მომეცით გავაგრძელო ჩემი სათქმელი - მძიმედ მიდიოდა წლები, ნაირფერი ბალახით შეფენილ ველზე ვცხოვრობდი ჯერ კიდევ; მეორედ იცვალა სახე აქ ყველაფერმა. ვარსკვლავებისნაირი ყვავილები შეაჭკნენ ხის ტოტებს და აღარც აყვავებულან მერე. ზურმუხტოვანი ხალიჩა გახუნდა, ერთიმეორის მიყოლებით გაქრნენ მეწამული ფერის ასფოდელოები და იმათ ადგილას ათეულობით ამოვიდნენ აცახცახებული და ნიადაგ ცვრიანი შავ-შავი იები. სიცოცხლის მჩქეფარბა აღარ ისმოდა ჩვენს სავალ ბილიკებზე, რაკიღა ტანწერწეტა ფლამინგოებმა თავიანთ ალისფერი ფრთები შეიკეცეს, სევდამორეულები სხვა, აქ გადმოფრენილ მხიარულ ჩიტებთან ერთად გაფრინდნენ ველიდან და სადღაც მთებში ჩაჰყვნენ დინებას, ჩვენი მხარის სულ განაპირა მიყრუებულ ხეობაში ჩაიჩუმქრნენ და აწ აღარასოდეს დაუმშვენებიათ ეს ლამაზი არემიდამო. ეოლოსის ქნარზე უფრო ტკბილი ღვთაებრივი იავნანა, ელეონორას ხმის მუსიკის გარდა ყველა სიმღერას რომ ჯობდა, დღითიდღე სულ უფრო და უფრო ჩუმი ხდებოდა და სულაც ჩაჩუმდა ბოლოს, ნელ-ნელა ჩაკვდა მდინარეების ჩქაფუნი და პირველყოფილმა საზეიმო მდუმარებამ იმძლავრა აქ. მოიმაღლა უზარმაზარმა ღრუბელმა, ჰესპეროსის მხარეს გადაიხვეწა, ნაირფერი ბალახით შეფენილი ველიდან თან წარიტაცა ჯადოსნური დიდებულება და ბრწყინვალება, ოდინდელი სევდა-კაეშანი მოახვია მთათა მწვერვალებს.

   მაგრამ ელეონორასადმი მიცემული ფიცი არ დამივიწყებია: ანგელოზების მიერ დარხეული საცეცხლურების წკარუნი მესმოდა, ველის წიაღ კვლავ და კვლავ მოედინებოდა წმინდა სურნელება, მარტოსულობის ჟამს, ჩემთან, გულჩაღამებულ კაცთან ნაზი სუნთქვა მოჰქონდა ნიავქარს. და ერთხელ, თითქოსდა ბანგნასვამს ღრმა ძილისაგან გამომღვიძებოდეს, ვიგრძენი, ზმანებისეული ბაგე შეეხო ჩემსას. მაგრამ აღუვსებელი რჩებოდა სიცარიელე ჩემი გულისა. სიყვარული მომწყურდა. დღემდის ხომ მეტად ვიყავი მე ამ გრძნობასთან წილნაყარი. დაბოლოს მტკივნეულად მაგონებდა ეს ველი ელეონორას და ლტოლვამ საწუთროს ამაოებისადმი, შფოთსავსე ზარზეიმის სურვილმა დამატოვებინა ეს მხარე. 

   ჩამოვედი უცხო ქალაქში, სადაც თითქოსდა ყოველივეს შეეძლო მოგონებებიდან წარეხოცა ტკბილი სიზმრები, რომელშიც კარგა ხანია ვიყავი დანთქმული ნაირფერი ბალახით შეფენილ ველზე. დიდებული სასახლის თვალმომჭრელმა ბრწყინვალებამ, იარაღის გულისწამღებმა ჟღარუნმა, ბანოვანთა თვალების ელვარებამ თავგზა ამიბნიეს და ჭკუა დამაკარგვინეს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ჩემი ფიცის ერთგული ვრჩებოდი და ღამისეული საათების სიჩუმეში ელეონორას არსებობდა საცნაური ხდებოდა ჩემთვის. სუყველაფერი გათავდა უეცრად, თვალთ დამიბნელდა; გული გადამიქანდა, ფიქრები ამეშალა შესაზარი ფიქრებით გარშემოჯარულს; შორეული, უცნობი ქვეყნიდან ჩვენი მეფის მხიარული სასახლის კარზე მოვიდა ერთი ასული, რომლის მშვენიერებამ იმავე წამს დაატყვევა ჩემი მუხთალი გული, თავმოდრეკილი უყოყმანოდ ვეთაყვანე ამ ჩემი უბედური სიყვარულის საგანს. მართლაცდა ვნება ჩემი იმ ველის ნორჩი შვილისადმი როგორ შეედრებოდა გონის ამბნევი, სულის ამამაღლებელი მგზნებარებით იმის გაღმერთებას, ვისაც მე, ცრემლდანთხეული, მუხლებში ჩავუვარდი - ცათა სწორ ერმენგარდეს? ჰოი, სერაფიმივით ნათელი გადასდიოდა ერმენგარდეს. ამის შემცნობელს სხვა რაღა უნდოდა ჩემს გულს: ჰოი, რა ღვთება, რა ანგელოზი იყო ერმენგარდე. და ერმენგარდეს მრავლისმეტყველ თვალებში მაცქერალი, მხოლოდ მათზე ვფიქრობდი, - და კიდევ იმაზე.
დავქორწინდი; აღარ მეშინოდა იმ წყევლისა, რაც თვით ვიხმე თავზე. გადავურჩი კიდევაც ამ სატანჯავს. და ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, ღამისეულ სიჩუმეში სარკმლის ჭვილითებიდან კარგა ხნის მერე ისევ მომეახლა ჩუმი სულთქმა და ასე წარმოთქვა ნაზმა და საამურმა ხმამ.
- ძილი ნებისა! რადგან სიყვარულის სულია ყოვლის მეუფე და აწ შენი ფიცხელი გულისთქმა ეკუთვნის ერმენგარდეს, თავისუფალი ხარ - ფიცით აღარ ხარ შეკრული ელეონორასთან - რატომ, ზეცას გაიგებ ამას.

ნახვა: 1363

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters