რაფაელა ოზიმომ რომ გაიგო, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები დილით ისევ უნდა მოსულიყვნენ საავადმყოფოში, უფროს მომვლელს სთხოვა, საკონფერენციო დარბაზში წაეყვანა, სადაც დიაგნოსტიკის ლექციები ტარდებოდა.
ექთანმა წარბები შეკრა: – გინდა სტუდენტებს წარუდგე?
– დიახ, დიახ, თუ შეიძლება, წამიყვანეთ.
– განა არ იცი, რომ ხვლიკს ჰგავხარ?
– ვიცი. ჩემთვის სულ ერთია. წამიყვანეთ.
– ამ თავხედს უყურე ერთი. ისიც ხომ იცი, რას გიზამენ იქ?
– იმას, რაც ნანინას დამართეს, – უთხრა რაფაელამ. – ხომ ასეა?
ნანინა, მისი პალატის მეზობელი, წინა დღეს გაეწერა საავადმყოფოდან. მანამდე ისიც იყო საკონფერენციო დარბაზში და როგორც კი უკან დაბრუნდა, მაშინვე უჩვენა რაფაელას თავისი დახაზული სხეული; პირდაპირ გეოგრაფიის რუკას ჰგავდა. ფილტვებზე, გულზე, ღვიძლზე, ელენთაზე – ყველაფერზე დერმოგრაფიული ფანქრით ჰქონდა დახაზული.
– და მაინც გინდა იქ შესვლა? – უთხრა უფროსმა მედდამ. – ჯანდაბას, წაგიყვან, ოღონდ იცოდე, მაგ ნიშნებს დიდხანს, ძალიან დიდხანს საპნითაც კი ვერ მოიშორებ.
რაფაელა ოზიმომ მხრები აიჩეჩა და უსუსურად გაიღიმა: – თქვენ ოღონდ წამიყვანეთ და სხვა რამეზე ნუ იდარდებთ.
სახე ოდნავ შეუფაკლდა. მაგრამ რა გამხდარია ჯერ კიდევ: ცარიელი თვალები და ბულულა თმა დარჩა. თუმცა შავი და ელვარე თვალები კვლავ ძველებურ ნაპერწკალს გამოსცემენ. გოგონასავით ნაზი სხეულის სიგამხდრეს კი ფართო საბნის ბრტყელი ნაკეცები ფარავდა, რომელიც საავადმყოფოს უბადრუკ საწოლზე ეფარა.
უფროსი მედიცინის დისთვის, ისევე როგორც მთელი სამედიცინო პერსონალისთვის, რაფაელა ოზიმო კარგა ხნის ნაცნობი იყო.
უკვე მეორედ იწვა საავადმყოფოში. პირველად იმის გამო... ოჰ, ეს ტუტუცი გოგონები! ჯერ ადვილად ატყუებინებენ ვიღაცას თავს, მერე კი, საბრალო, უდანაშაულო არსება უნდა ეწამოს, რომელიც აუცილებლად უპატრონოთა თავშესაფარში მოხვდება. თუმცა, სიმართლე რომ თქვას კაცმა, არც რაფაელას შერჩა იოლად თავისი შეცდომა. მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ გრძნობადაკარგული ისევ მიიყვანეს საავადმყოფოში. საცოდავმა ვერცხლისწყლის აბები გადაყლაპა. უკვე მთელი თვეა რაფაელას სისხლნაკლებობას მკურნალობდნენ. რკინის პრეპარატების ინიექციის წყალობით გამომჯობინდა და რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გაეწერათ კიდეც.
პალატაში უყვარდათ და ებრალებოდათ რაფაელა, ყოველთვის მოკრძალებული და კეთილი, სევდიანად მოღიმარი გოგონა. დიდი მწუხარების დროსაც კი არ შეუცვლია ხასიათი, არ გამხდარა უხეში ან მტირალა.
პირველად რომ მიიყვანეს საავადმყოფოში, ღიმილით თქვა, ახლა მარტო სიკვდილიღა დამრჩენიაო.
ბევრი ქალიშვილი გამხდარა რაფაელასავით თავისი ქარაფშუტობის მსხვერპლი, ამიტომ განსაკუთრებით არავინ შეუშფოთებია მის სიტყვებს. ხომ ცნობილი ამბავია, რომ ყველა სანდომიანი გარეგნობის მოტყუებული ქალიშვილი იქადნება, თავს მოვიკლავო. ამიტომ ღირს კი, კაცმა ასეთ სიტყვებს ყურადღება მიაქციოს?!
მაგრამ რაფაელა ოზიმომ როგორც თქვა, ისევე გააკეთა.
ამაოდ ცდილობდნენ გულკეთილი მონაზვნები მისთვის რწმენა ჩაენერგათ. რაფაელა მაშინაც ისე იქცეოდა, როგორც ახლა: ყურადღებით უსმენდა, უღიმოდა, თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა, მაგრამ გრძნობდა, რომ, ყველა ამ რჩევა-დარიგების მიუხედავად, მის გულს უწინდელივით ფოლადის მუხრუჭებს უჭერდნენ. ცხოვრებასთან აღარაფერი აკავშირებდა. რაფაელამ გაიგო, რომ მწარედ მოტყუვდა და ყველაფერი ამის მიზეზი, ფაქტობრივად, ის ყმაწვილი კი არ იყო, ვისაც დანებდა და რომელიც მაინც არ გახდებოდა მისი ქმარი, არამედ პირადად მისი გამოუცდელობა, მიმნდობი ხასიათი და ვნება. მაგრამ ამას მაინც ვერ შეგუებოდა. და თუ სხვებს მისი თავგადასავალი სრულიად ჩვეულებრივად ეჩვენებოდათ, თვითონ ამის გამო არასოდეს შემსუბუქებია მდგომარეობა. რამდენი იტანჯა! ჯერ ვერაგულად მოუკლეს მამა, მერე მთელი იმედები და ოცნებები დაემსხვრა. ახლა საცოდავი მკერავი იყო. მოტყუებული და ათასი სხვა ქალივით მიტოვებული, მაგრამ ოდესმე... – თუმცა სხვებიც ასე ამბობდნენ: ოდესმე... – და ამით თავს იტყუებდნენ, იმიტომ, რომ უბედურ ცხოვრებადამსხვრეულებს უნებურად თავის მოტყუების მოთხოვნილება უჩნდებათ.
მაგრამ ის არ ტყუოდა.
მამამისი მისთვის სიცოცხლეს არ იშურებდა და რაფაელა მართლაც მიიღებდა მასწავლებლის დიპლომს, საპარლამენტო არჩევნების დროს კალაბრიაში დაქირავებულ მკვლელს მამამისი რომ არ გამოესალმებინა სიცოცხლეს. მკვლელის სახელი ვერაფრით ვერ გაიგეს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მამამისი შურისძიების გამო კი არ მოკლეს, არამედ ბარონ ბარნის პოლიტიკური მტრების ბრძანებით, რადგან მისი ერთგული და ბეჯითი მდივანი იყო. ბარნიმ იცოდა, რომ რაფაელას ჯერ კიდევ ადრე გარდაეცვალა დედა და როცა პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს, ამომრჩევლებისთვის თავისი გულკეთილობის საჩვენებლად საკუთარ სახლში შეიფარა გოგონა.
ასე აღმოჩნდა რაფაელა რომში. ბარნის ოჯახში მისი მდგომარეობა ორაზროვანი იყო: გოგონას ისე ექცეოდნენ, როგორც ოჯახის წევრს, მაგრამ სინამდვილეში ბარნის უმცროსი ვაჟიშვილების აღზრდით იყო დაკავებული და თან ბარონესას რაღაც კომპანიონის მაგივრობას უწევდა. ფულს, რა თქმა უნდა, არ უხდიდნენ. რაფაელა მუშაობდა, ბარნის კი თავი მოჰქონდა, ნახეთ, რა გულკეთილი ვარო. მაგრამ მაშინ საამისოდ სად ეცალა რაფაელას? შიშის გამო კი არ მუშაობდა, სინდისის კარნახით აკეთებდა ყველაფერს და ცდილობდა თავისი კეთილისმყოფელის მამაშვილური დამოკიდებულება დაემსახურებინა. რაფაელას იმედი ჰქონდა, რომ მისი თავდადება და მამამისის სიბეჯითე ბარნის გულს მოულბობდა. ბარნის უფროსი ვაჟიშვილი რიკარდო რაფაელას შეჰპირდა, მამას გავუმხელ შენდამი ჩემი გრძნობის შესახებ და ისიც არ გამიწევს წინააღმდეგობასო. თვითონ რიკარდო დარწმუნებული იყო, მამა სიამოვნებით დათანხმდება ჩვენს თხოვნასო, მაგრამ ყმაწვილი ჯერ მხოლოდ ცხრამეტი წლის იყო, სტუდენტი. იმდენი სითამამეც კი არ ეყო, ყველაფერში გამოსტყდომოდა მშობლებს. უმჯობესი იქნებოდა რამდენიმე წელი მოეცადათ.
და აი, ამ მოლოდინში... მაგრამ რამდენი შეიძლება იცადოს ადამიანმა? როცა სულ ერთად არიან, ერთ სახლში, როცა სულ გიმტკიცებენ სიყვარულს, გეფიცებიან, გპირდებიან ცოლად შერთვას...
ერთი სიტყვით, ვნებამ დააბრმავა რაფაელა.
როცა ცოდვის დამალვა შეუძლებელი გახდა, გოგონა შინიდან გამოაგდეს. დიახ, დიახ, პირდაპირ ქუჩაში გააძევეს, სულ არ შეჰბრალებიათ, მისი მდგომარეობაც კი არ გაითვალისწინეს. ბარონმა ბარნიმ კალაბროში მისწერა რაფაელას მამიდას, რომ დაუყოვნებლივ წაეყვანა რაფაელა. თან შეჰპირდა, ფულად დახმარებას გაგიწევთო. მაგრამ მამიდა შეევედრა ბარნის: ცოტა გვაცალეთ – იქნებ ნება დართოთ რაფაელას რომში იმშობიაროსო! იქ, პატარა სოფელში, ხომ მთელ აურზაურს გამოიწვევდა ეს ამბავი! ბარნი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ ამის შესახებ მის ვაჟიშვილს არაფერი ეცოდინებოდა: მას ეტყოდნენ, თითქოს ორივენი უკვე გაემგზავრნენ. მაგრამ მშობიარობის შემდეგ რაფაელამ უარი განაცხადა კალაბროში დაბრუნებაზე, სიბრაზისგან გაცოფებული ბარნი დაემუქრა, აღარ დაგეხმარებიო. მართლაც, მას შემდეგ, რაც რაფაელამ თავი მოიწამლა, ბარნი აღარაფრით დახმარებია. რიკარდო ფლორენციაში წავიდა. რაღაც სასწაულით სიკვდილს გადარჩენილი რაფაელა მკერავს დაუდგა შეგირდად. ახლა თავიც უნდა ერჩინა და მამიდაც. გავიდა ერთი წელი, რიკარდო რომში დაბრუნდა, მაგრამ რაფაელას აღარ უცდია მასთან შეხვედრა. მას შემდეგ, რაც რაფაელას ბედმა უმუხთლა და თავი ვერ მოიკლა, გადაწყვიტა დატანჯულიყო. მამიდამისს მოთმინების ფიალა აევსო და ერთ მშვენიერ დღეს კალაბროში დაბრუნდა. ერთი თვის წინ, სამუშაოზე რომ გამოცხადდა რაფაელა, უცებ გული შეუღონდა. საავადმყოფოში წაიყვანეს და იქვე დარჩა, რადგან სისხლნაკლებობას მკურნალობდნენ. და აი, გუშინ, როცა რაფაელა საწოლში იწვა, გვერდზე ჩაუარა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა – დიაგნოსტიკის ლექციის მოსასმენად მიდიოდნენ. მათ შორის, ამ ორი წლის განმავლობაში პირველად დაინახა რიკარდო. გვერდზე მშვენიერი ქერათმიანი ქალიშვილი მიჰყვებოდა, შესახედავად უცხოელს ჰგავდა, უთუოდ ისიც სტუდენტი იყო. მერედა როგორ შესციცინებდა რიკარდოს! არა, ალღო არ ატყუებდა რაფაელას; იმ ქალს რიკარდო უყვარდა, ისე ნაზად უღიმოდა.
რაფაელას თვალი არ მოუცილებია, სანამ პალატიდან არ გავიდნენ. საწოლზე იყო მისვენებული, იდაყვს დაყრდნობილი, თვალები ფართოდ გაეხილა. მის მეზობელს, ნანინას, პალატაში გვერდით რომ ეწვა, სიცილი აუტყდა.
– რა დაინახე საინტერესო!
– არაფერი.
რაფაელას სევდიანად გაეღიმა და სწრაფად დაწვა. გული გამალებით უცემდა, თითქოს საგულიდან ამოვარდნას ლამობსო.
მერე უფროსი ექთანი შემოვიდა და ნანინას უბრძანა, ტანთ ჩაეცვა: პროფესორს ლექციის დროს მისი წარდგენა მოესურვებინა სტუდენტების წინაშე.
– რას მიზამენ? – იკითხა ნანინამ.
– შეგჭამენ! აბა, რა უნდა გიყონ? – უპასუხა უფროსმა ექთანმა. – ამჯერად შენ ამოგირჩიეს; მერე სხვების რიგიც დადგება. მით უმეტეს, რომ ხვალ ეწერები.
რაფაელას ჟრჟოლა იტანდა, როგორც კი გაიფიქრებდა, რომ შეიძლებოდა ისიც ამოერჩიათ. ოჰ, როგორ უნდა ეჩვენოს მათ ასეთი გამხდარი, გალეული და დაუშნოებული? უშნო ქალი ხომ არავისში არ იწვევს არც თანაგრძნობას, არც გულისტკივილს.
რა თქმა უნდა, რიკარდოს მეგობრები ასე გასაცოდავებულს რომ დაინახავენ, დასცინებენ კიდეც.
– როგორ! ნუთუ ამისთანა ხვლიკთან გქონდა საქმეო?
ასე ვერ გადაუხდის სამაგიეროს რიკარდოს. თუმცა არც აპირებს სამაგიეროს გადახდას. ნახევარი საათის შემდეგ ნანინა დაბრუნდა. როცა აუხსნა ამხანაგს, რა გაუკეთეს იქ და სპეციალური ფანქრით დახაზული თავისი სხეული უჩვენა, რაფაელამ მაშინვე გადაიფიქრა. ახლა მოუთმენლობისგან ცახცახებდა, ისე ელოდა სტუდენტების მოსვლას.
ბოლოს და ბოლოს, ათ საათზე ისინიც გამოცხადდნენ. მოვიდა რიკარდოც. მაშინდელივით ახლაც ქერა სტუდენტ გოგონასთან ერთად. ერთმანეთს სიყვარულით უცინოდნენ.
– ჩავიცვა უკვე? – ჰკითხა რაფაელამ უფროს ექთანს. ლოყები აელვარებოდა. თვალის დახამხამებაზე წამოხტა და საწოლზე დაჯდა, როგორც კი წყვილი დარბაზში შევიდა.
– რა გეჩქარება, დაწექი! – უბრძანა უფროსმა ექთანმა. – მოითმინე, სანამ პროფესორი გიბრძანებს...
მაგრამ რაფაელამ – თითქოსდა ვერ გაიგონაო – ნელ-ნელა დაიწყო ჩაცმა.
როცა უფროსმა ექთანმა მიაკითხა, რაფაელა უკვე მზად იყო.
მთელი საბრალო სხეული უცახცახებდა, სიკვდილივით გაფითრებული, თმაგაშლილი შევიდა დარბაზში. თვალები აგზნებულად უციმციმებდა, ცდილობდა გაეღიმა.
რიკარდო ბარნი ახალგაზრდა სტუდენტ ქალს ელაპარაკებოდა და ვერ შენიშნა რაფაელა. უამრავი ხალხის ნახვით დაბნეული გოგონა თვალით ეძებდა რიკარდოს და არც კი გაუგონია, როგორ უთხრა მთავარმა ექიმმა: – აქეთ, აქეთ, გოგონა! პროფესორის ხმის გაგონებაზე რიკარდო ბარნი მობრუნდა და დაინახა რაფაელა, რომელსაც სახეზე ალმური მოსდებოდა და თვალს არ აშორებდა მას. ჭაბუკი მთლად დაიბნა, მიტკალივით გათეთრდა, თვალთ დაუბნელდა.
– რას დგახართ! – შესძახა პროფესორმა, – აქეთ მობრძანდით.
სტუდენტებმა გაიცინეს. მათი ხმის გაგონებაზე რაფაელა უფრო მეტად დაიბნა. დაინახა, რომ რიკარდო ფანჯარასთან მივიდა; შეშინებულმა ქალმა დარბაზს მოავლო თვალი, ნერვიულად გაიღიმა და იკითხა: – რა უნდა გავაკეთო?
– აქეთ, აქეთ, აი, აქ დაწექით! – მიმართა სადემონსტრაციო მაგიდასთან მდგარმა პროფესორმა, სადაც ბამბის საბნისმაგვარი რაღაც ეფინა.
– ახლავე, ახლავე, სინიორ! – აჩქარებით უპასუხა რაფაელამ, მაგრამ მაგიდაზე ასვლას ვერ ახერხებდა; ისევ გაიღიმა და წარმოთქვა: – ვერ ავდივარ.
ერთ-ერთი სტუდენტი მიეხმარა მაგიდაზე ასვლაში. სანამ დაწვებოდა, რაფაელამ პროფესორს შეხედა, ლამაზ, მაღალ, სუფთად გაპარსულ მამაკაცს, ოქროს სათვალე რომ ეკეთა, ქალიშვილზე მიუთითა და უთხრა: – თუ შეიძლება, იმ ქალმა დამიხაზოს სხეული.
სტუდენტებმა ისევ ერთხმად გადაიხარხარეს. პროფესორსაც გაეღიმა.
– რატომ? გრცხვენია?
– არა, სინიორ. უბრალოდ, მირჩევნია, მან დამიხაზოს. – რაფაელა შებრუნდა და რიკარდოს შეხედა, რომელიც ისევ ფანჯარასთან იდგა მისკენ ზურგშექცეული.
ქერაკულულებიანმა სტუდენტმა გოგონამ უნებურად გააყოლა თვალი მის მზერას. უკვე შეენიშნა, რომ რიკარდო ბარნი უცნაურად დაიბნა. ახლა ისიც დაინახა, რომ ფანჯარასთან მისულიყო და თავადაც შეცბა.
მაგრამ პროფესორმა უკვე უხმო: – მაშ კარგი, გთხოვთ, მობრძანდით, სინიორინა ორლიტც და შეუდექით გასინჯვას. რას ვიზამთ, პატივი ვცეთ პაციენტს. რაფაელა მაგიდაზე დაწვა და ქერაკულულებიან ქალიშვილს შეხედა, რომელმაც ფრთხილად აიწია რიდე. რა მშვენიერია, მოხდენილი, თეთრი კანი აქვს, თვალები კი უნაზესი – ცისფერი. აი, მან ლაბადა გაიხადა, პროფესორმა დერმოგრაფიული ფანქარი გაუწოდა და ახალგაზრდა ქალი რაფაელასკენ დაიხარა. ხელები ოდნავ უთრთოდა, როცა პაციენტს მკერდს უშიშვლებდა.
რაფაელამ თვალები დახუჭა, შერცხვა, რომ ასეთი საცოდავი მკერდი ჰქონდა, მით უფრო ახლა, მაგიდასთან მოგროვილი ამდენი ახალგაზრდა მამაკაცი რომ მისჩერებოდა. გულზე ქალიშვილის ცივი ხელი იგრძნო.
– აჩქარებული გულისცემა... – მაშინვე თქვა სინიორინა ორლიტცმა და ხელი აიღო. მეტისმეტად მკვეთრად ლაპარაკობდა, უცხო აქცენტით.
– დიდი ხანია საავადმყოფოში ხართ? – ჰკითხა პროფესორმა.
რაფაელამ ისე უპასუხა, რომ თვალები არ გაუხელია, მხოლოდ წამწამები შეუტოკდა.
– ოცდათორმეტი დღეა. თითქმის გამოვჯანმრთელდი.
– შეამოწმეთ, ხომ არ აქვს ავადმყოფს გულში შუილი, – განაგრძო პროფესორმა და ქერათმიანს სტეტოსკოპი გაუწოდა.
რაფაელამ იგრძნო ინსტრუმენტის ცივი შეხება გულზე, მერე გაიგონა, ქალიშვილმა როგორ უპასუხა: – შუილი არ არის... გულისცემა აქვს აჩქარებული.
– პერკუსია გაუკეთეთ, – ბრძანა პროფესორმა.
პირველივე მსუბუქ დარტყმაზე რაფაელა შებრუნდა, კრიჭა შეიკრა და თვალები გაახილა. მაგრამ მაშინვე ისევ დახუჭა და როგორც კი შეეძლო, თავს ძალა დაატანა, რომ თავი შეეკავებინა ქვითინისგან. დროდადრო გოგონა წყვეტდა პერკუსიის კეთებას, მის გვერდით მდგომი სტუდენტი წყლიანი ჭიქიდან იღებდა ფანქარს და აწვდიდა სინიორინა ორლიტცს; მსუბუქად დააჭირა მან შუა თითი გულზე და ფანქრით გაატარა მოკლე ხაზი. სანამ თითებს უკაკუნებდნენ, რაფაელა სუნთქვაშეკრული იწვა, მხოლოდ ამ წუთში გაბედა ღრმად ამოსუნთქვა.
მალე დამთავრდება ეს წამება? ის კი ისევ ფანჯარასთან დგას... რატომ არ ეძახის პროფესორი? არ ეტყვის, დახედოს ავადმყოფის გულს. მანაც შეხედოს რაფაელას საცოდავ, მისი მიზეზით დამჭკნარ მკერდს, რომელსაც ქერათმიანი ქალიშვილი ნელ-ნელა ხაზავს ფანქრით.
როგორც იქნა, სტუდენტმა დაამთავრა პერკუსია. ახლა ერთმანეთს უერთებდა ყველა ხაზს და საერთო ნახაზს ასრულებდა. რაფაელას უნდოდა თავისი გულის ზუსტი გამოსახულებისთვის შეეხედა, მაგრამ ძალამ უმტყუნა, თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
პროფესორმა პალატაში დააბრუნა და გაღიზიანებულმა უბრძანა უფროს ექთანს, მეორე ავადმყოფი მიეყვანა, ოღონდ არა ასეთი ისტერიული და სულელი. რაფაელა ოზიმომ მშვიდად მოისმინა უფროსი ექთნის საყვედურები, თავის საცოდავ ლოგინში ჩაწვა და აცახცახებული მოუთმენლად ელოდა, როდის გამოვიდოდნენ სტუდენტები დარბაზიდან.
ნეტავ მისი პალატის გვერდით გავლისას რიკარდო თვალით მაინც თუ მოძებნის? არა, არა. ახლა განა სულ ერთი არ არის მისთვის ყველაფერი? თავსაც კი არ ასწევს. ან რაში სჭირდება, რომ შეხედოს. უკვე იცის, რას დაემსგავსა. და რაფაელასაც მეტი აღარაფერი უნდა.
მთრთოლვარე ხელებით გადაიფარა სახეზე ზეწარი და დიდხანს იწვა ასე მიცვალებულივით.
მთელი სამი დღის განმავლობაში, სანამ გამოსწერდნენ, რაფაელა ოზიმო ბეჯითად უფრთხილდებოდა, რომ გულის ნახაზი არ წაშლოდა.
როცა თავის უბადრუკ ოთახში დაბრუნდა, პატარა სარკესთან მივიდა, მაგრად გალესილი დანა აიღო, კედელზე მიადო და შიგ გულში შეირჭო, რომელიც უნებურ მეტოქეს მკერდზე მოეხაზა.
ლუიჯი პირანდელო
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•