მოსაღამოებული იყო, კანიგუს მთის ფერდობიდან ძირს, ბარისაკენ რომ ვეშვებოდი. სიბნელე მოძალდა, მაგრამ მაინც ვახერხებდი დაბლობში პატარა ქალაქ ილის სახლების გარჩევას. სწორად ამ ქალაქისაკენ მივეშურებოდი.
- ალბათ იცით, სად ცხოვრობს ბატონი დე პეირორადი? - მივმართე კატალონელ მეგზურს, გუშინდლიდან რომ დამყვებოდა თან.
- რას ჰქვია, ვიცი? - წამოიძახა მან, - ვიციო? სიბნელე რომ არ იყოს, უსათუოდ დაგანახვებდით, ყველაზე საუკეთესო სახლია მთელს ილში. მდიდარი კაცია ბატონი დე პეირორადი, თანაც თავის ვაჟს ბევრად უფრო მდიდარ ქალიშვილზე აქორწინებს.
- მალე იქნება ქორწილი? - ვკითხე მე.
- ჩემის აზრით, მევიოლინეები უკვე მოწვეულები არიან. იქნებ ამ საღამოს იქორწინონ, ან იქნებ ხვალ ან ზეგაც; აბა, როგორ გითხრათ! საქორწინო ცერემონია პუიგარიგში შედგება, ბატონიშვილი ხომ სწორედ მადმუაზელ პუიგარგს ირთავს. რას იტყვით, ხომ კარგი ამბავია?
ბატონ დეპეირორადთან ჩემმა მეგობარმა ბატონმა დე ბ- მ გამომგზავნა. მისგან გავიგე, რომ ბარონი დე პეირორადი ძლიერ განათლებული, დაუზარელი და გამოცდილი ანტიკვარია. სწორედ მასზე ვამყარებდი იმედებს, ილის მიდამოების დათვალიერება რომ გადავწყვიტე. გაგონილი მქონდა, ილის გარშემო, ათი ლიეს ფარგლებში მრავლად მოიძებნებოდა შუა საუკუნეებისა და ანტიკური ხანის ძეგლები. ეს ქორწილი კი მთელ გეგმებს მიფუშავდა.
„რა დროს სტუმრობა იყო“, - გავივლე გუნებაში, თან ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია, ხალისიანად ვყოფილიყავი; ბატონმა დე პ- მ წინასწარ აცნობა მათ ჩემი ჩამოსვლის თაობაზე და ახლა უკვე მელოდნენ ალბათ.
- გინდათ, ერთ სიგარაზე დაგენაძლევოთ: უსათუოდ გამოვიცნობ, რისთვის მოდიხართ, ბატონ დე პეირორადთან, - მითხრა ჩემმა გამყოლმა, ბარში რომ ჩავედით.
- ამის გამოცნობა სულაც არ არის ძნელი, - შევეპასუხე მეგზურს და სიგარა გავუწოდე. - მთელი ექვსი ლიე ვიარეთ კანიგუს მთაზე. ცხადია, დავიღალეთ და მოგვშივდა კიდეც. მაშასადამე, უნდა ვივახშმოთ და მოვისვენოთ.
- ეს მართალია, მაგრამ ხვალ?.. ნაძლევს ჩამოვდივარ, რომ თქვენ ილში კერპის სანახავად მოდიხართ. ამას მაშინ მივხვდი, სერაბონაში წმინდანების ხატვა რომ დაიწყეთ.
- კერპი? რომელი კერპი? - ყურები ვცქვიტე.
- როგორ! პერპინიანში არ უთქვამთ თქვენთვის, ბატონმა დე პეირორადმა მიწაში ჩაფლული კერპი, რომ იპოვა?
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ გამომწვარი თიხის ძეგლი იპოვა, ხომ?
- სრულიადაც არა: კერპი ნამდვილი ლითონისგანაა დამზადებული. ეკლესიის ზარის ოდენაა. ზეთისხილის ძირში იყო დამარხული.
- თქვენც ესწრებოდით ამოთხრას?
- დიახ, ბატონო! ორი კვირის წინ ბატონმა დე პეირორადმა მე და ჟან კოლს იმ ძველი ზეთისხილის ხის ამოძირკვა დაგვავალა, ზამთარში რომ გაიყინა. ალბათ გემახსოვრებათ, რა სიცივეები იყო შარშან. გახურებული მუშაობის დროს ჟან კოლმა ძლიერად მოიქნია წერაქვი და... ბუმ, ისეთი ხმა მომესმა, თითქოს ზარს შემოჰკრესო. „რა იყო?“ - შევეკითხე საკუთარ თავს. განვაგრძეთ მუშაობა და უცბად, მიწაში ჩაშავებული ხელი გამოჩნდა. შემეშინდა და ბატონ დე პეირორადთან გავიქეცი: „ბატონო, ზეთისხილის ხის ძირში მკვდრებია დამარხული. მღვდელს ვუხმოთ!’’ „ვინ მკვდრები?“ - მკითხა მან. მერე იმ ადგილზე მივედით, სადაც ვთხრიდით და როგორც კი ხელი დაინახა, იყვირა: „ანტიკური ძეგლია! ანტიკური!“. ისე ყვიროდა, გეგონებოდა, დიდი საგანძური იპოვაო. მერე დაავლო ხელი წერაქვს და რაც ჩვენ ორმა ვიმუშავეთ, ორი იმდენი იმან იმუშავა.
- ბოლოს და ბოლოს რა აღმოაჩინეთ?
- ნამდვილი ლითონისაგან დამზადებული დიდი, შავი ქალი, უკაცრავად და ნახევრად შიშველი იყო. ბატონმა დე პეირორადმა აგვიხსნა, კერპთაყვანისმცემელთა დროინდელი კერპიაო... კარლოს დიდის დროინდელი .. ისაო...
- გასაგებია, გასაგები. ალბათ რომელიმე დარბეული მონასტრიდან გამოტაცებული მადონაა.
- მადონა, როგორ არა! მადონა რომ ყოფილიყო, მაშინვე ვიცნობდი. ხომ გეუბნებით, კერპია-მეთქი, ამას მისი თვალებიც ადასტურებს! ისე გაშტერებული შემოგვცქერის თავისი დიდი, თეთრი თვალებით, თითქოს შენი სულის ამოცნობა სურსო. თვალს ვერ გაუსწორებ..
- თეთრი თვალები? ალბათ ბრინჯაოსია. რომაული ძეგლი იქნება.
- დიახ, სწორედ ასეა, ბატონი დე პეირორადმაც ასე ბრძანა: რომაულიაო. ახლა კი ვხედავ, თქვენც მასავით სწავლული უნდა ბრძანდებოდეთ.
- რაიმე ხომ არა აქვს დაზიანებული? კარგად არის შენახული?
- ყველაფერი რიგზე აქვს. უფრო უკეთესად და ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ლუი- ფილიპეს ბიუსტი, მერიაში რომ დგას. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მისი სახე არ მომწონს, ბოროტი გამოხედვა აქვს... და არის კიდევაც ბოროტი.
- ბოროტი? კი მაგრამ, ასეთი რა ჩაიდინა?
- მართალია, ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ.. თუმცა სჯობს, თავიდანვე მოგიყვეთ, რაც მოხდა და თვითონვე დარწმუნდებით. მიწაზე ვფორთხიალობდით, რომ როგორმე ფეხზე დაგვეყენებინა, იგი ხომ გვერდზე იყო გადაწოლილი. ბატონი დე პეირორადს წიწილისოდენა ღონეც კი არა აქვს, მაგრამ ისიც გვეხმარებოდა და თოკს ეწეოდა. როგორც იქნა, დიდის გაჭირვებით ფეხზე წამოვაყენეთ. დავიხარე, კრიტის ნატეხი რომ შემედგა, ის კი.. ტყაპ და მთელი სიმძიმით გვერდზე გადავარდა. „ფრთხილად! ქვეშ არ მოყვეთ! - ვიყვირე, მაგრამ ჟან კოლმა ფეხის გაწევა ვერ მოასწრო.
- როგორ, დაშავდა?
- დაშავდა რომელია, კანჭი ლატანივით გააუტეხა. ღმერთმა დასწყევლოს! ისე გავცეცხლდი, ბატონ დე პეირორადს რომ არ დავეჭირე, ალბათ წერაქვით მივამსხვრევდი იმ კერპს. მერე ბატონმა ჟან კოლს ფული მისცა და შინ გაისტუმრა. უნდა მოგახსენოთ, რომ ყოველივე ეს ორი კვირის წინ მოხდა, მაგრამ ჟან კოლი დღესაც ლოგინად არის ჩავარდნილი. ექიმმა კი უთხრა, ამ დაზიანებული ფეხით წინანდებურად ვეღარ ივლიო. საწყენი კია! იგი ხომ ჩვენში ყველაზე კარგი მორბენალი იყო. თანაც ბატონი დე პეირორადის ვაჟიშვილის მერე საუკეთესო ჩოგბურთელად ითლებოდა. ბატონმა ალფონს ჟან კოლთან თამაშობდა ჩოგბურთს, და მერე იცით როგორ? ისე დაჰქროდა ბურთი მათ შორის, მიწას ერთხელაც არ გაეკარებოდა.
საუბარში გართულნი ილიში შევედით, ხოლო სულ მალე ბატონ დე პეირორადის წინ ვიდექით.
იგი პატარა, მხნე, თავშენახული, წითელცხვირა მოხუცი გახლდათ. გაპუდრულ სახეზე მხიარული და დამცინავი იერი დასთამაშებდა. ვიდრე ბატონი დე პ- ს წერილს გახსნიდა, გაშლილ სუფრასთან მიმიწვია და ცოლ- შვილს ცნობილ არქეოლოგად წარუდგინა ჩემი თავი. მისი აზრით, მე რუსილიონი ან დავიწყების ბურუსიდან უნდა ამომეყვანა, ანდა გულცივი სწავლულისათვის ჩამეგდო ხელში.
ვახშამს მადიანად შევექცეოდით. რას შეუძლია მადის ისე გაღვიძება, როგორც მთის გრილ ჰაერს. თან მასპინძელს ვაკვირდებოდი და, თუმცა მასზე უკვე ვილაპარაკე, კიდევ რამდენიმე სიტყვა მინდა დავამატო: ხნოვანების მიუხედავად, საოცრად მკვირცხლი და მოძრავი მოხუცი იყო, წუთით არ ისვენებდა; ჭამდა, ლაპარაკობდა, დგებოდა, გარბოდა თავის ბიბლიოთეკაში, ჩემთვის წიგნები მოჰქონდა, მიჩვენებდა გრავიურებს, ღვინით მივსებდა ჭიქას და კვლავ მელაპარაკებოდა.
მისი მეუღლე შედარებით მსუქანი გახლდათ, ორმოც წელს გადაცილებული ყველა კატალონელი ქალივით; რაც მართალია მართალია, ტიპიურ პროვინციელად მომეჩვენა, ისეთ პროვინციელად, მხოლოდ ოჯახურ საქმეებს რომ განაგებს. თუმცა საჭმელი თავსაყრელი იყო, ქალი მაინც გაიქცა სამზარეულოში, მტრედები დააკვლევინა, შეაწვევინა, მერე მურაბის ქილებსაც თავი მოხსნა; ასე რომ, რამდენიმე წუთში მაგიდა ათასგვარი ხორაგითა და ქილებით შეივსო. ალბათ კუჭი გამისკდებოდა, მათი შემოთავაზებული ყველა კერძისთვის თუნდაც მარტო გემო რომ გამესინჯა. როგორც კი რომელიმე საჭმელზე ვიტყოდი უარს, ჩემი მასპინძლები მაშინვე მოჰყვებოდნენ: აქაურობა არ მოგწონთ, პროვინციაში სტუმარს შესაფერისად ვერ ვხვდებით, მით უმეტეს, პარიზელები ხომ განებივრებული ხალხი ხართ!
ბატონი ალფონს დე პეირორადი კი ტერმივით გაუნძრევლად იჯდა. იგი ოცდაექვსი წლის, ლამაზი ახალგაზრდა კაცი გახლდათ, მაგრამ სახე მეტისმეტად უსიცოცხლო ჰქონდა. საუცხოო აღნაგობაზე ეტყობოდა, დაუღალავი მოთამაშე უნდა ყოფილიყო ჩოგბურთისა, რაიც ამ მხარეში თავდავიწყებით უყვარს ყველას. ამ საღამოს მეტისმეტად ელეგანტურად და ჩემის აზრით ჟურნალ „დე მოდის“ უკანასკნელ ნომერში მოთავსებული ნახატების მიხედვით ეცვა. თუმცა ასეთ ტანსაცმელში რაღაც შებორკილი მეჩვენა; ხავერდის საყელოში მოქცეულ თავს არც კი ატოკებდა. გაჭიმული იჯდა, მთელი ტანით თუ შემოტრიალდებოდა, თორემ სხვანაირად გვერდზე ვერ მოიხედავდა. დიდი და ფართო ხელები ისე გამოირჩეოდა მისი ჩაცმულობის ფონზე, როგორც გლეხკაცის ხელები გამოირჩევა ხოლმე მაქმანიან ტანსაცმელში. მან, უპირველეს ყოვლისა, ჩემი პარიზული ჩაცმულობა შეათვალიერა. ისე, მთელი საღამოს განმავლობაში ერთხელ თუ დამელაპარაკა და მაშინაც მხოლოდ ის მკითხა, საათის ძეწკვი სად შეიძინეთო.
- ესეც ასე, ძვირფასო სტუმარო, - მითხრა ბატონმა დე პეირორადმა, ვახშამი რომ დავასრულეთ. - რადგანაც ჩემთან მოხვდით, აღარ გაგიშვებთ. არ გაგიშვებთ მანამდის, სანამ არ ნახავთ ყოველივეს, რაც კი საინტერესოა ჩვენს მთებში. თუ გსურთ, რუსილიონს კუთვნილი უფლებები დაუბრუნოთ, საჭიროა ჯერ შეისწავლოთ იგი. ნამდვილად მოგეწონებათ, რასაც აქ გაჩვენებთ. ეს იქნება ფინიკიური, კელტური, არაბული, რომაული თუ ბიზანტიური ძეგლები, სულ ერთია. კიდით- კიდემდე დაგატარებთ და გაიძულებთ, უკანასკნელ აგურამდე ნახოთ ყველაფერი...
ხველებამ საუბარი შეაწყვეტინა. მეც ვისარგებლე შემთხვევით და ვუთხარი, ძალიან ვწუხვარ, უდროო დროს რომ გესტუმრეთ. ქორწილისათვის ემზადებით, მე კი... იქნებ მხოლოდ რჩევა მომცეთ, როგორ წარვმართო ჩემი ექსკურსია ისე, რომ მეგზურობით არ დაგღალოთ-მეთქი.
- ამ ბიჭის ქორწილზე ლაპარაკობთ? - სიტყვა შემაწყვეტინა მოხუცმა. - აბა, ეგ რა სახსენებელია, ყოველივეს ზეგ მოვრჩებით. თქვენც ჩვენს ოჯახთან ერთად იზეიმებთ ამ ქორწილს. დიდი ცერემონიების თავი არა გვაქვს - საპატარძლო მამიდას გლოვობს. სწორედ იმ მამიდას, ვისგანაც მემკვიდრეობა მიიღო. ასე რომ, არავითარი მეჯლისი არ იქნება, საწყენი კია ჩვენი კატალონელი ქალების ცეკვას რომ ვერ ნახავთ, მაგრამ რას ვიზამთ. მათ შორის ლამაზებიც მოიძებნება, იქნება ჩემი ალფონსისათვის მიგებაძათ და თქვენც ამოგერჩიათ რომელიმე მათგანი. ხომ გაგიგონიათ: ერთ ქორწილს აუცილებლად მეორე მოსდევსო. ახალგაზრდები იქორწინებენ, მერე მეც თავისუფალი ვიქნები და საქმეს შევუდგებით. ალბათ მოგვიტევებთ, პროვინციული ქორწილით რომ გაწუხებთ. პარიზელს თავი ზეიმის გარეშე ვერც წარმოუდგენია, აქ კი ქორწილი უმეჯლისოდ ჩატარდება. სამაგიეროდ, პატარძალს ნახავთ... შემდეგ კი თქვენს აზრს გამიზიარებთ.. თუმცა თქვენ უკვე დარბაისელი კაცი ბრძანდებით და ქალებს ალბათ ზედაც აღარ უყურებთ. თქვენთვის უკეთესი რამე მაქვს საჩვენებელი. დიახ! თქვენ აქ საინტერესო რაღაცას ნახავთ... ხვალისათვის დიდ სიურპრიზს გიმზადებთ.
- ღმერთო ჩემო! - ვუთხარი მე. - რა ძნელია შინ საუნჯე გქონდეს და ხალხმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდეს. მე მგონი, ის სიურპრიზი გამოვიცანი, თუ თქვენს მიერ ნაპოვნ ძეგლზე ლაპარაკობთ, უნდა გითხრათ, რომ ჩემმა მეგზურმა უკვე გამიღვივა ცნობისმოყვარეობა და წინასწარ მომამზადა მის საცქერლად.
- აჰ! უკვე მოუხსენებიათ ჩემს კერპზე, აქ ხომ ასე უწოდებენ ჩემს ლამაზ ვენერა ტურ... თუმცა სჯობია, წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ. ხვალ დღისით, მზისით ნახავთ და დარწმუნდებით, ნამდვილად არ შევმცდარვარ, შედევრად რომ მივიჩნიე; ეშმაკმა დალახვროს, ამაზე უკეთეს დროს ვერ მოხვიდოდით.
კერპზე წარწერები, რომელთაც მე, საწყალი, უვიცი კაცი, ჩემებურად განვმარტავ; თქვენ პარიზელ სწავლულს, შეიძლება ეს ყველაფერი სასაცილოდ არ გეყოთ... საქმე ის არის, რომ პატარა შრომა დავწერე... ძველ, პროვინციელ ანტიკვარს, თქვენს მონა- მორჩილს სურს... მე მინდა პრესა ავახმაურო... იმედი მაქვს, გადახედავთ და შესწორებებსაც შეიტანთ ჩემს ნაშრომში.. მაგალითად, საინტერესოა, თქვენ როგორ განმარტავთ კვარცხლბეკის წარწერას - „Cave“. არა, არა, აღარაფერს გკითხავთ. ხვალამდის! დღეს გვეყოფა ვენერაზე ლაპარაკი.
- მართალი ხარ, პეირორად, - უთხრა მისმა მეუღლემ, - სჯობს თავი ანებო შენს კერპს. ნუთუ ვერ ხედავ, რომ სტუმარს ჭამას არ აცლი? დამიჯერე, ბევრად უკეთესი ძეგლები ექნება პარიზში ნანახი. მარტო ტუილრის სასახლეში რამდენი ძეგლია, თანაც ბრინჯაოსი...
- აი უმეცრება! წმინდა პროვინციული უმეცრება! - შეაწყვეტინა ბატონმა დე პეირორადმა. - ნუთუ შეიძლება მომხიბლავი ანტიკური ძეგლი ხელოსნის ნაცოდვილარს შეადარო?
„ეს ხომ უპატივცემულობაა
ღმერთზე ილაპარაკო, ჩემო დიასახლისო!“
- წარმოგიდგენიათ! ჩემმა მეუღლემ დაჟინებით მოითხოვა, ეს მომხიბლავი ქანდაკება ეკლესიის ზარად გადაგვედნო, თვითონ კი უნდოდა მისი ნათლია გამხდარიყო. ნუთუ შეიძლება, ასე მოიქცე მირონის შედევრს!
- შედევრი! შედევრი! რა გააკეთა შენმა შედევრმა! კაცს ფეხი მოსტეხა.
- მომისმინეთ, ჩემო მეუღლევ! - მტკიცე ხმით მიმართა ცოლს ბატონმა დე პეირორადმა და თავის თხელ წინდაში გამოკვალთულ ფეხზე მიუთითა. - ჩემს ვენერას ეს ფეხი რომ მოეტეხა, ნამდვილად არ ვინანებდი.
- ღმერთო ჩემო! პეირორად, რას ამბობ! კიდევ კარგი, ახლა ის კაცი უკეთაა... ესეც არ იყოს, სულაც არ მსიამოვნებს ვუყურო იმ ქანდაკებას, მხოლოდ უბედურება რომ მოაქვს ადამიანისთვის. საწყალი ჟან კოლი.
- ვენერასაგან დაჭრილი ბრიყვი კვნესოდა, - თქვა ბატონმა დე პეირორადმა და გადაიხარხარა. – Veneris nec praemia noris, ვინ არ დაუჭრია ვენერას.
ბატონ ალფონსს ფრანგული უკეთ ესმოდა, ვიდრე ლათინური; თვალებს ახამხამებდა და ისე შემომცქეროდა, თითქოს მეკითხებოდა: „პარიზელო, თქვენ თუ გაიგეთ რამე?“
ვახშამი დამთავრდა. თითქმის ერთი საათი იყო, აღარაფერს ვჭამდი, დაღლილი ვიყავი და მოძალებული მთქნარებისგან თავს ძლივს ვიკავებდი. პირველმა ქალბატონმა დე პეირორადმა შემატყო ეს და მაშინვე აღნიშნა, ძილის დრო დადგაო. ამის თქმა იყო და ჩემი მისამართით კვლავ მოზღვავდა ბოდიშების ნაკადი; ბოდიშს იხდიდნენ იმის გამო, რომ უხეირო საწოლ ოთახში მომიხდებოდა გამოძინება და რომ თავს ისე ვერ ვიგრძნობდი, როგორც პარიზში. პროვინციაში ხომ ასე ცუდად ვართ მოწყობილებიო! ძლივს დავარწმუნე რუსილიონელები, ამდენი ხეტიალის შემდეგ თივაშიც რომ ჩამაწვინოთ, თავს შესანიშნავად ვიგრძნობ-მეთქი. მაგრამ ბოდიშებს ბოლო არ უჩანდა, მთხოვდნენ მეპატიებინა საწყალი სოფლელებისათვის, თუკი ისე ვერ მცემდნენ პატივს, როგორც ეს საჭიროა. ბოლოს ბატონ დე პეირორადის თანხლებით ჩემთვის განკუთვნილი ოთახისაკენ გავეშურე. ხისსაფეხურებიანი კიბე გრძელ დერეფანს უერთდებოდა. დერეფნის ორივე მხარეს ოთახები იყო განლაგებული.
- მარჯვნივ სწორად ის ოთახია, საპატარძლოსათვის რომ ავარჩიეთ, - მითხრა მასპინძელმა, - თქვენი კი დერეფნის ბოლოსაა, - დაუმატა მშვიდი კილოთი. - კარგად მოგეხსენებათ, ახალდაქორწინებულები განცალკევებულად უნდა იყვნენ. ასე რომ, თქვენ სახლის ერთ ბოლოში იქნებით, ისინი კი მეორეში.
კარგად გაწყობილ ოთახში შევედით, სადაც ჩემი ყურადღება უზარმაზარმა საწოლმა მიიპყრო. საწოლი ისე მაღალი იყო, აუცილებლად სკამი უნდა მიგედგა, რომ ჩაწოლილიყავი. მასპინძელმა მიჩვენა სად იყო ზარი, შემდეგ შეამოწმა, სავსე იყო თუ არა საშაქრე, ტუალეტის მაგიდაზე იდგა თუ არა ოდეკოლონის ფლაკონები და როდესაც დარწმუნდა, არაფერი აკლიაო, ძილი ნებისა მისურვა და მარტო დამტოვა.
