აკა მორჩილაძე - გურია

ერთი ჯადოსნური სიტყვა: გურია! მერე, დამოუკიდებლობის წლებში, რას აღარ ეძახდნენ გურიას. უფრო იმიტომ, რომ ბევრი მინისტრი და თვით მთავრობის ორივე მეთაურიც გურული იყო. სოციალიზმის ნაზარეთიო, რაც გერმანიისთვის არის პრუსია, ის არის საქართველოსთვის გურიაო და ასე. ზოგი ბოროტად ეძახდა, ზოგი - კეთილად.

გურია კი იყო საქართველოს ყველაზე პოლიტიზებული მხარე, ყველაზე შეურიგებელი და მჭახე. მაგრამ ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, იმათ შორის კი მთავარი იყო სიღარიბე. გურიის ამბავმა ჩათრევა იცის და რომ საბოლოოდ არ ჩაგვითრიოს, პირველ ჯადოსნურ სიტყვას საჩქაროდ უნდა მოვაყოლოთ მეორე: ფირალი! ისე გამოვიდა, რომ თუკი ძველ გურიას გაიხსენებ, ფირალის გარეშე არ იქნება, იმიტომ, რომ ტყეში გავარდნილი და პატიოსანი ყაჩაღი ყველგან იყო, მაგრამ ასეთი არ ყოფილა არსად. არც ქართლში, არც კახეთში და არც კიდევ მანჯურიაში.

ვინ არის ფირალი? ფირალი არის ყაჩაღი, რომელიც თან არც არის ყაჩაღი, მეტიც, ფირალი ნამდვილ ყაჩაღს ებრძვის. ასეთი თავისებურება დაჰყოლია და როგორც წესი, ფირალი არის გურული. სხვაგან სიტყვა ფირალი არ არსებობს. ყაჩაღი, პატიოსანი თუ უპატიოსნო, ყველგან ყაჩაღია. არსენასაც კი ყაჩაღს ეძახდნენ. როგორ არის, რომ კაცი ფირალად გახდება? საწყალი კაცი. იყო ერთი გოგია ლომჯარია, სოფელ წითელ მთაში, ხელობით ჩალანდარი.

ეს არის მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ამბავი. იმ დროებაში გურიაში სამუშაო ჭირდა, შემოსავალი არ იყო, სიღარიბე სუფევდა. მიწა ხალხს ვერ კვებავდა, ამიტომ ბევრი მიდიოდა სამუშაოდ ბათუმში. ფოთი სწორედ მაშინ შენდებოდა და იქაც მშენებლობებზე, ტყის ჭრაზე იყო სამუშაო. დიდი წვალება იყო მოკლედ და ეგნატე ნინოშვილის ნაწერებში რომ ჩაიხედოთ, იქ არის აღწერილი ეს ყველაფერი.

ეს გოგია ლომჯარიაც ასე იყო, ბათუმში ნამუშევარი კაცი იყო, ცოლი ახალი შერთული ჰყავდა და ჩალანდრობდა. სრულიად ახალგაზრდა იყო, ოცი-ოცდაერთი წლისა.

ჩალანდარი, ანუ ჩავლადარი, არის ადამიანი, რომელსაც ძირითადად შენი ტვირთი გადააქვს, ან თავისი ცხენით მიჰყავხარ, ან ძროხას გაატან ან ცხენს და მიიყვანს თავის ადგილზე და გასამრჯელოსაც ამაში იღებს. მშვიდობიან ხელობას ჰგავს ეს ჩალანდრობა, მაგრამ კუთხეს გააჩნია და ხალხს.

გურიაში ისე ჭირდა ცხოვრება, რომ რა დასამალია, აზნაურებიც კი ქურდობდნენ. აზნაურობიდან წოდებაღა იყო დარჩენილი, თორემ მიწა იმათ აღარ ჰქონდათ და არაფერი. ფული ყველას ისე აკლდა, რომ თავადები იძულებულნი იყვნენ, ჩაფრების ასისთავები გამხდარიყვნენ და ჯამაგირი აეღოთ.

ჰოდა, ერთმა აზნაურმა მოიპარა ძროხა და სთხოვა გოგია ლომჯარიას, ერთი ადგილიდან მეორეზე წაეყვანა. წაიყვანა გოგიამ და გზაში დაიჭირეს. დაიჭირეს და საწყალ კაცს ხომ ქვა აღმართში მიეწევა და აბა, სასამართლოში ტარება და ისა და ესა. გოგია კი დუმს. დუმს. იმის, რაც საქართველოში უფრო მიეწერება საბჭოთა ქურდულ მენტალიტეტს და იტალიელი მაფიოზების ენაზე კი ჰქვია „ომერტა“, ანუ დუმილის პირობა, ნამდვილი კლასიკა იყო გურია. ჯაშუში, შპიონი, რასაც გურულად ჩაჩუტს ეძახიან, იმ დროის გურიაში ადგილზე კვდებოდა და არავის არ ეცოდებოდა, ასეთი ადგილი იყო და ამასაც იმიტომ მოგახსენებთ, რომ გოგია ლომჯარიამ, რაღა თქმა უნდა, არ გაიშვირა ხელი იმ აზნაურისკენ, ვინც მოპარული ძროხა გაატანა, მაგრამ შინაურულად კი უთხრა მაზრის უფროსის თანაშემწეს, არაფერი ბრალი არა მაქვს, გამატანეს ორ აბაზად და მიმყავდა, ამაზე ნუ წამახდენთო.

მაზრის უფროსის თანაშემწე კი ყოფილა თავადი ანტონ ნაკაშიძე. ისე გამოსულა, რომ ძველ დროში ლომჯარიები ყოფილან ნაკაშიძეების ყმები და ამ დროს ბატონყმობა კარგა ხნის გაუქმებულია, მაგრამ სიავე და დამორჩილების სურვილი კვლავაც ცოცხლობს.

ნაკაშიძემ უთხრა გოგიას, ციმბირს იქით გამიხსენებ შენო და სულ ასე ეუბნებოდა ყველა მისვლაზე. და ეს საწყალიც მიდიოდა დაკითხვებზე, მიდიოდა და სულ სთხოვდა, დამინდეთო. სასჯელიც არ ელოდა დიდი, ალბათ უფრო ჯარიმა. მაგრამ ეს ჯარიმაც კი ღარიბი კაცისთვის ჩანდა სასიკვდილო და აქედან უნდოდა თავის დაძვრენა. ერთხელ გზაშიც შეხვდა ამ ანტონ ნაკაშიძეს და გულწრფელად სთხოვა, ნუ გამაფუჭებო, თქვენი ნაყმევის ვარო. ეტყობა, იმას რაღაც ქრთამის მსგავსი უნდოდა.

მერე ამბობდნენ, როცა უკვე ტრაგედია მოხდა, რომ ამ ანტონ ნაკაშიძეს ძმა ჰყოლია, მელიტონ ნაკაშიძე, ისიც თავადი, მაგრამ ასევე უშემოსავლო და ასევე იძულებული, რამე ჩინოვნიკური ადგილი ეშოვა, და გოგია მაგ მელიტონამ შეაგულიანაო: ბიჭოო, რას გიშვება ჩემი ძმაო, ხო ხედავ, რას გიშვებაო, ვერ დაალევიებ ტყვიასო? ასე უთხრა პირდაპირო. იმიტომო, რომო მელიტონას უნდოდაო მაზრის უფროსის თანაშემწის ადგილი, თავისი ძმის ადგილიო.

სიღატაკე. თუმცა, რამდენად მართალია ეს, ვინღა გეტყვის.

ძმამ უთხრა თუ გულისთქმამ, აიღო გოგია ლომჯარიამ ყაფაღლა თოფი, ამას ხმარობდა მერეც, ფირალობაში, ფიშტოს და ყაფაღლა თოფსო, ასე იგონებენ, და ჩაუსაფრდა გზაში ანტონ ნაკაშიძეს.

გაატარა, გაატარა და ასე თქვა, გულშიო, ღმერთოო, თუ მართალი ვარ, მოახვედრეო ჩემი ტყვია ანტონა ნაკაშიძესო, და თუ ეგ არი მართალი, ააცდინეო და ესროლა, და ესროლა და მოკლა ადგილზე და მორჩა! ეს ნიშნავს, რომ გახდა ფირალი. სრულიად ახალგაზრდა, ოცი-ოცდაერთი წლისა. ასე ხდებოდნენ ფირალებად. ფირალებს შორის თითქმის არავინ იყო მოწოდებით ყაჩაღი.

უბრალო გლეხები იყვნენ, სიღარიბითა და უსამართლო ყოფით გატანჯულები. ტყე კი არის გადასარევი და ლამაზი გურიაში. გავარდა ფირალად გოგია. გადავარდაო, მაშინ ასე იტყოდნენ, გადავარდა, ფირალად გევიდაო.

არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. დღეს არ წერენ იმდენს ქურდებსა და ყაჩაღებზე, რამდენი კორესპონდენციაც გოგია ლომჯარიას შესახებაა გამოქვეყნებული მაშინდელ თბილისურ გაზეთებში. და არა მარტო მის შესახებ. 80-იანი წლების გურიაში ფირალი სამოცამდე მოგროვდებოდა და სწორედ ეს ხალხი განსაზღვრავდა იმ მხარეში ზნეობისა და ადამიანური ურთიერთობების საკითხებს.

იყვნენ მათში ისეთებიც, ვინც გზაზე დახვდებოდა ვინმეს და გაძარცვავდა, მაგრამ ძარცვა იყო ძალიან ამორჩევით. გლეხკაცს არავინ შეეხებოდა. ერთხელ წვრილი ვაჭარი გაუძარცვავს, დათია მითაიშვილი და მოუბოდიშაო, ტყეში ვარ, ძმაო, და საჭმელი მინდაო, ეს ნაბადი მომეცი და ეს 300 მანეთიო.

უამისოდ არც იქნებოდა. ფირალები იყვნენ ტყეებში და იოლად პოულობდნენ ერთმანეთს და იყო შეამხანაგება ძველსა და ახალ გავარდნილებს შორის და გზაზე დახვდომა და შურისძიებაც. მოკვლა იმის, ვინც გაიძულა, რომ შენი გაჭირვებული ცხოვრებიდან უკანასკნელი რამ - იმედი - დაგეკარგა. შურისძიება - აი, რა იდო ფირალის თავში.

იყო ვინმე ბესარიონა სიხარულიძე, უბრალო გლეხი, მოჯამაგირედ ედგა ერთ მღვდელს, გვარად მგონი ცინცაძეს. ამ მღვდელს ვალი ჰქონოდა მისი, ემუშავა ბესარიონას და იმას არ გადაეხადა. 8 მანეთის ამბავია. 8 მანეთი კაი ფული იყო მაშინ და დახვდა გზაში ბესარიონა მღვდელს და მომეცი ჩემი ფულიო, რამდენი ხანია, მატყუებო და მღვდელმა აიგდო, სულელი ხო არა ხარ შენაო, სტრაჟნიკებს არ დამაძახებინოო. ჰოდა, ამოიღო დამბაჩა და მოკლა იქვე ის მღვდელი და გავიდა ფირალად.

გოგია ლომჯარიას კიდევ, რომ გავიდა ტყეში, იქ დაუხვდა მაკვანათელი მისნაირივე გლეხი დათულია სურგულაძე და შეამხანაგდნენ დიდად, ძალიან შეამხანაგდნენ და, სხვათა შორის, ფირალური ცხოვრებაც, სანამ დათულია ცოცხალი იყო, ერთად გასწიეს.

ფირალობა ძალიან ხანმოკლე ხელობა იყო და ძალიან სისხლიანი, იმიტომ, რომ ხუთ ან მეტ წელიწადს ფირალად სულ ორ-სამ კაცს გაუძლია. ბევრი ამათგანი 5-6 თვეში უკვე მოკლული იყო, იმიტომ რომ გურიაში ცალკე მაზრის პოლიცია მოქმედებდა, თავისი ბოქაულებითა და სტრაჟნიკებით ანუ ჩაფრებით, ცალკე იყო მოხალისეთა მილიცია, თვითონ გლეხებისგან შედგენილი „ახოტნი ატრიადები“ თავისი „ეგერებით“, და კიდევ ცალკე მოხალისეები, რომლებიც, ერთ დაძახილზე, აბა, ფირალია ახლოშიო, დაიძვრებოდნენ.

გურია ორად იყო გაყოფილი. ესენიც იგივე გლეხები იყვნენ, სტრაჟნიკები და მებრძოლები, მაგრამ სხვა კუთხით უყურებდნენ ცხოვრებას - აბა მედალი მინდაო, აბა საჩუქარი მინდაო და მოკლედ, სახელმწიფოსთან თანამშრომლობდნენ, მაგრამ ამათ გარდა სახელმწიფოსთან არავინ თანამშრომლობდა, ყველა იყო ფირალების მხარეს, ყველა იპარავდა, ყველა დუმდა, გამყიდვლებს კიდევ, მოგახსენეთ, ხოცავდნენ.

მაკვანათში ამნაირი ადათიც იყო უკვე, რომ საღამოს დიასახლისი ორ კერძს გააკეთებდა, ისე მოთვლიდა, ეგება დათულიამ შემოიაროს თავის ამხანაგთან ერთადო. და ორი კაცის საჭმელი ცალკე იდებოდა. ჯერ რა ჰქონდათ საწყლებს.

აი, ასე იყო იმიტომ, რომ ფირალები იყვნენ შენი თანასოფლელები, რომლებსაც შენთვის არაფერი დაუშავებიათ და კარგის მეტი არ გაუკეთებიათ და თუ საქმე დადგა, მოვა და ისევ შენ დაგიცავს.

ერთხელ გამოვიდა ისე, რომ ერთ ადგილას იყვნენ დათულია და გოგია ლომჯარია, ჰოდა, დაეცა მათ თავისი რაზმით იმ დროს გურიაში ძალიან ცნობილი შტაბს-კაპიტანი ივანე დუმბაძე. ასეთი შეტაკებები მთელი სოფლის თვალწინ ხდებოდა. სოფელი იყრიდა თავს და უყურებდა ხოლმე ამ ომს. ამიტომ თუ გადარჩა ამ ორთაბრძოლების ამბები.

ამ ბრძოლის შედეგი ის იყო, რომ შტაბს-კაპიტანმა დუმბაძემ და დათულია სურგულაძემ ერთდროულად ესროლეს ერთმანეთს. დათულია მოკვდა საბოლოოდ ამ ჭრილობებით - 7 ტყვია მოხვდა ბრძოლის დროს.

გოგია დაიჭრა და გაერიდა. მაგრამ ამ შებრძოლებას, ისევე როგორც სხვა ათასს, ჰქონდა დაფარული მხარეც. ხშირად იტყოდნენ ხოლმე გურიაში, მარტო მთავრობისთვის არ კეთდება ესაო, ბევრი პირადი ამბავია ჩახლართულიო. პატარაა გურია, ყველა ყველას იცნობდა.

ამბობდნენ, რომ ამ საქმეში გარეული იყო ცნობილი თავადი ესე გურიელი. ისიც, სხვათა შორის, ერთხანს „ახოტნი ატრიადის“ მეთაური იყო და დასდევდა ამ ფირალებს. ხშირად თბილისშიც გამოჩნდებოდა ხოლმე. მე მგონი, ერთ-ერთი შეძლებული კაცი იყო მთელ გურიაში.

ჰოდა, ეს შტაბს-კაპიტანი დუმბაძეც დიდი თავზე ხელაღებული კაცი იყო და მოსტაცა ესე გურიელს ქალიშვილი და შეირთო ცოლადო. ნამდვილი სიგიჟეა მთელი ეს ამბავი. ჰოდა, ესემ გათხოვილი ქალიშვილი უკან სახლში აღარ მოიყვანაო, მაგრამ ერცხვინებოდაო, ღატაკი აზნაურიშვილის ცოლი რატომ უნდა იყოს ჩემი ქალიო და ამიტომ თითქოს შეეკრა დათულია სურგულაძეს და ლომჯარიასო და უთხრა, ეგ კაცი მომაკვლევინეთ, რომ ჩემი ქალიშვილი დაქვრივდესო.

ძნელი დასაჯერებელია, ფირალები არ ეკვრებოდნენ ხოლმე ამ ესესნაირ ადამიანებს, თორემ თავადებთან ხშირად იმალებოდნენ ხოლმე გურიაში და ბევრთან გადასარევადაც იყვნენ და წლობით გაჰქონდათ თავი მშვიდობიან თავადებთან კარგი ურთიერთობით.

ეს ესე გურიელი სხვა ვინმეა იმ დროის გურიაში, როგორც ჩანს, მოქნილი და ძნელი კაცია. ფირალებმა იცოდნენ ხოლმე ფულის შეწერვა, მაგრამ მსხვერპლი ისეთი უნდა ამოერჩიათ, რომ ხალხს არ დანანებოდა. ხალხს უნდა ეთქვა, წასართმევი იყო და წაართვესო.

თითქოს დუმბაძისთვის შეეთვალა დათულია სურგულაძეს, 500 მანეთი აქა და აქ ქვის ქვეშ დადეო. წერილებს უგზავნიდნენ. ასეთი წესი იყო. და მერე ქვასთან მიდიოდა უბრალო გლეხი, ამათი ამხანაგი და ნაცნობი და იღებდა ამ ფულს.

ეგეც არ იყო მართალი. უბრალოდ, დუმბაძეს სამსახურში თავის გამოჩენა უნდოდა. როგორც ჩანს, გრძნობდა, უკეთესი ერგებოდა. საბოლოოდ მაინც იმდენი მოახერხა, ქუთაისის გუბერნატორამდე მივიდა გოგია ლომჯარიას ამბავი და მის მშობლიურ სოფელში, წითელ მთაში ჩააყენეს ეგზეკუცია.

ეს იყო ძალიან ძნელი ამბავი ასეთი ღარიბი კუთხისთვის. ეგზეკუციისას სოფელში შემოდიოდა კაზაკების როტა. კაზაკები სახლდებოდნენ ოჯახებში, ჭამდნენ მუქთად, არაფერს არ უფრთხილდებოდნენ. გარდა ამისა, ყაჩაღების, ფირალების შენახვისთვის გაჯარიმებდნენ და უნდა გეხადა.

ერთხელ დათია მიქელაიშვილი მისულიყო ერთ გლეხთან და ეთქვა: ჩემი გულისთვის წაგართვეს, ხო, 5 მანეთიო? ოღონდ შენ ცოცხალი იყავიო და მთლად გევიძრობ ყველაფერსო, ეთქვა გლეხს.

მოკლედ, ვითარება შეიქნა ისეთი, რომ გოგია ლომჯარია თვითონ იმალებოდა თავის სოფელში და, რა თქმა უნდა, გამცემი არავინ იყო, მაგრამ ისეთი ვითარება იყო წითელ მთაში, რომ უთხრეს, ჩაბარდიო. თავდებში დაუდგნენ ძმები ნიკოლაიშვილები. გოგიამ წერილი გაგზავნა მაზრის უფროსთან, ჯარი გაიყვანეთ აქედან და ჩაგბარდებითო.

როგორც კი ჩაბარდა, კაზაკებიც მოაშორეს სოფელს. წაიყვანეს ქუთაისში და გაასამართლეს, უკვე მკვლელობისთვის და არა ყაჩაღობისთვის. ჩვეულებრივ, ასეთ საქმეზე აძლევდნენ კატორღის 10 წელიწადს, მეტსაც, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ გოგია ლომჯარია დარჩა ქუთაისის ციხეში.

ერთი ბოლშევიკები გაიქცნენ ქუთაისის ციხიდან რუსეთის პირველი რევოლუციის დროს და ეგ იყო, ვერავინ ისე ვერ გარბოდა ქუთაისის ციხიდან, როგორც გურულები. უცნობია, როგორ ახერხებდნენ, მაგრამ კედლებს კი აფრინდებოდნენ.

გოგია ლომჯარია იჯდა ციხეში ორ წელიწად-ნახევარს. განიცდიდა, ოჯახი დამექცაო და ერთ დღესაც გაიქცა. გაიქცა და გაიქცა და ისევ ამოიზარდა მის წინ შტაბს-კაპიტანი დუმბაძე და სანამ გურიაში იყო, დევნიდა და დევნიდა. უნდოდა ისევ დაეჭირა, იმიტომ რომ სამსახურში სამ დაჭერაზე ერთი მედალი ერგებაო, ასეთი ანეკდოტი დადიოდა.

ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, გოგიამ იფიქრა, გლეხიკაცი ვარ, არ ვარ ყაჩაღიო და გადაიპარა აჭარაში და იქ მუშაობდა, როგორც გლეხები მუშაობენ - მედღიურად დაუდგებოდა ვიღაცას და უთოხნიდა. მაგრამ დუმბაძეს უნდოდა, რომ გადმოეყვანა აჭარიდან და უკან მიეთრია ქუთაისში სასამართლოში და ერთმა ჯაშუშმა უშველა. ასეთი გამოთქმაც იყო, იგონებენ ძველი გურულები: მაშოვიე ლომჯარიაო. ასე რომ, ჯაშუშს შეუკვეთა, მაშოვიე ეს კაციო, მაშოვიე ლომჯარიაო. ჰოდა, აშოვიეს. გაიგეს სადაც იყო, დამალულიც არ იყო ალბათ, იყო სოფელში და იქნევდა თოხს. აგზავნიდა სახლში ორ კაპიკს და ეს გაუგიათ აჭარაშიც, ამ კაცზე ფულია მთავრობისგან დაწესებულიო და სანამ დუმბაძე ჩავიდა, მიუცვივდნენ დადიან-ოღლები, მთელი ოჯახობა და დაიჭირეს გოგია ლომჯარია.

წამოიყვანეს გზაში, მგონი ქობულეთში მიჰყავდათ და გზაში წამოუხტათო, ვერ დააოკესო. წასწვდა ერთს და ხანჯალი იშოვა, ვიღაცას ხელი წააჭრა, გაუყარა მეორეს და ამათ თქვეს, ამ აჭარლებმა, ეს დაგვხოცავს ყველასო და იქვე მოკლეს.

წაიღეს გვამი ქობულეთში, სადაც ჩამოვიდა აქოშინებული დუმბაძე, ჰოდა, თავისსავე გაკეთებულ საქმეზე დახვდა კაცი მკვდარი და გააკეთა ის, რასაც აკეთებდა ხშირად გურიაში ფირალებზე მონადირე ხალხი: წამოაყენა მკვდარი, მიაყუდა ხეზე, წამოვიდა ხუთ ნაბიჯში, გააქანა და ესროლა მკვდარს. მოუტრიალდა ამ აჭარლებს და უთხრა: ამხელა ყაჩაღს ინახავდით თქვენ აქო და მოვედი მე და მოვკალიო.

რატომ ესროდნენ მკვდრებს? იმიტომ, რომ მთავრობისთვის ეთქვათ, მე მოვკალი და ჩემი დამსახურებააო. ეს ამბები გაზეთებში ეწერა პირდაპირ. აი, „ივერიაში“ წერია, გურიაში მოუკლავთ ცნობილი ყაჩაღი ლომჯარია და აწი იმედია, დაისადგურებს სიმშვიდე ამ მხარეშიო.

მაგრამ ივანე დუმბაძეს მაინც არ შეერგო მკვდრისთვის ნასროლი ტყვია, იმიტომ, რომ ატყდა საჩივრები. ეს დადიან-ოღლები მივიდნენ მაზრის უფროსთან - ჩვენ დავიჭირეთ, ჩვენ მოვკალით და მოვიდა და წაგვართვაო. მოკლედ, დუმბაძეს საქმე ცუდად წაუვიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებული კაცი იყო და მთლად არ დაიკარგებოდა. არის ერთ ძველ მოგონებაში, გურული გლეხი ყვება, არ ვიცი მაგის ამბავი, მერე რა დაემართაო, მაგრამ იმნაირი კაცი იყოო, რომ აფიცრობას არ ჩამოართმევდნენო, მოახერხებდა რამესო. გურიაში აღარ უმუშავია, მოჰკიდა თავის გურიელის ქალიშვილს ხელი და წავიდა, გადაიყვანეს სადღაც სამხრეთ რუსეთში, არ ვიცი ოდესაში, არ ვიცი სადმე სხვაგან და იქაც ამნაირ საქმეს გააგრძელებდა ალბათ.

მაგრამ მარტო შტაბს-კაპიტანი დუმბაძე ხომ არ იყო. ესე გურიელიც იყო თავისი ახოტნი რაზმით, ბოქაულებიც და ჩაფრებიც. იყვნენ, მაგალითად, სვანები - დადეშქელიანი, გარდაფხაძე, რომლებმაც ბევრი ხოცეს ფირალები და ეს იყო პირდაპირი ომები, უცბად, შუა სოფელში ამტყდარი ომები, ჯაშუში უცბად შეატყობინებდა, რომ აი, იმ სახლში არიანო, ჰოდა, დაეცემოდნენ. ორმოცდაათი კაცი ესროდა ხოლმე ორს. ალყაშემორტყმული სახლებიდან გაქცევის ხერხი იყო ერთი - იატაკი უნდა ჩაგემტვრია და გამძვრალიყავი ფორთხვით ხიმინჯებზე შემდგარი სახლის ქვეშ.

იყავი და იძრომიალე. გრძელი სურათი რევოლუციის საქართველო აღარასოდეს იქნება ისეთი, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანს რომ უნდოდა. არც ისეთი, როგორიც ილიას წარმოედგინა. ილია უკვე მოკლეს წითელმა პარტიზანებმა კომიტეტის ბრძანებით. კომიტეტი, პარტიზანი, დავალება. რა სიტყვებია? აქამდე სრულიად უცნობი.

რევოლუციური საქართველოს სიტყვები. რუსეთის პირველმა რევოლუციამ, 1905-07 წლებისა რომ ჰქვია, სამუდამოდ შეცვალა საქართველო. იმხელა რუსეთი შეცვალა და საქართველოს რაღას უზამდა. რევოლუცია დამარცხდა, მაგრამ საბოლოოდ წავიდა ის საქართველო, სადაც სიტყვა ხელმოწერაზე მეტად ფასობდა.

წავიდა დროება სისონა დარჩიასი, განთქმული ფირალისა, და რევოლუციამ მოიტანა დრო დათიკო შევარდნაძისა. როცა სისონა ფირალობდა, მაშინ დათიკო შევარდნაძე პატარა ბიჭი იყო. ის რომ წამოიზარდა, ამ რევოლუციის გამოისობით, ფირალი შეიქნა წითელრაზმელად, ანუ წითელ პარტიზანად და გურიის მცველად და ჯარისკაცად მეფის სატრაპთა წინააღმდეგ.

ამ წითელი პარტიზანებიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ხალხი შეიძლება მოვთვალოთ. ილია ჭავჭავაძის მკვლელებიც წითელი პარტიზანები იყვნენ, ოღონდ ქართლიდან.

ისინი არ იყვნენ პროფესიონალი რევოლუციონერები, მაგრამ იყვნენ რევოლუციის მხარდამჭერი მებრძოლები. მებრძოლებს შორის განსხვავებაც იყო, ტერორისტები სხვები იყვნენ, მოყაჩაღეები კიდევ სხვები და ათასი სურათი შეიძლება წარმოგვიდგეს, მაგრამ ერთ-ერთი ამათგანის ცხოვრებას რომ გავადევნოთ თვალი, მივხვდებით, როგორი იყო ამათი ყოფა და რა ხალხი იყო ეს ხალხი და რა ნერვებით, რა მსოფლმხედველობით უწევდათ ამათ ცხოვრება. დათიკო შევარდნაძე იყო ასკანელი გლეხის შვილი. დაიბადა 1875 წელს.

დავით ერდეშელის ძე შევარდნაძე. სხვათა შორის, წითელი კოლეგებისგან ამ თოფ-იარაღის საქმეში იმით გამოირჩეოდა, რომ ყველაზე ნასწავლი იყო მათ შორის და ქვეყნადაც მეტი ჰქონდა ნანახი, ნოვოროსიისკამდე იყო მისული და იქ ნავსადგურში მუშების ზედამხედველადაც კი ემუშავა. იმდენი შეეძლო ამ თავისი განათლებით, რომ გურიაში მობრუნებულს სოფლის მწერლადაც ემუშავა. ასე რომ, ეგნატე ნინოშვილის ნაწერებს თუ გადავხედავთ, სოფლის მწერალი რა ხელობის კაცია, მივხვდებით, მაგრამ ცხონებული ეგნატიას დრო წასულიყო, უკვე სხვა დრო იყო და სოფლის მწერალი და ნასწავლი კაცი და თან გურიაში, ცხადია, მეფის წინააღმდეგი იქნებოდა და ასეც იყო; სოციალ-დემოკრატიც იყო. ჰოდა, ეხმარებოდა დათიკო ხალხს, რაღაცა ყალბ საბუთებს აკეთებდა. მაგრამ ეს ხელობა ძალიან მშვიდობიანი ჩანს კაცისთვის, რომელსაც სწორუპოვარი უნარი ჰქონდა თავზე ხელაღებულად ცხოვრებისა.

წარმოიდგინეთ მაზრის კანცელარიის პატარა ოთახში მჯდომი კაცი, რომელიც უბრალოდ ლამაზი ხელით იწერს საბუთებს, იმავდროულად კი ეს კაცი სროლის დიდოსტატია და ლეგენდად ქცეული იმითაც, რომ ხელუკუღმა სროლა იცოდა და ხელუკუღმა სროლით კლავდა კაცს და თუ დასაჭრელი იყო, ხელუკუღმავე დაჭრიდა ხოლმე. შეუხედავი სროლით, სირბილისას შეეძლო ესროლა და მოერტყა.

მგონი ეს ტერმინი, ხელუკუღმაო, მის ოსტატობასთან ერთად გაჩნდა. მოკლედ, იყო ეს წვრილი მოხელე კაცი და შეუმჩნევლად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატებთან, მაგრამ ამასობაში კიდეც გატერორისტდა, რადგან რევოლუცია მოახლოვდა და, სულ რომ არ მოახლოებულიყო, გურიაში ჯაშუშებსა და ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე ხალხს ფირალები მარტო ტყვიით ელაპარაკებოდნენ.

ჰოდა, პარტიაში ცუდად ჰქონდა საქმე დათიკოს. ახლა რა მოხდა: ერთხელ ის და ერთი თანატერორისტი, გვარად გოგიტიძე, ჯაშუშის მოსაკლავად გაგზავნეს. ჰოდა, მანამდე მის ცხოვრებაში იყო ერთი ასეთი ამბავი, რომ დათიკოს ნათლია, გვარად შალიკაშვილი, გამოდგა ჯაშუში და ის კომიტეტის დავალებით მოკლა ერთმა გურულმა ტერორისტმა, გვარად მახარაძემ. ჰოდა, დათიკო და გოგიტიძე კი წავიდნენ ახალი ჯაშუშის მოსაკლავად, მაგრამ ვერ ნახეს ის კაცი ეკლესიის ეზოში, რომ მოეკლათ იქავე და დაეციებინათ, და მერე გამოუვლიათ სადღაც და სუფრაზე მოხვედრილან და დაულევიათ. როგორც არის ხოლმე. ჰოდა, ნასვამები მოდიოდნენ გზაზე და ამ გოგიტიძეს კარგი სიმღერა სცოდნია და დაუწყია სიმღერა, შევარდნაძეც მთვრალი ყოფილა და გაუბედავს სიმღერა, ანუ არც სმენა ჰქონდაო და არც ხმაო, მაგრამ კარგ გუნებაზე იყოო, საქმე კი ჩაეშალათ, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდხანს არ დადგებოდა ეს საქმე, კიდევ იპოვიდნენ სადღაც, ვინც უნდა მოეკლათ და მოდიოდნენ და მოიმღეროდნენ.

ჰოდა, გზაში შემოხვედრიათ სწორედ ის მახარაძე, რომელმაც დათიკოს ნათლია მოკლა. ასეთი ქვეყანაა, გზაზე შეხვდა ერთმანეთს სამი ტერორისტი. ეტყობა, ამ მახარაძემ ამათი სიმღერა გაიგონა და იმიტომ მიაქცია ყურადღება და დასცინა, სიმღერა თქვენ არ იცით და რა გამღერებთო. სიტყვას სიტყვა მოჰყვა და ამოიღო გოგიტიძემ და დაალევინა ცხელი ტყვია მახარაძეს. ყველანი სოციალისტები არიან, მაგრამ მოხდა ასეთი ამბავი და რას იზამ. მოკლეს იქ და დააგდეს და წამოვიდნენ, მაგრამ გოგიტიძეს შერჩა პარტიისგან ეს ამბავი. პარტიამ ალბათ არც დაიჯერა ეს ამბავი.

პარტია ასეთ შემთხვევებში გამოძიებას დანიშნავს ხოლმე. ჰოდა, ისე გამოვიდა საქმე, რომ დამნაშავედ დაინახეს დათიკო. დათიკოს არ მოუკლავს ის მახარაძე, მაგრამ ჩათვალეს, რომ შური იძია ნათლიის მკვლელზე და ამიტომ დათიკოს თავისმა პარტიამ, ანუ იმ ხალხმა, ვისაც ერთგულებდა, დაუნიშნა სიკვდილი. ამ დროიდან დაიწყო თავგადასავალი. ძნელი საცქერია, როგორ დაგდევენ შენიანები, როგორ უნდათ, მოგკლან, შენ კი ცდილობ, თავი გაიმართლო. ლამის ყოველი თავდასხმა დათიკოზე აღწერილია ქართულ გაზეთებში. აი, თავს დაესხნენ სოფლის მწერალს დათიკო შევარდნაძესო.

გაზეთებმა არ იციან, რომ ის თვითონ არის სოციალისტი და ტერორისტი და მსროლელი და მალე გახდება წითელი პარტიზანიც. ამ დევნაში ასეთი შემთხვევაც იყო, რომ ერთი მკვლელი, ისიც სოციალ-დემოკრატი, გვარად ბასილია, დახვდა დათიკოს გზაზე ორ კაცთან ერთად და დაუძახა. დაძახებები კიდევ ცალკე ფენომენია, ძველებური, რაინდული გაფრთხილება.

დაუძახა ამ ბასილიამ, დათიკოო, ხელი არ გაატოკო, თორემ დაგალევიებ ტყვიასო. ატყდა ერთმანეთში სროლა. დათიკო გაიქცა და თავისი ხელუკუღმათი კი მოარტყა ტყვია გამოდევნებულ ბასილიას. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ძველ დროში, ძირითადად შუა სოფელში, ან სოფლის ბოლოს და ხშირად უამრავი შემსწრე ჰყავდა ამ სროლებს.

ეს ბასილია დაჭრილი რომ დაეცა, ისე მოხდა, რომ ძალიან მალე მოვიდა ბოქაული თავისი ხალხით. შევარდნაძე უკვე დამალული იყო, მაგრამ მობრუნდა, იმიტომ რომ მაინც ერთგული იყო პარტიისა და რევოლუციური საქმისა, წარუდგა ბოქაულს და უთხრა, გზაზე მივდიოდი და ვიღაცეებმა მესროლესო, ჰოდა, მეც ვუპასუხე და ამ უდანაშაულო კაცს მოხვდა ტყვიაო. ასე კოხტად დაიცვა დუმილის პირობა უკვე მერამდენედ. არ გაამჟღავნა, რომ ბასილია მის მოსაკლავად იყო მოსული. ამით იმის დამტკიცება უნდოდა, რომ არანაირი დამნაშავე ის არ იყო.

ასეთი რამ მას არაერთხელ შემთხვევია, პარტიამ ძნელად შემოირიგა. თუმცა, დათიკო იმდენჯერ გადარჩა და იმდენჯერ აჯობა მასთან მოსულ თანაპარტიელ მკვლელს, რომ კომიტეტში დაფიქრდნენ და თან ამას ისიც დაემთხვა, რომ ოზურგეთში ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი იყო ჩამოსული.

ამგვარი ვიზიტი იშვიათობა იყო და გენერალ-გუბერნატორმა იცოდა შევარდნაძის ამბავი. დაიბარა და უთხრა, შენ იმაზე მეტი იცი, რასაც ამბობო, და მითხარი, ვინ არის ეს ხალხი, ვინ გესვრის, ვინ გდევნის, ვინ გაწვალებს და პირდაპირ გადაგიყვან ქუთაისში კარგ სამსახურში და იმ ხალხს კიდევ დავიჭერო. შევარდნაძემ შორს დაიჭირა, არაფერი არ ვიცი, ამომიჩემა ვიღაცამო და, როგორც ჩანს, სწორედ ეს ამბავი გამოდგა გადამწყვეტი, რომ პარტიას მისი ნდობა დაბრუნებოდა და დაუბრუნდა კიდეც და იმგვარად დაუბრუნდა, რომ ეს კაცი ძალიან ბევრგან ამბობდა გადამწყვეტ სიტყვას, სადაც მოქმედება იყო საჭირო. მაგალითად, ნასაკირალის ცნობილი შეტაკებისას, გურულები რომ დაუხვდნენ კაზაკებს და გაადინეს ბდღვირი, ვინც კი იყო გურიაში წითელი პარტიზანი ან რევოლუციონერი, ყველა იქ იყო, ყველა იმ დროის ცნობილი კაცი, რომლებსაც მთავრობა ბანდიტებს და ყაჩაღებს ეძახდა და იქ იყო სწორედ დათიკო შევარდნაძე ერთ-ერთი წარმმართველი ამ ბრძოლისა და ასისთავადაც კი იყო დანიშნული პარტიაში.

ასრულებდა ყველანაირ დავალებას, რომელიც კი შეეხებოდა ტერორს და, რახან იყო ნასწავლი და გონებაგახსნილი კაცი, სხვა სამუშაოებსაც მიანდობდნენ ხოლმე, ვთქვათ, აგიტატორის, ან პროპაგანდისტის თანხლება, შეუმჩნევლად გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე.

ასე დაატარებდა ის იოსებ ჯუღაშვილს ურმით და თივის ქვეშ ჰყავდა დამალული მაშინ ჯერ კიდევ არაბელადი. კარგი ნაცნობობა და რევოლუციური თანამებრძოლობა ჰქონდათ. არა მარტო მასთან, ყველას იცნობდა უკვე და მასაც იცნობდნენ შემსრულებელ კაცად. სულით სამხედრო იყო, როგორც გამოირკვა.

განა სხვები არ იყვნენ? თუნდაც სიმონა დოლიძე. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ფიგურა მაინც დათიკო იყო, იმიტომ რომ ჭკუა და უშიშობა ორივე დიდი ჰქონდა. უკვე ერიდებოდნენ, ძალა იყო და ან დასაფიქრებელი. ბოქაულებს უგზავნიდა ბრძანების წერილებს, რომ მოხსენი ეგზეკუცია ამა და ამ სოფელში, თორემ ჩამოვალთ და დაგადუღებთო, და სჯეროდათ, რომ დაადუღებდა, თუმცა კი დადიოდა უფრო მარტო, რაზმელების გარეშე.

ჰყავდა ორი-სამი ერთგული მეგობარი, რომლებმაც მერე ძალიან შთამბეჭდავად იძიეს შური მის სიკვდილზე. როგორი ხმა ჰქონდაო, იცითო? ასე იგონებენ, ზარბაზანი გეგონებოდათო. უფრო მაღალი ხმა ჰქონდა, ვიდრე თოფსო, თვითონ ჩაფრები, სტრაჟნიკები იგონებენ, ვინც დასდევდა. ხეს მოფარებული რომ გვესროდა, თან გვიღრიალებდაო და ისე გვიღრიალებდა, რომ ახლაც ყურებში მაქვსო, ერთი სტრაჟნიკი ჰყვებოდა და თვალებს კიდევ საშინლად აბრიალებდაო. ცოტათი კომიქსებს კი ჰგავს ეს ამბავი, მაგრამ ამ ხალხს ასეთად დაამახსოვრდა დათიკო, ერთადერთი კაცი მთელ გურიაში, ვინტოვკას რომ ხმარობდა. ასეთი ხალხი ყველა ბერდენკას ატარებდა, მას კი რატომღაც სამხედრო შაშხანა ერჩია. რა ხდებოდა? გურიაში ისე იყო, რომ ბევრი ეწერებოდა არა მხოლოდ რევოლუციურ რაზმებში, არამედ სტრაჟნიკებადაც. სტრაჟნიკობაში დამსახურება და მედალი მოდიოდა, ფულადი ჯილდო მოდიოდა. უნდა აგერჩია: ან პოლიციელი ყოფილიყავი, ან კანონგარეშე.

დათიკო ნომერი პირველი სამიზნე იყო ხელისუფლებისთვის და ძალიან ბრაზობდა, როცა ამბავს მოუტანდნენ, რომ ვიღაც მასავით გლეხკაცი ჩაეწერა ჩაფრად და დაიქადნა, შევარდნაძის თავს ჩავაბარებ მთავრობასო.

ერთხელ დაადგა ერთ ასეთ ჩაფარს თავზე ტყეში მძინარეს, გამოაღვიძა და ჰკითხა, მოგკლა ახლაო? იმან მოუბოდიშა და უთხრა, მაჩუქე სიცოცხლეო, და დაინდო, არ მოკლა. ასე ჰკითხა კიდევ ერთს: რისთვის გამწირე, ანდრიაო, და იმან, „მენდლისთვისო“. მენდლისთვისო და დაალევია კიდეც ტყვია.

იყვნენ სამნი ძმანი კალანდაძეები, რომლებიც ერთად ჩაეწერნენ ჩაფრებად სტრაჟაში. მათ შორის უფროსი იყო პლატონი და იმისი უკვდავი სიტყვებია: რას მაშინებთ ამ შევარდნაძით, ერთი კაცია და ერთი კაცი ვარ მეც, შევხვდებით და ან ის მომასწრებს, ან მე მოვასწრებო.

მარტო კანონზე და უკანონობაზე არ იყო ეს ამბავი, სიჩაუქის გიჟური შეჯიბრიც იყო. და საერთოდ, რა ხდებოდა იმათ თავებში, ახლა რო დავფიქრდეთ, ძალიან ძნელი წარმოსადგენი და ძნელი აღსადგენია.

კალანდაძეების ამბავი და იმათი დანაქადნი რომ გაიგო, შევარდნაძე პირდაპირ სახლში მიადგა ძმებს და იქ კი დახვდა მარტო მოხუცი დედა ამათი და ჰკითხა: სად არიან შენი შვილებიო? არ არიან ჩემი შვილები სახლშიო, მოხუცმა უთხრა.

და ვერ გყოლია კაი შვილებიო, მემუქრებიანო, დათიკომ, აბა, მაჩვენე, სად სძინავს პლატონასო და შეიყვანა იმანაც ოთახში და საწოლს დაახალა ერთი ოცი ტყვია და წამოვიდაო. შიშის თესვის გაეგებოდა. არის კიდევ ერთი კარგი მოგონება კაცისა, რომელიც მაშინ ბავშვი იყო, როცა გურიაში რუსეთის პირველი რევოლუცია ბობოქრობდა. ეს ბავშვი და მასზე ცოტა უფროსი ბიჭი იდგნენ გზაზე და სათამაშო თოფს ესროდნენ ტელეგრაფის მავთულებს. აი, გართობაც ასეთი ჰქონდათ, დროის შესაბამისი, და გამოიარა ვიღაც კაცმაო და გვიყურა, გვიყურა, რომ ვესროდით მავთულებსო და, შვილოო, არასწორად ესვრით და მე გასწავლით ახლაო. ორი მავთული იყო და ამოიღო რევოლვერი და გვითხრაო, თუ გინდათ, რომ ზედას მოარტყათო, ქვედას უნდა დაუმიზნოთო, იმიტო რო სამიზნე იტყუება ხოლმეო, და გააქანა, ესროლა და გადაგვიწყვიტა ერთი მავთული, გადაგვისვა თავზე ხელი და წავიდა თავის გზაზეო. არ გასულა ხუთი წუთიო და ჩამოიარეს სტრაჟნიკებმაო, აქ ასეთ და ასეთ კაცს ხომ არ გამოუვლიაო, ჰოდა, ამ უფროსმა ბიჭმა უთხრა, კიო, იქით წავიდაო. ამ სტრაჟნიკებმა შემოგვხედეს და აქეთ წავიდნენ, არ დაუჯერეს, არადა ამ ბიჭმა მართალი უთხრა.

მერე აუხსნიათ ამ პატარასთვის, ისო დათიკო შევარდნაძე იყოო. რატომ უთხარი საით წავიდაო? აი, ასეთი დაჩვეული იყო ყველა რევოლუციურ მუშაობას. იმიტომ, რომ მაინც არ დამიჯერებდნენო და სხვა მხარეს წავიდოდნენო.

მაგრამ დათიკოს ხელობა მაინც სიკვდილის ხელობა იყო და მასაც, რა თქმა უნდა, დასდევდნენ. თუ ტყვია არ მისწვდებოდა, ცდილობდნენ, სხვა რამე მისწვდომოდა. არსებობდა საწამლავი. ასეთ ხალხს ხომ თავი სანდო ოჯახებით გაჰქონდა. ეს განსაკუთრებით რევოლუციის დროს შეიქნა მნიშვნელოვანი, როცა ბევრი გაჯაშუშდა, თორემ მანამდე შენი სოფელი არაფრით გაგყიდდა.

ხელისუფლებისთვის იოლი არ იყო, რომ სწორედ ამ სანდო ოჯახებში დაეთესათ ისეთი რაღაც, რაც მათ ერთგულებაზე ხელს ააღებინებდა ფირალს. თუ მოახერხებდნენ და მაშინაც გვარიანი საწვალებელი იყო. გამოქცევა და შეტყობინება, ფირალია ჩემთანო, უფრო ძნელი იყო, ამიტომ, როგორც წესი, მთავრობის კაცები არიგებდნენ ხოლმე საწამლავს.

მთავარი იყო, გეპოვა გამყიდველი და მოღალატე იმ სანდო ხალხში და იმათაც, რას უნდა დაჰპირებოდი ისეთს, უბრალოდ, სიღარიბე იყო გარშემო და ამის ხარჯზე თუ გაიყიდებოდნენ. დიდი ხიფათი კი იყო. ისე ხდებოდა ხოლმე, ზოგჯერ დათიკო ერთ ღამეში ხუთ სახლს იცვლიდა, იმდენად ახლოს იყო მისთვის დევნის შეგრძნება.

კი იყო ასეთი მაგარი მსროლელი, მარა როცა ჯარი მოდის, ძალიან ძნელია ერთი, თუნდაც კარგი, შაშხანით კარგი მსროლელი ოცდაათ კაცს გაუმკლავდეს და ანდა გაასწროს. აი, ასე მოწამლეს შევარდნაძეც. უფრო სწორად, არის ვერსია, რომ ასე მოწამლეს. იმიტომ, რომ ის მივიდა თავის სანდო ხალხთან, ძმებ მოსე და ბენია ჭელიძეებთან. ზამთრის თვე იყო და რომ მივიდაო, მოსემ არაყი დაალევინა, თვითონ კი არ დალიაო. ჰოდა, შევარდნაძეს უთქვამს, რაღაცა მაწყინა ამ არაყმა, არ მესიამოვნაო. მერე ჭამა და წაუძინა და რომ გაიღვიძა, უკვე ცუდად იყო და თქვა, წავალ ახლა მეო, რაღაცა მოწამლული ხო არა ვარო. ამათ კი ძაან შორს დაიჭირეს, ძმებმა, რას ამბობო. ჰოდა, აიღო თავისი შაშხანა და გასინჯა. ხუთი ტყვია ეტეოდა ამ შაშხანაში და ხუთივე უკუღმა იდოო და ეს რა არიო, ვინ ქნაო, იკითხა და უმცროსმა უთხრა, ბენიამ, მეო, მე ვიხუმრეო, კაცოო. ანუ თავი დაიცვეს, უცებ რომ დატაკებოდა ამ შაშხანას, არ გაესროლა, და მოჰკიდა ხელი ამ შაშხანას და წაჩანჩალდა ეზოში.

თავიც აღარ ჰქონდა, რომ შური ეძია იქვე. ჰოდა, უკვე ჭიშკართან გული აერია და თქვა, მომწამლეს ამ შობელძაღლებმაო. ბავშვი მიჰყვებოდა, მიაცილებდაო. ვისი ბავშვი იყო, უცნობია, სოფლელი ბავშვი ალბათ და ისე იყო, თოფიც ვეღარ დაიჭირა ხელში და ბავშვს მიჰქონდა ეს თოფიო. მაგრამ მერე მაინც რამდენიმე დღე შეძლო და იცოცხლა. ეს საწამლავიც, როგორც ჩანს, არ იყო ისეთი და ისევ მოდიოდა გზაზე, მოწამლული ძლივს მოათრევდა ფეხებს და შეხვდა ორი სტრაჟნიკი გზაზე და დათიკო შორიახლოს გაუჩერდა. რომ გაუსწორდნენ და ისა ვარო, ხო მიცანითო, დათიკო ვარ შევარდნაძე, ხელი არ გაანძრიოთ და მეც გაგატარებთო.

ისინიც დათანხმდნენ, მაგრამ როგორც კი გასცდა იმათ, ესროლეს და ატყდა სროლა. ერთი დაჭრა, მაგრამ თვითონ იქვე მოკლეს, უკვე მოწამლული დაეცა იმ გზაზე. ასე გარდაიცვალა იმ დროში ყველაზე პოპულარული და სახელგავარდნილი გურული წითელი პარტიზანი, მაგრამ ამით არ დამთავრებულა, აქ კიკია მამულაიშვილიც უნდა გამოვაჩინოთ. დათიკო ძალიან მეგობრობდა კიკიას. ესეც ძალიან ცნობილი პარტიზანი იყო.

ჰოდა, დათიკოს მოკვლის ამბავი რომ გაიგო კიკიამ, რომელიც ტყეში იყო თავის ერთ ამხანაგთან, ისაკი თოიძესთან ერთად, წამოვიდა და კანცელარიას დაეცა ასკანაში, დათიკოს მშობლიურ სოფელში. იქ იყო ორი სტრაჟნიკი და ეს სტრაჟნიკები დახოცეს კიკიამ და ისაკიმ. ერთ-ერთი ამათგანი იყო სწორედ ის პლატონ კალანდაძე, რომელიც ძმებთან ერთად დათიკოს მოსაკლავად შევიდა სტრაჟაში. ასე იძია შური კიკიამ და ეს საქმე რომ აღასრულეს, ფირალები გაქანდნენ ასკანის სასაფლაოზე სროლა-სროლით, დათიკოს საფლავთან მისცეს ზალპი, როგორც სჩვევიათ სამხედროებს და მებრძოლებს და იმღერეს მარსელიოზა. რა სურათია: სოფელ ასკანის სასაფლაოზე ნამღერი მარსელიოზა, რომელსაც დაღუპული მეგობრის საფლავთან ასრულებს ორი ფირალი. კიკიას გამო სხვაც ბევრია მოსაყოლი. ისიც, დათიკოსი არ იყოს, ძაან წარსულის კაცი იყო. ასეთი რამ ხშირია ხოლმე რევოლუციონერებში. ბიჭი ერთს ოცნებობდა და სხვა კი გამოუვიდა. კიკიას აფიცრობა უნდოდა.

ის იყო დვაბზუელი გლეხის შვილი. ამბობდნენ, მამა რომ არ გარდაცვლოდა, სოფელში ვერ ჩაეტეოდაო, იმიტომ, რომ გაქანების ბიჭი იყო. მაგრამ თავიდანვე ანტისახელმწიფოებრივად იყო განწყობილი თურმე და ანტირელიგიურად და პირველი სახალხო შარი მაშინ მოუხდა, როცა დვაბზუს ეკლესიაში გააბოლა პაპიროსი, გააბოლა და მღვდელმაც მოუწოდა, რომ არ შეიძლება და ამან არ მიაქცია ყურადღება და გაექაჩა მღვდელს, გაექაჩა საცემრად და ხალხმა გალახა ჩვენი კიკია სასტიკად. ამ დროს ალბათ ბიჭი იყო, ჯერ ოცი არ შესრულებოდა, მაგრამ ეს მღვდელი, იონა ღლონტი, მაინც მისი მსხვერპლი შეიქნა. მოკლა მერე, რამდენიმე წლის შემდეგ კიკიამ. არ ვიცი დაიმახსოვრა, არ ვიცი რაღაც გრძელი კონფლიქტი ჰქონდათ, ძალიან ერჩოდა ამ დვაბზუს ეკლესიის მღვდელს და იქაურ „ურიადნიკ“ ცისკარიძეს. ჰოდა, ეს „ურიადნიკი“ მოკლა შუა ბაზარში, წითელ პარასკევ დღეს 7 ტყვია დაახალა და კიდეც გაფირალდა და გავარდა ტყეში. საერთოდ, ჩვეულებრივ, ასე ამბობენ ამნაირ ხალხზე, რო ბუზს არ ააფრენდაო. გლეხებში თუ იჯდა, ვერავინ გამოარჩევდა, თუ ასეთი ღვთის პირიდან გადავარდნილი იყო. ეს ჰქონდა ამ ტიპის ხალხს, რომ თავისიანებთან შინაურები და ადამიანურები იყვნენ და როგორც კი თავის ხელობას მიადგებოდნენ, იქ უკვე მხეცდებოდნენ. კიკიას და გარდაცვლოდა და, როგორც ჩანს, ამ ამბავს სამუდამო სევდა დაეტოვებინა მის გულში. ითიშებოდა ხოლმე. ყოველგვარი საშიშროების მიუხედავად, გამოეთიშებოდა გარემოს და სადღაც იქით გააბოტებდა, გაალაჯებდა და იყო ჩაფიქრებული და ეძახდნენ, ბოლოს აფხიზლებდნენ ნჯღრევით და იტყოდა, ჩემი დაიკო გამახსენდაო. ეს ყველაფერი სენტიმენტალურიც არის და ადამიანურიც, მაგრამ ტყვიასაც ალევინებდა ხალხს, სიკვდილის ხელობა იყო და კიკიაც მოკლეს, ისე, როგორც ყველა დანარჩენი.

რევოლუცია კი მაინც უფრო ბევრად ფართო რამ იყო, ვიდრე თუნდაც გურიის ერთობა. და რომ არ მივსდიოთ დიდ ამბებს, შევხედოთ ქუთაისს რევოლუციის დროს და შევხედოთ თვითონ რევოლუციონერებს. რა არის რევოლუცია? როგორ მუშაობს ხალხი?

საერთოდ ასეა, როცა ახალგაზრდა კაცი რევოლუციონერობას გადაწყვეტდა და ჩაებმებოდა ამ საქმეში, სულ მალე მიხვდებოდა, რო მარტოს არაფერი გამოუვა, მარტოს კი არა, სხვა რევოლუციონერებთან ერთადაც. ანუ პარტიას და მის მებრძოლებს არაფერი არ გამოუვათ უბრალო ხალხის დახმარების და გამოყენების გარეშე.

რევოლუციონერი არასოდეს არ არის იმდენი, რომ გამარჯვებას ეყოს. გადატრიალებას შეიძლება ეყოს, მაგრამ რევოლუციას არა. ამიტომაც რევოლუციონერთა საქმიანობა დიდადაა დამოკიდებული სწორედ რომ სანდო ხალხზე, ვინც არ არის რომელიმე რევოლუციური პარტიის წევრი, ანდა თანამგრძნობიც კი. უბრალოდ, სანდო კაცია და მორჩა. ასეთად დაიბადა.

ისეთი ხალხიც კი საჭიროა, ვისი მოსყიდვაც შეიძლება, იმიტომ რომ რევოლუციონერების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამუდმებით არის რაღაც ისეთი, რაც არ უნდა გაიგოს პოლიციამ და მთავრობამ. ამისთვის კიდევ საჭიროა კაცი, რომელიც არ გაგთქვამს და როგორც მაშინ იტყოდნენ, არ გაპროვოკატორდება. საქართველოში უამრავი საქმე გვარდებოდა უბრალო ხალხის პატიოსნებით და გაუცემლობით. მოსყიდვითაც ბევრი რამ მოკვარახჭინდებოდა ხოლმე.

აი, როგორ გაიქცა ქუთაისის ციხიდან მენშევიკი ზაქარია გურული: ამანათების გადასაცემი პატარა სარკმლიდან გადაძვრა, „პერედაჩის ფორტოჩკიდან“. მოსყიდული იყო დარაჯიც და ამანათების მიმღებიც და ეს გამხდარი, პატარა კაციც გაეტია იმ სარკმელში და გაიქცა.

ასე რომ, რევოლუციაში არსებობს მოსყიდვის ხერხი და სოლიდარობის ხერხიც. იგივე იმ ქუთაისის ციხეს რომ მივუბრუნდეთ, იქ იჯდა ახალგაზრდა რევოლუციონერი, ამბაკო სამანიშვილი. გვარი ნაცნობია და პიროვნება - ნაკლებად. გულიანი ბიჭი იყო და ადრე დაიღუპა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ბაჭუა კუპრაშვილმა, ძველმა  ევოლუციონერმა, მოთხრობაც კი დაწერა და ცალკე წიგნად გამოსცა. ამბაკო სამანიშვილი ქუთაისის ციხიდან გაიპარა ეტაპით.

ეტაპისა მოგეხსენებათ, პატიმრების სხვა ციხეში გადაყვანაა, ამ შემთხვევაში კი ეს იყო შორი გზა ციმბირისკენ, საითაც გადასახლებაში და კატორღაში ერეკებოდნენ მსჯავრდებულებს.

სამანიშვილს ეტაპი არ ერგებოდა, მაგრამ შეცვალა ერთი ჩვეულებრივი პატიმარი, არარევოლუციონერი, რომელიც დაეთანხმა, წადი ჩემ მაგივრად, თუ ეგრე გჭირდებაო. ამ პატიმარმა, თავის მხრივ, სხვა შეცვალა, იმ სხვის მაგივრად დაწვა საავადმყოფოში და სამანიშვილი კი ეტაპზე გავიდა მისი სახელით ციხიდან. ჰოდა, საბოლოოდ გაიქცა კიდეც. რა თქმა უნდა, კვლავაც ყველა დაქრთამული იყო. მაგრამ მოსყიდული ხალხის ყველა ამბავი ყოველთვის ერთმანეთს ჰგავს. ამიტომ, უბრალოდ, სანდო ხალხს დავუბრუნდეთ.

ცნობილი ბოლშევიკი ალიოშა ჯაფარიძე ხშირად მეუბნებოდაო, იგონებს სხვა ბოლშევიკი ბარონ ბიბინეიშვილი, ბიჭო, დაუკვირდი ხალხს ამ ქალაქშიო, ბევრი ხალხი გვჭირდება და ბევრი ხალხის გამოყენება შეიძლებაო. დაუკვირდი ჩინოვნიკებს და გააბი მაგათთან ურთიერთობა, ყველა გამოგვადგებაო. ჩინოვნიკებში იგულისხმებიან წვრილი მოხელეები, რომლებიც მაშინ ქუთაისის სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში საქმიანობდნენ. ქუთაისი სრულიად პირობითია ამ ლაპარაკში. უბრალოდ, ბარონი ქუთაისის კომიტეტის წევრი იყო. სხვა ქალაქებშიც იგივე უნდა ექნათ.

ყველგან მსახურობდნენ ძალიან საჭირო ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებისთვის თავს არ დებდნენ და ამათგან ზოგის მოსყიდვა შეიძლებოდა და ზოგთან კიდევ შინაურული, მეგობრული ურთიერთობის გაბმა. ასეთი ურთიერთობები აუცილებელი იყო, იმიტომ რომ, რევოლუციონერის ყოველი ნაბიჯი არის უკანონო და უკანონობის გაიოლებაში კი საჭიროა სახელმწიფო მოხელეების დახმარება.

იმის მოყოლაც შეიძლება, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქუთაისელ ბოლშევიკებს მაზრის უფროსის, ვამეხ დადეშქელიანის ცოლთან, რომელიც მათი მფარველი ანგელოზი იყო. აი უბრალო სურათი: რევოლუციონერებს სჭირდებოდათ პასპორტები, რათა სხვისი სახელით და გვარით თავისუფლად ემოძრავათ ამხელა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, რადგან თავიანთი ნამდვილი სახელებით და გვარებით ისინი შეიძლება პირველსავე პუნქტში, პირველმავე გარადავოიმ გააჩეროს და დაიჭიროს. პასპორტი, როცა ყალბია, მისი კარგი საძირკვლის გარეშე გამოყენება შეუძლებელია. იქ ჩაწერილი გვარ-სახელის უკან რეალური პიროვნება უნდა იდგეს. თუ ასე არ არის, პასპორტი უნდა იყოს ნაღდი, რისი შოვნაც კიდევ უფრო ძნელია. ამიტომ, როცა რევოლუციონერები შეიტყობენ, რომ ქუთაისის მაზრის სამმართველოში რეგისტრატორის მცირეჯამაგირიან თანამდებობაზე მსახურობს ახალგაზრდა რაჭველი კაცი ალფეზ მუსერიძე, მასთან მეგობრობას იწყებენ.

გადაეყარნენ ერთხელ სადღაც ამ კაცს, მეორედ დუქანში დაპატიჟეს, მესამედ ბულვარში შეხვდნენ, მეოთხედ იქა, მეხუთედ აქა და მიხვდნენ, რომ არ არის ურიგო ბიჭი, ყველაფერი ესმის, იცის, რომ მეფე ცუდია და ქვეყნად სამართალი უნდა იყოს. მსახურობს თავისთვის, წყნარი მოხელეა.

დამეგობრდებიან ამ ბიჭთან. ეს დამეგობრება შეიძლება გულწრფელიც იყოს, მაგრამ უკან მაინც ანგარება უდგას, იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი უნდა გამოიყენონ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს სთხოვენ ახალი მეგობრები, ეგებ როგორმე გვიშოვო იმ ადამიანების სიები, რომელთა სახელზეც ქუთაისში პასპორტები გაიცემაო. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ როდესაც რომელიმე მათი მეგობარი თავისი ყალბი პასპორტით ჩავარდება, შიგ ნამდვილი გვარი და სახელი ეწეროს.

როცა ქუთაისში შეკითხვა მოვა, არსებობს თუ არა ასეთი კაციო, მოგონილ სახელსა და გვარზე, რა თქმა უნდა, არაფერს დაუდასტურებენ. ალფეზ მუსერიძეც, რა თქმა უნდა, აწვდის ამ სიებს თავის ახალ მეგობრებს და თვითონაც დაინტერესებული ჩანს რევოლუციით, რახან ასე ჩაება ამ საქმეში და არც თუ ისე მშიშარა მოხელე ყოფილა, არა?! რაღაც გაბედა და მოეწონა.

ასეთები ბევრნი იყვნენ. სიებს კი თანდათან მოჰყვება სხვა თხოვნები, რომ აბა, ეგებ პასპორტის ერთი-ორი ბლანკი გვიშოვო, რომ ნამდვილი იყოს. ალფეზ მუსერიძე იშოვის ამათაც, სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი ფასის გარეშე, იმიტომ, რომ დაუმეგობრდა ამ თავზე ხელაღებულ და ვაჟკაც ხალხს და ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და ეს საქმე აწყობილია, ასე ვთქვათ, მაგრამ მერე და მერე ამათ, რა თქმა უნდა, სჭირდებათ ბეჭედი, ჭვირნიშნიანი ქაღალდი და ეს ყველაფერი ამ ახალგაზრდა კაცმა უნდა მოიტანოს თავისი სამსახურიდან.

ანუ მუსერიძე იპარავს, ან გადაიწერს რაღაცეებს, მაგრამ თანამდებობა აქვს ძალიან პატარა და უფრო მოზრდილ კაბინეტებში არ შეესვლება. უფრო დიდ რამეებზე ხელი არ მიუწვდება. ამიტომ რას შვებიან ქუთაისელი ბოლშევიკები? ისინი მისდევენ პროტექციას, გადიან მაზრის უფროსის ცოლზე, რომელსაც მათ მეგობრებთან კარგი ურთიერთობა აქვს და სთხოვენ, ნელ-ნელა შეაპაროს თავის ქმარს, რომ ეს ალფეზ მუსერიძე, უბრალო რეგისტრატორი რომაა, კაი წესიერი ბიჭია, ნასწავლი და ეგება ავწიოთ ცოტა მაღლა, უკეთეს თანამდებობაზეო. აი, ასე წინაურდება ეს ჩვენი მუსერიძე და მიდის წინ და მოაქვს ეს ბლანკები და კიდევ უთვალავი რამ.

რუსეთის პირველი რევოლუციის წლებში, თბილისისა და ბათუმის კომიტეტების ნახევარზე მეტი ეჭირათ მენშევიკებს, და მთელი საქართველოს მასშტაბითაც რევოლუცია მათ ხელში იყო. ერთადერთი ქალაქი იყო ქუთაისი, სადაც რევოლუციური კომიტეტი ეჭირათ ბოლშევიკებს, ამიტომ ყველაფერი, რაც ხდებოდა აქ, ხდებოდა ბოლშევიკების ნიშნით და მათი გაკეთებული იყო. ძალიან დახვეწილი ოპერაციები და იატაკქვეშა მუშაობა იყო სწორედ ქუთაისში. ამ ახალგაზრდა კაცის დაწინაურებაც ამას მოწმობს.

აბა, წარმოიდგინეთ: ბაქოში დაიჭირეს ვიღაცა ქართველი რევოლუციონერი, რომელსაც აქვს პასპორტი, რომელიც დამზადებულია ქუთაისის კომიტეტის მიერ და გვარი და სახელი ამ პასპორტში წერია ქუთაისელი მოქალაქის.

ერთხელ კონფუზიც კი გამოვიდა, პასპორტში ჩაწერილი გვარის და სახელის პატრონი მღვდელი გამოდგა. რა ხდება, როცა ან მღვდელი გამოდგება, ან ოფიცერი და დაპატიმრებული კი იერით ნამდვილად რევოლუციონერია?

მაშინ გჭირდება წერილები, რომლებიც ბაქოდან მოდის ქუთაისის სამაზრო მმართველობის სახელზე, ანუ ჯერ შენ უნდა გახსნა ეს წერილი, ნახო, შიგ რა წერია, ან საერთოდ აღარ მიუშვა კანცელარიამდე და შენით მისწერო პასუხი, რომ ყველაფერი წესრიგშია, ან უნდა გადააკეთო რაღაც და ისე მოახერხო, რომ ის კაცი ბაქოში უეჭვოდ გაათავისუფლონ. რთული საქმეა, ამიტომ ფოსტაშიც უნდა გყავდეს ხალხი და მაზრის უფროსის სახელზე მოსული წერილები ჯერ შენ უნდა მოგცენ. ამას მარტო პარტია არ ეყოფა. სხვანაირი გამოცდილების ხალხი უნდა.

აი, ერთი ასეთი სურათიც: ქუთაისის კომიტეტში მოვიდა პეტერბურგიდან ამბავი, რო დაიჭირეს ერთი ქართველი რევოლუციონერი. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, შეიტყვეს ფოსტიდან და ალფეზ მუსერიძისგანაც, რომელმაც მოუტანა მათ წერილი, სადაც ეწერა, რომ პეტერბურგში დაჭერილია კაცი, რომელზეც ეჭვი აქვთ, რომ არის ესა და ეს, მაგრამ უარყოფს. აქვს რაღაც საბუთი, რომელთანაც ვერ ხერხდება მისი პიროვნების შედარება და ძალიან გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ამ ვინაობის კაცის არსებობა.

თუ ის თავის ვინაობას არ იტყვის, კანონი ასეთია, რომ აგზავნიან პირდაპირ კატორღაში ვინაობის გარეშე, ასამართლებენ სწრაფად და წინ ციმბირია. კომიტეტმა იცის, ვისზეა ლაპარაკი და მისთვის ეს კაცი არის ძალიან საჭირო.

ამიტომ ისინი ეძებენ იმ ადამიანს, ვის გვარზე და სახელზეც გააკეთეს ეს პასპორტი. ირკვევა, რო ეს ადამიანი თვითონაა ციმბირში, ციხეში, მაგრამ პოულობენ მამამისს, გლეხკაცს, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ პეტერბურგში დაკავებული ნამდვილად მისი შვილია. გლეხკაცი იცრუებს მთავრობის სიძულვილით. საქმე გვარდება. პეტერბურგში იგზავნება წერილი, რომ ეს კაცი ნამდვილად არის ესა და ეს და რომ მამამისი აგერ არის ოზურგეთში.

რახან კაცის ვინაობა გარკვეულია, მას ციმბირში აღარ აგზავნიან და აგზავნიან ქუთაისში, აქ უნდა გაასამართლონ. მოჰყავთ აქედან, შემოჰყავთ ბათუმში და მთელი სპექტაკლია იქ დადგმული. მოჰყავთ ეს მოხუცი გლეხკაცი, რომელსაც პატიმარი არასდროს უნახავს, მაგრამ ამბობს, ჩემი შვილიაო. გადაეხვევა, გადაკოცნის და ეფერება პოლიციელთა თვალწინ. ყველა საბუთი ფორმდება და უშვებენ პატიმარს ქუთაისის ციხეში, საიდანაც არის ათასი საშუალებაა, რომ ის ან გააქციონ, ან კარგი ადვოკატები უქირავონ.

მაგრამ ამ ოპერაციის დროს იყო ისეთი მომენტი, როცა ვითომ მამამ, ვითომ შვილი ნახა და გადაეხვია, იქ ბოქაულმა თქვა, რომ ეს შენი შვილი ახლა ოზურგეთში უნდა წამოვიყვანოთო და ეს მოულოდნელი ამბავი გამოდგა რევოლუციონერებისთვის, იმიტომ რომ ოზურგეთში ნებისმიერ კაცს შეეძლო ეთქვა, რომ ეს ამ გლეხკაცის შვილი არ იყო. გლეხმა ივაჟკაცა და ბოქაულს სთხოვა, თქვენი ჭირიმეო, ეს ანგარიში გამიწიეთო, დედას ნუ ანახებთ დაპატიმრებულ შვილსო და იმათაც გაუწიეს ანგარიში. წაიყვანეს პირდაპირ ქუთაისში. რევოლუციონერები კი ამბობდნენ, რომ რუსეთის იმპერიაში არის ყველაზე პირსისხლიანი რეჟიმი, რაც კი ვინმეს მოუგონია, მაგრამ ეს რეჟიმი იყო ძალიან კანონის დამცველი და კანონმორჩილი, ხოლო შეღავათები ნამდვილად არსებობდა და ადამიანის სიტყვას უწევდნენ ანგარიშს.

900-იანი წლების დასაწყისში ქუთაისში, ობორონის ქუჩაზე, ცხოვრობდა ერთი წესიერი კაცი, ვარლამ ფანცხავა. სახლი იყო კარგი, ქვის გალავნით და ეზოთი, მაგრამ ფანცხავა და მისი ოჯახი გაწვალებული იყო. წვალება და ხიფათი მოდიოდა ორივე მხრიდან: ცალკე ხელისუფლებისგან და ცალკე კიდევ რევოლუციონერებისგან. ისე კი, საქმე ის არის, რომ ზედ ქუჩის გადაღმა, ანუ ფანცხავას ღობის მეორე მხარეს, ასე 20-25 ნაბიჯში, ძალიან გრძელ მანძილზე, ქუჩას გასდევდა მაღალი კედელი, ხოლო კედელს შიგნით იყო განთქმული ქუთაისის საგუბერნიო ციხე, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს.

ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს ფანცხავას სახლის აივანი, სახურავი, რაც კი რამ ადგილი იყო ისეთი, სადაც შედგებოდი და ხელს დაუქნევდი ციხის ფანჯრებს, ხალხის მიერ გამოიყენებოდა მუნჯურად სალაპარაკოდ ფანჯრებს მომდგარ პატიმრებთან.

გაკვალულ გზას მიჰყვებოდა ბევრი და ფანცხავა იტანჯებოდა. წესიერი კაცი იყო, პატიმრის ჭირისუფალს ეზოს კარს ვერ უკეტავდა და მეორე მხრივ კი, ციხის ადმინისტრაციაც ჭამდა: აბა, ჩამოაფარე ფარდები, აბა, გააკეთე ეს, აბა - ის.

ამ ამბავს ბოლო არ ჰქონდა და მდგომარეობა განსაკუთრებით აუტანელი შეიქნა, რაც რევოლუცია დაიწყო და ქუთაისის ციხე პოლიტიკურებით გამოიტენა. ამნაირ ხალხთან მუნჯური ლაპარაკი ყოველთვის სცდებოდა ყოფით მოკითხვებს. ობორონის ქუჩას გააჩნდა ის თავისებურებაც, რომ აქ ძირითადად ციხის მომსახურე პერსონალი ცხოვრობდა. ერთი ფანცხავა იყო გამონაკლისი.

რუსეთის იმპერია კი იყო ცუდი კანონების ქვეყანა, მაგრამ კანონების ქვეყანა იყო და ამ კაცს ვერავინ ვერ დაუშლიდა, რომ მისი აივნიდან და ან მისი სახლის ღობიდან ვიღაცას ხელები ექნია.

შეიძლება შეეშინებინათ ციხის მხრიდან თოფების მოღერებით ან რამე ასეთით, მაგრამ იმას იქით საქმე არ წავიდოდა. ციხის ადმინისტრაცია ძალიან წუხდა და გუბერნატორსაც ელაპარაკებოდა ამ საკითხზე. სახლი იმგვარად იდგა, რომ მისი ეზოდან თვალი კარგად სწვდებოდა ციხის მესამე სართულის ფანჯრებს, ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, ადმინისტრაციამ ფანჯრებზე თუნუქის აკვრაც გადაწყვიტა.

ფანცხავამ იფიქრა, ამოვისუნთქეო. თანაც, ერთ მშვენიერ დღეს მასთან მოვიდა კარგად ჩაცმული კაცი და უთხრა, მთელი დღეებია, ქალაქში დავდივარ, საქირაო სახლს ვეძებ და სწორედ ასეთი მინდა, შენი რომ არისო. ჰოდა, თუ მომაქირავებ, ნაწყენი არ დამრჩებითო.

ფანცხავამ ჰკითხა, ვინა ხართ და რამდენიო. მე ვარო, ჩემი ცოლია და ჩემი ქვრივი და არისო. საქსოვი საამქრო გვინდა გავხსნათ და შენი სახლის ფართობი ძალიან მომეწონაო. ფანცხავამ იფიქრა და დათანხმდა. სიმამრის სახლი შეგულებული ჰქონდა გადასაბარგებლად და მიაქირავა თავისი ამ უშვილო ოჯახს.

ციხის ადმინისტრაციამ შეამჩნია ეს გაქირავება და კმაყოფილიც დარჩა, იმიტომ, რომ უცნობებთან აღარავინ შემოდიოდა. ეზოში ერთთავად გამოფენილი იყო ქალისა და კაცის ნაქსოვი წინდები და ნაირგვარი სამოსი. ღობეზეც კი. კლიენტი ბევრი მოდიოდა, ყიდულობდნენ. ყიდულობდნენ ალბათ, აბა, რა ენდომებოდათ ობორონის ქუჩაზე.

ზედ ფანცხავას სახლის ჭიშკრის პირდაპირ იყო ციხის საგუშაგო და გუშაგები ვეღარაფერს ამჩნევდნენ საეჭვოს და აკრძალულს.ფანცხავა წავიდა დამშვიდებით, წაიღო თან წინდაწინ გადახდილი ქირის ფული და ყველაფერზე დაეთანხმა მდგმურებს. იმათ მოზიდეს დაზგები, საქსოვები, ძაფები და ორი დაქირავებული მუშაც მოიყვანეს. ამას მერე ჰყვებოდა ფანცხავა, პოლიციაში თავი ხომ უნდა გაემართლებინა.

სინამდვილეში, ეს არ იყო არანაირი საქსოვი საამქრო. ყველაფერი იყო თვალის ასახვევად, იმიტომ რომ ქუთაისის ბოლშევიკურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, ციხიდან გამოეპარებინა თავისი ამხანაგები და ეს გვირაბის მეშვეობით მოეხერხებინა. რევოლუციონერებმა ყველაზე კარგ ვარიანტად მიიჩნიეს ფანცხავას სახლი. გვირაბი გავიდოდა ამ სახლის სარდაფიდან, გადაკვეთდა ქუჩას და ამოვიდოდა ციხეში, საჭირო ადგილას.

მთელი ეს იდეა ეკუთვნოდა ცნობილ თავზე ხელაღებულ, უშიშარ და იმავდროულად, ძალიან მორცხვ ადამიანს, კოტე ცინცაძეს, რომელიც თვითონ იჯდა ზაფხულში ამ ციხეში, საიდანაც რუსეთში გაგზავნეს ეტაპით და იქიდან გამოქცეული დაბრუნდა ქუთაისში და თქვა, მოდი, ასეთი რაღაცა გავაკეთოთ, დავეხმაროთ ამხანაგებსო.

ქუთაისის ციხე გადახუნძლული იყო პოლიტიკური პატიმრებით. ორ დღეში ერთხელ ეტაპი იყო და პატიმრებს ერეკებოდნენ ციმბირისკენ. იქ იჯდა ბევრი სიკვდილმისჯილიც, რომლებიც ელოდებოდნენ თავიანთ რიგს. ციხეში ჯდომის დროს კოტე ცინცაძემ მშვენივრად შეადგინა ამ ციხის გეგმა, იპოვა ის ადგილი, სადაც გვირაბი უნდა ამოსულიყო. ეს იყო ციხის პირველი სართული - სეკრეტი, ასე ვთქვათ. ასე ერქვა ამ განყოფილებას - სეკრეტის პირველი კამერა.

ეს იყო დასვენების საათებში ღია კამერა. როცა სასეირნოდ გამოდიოდნენ პატიმრები, კამერების კარები იყო ღია და, საერთოდ, ისეთი აუტანელი არ იყო ეს ციხის რეჟიმი, მერე და მერე რომ შეიქნა ქუთაისის ციხეში სწორედ ბოლშევიკების ხელში. იქ შეგეძლო კონიაკიც კი გესვა, თუ ფული გქონდა და ადამიანურად გეჭამა. ჰოდა, გეგმა ძალიან კარგად შეადგინეს, მოიფიქრეს და ბინაც იქირავეს ფანცხავასგან.

კაცი, ვინც ასახიერებდა ოჯახის უფროსს, იყო ერემია ლომთათიძე, ხოლო ქალები, ასევე რევოლუციონერები, ბოლშევიკები. ცოლს ასახიერებდა მარო ბოჭორიძე და დას - ნატაშა კალანდაძე, კოხტა და კარგი ქალი. სირთულე ის იყო, რომ გვირაბი გამოდიოდა ძალიან გრძელი და მიწა ხომ ძალიან ბევრი იქნებოდა სათხრელი და შეუმჩნევლად გასატანი. შრომა უნდოდა არაადამიანური.

მით უმეტეს, გვირაბის გათხრას სჭირდებოდა რაღაც საგანგებო ცოდნა, რაშიც გამოცდილი კაცი იყო საჭირო. თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ მიწა სახლიდან არ გამოვა, ყველაფერი უნდა დარჩეს სახლში, სარდაფში, ოთახში, ტომარაში, სადაც იქნება, იქ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უამრავი სამხედროს და ციხის ადმინისტრაციის თვალწინ ხდება და იქიდან ტომრებით მიწის ზიდვა საეჭვო იქნება, მით უმეტეს, როცა გზაში საგუშაგოები გხვდება და თან რევოლუციის მიწურულია და შპიკები გამეცადინებული არიან.

ამიტომ ჭიათურაში იშოვეს მაღაროების თხრაში გამოცდილი ორი მუშა, რომლებმაც თხრის წესი და მიმართულება განუსაზღვრეს რევოლუციონერებს. სულ ერთმანეთს ენაცვლებოდა ათი მთხრელი.

თხრა დაიწყეს კოტე ცინცაძემ და ბაჭუა კუპრაშვილმა ორ ჭიათურელ მუშასთან ერთად. სანდო მუშები იყვნენ. საერთოდ, ხალხი სანდო იყო საქართველოში იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუ არ გაპროვოკატორდებოდა ვიღაც, თორემ ისე, ყველა ეხმარებოდა ამნაირ ხალხს.

მიდიოდა გაჩქარებული თხრა, დღედაღამ, მონდომებით და, რაც მთავარია, სწორი მიმართულებით, ანუ გვირაბი აუცილებლად ამოვიდოდა იქ, სადაც იყო საჭირო, ანუ „სეკრეტ-ადინის“ კამერაში, კუთხეში, ზედ კედელთან.

მაგრამ ოპერაცია მხოლოდ გვირაბის გათხრა არ იყო, ეს იყო ურთულესი და მრავალსაფეხურიანი რაღაც, მოგონილი დიდი ამბავი, რომელშიც უამრავ ადამიანს უნდა შეესრულებინა თავისი როლი. მაგალითად, ასე არ იყო, რომ პატიმარი შევიდოდა იმ კამერაში და გაიქცეოდა. ეს უნდა მომხდარიყო განსაზღვრულ დროს, პატიმრების სეირნობის საათს, როცა კამერები იყო ღია. ამ დროს პატიმრებს შეეძლოთ შენობაშიც შებრუნებულიყვნენ.

ისინი სათითაოდ ამ საათნახევრიანი სეირნობის დროს უნდა შესულიყვნენ საჭირო ადგილას. იქ მათ ელოდებოდა ერთი პატიმარი, სახელად თომა, რომელსაც ხელში ეჭირა კონიაკიანი ბოთლი და გადაახუხინებდა სითამამისთვის და მერე კი უნდა ჩამძვრალიყვნენ ხვრელში. მაგრამ პატიმრები უნდა შესულიყვნენ ნაწილ-ნაწილ და ისე, რომ არავის შეემჩნია, ამიტომ სხვა საგანგებო პატიმრები უნდა მდგარიყვნენ საჭირო კუთხეებში, თეთრი და წითელი ცხვირსახოცებით ხელში. წითელი ნიშნავდა ხიფათს, თეთრი ნიშნავდა „გამოიარე“-ს, და ასე მთელი ჯაჭვი მოქმედებებისა უნდა ყოფილიყო ზუსტი, რახან საჭირო იყო იმისთვის, რომ პატიმრები მოწესრიგებულად გამოქცეულიყვნენ.

გამოსაქცევი პატიმრების რაოდენობა იყო ასევე განსაზღვრული - ეს იყო 37 კაცი, ამათ შორის იყვნენ სიკვდილმისჯილებიც, იყვნენ ისინიც, ვისაც დიდი კატორღა ელოდა და ისინიც, ვინც განაჩენს ელოდა. გასაქცევების უმრავლესობა ბოლშევიკები იყვნენ. იყო გეგმის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილიც. გაქცევა ადვილია და დამალვა კი - ძნელი.

ყველაფერი, რაც შემდგომში უნდა მომხდარიყო, ვინ სად წავიდოდა, ვინ რომელ ბინაზე დაიმალებოდა ან რომელ ტყეში, ასევე წინდაწინ იყო განსაზღვრული და ამ საქმის მეთაური გახლდათ ბარონ ბიბინეიშვილი.

სამუშაო იყო ძალიან მძიმე. რაც უფრო ღრმად მიდიოდნენ, ჰაერი მით უფრო ცოტა იყო. სანთელი და ჭრაქიც კი უქრებოდათ. თხრიდნენ, საღამოს გამოვიდოდნენ, ვითომდა იქ ნავაჭრით და მოდიოდნენ, მშვენივრად ჩაუვლიდნენ საგუშაგოებს, მთელი დღის ნამუშევრები, დაღლილები, გაუბედურებულები.

დრო რომ არ დაკარგულიყო, თხრა არასდროს წყდებოდა. იმიტომ, რომ ყოველი დღე ნიშნავდა რომელიღაც პატიმრის დაკარგვას, ან ეტაპში გამგზავრებას, ან კიდევ დახვრეტას. მაგრამ ერთ დღეს, ყველასთვის მოულოდნელად გამოცხადდა სახლში ვარლამ ფანცხავა და მოითხოვა სარდაფის გასაღები, რაღაცეები მაქვს იქა და უნდა წავიღოო. დამხვდური ორი ბოლშევიკი იყო და მოიმიზეზეს, ერემო აქ არ არის და გასაღები კი ჩვენ რა ვიცით, სად არისო. ფანცხავაც გაბრუნდა, მაგრამ ეს ყველაფერი კომიტეტმა რომ გაიგო, აღშფოთდნენ, გაუწყრნენ იმ ორს, უპირველესად კი ბიბინეიშვილს: მაგ რაღამ გამოგაშვებინათ, მოწმის გარეთ გამოშვება როგორ შეიძლება, ნამდვილად იეჭვებდა რაღაცასო; ახოვანი კაცია ეგ ფანცხავა, ჩაგეყვანათ სარდაფში და ემუშავაო, ჩვენ კიდევ წერილს მივაწერინებდით ცოლისთვის, რომ ვითომ თბილისში გახდა წასასვლელი და სანამ არ მორჩებოდა ეს ამბავი, იქნებოდა იქ ჩვენთან ერთადო.

ბოლშევიკები ძალიან შეშინდნენ. იმ დროს ქალაქში კაცის მოკვლა არ უნდოდათ, თორემ ამ ფანცხავასთვის პირველი პასუხი ის იქნებოდა, რომ მკვდრები დუმან. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, ფანცხავა მოესყიდათ.

იმ დროს ქუთაისში ცხოვრობდა ლეგენდარული კაცი, ძველი რევოლუციონერი, ნაროდნიკი, ფედერალისტების ამხანაგი, თავადაც უკვე ფედერალისტი - გიორგი ზდანევიჩი, ძველი სტუდენტური გამოსვლების მონაწილე და მთელი ამბავი და მივიდნენ ბოლშევიკები ამ კაცთან. ოღონდ ბოლშევიკები უკვე არ იყვნენ ისეთი ხალხი, პირდაპირ რომ მისდგომოდნენ ძველ რევოლუციონერს და აი, აქ დასჭირდათ მენშევიკების დახმარება და სთხოვეს გრიგოლ ლორთქიფანიძეს, შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მერე ისევ ბოლშევიკებისგან დახვრეტილს, ძალიან კარგი წიგნის - „ფიქრები საქართველოზე“ - ავტორს. სთხოვეს, მიგვყევი ზდანევიჩთანო. სხვათა შორის, გრიგოლზე ნაწყენები იყვნენ, იმიტომ რომ ერთხელ, როცა არ იცოდნენ, რომ ის მენშევიკია, ჩამოვიდა ქუთაისში აგიტატორად სამუშაოდ ოდესიდან, ჰოდა, ბოლშევიკებმა მიიღეს როგორც ბოლშევიკი და იმან მრევლის წართმევა დაუწყო. ქუთაისში ყველაზე დიდი კასტა პროლეტარიატისა იყო ნოქრები, მაღაზიის გამყიდვლები, ჰოდა, ამათთან მუშაობდნენ ესენი და ამან დაიწყო მენშევიკურად ქადაგება და მალე გაუგეს, მაგრამ შერიგებულები იყვნენ. სხვათა შორის ამ ამბავზე თვითონაც ხუმრობდა ხოლმე ამ ბარონ ბიბინეიშვილთან, ქუთაისის კომიტეტის ლიდერთან, კაცო, რო შევედიო, მუშებს ველოდებოდიო და ეს ნოქრები ისხდნენ ოქროს საათებით და ბეჭდებით და რანაირი რევოლუციონერები უნდა გამომეყვანა მაგათგანო. ამ ტიპის კაცი იყო ფანცხავაც. მოკლედ, მივიდნენ გიორგი ზდანევიჩთან და მოახსენეს. ზდანევიჩმა მიიწვია სახლში ფანცხავა.

ზდანევიჩი ქუთაისში დიდი ავტორიტეტი იყო და აიღო და თავისი ხელით დაწერა თამასუქი 3000 მანეთზე და მოაწერა თვითონვე ხელი. მისი ხელმოწერა ნიშნავდა წყალგაუვალ საბუთს და უთხრა, რომ მე არ ვიცი, სად იყავი და როგორ იყავიო, როგორც კი იმ შენი სახლიდან ის ხალხი წავა, შენ მიიღებ 3000 მანეთს დამატებითო.

ეს დიდი ფული იყო მაშინ. ფანცხავაც რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ გაჩუმება არჩია, როგორც იციან ხოლმე საქართველოში გადამწყვეტ დროს. მით უმეტეს, რომ ეს ფული, რომელიც ბოლშევიკებმა პატიოსნად გაუნაღდეს მას, დიდად გამოადგა. მოკლედ, გვირაბი გაითხარა ძალიან კოხტად და მშვენივრად.

1907 წლის 25 სექტემბერს 37 პატიმარი წინასწარ შედგენილი სიით პირდაპირ გამოჰყვა გვირაბს, ამოვიდა ფანცხავას სახლის სარდაფში, იქ გადაიცვა და საჭირო ხალხის თანხლებით დაიფანტა ქალაქში. ეს ყველაფერი ერთ საათში მოხდა.

ყველაფერ იმას, უკვე რაც შემდგომში მოხდა, ხელმძღვანელობდა ბარონ ბიბინეიშვილი, რომელსაც თბილისში ცხოვრება აკრძალული ჰქონდა და ქუთაისში კი წლები ეცხოვრა და აქაურობისა ყველაფერი იცოდა. საჭირო იყო ორი-სამი დღის გადატანა მალულად, ნაცნობ ბინებში ვერავის ვერ მიიყვანდნენ, იმიტომ, რომ იქ ჩხრეკა იქნებოდა. გაქცეულები დაარიგეს წინასწარ შერჩეულ ბინებში და ეს ბინები იყო სულ ჭრელი ხალხისა.

მაგალითად, დავით სულიაშვილი, რომელიც მერე მწერალი გახდა და ლენინის ამხანაგიც იყო, იმალებოდა ქუთაისის „სობოროს“ მედავითნე კანდელაკთან, რომელიც ძალიან უთანაგრძნობდა ბოლშევიკებს და ყველაფერში ეხმარებოდა, დილით - „დავითნი“ და საღამოს - „ძირს მეფე, ბატონი, პოლიციელი!“

იყო ასეთი რევოლუციონერი ებრაელი, მაისეი ბეიტლერი, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი და მისი გამოპარება განსაკუთრებით უნდოდათ, იმიტომ რომ უკვე ახლოვდებოდა მისი დასჯის დრო. ბეიტლერი იმალებოდა ყველაზე საინტერესო ადგილას, ეს იყო ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კაბინეტის სხვენი. სიკვდილმისჯილს მალავდა გენერალ-გუბერნატორის ერთ-ერთი მდივანი, ბადუა ჩიქოვანი. ამ ჩიქოვანმა აიღო თავის თავზე ამ კაცის არა მარტო დამალვა, არამედ მოვლა და კვება. ყველაფერს რომ თავი დაანებო, სხვენში საპირფარეშო არ არის. ძალიან პატიოსანი და ერთგული კაცი უნდა იყო და მეგობრობას ძალიან უნდა აფასებდე, რომ გამოქცეული ხალხი ასეთ პირობებში შეიფარო და მოუარო. მოვლა არ არის მარტო ის, რომ კარი დაკეტო. იქ შედის ყველაფერი. ბეიტლერი მაინც ჩავარდა, იმიტომ რომ, გამოქცეულთა უმრავლესობა ჩავარდა სწორედ ქუთაისიდან გასვლის დროს. გაქცეულები ძირითადად მიდიოდნენ რიონში და ცდილობდნენ იქ მატარებელში ჩასხდომას.

ხდებოდა უცნაური ამბებიც. მომავალში ცნობილი მწერალი, ლეო ქიაჩელი გოდოგნის ტყეში იმალებოდა ერთ სხვა გამოქცეულთან ერთად და დაიკარგნენ იმ ტყეში. სამი დღის შემდეგ ვიღაც გლეხს ენახა იქ და ამათ დააბარეს ამბავი. ჩამოვიდა ის გლეხი ქალაქში კომიტეტთან, ვერ გამოდიან ტყიდან და არ იციან, სად არიანო, მე კიდევ არ წამომყვნენო.

ძალიან ძნელი იყო წასვლა, მოძებნა, ჩამოყვანა. ყველა ნაბიჯზე იდგა ნარიადი და ჯინორიას ხალხი. იმდენად დამღლელი იყო ეს ყველაფერი, რომ ერთხელ ღამით ბარონ ბიბინეიშვილის ბინის კარზე რომ დააკაკუნეს, კოტე ცინცაძე ტახტიდან არც წამოდგა, დაგვიჭერენ და დაგვიჭირონო.

ჰო! და, იმავე ღამეს ერთ-ერთ ბინაზე, სადაც 10 გამოქცეული ჰყავდათ დამალული და მათ კი უვლიდნენ უმშვენიერესი ქუთაისელი ქალები, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და, ქუთაისის მაზრის უფროსის ცოლიც იყო ჩართული ამ საქმეში, მოეყვანათ პარიკმახერი, უპარტიო, მაგრამ სანდო.

პარიკმახერმა ყველა გაპარსა, გაკრიჭა, მოარგო პარიკები, შეუცვალა წარბები. პასპორტები ამ ხალხისთვის უკვე გამზადებული იყო. ქუთაისის მაზრის უფროსი, ვამეხ დადეშქელიანი, ძალაუნებურად ხშირად ეხმარებოდა ბოლშევიკებს და არა მარტო ბოლშევიკებს, საერთოდ, რევოლუციონერებს. მოკლედ, ამ გაქცევის ამბავში ჩართული იყო ფაქტობრივად მთელი ქალაქი და ვინც კი შეძლეს, ყველა ასე კოხტად გააპარეს ქალაქიდან.

ქუთაისელი „შპიკების“ მეთაური ჯინორია შუა ბულვარში მოკლეს ტერორისტებმა. სხვათა შორის, მერეღა შეიტყვეს ქუთაისელმა რევოლუციონერებმა, რომ უამრავი „დანოსი“ - უსახელო საჩივარი - შესულიყო პოლიციაში, თუ ვინ მოკლა იგი. უფრო ხშირად ბარონ ბიბინეიშვილსა და სერიოჟა ქავთარაძეს ასახელებდნენ. თუმცა ესენი ამ საქმეში არ ერივნენ. რამდენი ჰყავდა გამწარებული, რომელიმე იქნებოდა. პირდაპირ ეწერა „დანოსში“: გამოგდებულმა გიმნაზიელმა სერიოჟა ქავთარაძემ და ბანკში რომ მუშაობს, იმ ბარონმა დაახალეს ჯინორიას ტყვიაო.

საიდან ჩაუვარდათ ხელში ეს „დანოსები“ სერგო ქავთარაძეს და ბიბინეიშვილს? იყო ასეთი ბოქაული, თავზე ხელაღებული და რევოლუციონერებთან დაუნდობლად მებრძოლი, ლავრენტი მახარაძე. ჰოდა, მახარაძე ვითომდა შეშინდა, გამოვიდა კავშირზე ბოლშევიკების კომიტეტთან და უთხრა, რასაც მეტყვით, იმას გავაკეთებ, ოღონდ არ მესროლოთ სადმე უადგილო ადგილასო. ამათ მოსთხოვეს, რომ გადმოეცა უსახელო საჩივრები, ანუ „დანოსები“ ბოლშევიკებზე და მენშევიკებზე და იქ წაიკითხეს. მაგრამ მახარაძე ეშმაკი გამოდგა: მოადუნა მათი ყურადღება და მერე, რა თქმა უნდა, მისდია ძველ გზას.

ერთხელო, ბანკში ვზივარო, ბიბინეიშვილი იგონებს, და მოვარდა ერთი ტერორისტი და მითხრაო: ბიჭო, ლავრენტი მახარაძე სეირნობს ბულვარში უჩაფრებოდ, მაგრამ ვერ ვესვრიო, ქალიშვილთან ერთად არიო, პატარა გოგოსთანო. ჰოდა დავინდეთო, არც მე გავუშვი სასროლად და თვითონაც არ იყო მოწადინებულიო. მაგრამ თვითონ აღარ დაინდო და მერე, რევოლუცია რომ დამარცხდა, მახარაძეს ქვა ქვაზე არ დაუტოვებია ქუთაისში, სადაც ვინმეს წასწვდებოდა, ყველას იჭერდა და თუ სასროლი იყო კიდევ - ხოცავდა.

გურიაში იყო ასეთი ბლაღოჩინი - ნიკოლოზ რამიშვილი. ჰოდა, ითათბირა მაზრის უფროსთან და უთხრა, რომ ჩვენი გლეხობა მორწმუნე გლეხობააო და ხატს რომ გამოვასვენებთ, ბევრ რამეს გვეტყვიანო.

იმანაც დაუჯერა და წამოასვენეს სურებიდან ლომის კარედის წმინდა გიორგის ხატი და ხალხი შეკრიბეს და აბა, თუ იცით, აგიტატორი ვინ არის, ხატზე დაიფიცეთო. ბევრმა მოითმინა, მაგრამ ბევრი შეშინდა, იმიტომ რომ, სჯეროდათ ამ ხატის განსაკუთრებული ძალისა და თან ეუბნებოდა ეს ბლაღოჩინი, გაგაქვავებთ ხატიო.

რამდენიმე გვარი და სახელი დაასახელეს, იმათი, ვინც არალეგალურად იყვნენ და არ იცოდნენ მათი საქმიანობის შესახებ. ამას სჭირდებოდა პასუხი კომიტეტისგან და კომიტეტმა ხატის მოპარვა გადაწყვიტა. მოიპარეს ეს ხატი და ხალხს უთხრეს, რომ არავინ არც მომკვდარა ამ ხატის მომპარავი და არც გაქვავებულაო და, სხვათა შორის, გურიაშიო, აი, ზუსტად ამ ხატის ამბავმა ითამაშა ძალიან დიდი როლი იმაში, რომ ხალხმა მღვდლებს ზურგი აქცია.

განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ რევოლუციონერები სიკვდილმისჯილ კაცს, რევოლუციონერ მოისეი ბეიტლერს. ბოლოს მოახერხეს და აუღეს ბილეთი რიონის სადგურიდან და ოთხ სხვა პატიმართან ერთად ამზადებდნენ მის გაპარებას.

ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი, მაგრამ ხალხი არ ჰყოფნიდათ და ბარონ ბიბინეიშვილმა და განთქმულმა კოტე ცინცაძემ გადაწყვიტეს, ბეიტლერისა და მისი მეგობრების გამყოლი ყოფილიყო სწორედ ეს სანდო ჩინოვნიკი და მათგან დაწინაურებული, მათი მეგობარი ალფეზ მუსერიძე.

მუსერიძეც დათანხმდა. გააყოლეს მათ დილით ძებნილები რიონში და დაიწყეს ლოდინი - აბა, რა მოხდება? მთელი დღის განმავლობაში არავითარი ცნობა არ მოსულა და გვიან ღამით გაისმა კაკუნი ბიბინეიშვილის კარზე. ბიბინეიშვილმა გააღო.

ზღურბლზე იდგა სრულიად გაფითრებული მუსერიძე, რომელმაც თქვა, რომ ყველანი ჩავარდნენო. ყველაფერი კარგად იყო, ვაგონში ავედით, კუპეში შევედით და ამ დროს შემოცვივდნენ და ყველანი დაიჭირესო. კი მაგრამ, შენო? ამათ ჰკითხეს, კოტემ და ბარონმა.

მეო, მოვახერხე და გამოვიქეციო, არ ვგავდი ამათ გარეგნობითო, რაც პრინციპში დასაჯერებელი იყო. რევოლუციონერებს საერთოდ და, მით უმეტეს, ნაციხარს, უცბად ამოიცნობდა ხოლმე გამოცდილი თვალი და გამოცდილი „შპიკი“. იოლად ცნობდნენ და, როგორც ერთმანეთის მტრები, ერთმანეთსაც იცნობდნენ.

ცუდი ამბავი მოუვიდათ, მაგრამ რას იზამ. უთხრეს მუსერიძეს, წადი სახლშიო და მთელი ღამის განმავლობაში ცინცაძე და ბიბინეიშვილი ისხდნენ და მსჯელობდნენ, გამცემი იყო თუ არა მუსერიძე. ჯერ ამბობდნენ, როგორ შეიძლება, რომ გამცემი იყოს, ამდენი ხანია ერთად მოვდივართ, ამდენ რამეში მოგვეხმარა სრულიად უანგაროდ, ერთი კაპიკი არ მოუთხოვია, გვიკეთებს ამ პასპორტებს, გვეხმარება ათას რამეში, იპარავს წერილებს, გვაკითხებს და არასდროს არაფერი შეგვიმჩნევიაო. მეორე მხრივ, საქმის ვითარებიდან გამომდინარე, გამცემს ჰგავდა.

არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ რევოლუციონერები ისეთი ჰაიჰარა და უბრალო ხალხი იყვნენ, რომ მარტო ლაპარაკით გადაეწყვიტათ საქმე. „ჰოც“ იყო და „არაც“ ამ ლაპარაკში, როლებსაც კი ცვლიდნენ, ხან ერთი იცავდა, ხან - მეორე. დილისკენ გადაწყვიტეს, რო კარგად შეემოწმებინათ ეს ამბავი და თან ერთხელ კი არა, ორჯერ. აი, ასეთ ვითარებაში ბიბინეიშვილი წავიდა თავისთან სამსახურში. ის საადგილმამულო ბანკში მსახურობდა, ჰოდა, ვიღაცას დააბარა მუსერიძესთან მაზრის სამმართველოში, ბანკში მოვიდეს და მნახოსო.

ის სასწრაფოდ გამოცხადდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ბევრმა იცოდა ამ ქალაქში, რომ ისინი მეგობრები იყვნენ. ჰოდა, ბარონმა უთხრა, გუშინო კი ცუდი ამბავი დაგვემართაო, მაგრამ სხვა ჯგუფიც ხომ გვყავს გადამალული და ახლა შემეშინდაო და იმათ ბინა უნდა გამოვუცვალოო. ბუღალტერი კობიძე იყო, ასევე სანდო კაცი იმ დროს ქუთაისში და იმასთან უნდა გადავიყვანოო, უთხრა, ასე გადავწყვიტეო, მე მგონი, ჯობიაო. მუსერიძეც დაეთანხმა, ნამდვილად ჯობიაო, ეს რა დაგვემართაო და წავიდა თავის გზაზე. შესვენებას არ დაელოდა. ბიბინეიშვილი გაიქცა ბუღალტერ კობიძესთან და უთხრა: სახლში რამე აკრძალული ლიტერატურა თუ გაქვს, გადაყარე ყველაფერი, იმიტომ, რომ დღეს შეიძლება ჟანდარმერია დაგეცესო. კაიო, კობიძემ.

მოსაღამოვდა და ბიბინეიშვილი მივიდა ისევ კობიძესთან და ჰკითხა, როგორ არის საქმეო. კაცო, გულთმისანი ხარ შენა თუ ვინა ხარო, წასული არ იყავი, რო მოცვივდნენ, ყველაფერი გაჩხრიკეს, ვერაფერი იპოვეს და წავიდნენო.

ანუ ეს იყო პირველი აშკარა სამხილი იმისა, რომ მუსერიძე გამცემია, პროვოკატორია და უკვე მთავრობაზე მუშაობს და არა რევოლუციონერებზე. რევოლუციური სასამართლო მაინც სხვანაირი იყო, კიდევ ერთხელ უნდა დაედასტურებინათ, რომ მუსერიძე თანამშრომლობს ჟანდარმერიასთან. მეორე დღეს ბიბინეიშვილი წავიდა ისევ სამსახურში და სრულიად მოულოდნელად გზაში შეხვდა მუსერიძე. ეს დრამაა მთელი.

შეხვდა ძალიან შეწუხებული, მოდიოდა თავის ცოლის დასთან ერთად და თქვა, ორი თვის შვილი გარდამეცვალაო და ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ, ახლა მივდივარ დამკრძალავ ბიუროშიო. მაშინ ბავშვთა სიკვდილიანობა კი მაღალი იყო და თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა დაკარგული ჩვილი ბავშვი, მაგრამ ამით რა შეღავათი იქნებოდა. ახალმა ამბავმა შეაცბუნა რევოლუციონერი, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც არ გადაუხვია და უთხრა: კაცო, გუშინ ვერ გადავიყვანე კობიძესთან ის ხალხი და დღეს უნდა მივიდე და გადავიყვანოო. ასე უთხრა და გაშორდა. წამოვიდა სამსახურში. ისევ მივიდა კობიძესთან და უთხრა, დღესაც ელოდეო და საღამოს რომ გაუარა კობიძეს, ის დახვდა გადარეული, კაცო, რა გინდა, რას გადამკიდებიხარ, დღესაც მოვიდნენო.

ეჭვი აღარ იყო, რომ მუსერიძე თანამშრომლობს ჟანდარმერიასთან. კომიტეტმა და რევოლუციონერებმა ჯერ არ იციან, მაგრამ თურმე მუსერიძე უკვე თითქმის დანიშნულია ტყიბულის ბოქაულად, რაც სერიოზული თანამდებობაა და უკვე ფორმა უნდა ჩაიცვას.

იმავე საღამოს ბიბინეიშვილს ერთმა სანდო კაცმა უთხრა, რომ მუსერიძე უკვე შეკრულია და ქუჩაში მოერიდეთ, იმიტომ რომ ხვალიდან უკვე დაიწყებს ჩაფრებთან ერთად სიარულსო და ქუთაისის ბულვარში რომ გამოვა, იცოდე, რომ ვისაც ხელს ჩამოართმევს, ყველას დაიჭერენო. ორ კაცს ეძებენ, შენზე არ არის ლაპარაკიო. მართლაც, გავიდა კიდევ ერთი დღე და საგანგებოდ გამოვიდა ბიბინეიშვილი ბულვარში და მოჰყვა იქ ბოლთის ცემას და ბოლოს დაინახა მუსერიძე, რომელიც მარტო მოდიოდა და ათ ნაბიჯში მოჰყვებოდნენ სტრაჟნიკები. მუსერიძემ შემოხედა ბიბინეიშვილს. საკვირველიც ეს არის, რომ მას არ მტრობდა, არც სადმე დაუსახელებია. ალბათ უყვარდა მეგობრულად.

მუსერიძემ გამოხედა ბიბინეიშვილს და საჩქაროდ განზე გაიხედა, მაგრამ ბიბინეიშვილმა კიდევ ერთხელ სცადა შემოწმება და წავიდა მისკენ, გამარჯობა, ალფეზო, - უთხრა და ჩამოართვა ხელი, ეს განგებ გააკეთა, რადგან იცოდა, რომ ხელს ვისაც ჩამოართმევდა, იმათ დაიჭერდნენ. მუსერიძე მიესალმა, მაგრამ ძალიან აჭრილი გაერიდა და წუთიც არ გასულა, ჩაფრებმა დააკავეს ბიბინეიშვილი. ბიბინეიშვილი მაინც წავიდა ამ ნაბიჯზე, თუმცა კი ჯიბეში ჰქონდა ახალი შემოგზავნილი აკრძალული ლიტერატურა და მარსის ტიპის რევოლვერი, რაც ძალიან ცუდი იქნებოდა ჩხრეკისას, მაგრამ როგორც კი ჩაფრები შემოერტყნენ, მუსერიძე მივიდა ოფიცერთან, განზე გაიხმო და რაღაც უთხრა, ამიტომ ბიბინეიშვილს დაუბრუნეს თავისი პასპორტი და გაუშვეს. ანუ მუსერიძემ თავისი მეგობარი არ გაწირა, თუმცა ის ადამიანები, რომლებთანაც არ მეგობრობდა, უკვე გაწირული ჰყავდა. ეჭვი აღარ იყო, რომ ის პროვოკატორია და მოსაკლავია. ბიბინეიშვილი რომ გაუშვეს, აი, თავზე ხელაღებულობა ნახეთ, კი არ წავიდა, მუსერიძეს გამოეკიდა და ლაღიძის წყლებთან დაეწია: საკანდიტროში ვიჯდები და იქ შემოდი, დალაპარაკება მინდაო და ამას კი ადამიანის ფერი არ ედო სახეზე, უთხრა, ალბათ რაღაც შეეშალათ, მე ვუთხარი, რომ ვიცი, ეს კაცი ბანკში მსახურობსო. ასე გაიმართლა თავი, მაგრამ ასე იყო თუ ისე, იმავე ღამეს გადაწყდა, რომ მუსერიძე - პროვოკატორი და უამრავი ინფორმაციის მფლობელი ადამიანი - უნდა მოკლან.

ჰოდა, დილიდან ამ კაცს, რომელსაც ორი დღის წინ შვილი მოუკვდა, თან ასეთ საზიზღარ ამბავშია გახვეული, მხოლოდ იმის გამო, რომ უბრალო რეგისტრატორად მუშაობდა და ბოლშევიკებმა დაადგეს თვალი თავიანთ საქმეში გამოსაყენებლად, აედევნა ცნობილი ტერორისტი ქიქავა. მუსერიძეს ახლდა ექვსი ჩაფარი და შევიდა ასევე ძალიან სანდო და რევოლუციონერთა თანამგრძნობი კაცის, ისიდორე კვიცარიძის წიგნის მაღაზიაში და, კვიცარიძის ცოლს რომ დაუნახავს, შეშფოთებულა: კვლავ ადამიანის ფერი არ ედო. რა მოგივიდაო, უკითხავს ქალს და არაფერიო, მუსერიძეს, წელი მტკივაო, მაგრამ არ დაჯდაო, გასულა ისევ გარეთ.

ალბათ ძალიან განიცდიდა, ნერვიულობდა და ალბათ გრძნობდა კიდეც, რომ სიკვდილი ახლოს იყო. ტერორისტი ქიქავა იდგა ქუჩის კუთხეში და ელოდა. უფიქრია, ისიდორეს მაღაზიის წინ რომ მოვკლა, ისიდორეს ეჭვი მიადგებაო და არ უსვრია, თუმცა კი, კარგი მომენტი ყოფილა, რადგან ჩაფრები ქუჩის მეორე მხარეს მდგარან. მაღაზიიდან გამოსულს დააცადა ოცდაათი ნაბიჯი, ესროლა და მოკლა იქვე.

მაგრამ რევოლუციონერები ბევრნაირნი არიან. ბარონი, კოტე ცინცაძე და სხვანი ბოლშევიკები იყვნენ, საქართველოს კი ჰყავდა ისეთი რევოლუციონერებიც, რომლებიც რუსეთის რევოლუციისგან საქართველოს განთავისუფლებას გამოელოდნენ და იბრძოდნენ კიდეც ამისთვის. ოღონდაც, რევოლუციონერი რომ ხარ, საბოლოო მიზნად რაც არ უნდა გინდოდეს, ხერხები მსგავსია. ეგებ ოდნავი სხვაობა კეთილშობილებასა და სინდის-ნამუსში იყოს, თორემ რევოლუციური საქმიანობის წესებს სად წაუხვალ.

პარიზის ერთ-ერთ ძვირიან სასტუმროში თავშეფარებულ მილიონერს, იაკობ ზუბალაშვილს, დაუპატიჟებელი სტუმარი მიადგა: ქართული საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი კაცი, საქართველოდან რამდენიმე წლის წინ გამოქცეული პალიკო ყიფიანი და უთხრა, სასწრაფოდ გვჭირდება 25000 მანეთი ოქროთიო. ზუბალაშვილმა ფული გაიღო.

ხეირიანად არავინ არ იცის, როგორ ელაპარაკა ყიფიანი განთქმულ მილიონერს. ამბობენ, რევოლვერიც ამოიღოო. იმასაც ამბობენ, თითქოს რაღაცეები ეამბოს მილიონერისთვის მისი დაფარული საქმეების შესახებ და შანტაჟის გზით წაერთმიოს ეს ფული. პალიკო ყიფიანი გვარიანად წაიავანტებდა. მის საქმეთაგან ყველაზე ცნობილი ამბავი ის იყო, რომ საადგილმამულო ბანკის ბაქოს ფილიალიდან რაღაც ხერხებით გაიტანა 26 000 მანეთი და საზღვარგარეთ გაიქცა. ამის შემდეგ ყიფიანი საქართველოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა დიდხანს იცოცხლა უცხოეთში. ოღონდ, ამ ჯერზე ყიფიანს ფული თავისთვის არ უნდოდა. ის ძველ ამხანაგებს ეხმარებოდა.

ზუბალაშვილთან ყიფიანის მისვლა იყო ბოლო იმედი ადამიანთა იმ ჯგუფისა, რომელიც ცდილობდა თავი მოება ძალიან რთული საიდუმლო ოპერაციისთვის. ამ ადამიანებს მიაჩნდათ, რომ ოპერაცია გადამწყვეტი იქნებოდა რევოლუციით არეულ რუსეთში საქართველოს გასათავისუფლებლად.

საკუთრივ ამ ჯგუფის მეთაურები წინააღმდეგნი იყვნენ ფულის შოვნის იმგვარი მეთოდებისა, ყიფიანმა რომ მიმართა. არავის უნდოდა, შანტაჟით წაერთმია ფული თუნდაც ქართველი, თუნდაც კეთილი, თუნდაც მათი დამხმარე მილიონერისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი აღარ იყო. ზუბალაშვილმა ფული გაიღო და საქართველოსკენ გამოცურა გემმა, რომლის ტრიუმშიც იდო 7000 შვეიცარიული შაშხანა და მილიონ ასი ათასი ვაზნა. ეს ყველაფერი იყო 1905 წლის შემოდგომაზე, რუსეთის რევოლუციის ყველაზე ცხელ და რთულ დღეებში.

ზუბალაშვილების ოჯახი, ძმები ზუბალაშვილები, ყველანი მილიონერები იყვნენ და თან განთქმული ქველმოქმედები. ისინი ყოველთვის ეხმარებოდნენ არა მხოლოდ ქართულ საქმეებს, არამედ ქართველ რევოლუციონერებსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც სწორედ შანტაჟი და იარაღი გახდა საჭირო, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის არ გამოდის ნებით დახმარება.

რევოლუცია სისხლიანი საქმეა. იმაში ჩაბმა ათას რამეზე ხელის მოწერას ნიშნავს. რევოლუციაში ბევრნაირი ხალხი მონაწილეობს, მაგრამ მთავარი მათში აჯანყებული პარტიებია. რუსეთის რევოლუციაში მთავარნი იყვნენ სოციალ-დემოკრატები და სოციალისტ რევოლუციონერები, იგივე ესერები.

მაგრამ რევოლუციაში იყო ყველა პარტია, ყველა მიმდინარეობა, ყველა, ვისაც სძულდა მეფის რეჟიმი. თუმცა, თუ კარგად გამოჩხრეკდი, მიზანი ყველას სხვადასხვა ჰქონდა. სოციალ-დემოკრატები თვითმპყრობელობის დამხობას ცდილობდნენ, ასევე ესერებიც.

მათ ჰქონდათ თავიანთი პროგრამები, თუ როგორ იცხოვრებდა რუსეთი რევოლუციის შემდეგ. რუსული რევოლუციის ქართულ ნაწილში იყვნენ ძალები, რომლებიც ერთადერთ რამეზე ფიქრობდნენ: ამ რევოლუციის მეშვეობით საქართველოს რუსეთისგან გათავისუფლებაზე.

ხშირად ესენი არ იყვნენ მაინცდამაინც პარტიების წევრები, თუმცა თუ იყვნენ, მაინც ნაკლებად ემორჩილებოდნენ პარტიულ წესდებას და ცდილობდნენ, რომ ამ არეულობის დროს საქართველოსთვის საოცნებო რაღაც მოეგოთ.

პალიკო ყიფიანიც არ იყო რევოლუციონერი და ის საერთოდ არ იყო პირველი ხარისხის ფიგურა ამ საქმეში, მაგრამ ის და გიორგი სიხარულიძე ეხმარებოდნენ ალბათ ყველაზე დიდ, ყველაზე განთქმულ ქართველ რევოლუციონერს, გიორგი დეკანოზიშვილს.

გიორგი დეკანოზიშვილი იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი და ერთ-ერთი მეთაური. ის ცხოვრობდა საფრანგეთში, იქვე უშვებდა ქართულ გაზეთს „საქართველოს“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას უწევდა პროპაგანდას და, როცა რუსეთში რევოლუცია დაიწყო, დეკანოზიშვილმა საქართველოს ფედერალისტებთან ერთად დაიწყო მუშაობა იმისთვის, რაც აღემატებოდა ფედერალისტების პროგრამას, ანუ ავტონომიის მოთხოვნას საქართველოსათვის.

სწორედ ის იყო იარაღის გადმოზიდვის გრანდიოზული ოპერაციის ხელმძღვანელი. დეკანოზიშვილმა, რომელსაც ფული საერთოდ არ ჰქონდა, მოახერხა და იყიდა ამდენი იარაღი, იყიდა გემი, დაიქირავა ეკიპაჟი და იარაღი საქართველოში გამოგზავნა.

ეს იყო ძალიან რთული და სერიოზული საქმე, მაგრამ ერთგვარი კომიკური იერიც დასდევდა. ამ იარაღისა და გემის საყიდელი ფული დეკანოზიშვილმა იაპონელებისგან იშოვა, რომლებსაც სწორედ იმხანად ომი ჰქონდათ რუსეთთან. იარაღი შვეიცარიული იყიდა, პირდაპირ შვეიცარიელებისგან.

გემი, რომელსაც თვალი დაადგა, გამოდგა შვედური და იდგა ჰოლანდიურ ნავსადგურში. მას ერქვა „სირიუსი“ და მის ყიდვაში დეკანოზიშვილს დაეხმარა ჰოლანდიელი ანარქისტი ქრისტიან კორნელსენი. დაახლოებით ოცკაციანი ეკიპაჟიც ძირითადად ფრანგი და ჰოლანდიელი ანარქისტებისგან შედგა. და ოქტომბრის შუა რიცხვებში გემმა გამოცურა საქართველოსკენ.

საქართველოში ძალიან მოელოდნენ ამ იარაღს, ფედერალისტური პარტია გემის დასახვედრად ემზადებოდა. მაგრამ ჰოლანდიიდან დაძრული „სირიუსი“ უკვე საფრანგეთში, ერთ-ერთ ნავსადგურში გაჩერდა, რადგან მგზავრობისთვის საჭირო ფული და ეკიპაჟისთვის გადასახდელი სახელფასო თანხა თავიდანვე არ ჰქონდა დეკანოზიშვილს და სადმე საფრანგეთში უნდა ეშოვა.

დეკანოზიშვილმა მოირბინა, პარიზში ვინც კი მდიდარი ქართველი ცხოვრობდა, მაგრამ დახმარება ვერავისგან მიიღო. საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერთო პალიკო ყიფიანი, კიდევ ერთხელ იშოვა ფული და გემმა გამოცურა საქართველოსკენ.

„სირიუსმა“ მშვენივრად გამოიარა ყველაფერი: გიბრალტარიც, ბოსფორიც და დარდანელიც და მოადგა გაფიცვებით გაჯერებულ ფოთის ნაპირს.

იარაღი უკვე ლამის პარტიის ხელში იყო, თუმცა, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, რატომღაც მთელმა ფოთმა გაიგო, რომ ქალაქის შორიახლოს, ზღვაზე ლივლივებს გემი, რომელსაც მოაქვს იარაღი საქართველოს გადასარჩენად, და როდესაც ფედერალისტებმა ნავებით გადმოზიდეს იარაღის პირველი პარტია და იქვე დაიწყეს იარაღის დანაწილება, ნაპირზე უამრავი მოსეირე შეგროვდა.

იქავე დაიწყეს შვეიცარული თოფების შემოწმება, რომლებიც განსხვავდებოდა რუსეთში გავრცელებული პოპულარული იარაღებისგან და ერთ-ერთ შემმოწმებელს თოფი გაუვარდა, რასაც მოჰყვა პოლიციის რაზმის მოვარდნა და დიდი წიოკი. იმავდროულად, გემი შეამჩნია სანაპირო დაცვამ, რის შემდეგაც ეკიპაჟი იძულებული შეიქნა, ტვირთის უმეტესობა წყალში გადაეყარა. რაც გადარჩა, იმის ნაწილი ფედერალისტებმა გაგრაში გადმოტვირთეს, დიდი ნაწილი კიდევ ხელში ჩაიგდო ხელისუფლებამ.

მოკლედ, ფედერალისტების დათვლით, 7000 იარაღიდან მათ შეხვდათ მხოლოდ 3000, ცოტაც სოციალ-დემოკრატებს ერგოთ. ამბობდნენ, რომ მთელი ეს ოპერაცია განთქმულმა რუსმა ესერმა და იმავდროულად „ოხრანკის“ აგენტმა, ევნო აზეფმა ჩაუშვა. თუმცა, ამის მსგავსი ფინური და პოლონური ოპერაციების ფონზე დეკანოზიშვილის საქმე წარმატებულად ითვლებოდა და იარაღი, რა თქმა უნდა, დაეხმარა რევოლუციას, თუმცა, საქართველო ვერ გაათავისუფლა.

კომუნისტების დროში რევოლუციაზე რომ ლაპარაკობდნენ ხოლმე, უპირველესად ბოლშევიკებს, აჯანყებულ მუშათა კლასს და იმათ ერთადერთ მეთაურებს ახსენებდნენ.

გაგრძელება → 

ნახვა: 1470

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm 0 კომენტარი







The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.







Rising Tensions and…

გაგრძელება

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters