ლუიჯი პირანდელო - გრძელი კაბა
დიდისთვის ეს პირველი ნამდვილი მოგზაურობა იყო. ხუმრობა ხომ არ არის – პალერმოდან ცუნიკაში მიემგზავრებოდა. მატარებლით თითქმის რვა საათი უნდა ევლო. ცუნიკა მისთვის აღთქმული მიწა იყო. მართალია, ძალიან შორეული, მაგრამ უფრო დროით შორი, ვიდრე სივრცით. როცა დიდი ჯერ კიდევ პაწია გოგონა იყო, მამამისს მისთვის რაღაც არაჩვეულებრივად სურნელოვანი ნაყოფი ჩამოჰქონდა ცუნიკიდან, რომლის ფერი, გემო და სუნი ვერაფრით გაეხსენებინა, თუმცა მამას შემდეგშიც მოჰქონდა მოშავო-მოლურჯო თუთა, ვაზის ფოთლებამოფენილი თიხის სოფლური ჭურჭლით, ცალი მხრიდან სანთელივით ყვითელი და გამჭვირვალე მსხალი, მეორე მხრიდან კი – სისხლივით წითელი, რომელსაც ზედ ჰქონდა შერჩენილი მწვანე ფოთლები. ცისარტყელის ფერებად აელვარებული ქლიავი თუ ფისტები, ტკბილი სიცილიური ლიმონები. და მართალია, რა ხანია დიდიმ მშვენივრად იცოდა, რომ ცუნიკა სხვა არაფერი იყო, თუ არა ცენტრალური სიცილიის ერთი მტვრიანი პატარა ქალაქი, გამომწვარი გოგირდის კვლებითა და კირქვის კლდეებით გარშემორტყმული, რომლებიც კაშკაშა მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ელვარებდნენ. ხილიც, რა თქმა უნდა, არაფრით ჰგავდა მისი ბავშვური ოცნებებით წარმოდგენილ ზღაპრულ ხილს – რომელიც ამ ქალაქიდან მრავალი კილომეტრის მანძილზე გაშენებული ჩუმიას მამულიდან ჩამოჰქონდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკმარისი იყო ცუნიკას გახსენება, რომ თვალწინ წარმოუდგებოდა აღმოსავლური ზეთისხილის უღრანი ტყეები, მუქი-მწვანე ვენახები, კაშკაშა ბაღები, რომელთაც ცოცხალი ღობე ერტყა და თავზე ფუტკრები დაბზუოდნენ. ელანდებოდა ლემნებით დაფარული ტბორები, ციტრუსების ჭალები, ჟასმინისა და ფორთოხლის ხეების გამაბრუებელი სურნელი.
ყოველივე ამის შესახებ დიდის მამისგან ჰქონდა გაგონილი. თვითონ პალერმოს მახლობლად მდებარე ბაგერიას არასდროს არ გასცდენია. თეთრ ბაგერიაში, რომელსაც ცხლად მსუნთქავი ცისგან ხშირ მწვანეში შეუფარებია თავი, დიდი ზაფხულობით მიჰყავდათ ხოლმე. შარშან კიდევ უფრო ახლოს იყო – სანტა-ფლავიას ფორთოხლის ტყეებში, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოკლე კაბით დანავარდობდა.
ახლა კი, ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის თავის სიცოცხლეში პირველად ჩაიცვა გრძელი კაბა.
დიდის უცებ თავი სხვაგვარი მოეჩვენა. თითქოსდა უკვე ზრდასრული, თითქოს მზერაც უფრო სერიოზული გაუხდა და კაბის გრძელი კალთაც ქალურად ედებოდა. წარბებს უცნაურად ათამაშებდა, თან კოპწია ცხვირს და ჩაჩვრეტილ ნიკაპს მაღლა სწევდა. ტუჩებს წრუპავდა, გრძელ კაბაში გამოწყობილი ნამდვილი ქალბატონის ტუჩებს, რომლებიც ისევე ფარავდნენ კბილებს, როგორც გრძელი კაბა მის პაწია ფეხებს.
ოღონდაც ეს კოკო რომ არ ყოფილიყო, მისი უფროსი ძმა, ყალთაბანდი კოკო, რომელიც დაღლილი გადაშხლართულა პირველი კლასის კუპეში დივნის საზურგეზე, ზედა ტუჩზე მიწებებულ სიგარას ქაჩავს, დროდადრო მძიმედ ოხრავს და მოსაწყენად იმეორებს: – დიდი, ნუ მაცინებ რა.
ღმერთო, როგორ ბრაზობდა! ღმერთო, როგორ ექავებოდა ხელები მის საცემრად! კოკოს ბედი, რომ მოდის თანახმად ულვაშს არ ატარებდა, თორემ თვალის დახამხამებაში დააპუტავდა, გააფთრებული კატასავით ეცემოდა და დააწიწკნიდა. მაგრამ დიდი მხოლოდ თავშეკავებული უღიმოდა ძმას და აუღელვებლად პასუხობდა: – ძვირფასო, თუ შენ ასეთი სულელი ხარ... – სულელი კი არა, ნამდვილი იდიოტი. აბა, წარმოიდგინოს კაცმა, იმის გამო დასცინის, რომ გრძელი კაბა აცვია, ან თუნდაც იმიტომ, რომ სახის ასეთი გამომეტყველება აქვს, – და ეს იმ სერიოზული ლაპარაკის შემდეგ, რომელიც წინა საღამოს ცუნიკაში ამ საიდუმლო მოგზაურობის შესახებ ჰქონდათ...
განა მათი მოგზაურობა სამხედრო ექსპედიციას არ ჰგავდა? კარგად გამაგრებულ მთის ციხესიმაგრეზე შეტევას! განა მისი გრძელი კაბა მთავარი იარაღი არ იყო ამ შეტევისთვის? მაშ რაღაა სასაცილო იმაში, თუ იგი წინასწარ სინჯავს ამ იარაღს, მისი გამოყენების წესებს სწავლობს?
წინა საღამოს კოკომ უთხრა, რომ ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, მათ საქმეებზე სერიოზულად მოელაპარაკათ. დიდის თვალები გაუფართოვდა. მათ საქმეებზე, რომელ საქმეებზე? განა შეიძლებოდა მას ისეთი საქმე ჰქონოდა, რომელზეც სერიოზულად ილაპარაკებდნენ?
პირველმა გაოცებამ რომ გაუარა, გოგონამ გადაიხარხარა.
იგი მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა, რომელიც თითქოს განზრახ სწორედ იმიტომ იყო შექმნილი, რომ საქმეებზე ეფიქრა – თავისი იქნებოდა ეს საქმე თუ სხვისი, ამას არად დაგიდევდათ. ეს დონა საბეტა გახლდათ, მისი აღმზრდელი, რომელსაც დიდი დონა ბებეს ეძახდა, ანდა სულაც, თუ ეჩქარებოდა, უბრალოდ დონა ბეს. დონა ბე სულ ერთთავად თავის საქმეებზე ფიქრობდა. როცა დიდი ძალიან გააბრაზებდა თავისი ონავრობით, საბრალო, სასოწარკვეთილებამდე მისული ქალი ისე მოაჩვენებდა თავს, თითქოს ტირისო, თავზე იტაცებდა ხელებს და მოთქმას მოჰყვებოდა.
– ყველა წმიდანს გაფიცებთ, სინიორინა, მომეცით საშუალება ჩემს საქმეზე ვიფიქრო! იმ საღამოს კოკოს დიდი დონა ბეში ხომ არ შეეშალა? არა, სულაც არ შეშლია. მაშინ კოკომ გაანდო, რომ მათ მართლაც ჰქონდათ კურთხეული საქმეები, და რომ ის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, საკმაოდ მნიშვნელოვანი, როგორც, თუნდაც მისი სამგზავრო გრძელი კაბა.
ბავშვობიდანვე მიჩვეულნი იყვნენ, რომ კვირაში ერთხელ და ზოგჯერ ორჯერაც მამა ცუნიკაში მიემგზავრებოდა, თანაც ბევრი რამ ჰქონდათ გაგებული ჩუმიას მამულის შესახებ, მონტე-ბიეზის გოგირდის საბადოების და ბევრი სხვა საბადოს, სახლისა და სამფლობელოს შესახებაც. დიდი მალე შეეგუა ამ აზრს, რომ ყველა ეს სიმდიდრე ბრილას ბარონების საკუთრებას შეადგენდა და მამამისს ეკუთვნოდა.
სინამდვილეში ისინი ნიგრენტი დი ცუნიკას მარკიზებს ეკუთვნოდათ. მამამისი, ბარონი ბრილა, მხოლოდ და მხოლოდ მეურვე იყო და აი, ეს მეურვეობა, რომელსაც ოცი წლის განმავლობაში მამისთვის შესაშური კეთილდღეობა მოჰქონდა, ხოლო დიდისა და კოკოსთვის – ფუფუნება, სამი თვის შემდეგ უნდა დასრულებულიყო.
დიდი თექვსმეტ წელზე ცოტა მეტის იყო. ამ ფუფუნებაში დაიბადა და გაიზარდა. ოცდაექვსი წლის კოკოს კი კარგად ახსოვდა სიღარიბის ის წარსული წლები, როცა ოჯახს თავი ძლივს გაჰქონდა, სანამ მამა რის ვაი-ვაგლახით ცუნიკის მარკიზების ამ უზომო სიმდიდრის მეურვის ადგილს იშოვიდა. ახლა კი ისევ სიღარიბის საფრთხე ელოდათ; შეიძლება მთლად ისეთი გაჭირვება არ ელოდათ, როგორც ადრე, მაგრამ ოცი წლის ნეტარი ცხოვრების შემდეგ ის უფრო მძიმე ასატანი მოეჩვენებათ; მისი თავიდან აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სისრულეში მოიყვანენ სამხედრო კამპანიის იმ გეგმას, რომელიც ესოდენი ხელოვნებით მოიფიქრა მამამ. ჰოდა, ცუნიკაში გამგზავრება სწორედ პირველ სტრატეგიულ მანევრს წარმოადგენდა. სიმართლე რომ ითქვას, პირველი არც იყო. სამი თვის წინ კოკომ მამასთან ერთად უკვე იმგზავრა ცუნიკაში და იქაურობა მოათვალიერა. იქ თითქმის ორი კვირა დარჩა და ნიგრენტის ოჯახიც გაიცნო.
რამდენადაც კოკო საქმეში გაერკვა, ოჯახი ერთი დისა და სამი ძმისგან შედგებოდა. ამაში მტკიცედ არ იყო დარწმუნებული იმიტომ, რომ მთაზე აშენებულ ძველ ციხეკოშკში, რომელიც მთელ ცუნიკაზე ბატონობდა, კიდევ ორი ოთხმოცი წლის ბებერი ცხოვრობდა, ორი დეიდა, რომელთა ნიგრენტისთან დამოკიდებულება ზუსტად ვერ გაარკვია. ისინი ან ახლანდელი მარკიზის პაპის დები იყვნენ, ან ბებიის.
თვითონ მარკიზს ანდრეა ერქვა. იგი დაახლოებით ორმოცდახუთი წლის იყო და მეურვეობის ვადის ამოწურვისთანავე, სამემკვიდრეო დოკუმენტების სახით, მემკვიდრეობის მთავარი ნაწილი უნდა მიეღო. ანდრეას ორი ძმა – ერთი დონ ფანტაზიორი, როგორც მამამ შეარქვა, მღვდელი იყო, მეორე, მეტსახელად კავალერი, მუქთახორა. ორივესთან ფრთხილად უნდა დაეჭირა თავი. უფრო კი მღვდელს უნდა მორიდებოდა, ვიდრე მუქთახორას. მარკიზის და ოცდაშვიდი წლის ქალი იყო – კოკოზე ერთი წლით უფროსი, სახელად ხან აგატას ეძახდნენ, ხან ტიტინას. საზიარებო ობლატივით ჩამომხმარი იყო და ცვილივით ფერმიხდილი. თვალებში უსასოო სევდა გარინდებოდა, ხოლო გრძელი, ძვლებად ქცეული და ცივი ხელები სულ ერთთავად უცახცახებდა მორცხვობისა და მორიდებისგან. ჩანდა, საბრალო, სიწმინდისა და სიქველის განსახიერება იყო. მთელი სიცოცხლე ციხესიმაგრიდან ფეხი არ მოუცვლია, ორ ოთხმოცი წლის ბებერს უვლიდა – თავის დეიდებს, ქარგავდა და „ღვთაებრივად“ უკრავდა როიალზე.
მაშ ასე, მამას უბრალო გეგმა ჰქონდა – სანამ მეურვეობის ვადა გავიდოდა, ორი ქორწინება მოესწრო – ქალიშვილი მარკიზ ანდრეასთვის მიეთხოვებინა, კოკოსთვის კი აგატა შეერთო.
როცა ამის შესახებ პირველად უთხრეს დიდის, გოგონას სახე ისე აენთო, თითქოს გავარვარებული ნაკვერჩხალიაო, თვალებში კი აღშფოთებამ გაუელვა. იმდენად ამ ამბავმა არ ააღელვა, რამდენადაც იმ ძალდაუტანებელმა ცინიზმმა, რომ კოკო თავისი ფეხით მიდიოდა ამ გარიგებაზე და ახლა დასაც იმავეს სთავაზობდა, როგორც ხსნის ერთადერთ საშუალებას! რა? ფულის გულისთვის მისთხოვდეს მოხუცს, რომელიც ოცდარვა წლით უფროსია მასზე?
– კარგი ერთი, ნუ აბუქებ, ოცდარვით კი არა! – აქილიკებდა კოკო აღშფოთებულ დას, – რა ოცდარვა წელი! რატომ უმატებ? დიდი დიდი, ოცდაშვიდი წლით იყოს უფროსი... კარგი, ოცდაშვიდი წლით და რამდენიმე თვით.
– კოკო, ნამდვილი არამზადა ხარ! არამზადა და მეტი არაფერი! – იყვირა აღშფოთებისგან აცახცახებულმა დიდიმ და მუშტი მოუღერა.
მაგრამ კოკო არ თმობდა: – ხომ გეუბნები, რომ სათნოების განსახიერებას ვთხოულობ. თვით სათნოებას, დიდ, ხორცშესხმულ სათნოებას! მე სათნოებას ვირთავ, შენ კი არამზადას მიწოდებ? მართალია, ის სულ რაღაც ერთი წლითაა ჩემზე უფროსი... მაგრამ იცი რა, საყვარელო, უნდა გითხრა, რომ სათნოება არ შეიძლება განსაკუთრებულად ახალგაზრდა იყოს, მე კი ისე მჭირდება სათნოება! შენ ხომ იცი, ერთი უქნარა ვარ, თავაშვებული ვინმე – ერთი სიტყვით, ნამდვილი მუქთახორა, როგორც მამა ამტკიცებს. დროა, გონს მოვეგო – ოქროს მონოგრამებიან მშვენიერ ფეხსაცმელს ჩავიცვამ და ავივლი და ჩავივლი, თავზე ხავერდის ქუდი მეხურება, ისიც ოქრომკედით მოქარგული, შესანიშნავი აბრეშუმის ფუნჯით. ბარონი კოკო დი დობრო დ, ეტელი... მშვენიერი ბარონი! ხომ მართლა შესანიშნავია, არა, დიდი?
აქ თავი ბრიყვულად უკან გადააგდო და სულელური სახით დაიწყო ბორიალი, თვალები გაუშტერდა, ტუჩები გამობზიკა, ხელისგულები ისე მოკეცა ნიკაპთან, თითქოს თხის წვერი ყოფილიყოს.
დიდის უნებურად სიცილი წასკდა. ამით ისარგებლა კოკომ და შემპარავად დაუწყო ლაპარაკი დას. ყველა ის სიამე ჩამოუთვალა, რაც კი ზიარების ობლატივით გაძვალტყავებული და ცვილივით უფერული საბრალო არსებისთვის უნდა განეცდევინა იმ ორი კვირის განმავლობაში, რომელიც ცუნიკაში გაატარა. აგატამ, მიუხედავად მისი სათნო და მოკრძალებული ბუნებისა, მაინც აშკარად აგრძნობინა, რომ თავის მხსნელად მიაჩნდა. დიახ! საქმეც ეს არის! ძმები – განსაკუთრებით კავალერი (სიტყვამ მოიტანა და უნდა ისიც ითქვას, რომ მას ჰყავს ქალი, რომელთანაც ათი, თხუთმეტი, ოცი, არც კი ვიცი, რამდენი შვილი შეეძინა). – იმით არიან დაინტერესებულნი, შინაბერად დარჩეს და ოთხ კედელში ჩამოჭკნეს. ჰოდა, აი, ამიტომაც კოკო მისთვის კაშკაშა მზე იქნება, თვით ცხოვრება. იგი მას თან წაიყვანს პალერმოში, მშვენიერ ახალ სახლში გამართავენ წვეულებებს, ივლიან თეატრებში, იმოგზაურებენ, ისეირნებენ მანქანებით... რა თქმა უნდა, ვერ იტყვი, მზეთუნახავიაო, მახინჯიც კია, მაგრამ სხვა რა გზაა, ცოლად მაინც გამოდგება. რაც მთავარია, გულკეთილია და ისეთი უპრეტენზიო, რომ ყველაზე მცირე რამეც კი დააკმაყოფილებს.
კიდევ კარგა ხანს ყბედობდა იმავე ხუმრობის ტონით და მხოლოდ თავის თავზე და თავის კეთილშობილურ მსხვერპლად შეწირვაზე ლაპარაკობდა. გაბრაზებულმა, მაგრამ ცნობისმოყვარეობით გათამამებულმა დიდიმ ბოლოს ვეღარ მოითმინა: – კარგი და, მე რაღა როლი უნდა შევასრულო?
კოკომ მძიმედ ამოიოხრა და უპასუხა: – რაც შეგეხება შენ, დიდი, რა თქმა უნდა, შენი საქმე უფრო საჩოთიროა. უბედურება ის არის, რომ აქ მარტო შენ არ ხარ გარეული.
დიდიმ წარბები შეკრა.
– რა გინდა ამით თქვა?
– მინდა ვთქვა... მინდა ვთქვა, რომ მარკიზს სხვა ქალებიც ევლებიან თავს, განსაკუთრებით... ერთი!
და მან ძალზე მჭევრმეტყველურად, რაც, ეტყობა, იმიტომ ჩაიდინა, რომ წარმოდგენა გაეძლიერებინა, ჩააწვეთა, ქალი რაღაც არაჩვეულებრივად ლამაზიაო.
– ქვრივია... ოცდაათი წლის იქნება... თანაც მისი ბიძაშვილია...
კოკომ ნებიერად მოჭუტა თვალები და თითები გაატკაცუნა.
დიდის ზიზღისგან გააჟრჟოლა კიდეც.
– ჰოდა, წაიყვანოს და ჰყავდეს!
კოკო ნაჩქარევად შეედავა: – შენც თქვი, რაღა, წაიყვანოსო! შენ გგონია, რომ მარკიზი ანდრეა... ისე, ლამაზი სახელია ანდრეა! მერე, როგორ ჟღერს მარკიზი ანდრეა... თუმცა მასთან მარტო რომ დარჩები, შეგიძლია უბრალოდ ნენე დაუძახო. – ასე ეძახის აგატა, ან სხვაგვარად ტიტინა, მისი და. სანაძლეოს დავდებ, ფიქრადაც არ მოგივა, რა მამაკაცია ეს ნენე! ისიც საკმარისია, რომ მთელი ოცი წელი თავის სასახლეში განდეგილივით გაატარა. გესმის, ოცი წელი? სერიოზულად გეუბნები: სწორედ იმ დროიდან, რაც მისი ქონება სამეურვეოდ გადაეცა. აბა, წარმოიდგინე, როგორ გაეზრდებოდა თმა ამ ოცი წლის განმავლობაში! მაგრამ არ იდარდო, გაიკრეჭს; აუცილებლად გაიკრეჭს, ნუ გეშინია. ყოველდღე, გამთენიისას, მზის ამოსვლამდე გამოდის ციხე-კოშკიდან... მოგწონს ასეთი საქციელი? მარტო გამოდის ლაბადაში გახვეული და ცხენზე ამხედრებული მთებისკენ მიეშურება. ცხენი კი ცოტა დაჩაჩანაკებულია... თითქოს ჭაღარააო. მაგრამ ბრწყინვალე ცხენოსანია, ჰო, ჰო, ბრწყინვალედ დაჯირითობს... თითქმის ისევე ბრწყინვალედ, როგორც მისი და ტიტინა უკრავს როიალზე. მარტო იმის წარმოდგენა რად ღირს, რომ ოცდახუთ წლამდე, ესე იგი, იმ დრომდე, სანამ გაკოტრების გამო ცუნიკაში გადამალავდნენ, ნამდვილ ცხოვრებას ეწეოდა, ჩემო საყვარელო! სად აღარ ყოფილა. კონტინენტზეც – რომში, ფლორენციაში, პარიზში, ლონდონშიც... ამბობენ, სიჭაბუკიდან შეყვარებული იყო თავის ბიძაშვილზეო, აი, იმაზე, რომ გეუბნებოდი. მართლა, ამ გახსენებაზე, ფანა ლოპესი ჰქვია. მგონი, დანიშნულებიც ყოფილან. მაგრამ, როცა გაკოტრდა, ქალს მისი სახელის გაგონებაც აღარ უნდოდა, ადგა და სასწრაფოდ სხვაზე გათხოვდა. ახლა კი, როცა ყველაფერი ძველებურად ამოიქოქა. ხომ გესმის? თავი მხოლოდ იმითი შეიძლება ვინუგეშოთ, რომ მარკიზმა, ოღონდ კი სამაგიერო გადაუხადოს, შეიძლება მეორე ბიძაშვილი ითხოვოს, ის შინაბერა ტუცა ლა დია, რომელსაც ფარულად უყვარდა ანდრეა, მაგრამ თავის დარდს გულში იკლავდა თურმე და ღმერთს ევედრებოდა, მე დამითმეო. თანაც, დიდი, ეს წვეროსანი მარკიზი ამ ოცი წლის განდეგილობის შემდეგ საკმაოდ ფიცხი გახდა, ასე რომ, ცოტა საშიშიც კია ეს მარტოხელა... თუმცა ჯობს მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. – ასე დაამთავრა წინა საღამოს თავისი გულახდილი საუბარი კოკომ. – აბა, დიდი, დაიხარე და შენი პატარა თითებით ოდნავ აიწიე კაბის კალთა.
ამდენი ლაყბობით გაბრუებული დიდი დაიხარა და ჩაეკითხა: – რატომ?
– მინდა გამოვემშვიდობო შენს ფეხებს. ამიერიდან ვეღარასოდეს გამოაჩენ.
კოკომ გოგონას ფეხებს შეხედა, მეგობრულად დაუქნია მათ ორივე ხელი, მერე ამოიოხრა და დასძინა: – რორო! ხომ გახსოვს, შენი დაქალი რორო? ისიც ხომ გახსოვს, როგორ გამოვეთხოვე მის ფეხებსაც უკანასკნელად, როცა გრძელი კაბა ჩაიცვა? იმასაც ვფიქრობდი, ვეღარასოდეს ვიხილავ-მეთქი. მაგრამ ხომ ვნახე!
დიდი გაფითრდა და სახე უცებ დაუსერიოზულდა.
– რას ბოდავ?
– სამწუხაროდ, მაშინ უკვე მიცვალებული იყო! – ნაჩქარევად განმარტა კოკომ, – გეფიცები, მკვდარი იყო! უჰ, საწყალი რორო! სანდომენიკოს ეკლესიაში გადაასვენეს და კუბო ღია დატოვეს. დილით, ეკლესიაში რომ შევედი, ვხედავ, კუბოს გარშემო სანთლები ანთია. მივუახლოვდი. – ვიღაც გლეხის ქალები იდგნენ და აღტაცებით შესცქეროდნენ მის საქორწინო კაბას, რომლით მორთვაც ქმარს მოესურვებინა. უცებ ერთ-ერთმა დედაკაცმა კაბის კალთა აუწია, რომ საცვლების მაქმანებიც დაეთვალიერებინა და აი, მაშინ ვნახე როროს ფეხები.
დიდი მთელი ღამე მოუსვენრად წრიალებდა ლოგინში და ვერაფრით დაიძინა. მაგრამ, სანამ დაწვებოდა, გადაწყვიტა, სარკიანი კარადის წინ ერთხელ კიდევ მოეზომა სამგზავრო კაბა. გაახსენდა ის უცნაური ჟესტი, რითიც კოკოს უნდოდა გამოეხატა იმ... რა ჰქვიაო? ფანი... ფანი ლოპესის სილამაზე. სარკეში დიდის მთლად ბავშვად მოეჩვენა თავი, გამხდარი, საბრალო... კაბის კალთა აიწია, რომ თავისი ფეხებისთვის შეეხედა, რომელთაც დღემდე ტანსაცმლით არ ფარავდა, და მაშინვე აწ განსვენებული რორო კამპის ფეხები გაახსენდა.
უკვე ლოგინში მწოლიარეს კვლავ დაებადა სურვილი, საბნის ქვეშ თავისი ფეხებისთვის შეევლო თვალი. მოეჩვენა, რომ გამხდარი და ჯოხებივით გაჩხიკული ფეხები ჰქონდა და თავი მიცვალებულად წარმოიდგინა, კუბოში მწოლიარედ, საქორწინო კაბით, გრძელთმიან პირქუშ ანდრეასთან ჯვარისწერის შემდეგ...
ოჰ, რა ლაყაფია ეს კოკო!
კუპეში მჯდარი დიდი მის პირდაპირ სკამზე გადაწოლილ ძმას მისჩერებოდა და გრძნობდა, სულ უფრო როგორ ემატებოდა მის მიმართ სიბრალულის გრძნობა. გაახსენდა, უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში როგორ გაუფერმკრთალდა ლამაზი სახე, შეეცვალა გამომეტყველება, რაღაც ახალი გაუჩნდა თვალებსა და ტუჩის კუთხეებში, თითქოს შიგნიდან გამოიწვა. შინაგანი სევდის ამ ცეცხლმა და ბუნდოვანმა ნაღველმა, რომელიც მის ყოველ გამოხედვაში იგრძნობოდა, ტუჩების მოყვანილობაც შეუცვალა. კანი გამოუფიტა და წითელი ძარღვებით დაუფარა, თვალების ირგვლივ ჩამუქებული რკალები დაუტოვა. გოგონამ იცოდა, რომ კოკო ყოველ ღამე ძალიან გვიან ბრუნდებოდა შინ, რომ თამაშობდა. და მართალია, მამა ჩუმად უჯავრდებოდა, მისი მუქარა მაინც აფიქრიანებდა, რომ ძმა უარეს მანკიერებებსაც სჩადიოდა. დროთა განმავლობაში დიდის კოკოს მიმართ ზიზღის უცნაური გრძნობა გაუჩნდა, რადგან გარშემო მისთვის უცხო და მიჩქმალულ ცხოვრებას გრძნობდა. წუხდა, რომ მისი ყოველთვის მოსიყვარულე, შემწყნარებელი ძმა, სახლის კედლებს მიღმა მუქთახორასავით იქცეოდა. რომ მანკიერი ადამიანი იყო, ვინ იცის, შეიძლება, თაღლითიც კი, რადგან აღელვებულ მამას არაერთხელ უწოდებია მისთვის ეს სიტყვა. რა სამწუხაროა, სხვების მიმართ არასდროს ყოფილა ისეთი გახსნილი და მოსიყვარულე, როგორც დასთან.
ვინ იცის, იქნებ ეს უსიამოვნებები სახლის კედლებს გარეთ ბუდობს, სწორედ იმ სამყაროში, სადაც გარკვეულ ასაკში, სუფთა, ოჯახურ სიმყუდროვეს ეთხოვებიან და მამაკაცები გრძელი შარვლებით, ხოლო ქალები გრძელი კაბებით შეაბიჯებენ? ალბათ რა საშინელება უნდა იყოს ეს უსიამოვნება, რაკი ვერავის გაუბედია ამაზე ხმის ამოღება, თუ არა ჩურჩულითა და სხვაგვარი ეშმაკური, ბრიყვული მანჭვა-გრეხით, რაც ესოდენ აღიზიანებს იმათაც, ვისაც დიდის მსგავსად ვერაფერი გაუგია? ალბათ რა დამღუპველი უნდა იყოს ეს სიმწარე, თუ მისი ძმა, ლოყებღაჟღაჟა ჭაბუკი ასეთ მოკლე დროში ჩაჩანაკს დაემსგავსა, თუ მისმა მეგობარმა რორო კამპიმ გათხოვებიდან ერთ წელზე მეტს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა...
ჯერ კიდევ გუშინ თავისუფალ და შიშველ ფეხებზე დიდიმ გრძელი კაბის სიმძიმე იგრძნო და მტანჯველი სევდა დაეუფლა, ბოღმა მოაწვა. გული რომ გადაეყოლებინა, მზერა ძმიდან მამაზე გადაიტანა. იგი კუპეს მეორე ბოლოში იჯდა და მუხლებზე დადებული ტყავის პორტფელიდან ამოღებული საქმიანი ქაღალდების კითხვით იყო გართული.
პორტფელში წითელი სარჩულის ფონზე ბოთლის სახურავი აკიაფდა. დიდი მას მიაშტერდა და გაიფიქრა, რომ მამა კარგა ხანია გულის ტკივილს უჩიოდა და შეიძლება მოულოდნელად გარდაცვლილიყო კიდეც, ალბათ ამიტომ დააქვს გამუდმებით ეს ბოთლი.ვაითუ უცებ მოუკვდეს მამა, აი, ასე, ერთ წუთში... არა, არა, რა საჭიროა ამაზე ფიქრი. მართალია, იგი ყველგან დაატარებს ამ ბოთლს, მაგრამ სიკვდილზე სულაც არ ფიქრობს. ჩასჩერებია თავის საქმიან ქაღალდებს და დროდადრო ხან სათვალეს გაისწორებს, რომელიც ზედ ცხვირის წვერზე ჩამოუსრიალდება ხოლმე, ხან მსუქან, თეთრ ბალნიან ხელს გადაისვამს პრიალა მელოტ თავზე, ხან კითხვას ანებებს თავს და სადღაც სივრცეში იყურება, ოდნავ მოჭუტული მძიმე ქუთუთოებით. ასეთ დროს ნუშისებური ცისფერი თვალები გაუბრწყინდება და ონავრულად უციმციმებს. ეს ისეთი კონტრასტული ჩანს მის დაღლილ, მოდუნებულ, ფერიჭამიებით სავსე სახეზე, რომელზეც ჭაღარაშერეული წითური ულვაშები აქვს გაჭიმული. სამი წლის წინ, დედის გარდაცვალების შემდეგ, დიდის ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მამა თანდათან უფრო დაშორდა და უცხოც კი გახდა მისთვის. მამას ახლაც უცნობივით ათვალიერებდა. მარტო მამა კი არა, კოკოც ასეთად წარმოედგინა. დიდი ფიქრობდა, რომ მხოლოდ ის ცხოვრობდა ოჯახის ძველებური ცხოვრებით, ან უფრო სწორად, გრძნობდა ამ ცხოვრების სიცარიელეს დედის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ამ ცხოვრების სული იყო და, რომელიც ყველას ერთ ოჯახად აერთიანებდა.
მამაც და ძმაც თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ – რა თქმა უნდა, სახლის გარეთ, – და ის მცირედი, რაც ამ ოჯახს შემორჩა, მხოლოდ ქალიშვილის წარმოდგენა იყო, რასაც არაფერი ჰქონდა საერთო იმ სულიერ სითბოსა და შეთანხმებულ ცხოვრებასთან, რაც ძალას გმატებს, გამხნევებს და გამშვიდებს.
დიდის დაუოკებელი მოთხოვნილება ჰქონდა, ეგრძნო ასეთი სითბო შეთანხმებული ცხოვრების, ამიტომ ქვითინებდა მუხლმოყრილი ძველი სკივრის წინ, რომელშიც დედამისის კაბები ეწყო.
ოჯახური სითბო ეგულებოდა ამ კაკლის ხის ძველ სკივრში, კუბოსავით გრძელსა და ვიწროში, და იქიდან, დედამისის კაბებიდან მოდიოდა ეს სითბო და ბავშვური მოგონებებით ატკბობდა.
ო, დედა! დედა! დედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება დაცარიელდა და უსარგებლო გახდა. საგნებმა თითქოს დაკარგეს ფიზიკური ფორმა და ჩრდილებად იქცნენ. რა ელის ხვალ? ნუთუ ყოველთვის ასეთი სიცარიელის გრძნობა ექნება, უაზრო მოლოდინი, რომ რაიმემ შეუვსოს ეს სიცარიელე და დაუბრუნოს რწმენა, ცხოვრების აზრი, სიმშვიდე?
დიდისთვის დღეები იმ ღრუბლებივით მიედინეობოდა, რომლებიც მთვარის დისკოსკენ მიიზლაზნებოდნენ.
რამდენი საღამო გაუტარებია მარტოკას ცარიელ, ჩაბნელებულ ოთახში, თან მაღალი ფანჯრების ვიტრაჟის იქით, მთვარის გარშემო შემოჯარულ თეთრ და ნაცრისფერ ღრუბლებს გაჰყურებდა! ეჩვენებოდა, თითქოს მთვარე ცდილობდა, ამ საბურველის ტყვეობიდან დაეღწია თავი. დიდხანს გასცქეროდა სიცარიელეს ოცნებებში წასული და თვალები უნებურად ცრემლებით ევსებოდა. სულაც არ უნდოდა, რომ სევდიანი ყოფილიყო. პირიქით, უზომოდ უყვარდა სიცოცხლე, მხიარულება და სიმღერა. მაგრამ გარშემო ისეთი სიცარიელე სუფევდა, რომ ამ სურვილს მხოლოდ გიჟური საქციელით გამოხატავდა, რაც საბრალო დონა ბებეს თავგზას უბნევდა.
დამრიგებლის, მხარდაჭერის, უცებ ყველაფრის გარეშე დარჩენილმა აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა გზას დასდგომოდა. დღეს ერთს ოცნებობდა, ხვალ სხვას. ერთხელ თეატრიდან დაბრუნებულმა მთელი ღამე თეთრად გაათენა იმაზე ოცნებით, რომ ბალერინა გამხდარიყო. მეორე დილას კი, როცა სამოწყალოდ მონაზვნებმა ჩამოიარეს, გადაწყვიტა, მოწყალების და გამოსულიყო. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ საკუთარ თავში ჩაკეტვა მოუნდა, თეოსოფიაში ჩაეფლო და ფრაუ ვენეციელივით, მისი გერმანული ენისა და მუსიკის მასწავლებელივით, ქვეყნიერება შემოევლო. ხან მოუნდებოდა სიცოცხლე ხელოვნებისთვის შეეწირა, მხატვრობისთვის... თუმცა არა, არა! არავითარ შემთხვევაში მხატვრობა! მას შემდეგ, რაც მხატვრობა ამ იდიოტ კარლინო ვოლპის, მისი მასწავლებლის, მხატვარ ვოლპის ვაჟიშვილის სახით წარმოუდგა, შესძულდა კიდეც. ერთხელ მამა ავად გახდა და მის მაგივრად შვილი გამოეცხადა... როგორ მოხდა? როგორ და, გოგონამ სულელურად ჰკითხა: – როგორი საღებავი უნდა გამოვიყენოთ – მკვეთრი წითელი თუ ჭიაფერისა?
მან კი, ოინბაზმა: – აი, ასეთი, სინიორინა... ჭიაფერის...
და ტუჩებში აკოცა. სწორედ იმ დღიდან მიატოვა პალიტრაც, ფუნჯებიც, მოლბერტიც. მოლბერტი პირდაპირ მას მიანარცხა, მერე სახეში შეაყარა ფუნჯები და არც კი მისცა საშუალება მწვანე, ყვითელ და წითელ ფერებად შეღებილი ურცხვი სიფათი ჩამოებანა, ისე გააგდო სახლიდან...
მაშ, გამოდის, პირველივე შემხვედრს უნდა დამორჩილდეს... რაკი შინ არავინ ჰყავს მფარველი, ყველა გამვლელს უფლება აქვს ცხვირი შეჰყოს მის სახლში, და თითქოს აქ არაფერია, ტუჩებში დაუწყოს კოცნა! რა საძაგელი განცდა დაუტოვა ამ კოცნამ! იმდენი იწმინდა ტუჩები, სანამ სისხლი არ იდინა. ახლაც, გახსენებისას, უნებლიეთ ხელი პირთან მიიტანა...
ჰქონდა კი პირი სინამდვილეში? გოგონა ვერც კი გრძნობდა!.. დიდიმ მთელი ძალით იჩქმიტა ტუჩზე – არაფერი უგრძნია... ისე, როგორც მთელ სხეულზე... საერთოდ ვერ გრძნობდა სხეულის ნაწილებს. იქნებ ასე იმიტომ ემართებოდა, რომ მუდამ სადღაც ოცნებებში დაფრინავდა, საკუთარ თავს მოწყვეტილი. შინაგანადაც მღელვარებას გრძნობდა, შფოთავდა, მერყეობდა. აქ კიდევ ეს კაბა, უგრძნობ სხეულზე გადაცმული, მთლად უხუთავდა სულს. კაბა უფრო მძიმე იყო, ვიდრე მთელი მისი სხეული. მამასა და ძმას ეგონათ, ამ გრძელი კაბის ქვეშ ნამდვილი ქალის სხეული იმალებოდა, მაგრამ შეცდნენ – კაბის ქვეშ დიდი მხოლოდ თავის ბავშვურ ტანს გრძნობდა და მეტს არაფერს. თანაც ახლანდელ სხეულს კი არა, იმ ბავშვის სხეულს, როგორიც თავი ახსოვდა ბედნიერების დროს, როცა ირგვლივ ყველაფერი ბავშვური უდარდელობის რეალობით სუნთქავდა, იმ ხელშესახები რეალობით, რომელსაც მხოლოდ დედამისი ანიჭებდა საგნებს თავისი სუნთქვით, თავისი სიყვარულით. ეს ბავშვური სხეულიც მისი გაუნელებელი სითბოთი და მზრუნველობით იყო გამთბარი. დედის გარდაცვალების შემდეგ დიდი საკუთარ სხეულსაც კი ვეღარ გრძნობდა, თითქოს ისიც ისევე გაიფანტა, როგორც მის ირგვლივ ყველაფერი, როგორც თვით რეალობა, რომელსაც დიდი უკვე ვეღარ აცნობიერებდა.
ეს მგზავრობა კი... კიდევ ერთხელ შეხედა ძმას და მამას და დიდიმ იგრძნო, როგორ აიტანა სიბინძურის განცდამ.
ორივეს მოკუნტულს, უხერხულ პოზებში ეძინათ. მამა ხვრინავდა, შუბლზე ოფლის წვეთები მარგალიტებივით უკიაფებდა. მოშვებული კისერი კი ვიწრო საყელოდან გადმოსჩროდა. მატარებელი თითქოს სუნთქვაშეკრული მთაში მიიზლაზნებოდა. ფანჯრიდან არც ბალახი ჩანდა, არც ცვარი. გამხმარი ვრცელი უდაბნო გაჭიმულიყო მუქი ლურჯი ცის გუმბათის ქვეშ. მხოლოდ დროდადრო თუ გაიელვებდა ტელეგრაფის გამხმარი ბოძები ზანტად გაჭიმული მავთულებით. სად მიჰყავს ეს გოგონა ამ ორ ადამიანს, რომელთაც აქ კუპეშიც კი საკუთარ თავს მიანდეს? სამარცხვინო საქმეზე, გასაყიდად, დასამცირებლად, მოსატყუებლად. მერედა როგორ მშვიდად სძინავთ! დიახ, სწორედ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ასეთია, და ეტყობა, არც შეიძლება სხვაგვარი იყოს. აი, ამ ორმა უკვე შეაბიჯა იმ ცხოვრებაში და სულ ერთია მათთვის, ამიტომ მინდობიან მატარებლის ზლაზვნას და შეუძლიათ მშვიდად ეძინოთ. შეუძლიათ ეძინოთ.. მათ აიძულეს, ეს გრძელი კაბა ჩაეცვა და ბინძურ საქმეში ისე ითრევენ, რომ სინდისი სულ არ აწუხებთ. სწორედ იმ ცუნიკაში მიათრევენ, რომელიც ზღაპრულ მხარედ ესახებოდა ბავშვური ოცნებების დროს. მერე რატომ? იმიტომ, რომ ერთი წლის შემდეგ ისიც იქ მოკვდეს მისი ამხანაგი რორო კამპისავით?
როდის ან რით დამთავრდება გაურკვევლობის ეს უმიზნო ლოდინი, ეს დაუსრულებელი მოუსვენრობა? იქნებ მკვდარ ქალაქში, ძველებურ პირქუშ ციხეკოშკში გრძელთმიანი ბებერი ქმრის გვერდით დასრულდეს... იქნებ, თუ მამამისის ეშმაკური გეგმები გამართლდა, სწორედ მას უწერია ამ ოთხმოცი წლის მოხუცების მოსავლელად მულის ჩანაცვლება!
სივრცეს მიშტერებული დიდი პირქუში ციხეკოშკის დარბაზებს წარმოიდგენდა გონებაში. ნუთუ პირველად ახლა უნდა ენახა ეს ყოველივე? დიახ, ერთხელ დაესიზმრა, ახლა კი სამუდამოდ იქ უნდა დარჩენილიყო... ერთხელ? კი მაგრამ, როდის იყო ეს? როდის და აი, ახლა, ამ წუთში... და თანაც თითქოს რა დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ... ამიერიდან კი სამუდამოდ მოუწევს თავით ფეხამდე ჩაშვება იმ სიცარიელეში, რომელიც წუთებისგან შედგება. სიცარიელეში, რომელსაც მზეზე მთვლემარე ბუზების მონოტონური ბზუილი არღვევს. ეს მზე ჭუჭყიან მინებში სიძველისგან გაყვითლებულ შიშველ კედლებს აჩენს, ან მტვრიან რგოლებად აჩნდება აქა-იქ ამომტვრეულ წითელი აგურის იატაკს. ო, ღმერთო, და არავითარი გამოსავალი არ ჩანს, არ არის გაქცევის საშუალება. ის თითქოს შებოჭილია აქვე მძინარე ამ ორი ადამიანით, მატარებლის არაჩვეულებრივად ნელი ზოზინით, რომელიც ცუნიკის ციხეკოშკის უფერულ დღეებს ჰგავს, სადაც ისღა დაგრჩენია, გეძინოს, ისე, როგორც ამ ორს სძინავს...
უცებ, ჯერ ისევ ჰალუცინაციის მეფობაში მყოფ დიდის მოეჩვენა, თითქოს შეუბრალებელი ჭეშმარიტების მძიმე ლოდი დააწვა. სიცარიელის ისეთმა მწვავე გრძნობამ აიტანა, რომ ხელი უნებურად ტყავის პორტფელისკენ გაექცა, რომელიც მამას სკამზე გახსნილი დაეტოვებინა. ბოთლის ბრჭყვიალა საცობი კი ადრეც სტაცებდა თვალს.
ძმას და მამას ჯერ ისევ ეძინათ. დიდი მცირე ხანს ატრიალებდა ბოთლს, რომელშიც შხამი ვარდისფრად კიაფობდა. შემდეგ, თითქოს ბურანშიაო, ფრთხილად მოატრიალა ჩაჭედილი საცობი და ბოთლი ნელა მიიტანა ტუჩებთან, თან მძინარეებს თვალს არ აშორებდა. დაინახა მამამ ძილში როგორ ასწია ხელი, რომ შუბლიდან ბუზი მოეცილებინა.
უცებ ხელი, რომელშიც ბოთლი ეჭირა, მუხლზე უღონოდ დაეშვა. ყურებში, თითქოს ახლა შეუხსნესო, ერთბაშად შემოესმა მატარებლის გამარყუებელი რახრახივით, საშინელი გუგუნი. შეეშინდა, ჩემი გულის გამგმირავი ყვირილი არ ჩაახშოსო... არა... აი მამა და ძმა წამოცვივდნენ... მისკენ დაიხარნენ... ნეტავი შეძლოს და მოეჭიდოს მათ...
დიდიმ გაიწოდა ხელები, მაგრამ ვერაფერს მოეჭიდა, ვერც გაიგონა, ვეღარც დაინახა...
სამი საათის შემდეგ გრძელკაბიანი პატარა მიცვალებული ცუნიკაში, თავისი ბავშვური ოცნებების ზღაპრულ ქვეყანაში ჩამოასვენეს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•