იქ, მიჩიგანში
ერნესტ ჰემინგუე - მოთხრობები
ჯიმ გილმორი კანადიდან ჩამოვიდა ჰორტონს-ბეიში და მოხუცი ჰორტონის სამჭედლო იყიდა. დაბალი, შავგვრემანი კაცი გახლდათ ჯიმი, დიდი ულვაში და დიდი ხელები ჰქონდა. ცხენების ჭედვაში გაწაფული იყო, მაგრამ, ტყავის წინსაფარაკრულიც კი, ნალბანდს არა ჰგავდა. სამჭედლოს თავზე ცხოვრობდა, და საჭმელს დ. ჯ. სმითთან ჭამდა.
ლიზ კოუტსი სმითებს ედგა მოსამსახურედ. მისის სმითი, ძალიან მსხვილი და ფაქიზი ქალი, სულ ლიზის ქებაში იყო - ამისთანა სუფთა გოგოს პირველად ვხედავო. ჩამოსხმული ფეხები ჰქონდა ლიზს, მუდამ სუფთა, ზოლებიანი წინსაფარი ეკეთა, და ჯიმმა შენიშნა, თმაც ყოველთვის კოხტად ჰქონდა კეფაზე დამაგრებული. სახეც მოსწონდა მისი ჯიმს, იმიტომ რომ მხიარული სახე ჰქონდა, მაგრამ დიდი ხნით არასოდეს არ დაფიქრებულმა ამ ქალზე.
ლიზს ძალიან მოსწონდა ჯიმი. ყველაფერი მოსწონდა მისი - სიარულიც, როცა სამჭედლოდან გამოვიდოდა და შინისკენ გამოემართებოდა; რამდენჯერ დამდგარა ლიზი სამზარეულოს კარებში, რომ სამჭედლოდან მომავალ ჯიმისთვის ეცქირა. ულვაშებიც მოსწონდა. გაცინების დროს რომ კბილები თეთრად გამოანათებდა, ესეც მოსწონდა. ძალიან მოსწონდა, რომ მჭედელს სულ არა ჰგავდა. ისიც მოსწონდა, რომ დ. ჯ. სმითმა და მისის სმითმა ასე შეიყვარეს იგი. ერთხელ ეზოში ხელ-პირს იბანდა ჯიმი და ლიზს ისიც მოეწონა, რომ ხელი შავი ბალნით ჰქონდა დაფარული და მზით გარუჯული, ზევით კი თეთრი მკლავი მოუჩანდა. და ეს რომ იგრძნო, უცებ დაირცხვინა.
ჰორტონს-ბეი დაბა იყო, ხუთი მოსახლისაგან შემდგარი, და მთავარ გზაზე მდებარეობდა ბოინ-სიტისა და შარლევუას შორის: ერთი დუქანი, აწოწოლებულ ყალბფრონტონიანი ფოსტის შენობა, რომლის წინაც მუდამ იდგა ხოლმე ვინმეს ფურგონი, სმითის სახლი, სტრაუდის, დილუორთის, ჰორტონის და ვან ჰუსენისა. ეს სახლები თელნარში იდგა, გზა სილით იყო დაფარული. გზის ერთ მხარეს ფერმები ჰქონდათ, მეორე მხარეს კი ტყე იყო გადაჭიმული. დაბას რომ გაცდებოდი, მეთოდისტების ეკლესია იყო, ხოლო ცოტა უფრო იქით, მოპირდაპირე მხარეს - სკოლა. წითლად შეღებილი სამჭედლო სკოლის პირდაპირ იდგა. ტყეში გაჭრილი, სილიანი გზა გორაკზე ეშვებოდა და უბესთან ჩადიოდა. სმითების უკანა პირმაღიდან რომ გადახედავდით, თვალწინ გადაგეშლებოდათ დიდი ტყე, რომელიც ტბამდე უწევდა და უბის გასწვრივ გადიოდა. დიდებული სანახავი იყო აქაურობა გაზაფხულობითა და ზაფხულობით: უბე ლურჯად ელავდა, შარლევუადან და მიჩიგანიდან დაძრული ნიავი ტალღებს წამოუქროლებდა და კონცხის გაყოლებაზე თეთრად წამოქოჩრავდა. სმითების უკანა პარმაღიდან ლიზი ხედავდა ბოინ-სიტისაკენ დაძრულ, მადნეულით დატვირთულ ბარჟების ქარავანს. მანამ ლიზი იდგა და შეჰყურებდა, ბარჟები თითქოს ადგილიდან არ იძროდნენ, მაგრამ სამზარეულოში თუ შევიდოდა და ერთ-ორ თეფშს გაამშრალებდა, გამობრუნებულს აღარ დახვდებოდა ხოლმე ის ბარჟები, კონცხს მოეფარებოდნენ ამასობაში.
ახლა სულ ჯიმ გილმორზე ფიქრობდა ლიზი. ჯიმი კი თითქოს ვერც ამჩნევსო. ხან სამჭედლოზე ელაპარაკებოდა დ. ჯ. სმითს, ხან რესპუბლიკურ პარტიაზე ჩამოუგდებდა სიტყვას და ხანაც ჯეიმს გ. ბლეინზე. საღამოობით ან წინა ოთახში იჯდა და ლამპის შუქზე „ტოლედო ბლეიდსა“ და გრანდ-რაპიდსის გაზეთებს კითხულობდა, ან ტბაზე სათევზაოდ წავიდოდა დ. ჯ. სმითთან ერთად. შემოდგომაზე სმითმა, ჩარლი უაიმანმა და ჯიმმა ფურგონი შეაბეს, ზედ კარავი, საგზალი, ნაჯახები, თოფები დააწყვეს, ორი ძაღლი წაიყვანეს და ვანტერბილტის ფიჭვნარისაკენ გაემართნენ ირემზე სანადიროდ. მთელი ოთხი დღე მოუნდნენ ლიზი და მისის სმითი იმათი საგზლის მომზადებას. ლიზს უნდოდა, ჯიმისათვის საგანგებოდ რამე ტკბილი გამოეცხო, მაგრამ ვერ მოახერხა - მოეხათრა და კვერცხები და ფქვილი ვერ თხოვა მისის სმითს, ვერც საკუთარი ფულით ყიდვა გაბედა, ვაითუ ცხობის დროს მისის სმითი თავზე დამადგესო. განა რამეს ეტყოდა მისის სმითი, მაგრამ ლიზს მაინც მოერიდა.
მანამ ჯიმი ირემზე სანადიროდ იყო წასული, ლიზი სულ მასზე ფიქრობდა. ძნელი გამოდგა უმისობა. სულ ჯიმი უტრიალებდა თავში, ძილი გაუუგემურდა, თუმცა სასიამოვნო იყო მასზე ფიქრი, შვებას ანიჭებდა. ნადირობიდან დაბრუნების წინა ღამეს კი სულაც არ გაეკარა ძილი. ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენა, სულაც არ მძინებიაო - აერია ყველაფერი; ხან ესიზმრებოდა, არა მძინავსო, ხან კი მართლა არ ეძინა. ფურგონი რომ დაინახა გზაზე, სუნთქვა შეეკრა, გული გადაუქანდა. ერთი სული ჰქონდა, მანამ ჯიმს დაინახავდა. რაკი დაბრუნდა, აღარაფერი მიჭირსო, ფიქრობდა. ფურგონი დიდი თელის ქვეშ გააჩერეს, მისის სმითი და ლიზი შესაგებებლად გამოვიდნენ. კაცებს წვერი წამოზრდოდათ, ფურგონზე სამი ირემი ეგდო, ჯოხებივით წვრილი ფეხები გარეთ გამოსჩროდათ. მისის სმითმა ქმარს აკოცა და ქმარმაც გულში ჩაიკრა. ჯიმმა ლიზს გამოსძახა - „ჰელო, ლიზ“ და გაუცინა. დანამდვილებით არ იცოდა ლიზმა, ჯიმი რომ დაბრუნდებოდა, რა მოხდებოდა, მაგრამ რაღაც რომ უნდა მომხდარიყო, ამაში დარწმუნებული იყო. არაფერიც არ მომხდარა. შინ დაბრუნდნენ ნადირობიდან, ეს იყო და ეს. ჯიმმა გადაფარებული ტომრები გადააძრო ირმებს და ლიზმა ნანადირევს დახედა. ერთი დიდი ხარირემი მოეკლათ. ისე გაფიჩხინებულიყო, რომ ძლივს გადმოიღეს.
- შენ მოჰკალი, ჯიმ? - ჰკითხა ლიზმა.
- ჰო. ხომ ლამაზია?! - ჯიმმა ირემი ზურგზე მოიგდო და საშაშხესკენ წაიღო.
იმ ღამეს ჩარლი უაიმენიც დარჩა სმითებთან ვახშმად. უკვე კარგად შეღამებულიყო და შარლევუაში წასვლა აღარ ღირდა. კაცებმა ხელი დაიბანეს და წინა ოთახში შევიდნენ, ვახშმის მოლოდინში.
- დოქში აღარაფერი დაგვრჩა, ჯიმი? - ჰკითხა დ. ჯ. სმითმა.
ჯიმი ადგა, ფარდულისკენ გაემართა და ფურგონიდან ვისკის დოქი წამოიღო, რომელიც ნადირობის დროს თან წაეღოთ. ოთხბალონიანი დოქი იყო და ფსკერზე ცოტაოდენი ვისკი კიდევ დარჩენილიყო. სახლში შეტანამდე ჯიმმა კარგა ბლომად მოსვა. ძნელი იყო ამხელა დოქიდან დალევა. საკინძეზე ჩამოეღვარა ვისკი. დოქით რომ დაინახეს ჯიმი, სმითსა და ჩარლი უაიმენს გაეღიმათ. სმითმა ჭიქები მოითხოვა და ლიზმა მოიტანა. სმითმა სამი დიდი ჭიქა გაავსო.
- შენ გაგიმარჯოს, სმით, - ადღეგრძელა ჩარლი უაიმენმა.
- იმ შენი ხარირემის იყოს, ჯიმი - უთხრა სმითმა.
- ვისაც ტყვია ავაცილეთ, იმათ გაუმარჯოს, - თქვა ჯიმმა და დასცალა.
- დიდებული რამეა.
- წამალი ვერ შეედრება, თუკი რამე აწუხებს კაცს.
- თითოც არ დავლიოთ, ბიჭებო?
- შენ გაგიმარჯოს, სმით.
- წვეთი არ დატოვოთ, ბიჭებო.
- ჩვენს მომავალ ნადირობას გაუმარჯოს.
ჯიმი თანდათანობით გამხიარულდა. გემოც უყვარდა ვისკისა და ისიც, რომ მერე კაი გუნებაზე დადგებოდა ხოლმე. მონატრებოდა შინ დაბრუნება, რბილი ლოგინი, ცხელი საჭმელი და თავისი სამჭედლო. ერთი ჭიქა კიდევ დალია. ვახშამზე კარგა შეჭიკჭიკებულები შევიდნენ მამაკაცები, მაგრამ თავი მაინც ღირსეულად ეჭირათ. ლიზმა სუფრა გაშალა და თვითონაც დაჯდა ვახშმად. დიდებული ვახშამი მოემზადებინათ. მამაკაცები მთელი სერიოზულობით შეექცეოდნენ. ნავახშმევს კაცები ისევ წინა ოთახში გავიდნენ, მისის სმითი და ლიზი კი სუფრის ალაგებას შეუდგნენ. ლიზი ღუმელთან მიჯდა, სამზარეულოში, და წიგნი აიღო, თითქოს კითხულობდა, სინამდვილეში კი ჯიმზე ფიქრობდა. არ დაწვა, იცოდა, რომ ჯიმი ჩაივლიდა და, ერთს კიდევ შევავლებ თვალსო, იფიქრა, მერე კი ამ მოგონებას ლოგინში შეიყოლებდა. გამწარებით ფიქრობდა ჯიმზე და მალე ჯიმმაც გამოიარა. თვალები უციმციმებდა, თმა ოდნავ ასწეოდა. ლიზი წიგნს ჩააშტერდა. ჯიმმა მოუარა და სკამის ზურგს უკან აეყუდა, ქალს მისი სუნთქვა ესმოდა. მერე ხელი მოხვია ჯიმმა. ლიზს ძუძუები დაებერა და დაუმრგვალდა, ჯიმის თითებში ძუძუს თავები გაუმაგრდა. ლიზი შეშინდა, ჯერ კაცის ხელი არ შეხებოდა. მაგრამ მაინც გაიფიქრა: „აგერ, ხომ მოვიდა - ხომ ნამდვილად მოვიდა!“ შიშისგან ერთიანად გაშეშდა ლიზი, აღარ იცოდა რა ექნა. მერე კიდევ უფრო მაგრად მიიკრა ჯიმმა და აკოცა. ისეთი მძაფრი, მწველი და მტკივნეული განცდა იყო, რომ, ვეღარ გავუძლებო, ლიზმა გაიფიქრა. სკამის ზურგს უკან გრძნობდა ჯიმის სხეულს და, ვერ გავუძლებო, ეშინოდა. მერე რაღაცა ჩაწყდა შიგნით და თბილი და რბილი განცდა დაეუფლა. ჯიმი სულ უფრო და უფრო მაგრად იკრავდა მას სკამიანად და ახლა უკვე თვითონვე სიამოვნებდა ეს ლიზს. მერე ჯიმმა წასჩურჩულა: „წამო, გავიაროთ“.
ლიზმა სამზარეულოს საკიდარიდან თავისი პალტო ჩამოიღო და ქუჩაში გავიდნენ. ჯიმს ხელი ჰქონდა მოხვეული, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე შეჩერდებოდნენ, ერთმანეთს ჩაეკვროდნენ და ჯიმი კოცნიდა. უმთვარო ღამე იყო და ისინი ტყეში შევიდნენ, სილიან გზას ნავსადგომისა და საწყობებისაკენ მიჰყვებოდნენ. ფეხი სილაში ეფლობოდათ. წყალი ხიმინჯებს ეტყლაშუნებოდა, უბის გასწვრივ ჩაშავებული კონცხი მოჩანდა. ციოდა, მაგრამ ჯიმს ჩახუტებული ლიზი თბილად იყო. საწყობის ფარდულში ჩამოსხდნენ და ჯიმმა ლიზი მიიხუტა. ქალს ეშინოდა. ჯიმმა ერთი ხელი კაბაში ჩაუცურა, მკერდი მოუსრისა, მეორე ხელი კი მუხლებზე დაადო. ლიზს ძალიან შეეშინდა. ვერ მიმხვდარიყო რას უპირებდა ჯიმი, მაგრამ თვითონაც მიეხუტა. მერე მუხლებზე ასე მძიმედ დადებული ხელი ზევით შეცურდა, ბარძაყებს მიაღწია და უფრო ზევით შეჰყვა.
- გაჩერდი, ჯიმ, - უთხრა ლიზმა. ჯიმი კვლავ მიაცურებდა ხელს.
- ნუ, ჯიმ, მაგას ნუ იზამ, - არც ჯიმს მიუქცევია ამ სიტყვებისათვის ყურადღება, არც ჯიმის დიდ ხელს.
ფიცრები მაგარი იყო. ჯიმმა კაბა წამოუწია ლიზს და რაღაც დაუპირა. ქალს ეშინოდა, მაგრამ მასაც უნდოდა ეს. თვითონვე უნდოდა, მაგრამ ეშინოდა.
- ნუ იზამ, ჯიმ. მაგას ნუ იზამ.
- არა, ვერ მოგეშვები. შენც ხომ იცი, რომ ასე ჯობს.
- არა, არ გინდა, ჯიმ. ნუ იზამ. არ შეიძლება. ო, ნუ მატკინე. რასა შვრები. ო, ჯიმ, ჯიმ. ო.
კონიოს ფიცრები მაგარი, ხორკლიანი და ცივი იყო, ჯიმი კი მძიმედ დასწოლოდა ლიზს და სტკენდა. ხელი ჰკრა ქალმა, მოკრუნჩხული იწვა. ჯიმს ჩასძინებოდა. ძვრაც ვერ უყო. როგორც იქნა, გამოძვრა, წამოჯდა, კაბა და პალტო გაისწორა და თმის შესწორებაც სცადა. ჯიმს ეძინა, პირი ოდნავ ღია დარჩენოდა. გადაიწია და კისერზე აკოცა. არც ახლა გაუღვიძია. ლიზმა თავი წამოუწია და ნაზად შეანჯღრია. ჯიმს გვერდზე გადაუგორდა თავი და ნერწყვი გადაყლაპა. ლიზს ტირილი აუვარდა. ნაპირისკენ გაემართა და წყალს გახედა. კონცხის მხრიდან ნისლი დაძრულიყო. ციოდა, გული ეწურებოდა და გრძნობდა, რომ ყველაფერი გათავდა. ჯიმთან მიბრუნდა და ერთხელ კიდევ შეანჯღრია. კვლავ ტიროდა.
- ჯიმ, - ეუბნებოდა იგი, - ჯიმ, მოიხედე, ჯიმ.
ჯიმი შეინძრა და უფრო კარგად მოეწყო. ლიზმა პალტო მოიძრო და დაახურა, ფრთხილად და საგულდაგულოდ ამოუკეცა. მერე ნავსადგომს დაუყვა და სილიან გზას აღმა აჰყვა. შინისაკენ გასწია დასაძინებლად. ტბიდან დაძრული ნისლი მთელ ტყეს მოსდებოდა.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•