ერთი კასრი ამონტილედო

      ათასგზის მაწყენინა ფორტუნატომ და ყოველთვის მოვუთმინე, მაგრამ შეურაცხყოფა რომ გამიბედა, დავიფიცე, აღარ შევარჩენ-მეთქი. დაბოლოს, შური რომ უნდა მეძია, ცხადი იყო ჩემთვის, მაგრამ სწორედ ამ გადაწყვეტილების სიმტკიცემ მაფიქრებია, სიფრთხილე მმართებს-მეთქი. უნდა დამესაჯა ის კაცი, მაგრამ თავად უნდა გადავრჩენილიყავი სასჯელს. რაღაა ის შურისძიება, თუ შურისმაძიებელს აზღვევინებენ, ის შურისძიებაც რაღაა, თუ შურისმაძიებლის ხელი თავად არ მოიხვეჭს საზღაურს.

      სიტყვითაც და საქმითაც არაფერი მიგრძნობინებია, ისევ ისეთი კეთილი გულის კაცი ვიყავი ფორტუნატოსთვის, სულ ვუღიმოდი და ის რაღას მიხვდებოდა, რომ ეს ღიმილი მისი დაღუპვის მაუწყებელი იყო.

      ერთი სისუსტე სჭირდა ფორტუნატოს, თუმცა სხვა მხრივ დიდ პატივს სცემდნენ და კიდევაც ეშინოდათ მისი. ღვინოების დიდ მცოდნედ მოჰქონდა თავი და ამაყობდა ამით. იტალიელებს კი უჭირთ ზუსტად დაადგინონ ღვინის ავ-კარგი. გარკვეულ დროსა და გარკვეულ ადგილას ატეხენ ვაი-უშველებელს, რათა უფრო ადვილად გააცურონ ბრიტანელი და ავსტრიელი მილიონერები. სურათებისა და ძვირფასეულობის შეფასებაში, ფორტუნატო, თავისი თანამემამულეების დარად, კი იყო თაღლითი, მაგრამ ძველი ღვინოების ფასი ნამდვილად იცოდა. მის გემოვნებას მეც ვიზიარებდი, თავადაც მიყვარდა იტალიური ღვინოები და როცა კი შევძლებდი, ბლომადაც ვყიდულობდი.

      ერთ საღამოს, შებინდებისას, როდესაც კარნავალის შლეგური ორომტრიალი იდგა, ჩემს მეგობარს შევხვდი. გულითა და სულით მომესალმა, ეტყობოდა, კარგა მაგრად დაელია, მასხარასავით გახლდათ გამოწყობილი, ჭრელაჭრულა შემოჭერილი შარვალი ეცვა, თავზე ზანზალაკებით მორთული წვეტიანი ჩაჩი დაეხურა. დიდად გამიხარდა მისი დანახვა, ხელი ჩამოვართვი და დიდხანს არ გამიშვია.

      მე ვუთხარი: - ჩემო ძვირფასო ფორტუნატო, რა კარგ დროს შეგხვდი. კარგადაც გამოიყურები დღეს. სწორედ ახლახან მივიღე ერთი კასრი ღვინო, ამონტილედო უნდა იყოს, მაგრამ არა მგონია.

 - რაო? - მომიგო მან, - ამონტილედო? მთელი კასრიო? რას მეუბნები! ამ შუა კარნავალის დროს!

 - არა მგონია, - ვუპასუხე, - ვიცი, რომ გამასულელეს და ამონტილედოს საფასური გადამახდევინეს, კი ჯობდა ჯერ შენთვის მეკითხა რჩევა. ვერსად გნახე და ვაითუ...

 - ამონტილედო!

 - არა მგონია.

 - ამონტილედოო!

 - კი, მინდა ვიცოდე.

 - ამონტილედოო!

 - ვიცი, არ გცალია და ლუკრეზის ვეტყვი. ის კი მიხვდება, ჰოდა, მივალ და ვთხოვ...

 - ლუკრეზის გინდა ამონტილედო უჩვენე და გინდ ხერესი.

 - ჰოდა, ვიღაც რეგვენს კი უთქვამს, რომ შენზე მეტი იმან იცის.

 - აბა, წავიდეთ.

 - სად წავიდეთ?

 - შენს სარდაფში.

 - ჩემო მეგობარო, ვერა, ვიცი შენი კეთილი გულის ამბავი, ვხედავ, არ გცალია. ლუკრეზი...

 - კი, მცალია, წავიდეთ-მეთქი.

 - ჩემო მეგობარო, ვერა. შეიძლება კი გცალია, მაგრამ ისე მაგრად ხარ გაციებული და ვაითუ გაგაწვალო. იმ სარდაფში კი ენით უთქმელი სინესტეა. გვარჯილა, გვარჯილა გასჯდომია იქ ყველაფერს.

 - წავიდეთ-მეთქი. არა უშავს. რის გაციებული, რა გაციებული... ამონტილედოო!.. მოუტყუებიხართ. ის ლუკრეზი რას გაარჩევს ხერესია თუ ამონტილედო.

      მითხრა ეს ფორტუნატომ და მკლავზე წამეტანა, შავი აბრეშუმის ნიღაბი გავიკეთე და კიდევ უფრო გავეხვიე მოსასხამში, მის ნებას დავყევი და საჩქაროდ მივედით ჩემს პალაცოში.

      მსახურთაგან შინ არავინ დამხვედრია, რას გააჩერებდით ამ საზეიმო ხანს, სამხიარულოდ გაპარულიყო ყველა. ნათქვამიც მქონდა, რომ აღარ დავბრუნდებოდი და ისიც დავუბარე, სახლიდან ფეხი არ მოიცვალოთ-მეთქი. კარგად ვიცოდი, ვეტყოდი თუ არა ამას და ჯერ გასულიც არ ვიქნებოდი, რომ ყველანი მაშინვე გაქრებოდნენ.

      სათავსიდან ორი ჩირაღდანი ავიღე და ერთი ფორტუნატოს მივეცი, თავი დავუკარი და წინ გავუძეხი, დარბაზები გავიარეთ და მალე თაღი დავინახეთ, სარდაფში ჩასვლა აქედან შეიძლებოდა. გრძელ და მიხვეულ-მოხვეულ კიბეზე დავეშვით, ის მომყვებოდა და მე ვემუდარებოდი, ფრთხილად იყავი-მეთქი. ჩავაღწიეთ დაბლა, ახლა ორივე მონტრეზორების მიწისქვეშეთის საძვალის სველ ფილებზე ვიდექით.

      ფეხი ერეოდა ჩემს მეგობარს და მისი ჩაჩის ზანზალაკები ყოველ ნაბიჯზე წკარუნებდნენ.

 - ის კასრი სადღაა? - მკითხა მან.

 - ცოტა იქით, - ვუპასუხე, - აბა, ერთი შეხედე, რა თეთრ აბლაბუდებს დაუფარავს ამ გვირაბის კედლები.

      მომიტრიალდა და თვალებში შემომხედა, სიმთვრალის ცრემლები მორეოდა.

 - ეს რა არის, გვარჯილაა?

 - გვარჯილაა, - მივუგე მე, - რამდენი ხანია ასე გახველებს?

 - ქეხ! ქეხ! ქეხ!... ქეხ! ქეხ! ქეხ!... ქეხ! ქეხ! ქეხ!.. ქეხ! ქეხ! ქეხ!.. ქეხ! ქეხ! ქეხ!..

      სიტყვა ვეღარ ამოთქვა რამდენიმე ხანს ჩემმა საბრალო მეგობარმა.

      ბოლოს მითხრა, არაფერიაო.

 - მივტრიალდეთ, - მტკიცედ ვუთხარი მე, - ჯობს უკან დავბრუნდეთ, მთავარი შენი ჯანმრთელობაა, მდიდარი კაცი ხარ, პატივცემული, სახელოვანი, ყველას უყვარხარ, ბედნიერიც ხარ, მასეთი მეც ვიყავი ერთ დროს. ვაითუ შენ რამე მოგივიდეს. ჯანდაბას ჩემი თავი. უნდა დავბრუნდეთ, ავად გახდები და ჩემი ბრალი იქნება. ჰოდა, ლუკრეზი...

 - კმარა! - მითხრა მან, - ხველების არ მეშინია, არ მომკლავს. ხველებისგან არ მოვკვდები.

