ედგარ ალან პო - მეფე ჟამი

ალეგორიის შემცველი მოთხრობა

რისი უფლებაც მოუხვეჭავთ მეფეთ ღმერთთა წინაშე, იმის უფლებას მდაბიოთ არავინ მისცემს.

ბაქჰერსტი. „ფერექსისა და პორექსის ტრაგედია“.

   ედუარდთაგან მესამის ბრწყინვალე მეფობის ხანს, ოქტომბრის ერთ ღამეს, ასე, თორმეტ საათზე ტემზაზე ღუზაჩაგდებულ, სლუისა და ტემზასვე შორის მცურავ სავაჭრო ხომალდ „გულმხიარულის“ ორი მეზღვაური ძალზე სახტად დარჩა, როცა ნახეს, ლონდონის წმ. ანდრიას სამრევლო მიწაზე მდებარე ლუდხანის დარბაზში ვსხედვართო. აბრად „დარდიმანდი მეზღვაურის“ სურათი ეკიდა ამ ლუდხანას.

   დარბაზი მოუწყობელი, ბოლისაგან ჩაშავებული, დაბალჭერიანი, სწორედ ისეთი იყო, ყველგან რომ ნახავდით იმხანად, და მაინც იგი, უცნაურ ჯგუფებად მოკალათებული ხალხის აზრით, კარგი საქეიფო ადგილი იყო.

   ჩვენი ორი მეზღვაური იმათ შორის თუ დიდად არ გამოირჩეოდა, მეტად საყურადღებონი მაინც კი ჩანან-მეთქი, ასე გავიფიქრე.

   სიმაღლით ორჯერ რომ სჭარბობდა და უფრო ხნიერიც რომ უნდა ყოფილიყო, „წოპეს“ ეძახდა მისი ამხანაგი, და სწორიც იყო. ასე, ექვსნახევარი ფუტი სიმაღლისა გახლდათ და, იქნებ, ამიტომაც ძალიან იყო მხრებში მოხრილი. მაგრამ მეტისმეტი სიმაღლე მისი სხვა მხრივაც იპყრობდა ყურადღებას. მთლად ძვალი და ტყავი იყო და როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ - მთვრალი ვიმპელად გამოდგება დედაანძაზე, ფხიზელს კი ბუშრიტობა მოუხდებაო. მაგრამ ამას და სხვა ამდაგვარ ხუმრობას ერთხელაც არ შეუტოკებია ღიმილის ძარღვი ამ ზღვისკაცის სახეზე. მაღალი ყვრიმალები, არწივისებური ცხვირი ჰქონდა, ქვედა ტუჩი ჩავარდნოდა, ლიბრი გადაკროდა მის დიდრონ თვალებს. სრულიად აუმღვრეველი ჩლუნგი გამომეტყველება სახისა ამ ქვეყნის ამბების მიმართ თუმცა მის გულგრილობას მოწმობდა, მაგრამ ამასთან ერთად გამოხატავდა ისეთ საზეიმო-მედიდურ განწყობილებას, რომ შეუძლებელია ამისი თქმა ან აღწერა.

   სრულიად სხვანაირი გარეგნობისა ჩანდა მეორე, უფრო ყმაწვილი მეზღვაური, ოთხი ფუტის სიმაღლისა არც იქნებოდა. დაბალ მოღრეცილ ფეხებზე ედგა მოკლე და ტლანქი მორგვივით ტანი, საოცრად პატარა და სქელი მკლავები ჰქონდა დიდზე დიდი მუშტებითურთ და ისე ეკიდა, ვითარცა ზღვის კუს ფარფლები, სადღაც სიღრმეში ჩაკარგვოდა პაწაწინა თვალები გამოუცნობი ფერისა, ვეებერთელა, ხორცსავსე და მრგვლად გადმობერილ ღაჟღაჟა ლოყებში დანთქმოდა ცხვირი; მომსხო ზედა ტუჩი გადმოსვენებოდა კიდევ უფრო მომსხო ქვედა ტუჩს და თვითკმაყოფილების იერს ანიჭებდა მის სახეს, ხოლო დროდადრო ჩვეულებისამებრ რომ ლოკავდა ამ ტუჩებს, ხსენებულ იერს უფრო სრულიად წარმოაჩენდა. ცხადლივ ჩანდა, ტანაზიდული მეგობარი მისთვის რაღაც გაოცებისა და დაცინვის საგანი გამხდარიყო და ზოგჯერ ისე აჰყურებდა, როგორც ჩამავალი წითლად აბდღვიავებული მზე ბენ-ნევსის კლდეებს.

   რა არ გადახდა თავს ამ ღირსშესანიშნავ წყვილს, როდესაც საღამო ხანს იმ უბნის სამიკიტნოებში დახეტიალობდნენ. ზღვა კოვზით დაილიაო. და მართლაც ბოლოს სულ უკაპიკოდ დარჩნენ, ჯიბეცარიელი მოადგნენ ჩვენი მეგობრები ამ ფუნდუკს.

   სწორედ ახლა იწყება ჩვენი მოთხრობა - წოპე და მისი ძმაკაცი ჰიუ ბრეზენტი დარბაზის შუაგულში უზარმაზარ მუხის მაგიდას მისხდომოდნენ და, იდაყვდაბჯენილებს, ნიკაპქვეშ ამოედოთ ხელები. ჯერად გადაუხდელ დიდ ბოცა „ჩასაცეცხლებელს“ ამოფარებულნი გასცქეროდნენ მრავლისმეტყველ სიტყვებს - „ცარცი არა გვაქვს“, და როგორ განრისხდნენ და განცვიფრდნენ, როცა ნახეს, შემოსასვლელი კარის ზემოთ წარწერებით სწორედ ამ მინერალით, რომლის უქონლობასაც ამცნობდნენ. წარწერის ამოკითხვა მათ არ შეეძლოთ, რადგან ეს უნარი იმხანად მდაბიო ხალხისთვის ისეთივე თილისმით იყო შეკრული, როგორც ხელოვნების ნაწარმოების ქმნა. თქმა არ უნდა, ვერც ჩვენი ზღვაოსნები ჩახვდებოდნენ რამეს; მაგრამ რაღა საქარე მხრისაკენ გადახრილიყვნენ ეს ასო-სიტყვები, ორივე მეზღვაურის აზრით, გაუთავებელ ავდარს მოასწავებდა ეს ამბავი ან როგორც ნართაულად თქვა წოპემ - „ახლა კი უნდა გავშალოთ იალქნები და მივნებდეთ ქარს“.

   სულ რომ გამოსცალეს ის სასმელი და მოკლე ქურთუკები შეიკრეს, გარეთ გამოცვივდნენ. თუმცა სანამ კარს მიაგნებდნენ, ბრეზენტმა ორჯერ შიგ ბუხარში შეჰყო თავი. დაბოლოს კარგად დასრულდა ყველაფერი - პირველის ნახევარზე უკვე სამშვიდობოს იყვნენ ჩვენი თავზეხელაღებული გმირები, პატარა ქუჩით კისრისტეხით გარბოდნენ ქვემოთ, წმ. ანდრიას კიბის მიმართულებით, რაკიღა უკან გამონთებოდათ „დარდიმანდი მეზღვაურის“ დიასახლისი.

   თავგადასავლებით სავსე ამ მოთხრობის დროინდელ ხანაში მრავალი წელიწადი, ადრე და შემდგომაც, მთელ ინგლისსა და განსაკუთრებით მის დედაქალაქში გაისმოდა გულშემზარავი ყვირილი: „ჟამი მოდის!“ მაშინ თითქმის სრულიად ცარიელდებოდა ეს ქალაქი, რადგან ტემზის სიახლოვეს, ამ საშინელ კუთხეში, სადაც წყვდიადით მოცულ ვიწრო და ჭუჭყიან ქუჩებსა და მოსახვევებში, როგორც გადმოგვცემენ, იშვა ჟამიანობის დემონი, ზარზეიმით და ლაღად დადიოდნენ შიში, შემზარაობა და ცრუმორწმუნეობა.

   მეფეს აეკრძალა ამ უბანში შესვლა. სიკვდილით დაისჯებოდა ყოველი, ვინც გაბედავდა და დაარღვევდა ამ გულშესაზარ მყუდროებას. მაგრამ არც მონარქის ბრძანება, არც მაღალი ზღუდენი ქუჩათა დასაწყისში, არც იქ ჩასაფრებული, თითქმის გარდუვალი საზიზღარი სიკვდილი დააფრთხობდა იმას, ვისაც თავგადასავლები მოწყურებოდა. გამოცარიელებული აუარება საცხოვრისიდან ღამის ქურდებს გაჰქონდათ ყველაფერი, რასაც მცირეოდენი ღირებულება მაინც ჰქონდა - უბრალო რკინა, თითბერი ან ტყვია.

   გარდა ამისა, ყოველ წელს, ზამთრობით, ზღუდეთა გახსნის შემდგომ ხშირად ნახულობდნენ, რომ ბოქლომებს, საკეტებსა და საიდუმლო სარდაფებს ვერ დაეცვათ ღვინითა და სხვა არყიანი სასმელებით სავსე დუქნები, ვაითუ გადატანისას ვერ მოვუაროთ და ვიზარალოთო, ფიქრობდნენ აქაური მედუქნეები და ბევრი ასე, შინ დაბრუნებამდე ტოვებდა იქ თავის დოვლათს.

   თავზარდაცემული ხალხიდან მხოლოდ ორიოდე თუ მიაწერდა ამ საქმეთ კაცის ხელს.ჟამის ავი სულები, ძვლის მტეხელი ჭინკები, ციებცხელების დემონები ეკერა სუყველას პირზე. ყოველ საათს ჰყვებოდნენ გულისგამგმირავ ამბებს. მთელი ეს ყადაღადადებული შენობები სუდარებისამებრ მოეცვა შიშის ზარს და ავაზაკები ხშირად გამოიქცეოდნენ ხოლმე საკუთარი ენით უთქმელი ნაოხარის მხილველნი. მთელ ამ ვეებერთელა ნაკრძალ უბანში ისადგურებდა სევდა-კაეშანი, ჟამიანობა და სიკვდილი.

   ქვემოთ რომ მიიკვლევდნენ გზას ამ ქუჩით წოპე და ღირსეული ჰიუ ბრეზენტი, უეცრად სწორედ ასეთ ზემონახსენებ შემზარავ ზღუდეთაგანს გადააწყდნენ - ჟამის საბრძანებელი იწყებოდა უკვე. დაბრუნებაზე ფიქრიც კი აღარ შეიძლებოდა, წუთიც და დაეწეოდათ მდევარი. ათასი თოკიდან გამომძვრალი მეზღვაურებისათვის ასე სახელდახელოდ აშენებულ მესერზე გადავლება სულ ადვილი საქმე იყო. სირბილითა და არაყით გახელებულებს აღარ დაუყოვნებიათ, ზედ გადაახტნენ და ახლა ამ ორი მთვრალის ღრიანცელს გადაეყრუებინა აყროლებული და მიხვეულ-მოხვეული ქუჩაბანდები.

   თქმა არ უნდა, გალეშილებს ჭკუა აღარ ეკითხებოდათ, თორემ ბარბაცით მიმავალნი იქვე გაშეშდებოდნენ იმ საშინელი სურათის მნახველები. ჰაერი ცივი და ნესტიანი იყო, ამოყრილი ქვაფენილი უთავბოლოდ ეყარა გადაბარდნილ ბალახში, კოჭებსა და მუხლებზე რომ ედებოდა გამვლელს. სახლების ნანგრევებს აევსო ქუჩები. ყოველივე გაემსჭვალა მყრალ და მომწამლავ მძაფრ სუნს. ნისლიანი და გახრწნილი ჰაერით წარმოქმნილი შესაზარი მქრქალი ნათელი შუაღამითაც კი ეფინებოდა გზებს, გასასვლელებსა თუ უსარკმლებო საცხოვრებლებში ღამეულ მძარცვავთა გამომპალ ნეშტთ; სწორედ თარეშის დროს მოეშთო ისინი ჟამის მსახვრალ ხელს.

   მაგრამ რაღა უნდა წარმოედგინათ, რაღა უნდა ეგრძნოთ, რას უნდა შეეჩერებინა ეს ორი ისედაც თავზეხელაღებული კაცი მაშინ, როცა „ჩასაცეცხლებლით“ ჩაბუჟბუჟებულებს დიდი გული გახდომოდათ და შეძლებისდაგვარად პირდაპირ უშიშრად მიბანცალებდნენ სწორედ პირაშკმული სიკვდილის ხახაში. პირქუში წოპე წინ, სულ წინ მირბოდა, მისი ღრიალის კაეშნიან-საზეიმო ექოს ისე მოეცვა იქაურობა, ვითარცა ველი საომრად გასული ინდიელების კიჟინას; წინ, სულ წინ მოგორავდა დაგვალული ჰიუ ბრეზენტი, ჩამოკიდებული თავისი ასწრაფებული ამხანაგის ქურთუკს და სტენტორული ფილტვების სიღრმიდან ამოსდიოდა ისეთი ძლუმი in basso, ხარისებრი ბღავილი, რომ გუგუნი მისი კიდევაც სჯობდა წოპეს ვოკალურ ხელოვნებას.

   სწორედ ახლა მიატანეს, როგორც ჩანს, ჟამის საუფლოს შუაგულს. ყოველ ნაბიჯზე სულ უფრო მყრალი და სულ უფრო ამაზრზენი ხდებოდა არემიდამო, სავალი კი - სულ უფრო ვიწრო და სულ უფრო მიხვეულ-მოხვეული. ვეებერთელა ქვები და ძელები ყოველ წუთს სწყდებოდა გამომპალ სახურავებს და ისეთი გულისგამხეთქი შხუილით ეშვებოდა დაბლა, ნათელი იყო, რა უზარმაზარი სახლები იდგა გარშემო; ძლივძლივობით რომ მიიკვლევდნენ გზას აუარება ნანგრევ-ნამუსრევში, მათი ხელი ხშირად წაეპოტინებოდა ხოლმე ჩონჩხს ან უკვე საკმაოდ შემპალ გვამს.

   უცებ ერთი მაღალი შემზარავი სახლის შესასვლელს მიადგნენ მეზღვაურები. კიდევ უფრო შეღრიალა მთლად წამონთებულმა წოპემ და პასუხად შიგნიდან მალიმალ მიყოლებით მოისმა სიცილის მსგავსი ზარდამცემი ეშმასეული ხორხოცი და ხითხითი. წარბიც არ შეუხრიათ, თუმცა სხვებს, ნაკლებად წამოგზნებულებს, შიშით გულს გაუხეთქავდათ ასეთი ხმა ასეთ ყოფასა და ასეთ დროს. გამობრუჟული წყვილი მიაწყდა კარს, შეგლიჯეს და შეცვივდნენ ტორტმანით და გინება-გინებით.

   მეკუბოვისას შემოჭრილიყვნენ თურმე: მაგრამ ოთახის კუთხეში, შემოსასვლელის ახლოს, იატაკის ღიად დარჩენილი ჩასასვლელიდან მოჩანდა მრავალი ღვინის სარდაფი, რომელთა სიღრმიდან ხანდახან მოისმოდა ბოთლიდან ამოვარდნილი საცობის ხმა, რაც მოწმობდა, სავსე უნდა ყოფილიყო იქაურობა სასმელ-დასალევით. მაგიდა იდგა ოთახის შუაგულში, მაგიდის შუაში კი - ვეებერთელა ბადია, პუნში ჩაესხათ იმაში, როგორც ჩანს. ბოთლები ელაგა ნაირ-ნაირი ღვინითა და სასმელით, უხვად დაეწყოთ რაგინდარა ზომისა და ფორმის ხელადები, დოქები და სურები, გარშემო, საკუბოვე სამფეხებზე, ექვსნი ჩამომსხდარიყვნენ, რომელთაგან თითოეულის აღწერას შევეცდები.

   კარის პირდაპირ, სუფრისმტეებზე მცირეოდნავ უფრო მომაღლოდ, წამომჯდარიყო კაცი, როგორც ჩანს სუფრის თამადა. ისეთი გამხდარი და მაღალი იყო, სახტადაც დარჩა მისი მნახველი წოპე, მასზე უფრო გაძვალტყავებული რომ იხილა ვიღაც. ზაფრანისფრად ჩაყვითლებოდა სახე, მაგრამ მხოლოდ ამით არ გამოირჩეოდა, სხვა ნიშანი ჰქონდა გამოწვლილვით აღწერის ღირსი - არაჩვეულებრივი მაღალი და მახინჯი შუბლი, თითქოსდა თავზე ეკოსა ჩაჩი თუ გვირგვინი ხორცისა, შემაწრძუნებელი თავაზიანობის ღიმილი მორეოდა მის მოღრეცილ ტუჩ-პირს, თავისივე თანამესუფრეთა მსგავსად თავში ღვინო-არაყი ავარდნილს თვალები დაბინდოდა. თავით ფეხებამდე ეს ჯენტლმენი ესპანური მოსასხამის დარ მდიდრულად მოქარგულ საკუბოვე ხავერდის შესამოსელში გახვეულიყო, მისი კალთები უწესრიგოდ კეც-კეცად ჩამოშილიყო დაბლა. საკატაფალკე შავფერ ფრთებს დაემშვენებინა მისი თავი, რომელსაც ღრმადმხედი და უდარდელი კაცის იერით ატრიალებდა, მარჯვენა ხელში ადამიანის ბარძაყის ვეება ძვალი მოემარჯვებინა და მაგიდაზე აბრახუნებდა, როგორც ჩანს, იქ მყოფთაგანს ვიღაცას ხეთქა ეს წუთია, იმღერეო.

   ზურგით კარისკენ, იმ კაცის მოპირდაპირე მხარეს, ერთი ქალბატონი იჯდა, ისიც ასევე უჩვეულო გარეგნობისა. თუმცა სიმაღლე ზემოთ აღწერილი პიროვნებისა ჰქონდა, მაგრამ სიგამხდრეს არ უჩიოდა ნამდვილად. წყალმანკი საბოლოოდ მორეოდა ამ ქალს: ტანთ ოქტომბრის ლუდის იმ დიდ კასრს დამსგავსებოდა, იქვე, მის სიახლოვეს თავახდილი რომ იდგა კუთხეში. მთლად დამრგვალებოდა წითელი და ლოყებდასიებული სახე; იმ კაცის მსგავსად უცნაური ეთქმოდა მის სახესაც, უფრო სწორად, ერთი რამით იყო უცნაური - ხსენებული გარემოება თამადის აღწერის დროსაც გითხარით - მისი სახის ერთი ნაკვთი იმდენად იყო თვალსაჩინო, არ შეიძლება არ აგიწეროთ; მახვილი თვალის მქონე ბრეზენტმა იმავე წამს შენიშნა, რაღაცით გამოირჩეოდა ყოველი მათგანი, თითქოსდა თითოეულის ერთპიროვნული საკუთრება გამხდარიყო ერთი გარკვეული ნაკვთი სახისა. ღირსშესანიშნავი ტუჩ-პირი ჰქონდა ამ ქალბატონს, მარჯვენა ყურიდან თავზარდამცემი უფსკრულივით გადაჭიმულიყო მარცხენა ყურამდე და რხევისას სულ მუდამ შიგ ეკარგებოდა ხოლმე პატარა საყურეები. ძალიან კი ცდილობდა სულ პირდამუწული ყოფილიყო დ ღირსეულად დაეჭირა თავი, რადგან თითქმის ნიკაპამდე სწვდებოდა ფურჩალებით გაწყობილი ახალგახამებული და გაუთოებული კაბა.

   ციდამტკაველა ახალგაზრდა ქალბატონი იჯდა მის გვერდით, ხელმარჯვნივ და, როგორც ჩანს, ეს ქალი მეურვეობდა მას. გაჩხინკული თითები უკანკალებდა ამ პატარა, ნაზ არსებას, მკვდრისფერი დასდებოდა იმის ტუჩებს, ფერკმთალი სახე ავადმყოფურად დაფორეჯებოდა, უთუოდ ჩქარი ჭლექი სჭირდა, მთელი მისი მიხვრა-მოხრა ჭეშმარიტ haut ton-ს მოწმობდა, მოხდენილად და degagee გახვეულიყო მშვენიერი ინდური ბატისტის ვეებერთელა სუდარაში, ყელამდე სცემდა კულულები; ნარნარი ღიმილი დასთამაშებდა ბაგე- პირზე, ცხვირი კი ჰქონდა მეტისმეტად გრძელი, წვრილი, მოძრავი, მუწუკებიანი და ქვედა ტუჩზე უფრო დაბლა ჩამოშვებული; მიუხედავად იმისა, რომამ ცხვირს ხან იქით გადაიგდებდა კოხტად ენით და ხან აქეთ, მაინც ორაზროვან იერს ანიჭებდა იგი მის სახეს.

   მარცხნივ, მის პირდაპირ, იმ წყალმანკიანი ქალბატონის გვერდით ჩია ტანის ჩასუქებულ, ნიკრისის ქარებით გატანჯულ მოხუც კაცს ქოშინი ავარდნოდა, დიდზე დიდი ლოყები გადაედო მხრებზე, ვითარცა წითელი ღვინით სავსე ტიკები. მკერდზე ჯვარედინად დაეწყო ხელები, მაგიდაზე ჩამოედო ცალი შეხვეული ფეხი. თავის თავზე რაღაც დიდი წარმოდგენისა უნდა ყოფილიყო, როგორც ჩანს, ძალიან ამაყობდა კიდევაც თავის ტან-ფეხით, მაგრამ განსაკუთრებით ჭრელა-ჭრულა ხიფთნით მოჰქონდა თავი. მართლაც ცოტა ფული არ დაჯდომოდა ეს ჩასაცმელი, კარგადაც მორგებოდა ტანზე, საკვირველად გაეწყოთ აბრეშუმით, რომელზეც გერბიანი ფარები დაექარგათ, ინგლისში და სხვაგანაც ჩვეულებრივ დიდგვაროვანთა სასახლეზე თვალსაჩინო ადგილას გადმოჰკიდებდნენ ხოლმე გლოვის ნიშნად ასეთ ქამხას.

   ამ კაცთან, თამადის მარჯვნივ, იჯდა ჯენტლმენი გრძელ, თეთრი ფერის წინდებსა და ბამბის ქვედა საცვალში. თავით ფეხამდე სასაცილო თახთახი მორეოდა და ბრეზენტმა ასე თქვა, „შიშის ციება აქვს“. ახალგაპარსულ პირსა და ნიკაპზე მაგრად შემოეჭირათ მისთვის მარმაშის სახვევი; მაჯებიც ასევე გაეკოჭათ და მკლავებიც ისე გაეკავებინათ, სასმელს ვეღარ მიწვდებოდა სუფრაზე; წოპეს აზრით, წინდახედულადაც მოქცეულიყვნენ, მოურჯულებელი ლოთი რომ იყო, კიდევაც ეტყობოდა სახეზე. გრძელი ყურები კი რითი უნდა დაეჭირათ და ჰქონდა ასე, დარბაზის ჭერისკენ აცქვეტილი ბოთლიდან ამოვარდნილი საცობის ყოველ ხმაურზე.

   მის პირდაპირ იყო მეექვსე და უკანასკნელი, ერთი უცნაური, სარგადაყლაპულივით გაშეშებული დამბლადაცემული კაცი და, მართალი თუ გნებავთ, ძალზე ცუდად უნდა ეგრძნო თავი, ისე უჩვეულოდ შემოსილიყო ახალთახალი და კარგი ნახელავი წითელი ხის კუბოთი. კუბოს გარდიგარდმო კედელი თავის მხარისა ქუდივით ჰქონდა ჩამოხურული და ენით აუწერელი იერი მიეცა მისი სახისთვის; გვერდებზე ხვრელები ამოეჭრათ ხელების გასაყრელად, ოღონდ სილამაზისათვის კი არა, უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო; მაგრამ ასეთი სამოსლით მორთული, სხვა თანამესუფრეთა მსგავსად სწორად ვეღარ დაჯდებოდა; ორმოცდახუთი გრადუსით გაწოლილიყო საკუბოვე სამფეხზე, დიდრონი, გადმოკარკლული თვალების შემზარავი თეთრონი ჭერისთვის მიეპყრო და თავადაც შეჩქვიფებულიყო ამ თეთრონის სიდიდით.

   თავის ქალა ედგა ყოველ მათგანს სასმისად. რგოლში გაყრილ და ჭერში ამავალ თოკზე, მათ ზემოთ, ადამიანის ჩონჩხი ჩამოკონწიალებულიყო ცალი ფეხით, მეორე კი სწორი კუთხით გასდევდა ჩონჩხის ტანს, ამ დარბაზში ორპირი ქარის ყოველ დაბერვაზე ჩხარაჩხური რომ გაჰქონდა და ყველა მიმართულებით დაქანაობდა. საოცრად გუზგუზებდა მის თავის ქალაში ნაკვერცხლები და მთელ ამ სცენას აციგლიგებდა ბრკიალა ნათელით; კუბოები და მეკუბოვის სხვა საქონელი აწოწოლავებული ეყარა ყველგან, სარკმლებთანაც, და სინათლის ერთი სხივიც კი არ გადიოდა გარეთ.

   ამ უცხო სანახავი თავყრილობის, უფრო კი ამ უცხო სანახავი მორთულ-მოკაზმულობის წინარე ორი მეზღვაური ვერ მოიქცა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო აქ შემოსულთაგან. წოპე იქვე, იმ კედელს მიყრდნობოდა, სადაც გაჩერებულიყო, ქვედა ტუჩი მთლად ჩამოეგდო, თვალები გადმოეკარკლა; ჰიუ ბრეზენტი წახრილიყო და ცხვირით მაგიდის პირს გასწორებოდა, მუხლებზე ხელებს იტყაპუნებდა და ასეთ უადგილო ადგილას ატეხა გაუთავებელი და გამაყრუებელი ხორხოც-ხარხარი.

   მცირეოდნავაც არ წყენია ასეთი აშკარა სიბრიყვე ტანაწოწილ თამადას, ნატიფი თავაზიანობით გაუღიმა მომხდურებს, მედიდურად დაუქნია შავი ფრთებით შელამაზებული თავი, წამოდგა, თითოეულს ხელი მოხვია და მიიყვანა დასაჯდომთან, მოწიწებით რომ მოართვა ერთ-ერთმა დამხვდომმა. წინააღმდეგობის გაუწევლად დაჯდა წოპე იქ, სადაც მიუთითეს; ღირსეულმა ჰიუმ თავისი საკუბოვე სამფეხა სუფრის თავიდან წამოიღო და მეტად გამხიარულებული მიუჩოჩდა სუდარამოსხმულ პატარა ქალბატონს, წითელი ღვინით შეივსო თავის ქალა, თქვა, ჩვენი სულ ახლო გაცნობისა იყოსო, და გადაკრა. რისხვით წამოანთო მისმა ასეთმა სითამამემ სარგადაყლაპულივით კუბოში გაშეშებული კაცი. ცუდი ამბავი მოჰყვებოდა უთუოდ ამას, მაგრამ თამადამ მიიპყრო თანამესუფრეთა ყურადღება.

- ჩვენი ვალია ამ ბედნიერი შემთხვევის გამო...

- ჰეი, მანდ! - გააწყვეტინა წოპემ, მეტად შეფიქრიანებული რომ ჩანდა, - ჰეი, მანდ-მეთქი! მე თქვენ გეუბნებით, სატანას კერძებო, ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ, ეშმაკებივით გამოწყობილხართ და მიირთმევთ ამ კარგ საჭმელ-სასმელს, ზამთრისთვის რომ გადაუნახავს უილ უიმბლს, ჩემს პატივცემულ ზღვის მეგობარს, აწ მეკუბოვეს!

   მაგიდიდან წამოცვენა უნდოდათ ასეთი აშკარა სიბრიყვის მხილველთ, და მოისმა ისევე ისეთივე მალიმალ მიყოლებული ზარდამცემი ეშმასეული ჭყივილი, ჩვენი ორი მეზღვაურის ყურადღება რომ მიიპყრო ამ ცოტა ხნის წინ. მაგრამ პირველად თამადა მოვიდა გონს, თავდაოკებით და დიდი ღირსებით ასე მიმართა წოპეს: - დიდი სიამოვნებით დავაკმაყოფილებთ ესოდენ გამოჩენილი, თუმცა კი დაუპატიჟებელი სტუმრების მისატევებელ ცნობისმოყვარეობას. უნდა იცოდეთ, ხელმწიფე გახლავარ ამ ქვეყნისა და ერთპიროვნულად ვმართავ სახელითა „მეფე ჟამი პირველი“. დარბაზი ეს, უთუოდ უვიცობის გამო, უილ უიმბლის, მეკუბოვის დუქანი რომ გგონიათ, თუმცა კი არ ვიცნობთ მას და ამ ღამემდის მის მდაბიურ სახელს არ შეუბღალავს ჩვენი მეფური ყურთასმენა, ჩვენი სასახლის სეფე-დარბაზი გახლავთ და აქ ვბჭობთ სახელმწიფო საქმეებსა თუ სხვა წმინდა ამაღლებულ მიზნებზე. მირონცხებული დედოფალი ჟამია ჩემ პირდაპირ მჯდომარე ბანოვანი. სხვები კი, თქვენ რომ ხედავთ, მეტად საჩინონი, ჩვენი გვარისაა სუყველანი, ქვემორე მოყვანილი წოდებანი ადასტურებს მათ მეფურ სისხლს - მისი ბრწყინვალება ერცჰერცოგი ჟამოსანი; მისი ბრწყინვალება ჰერცოგი ჟამიანი; მისი ბრწყინვალება ჰერცოგი ჟამთაგანი; მისი უმაღლესობა ერცჰერცოგის მეუღლე ქალბატონი ჟამისიმედი.

- ხოლო, - ასე განაგრძო, - კითხვაზე, თუ რადა ვსხედვართ და რასა ვბჭობთ, გვაპატიეთ, და უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საკუთარი სამეფო საქმეებია და ჩვენ გარდა ამას არავისთვის არა აქვს რაიმე მნიშვნელობა. მაგრამ თქვენ, ჩვენს უცხო სტუმრებს უფლება გაქვთ და ჩვენ შემდგომ ამისა აგიხსნით, თუ რად შევიყარენით აქ, ამაღამ: ღრმად, გამოწვლილვით უნდა შევისწავლოთ და სრულიად განვსაზღვროთ აგრე ძნელად დასადგენი უცნაური თვისება და გემო ჩვენი სასახლის ფასდაუდებელი საუნჯისა, ჩვენი დიდებული სატახტო ქალაქის ღვინოების, არყებისა და სხვა ამგვარი სასმელებისა, ოღონდ ამის მქმნელთ ჩვენ სურვილი არ გვამოძრავებს, უფრორე კეთილდღეობა გვინდა იმ არამიწიერი მეუფისა, რომლის ხელთა ვართ ჩვენ და რომლის საბრძანებელი უსაზღვროა, მისი სახელია - „სიკვდილი“.

- მისი სახელია დევი ჯონსი! - შესძახა ბრეზენტმა, თან გვერდით მჯდომარე ქალბატონს თავის ქალაში ჩაუსხა ღვინო და თავისთვისაც დაისხა.

- ღვთისმგმობელო მონავ! - ასე მიმართა თამადამ ღირსეულ ჰიუს, - არამზადავ, წყეულო, აკი გითხარით, თუმცა გარეწარი ბრძანდები, მაინც კი გაქვს უფლება, რომლის ხელყოფა არა გვსურს და კიდევაც გეცით პატივი და გიპასუხეთ შენს ბრიყვულ და ჭკუამიუტანებელ შეკითხვებზე. და მიუხედავად ამისა, ჩვენს საბჭოში ასეთი მკრეხელური შემოჭრისათვის მოვალენი ვართ დაგსაჯოთ შენ და შენი ამხანაგი, თითოეულმა უნდა დალიოთ ერთი გალონი „შავი სახრე“, ჩვენი სამეფოს სადღეგრძელო უნდა შესვათ, დაჩოქილებმა უნდა გადაკრათ და მერე გნებავთ წაბრძანდით, ნახეთ თქვენი გზა, გნებავთ აქ დარჩით ჩვენს სუფრაზე, როგორც გნებავდეთ, ისე მოილხინეთ.

- არაფრის დიდებით, - უპასუხა წოპემ. მეფე ჟამი პირველის თავდაჯერებულობისა და ღირსების მხილველი, როგორც ჩანს, მოწიწების რაღაც გრძნობამ მოიცვა, წამოდგა და, რაკიღა მაგრად ვერ იდგა ფეხზე, მაგიდას ჩაეჭიდა, - თქვენი უდიდებულესობის ნებართვით მინდა მოგახსენოთ, არაფრის დიდებით არ შემიძლია, თქვენმა უდიდებულესობამ რომ მოიხსენია, იმ სასმელის მეოთხედიც ჩაუშვა ტრიუმში. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც ბალასტის სახით მივიღეთ ამ დილით, ისიც თუ არ დაგვავიწყდება, რაც ამ საღამოს სხვადასხვა გემთსაყუდარში მყოფნი არაყითა და არყიანი სასმელებით დავიტვირთეთ, ისედაც სავსენი ვართ „ჩასაცეცხლებლით“, ის „დარდიმანდი მეზღვაურისას“ რომ გეახელით და კიდევაც სრულიად გადავიხადეთ მისი საზღაური. თუ შეიძლება, თქვენმა უდიდებულესობამ ნათქვამი ქმნილად ჩათვალოს, რადგან ერთ წვეთსაც ვეღარ დავლევ, მით უმეტეს ამ საზიზღარი სითხის წვეთსაც, რასაც „შავ სახრეს“ ეძახიან.

- მანდ დადექი, - გააწყვეტინა ბრეზენტმა, მეგობრის უარს ისევე გაეოცებინა, როგორც მის აგრე გრძელ სიტყვას, - მანდ დადექი-მეთქი, შე არიფო! შენ გეუბნები, წოპე, სიტყვა აღარ დაძრა. მე ჯერ კიდევ მჩატედა ვარ, შენ კი მგონია, ცოტათი დამძიმებულხარ უკვე და რაკი ყელამდე ხარ, სჯობს დაწყნარდე, მე კი ჯერ მაგრად ვდგავარ, ხოდა...

- რას ბრძანებთ, - შეაჩერა იგი თამადამ, - სულაც არ არის შესაფერისი ეგ იმ სასჯელისა თუ განაჩენის, რომელიც ორივეზეა თანაბრად განაწილებული და არც შეიცვლება და არც გაუქმდება. როგორც ეს მიდიელთა წესია, ყველაფერი ზუსტად უნდა აღსრულდეს და დაუყოვნებლივ, თუ არადა, ვბრძანებ, კისრით ქუსლებზე მიგაბან და, როგორც შფოთისთავები, აი, ამ ოქტომბრის ლუდის კასრში მოგისროლონ!

- განაჩენი! განაჩენი! სწორი და სამართლიანი განაჩენია, დიდებული ბრძანებაა! მართალი და წმინდა, დიახაც ღირსეული სამართალი, - ერთხმად შესძახა ჟამიანების ოჯახმა. მეფემ ზეაღმართა წარბები და შუბლი მისი აუარება ნაოჭით დაიფარა; საბერველივით ქშინვა ამოუშვა ნიკრისის ქარებიანმა ჩია ტანის მოხუცმა კაცმა; ცხვირი აუცანცარდა კუბოს გადასაფარებელში გახვეულ ქალბატონს, ყურები დაცქვიტა ბამბის საცვალში გამოწყობილმა ჯენტლმენმა, ხმელზე ამოგდებული თევზივით პირს აღებდა სუდარიანი ქალი; კუბოში გაშეშებულ კაცს კი თვალები გადაეტრიალებინა.

- ხა! ხა! ხა! - სიცილი აუვარდა ბრეზენტის, საყოველთაო აღშფოტება არაფრად ჩააგდო, - ხა! ხა! ხა!.. ხა! ხა! ხა!.. ხა! ხა! ხა! მე ხომ ვამბობდი, ვიდრე მეფე ბატონი ჟამი თავის კეტით გვემუქრებოდა, გინდა ორი თუ - სამი გალონით მეტს დავლევ-მეთქი, თუნდა იმ „შავ სახრეს“, რას დამაკლებდა, კიდევ მოიძებნება გემში ადგილი, არც ისე ყელამდე სავსე ვარ, მაგრამ ეშმაკის (ღმერთმა შეუნდოს) სადღეგრძელო როგორ შევსვა მუხლის თავების ქლეშით ამ ჭირიანი უდიდებულესობის წინაშე! ვინც ბრძანდება, საკუთარი ცოდვა-ბრალივით ვიცი, გიჟუა ტიმია, ტაკიმასხარა! მეტი ვინ უნდა იყოს, რაღაც სულ სხვა ამბავია აქ და მე აღარაფერი მესმის.

   სიტყვა გააწყვეტინეს, სული აღარ მოათქმევინეს, გიჟუა ტიმის სახელი გაიგონეს თუ არა, მთელი ეს შეკრებილობა ფეხზე დადგა.

- ღალატია! - დაიღრიალა მისმა უდიდებულესობამ მეფე ჟამმა პირველმა.

- ღალატია!- თქვა ნიკრისის ქარებიანმა კაცმა.

- ღალატია! - დაიჭყივლა ერცჰერცოგის მეუღლე ჟამისიმედმა.

- ღალატია! - ჩაიდუდუნა ყბააკრულმა ვაჟბატონმა.

- ღალატია! - ამოიძახა კაცმა კუბოდან.

- ღალატია! ღალატია! - ამოთქვა მისმა უდიდებულესობა პირდიდმა დედოფალმა, სტაცა ხელი უკან შარვალში უბედურ ბრეზენტს, თავისთვის რომ არაყს ისხამდა, ზევით ასწია და ასე, არც აცივა, არც აცხელა, პირდაპირ საყვარელი დასალევით სავსე ვეებერთელა თავღია კასრში გადაუძახა. ვითარცა ვაშლმა პუნშიან თასში, რამდენსამე ხანს იყურყუმელავა იქ და ბოლოს ჩანთქა ქაფმორეულმა მორევმა, ისედაც დუღდა ეს სასმელი და ბრეზენტის ჭყუმპალაობისაგან კიდევ უფრო მეტად აქაფქაფდა.

   მაგრამ ტანაწოწილი მეზღვაური არ შეგუებია თავისი ამხანაგის მარცხს. თავღია სარდაფში ჩააგდო ლომგულმა წოპემ მეფე ჟამი, ერთი შეუკურთხა, სარდაფის კარი ჩარაზა და ოთახის შუაგულში გადმოალაჯა. ჩამოგლიჯა მაგიდაზე ჩამოკონწიალებული ჩონჩხი და ისეთი ძალით და მონდომებით დაუწყო ქნევა. ვიდრე დარბაზში უკანასკნელი სანთელი დაინთქებოდა, ტვინი დაანთხევინა ჩია ტანის ნიკრისისქარებიან მოხუც კაცს, მერე ოქტომბრის ლუდითა და ჰიუ ბრეზენტით ავსებულ კასრს დაეტაკა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, და იმავე წამს გადმოამზღვრია, გადმოაგორა. სასმელის ნიაღვარმა იხუვლა, გადმოინთქა შმაგად, ლაწლაწით, კედლიდან კედლამდე დაძირა მთელი დარბაზი, გადმოატრიალა გაძეძგილი მაგიდა, წამოაქცია სამფეხები, პუნშიანი თასი ბუხარში შეისროლა, ისტერიკა დამართა ქალებს. ტივტივი დაიწყო მთელმა სამგლოვიარო მოწყობილომაბ. დოქები, სურები და ჯამები აილუფხა ერთმანეთში, აწოწოლავდა დიდი მოწნული ბოცები ბოთლებთან ერთად ჩაიმსხვრა. ცახცახატანილი კაცი იქვე დაიხრჩო; პატარა წელგაშეშებული ჯენტლმენი თავისი კუბოთითურთ სადღაც გაცურდა; გამარჯვებულმა წოპემ წელზე მოხვია ხელი სუდარაში გახვეულ ფაშფაშა ქალბატონს და ქუჩაში გამოიტაცა, გამოიქცა „გულმხიარულისაკენ“. შეუპოვარი ჰიუ ბრეზენტი სამჯერ თუ ოთხჯერ დაცემინების შემდეგ იალქნებაშვებული უკან მოსდევდა, მოიხვნეშოდა, მოქოშინობდა, თან მოჰყავდა ერთჰერცოგის მეუღლე ჟამისიმედი.

ნახვა: 938

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.





Rising Tensions and Humanitarian Issues

During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters