XX საუკუნე საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი უღელტეხილით დაიწყო: ისახება ქართული რენესანსი. ამ მოვლენის "მტკიცება" ჯერჯერობით მეტად საძნელოა: ახლა მისი "შეგრძნობა" თუ შეიძლება მხოლოდ. გარნა ისიც უნდა გვახსოვდეს ამავე დროს, რომ ასეთი მოვლენის ღრმა გრძნობა ხანდახან უფრო გულისხმიერია, ვიდრე მისი მშრალი მტკიცება.
ქართული რენესანსის ჩასახვის მისტიური სიმბოლო წიწამურის ველია: ქართველმა მოჰკლა საქართველოს მძლავრი მხედართმთავარი, ხოლო სისხლით შესვრილ ხელს რომ დახედა, მკვლელმა საქართველოს სახე დაინახა. ილია ჭავჭავაძე მსხვერპლია, შეუცნობლად შეწირული საქართველოს საყოფელი სახის ხილვისათვის. და მართლაც: მგონი, არასოდეს ისე მძაფრად არ უგრძვნია ქართველს საქართველო, როგორც ამ ტრაგიკულ წამს. უკანასკნელ წვეთამდე რისამე გრძნობა კი მისი შესაძლო სხეულის კვეთილობას უდრის. ქართველმა იგრძნო საქართველო და ამ გრძნობიდან ისახება ქართული რენესანსი.
ხსენებული რენესანსი XX საუკუნემ უნდა განამტკიცოს. ამ საუკუნეში საქართველო ან სრულად მოისპობა ანდა აყვავდება მსოფლიურად. მოსალოდნელი უფრო მეორეა. ქართული რენესანსის საწინააღმდეგოდ რამოდენიმე სიძნელე იმართება. საქართველოს ისტორიის საქმეა სძლიოს ეს სიძნელენი. ძლევისათვის მათი შეცნობაა საჭირო. პირველი სიძნელე უფრო ანთროპოლოგიური ხასიათისაა. ცნობილია, რომ არც ერთი ხალხი იმთავითვე ერთიან ეროვნულ პლაზმად არ ჩამოსხმულა: ჯერ მრავალი სხვადასხვა ხალხოსნური თესლი. და შემდგომ მათ შორის გამართული ბრძოლის მიერ წარმოშობილი. ერთიანი პლაზმი, - აი, მარტივი ხაზი ხალხის ჩამოყალიბებისა. მაგალითი: ბერძნები, ფრანგები, რუსები.
მეტად საინტერესოა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა საქართველოს ისტორიაში ასეთი განსხეულება. მარტო იჭვიც კი საპრობლემოდ ხდის ამ საკითხს. ჩვენ ვიცით მრავალი ეთნიური თესლი, რომელიც ორგანულად შედუღდა ვითომ. ამას გვასწავლის საქართველოს ისტორია. მაგრამ ძალზე გვაფიქრებს ეს "ვითომ". და მართლაც, ხანდახან იჭვიც იბადება, როცა ფიქრი ამ სახის შედუღებას უვლის გარს. ჩვენში საშინელი სიმძაფრით იჩენს თავს თემური პარტიკულარიზმი: იმერელი, ქართლელი, კახელი, გურული, მეგრელი და სხვ. ერთი ხის შტოა ყოველი მათგანი. ეს ერთგვარი მრავალფერობაა, მდიდარი სახესხვაობაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენში არსებული პარტიკულარიზმი დამაფიქრებელია მეტად.
მეორე სიძნელე სახელმწიფო ყალიბს ეხება.
ჩვენმა ისტორიამ არ იცის სასტიკი აბსოლუტიზმი. აბსოლუტიზმი, როგორც, ერთ-ერთი ისტორიული საფეხური აუცილებელიც არის და საჭიროც. ისტორიულის ახსნა "ისტორიულობით" შეიძლება მხოლოდ. კულტურის ტრაგედიას, სხვათაშორის, ისიც შეადგენს, რომ ისტორიის რომელიმე ხანაში კირთების ქვეშ ყოფნაც არის აუცილებელი და საჭირო.
