აკა მორჩილაძე - მარტო და მტკიცედ


   ერთხელო, აკაკი იგონებდა ჩვეული ენაკვიმატობით, ვდგავარ ქუჩაზე და ვხედავ, მოდის იაკობ გოგებაშვილი, მაგრამ იცით, როგორ მოდისო? სწორად კი არ მოაბიჯებს ქუჩაზე, არამედ განზე გაივლის ერთ ხუთ ნაბიჯს და შეჩერდება, მერე მეორე მხრიდან შემოუვლის და ისევ გაუხვევს განზეო. თავიდან ვერ მივხვდიო და მერე კი ამოვიცანი: ქუჩაზე გუბეებია და ფეხის დასველებისა ეშინიაო.
   იაკობ გოგებაშვილის დამოკიდებულება თავისი ჯანმრთელობისადმი ქალაქის ოხუნჯობის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო. ერთხელ ილიამ რაღაც სამედიცინო წიგნს მოავლო ხელი, დახედა და იაკობს არ აჩვენოთ, თორემ იტყვის, ესეც მჭირსო.
   იაკობს ზაფხულშიც კალოში ეცვა. იმ ძველ დროში კალოშებს უამინდობის დროს ფეხსაცმელზე იცვამდნენ. ზაფხულში მისი ხმარება კი დიდ უცნაურობად ჩანდა, იმიტომ რომ დიდად არც ტალახი იყო და არც ცუდი ამინდი, კალოშის ძირითადი დანიშნულება კი ის გახლავს, რომ ფეხსაცმელი არ დაგესვაროს და ფეხი არ დაგისველდეს.
   იაკობ გოგებაშვილს ფეხსაცმლის დასვრა დიდად არ ადარდებდა, მას ეშინოდა, ფეხი არ დასველებოდა. ჩვენი „დედა ენის“ ავტორის ამ უცნაურობას სერიოზული მიზეზი ჰქონდა. იაკობ გოგებაშვილი ახალგაზრდობაში ჭლექით ყოფილიყო ავად და ეს მაშინ მომაკვდინებელი ავადმყოფობა როგორღაც შეჩერებული ჰქონდა, მაგრამ არა მორჩენილი. ამიტომ ამ სენის მოსავლელად მას ყოველდღიური ზუსტი მოქმედება და თავის სულ სხვანაირი მოვლა სჭირდებოდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ადამიანებს სჭირდებათ ხოლმე.
   იაკობის ასეთი სიმტკიცე და ახირებულობა, როგორც მაშინ უწოდებდნენ ხოლმე, საზოგადოებაში ბევრ ხალისს ბადებდა, მაგრამ დაცინვას კი - არასდროს. ხალისი კარგია. თანაც გოგებაშვილი არ იყო ისეთი კაცი, რომ იოლად დაგეცინათ. ის იყო ძალიან გამორჩეული არა მარტო თავისი ნიჭითა და საოცარი წიგნებით, არამედ თავისი ცხოვრების წესითაც.
ყველაფერი ისე ჰქონდა გათვლილი, გაანგარიშებული და მოვლილი, რომ ამბობდა ხოლმე: ჩემისთანა ავადმყოფი კაციც კი, თუ რეჟიმს დაიცავს, ას წელიწადს იცოცხლებსო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დიდხანს ეცოცხლა და ჯანზე ყოფილიყო. მას არც ცოლი ჰყავდა და არც შვილები. არც ოდესმე უფიქრია, რომ ცოლი შეერთო.
   ამის მიზეზად თავის ავადმყოფობას ასახელებდა, შთამომავალს ჩემს სენს ვერ დავუტოვებო. გულის სიღრმეში ბევრს არა სჯეროდა ამ მიზეზისა - რა ამისთანა ავად ეგ არის, რო შეხედავ, ღაღანებსო, - იტყოდნენ.
70-ს გადაცილებულიც კი ბიჭივით სხარტი და მოქნილი იყო, მაგრამ მიზეზს მაინც ძველს ამბობდა - ცოლი იმიტომ არ შევირთე, რომ მე თვითონ ავადმყოფი ვარ და არ მინდა, ავადმყოფები გავამრავლოო.
   მის ცხოვრებაში ყველაფერი ემორჩილებოდა ორ რამეს: წიგნებს ქართველი მოწაფეებისათვის და მის ამ ავადმყოფობას. ამიტომ ცხოვრების წესიც ზუსტად ამ ორ რამეზე მოერგო. ზუსტი იყო. დაგვიანებაზე გიჟდებოდა.
სრულ 12 საათზე მთაწმინდიდან, თავისი სახლიდან გამოვიდოდა ხოლმე და დაიძვრებოდა დაბლა. როგორც წესი, 4 საათზე უკვე სახლში იყო, სადილობდა და საღამოს კი შეუდგებოდა საქმეებს.
   იაკობ გოგებაშვილის ნაწერებში ნახავთ მისი მშობლიური სოფლის, ვარიანის ძალიან თბილ და ლამაზ აღწერას, მაგრამ ერთი პატარა საიდუმლო ის არის, რომ რაც 16 წლის შესრულდა და სოფლიდან წამოვიდა, იაკობი ვარიანში აღარ ყოფილა. ეს გაბუტვის ბრალი არ იყო, კვლავაც ავადმყოფობის მიზეზი იყო. ვარიანის კლიმატს ერიდებოდა. ლექსიც იყო: „ვარიანი ვალიანი, უტყეო და ქარიანი“. ვალსაც კი თავისი მიზეზი აქვს ამ პატარა ლექსში. ვარიანში ბაზრობა იმართებოდა და ძალიან ბევრი ჩარჩი ჩადიოდა ქალაქიდან და თავიანთი ფანდებით დატანჯული ჰყავდათ გლეხები. ვარიანის ახლოს იყო ჭაობიც, რომელსაც ძალიან უფრთხოდა იაკობი, ამიტომ მშობლიურ სოფელში აღარ ჩასულა, თუმცა მერე, მის ანდერძში ნახეს ძალიან ბევრი რამ თავისი სოფლისთვის. თუკი თავისი ნათესავების, ძმიშვილების ნახვა მოუნდებოდა, იაკობი გორში მიდიოდა და იქ იბარებდა მათ. ისე გორშიაც არ დადიოდა ხშირად და დიდი მოგზაური კაცი არ იყო.
   მას მიაჩნდა, რომ მისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის, საჭიროა ორი ადგილი საქართველოში - სურამი და ბორჯომი. უფრო ხშირად სურამში დადიოდა, იქ ატარებდა ხოლმე მთელ ზაფხულს და იქაურ საოცარ ჰაერსაც სუნთქავდა. იყო ძალიან მოყვარე საექიმო წიგნებისა და ექიმებისა. ენდობოდა განთქმულ ექიმ ქიქოძეს, კურორტზეც კი დაიბარებდა ხოლმე მას, რაღაც ვერა ვარ კარგადო.
   ესეც ხალისობის თემა იყო, რაღაცა კარგად ვერ არის იაკობ გოგებაშვილიო.
იერით, ხასიათით, ხმის ტემბრით და შემოძახილით მასზე ჯანმრთელი არავინ ჩანდა ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ ქიქოძე ყოველთვის ერთგულად ჩადიოდა.
   კარგადაც ასაჩუქრებდა იაკობიო. საერთოდ ასეთი კაცი იყო - დანანება არ იცოდა საჭირო საქმეში. ქიქოძე კი, ორი სიტყვით რომ ვთქვათ, მაგარი კაცი იყო. ერთხელ, როცა თბილისელმა ყასბებმა ჭირიანი ხორცის გაყიდვა დაიწყეს ბაზარში და ეპიდემიამ იფეთქა, მის მიზეზს კი მალავდნენ, ქიქოძე ქალაქის მთავარ სასაკლაოში გადაიპარა, სინჯები აიღო და ეს დანაშაული გამოააშკარავა. ამას ყასაბთა მეთაურის თვითმკვლელობა მოჰყვა, მაგრამ ეს სხვა გრძელი ამბავია.
   იაკობი სადილამდე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში იყო ხოლმე. ეს იყო მისი დაწესებულება და საქმეც აქ ჰქონდა. განთქმული ადგილი იყო ამ საზოგადოების წიგნის მაღაზიაც, რომელიც ნამდვილ კლუბს წარმოადგენდა.
   ზაქარია ჭიჭინაძე ასე იხსენებს: ვისხედით იქაო და შემოაღებდა იაკობი წიგნის მაღაზიის კარს და დაიძახებდა: „ფანჯრები, ფანჯრები, ჩქარა ფანჯრები დაკეტეთ“ და მიიხურავდა კარს უკანო.
   ძალიან ერიდებოდა ორპირში მოხვედრასო; ამბობდა, ერთხელაც იქნება, გამაციებს და მე თუ ერთხელ გავცივდი, ამით ყველაფერი დამთავრდება და ამდენი წლის ნაწვალები და მოვლილი ეს ჩემი ავადმყოფობა ისევ ხელახლა იჩენს თავსო. ამიტომ, როგორც კი შემოაღებდა კარს, სასწრაფოდ დაკეტავდნენ ფანჯრებს და ისიც შემოვარდებოდა სწრაფად და სწრაფადვე მოიხურავდა კარს.
   თბილისში ნაკლებად, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც იყო, ორპირქარიანი ქუჩები, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ერთ რამედ ღირდა იმის ცქერა, როგორ გადარბოდა ქუჩებზე უცბად, რათა ქარს არ დაეკრა. კარგ ამინდშიც კი მხრებზე პლედს შემოისხამდა ხოლმე.
   ეს იყო ძალიან მოვლილი, ძალიან სერიოზული და კეთილი კაცი, მაგრამ როცა საქმე მიადგებოდა ნახსენებ ორ საკითხს, ხდებოდა უტეხი და უკანდაუხეველი. 80-იან წლებში სწავლა-განათლების ინსპექტორად იანოვსკი იყო. რეაქციონერი. იმ დროიდან უკვე ქართული სკოლებიც არსებობდა, იანოვსკი კი, თავიდან კეთილი მოლოდინის მიუხედავად, ქართველებისთვის მძიმე ტვირთი გამოდგა.
   ხალხი კი ამბობდა, რომ იაკობ გოგებაშვილი ისეთი კაცია, რო იანოვსკიმაც კი ძვრა ვერ უყოო. დრამატურგი ასიკო ცაგარელი ხუმრობდა, ნამდვილი ცერბერიაო, ისე დგას ამ ჩვენი ენის და ჩვენი წიგნების სადარაჯოზე, როგორც კლდეო. გოგებაშვილი ბევრ ლაპარაკს არ დაიწყებდა ხოლმე. წააწყდებოდა თუ არა რიამე წინააღმდეგობას, ის იწყებდა კანონებზე, მაშინდელ სასწავლო „პალაჟენიებზე“ დაყრდნობით წერილების შედგენას და ამ წერილებით პირდაპირ ბომბავდა პეტერბურგის სამინისტროებს. როგორც წესი, მოდიოდა მისი მხარდამჭერი პასუხები და რეზოლუციები და იანოვსკის და მის ხალხს ხელ-ფეხი შეეკვრებოდა ხოლმე.
   იაკობ გოგებაშვილი ერთ-ერთი იშვიათი კაცი იყო ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა შორის, თავისი ლიტერატურული შრომით რომ ცხოვრობდა, ჰქონდა შემოსავალი და თანაც ძალიან კარგი და ყოველწლიური შემოსავალიც. ამიტომ მარტოხელა კაცის პირობაზე ის კარგად ცხოვრობდა და საკმაო ფულიც რჩებოდა. ეს იყო შემოსავლები, რომლებიც მის „დედა ენას“, „ბუნების კარს“, ასევე სხვა წიგნებს მოჰქონდა. მისი სახელმძღვანელოები ყოველწლიურად სჭირდებოდა ხალხს, ყოველწლიურად დგებოდა ტირაჟები და ყოველწლიურად იბეჭდებოდა ხელახლა და ტირაჟებიც იმატებდა და იმატებდა. ეს აწყობილი საქმე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ გოგებაშვილი მექანიკურად მისდევდა ამ საქმეს. მთელი რიტუალი იყო, მაგალითად, „დედა ენის“ კორექტურა, რომელიც რამდენჯერმე კეთდებოდა და იაკობი იყო ძალიან მგრძნობიარე ყველა ასოს მიმართ.
   ყველაფერი ზუსტი, უშეცდომო და მტკიცე უნდა ყოფილიყო. ვანო ავალიშვილი იგონებს, ერთხელ შევუჩნდი, წიგნში ოფოფის ხმას რომ აღწერ და „ოფ, ოფ, ოფ“ დაგიწერია, ეგრე არ არის, ოფოფი „გუ-გუ“-ს იძახის-მეთქი. მაშ, გუგული რაღას ამბობსო, მითხრაო და მე კი მივუგე, გუგული „კუ-კუ“-ს ამბობს-მეთქი. მერე ერთი გლეხი გამოუჭერიათ ქუჩაზე და იმას ეკითხებოდნენ: აბა, ოფოფი როგორ ამბობს გვითხარი, გლეხი კაცი ხარო. გლეხს უფიქრია, ეს დროული მდიდარი ხალხი დამცინისო და სულ სხვა რამეზე დაუწყია ლაპარაკი - ჩვენთან ჩხართვი რომ ჩამოიფრენსო და ასეთები.
კორექტორები ჰყავდა ხოლმე ძალიან კარგი; მაგალითად, შიო მღვიმელი და ილია აგლაძე. „დედა ენის“ გადამმოწმებლები სწორედ ისინი იყვნენ. „დედა ენა“ ზაფხულში იბეჭდებოდა ხოლმე და იყო ერთი სირბილი იაკობთან. იმ დროს ის ან ბორჯომში იყო, ან სურამში, მაგრამ არ დაინანებდა, თავისი ხარჯით უყიდდა ბილეთებს თავის კორექტორებს, უქირავებდა ოთახს, მოუმარაგებდა საკვებს, ოღონდ კი ჩამოეტანათ ანაბეჭდები და თვითონ კიდევ ერთხელ გადაეკითხა.
   ერთი კორექტორიც ჰყავდა: თბილისის ქალაქისთავი ვასილ ჩერქეზიშვილი, რომელსაც ძალიან ენდობოდა ამ საქმეში. ახლო მეგობრებიც იყვნენ. კარგი თვალი აქვსო, იაკობი ამბობდა ხოლმე. მსოფლიოში არ იქნებოდა სხვა ისეთი ქალაქი, სადაც ქალაქის თავი სკოლის წიგნის კორექტურას კითხულობდა. ჩერქეზიშვილი ხშირად მოუცლელი იყო და გაუწელავდა, გადაუდებდა და გადაუდებდა. იაკობი ძალიან ბრაზობდა, მიუვარდებოდა კაბინეტში და მკვახედ ელაპარაკებოდა, გამოჰგლეჯდა ქაღალდებს და წამოიღებდა ისევ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიჭებთან.
   ამ საქმეში არაფერს დაინანებდა, საჩუქრის გარეშე არ დატოვებდა არცერთ მესტამბეს. აუცილებლად ფული უნდა ეჩუქებინა: ხუთმანეთიანი ან ათმანეთიანი. არ დაივიწყებდა არცერთ გამავრცელებელს, იმ ხალხს, ვისაც ევალებოდა, რომ სადგურებზე წაეღო წიგნები მაზრებში დასაგზავნად.
იაკობ გოგებაშვილი არ იყო მოქეიფე კაცი. დროის ტარებაში ფულის ხარჯვა არ უყვარდა, მაგრამ სრულიად არ იყო ძუნწი, პირიქით, ძალიან ხელგაშლილი კაცი იყო, რაც მისმა საოცარმა ანდერძმაც დაადასტურა, მაგრამ ტყუილად ფულის დახარჯვას ის არასგზით არ იზამდა.
   შიო მღვიმელი იგონებს, მარტო მე რაც ვიციო, წლების განმავლობაში, თუკი აკაკი წერეთელი რუსეთში იყო ოჯახთანო, თვეში ხუთ თუმანს უგზავნიდაო. ესეც იმიტომ ვიცი, რომ ფოსტაში მე მატანდა ამ ფულს, ამბობდა, ფოსტაში კარები სულ ღიაა და გავცივდებიო. სხვა შემთხვევაში კი არც ამას მეტყოდაო.
   ამბობენ, რომ ეგნატე ნინოშვილსაც, როცა ძალიან უჭირდა, იაკობი უგზავნიდა ფულს. ეხმარებოდა კიდევ უამრავ ხალხს: ძმიშვილების მზითევზე, ნათესავების სწავლა-აღზრდაზე სალაპარაკო არც არის. ეხმარებოდა სკოლებსაც, ოღონდ კი რამე გუშინდელზე უკეთესი გამოჩენილიყო. კარგად ხვდებოდა, ვის რა ფული აქვს და ვის - რის შეძლება. ფაეტონში ჩამჯდარმაც კი ზუსტად იცოდა, ვის უნდა დაეპატიჟა და ვინ უნდა დაეპატიჟებინა თვითონ.
ასეთი კაცი იყო. ძნელად, რომ ნახევარ ბოთლ ღვინოზე მეტი დაელია ერთ დაჯდომაზე, იმასაც მხოლოდ სადილზე სვამდა.
   იგივე შიო მღვიმელი იგონებს, ერთხელ ბორჯომში დაგვიბარაო. კორექტურა მიგვქონდა და გზაში სადღაც გავჩერდით და სადგურზე ნაცნობი შეგვხვდა, რომელმაც დილითვე დაგვპატიჟა ხაჭაპურზე და არაყზეო და ეს არაყი კარგა გემრიელად მივაყოლეთ ამ ცხელ-ცხელ ხაჭაპურებსო. ერთი მატარებელი გავატარეთ და შემდეგზე დავსხედით და წავედით ბორჯომშიო.
ჰოდა, დაგვხვდა იაკობი გაბრაზებული, დილიდანვე საუზმე გაწყობილი მაქვს და თქვენ კი სადილის დროს მოხვედითო. გამოიტანა სადილზე ნახევარი ბოთლი ღვინოო. ღვინო ყოველთვის კარგი ჰქონდა ხოლმე, კახეთიდან მოჰქონდა. ოღონდ თეთრ ღვინოს საერთოდ არაფრად აგდებდა, ეგ მავნებელია ჯანმრთელობისთვის, სისხლძარღვებს ავიწროვებსო. წითელი ღვინო სასარგებლოა, ოღონდ ზომა უნდა იცოდეთო.
   ახლა ჩვენ დილიდანვე ნაარყალი ხალხი ვართო, შიო წერს და ეს ნახევარი ბოთლი ღვინო რას გვიზამდაო. მაგრამ ვერაფერი უთხრეს, ვერც შეჰბედავდნენ. მთელი ზაფხულის მარაგი, ერთი 40 ბოთლი მაინც იყო ჩამწკრივებული სამზარეულოში და მაინც ამ ნახევარ ბოთლს დააჯერა. ახალგაზრდები ხართ და ვერ გრძნობთ, ზომა უნდა იცოდეთო. თითო ჭიქა შეგვახვედრა და მივუსხედით კორექტურასო. მაგრამ ერთხელ მაინც მომხდარა ისე, რომ იაკობ გოგებაშვილი დამთვრალა და ძალიანაც გაბრაზებულა. სხირტლაძის ბაღში ყოფილა დიდი ბანკეტი. ალექსანდრე ყიფშიძეს, ფრონელს, ცნობილი საისტორიო წიგნების ავტორს, ახალციხეში ადგილი ეშოვნა და მეგობრებს გაცილება მოეწყოთ - კარგა სერიოზული ბანკეტი ბევრი ხალხით. სმა რომ გახურდა, ახალგაზრდები სიმღერას შეჰყვნენ და ძველები კი ბაასობდნენ აქეთ მაგიდებზე. საკვირველი ის იყო, რომ გოგებაშვილი იმ დღეს როგორღაც ისეთ გუნებაზე გამოდგა, რომ დალია და დალია წითელი ღვინოო. სიმთვრალე არც ეტყობოდაო.
ამასობაში ჩამოღამდა და ჩაირთო გაზის განათება.
   ეს ბაღი განსაკუთრებით კარგად ნათდებოდა. სხირტლაძეს განათების მექანიკოსად და ინჟინრად მოწვეული ჰყავდა გერმანელი, გვარად დუნალი. ყველას იცნობდა ქართველებს, მეგობრობდა და ბიჭი გამოუგზავნია, თუ შეიძლება შემოგიერთდეთო, რახან ბევრი ნაცნობი დაენახა სუფრაზე. რა თქმა უნდა, დაპატიჟეს და სანამ მოვიდოდა, გამოგზავნა ყუთით შამპანური და ჩაალაგეს ბოთლები ამ უკვე, ასე ვთქვათ, მოთავებულ სუფრაზე, სადაც ყველა კაი მთვრალი იყო. იქ ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ, მაგალითად, ვასო აბაშიძემ, აიღო შამპანურის ბოთლი და ზურგსუკან გაისროლაო, რომაო, თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდეს პანტასაო, მაგრამ ძმაკაცი იყო ეს დუნალი და არ ეწყინებოდაო.
   მოიტანეს შამპანურის ბოკალები - ფეხიანი ჭიქები და უცბად იაკობ გოგებაშვილი წამოდგა და აიღო ეს შამპანურის ბოკალი და თქვა სადღეგრძელო, დალია და დადგა ჭიქა და დადგა თუ არა, ხელში ჩაატყდა, ისეთი ძალით დაახეთქაო. ეტყობა, ახალგაზრდები მაინც ეეშმაკებოდნენ და უცებ მიაწოდეს სხვა ჭიქა, ისევ სავსე და ისევ თქვა სადღეგრძელო, დალია, დადგაო და ისევ დაიფშვნა ჭიქა. ახეთქებდა და ვერაფერი მოვუხერხეთო. წამოუყვანიათ შიო მღვიმელს და გიგო ტატიშვილს, მეტსახელად „ფიგაროს“, პირველ ქართველ ქსილოგრაფს სხვათა შორის. მთელი გზა საფულე ხელში ეჭირა იმის შიშით, რომ ახალგაზრდებს არ გადაგვეხადა ეტლის ფულიო. მიიყვანეს სახლში, გახადეს, დააწვინეს, დააფარეს საბანი და მსახურ ბიჭს დაუბარეს, დილამდე იძინებს და დილით კი მოვალთ და მოვინახულებთო.
გათენდა და მიქანდნენ. იციან, რომ კაცი პირველად დათვრა ცხოვრებაში.
დაგვიხვდა პირგამეხებულიო. გამაციეთ გუშინო - წინდები რომ გაგიხდიათ, საბანი გადამძრობია და სიცივემ გამაღვიძაო, მგონი, გავცივდი და პირიც მიშრება და ძალიან ცუდადა ვარო. ტატიშვილს უთქვამს, პირის გაშრობის ნუ გეშინია, ნასმურევზე იცისო, მეც ბევრჯერ დამმართნიაო. მაინც ბრაზობდა, მომიყვანეთ აქ და დამაგდეთ ბიჭის ანაბარაო. სხირტლაძის ბაღზეც აიყარა გული, რაღაცა ცუდად გავხდი იქო და ორ თვეს მაინც აღარ მისულა.
მსახური ბიჭი კი ცალკე თემაა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებაში.
   იაკობი მთაწმინდაზე ცხოვრობდა. სახლის ვარგისიანობას არჩევდა მზის მიხედვით. ყველა ფანჯარას, განსაკუთრებით კი საწოლი ოთახისას მზე უნდა მოსდგომოდა. მოკლე ხანს ცხოვრობდა ალექსანდრეს ბაღთან და არ მოეწონა - მტკვრიდან ნესტი მოდისო და ისევ მთაწმინდაზე ამობრუნდა. ერთი ფილოსოფია იყო მოსამსახურე ბიჭის შერჩევაც. კანდიდატს დიდხანს ელაპარაკებოდა, ძალიან დიდხანს, რომ მის პატიოსნებაში დარწმუნებულიყო.
ხშირი იყო მაშინ თბილისში მოსამსახურისგან პატრონის გაძარცვა, მკვლელობებიც ხდებოდა, იაკობს კი სახლში ფული ჰქონდა. ამიტომ კარგად შემოწმებული ბიჭი უნდა ჰყოლოდა მოსამსახურედ. მაინც ფრთხილობდა მათთან, ხელი არ წასცდეთო. ერთხელ ავალიშვილმა შინ მიუტანა ფული, სულ ოქროს თუმნიანები - გაყიდული წიგნების შემოსავალი. როცა ამ ფულის გადაცემა დააპირა, ოთახში მსახურიც ყოფილიყო და იაკობს უცებ დაუწყია ჩხუბი, წაეთრიე, ეგ ფული ჩემი არ არის, რატომ მოიტანეთო. მერე მსახური სადღაც გაუგზავნია და ავალიშვილისთვის უთქვამს: სულელი ხარ შენა, ამდენი ოქრო მოგაქ აქა და იმ ბიჭის დასანახად მეუბნებიო. მომეცი ახლა, მე შევინახავო და ჩუმად უჯრაში ჩადო.
   მარტოხელა წესიერი კაცის შიშები და სიფრთხილეები.
დიდი განათლების კაცი იყო და ხშირად დადიოდნენ მასთან ნაირგვარ კონსულტაციაზე. რაღას აღარ ეკითხებოდნენ, ბიბლიაზე, მათემატიკაზე, ყველაფერზე. ჰოდა ერთმა ახალგაზრდა ქალმა სთხოვა თურმე რამდენიმე ლექცია რაღაც საგანში, საღამოობით გეწვევითო.
   იაკობმა ძალიან კარგი თხრობა იცოდა და ერთი კვირის თავზე გამოირკვა, რომ ლექციები გრძელდება და გრძელდება, დღე კიდე მოკლეა და ბნელდება და ბნელდება და ქალი ხან 11-ზე წავა, ხან 12-ზე, ზოგჯერ კი სულ არ უნდა წასვლა, მაგრამ იაკობი აგზავნის ბიჭს, მოაყვანინებს ეტლს და გაუშვებს. მიეჩვივნენ ერთმანეთს. ნაბიჯიღა უკლდა, ნაბიჯიც არა.
   მაგრამ იაკობმა თავის ცხოვრების წესს მაინც არ გადაუხვია და უთხრა ამ ქალს: ჩემო კარგო, რაც ვიცოდი, რაც შენ გაინტერესებდა, ყველაფერი გიამბეო და ახლა ერთიც უნდა გითხრაო, რომ ცოლის შემრთველი კაცი მე არა ვარო, ცოლის შემრთველი რომ არა ვარ, ეს ოხერი ქალაქიაო, დაგინახავენ აქედან ღამით გასულს და ატყდება ერთი ამბავიო, შენც ჩრდილი მოგადგება და მეცაო და ამიტომ აღარ მოხვიდე ჩემსაო.
   აი, ასე პირდაპირ თქმა იცოდა და აი, ასეთი კაცი იყო. ემოციური კაცი იყო და წესრიგი და პატიოსნება უყვარდა. ფილტვებს არ უღალატიათ, უცებ ჩავარდა ლოგინად, ნაწლავებში კუ გაუჩნდაო, რაც ალბათ სიმსივნეს ნიშნავდა იმ დროის სიტყვებით და ამან ძალიან მალე გამოიწვია სიკვდილი.
ლოგინად რომ იყო, მომვლელი ბევრი ჰყავდა, თვითონ კი ძალიან ნერვიულობდა ანდერძის თაობაზე. ერთხელ უთქვამს ავალიშვილისთვის: აი მანდ, უჯრაში ანდერძი მაქვს, ამოიღე და წაიკითხეო.
   წაიკითხა ავალიშვილმა და ცრემლი მოადგა. ასეთი კეთილი არაფერი წაეკითხა. წიგნების გამოცემის უფლება - წერა-კითხვის საზოგადოებას, ვარიანს - სკოლა, ფული - ამას, ფული - იმას, ყველას, თავის ნათესავებს. ავალიშვილს უთქვამს, ანდერძი ჩასწორებულია და მერე ნოტარიუსთან რამე უხერხულობა არ იყოსო. იმ დღესვე გადაწერეს, ნოტარიუსი მოიყვანეს და დავამოწმეთ და თქვა - ახლა კი კარგია სიკვდილი, უკვე ყველაფერი მოგვარებული მაქვსო. რა იყო ამ ანდერძში და, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არც ერთი თანამშრომელი არ იყო, რომლისთვისაც თუნდაც ასი მანეთი არ დაეტოვებინა. განსაკუთრებით ძველი თანამშრომლებისადმი იყო უხვი.
   როგორი ხალხია ჩვენს ქვეყანაშიო, ავალიშვილსავე უთხრა, მწოლიარე ვარ, ვიცი, რომ ზეგ მოვკვდები და მოვიდა ერთი კაცი და მითხრაო: შენი ანდერძის ამბავი გავიგეო, მე იქ არა ვყოფილვარო და მეც ხომ ვმუშაობ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში და ასი მანეთი მეც დამიტოვეო. ახლა ამ ანდერძს ვეღარ გადავაკეთებო, ნოტარიუსთან არის და რა ვუყო, ამ კაცს ეგებ ისე მივცეთ ფულიო. ასეთს მეორეს ვერ ნახავდი. ასეთი დრო იყო, არავინ ჰგავდა ერთმანეთს.

ნახვა: 1207

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters

TOP.GE