საიდანღაც უბერავს. ფანჯრის ღრიჭოდან, კარს ქვემოდან, უხილავი ჭუჭრუტანიდან. დაზამთრდა, ასე უცბად.
ზამთრობით ერთად ვიყავით. მე, ჰაშემი, ანვარი, აჰმადი, მაჰდავი, აზიზი და, რა თქმა უნდა, ბატონი ჰეიდარი.
რა მალე გავიდა დრო! სამოცდათხუთმეტი წელი... თუ სამოცდაჩვიდმეტი, იქნებ მეტიც. არ ვიცი. ანგარიში ამერია. ორი წლით მეტი, ორი წლით ნაკლები – რა მნიშვნელობა აქვს? როდის მოვიდა სიბერე? როდის შეგვახსენა თავი სიკვდილმა? ერთ დღეს გავიგონე, ვიღაცამ თქვა: – მოხუცო, ფრთხილად, არ დაეცე! მივიხედე, მივაყოლე, ჰო, არ დაეცე, ფრთხილად-მეთქი: მივბრუნდი, რომ ხელი შემეშველებინა... გავშრი: ჩემს თავს ვკითხე: "მე მეუბნება?" ვერ წარმოვიდგინე. ჩავიარე.
ბატონი ჰეიდარი იტყოდა ხოლმე: – უჰ, რა დროს ორმოცი წელია! ჯერ სად არის! მთელი საუკუნეა იქამდე.
იქნებ არც კი მოვიდეს ეგ დრო, არასდროს არ მოვიდეს…
როგორ ცივა! რა სუსხია! ქვეყანა გაიყინა თითქოს. ჩემთან ერთად ნელ-ნელა კვდება სამყარო. სინათლეს ვანთებ. სკამს ღუმელთან მივაჩოჩებ. ვჯდები და საბანში ვიფუთნები. ოჰ, ნეტავ ჯერაც ზაფხული იყოს! ნეტავ ისევ ერთად ვიყოთ! რა მოხდა? რა უბედურება დაგვემართა? ჩვენ ხომ, ასგარის თქმისა არ იყოს, ერთმანეთით ვცხოვრობდით? რა მსუბუქად ვგრძნობდით თავს ერთად, ისეთი უბრალო, მარტივი იყო ჩვენი ერთად ყოფნა, არც კი გვიფიქრია ამაზე ოდესმე. რომელი ვიყავით დამნაშავე?
ჰეიდარიმ თქვა: – ბიჭებო, ჩვენი ყველა წარმატება ჩვენივე სიახლოვიდან მოდის. მომაბარეთ თქვენი ფული, შეგინახავთ.
ჯალილიმ თქვა: – გული მეწურება თქვენ გამო, თქვენი ფიქრების, თქვენი ფუჭი ოცნებების გამო.
ანვარიმ თქვა: – მე მგონი, ჯალილი გვეხუმრება. ნამდვილად ოხუნჯობს. გასართობად იდინჯებს თავს.
არადა, მართალს ამბობდა, რა ადვილად ამბობდა მართალს.
რა საშინელი ღამეა, ცივი, ბნელი და გრძელი... ჯერ რვის ნახევარია. ოჰ, დრო რომ შეჩერდებოდეს წამით! წამით რომ მომცემდეს შანსს!
"საათი რომ დავამსხვრიო, ფარდები ჩამოვაფარო, კარ-ფანჯარა ჩავკეტო, ეს ჯიუტი, დაწყევლილი დრო თავს დამანებებს". რა უაზრო ფიქრია.
წამებს ხომ ჩემი გული ითვლიდა. ჩემი გული იყო, თითო შეკუმშვით რომ მაახლოებდა სიკვდილს. მინდოდა მერწმუნა, რომ სიკვდილი დასასრული არ არის. მინდოდა თავი დამეხსნა იმ არყოფნიდან, დღედაღამ ჩემს ფანჯარასთან რომ ატუზულიყო და მითვალთვალებდა... კიდევ უფრო უაზრო ფიქრი... ჩემს თავს ვეუბნები: "ბერიკაცო, ახლა რომ გაცივდე, მოკვდები". რა სასაცილო აზრებია. "ალბათ, ორმოცი წელი არასდროს მოახლოვდება, არასდროს".
კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულ გაურეცხავ ჭურჭელს ვუყურებ, პურის ნამცეცებს ხალიჩაზე, თაგვს, ოთახის შუაში რომ გატრუნულა.
ყველაზე მეტად ჰაშემი მენატრება. საღამოობით მოდიოდა, ყოველდღე. თავისი ნახატებიც მოჰქონდა, თავისი ფერად-ფერადი ჩიტები. წინ დამიწყობდა ყველაფერს და მეტყოდა: "უსმინე. მღერიან, გესმის?" არ მესმოდა. ისევ ამბობდა: "აი, ესენი. მღერიან". ჯდებოდა და თავის პატარა, ხუჭუჭა ცოლზე იწყებდა ლაპარაკს, თავის საყვარელ შირინზე, მის ფუსფუსზე, მის ხმაზე, მტრედების ღუღუნს რომ ამსგავსებდა, მის უძირო თვალებზე, საამო სიცილსა და სხეულის სურნელზე.
ყურს ვუგდებ. ხმაური ისმის. ნაბიჯებია, ფანჯრიდან ლაპარაკის ხმაც მოდის. იქნებ ჩემთანაა ვინმე? ჯოხს ვეძებ... ფეხსაცმელს... სათვალეს...ვის გავახსენდი? ვის? რა მნიშვნელობა აქვს? არავითარი. თუ ვიღაც უცხოა, გზააბნეული, გზას მივასწავლი და ამაღამ შევიფარებ. ნეტავ სად წავიდა ეს ოხერი ჯოხი? ხელს კედელს ვუფათურებ, მაგიდის ზედაპირს, სკამის საზურგეს.
"მოხუცო, ფრთხილად, არ დაეცე", – მე მეუბნებოდა, მე, ჯერ სიბერეზე ფიქრიც რომ არ გამევლო გულში. კარს ოდნავ ვაღებ. თავს გარეთ ვყოფ. ყურს ვუგდებ. დერეფანში მხოლოდ ყინვაა, სიბნელე და ნაგვის ვედრო, სუნი რომ დაუკრავს უკვე. ვეკითხები: "ვინ არის? არის ვინმე?" სიჩუმეა. კიბის თავში გავდივარ. ვიცდი. უფრო ხმამაღლა ვამბობ: – კარი ღიაა, შემოდით! არა, არავინაა. ისევე, როგორც გუშინ, გუშინწინ და იმის წინ.
მაშინ, თუ ვინმე დააკაკუნებდა და არ შემოვიდოდა, ვიცოდით, რომ აჰმადი იყო. ჰეიდარი გვეუბნებოდა: – მოდით, ნუ გავუღებთ კარს. ამ კაცს ვერაფერში ენდობი.
ჩვენ კი ვამბობდით: – რას ამბობ, ჰეიდარი? მეგობარია ჩვენი. შვიდივე ერთად გავიზარდეთ. როგორ შეიძლება?
ანვარი ამბობდა: – ჰო, ძნელია, მაგრამ რას იზამ? ეს ერთი კაცი ექვსივეს გვიფუჭებს საქმეს. ჰაშემი იტყოდა: – როგორც გადაწყვეტთ, ისე გავაკეთოთ.
მაჰდავი უმატებდა: – როგორც ანვარი გადაწყვეტს.
აზიზი ამბობდა: – მე ჯერ მოვიფიქრებ, მერე გეტყვით.
ისევ ღუმელთან ვბრუნდები. ვჯდები და საბანში ვეხვევი. ვინ მოვა ჩემ სანახავად? ისიც ამ ყინვაში, ამ ბნელ, თოვლიან ღამეს. ღუმელში ნავთს ვამატებ. ვუთხარი: – შირინ, მოსახვევებს რომ გვიქსოვ, გათენებიდან დაღამებამდე ჩვენზე ხომ ღელავ, ვაითუ გავცივდეთ, მითხარი ერთი, როგორ ხარ ასეთი კარგი, ტკბილი და კეთილი?
გაიცინა. იმ თავისი ბავშვური, გემრიელი სიცილით გაიცინა, ჯერაც რომ ყურში მიდგას, ჯერაც რომ წკრიალებს ჩემს მეხსიერებაში და ხშირად ღამეულ შფოთს მიამებს. ოჰ, ნეტავ დილა იყოს! ნეტავ ზაფხულის სურნელი მოჟონავდეს კარ-ფანჯრიდან. რადიოს ვრთავ, ამბებია. არაფერზე არა მაქვს წარმოდგენა. ვიღაცამ ცოლი მოკლა... ვიღაცამ თავი მოიკლა... წყალდიდობა მოხდა... ომი ჯერაც გრძელდება. პოლიციელმა გაიმარჯვა... ქვეყანა ისევ ის ქვეყანაა. ვთიშავ. რვას აკლია ოცი წუთი. ცხრამეტი წუთი. თექვსმეტი, თორმეტი, ათი, ცხრა, ხუთი, ზუსტად რვა საათია. ამ საღამოს მომინდა, ყველა რვა საათი გამეხსენებინა. მომეკითხა, თვალი შემევლო საკუთარი თავისთვის, ყველა ჩემი დღისთვის, ყველა წუთისთვის. მომინდა, ერთხელ კიდევ გავხვეულიყავი ამ სამოცდაათ და კიდევ რამდენიმეღაც წელიწადში და თვალი გადამევლო მათთვის. ყველა იმ წასული დღისთვის, დღეებისთვის, რომლებმაც მანამ ჩაიარეს, სანამ მათთვის თვალის შევლებას, ხელის შეხებას, სურნელის შეყნოსვას მოვინდომებდი. რა უხმაუროდ, რა მზაკვრულად უცბად ჩაიარეს. ერთხელ აზიზიმ მკითხა: – გინდა, ყველაფერი თავიდან დაიწყო?
ვიცი, რომ არა, ნამდვილად არა. თავიდან რომ დავიწყო, ვითომ რა იქნება? რას გავაკეთებ? რომ ვიცოდე მაინც, რომ სხვა გზა არსებობს. მაგრამ ვიცი, არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ არის. ათასჯერაც რომ დავიწყო თავიდან, ისევ აქ მოვალ. ჯალილიმ მითხრა: – როგორ არ არის. მილიონი გზა არსებობს. შენ არ ინდომე. უფრო მშვიდად გრძნობდი თავს ასე. ჰეიდარიმ თქვა: – მეგობრებო, ჯობს, ყური დამიგდოთ. მე მივაგენი ცხოვრებაში წარმატების საიდუმლოს.
აზიზიმ თქვა: – ნეტავ მოგვეხერხებინა წასვლა. ნეტავ რამე გვეღონა.
ვუთხარი: – მეც წამოვალ. თუ ვინმე წავა, მეც გავყვები.
ჰეიდარიმ თქვა: – მეგობრებო, საყვარლებო, არ მიქაროთ! სიამე მოგყირჭებიათ. სად წახვალთ უკეთეს ადგილას? კაცი რომ აცუნდრუკდება, სამუდამოდ ჰაერში დარჩება ჩამოკიდებული.
ანვარიმ გვითხრა: – მოდი, ქალაქში გავიდეთ. ზეიმია, ილუმინაციები, ათასი შეჯიბრი და გათამაშება. წავიდეთ, ვნახოთ, სული მოვასვენოთ.
ჰაშემიმ უთხრა: – როგორც იტყვით.
ჩვენ რას ვიტყოდით? ჩვენ ვინ ვიყავით? როგორც ჰეიდარი იტყოდა, ბატონი ჰეიდარი. შირინმა გვითხრა: – მოიცადეთ, აჰმადიც მოვიდეს, მარტო არ დატოვოთ: ჰეიდარიმ თქვა: – არავითარ შემთხვევაში, დაანებეთ თავი.
ვუთხარი: – რა მოგივიდა, აჰმადი? რა გაშინებს?
არ მიპასუხა. როგორც ყოველთვის, უცხო იყო და პირქუში. ხანდახან, ღამღამობით, ახლაც მგონია, რომ დაბრუნდა. მის ფეხის ხმას ვცნობ, მის უსასოო ნაბიჯებს, რომ არ იციან, საით გარბიან.
რაღაც ეხლება ჩემი ფანჯრის მინას. ყურს ვუგდებ. მე მგონი, ქარია. ან ყინვის სუსხი. იქნებ სიბნელე აწვება შუშას. უზარმაზარი შავი თაგვი ფარდის ბოლოს ღრღნის. ნეტავ ვინმე მოვიდოდეს ჩემ სანახავად. ნეტავ ვინმე დამიძახებდეს ფანჯრიდან. მაშინ ფათემე მაინც მოდიოდა ხოლმე. ფათემე არ ერქვა. არც როყიე და საქინე. არ ვიცი, რა ერქვა. ვინც იყო, კარგი კი იყო. ჩემ გარდა კიდევ ვიღაც იყო, კიდევ ერთი ადამიანი. კვირაში ორ დღეს მოდიოდა. ფარდებს გადასწევდა, ფანჯრებს აღებდა, ზეწრებს ბერტყავდა, ამზეურებდა. ჭურჭელს რეცხავდა, ჩემს ტანსაცმელს აწესრიგებდა. რა საამო სუნი ჰქონდა: გარეთა სუნი, ქუჩების, დუქნების, წყლის არხების, ავტობუსების სუნი! იქიდან მოდიოდა. ჩემთან იყო. ვიცოდი, თუ რამეს ვიტყოდი, გაიგონებდა, თუკი გავივლიდი, დაინახავდა. ჩემს ყოფნა-არყოფნას შეიტყობდა. მთელი დღე ლაპარაკობდა. მაგრამ მე კი არა, მაგიდას და სკამებს ელაპარაკებოდა, კარის სახელურს და სამოვრის ონკანს, იმ ცოცხს, ხელში რომ ეჭირა და სარეცხს, რომელსაც რეცხავდა. ყველა საგანთან ჰქონდა სიახლოვე: დოქთან, ხალიჩასთან, მაცივართან, მაკრატელთან, აქანდაზთან. ყველა ნივთისა ესმოდა. მათი ნაწილი იყო. მე არ მელაპარაკებოდა. იქნებ დროდადრო მეტყოდა კიდეც რამეს და არ მესმოდა. სმენა დაჩლუნგებული მქონდა. მახსოვს ის დღე, უკანასკნელად რომ მოვიდა. თმები ძირში ჰქონდა წაჭრილი. შუა ოთახში დაჯდა და ატირდა. თქვა, რომ ქალბატონმა შეკრიჭა თმა და, ქუჩის თავში რომ დალაქია, იმას მისცა პარიკის გასაკეთებლად. ჩემთვის არ უთქვამს, კარსა და კედლებს უამბო, ხალიჩებსა და თეფშებს. წავიდა და აღარც დაბრუნებულა. დიდი ხნის წინათ იყო. შვიდი თუ რვა წლის წინათ. ახლა მხოლოდ თაგვები არიან, დიდი, ნაცრისფერი თაგვები, რომლებიც ნელ-ნელა ხრავენ ყველაფერს.
რა აბეზარი ქარია. საიდან უბერავს? ალბათ, ღუმლის საკვამურიდან. ამაღამ ადრე დავიძინებ. ჩავწვები და ჩემს თავს ვეტყვი: "ფრთხილად, მოხუცო, ახლა რომ გაცივდე, მოკვდები!"
პიჯაკის ჯიბეში ხელს ვაფათურებ. წვრილ-წვრილ ნამცეცებში შაქარყინულის ნატეხიც აგდია. პირში ვიდებ. ძველია და უგემური. უკანვე ვაფურთხებ. შირინის შაქარყინულია. ჯიბეებში ყოველთვის ჰქონდა მოხალული მუხუდო და შაქარყინული. ფერადი ძაფები და იასამნის ყვავილი. ახლაც მახსოვს ის დღე, პირველად რომ ვნახე. ჰაშემის სახლის კარი ღია იყო. ანვარიმ თქვა: "სტუმარი ჰყავს ჰაშემის". შევედით. ჰეიდარიმ თქვა: "დიახ, დიახ. კი მაგრამ, ეს ვინღაა? სადაური ძღვენია?" შირინი ტანსაცმლიანად ჩასულიყო აუზში. ბანაობდა. სახე შადრევნისთვის შეეშვირა და იცინოდა.
ანვარიმ თქვა: – რას არ ნახავს კაცი! ჭიანჭველასოდენაა, ერთი გაბღენძილი ჭიანჭველასოდენა. ჰაშემი ბაღჩასთან ჩაჩოქილიყო, გარინდებულს თვალი მიელულა, პირი ოდნავ გაეღო, წამწამი არ უკრთოდა. არც კი სუნთქავდა თითქოს. ასგარიმ თქვა: – რა საყვარელია, ყველგან დაატევ, ჯიბეში შეგიძლია ჩაისვა და სამსახურში წაიყვანო.
ჰეიდარიმ თქვა: – ჯერ ის უნდა იკითხო, რისი მაქნისია, რა ჯიშის და მოდგმის. შირინმა ხელი დაგვიქნია. მის სიცილსა და წყლის დგაფუნს აევსო ეზო. ჰაშემის მტრედები თავს დაჰფარფატებდნენ. წყალს წკიპურტი გაჰკრა და ბატონ ჰეიდარის მიაშხეფა სახეზე. რაღაც თქვა, ვერ გავიგეთ. პირი შაქარყინულით ჰქონდა სავსე. გაბრწყინებული გვიყურებდა, თითქოს, რა ხანია, გვიცნობდა. არ ვიცოდით, რა გვეთქვა, არ ვიცოდით, რა გვექნა. ფეხშიშველი, ერთიანად სველი გამოვიდა, ჰაშემის მიეხუტა. თავი დაადო მხარზე. ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ჰეიდარიმ ჩაიბურდღუნა: – უსირცხვილო.
ანვარიმ გვითხრა: – ქურდი არ იყოს!
– მოდი, გავაგდოთ! ჰაშემი დაბნეული და გაოცებული უყურებდა შირინს. თითქოს არ სჯეროდა. შემკრთალმა ნელ-ნელა, გაუბედავად გადაუსვა ხელი სველი თმის ბოლოებზე, გატკბილულ თითებზე. იფიქრებდი, ეშინია, არ გაფრინდესო, გვითხრა, სიკეთის ანგელოზია, ღმერთმა გამომიგზავნაო.
ჰეიდარიმ გვერდით გაიხმო: – რა ჰქვია? ვინ არის? რა ოჯახიდანაა?
გაოცებული გვიმზერდა. თავი გაიქნია. არ იცოდა: – კარი ღია იყო... შემოვიდა... მტრედივით... ბალახივით, უცბად რომ ამობიბინდება ხოლმე ბაღში. რა ვიცი, მოვიდა კია...
... ბატონი ჰეიდარის დაბადების დღე იყო. გვინდოდა, რამე კარგი გვეყიდა, რაიმე სამახსოვრო მეგობრებისგან. ანვარიმ თქვა, ჩვენებურ ფეხსაცმელს ვუყიდიო. მაჰდავიმ თქვა, რამე საჭირო ნივთი ვუყიდოთ, იარაღების ყუთი მანქანისთვის, ან ელექტროხერხი ბაღში სამუშაოდო.
აზიზიმ შეიცხადა: "ო, ღმერთი ჩემო, ისევ ჰეიდარის დაბადების დღეა?"
შირინმა სიყვარულის ჩიტი აჩუქა. გალია მიაწოდა და თავი ჩაღუნა. ასე იცოდა, როცა დაიმორცხვებდა ხოლმე. შემდეგ ყური მოჰკრა, რომ გალია ჩიტიანად საკუჭნაოში დადგეს და ქსოვილი გადააფარეს. ბატონ ჰეიდარის უთქვამს, ცუდად არ გალობს, მაგრამ უდროო დროს ამღერდება ხოლმე, ძალიან აბეზარი რამააო. შირინი წუხდა, ტიროდა და ჩიტს უკან ითხოვდა. ლამის დაავადმყოფდა. ჰეიდარიმ თქვა: – ეს ერთი ათთუმნიანი ჩიტი რა სალაპარაკო გახდა. აიღე, მიუყვანე და უთხარი, მეტად ასეთი ძღვენი აღარ მომართვას. აღარც მიურთმევია, აღარასდროს აღარ მიურთმევია.
თოვა დაიწყო, წვრილად და ხვავიანად. საბანს ნიკაპთან ვიკეცავ. ფრთხილად ვისუნთქავ ჰაერს, რომ ოთახის სიცივემ ხველა არ დამაწყებინოს. რაღაცას ველოდები: ან მომშივდება, ან ძილი მომერევა, ან რაიმე სხვა იქნება, ჯდომისა და მოლოდინის გარდა.
თოვლის შარიშური მესმის. თითქოს თავში მეფინება ფანტელები, გულში, თვალებში...
ჩემს თავს ვეუბნები: "მოხუცო, ამაღამ შენი საქმე წასულია, ზამთარი ახლა იწყება. ჯერ სადაა ზაფხული?"
ვუთხარი: – ასგარი, წასვლას რომ აპირებდი, რას შვრები? აღარ მიდიხარ? აღარ წავიდეთ?
დედას მისჯდომოდა გვერდით. თმას ვარცხნიდა, ბეჭებს უზელდა, საჭმელს პირში უდებდა.
– თანდათან გვიანდება... რა ვქნათ?
– დედაა ჩემი. რა ვუყო? ვუვლი.
ზურგზე მოიკიდა და წაიყვანა. გამომხედა: – შენ რას იზამდი, ჰა?
ჰეიდარი ამბობდა, ცხოვრება ორჯერ ორი ოთხივითაა. ზუსტი წესები აქვს, გონიერი კაცი მუდამ ბედნიერიაო. ...ჯობს ავდგე, ვახშამზე ვიფიქრო, დაძინებაზე, ამ საშინელ სიცივეზე და აბეზარ თაგვებზე, მთელ ბინას რომ დაჰპატრონებიან. ხვალეზე და მის მომდევნო დღეებზე ვიფიქრო.
გოლი თარაყი
ასევე წაიკითხეთ:
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•