ფანჯრები დაკეტილი იყო. სანამ ტანთ გავიხდიდი, ერთი ფანჯარა გამოვაღე, გრძელი ვახშმის შემდეგ მინდოდა სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა. ჩემს წინ მთვარის მკრთალი შუქით განათებული მომხიბლავი კანიგუ აღმართულიყო. ამ საღამოს დედამიწის ულამაზეს მთად მომეჩვენა იგი; რამდენიმე წუთს უძრავად ვიდექი და მის წარმტაც სილუეტს მივჩერებოდი. შემდეგ ფანჯრის დასაკეტად დავიხარე და სახლიდან ოციოდე ტუაზის მოშორებით კვარცხლბეკზე მდგარი ქანდაკება შევნიშნე. ცოცხალი ღობის კუთხესთან იდგა: ცოცხალი ღობე კი პატარა, განიერ, ერთფეროვან ბაღს ერტყა. როგორც შემდეგ გავიგე, იგი ქალაქის ჩოგბურთის მოედანი ყოფილიყო. მამული ბატონ დე პეირორადს ეკუთვნოდა. მაგრამ შვილის დაჟინებული თხოვნით კომუნისათვის დაეთმო თურმე. აქედან ძნელი იყო ქანდაკების ზუსტი სიმაღლის დადგენა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, სულ ცოტა ექვსი ნაბიჯის სიმაღლე მაინც იქნებოდა. ამ დროს ჩოგბურთის მოედანი კაცმა გადმოჭრა. ისინი რუსილიონის ლამაზ ჰანგს - „მოგიზგიზე მთებს“ უსტვენდნენ. ძეგლთან შეჩერდნენ. ერთი მათგანი კატალონიურად უქცევდა და სიტყვებს ამოკლებდა. რუსილიონში საკმაო ხანი დავყავი, ასე რომ შემეძლო გამერჩია, რას ამბობდა იგი.
- ეს შენა ხარ, არამზადავ! კიდევ აქ დგახარ? შენ მოატეხე ჟან კოლს ფეხი, ხომ? ჩემთვის რომ ეგ გექნა, კისერს მოგიგრეხდი.
- რით მოუგრეხდი? - თქვა მეორემ. - ვერ ხედავ, ლითონისაა და მერე ისეთი მაგარი ლითონია, რომ ეტიენმა თავისი ქლიბი ზედ მიამსხვრია. კერპთაყვანისმცემელთა დროინდელი ლითონია ბიძია, ამაზე მაგარი რამ არც მეგულება სადმე.
- ჩემი რკინის საჭრელი მაკრატელი რომ მქონდეს - (ეტყობა, მოლაპარაკე ახალბედა ზეინკალი იყო), - სულ ცოტა ხანში ამ თეთრ თვალებს ისე ამოვაცლიდი, როგორც ნუშს ნაჭუჭიდან. ამ თვალებიდან კი ას სუზე მეტი ვერცხლი გამოვიდოდა.
ისინი რამდენიმე ნაბიჯით დაშორდნენ ქანდაკებას.
- მოდი დავემშვიდობოთ კერპს, - თქვა ზეინკალმა და გაჩერდა.
იგი დაიხარა და, მე მგონი ქვა აიღო. დავინახე, როგორ მოიქნია ხელი და იმავე წუთს ლითონმა წკრიალი გაიღო, ხოლო მსროლელმა ორივე ხელი თავში იტაცა და დაიყვირა: - ვაიმე, ქვა უკან დამიბრუნდა! - ახლა კი იკადრეს და სწრაფად მოუსვეს. როგორც ჩანს, გასროლილი ქვა ლითონზე ასხლტა და იმას, ვინც ქალღმერთს შეურაცხყოფა მიაყენა, საკადრისი მიუზღო.
სიცილი ვეღარ შევიკავე, მერე ფანჯარა მოვხურე და ჩავილაპარაკე: - კიდევ ერთი ბარბაროსი დასაჯა ვენერამ! რა კარგი იქნებოდა, ყველა, ვინც კი ჩვენს უძველეს ძეგლებს ანადგურებს, ასე დაისჯებოდეს.
ამ „ლმობიერი“ ნატვრის შემდეგ ჩამეძინა.
კარგა გათენებული იყო, რომ გამოვიღვიძე.
საწოლის ერთ მხარეს ღამისპერანგიანი ბატონი დე პეირორადი იდგა, ხოლო მეორე მხარეს მისი მეუღლის მიერ გამოგზავნილი მოსამსახურე, რომელსაც ფინჯანი შოკოლადი ეჭირა ხელში.
- დროა აბრძანდეთ, პარიზელო! ეჰ, დედაქალაქელო ზარმაცებო! - ამბობდა ჩემი მასპინძელი, ვიდრე მე ტანთ ვიცვამდი. - უკვე რვა საათია, თქვენ კი ჯერაც გძინავთ. ექვს საათზე ავდექი; სამჯერ ამოვედი თქვენთან, ფეხაკრეფით მოვუახლოვდი კარს, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა. თქვენს ასაკში ამდენი ძილი მავნებელია. ჩვენი ვენერა კი გელოდებათ, იგი ხომ ჯერაც არ გინახავთ. მიირთვით ბასკონური შოკოლადი; ნამდვილი კონტრაბანდაა. ასეთს პარიზში ვერ იშოვით. მოიკრიბეთ ძალ- ღონე; თორემ ვენერას რომ დაინახავთ, ძეხორციელი ვერ მოგაშორებთ მას.
ხუთ წუთში მზად ვიყავი. უფრო სწორად, ნახევრად გაპარსული, ღილებშეუბნეველი და მდუღარე შოკოლადისაგან პირდათუთქული ჩავედი ბაღში და სულ მალე დიდებული ქანდაკების წინაშე აღმოვჩნდი. საუცხოო სილამაზის ვენერა იყო, წელს ზემოთ შიშველი; მარჯვენა ხელი მკერდის სიმაღლეზე ჰქონდა აწეული; ცერი და ორი მომდევნო თითი გაეშლა, ხოლო დანარჩენი მსუბუქად მოეხარა. მეორე ხელი - ქსოვილი რომ ეჭირა - წელზე ჰქონდა შემოდებული და ქვედა ტანს იფარავდა. ისეთ პოზაში იდგა, თითქოს „მურის მოთამაშე“ ყოფილიყოს, გერმანიკს რომ უწოდებენ რატომღაც; თუმცა შეიძლება სწორად „მურის მოთამაშე“ ღმერთქალი გამოსახა მოქანდაკემ. ამაზე უკეთეს ტანს, ამაზე უფრო საამო და მომხიბლავ ნაკვთებს ვერ წარმოიდგენდა ადამიანი! ამ სამოსზე უფრო მოხდენილი და ძვირფასი არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო. და, ჩემს წინ კი იდგა ანტიკური ხანის შედევრი. ყველაზე უფრო განმაცვიფრა ქანდაკების ნაკვთების საოცარმა ბუნებრიობამ; ნატურიდან გამოძერწილი ჩანდა, თუკი ბუნებას შეეძლო შეექმნა ესოდენ სრულყოფილი მოდელი.
თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი და აშკარად ეტყობოდა ოდესღაც ოქროსფერი რომ უნდა ყოფილიყო. პატარა თავი - როგორც ყველა ბერძნულ ქანდაკებას - ოდნავ წინ გადმოეხარა. სახეზე კი, ამის აღწერასაც ალბათ ვერასოდეს შევძლებ, აღბეჭდოდა რაღაც უცნაური გამომეტყველება. იგი არ ჰგავდა არც ერთ ანტიკურ ძეგლს, რაც ოდესმე მინახავს. ეს არ იყო მშვიდი და მკაცრი სილამაზე. ბერძნულ ქანდაკებებს რომ ახასიათებს - მათ სახეზე მუდამ თვითკმაყოფილი იერი გადაჰკრავთ ხოლმე. შევცქეროდი ამ ქანდაკებას, ხელოვანს ეტყობა სურდა მის სახეზე ცბიერება და ბოროტება გამოეხატა. ყოველი ნაკვთი - დახრილი თვალები, ოდნავ გახსნილი პირი, დაბერილი ნესტოები ფაქიზად იყო შესრულებული მოქანდაკის მიერ. ზიზღი, ირონია, ულმობლობა, აი, რა იკითხებოდა ამ არაჩვეულებრივად ლამაზ სახეზე. რაც უფრო დიდხანს უყურებდი ამ ქანდაკებას, მით უფრო გაწვალებდა იმის შეგრძნება, როგორ იყო შეხამებული ესოდენ გულცივობა ასეთ სრულყოფილ სილამაზესთან.
- თუ ასეთი მოდელი ოდესმე არსებობდა, - მივმართე ბატონ დე პეირორადს. - თუმცა არ მჯერა, ზეცას ასეთი ქმნილება შეექმნას, მაშინ ნამდვილად მებრალებიან ქალღმერთის თაყვანისმცემლები. მას ალბათ სიამოვნებდა, უიმედო სიყვარულით შეპყრობილნი თავს რომ იკლავდნენ მისი გულისთვის, რაღაცნაირი სისასტიკე ჩანს ქალღმერთის გამოხედვაში, არადა უნდა ვაღიარო, ჯერ არ მინახავს ამგვარი სილამაზე.
- „ვენერა თავსაც იწამებს და სხვასაც აწამებს!“ - წამოიძახა ჩემი ენთუზიაზმით კმაყოფილმა ბატონმა პეირორადმა.
ამ საშინელ ირონიულ გამოხედვას შესაძლოა ამძაფრებდა მის ვერცხლისფერ თვალებში მოკიდებული მუქი- მწვანე ფერი, დროთა განმავლობაში ძეგლი მთლიანად რომ დაეფარა. გაბრწყინებული თვალები სინამდვილის, სიცოცხლის რაღაც განსაკუთრებულ ილუზიას ქმნიდა.
მომაგონდა ჩემი მეგზურის სიტყვები: კერპს თვალს ვერ გაუსწორებ.
მართლაც ასე იყო და მე გავბრაზდი კიდეც ჩემს თავზე ამ უცნაური მორიდების გამო, კერპის მიმართ რომ ვგრძნობდი.
- ახლა კი, როცა თითქმის ყველაფერი დაათვალიერეთ, ჩემო ანტიკვარო კოლეგავ, თუ შეიძლება ნება მიბოძეთ გავმართოთ მეცნიერული საუბარი, - მითხრა მასპინძელმა. - აბა, რას იტყვით ამ წარწერაზე, ჯერაც რომ არ შეგიმჩნევიათ?
მან ქანდაკების კვარცხლბეკზე მიმითითა, სადაც ამოვიკითხე:
CAVE AMANTEM
- ვნახოთ, შევთანხმდებით თუ არა ამ Cave amantem“ -ის მნიშვნელობაზე, - ხელები მოიფშვნიტა მან.
- იგი ორნაირად შეიძლება ითარგმნოს, - ვთქვი მე. - პირველი: „უფრთხილდი მას, ვისაც უყვარხარ; ნუ ენდობი საყვარლებს“. მაგრამ არა მგონია ეს აზრი სწორი ლათინური წყობით იყოს გადმოცემული. ქალის ვერაგულ გამოხედვას რომ ვუყურებ, ასე მგონია მოქანდაკეს ეწადა გაეფრთხილებინა მნახველი ამ საშინელი სილამაზის გამო. მაშინ ასე უნდა ითარგმნოს: „იყავი ფრთხილად, თუ იგი შეგიყვარებს“.
- ჰმ.. შესანიშნავი აზრია, - თქვა ბატონმა დე პეირორადმა. - მაგრამ არ გეწყინოთ და მე პირველი თარგმანი უფრო მომწონს. თქვენ თუ იცით, ვინ იყო ვენერას საყვარელი?
- საყვარელი ბევრი ჰყავდა.
- მართალია, მაგრამ პირველი მაინც ვულკანი იყო. იქნებ მოქანდაკეს უნდოდა ეთქვა ვენერასთვის: „შენი სილამაზისა და ვერაგული გამოხედვის მიუხედავად საყვარლად გეყოლება საზიზღარი, კოჭლი მჭედელი!“ კარგი გაკვეთილი იქნებოდა მე და ჩემმა ღმერთმა, მაცდური ქალებისათვის.
მისი განმარტება ისე ყურით მოთრეული მეჩვენა, რომ სიცილი ვერ შევიკავე.
- საშინელი ენაა ლათინური, მოკლე გამოთქმები აქვს, - შევნიშნე მე და შევეცადე შემეწყვიტა ჩვენს ანტიკვართან კამათი. რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. უკეთ რომ შემეთვალიერებინა ქანდაკება.
- ერთი წუთით კოლეგავ, - შემაჩერა ბატონმა დე პეირორადმა და ხელი მომკიდა, - ჯერ ხომ ყველაფერი არ გინახავთ, არის კიდევ ერთი წარწერა. აბრძანდით კვარცხლბეკზე და დახედეთ მარჯვენა ხელს, - მითხრა მან და თან მკლავი შემაშველა. მეც ყოველგვარი მორიდების გარეშე ხელი მოვხვიე ვენერას კისერზე. ერთი წუთით ქვემოდან ავხედე მის სახეს. ამჯერად უფრო ბოროტი და უფრო ლამაზი მეჩვენა. მარჯვენა მკლავზე მართლაც აღმოჩნდა ძველი, ჩემის აზრით, ანტიკური დროის, გაკრული ხელით ნაწერი. ენის ბორძიკით, გაჭირვებით შევუდექი მის ამოკითხვას. ბატონი დე პეირორადი ჩემივე ხმით და მანერით იმეორებდა წარმოთქმულ სიტყვებს. VENERA TVRBVL… EVTYCHES MYRO IMPERIO FECIT სიტყვა „tvrbvl“ -ის შემდეგ, რომელიც პირველ ხაზზე ეწერა, მომეჩვენა, რომ რამდენიმე ასო წაშლილი იყო, მაგრამ თვით „tvrbvl“ კარგად იკითხებოდა.
- რას უნდა ნიშნავდეს? - მკითხა ეშმაკური ღიმილით სახეგაბრწყინებულმა მასპინძელმა. იგი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ არც თუ ისე ადვილად გავართმევდი თავს ამ tvrbvl“ - ს.
- აქ მხოლოდ ერთი სიტყვაა, რომლის აზრი ვერ გამიგია, ხოლო რაც შეეხება დანარჩენებს, ყველაფერი ნათელია. „ეტიშ მირონმა მიართვა ეს ძღვენი ვენერას, მისივე ბრძანებით“
- შესანიშნავია, მაგრამ რას ნიშნავს „ tvrbvl“- ი?
- სწორედ ეგ „ tvrbvl“ - ია თავსატეხი; ამიტომაც არის, რომ ვენერას ცნობილ ეპითეტთა შორის ვეძებ ისეთს, რომელიც გამომადგება. აბა, ვნახოთ რას იტყვით „tvrbvlenta“ - ს შესახებ. ვენერა მშფოთვარე, მღელვარე... თქვენ თუ ამჩნევთ, რომ მე ისევე მისი გამოხედვით ვარ დაინტერესებული, „tvrbvlenta“ კი არ უნდა იყოს ურიგო ეპითეტი ასეთი ვენერასათვის... - დავუმატე მოკრძალებით, ვინაიდან თავადაც არ ვიყავი მაინცდამაინც კმაყოფილი ჩემი განმარტებით.
- მოუსვენარი ვენერა! შფოთიანი ვენერა! როგორ, ნუთუ თქვენი აზრით ჩემი ვენერა კაბარეებისათვის არის განკუთვნილი?.. როგორ გეკადრებათ, ბატონო. ეს რჩეული საზოგადოების ვენერაა. ნება მიბოძეთ აგიხსნათ რას ნიშნავს ეს „tvrbvl“ - ი...მხოლოდ სიტყვა მომეცით, რომ არ გაახმაურებთ, სანამ ჩემი შრომა არ დაიბეჭდება. საქმე ისაა, რომ ვამაყობ ამ აღმოჩენით... თქვენ კი, თუ შეიძლება, ნარჩენი თავთავების მოგროვების საშუალება მოგვეცით ჩვენ, საწყალ პროვინციელებს. თქვენ, პარიზელი სწავლულები, ისედაც მდიდრები ხართ!
კვარცხლბეკზე მდგომმა საზეიმოდ შევფიცე, არასოდეს არ მივითვისებ თქვენს აღმოჩენას-მეთქი.
- „TVRBVL- ი, ბატონო ჩემო, უნდა წაიკითხოთ, როგორც „tvrblnerae“, თქვა მან დაბალი ხმით. თითქოს ეშინოდა, ჩემს მეტს არავის გაეგო.
- არ მესმის.
- კარგად დამიგდეთ ყური. აქედან ერთი ლიეს დაშორებით, მთის ძირას, არის ერთი სოფელი, რომელსაც ბულტერნერი ჰქვია. ეს გახლავთ დამახინჯებული ლათინური სიტყვა TVRBVLNERA.
ბულტერნერი, ბატონო ჩემო, რომაული ქალაქი იყო, ამაში ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთები არ გამაჩნდა. ახლა კი ეს დამამტკიცებელი საბუთი ხელთა მაქვს. ეს ვენერა აქაური ქალაქის - ბულტერნერის ღვთაება იყო, - ხოლო თვით ეს სიტყვა - ბულტერნერი, რომელსაც ანტიკურად მივიჩნევ, ადასტურებს ერთ კურიოზულ ფაქტს. სახელდობრ, აი რას: ბულტერნერი სანამ რომაული გახდებოდა, ფინიკიური ქალაქი იყო! დიახ!
იგი წუთით შეჩერდა, რათა სული მოეთქვა და ჩემი გაკვირვებით დამტკბარიყო. მე კი მოძალებული სიცილისაგან თავი ძლივს შევიკავე.
- აქედან გამომდინარე, - განაგრძო მან. - „tvrblnera“, არის ნამდვილი ფინიკიური სახელი. „TVR“ - ს თუ გამოვთქვამთ, როგორც „tour“ - ს, ერთი და იგივეა, ასე არაა? „Sour“ რომ ფინიკიური სახელია, რომელიც „Tyr“- იდან წარმოიშვა, ჩემის აზრით, ამას დამტკიცება არ სჭირდება. „Bvl“ არის „Baal“; „Bal“, „Bel“ „Bul“ -ის გამოთქმის განსხვავებული ვარიანტი. ხოლო რაც შეეხება ,nera“ - ს, მან ცოტა არ იყოს შემაფიქრიანა. მისი შესაფერისი ფინიკიური სიტყვის უქონლობის გამო, მზად ვარ ვივარაუდო, რომ „nera“ წარმოშობილია ბერძნული სიტყვა „neros“ - იდან, ე. ი. ნესტიანი, ჭაობიანი. გამოდის, რომ ბულტერნერი ნაჯვარი სახელია და მართლაც, ჩვენს მხარეში შემიძლია გიჩვენოთ მთის ნაკადულების მიერ შექმნილი, დამპალი ჭაობი. მეორე მხრივ კი, შეიძლება დაბოლოება „nera“ ბევრად უფრო მოგვიანებით იყოს მიმატებული, პივეზუვიას, ტეტრიკუსის მეუღლის საპატივცემულოდ, რომელმაც ალბათ რაიმე სასიკეთო უყო ბულტერნერის მოსახლეობას. - ბურნუთი შეისუნთქა. - მაგრამ შევეშვათ ფინიკიელებს და ჩვენს წარწერას დავუბრუნდეთ. მე მას ასე ვთარგმნიდი: „ბულტერნერელ ვენერას მირონმა უძღვნა ეს ქანდაკება, თავისი ნამუშევარი“.
ჩემი გამჭრიახობა რომ დამემტკიცებინა, შევუდექი მისი ეტიმოლოგიის კრიტიკას.
- მოითმინეთ, ბატონო. - ვუთხარი მე, - აშკარაა, მირონმა ვენერას მართლაც უძღვნა რაღაც, მაგრამ რაიმე დამამტკიცებელ საბუთს ვერ ვხედავ, სახელდობრ ამ ძეგლზე რომ იყოს ლაპარაკი.
- როგორ! - წამოიძახა მასპინძელმა. - მირონი გამოჩენილი ბერძენი მოქანდაკე არ იყო? ტალანტი კი შეუწყვეტლად გრძელდებოდა მის გვარში. ეს ძეგლი ერთ-ერთმა მისმა ნაშიერთაგანმა შექმნა. მე ვფიქრობ, ამას მტკიცება არ სჭირდება.
- კი მაგრამ, - შევეპასუხე მე, - მაჯაზე პატარა ნახვრეტს ვხედავ, რაც მგონი, რაღაცის დასამაგრებლად არის განკუთვნილი, მაგალითად, სამაჯურის; შესაძლებელია იგი სწორედ მირონმა უძღვნა ვენერას, რაიმე ცოდვის მოსანანიებლად, ბედკრული მიჯნური მირონი შეეცადა განრისხებული ვენერას გულის მონადირებას და ოქროს სამაჯური მიუძღვნა. თქვენ თუ შეამჩნიეთ, რომ „fecit“ ხშირად „conservati“ -ის მაგივრად იხმარება? ეს ხომ სინონიმური ტერმინია. ახლა ხელთ გრუტერი ან ორელიუსი რომ მქონდეს, უფრო ბევრი მაგალითის მოტანას შევძლებდი. აქედან დასკვნა, რომ შეყვარებულმა მირონმა სიზმარში ნახა ვენერა, რომელმაც უბრძანა, მისი ქანდაკებისათვის მიერთმია ოქროს სამაჯური, მირონმა მართლა შეასრულა ეს ბრძaნება... შემდეგ კი გამოჩნდნენ ბარბაროსები, ან თუნდაც ქურდები და...
- როგორ გეტყობათ, რომანებს რომ წერთ! - წამოიძახა ჩემმა მასპინძელმა და ხელი შემიშალა, რომ ჩამოვსულიყავი კვარცხლბეკიდან. - არა, ბატონო, ეს ნამუშევარი ნამდვილად მირონის სკოლას ეკუთვნის. კარგად შეხედეთ ქანდაკებას და თვითონ დარწმუნდებით.
საერთოდ არ მჩვევია ვეკამათო ჯიუტ ანტიკვარებს, ამიტომ თავი დავუქნიე და დარწმუნებით ვუთხარი: - შესანიშნავი ნამუშევარია.
- ღმერთო ჩემო! - იყვირა ბატონმა დე პეირორადმა. - ვანდალიზმის კიდევ ერთი კვალი! ვიღაცას ჩემი ქანდაკებისთვის ქვა უსვრია.
მან ვენერას მკერდს ზემოთ თეთრი ანაბეჭდი შეამჩნია. ასეთივე ანაბეჭდი აჩნდა მარჯვენა ხელის თითებზე. ქვას თავისი კვალი დაეტოვებინა.
ჩემს მასპინძელს მოვუყევი, რა მოხდა წინაღამეს ჩემი თანდასწრებით და როგორ დაისაჯა ამის ჩამდენი. მან დიდხანს იცინა, შემდეგ ზეინკლის შეგირდს უსურვა გაეზიარებინა დიომედეს ხვედრი, რათა ბერძენი გმირებივით ენახა, როგორ გადაიქცა ყველა მისი თანამონაწილე თეთრ ფრინველად.
საუზმის მაუწყებელმა ზარმა შეგვაწყვეტინა კლასიკურ თემაზე საუბარი და ახლაც, როგორც წუხელის, იძულებული ვიყავი ოთხი კაცის ულუფა მარტო მე მეჭამა. შემდეგ მოვიდნენ ბატონი დე პეირორადის ფერმერები და სანამ ბატონი პეირორადი აუდიენციით იყო გართული, მისმა ვაჟმა ეტლის დასათვალიერებლად წამიყვანა. ეტლი ტულუზაში ეყიდა თავისი საცოლისათვის. უხმოდ დავათვალიერე იგი. შემდეგ საჯინიბოში შემიყვანა და თავისი ცხენების ქებას ნახევარი საათი მოანდომა; მერე სათითაოდ დამიხასიათა ისინი, ამიხსნა დეპარტამენტის სრბოლებზე რომელმა რა პრიზი დაიმსახურა და ბოლოს ნაცრისფერ ფაშატზე რომ მიდგა საქმე, ლაპარაკი საცოლეზე გადაიტანა: - დღეს ვნახავთ, - თქვა მან. - არ ვიცი, რამდენად ლამაზი მოგეჩვენებათ; პარიზელები ხომ თავისებური ხალხი ხართ. მაგრამ აქ პერპინიანში იგი ყველას ხიბლავს. რაც მთავარია, ის მდიდარია, მისმა პრადიდელმა მამიდამ მთელი ქონება უანდერძა. ოჰ, რა ბედნიერი ვიქნები!
დიდად ვიყავი გაკვირვებული, ახალგაზრდა მამაკაცი თავისი საცოლის ლამაზი თვალების ნაცვლად მისი მზითვით რომ იყო აღტაცებული.
- განძეულობაში თუ ერკვევით? - განაგრძო ბატონმა ალფონსმა. - როგორ მოგწონთ ეს ბეჭედი? ხვალ უნდა მივართვათ მას.
ამ ლაპარაკში ნეკიდან ძვირფასი ბრილიანტებით მოჭედილი ბეჭედი მოიძრო. ბეჭედს ორი გადახლართული ხელის ფორმა ჰქონდა, ძლიერ პოეტური მეჩვენა. ძველებური ნამუშევარი იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ბრილიანტების დასამაგრებლად ვიღაცას უცოდვილია. ბეჭდის შიგნიდან გოთური წარწერა „Sempr’ ab ti“ იკითხებოდა, რაც ნიშნავს „მარად შენთან ვარ“.
- ლამაზი ბეჭედია, - ვთქვი მე, - მაგრამ ამ ბრილიანტებმა ცოტა ნირი შეუცვალა.
- ასე ბევრად უფრო ლამაზია! - ღიმილით შემესიტყვა იგი. - ათას ორასი ფრანკი ღირს ეს ბრილიანტი: დედაჩემმა მაჩუქა. საგვარეულო ბეჭედია, ძველისძველი... რაინდობის დროინდელი. დედაჩემზე უწინ ბებიას უტარებია, ბებიამ კი დედაჩემს უსახსოვრა თურმე, ღმერთმა უწყის, როდის არის გაკეთებული.
- პარიზში ასეთი ჩვეულებაა, - ვუთხარი მე, - საცოლეს უბრალო, სადა ბეჭედს მიართმევენ ხოლმე, იგი ორი განსხვავებული ლითონის - ოქროსა და პლატინისაგან არის დამზადებული: აი მეორე ბეჭედი, თითზე რომ გიკეთიათ, ბევრად უკეთესია ასეთი შემთხვევისათვის. ეს ბეჭედი კი თავისი ბრილიანტებითა და გადახლართული ხელებით ისეთი დიდია, რომ ხელთათმანის ჩაცმა გაუჭირდება.
- ეს უკვე ჩემი მეუღლის, ქალბატონ ალფონსას საქმეა. როგორც უნდა, ისე მოუაროს. ჩემის აზრით, მოხარული იქნება ატაროს ასეთი ბეჭედი 1.200 ფრანკი თითზე წამოცმული! ხუმრობა ხომ არ არის! ეს პატარა ბეჭედი კი ერთმა ქალმა მაჩუქა პარიზში, კარნავალზე. ოჰ, რა ბედნიერი ვიყავი პარიზში. რა დროს ვატარებდი! ორი წლის უკან გახლდით.. აი, სად შეიძლება ნამდვილად გაერთო, - სინანულით ამოიოხრა მან.
იმ დღეს პუიგარიგში საპატარძლოს მშობლებთან უნდა გვესადილა. ჩავსხედით ეტლში და გავემგზავრეთ სასახლისაკენ, ილიდან ლიენახევრის დაშორებით რომ იდგა. საპატარძლოს ოჯახში ისე წარმადგინეს და მიმიღეს, როგორც ძველი მეგობარი. არ მოვყვები სადილისა და სადილზე გამართული საუბრის აღწერას, რადგან საუბარში თითქმის არ მიმიღია მონაწილეობა. ბატონი ალფონსი საპატარძლოს გვერდით იჯდა და ყოველ თხუთმეტ წუთში რაღაცას ეჩურჩულებოდა. თვალებდახრილი პატარძალი წითლდებოდა ხოლმე, მაგრამ თამამად კი უპასუხებდა.
მადმუაზელ დე პუიგარიგი 18 წლისა იყო, მისი თხელი და მოქნილი ტანი სრულ კონტრასტს ქმნიდა საქმროს ახოვან აგებულებასთან. იგი არა მარტო ლამაზი იყო, მომხიბლავიც გახლდათ. აღტაცებული ვიყავი მისი სრულყოფილი, ბუნებრივი სიტყვა- პასუხით, აგრამ სიკეთის გამომეტყველებას მის სახეზე დაჰკრავდა ოდნავ ეშმაკური იერი, რაც უნებურად ჩემი მასპინძლის ვენერას მაგონებდა. როცა გონებაში ვუდარებდი მადმუაზელ პუიგარიგს ვენერას, ერთბაშად დამებადა კითხვა: ქანდაკების თავისებურ სილამაზეს ხომ არ განაპირობებს-მეთქი მისი ძუ ვეფხვთან მიმსგავსება, რადგან ცნობილია, ენერგია, რანაირ ფერებშიც არ უნდა გამოვლინდეს, ყოველთვის იწვევს გაოცებას და ერთგვარ აღტაცებას.
„საწყენია, - გავიფიქრე გუნებაში, პუიგარიგს რომ ვტოვებდით. - ასეთი მშვენიერი ქალიშვილი მდიდარი იყოს და მხოლოდ სიმდიდრის გამო ითხოვოს ისეთმა მამაკაცმა, სრულიად რომ არ არის მისი შესაფერისი“. ილში დაბრუნებულმა აღარ ვიცოდი, რა მეთქვა ქალბატონ დე პეირორადისათვის და ბოლოს, ზრდილობისთვის მხოლოდ ესღა მოვახერხე: - თქვენ, რუსილიონელები, მართლაც რომ თავისუფალი მოაზროვნეები ხართ! ვის გაუგონია, პარასკევ დღეს ქორწილი? პარიზში უფრო ცრუმორწმუნეები არიან. აბა, ვინ გაბედავს ასეთ დღეს ცოლის მოყვანას!
- ღმერთო ჩემო, ამაზე ნუ მელაპარაკებით! - მითხრა მან. - ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რომელიმე სხვა დღეს ავირჩევდი. მაგრამ პეირორადმა ასე მოისურვა და ჩვენც იძულებულები ვიყავით, დავყოლოდით. რაიმე უბედურება რომ მოხდეს? მაშასადამე, უსაფუძვლო არ არის ხალხის შიში პარასკევი დღის მიმართ. აბა, ასე რატომ ეშინიათ ამ დღისა?
- პარასკევი? - წამოიძახა მისმა ქმარმა. - პარასკევი ხომ ვენერას დღეა! ქორწილისათვის კარგი დღეა! ხომ ხედავთ, ჩემო კოლეგავ, მე მხოლოდ და მხოლოდ ვენერაზე ვფიქრობ. საბედნიეროდ, სწორედ მისი ბრალია, პარასკევი დღე რომ ავირჩიე. ხვალ თუ გნებათ, ქორწილამდის პატარა მსხვერპლიც შევწიროთ - ორი გარეული მტრედი და თუ შევძელი საკმევლის შოვნა...
- რას ლაპარაკობ, პიერორად, - შეაწყვეტინა მოთმინებიდან გამოსულმა მეუღლემ. - საკმეველი დავუკმიო კერპს? საძაგლობაა! რას იტყვის ხალხი ჩვენზე?
- მაშინ, - თქვა ბატონმა დე პეირორადმა, - იმის ნება მაინც მომეცი, თავზე ვარდისა და შროშანის გვირგვინი დავადგა. - ხედავთ, ბატონო? - მომიბრუნდა მერე მე, - კონსტიტუცია მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. უფლება არა გვაქვს ვიწამოთ ის, რაც ნამდვილად გვწამს.
მომავალი დღე ასე დაიგეგმა; ათი საათისათვის საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი ყველანი მზად უნდა ვყოფილიყავით. დილის შოკოლადის მიღების მერე ეკიპაჟებით პუიგარიგში გავემგზავრებოდით. სამოქალაქო ჯვრისწერა სოფლის მერიაში მოხდებოდა, ხოლო რელიგიური ცერემონია - სასახლის ეკლესიაში. იქიდან დაბრუნების მერე გაიმართებოდა საუზმე. ამის შემდეგ შვიდ საათამდე დროს შეძლებისდაგვარად გავატარებდით. შვიდ საათზე დავბრუნდებოდით ილში, ბატონ დე პეირორადთან, სადაც ორივე ოჯახი ერთად ისადილებდა. დანარჩენი ყველაფერი ნათელი იყო: ვინაიდან ცეკვა არ შეიძლებოდა, ჭამას უნდა გადავყოლოდით.
დილის რვა საათიდან ვიდექი ვენერას წინ ფანქრით ხელში და აგერ უკვე მეოცეჯერ ვიწყებდი მისი თავის ხატვას. არა და არ გამომდიოდა. ბატონი დე პეირორადი ჩემს გარშემო ტრიალებდა, რჩევებს მაძლევდა და მიმეორებდა თავის ფინიკიურ ეტიმოლოგიას, შემდეგ ქანდაკების კვარცხლბეკზე დაწყო ბენგალური ვარდები და ტრაგი- კომიკური კილოთი საუკეთესო სურვილები შესთხოვა ქანდაკებას იმ წყვილისათვის, მომავალში მის ჭერქვეშ რომ უნდა ეცხოვრა. ცხრა საათისათვის შინ შევიდა, რომ გამოწყობილიყო. სწორედ ამ დროს ბატონი ალფონსი გამოჩნდა. თვალში გეცემოდათ მისი თეთრი ხელთათმანი, ლაქის ფეხსაცმელები, ლითონის ღილები, ღილის კილოში კი ვარდი დაებნია.
- დახატავთ ჩემს მეუღლეს? - მკითხა მან და ჩემს ნახატზე გადმოიხარა, -ისიც ხომ ლამაზია.
სწორედ ამ დროს, ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ ჩოგბურთის მოედანზე, დაიწყეს თამაში, რამაც ბატონი ალფონსის ყურადღება მიიპყრო. მეც დაღლილი და იმედდაკარგული, რომ ოდესმე შევძლებდი ამ ცბიერი სახის დახატვას, მივანებე თავი მუშაობას და მოთამაშეების საცქერლად გავეშურე. მათ შორის იყო რამდენიმე არაკონელი და ნავარიელი ესპანელი, რომლებიც წინა ღამეს ჩამოსულიყვნენ. თითქმის ყველა გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი მოხერხებულობით. მიუხედავად იმისა, რომ ილელ მოთამაშეებს ამხნევებდა ბატონი ალფონსის თანდასწრება და რჩევა, ილელები მაინც დამარცხდნენ. მაყურებლები დაიბოღმნენ. ბატონმა ალფონსმა საათს დახედა. ჯერ მხოლოდ ათის ნახევარი იყო. დედამისს კიდევ არ დაემთავრებინა თმის ვარცხნილობა და ალფონსმაც ამით ისარგებლა. ფრაკი გაიხადა, ვიღაცას პიჯაკი გამოართვა და ესპანელები სათამაშოდ გამოიწვია. ღიმილით და ცოტა არ იყოს გაკვირვებითაც შეცქეროდნენ.
- ქალაქის ღირსების დაცვაა საჭირო! - მითხრა მან.
თამაშის ჟინით შეპყრობილი ახლა იგი მართლაც ლამაზი მეჩვენა. ტანსაცმელს, აქამდე ასე მჭიდროდ რომ შემოტმასნოდა ტანზე, ახლა მისთვის მნიშვნელობა ჰქონდა დაკარგული. რამდენიმე წუთის წინ იმის შიშში იყო ჰალსტუხი არ მოღრეცოდა, ახლა კი იგი სრულებითაც აღარ ფიქრობდა თავის დახვეულ თმაზე და თუნდაც ასე სათუთად დაუთოვებულ ნაოჭიან საყელოზე. საცოლეზე? ... ფიქრობდა კი მასზე? ჩემის აზრით, საჭირო რომ გამხდარიყო ქორწინების გადადება, აუცილებლად გადადებდა. დავინახე, რა სწრაფად იცვამდა სანდლებს, როგორ გადაიკეცა სახელოები და დაჯერებული იერით დამარცხებულ თანამოქალაქეებს ჩაუდგა სათავეში. ასე ალბათ კეისარი თუ უმეთაურებდა თავის ჯარისკაცებს დირახიუმის ბრძოლის წინ. სასწრაფოდ ვიცვალე ადგილი და რკინის ხის ჩრდილს შევეფარე, რათა უკეთესად დამენახა ორივე ბანაკი.
საერთო დაძაბულობის ვითარებაში ბატონმა ალფონსმა პირველი ბურთი ააცდინა. თუმცა მართალი უნდა ითქვას - ბურთი დაბლა მოდიოდა და ესეც რომ არ ყოფილიყო, ისეთი ძალით დაარტყა ერთმა არაგონელმა, რომ მართლაც ძნელი იყო მისი აღება.
არაგონელი ორმოციოდე წლის გამხდარი და ნერვიული მამაკაცი იყო, ექვსიოდე ფუტის სიმაღლისა. მის მოყვითალო კანს ისეთივე ფერი გადაჰკრავდა, როგორიც ბრინჯაოს ვენერას.
არაგონელი ორმოციოდე წლის გამხდარი და ნერვიული მამაკაცი იყო, ექვსიოდე ფუტის სიმაღლისა. მის მოყვითალო კანს ისეთივე ფერი გადაჰკრავდა, როგორც ბრინჯაოს ვენერას.
აღშფოთებული ბატონმა ალფონსმა გადააგდო თავის ჩოგანი.
- სულ ამ დაწყევლილი ბეჭდის ბრალია, - წამოიძახა მან: -ისე მიჭერს თითზე, რომ ნაღდი ბურთი ავაცდინე!
გაჭირვებით მოიძრო თითიდან ბრილიანტიანი ბეჭედი; მისკენ გავეშურე ბეჭდის გამოსართმევად, მაგრამ მან ზედაც არ შემომხედა, ვენერასთან მივიდა და უსახელო თითზე წამოაცვა. შემდეგ დაბრუნდა და კვლავ სათავეში ჩაუდგა ილელთა გუნდს.
ალფონსი ფერწასული იყო, თუმცა გარეგნულად მშვიდი და დინჯიც ჩანდა. ამის შემდეგ მას ერთი შეცდომა აღარ დაუშვია და ესპანელებიც სასტიკად დაამარცხეს. სასიამოვნო სანახავი იყვნენ გულშემატკივრები; ზოგიერთი სიხარულიტ ყვიროდა და ჰაერში ისროდა ქუდს, ზოგი კი მას ხელს ართმევდა და ქალაქის ღირსების დამცველს უწოდებდა. ალფონსი სიხარულს არ მალავდა და ამან კიდევ უფრო დაამწუხრა დამარხცებულნი.
- ჩვენ კვლავაც ვითამაშებთ, ჩემო კარგო. - დამაჯერებლი კილოთი უთხრა მან არაგონელს, - მხოლოდ იცოდეთ, წინასწარ რამდენიმე ქულას მოგცემთ.
რატომღაც მეგონა, ბატონი ალფონსი უფრო თავშეკავებული იქნებოდა, მაგრამ გავვოცდი, როდესაც დავინახე, როგორ გაანადგურა თავისი მოწინააღმდეგე.
გიგანტმა ესპანელმა ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო. ხორბლიფერი სახე გაუფითრდა, კბილები გააღჭრიალა, სახე მოქუფრულმა დახედა თავის ჩოგანს და ყრუ ხმით ჩაილაპარაკა: „Me lo pagaras“.
ბატონ დე პეირორადოს ხმამ ბატონ ალფონსის მხიარული განწყობილება შეანელა. ჩემი მასპინძელი დიდად გაკვირდა, თავისი შვილი ეზოში, ახალ ეტლთან რომ ვერ იპოვა და კიდევ უფრო განცვიფრდა, როდესაც იგი, მთლად ოფლში გაღვრილი ჩოგნით ხელში დაინახა. ბატონი ალფონსი სახლში შევარდა, ხელ- პირი დაიბანა, ისევ თავის ახალ ტანსაცმელში გამოეწყო, ლაქის ფეხსაცმელები ჩაიცვა და მალე პუიგარგის გზაზე მივქროდით. მთელი ქალაქის ჩოგბურთის მოთამაშენი და გულშემატკივარნი მხიარული შეძახილებით მოგვდევდნენ. ღონიერ ცხენებს ძლიერ გაუჭირდათ მამაცი კატალონელებისაგან თავის დაღწევა.
ჩვენი კორტეჟი ის იყო პუიგარგში შევიდა და მერიასკენ გაეშურა, რომ ბატონმა ალფონსმა ხელი თავში შემოირტყა და ჩუმად მითხრა: - აი უბედურება! ის ბეჭედი დამავიწყდა! იგი ხომ ვენერას თითზე ჩამოვაცვი. ეშმაკმა წაიღოს! .. დედაჩემს ნუ ეტყვით, იქნება ვერც შეამჩნიოს.
- ხომ შეგიძლიათ ვინმე გააგზავნოთ? - ვუთხარი მე.
- ოჰ! ჩემი მოსამსახურე ილში დარჩა. სხვებს კი ვერ ვენდობი. ბრილიანტი ათას ორასი ფრანკი ღირს: ამან კი შეიძლება ვინმე აცთუნოს. რას იტყვიან ჩემს გულმავიწყობაზე! ნამდვილად მასხარად ამიგდებენ. ქანდაკების ქმარს შემარქმევენ... ჯანდაბას, ოღონდ ნურავინ მომპარავს და! კიდევ კარგი, ქანდაკების ეშინიათ ჩვენს ქალაქელ უქნარებს; ასე რომ, არა მგონია, გაბედონ და მის მკლავს მიეკარონ. ეჰ!.. თუმცა, არა უშავს, მეორე ბეჭედი ხომ თან მაქვს. ორივე ცერემონია - სამოქალაქო და რელიგიური დიდი ზეიმით ჩატარდა. მადმუაზელ დე პიუგარიგმა მიიღო პარიზული მკერავი ქალის ბეჭედი და არც გაუგია, ეს ბეჭედი მისმა საქმრომ სხვა ქალთან სიყვარულის საფასურად რომ შეიძინა. შემდეგ მაგიდას შემოვუსხედით და შევუდექით ჭამა- სმას და ვიმღერეთ კიდევაც. ყოველივე ეს დიდხანს გაგრძელდა. ამ გადამეტებული მხიარულის გამო დედოფლის მაგივრად ვწუხდი, თუმცა იმაზე უკეთესად ეჭირა თავი, ვიდრე მოველოდი. მისი მორცხვობა სრულიადაც არ იყო გამოწვეული მოუქნელობით ანდა მოჩვენებით.
თუმცა სიმხნევე ადამიანს ხომ სწრორედ ძნელი სიტუაცების დროს ემატება.
ოთხი საათი იყო, ღვთის წყალობით, სადილობას რომ მოვრჩით. მამაკაცები შესანიშნავ პარკში ჩავიდნენ სასეირნოდ, ზოგიც იქვე გაზონზე, საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილნი, პუიგარგიელთა ცეკვებს შესცქეროდნენ. რამდენიმე ხანს ასე ვერთობოდით. ამ დროს ქალები დედოფალს შემოხვეოდნენ; იგი მათ თავის საქორწილო საჩუქრებს უჩვენებდა. მერე ტანსაცმელი გამოიცვალა, თავსაბური და ფრთებით გამოწყობილი ქუდი დაიხურა და თავისი მშვენიერი თმა დამალა; უნდა ითქვას, ქალებს ყოველთვის ეჩქარებათ ჩაიცვან ან დაიხურონ, ის რაც მათ ქალიშვილობაში ეკრძალებოდათ.
რვა საათი იყო, ილში დასაბრუნებლად რომ გავემზადეთ. მანამდე კი მოხდა ერთი გულისამაჩუყებელი ამბავი. მადმუაზელ დე პუიგარიგის მოხუც და ღვთისმოშიშ მამიდას, რომელიც დედის მაგივრობას უწევდა, წესის მიხედვით, არ ჰქონდა უფლება ჩვენთან ერთად ქალაქში წამოსულიყო. გამომგზავრების წინ მან რჩევა- დარიგება მისცა ძმისწულს და აუხსნა, რა შეადგენდა მის მოვალეობას. რჩევა- დარიგებას ცრემლის ნაკადულები მოჰყვა, ასეთი განშორება ბატონმა დე პეირორადმა საბინების მოტაცებას შეადარა. დავიძარით, გზაში ყოველი ჩვენთაგანი ცდილობდა გაემხიარულებინა დედოფალი, როგორმე გაეცინებინა იგი, მაგრამ ამაოდ, ქალი კრიჭაშეკრული იჯდა.
ილში ვახშამი გველოდა და მერე როგორი ვახშამი! თუ დილის უხეშმა მხიარულებამ თავზარი დამცა, ახლა კიდევ უფრო მოსაწყენი მეჩვენა ის ორაზროვანი ხუმრობა და მოსწრებული სიტყვები, ნეფე- დედოფლის მიმართ რომ იყო გამიზნული. ნეფე, მაგიდასთან დაჯდომამდე რამდენიმე ხნით რომ გაუჩინარდა, ახლა გაფითრებული და საშინლად დაღვრემილი იჯდა. წამდაუწუმ კოლიურის იმ ძველ ღინოს ეტანებოდა, სიმგრით რომ არაფრით ჩამოუვარდებოდა. გვერდით ვიჯექი და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, გამეფრთხილებინა.
- ჭკუით იყავით! ამბობენ, რომ ეს ღვინო.. - და, რა და რა სისულელეები არ ვუთხარი, ოღონდაც სმისაგან თავი შეეკავებინა.
მან მუხლი გამკრა და ჩამჩურჩულა.
- მაგიდიდან რომ ავდგებით... რაღაც მინდა გითხრათ.
მისმა ხმამ გამაკვირვა. უფრო ყურადღებით შევხედე და სახეზე რაღაც განსაკუთრებული ცვლილება შევამჩნიე.
- ცუდად ხომ არა ხართ? - ვკითხე.
- არა. - და კვლავ სმას მიჰყო ხელი.
ამ დროს, ღრიანცელსა და ტაშის კვრაში, ასე თერთმეტიოდე წლის ბავშვი, მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და მექორწინეთ ლამაზ, თეთრმოვარდისფრო ზონარს უჩვენებდა, დედოფლისათვის კოჭიდან რომ მოეხსნა. მას წვივსაკრავს უწოდებენ. იგი მაშინვე დაჭრეს და დაურიგეს ახალგაზრდებს, მათ კი, ტრადიციის თანახმად, ჯერ კიდევ რომ არის შემორჩენილი ზოგიერთ პატრიარქალურ ოჯახში, ღილკილოში დაიბნიეს იგი. ამაზე დედოფალი ყურებამდე გაწითლდა. მაგრამ მალე ბატონმა დე პერიორადმა დაამშვიდა ქალი. ფეხზე წამომდგარმა სიწყნარე მოითხოვა, მერე დედოფალს რამდენიმე თავისი შეთხზული კატალონური ექსპრომტი უმღერა; მათი შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: „რა ამბავია, მეგობრებო? ნუთუ ღვინის ბრალია, საგნები რომ ორად მეჩვენება. აქ ორ ვენერას ვხედავ“... - შეშფოთებულმა ნეფემ უცბად მოაბრუნა თავი, რამაც საერთო სიცილი გამოიწვია.
„დიახ, - განაგრძო ბატონმა დე პეირორადმა, - ჩემს ჭერქვეშ ორი ვენერაა. ერთი, სოკოსავით მიწაში ჩაფლული რომ ვიპოვე, მეორე კი, ციდან ჩამოსული, თავისი ქამარი რომ გაგვინაწილა“.
მას წვივსაკრავი უნდოდა ეთქვა და მოერიდა.
- შვილო ჩემო, რომაელი და კატალონელი ვენერიდან აირჩიე რომელიც გინდა-მეთქი, ვუთხარი. იმ ცუღლუტმაც კატალონელი აირჩია და მისი არჩევანიც ცხადია, უკეთესია. რომაელი შავია, კატალონელი კი თეთრი. რომაელი ცივია, კატალონელი კი ყველას სწვავს, ვინც მიეკარება.
ამ უკანასკნელმა სიტყვებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ისეთი ტაში და სიცილ- ღრიანცელი ატყდა, რომ შემეშინდა, ჭერი თავზე არ ჩამოგვექცეს-მეთქი. მაგიდას ირგვლივ მხოლოდ სამი სერიოზული კაცი უჯდა: ნეფე- დედოფალი და მე. საშინლად მტკიოდა თავი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ქორწილი ყოველთვის მომაწყენს ხოლმე. ამ ქორწილმა კი ჩემზე რაღაც უსიამოდ იმოქმედა.
უკანასკნელი მისამღერი მერიის თანაშემწემ დაასრულა და უნდა ვაღიარო, ფრიად იმარჯვა. მერე სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ; აქ კი დედოფალი საძინებელ ოთახში წასაყვანად უნდა მოემზადებინათ, რადგანაც შუაღამე უკვე მოტანებული იყო.
ბატონმა ალფონსმა ფანჯარასთან მიმიყვანა და თვალებაცეცებულმა მითხრა: - ალბათ მასხრად ამიგდებთ... მაგრამ არ ვიცი, რა მომდის... მოჯადოებული ვარ! ეშმაკმა წამიღოს!
გუნებაში გავიფიქრე, ალბათ იმ საფრთხის ეშინია, რაზედაც მოგვითხრობენ მონტენი და მადამ დე სევინიე: „სიყვარულით სავსე მსოფლიო სავსეა აგრეთვე ტრაგიკული ამბებითაც და ა.შ.“
„რატომღაც ყოველთვის მეგონა, ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ გონებადატვირთულ ადამიანებს ემართებათ-მეთქი“, - ვთქვი ჩემს გუნებაში.
- თქვენ ბევრი დალიეთ კოლიურული ღვინო, - ვუთხარი მე. - აკი გაგაფრთხილეთ.
- დიახ, ალბათ... მაგრამ იცით, უფრო საშიში რაღაც მჭირს.
ყრუ ხმა ჰქონდა და გავიფიქრე , სასტიკად დამთვრალა-მეთქი.
- ხომ გახსოვთ ჩემი ბეჭედი? - მცირე სიჩუმის შემდეგ მკითხა მან.
- როგორ არა! მოიპარეს?
- არა.
- თქვენთან არის?
- არა..მე.. ვერ შევძელი მისი მოძრობა იმ ცბიერი ვენერას თითიდან.
- აი, თურმე რა ყოფილა. ალბათ ძალა არ დაატანეთ მოსაძრობად.
- კი, ყველაფერი ვცადე, მაგრამ ვენერამ..- მან თითი მოხარა.
დაბნეული შემომცქეროდა და რომ არ დაცემულიყო, ფანჯარას მიეყრდნო.
- ზღაპარია! - ვთქვი მე. - ალბათ ბეჭედი ღრმად ჩამოაცვით თითზე. ხვალ მარწუხით მოხსნით, მხოლოდ ფრთხილად იყავით, ქანდაკება არ დააზიანოთ.
- ვერ გამიგეთ, რასაც გეუბნებით, ვენერამ თითი მოხარა, იგი ხელს უჭერს ბეჭდს, გესმით? .. გამოდის, რომ ჩემი ცოლია.. რაკი თითზე ჩამოვაცვი.. ბეჭდის დაბრუნება აღარ უნდა.
ერთბაშად შემაჟრჟოლა, მაგრამ იმწამსვე ალფონსმა ღრმად ამოისუნთქა და ღვინის სუნი მეცა, რამაც გონს მომიყვანა.
„საწყალი, რა მაგრად დამთვრალა“, - გავიფიქრე.
- თქვენ, ბატონო ჩემო, ანტიკვარი ბრძანდებით, - განაგრძო მომჩივნის კილოთი, - კარგად იცნობთ ამ ძეგლებს.. იქნებ რაიმე ზამბარიანი, ან რაღაც საიდუმლოებაა, რაზეც მე წარმოდგენა არა მაქვს.. იქნებ გენახათ?
- სიამოვნებით, - ვუთხარი, - ერთად წავიდეთ.
- არა, ისა სჯობს, მარტო წახვიდეთ.
სასტუმრო დარბაზიდან გავედი.
სანამ ჩვენ ვვახშმობდით, ამინდი გამოცვლილიყო და ახლა კოკისპირულად წვიმდა. ქოლგის სათხოვრად რომ გავემართე, უცებ ერთმა აზრმა შემაჩერა: „სისულელე არ არის, დავუჯერო მთვრალი კაცის ნაბოდვარს? ან ხომ შეიძლება ჩემი გამასხარავება უნდოდეს, რომ შემდეგ თავისი პატივცემული თანამემამულენი აცინოს. სხვა რომ არა იყოს რა, თავით- ფეხებამდე დავსველდები და ერთი კარგდაც გავცივდები“.
ღია კარიდან ქანდაკებას გავხედე, წვიმა თქიშინით ეღვრებოდა ტანზე. სასტუმრო დარბაზში შეუსვლელად, პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავწიე. დავწექი, მაგრამ ძილი რატომღაც არ მეკარებოდა, ჩემს თვალწინ დღევანდელი დღის თითქმის ყოველი სცენა გაცოცხლდა. ვფიქრობდი ლამაზ ქალიშვილზე, ასე უმოწყალოდ რომ მიაგდეს ამ უხეშ ლოთს. „რა საზიზღრობაა, - გავიფიქრე ჩემთვის, - ანგარიშიანი ქორწილი! მერი სამფეროვან ლენტზე ოცნებობს, მღვდელი - ოლარზე და ყველაზე ღირსეული ქალიშვილი კი მონოტავრმა დაისაკუთრა. როგორ უნდა იცხოვროს ერთად ორმა არსებამ, თუ სიყვარული არ აკავშირებთ: რა უნდა უთხრან ერთმანეთს ასეთ დროს? ნუთუ ქალს შეუძლია შეიყვაროს მამაკაცი, ვინც ერთ დროს მის მიმართ უხეში იყო? პირველი შთაბეჭდილება არასოდეს წარიშლება და დარწმუნებული ვარ, ბატონი ალფონსი საკუთარი ცოლის სიძულვილს დაიმსახურებს“...
ამ მონოლოგის დროს ერთბაშად სახლში ძლიერი ხმაური ატყდა. იღებოდა და იკეტებოდა კარები, ისმოდა ეტლების რახარუხი, შემდეგ მომესმა კიბეზე ამომავალი ქალის ფეხის ხმა, მათ დერეფნის ბოლოში, ჩემი ოთახის საწინააღმდეგო მიმართულებით გაუხვიეს. ალბათ პატარძლის ამალა იყო, საწოლში თუ მიაცილებდნენ დედოფალს. შემდეგ ისინი კიბეზე დაეშვნენ და ქალბატონი დე პეირორადის ოთახის კარი დაიკეტა. „რა დღეში იქნება ახლა საწყალი გოგონა, რა ცუდად იგრძნობს ალბათ თავს...„ - გავივლე გულში. საზიზღარ გუნებაზე დავდექი, საწოლში ვტრიალებდი წარამარა.
რა სასაცილო მდგომარეობაშია უცოლშვილო კაცი ისეთ სახლში, სადაც ქორწია გაჩაღებული.
რამდენიმე ხნით სახლში სიჩუმე გამეფდა, მაგრამ უცბად იგი კიბეზე ამომავალმა ძლიერმა ფეხის ხმამ დაარღვია. ხის საფეხურები საზარლად აჭრიალდა.
- აი დათვი! - წამოვიძახე გუნებაში. - ვიღაცა, კისერს მოიმტვრევს ამ კიბეზე.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. წიგნი ავიღე, რომ სხვა რამეზე მეფიქრა. წიგნი დეპარტამენტის სტატისტიკური ანგარიში აღმოჩნდა, სადაც მოთავსებული იყო ბატონ დე პეირორადის სტატია პრადის ოლქის ძეგლებზე. მესამე გვერდზე ჩამეძინა.
ცუდად მეძინა და რამდენჯერმე გამომეღვიძა. დილის ხუთი საათი თუ იქნებოდა, მამალმა რომ დაიყივლა. ამ დროისათვის უკვე ოცი წუთის გაღვიძებული ვიყავი. თენდებოდა, და აი კვლავ გავიგონე იგივე ფხის ხმა, იგივე კიბის ჭრიალი, დაძინებამდე რომ მომესმა. ვამთქნარებდი და ვცდილობდი გამომეცნო, რისთვის ადგა ბატონი დე პეირორადი ასე ადრე: მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ის იყო თვალის დახუჭვა დავაპირე, რომ ჩემი ყურადღება უცნაურმა ხმაურმა მიიპყრო, სულ მალე ზარების რეკვა და კარის ჯახუნი ატყდა. ბოლოს, რაღაც გულის გამგმირავი ზრიალი გაისმა.
„ჩვენმა ლოთმა ნეფემ ნამდვილად ხანძარი გააჩინა! - გავიფიქრე და საწოლიდან გადმოვხტი.
საასწრაფოდ ჩავიცვი და დერეფანში გავვარდი. დერეფნის მეორე მხრიდან შემზარავი ყვირილი და ტირილი- გოდება მოისმოდა: - ჩემი შვილი! ჩემი შვილი!
მივხვდი, რომ ბატონ ალფონსს რაღაც უბედურება შეემთხვა. სირბილით შევვარდი ახალ დაქორწინებულთა საწოლ ოთახში. იგი ხალხით იყო სავსე. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ნახევრად შიშველი ახალგაზრდა კაცი იყო, იგი დამტვრეულ ხის საწოლზე გარდიგარდმო ეგდო: გაფითრებული, უძრავად გაშეშებულიყო. დედამისი ტიროდა და მოთქვამდა მის გვერდით. ბატონი დე პეირორადი დაჩოქილიყო, ოდეკოლონით საფეთქლებს უზელდა და ცხვირქვეშ მარილს ადებდა შვილს, მაგრამ ვაი რომ მისი შვილი დიდი ხნის მკვდარი იყო! ოთახის მეორე ბოლოს, დივანზე იწვა პატარძალი, იგი არაადამიანური ხმით ყვიროდა. ორი მსახური ქალი ძლივს აკავებდა!
- ღმერთო ჩემო! - წამოვიძახე, - რა მოხდა, - საწოლს მივუახლოვდი და ახალგაზრდა კაცის ცხედარი ავწიე. იგი უკვე გაცივებული იყო. დაკრეჭილი კბილები და გაშავებული სახე უდიდეს ტანჯვას გამოხატავდა. ეტყობოდა, მკვლელის ხელით იყო დაღუპული და წამებით ამოხდომოდა სული. ტანსაცმელს სისხლის პატარა ლაქაც კი აჩნდა. პერანგი გადავუხსენი და მკერდზე ზოლი შევამჩნიე, იგი გვერდებსა და ზურგზეც გასდევდა. გეგონებოდა, რკინის რგოლით არის მოგუდულიო. ფეხი ხალიჩაზე დაგდებულ რაღაც მაგარ საგანს დავადგი. დავიხარე და ხელში ბრილიანტებით მოჭედილი ბეჭედი შემრჩა.
ბატონი დე პეირორადი და მისი მეუღლე თავიანთ ოთახში გავიყვანე, შემდეგ პატარძალიც მოვაცილე იქაურობას.
- თქვენ ქალიშვილი გყავთ კიდევ, ასე რომ, მას თქვენი მზრუნველობა სჭირდება, - ვუთხარი ცოლ-ქმარს და მარტო დავტოვე ისინი.
რატომღაც არ მეგონა, რომ ბატონი ალფონსი მკვლელების მიერ მოკლული ყოფილიყო, როლებმაც ხელსაყრელი მომენტიდან ღამით, პატარძლის ოთახი აირჩიეს. იარამ, მთელ ზურგზე რომ გასდევდა, საგონებელში ჩამაგდო, არ შეიძლებოდა იგი ჯოხით ან რაიმე რკინით მიეყენებინათ. უცბად მომაგონდა, რომ ყვებოდნენ, ვალენსიაში მკვლელები ფულის გულისთვის ქვიშით სავსე ტყავის გრძელ ტომრებს ხმარობენო. იმავე წამში მომაგონდა არაგონელი მეჯორე და მისი მუქარა. თუმცა ამავე დროს ძნელი წარმოსადგენი იყო, მას ასე სატიკად გადაეხადა სამაგიერო ბატონი ალფონსისათვის რაღაც უმნიშვნელო გახუმრებისათვის. მთელი სახლი მოვიარე, ეგება მკვლელების რაიმე კვალი აღმოვაჩინო-მეთქი, მაგრამ ამაოდ. ბაღშიც ჩავედი, მკვლელებმა ეს მახრე ხომ არ გამოიყენეს-მეთქი. აქაც ვერაფერს წავაწყდი. წუხანდელმა წვიმამ ისე გადარეცხა მიწა რომ ყოვლად შეუძლებელი იყო რაიმე კვალი დარჩენილიყო. უცბად მიწაში ღრმად ჩამჯდარი ფეხის ნაკვალევი შევამჩნიე, იგი ცოცხალი ღობის კუთხიდან იწყებოდა და სახლის ზღურბლთან წყდებოდა. ეს ნამდვილად ბატონი ალფონსის ნაკვალევი უნდა ყოფილიყო, როცა იგი ბეჭდის მოსახსნელად ქანდაკებისკენ გაემართა. ცოცხალი ღობის ერთი მხარე საკმაოდ დაბალი იყო, შესაძლებელია, გავიფიქრე, მკველებმა სწორეს ეს ადგილი გამოიყენეს გადასასვლელად-მეთქი. როცა ქანდაკების გარშემო ვტრიალებდი, ერთი წუთით შევჩერდი. მინდოდა, ერთხელ კიდევ თვალი შემევლო მისთვის. უნდა ვაღიარო, შემაცბუნა ქანდაკებამ: ბოროტი ირონია აღბეჭდოდა საზეზე. ჩემს წინ იდგა ბოროტი ღვთაება, რომელსაც უზომოდ უხაროდა ის უბედურება, რაც ამ სახლში ტრიალებდა.
ჩემს ოთახში დავბრუნდი და ნაშუადღევამდის გარეთ არ გამოვსულვარ. ნაშუადღევს ჩემი მასპინძლები მოვიკითხე. ისინი ცოტად თუ ბევრად დამშვიდებულიყვნენ; მადმუაზელ დე პუიგარგი, უფრო სწორად ბატონ ალფონსის ქვრივი, გრძნობაზე მოსულიყო და კიდევაც ელაპარაკა თურმე პერპინიანის მეფის პროკურორს, - იგი ილში შემთხვევით აღმოჩნდა. ხელისუფლების წარმომაგდენლისათვის მას თავის ჩვენება მიუცია. პროკურორმა მეც მომთხოვა ჩვენება. ავდექი და მოვუყევი ყველაფერი, რაც ვიცოდი. ჩემი ეჭვებიც არ დამიმალავს მეჯორე არაგონელზე. პროკურორმა მისი დაპატიმრება ბრძანა.
- ქალბატონი ალფონსიასგან თუ შეიტყვეთ რამე? - შევეკითხე პროკურორს, როდესაც ჩვენება დავწერე და ხელიც მოვაწერე.
- საწყალი ახალგაზრდა ქალი! ნამდვილად გაგიჟდა! - მითხრა მან და სიბრალულით გაიღიმა. - ნამდვილად შეიშალა, ნამდვილად! არ რა მომიყვა: - რამდენიმე წუთის დაწოლილი ყოფილა (საწოლის ფარდები ჰქონია ჩამოფარებული), როდესაც მისი ოთახის კარი ვიღაცას გაუღია და შემოსულა. ქალბატონი ალფონსი საწოლის კიდეზე იწვა, კედლისაკენ გადაბრუნებული, იგი არც განძრეულა თურმე, ვინაიდან დარწმუნებული იყო, ქმარი შემოვიდაო. უცბად საწოლი საშინლად აჭრიალდა თურმე, თითქოს ლოგინს უზარმაზრი სიმძიმე დააწვაო. ქალბატონი ალფონსი შეშინებულა, მაგრამ გადმობრუნება ვერ გაუბედავს. ხუთი წუთი, ალბათ ათი წუთი... მას ვერ მოუგონია, რამდენი დრო გავიდა ასე. შემდეგ ქალი უნებურად გაინძრა თურმე, ან შეიძლება იმ ვიღაცამ გვერდი მოინაცვლა; ყოველ შემთხვევაში, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალი ყინულივით ცივ საგანს შეეხო. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ გაიღო კარი, ვიღაც შემოვიდა და თქვა: „საღამო მშვიდობისა, ჩემო პატარა მეუღლევ“ - ცოტა ხანიც და ფარდები გასწიეს. უცებ ქალს შემზარავი ყვირილი მოესმა, ის, ვინც მის გვერდით, საწოლში იწვა, წამოჯდა თურმე და ხელები წინ გაიშვირა. მაშინ ქალმა თავი მოაბრუნა... და დაინახა: მისი ქმარი მუხლებზე იყო დამხობილი, თავი ბალიშის სიმაღლეზე ჰქონდა და მომწვანო გიგანტის მკლავებში ფართხალებდა. საწყალმა ქალმა მითხრა და ორჯერ გამიმეორა, რომ ვიცანიო.. აბა, თუ მიხვდებით, ვინ იცნო? ვინა და, ბრინჯაოს ვენერა, ბატონი დე პეირორადის ქანდაკება!.. რაც ის ქანდაკება აქ არის, მთელი ქვეყანა შეიშალა სწორედ. მაგრამ სჯობს განვაგრძო საწყალი, შეშლილი ქალის ნაამბობი.
ამის დანახვაზე ქალს გონება დაუკარგავს, თუმცა ამ დროისათვის იგი აღარც იქნებოდა სრულ გონებაზე. ვერაფერს ვერ იგონებს, რამდენ ხანს იყო გრძნობადაკარგული. როდესაც გონს მოვიდა, დაინახ, რომ ურჩხულს, ან როგორც თვითონ ამბობს, ქანდაკებას, წელს ქვემოთ საბანი ეხურა, ხოლო მკლავები წინ ჰქონდა გაშვერილი და მისი უმოძრაო ქმარი ეჭირა. ამ დროს მამალმა დაიყივლა. ქანდაკება მაშინვე ლოგინიდან ადგა, ხელი უშვა ცხედარს და გავიდა. ქალბატონ ალფონსი ზარს მივარდნია, ხოლო დანარჩენი თქვენც კარგად მოგეხსენებათ.
მოიყვანეს ესპანელი. იგი მშვიდად გამოიყურებოდა, თავს გულგრილად და დიდის ღირსებით იცავდა, წონასწორობას არ კარგავდა. მას არ უარყვია ის მუქარა, თამაშის დამთავრების დროს რომ წარმოთქვა: მინდოდა მეორე დღეს, დასვენებული შევხვედროდი ჩემს მეტოქეს და მაშინ მას ნამდვილად მოვუგებდიო, - განმარტა მან და მერე დაუმატა: - როდესაც არაგონელი შეურაცხყოფილია, არასოდეს დაელოდება მომავალ დღეს, შური რომ იძიოს. ბატონი ალფონსის სიტყვები შეურაცხყოფად რომ მიმეღო, იქვე ჩავცემდი დანას მუცელში.
მის ფეხსაცმელები ბაღში აღმოჩენილ ნაკვალევს შეადარეს, მაგრამ ნაკვალევი ბევრად უფრო დიდი არმოჩნდა.
და ბოლოს სასტუმროს პატრონმა, ვისთანაც ესპანელმა ღამე გაათენა, განაცხადა, არაგონელმა მთელი ღამე ერთი ავადმყოფი ჯორის მოვლასა და მკურნალობაში გაატარეო.
სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, არაგონელი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მას კარგად იცნობდნენ ილში, სადაც ყოველ წელიწადს სავაჭროდ დადიოდა თურმე. იძულებული ვიყავით არაგონელი გაგვეშვა და ბოდიშები გვეხადა.
ჰო, მართლა, სულ მავიწყდებოდა ერთი მოსამსახურის ჩვენება, რომელსაც სუ ბოლოს უნახავს ბატონი ალფონსი. ეს ის დრო იყო, მეუღლესთან ასვლას რომ აპირებდა. მას მსახური გამოუძახია და აშკარად შეშფოთებულს უკითხავს, ხომ არ იცი, სად არის ჩვენი სტუმარიო. მოსამსახურეს უპასუხნია, არ ვიციო. მაშინ ბატონ ალფონსს ამოუოხრავს და მცირე ხნის დუმილის შემდეგ უთქვამს: ნეტავი ისიც ეშმაკმა ხომ არ წაიღოო.
მსახურს ვკითხე, ბატონ ალფონსს თუ ჰქონდა ხელზე ბრილიანტის ბეჭედი-მეთქი. იგი მცირე ხანს დაფიქრდა, შემდეგ მიპასუხა, მგონი არ ჰქონდა, თუმცა ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- მას რომ თითზე ბეჭედი ჰქონოდა, - დაუმატა მან, - აუცილებლად შევამჩნევდი, ის ბეჭედი ხომ მეუღლეს მიართვა და ხელზე რომ ჰქონოდა, უთუოდ ყურადღებას მივაქცევდი.
მსახურის დაკითხვის დროს რატომღაც ერთგვარი შიში ვიგრძენი, ის უცნაური შიში, რაც ამ სახლში სუფევდა საერთოდ. ქალბატონი ალფონსის ჩვენების შემდეგ მეფის პროკურორი ღიმილით მიყურებდა და მეც თავი შევიკავე შემდგომი შეკითხვებისაგან.
ბატონი ალფონსის დასაფლავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გასამგზავრებლად მოვემზადე. ბატონ დე პეირორადის ეტლს პერპინიანში უნდა მივეყვანე. საწყალმა მოხუცმა, - თუმც შეუძლოდ იყო, - გადაწყვიტა, ბაღის ჭიშკრამდე გავეცილებინე. ხმის ამოუღებლივ გავიარეთ ბაღი, მოხუცი ჩემს მკლავზე იყო ჩამოკიდებული და ძლივს მიათრევდა ფეხს. განშორების ჟამს უკანასკნელად შევავლე თვალი ვენერას. ვიგრძენი, ჩემი მასპინძელი სრულიადაც არ იზიარებდა იმ შიშსა და ზიზღს, რასაც ქანდაკების მიმართ განიცდიდნენ მისი ოჯახის წევრები. ამისდა მიუხედავად, მეგონა, იგი თავიდან მოიშორებდა იმ საგანს, მხოლდ და მხოლოდ უბედურებას რომ აგონებდა. მეც გავიფიქრე, მოდი ვურჩევ რომელიმე მუზეუმს მისცეს-მეთქი ქანდაკება, მაგრამ არ ვიცოდი, საიდან დამეწყო ლაპარაკი. ამ დროს ბატონ დე პეირორადმა უანგარიშოდ მიაბრუნა თავი იმ მხრისაკენ, საითაც ასე დაჟინებით ვიყურებოდი. ქანდაკება რომ დაინახა, ცრემლები წასკდა. უსიტყვოდ გადავკოცნე იგი და ეტლში ჩავჯექი.
ჩემი წასვლის შემდეგ ახალი არაფერი შემიტყვია იმ იდუმალ ამბებზე.
ბატონი დე პეირორადი თავის ვაჟის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოკვდა. ანდერძად თავისი ხელნაწერები დამიტოვა, რომელთაც ალბათ ოდესმე დაბეჭდავდა. მათ შორის ვერ აღმოვაჩინე ვენერაზე ამოკითხული წარწერების განმარტება.
P.S. ჩემმა მეგობარმა ბატონმა დე პ- მ პერპინიანიდან მაცნობა, ქანდაკება აღარ არსებობსო, ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალბატონ დე პეირორადს იგი ზარად გადაუდნია და ეკლესიის სამრეკლოზე დაუკიდია, მაგრამ როგორც ჩანს.. - უმატებს ბატონი დე პ., - ავი ბედისწერა სდევნის იმას, ვინც ამ ბრინჯაოს დაეუფლება. მას შემდეგ, რაც ეს ზარი ილში რეკავს, ვაზი უკვე ორჯერ გაიყინა.
შტეფან ცვაიგი |
მარკ ტვენი |
ედგარ პო |
ერნესტ ჰემინგუეი |
მიხაილ ბულგაკოვი |
ანტონ ჩეხოვი |
ჯონ გოლზუორთი |
ფრანც კაფკა |
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•