 - სწორია... სწორია, - ვუთხარი, - მართლაცდა, შენი ტყუილუბრალოდ შეშფოთება არც მინდოდა, მაგრამ სიფრთხილე კი გვმართებს. ერთი ეს გადავკრათ და სინესტე ვერას დაგვაკლებს.

      ხავსმოდებული გრძელი თაროდან ერთი ბოთლი გადმოვიღე, თავი მოვამტვრიე და

      ღვინო მივაწოდე.

      ცბიერად გამიღიმა და ბოთლი პირთან მიიტანა, ერთხანს შეიცადა და თავი დამიკრა, ზანზალაკებმა წკარუნი გაიღო ამ დროს.

 - აქაურ განსვენებულთა ხსოვნისა იყოს, - თქვა მან.

 - შენი დღეგრძელობისა იყოს.

      ხელი მომკიდა მკლავზე და გზა განვაგრძეთ.

 - ჰოდა, ეს საძვალე, - ასე მითხრა, - რა დიდია.

 - მონტრეზორები, - მივუგე მე, - ძირძველი და პატივცემული გვარია.

 - თქვენი გერბი აღარ მახსოვს.

 - ლაჟვარდისფერ ველზე გველი კაცს ქუსლს უგესლავს.

 - დევიზი კი რაღაა?

 - ყველა ჩემი შეურაცხმყოფელი დაისჯება!

      კარგიო, მითხრა მან.

      თვალები გაბრწყინებოდა ღვინისგან, მოწკარუნობდნენ ზანზალაკები. ოდნავ წამონთებული მეც ვიყავი. ჩონჩხებით სავსე დერეფნები გავიარეთ, მცირე და დიდი კასრები ელაგა ამ მიწისქვეშეთის უშორეს სამალავში. კვლავ შევჩერდი, ამჯერად გავბედე და ფორტუნატოს მაჯის ზემოთ წავავლე ხელი.

 - გვარჯილა! - ვთქვი მე, - შეხედე, სულ უფრო მატულობს. ხავსი ჩამოჰფენია ამ სარდაფებს. სწორედ მდინარის ქვემოთ ვართ ახლა. წვეთები მოჟონავს და ამ ჩონჩხებს ეცემა. წავიდეთ, დავბრუნდეთ, სანამ გვიან არ არის. გახველებს და...

 - არაფერია-მეთქი, - მომიგო, - ნუღარ შევჩერდებით, მაგრამ კიდევ ერთ ყლუპ ღვინოზე არ ვიტყოდი უარს.

      დეგრავის ბოთლი გადმოვიღე და თავი მოვამტვრიე. სულმოუთქმელად გამოცალა. მთლად თვალებაბრიალებული იდგა. გაიცინა და ბოთლი მაღლა აისროლა, რაღაც ჟესტი გააკეთა ამ დროს, რა უნდოდა, ვერ მივხვდი.

      გაოცებულმა შევხედე. ისევ გაიმეორა ის აზრს მოკლებული მოძრაობა.

 - არ გესმის? - მკითხა მან.

 - რა? - ვკითხე.

 - მაშინ შენ იმ ძმობაში არ ყოფილხარ.

 - რაო?

 - ქვისმთლელთა ძმობაში.

 - ვარ, ვარ, - ვუთხარი.

 - შენ? რას მეუბნები, ქვისმთლელთა ძმობაში?

 - ჰო, ქვისმთლელთა ძმობაში, - ვეუბნები.

 - ნიშანი, - ასე თქვა, - ნიშანი რაღაა?

 - აბა, შეხედე, - ვუპასუხე მე, ლაბადა გავიხსენი და ამ ძმობის ერთ-ერთი ნიშანი, ნიჩაბი ვუჩვენე.

 - რას ხუმრობ, - შეჰყვირა და რამდენიმე ნაბიჯით დაიხია, - წავიდეთ და ის ამონტილედო ვნახოთ.

 - მასე იყოს, - ვუთხარი და ის ნიჩაბი ისევ ლაბადაში დავმალე, კვლავ შევაშველე ხელი. მთელი ძალით დამეყრდნო. განვაგრძეთ ჩვენი სავალი, რომელსაც ამონტილედომდე უნდა მივეყვანეთ. რამდენიმე დაბალი თაღი გავიარეთ, კიბეზე დავეშვით, კიდევ გავიარეთ, ისევ დავეშვით, და ბოლოს სულ ქვემოთ, ერთ მიწისქვეშა საკანში ჩავედით, ჰაერი აქ იმდენად დახუთული იყო, რომ ჩვენი ჩირაღდნები კი არ ანათებდნენ, უკვე ბჟუტავდნენ.

      ამ საკნის უშორეს კუნჭულში რაღაც გასასვლელი ჩანდა, უფრო მომცრო სამყოფი უნდა ყოფილიყო იქ. კედლების გასწვრივ ყველგან ადამიანის ძვლები ეყარა ვეებერთელა პარიზული მიწისქვეშეთის მსგავსად. ამ საკნის სამი კედელი ამდაგვარად იყო გაწყობილი, მეოთხესთან ძვლები ძირს ჩამოეყარათ და ისე დაეხვავებინათ მიწაზე, ის კედელი თავისუფალი იყო ძვლებისგან და შიგნით სხვა საკანი თუ ნიშა ჩანდა, ოთხი ფუტი სიღრმისა და სამი ფუტი სიგანის, სიმაღლით შვიდი თუ რვა იქნებოდა. რამე განსაკუთრებული მიზნისთვის არ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი ეს ნიშა; ამ მიწისქვეშეთის თაღის გასამაგრებლად ორი უზარმაზარი ბოძი იდგა და ამიტომ ჩანდა ის ადგილი ჩაღრმავებული, იქით, ბოლოში ვეებერთელა გრანიტის კედელს დაინახავდით.

      თავისი ჩაფშუკული ჩირაღდანი აღემართა ფორტუნატოს და ამაოდ ცდილობდა ამ ნიშის სიღრმეში შეხედვას. რაღა უნდა გამოჩენილიყო ამ შუქზე.

 - შედი, - ვუთხარი მე, - ამონტილედო იქ არის. ჰოდა, იმ ლუკრეზის...

 - იმან რა იცის, - შემაწყვეტია ჩემმა მეგობარმა და შიგნით შებარბაცდა. მაშინვე უკან მივყევი. ნიშის ბოლოს მიატანა და კლდოვანი რომ გადაეღობა, შედგა გამოლენჩებული, წამიც და იქვე მივაჯაჭვე ტინის კედელზე. ორი რგოლი იყო მიმაგრებული ერთ სიმაღლეზე, ერთმანეთს ორი ფუტით დაცილებული. ერთზე მოკლე ჯაჭვი მიებნიათ, მეორეზე საკეტი. წელზე შემოვახვიე ეს ჯაჭვი და იმწუთასვე ჩავკეტე. გაოგნებულს თითიც არ გაუნძრევია, გასაღები გამოვაძრე, უკან დავიხიე და ნიშიდან გამოვედი.

 - ხელი გაავლე იმ კედელს, - ვუთხარი, - უსათუოდ იგრძნობ იმ გვარჯილას. მართლაც ნესტიანია აქაურობა. კიდევ ერთხელ გემუდარები, დავბრუნდეთ. არა? მაშინ რაღა უნდა ვქნა, უნდა დაგტოვო, მაგრამ ჯერ ნება მიბოძე, კიდევ ერთი პატარა სამსახური გაგიწიო.

 - ამონტილედო! - შეჰყვირა ჩემმა მეგობარმა, ჭკუაზე ვეღარ მოვიდა, ისე იყო განცვიფრებული.

 - დიახ, ამონტილედო, - ვუთხარი და იმ ძვლების გროვას მივადექი, ადრე რომ ვახსენე. მივყარ-მოვყარე და მალე გამოჩნდა ბევრი გათლილი ქვა და კირი. ჰოდა, ამ მასალისა და იმ ჩემი ნიჩბის მეშვეობით საჩქაროდ დავიწყე კედლის ამოშენება იმ ნიშის შესასვლელში.

      ქვების პირველი რიგი გავაწყვე თუ არა, მივხვდი, უკვე კარგად გამონელებოდა ფორტუნატოს ღვინო. სულ პირველად ეს ამბავი მამცნო კვნესამ, სამალავის შიგნიდან რომ მოისმა. ეს არ იყო მთვრალის კვნესა. შემდეგ ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მდუმარება გამეფდა. ქვების მეორე რიგი დავაწყვე, მესამე, მეოთხეც და ჯაჭვის გააფთრებული ჟღრიალიც გავიგონე. რამდენიმე წუთს გაგრძელდა ეს ხმაური და უფრო კარგად რომ დავმტკბარიყავი, მუშაობა შევწყვიტე და იმ ძვლებზე ჩამოვჯექი. ბოლოს მიწყდა ჟღარუნი, ისევ ავიღე ნიჩაბი და აღარაფერს შეუშლია ხელი, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე რიგის აგება გავასრულე. სადაცაა უკვე ჩემს მკერდამდე ამოვიდოდა ის კედელი. კვლავ შევჩერდი, ჩირაღდანი აღვმართე და მქრქალი ნათელი მოეფინა იმის სხეულს.

      გულის განმგმირავი ღრიალი აღმოხდა უცებ იმ მიჯაჭვულ კაცს, ღრიალებდა და ღრიალებდა, თითქოსდა ამან უკან გამისროლა კიდეც. წამით ყოყმანი დავიწყე, ავკანკალდი, დაშნა დავაძრე და ნიშაში შევყავი, ერთი ავიქნიე და დავიქნიე, მაშინვე გონს მოვედი. იმ მიწისქვეშეთის ზღუდეთა სისქე ხელით გავსინჯე და კმაყოფილი დავრჩი. იმ კედელს მივუახლოვდი ისევ და ღრიალითვე ვუპასუხე მყვირალს. გავყვიროდი, გავბღაოდი, უნდა მეჯობნა, უნდა დამეფარა ჩემი ხმით მისი ღრიალი. ასეც მოხდა. მყვირალი დადუმდა. შუაღამე დამდგარიყო და მალე უნდა დამესრულებინა საქმე. მერვე, მეცხრე და მეათე რიგიც აღვმართე. მეთერთმეტეც დამთავრდებოდა სადაცაა, ერთი ქვაღა აკლდა, იმასაც შევდგამდი და შევლესავდი. ძლივსღა ავწიე ქვა, სანახევროდ შევწიე იმ ადგილას. ნიშიდან უცებ ხითხითი მოისმა და თმა ყალყზე დამიდგა. შესაბრალისი ხმაც გავიგონე, ვეღარ ვიცანი, ნუთუ იმ კეთილშობილი ფორტუნატოსი იყო.

 - ხა! ხა! ხა! ხი! ხი! ხი! მშვენიერი ხუმრობაა... მართლაცდა დიდებული ხუმრობაა. ჰოდა, ბევრსაც ვიცინებთ შენს პალაცოში... ხი! ხი! ხი!... ღვინოს რომ დავლევთ... ხი! ხი! ხი!

 - ამონტილედოს! - ვთქვი მე.

 - ხი! ხი! ხი!... ჰო, ამონტილედოს, მაგრამ ახლა ხომ გვიანია? შენს პალაცოში ხომ გველოდებიან? ქალბატონი ფორტუნატო და სხვებიც? წავიდეთ!

 - ჰო, - ვუთხარი მე, - წავიდეთ.

 - ღვთის გულისათვის, მონტრეზორ!

 - ჰო, - მივუგე მე, - ღვთის გულისათვის!

      მაგრამ ამ ჩემს სიტყვაზე უკვე ამაოდ ველოდი პასუხს. ვეღარ მოვითმინე. გავძახე: - ფორტუნატო!

      არ უპასუხია. ისევ გავძახე: - ფორტუნატო-მეთქი!

      არ უპასუხია. ჩირაღდანი გავყავი იმ დარჩენილ ხვრელში და შიგნით მოვისროლე. ზანზალაკების წკარუნიღა გავიგონე. გული ჩამწყდა, იმ მიწისქვეშეთის სინესტის ბრალი თუ იყო. საჩქაროდ დავასრულე ჩემი სამუშაო. ის უკანასკნელი ქვაც შევდგი თავის ადგილას, შევლესე. იმ ახალი კედლის გასწვრივ ძვლების ზღუდე აღვადგინე. ნახევარი საუკუნეა უკვე აღარავინ გაჰკარებია მოკვდავთაგან. მშვიდობა იმის თავს!..

ედგარ ალან პო

ნახვა: 3915

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters