დროა ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას ერთი კარგი გამოცდა მოვუწყოთ და როგორც ნამდვილ ესპანელებს შეგვფერის, საკუთარ თავს ვკითხოთ, მაინც რა ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარდასახვის იმ იდეებს საერთოდ და, კერძოდ, ჩვენთვის, სულ რომ ენაზე გვაკერია დიდსა თუ პატარას.
ორად ორი სიტყვით კი შეიძლება იმის გადმოცემა, რასაც ჩვენი ხალხისგან მოითხოვენ, რასაც ჩვენი ხალხი მოითხოვს და გააზრება იმისი, რაც მოვითხოვეთ; ეს ორი სიტყვა გახლავთ "ევროპელობა" და "თანამედროვეობა". "უნდა გავხდეთ ევროპელები!" "უნდა გავხდეთ თანამედროვეები!" "აუცილებელია ვიყოთ თანამედროვეები!" "აუცილებელია ფეხდაფეხ მივსდიოთ საუკუნეს!" "საჭიროა გაევროპელება!" ასეთია, ზოგადად, ეს მოთხოვნები.
ტერმინი "ევროპული" ცარიელი იდეაა, მეტისმეტად ცარიელი, უკიდურესად ცარიელი; მაგრამ ამაზე უფრო ცარიელია ტერმინი "თანამედროვეობა"; ხოლო თუ მათ შევაერთებთ, დავინახავთ, როგორ აკონკრეტებს და განმარტავს ეს ორი სიცარიელე ერთმანეთს და გამოთქმაც "თანამედროვე ევროპელი" კიდევ უფრო ნათელი გახდება, ვიდრე მისი ორი შემადგენელი ნაწილი ცალ-ცალკე, თუმცა, შესაძლოა, საფუძველშივე მათზე უფრო ცარიელი.
მოგეხსენებათ, მავანი და მავანი სულ იმას გვიკიჟინებს, ამგვარი თვითნებური მტკიცებები ძნელად დასასაბუთებელი და დასადასტურებელიაო, რაკიღა სრულიად უგულებელყოფილია თანამედროვე ევროპული ლოგიკა და მისი მეთოდები კი აბუჩად აგდებული.
ეგებ ასეცაა, მაგრამ მე გრძნობის მეტი მეთოდი არ ვიცი; და როცა გული ბოღმით მევსება, ეჭვები მღრღნის, ზიზღი მახრჩობს, მაშინ კი მივუშვებ ხოლმე გულს თავის ნებაზე, დაე, მან ილაპარაკოს, თქვას ყველაფერი, რაც პირზე მოადგება-მეთქი.
იტყვიან ხოლმე, თითქოს ჩვენ, ესპანელები ერთი თაღლითი, უქმად მოლაყბე ხალხი ვიყოთ და ლოგიკის სიცარიელეს რიტორიკით ვავსებდეთ, მახვილსიტყვაობით ვკაზმავდეთ და მაინც უქმად ვირჯებოდეთ, რადგან ამ სქოლასტიკური და კაზუისტური სულით დასკვნების გამოტანის უნარი არ შეგვწევდეს და ა.შ., ა.შ.
გამიგონია, ავგუსტინეც, ის დიდი აფრიკელიც, ამასვე ამბობდაო, როცა ეს მგზნებარე სულის ადამიანი რიტორიკის, ღვლარჭნილსიტყვაობის, ანტითეზების, პარადოქსებისა და მახვილგონიერების ტალღებს ააბორგებდაო. წმინდა ავგუსტინე, აი, ვინ იყო ნამდვილი გონგორისტიცა და კონსეპტისტიც მე თავად სწორედ მან დამარწმუნა, რომ კონსეპტიზმი და გონგორიზმი ვნებისა და გზნების ყველაზე უფრო ბუნებრივი გამოხატულებაა.
დიდი აფრიკელი, აფრიკელი ანტიკოსი! და აი, აკი მივიღეთ კიდეც გამოთქმა "აფრიკელი ანტიკოსი" და შეგვიძლია შევუპირისპიროთ "თანამედროვე ევროპელს", ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელობით შორს არაა; დიახ, აფრიკელი და ანტიკოსი გახლდათ წმინდა ავგუსტინე; ტერტულიანეც ხომ იგივე იყო; მაშინ რატომ არ შეგვიძლია ვთქვათ "საჭიროა ანტიკურობის გააფრიკულება", ანდა "აფრიკულის გაანტიკურება!"
მას შემდეგ, რაც ამ რამდენიმე წლის წინათ თანამედროვე ევროპის კულტურის კერები მოვინახულე და მერე ჩემსას მოვუბრუნდი, მარტო რომ დავრჩი საკუთარ ცნობიერებასთან, ვკითხე ჩემს თავს: "ვარ კი ევროპელი? ვარ კი თანამედროვე?" და ჩემმა ცნობიერებამ მიპასუხა: "არა, შენ არა ხარ ევროპელი, ანუ ის, ვისაც ევროპელს უწოდებენ! არა, შენ არა ხარ თანამედროვე, ანუ ის, ვისაც თანამედროვეს უწოდებენ!" და მე კვლავ მივმართავ ჩემს თავს: "და თუ შენ არც ევროპელად გრძნობ თავს და არც თანამედროვედ, მაშინ ვაითუ არც ესპანელად მიგაჩნია თავი!" მაგრამ ჩვენ, ესპანელები ხომ სულის სიღრმეში ესპანელებად ვრჩებით და ევროპულობისა და თანამედროვეობის შემადგენელ ნაწილებად არ ვიშლებით! მაშასადამე, რაკი ასეთები ვართ, აღარაფერი გვეშველება? მაშასადამე, თანამედროვეობისა და ევროპულობის გარდა სხვა ცხოვრება აღარ არსებობს? სხვა კულტურა, თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით, აღარა არის რა?"
ამთავითვე უნდა გამოვტყდე, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო იზრდება ჩემი აღშფოთება იმათ მიმართ, ვინც ევროპულ სულზე, დღევანდელ ორთოდოქსულ მეცნიერებაზე პირველად წამოიწყეს ლაპარაკი, მათს მეთოდებსა თუ ტენდენციებზე მიგვანიშნეს.
დღესდღეობით ორი თემა გახდა განსჯის საგანი - მეცნიერება და ცხოვრება. არც ერთი და არც მეორე, მართალი გითხრათ, დიდად არ მეფონება გულს.
მე რომ მკითხოთ, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება მეცნიერებას, ანდა თუ გნებავთ, მეცნიერებას ფართო მნიშვნელობით, თუმცა კი ძალიან მოიკიდა ფეხი და დიდის მონდომებითაც იღვწის, როგორმე უფრო ღრმა აზრი და სიზუსტე მიანიჭოს უნივერსუმს. როდესაც მე, ასე თუ ისე, სპენსერიანელი გახლდით, მეგონა მეცნიერებაზე შეყვარებულიც ვიყავი, მერე კი მივხვდი, რომ ვცდებოდი და ისევე ვცდებოდი, როგორც ცდებიან ხოლმე ადამიანები, რომელთაც ეჩვენებათ ბედნიერები ვართო და სინამდვილეში არ არიან (თუმცა, მეორეს მხრივ, ვერც შეედავები, აკი ბედნიერებაც სწორედ ისაა, როცა გგონია ბედნიერი ვარო). არა, არასოდეს ვყოფილვარ მეცნიერებაზე გადარეული. მე რაღაც სხვას ვეძებდი, რაღაც სხვა მეგულებოდა მის მიღმა, მაგრამ როცა მის ავბედით რელატივიზმს შევეჯახე, მივედი კიდეც ignorabimus-მდე და ისიც კარგად გავაცნობიერე, რომ ყოველთვის მძულდა იგი. "მერედა რა შეიძლება მეცნიერებას დავუპირისპიროთ?" - ვამბობ ჩემთვის, - ეგებ უმეცრება! მაგრამ ზუსტი კია? მაშინ წინასწარმეტყველის, დავითის ძის, იერუსალიმის მეფის კვალად მეც უნდა გავიმეორო, მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს-მეთქი და მეცნიერსაც და უმეცარსაც ბოლო მაინც ერთი აქვს-მეთქი; მაგრამ სულ ასეც რომ არ არის! თუმცა რა საჭიროა ახალი სიტყვის ძებნა ან შეთხზვა, მეცნიერებას რომ დავუპირისპიროთ, როცა ასეთი სიტყვა არსებობს და ეს სიტყვა გახლავთ სიბრძნე; ფრანგულად -sagesse, ინგლისურად - wisdom, გერმანულად - wiesheit ან lugheit. მაგრამ უპირისპირდება კი იგი მეცნიერებას? - ვეკითხები ჩემს თავს და მივყვები მსჯელობის ჩემივე მეთოდს, ჩემი სულის გზნებით, ჩემი შინაგანი წინააღმდეგობრიობითა და შინაგანი ალღოთი წაქეზებული ვპასუხობ: "დიახ, უპირისპირდება; მეცნიერება ადამიანს განძარცვავს სიბრძნისაგან და გადააქცევს ცოდნით დამძიმებულ ლანდად".
მეორე თემა, რაზეც დღეს ყველა და ყველგან ლაპარაკობენ, გახლავთ სიცოცხლე და ამას კი ადვილად მოეძებნება საპირისპირო სიტყვა. სიცოცხლეს უპირისპირდება სიკვდილი.
ეს ახალი შეპირისპირება კი პირველის ნათელსაყოფად გამომადგება. სიბრძნე მეცნიერებისთვის იგივეა, რაც სიკვდილი სიცოცხლისთვის, ანდა, თუ გნებავთ, სიბრძნე სიკვდილისთვის იგივეა, რაც მეცნიერება სიცოცხლისთვის.
მეცნიერების საგანი გახლავთ სიცოცხლე, სიბრძნისა - სიკვდილი. მეცნიერება ღაღადებს: "უნდა ვიცხოვროთ!" - და ეძებს სიცოცხლის გახანგრძლივების, მისი გაუმჯობესების, გაიოლების გზებს, რომ ასატანი და საამური გაგვიხადოს ეს საწუთრო; სიბრძნე კი გვეუბნება: "მაინც მოვკვდებით!" - და ეძებს გზებს, რომ შეგვამზადოს სიკვდილთან უშფოთველი შეხვედრისათვის. "Homo liber de nulla re minus quam de morte cogitat et eius sapientia non mortis, sed vitae meditatio est". ამას ჩივის სპინოზაც თავისი "ეთიკის" IV თავში (LXVII). ესპანურად კი ასე ითარგმნება: "თავისუფალი ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს, გარდა სიკვდილისა, თუმცა მისი სიბრძნე არის მედიტაცია არა სიცოცხლეზე, არამედ სიკვდილზე".
ამ შემთხვევაში, ეს სიბრძნე, ეს sapientia, სიბრძნე კი აღარ არის, არამედ მეცნიერებაა. ალბათ მართებული იქნებოდა, ჯერ გაგვერკვია, რას ნიშნავს თავისუფალი ადამიანი, ადამიანი თავისუფალი უკიდურესი სევდისაგან, თავისუფალი გამუდმებული ძრწოლისაგან, თავისუფალი სფინქსის მზერისაგან, ანუ ადამიანი თანამედროვე ევროპის იდეალი რომ გახლავთ.
ახლა ვნახოთ მეორე კონცეფცია, რომელიც ჩემთვის არცთუ ნაკლებ უსიამოვნოა, ვიდრე ცხოვრება და მეცნიერება; ეს გახლავთ თავისუფლება. მაგრამ არ არსებობს სიკვდილზე უფრო ჭეშმარიტი თავისუფლება.
მერედა რა ძევს ყველაფერ ამის სიღრმეში? მაინც რას ეძებენ, რისთვის ილტვიან ისინი, ვინც ასერიგად ებღაუჭება მეცნიერებას, ცხოვრებასა თუ თავისუფლებას და ნებსით თუ უნებლიედ გვერდს უვლის სიბრძნესა და სიკვდილს? ისინი ეძებენ ბედნიერებას! აი, რას!
და მე მწამს, - თუმცა ეს ჩემი რწმენა შესაძლოა თვითნებობა თუ ახირებაც იყოს, - დიახ, მე მჯერა, რომ ჩვენ სწორედ ამ ძიების შუაგულში ვართ. ეგრეთ წოდებული თანამედროვე ევროპელი იმისთვისაა მოწოდებული, რომ ეძიოს ბედნიერება თავისთვისაც და სხვებისთვისაც; მეც ასევე ვფიქრობ, ადამიანი მუდმივად უნდა ილტვოდეს ბედნიერებისკენ, თუმცა მე თავად ეს არ ძალმიძს.
და ახლა, ჩემს ამ აღსარებაში ერთ ჩემს აკვიატებულ დილემაზე მინდა მოგახსენოთ, დილემაზე-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ლოგიკურად ამის დამტკიცებას ნამდვილად ვერ შევძლებ, რამეთუ იგი გულითა მაქვს ნაგრძნობი და არა გონებით განსჯილი; და აი, რა დილემაზე - ბედნიერება თუ სიყვარული. თუ გსურთ ერთი, მაშინ უარი უნდა თქვათ მეორეზე. სიყვარული კლავს ბედნიერებას, ხოლო ბედნიერება კლავს სიყვარულს.
ეს ყველაფერი კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ჩვენი დიდებული მისტიკოსები, ჩვენი უებრო, წმინდა სისხლის ფილოსოფოსები, ვინც იყვნენ ესპანური სიბრძნის შემოქმედნი და არა მეცნიერებისა, - საბედნიეროდ, ცნებები მეცნიერება და ესპანეთი სრულიად შეუთავსებელია, - სიყვარულზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ გრძნობდნენ მას და ამიტომაც უთქვამთ "ვკვდები, რომ არ მოვკვდე", ანდა "საამო ტკივილი" და კიდევ სხვა და სხვა, რაც სწორედ რომ გრძნობათა სიღრმეზე მეტყველებს.
*
კარგი და კეთილი, მაგრამ რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას ესპანეთის სულიერების პრობლემასთან? განა ეს წმინდა წყლის პოზიციაზე და მით უმეტეს, ინდივიდუალობასა თუ ნების თავისუფლებაზე მეტია? ანდა თავად მე, ყველაფერ ამას ისე განვიცდი, როგორც ესპანელი? ნუთუ ეს სწორედ ის ესპანური სულია, მე რომ შთამაგონებს?
იტყვიან ხოლმე, სულ კათოლიკე მეფეებისა და ეროვნული გაერთიანების წყალობითაა ჩვენი ისტორიის კურსი რომ შეტრიალდაო. ესეც არ იყოს, მას შემდეგ, ანუ ამერიკის აღმოჩენისა და ევროპის ქვეყნების საქმეებში ჩვენი გარევის შემდეგ მოხდა, რომ სხვა ხალხების ცხოვრების დინებას გავყევით და შემოიჭრა ესპანეთში რენესანსის მძლავრი ნაკადი, შემოიჭრა და წალეკა ჩვენი შუასაუკუნოებრივი სული. რენესანსი კი საფუძველშივე იყო მეცნიერება, უპირატესად ადამიანისა და ცხოვრების ფორმაში გამოხატული და მაშინ ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ სიკვდილზე; და ქრებოდა მისტიკური სიბრძნე.
ისიც არაერთხელ უთქვამთ, ესპანელი ყველაზე მეტს სიკვდილზე ფიქრობსო, ამასთან, ყველა ხერხითა და საშუალებით მიგვანიშნებდნენ, ზოგჯერ საკმაოდ მოურიდებლადაც კი, თითქოს სწორედ ეს, სიკვდილზე ამდენი ფიქრი იყოს მიზეზი, რომ ვერა და ვერ შევეთვისეთ ევროპულ თუ თანამედროვე ცხოვრების ყაიდას. სიკვდილიანობას, სალმობას და ჯანის სისუსტესაც კი ამ ყბადაღებული სიკვდილის კულტს აბრალებენ. მე კი, ჩემის მხრით, ვიტყოდი, პირიქით, ძალიან ცოტასაც კი ვფiქრობთ, უფრო სწორად, სანახევროდ თუ ვფიქრობთ-მეთქი.
ხოლო ამ სანახევროდ ფიქრისა და განსჯის მიზეზი კი ის არის, რომ მაინც იქით გვიჭირავს თვალი, ეგებ ევროპელები და თანამედროვეები გავხდეთ, მაგრამ არც ესპანელობაზე ავიღოთ ხელი; ეს კი არ ეგების. და აკი მივიღეთ კიდეც წმინდა სიბრძნისა და ეგზოტიკური მეცნიერების, სიკვდილის ღრმა განცდისა და იმავდროულად სიცოცხლეზე ზრუნვის სამარცხვინო ნარევი. მაგრამ არც პროგრესისთვის რომ აგვიქნევია ხელი, ჩუმჩუმად რომ მაინც შემოდიოდა ჩვენში!
"თავს ნუ მოიტყუებთ, - მითხრა ერთხელ ჩემმა ერთმა უცხოელმა მეგობარმა, რომელსაც რატომღაც თანამედროვედ და ევროპელად მივაჩნდი, - თავს ნუ მოიტყუებთ, თქვენს ესპანელებს სულ არ გააჩნიათ უნარი თანამედროვე ცივილიზაციას ეზიარონ, ის კი არადა, წინააღმდეგობასაც კი უწევენ მას". იგი გაოცებისაგან გაშეშდა, როცა ვუპასუხე: "რაო, განა ეს ცუდია?" - ისეთი თვალებით დამიწყო ყურება ანაზდად გაგიჟებულ კაცს რომ მიაშტერდებიან; ეტყობა, მოეჩვენა, რომელიღაც გეომეტრიულ თეორემაზე ვეკამათებოდი და ერთ ახსნა-განმარტებას მოჰყვა, მაგრამ მე აღარ ვაცალე: "არა, თავს ნუ შეიწუხებთ, ტყუილად ცდილობთ რაიმეში დამარწმუნოთ; ვგონებ, არც მე დამწამებთ ბაქიაობას და არც პირფერობაში ჩამომართმევთ და პირდაპირ გეტყვით, ეჭვი არ მეპარება, შეგიძლიათ უამრავი მაგალითიც მომიყვანოთ და კიდეც დამისაბუთოთ თქვენი მოსაზრებები, მაგრამ არც ისე მარტივად გადასაწყვეტია, რამეთუ ეს გრძნობის საკითხია და არა გონებისა".
ახლა უკვე გრძნობებზე მოინდომა სჯა-ბაასი, მაგრამ აქაც ერთბაშად მოვუჭერი სიტყვა: "არა, ჩემო მეგობარო, არა, თქვენი იარაღია ლოგიკა, მე კი გრძნობებზე მოგახსენებთ, გრძნობებს ხომ ვნება წარმართავს და არა ეგ თქვენი ლოგიკა". - ასე დავშორდით ერთმანეთს და მე კვლავ მივუბრუნდი დიდი აფრიკელი ანტიკოსის "აღსარების" კითხვას.
განა მართლა ასე არ არის, განა ჩვენ ესპანელები სულიერად ვეპუებით ამ ეგრეთ წოდებულ თანამედროვე კულტურას? და თუ ნამდვილად ასეა, ამიტომ უნდა დაგვჯაბნონ? ამიტომ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ და მოვკვდეთ, - მით უმეტეს, მოვკვდეთ, - ღირსეულად ამ ყბადაღებული კულტურის გარეშე?
ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მაინცდამაინც გულხელდაკრეფილები, უქმად უნდა ვისხდეთ-მეთქი, უბირები და რეგვენები დავრჩეთ-მეთქი; არა, იმისათვის რომ სულიერად ავმაღლდეთ, გავიზარდოთ, სიამაყე შევინარჩუნოთ, გავკეთილშობილდეთ და ზენაარის მადლს ვეზიაროთ, სხვა გზაც არსებობს და სულაც არ გვჭირდება მათი კულტურის დახმარება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიბრძნის დამკვიდრებას მათი მეცნიერების გარეშეც კარგად მოვახერხებთ, ეგ არის მარტო ერთი რაიმე საშუალებად თუ გამოვიყენებთ, ოღონდ თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს, ჩვენს სულს არაფერი ვავნოთ. დიდი მტკიცება არ უნდა იმას, რომ სიკვდილის ჩვენეული აღქმა თუ სიყვარული რაც ჩვენი ჭეშმარიტი ცხოვრების სათავედ მიგვაჩნია, სულაც არ გულისხმობს სიცოცხლის ძალით მოსწრაფებას, ანუ თვითმკვლელობას, პირიქით, სიცოცხლე ჩვენთვის არის შემზადება სიკვდილისთვის და რაც უფრო კარგად შევემზადებით, მით უკეთესი; იგივეა სიბრძნისადმი ჩვენი სიყვარულიც; ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიყვარულმა მთლად აგვაღებინოს ხელი მეცნიერებაზე, ეს ხომ გონებრივი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა; პირიქით, მეცნიერება უნდა მივიღოთ, როგორც შემზადება და მხოლოდ შემზადება სიბრძნისათვის.
მე კვლავ ჩემსას ვიტყვი, თანამედროვე ევროპის კულტურის კერები ფეხდაფეხ რომ არ შემომევლო, მაშინ ხომ ასეთ სიამოვნებას ვერ მომანიჭებდა ვერც ჩვენი ანტიკოსი აფრიკელისა და ვერც ჩვენი ხალხის სიბრძნე, რაც ასერიგად აღიზიანებს ინტელექტუალიზმის ყველა იმ ფარისეველსა და სადუკეველს, იმ ინტელექტუალიზმისას, სულს რომ გვიწამლავს. როცა მესმის, რა ჰიმნებს უძღვნიან მეცნიერებასა და ცხოვრებას, საშინელი უნდობლობა და შიშიც კი ამიტანს ხოლმე და ამიტომ შევიყვარე მე სიბრძნე სიკვდილისა, შევიყვარე ის მედიტაცია, სპინოზა რომ იტყოდა, როცა თავისუფალი ადამიანი არ ფიქრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ბედნიერიაო.
*
ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ჩემი თანამოძმისა და მეგობრის, პიო ბაროხას სტატია, რომლის სათაურია "სევდიანი ქვეყანა!" და რომელშიც იგი წერს, ესპანეთი იმდენადვეა სევდიანი, რამდენადაც საფრანგეთი - მშვენიერიო; იგი საფრანგეთს, ამ მხიარულ, ნაყოფიერი მიწების, ველ-მინდვრების, წყალუხვი, ანკარა მდინარეების აყვავებულ ქვეყანას ადარებს ჩვენს ქვა-ღორღიან, ზაფხულში მზით გადაბუგულ, ზამთარში ყინვით დამზრალ ნახევარკუნძულს, მაგრამ ამავე დროს იმასაც შენიშნავს, საფრანგეთის სულიერი შემოქმედება ვერაფრით გაუტოლდება მისივე სასოფლო-სამეურნეო თუ სამრეწველო ნაწარმსო და რომ რასინის პიესები ისე ვერაა დამუშავებული, როგორც ბურდოს ღვინო და არც დელაკრუას სურათები ფასობს არკაშონის ხამანწკებზე მეტადო; თან დასძენს, სამაგიეროდ, ჩვენს დიდებულ ადამიანებს, როგორებიც გახლავთ სერვანტესი, ველასკესი, ელ გრეკო, გოია, მთელი დედამიწის ზურგზე ბადალი არ მოეძებნებათო, თუმცა ჩვენი საქმიანი ცხოვრება შესაძლოა ვერც მაროკოსა და ვერც პორტუგალიას ვერ გაეჯიბროსო.
მე კი ამას დავუმატებდი: "ნეტავი თუ უღირს საფრანგეთს ის თავისი საამური ცხოვრება დათმოს და სანაცვლოდ სერვანტესის, ველასკესის, გრეკოსა და გოიას სულით განიმსჭვალოს? განა მათი შედარება კი შეიძლება ბურდოს ღვინოსა და არკაშონის ხამანწკებთან?" ეგებ მე არცთუ დიდად მიუკერძოებელი შემფასებელი გახლდეთ და ისიც კარგად მესმოდეს, რომ ეს შედარებაც სრულიად უადგილოა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, მირჩევნია, ჩემს კიხოტესთან დავრჩე, ჩემს ველასკესთან, ჩემს ელ გრეკოსთან და ჩემს გოიასთან, ვერც ბურდოს ღვინო მომხიბლავს და ვერც არკაშონის ხამანწკები, ვერც რასინი გადამიბირებს და ვერც დელაკრუა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ვნებისა და სენსუალობის შედარების თაობაზეც, ვნება თავისუფალი ნებაა, სენსუალობა - ლოგიკა; ხოლო ლოგიკა თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა სენსუალობის ერთ-ერთი სახესხვაობა.
"მთელი ჩვენი მატერიალური თუ ინტელექტუალური ნაწარმი გამომშრალია, მწკლარტეა, უგემურია, - განაგრძობს ბაროხა, - ღვინო ბლანტია, ხორცი - უვარგისი, ჟურნალ-გაზეთები - მოსაწყენი, ლიტერატურა - უსიამო. ვერ გამიგია, რატომაა მაინც ასეთი უსიამო ჩვენი ლიტერატურა?"
აქ კი უნდა შევჩერდე. კარგად ვერ მივხვდი, რანაირად შეიძლება სევდიანისა და უსიამოს გაიგივება; ეგებ ზოგიერთმა მიამიტმა პარადოქსადაც კი ჩამომართვას, მაგრამ მაინც ვიტყვი, ჩემთვის უსიამო სწორედ ისაა, რაც მავანს სასიამოვნოდ მიაჩნია. აბა, რა დამავიწყებს იმ უსიამოზე უსიამო განცდას, იმ ზიზღის გრძნობას, პარიზის აჟრიამულებულ და საზეიმოდ გაჩახჩახებულ ბულვარში რომ დამეუფლა; მას შემდეგ თექვსმეტი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ვერ მომიშორებია ის დამთრგუნველი მოუსვენრობის გრძნობა. ახალგაზრდები, რომლებიც იცინოდნენ, ოხუნჯობდნენ, დროს ატარებდნენ, სვამდნენ და არშიყობდნენ, ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდნენ, თითქოს თოჯინები იყვნენ, თოკები ჰქონდათ გამობმული და ვიღაც სხვა დაატარებდათ; ასე მეგონა, გრძნობის ნატამალიც არ გააჩნდათ, ნამდვილი ლანდები იყვნენ. მე იქ, მათ შორის მარტოსული ვიყავი, თავს ნამდვილ ეულად ვგრძნობდი და ეს განცდა ტკივილს მგვრიდა; ვერაფრით დამეჯერებინა, რომ ცხოვრების ამ ორომტრიალში ჩაბმული ეს ადამიანები ჩემივ მსგავსნი იყვნენ, ჩემივ მოყვასნი და ცოცხალი არსებები, ანთუ ცნობიერება გააჩნდათ.
რა გაეწყობა, ასეა, ვისთვის სასიამოვნოა, ვისთვის უსიამოვნო, სამაგიეროდ, როცა ჩემს გატანჯულ ხალხთან ვარ, ზეცას რომ შეღაღადებენ და შესთხოვენ მოწყალება მოიღეო, როცა De Profundis-სა და Miserere-ს გალობენ, თავს ჩემიანებს შორის, ჩემს ძმებს შორის ვგრძნობ, მათთან მე სიყვარული მაკავშირებს. მერე ბაროხა წერს: "ჩემის აზრით, ყველაზე უფრო სავალალო ის არის, რომ ჩვენ, ესპანელებს უნარი არ შეგვწევს მსუბუქად და ლაღად ვიცხოვროთ..." აი, ჩემთვის კი, ერთი ყველაზე უფრო სავალალო რამ სწორედ ის იქნებოდა, ესპანელები მსუბუქები და ლაღები რომ ყოფილიყვნენ. მაშინ ხომ აღარც ესპანელები გვერქმეოდა და ვეღარც ევროპელებად ვივარგებდით; მაშინ კი მოგვიწევდა მთლად ხელი აგვეღო ჩვენს ჭეშმარიტ ნუგეშზე, ჩვენს ჭეშმარიტ ღირსებაზე, ესე იგი იმაზე, რასაც სიმსუბუქისა და სილაღის უუნარობად ნათლავენ. მაშინ ხომ ყველა ერთად და ერთბაშად უნდა შევდგომოდით მეცნიერების გამომათაყვანებელ, პოპულარული სახელმძღვანელოების ზუთხვას და სიბრძნესთან მიახლებასაც ვერ ვეღირსებოდით; სამაგიეროდ, შეიძლება უკეთესი ღვინოებიც გვქონოდა, ნაკლებად მძაღე ზეთიც და საუკეთესო ხამანწკებიც კი, მაგრამ იმის იმედი მოგვეშლებოდა, რომ კიდევ მოვესწრებოდით ახალ კიხოტეს, ახალ ველასკესს და ყველაზე უფრო ახალ სან ხუან დე ლა კრუსს, ანდა ფრაი დიეგო დე ესტელას, სანტა ტერესა დე ხესუსს, ინიგო დე ლოიოლას, ორთოდოქსებსა თუ იეზუიტებს, თუმცა, რას ვამბობ!
და ბოლოს, ბაროხა დაასკვნის: "სევდიანი ქვეყანა, სადაც ყოველ კუთხესა თუ სოფელში მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობენ, ყველაფერზე ფიქრობენ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად სიცოცხლეზე".
ასეთი თვითნებური განსჯა ისე მაშმაგებს, რომ ლამის ვყვირი: "უბედურები ისინი არიან, ევროპის ის ქვეყნები, სადაც მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობენ, რომ სიცოცხლის მეტი საფიქრალი არა აქვთ რა, უბედურები არიან ის ხალხები, რომელთაც მუდმივად არ ახსოვთ სიკვდილი, და განა არის კი სხვა რამ ისეთი, რაც წარმართავს ჩვენს ფიქრსა და ცხოვრებას, თუ არა აზრი, რომ ერთ დღესაც ყველანი დავიხოცებით!"
*
აქ კიდევ ერთი წუთით უნდა შევჩერდე, თუკი შევძლებ და შევაჩერებ ჩემს ფიქრთა სრბოლას, გავაყუჩებ ჩემს აზავთებულ გონებას და ვეცდები როგორმე განვმარტო, თუ რას ნიშნავს თვითნებობა.
უცხოელები, უწინ ფრანგები მყავს მხედველობაში, ჩვენსას არაფერს იღებენ და თუ იღებენ, ისეთს გამოარჩევენ, რაც ყველაზე ნაკლებადაა ჩვენი, და სულიერებასთან ხომ ახლოსაც არაა, - ეს ბუნებრივიც კია! - მაინცდამაინც იმისთანა იდეებს გამოჩხრეკენ, რაც მათს ყოფას მიესადაგება და, რაღა თქმა უნდა, ზედაპირულია. ჩვენ კი, ბეჩავები, ამ დროს, ვერც ვუხვდებით თვალთმაქცობას, ტაშსაც ველოდებით გარედან, ანუ იმათგან, ვისაც ჩვენი არც ესმის და ვერც ვერას გაიგებს.
მე მაინც კარგად ვერ მივმხვდარვარ, რატომ იჩემებენ, თითქოს ჩვენსას იღებდნენ და ჩვენიც გაეგებოდეთ რამე, მე რომ მათ ადგილზე ვიყო, სწორედ იმას გამოვჩხრეკდი და იმას მივაწვდიდი ჩემს თანამოძმეებს, რაც ყველაზე მწარედ მოხვდებოდათ გულზე, გააოგნებდათ და შეაშფოთებდა მათს სულსა და რწმენას, რაც უცხო იქნებოდა მათთვის.
მაგრამ არც მათი საქციელია გასაკვირი, ხალხს აკი ის მოსწონს, რაც მათს ფიქრებსა და ცრურწმენას კვერს დაუკრავს, სწორედ ის აამებთ, როცა ატყუებენ, და რჩებიან კიდეც მოტყუებულები.
რა უნდა იღონო კაცმა, როცა ამისთანა ხალხთან გაქვს საქმე, რას გააწყობ მათი საქციელის შემხედვარე, გინდა ნებსითი იყოს და გინდა უნებლიე, მაგრამ ჩვენც რომ დავყვებით ხოლმე, დავყვებით და ნელ-ნელა ვკარგავთ, ვღალატობთ ჩვენს ბუნებას; ანდა როგორ გაუძლებ, როცა გამუდმებით გიჩიჩინებენ: "თუ გნებავთ ჩვენნაირები გახდეთ და გადარჩეთ, მაშინ ჩვენიც უნდა მიიღოთო".
ეგებ ჩვენ თვითონ ვცადოთ და გავაესპანუროთ ევროპა? ეს ერთადერთი გზაღა დაგვრჩენია, რომ გავევროპულდეთ. ერთი დავფიქრდეთ, რა გვაქვს მათგან მისაღები, რას მიიღებს ჩვენი სული ევროპული სულისგან? მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია!
*
ერთნი თვითნებობას დამაბრალებენ, მეორენი, პირიქით, ისე გაიგებენ ჩემს ნათქვამს, როგორც არის და ეგებ ასეცაა სინამდვილეში, მაგრამ მე რა ვიღონო?
- კმარა! - იტყოდა მავანი და მავანი ლოგიკურად მოაზროვნე, თანამედროვე ევროპელი მკითხველი, - ახლა კი გაები, შენ თვითონ აღიარებ, რომ შენს ამგვარ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია, უბრალოდ, ახირებაა, ვერაფრით დაასაბუთებ და საქმედ არ უნდა აქციო! მე კი ამ ბეჩავ, ლოგიკურ მკითხველს, ევროპულსა და თანამედროვეს და, რაღა თქმა უნდა, მეცნიერებასა და სიცოცხლეზე შეყვარებულ ადამიანს ასე ვუპასუხებდი, თუკი რაიმე აზრი ახირებად მიგაჩნიათ, გგონიათ, რომ მისი დამტკიცება-დასაბუთება ლოგიკური მსჯელობის გზით შეუძლებელია, მაშინ ვერც იმას დაამტკიცებთ, სიყალბეაო, მაგრამ რაც მთავარია, იმას მაინც ვერ უარყოფთ, ასეთი მტკიცებები სულს რომ ამხნევებს და ცხოველჰყოფს, შინაგან ცხოვრებას წააქეზებს, შინაგან ცხოვრებას, რაც სრულიად განსხვავდება ლოგიკასა და მეცნიერებაზე გადარეული მკითხველის ცხოვრებისგან.
*
ორიოდე დღეა ხელი აღარ დამიკარებია ჩემი ესეისთვის, ძაფი გამიწყდა და შემთხვევასღა ველოდი, რომ გამეგრძელებინა და აკი მომეცა კიდეც ასეთი შემთხვევა დღეს, 13 მაისს, როცა ერთ ფრაზას წავაწყდი, რამაც სრულიად შემაცვლევინა მსჯელობის გეზი. სწორედ იგივე ემართებათ ხოლმე მდინარეებსაც, როცა გზად კლდე გადაეღობებათ, ამოვარდებიან კალაპოტიდან და იქამდე მიექანებიან უგზო-უკვლოდ, სანამ ან სხვა მდინარეს, ან სულაც ზღვას არ შეერთვიან. საოცარია, მაგრამ აზრებსაც იგივე სჭირთ, განა იშვიათად მომხდარა, როცა თავში ათასნაირი აზრი ბორგავს და გზა ვერ უნახავს, წყვდიადში გაღივებაც უჭირთ, უთავბოლოდ დაბორიალობენ, ერთმანეთს ვერ ხვდებიან, ხვდებიან კი არადა, კიდეც გაურბიან, რადგან აზრებს ადამიანებზე უფრო ეშინიათ სიბნელისა; მაგრამ, აი, შემოიჭრება ახალი, ელვარე აზრი, გაანათებს ყველა კუთხე-კუნჭულს და აქამდე თავთავიანთთვის მიყუჟულები ერთბაშად წამოიშლებიან, გამოცოცხლდებიან, გაეცნობიან ერთმანეთს, გადაეჭდობიან, ლამის საძმოს შეკრავენ და ბოლოს მაინც ეწევიან ცხოვრების სისრულეს.
ერთი ასეთი კუნჭული მეცა მქონდა გულში და იქაც ასევე ბორიალობდნენ წყვდიადში გზააბნეული აზრები, სანამ ერთ დღეს, მადრიდის ყოველდღიურ გაზეთში "La Correspondencia de España" არ ამოვიკითხე ფრაზა, რომელიც პირდაპირ პასუხობდა ჩემს გუშინდელ, 12 მაისის ფიქრებს.
სტატიაში, რომელსაც ხელს აწერდა ფაბიან ვიდალი და რომლის სათაური იყო "დღევანდელობა: კანოვასი", ავტორი ამბობს: "საგასტამ გაუგო ესპანელებს, მაგრამ ვერ გაუგო ესპანეთს! კანოვასმა ვერასოდეს ვერ ამოიცნო, მაინც რა მასალისგან იყვნენ შექმნილნი მათი თანამოძმეები".
წავიკითხე თუ არა ეს, მაშინვე ვიგრძენი, როგორ გამინათდა გონება და ერთბაშად დავინახე ის სხვაობაც, რაც ესპანეთის სულსა და ესპანელების სულს შორის არსებობს, ყველა ჩვენი ესპანელისა, ვინც დღეს ვართ ცოცხლები და მყისვე ისიც გამახსენდა, ბოლო კარლისტური ომის დროს, - მაშინ სულ ყმაწვილი გახლდით, - ერთმა კაცმა რომ თქვა: "მთელი ბილბაოც რომ გამხდარიყო კარლისტი, ბილბაო მაინც თავისუფალი დარჩებოდაო!" პარადოქსია, როგორც იტყვიან, მაგრამ სწორი ნათქვამი კია, ნამდვილი ვნების ჭეშმარიტებაა, გულის ჭეშმარიტებაა. მას შემდეგ სულ ეს მიტრიალებს თავში. "საგასტამ გაუგო ესპანელებს, მაგრამ ვერ გაუგო ესპანეთს!" - განა იგივე არ ითქმის ყველა იმ უხამს გამგებელზე, თავის გემოზე რომ ცხოვრობს და მშვენივრადაც სარგებლობს თავისი ძალა-უფლებით, ყველა იმ უხამს მწერალზე, საკუთარი წიგნების ტირაჟებს რომ ბეჭდავენ და ასაღებენ, ყველა იმ უხამს ხელოვნების მოღვაწეზე, მოაზროვნეზე! დიახ, ყველა კარგად უგებს თავის თანამოძმეებს, მაგრამ არა თავის სამშობლოს. ასეა ეს!
ესპანეთის სულში კი ცხოვრობენ და იღვწიან ჩვენ, ცოცხლებს გარდა, ჩვენზე ბევრად უკეთესნი, ჩვენი წინაპრები; დღესდღეობით ცოცხალთა სულები კი მათსავით ჯერ ვერ დავმკვიდრებულვართ, რამეთუ ჩვენი სული მანამდე არ შეერწყმის ჩვენს სამშობლოს, სანამ არ დატოვებს სხეულს, დროებით სამყოფელს, სანამ არ გარდავიცვლებით, არ გავეყრებით ამ საწუთროს.
ნეტავი, ასე რაისთვის ვირჯებით, რაისთვის ვისწრაფით მაინცდამაინც ეს თანამედროვე აზროვნება დავნერგოთ და თანაც იმ ენაზე, რომელიც არც ევროპულია და არც თანამედროვე? აბა, გასინჯეთ, როცა ჩვენ ერთი რამის თქმა გვინდა, ის სულ სხვას გვათქმევინებს და ვერც ვერასოდეს გამოვთქვამთ იმას, რასაც სინამდვილეში ვფიქრობთ და პირიქით, ჩვენდაუნებურად ვიმეორებთ იმას, რისი თქმაც აზრადაც არ გაგვივლია.
რატომღაც ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, ბევრს მაინც, საკუთარი სული გავიმრუდოთ გარეშეთა მიბაძვით, ქომაგი და მისაბაძი რომ გვგონია და ვცდილობთ, როგორმე მივემსგავსოთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის, ვერც იმათ ვემსგავსებით, ვისაც ვბაძავთ და ვერც თავისთავადნი ვრჩებით. აქედან კი იბადება შემზარავი სულის ნაჯვარი, თითქმის უნაყოფო ჰიბრიდი.
აქედანვე იწყება ყველაზე უცნაური და საკვირველი რამ და ამას ერთ მშვენიერ დღესაც ყველანი მივხვდებით, თუკი გამოჩნდება ვინმე და ხელს მოჰკიდებს XIX-XX საუკუნეების გასაყარზე ჩვენი ესპანეთის სულიერი მდგომარეობის კვლევას; მაგრამ კიდევ უფრო უცნაური და საკვირველია, რომ სწორედ ის ესპანელი ითვლება ნამდვილ ევროპელად, ვინც ესპანელია სისხლით, ჯიშით, მოდგმით, გამოირჩევა ეგზოტიკურობით და სულის სიღრმით და პირიქით, ისეთებიც არიან, რომელთაც ბევრი მიამიტადაც მიიჩნევს ეგზოტიკური სულის გამო, ვითომ გაინგლისელებულები, გაგერმანელებულები, გადაფრანგებულები თუ განორვეგიელებულები, მაგრამ ფესვებით კი დაკავშირებულნი არიან მათთან, ვინც გახლდათ ესპანური სულის ჭეშმარიტი შემოქმედნი, რამდენჯერ შემიმჩნევია, გინდა გრამატიკულად ვთქვათ და გინდა რიტორიკულად, მარტო გარედან რომ აკრავთ ქერქი, თორემ ფესვებით ერთიანად ამოძირკვულნი ყოფილან სამშობლოს სულიდან და პირიქითაც; ერთ გაბღენძილ რეგვენს ვიცნობდი, ლიტერატორი ბრძანდებოდა და ერთ დროს კარგი სახელითაც სარგებლობდა, ჩვენს მისტიკოსებს ჩაჰკირკიტებდა, ეგონა, მათგან ვისწავლი თუ ვისწავლი წმინდა კასტილიურსაც და კარგ წერასაცო, მაგრამ კი ვერაფერი გაუგო მათ მგზნებარე სულს, ჭეშმარიტად ესპანური მოდგმის სულს და ვერც ვერაფერი შეითვისა მათგან, მაგრამ ამავე დროს ისეთებსაც ვიცნობდი, რომელთაც არც არაფერი წაუკითხავთ რა, არც აზრად მოსვლიათ მათ ლიტერატურულ ტრადიციებსა თუ ორთოდოქსულ რელიგიას ზიარებოდნენ, მაგრამ თავიანთ სამშობლოს სულიერ ატმოსფეროში კი ტრიალებდნენ და სწორედ იმ მისტიკური ჰაერით სუნთქავდნენ, მათ რომ ასულდგმულებდათ.
ნეტავი რითი აიხსნება ასეთი დაბნეულობა, რა უნდა იყოს ამის მიზეზი? არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ადამიანებს უწინ იმის დიდი სურვილი ამოძრავებთ, როგორმე თავი დიდ ბრძენკაცებად წარმოაჩინონ, ეგ არის, სიბრძნისა ცოტა რამ სცხიათ, და კიდევ ისიც, რომ მაინცდამაინც იმათგან მოითხოვენ ლოგიკას, ვინც ყველაზე უფრო ფიცხი და დაუყოლიებელია. "ხალხს, - მეტყვის ხოლმე ჩემი მეგობარი, როცა ასეთ თემაზე ჩამოვუგდებ სიტყვას, - ხალხს ისეთი რამ სჭირდება და ისეთ რამეს მოითხოვს, როგორც იტყვიან, ცხოვრებაში რომ გამოადგება, თუნდაც გარკვეული იდეები, სასარგებლო ცოდნა, მეცნიერული თუ სხვა ახალი ცნობები, გონივრული ახსნა-განმარტებები, ხოლო ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, გრძნობებისა და ოცნებებისგან არ მოდის". ამისთანა აზრებს რომ ვისმენ, მაშინვე თავში გამიელვებს: "ბეჩავი ხალხი!" მერე კი, ცოტას რომ დავფიქრდები, მაინც ვიტყვი: "ერთის მხრივ, ეგებ მართლებიც არიან; ძალიან კარგი, თუკი ამას მაინც მოითხოვენ, მაგრამ ნუღარც სხვას ჰკრავენ ხელს! და, რაც მთავარია, რატომ არ უნდა მოეთხოვოს ყველას, თვითონაც გასცენ, თუკი აქვთ გასაცემი?" ახლა ჩვენი ხალხისაც ვთქვათ, რატომ ვართ ასე მონდომებული, რომ გავიმრუდოთ ეს ჩვენი შინაგანი ბუნება და უარი ვთქვათ იმაზე, რაც ბუნებითვე გვაქვს მომადლებული, ჩვენ კი სხვა რაღაცას ვეპოტინებით? ჩვენი ხინჯი, - ანუ ის, რაც სხვებს მიაჩნიათ ჩვენს ხინჯად, - სწორედ რომ ჩვენი უპირატესობაა, ის რაშიც სხვები ჩვენს წუნს ხედავენ და კიდეც დაგვცინიან ამისთვის, სწორედ რომ ჩვენი ღირსების ფუძეა. როცა კაცმა თავისი სიძუნწის ამბავი იცის, ისიც კარგად ესმის, რას ნიშნავს სიძუნწის ეთიკა და კეთილშობილური ხელგაშლილობის ფასსაც ხვდება, მაგრამ, თუ თავის ამ ნაკლს ვერ სძლია, ისევ საკუთარ თავს ავნებს და ასეთი კაცისგან სიკეთეს არ უნდა ელოდე. იგივე ითქმის ხელგაშლილზეც; როცა მან იცის თავისი ხელგაშლილობის ამბავი, კეთილშობილური გულუხვობის ეთიკაც არ არის მისთვის უცხო, მაგრამ თუ ამ ეთიკას გადაუხვევს, კვლავ თავის საკუთარ თავს მოუტანს ზიანს და არც მისგან უნდა ელოდეს კაცი დიდ სიკეთეს. ხოლო რაც ხდება ეთიკის სფეროში, იგივე ხდება ესთეტიკის სფეროში, რაც ხდება ინდივიდში, იგივე ხდება ხალხშიც.
არ არსებობს უნივერსალური ესთეტიკა, ისეთი ესთეტიკა, რომელიც ყველა ხალხისთვის ერთნაირად გასაზიარებელი იქნებოდა; წმინდა ესთეტიკა! არც გამიგია, თუ ასეთი რამ არსებობს და ვგონებ, არც შეიძლება არსებობდეს; განა ეს სწორედ ის ესთეტიკა არ არის, ჩვენი კონსეპტიზმი და გონგორიზმი ასე რომ გაკილა და ჩვენი წმინდა, ბუნებრივი მაღალფარდოვნება უგემოვნობად გამოაცხადა? არ არსებობს უნივერსალური ესთეტიკა, ყველა ხალხისთვის ერთნაირად მისაღები რომ იყოს, ეს იმათი ესთეტიკა გახლავთ, სხვისი, უფრო სწორად, ფრანგებისა, ვინც თავისი კანონები ბევრს მოახვია თავს. ამ ხალხის ლიტერატურისა და ხელოვნების უპირველესი ნაკლი ის გახლავთ, რომ შემაძრწუნებლად ლოგიკურია და სასოწარკვეთამდე გეომეტრიული, კარტეზიანული და სინამდვილეში ძალზე დაშორებულია კონსეპტისტური და გონგორისტული ესთეტიკისგან, მაგრამ მაინც რომ მოახერხა ჩვენშიც შემოეღწია თავისი კარგითაც და ავითაც. განა იმაზე უარესი შეიძლება წარმოიდგინო კაცმა, როგორიც გადაფრანგებული ესპანური ლიტერატურაა, ანდა ისეთი ესპანელი მწერლები, მართლაც რომ ყალბი და ბედითი, რომელთაც ფრანგული ლიტერატურის მიმბაძველობით მოიკიდეს ფეხი!
მაღალფარდოვნება! და თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენთვის ბუნებრივია? თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენი ბუნების სტიქიური გამოვლინებაა? თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენი ვნების ისეთივე გამოვლინებაა, როგორიც მათი სენსუალობაა და ბუნებრივად და კეთილგონივრულად კი ნათლავენ ხოლმე! მე ერთი რამ ვიცი კარგად, როცა კაცი მართლა აღშფოთებულია ან აღფრთოვანებული, იგი არასოდეს არ გამოხატავს ამ გრძნობებს გონივრული, ნათელი, ლოგიკური, დალაგებული ფრაზებით, არამედ პირიქით, ან ერთბაშად, თავშეუკავებლად გადმოაფრქვევს, რაც კი ენაზე მოადგება, ანდა დითირამბების ბუქს დააყენებს. მეც ვიცი და ხალხსაც მშვენივრად მოეხსენება, რომ სამიჯნურო წერილები, - ნამდვილ სიყვარულს გულისხმობს, ტრაგიკულ სიყვარულს, რომელსაც ბედნიერება არ უწერია, - რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ზოგადი ფრაზების ცეცხლოვანი ნაკადია.
ბევრჯერ მიფიქრია, ალბათ გონგორიზმი და კონსეპტიზმი, გარკვეული აზრით, ვნების გამოხატულებაა-მეთქი, მით უმეტეს, კონსეპტიზმი და ამას კიდეც ვამტკიცებ, რაღა თქმა უნდა, კვლავ თვითნებურად. თითქმის ყველა მგზნებარე სულის ადამიანი, რომელსაც კი იცნობს კაცობრიობის ისტორია, თვით დიდი აფრიკელიც, ვისზეც ზემოთ ვისაუბრეთ, კონსეპტისტებიც იყვნენ და თავიანთ სევდასა და წუხილს ანტითეზებში, პარადოქსებში და ისეთ ფრაზებში აფრქვევდნენ, ერთი შეხედვით, გონებამახვილობადაც კი მოგეჩვენებოდათ. ეგებ ეს იქიდანაც გამომდინარეობდეს, რომ ვნება ლოგიკის დაუძინებელი მტერია, რომ მასში ხედავს ტირანს და ესეც არ იყოს, კონსეპტიზმი ძირშივე გახლავთ ძალადობა ლოგიკაზე ლოგიკისავე მიერ; ამიტომაა, ცნებებით რომ თამაშობს და თავდაყირა აყენებს იდეებს, რომელიც გასაქანს არ აძლევს ისე იმოქმედოს, როგორც თავისივე ვნება უკარნახებს.
მე მჭირდება ჩემი სულის, ჩემი საკუთარი სულის უკვდავება, ჩემი ინდივიდუალური შემეცნების შეუზღუდავი მარადიულობა; მე ეს მჭირდება და უამისოდ, ამ რწმენის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია; და ეს ეჭვი, ეს ურწმუნოება, რომ მე ეს არ ძალმიძს, საშინლად მტანჯავს. და რაკი ეს მჭირდება მე, ჩემი ვნებაც მაქეზებს ვამტკიცო ის, რასაც ვამტკიცებ და თანაც თვითნებურად, ამასთან ვცდილობ სხვებიც დავარწმუნო, მაგრამ სხვები რომ დავარწმუნო, ჯერ მე თვითონ უნდა დავრწმუნდე. მაგრამ, როცა მე ასე ვეურჩები ლოგიკას და სულ იმის ცდაში ვარ, პირაღმა დავცე იგი, ისეთ არგუმენტებს ვიშველიებ ხოლმე, რასაც სხვები გონებამახვილობად და პარადოქსებად ნათლავენ, ხოლო ეს ბეჩავი ხალხი, რომელთაც ვნების ნატამალიც არ გააჩნიათ, უდრტვინველად ეგუებიან აზრს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ყველაფერი დაიქცევა და დამთავრდება.
მგზნებარება, თავისუფალი ნება ამბოხის საუკეთესო გამოხატულებაა; - ისეთი გროტესკული შთაბეჭდილება ჩემზე არაფერს მოუხდენია, როგორიც გადაფრანგებულ სუბიექტებთან შეხვედრამ მოახდინა, რომელთაც, რატომღაც დაუჩემებიათ, ყოველგვარ ტირანიას თავი დავაღწიეთო, თავისუფალი ნებაც გაგვაჩნია, ძლიერი სულიც და ხანდახან ანარქისტებიც და ხშირად ათეისტებიც გახლავართო; მაგრამ ლოგიკის დიდი ერთგულებიც რომ ბრძანდებიან და კარგი გემოვნების კოდექსის თავდადებული დამცველებიც; მორატინსაც კითხულობენ და საღი აზრითაც თავი მოაქვთ! ღმერთმა ხელი მოუმართოთ! დიახ, მაღალფარდოვნება, ქედმაღლობა, კონსეპტიზმი, პარადოქსიზმია სწორედ ვნების ენა და ჩვენთვის, ესპანელებისთვის, ყოველ შემთხვევაში, არცთუ ნაკლებ ბუნებრივი, ვიდრე ფრანგების ეგრეთ წოდებული naturel, რასაც დიდი გარჯის, დახვეწის, გააზიზებისა და ხელოვნური დამუშავების წყალობით თუ მიაღწიეს.
არ მახსენდება რომელიმე ფრანგს ეთქვას, ფრანგული ლიტერატურა ის ლიტერატურაა, რომელიც მჭევრმეტყველურად გადმოსცემს ყველაზე უფრო გახუნებულ აზრებსო. ვეთანხმები და კიდეც დავძენ, რომ ეს სწორედ ის ლიტერატურა გახლავთ, რომელმაც ჩვენს ესპანეთს ამდენი ვნება მოუტანა და კიდევ არ ეხსნება; ან როგორ პოულობს ამდენი საშუალო გრძნობებისა და საშუალო იდეების შესაფერის ფორმებს და მაინც რომ ვერ ჩაუტევია ის თავისი იდეები და დაუოკებელი გრძნობები, ვერ ჩაუტევია იმიტომ, რომ იგი გახლავთ უპირატესად სენსუალური და ლოგიკური ლიტერატურა, ამდენად ბრჭყვიალა და მხიარული. ხოლო ჩვენ, ესპანელები უფრო მგზნებარე ხალხი ვართ, ვიდრე სენსუალურები, უფრო თვითნებურები, ვიდრე ლოგიკურები. ასეთები ვართ და ასეთებად დავრჩებით; მაშასადამე, ისევ ჩვენს ოდინდელს უნდა მივუბრუნდეთ, რამეთუ ვშიშობ, მთლად ისეთები აღარა ვართ, რანიც ვიყავით! აბა, დავფიქრდეთ, ფრანგულ სულს ხომ ერთი დიდი მისტიკოსიც არ შეუქმნია, არც ერთი ჭეშმარიტი, დიდი, წმინდა მისტიკოსი არ წარმოუჩენია. პასკალს, რა თქმა უნდა, თავისუფალი ნებაც ჰქონდა და მაღალი, მგზნებარე სულიც, მაგრამ გეომეტრიამ, რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც თავისი დაღი დაასვა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პასკალი გახლავთ სწორედ ფრანგული სულის ყველაზე შესაშური გამოვლინება, ვისაც უფრო შევეთვისებოდით, თუკი ვინმეს შევეთვისებოდით; ესოდენ წამებულმა სულმა სხვა ათას რამესთან ერთად ორი თვითნებური აზრი ჩაგვინერგა და გვასწავლა, ანუ ორი თავსატეხი გაგვიჩინა, ერთია - pari, ანუ სანაძლეო და მეორე - II faut s’abetir, ანუ "უნდა გავპირუტყვდეთ", ვირწმუნოთ ის, რასაც გვარწმუნებინებენ. მაგრამ დიდ მისტიკოსს, ჭეშმარიტად წმინდა მისტიკოს ფრანგს მე არ ვიცნობ. აქ მე სიამოვნებით ვიტყოდი ორიოდ სიტყვას ნეტარ, სათნო, სენსუალურ და ლოგიკურ სან ფრანსუა სალეზე, ამ საღი აზრითა და საშუალო სულიერებით დაჯილდოებულ ადამიანზე, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.
და აჰა, ესეც ამ ხალხის ესთეტიკა, რომელიც ასე განსხვავდება ჩვენი ესთეტიკისგან, მიუხედავად ლათინებთან ნათესაობის ამდენი მითქმა-მოთქმისა, თუმცა ისიც არ ვიცი, არიან კი ისინი ლათინები. ანდა ჩვენ თუ ვართ ლათინები. რაც პირადად მე შემეხება, დანამდვილებით ვიტყვი, რომ ლათინებისა არაფერი მცხია. მეტი რა შეიძლება ვთქვათ ამ ხალხის ესთეტიკის თაობაზე, რომელმაც ასე გადააგვარა ჩვენი არა ერთი სულიერი ქმნილება.
ლათინები! ლათინები? მერედა, ვითომ რატომ ბერბერები არა ვართ, რატომ არ ვგრძნობთ და არ ვაცხადებთ თავს ბერბერებად? განა ჩვენს სატკივარზე თუ სასოებაზე რომ ვმღერით, ბერბერების ესთეტიკაზე ვფიქრობთ?
ცოცხალი ურთიერთობის ერთადერთი გზა ისევ აგრესიის გზაა, ნამდვილი ძმობა და ურთიერთგაგება მხოლოდ აგრესიის საშუალებით მიიღწევა, ანუ როცა ერთი თავს მოადრეკინებს მეორეს, იქნება ეს ინდივიდი, თუ ხალხი. მაგრამ როცა მინდა ჩემმა სულმა ჩემი მოყვასის სულში შეაღწიოს, მაშინ ჩემი მოყვასის სულმაც უნდა შემოაღწიოს ჩემს სულში და მე უნდა მივიღო იგი. მოციქულის ლოცვა-კურთხევა მაშინაა ალალი, როცა მის მიერ დალოცვილთა სულები შეაღწევენ მის სულში და იგი მიიღებს მათ. ამას ჰქვია კეთილშობილური პროზელიტიზმი.
არა, არაფერი არ უნდა დაგრჩეს განსაცდელი და გასავლელი; არასოდეს არ უნდა აიჩეჩო მხრები სხვათა იდეებზე და მით უფრო გრძნობებზე, პირიქით, არ უნდა დაინდო და პირდაპირ მიახალო, ეს უფრო აფხიზლებს ადამიანს. რაც შემეხება მე, ერთს კიდევ ვიტყვი, თუკი ვინმესგან ვყოფილვარ დავალებული, ყველაზე უწინ იმათგან, ვისაც უარსაყოფი უარუყვია და არ მიუღია ჩემგან ის, რაც მისთვის მისაღები არ ყოფილა. ღრმად მორალური ცხოვრება ისევ აგრესული ცხოვრებაა და ურთიერთგაგებინებაა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რაც გვასწავლეს, ღმერთმა შექმნა კაცი სახედ თვისად და ხატად თვისადო! მაგრამ დასაგმობი კი არის ყველა, ვინც თავისთავს სხვისი მიბაძვით ძერწავს, ვინც უარს ამბობს საკუთარ თავზე, რომ გახდეს სხვა, ანუ ის, ვინც სანიმუშოდ და მისაბაძად მიაჩნია. მაგრამ, ვაი, რომ ასეთი კაცი აღარც თავისთავადი რჩება და ვეღარც ის გახდება, ვისაც ბაძავს.
სხვა, სხვებიო კი ვამბობთ, მაგრამ მაინც ბევრი რამ მოიძებნება ევროპის სულში ისეთი, რაც მისაღებია, ოღონდ ეგ არის, ჩვენს ხორცად უნდა გარდავქმნათ იგი, ისევე, როგორც გარდავქმნით ხოლმე ცხოველისა თუ ფრინველის ხორცს, რითიც ვიკვებებით. მაგალითად, ხარის ტვინი აღაგზნებს ჩემს ტვინს, ღორის სუკი გულის ძგერას მიმატებს, თევზი და ფრინველის ხორცი ჩემს ხორცს ასაზრდოებს და ძალას ჰმატებს ჩემს სულს, რომ შეაძლებინოს სიღრმეებში შთასვლა და იქ ცურვა, სიმაღლეებში აიჭრას და იქ იფრინოს. რატომ არ შეიძლება სწორედ ასე შევირგოთ ევროპის სული? დიახ, როცა ხარებს, ღორებს, თევზებსა თუ ფრინველებს ვხოცავთ, თან ხომ ჩვენი ძალის უპირატესობასაც ვუმტკიცებთ და თანაც გვინდა დავასწროთ, რომ მათ არ დაგვასწრონ და არ შეგვჭამონ.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რაგინდ თვითნებურიც არ უნდა ვიყო, - რაც უფრო ღრმაა, მით უფრო თვითნებურია, - დიახ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ესპანეთის ჭეშმარიტი და ძირფესვიანი ევროპეიზაცია - ასე ვთქვათ, სანამ ევროპის მარგ ნაწილს არ შევირგებთ და ჩვენად არ გარდავქმნით, - მანამდე არ დაიწყება, სანამ ჩვენ თვითონ არ ვეცდებით და მათ არ გავაგებინებთ ჩვენს გემოს, სანამ არ ვეცდებით და არ გავაესპანურებთ ევროპას. დღეს კი სირცხვილი და გულისწყრომა მალაპარაკებს იმათზე, ვისაც აზრად მოსდის ევროპაში შესვლა სხვა გზით; თუნდაც ავიღოთ რომელიმე ჩვენი მწერალი, იქაურ ლიტერატორს თავის წიგნს რომ სთავაზობს სათარგმნელად და თან მარტო იმაზე ზრუნავს იმგვარად არ თარგმნონ ესპანურისა აღარაფერი დარჩესო; მთარგმნელსაც მეტი რაღა რჩება, მარტო სიტყვებს გადათარგმნის უცხოურ ენაზე და მორჩა; ასეთი მაგალითიც მახსოვს, ერთი ფრანგი მელაპარაკებოდა რომელიღაც ესპანური რომანის თარგმანზე და მიმტკიცებდა, ფრანგულად გაცილებით უკეთესი გამოვიდაო და ბოლოს, ესეც კი თქვა: "წიგნი თავის პირვანდელ ენას დაუბრუნდაო!"
ყოველ ადამიანს, რასაკვირველია, უფლება აქვს საკუთარი მეთოდიც ჰქონდეს, ესე იგი, საკუთარი შეხედულება და ქცევის საკუთარი წესიც გააჩნდეს; ის, რასაც ჩვენ ლოგიკას ვუწოდებთ, გონების მეთოდია, დასკვნების გამოტანის საშუალებაა და გონებასვე აკმაყოფილებს. ასე იქმნება მეცნიერება. მაგრამ როცა უკვე საქმე გონებასა და მის დაკმაყოფილებას აღარ ეხება, მაშინ აღარც ლოგიკა გვჭირდება. მე თავად იშვიათად თუ მივმართავ გონებას, ძალზე იშვიათად და თუკი ვინმე მისმენს და მკითხულობს, ის კითხულობს და უსმენს ჩემს მაგიერს.
ისიც ითქვა, თავისი ლოგიკა გულსაც გააჩნიაო, მაგრამ ცოტა არ იყოს, სახიფათოა, ლოგიკას გულის მეთოდი ვუწოდოთ, გულისმიერი, კიდევ არა უჭირს. მაგრამ არის კიდევ ვნების მეთოდიც და მას თვითნებობა ჰქვია და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ახირებაში, თუმცა კი ხშირად ურევენ. ერთია ახირებულობა, მეორე და საკმაოდ განსხვავებული - თვითნებობა. თვითნებობა, ანუ ხელაღებით იმის მტკიცება - გინდა თუ არა ასეაო, ანდა მე ასე მინდა ან ასე მჭირდებაო, ჩვენი სასიცოცხლო სიმართლის ქმნა გახლავთ და სწორედ ვნების მეთოდიც ესაა. ვნება თავისას ამტკიცებს და მისი მტკიცებები მისივე მტკიცების ძალაშია. მე სხვა მტკიცება არცა მჭირდება. როცა ვინმე საბრალობელი ინტელექტუალი, რომელიმე თანამედროვე ევროპელი მოდის და თავისი გონებითა და არგუმენტებით ჩემს მტკიცებებს უპირისპირდება, ჩემთვისღა ვიტყვი ხოლმე: "გონება, გონება და გონების მეტი არც არაფერი!" "აქ, - ალბათ იტყვით, - არაფერი მტკიცდებაო!"
ამ უკვდავი სტრიქონების ავტორი ესპანელი არ გახლავთ, თუმცა კი ღირსი იყო ესპანელი ყოფილიყო, იგი ინგლისელი ბრძანდებოდა.
"For Nothing worthy Proving can be proven, Not yet disproven, where fore thou be wise, Cleaver ever to the sunnier side of doubt And cling to Faith beyond the form of Faith!"
ლორდ ტენისონზე მოგახსენებთ, ეს თქვა თავის "Ancient Sage" -ში და კასტილიურად, ანუ იმ ენაზე, რომელზედაც ასეთი რამ პირველად უნდა თქმულიყო, ასე ითარგმნება: "არ არსებობს ღირსეული რამ ისეთი, რის დამტკიცებას ან უარყოფას შეძლებდეს თუნდაც ბრძენთა ბრძენი, ეჭვს მუდამ სინათლის მხრიდან უნდა შეხედო და ყველაზე უწინ ჩაებღაუჭო რწმენას, თუნდ რწმენის მიღმაც!" მართლაც მშვენიერი სტრიქონები დაგვიტოვა ტენისონმა და გვითხრა, რომ ცოდნა - Knowledge ანუ მეცნიერება ტბის ნაპირზე მდგარ ტირიფს ჰგავსო; იგი ტბაში კი ირეკლება, მაგრამ ოდენ ზედაპირზე ლიცლიცებს, სიღრმეში კი არასოდეს ჩააღწევსო.
კეთილი და პატიოსანი, მეც აქ დავასრულებ და მოვემზადები საფიქრებლად, თუ როგორ შეიძლება გავაესპანუროთ ევროპა და რომ ღირსსაყოფს არც მტკიცება და არც უარყოფა არ ჰფერობს.
დეკემბერი, 1906 წ.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•