"ჩემმა მეტრფემ შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული"
("ქებათა ქება სოლომონისა", V:4)
"Dilectus meus misit manum suam per foramen, et venter meus intremuit ad tactum cieus.
("Canticum Canticorum", V.4)
ემეტერიო ალფონსოს ოცდაოთხი წელი რომ შეუსრულდა, თავის დაბადების დღეს სულ მარტო, მარტოხელა შეხვდა, არც ოჯახი აწვა კისერზე და არც სხვა რამ მოვალეობა ამძიმებდა; მცირეოდენი ქონების პატრონიც იყო და თან ბანკშიც მუშაობდა. ბავშვობა და მშობლები ბუნდოვნად ახსოვდა; უბრალო მშრომელები კი იყვნენ, მაგრამ დიდი გარჯისა და ხელმომჭირნეობის წყალობით შვილს საკმაო სარჩო-საბადებელი დაუტოვეს. ემეტერიოს მარტო ის ახსოვდა, რიტორიკისა და პოეტიკის სახელმძღვანელოში ლექსებს რომ კითხულობდა, რა აღტაცებით შესძახებდნენ ხოლმე, შენ უთუოდ მინისტრი გამოხვალო, მაგრამ ახლა, საკმაო რენტისა და ხელფასის იმედად, მინისტრებისა სულაც არ შურდა.
ემეტერიოც გვარიანად ხელმომჭირნე და თან მეტისმეტად მტკიცე ხასიათის ახალგაზრდა იყო; ყოველი თვის ბოლოს დაზოგილი თანხა თავის ანგარიშზე იმავე ბანკში შეჰქონდა, სადაც მუშაობდა. მაგრამ მარტო ფულს როდი ზოგავდა, - ასევე ზოგავდა საკუთარ თავსაც; მართალია, ბანკში თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, რაკი ფრთხილიც იყო და მშიშარაც, მაგრამ ზედმეტად არაფრის გულისთვის არ გაირჯებოდა; ზოგავდა ჯან-ღონესაც, აზრებსა და გრძნობებსაც კი; დადგენილ ჭეშმარიტებებსა და საღ აზრს განუსჯელად აღიარებდა; ფრთხილი და ამხედ-დამხედი იყო ნაცნობ-მეგობრების არჩევაშიც. ყოველ საღამოს, ძილის წინ, - მუდამ ერთსა და იმავე საათზე კი წვებოდა, - გულდაგულ დაკეცავდა შარვალს და საგანგებო საკიდარზე ისე დაამაგრებდა, მეორე დღისთვის არ შელახულიყო და დაჭმუჭნილიყო.
ემეტერიო ერთ წრეს მიეკედლა, - კაფეში იკრიბებოდნენ ხოლმე, - და კარგადაც ერთობოდა, მოსწრებულ ხუმრობებზე გულიანად იცინოდა, მაგრამ სხვების გასამხიარულებლად თვითონ კრინტს არ დაძრავდა, თავს არ შეიწუხებდა. იმ წრეში ვინმე სელედონიო გამოარჩია, მარტო მასთან მონახა საერთო ენა; ის კი, თავის მხრივ, ემეტერიოს გონების სავარჯიშოდ იყენებდა. თავად სელედონიო იმ საკვირველი დონ ფულსენსიო ენტრამბოსმარეს დე აკილონის მოწაფე გახლდათ, ვისზეც საკმაოდ ბევრი რამ გიამბეთ ჩემს რომანში "სიყვარული და პედაგოგიკა".
სელედონიო ამ თავის მოწაფესა და თაყვანისმცემელს ჭადრაკის თამაშსაც ასწავლიდა და ისეთ თავშესაქცევ და ჯანმრთელობისათვის უვნებელ ხელოვნებასაც აზიარებდა, როგორიცაა შარადები, რებუსები, ლოგოგრიფები, კროსვორდები და სხვადასხვა მსუბუქი თავსატეხი. თავად სელედონიოს კი ყველაზე მეტად წმინდა ეკონომიკა იტაცებდა, რაკი დიფერენციული და ინტეგრალური გამოთვლებით არ იყო გართულებული. ამავე დროს იგი ემეტერიოს მრჩეველიც გახლდათ, უფრო სწორად, მოძღვარი; ისიც მხოლოდ სელედონიოს ახსნა-განმარტებების მიხედვით ეცნობოდა მიმდინარე მოვლენებს, ნაკლებმნიშვნელოვან ამბებს კი თვითონვე კითხულობდა გაზეთ "ესპანეთის ახალ ამბებში", ოღონდ საწოლში, ძილის წინ; შაბათობით თეატრშიც დადიოდა, ამ სიამოვნებას ნამდვილად არ იკლებდა, ეგ არის, დრამები არ უყვარდა, უფრო ტინეტე ან კომედია მოსწონდა.
*
ასე და ამგვარად, მშვიდად და უდრტვინველად მიედინებოდა ემეტერიოს ცხოვრება გარეთ. მისი სახლიცა და ოჯახიც კი ერთი პატარა სასტუმრო იყო, უფრო სწორად, დონია ტომასას პანსიონატი და რაკი საკუთარი სახლ-კარი არ გააჩნდა, ოჯახური კერაც იქ დაიგულა.
იმ პანსიონატში კი მიმსვლელ-მომსვლელი არ ილეოდა. ვის არ ნახავდით იქ: ჩარჩ-ვაჭრებსა თუ სტუდენტებს, კათედრის მასწავლებლის ადგილის მაძიებელს, სხვადასხვა ჯურისა და გაურკვეველი საქმიანობის ადამიანებს და ვინ იცის, კიდევ ვის. მარტო ემეტერიო იყო მუდმივი ბინადარი და ისე გაშინაურდა დონია ტომასას პანსიონში, როგორც საკუთარ სახლში.
ამ, ასე ვთქვათ, ოჯახური კერის სული და გული გახლდათ როსიტა, დონია ტომასას ერთადერთი ქალიშვილი; ის ეხმარებოდა დედას პანსიონატის საქმეების მოგვარებაშიც და მდგმურებს საუზმისა თუ სადილ-ვახშმის დროს სუფრაზეც ემსახურებოდა მათდა საამებლად, მით უმეტეს, რომ როსიტა ქორფა, მადისაღმძვრელი და, ცოტა არ იყოს, გამომწვევიც კი იყო; არც იმას იუკადრისებდა, თუ ვინმე ხელს მოუთათუნებდა, პირიქით, კიდეც გაიცინებდა, რადგან ეს პატარა სიამოვნება იმ უგემურად მომზადებული დაბეგვილი ხორცის საზღაური იყო, რითაც როსიტა არცთუ იშვიათად უმასპინძლდებოდა ხოლმე მდგმურებს. არც უწმაწურ ხუმრობას ითაკილებდა, ის კი არა, პასუხსაც უმალ მიაგებებდა და კიდეც წააქეზებდა.
როსიტა უკვე მეოცე გაზაფხულის გაფურჩქვნის წელში გადამდგარიყო და ერთი ხანია, ემეტერიოზე ეჭირა თვალი, პანსიონატის მდგმურებს შორის სწორედ ის გამოარჩია და სულ თავს ევლებოდა, უღიმოდა, ეკეკლუცებოდა, გრძელ წამწამებს უფახულებდა. "კარგს იზამდი, ანკესზე რომ წამოგეგო!" - მალიმალ შეაგულიანებდა დედაც, დონია ტომასა; ქალიშვილი კი უპასუხებდა: "თუ კაკანათში გამება?"... "მაინც რა გაგიხდა ამისთანა, თევზია თუ ხორცი?" - "მე თუ მკითხავ, არც ერთია და არც მეორე, თვალებდაკუსული ბაყაყია, ეგ არის და ეგ!".. "თუკი ბაყაყია, მაშინ ეგ შუქურასავით თვალები რაში გარგია, თუ იმ თვალებსაც ვერ დაუვსებ?!" - "მორჩი, დედა, შენი დარიგება სულ არ მჭირდება, დარდი ნუ გაქვს, თავადაც კარგად ვიცი, საიდან მოვუარო!" - "კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მაინც იცოდე, ხელიდან გასაშვები კაცი არ არის და დარწმუნებული ვარ, არც გაუშვებ!" ასე და ამგვარად, როსიტა დიდი მონდომებით შეუდგა ემეტერიოსთვის "თვალების დავსებას", - უფრო სწორად, დონ ემეტერიოსთვის, როგორც ჩვეულებრივ მიმართავდა ხოლმე, - და თანდათან მიმზიდველიც კი ეჩვენებოდა.
ემეტერიო ხომ ისედაც დიდი ყაირათიანი კაცი გახლდათ და ახლაც იფიქრა, ამ შემთხვევასაც ჩემდა სასიკეთოდ გამოვიყენებო, თან ფხიზლად იყო, თავი სხვათა დასაცინი არ გავიხადოო; რაღა თქმა უნდა, არც ის გამოეპარებოდა, რა გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს მდგმურები როსიტას კოკობზიკობას და გულში ეცინებოდათ, ვითომ მარტო ემეტერიოს უჟუჟუნებდა თვალებს; მხოლოდ მარტინესი იყო მშვიდად, სწორედ ისე, როგორც ფსიქოლოგიის კათედრაზე ადგილის მაძიებელს შეშვენოდა, ხოლო ემეტერიო თავს ინუგეშებდა: "ვერა, ეს გოგო ვერ გამაბამს თავის მახეში, ისღა მაკლია, თავის დედიანად კისერზე დავისვა! დონია ტომასა მჭირდება კიდევ? ნათქვამია, ეული ხარი საკუთარ თავს ელოლიავებაო".
- სხვათა შორის, ეს გოგო კარგა გამოქექილი ვინმე ბრძანდება, მარტო მაგის ტაქტიკა ნახე... - შესჩიოდა ემეტერიო თავის მოძღვარს, სელედონიოს.
- მაშასადამე, ტაქტიკა არ მოგწონს, მაგრამ კონტაქტი...
- არც ასეა, სელედონიო, მისი ტაქტიკა სწორედ რომ კონტაქტის ტაქტიკაა. ნეტავი კი დაგანახვა, როგორ მეტმასნება, სულ საბაბს ეძებს, რომ შემეხოს, ვითომც უნებურად, სულ იმის ცდაშია, როგორმე მაცდუნოს... მე კი ისიც ვერ გამიგია, მარტო მე?
- გამოტყდი, ემეტერიო, ეჭვიანობ, სხვა მდგმურებზე ეჭვიანობ.
- პირიქით, სწორედ ისინი მითვალთვალებენ, თუნდაც ის მარტინესი, მაძიებელი, როცა იმ თავის ბიფშტექსს ღეჭავს, ასე გეგონება, თვალებით როსიტას ჭამსო, ალბათ, ფიქრობს, ჩემთან თუ არაფერი გამოუვიდა, მას დარჩება, თუკი ბედმა გაუღიმა.
- მაშინ ისევ შენ თქვი უარი, შენ გადექი განზე.
- ნეტავი კი გაჩვენა, რა ოინებს მიწყობს ხოლმე. ერთხელ, ის-ის იყო, "ახალი ამბები" ავიღე და ფელეტონის კითხვას შევუდექი, რომ კარი შემოაღო, ლამის ოთახში შემომეჭრა. მერე როგორი გაწითლებული იყო, ვითომ შერცხვა, - ვაიმე, მაპატიეთ, დონ ემეტერიო, კარი შემეშალაო! - მოიბოდიშა.
- რაო, დონ ემეტერიოს გეძახის?
- აბა, სულ ასე მომმართავს. ერთხელ კიდეც ვუთხარი, მოეშვი მაგ "დონს" და უბრალოდ ემეტერიო დამიძახე-მეთქი, მაგრამ იცი, რა მიპასუხა? "უბრალოდ? რას ბრძანებთ, არასოდეს, დონ ემეტერიო, მხოლოდ "დონ". ამ დროს კი ოთახში მივარდება, ვითომ კარი შეეშალა...
- რაც უნდა იყოს, შენ მაინც დონია ტომასას სახლში ცხოვრობ და ვშიშობ, ისე არ მოხდეს, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი - "დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაში"...
- წმინდა წერილშიო? ნუთუ ამისთანა რამეებიც წერია წმინდა წერილში?..
- ჰო, ეს მისტიკურ "ქებათა ქებაშია" ნათქვამი და მას, როგორც სურნელოვანი ღვინით სავსე ფიალას, ისე ეწაფებიან ადამიანები, რომელთაც სწყურიათ არამიწიერი სიყვარული; და ფიალის ამბავიც, საიდანაც წყურვილს იკლავენ, რასაკვირველია, ბიბლიაში წერია.
- გამოდის, უნდა გავიქცე, სელედონიო, სხვა გზა არა მაქვს, ეს გოგო მე ცოლად არ გამომადგება...
- სხვისი ცოლი რომ ყოფილიყო?
- მით უარესი! უკანონო კავშირი? არავითარ შემთხვევაში, ან უფლის ნებას უნდა დაჰყვე, ან არა და იყო შენთვის...
- კარგი, მაგრამ აკი უფალი ღმერთი იმასაც ამბობს, ინაყოფიერეთ და იმრავლეთო! შენ კი, როგორც გატყობ, გამრავლებას არც აპირებ.
- გამრავლებასო? გამრავლება ბანკშიც მეყოფა!.. გამრავლებაო!.. მე და გამრავლება?!
- რატომაც არა, აიყვანე საკუთარი თავი კუბში, იზრუნე შენივე თავის ხარისხში აყვანაზე!..
*
და ემეტერიოც ყოველ ხერხსა და ღონეს ხმარობდა, რომ როსიტას მოძალებული ტაქტიკისგან თავი დაეცვა.
- იცი, რას გეტყვი, - ერთხელაც გაუბედა როსიტას ემეტერიომ, - მშვენივრად ვხედავ, როგორ ცდილობ მახეში გამაბა, მაგრამ იცოდე, ტყუილად ირჯები...
- კარგი, მაგრამ ამას რატომ მეუბნებით, დონ ემეტერიო?
- ან იქნებ სულაც არ ირჯები ტყუილად! აქედან რომ წავალ, მერე ვნახოთ... კარგად ბრძანდებოდე, ჩემო როსიტა!
- მე ვბრძანდებოდე კარგად? თქვენ თვითონ ბრძანდებოდეთ კარგად...
- დაე ასე იყოს, მე ვბრძანდებოდე, მაგრამ ფრთხილად, წინ იყურე!
საბრალო ემეტერიო! აკი მარტო როსიტა ზრუნავდა მასზე, ღილი რომ ასწყდებოდა, სხვა ვინ უკერებდა. კიდეც უხაროდა, თუ ასწყდებოდა. ჰალსტუხსაც როსიტა უსწორებდა. "აბა, დამენახვეთ, დონ ემეტერიო, - ეტყოდა ხოლმე, - მაინც რა დაუდევარი ხართ, ნამდვილი ადამი!.. მოდით აქ, გაგისწოროთ!" შაბათობით მისი თეთრეულიც როსიტას მიჰქონდა მრეცხავთან, პირადი ნივთების გარდა, რადგან თვითონვე გადამალავდა და მის უჩუმრად აბარებდა სამრეცხაოში, ან თუ გაცივდებოდა და ლოგინში ჩაწვებოდა, განა ისევ როსიტა არ უვლიდა? ცხელ-ცხელ პუნშს პირდაპირ ლოგინში მიართმევდა, სამაგიეროდ, ემეტერიო შაბათობით თეატრში ეპატიჟებოდა რომელიმე მხიარულ სპექტაკლზე.
ასე წაიყვანა ერთ შაბათ დღესაც, სწორედ მიცვალებულთა ხსენების დღეს, "ტენორიოს" სანახავად. "კარგი, მაგრამ მაინცდამაინც ამ დღეს რატომ გვაჩვენებენ ასეთ რამეს, დონ ემეტერიო?" - "ალბათ კომანდორის გულისთვის"... - "მართალი გითხრა, ეს დონ ხუანი ერთი გადარეული ვინმეა!"..
მაგრამ ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, ემეტერიო-ძუნწი მაინც მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე და არ ნებდებოდა.
- მე თუ მკითხავ, - ეტყოდა ხოლმე დონია ტომასა ქალიშვილს, - მაგ შენს გამოთაყვანებულს ნამდვილად ვიღაც ჰყავს...
- მაინც ვინ უნდა ჰყავდეს, დედა? ქალი? ამას ხომ უმალ ვიყნოსავდი...
- ვაითუ სუნამოს არ იპკურებს!...
- ქალს სუნამოს გარეშეც კარგად ვიყნოსავდი...
- ეგებ საცოლე ჰყავს!
- საცოლე? ვის? ამას კი ვერ დავიჯერებ!
- მაშ რა ხდება?
- არაფერი, დედა! ჩემი აზრით, დაოჯახებაზე არც ფიქრობს, უბრალოდ არ აპირებს... რაღაც სხვა უტრიალებს თავში...
- შვილო, როგორც ვხედავ, ტყუილად ვირჯებით და დროს უქმად ვკარგავთ, სჯობია, ისევ მარტინესს მიხედო, თუმცა არც ისაა შენი შესაფერი, მაგრამ... ერთი ის მითხარი, ამას წინათ ის რა წიგნები მოგცა?
- ისეთი არაფერი, დედა, სისულელეები, მისი ამხანაგების ნაჯღაბნი...
- თვალი გეჭიროს, თვითონაც არ დაწეროს რამე რომანი და ჩვენ არ გამოგვიყვანოს...
- მერე შენ რა გენაღვლება, დედა?
- როგორ თუ რა? ისღა მაკლია, ჩემი თავი წიგნში ვნახო!
*
ბოლოს და ბოლოს, როცა ემეტერიომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და სელედონიოსაც მოეთათბირა, გადაწყვიტა, როსიტას გარიდებოდა, ცდუნებას არ აჰყოლოდა და აკი ზაფხულის შვებულებაც კარგი საბაბი გამოუჩნდა, თან ჯანმრთელობასაც მოიმიზეზებდა და წყლებზე სამკურნალოდ გაემგზავრებოდა; მერე კი, როცა სამსახურში დაბრუნდებოდა და ბანკში თავის საქმეს შეუდგებოდა, ძველებურ სკივრსაც გადაიტანდა ახალ ბინაში, დონია ტომასას სახლში გირაოსავით რომ დატოვა და დასასვენებლად მარტო ერთი ჩემოდნით გაემგზავრა. მაგრამ როცა დაბრუნდა, მაინც ვერ გაბედა, სკივრის წამოსაღებად თვითონ წასულიყო და როსიტას შეხვედროდა, ამიტომ კაცი გაგზავნა და თან წერილი გაატანა.
მაგრამ განა ასე უბრალოდ ჩაიარა ამდენმა ვაი-ვაგლახმა? როსიტაზე ფიქრმა მთლად დაუფრთხო ძილი და მოსვენება. ახლაღა მიხვდა, რა ღრმად ჩავარდნოდა გულში, ახლა, როცა ღამის სიბნელეში იწვა მართლაცდა მარტოსული და როსიტას ცეცხლივით მწველი თვალებით მონუსხული ამაოდ ცდილობდა მის დავიწყებას; დაიძინებდა და ძილშიც თან მიჰყვებოდა მისი ელვარე თვალები, თან საშიში და თან ნეტარების მომგვრელი. "მაინც რატომ მახსენებს პერუს ლამას? ნეტავი ასეთი რა ავბედითი დავინახე როსიტას არსებაში, რამ დამაფრთხო ასე ძალიან? მარტოხელა ხარი... ჯანმრთელობისთვის იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე მარტოხელა ხარივით ცხოვრება, საკუთარ თავს რომ ელოლიავება"...
- ცოტა მძინავს და თუ მძინავს, ძალიან ცუდად, - შესჩიოდა ემეტერიო თავის მოძღვარს, - თითქოს რაღაც მაკლია, სული მეხუთება...
- რა გაკლია და ცდუნება, ემეტერიო, რაკი ვეღარავის ებრძვი...
- სულ ის მიდგას თვალწინ, როსიტა, ჩემი ძილ-ღვიძილის ზმანება...
- მაშ ზმანება, არა?
- ჰო, ასეა, ვერა და ვერ ვივიწყებ, მისი თვალები არ მასვენებს...
- ტრაქტატის წერასაც ხომ არ აპირებ ესთეტიკის საკითხებზე?
- იცი, სელედონიო, აქამდე ვერ გეუბნებოდი, ახლა გამოგიტყდები... ალბათ, გახსოვს, ამერიკული კალენდარი რომ მქონდა, ჩემს ოთახში ეკიდა... დღე და რიცხვი არასდროს გამომრჩებოდა...
- თანაც, მეორე მხარეს შარადები და რებუსები უნდა ამოგეხსნა...
- ესეც მართალია, მართალი. ერთი სიტყვით, იმ დღეს, როცა დონია ტომასას სახლიდან წამოვედი, რა თქმა უნდა, კალენდარიც ჩემს სკივრში ჩავდე, მაგრამ იმ დღის ფურცელი არ მომიხევია...
- და იმ ღირსსახსოვარ დღეს აღარც შარადები ამოგიხსნია, არა?
- ჰო, ასეა, არც შარადები გამხსენებია და იმ დღისა და რიცხვის ფურცელიც ხელუხლებელი დარჩა.
- ემეტერიო, შენმა ნათქვამმა ერთი ამბავი გამახსენა. ახალდაქორწინებულ კაცს ცოლი რომ მოუკვდა, გამწარებულმა იმ საბედისწერო 17 საათსა და 13 წუთზე ისე დასცხო მუშტი თავის საათს, რომ გაჩერდა. მას შემდეგ შეკეთებაზე აღარც უფიქრია და ასე უქმად ატარებდა.
- მერე რა მოხდა, სელედონიო, მგონი, არც არაფერი...
- მე თუ მკითხავ, ჯობდა საათისა და წუთის მაჩვენებელი ისრები მოეძრო, საათი კი აემუშავებინა, რადგან ვინმეს რომ ეკითხა, რომელი საათიაო, უპასუხებდა, ჩემი საათი კი მუშაობს, ოღონდ დროს არ აჩვენებსო, ვიდრე ეთქვა, დროს კი აჩვენებს, მაგრამ არ მუშაობსო. რაკი საათი მაქვს, კიდეც უნდა მუშაობდეს, მე მირჩევნია მუშაობდეს და დროს არ აჩვენებდეს!
*
ემეტერიო ისევ ისე, ჩვეულებისამებრ დადიოდა კაფეში, ისევ ისე იცინოდა სხვათა ხუმრობებზე, შაბათობითაც ჩვეულებისამებრ დადიოდა თეატრში, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგიც შეჰქონდა ბანკში თავის ანგარიშზე, - თანხა თანხას ემატებოდა, პროცენტები ერიცხებოდა, - კვლავინდებურად ზრუნავდა ჯანმრთელობაზე, უფრთხილდებოდა მარტოხელა კაცის ჯანის სიმრთელეს, ეული ხარივით ისიც ელოლიავებოდა საკუთარ თავს, მაგრამ რაოდენ ცარიელი იყო მისი ცხოვრება... ეს კი მთელი სიცხადით მაშინ იგრძნო, როცა იმ წრის ერთი წევრი, ჟურნალისტი, ყველაზე ენამოსწრებული და ოხუნჯი, ერთ მშვენიერ დღეს ბანკში გამოეცხადა იმ იმედით, რომ ფულს დასცინცლავდა, ხოლო როცა უარი მიიღო, საშინლად იწყინა. "თქვენ მე იმედი გამიცრუეთ!" - უთხრა მან. "მე?" - "დიახ, თქვენ და აი, რატომ - ჩვენს წრეში ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება გვაქვს. მე, მაგალითად, ყველას გაცინებთ და გამხიარულებთ, თქვენ კი ხმასაც არ იღებთ, ერთი სიტყვაც არ დაგცდებათ; შეძლებული კაცი ბრძანდებით და თქვენი დანიშნულებაც ეს არის; თუ რამეში ვარგიხართ, მარტო ამაში, სხვა არაფერში გამოდგებით; და თუ ახლა მე თქვენ გეახელით, მარტო ამიტომ გამახსენდით, თქვენ კი უარით გინდათ გამისტუმროთ; მაშასადამე, თქვენ მე მომატყუეთ, გამაცურეთ!" - "კარგი, მაგრამ მე ხომ იქ იმიტომ არ დავდივარ, ჩემო ბატონო, რომ მდიდარი ვარ, მე უბრალოდ, ჩვეულებრივი მომხმარებელი გახლავართ!" - "მომხმარებელი? რისი მომხმარებელი?" "რისი და მახვილსიტყვაობის! მე თქვენს მოსწრებულ ხუმრობებზე ვიცინი, ეს არის და ეს!" "მომხმარებელი, მომხმარებელი!... საკუთარი თავის მომხმარებელი ბრძანდებით და მეტი არც არაფერი!".. - და ეს სრული სიმართლე იყო.
ახლა კიდევ ეს ახალი საბინადროც!
- ნეტავი კი იცოდე, სელედონიო, ეს რა სახლია, პანსიონატი კი არა, ნამდვილი ფუნდუკია თუ ქარვასლა. სახლი აი, ის იყო, დონია ტომასას პანსიონატი!
- მართლაც პანსიონატი!..
- ეს სახლიც ვითომ პანსიონატია, მაგრამ ერთი იქაური მომსახურე ქალები გაჩვენა - ქალები კი არა, ნამდვილი ცხოველები არიან! რაც უნდა თქვა, როსიტა მაინც დიასახლისის ქალიშვილი იყო და იმ სახლის სული და გული, მე იქ მოსამსახურეებთან საქმე არასდროს მქონია...
- არც პანსიონერებთან?
- ამ ფუნდუკში კი... მარტო ერთი ის მარიტორნესიც კმარა, - ერბოკვერცხს რომ მიმზადებს ხოლმე, კვერცხები სულ ზეთში ცურავს. როცა ვკითხე, ამდენი ზეთი რა საჭიროა-მეთქი, იცი, რა მიპასუხა? - პურს ამოაწებო!.. წარმოგიდგენია?!
- რასაკვირველია, როსიტაც კი გიმზადებდა ერბოკვერცხს, მაგრამ ის ხომ დიასახლისის შვილი იყო!
- ესეც მართალია, მაგრამ ის ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ეს რეგვნები კი... გარდა ამისა, ჩემს სკივრს ისე მიადგამენ ხოლმე კედელს, სახურავი ვეღარ ამიხდია, მით უმეტეს, რომ ჩემი სკივრი ძველებურია და ამოზნექილი სახურავი აქვს...
- აბა რა იქნება, თუ ცის თაღივით გამოზნექილ-ჩაზნექილია...
- ააჰ, სელედონიო, მაინც რამ წამომიყვანა იმ სახლიდან!..
- იმის თქმა ხომ არ გინდა, ამ სახლში ჩემზე არავინ ნადირობსო?..
- არა, ამ სახლში მე ოჯახური კერა, სიმყუდროვე ვერ ვპოვე...
- მერე ასე გაგიჭირდა სხვა ბინის მონახვა?
- ყველა ერთნაირია...
- ფასზეა დამოკიდებული, ფასის მიხედვით გეპყრობიან კიდეც...
- არც ასეა, დონია ტომასას პანსიონატში ფულის მიხედვით სულაც არ მეპყრობოდნენ, იქ ნამდვილ ოჯახის წევრად ვგრძნობდი თავს...
- ცხადია, იმ სახლში სხვა ანგარიში ჰქონდათ...
- არა, სელედონიო, დარწმუნებული ვარ, კარგი ზრახვები ჰქონდათ, ნამდვილად ასე იყო, ახლაღა ვხვდები, რომ როსიტას ვუყვარდი, მართლა ვუყვარდი და უანგაროდაც... მე კი... მაინც რამ დამატოვებინა იქაურობა...
- ემეტერიო, გული მიგრძნობს, ისევ დაბრუნდები, ეჭვიც არ მეპარება, როსიტას დაუბრუნდები...
- ვერა, ვერ დავუბრუნდები, შეუძლებელია... როგორ ავუხსნა, რატომ დავბრუნდი-მეთქი? ან სხვა ბინადრები რას იფიქრებენ, თუნდაც ის მარტინესი რას იტყვის?
- დამიჯერე, მარტინესი არ ფიქრობს, ის მხოლოდ ფსიქოლოგიურ ახსნას ეძებს ხოლმე...
*
ორიოდე დღეს არ გაუვლია, რომ ემეტერიო კვლავ შეხვდა სელედონიოს.
- სელედონიო, აბა თუ მიხვდები, გუშინ ვინ ვნახე.
- ამას რა მიხვედრა უნდა, რასაკვირველია, როსიტა! მარტო იყო?
- არა, მარტინესი ახლდა, აკი ახლა მისი ქმარია, თუმცა არც უიმისოდ იქნებოდა მარტო...
- ვერ ვხვდები, რას ნიშნავს, მარტო არ იქნებოდაო; ფხიზელი არ იყო და ვინმეს მიჰყავდა თუ რა?
- არა, იმ მდგომარეობაში იყო, საინტერესოს რომ უწოდებენ, თვითონვე მახარა; მერედა როგორი გამარჯვებული სახე ჰქონდა, როგორი მედიდური, რა ამაყად აფახულებდა იმ თავის წამწამებს! როგორც ხედავ, ემეტერიო, მე საინტერესო მდგომარეობაში გახლავარო! მე კი ჩავფიქრდი, ნეტავი მაინც რა ასეთი საინტერესოა მისი მდგომარეობა-მეთქი!
- ცხადია, ბანკის მოხელისათვის ჩაფიქრება მართლაც ბუნებრივია, მაგრამ ის, მეორე, მარტინესი რაღას ფიქრობდა მის მდგომარეობაზე თავისი ლოგიკური თუ ეთიკური თვალსაზრისის თანახმად? ახლა ის მითხარი, შენზე როგორ იმოქმედა ამ ამბავმა?
- ნეტავი კი გენახა!.. მაინც რა მოიგო როსიტამ ამ ცვლილებით?
- რა ცვლილებით?
- რა და, იმ თავისი მდგომარეობით, ისეა დამრგვალებული და დაქალებული... მერედა რა სანახავი იყო, ამაყად, თავმომწონედ რომ მიჰყვებოდა მარტინესს მკლავზე დაყრდნობილი...
- დარწმუნებული ვარ, მათ რომ დაშორდი, იფიქრე, რატომ მე არა ვარ მის ადგილზე, როგორ ვერ დავასწარი ამ მარტინესს, რა ეშმა შემიჩნდა ისეთიო; გამოტყდი, რომ ნანობ, ასეა თუ არა?
- ჰო, მგონი, ასეა... მართალს ამბობ...
- მარტინესმა რაღაო?
- მარტინესი ორჭოფული ღიმილით მიყურებდა, თითქოს უნდოდა ეთქვა: შენ არ მოინდომე? ახლა ჩემიაო!
- ჰოდა, ბიჭიც მისი იქნება...
- იქნებ გოგო... ჩემი რომ ყოფილიყო, უეჭველად ბიჭი იქნებოდა, მაგრამ მარტინესისა?..
- ახლა მარტინესზე ეჭვიანობ, არა?
- მაინც რა სისულელე ჩავიდინე!
- დონია ტომასა რაღას იქმსო?
- დონია ტომასა? ჰო, მართლა, აკი მომკვდარა, ეტყობა, როსიტაც ამიტომ უფრო აჩქარდა, სასწრაფოდ გათხოვდა, იმ სახლის ღირსება რომ შეენარჩუნებინა...
- ერთი სიტყვით, მარტინესმაც ერთბაშად მდგმურის წილ პანსიონატის პატრონის ადგილი მიიღო!
- ჰო, მარტინესს ბედმა კი გაუღიმა, მაგრამ თურმე არც კერძო გაკვეთილებსა და კონკურსში მონაწილეობაზე უთქვამს უარი. როგორც გავიგე, ბოლოს და ბოლოს მიზნისთვისაც მიუღწევია და იმ თავის საოცნებო კათედრაზეც მიუღია ადგილი, ამიტომ ცოლთან და იმასთან ერთად, ვისაც ელოდებიან, მიემგზავრება ნანატრი ადგილის დასაკავებლად.
- რამდენი რამ დაკარგე, ემეტერიო!
- ახლა ისიცა თქვი, რამდენი რამ დაკარგა როსიტამ!
- რამდენი მოიგო მარტინესმა!
- მაინც რამდენი? სამი-ოთხი საათი კათედრაზე ყურყუტი, მეტი რა? მე ჩემი ვიკითხო, რომ ვერა და ვერ ვეღირსე ოჯახურ კერას, მარტოხელა ხარივით უნდა ველოლიავო საკუთარ თავს. აბა, ეს რა ცხოვრებაა, სელედონიო! რა ცხოვრებაა?!
- კარგი, მაგრამ ქალი დაილია?
- როსიტასთანა ქალი - კი... როსიტასთანას სადღა ვნახავ? მაინც რა მოიგო ისეთი, მარტინესზე რომ გამცვალა?!
- კათედრაზე ვაკანსია...
- გეუბნები, სელედონიო, ვერ ვივარგე, კაცად ვერ ვივარგე-მეთქი!
*
და მართლაც, საწყალი ემეტერიო ალფონსოს მთელი მიჩქმალული შინაგანი სამყარო, მთელი მისი პირადი ცხოვრება მომაკვდინებელი ერთფეროვნებისა და გულგრილობის მორევში ჩაინთქა. ალფონსო კი იყო მისი გვარი, მაგრამ სელედონიომ ურჩია, ნაწილაკი "დე" დაერთო კეთილშობილი წარმომავლობის მანიშნებლად. ერთი სიტყვით, აღარც ხუმრობებზე ეცინებოდა, აღარც შარადები, რებუსები თუ ლოგოგრიფები ადარდებდა. ცხოვრებამ მისთვის მთელი ხიბლი დაკარგა. თუ ეძინა, გული მაინც ფხიზლობდა, "ქებათა ქებაში" რომაა ნათქვამი: "მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი", - მის გონებას ეძინა, გული - ოცნებობდა. სამსახურშიც ამ მძინარე გონებით თვლიდა და ანგარიშობდა, ხოლო გული როსიტაზე ფიქრობდა, როსიტას საინტერესო მდგომარეობაზე. რა გასაკვირია, რომ ამ ფიქრებში ჩაფლულს პროცენტები სხვათა ანგარიშზე დაერიცხა, ამიტომ ბანკის მოხელეები იძულებული იყვნენ, მისი შეცდომები ესწორებინათ, თან აფრთხილებდნენ, მეტი ყურადღება გმართებსო. ბოლოს კი დონ ილარიონმაც გამოიძახა და უთხრა:
- სენიორ ალფონსო, თქვენთან გასაუბრება მსურდა...
- დიდი სიამოვნებით, დონ ილარიონ.
- ვერ ვიტყვი, რომ თქვენი მუშაობით უკმაყოფილო ვიყო, სენიორ ალფონსო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, პირიქით, სამაგალითო მუშაკადაც კი მიმაჩნიხართ, კარგად მომეხსენება თქვენი მუყაითობის, წინდახედულების, შრომისმოყვარეობისა თუ სიფრთხილის ამბავიც. ესეც არ იყოს, ჩვენი ბანკის მეანაბრეც ხართ, მთელი თქვენი დანაზოგი ჩვენთან შემოგაქვთ და, ცხადია, ანგარიშზე საკმაო თანხაც გერიცხებათ... მაგრამ, სენიორ ალფონსო, ნება მიბოძეთ, ერთი შეკითხვა მაინც დაგისვათ, ოღონდ არა როგორც უფროსმა ხელქვეითს, არამედ როგორც მოკეთემ, მამის მაგიერმა...
- დონ ილარიონ, არასოდეს დამავიწყდება, რომ მამაჩემის მეგობარი ბრძანდებოდით და ჩემს დღევანდელ მდგომარეობას თქვენ უნდა გიმადლოდეთ, თავი დავალებულად მიმაჩნია. თქვენი წყალობით მომეცა საშუალება, დამეცვა და გამეზარდა ის კაპიტალი, რაც მამამ დამიტოვა და ამდენად უფლებაც გაქვთ, ნებისმიერი კითხვა დამისვათ...
- რისთვის აგროვებთ ამ კაპიტალს, რისთვის გინდათ გამდიდრება?
ამ მოულოდნელმა კითხვამ ისე დააბნია ემეტერიო, რომ აღარ იცოდა, რა ეთქვა ან რა ექნა. მაინც რას გულისხმობდა დონ ილარიონი, რისი გაგება უნდოდა, რა მიზნით დაუსვა ეს კითხვა?
- არ ვიცი, რა გითხრათ... რა გიპასუხოთ... - ბუტბუტებდა იგი.
- მაშასადამე, უბრალოდ აგროვებთ დაგროვებისთვის, მდიდრდებით გამდიდრებისათვის?
- არ ვიცი, დონ ილარიონ, არ ვიცი... ეგებ ეს ჩემი გატაცებაა ან ახირება...
- მაგრამ მარტოხელა კაცისთვის, ყოველგვარი მოვალეობისგან თავისუფალი ადამიანისთვის... დაგროვება ხომ...
- მოვალეობისგან? - შეშფოთდა ემეტერიო, - არა, მოვალეობა მართლაც არაფერი მაქვს... გეფიცებით, დონ ილარიონ, არანაირი...
- მაშინ ვერ ამიხსნია...
- პირდაპირ მითხარით, დონ ილარიონ, რა ვერ აგიხსნიათ?
- რა და თქვენი დაბნეულობა, იმ შეცდომების მიზეზი, რასაც გარკვეული დროიდან უშვებთ ანგარიშებსა და გამოთვლებში... ახლა კი მინდა ერთი რჩევაც მოგცეთ.
- ნება თქვენია, დონ ილარიონ.
- სენიორ ალფონსო, ასეთი დაბნეულობის ერთადერთი წამალი არსებობს - უნდა იქორწინოთ, ცოლი უნდა შეირთოთ... ჩვენც უფრო დაოჯახებული თანამშრომლები გვჭირდება, შეირთეთ ცოლი...
- მაშასადამე, უნდა ვიქორწინო, დონ ილარიონ? მე, ემეტერიო ალფონსო, ოჯახს მოვეკიდო? მერედა ვინ შევირთო?
- კარგად დაფიქრდით, სენიორ ალფონსო, იმისათვის, რომ ყურადღება აღარ გაგეფანტოთ, ცოლი უნდა შეირთოთ, დაოჯახდეთ, სენიორ ალფონსო!
*
და დაიწყო ემეტერიოსთვის ღრმა სულიერი მარტოობის გაუსაძლისი დღეები; ტრადიციულ თავყრილობებზეც კი აუცრუვდა გული, უფრო გარეუბნის კაფეებში მოუხშირა სიარულს - იქ არც არავინ იცნობდა და არც არავის იცნობდა, და ასე გულდამძიმებული უყურებდა უბრალო ხელოსნებსა და წვრილ ბურჟუებს, რომელთა შორის, შესაძლოა, ვინმე ფსიქოლოგიის მასწავლებელიც ყოფილიყო, მით უმეტეს - კვირადღეს, ოჯახებით, ცოლ-შვილით რომ მოდიოდნენ, ყავას წრუპავდნენ, ორცხობილას ატანდნენ და პოპულარულ საფორტეპიანო მუსიკასა თუ სიმღერებს უსმენდნენ. როცა თვალს შეასწრებდა, დედა თავის პატარას პირს როგორ სწმენდდა, ახსენდებოდა ის დრო, დონია ტომასას პანსიონში რომ ცხოვრობდა და როსიტაც დედობრივი მზრუნველობით დასტრიალებდა თავს. მერე ფიქრით მისწვდებოდა შორეულ, პროვინციულ პატარა ქალაქს, სადაც როსიტა, მისი როსიტა, ცდილობდა მარტინესის დაბნეულობა გაეფანტა, რათა მას სხვათა შვილებისთვის ის თავისი ფსიქოლოგია, ლოგიკა თუ ეთიკა ესწავლებინა. და როცა ემეტერიო შინ ბრუნდებოდა, არა, შინ კი არა, ფუნდუკში თუ ქარვასლაში, - ჩაბნელებულ შუკაში მოსასხამში გახვეული ქალი მიაძახებდა: "ეი, ბობოლავ, მდიდარო!" მაშინ კი აუჩქარებდა ნაბიჯს და იტყოდა თავისთვის: "მდიდარიო? მაინც ვისთვის ვარ მდიდარი? განა მართალი არ იყო დონ ილარიონი? რად მინდა ეს სიმდიდრე? რა ხეირი ვნახე ხელმომჭირნეობაში, თუკი ვერავის ვერაფერში გამოვადგები, თუნდაც საინტერესო მდგომარეობის ქალს? მარტო სახელმწიფო ქაღალდების შესაძენად? მე ხომ სულ არ მაინტერესებს არც სახელმწიფო და არც მისი ინტერესები... ღმერთო ჩემო, რატომ გამოვიქეცი? ასე მაინც რატომ გავუძალიანდი როსიტას? რატომ კისრისტეხით არ გამოვეკიდე და მკლავებში არ ჩავუვარდი?"
არა, ეს არ იყო ცხოვრება. და იგი დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა და აღმა-დაღმა, დაბორიალებდა უგზო-უკვლოდ, ცურავდა ხალხის ზღვაში და ცდილობდა, იმ ადამიანების სულიერი ცხოვრება ამოეცნო, გზადაგზა რომ ხვდებოდნენ, გაეშიშვლებინა არა მარტო მათი სხეულები, არამედ სულიც. "მეც რომ მარტინესივით ვიცოდე ფსიქოლოგია, - იტყოდა ხოლმე, - დიახ, მარტინესივით, რომელიც მე თვითონ დავაქორწინე როსიტაზე... დიახ, მე თვითონ, ეს ხომ სადავოც არ არის - მე თვითონ დავაქორწინე ისინი... მაგრამ დაე, მათ მაინც იცხოვრონ ბედნიერად და უჭირველად, სხვა რა უნდა ინატროს ადამიანმა... ნეტავი თუ ხანდახან მაინც გამიხსენებენ ხოლმე, თუ გამიხსენებენ - როდის?"
და ასე დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა. თავდაპირველად ტანწერწეტა გოგონებს აედევნებოდა, მერე იმ ყმაწვილებს დაუწყებდა თვალთვალს, იმ გოგონებს რომ დაჰყვებოდნენ, ხან ლაზღანდარა ბიჭებს მიუგდებდა ყურს, გოგონებს რომ ექილიკებოდნენ, არც გოგონების პასუხები გამოეპარებოდა, ხანაც წყვილებს აეტორღიალებოდა და გულს მალამოდ ედებოდა, თუკი შეხმატკბილებულები საუბრობდნენ. "ერთი შევხედო... მგონი, ეს გოგონა უკვე მიუტოვებია თავის საქმროს, თუ ვინც იყო... ახლა მარტოა, - გული დასწყდებოდა ხოლმე, - მაგრამ არაფერია, ვინმე სხვა გამოუჩნდება... აი, ამ ორმა წყვილმა კი, ეტყობა, ერთმანეთს გაუცვალ-გამოუცვალა... ნეტავი ეს კომბინაცია რაღას ნიშნავს? მაინც რამდენი კომბინაციაა, ოთხიდან ორი მაინც რომ გამოვიდეს... მგონი, მათემატიკაც მავიწყდება...
*
- რა კარგია, რომ შეგხვდი, ემეტერიო, სალაპარაკო მაქვს შენთან, - უთხრა სელედონიომ, როცა ერთ დღეს რომელიღაც მიყრუებულ ქუჩაზე გადაეყარა, ჩვეულებისამებრ, დაკვირვებაში გართულ მეგობარს, - ჯერ შენს ყურამდე არ მოუღწევია იმ ამბავს, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობ თურმე აქ მოსეირნე წყვილებს შორის?
- არა, არაფერი გამიგია, რას ამბობ?
- იმას, რომ მიგიხვდნენ თურმე ჩანაფიქრს და კარგადაც ერთობიან, წყვილების მეთვალყურეც კი შეურქმევიათ შენთვის, ოღონდ "საწყალი კაციო", ამასაც ამბობენ.
- მართალი გითხრა, ძალიან გამიტაცა ამ საქმემ. გამოგიტყდები, როცა მიტოვებულ ქალიშვილს ვხედავ, გული მტკივა, ან იმ ყმაწვილ ქალს, ვინც ისეთ ადამიანს არ შეხვედრია, ვინც ეტყოდა, - ბოლოს და ბოლოს ხომ გიპოვეო! არც ის მომწონს, ზოგიერთი ხელთათმანებივით რომ იცვლის საქმროებს და ისინიც მეცოდებიან, განცხადებას რომ გამოაკრავენ ხოლმე და მაინც ვერ პოულობენ მდგმურს...
- თუ პანსიონერს...
- რაც გინდა, დაარქვი. ეს ამბავი ნამდვილად მაფიქრებს და რომ შემეძლოს, მე თვითონ გავხსნიდი ქორწინების სააგენტოს, ანდა სულაც მაჭანკლობას ვიკისრებდი!
- ეგებ სხვა რამესაც...
- სულერთია, როცა მოყვასის სიყვარული, კაცთმოყვარეობა თუ გულმოწყალება გამოძრავებს, არანაირი საქმე სათაკილო არ არის.
- რა თქმა უნდა, ემეტერიო, სათაკილო არც უნდა იყოს! აბა, გაიხსენე, რას ამბობდა ამის თაობაზე ჩვენი დონ კიხოტე! ის ხომ მაინც იყო ჭეშმარიტი რაინდი, უანგარობის უბადლო მაგალითი და გვირგვინი: "ჩვენში მაჭანკლობის, შუამავლობის საქმე ისე არ არის მოგვარებული, როგორც საჭიროა. ეს საქმიანობა დიდ წინდახედულებასა და გამჭრიახობას მოითხოვს და ყოველ კეთილმოწყობილ ქვეყანაში საჭირო და აუცილებელია, ოღონდ ამ საქმეს კეთილშობილი წარმომავლობის ადამიანები უნდა უძღვებოდნენ, ამასთან, მეთვალყურეობა და ზედამხედველობაც უნდა დაწესდეს". კიდევ სხვაც თქვა ამის თაობაზე, მაგრამ აღარ მახსოვს...
- სწორია, სწორი, სელედონიო. მართალი გითხრა, ეს საქმიანობა ისე მიტაცებს, როგორც ხელოვნება, სრულიად უანგაროდ, ვთქვათ, ისე, როგორც ხელოვნება ხელოვნებისათვის, მაგრამ მე ქვეყნის კეთილდღეობაზე კი არ ვზრუნავ, უბრალოდ მინდა, რომ ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი. მაშინ მეც გულით გავიხარებდი, მათი ბედნიერება მეც ბედნიერებას მომანიჭებდა.
- ბუნებრივია, დონ კიხოტე ასეთსავე გულისხმიერებას იჩენდა მაჭანკლებისა და სხვა ამდაგვარი საქმიანობის ადამიანების მიმართ; აბა გაიხსენე, რა მზრუნველობით ეპყრობოდნენ ისინი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს რომ ეძახიან. თუნდაც ის მარიტორნესი ვთქვათ, ვინც არაფრად დაგიდევდათ სახელსა და პატივს, თუკი შეჭირვებულ მოყვასს შვებას მოჰგვრიდა. განა ვინმე დაიჯერებს, რომ დონ კიხოტეს ოდესმე ისეთი რამ წამოსცდებოდა, რასაც ესპანური სამეფო აკადემიის ბატონები წერენ: "მეძავი ის ქალია, ვინც საკუთარი სხეულით ვაჭრობს, მდაბალ ვნებებს აჰყოლია და ავხორციაო"? მაგრამ ვაჭრობა ერთია და მდაბალი ვნებები - მეორე. განა ცოტაა ისეთი, ვისთვისაც ეს უბრალოდ გართობაა და კარგადაც ერთობა?
- მართალს ამბობ, ზოგიერთისთვის ეს სწორედ რომ გართობაა.
- აკი შენც ერთობი, ფული და მდაბალი ვნებები ხომ არც შენ გაცდუნებს, როცა ყმაწვილებს აედევნები ხოლმე.
- გეფიცები, რომ მე...
- ეს ხომ შენთვისაც გართობაა; თავის შერცხვენა არ გინდა, მაგრამ სხვების შერცხვენა გახალისებს...
- გარწმუნებ, გულდამშვიდებით ვერ ვუყურებ ყმაწვილ ქალებს, რომლებიც მარტო იმიტომ იცვლიან საქმროებს, რომ ერთი ვერ შეუნარჩუნებიათ.
- შენ მართლაც ხელოვანი ყოფილხარ, ემეტერიო. არასოდეს გიფიქრია იმაზე, რომ შენი მოწოდება შეიძლება სულაც ხელოვნება ყოფილიყო?
- ერთხანს ვიყავი კიდეც გატაცებული ძერწვით...
- ალბათ, თიხის ზელა განიჭებდა სიამოვნებას...
- შეიძლება...
- მეთუნეობა ხომ ღვთით მომადლებული ნიჭია, აკი პირველი ადამიანიც ღმერთმა თიხისგან გამოძერწაო, ქოთანივით...
- მე კი რესტავრირება უფრო მომწონს, ანტიკური ამფორების აღდგენა...
- ანუ ქოთნების შეკეთება, არა? მავთულებით შეკვრა-შეკოწიწება!
- აბა, რას ამბობ, მავთულებით როგორ შეიძლება... მარტო ის წარმოიდგინე, როგორ ააწყობ ამფორებს ნატეხებისგან...
- ქოთანს, ემეტერიო, ქოთანს.
- დაე ასე იყოს! ერთი სიტყვით, აიღებ დამტვრეულ ქოთანს და ისე ააწყობ ნატეხებისგან, რომ სულ ახალი გეგონება...
- აკი გითხარი, ნამდვილი ხელოვანი ხარ-მეთქი, ემეტერიო, ეგებ მართლაც მოჰკიდო ხელი ამ საქმეს და სახელოსნოც გახსნა...
- ერთი ის მითხარი, სელედონიო, ღმერთმა ჯერ ნეკნი ამოუღო ადამს და მერე მოიფიქრა ევას შექმნა?
- ალბათ, ასე იყო, მაგრამ ჯერ კარგად მოზელდა...
- სელედონიო, ასეა თუ ისე, პირდაპირ გეტყვი, მეც ძალიან მიტაცებს ის საქმიანობა, რასაც დიდად აფასებდა დონ კიხოტე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ვინმე ან რამე მოვზილო...
- ალბათ, არა, შენთვის ხომ ისიც კმარა, რომ უყურო და ათვალიერო...
- სწორედ ეს მანიჭებს სულიერ კმაყოფილებას...
- შეიძლება...
- ზოგჯერ ჩემს მარტოობაზე რომ დავფიქრდები ხოლმე, ჩემთვის ვიტყვი, ეგებ ჯობდა, მღვდელი გამოვსულიყავი-მეთქი...
- რისთვის?
- იმისთვის, რომ აღსარება მომესმინა.
- ჰოო, შენ წინაშე სულები რომ გაეშიშვლებინათ, არა?
- მახსოვს, პირველად რომ მივედი აღსარების სათქმელად, სულ პატარა ბიჭი ვიყავი; მღვდელმა ერთი-ორჯერ ბურნუთი შეიყნოსა და მერე მკითხა: "იცოდე, არ იცრუო! რამდენჯერ, რამდენჯერო?" მე კი ვერაფერი გავიგე, ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა, ან მე რა უნდა მეპასუხა.
- ახლა მაინც თუ მიხვდებოდი!
- იცი, რას გეტყვი, სელედონიო, საქმე ისაა, რომ ახლა...
- ახლა მოწყენილობისგან იტანჯები, არა?
- არა, უფრო უარესი მჭირს, უფრო უარესი...
- აბა, რას იზამ, როცა სულ მარტო ხარ...
- ამ მარტოობაში თუ რამ მაძლებინებს, ისევ მოგონებები დონია ტომასას პანსიონატზე...
- მუდამ როსიტა!...
- ჰო, მუდამ როსიტა...
და ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
*
ერთხელაც, ჩვეულებისამებრ რომ სეირნობდა, ემეტერიო მეტად უსიამოვნო ამბავს შეესწრო. საღამო ჟამს ერთ მიყრუებულ კაფეში რომ შევიდა, ლამის ფეხდაფეხ შეჰყვა ქალი, რომელსაც როსიტასთანა წამწამები ჰქონდა, ოღონდ ფრჩხილები შეეღება წითლად, წარბები სულ ამოექნა და შავი ფანქრით დაეხატა, შეშუპებული ქუთუთოები და ასევე შეშუპებული ტუჩები იისფრად შეეღება. "წამწამებიც ასეთი უნდა!" - ჩაილაპარაკა ემეტერიომ და გაახსენდა, სელედონიომ რაღაც მცენარის შესახებ რომ უამბო (დიდი ყოვლისმცოდნე კი იყო ეს კაცი!) - თურმე ამ მცენარეს, დროზერას, სწორედ ასეთი წამწამებივით საცეცები ჰქონია; ამ საცეცებით იჭერდა მწერებს, თავისი ყვავილების სურნელით რომ იზიდავდა, და მთელ სითხეს გამოსწოვდა. ეს გრძელწამწამა ქალი შევიდა თუ არა კაფეში, მაშინვე ყველა იმ მყოფი ააწრიალა. ერთი კი გადახედა ემეტერიოს, მაგრამ მერე მელოტი მოხუცი მოხვდა თვალში და წამწამებიც სწორედ იმას აუფახულა. იმ საწყალმა ის-ის იყო დაუღეჭავად გადასანსლა ორცხობილა და ნელ-ნელა წრუპავდა რძიან ყავას. ქალმა ჯერ თვალი ჩაუკრა და მერე ის თავისი წამწამები დროზერას საცეცებივით ჩაასო, შეშუპებული ტუჩები მოილოკა. მოხუცს მელოტი თავი მისი ფრჩხილებივით გაუწითლდა და თვითონაც გულში - სწორედ გულში! - ტუჩები მოილოკა. იმ ლამაზმანმა თავი გვერდზე გადახარა და ისე წამოხტა, გეგონებოდათ, ზამბარებზე იჯდაო, მაშინვე კარისკენ წავიდა და ის საბრალო ყავის მოყვარული მოხუციც უკან მიჰყვა, თან დარცხვენილი ცხვირს იფხანდა. არც ემეტერიომ დააყოვნა და მათ აედევნა. შესაბრალისად მიძუნძულებდა და თავისთვის ბუტბუტებდა: "ეგებ დონ ილარიონი მართალიც იყო!"..
*
წლები გადიოდა. ემეტერიო ისევ ისე, ძველებურად, ხელმომჭირნედ ცხოვრობდა, ლანდივით დაბორიალებდა, სოკოსავით არსებობდა, რომელსაც არც წარსული აქვს და არც მომავალი. მის მეხსიერებაში წარსული თითქმის წაიშალა კიდეც; უკვე აღარც სელედონიოს ხვდებოდა, ის კი არა, გაურბოდა კიდეც, მით უმეტეს - მას შემდეგ, რაც მან თავისი მოსამსახურე შეირთო ცოლად.
- რა დაგემართა, ემეტერიო?! - შესძახა სელედონიომ, როცა შემთხვევით შეეჩეხა, - ასეთი რა ხდება შენს თავს?
- აბა, რა გითხრა, მეგობარო, ისიც აღარ ვიცი, ვინ ვარ!
- ადრე კი იცოდი?
- ახლა უკვე არც ის ვიცი, ცოცხალი ვარ თუ არა.
- გავიგე, თურმე მდიდრდები და მდიდრდები!...
- მე? ვმდიდრდები?
- ჰო, კარგი, როსიტასი რა იცი? იმ მარტინესმაც ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც არავინ მოელოდა მისგან...
- მაინც რა, ისევ საინტერესო მდგომარეობა? ისევ ბავშვი?
- არა, მხოლოდ ვაკანტური ადგილი დატოვა...
- რას ამბობ, მაშ, მოკვდა?
- ჰო, მოკვდა, დააქვრივა როსიტა და ასე დატოვა, ბავშვით ხელში. შენი ჯერიც დადგება, ემეტერიო, ერთ დღეს შენც დატოვებ ვაკანტურ ადგილს იმ შენს ბანკში.
- გაჩუმდი, გაჩუმდი, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა!
და ემეტერიო გაიქცა. ვაკანტურ ადგილზე ფიქრიც თან გაჰყვა.
თანდათან მისი მოგონებებიც ბურუსივით გაიფანტა, მაგრამ ვაკანტურ ადგილზე ფიქრი მაინც არ ასვენებდა, და ცოტა შვება მაინც რომ მიეცა თავისთვის და ჯავრი გაექარვებინა, დაევიწყებინა, სიბერე რომ უახლოვდებოდა, პენსიაზე გასვლის დრო უკვე კარზე რომ მოადგა, დაბორიალებდა ქუჩა-ქუჩა და გულში იმეორებდა: "ეული ხარი პენსიაზე... ხარი პენსიონერი... ნეტავი როსიტას ბავშვის გარდა პენსია მაინც თუ დარჩა?"..
და აი, ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად, თითქოს სასწაული მოხდაო, ემეტერიო ერთბაშად გამოფხიზლდა, გულმა ბაგაბუგი დაუწყო, ისეთი გრძნობა მოერია, თითქოს წარსული გაცოცხლდაო, ის წარსული, რომელიც შეიძლება მომავალი გამხდარიყო, მაგრამ არ გახდა... ახლა კი ცხადად იგრძნო, თითქოს ის წარსული-მომავალი გაცოცხლდა. ნეტავი ვინ უნდა იყოს ეს თვალწარმტაცი ქმნილება, ველური ტყის სურნელი რომ დააფრქვია მთელ ქუჩაზე? ვინ არის ეს ტანწერწეტა ქალიშვილი, ასე მომხიბლავი, კაცს ახალგაზრდობას რომ აგრძნობინებს? და, რაღა თქმა უნდა, კიდეც გაჰყვა ყმაწვილ ქალს ფეხდაფეხ. მანაც იგრძნო, რომ მიჰყვებოდნენ და ნაბიჯს აუჩქარა. ერთი კი გახედა მდევარს და თვალები გამარჯვებულმა ღიმილმა გაუნათა, თუმცა თანაგრძნობის ნაპერწკალმაც გაუელვა. "ეს თვალები თითქოს სხვა ცხოვრებიდან, წარსულიდან იმზირებიან, იქიდან, სადაც ჩემი ძველი კალენდარი მეგულება"...
ემეტერიოს ახლა თითქოს მიზანი გაუჩნდა: ამ იდუმალი არსების ასავალ-დასავალი უნდა გაეგო - ვინ იყო, სად ცხოვრობდა... ეეჰ, ეს საშინელი ვაკანტური ადგილი... ვაკანტური, ან პენსიაზე გასვლის შემდეგ, ან... მერე კიდევ - ეს შეცდომებიც, სხვების ანაბარზე პროცენტების დარიცხვა...
ორიოდე დღის შემდეგ, ჩვეულებისამებრ რომ მიუყვებოდა იმავე ქუჩას, სადაც ის ხილვა გამოეცხადა, აკი ისევ დალანდა ის ქალიშვილი, მაგრამ ახლა ვიღაც ყმაწვილი ახლდა და ემეტერიოს მოეჩვენა, თითქოს ეს მარტინესი იყო. ისევ ეჭვიანობამ შეიპყრო და ცახცახმა აიტანა. "მთლად გამოვთაყვანდი. აბა, რა იქნება - პენსიის დრომ მიწია... ვაკანსია შორს არ არის"... ცოტა ხანში სელედონიოც შეხვდა.
- იცი, სელედონიო, გუშინ ვინ ვნახე?
- რასაკვირველია, როსიტა!
- როგორ მიხვდი?
- ამას რა მიხვედრა უნდა, სახეზე გაწერია, ერთი შეხედვაც კმარა! თითქოს გაახალგაზრდავდი კიდევ, ემეტერიო!
- მართლა? რომ იცოდე, ასეცაა.
- მერე, სად ნახე?
- სად და, ამას წინათ, ჩვეულებრივად რომ ვსეირნობდი, უცბად სასწაულებრივი არსება გამომეცხადა, გეუბნები, სელედონიო, მართლა ღვთაებრივი... რა თვალები ჰქონდა! სიცოცხლით სავსე, ისეთი, კაცს სიცოცხლეს რომ მოანდომებდა...
- მოეშვი ქებათა ქებას და ის თქვი, მერე რა მოხდა.
- ერთი სიტყვით, გავყევი უკან, არც კი მიფიქრია იმაზე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ გულმა რაღაც მიგრძნო, ალბათ, წინათგრძნობა იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერს მივხვდი... ეგებ...
- ჰო, ამას მარტინესი ქვეცნობიერს უწოდებდა...
- დაე, ასე იყოს, ქვეცნობა...
- არა, ქვეცნობიერი-მეთქი...
- ჰო, კარგი, მოკლედ, ეს ქვეცნობა იყო, მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდი. მერე, კიდევ რომ ვნახე, უკვე ვიღაც ყმაწვილი ახლდა, ეგებ საქმროც კი... და ისევ ეჭვმა შემიპყრო...
- აბა რა იქნებოდა, ისევ მარტინესზე იეჭვიანებდი.
- იცი, იმ ბიჭის ჩამოშორებაც კი მომინდა.
- თუკი ვინმეს ემუქრება ჩამოშორება, ისევ შენ, ემეტერიო.
- კმარა, ახლა ისევ ჩემი საპენსიო ასაკი არ გამახსენო, ახლა მაინც, როცა ჩემი გული ზეიმობს. რა თქმა უნდა, ჩემს თავს დავუწყე შეგონება: "ფრთხილად, ემეტერიო, ნუთუ ახლა, როცა ორმოცდაათ წელს გადააბიჯე, შეგიყვარდება გოგონა, რომელიც შვილად შეგეფერება? გონს მოეგე-მეთქი"...
- კარგი, მერე რა მოხდა?
- ის მოხდა, რომ გუშინაც მივდიე იმ ღვთაებრივ არსებას, სახლამდე მივყევი და იცი, ვინ გამოეგება?.. თავად როსიტა, დედამისი! თურმე ნუ იტყვი, ეს გოგონა მისი შვილი არ ყოფილა? ნეტავი კი გენახა, წლები სულ არ ეტყობა...
- სამაგიეროდ, შენ გეტყობა, თანაც პროცენტებით.
- კარგად კი შესუქებულა, ღაბაბი დასდებია სამკეცად, ორმოცდაექვსი წლის ფაშფაშა ქალია, სწორედ ისეთი, გაურკვეველი ასაკისას რომ უწოდებენ... როგორც კი დამინახა, მაშინვე მიცნო და შესძახა: "ამას ვის ვხედავ, თვალებს ვერ ვუჯერებ, ნუთუ თქვენა ხართ, დონ ემეტერიო?!" "რა ბედნიერებაა, როსიტა, რა ბედნიერება!" - აღტაცება ვერც მე დავმალე, მაგრამ მაშინვე ვკითხე ჩემს თავს, ასეთი მაინც რა ბედნიერებაა-მეთქი. ერთი სიტყვით, მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში სახლშიც შემიპატიჟა...
- შენც შეხვედი და თავისი ქალიშვილიც გაგაცნო!
- რა თქმა უნდა!
- როსიტას შორსმჭვრეტელობა ხომ ვიცით, თან მისი ტაქტიკაც კარგად მოგეხსენება, - ყოველთვის იცოდა, სად უმიზნებდა.
- ასე გგონია?
- ეჭვიც არ მეპარება, მან მშვენივრად იცოდა, რომ მის ქალიშვილს უთვალთვალებდი და რაკი ადრე ხელიდან გაგიშვა, ახლა უკვე ეცდება, თავისი ქალიშვილისთვის გამოგიჭიროს და არა თავისთვის, თანაც მაგ შენი პროცენტებიანად გაგაბას მახეში...
- ამასაც ვნახავთ, ამასაც ვნახავთ! მოკლედ, გამაცნო თავისი ქალიშვილი კლოტილდე, მაგრამ მან რაღაც მოიმიზეზა და მაშინვე დაგვტოვა, მე კი მომეჩვენა, რომ დედამისს ეს დიდად არ ესიამოვნა...
- აბა რა იქნებოდა, თუკი თავის საქმროსთან წავიდა.
- ასე რომ, მარტო დავრჩით...
- ახლა კი ყველაზე საინტერესო ამბავი იწყება!
- ასე იყო თუ ისე, როსიტამ მიამბო თავისი ცხოვრების, გათხოვების, დაქვრივებისა და მთელი თავისი უიღბლობის შესახებ. ვეცდები, ყველაფერი დაწვრილებით გავიხსენო: "მას შემდეგ, რაც თქვენ მიგვატოვეთ და დარჩით ასე მარტო, უცოლშვილოდ"... - ასე დაიწყო, მაგრამ მე არ ვაცალე: "მას შემდეგ, რაც მე უცოლოდ დავრჩი?" - მერე მან განაგრძო, - "დიახ, მას შემდეგ, რაც თქვენ დაოჯახებაზე უარი თქვით, როგორ უნდა მენუგეშებინა თავი, დონ ემეტერიო? აღიარეთ, რომ კარგად არ მოიქეცით, ასე არ არის?.. მეტი რა გზა მქონდა, გამოსავალი მხოლოდ გათხოვება იყო!" "მერე ის, თქვენი ქმარი"... - ვკითხე მე. "ვინ, მარტინესი? საწყალი კაცი... თან ღარიბი, უქონელი, ეს იყო ყველაზე უარესი"...
- ამ დროს კი ფიქრობდა, ჯობდა შენსავით მდიდარი საწყალი ყოფილიყოო, არა, ემეტერიო?
- აბა, მე რა გითხრა... მერე გული აუჩუყდა.
- მაშ რას იზამდა, როცა საკუთარი თავი და შვილი ჰყავდა სადარდებელი...
- მერე მითხრა, ჩემი შვილი ნამდვილი მარგალიტიაო...
- ბუდეში ჩასმაღა აკლიაო, არა?
- რა? რისი თქმა გინდა?
- არაფრის... უბრალოდ, მარგალიტის ბუდეში ჩასმაზე შენ უნდა იზრუნო...
- რას არ იტყვი, სელედონიო, ეს რაღამ გაფიქრებინა?
- მე კი არა, იმას!..
- არც ასეა საქმე, სელედონიო, ეჭვი გეპარება, რომ...
- ეჭვი კი არ მეპარება, დანამდვილებით ვიცი, საკუთარი შვილის მომავალზე ფიქრობს და უზრუნველი ცხოვრება შენს ხარჯზე სურს მოუწყოს.
- ასეც რომ იყოს, მერე რა მოხდა?
- ის მოხდა, რომ შენი საქმე წასულია, ემეტერიო, აღარფერი გეშველება, უკვე გაგაბეს მახეში და ეგაა...
- მერე რა?
- არც არაფერი, შეგიძლია, უკვე პენსიაზეც იფიქრო.
- ბოლოს, წამოსვლა რომ დავაპირე, მითხრა: "ამიერიდან შეგიძლია, როცა მოისურვებ, მაშინ მოხვიდე, ეს სახლი დღეიდან შენიც იქნებაო".
- გახდება კიდეც შენი.:.
- კლოტილდეზეა დამოკიდებული.
- არა, როსიტაზე!
*
ამ დროს კი როსიტასა და კლოტილდეს შორის ნამდვილი ორთაბრძოლა მიმდინარეობდა.
- კარგად დამიგდე ყური, შვილო, დაფიქრდი და მაგ ბავშვურ ცუღლუტობას მოეშვი. ეგ შენი საქმრო, პაკიტო, არაფერში გამოგადგება, ეგ საშენო კაცი არ არის; აი, დონ ემეტერიო კი, მე თუ დამიჯერებ, ნამდვილად სახარბიელოა...
- საჩემო კაცი ის არის, არა?
- დიახ, სწორედ რომ საშენოა, მართალია, უფროსია და ეგებ მამადაც კი შეგეფერება, მაგრამ ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურება და, რაც მთავარია, დიდი ქონების პატრონია, უკვე გავიკითხე, თურმე ბანკში ისეთი თანხა აქვს...
- გასაგებია. როგორც ვიცი, ჩემი ხნისა რომ იყავი, შენ ვერ მოახერხე მისი გამოჭერა და ახლა გინდა, მე შემომაჩეჩო, არა? მე და ეგ ჩაჩანაკი? სასაცილოა. ერთი ისიც მითხარი, შენ როგორ გაუშვი ხელიდან თავის დროზე?
- როგორ გითხრა... მეგონა, ძუნწი იყო, მეტისმეტად ხელმომჭირნე, მარტო საკუთარ თავზე, თავის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა და ვინ იცის, მერე რა მოუვიდოდა თავში, მე რომ შევერთე...
- მე რომ შემირთოს, გგონია, უარესი არ იქნება მისთვის? საქმე ჯანმრთელობას თუ ეხება, ხომ არ გავიწყდება, რომ ახალგაზრდა ვარ?.. უარეს დღეში არ ჩავარდება?..
- არა მგონია, იმიტომ, რომ მერე სხვა საზრუნავი გაუჩნდება და შენც სწორედ ამით უნდა ისარგებლო...
- იცი, რას გეტყვი, დედა? მე ახალგაზრდა ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ და არ მინდა, ვინმეს მსხვერპლად შევეწირო, მომვლელად დავუდგე, რომ მერე მისი ქონება დაგრჩეს. არა, არა, მე მინდა, ცხოვრებით დავტკბე...
- რა სულელი ხარ, შვილო! ნუთუ ჯაჭვის შესახებ არაფერი გსმენია?
- ეს რაღა ოინია?
- აბა, ყური დამიგდე, თუ ამ სინიორს გაჰყვები ცოლად, ის მოგიტანს... ჰო, კარგი, რასაც მოგიტანს... შენ შენებურად იზრუნებ მასზე და...
- მის ჯანმრთელობაზე არა?
- ჰო, მაგრამ კი არ უნდა გადააკვდე და შეეწირო, უბრალოდ შენი მოვალეობა მოიხადე, ეს არის და ეს...
- ის რაღას იზამს?
- ის თავის მოვალეობას შეასრულებს და... მოკლედ, დაქვრივდები, ღირსეული ქალბატონი გახდები და თანაც დიდებული ასაკის ქალბატონი...
- ახლა შენ რომ ხარ, იმ ასაკისა, არა?
- ჰო, მე რომ ვარ, მაგრამ მე არაფერი მაბადია, ჩემი დასამარხი ფულიც კი არ გამაჩნია, შენ კი, თუ ემეტერიოს გაჰყვები ცოლად, ქვრივის პირობაზე სულ სხვა მდგომარეობა გექნება...
- რასაკვირველია, მთელ სიცოცხლეს უზრუნველად გავატარებ, არაფერი მომაკლდება, ყველა სურვილს შევისრულებ...
- მეტი რა გინდა. მდიდარი ქვრივი იქნები, თანაც ლამაზი, აკი მე მგავხარ, რაც წლები მოგემატება, მით უფრო დამშვენდები... ქვრივი და თანაც ლამაზი ქვრივი. მაგ შენს პაკიტოსაც მეტი რა უნდა, სანატრელი არაფერი ექნება...
- ბოლოს ჩემი მემკვიდრეც გახდება და ყველაფერი მას დარჩება, მერე, დონ ემეტერიოს ხნისა რომ იქნება, ისიც ვინმე კლოტილდეს მონახავს...
- ჰოდა, ასე გაგრძელდება და ეს სწორედ ის ჯაჭვია, რაზეც გელაპარაკებოდი, შვილო...
- მე კი გეტყვი, რომ მაგ შენს ჯაჭვში ვერ ჩამაბამ.
- მაშ, ჯიუტობ, არა? ისევ ის შენი ფისუნია გირჩევნია, არა? გგონია, საყვარელ კაცთან ცელის ტარზეც დაეტევი, არა? დაფიქრდი, შვილო, კარგად დაფიქრდი...
- დავფიქრდი და კარგადაც დავფიქრდი, მაგრამ იმ შენს ემეტერიოს მაინც არ გავყვები, არა! ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი, მისი ფული არ მჭირდება, ჩემს სამყოფს მე თვითონ ვიშოვი.
- მომისმინე, შვილო, იმ საწყალმა მთლად დაკარგა ჭკუა, ისეა გაგიჟებული, რომ შენი გულისთვის რას არ ჩაიდენს... იცოდე...
- მე ჩემი სათქმელი გითხარი და დავამთავრე!
- რაკი ასეა, რა გაეწყობა, მაგრამ მე რა ვქნა, როცა მოვა, რა ვუთხრა?
- რა და, ისევ შენი სცადე, შენებურად, ძველებურად, იქნებ ახლა მაინც გააბა მახეში.
- მე, შვილო? კარგი, მაგრამ...
- მგონი, მიმიხვდი, დედიკო...
- მიგიხვდი და ძალიან კარგადაც მიგიხვდი...
*
და, რაღა თქმა უნდა, არც დონ ემეტერიომ დააყოვნა და როსიტას ესტუმრა.
- დონ ემეტერიო, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა გითხრათ, რომ ჩემს შვილთან ვერაფერი გავაწყვე, არც კი მომისმინა...
- არ მოგისმინა?
- ჰო, გათხოვებაზე სიტყვაც არ მათქმევინა...
- არა, როსიტა, არც უთხრა, არ დააძალო... არა, არაფრის გულისთვის... მე კი... ასე მგონია, ახალგაზრდობა დამიბრუნდა... ახლა სულ სხვანაირი მეჩვენება საკუთარი თავი... ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ მზად ვარ კიდეც...
- გაამზითვო, არა?
- ჰო, მზად კი არა, მადლობელიც კი ვიქნებოდი, თუ... მოგეხსენება, ჩემი ასაკის კაცისთვის მარტო ცხოვრება ძნელია... ოჯახი სულ სხვაა. ჩემი კერა რომ მქონოდა... ბავშვები რომ მყოლოდა გასაზრდელი... ძალიან მიჭირს მარტოობა... მერე კიდევ, პენსიასა და ვაკანსიაზე ფიქრმა ხომ მთლად ამირია ჭკუა-გონება... ვერა და ვერ მოვისვენე...
- სწორად გამიგეთ, ემეტერიო, - და როსიტამ პირველად გამოტოვა "დონ", თან უფრო ახლოს მიუჩოჩდა, - ყოველთვის მიკვირდა, ფულის დაგროვების მეტი რომ არაფერი გენაღვლებოდათ, ძალზე ხელმომჭირნე იყავით და დაოჯახებაზე სულ არ ფიქრობდით...
- აკი დონ ილარიონიც ამას მეუბნებოდა...
- ერთი ესეც მითხარი, ემეტერიო, - და კიდევ უფრო ახლოს მიუჩოჩდა, ისევ ძველებური ტაქტიკა გაიხსენა, - ისევ ისე გეშინიათ, ისევ ისე უფრთხილდებით ჯანმრთელობას? მაინც რა დრო იყო მაშინ!..
ემეტერიო ვეღარ ხვდებოდა, ეძინა თუ ეღვიძა; ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ძველი დრო დაუბრუნდა, ის დრო, რომელსაც თითქოს ოცი წელია მისტიროდა, სხვა ყველაფერი ერთიანად წაიშალა მის მეხსიერებაში, კლოტილდეს სახეც კი გაფერმკრთალდა, გონებაში ყველაფერი აერ-დაერია.
- ემეტერიო, მართლა განიკურნეთ იმ შიშისაგან? აღარ გადარდებთ ჯანმრთელობა?
- არა, ახლა აღარაფრისა მეშინია, მზად ვარ, ჩემს ადგილსაც კი შეველიო და ვაკანსიასაც კი დავუტოვებდი ვინმეს... ღმერთო დიდებულო, მაინც რა წერამ ამიტანა, რომ მაშინ ხელიდან გავუშვი ეს შემთხვევა!
- მაგრამ ახლა ხომ აქა ვარ, ემეტერიო!
- შენ, როსიტა, შენ?!
- ჰო, მე...
- მაგრამ...
- ემეტერიო, ახლა როგორი ვარ შენი თვალით?
და როსიტა უცბად წამოხტა და ემეტერიოს პირდაპირ მუხლებზე ჩამოუჯდა, ის კი ერთიანად აცახცახდა, მაგრამ ეს არ იყო შიშის ცახცახი, არა... ბედნიერებამ სულ დაავიწყა პენსიაც და ვაკანსიაც, აღარაფერი გახსენებია და როსიტას გვარიანად შესქელებულ წელზე მკლავები შემოხვია.
- კარგა მძიმე კი ყოფილხარ, ჩემო გოგონი!
- ჰო, ხელის შესავლები საკმარისი მაქვს, ემეტერიო!
- ნამდვილი ძეხვივით...
- ეეჰ, მაშინ რომ მცოდნოდა ის, რაც დღეს ვიცი... იმ დროს, როცა ერთმანეთი გავიცანით...
- მეც რომ მცოდნოდა, როსიტა... მაშინ რომ მცოდნოდა...
- ეეჰ, ემეტერიო, ემეტერიო! - და ცხვირზე მოფერებით ხელი მოუთათუნა, - მაინც რა სულელები ვიყავით იმ დროს, როცა ერთმანეთი გავიცანით...
- შენ - არა, მაგრამ მე კი მართლა სულელი ვიყავი...
- დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, თავი როგორმე მოაწონეო, მაგრამ შენ იმისთანა...
- ბაყაყი ვიყავი, არა?
- ახლა კი...
- ახლა რა?
- ახლა არ გინდა, ის შეცდომები გამოვასწოროთ?
- აკი ვაღიარეთ კიდეც, რომ ვნანობთ!
- სწორია, მაგრამ ტენორიოსავით არ გამოვიდა, არც პოეზია, არც წყლის პირას, არც მთვარის შუქზე და არც...
- კეთილი და პატიოსანი, როსიტა, მაგრამ შენი ქალიშვილი რას იტყვის?
- კიდეც გაუხარდება, ეს ხომ მის სასიკეთოდაც...
- და შენს სასიკეთოდაც, როსიტა!
- რაღა თქმა უნდა, ჩემს სასიკეთოდაც!
და ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
ამ საუბრის შემდეგ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ცბიერმა ქალმა ისევ თავისი ტაქტიკა გაიხსენა და უთხრა:
- იცი, ჩემო საუნჯევ, ახლა უნდა გამოგიტყდე: კლოტილდეზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, გეფიცები, სულ შენზე ვფიქრობდი... რატომღაც შენზე ფიქრი დამჩემდა...
- მეც გამოგიტყდები და დაგიფიცებ, რომ კლოტილდე პირველად დავინახე თუ არა, კი არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, როცა უკან მივყვებოდი, თითქოს შენ იყავი, როსიტა, შენ... ეს წინათგრძნობა იყო... ან ქვეცნობა, მგონი, ასე უწოდებდა ამას მარტინესი...
- ეს რაღას ნიშნავს, რა ხილია ეგ ქვეცნობა? ასეთი სიტყვა ჯერ არც გამიგონია...
- არა, ეს საჭმელი როდია... არა... ჰო, მართლა, საჭმლის ფული საკმარისზე მეტიც გვექნება, ის კი არა, მოგვრჩება კიდეც...
- ოთხივეს გვეყოფა?
- რომელ ოთხს, როსიტა?
- რომელსა და... შენ, მე, კლოტილდე...
- ეს ხომ სამი გამოვიდა...
- და პაკიტოც...
- პაკიტოც? კარგი ასე იყოს, მარტინესის სახელზე...
და როსიტამ, ამ გამოუცნობი ასაკის ქალმა, ისე გაიხარა, რომ გული აუჩუყდა და თვალზე ცრემლი მოადგა. განა ეს ისტერიკა იყო? მაგრამ ემეტერიო მაშინვე მოეხვია და ცრემლები კოცნით შეუშრო, ამ ცრემლების ტკბილ-მლაშე გემო ესიამოვნა კიდეც, რამეთუ ეს არ იყო, არა, არავითარ შემთხვევაში არ იყო ნიანგის ცრემლები.
ამ ხვევნა-კოცნაში მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ოთხივე ერთად და ერთ დღეს იქორწინებდნენ: როსიტა და ემეტერიო, კლოტილდე და პაკიტო; ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ და ერთ ოჯახად იცხოვრებდნენ, ხოლო ემეტერიო გაამზითვებდა კლოტილდეს.
- შენგან სხვას არც ველოდი, ემეტერიო! სამაგიეროდ, ნახავ, რა ბედნიერად გაგატარებინებ დარჩენილ წლებს.
- მჯერა, ასე იქნება, ამ წლებს, იმედია, კეთილდღეობაში გავლევ, თუმცა პენსიაზე მაინც მომიწევს გასვლა... მაგრამ ნუ გეშინია, შენ ვაკანსიისთვის მაინც არ დაგტოვებ...
*
და მართლაც, ერთ დღეს იქორწინეს: დედამ - ემეტერიოზე, შვილმა - პაკიტოზე, - და ამ ორმა წყვილმა ახალშეუღლებულმა ერთად, ერთ ოჯახად დაიწყო ცხოვრება. ემეტერიო პენსიაზე გავიდა. ორივე წყვილს ერთდროულად ჰქონდა თაფლობის თვეც, ერთ წყვილს - უფრო ნაკლული, მეორეს - მომატებული.
- ჩვენთვის ეს თაფლობის თვე კი არა, უფრო სანთლისაა, როსიტა, - ერთხელაც უთხრა ემეტერიომ, როცა სევდა შემოაწვა.
- კარგი ერთი, ბოლოს და ბოლოს დამშვიდდი და ასეთ სისულელეებზე ნუღა ფიქრობ.
- მაშინ რომ ასეთი სისულელე არ ჩამედინა... იმ წლებში...
- ნურც ასეთი უმადური იქნები, ემეტერიო, ახლა საამისო მიზეზი არა გაქვს.
- ახლა, როცა ასაკოვანი ქალი ბრძანდები, არა?
- მაინც როგორი გეჩვენები ახლა?
- კიდევ უფრო ლამაზი, ადრინდელზე ლამაზი, დამიჯერე, მაშინ, ახალგაზრდები რომ ვიყავით...
- მაშ რაღა გაშფოთებს?
- ააჰ, როსიტა, როსიტა, მაინც ქორფა ხარ...
- ჰო, მართლა, იმ შარადებს შეეშვი? რომ იცოდე, როგორ მაღიზიანებდა ხოლმე შენი ბუტბუტი: ეს - პირველი მარცვალი, ესეც - მეორე, ესეც - მესამეო...
- კმარა, ჩემო სიცოცხლევ!
და როცა ეხვეოდა და გულში იხუტებდა, თვალებს დახუჭავდა და ისევ ისე, თავისთვის ბუტბუტებდა: "რო-ტა, რორო... ტორო... სიტა... სი"...
ერთხელ კი მოულოდნელად ჰკითხა:
- ერთი ეს მითხარი, როსიტა, შენი პირველი ქმარი, მარტინესი, კლოტილდეს მამა...
- შენ რა, ისევ წარსულზე ეჭვიანობ?
- განა ეს ქვეცნობის ბრალია?..
- ნეტავ კი იცოდე, რა მადლიერი იყო შენი, სულ აღტაცებული ლაპარაკობდა ხოლმე შენზე...
- აღტაცებულიო? ჩემზე?
- ჰო, შენზე, მართალს გეუბნები, მეც სულ იმას ვეჩიჩინებოდი, რა პატივისცემით მეპყრობოდი, ნამდვილი რაინდივით. ნამდვილად რაინდივით იქცეოდი ყოველთვის...
- რაინდი თვითონ მარტინესი იყო...
- აბა, ეს მედალიონიც ნახე, აქ მარტინესის სურათი მქონდა, მის ქვეშ კი შენსას ვმალავდი... ახლა ხომ გჯერა?
- ახლა კი ჩემი სურათის ქვეშ მის სურათს მალავ?
- ვისას? მიცვალებულისას? რასა ბრძანებ! არც ასეთი რომანტიკოსი ვარ!
- მეც გაჩვენებ ჩემს კალენდარს, ჩემს ოთახში კედელზე რომ ეკიდა. გაქცევა რომ გადავწყვიტე, იმ დღის ფურცელი არ მომიხევია და აქამდე ასე ვინახავ.
- ისევ თავიდან ხომ არ დაიწყებ ფურცლების მოხევას?
- რისთვის? იმ შარადების ამოხსნა ხომ არ დავიწყო, იმ საბედისწერო წლის ფურცლებზე რომ დამრჩა? არა, ჩემო საუნჯევ, არა!
- ნამდვილი საუნჯე შენა ხარ, ნამდვილი განძი!
- განძი? არა, მე ერთი საწყალი კაცი ვარ... ღარიბი კი არა, საწყალი...
- ეს ვინ გითხრა?
- არავინ, მე თვითონ ვეუბნები საკუთარ თავს.
*
თაფლობის თვე თითქმის გაილია, როცა ემეტერიო სელედონიოს შეხვდა.
- როგორ გაახალგაზრდავებულხარ, ემეტერიო! ეტყობა, დაოჯახებამ შენს ჯანმრთელობაზე წამალივით იმოქმედა.
- იმოქმედა და მერე როგორ! როსიტა ნამდვილ მალამოსავით მომიხდა. ვერ დამიჯერებია, თუმცა ამდენი ხნის ქვრივია...
- ამ ცხოვრებაში ყველაფერი ეკონომიკაზეა აგებული, ემეტერიო, ოღონდ არა პოლიტიკურ ეკონომიკაზე, რაღა თქმა უნდა, არამედ მაქსიმუმისა და მინიმუმის ეკონომიკაზე... კაცმა თავის მოვლა უნდა იცოდეს... ასე რომ, ფრთხილად, მეტისმეტად ნუ გადაჰყვები იმ შენს როსიტას და მაქსიმუმი და მინიმუმი ერთმანეთში არ აურიო... არ დაგავიწყდეს, რომ თქვენ, ორი წყვილი ცოლ-ქმარი, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, მით უმეტეს, ახალგაზრდა წყვილის გვერდით... და ეს კლოტილდე... ეს პაკიტოც...
- ვინ? ჩემი სიძე? საწყალმა ბიჭმა ხომ იმიტომ იქორწინა, რომ თავისუფლად ენავარდა!
- თავისუფლად რომ ენავარდა?
- ჰო, ვერ წარმოიდგენ, მის წიგნებში რა აღმოვაჩინე: "სანიმუშო საყვარლის სახელმძღვანელო". სახელმძღვანელო! წარმოგიდგენია? სახელმძღვანელო!
- აბა! განა არ ჯობდა, რაიმე საცნობარო, სამოძღვრებო ან კატეხიზმო გენახა?
- ანდა ანბანი! მაგრამ სახელმძღვანელო? გეუბნები, ნამდვილი მუსუსია, ეგ მაიმუნი...
- ოთხხელა გინდოდა გეთქვა, არა? ისინი ხომ განსაკუთრებით საშიშები არიან! მახსოვს, ერთხელ ახალშეუღლებულ წყვილთან ერთად ვმგზავრობდი და როგორც კი მატარებელი გვირაბში შევიდოდა და ჩამობნელდებოდა, მაშინვე ჩემს ცხვირწინ ისეთ ხვევნა-კოცნას გააჩაღებდნენ, აღარ ვიცოდი, საით გამეხედა; როცა თავაზიანად მივეცი შენიშვნა, ეგებ ცოტა მომერიდოთ-მეთქი, იცი, რა მიპასუხა იმ ლაწირაკმა? "რაო, ბაბუა, კბილები ხომ არ აგიკაწკაწდა?!" მე კი მივუგე: მე და კბილები? როგორ ამიკაწკაწდებოდა, როცა უკვე რამდენიმე წელია ხელოვნური კბილები მაქვს და ღამღამობით გამოხდილი წყლით სავსე ჭიქაში ვაწყობ-მეთქი, - და ისიც გაჩუმდა. ასე რომ, კაცი ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს!
- ჩემს ჯანმრთელობას სწორედ ისინი უფრთხილდებიან, სამივენი. ამას წინათ გავცივდი და ლოგინშიც ჩავწექი. ნეტავი გენახა, როგორ დამტრიალებდა თავს კლოტილდე! სულ ცხელ-ცხელ პუნშს მასმევდა! მერედა რა მომხიბლავი იყო! ან რა ნიჭი აქვს! ისე უსტვენს, იადონიც ვერ შეედრება! ალბათ, ბებიისგან თუ გამოჰყვა, დონია ტომასასგან, ჩემი განსვენებული სიდედრისგან. დონია ტომასაც ხომ უსტვენდა, მეტადრე - იმ დროს, როცა ერბოკვერცხს მიწვავდა ხოლმე; შვილიშვილს კი ვერ მოესწრო, - აკი მის დაბადებამდე გარდაიცვალა, როსიტას კი სტვენის ნიჭი არა აქვს, მაშასადამე, სტვენის ნიჭი ბებიისგან გამოჰყვა, მაგრამ გაგიკვირდება, როგორ ითვისებს მოდურ სიმღერებს, სარსუელები ხომ არ გამორჩება! გამოუცნობია ქალის ბუნება!
- რომ იცოდე, ემეტერიო, ეს ნიჭი, შესაძლოა, სულაც იმ მაცდური გველისგან მოსდგამს, ადამი ცოდვით დაცემამდე რომ მიიყვანა, ანუ სამოთხიდან განდევნამდე.
- კიდევ ერთი თვისება აღმოვაჩინე კლოტილდეს ხასიათში - თვალთმაქცობა არ შეუძლია, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს.
- ასე შენ გგონია, ემეტერიო...
- ჰო, თუ გარეგნობას არ მივიღებთ მხედველობაში, ზედგამოჭრილი მარტინესია...
- მართლაც, მეტაფიზიკა სულ მამამისისა აქვს, მარტინესისა. ჰო, კარგი, ერთი ისიც მითხარი, თქვენ, ორ წყვილს, უთანხმოება არასდროს მოგდით?
- რას ამბობ?! შაბათობით ოთხივე თეატრში დავდივართ, ოღონდ დრამები არ გვიყვარს; როსიტასა და კლოტილდეს უფრო სასაცილო სანახაობები მოსწონთ, ამიტომ ბუფონადებსა და კომედიებს ვუყურებთ, მე და პაკიტოს კი გვიხარია, როცა ისინი იცინიან. სხვათა შორის, ჩვენს ქალებს არც უწმაწური ხუმრობები ეხამუშებათ და ვერც მე ვხედავ ამაში უხამსობას.
- პირიქითაც კი, ემეტერიო, პირიქითაც კი! - და ეს სიტყვები სელედონიომ ისეთი დამაჯერებელი კილოთი წარმოთქვა, ესთეტიკის პროფესორსაც შეშურდებოდა, - ასეა, სიცილი ხომ ყველაფერს ასპეტაკებს. ხუმრობა არ შეიძლება ამორალური იყოს, მაგრამ თუ მაინც ამორალურია, მაშინ აღარც ხუმრობაა. ამორალური მხოლოდ ნაღვლიანი ცოდვაა, მხოლოდ მჭმუნვარე სათნოება. სიცილი მიზანთროპებისა და იმ ადამიანებისთვისაა უფრო, ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებს, რადგან უფრო უკეთ მოქმედებს, ვიდრე კარაბანის წყალი. სიცილს აქვს ხელოვნების განმწმენდი ძალაც, კათარსისი, როგორც არისტოტელე თუ არისტოფანე იტყოდა, ანდა ვინმე სხვა. არ მეთანხმები, ემეტერიო?
- როგორ არა, სელედონიო, გეთანხმები. ცხოვრების კომიკური გრძნობა უნდა განავითაროს და დანერგოს და რაც უნდა, ისა თქვას იმ უნამუნომ.
- ასეა, ემეტერიო, ასე. და კიდევ, მეტაფიზიკური პორნოგრაფიაც, რაც, ცხადია, არ არის პორნოგრაფიული მეტაფიზიკა...
- მაგრამ მეტაფიზიკაც ხომ პორნოგრაფიაა, სელედონიო!
- მე კი, ჩემი მხრივ, წამოვიწყე აპოლოგეტიკურ-ეგზეგეტიკურ-მისტიკურ-მეტაფიზიკურ ტრაქტატზე მუშაობა რახაბის შესახებ, იმ მეძავისა, წმინდა იოსებ კურთხეულის საგვარეულოში რომაა მოხსენიებული. მაგრამ არ შეგაწუხებ ბიბლიის ციტატების, თავებისა და ნუსხების ძებნით, - მე ხომ, მადლობა ღმერთს, უნამუნო არა ვარ!
- სელედონიო, შენი ტრაქტატის ამბავმა როსიტას ნათქვამი გამახსენა. ერთხელ იმ ცხონებულ მარტინესზე რომ ჩამოვარდა სიტყვა, როსიტამ მითხრა, მარტინესი რომანის დაწერას აპირებდა, რომელშიც თურმე უნდოდა ჩვენ, ყველა - როსიტაც, მეც, და დონია ტომასაც - გამოგონილი სახელებით გამოვეყვანეთ, პანსიონატიც კი, მაგრამ როსიტას გამოქვეყნების ნება არ მიუცია. "დეე, რაც უნდა ის დაწეროს, თუკი ეს სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ გამოქვეყნება?"... "მაინც რატომ? - ვკითხე მე, - სხვებმაც რომ წაიკითხონ გასართობად, რა დაშავდება?" შენ რას იტყვი?
- მართალი ხარ, ემეტერიო, მართალი. რა მშვენივრად თქვი: ყველაფერს ჯობს, ცხოვრების კომიკური გრძნობა დავნერგოთ და ვაკანსიებზე აღარ ვიფიქროთ. ხომ გახსოვს ძველი ბერძნების აფორიზმი, ამ ქვეყნიდან იმდენივეს მიიღებ, რამდენსაც გასცემ, მეტს ვერაფერსო.
ასე დაშორდნენ ისინი ერთმანეთს, რაკი განიმტკიცეს სიყვარული ამ ცხოვრებისა, ამ წარმავალი ცხოვრებისა და დაშორდნენ უფრო ოპტიმისტებად, ვიდრე მანამდე იყვნენ. ეეჰ, ნეტავი კი ვიცოდეთ, მაინც რა არის ეს ოპტიმიზმი, ან რა არის სიხარული ან სევდა, მეტაფიზიკა ანდა პორნოგრაფია? ყველაფერი მაინც ამ კრიტიკოსების შეთხზულია, მათი ოინებია!
*გაგრძელება*
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•