ის ამბავი, რომ მამაკაცი ბუენოს-აირესის გარეუბნიდან განსაზღვრული ჯურის ხულიგანი, რომლის ერთადერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა მისეულ-თავდავიწყებული ლტოლვა სიმამაცისკენ უნდა გაჭრილიყო უშენ ადგილებში, ანუ საცხენე იალაღებზე ბრაზილიის საზღვართან, და გამხდარიყო კონტრაბანდისტების ბანდის ლიდერი, ასეთი რამ, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანს. მათ, ვინც ასე ფიქრობს, მსურს, ვუამბო ამბავი ბენჯამინ ოტალორასი, რომელიც შესაძლოა აღარავის ახსოვს ბალვანერას შემოგარენში, მაგრამ რომელიც მოკვდა ისევე, როგორც ცხოვრობდა, ანუ ტყვიამ განგმირა რიო გრანდე დო სულის პროვინციაში. მე არ ვიცნობ მისი თავგადასავლის ყველა დეტალს და, როცა შევიტყობ, დავაზუსტებ და განვავრცობ ამ ფურცლებს. ამჯერად კი, ეს მოკლე მონათხრობი შეიძლება გამოდგეს ჭკუის სასწავლებლად. 1891 წელს ბენჯამინ ოტალორა - ღონიერი ჭაბუკი ვიწრო შუბლით, სერიოზული ლურჯი თვალებითა და ბასკისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის ენერგიით - ცხრამეტი წლისაა. დანის იღბლიანმა ჩარტყმამ მას გაუმხილა, რომ მამაცი კაცია. არც მოწინააღმდეგის სიკვდილს დაუღონებია და არც დაუყოვნებლივ გაქცევას ქვეყნიდან. მისი ოლქის მრევლის უფროსი აძლევს სარეკომენდაციო წერილს, რომელიც უნდა გადაეცეს კაცს, სახელად - აზევედო ბანდეირას ურუგვაიში. ოტალორა ჯდება გემზე, რომელიც აჭრაჭუნებული მიარღვევს საზღვაო შტორმს. მეორე დღეს ოტალორა უკვე უმიზნოდ ხეტიალობს მონტევიდეოს ქუჩებში, გულზე შემოწოლილი, თუმცა არაღიარებული და, შესაძლოა, შეუგნებელი სევდით. აზევედო ბანდეირასთან შეხვედრა არ უხერხდება. შუაღამისას, პაზო დელ მოლინოს უნივერსალურ მაღაზია-ბარში, ოტალორა ესწრება ჩხუბს ორ მენახირეს შორის. იელვებს დანა. ოტალორამ არ იცის, ვის მიემხროს, მაგრამ ისევე იზიდავს ხიფათის სუნი, როგორც სხვებს - აზარტული თამაშები ან მუსიკა. საერთო არეულობაში დანას უქნევს პონჩოიან კაცს, რომელსაც ფართოფარფლიანი შავი ქუდი ახურავს. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ეს კაცი აზევედო ბანდეირაა (როცა ოტალორა ამას შეიტყობს, სარეკომენდაციო წერილს ხევს, რადგან ამჯობინებს თვითონვე წარმოადგენდეს ერთადერთ ნდობის მანდატს). მართალია, აზევედო კარგად ჩასხმული, ღონიერი მამაკაცია, მაინც ყალბისა და არანამდვილის გაუმართლებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მის სახეში (რომელიც მუდამ მეტისმეტად ახლოა) ერთმანეთს შერწყმია ებრაელი, ზანგი და ინდიელი, მის იერში - მაიმუნი და ვეფხვი. მთელ სახეზე ჩამოყოლებული ნაიარევი კიდევ ერთი დეკორაციაა, ისევე როგორც შავად აჯაგრული ულვაში. სასმლით გამოწვეული შეცდომაა თუ ინსცენირება, ჩხუბი ისევე სწრაფად მთავრდება, როგორც დაიწყო. ოტალორა სვამს სხვა მენახირეებთან ერთად, მათთან ერთად მიდის საქეიფოდ, მერე კი ძველ ქალაქში მდგარ დიდ სახლამდე მიჰყვება. ამ მომენტისთვის მზე უკვე მაღლაა ასული ცაში. ღია უკანა ეზოში კაცები თავ-თავიანთ დახვეულ ქვეშაგებს შლიან. ოტალორა ბუნდოვნად ადარებს ამ ღამეს წუხანდელ ღამესთან. ამჯერად მყარ ნიადაგზე დგას მეგობრების გვერდით. უნდა აღიაროს, რომ პაწია ჩხვლეტას გრძნობს სინდისის მხრიდან იმის გამო, რომ ბუენოს-აირესი არ ენატრება. ლოცვების დაწყებამდე სძინავს, მერე კი იგივე ჯეელი აღვიძებს, წინადღეს მთვრალმა რომ შეუტია ბანდეირას (ოტალორა იხსენებს, რომ ეს კაციც მათთან ერთად იყო; რომ მათ ერთად დალიეს და ქალაქსაც ერთად შემოუარეს; რომ ბანდეირამ მარჯვენა მხარეს დაისვა და სასმელიც არ მოაკლო). აი, ეს კაცი აღვიძებს და ეუბნება, ბოსს შენი ნახვა უნდაო. სახლის წინ, ერთგვარ ოფისში, რომელშიც გრძელი წინკარი მიუძღვება (ოტალორას არასოდეს უნახავს წინკარი, რომლის კარი გარეთ იღებოდეს), აზევედო ბანდეირა მას ელოდება ჩინებულ, ქედმაღლური იერის ქალთან ერთად. ქება-დიდებას არ იშურებს ოტალორასთვის, ჭიქაში მწარე ბრენდის უსხამს, კიდევ უმეორებს, მაგარი ვინმე ჩანხარო, და ეკითხება: ჩრდილოეთისკენ ხომ არ წახვიდოდი ბიჭებთან ერთად ჯოგის წამოსაყვანადო. ოტალორა იღებს ამ შემოთავაზებას. მეორე დილის განთიადზე უკვე ტაკუარემბოს გზას ადგანან. ეს ის მომენტია, როცა ოტალორა ახალ ცხოვრებას იწყებს, დიადი განთიადებისა და ცხენის სუნით გაჟღენთილი დღეების ცხოვრებას. ეს მისთვის სიახლეა, ზოგჯერ - საშინელი, მაგრამ მაინც სისხლში გამჯდარი, რადგან როგორც სხვა ქვეყნების ადამიანები ეთაყვანებიან ზღვას და გულის სიღრმეში გრძნობენ, ისე ჩვენებური მამაკაცები (იმ კაცის ჩათვლით, ვინც ამ ნიშან-სიმბოლოებს ქსოვს) მიელტვიან დაუსრულებელ ველებს, რომელთა ექო ცხენთა ფლოქვებქვეშ ხმიანობს. ოტალორა გაიზარდა იქ, სადაც ყოველთვის მრავლად იყვნენ მეურმეები და თასმებით ტყავის გამწყობები. სულ რაღაც ერთ წელიწადში გაუჩოდ იქცევა. სწავლობს ცხენზე ჯდომას, რემის თავმოყრას, ცხოველის დაკვლას, ცხენის კისერზე ჩამოსაცმელი ლასოსა და ფეხების შემბორკავი ბოლას გამოყენებას, დაღლილობის, ქარიშხლის, სიცივეებისა და მცხუნვარე მზის გაძლებას, პირუტყვის მწყემსვას სტვენა-ყვირილით. მოწაფეობის პერიოდში ერთადერთხელ ხვდება აზევედო ბანდეირას, თუმცა ყოველთვის იცის, რომ სადღაც იქვეა, რადგან „ბანდეირას კაცად“ ყოფნა სახუმარო საქმე არ არის: ასეთის, არსებითად, ეშინიათ. სულერთია, რამდენი ვაჟკაცური ძალა და სიმამაცე უნახავთ, გაუჩოების თქმით, ბანდეირა მაინც უკეთ აკეთებს. ერთ-ერთი ამბობს: ჩემი აზრით, ბანდეირა რიო გრანდე დო სულში დაიბადაო. ეს ფაქტი, რომელმაც მათი შეფასება ერთი-ორი ნიშნულით ქვემოთ უნდა დასწიოს, ბანდეირას აურას სავსე ტყეების, ჭაობების, შეუღწეველი და თითქმის უსასრულო მანძილთა ბუნდოვან-ახალი სიმდიდრით მოსავს.
თანდათანობით ოტალორა ხვდება, რომ ბანდეირა ბევრ რამესაა მოკიდებული და რომ მისი მთავარი საქმე კონტრაბანდისტობაა. მენახირეობა მოსამსახურედ ყოფნას ნიშნავს და ოტალორაც გადაწყვეტს, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს, ანუ კონტრაბანდისტი გახდეს. ერთ ღამეს მისი ორი კომპანიონი საზღვარზე უნდა გადავიდეს და რამდენიმე პარტია ბრენდი უნდა გადმოიტანოს. ოტალორა ერთ მათგანს ჩხუბში იწვევს, დაჭრის და მის ადგილს იკავებს. ამბიციაც ამოძრავებს და, იმავდროულად, ბნელი ლოიალობაც: „ერთხელ და სამუდამოდ ბოსს უნდა ვუჩვენო, რომ მის ყველა ურუგვაელს ერთად აღებულს ვჯობივარ“.
გადის კიდევ ერთი წელი და ოტალორა მონტევიდეოში ბრუნდება. ჯერ გარეუბნებში მოდიან ცხენებით, მერე ქალაქში, რომელიც ოტალორას უზარმაზარი ეჩვენება. ბოსის სახლის უკანა ეზოში კაცებს საწოლები გაუშლიათ. დღე დღეს მიჰყვება, ოტაროლა კი ბანდეირას ვერ ხედავს. შიშნეულად ამბობენ, ავად არისო. ერთი შავი მამაკაცი ჩაიდანს იღებს და ოტაროლასთან ერთად მატეს სვამს ამ უკანასკნელის ოთახში. ერთ ნაშუადღევს ოტალორას სთხოვენ, რაღაცები წაუღოს ბანდეირას. ის თავს დამცირებულად გრძნობს, თუმცა თითქოს ეამაყება კიდეც.
საწოლი ოთახი ბნელია და უბადრუკი. აქვს აივანი, რომელიც დასავლეთს გაჰყურებს, გრძელი მაგიდა, რომელზეც უწესრიგოდ ყრია შოლტები და მათრახები, მოსართავები, რევოლვერები და დანები, შორეულ კუთხეში - დაბინდულშუშიანი სარკე ჩანს. ბანდეირა ზურგზე წევს, თვლემს და შიგადაშიგ გმინავს. პირდაპირ ეცემა დაისის მზის უკანასკნელი მცხუნვარება. დიდი თეთრი საწოლი ბანდეირას უფრო პატარას და რაღაცნაირად მეტად ბუნდოვანს აჩენს. ოტალორა ამჩნევს მის ჭაღარა თმას, დაქანცულობას, უძლურებას და ასაკის მანიშნებელ ღარებს. უეცრად აღიზიანებს იმის გაფიქრება, რომ, აი, ეს მოხუცი აძლევს მათ ბრძანებებს. ერთი ჩხვლეტა საკმარისი იქნება ამ ყველაფრის მოსაგვარებლადო, ფიქრობს ოტალორა. სწორედ ამ დროს ხედავს სარკეში, რომ ოთახში კიდევ ვიღაც არის. ის წითურთმიანი ქალი შემოსულა - ფეხშიშველი, სანახევროდ ჩაცმული - და ცივი ცნობისწადილით უყურებს ოტალორას. ბანდეირა წამოჯდება. სანამ ლაპარაკობს და მატეს მატეზე წრუპავს, თითებით ქალის თმას ეთამაშება. ბოლოს, ოტალორას წასვლის ნებას რთავს.
რამდენიმე დღის შემდეგ ისინი კვლავ ჩრდილოეთისკენ გამგზავრების ბრძანებას იღებენ. მიდიან ღვთისგან დავიწყებულ ერთ რანჩომდე (რომელიც ყველგან შეიძლება იყოს) უსასრულო ველების შუაგულში. ამ ლანდშაფტს არც ხე არბილებს და არც მდინარე. პირველი სხივიდან უკანასკნელამდე მზე უმოწყალოდ ეღვრება ზედ. არის ქვის ბაკები გრძელრქიანი და ბეჩავი პირუტყვისთვის. ამ საბრალო ადგილს ჰქვია El Suspiro - ოხვრა. დაქირავებული მუშებისგან ოტალორას ესმის, რომ ბანდეირა მალე ამოვა მონტევიდეოდან. რა მიზნითო, იკითხავს, და ვიღაც უხსნის: აქ უცხოელია, ვითომც გაუჩო, მეტისმეტად მაღალი აზრის საკუთარ თავზეო. ოტალორა ამას ხუმრობად იღებს, თუმცა ნასიამოვნებია, რომ ასეთი ხუმრობა შესაძლებელია. მოგვიანებით შეიტყობს, რომ ბანდეირას ჩხუბი მოსვლია რომელიღაც პოლიტიკოსთან, რომელსაც უკან წაუღია თავისი მფარველობა. ოტალორას სიამოვნებს ეს სიახლე. მოაქვთ იარაღიანი ყუთები, ვერცხლის პირსაბანი და დოქი ქალის ოთახისთვის, დახვეწილორნამენტებიანი ფარდები. ერთ დილას მთიდან სქელწვერა და პონჩოიანი მხედარი ეშვება. ულპიანო სუარესი ჰქვია და ბანდეირას ბრიგადირია. ძალიან ცოტას ლაპარაკობს და, როცა ხმას იღებს, მის მეტყველებას რაღაც ბრაზილიური დაჰკრავს. ოტალორა ვერ ხვდება, რას მიაწეროს ამ კაცის თავშეკავება: მტრულ განწყობას, ზიზღს თუ, უბრალოდ, სიველურეს, თუმცა იცის, რომ თავისი გეგმის განსახორციელებლად ამ კაცის კეთილგანწყობა სჭირდება. ამ მომენტში ბენჯამინ ოტალორას ცხოვრებაში იჭრება წაბლა ცხენი შავი ფეხებით, ფაფრითა და დრუნჩით. აზევედო ბანდეირას ეს ცხენი სამხრეთიდან მოჰყავს. მისი სადავეცა და სხვა მოსართავებიც ვერცხლით არის დაწინწკლული, ხოლო უნაგირზე იაგუარის ტყავი გადაუკრავთ. ეს უჩვეულო ცხენი ბოსის აღმატებულობის სიმბოლოა. აი, რატომ უჩნდება ჭაბუკს ლტოლვა ამ პირუტყვისკენ და, ამასთანავე, შურით აღსავსე ლტოლვა მანათობელთმიანი ქალისადმი. ქალი, მოსართავები, ცხენი: აი, ატრიბუტები (მახასიათებლები) კაცისა, რომლის განადგურებასაც ოტალორა აპირებს. აქ ეს ამბავი უფრო ღრმავდება და უფრო რთულდება. აზევედო ბანდეირა სრულყოფილად ფლობს მზარდი დამცირების ხელოვნებას, სატანურ უნარს - ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაამციროს თანამოსაუბრე ჭეშმარიტებათა და თავის დაძვრენების კომბინირებით. ოტალორა გადაწყვეტს გამოიყენოს იგივე ორაზროვანი მეთოდი იმ მძიმე ამოცანის განსახორციელებლად, თავს რომ დაუსახა. ფიქრობს, რომ ნელ-ნელა განზე გასწევს აზევედო ბანდეირას. საერთო საშიშროების დღეებში ახერხებს მოიპოვოს სუარესის ნდობა. მერე თავის გეგმასაც აცნობს და ისიც დახმარებას აღუთქვამს. მომდევნო ამბებიდან ზოგი რამ ჩემთვის ცნობილია: ოტალორა არ ემორჩილება ბანდეირას, ივიწყებს ან აუმჯობესებს მის ბრძანებებს, ზოგჯერ კი უკუღმა ასრულებს. სამყარო თითქოს თანაუგრძნობს მას და მოვლენები სწრაფად ვითარდება. ერთ შუადღეს ატყდება ორმხრივი სროლა რიო გრანდე დო სულას კაცებთან ტაკუარემბოს მომიჯნავე ველებზე. ოტალორა ახერხებს ბანდეირას უფლებათა უზურპირებას და თვითონვე აძლევს ბრძანებებს ურუგვაელებს. თვითონ მხარში იჭრება, თუმცა იმ ნაშუადღევს ელ სუსპიროში ბრუნდება ბოსის წაბლა ცხენით, იმავე ნაშუადღევს იაგუარის ტყავგადაკრულ უნაგირს რამდენიმე წვეთი სისხლი ეწვეთება, იმ ღამეს კი თმამოელვარე ქალთანაც წვება. სხვა ვერსიებში შეცვლილია ამ ცდომილებათა თანმიმდევრობა და ისიც კი უარყოფილია, რომ ეს ყველაფერი ერთსა და იმავე დღეს მოხდა.
მაგრამ სახელით მაინც ბანდეირა რჩება ბოსი: იძლევა ბრძანებებს, რომლებიც არ სრულდება. ბენჯამინ ოტალორა არასოდეს ეხება მას, თუ არა ჩვევისა და სიბრალულის ერთგვარი ნარევით.
ამ ისტორიის ბოლო სცენა 1894 წლის უკანასკნელ ღამეში თამაშდება. იმ ღამეს ელსუსპიროელი კაცები ახალდაკლულ ბატკანს ჭამენ და მაგარ ლიქიორს სვამენ. ვიღაც გაუთავებლად აჟღარუნებს მილონგას. სუფრის თავში მთვრალი ოტალორა ზის, დღესასწაულისგან დღესასწაული გამოჰყავს, ზეიმს ზეიმზე ახვავებს და ეს თავბრუდამხვევი კოშკი სწორედაც მისი უმოწყალო ბედის სიმბოლოა. ბანდეირა უსიტყვოდ ზის ამ გაყოყოჩებულ მოტრაბახე კაცებში და არაფრით აბრკოლებს ღამის ხმაურიან სვლას. როცა, ბოლოს და ბოლოს, საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, წამოდგება, როგორც კაცი, რომელსაც წინდაწინ დანიშნული შეხვედრა გაახსენდა. ქალის ოთახთან მიდის და მსუბუქად აკაკუნებს კარზე. ისიც იმწამსვე აღებს, თითქოს ამ კაკუნს ელოდაო, და გარეთ გამოდის შიშველი ფეხებითა და ნახევრად შემოსილი სხეულით.
- რაკი შენ და იმ ქალაქელ ფრანტს ერთმანეთი გიყვართ, მიდი და აკოცე ყველას თანდასწრებით! - უბრძანებს ბოსი ნაზი და შემპარავი ხმით და ამ სიტყვებს უხამს დეტალსაც ამატებს. ქალი ცდილობს შეეწინააღმდეგოს, მაგრამ ორი კაცი მკლავებით ბღუჯავს, ჰაერში სწევს და ზედ ამხობს ოტალორას. ცრემლებმოღვარღვარე ქალი მას სახესა და მკერდს უკოცნის, ულპიანო სუარესი კი თოფს ესვრის. სანამ სულს დალევდეს, ოტალორა ხვდება, რომ პირველივე წამიდან გაყიდეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, საშუალება მისცეს - ჰყვარებოდა, ეხელმძღვანელა და გაემარჯვა, რადგანაც, პრაქტიკულად, ის უკვე მკვდარი იყო. ჰო, ბანდეირასთვის, ის მკვდარი იყო.
სუარესი ისვრის - თითქმის ღიმილით.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მაისი 21, 2025.
საათი: 7:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
Die neue Saison steht vor der Tür – und mit ihr kommen auch die Neue trikots! Atlético Madrid hat in Zusammenarbeit mit Nike das brandneue Auswärtstrikot für die Spielzeit 25/26 vorgestellt. Und eines ist sicher: Dieses Trikot wird nicht nur die Herzen der Fans höherschlagen lassen, sondern setzt auch modisch neue Akzente.
Das Design überzeugt mit einem tiefen Marineblau, kombiniert mit auffälligen gelben Details. Diese Farbgebung bringt nicht…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•