რაციონალიზმის სქემებით ისტორიის ახსნა ყოვლად შეუძლებელია. ჰეგელის დიადმა ფილოსოფიურმა სისტემამ, ერთი ფილოსოფოსის თქმა, რომ მოვიშველიო, მთელი მსოფლიო ლოგიკურ სილოგიზმში მოაქცია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისტორიის ერთი ნაბიჯის ახსნაც ვერ შეძლო. რატომ? იმიტომ, რომ იდეათა სფეროში (თუ გინდ დიალექტურად იხსნებოდეს ეს უკანასკნელი), ყველაფერი იმთავითვე დასრულებულია როგორც მათემატიკურ რკალში, ხოლო ისტორია თავისთავად შემოქმედებაა, ზრდა, განვითარება. ეს სხვათაშორის. აქ უნდა შევნიშნო მხოლოდ, რომ აბსოლუტიზმი ისტორიაში აუცილებელიც არის და საჭიროც: მრავალ სასტიკ მხარესთან ერთად მას აქვს ერთი მეტად მნიშვნელოვანი მხარეც: იგი ჰქმნის ერთ მთლიან ფსიქიკას. სასტიკი ყალიბით ასხეულებს ერის ნებისყოფას.
ჰელადის მაგალითი აქ მოსაყვანი არ არის. რადგან იგი მეცნიერებისათვის ამოცანაა ნამდვილი. ხალხთა შორის ძველი ბერძნები გენიალურ გამონაკლისს წარმოადგენენ. საქართველოში, ვიმეორებ, სასტიკი აბსოლუტიზმი არ ყოფილა. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ჩვენს ეროვნულ დაქსაქსულობას.
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი უცნაურობა ჩვენს ისტორიაში. დასავლეთ ევროპაში ფეოდალიზმის ნანგრევებზე აიმართა აბსოლუტიზმი, ჩვენში კი სუსტი აბსოლუტიზმის შემდგომ თანდათან გაძლიერდა ფეოდალური მიდრეკილებანი. რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, ეს მაინც ასეა. და მართალ არიან ჩვენი მარქსისტები, როცა ამტკიცებენ, რომ საქართველოს ერთიანობა რუსეთის ხელმწიფების ქვეშ განმტკიცდა. გაერთიანება კირთების ქვეშ - ეს ხომ საშინელი უცნაურობაა!
ერთი სიტყვით, რომელი მხრითაც უნდა შემოვუაროთ ამ საკითხს, ერთი რამ ნათელია: პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენ ვერ შევქმენით მტკიცე და მძლავრი ხელმწიფება. ამან კი ხელი შეუწყო ჩვენში " ანარქიული" ბუნების განვითარებას.
მესამე სიძნელე გავლენის სფეროს შეეხება. ჩვენმა ისტორიამ ხშირად იცის "სხვისი" გავლენა: მონგოლების შემოსევა, არაბულ-სპარსული გავლენა, ბიზანტიური "შემორევა", რუსული "შემოსვლა". თავისთავად ცხადია, გავლენას ყოველი ერი განიცდის. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ყოველ ჯანსაღ ერს შესწევს შემტევი ძალა, რომელიც უმკლავდება ამ გავლენას. ამ ბრძოლაში ყალიბდება ერის შემოქმედება.
ახლა ვიკითხოთ: ჰქონდა თუ არა საქართველოს მაგარი შემტევი ძალა? ეს საკითხიც ერთგვარი პრობლემაა. პირადად ჩემთვის სინამდვილეა ის, რომ საქართველოს ჰქონდა შემტევი ძალა, მხოლოდ ისეთი, რომელიც სურვილს აღგვიძრავს, რომ უფრო მაგარი და მძლავრი ყოფილიყო იგი. გარდა ამისა, ჩემთვის ისიც სინამდვილეა, რომ ეს შემტევი ძალა საქართველოში ყოველთვის არ ყოფილა მახვილი და მედგარი. აქედან ერთი რამ გამომდინარეობს: ჩვენს კულტურას, ყოველ სფეროში, მრავალი "გავლენა" შესისხლხორცებული და გარდაქმნილი კი არა აქვს, არამედ მიკრული მეტხორცად. ეს გავლენა - "მეტხორცი" მესამე სიძნელეა ქართული რენესანსის საწინააღმდეგოდ ამართული.
აი, ის სამი სიძნელე, რომელიც უნდა სძლიოს ქართულმა რენესანსმა. ძლევა აქ მეტად საძნელოა. ქართული რენესანსის მონაწილემ ორგანული სხეულებით უნდა იგრძნოს საქართველო, მის ისტორიულ დენაში და მონახოს მისი ნამდვილი საყოფელი საქმე. შემდგომ კი შემოქმედი ხელმწიფებით უნდა გამოჰკვეთოს მისი სახე კულტურულ შემოქმედებაში. ამ შემთხვევაში შექმნის ქართული რენესანსი ნამდვილ სტილს. ეს კი მეტად საძნელოა. საგულისხმო მაგალითი: ერთ თავის ლექციაში ივ. ჯავახიშვილი საბუთიანად ამტკიცებდა, რომ ქართულ არქიტექტურაში "აღნაგობას" (აგებულებას) ჰქონდა მინიჭებული უმთავრესი ადგილი, "სამკაულს" კი არააუცილებელი. არქიტექტურა ხომ მთელი ხალხის ნებისყოფას გადმოქვცემს. ამ მხრივ, მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ძველი ქართველი ხუროთმოძღვარი განსაკუთრებულ ყურადღებას "აღნაგობას" აქცევდა და არა "სამკაულს". მაგრამ თუ ჩვენს დღევანდელ კულტურულ შემოქმედებას ავიღებთ, დავინახავთ სრულიად საწინააღნდეგოს: თანამედროვე ქართველისათვის, პირველყოვლისა, "სამკაული" არსებობს და შემდგომ "აღნაგობა". ავიღოთ ეხლანდელი ქართული ლექსი, ეს საუკეთესო გამომხატველი ქართული კულტურისა. იქ მრავალია "სამკაული", ხოლო სრულიად არ არის "აღნაგობა" (ლექსის ტანი, სხეული, ფაქტურა). რომელია აქ ჩვენი სულის საფარდო? ეს საკითხია. და სწორედ ქართველმა ხელოვანმა უნდა გამონახოს საქართველოს ნამდვილი სტილი.
ქართული რენესანსისათვის პირობები თანდათან უკეთესდება. დღეს თუ ხვალ საქართველო განთავისუფლდება. იგი გაერთიანდება და გამთლიანდება, - ამ შესაძლო სინამდვილესაც ვერავინ უარჰყოფს. ერთობლივი და მთლიანი საქართველო მრავალ სიძნელეს გადალახავს. არც აქ გამტყუნდება წინასწარმეტყველება. მხოლოდ ერთი რამ არის ჩვენთვის აუცილებელი, რაც ყოველ წამს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ უფრო იმპულსის ხალხი ვართ, ვიდრე გრძნობისა. ნამდვილი გრძნობა კი შეურყეველია, ღრმაა, სასტიკი. გრძნობა უკანასკნელ წვეთამდე, - აი, რა არის ჩვენი თავი და თავი.
განსაკუთრებით ახლა უნდა იგრძნოს ქართველმა რაინდული შემოქმედებით საქართველო. მხოლოდ ამ შემთხვევაში აყვავდება ქართული რენესანსი. ასეთ გრძნობას, ხანდახან მისტიურობამდე აყვანილს, ვერა სიძნელე ვერ გადაეღობება წინ: იგი ყოველ ზღუდეს გადალახავს, განსაკუთრებით ეს ქართველ ხელოვანს ჰმართებს: იგი თანვე რაინდიც უნდა იყოს სულიერი, რომ მთელი ქართველობა ამოსწუროს მის ისტორიულობაში და მისგან ნამდვილი ქართული სტილი გამოჰკვეთოს.
ტეგები: Literatura, Qwelly, ლიტერატურა, რობაქიძე, წერილი, ჰელადა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•