ანრი გიდელი - კოკო შანელი

ბიოგრაფია

       ის არის ყველაზე ჭკვიანი, სასიამოვნო და ძლიერი ქალი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ.

უინსტონ ჩერჩილი

მისი ელეგანტურობა მათ წარმოსახვასაც კი აღელვებს, ვინც ნაკლებად არის საქმეში ჩახედული.

კრისტი ანდიორი

კოკო შანელი მეუბნებოდა: „ადამიანი-ლეგენდა განწირულია, მითს შეერწყას და ამით განამტკიცოს იგი“. თვითონ სწორედ ასე მოიქცა. საკუთარ თავს ყველაფერი გამოუგონა - ოჯახი, ბიოგრაფია, დაბადების თარიღი, სახელიც კი.

სალ ვადორ დალი

        ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ამიტომაც არ ღირს დანებება! სიღარიბე სულაც არ არის ფუფუნების საპირისპირო ცნება. ნამდვილი ელეგანტურობა მოძრაობის თავისუფლებას გულისხმობს.

        ელეგანტურობას არ ქმნის ახალი კაბა. ელეგანტურია - იმიტომ რომ ელეგანტურია და ახალი კაბა აქ არაფერ შუაშია. შესაძლებელია იყო ელეგანტური მაშინაც კი, როცა უბრალო ქვედაბოლო და სწორად შერჩეული ბლუზა გაცვია. უბედურება იქნებოდა, ელეგანტურობის გამო მხოლოდ შანელთან იცვამდე.ეს ხომ გზღუდავს... ჩინებულად რომ გამოიყურებოდე, სულაც არ არის აუცილებელი, იყო ახალგაზრდა და ლამაზი.ჩემი ჩაცმის მანერით გარშემომყოფთა და ცინვას ვიმსახურებდი, მაგრამ სწორედ ეს იყო ჩემი წარმატების საიდუმლო. მე არ ვგავდი სხვებს.

კოკო შანელი

პრელუდია

       1895 წლის მარტი. ბრივიდან ტულისკენ მიმავალი მიხვეულ-მოხვეული გზა გორაკზე ადის. ეს გზა ვიწროა, გაცილებით ვიწრო, ვიდრე ახლა, ჩვენს დროში. ბორცვებზე ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ შერჩენილა თოვლის თეთრი ლაქები, ზამთრის მზე რომ ვერ მორევია. გორაკზე ძლივძლივობით მიყანყალებს რუხი ბრეზენტით გადახურული ორთვალა, რომელსაც ერთი ჯაგლაგი ცხენი მიათრევს. მეეტლე ნაოჭებიან პერანგში გამოწყობილი, ლამაზი, შავულვაშიანი, ორმოცი წლის შავგვრემანი მამაკაცია. უბრალო, ღარიბულ ეტლში ერთმანეთს მიკრული სამი გოგონა ზის; გამხდარი, სევდიანი სახეები აქვთ, თავზე ფოჩებიანი თავსაფრები წაუკრავთ. ერთი საათის შემდეგ ორთვალა ობაზინის ძველ სააბატოში, ობოლთა თავშესაფართან ჩერდება. სააბატოს ირგვლივ ქალაქს პატარა სახლები აკრავს. აქ მთავრდება სამი პატარა მგზავრის გზაც. პატრონის მოლოდინში ჭიხვინებს და ფრუტუნებს მოედნის ერთ-ერთ ჭადარზე ავშარათი მიბმული ჯაგლაგი. მალე მასიური, ლურსმნებით შეჭედილი კარი იღება და მეეტლე მარტო გამოდის შენობიდან. ლაღად მოაბიჯებს, თითქოს იღიმება კიდეც. ეს ალბერტ შანელია - ბაზრობის მოვაჭრე; ის სამი გოგონა კი, რომლებიც თავშესაფარში დატოვა, მისი ქალიშვილები არიან. სულ ცოტა ხნის წინ მათ დედა გარდაეცვალათ და მამამ გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა ისინი. გოგონები მამას ვეღარასოდეს ნახავენ. ქალიშვილებიდან უფროსს ჯულია ჰქვია. იგი ცამეტი წლისაა; საშუალო - გაბრიელი - თორმეტისაა, ხოლო უმცროსი - ანტუანეტა, მხოლოდ შვიდის. ოცი წლის შემდეგ გაბრიელს კოკო შანელის სახელით გაიცნობს მთელი მსოფლიო.

ბაზრობის მოვაჭრეთა ოჯახი

       გაბრიელის მამა ნიმში დაიბადა, თვითონ გაბრიელი - სომურში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველთვის დაჟინებით იმეორებდა, მე ოვერნიდან ვარო. ეს პარადოქსია, მაგრამ არც ისეთი არსებითი - მისგან უარესს გაიგონებდით! რეალურად, ყველაფერი გაცილებით რთულად იყო. შანელების ოჯახის ფესვები გარის დეპარტამენტის ჩრდილოეთით, სევენის მხარეშია საძიებელი. სწორედ აქ, მკაცრ, მთელი ზამთრის მანძილზე თოვლით დაფარულ მიწებში ჩაკარგულ პატარა სოფელ პონტეილში თუ მივაგნებთ კოკოს წინაპართა კვალს. ადგილობრივთა ძირითადი საარსებო წყარო წაბლის შეგროვება ყოფილა. შემოდგომაზე საქონელი ბაზრობაზე გაჰქონდათ გასაყიდად. იმხანად, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, წაბლი მათთვის საარსებო ლუკმაზე მეტს ნიშნავდა. საღამოობითა და ყოველ კვირა დღეს სოფლის მცხოვრებლები პატარა სამიკიტნოში იკრიბებოდნენ. ეს ერთადერთი გასართობი ადგილი იყო მთელს ოლქში. კლიენტები გვიანობამდე რჩებოდნენ, სვამდნენ, ჭამდნენ, ამ მხარის ლეგენდებს ყვებოდნენ და ერთმანეთს ახალ-ახალ ჭორებსაც უზიარებდნენ. სამიკიტნო ყოფილ ფერმაში იდგა - მკვიდრად ნაშენ ქვის შენობას სქელი კედლები და ვიწრო, სათოფურების მსგავსი ფანჯრები ჰქონდა. ნაგებობა თითქოს თავისთავად ამოზრდილიყო სევენის მიწიდან. ეს მიწა უამრავ ძველთაძველ თქმულებას ინახავდა, საუკუნოვანი წაბლის ხეები კი, ათასობით რომ იზრდებოდნენ უსასრულობამდე გადაჭიმულ გორაკებზე, ჩურჩულით ჰყვებოდნენ ამ გადმოცემებს. ის, ვინც ადგილობრივ გლეხებს მომჟავო ღვინით უმასპინძლდებოდა (რაც მათ სავსებით აკმაყოფილებდათ, რადგან უკეთესი არც გაესინჯათ), გაბრიელის ბაბუის მამა - ჟოზეფ შანელი იყო. იგი ამ სოფელში დაიბადა 1792 წელს, რევოლუციის ეპოქაში. გარდა ადგილობრივი „დელიკატესისა“, ჟოზეფი და მისი მეუღლე თავიანთ კლიენტებს სთავაზობდნენ ცეცხლივით არაყს, იქვე, დარბაზში გამომცხვარ უგემრიელეს პურს, კარაქსა და ნივრიან ძეხვს, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობდა. თუმცა, ეს საქმე, როგორც ჩანს, დიდ შემოსავალს არ იძლეოდა, რადგან შანელების ოჯახი სახლის მხოლოდ იმ ნაწილს ქირაობდა, რომელიც უშუალოდ კლიენტების მისაღებ საერთო დარბაზს ეკვროდა და თანაც საკმაოდ ღარიბულად იყო მოწყობილი: იქ იყო ბუხარი თუჯის გაჭვარტლული დაფით, ფარდის უკან საწოლი იდგა, ჭერში მრგვალი ნავთის ლამპა ეკიდა. შანელების სარგებლობაში იყო ნახევრად ბნელი, პატარა ოთახი, სადაც ჩალის ქვეშაგებზე ბავშვებს ეძინათ; ასევე მარანი, რომლის თაღებიც ნესტისგან ბზინავდა. ჟოზეფს საკუთარი ხელით გამოეჩორკნა სკივრი, რომელშიც ცოლი თეთრეულსა და ტანსაცმელს ინახავდა. მისივე ნახელავი იყო ძველი მაგიდა და სკამები სამიკიტნოს სტუმრებისათვის. თავისი სადურგლო ოსტატობით მიამიტურად გაამაყებული, გასული საუკუნის ავეჯის ოსტატთა ქმნილებების მიბაძვით დამზადებულ უბრალო, სადა ნაკეთობებზე უყოყმანოდ ამოტვიფრავდა ხოლმე საკუთარ დამღას, მაგრამ ღვთისმოსავ კათოლიკეს მკრეხელობად მიაჩნდა ინიციალების - „J. C.“ -ს დასმა (რაც იესო ქრისტეს ინიციალებს ემთხვეოდა) და ამიტომაც, უბრალოდ, ორმაგ „C“-ს ამოჭრიდა (რას წარმოიდგენდა, რომ მომავალში ამ ნიშანს საოცარი და სახელოვანი ბედი ელოდა!). 1830 წლიდან 1842 წლამდე ჯოზეფ შანელს ხუთი შვილი ეყოლა - ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი; ვაჟიშვილებიდან ჩვენთვის საინტერესოა მეორე - ანრი-ადრიენ შანელი, გაბრიელის ბაბუა, რომელიც 1832 წელს, ლუი-ფილიპეს მმართველობის დასაწყისში დაიბადა. გაურკვეველი იყო, მას - „ლე შანელს“ (პატივისცემის ნიშნად, სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მას თანასოფლელები), მომავალში რითი უნდა ერჩინა თავი: მამისეული სამიკიტნოს მიღებაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა - ტრადიციის თანახმად, ოჯახის კომერციული საქმე მემკვიდრეობით უფროს ვაჟს გადაეცემოდა. სხვა რა გზა იყო? მასაც, როგორც დანარჩენ ძმებს, სოფლად დღიურ მუშად უნდა ემუშავა და გლეხებისათვის თავისი ღონე, ხელები და გამოცდილება „მიეყიდა“, რაც იმხანად კარგად ფასობდა. მიწის საქმე კარგად იცოდა. დასანანი იყო, მაგრამ სხვა არც არაფერი უსწავლია.

საუბედუროდ, 1850-იან წლებში რეგიონი საშინელმა კრიზისმა მოიცვა; წაბლის ხეებს, ადგილობრივთა ძირითად საარსებო წყაროს, რაღაც დაავადება გაუჩნდა და ფოთოლიცა და მერქანიც ერთიანად გაუხმო. წარმოიდგინეთ ათასი მომაკვდავი ხე, ცისკენ აზიდული გაშიშვლებული ტოტებით. რომელი აგრონომი დაინტერესდებოდა ასეთი უნაყოფო მიწით? იქნებ უბედურება თავისთავად გამქრალიყო, გაფანტულიყო, როგორც ცუდი სიზმარი? ყოველგვარი იმედი ამაო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ყველა წმინდანს უხმობდნენ საშველად, ლამის ჯვაროსნულ მსვლელობებსაც კი აწყობდნენ, ზეცას არ ესმოდა მათი ვედრება. და მაშინ დაიწყო მასობრივი „გამოსვლა“ სევენის მიწიდან.

        პირველად ახალგაზრდობა აიყარა. ჟოზეფი თავის სამიკიტნოში დარჩა, მისმა შვილებმა კი იქაურობა დატოვეს და სამუშაოს საძებრად გაემართნენ. ანრი-ადრიენი 1854 წელს წამოვიდა სოფლიდან. მაშინ 22 წლისა იყო. შეეძლო, სოფლიდან შვიდი-რვა საათის სავალზე, დაბა ალესში დასახლებულიყო და ქვანახშირის მაღაროში მუშად დაეწყო მუშაობა, მაგრამ იქ ჩასვლა ვერ გაბედა, რადგან ქალაქი აშინებდა და ამჯობინა, უფრო ახლოს, სენ-ჟან-დე-ვალრიკლში ეცადა ბედი. იქ მუშად დადგა აბრეშუმის ჭიის საშენში, რომელიც ფურნიეების ოჯახს ეკუთვნოდა, და თავდაუზოგავად დაიწყო ზრუნვა თუთის ხეებზე, აბრეშუმის ჭიებსა და პარკებზე. მოსწონდა ეს საქმე, რომელიც სავსებით შეესაბამებოდა მის მარტივ, გლეხურ განათლებას; მეპატრონეც, თავის მხრივ, სიხარულით აღარ იყო, ასეთი თავგამოდებული და მუყაითი მუშა რომ იშოვა. ასეც გაგრძელდებოდა, რომ არაერთი საბედისწერო შემთხვევა: ახალ მუშას თვალში მოუვიდა მეპატრონის ქალიშვილი - ვირჯინია-ანჟელინა, რომელსაც ის-ის იყო 16 წელი შესრულებოდა. ეს სახიფათო კავშირი მალე გამოაშკარავდა. თანასოფლელთა თვალში კომპრომეტირებულ საბრალო ანჟელინას სამუდამოდ საქმროს გარეშე დარჩენა ემუქრებოდა. რაც მთავარია, შემცდენელი ვიღაც მაწანწალა, კონკია ჟღარუნა იყო, რომლის მთელი ავლადიდება რუხი მაუდის ერთ აბგაში ეტეოდა. ცოლ-ქმარ ფურნიეებს ყველაზე მეტად ეს აცოფებდა; მაგრამ, რა უნდა ექნათ?! როგორმე ცოდვა უნდა დაემალათ და შეცდენილი ქალიშვილის მშობლებმა „დამნაშავეს“ გამოუცხადეს: თუ უარს იტყვი ქორწინებაზე, პირდაპირ ჟანდარმებს ჩაგაბარებთო; გოგონა ხომ არასრულწლოვანი იყო! ახალგაზრდებს სასწრაფოდ დასწერეს ჯვარი პატარა სოფელ განიერში, ბესეჟის მახლობლად. ეს ამბავი 1854 წელს მოხდა. მაგრამ ახალგაზრდები ვერ დარჩებოდნენ იმ მხარეში, სადაც არ წყდებოდა მათზე მითქმა-მოთქმა და ჭორაობა, სადაც ყველა მათკენ იშვერდა თითს და გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი იქიდან სამხრეთით, 15 ლიეს დაშორებით მდებარე ქალაქ ნიმში დასახლდებოდნენ. ნიმი დიდი ქალაქი იყო. იქ მათ არავინ იცნობდა, ადვილად შეეძლოთ „გაუჩინარება“. ცოლ-ქმარი ფურნიეთა მხრიდან პატიებისა და შეწყალების იმედი არ უნდა ჰქონოდათ, არც ახლა და არც მომავალში; მათთან ურთიერთობა სამუდამოდ გაწყდა. ასეთი იყო მათი წრის მკაცრი მორალი. ანრი-ადრიენი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, არ იცოდა, როგორ, რა სახსრებით ერჩინა ოჯახი. ქალაქი ნიმი საცხოვრებლად იმიტომ შეარჩია, რომ იმედი ჰქონდა, ბევრ თანასოფლელს ვნახავო. ისინი უფრო ადრე გამოექცნენ სიღარიბეს და ნიმში მოეწყვნენ, როგორც, მაგალითად, მისი ღვიძლი ძმა - ერნესტი, რომელიც ქალაქში თევზით ვაჭრობდა. ცხადია, ანრი-ადრიენი სწორედ მისი დახმარებით დასახლდა ქალაქის ძველ ნაწილში, ბა დ’არჟანის ქუჩაზე, ნიმის ყველაზე დიდი ბაზრის შორიახლოს. ფიქრობდა, ვაჭრობით გავიტან თავსო, მაგრამ მალე იმედები გაუცრუვდა - სოფლელმა გლეხმა ქალაქში ალღო ვერ აუღო ვაჭრობას; არ იცოდა, როგორ მიესაღებინა ქალაქელებისთვის თავისი საქონელი; დახლზე უწესრიგოდ, გროვებად ეყარა ყველაფერი: ყელსახვევები, შარფები, ბერეტები, სამუშაო ტანსაცმელი; არც ვაჭრის პროფესიისთვის საჭირო ჩვევებს ფლობდა. მაშინ იმაზე დაფიქრდა, იქნებ ხელზე მოვაჭრედ გამოვდგე და ამ საქმეში უფრო მომემართოს ხელიო და გადაწყვიტა, თავისი საქონელი ბაზრობიდან ბაზრობაზე ეტარებინა, სადაც სავაჭროდ გლეხებიც ჩამოდიოდნენ. აი, მათთან კი ნამდვილად გამონახავდა საერთო ენას. მართლაც, ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, რომ ამ ხელობით შეძლებდა თავის რჩენას. თანაც, ეს საქმე მის მოხეტიალე ნატურასაც კარგად ეწყობოდა, რადგან აღმა-დაღმა წანწალი და მოგზაურობა მისი სტიქია იყო - ამით ის მონოტონურ ყოველდღიურობას გაურბოდა. და აი, სად არ ხედავენ ანრი-ადრიენს - დეპარტამენტის თითქმის ყველა ბაზრობაზე ჩანს: სენ-ჟან-დიუ-გარში, ანდუზში, რემულენსა თუ იუზეეში, პონ-სენ-ესპრისა თუ ეგ-მორტში. გარის გზებზე ყველა ცნობს მის დანჯღრეულ ურიკას, რომელიც ხან მინდორში მიიკვლევს გზას, ხან კი ეგიუიას გორაკების დახვეულ ბილიკებზე მირახრახებს. წლის ნებიმიერ დროს, ზაფხულის თაკარა მზის ქვეშ თუ სევენის ხანგრძლივი ზამთრის ფაფუკ თოვლში, მისი ურიკა ერთი ბაზრობიდან მეორისაკენ მიდის, მიგორავს. ანრი-ადრიენმა ამ წანწალში იმდენი მოახერხა, რომ ბავშვების მთელი ჯგრო გააჩინა, დაზუსტებისთვის გეტყვით, რომ ცხრამეტი შვილი ეყოლა. იმ დროს, მეცხრამეტე საუკუნეში, ასეთი მრავალშვილიანობა, დღევანდელობისაგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაგალითისთვის გავიხსენოთ თუნდაც ადოლფ ტიერი, რომელიც რიგით მეცხრამეტე ბავშვი იყო ოჯახში. ანრი-ადრიენის პირველი შვილი - ალბერტი, 1856 წელს დაიბადა. სწორედ ის გახლავთ გაბრიელის მამა. ალბერტის დედა, - ანჟელინა, რომელსაც იმ დროისთვის 19 წელი შეუსრულდა, მარტო წავიდა სამშობიარო თავშესაფარში, რადგან ქმარი, იმის შიშით, არ გავკოტრდეო, ბაზრობაზე შეყოვნდა და მეუღლის საპატრონოდ ვერ ჩამოვიდა. მშობიარე ქალს ოჯახის არც სხვა წევრი დახმარებია. ასეთი ზნე-ჩვეულებები იყო გამეფებული მათს წრეში, კანონი - „ყველამ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე“ - აქ არავის აკვირვებდა. მრავალრიცხოვან და-ძმას შორის ალბერტი გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდა 1863 წელს დაბადებულ პატარა ლუიზას - გაბრიელის მომავალ მამიდას. ბავშვებს ოჯახის ბიუჯეტში თავისი წვლილი შეჰქონდათ: თიბვის ან რთველის დროს მშობლები მათ „აქირავებდნენ“ ხოლმე; ხან კი პატარები თავებზე შემოიწყობდნენ გასაყიდი თეთრეულითა და ტანსაცმლით გატენილ მძიმე ფუთებს და ბაზრამდე მიჰქონდათ. ტრადიციისამებრ, ალბერტმა მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო ხელობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა, თავი დაეღწია სიღარიბისთვის. მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახურის ვადა მოიხადა, ალბერტმა კიდევ რამდენიმე წელი იცხოვრა მშობლებთან. ამ ხნის მანძილზე ხელზე მოვაჭრის პროფესია უკეთ აითვისა. ენაწყლიანი ალბერტი თავისი უშრეტი მჭევრმეტყველების წყალობით იოლად იზიდავდა მუშტარს და საქმეც კარგად მისდიოდა. და აი, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, ფრთები გაეშალა და, მშობლის მსგავსად, მასაც მოხეტიალე ცხოვრება დაეწყო. მამაზე გაბედულმა და რისკის მოყვარულმა ალბერტმა საქონელი მეზობელ დეპარტამენტშიც გაიტანა. ბევრ სხვა ნაწარმთან ერთად, ვაჭრობდა საგალანტერიო საქონლით, ტკბილეულით, თაფლაკვერებით და ღვინითაც კი. მყიდველს ვარდისფერ კაბასთან ერთად „დამატებით“ ჭიქა ღვინოს სთავაზობდა ძეხვის ბუტერბროდთან ერთად. ასეთი ხრიკებით ხშირად აგულიანებდა მუშტარს და რამდენიმე ბოთლ, ან ხშირად ერთ კასრ ღვინოსაც შეასაღებდა ხოლმე. ერთხელაც, 1881 წლის ნოემბერში, ალბერტი თავისი ორთვალათი სენ-მარტენის ბაზრობაზე ჩავიდა და სავაჭრო ფარდული პატარა ქალაქის - კურპიერის მოედანზე დადგა. ეს ქალაქი პუი-დე-დომის დეპარტამენტის ჩრდილოეთით, ტიერთან ახლოს მდებარეობდა. კურპიერი, რომელშიც იმხანად 2000-მდე მაცხოვრებელი თუ დაითვლებოდა, გაშენებული იყო მშვენიერი და თევზით მდიდარი მდინარის - დოუს ხეობაში. კვირაობით იქ მთელი ოლქიდან ჩამოდიოდნენ კალმახზე თევზაობის მოყვარულები. ქალაქის ცენტრში აღმართული იყო ჯერ კიდევ კაროლინგების ეპოქაში აგებული წმ. მარტინის ეკლესია, რომლის გარშემოც ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილი, შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი, სახლები ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს ქმნიდნენ. ქალაქის მოსახლეობას წარმოადგენდნენ გლეხები, ხელოსნები (მეთუნეები, თერძები, ხარაზები, ხის საბოების ოსტატები და სხვა), ასევე, კომერსანტები, რომელთა აქტიური საქმიანობის დასტური იყო ქალაქის ცენტრში არსებული რამდენიმე ბაზარი. გარდა ტრადიციული სავაჭრო რიგებისა, აქ იყო წაბლის, ნართის, სამეთუნეო და ხის საბოების ფარდულებიც.

       როდესაც ალბერტმა ნახა, რომ აქ ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, ცდუნებას ვერ გაუძლო და გადაწყვიტა, მკვდარი სეზონი ამ ქალაქში გაეტარებინა. ბინად ვინმე მარენ დევოლთან გაჩერდა. დევოლი ბავშვობიდან ობოლი იყო. შთამომავლობით მას ხუროს პროფესია ერგო. ამ მეტად სერიოზული რეპუტაციის მქონე ახალგაზრდას დაკისრებული ჰქონდა მეურვეობა უმცროს დაზე, ცხრამეტი წლის ჟანაზე, რომელიც მკერავის ხელობას ეუფლებოდა და ცხოვრობდა ბიძასთან - ადგილობრივ მევენახესთან, ოგიუსტენ შარდონთან, რომელმაც ცამეტი წლის წინ, მას შემდეგ, რაც გოგონას დედა გარდაეცვალა, ჟანა თავისთან წამოიყვანა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მექალთანე და ხანმოკლე თავგადასავლების მოყვარულ ალბერტს არ გაუჭირდებოდა სახლის მეპატრონის ახალგაზრდა დის შეცდენა. გამოუცდელი გოგონა, რომელიც კლერმონ-ფერანშიც კი არ იყო ნამყოფი, რომ არაფერი ვთქვათ ტიერსა და რიომზე, ალერსიანი სიტყვებით მოხიბლული, ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე მახლობელი ბეღლის კართან, იქიდან კი ერთი ნახტომით რბილ და სურნელოვან თივაში, სადაც სქელი აბლაბუდა ბალდახინის მაგივრობას სწევდა. სხვათა შორის, კურპიერში ჟანა არ იყო ერთადერთი ქალი, რომელიც ჩვენმა ლოველასმა შეაცდინა, მაგრამ ის იყო ერთადერთი, ვინც დაფეხმძიმდა. დღე დღეს მისდევდა, ჟანა ცრემლებს ღვრიდა და თავის თავს ეკითხებოდა: რა მოელის მას? რა რეაქცია ექნება ძმას, როცა გაიგებს? არც ალბერტისთვის იყო სიტუაცია მარტივი. ცხადია, ბაზრობებზე მოხეტიალე ვაჭრისთვის ამგვარი „გმირობა“ ახალი ხილი არ ყოფილა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთი გამოსავალი ჰქონდა (ეფექტური, თუმცა არაჯენტლმენური) - გაქცევა! გაქცევა უკან მოუხედავად! ქალაქი კურპიერი კი საკუთარი მარშრუტიდან უნდა ამოეღო. და აი, ერთ დღეს, 1832 წლის ივლისის დილას, მარენმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე თავის მდგმურს კარზე მიუკაკუნა და აღმოაჩინა, რომ ოთახი ცარიელი იყო; ლოგინი გასწორებული, ოთახი კი საგულდაგულოდ მილაგებული დახვდა. გავიდა კიდევ რამდენიმე კვირა და ბიძამ, ოგიუსტენ შარდონმა, შეამჩნია, რომ მის დისშვილს მუცელი დაუმრგვალდა. ვაი, სირცხვილო! საბრალო გოგონამ ქვითინით აღიარა ყველაფერი, მაგრამ ბიძის განაჩენი ულმობელი იყო: შესცოდე და შენვე უნდა აგო პასუხიო! ბიძის სახლიდან გამოგდებულმა ჟანამ ძმას შეაფარა თავი. ალბერტის საქციელით აღშფოთებული დევოლების ოჯახი იმუქრებოდა, არამზადას არ შერჩება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვიპოვითო. გაქცეულის მოსაძებნად დევოლების მთელი კლანი დაირაზმა. მათი დახმარება თავს იდო ქალაქის მერმა - ვიქტორ შამერლამ, რადგანაც არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი კურპიერის ღირსება შეილახა. მაგრამ ალბერტის მოძებნა არც ისე იოლი იყო. მოგეხსენებათ აქეთ-იქით მოწანწალე ვაჭრის ამბავი - ხან სად არის და ხან - სად. რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ალბერტის მშობლების ადგილსამყოფლის დადგენა მოხერხდა. ანრი-ადრიენი და მისი ცოლი დროებით კლერმონში სახლობდნენ, კურპიერიდან ორმოცდაათ კილომეტრში. მუქარით შეშინებულებმა, დევოლებს გაუმხილეს, სად იმყოფებოდა მათი ნაშიერი - ობენი, არდეშის დეპარტამენტი. ჟანა, მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის ბოლო თვეში იყო, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, გაბედულად, მარტოდმარტო დაადგა ობენის გზას. იქ შეიტყო, რომ ალბერტი პანსიონერის უფლებით არხეინად ცხოვრობს სასტუმროში, კარგს სვამს, კარგს ჭამს და დიდი ხალისით იღებს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ საქმიან პარტნიორებს. წარმოიდგინეთ, როგორ აფორიაქდა ალბერტი, როდესაც სასტუმროს ზღურბლზე მის მიერ რამდენიმე თვის წინ შეცდენილი გოგოს არცთუ ისე თხელი სილუეტი დაინახა. მისთვის ეს ყველაფერი უკვე გარდასულ დღეთა ამბავი იყო, მაგრამ რეალობა მთელი თავისი სიმკაცრით დაუდგა თვალწინ. იმას, თუ როგორ მიიღო ბაზრობის ვაჭარმა ჩამოსული ქალი, ვერასოდეს გავიგებთ. ვიცით მხოლოდ ის, რომ მეორე დღეს, საღამოს, ჟანამ იმავე სასტუმროს ღარიბულ ოთახში იმშობიარა, მისთვის მალ-მალე მიჰქონდათ ტაშტებით ცხელი წყალი და წარამარა უცვლიდნენ თეთრეულს. ამჯერად სკანდალის გარეშე თავის დაძვრენა ალბერტისთვის ძნელი იქნებოდა. და რადგან სინდისსა და პატიოსნებაზე ცოტაოდენი წარმოდგენა კიდევ შერჩენოდა, ახალგაზრდა მამამ შვილად აღიარა თავისი სისხლი და ხორცი - პატარა ჯულია, რომელიც ის-ის იყო მოევლინა ქვეყანას (ეს გაბრიელის უფროსი დაა). მაგრამ ალბერტი სულაც არ აპირებდა ჟანასთან ქორწინებას; ეს უკვე სულ სხვა საკითხი იყო და მისთვის სამუდამოდ ხელ-ფეხის შეკვრას ნიშნავდა (მაშინ გაყრა ჯერ კიდევ არ იყო დაშვებული). ოცდაექვსი წლის გამოუსწორებელ მაწანწალას ამის გაფიქრებაზეც კი ცივი ოფლი ასხამდა. მიუხედავად ამისა, მერიამ, „მუნდირის ღირსება რომ არ შელახულიყო“, პატარა ჯულია „კანონიერ ქორწინებაში მყოფი მშობლების“ შვილად ჩაწერა, ხოლო ერთმა ობენელმა მიკიტანმა, რომელსაც არ შეეძლო უარი ეთქვა ისეთი თავქარიანი კლიენტისთვისაც კი, როგორიც ალბერტი იყო, თავისი ხელმოწერით დაადასტურა ეს ტყუილი. ამის შემდეგ ახალგაზრდებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილი უნდა შეერჩიათ. ალბერტი ის კაცი არ იყო, მეუღლის აზრს რომ დამორჩილებოდა, ან ყურად ეღო მისი რჩევა. ის თავად წყვეტდა ყველაფერს. არდეშში დარჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო: ღარიბი მხარე, ცოტა და არცთუ ისე სანდო კლიენტები... ნებისმიერ შემთხვევაში სადმე სხვაგან უნდა ეცადათ ბედი. მაგრამ სად? კურპიერში? დევოლების კლანის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ? არა, ღმერთმა ნუ ქნას! არც ოვერნი ივარგებდა, რადგან იქ მისი მშობლები ცხოვრობდნენ და მათთან სიახლოვე დათრგუნავდა და შებოჭავდა. დაიწყებდნენ მორალის კითხვას... არა, უმჯობესი იქნებოდა, თუ მათგან შორს დაიჭერდა თავს! ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, სომურში წასულიყო. ჟანაც თან გაჰყვა. სხვა რა გზა ჰქონდა? მაგრამ რატომ მაინცდამაინც სომური? როგორც ჩანს, ალბერტმა ივარაუდა, რომ ყურძნის უხვი მოსავლის წყალობით, რითაც ცნობილი იყო ეს ადგილები, შეძლებდა სარფიანად ევაჭრა პრესტიჟული მარკის ღვინოებით. ადრე, ტრიკოტაჟით ვაჭრობისასაც ხომ ახერხებდა ერთი-ორი კასრი სევენური მჟავე ღვინის გაყიდვას! ეს პროექტი კიდევ დიდხანს უფორიაქებდა ფიქრებს. და აი, 1883 წლის იანვარში, ალბერტი, ჟანა და ჯულია სომურში ჩავიდნენ. სამ თვესაც არ გაევლო პირველი შვილის დაბადებიდან, რომ ჟანა ისევ დაფეხმძიმდა. ცოლ-ქმარზე სომურმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ლუარის ფართო და დიდებულ ნაპირებზე; მდინარეზე გადმომდგარ ფრიალო კლდის წვერიდან მას გადმოჰყურებდა ძველი ციხესიმაგრე, რომელიც, მრავალი საუკუნის მანძილზე, თავისი სიმაღლიდან აკვირდებოდა ქალაქის მკვიდრთა ამაო ფუსფუსს. ჩვენ მიერ აღწერილ დროში ქალაქში ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა 16 ათასს არ აღემატებოდა. ასეთი გამოცოცხლების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ქალაქში არსებობდა ჯერ კიდევ რესტავრაციის ეპოქაში დაარსებული, კავალერიის სახელგანთქმული სკოლა. თვალს ახარებდა დახვეწილ, ელეგანტურ უნიფორმებში გამოწყობილი აღსაზრდელებისა და მათი აღმზრდელების ცქერა, კეპები, ტანზე კოხტად მორგებული, მოოქვრილი ღილებით გაწყობილი და ბრანდენბურებიანი მუნდირები, ვერცხლისტარიანი სტეკები - ყოველივე ეს, მართლაც რომ, თვალისმომჭრელ სანახაობას წარმოადგენდა. სკოლის კოხტაპრუწა აღსაზრდელებს დენდებივით ამაყად ეჭირათ თავები. აპოთეოზი კი აგვისტოში დგებოდა, როცა შარდონეს მოედანზე იმართებოდა ასპარეზობა ცხენოსნობაში. შეჯიბრება უამრავ ადამიანს იზიდავდა. სწორედ აქ, ამ ქალაქში, სადაც „ცხენი მეფობდა“, აპირებდა დაფუძნებას შანელების ოჯახი. როგორც ყოველთვის, ალბერტმა საცხოვრებლად ძველი უბანი ამოირჩია, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც თავისი კომერციული საქმიანობის გაშლას აპირებდა. ამჯერად ეს იყო ძველებური, XVI საუკუნეში აშენებული ვიწროფასადიანი სახლი, №29, სენ-ჟანის ქუჩაზე, სადაც უამრავი ფარდული იყო გახსნილი. იქვე ახლოს მდებარეობდა ორი ბაზარი: ერთი - ბილანჟის მოედანზე, პონ-კასარის ხიდთან, მეორე - სენ-პიერის მოედანზე. ცხადია, ალბერტს ხშირად უწევდა სომურის დატოვება, რადგან ანჟუსა და ტურენის ბაზრობებზე დადიოდა. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, საქმე არცთუ ისე კარგად მისდიოდა, რაც იქიდან ჩანს, რომ ერთ უბადრუკ ოთახს ქირაობდა მანსარდაში და იქ, იმ ნესტიან ბუნაგში მისი ჯერ კიდევ პატარა ოჯახი დიდ სივიწროვესა და, ამასთან, დიდ უთანხმოებაში ცხოვრობდა. ამ ვითარებაში ალბერტმა აგრძნობინა ჟანას, რომ მასაც რაიმე საქმისთვის უნდა მოეკიდა ხელი და თავისი სარჩენი ფული ეშოვა. მაგრამ, აბა, სად უნდა ემუშავა საბრალო ქალს? ბაზარში? ფეხმძიმობა ამის საშუალებას არ აძლევდა. რა გაეწყობოდა, გადაწყვიტა, იმ სამუშაოს დასჯერებოდა, რასაც ღმერთი მისცემდა - ან დააუთოვებდა, ან ჭურჭლის მრეცხავად დადგებოდა სასტუმრო „ბელვედერში“, ან მოახლედ მოეწყობოდა ისეთ სახლებში, რომლებიც, ყოველთვის ჩაკეტილია, რადგან იქაური დიასახლისები დიდი სტუმართმოყვარეობითა და გულღიაობით არ გამოირჩევიან. ამგვარად, მშობიარობამდე საბრალო ჟანა მთელ ქალაქში დაწანწალებდა და სამსახურს სთავაზობდა ოჯახებს. ჯერ დაივლიდა სახლებს სანაპიროზე, სადაც ლუარაზე გადებული ხიდები რკალად მოდრეკილიყვნენ, მერე მოკირწყლული ქუჩებით ძლივძლივობით ადიოდა ციხესიმაგრისაკენ მიმავალ ციცაბოზე. ნიადაგ თან დაჰყავდა უფროსი შვილი, რადგან ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდა. მაშინდელი, 1883 წლის, სომურის ძველი კვარტალების (სადაც ლუკმაპურის საშოვნელად დაწანწალებდა ღონემიხდილი და ლოყებჩაცვენილი ჟანა) ცხოვრების ნირი დიდად არ განსხვავდებოდა იმ ეპოქის ცხოვრების წესისაგან, რომელშიც მოღვაწეობდა ბალზაკი. მწერალმა სწორედ ამ უბნებში დაასახლა მელანქოლიური ეჟენი გრანდე.

გაბრიელის ბავშვობა და ყრმობა

       სომური, 1883 წელი. ნაშუადღევის ოთხი საათი. თავშესაფრის შესასვლელთან, ანტიკურს მიმსგავსებული სამკუთხედი პორტალის წინ ჩერდება ახალგაზრდა ქალი. ოც წელზე მეტის არ იქნება. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დღე-დღეზე იმშობიარებს. უშველებელი ლურსმნებით შეჭედილ კარზე ზარს რეკავს. ზარის ხმაზე კარი იღება და შენობაში უშვებს თავჩაქინდრულ სტუმარს. ეს ჟანაა. აქ „განგების დების“ - თავშესაფრის მეურვეთა მზრუნველობით გარემოცული იმშობიარებს. ახალშობილს გაბრიელი დაარქვეს, უბრალოდ გაბრიელ შანელი! სად იყო ამ დროს მამა? იქნებ საქმეების გამო სომურიდან სადღაც შორს იმყოფებოდა და ვერ მოახერხა ჩამოსვლა ცოლის დასახმარებლად? ამას ვერ გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში, მეორე დღეს, როცა მერიაში ბავშვის დაბადების რეგისტრაცია წარმოებდა, მამა ისევ არ ჩანდა და მის მაგივრად ყველაფერი სამმა ხანში შესულმა თავშესაფრის მსახურმა ქალმა გააკეთა; მათვე გადაიხადეს ხაზინაში შესატანი რამდენიმე გროში. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ჟანა ჩაწერეს, როგორც „ქმართან მცხოვრები“, მაშინ, როცა ალბერტისთვის ის მხოლოდ ხასა იყო; გრაფაში - „საქმიანობა“ კი „ვაჭრის ცოლი“ ჩაუწერეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს წოდება უფრო საპატიოდ მიიჩნიეს, ვიდრე რეალობის ამსახველი ტიტული - „სახლის დამლაგებელი“.

        21 აგვისტოს გაბრიელი თავშესაფრის კაპელაში მონათლეს; ნათლობას არც ერთი ნათესავი არ ესწრებოდა. თავისთავად ცხადია, არავინ უწყოდა, სად იყო ალბერტი. რიტუალისათვის საჭირო ნათლიდედა და ნათლიმამაც იქვე, ადგილზე მონახეს. ბუნებრივია, ისინი თავიანთი ნათლულის მშობლებს არც კი იცნობდნენ. როგორც კი ვალი მოიხადეს, ნათლიები უკვალოდ გაქრნენ. შანელების ოჯახმა სომურში კიდევ რამდენიმე თვე იცხოვრა; მოგეხსენებათ, ალბერტს არ უყვარდა დიდხანს ერთ ადგილზე გაჩერება, ღვინით გამდიდრებაზე ოცნებაც დროთა განმავლობაში გაქრა და სომურიც, რომელიც წარუმატებლობას აგონებდა, თანდათანობით შესძულდა. ასე რომ, გამოუსწორებელმა მაწანწალამ ოჯახი ისევ გზას გაუყენა. შანელებმა უკან მოიტოვეს შატელრო, ცოტა ხნით შეჩერდნენ ბურგანიოფსა და აგიურანდეში და რამდენიმე თვე დარჩნენ პუი-დე-დომში. ცნობილი ამბავია, რომ ბაზრობებზე ყველაზე კარგად ჩანს, რაოდენ პატარაა ეს სამყარო და, აი, ერთ-ერთ ბაზრობაზე ალბერტი შემთხვევით შეხვდა დევოლისა და შარდონის ოჯახების წარმომადგენლებს. მცირე გაუგებრობისა და წუთიერი დაბნეულობის შემდეგ, რაც შეხვედრის პირველ წუთებში წარმოიშვა, ერთმა ჭიქა წითელმა ღვინომ დაძაბულობა განმუხტა და მხარეები შერიგდნენ. ბოლოს და ბოლოს, ალბერტმა, მართალია, გარკვეული ზეწოლის ქვეშ, მაგრამ მაინც ხომ გამოიჩინა კეთილი ნება და აღიარა შვილები? თანაც რა მშვენიერი პაწაწინები არიან! იქნებ შეძლონ შანელებმა კურპიერში მიბრუნება? სხვათა შორის ძია შარდონის ოჯახს უბედურება დაატყდა თავს - გარდაეცვალა საყვარელი ქალიშვილი, რომელიც ოცდაერთი წლისა იყო და სახლიც სულ დაცარიელდა.. იქნებ შანელები იქ დასახლდნენ? შემოთავაზება ძალიან ხელსაყრელი იყო და ალბერტი და ჟანა დათანხმდნენ, მაგრამ ჟანას ოჯახმა გარკვეული პირობაც წამოაყენა: ალბერტს კანონიერად უნდა ექორწინა ჟანაზე. მანაც გული გაიმაგრა, თანხმობა თქვა და 1884 წლის 20 მაისს შეატყობინა მერიას, რომ ადგილსამყოფელს იცვლიდა. ივლისში საჯაროდ გამოაცხადეს მომავალი ქორწინების შესახებ, მაგრამ ის, რაც შემდეგ მოხდა, ნებისმიერ თეატრალურ წარმოდგენას დაამშვენებდა. ბოლო წუთს ქორწინების პერსპექტივით შეშინებული საქმრო ჯორივით გაჯიუტდა და ვერანაირმა ძალამ მერიაში ვერ შეათრია. საპატარძლო ცრემლებად იღვრებოდა. საშინელი სკანდალი ატყდა, კურპიერში ამგვარი რამ ჯერ არ ენახათ; შეურაცხყოფითა და მუქარით შეწუხებულმა ალბერტმაც, რომლისგანაც ცოლის ნათესავები სიტყვის შესრულებას მოითხოვდნენ, კვლავ გაქცევა გადაწყვიტა. ჩანს, ეს დავიდარაბა საკმაოდ ღრმად და დიდი ხნით აღიბეჭდა კურპიერელთა ცნობიერებაში, რადგან დღესაც კი, ასი წლის შემდეგ, გადმოცემა ამ ამბის შესახებ კვლავ ცოცხალია. მაგრამ ყველა ომს აქვს დასასრული და ექვსთვიანი პერიპეტიების შემდეგ ეს კონფლიქტიც მოგვარდა, თუმცა, გადამწყვეტი როლი ფულმა ითამაშა. არაერთი გარიგებისა და მოლაპარაკების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ალბერტი შეირთავდა ჟანას, იმ პირობით, რომ ქალს პირადი ნივთებისა და ავეჯის გარდა, 5000 ფრანკსაც გამოატანდნენ. ეს თანხა, რომელიც დღევანდელ 80 ათასს უტოლდება, საკმაოდ ბევრი იყო ღარიბი წრისათვის და ამიტომაც, ოჯახი იძულებული შეიქნა, წილნაგროვი ფულით „ეყიდა“ ჟანასთვის ქმარი. თუმცა, ნოტარიუსის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ერთი არსებითი შენიშვნაც დაურთეს: ალბერტი ხელს ვერ ახლებდა ფულს, სანამ ქორწინებას სათანადოდ არ გააფორმებდა. 1884 წლის 17 ნოემბერს შედგა ცერემონია, რომლის დროსაც ცოლ-ქმარმა ოფიციალურად აღიარა ორი შვილი - ჯულია და გაბრიელი, და რომელსაც ესწრებოდნენ: ძია შარდონი, ჟანას ძმა - მარენ დევოლი და ალბერტის მშობლები - ადრიენი და ვირჯინია, რომელთაც დიდად არც სურდათ თავიანთ ქარაფშუტა ვაჟთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც ამდენ უბედურებასა და დავიდარაბას გადაჰყარა დედ-მამა. ადრიენმა ისარგებლა შემთხვევით და ახლად დაქორწინებულ შვილს გამოუცხადა, რომ მას შეეძინა დაიკო - ადრიენა, რიგით მეთვრამეტე ბავშვი ოჯახში. ასე და ამგვარად აღმოჩნდა გაბრიელ შანელი თავის მამიდაზე უფროსი, იმ მამიდაზე, რომელიც შემდეგ მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. ალბერტმა, რომელიც კვლავ ოცნებობდა თავისი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაზე, გადაწყვიტა, იმ კაპიტალით (5000 ფრანკით), რომელიც მას დევოლების ოჯახმა მისცა, სავაჭრო აქციების პაკეტი შეეძინა სამხრეთ საფრანგეთში, ტარნ-ეტ-გარონის დეპარტამენტში, კერძოდ, მონტობანში. დასაწყისისთვის მან ტიპოგრაფიას დაუკვეთა კომერციული აფიშა, რომელშიც, გარდა მისი სახელისა და მომავალი მისამართისა (ბაზრის მოედანი, №4), მითითებული იყო მომავალი საქმიანობის სფეროც: „სხვადასხვა სახის ტრიკოტაჟითა და თეთრეულით ვაჭრობა.“ მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველივე ეს ქიმერა აღმოჩნდა; ოპერაცია ვერ განხორციელდა და, სავარაუდოდ, ალბერტის ფული თოვლივით დადნა და აორთქლდა წამგებიან სპეკულაციურ გარიგებებში, ან სულაც ქალებში დაიხარჯა... ბოლოს, ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1885 წლის სექტემბერში, ალბერტმა კურპიერის დატოვება გადაწყვიტა. შესაძლოა, იგი უხერხულად გრძნობდა თავს დევოლებისა და შარდონების ფხიზელი თვალის ქვეშ, ან იქნებ სულაც კომერციული მოსაზრებები ამოძრავებდა - ამას ვერასდროს გავიგებთ. როგორც ყოველთვის, გადაწყვიტა, ძირითად პუნქტად რომელიმე პატარა ქალაქი აერჩია, საიდანაც ახლომახლო ბაზრობებზე სიარულს შეძლებდა. თავიდან მარტო გაემგზავრა და კლერმონ-ფერანის დეპარტამენტის სამხრეთში მთელი რიგი ქალაქები შემოიარა, მათ შორის შამპიე, ვეირი, ვიკ-ლე-კომტი და სენ-ჟერმან-ლამბრონი, მაგრამ არც ერთი არ მოეწონა. ბოლოს ჩვენი გამოუსწორებელი მაწანწალა შეჩერდა ისუარში (პუი-დე-დომის სუბპრეფექტურა, ოვერნის დედაქალაქიდან 35 კილომეტრში). ეს იყო ძველი ქალაქი, ვიწრო და ბნელი ქუჩებით და XVI საუკუნისდროინდელი სახლებით. მაგრამ არ წარმოიდგინოთ მკვდარი დასახლება. შაბათობით აქ ხმაურიანი ბაზრობა იმართებოდა და სწორედ ეს აძლევდა ალბერტს იმედს, რომ ისუარში წარმატებას მიაღწევდა. წარმატება კი ნამდვილად არ აწყენდა, რადგან მის ხელთ არსებული სახსრებით მხოლოდ ის შეეძლო, რომ უბადრუკი, დანგრევის პირას მისული და ელემენტარულ კომფორტს მოკლებული ქოხმახი ექირავებინა. ასეთი სახლები ძველი ქალაქის საზღვრებს მიღმა, დამცავი კედლების ადგილზე გაშენებული ხეივნის მეორე მხარეს იყო. ალბერტი ჯერ ერთ მისამართზე ცხოვრობდა, შემდეგ მეორეზე გადავიდა და იქ უფრო მეტ ხანს გაჩერდა. ეს იყო მულენ-შარ-რიერის ქუჩა ღარიბულ კვარტალში, რომელიც ნაგვითა და ნარჩენებით სავსე მდინარის - კუზ-დე-პავენის გაყოლებაზე გაეშენებინათ. მდინარე დიდი გაჭირვებით ატრიალებდა რამდენიმე უბადრუკი სახელოსნოს ბორბალს. მათ შორის იყო ტყავის გადამამუშავებელი საამქროები, რომლებიც განსაკუთრებით წამლავდნენ გარემოს; მათი წაყლობით მდინარის წყალს საზიზღარი ჟანგისფერი დასდებოდა და მთელს ოლქში საშინელი მყრალი სუნი იდგა. თუ არ ჩავთვლით გარეგნული დეკორაციების ცვლილებას, ამ მოგზაურობების დროს შანელების ცხოვრების წესი, ფაქტობრივად, იგივე რჩებოდა. ალბერტი, რომელსაც სისხლში ჰქონდა გამჯდარი თავგადასავლების ძიება, ძველებურად მადიანად შეექცეოდა ღვინოსა და გემრიელ საჭმელს და თავს თამაშითა და ქალებით იქცევდა. ცხადია, ამგვარი ცხოვრების სტილი მის პროფესიულ საქმიანობაზე ცუდ გავლენას ახდენდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მხიარულ გუნება-განწყობილებასა და სიცოცხლის ხალისს უნარჩუნებდა (განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში არ იყო), რასაც ყველაზე მეტად მისი მეგობრები და ამფსონები აფასებდნენ. სიტუაციას მხოლოდ ერთი რამ ამძიმებდა - ხანდახან მაინც უნდა დაბრუნებოდა მშობლიურ კერას. საბრალო ჟანას მიმართ სიყვარული კარგა ხანია განელებოდა, თუმცა, ის სითბო, რომლითაც ქალი „უძღებ“ ქმარს ხვდებოდა, მისთვის არც ისე უმნიშვნელო იყო და არც ქალიშვილების - ჯულიასა და გაბრიელის, საყვარელი სახეების მიმართ იყო გულგრილი. მაგრამ ორ-სამ დღეში ისევ აეშლებოდა ხეტიალისა და წანწალის საღერღელი; ბაზრობის ვაჭრის ხელობაც თავის მართლების მშვენიერ შესაძლებლობას იძლეოდა: ხომ უნდა ჩავიდეს ლიმუზენში, იუსელში, მეიმაკსა და ეგლეტონში და მოიაროს იქაურობა; ხომ უნდა გამოკვებოს ბავშვები, ხომ უნდა არჩინოს ოჯახი - დაბეჯითებით უხსნიდა ცოლს და მასაც სხვა რა გზა ჰქონდა, გაგებით უქნევდა თავს, აქაოდა მჯერაო. ალბერტიც ერთს გადაკოცნიდა მეუღლეს და ისევ გარბოდა სახლიდან. აბა, წავედით! გაუმარჯოს თავისუფლებას! და აი, პოპულარული მოტივის სტვენით ის უკვე ოთხით მიაჭენებს ცხენს, ჟანა კი დიდხას დგას ზღურბლზე და თვალს არ აშორებს გზაზე დამდგარ ქმარს, სანამ მისი ორთვალა მოსახვევში არ გაუჩინარდება.

       ხშირად და დიდი ხნით ოჯახიდან მოწყვეტას ხელი არ შეუშლია ალბერტისათვის, კეთილსინდისიერად აღესრულებინა ქრისტიანული შეგონება - „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ“. 1885 წლის 15 მარტს მას მესამე შვილი შეეძინა, ვაჟი, რომელსაც ალფონსი დაარქვეს; 1887 წელს კი, კიდევ ერთი ქალიშვილი - ანტუანეტა. მისი გაჩენის შემდეგ ალბერტმა კურპიერში დაბრუნება გადაწყვიტა. ასეთ, ერთი შეხედვით, უცნაურ გადაწყვეტილებას შეიძლება მარტივი ახსნა მოეძებნოს: ჟანას, რომელსაც დაბადებიდან ისედაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და გაუთავებელი ორსულობები და ასთმის უმძიმესი შეტევები კიდევ უფრო აცლიდა ძალას, სოფლის ჰაერი მოუხდებოდა. ამასთან, ალბერტს, რომელიც მუდამ ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა, ბინის ქირის გადახდა აღარ მოუწევდა და ამაზე მაინც დაეზოგებოდა ფული. დაბოლოს, შინ არყოფნის გამო სინდისიც აღარ შეაწუხებდა, რადგან ეცოდინებოდა, რომ მოსიყვარულე ნათესავებით გარემოცული ჟანა კარგად და მყუდროდ გრძნობდა თავს მშობლიურ მხარესა და სახლში. შესაბამისად, ქალს ქმრის კუდში დევნის საბაბიც აღარ ექნებოდა. ასე ფიქრობდა ალბერტი და გადაწყვეტილებაც, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, ადვილად მიიღო. მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა - ჟანას ის ისევ ძველებურად უყვარდა, კვლავ ეჭვიანობდა და ეშინოდა მისი დაკარგვის, ამიტომაც ერჩია, ყველგან და ყოველთვის ქმრის გვერდით ყოფილიყო. არაფერი არ მოქმედებდა მასზე, არც არაფერს გამოჰყავდა წყობიდან: უსიტყვოდ იტანდა სიცივეს ცენტრალური მასივის დათოვლილ გზებზე ჯაყჯაყისას; ორმოცდაათი, ზოგჯერ კი ასი კილომეტრის დაშორებით მშობლიური სახლიდან, რომელიმე ბაზრობაზე, ცივ ქარში დახლთან მდგარი ითოშებოდა და, ამ გაჭირვებასთან ერთად, მორჩილად იტანდა ქმრის ავყია ხასიათს, მის უხეშობას, შეურაცხყოფასა და მრისხანებას. ალბერტის გვერდით ყოფნაც კი საკმარისი იყო მისთვის. ორსულობა ხელს არ უშლიდა, რომ მშობიარობამდე არ მოშორებოდა მეუღლეს, იქამდე, რომ მეხუთე შვილი, ლუსიენი, მშობლიური ადგილებიდან ძალიან შორს, სოფელ გერეს ერთ უბადრუკ სასტუმროში გააჩინა. იმშობიარა და მაშინვე გაეკიდა ქმარს კრიოზოში, იქ გამართულ ყოველწლიურ ბაზრობაზე. ასე რომ, ლუსიენიც ისეთივე მძიმე პირობებში მოევლინა ქვეყანას, როგორშიც ჯულია. მეექვსე ბავშვი, ოგიუსტენი, კურპიერში დაიბადა, 1891 წელს, მაგრამ სულ რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. სასაფლაოდან დაბრუნებული, ქანცგამოცლილი, მაგრამ ძველებურად შეუპოვარი ჟანა ისევ კუდში აედევნა ქმარს. ოთხ-ნახევარი წლისა იყო გაბრიელი, როცა კურპიერში მოხვდა. იქ გაატარა მან თავისი ადრეული ბავშვობა. მეგობრობდა და თამაშობდა უფროს დასთან - ჯულიასთან და უმცროს ძმასთან - ალფონსთან, რადგან დანარჩენები ჯერ სულ პატარები იყვნენ. შანელების ოჯახი ოგიუსტენ შარდონთან და მის ცოლთან - ფრანსუაზასთან ერთად ცხოვრობდა კურპიერის ძველ ნაწილში, სახლში, რომელიც რამდენიმე წლის წინ ოგიუსტენის მამისეული სახლის ნაცვლად შეიძინეს. ისევე, როგორც ისუარში, ალბერტი იქაც იშვიათად ჩნდებოდა, მაგრამ უფრო დიდი ხნით ჩერდებოდა. რაც შეეხება ჟანას, იმ დღეებში, როცა ქმრის გვერდით არ იყო, ფორიაქობდა და გამუდმებით ფულზე წუწუნებდა. შემაშფოთებელი იყო ისიც, რომ მას სულ უფრო მეტად ტანჯავდა ასთმის შეტევები, უფრო ღამღამობით. მისი ხველა მთელ სახლს აღვიძებდა. უკვე ყველა მიჩვეული იყო ევკალიპტის ფხვნილის სუნს, რომელსაც, ექიმის დანიშნულებისამებრ, მის ოთახში, რკინის პატარა ღუმელზე წვავდნენ და ახრჩოლებდნენ. მაგრამ საკმარისი იყო, ოდნავ უკეთ ეგრძნო თავი, რომ რამდენიმე დღით კვლავ უკვალოდ ქრებოდა. ჟანას ოჯახს სულაც არ მოსწონდა მისი ასეთი საქციელი და ასეთი ერთგულება უღირსი ქმრის მიმართ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს და ისღა დარჩენოდათ, მიხმარებოდნენ შარდონებს და მიეხედათ ბავშვებისთვის. გაბრიელისთვის კი კურპიერში გატარებული წლები ბავშვობის ყველაზე ნათელი და ბედნიერი ხანა იყო. ჯულიასა და ალფონსთან ერთად ბიძას ეხმარებოდა ბაღის მოვლაში, რომელიც ქალაქის საზღვართან იყო გაშენებული. როგორ არ ჰგავდა იქაურობა ისუარს, სადაც ქვის კედლებისა და ქვაფენილების მეტს ვერაფერს ნახავდა კაცი. აქ, ქალაქგარეთ, მისთვის ყველაფერი ახლობელი იყო - მინდვრის სურნელი, მდინარე, რომელიც ძველი სიმაგრეების გასწვრივ, მტირალა ტირიფების ჩრდილქვეშ მიედინებოდა. ბავშვებმა თევზაობა ისწავლეს - თხილის წნელისა და თმის სარჭისგან მშვენიერი, თითქმის ნამდვილი ანკესი გამოდიოდა. მდინარიდან ამოღებული ქვებისაგან კი პატარა ნავსადგურებს აშენებდნენ და დინებას აყოლებდნენ ქაღალდის პატარა გემებს. რაც მთავარია, ამ მხარეში განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობოდა სხვაობა წელიწადის დროებს შორის: შობას, როგორც ამ დროს შეეფერებოდა, ყველაფერი თეთრი იყო, მიწას თოვლი და ყინული ფარავდა; ზაფხულის გვალვაში დამსკდარი მიწიდან ასული ოხშივარი კი თითქოს თრთოდა.

გაბრიელი პატარაობიდანვე თავნება და დამოუკიდებელი იყო. როცა დედა სთხოვდა, ძმასთან ან დასთან ეთამაშა, მის დასანახად ასე ორმოცდაათიოდე მეტრზე გაჰყვებოდა მათ, შემდეგ მიატოვებდა და ცალკე ბილიკს დაადგებოდა. ამ ბილიკს გოგონა ძველ სასაფლაოზე მიჰყავდა. სასაფლაო ნახევრად დანგრეული კედლით იყო შემოღობილი, მწვანედ აბიბინებულ ხშირ ბალახში ხავსმოდებული საფლავის ქვები მიწაში ჩაზრდილიყო. ეს გაბრიელის საყვარელი ადგილი იყო. აქ მარხავდა ის თავის ძველ თოჯინებს (ამ ასაკში ნეტავ რატომ დაინტერესდა მესაფლავის ხელობით?); აქ ჩამარხა მიწაში (ეს კიდევ უფრო უცნაურია) მამის ნაჩუქარი პარიზული სუვენირები - პატარა კოვზი და ძვლისტარიანი კალმისტარი, რომელშიც, თუკი მასში დატანებულ პატარა ნახვრეტში ჩაიხედავდი, ერთი მხრიდან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ჩანდა, მეორედან - ტრიუმფალური თაღი. საუბედუროდ, სწორედ იმ დღეს, როცა საჩუქრებს მარხავდა, ჯულია აედევნა და დედასთან დააბეზღა. ო, როგორ დაისაჯა იმ დღეს საბრალო გაბრიელი, მამის ნაჩუქარ ნივთებს ასე რომ მოექცა! მიუხედავად ბევრი ნაკლისა, მამა მაინც ძალიან უყვარდა. ვერავინ, და პირველ რიგში თვითონ, ვერასოდეს გააცნობიერებდა, თუ რაოდენ ღრმა და სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა მის საქციელს, როცა თავის საყვარელ ბაღში მისთვის ძვირფასი ნივთები დამარხა, მოწმეებად კი რჩეული კომპანია - მიცვალებულები აირჩია, რითაც უცხო თვალისგან დაიცვა ძვირფასი განძი და მისი ერთადერთი მფლობელი გახდა. გაბრიელს ამოჩემებული ჰქონდა ორი საფლავი და თავის სიმპათიას ამ მიწისქვეშა საცხოვრისის მკვიდრთა მიმართ იმით გამოხატავდა, რომ მინდვრის ყვავილები მიჰქონდა მათთან. აქ, ამ ყველასაგან მივიწყებულ სოფლის სასაფლაოზე, თავს დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობდა. ეს იყო მისი სამეფო, ყველაფრისგან მოშორებული; აქ ჰყავდა მეგობრები, რომლებსაც ვერავინ წაართმევდა. მაგრამ ძალიან მძიმე იყო საზღაური და ამას გაბრიელი სიცოცხლის ბოლომდე გრძნობდა: რეალურ სამყაროში ის სრულიად მარტოდ გრძნობდა თავს. კურპიერის ქუჩებში მოთამაშე ექვსი-შვიდი წლის გოგონა, ცხადია, ვერ აცნობიერებდა, რომ მისი ბავშვური საქციელი მომავალში მის ქალურ ბედს განსაზღვრავდა, ბავშვობის თამაშები კი სამუდამოდ აღიბეჭდებოდა მის მეხსიერებაში. პატარა გაბრიელის ბედნიერება ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა მამის გადაწყვეტილება, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველაფერს. 1893 წელს კურპიერში რამდენიმე კვირით შერჩენილმა ჟანამ მოულოდნელად ქმრისგან მიიღო წერილი, რომელშიც ალბერტი იტყობინებოდა, რომ შემთხვევით შეხვდა თავის გერ ძმას, იპოლიტს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი სმენოდა და, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ ისეთი სიმპათიით განეწყვნენ, რომ გადაწყვიტეს, კორეზში, ქალაქ ბრივ-ლა-გაიარდში, ერთად გაეხსნათ სასტუმრო; რომ მან უკვე მოიძია ქალაქში საცხოვრებელი ბინა ელზას-ლოტარინგიის პროსპექტზე და მეუღლეს მასთან ჩასვლას სთხოვდა. კურპიერიდან ბრივი ორას კილომეტრში იყო. სიყვარულით ძველებურად დაბრმავებულ ჟანას ერთ წუთსაც არ უყოყმანია. რატომაც არა! ალბერტი ხომ, როგორც იქნა, სტაბილური ცხოვრების პერსპექტივას უხატავდა, სასტუმროს შემოსავლის წყალობით, ბოლოს და ბოლოს, უფულობას თავს დააღწევდნენ. ამაოდ ეხვეწებოდნენ ოჯახის წევრები, სიფრთხილე გამოეჩინა, არ აჩქარებულიყო, მით უმეტეს, რომ თან მხოლოდ ორი უფროსი ქალიშვილი მიჰყავდა. როდესაც ჟანა ჯულიასა და გაბრიელთან ერთად დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, მაშინვე მიხვდა, რომ თავქარიანმა მეუღლემ უსინდისოდ მოატყუა. ის და მისი ძმა არავითარ სასტუმროს არ ფლობდნენ, მსახურებად მუშაობდნენ რაღაც გროშებზე და, რაც მთავარია, ყელამდე ვალებში იყვნენ ჩაფლულები. ჟანა კი იმისთვის იხმო, რომ საოჯახო საქმეში დახმარებოდა. აღარაფერს ვიტყვით თვით „დაწესებულებაზე“, რომელშიც ალბერტი მუშაობდა - ეს ერთი ვიწრო, ბნელი ბუნაგი იყო. მისი მუდმივი კლიენტები ძირითადად ლოთები იყვნენ, რომლებიც აქ იკრიბებოდნენ და ერთი ღრიანცელი ჰქონდათ. საცოდავი ქალი თავიდან გაბრაზდა, ქმარი საყვედურებით აავსო, მაგრამ შემდეგ, მსხვერპლის გაღებისათვის დაბადებიდან მუდამ მზადმყოფმა, მორჩილად დახარა თავი, წინსაფარი გაიკეთა, ხელში ცოცხი აიღო და დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს. ძნელი მისახვედრი არ არის, რა გულგატეხილები იყვნენ გაბრიელი და ჯულიაც. ბოლო მოეღო მათს უშფოთველ სოფლურ ცხოვრებას, ტყეებში სირბილს, მესერზე გემრიელი მაყვლის გროვებას... გაქრა დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები. ახალ სკოლაში ბავშვებიცა და მასწავლებლებიც მათთვის სრულიად უცხონი იყვნენ. ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ. რაც მთავარია, ამ წმინდა ქალაქური ტიპის სასწავლო დაწესებულებაში ვერ იპოვეს ის გულითადი, თბილი ატმოსფერო, რაც სოფლის სკოლებში სუფევს. გოგოებს ტირილით თვალები დაუსივდათ. ბრივში გადასახლებამ ჟანას ჯანმრთელობაზეც დამღუპველად იმოქმედა. მომქანცველმა სამუშაომ სასტუმროსა თუ სახლში, გაჭირვებასთან გამუდმებულმა ბრძოლამ შედეგად ის გამოიღო, რომ სენი გაურთულდა - ასთმის შეტევებმა იმატა, განსაკუთრებით ხშირად ემართებოდა ზამთრის პირზე და ღამ-ღამობით და ერთი, ან ორი საათი გრძელდებოდა. ხან გულზეც წაუჭერდა ხოლმე, შუბლზე ცივ ოფლს ასხამდა. შემდეგ, ნელ-ნელა შეტევა ჩაწყნარდებოდა და საბრალო ქალი მშვიდდებოდა. შეტევების დროს ჟანას ხველება გოგონებს აღვიძებდა და აფორიაქებდა, თვით ალბერტსაც ურღვევდა მყუდროებას, რაც არცთუ კარგად აისახებოდა მის გუნება-განწყობილებაზე. ცხადია, ყოველგვარი მორიდების გარეშე, აგრძნობინებდა საცოდავ ქალს, რომ სწორედ ის იყო დამნაშავე, ალბერტი ასე საასტიკად რომ იტანჯებოდა.

        1894 წლის ზაფხულში ჟანა ოდნავ მოკეთდა, რამაც ერთგვარი იმედი ჩაუსახა; სახეც ღიმილმა გამოუცოცხლა და ისევ მოიკრიბა ძალა იმისთვის, რომ რამდენიმე თვით, არცთუ ისე შორ მანძილზე გაჰყოლოდა მეუღლეს. მაგრამ, როგორც კი დაიწყო შემოდგომის პირველი სიცივეები, კრიზისი ახალი ძალით განუახლდა. უხალისოსა და დაძაბუნებულს გარემოსადმი ყოველგვარი ინტერესი დაჰკარგოდა, კუშტი მზერით იატაკს ჩაშტერებული, დიდხანს იჯდა ხოლმე თავის სავარძელში, მაგრამ მერე თავს ძალას დაატანდა და მექანიკურად შეუდგებოდა ხოლმე საქმის კეთებას. იმის თავიც კი აღარ ჰქონდა, რომ, თუ საბაბი მიეცემოდა, გამყინავი და ყურთასმენის წამღები ხმით დაეტუქსა გოგოები. ყველა, ვინც მას დროდადრო ნახულობდა, ამჩნევდა, თვალსა და ხელს შუა როგორ იცვლებოდა ქალი. დეკემბერში ასთმას მძიმე ბრონქიალური გართულებაც დაერთო, მაგრამ ჟანა უარს ამბობდა ექიმზეც და გულისხმიერი მეზობლების დახმარებაზეც. ეს ხომ იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ თავის ავადმყოფობას აღიარებდა; ამას კი არაფრით იზამდა! ეს მაშინ, როცა ყველა ხედავდა, როგორ ამცივნებდა, როგორ ეხუთებოდა სული და ზოგჯერ გულყრაც ემართებოდა. და აი, 1895 წლის თებერვლის ერთ დილას გაბრიელი, გაკვირვებული იმით, რომ დედა ჯერაც არ ამდგარიყო, მასთან ოთახში შევიდა და თავზარდაცემულმა შეჰყვირა - დედა ცოცხალი აღარ იყო. ჟანას ის-ის იყო ოცდაცამეტი წელი შესრულებოდა.

*

       საჭიროა კი იმის თქმა, რომ ალბერტი ასეთ დროსაც არ იყო ოჯახთან ერთად? გარდაცვალების შესახებ განცხადების გაკეთება და დასაფლავება იპოლიტმა თავის თავზე აიღო. ჟანა ბრივის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცივი და ნაცრისფერი დღე იყო და ის, რომ ცერემონიას სულ რამდენიმე კაცი ესწრებოდა, კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა ისედაც სევდიან ატმოსფეროს. საფლავთან გარდაცვლილის ხუთივე შვილის ნაზი სილუეტები იხატებოდა. იქვე იდგნენ იპოლიტი, სასტუმროს მეპატრონე და ოჯახის ის რამდენიმე წევრი, რომლებმაც დროულად შეიტყვეს მომხდარის შესახებ და ჩამოსვლა მოასწრეს.

       ალბერტი არც იქ გამოჩენილა; როგორც ყოველთვის, „გზაში“ იყო. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, სახლში გამოცხადდა, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - რა უნდა ექნა ბავშვებისათვის? იმ დროში არ იყო იშვიათი შემთხვევა, როდესაც წვრილშვილიანი მამაკაცი პოულობდა ერთგულ ქალს (სასურველი იყო - ქვრივი და უშვილო), რომელიც თავის თავზე აიღებდა ახალი ქმრის შვილების აღზრდას. ცხადია, ალბერტისათვის, რომელიც ყველაზე წინ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას აყენებდა, ასეთი ვარიანტი სრულიად მიუღებელი იყო. მეორე მხრივ, ობლების ბაბუას - ანრი-ადრიენს, რომელსაც, როგორც გახსოვთ, ცხრამეტი შვილი ჰყავდა, არაფრით არ შეეძლო კიდევ ხუთი ბავშვის თავისთან მიყვანა, მათ სახლში ისედაც საშინელი სივიწროვე იყო. ასეთ ვითარებაში ალბერტს არც ვაჟკაცობა ეყო და არც საჭირო მამობრივი სიყვარული აღმოაჩნდა - მან უბრალოდ დაკარგა ყოველგვარი ინტერესი შვილების მიმართ. ორი ბიჭი - ათი წლის ალფონსი და ექვსი წლის ლუსიენი, ქალაქის ადმინისტრაციამ „მიტოვებული ბავშვების კატეგორიას“ მიაკუთვნა და მათზე ზრუნვა „საჯარო დახმარების ასოციაციას“ დააკისრა; ამ უკანასკნელმა კი ბავშვები „სოფლებში, მიწათმფლობელთა პატიოსან ოჯახებში“ მიაბარა, ამასთან, ყოველთვიური დახმარებაც დაუნიშნა. სინამდვილეში „მიწათმფლობელთა პატიოსანი ოჯახები“ ასეთ ბავშვებს, როგორც მუქთ მუშახელს, ისე იყენებდნენ და უსინდისოდ უწევდნენ ექსპლოატაციას. მიტოვებულ პატარებს, დღემუდამ მშივრებს, შინაურ პირუტყვთან ერთად ფარღალალა ფარდულებში, ჩალის ნესტიან საგებზე ეძინათ. ასე ცხოვრობდნენ, სანამ ცამეტი წელი არ შეუსრულდებოდათ; შემდეგ რაიმე ხელობის შესასწავლად სადმე განაწესებდნენ. რაც შეეხება ალფონსსა და ლუსიენს, მათზე იმდენად დიდი გავლენა იქონია წარსულმა, რომ მამის კვალს დაადგნენ და ბაზრობებზე ვაჭრობას მიჰყვეს ხელი. ამ საქმეს მათ თავიანთი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნეს. დასაბინავებლები იყვნენ გაბრიელი, ჯულია და ანტუანეტა. მას შემდეგ, რაც ნათესავებმა მათ მიღებაზე უარი განაცხადეს, მამამ, თავის მხრივ, არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რაიმე სხვა გამოსავალი მოეძებნა. ალბერტს მხოლოდ ერთი რამ სურდა: ეცხოვრა თავისი ცხოვრებით, ბავშვებისა და ყოველგვარი სენტიმენტალიზმის გარეშე. ის ხომ მხოლოდ ოცდაცხრამეტი წლის იყო! ასაკი ამხნევებდა და აგულიანებდა... სინდისი? სინდისი ეშმაკსაც წაუღია! მას ჰყავდა დეიდა, ბრიველი ნოტარიუსის ცოლი, რომელსაც მშვენიერი ურთიერთობები ჰქონდა სენ-კიორ-დე-მარის კონგრეგაციის წინამძღოლთან, რომელიც, ამავე დროს, ობაზინის (მდებარეობს ბრივსა და ტულის შორის) ობოლთა თავშესაფრის მეურვეც იყო. უკეთეს ხვედრს ქალიშვილებისათვის ვერც ინატრებდა.

       ობაზინი... ის იმ ადგილთა რიცხვს ეკუთვნის, სადაც ჰაერიც კი აზრითაა გაჯერებული. ამ მხარეში, ბრივიდან ტულიმდე გადაჭიმულ ხეობაში, მაღალ კლდეებს შორის მიედინება მდინარე კორეზი. ხეობის ფერდობები შუა საუკუნეებში ხშირი, დაბურული ტყეებით ყოფილა დაფარული. იქ არც გზა გადიოდა, არც ბილიკი, ხეთა ჩრდილქვეშ მხოლოდ ტახი, ირემი ან ფურირემი თუ გაირბენდა. ერთგან, შუა ფერდზე, ჩრდილოეთის ქარებისგან კარგად დაცული პლატო იყო. XII საუკუნის დასაწყისში ამ მხარეში ერთი ჩხირივით გამხდარი, გრძელწვერა კაცი გამოჩნდა ტანმორჩილი თანამგზავრის თანხლებით, რომელიც ჩრდილივით სულ თან დასდევდა. გრძელწვერა კაცი ლიმოჟელი მღვდელი იყო, სახელად ეტიენი, ხოლო თანმხლები - მისი ერთ-ერთი სულიერი ძმა. ორივეს გადაწყვეტილი ჰქონდა, წუთისოფლის ამაოებას განრიდებოდა და თავი ღმერთის მსახურებისათვის მიეძღვნა. განმარტოებისა და ასკეტური ცხოვრებისათვის სწორედ ეს ადგილი აირჩიეს. შემდგომში აქ სხვებიც მოვიდნენ, ისეთები, ვისაც ეტიენის პიროვნება და სიწმინდე მისაბაძ მაგალითად მიაჩნდა. ისინიც განეშორნენ ამქვეყნიურ ამაოებას და თავიანთი ცხოვრება ღმერთის სამსახურს შესწირეს. 1159 წელს, როდესაც ეტიენი ღვთის წინაშე წარდგა, აქ უკვე არსებობდა მონასტერი, რომელშიც ცხოვრობდნენ ცისტერციანელთა ორდენის[7] ბერები. აშენდა ტაძარიც. ამ სავანიდან ექვსასი მეტრის მოშორებით (იმდენად შორს, რომ საფუძველი არ ჰქონოდა მითქმა-მოთქმასა და ჭორებს, რაც აუცილებლად მოჰყვებოდა მათს უფრო ახლო მეზობლობას), ბობოქარი და მჩქეფარე კუარუს ნაპირზე, რომელიც რამდენიმე კილომეტრის გავლის მერე კორეზს უერთდება, აშენდა დედათა მონასტერიც.

       1860 წელს სენ-კიორ-დე-მარის კონგრეგაციის მეურვეობით დაარსდა ობოლთა თავშესაფარი გოგონებისათვის. 1895 წელს თავქარიანმა ალბერტმა სწორედ აქ დატოვა თავისი ქალიშვილები და ამ გზით მოიშორა ისინი თავიდან. გარემო, რომელშიც გოგონების ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, გარეგნულად არაჩვეულებრივი იყო: მონასტრის ბაღი, დამშვენებული კვადრატული, ბზის ხერგულებით შემოფარგლული გაზონებით; ბაღის ცენტრში მუდმივად მორაკრაკე შადრევნით; მკაცრი სილამაზით გამორჩეული ძველი ნაგებობები, დაქანებული კრამიტის სახურავებით; მაგრამ მთელ ამ დიდებულებას იოტისოდენა მნიშვნელობა არ ჰქონდა ბავშვებისათვის, რომლებიც იძულებით მოწყვიტეს მშობლიურ კერას. მათი გულუბრყვილო თვალები ამ კედლებს უბრალოდ ციხედ აღიქვამდნენ, განსაკუთრებით გაბრიელი, რომელიც მგრძნობიარე და, ამასთან, დამოუკიდებელი ხასიათით გამოირჩეოდა. როგორ არ ჰგავდა აქაურობა ბრივს, სადაც ის მისი ასაკისთვის, ცოტა არ იყოს, შეუფერებელი თავისუფლებით სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სენით გაწამებული ჟანა გამუდმებით წუწუნებდა, მამას შავ დღეს აყრიდა, სცენებს უწყობდა და ამით საშინლად წამლავდა თბილ ოჯახურ გარემოს, დედა მაინც ძალიან უყვარდა. მართალია, მამას იშვიათად ხედავდა, მაგრამ, სამაგიეროდ, რაოდენ დიდ სიხარულს განიცდიდა, როდესაც კედლის მიღმა მისი ჭაკის ფლოქვების თქარათქურს გაიგონებდა, როცა კარებში მის სილუეტს დაინახავდა და როცა ბოლოს მამა გულში ჩაიკრავდა ხოლმე. იქ მის გვერდით იყვნენ საყვარელი დები, მათ შორის ჯულია, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა და მოფერებით ჟუჟუს ეძახდა, გვერდით ჰყავდა სკოლის პატარა მეგობრები, რომლებთანაც ნებისმიერი საბაბით გემრიელად ახითხითდებოდა. ახლა კი ეს ყველაფერი დაკარგა. გავა წლები და იმ სასტიკ და ულმობელ დარტყმებზე საუბრისას, რასაც ბედი დროდადრო თავს დაატეხს ხოლმე ადამიანებს, გაბრიელი იტყვის: „მე თავად გამოვცადე, რა არის ეს! თორმეტი წლისას ყველაფერი წამართვეს. ისეთი განცდა მქონდა, რომ მოვკვდი!“ ეჭვგარეშეა, რომ ამ სიტყვებში სწორედ იმას გულისხმობდა, რაც 1895 წლის თებერვლის ავბედით დღეს დაატყდა თავს. ყველაზე მძიმე, ალბათ, დორტუარში, მესამე სართულზე გატარებული პირველი ღამე იყო. დორტუარი წარმოადგენდა გრძელ დერეფანს, რომელშიც ათეულობით საწოლი მიჯრით იყო ჩამწკრივებული. საღამოს ცხრა საათზე ზედამხედველი ქალი, რომელსაც გამომშრალი, დანაოჭებული სახე ჰქონდა, სინათლეს აქრობდა და აცხადებდა, ძილის დროაო. დერეფნის ბოლოს მას პატარა, სენაკის მსგავსი ოთახი ჰქონდა, აღჭურვილი სრიალა სარკმლით, რომელსაც გაუფრთხილებლად აღებდა, რათა სიჩუმის დამრღვევთ მოულოდნელად წასდგომოდა თავს. საბრალო გაბრიელს დიდი ხნით ჩარჩა ყურში ამ ეშმაკური მოწყობილობის ჩხაკუნის ხმა. თავშესაფარში ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაბრიელმა, მისდა გასაოცრად, დიდი პაკეტი მიიღო, ხელის კანკალით გახსნა და... მასში აღმოჩნდა მაქმანებით გაწყობილი საუცხოო კაბა პირველი ზიარებისათვის, მოქარგული ქისა, ისეთი, მონაზვნები რომ იყენებენ შეწირულობების ასაკრეფად, ხოლო ქისაში - უზარმაზარი ვუალი და ვარდებისაგან დაწნული გვირგვინი იდო. ეს დიდებული და პომპეზური საჩუქარი მამისაგან იყო და, მიუხედავად იმისა, რომ მის ქარაფშუტობასა და ბაქიაობაზე მეტყველებდა, გოგონამ მაინც ძალიან გაიხარა და მოხიბლული დარჩა ძღვენით. იქნებ ეს საჩუქარი ურთიერთობების აღდგენას მოასწავებს? იქნებ დადგეს დღე, როცა ის ჩამოვა და თავშესაფრიდან წაიყვანს მასაც და მის დებსაც? წარმოსახვაში ის უკვე ხედავდა, როგორ რეკავდა მამა ლურსმნებით შეჭედილ კარზე...… მაგრამ დროთა განმავლობაში საფუძველს მოკლებული ოცნებები ნისლივით გაიფანტა. არ გაქრა მხოლოდ ნათელი მოგონებები ალბერტზე, მაშინ, როცა სხვა ყველაფერი - ოჯახური სკანდალები, სცენები, დედის ცრემლებიც კი, დავიწყებას მიეცა. ამასობაში, უკვალოდ დაკარგული მამის არსებობა, რომელსაც გაბრიელი ასე ხშირად იხსენებდა, მეტად უცნაურად ეჩვენებოდათ მის პატარა მეგობრებს.

- რაღაც, დიდი ხანია, არ გამოჩენილა შენი მამიკო! - ნიშნისმოგებითა და ირონიით ამბობდნენ ისინი. მაშინ გაბრიელმა ამერიკული ზღაპარი შეთხზა: რომ, ვითომ, მამამისს ძალიან უნდა ჩამოსვლა, მაგრამ უამრავი საქმე აქვს. ის ფლობს უზარმაზარ ვენახებს, ცხოვრობს ნიუ-იორკში, სადაც ღვინის ექსპორტითაა დაკავებული. სხვათა შორის, ბრწყინვალედ იცის ინგლისური და მისთვის ამერიკაში ფულის შოვნა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. ის იმდენად დაკავებულია თავისი საქმით, რომ, ცხადია, ვერ იცლის ერთ პატარა, უბადრუკ სოფელში ჩამოსასვლელად.

- უმნიშვნელო საქმისთვის ოკეანეს არავინ გადმოცურავს! - დასძენდა ისეთი ტონით, რომ შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა. როგორ რეაგირებდნენ უფროსი ჟუჟუ და პატარა ანტუანეტა დის ფანტაზიებზე? რასაკვირველია, მათ აზრადაც არ მოსდიოდათ ამის გამო გაბრიელის გამტყუნება, თანაც, ბუნდოვნად გრძნობდნენ, რომ ამ ლამაზი და ნუგეშისმომცემი ზღაპრების „განადგურება“ არაფრით არ შეიძლებოდა. ოჯახური სოლიდარობაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. გადიოდა კვირები, თვეები, თავშესაფრის ყოველდღიური ცხოვრება თავისი რიგით მიედინებოდა: ცოტა ისტორია, ცოტა გეოგრაფია, ცოტა არითმეტიკა და ბევრი საღვთო რჯული. ცხადია, თავშესაფარში ობლების მომავალზეც ზრუნავდნენ, ამიტომაც საოჯახო საქმესაც ასწავლიდნენ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ კერვას. ამ ხელობას ჯულია და ანტუანეტა არცთუ ისე ცუდად ითვისებდნენ, გაბრიელი კი, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში, ამ საქმის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდა, რაც აღმზრდელებს ძალიან აღიზიანებდა.

- პატარავ, არშიას არასწორად ადებ! აბა, ხელახლა გააკეთე!

- ყური მიგდე, შენი აზრით, ეს კიდის ნაკერია?

მეტიც, გოგონა იმდენად მოუხერხებელი იყო, რომ თითები მუდამ დაჩხვლეტილი ჰქონდა, გამუდმებით კარგავდა ნემსებს და მათ ძებნაში, კერვის მაგივრად, უმეტეს დროს მაგიდის ქვეშ ატარებდა. მართლაც რომ, ბედის ირონიაა! სხვა აღსაზრდელების მსგავსად, დები შანელებიც უამრავ რელიგიურ რიტუალს ასრულებდნენ: ლოცვა ყოველი გაკვეთილის წინ, გაუთავებელი თაყვანისცემა, წმინდა ზიარება, საღამოს მესა, ყოველდღიური მსახურება თავშესაფრის კაპელაში, ზოგჯერ ეკლესიაში; იქ მოსახვედრად პატარა პანსიონერები ერთმანეთის მიყოლებით, მწყობრად, სააბატოდან გაუსვლელად, დიდ ქვის კიბეს აუყვებოდნენ. როგორც დედები ყვებოდნენ, ძველად მონაზვნები, სანთლებით ხელში, ამ კიბით ადიოდნენ ღამის წირვაზე. მესის დროს გაბრიელი გამუდმებით ფიქრობდა ამ ღამეულ ცერემონიებზე, რომლებიც მის წარმოსახვაში რომანტიკული შარავანდედით იყო მოსილი. იგი თითქოს ხედავდა, როგორ თრთოდა სანთლის ალის ანარეკლი გრანიტის ფილაქნებზე... ხშირად მის მზერას იტაცებდა გამჭვირვალე ვიტრაჟები, რკინის ხლართებში გოგონა იდუმალ ნახატებს ხედავდა. ღმერთმა უწყის, რატომ, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებით იზიდავდა - ის ორ ერთმანეთში გადახლართულ ასო „C“ -ს ჰგავდა, თუმცა, ჯერ კიდევ შორსაა ის დრო, როცა მას გაიცნობენ სახელით „კოკო“. შეეძლო კი მაშინ ამის წარმოდგენა? მაგრამ ასეც ხდება - ბედისწერის ოინები XII საუკუნის ვიტრაჟის იდუმალ ნახატს ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლოგოტიპად აქცევს. რასაკვირველია, სააბატოში კიდევ მრავალი იდუმალი, მისტიკური ნიშნის „აღმოჩენა“ შეიძლებოდა და გაბრიელიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც იქ იყო, პოულობდა მათ, დიდხანს აკვირდებოდა და უფიქრდებოდა. ასე მაგალითად, შენობის მეორე სართულზე, სადაც მონაზვნები ცხოვრობდნენ, დიდი დერეფნის იატაკი მოკირწყლული იყო თეთრი რიყის ქვით, მოზაიკის ცენტრში კი პატარა შავი კენჭებით გამოყვანილი იდუმალი ფიგურები გაბრიელს კაბალისტიკურ რიცხვებს აგონებდა; მოხატულობაში ხუთიანებს ხედავდა, რასაც კეთილის მომასწავებელ ნიშნად აღიქვამდა. გოგონას წარმოსახვას აღაგზნებდა ქვაში აღბეჭდილი სააბატოს ემბლემათა უცნაური სილამაზე, იატაკზე გამოსახული მიტრები, საეპისკოპოსო ჯვრები, ვარსკვლავები, მზე და მთვარე. ალბათ, შემთხვევით არ მოხდა, რომ წლების მერე ცნობილმა კუტიურიემ თავის ორ უსაყვარლეს ძაღლს სწორედ ამ მნათობთა სახელები დაარქვა.

        მიუხედავდ იმისა, რომ გაბრიელი თავად ვერ აცნობიერებდა, ობაზინის სამყარო ნელ-ნელა აყალიბებდა, ხვეწდა და განსაზღვრავდა მისი პიროვნების უამრავ ასპექტს, მათ შორის ესთეტიკას. ეგებ სწორედ ამ სამყაროს უნდა უმადლოდეს იგი თეთრისა და შავის კონტრასტის ცნობილ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ აღქმასა და შეგრძნებას? ამის ცოცხალ ილუსტრაციად გამოდგება არა მხოლოდ დიდი დერეფნის მოზაიკა, არამედ მონაზვნებისა და აღსაზრდელების უნიფორმაც. თავშესაფარში ცხოვრების დროს გაბრიელის ურთიერთობები მონაზვნებთან ყოველთვის მშვიდობიანი როდი იყო, ისევ და ისევ, მისი ხასიათიდან გამომდინარე. თუკი დანარჩენი ორი და ნელ-ნელა შეეგუა თავშესაფარს (ან იქნებ, უბრალოდ, ბედს დამორჩილდა), გაბრიელის აღმზრდელებთან ურთიერთობა დროდადრო იძაბებოდა და რთულდებოდა. ის ხომ ოჯახშიც ავლენდა მეამბოხე სულს. ძალიან ხშირად სითამამისა და სიჯიუტის გამო კვირაუქმეობით მას ტკბილეულის გარეშე ტოვებდნენ; ხანაც დასვამდნენ და აიძულებდნენ, ფურცელ-ფურცელ გადაეწერა „იესო ქრისტეს მიბაძვანის“ ის ადგილები, რომლებშიც საუბარი იყო უდრტვინველობაზე, მოთმინებაზე, თვინიერებასა და მორჩილებაზე, სწორედ იმ „სათნოებებზე“, რითაც გაბრიელი დიდად არ ბრწყინავდა. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი რამ, რასაც გაბრიელი ვერ ეგუებოდა: ის სხვებზე მეტად განიცდიდა თავშესაფარში გამეფებულ უთანასწორობას. საქმე ის არის, რომ აქ არა მხოლოდ მისნაირ ობლებს იღებდნენ სამადლოდ - გოგონების ნაწილი პანსიონში ყოფნისთვის გარკვეულ თანხას იხდიდა. მათ, ყოველგვარი ტაქტის გარეშე, ასეც ეძახდნენ - „ფასიანები“. მათ შორის იყვნენ გაბრიელის ზემოთ ნახსენები უმცროსი მამიდა - ადრიენი და ადრიენის დისშვილი - მარტა კოსტიე. თუკი ობლების უნიფორმას, ღმერთმა უწყის, რისგან და როგორ კერავდნენ, „ფასიანი“ გოგონების კარგად მომდგარი და გამოყვანილი უნიფორმა საუკეთესო ქსოვილისგან იკერებოდა. გულისწყრომა და უნდობლობა - აი, რას გრძნობდა აღმზრდელების მიმართ. ამიტომაც დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა, რათა მათთვის ისეთი თბილი და სასიამოვნო სიტყვით მიემართა, როგორიცაა „დედაო“. ამ სიტყვას ვერაფრით უთავსებდა იმ გულგრილ, მეტიც, მტრულ დამოკიდებულებას, როგორიც აღმზრდელთა უმეტესობასთან ჰქონდა. მართლაც, ემოციათა მოთოკვას მიჩვეულ ქალებს სიმკაცრის ისეთი პირქუში ნიღაბი ჰქონდათ მორგებული, რომ თბილი ურთიერთობებისა და სიყვარულის უმნიშვნელო ნაპერწკალსაც კი აქრობდა. ხანდახან ზოგიერთი მათგანი გოგონას მიმართ სიმპათიას გამოავლენდა, მაგრამ გაბრიელი მათ თვალებში მხოლოდ სიბრალულს ხედავდა და საშინლად ღიზიანდებოდა. შვებას მხოლოდ ჯან-ღონით სავსე მოსამსახურე გლეხის ქალებთან ურთიერთობაში პოულობდა - მათი უხეში გარეგნობის მიღმა, გოგონას სულისთვის ახლობელი, ადამიანური თვისებები იმალებოდა. მაგრამ ნამდვილ ნუგეშს ის სულ სხვა რამეში ჰპოვებს: მონასტერში ყველა წმინდანზე მეტად, მეტისმეტადაც კი, წმ. ეტიენის - ეტიენ-მშენებელის, ეტიენ-სასწაულმოქმედის, ეტიენ-გულმოწყალის მიმართ პატივისცემას ჩააგონებდნენ; სატრაპეზოში აღსაზრდელებს ხშირად უკითხავდნენ პასაჟებს მისი ბიოგრაფიიდან, ხოლო ეკლესიაში აუცილებლად მიჰყავდათ მის აკლდამასთან პატივის მისაგებად. აქ, ლუსკუმას ქვის სახურავქვეშ წმინდანის ნატიფად გამოქანდაკებული ქვის ფიგურა ესვენა. მას უშფოთველად დახუჭული თვალები ჰქონდა. როგორი სიმშვიდე და ნეტარება ეუფლებოდა! ხშირად აფორიაქებული გოგონა თავის ლოცვებში წმ. ეტიენს მიმართავდა; ფიქრობდა, რომ იპოვა წმინდანი, რომელიც გაუგებდა და დაამშვიდებდა მას. მაშინ, ობაზინში ყოფნისას, თავის უპირველეს და ერთადერთ მფარველად გოგონას წმ. ეტიენი წარმოედგინა, სასოწარკვეთილებაში მყოფს მხოლოდ ის ანუგეშებდა და შეეწეოდა. მოგვიანებით, გაბრიელი საკმაოდ დააბნევს ეტიენ ბალსანს, როცა, ყოველგავრი ახსნა-განმარტების გარეშე, გამოუცხადებს: „მე უკვე მყავდა ერთი მფარველი, სახელად ეტიენი. ისიც სასწაულმოქმედი იყო...“

*

       ობაზინის მოედანი. ერთ კვირა დღეს სააბატოს მძიმე, რომანული კარი იღება და წყვილებად ჩამწკრივებული აღსაზრდელები გარეთ გამოდიან. მსვლელობა, რომელსაც მიჰყვება ორი-სამი შავებში ჩაცმული მონაზონი ქარში მოფრიალე თეთრი კაპორებით, მოედანს კვეთს და მიემართება ბილიკისაკენ, რომელიც მდინარე კუარუს ხეობაში ეშვება. ბედნიერები იმით, რომ რამდენიმე საათით მაინც დააღწიეს თავი მოსაწყენ ყოველდღიურ ცხოვრებას, გოგონები იცინიან, ერთმანეთს არ აცლიან ლაპარაკს და მხოლოდ შიგადაშიგ, ზერელედ თუ გახედავენ დედათა მონასტრის სიძველისაგან ჩამუქებულ ნანგრევებს. მონაზვნები კი მოწაფეებს მოუწოდებენ, აღფრთოვანდნენ ბერების მიერ გაყვანილი საოცარი არხით, რომელიც მჩქეფარე წყლის ნაკადს მონასტრის ოჩხებისაკენ მიაქანებს. ამ არხის წყალობით ისინი მთელი წლის განმავლობაში ახალ თევზს მიირთმევდნენ. დედები ცდილობენ, XII საუკუნეში მოღვაწე ცისტერციანელი ბერები, რომლებიც თავიანთი გრანდიოზული პროექტის განსახორციელებლად კლდეებს შეერკინენ, აღსაზრდელებს მისაბაძ მაგალითად გაუხადონ. მართლაც, ენერგიისა და მიზანდასახულობის ეს სკოლა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გაბრიელისთვის, რომელიც თავის პროფესიულ ცხოვრებაში, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სძაგდა კვირა-უქმეები და თაყვანს სცემდა შრომას, როგორც თავის ერთადერთ ღვთაებას... მამას, რომელმაც მიატოვა, გაბრიელმა ათასგვარი გამართლება მოუძებნა, ოჯახის დანარჩენი წევრების მიმართ კი გულში სიძულვილი ჩაიმარხა. მას ვერ გაეგო, რატომ თქვეს უარი ბებიამ და ბაბუამ, ან თუნდაც ბიძებმა და მამიდებმა და ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა მისი და მისი დების წაყვანაზე. ან კი როგორ შეძლებდა თორმეტი წლის გოგონა მათი ქცევის არცთუ ისე მარტივი მიზეზების გააზრებას?

და აი, ერთხელაც, ობაზინში ჩასვლის სამი წლის თავზე, გაბრიელის კარჩაკეტილ ცხოვრებაში ხანმოკლე არდადეგები გამოცხადდა. მამიდა ლუიზამ და მისმა მეუღლემ - პოლ კოსტიემ, რომელიც რკინიგზაზე მუშაობდა, ის და მისი დები თავისთან, ვარენ-სიურ-ალეში დაპატიჟეს, რათა არდადეგები ლუიზას უმცროს დასთან - ადრიენთან, და ქალიშვილთან - მარტასთან ერთად გაეტარებინათ.

ვარენ-სიურ-ალე! სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ეს პატარა ქალაქი, სულ სამი ათასი მაცხოვრებლით, ვერ შეედრება ვერც სილამაზით თვალწარმტაც ობაზინს, ვერც სიცოცხლით სავსე მულენს. მის მონოტონურ პეიზაჟს ქალაქის შემოგარენის რამდენიმე გორაკი აცოცხლებს მხოლოდ; უგემოვნოდ აშენებული მერია, საძაგელი შესახედაობის სადგური, სადაც ბიძია მუშაობს, და თითქმის ყოველთვის ცარიელი ქუჩები - ყველაფერი უსახო და უღიმღამოა, ყველაფერს საშინელი მოწყენილობის ბეჭედი აზის, მათ შორის იმ სახლსაც, რომელშიც მამიდა ლუიზა ცხოვრობს (მას აქ რატომღაც დეიდა ჯულიას ეძახიან). ეს ჩვეულებრივი, ქარხნული კრამიტით გადახურული ნაგებობა, ყვავილების ორი გაზონი, რომელთა დანიშნულებაა ცოტაოდენი პოეტურობა შესძინოს ამ სრულ უბადრუკობას, არაფრით განსხვავდება საფრანგეთის მიწაზე მიმოფანტული ათასობით სხვა ობივატელური სახლისაგან; პატარა ბაღი კი პირდაპირ პარიზის გარეუბნიდან გადმოტანილი გეგონებათ. საბედნიეროდ, ვარენში გატარებული არდადეგები გაბრიელისთვის მოსალოდნელზე ნაკლებად მოსაწყენი აღმოჩნდა. მართალია, ის თავისუფლება, რომელიც ობაზინში წაართვეს, ვერც აქ მოიპოვა, რადგან ცოლ-ქმარი ისევე მკაცრად აკონტროლებდა სამი ყმაწვილი ქალის თითოეულ ნაბიჯსა თუ საქციელს, როგორც მონასტრის მონაზვნების ფხიზელი თვალი. და მაინც, ვარენში გატარებულმა დღეებმა გოგონას არაერთი ბედნიერი წუთი აჩუქა. პირველ ყოვლისა, კარგი იყო, რომ მამიდამ გაბრიელი და ადრიენი ერთ ოთახში დააბინავა და გოგონებს თავისუფლად შეეძლოთ გაემხილათ ერთმანეთისთვის საიდუმლოებები, მხიარულად ეტიკტიკათ, ჩუმად ეხითხითათ (მამიდას რომ არ გაეგო), გვიანობამდე, ზოგჯერ გათენებამდე, ესაუბრათ თავიანთ „ქალიშვილურ ამბებზე“. რაც მთავარია, არ ჰქონოდათ იმის შიში, რომ ჯაშუში-სარკმელი გაიჩხაკუნებდა, მკაცრი დამრიგებელი მოვიდოდა და გემრიელ მასლაათს შეაწყვეტინებდა, როგორც ეს ობაზინში ხდებოდა ხოლმე. შესაძლოა, გაბრიელმა აქ ვერ იპოვა მშობლიური, ოჯახური გარემო, რომლითაც ბრივში იყო გარემოცული (და რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებდა), მაგრამ რაღაც მსგავსში კი მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მის დამოკიდებულებას მამიდისა და ბიძის მიმართ ჯერ ისევ უნდობლობის ჩრდილი ადგა, მათზე ახლობელ ნათესავებად სხვას აღარავის მიიჩნევდა. ეს არ იყო მისი სახლი, მაგრამ თავს აქ უფრო თავისუფლად გრძნობდა, ვიდრე შუასაუკუნეების სააბატოს მკაცრ გარემოში. და კიდევ, აქ, ვარენში, გაბრიელი შიგადაშიგ ისმენდა საუბრებს ისეთ რამეზე, რისი ხსენებაც კი არ შეიძლებოდა სააბატოში - მოდაზე.

       კერვა, რომელსაც მონასტერში ასწავლიდნენ, ძირითადად უტილიტარული ხასიათისა იყო: სუფრის მოქარგვა, ხელსაწმენდის არშიით მორთვა, მაუდის გამოჭრა, ქვედაბოლოს გაგანიერება ან დავიწროება. ამგვარი სამუშაო მამიდა კოსტიესაც ბლომად ჰქონდა და მასთან გაბრიელი ამ საქმეს გაცილებით მარჯვედ და ოსტატურად უმკლავდებოდა. მაგრამ, გარდა ყოვლდღიური დანიშნულების ნივთების კერვისა, მამიდას ქუდებიც აინტერესებდა. ის არასოდეს ყიდულობდა მზა ქუდებს, იქვე, ახლოს, დიდ ქალაქ ვიშიში, იძენდა ფეტრის ნამზადებს, ხელახლა ჭრიდა თავის ფასონზე და საკუთარი გემოვნებით რთავდა. მისი მარჯვე თითები უფორმო თარგიდან, ნაცვლად უსახური და სტანდარტული თავსაბურავისა, რომლის მსგავსსაც დღეში ასჯერ მაინც ნახავდა კაცი, ორიგინალურ მოდელს ქმნიდა. ასეთს ვერ ნახავდით ვერც ვარენში, ვერც სენ-პურსენში და ვერც ვიშიში, თუმცა, ისიც ცხადია, რომ პარიზული მოდის შეუდარებელ შიკთან ეს უბრალო და სადა ნაკეთობები ახლოსაც ვერ მივიდოდა. დიდი ამბავი! შესაძლოა, სწორედ მამიდა ლუიზასთან მიღებული გამოცდილების წყალობით გააცნობიერა გაბრიელმა, რომ კერვა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ნემსი და ძაფი... ვიდრე რუტინული ტექნიკური ხერხების გამოყენება მოსაწყენ ყოველდღიურ საქმიანობაში. ასეთ წუთებში გოგონას ცოტა ხნით მაინც ავიწყდებოდა თავისი, მიტოვებული ობლის, ხვედრი და აღარც თავისი მამიდაშვილების შედარებით უკეთესი ბედისა შურდა. სამწუხაროდ, ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცას მისი თანდასწრებით წამოსცდა, რომ ალბერტი დროდადრო სტუმრობდა თავის საყვარელ დას - ლუიზას. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა საშინელი ტრავმა მიაყენა გაბრიელს იმის აღმოჩენამ, რომ მისი მშობელი მამა თურმე მშვენივრად ახერხებდა ამ მხარეში ჩამოსვლას, მაშინ, როცა საკუთარი ქალიშვილის მონახულება არც კი უცდია. ახლა მთელი სიმძაფრით იგრძნო, როგორი მივიწყებული და მიტოვებული იყო; ისარგებლა პირველივე მარჯვე საბაბით, თავის ოთახში გავარდა, საწოლზე დაემხო და მწარედ აქვითინდა. მას ეს ჭრილობა არასოდეს შეუხორცდება. ნუგეში ვერც ობაზინში მიბრუნებულმა პოვა; ადრიენის გულწრფელმა სიყვარულმაც ვერ დაამშვიდა. თუმცა, ვარენში სულ რამდენიმე დღით ყოფნისას ერთი თავშესაქცევიც გამოძებნა - კითხვა, რისთვისაც მამიდის სახლის დახუთულ სხვენში განმარტოვდებოდა ხოლმე. იქ, ზაფხულის მზით გახურებული კრამიტის სახურავქვეშ, ძველებურ, გამტვერილ ჩემოდნებში თავიანთ უკანასკნელ დღეებს ითვლიდნენ მამიდის მიერ უხეიროდ აკინძული იაფფასიანი ბროშურები და გაყვითლებული საგაზეთო ფელეტონები. იქვე აღმოაჩინა თხზულებები იმ ტიპის რომანისტებისა, როგორებიც იყვნენ პიერ დეკურსელი და რენე დე პონ ჟესტი. ისინი მძაფრად და უტრირებულად ასახავდნენ ეპოქისათვის დამახასიათებელ პრიმიტიულ მელოდრამებს. მაგალითად, ის, თუ როგორ ცდილობს მდიდარი, თავქარიანი ახალგაზრდა ძალა იხმაროს საბრალო მუშა ქალზე, ამ ტიპის რომანებში ასეა აღწერილი: „ - ვფიცავ, არ გადავაბიჯებ ამ ზღურბლს, სანამ იმ ჯოჯოხეთურ ცეცხლს არ დამინელებ, ჩემ გულში რომ ბობოქრობს!

დენდი გველივით შემოეხვია ქალს და გულში ჩაიკრა.

- მიშველეთ! მიშველეთ! - შეჰკივლა მარიამ. - შემიწყალეთ! დამინდეთ!

- ვერ ეღირსები შეწყალებას! დიდი ხანია მეტისმეტად ვიტანჯები!

ავხორცული ჟინით მთვრალმა დენდიმ ის-ის იყო დააპირა, აღესრულებინა თავისი ცინიზმით სავსე ჩანაფიქრი, რომ თავსდატეხილი ემოციებით განადგურებულმა მარიამ მოულოდნელად მის მკლავებში განუტევა სული!...“ თვრამეტი წლის გაბრიელი მიმზიდველი, მაგრამ, ამასთან, მეტისმეტად გამხდარი და ფერმკრთალი ქალიშვილი იყო. დამეთანხმებით, რომ ეპოქაში, რომელშიც ფერხორციან და დიდმკერდიან ქალებს ანიჭებდნენ უპირატესობას, ძნელია თავი კომფორტულად იგრძნო, თუკი გაქვს ბრტყელი მკერდი და ქალბატონ პოლერზე ოდნავ მსხვილი წელი. მაგრამ გაბრიელს თავისებური ხიბლი ჰქონდა, მისი სილამაზე განსაკუთრებული იყო, რაც ზოგჯერ უფრო მეტად აჯადოებს, აღაგზნებს და იპყრობს მამაკაცის გულს, ვიდრე ტიპური კლასიკური სილამაზე.

       რაც უფრო იზრდებოდა, რაც მეტად ყალიბდებოდა მისი პიროვნება, მით მძაფრად აცნობიერებდა გაბრიელი, რომ ობაზინი მისთვის შეუფერებელი ადგილი იყო. სულ უფრო ხშირად და დემონსტრაციულად აიშვებდა ხოლმე თავს, სულ უფრო ცხადად ვლინდებოდა მისი დაუმორჩილებელი სული. თავის მხრივ, მისი „თანამებრძოლი“ და „თანამოაზრე“ ადრიენიც აუჯანყდა საკუთარ ოჯახს. მისმა ბრიველმა დეიდამ, რომელმაც ობაზინში მოაწყო, კარგი საქმრო გამოუნახა, რაც, დამეთანხმებით, არც ისე იოლია იმ შემთხვევაში, როცა ქალიშვილს, თუნდაც მომხიბვლელს, არაფერი გააჩნია. როდესაც ადრიენს მისი საქმროს (ნოტარიუსი, რომელიც სულ მალე მოგზაურობიდან უნდა დაბრუნებულიყო) ფოტოსურათი აჩვენეს, საბრალომ თავი ვერ შეიკავა და სურათი შორს მოისროლა. რაც შეეხება გაბრიელს, მას სრულიად საფუძვლიანად აგრძნობინეს, რომ არაფერს კარგავს და, დაე, ელოდოს... ბევრი არც უფიქრიათ, ორივე გოგონა თავშესაფრიდან გამოიპარა, მაგრამ სად უნდა წასულიყვნენ, როცა ერთი ფრანკიც არ ედოთ ჯიბეში? სხვა გზა არ იყო, ძალიან კი რცხვენოდათ, მაგრამ ისევ ვარენში ჩავიდნენ კოსტიეებთან. ძნელი მისახვედრი არ იქნება, რა შეხვედრას მოუწყობდნენ იქ. როგორც კი ქარიშხალი ჩაცხრა, უფროსები შეეცადნენ, ისევ ობაზინში დაებრუნებინათ გამოქცეულები, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან წინამძღვარმა უარი განაცხადა - არ მოისურვა, ახალი საზრუნავი დაემატებინა. ამასთან, გარკვევით აგრძნობინა მთხოვნელებს, რომ მხოლოდ იმ აღსაზრდელებს დაიტოვებდა, რომლებიც საკუთარ თავს მონასტერში მორჩილად მსახურებას მიუძღვნიდნენ. ეს ორი პატარა მეამბოხე კი, ეჭვგარეშეა, ამ საქმისთვის არ ივარგებდა. მაშინ გადაწყვეტილება ისევ ბრიველმა დეიდამ მიიღო. მას ქალაქ მულენში (ალეს მხარეში) ეგულებოდა ერთი უმწიკვლო რეპუტაციის მქონე სამონასტრო დაწესებულება. ეს იყო „ღვთისმშობლის ინსტიტუტი“, რომელსაც კანონიკი დები განაგებდნენ. გარდა „ფასიანი“ აღსაზრდელებისა, იქ ღარიბ გოგონებსაც იღებდნენ, სწავლის დასრულების შემდეგ კი მონაზვნები მათ დასაქმებასა და მოწყობაზეც ზრუნავდნენ. არჩევანს ის უპირატესობაც ჰქონდა, რომ მულენი ვარენიდან სულ რაღაც ოც კილომეტრში იყო და ლუიზა და მისი ქმარი ადვილად შეძლებდნენ ადრიენისა და გაბრიელის გაკონტროლებას. გოგონებსაც, თავის მხრივ, გაუადვილდებოდათ მათთან ხშირად ჩასვლა. ანგარიშგასაწევი იყო ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაბრიელის ბაბუა - ანრი-ადრიენი და მისი ცოლი ანჟელინა, საცხოვრებლად მულენში გადაბარგდნენ და იქ, ფოს-ბრას ქუჩაზე, მანსარდაში იქირავეს პატარა ბინა. ცხადია, ისინიც, შეძლებისდაგვრად, იზრუნებდნენ გოგონებზე. წლები, რომლებიც გაბრიელმა ღვთისმშობლის პანსიონში გაატარა (18-იდან 20 წლის ასაკამდე), მისთვის საუკუნეს უდრიდა. იმხანად მონაზვნები აღსაზრდელებს დაწესებულების კედლებს გარეთ მხოლოდ არდადეგებზე უშვებდნენ. მამიდა კოსტიეც სწორედ ამ დროს აკითხავდა ადრიენსა და შანელებს და ვარენში მიჰყავდა ისინი. მულენშიც, ზუსტად ისევე, როგორც ობაზინში, გოგონები მონაწილეობას იღებდნენ პროცესიებში, ესწრებოდნენ მესას ტაძარში, სადაც აღმზრდელების თანხლებით წყვილებად დაწყობილები მიდიოდნენ. თვითონ ქალაქი, დეპარტამენტის ცენტრი, რომელიც იმ დროს 20 ათას მაცხოვრებელს ითვლიდა, გაბრიელს წესიერად არც კი ჰქონდა ნანახი. მდინარე ალე იმ ადგილებში ფართო კალაპოტში მდორედ მიედინებოდა უსახურ და უღიმღამო ნაპირებს შორის; სამაგიეროდ, ქალაქის ცენტრის მოკირწყლული ქუჩები XVI, XVII, და XVIII საუკუნეებში აშენებული სახლებითა და უამრავი სავაჭრო ფარდულით, ასევე, ტოტებგაშლილი წაბლებისა და ჭადრების ჩრდილქვეშ გაწოლილი გამზირებით, სიცოცხლით იყო სავსე და ეს იმიტომ, რომ ქალაქში ბინა დაედო რამდენიმე პოლკს, მათ შორის მე-10 ეგერთა ნაწილს. ის მცირედიც კი, რის ნახვასაც გაბრიელი ახერხებდა ქალაქში, მხოლოდ აღვივებდა მის ცნობისმოყვარეობას და ამძაფრებდა გაქცევის სურვილს. ბოლოს და ბოლოს, როდის ეღისება თავისუფლება? უფრო მომთმენი და ჭკუადამჯდარი ადრიენი მის დამშვიდებას ცდილობდა; სთხოვდა, გაეთვალისწინებინა, თუ რა ელოდა ხელმეორე გაპარავის შემთხვევაში.

- რითი იცხოვრებ? გიფიქრია ამაზე?

ცხოვრების დასაწყისი

       1902 წელს გაბრიელმა და ადრიენმა სამუდამოდ დატოვეს სავანე. ამ დროს დაახლოებით ოცი წლისანი იყვნენ. მაგრამ „ღვთისმშობლის ინსტიტუტი“ არასოდეს ტოვებდა თავის აღსაზრდელებს ბედის ანაბარა: მას ჰქონდა ფართო კავშირები, რომელთა მეშვეობითაც მათთვის სამუშაოს ან ცხოვრების მეგზურს პოულობდა. როგორც ჩანს, ესეც განგების ნება იყო: მონაზვნებმა გაბრიელი და ადრიენი გამყიდველებად მოაწყვეს მაღაზიაში, რომელიც საქორწინო ცერემონიისთვის საჭირო საქონლით ვაჭრობდა; გარდა ამისა, მაღაზიაში იყიდებოდა ქვედაბოლოები, ბეწვეული, ვუალეტები, სხვადასხვა სახის ბოა თუ გორჟეტი, რომ არაფერი ვთქვათ „მკერავის ფურნიტურაზე“. მაღაზიის აბრით თუ ვიმსჯელებთ, „წმინდა მარიას“ (ასე ეწერა აბრაზე) უმწიკვლო რეპუტაცია უნდა ჰქონოდა; ამ წარწერას მყიდველისთვის მფლობელთა პატიოსნებასთან დაკავშირებული ყოველგავრი ეჭვი უნდა გაეფანტა. ამდენად, თორმეტი წლის გაბრიელი ჯერ სენ-კიორ-დე-მარის კონგრეგაციის ფრთებქვეშ მოხვდა, შემდეგ - „ღვთისმშობლის ინსტიტუტში“, დაბოლოს, უკვე მესამედ, მფარველად კვლავ წმინდა ქალწული მოევლინა. გაბრიელიც, მომავლის გარკვეული რწმენით, თუმცა ოდნავი ირონიით, ულოცავდა თავის თავს შანსს, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე არგუნა ბედმა. ყველაზე მეტად ის უხაროდა, რომ მაღაზიის პატრონებმა, ცოლ-ქმარმა გრამპერებმა, მის ძვირფას უმცროს მამიდასთან ერთად დააბინავეს; აქაც შეეძლოთ ბევრი ელაქლაქათ, ერთმანეთისათვის თავიანთი საიდუმლოებები გაემხილათ. სასიხარულო იყო ისიც, რომ მულენის ცენტრში ცხოვრობდნენ, საათის ქუჩისა და რიუ დ’ალის კუთხეში, ჟაკმარის კვარტალის მახლობლად. ეს ადგილი კომერციული ცენტრი და ქალაქის ყველაზე ცოცხალი უბანი იყო. გაბრიელი ხომ წლების მანძილზე ოცნებობდა, ენახა და შეეცნო ცხოვრება, სამყარო - ყველაფერი, რაც ამდენი ხნის განმავლობაში წართმეული ჰქონდა, რასაც წლების მანძილზე უმალავდნენ. ახლა კარგად ესმოდა მამის, რომელიც, მოგზაურობისა და შორეულ მხარეთა ნახვის სურვილით შეპყრობილი, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. „როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო მიმატოვა და არა იმიტომ, რომ არ ვუყვარდი“ - ინუგეშებდა თავს გოგონა და მზად იყო, გაემართლებინა თავისი ქარაფშუტა მშობელი. მაღაზიაში ჩვენი ორი ქალიშვილის მოვალეობა იყო, მიეზიდათ კლიენტები, შეეთავაზებინათ და მიეწოდებინათ თაროებზე დაწყობილი საქონელი, მიეღოთ შეკვეთები, მყიდველ ქალებს კაბების მოზომება-მორგებაში დახმარებოდნენ და, უნდა ითქვას, რომ ყველაფერ ამას ისე კარგად აკეთებდნენ, ისეთი ნიჭი გამოავლინეს, რომ მალე მულენის ყველა ქალბატონს პირზე ეკერა მათი სახელები და კლიენტიც ბევრი მიაწყდა მაღაზიას. ამასთან, რამდენადაც ადრიენი, ზოგჯერ კი გაბრიელიც, შიგადაშიგ ისევ აკითხავდნენ „ღვთისმშობლის ინსტიტუტის“ ხელსაქმის სახელოსნოს, როგორც ჩანს, მათი რეკომენდაციით, მონაზვნები თავიანთ მოწაფეებს საყიდლებზე „წმინდა მარიას“ მაღაზიაში უშვებდნენ, რაც, ასევე, ხელს აძლევდათ მეპატრონეებს. ის, ვინც ოდესმე ბურბონების მხარეში მოხვდება, ნამდვილად გაოცდება ამ ოლქის ტერიტორიაზე გაბნეული სასახლეებისა და ციხესიმაგრეების სიმრავლით. შესაძლოა, ტურენშიც კი არ იყოს ამდენი სასახლე. ბევრი მათგანი, უფრო ძველი და დახვეწილი სტილით ნაგები, გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ლუარის ხეობის არქიტექტურული ძეგლები. ეს ნაგებობები, უმეტესწილად, თავადაზნაურთა იმ ძველ გვარებს ეკუთვნით, რომლებიც აშენების დღიდან, თაობებით სახლობდნენ იქ. მათ შორის იყვნენ ბურბონების, ლა-პალისთა თუ ნეკსონთა ოჯახები, რომელთა წარმომადგენლებიც, ძირითადად, „წმინდა მარიას“ მაღაზიაში დადიოდნენ. გრამპერებიც ძალიან ამაყობდნენ პრესტიჟული კლიენტურით. ყოველი ვიზიტის დროს ლამის ფეხქვეშ ეგებოდნენ „საპატიო“ მყიდველებს და სალაროსთან მომსახურებისას განუწყვეტლივ იმეორებდნენ, რაოდენ ბედნიერები არიან, ასეთი პატივი რომ დასდეს. მათდა გასაკვირად, გაბრიელი არ იზიარებდა ამგვარ ენთუზიაზმს. ეს კლიენტები დიდ აღფრთოვანებას არ იწვევდნენ მასში და ის მონური თაყვანისცემაც, რასაც მაღაზიის პატრონები იჩენდნენ მაღალი წრის სტუმრების მიმართ, საშინლად აღიზიანებდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბავშვობიდან გარე სამყაროს მოწყვეტილი ეს პატარა მეამბოხე საღი აზრითა და სითამამით გამოირჩეოდა. სწორედ დამოუკიდებელი აზროვნებისა და განსჯის უნარმა გადააწყვეტინა, რაც შეიძლება სწრაფად აბარგებულიყო მანსარდიდან, სადაც მამიდასთან ერთად შეასახლეს, და სადმე სხვაგან მოეძებნა ბინა.

- მე აქ ვეღარ დავრჩები, - ამბობდა ის.

       ასეთი გაბედული გადაწყვეტილებით შეშინებული ადრიენი თავიდან არ გაჰყვა მეგობარს. გაბრიელმა კი მულენის ერთ მდაბიურ უბანში, მდინარის პირას მდებარე პონ-გინგეს ქუჩაზე, ავეჯით გაწყობილი პატარა ოთახი იქირავა. მარტო დარჩენილმა ადრიენმა მოიწყინა და რამდენიმე კვირაში კაპიტულაცია გამოაცხადა. მაგრამ მომავალი კოკო ამაზე არ შეჩერდა და მალულად, ისე, რომ მაღაზიის პატრონებს არ გაეგოთ, ზოგიერთი კლიენტის თხოვნით, თავისუფალ დროს შეკვეთების მიღება დაიწყო. ცხადია, თავისუფალი დრო ბევრი არ ჰქონდა, რადგან დღეში ათი საათი დახლთან იდგა, მაგრამ რადგანაც კვლავ სასაცილოდ მცირე გასამრჯელოს იღებდა, მისი მოთხოვნილებები კი იზრდებოდა, უყოყმანოდ მოჰკიდა ხელი კაბებისა და ქვედაბოლოების მორთვასა და გაწყობას. მას უკვე საკუთარი კლიენტები ჰყავდა. არც ადრიენი იჯდა გულხელდაკრეფილი. გაბრიელის კლიენტები დაკვეთის შესრულების ხარისხით კმაყოფილები იყვნენ - ის მონდომებით, გულმოდგინედ მუშაობდა და ასეთად დარჩა მთელი ცხოვრება. ამ კერძო სამუშაოს წყალობით ცოტაოდენი თანხაც დააგროვა. რასაკვირველია, ქალიშვილებმა, რომლებმაც ახლა, „ღვთისმშობლის ინსტიტუტიდან“ წამოსვლის შემდეგ, გარკვეული თავისუფლება მოიპოვეს, არ ისურვეს, დასვენების იშვიათი და ხანმოკლე წუთები პირქუში მდინარის ნაპირზე, მოსაწყენ სეირნობაში გაეტარებინათ. მულენელი ობივატელებისთვის ჩვეულებად ქცეული სეირნობა დიდად არ განსხვავდებოდა ობაზინის პანსიონერთა „ექსკურსიებისგან“. ამიტომაც, ცოდვა გამხელილი ჯობს და, გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ თავისუფალი დროის გასატარებლად საუკეთესო ადგილი იქნებოდა ქალაქის ცენტრი, კერძოდ, ალეს მოედანი, რომელიც შაბათ-კვირას, საღამოობით, მულენელთა გართობისა და დროს ტარების მთავარი ცენტრი იყო. ჩვენს გმირებს ხშიარდ ხედავდნენ ერთად „გრან-კაფეში“ - უახლეს, მდიდრულად მოწყობილ დაწესებულებაში, რომელიც პარიზის „მაქსიმს“ წააგავდა და რომელმაც 1899 წელს ჟორჟ ფედოს ვოდევილის წყალობით მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. სტილი №ouille, გვერდებჩამოთლილი და უცნაურად მოჩოქურთმებულ ხის ჩარჩოებში ჩასმული სარკეები ფსევდოპარიზულ შიკს ქმნიდნენ, რის მიმართაც ჩვენი ქალიშვილები ვერაფრით დარჩებოდნენ გულგრილნი. ზოგჯერ ძველ ქალაქშიც შეივლიდნენ ხოლმე, ხშირად სტუმრობდნენ ჩაის სალონს, სახელწოდებით „ცთუნება“; მაგრამ სადაც არ უნდა გამოჩენილიყვნენ, არანაირ ცდუნებას არ აჰყვებოდნენ და სანიმუშოდ ეჭირათ თავი - არ ავიწყდებოდათ მონასტერში მიღებული აღზრდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით...

       როგორც მკითხველმა უკვე იცის, მულენში, საგარნიზონო ქალაქში, დაბინავებული იყო რამდენიმე პოლკი, მათ შორის მე-10 ცხენოსან ეგერთა. ამ პოლკის ოფიცერთა და უნტერ-ოფიცერთა დიდი ნაწილი არისტოკრატიის ან მდიდარი ბურჟუაზიის წრიდან იყო. ბევრ მათგანს თვალში მოუვიდა გაბრიელი - მისი არაჩვეულებრივი, თავზე ნაწნავად შემოვლებული ყორნისფრთისფერი თმა, მისი მოკრძალებული და, ამავე დროს, ანთებული მზერა, რომელიც ხან მიინავლებოდა, ხანაც, ემოციის ძალით, ისევ აღეგზნებოდა. გაბრიელი და ადრიენი არაფრით ჰგავდნენ იმ გოგონებს, რომლებთანაც, ჩვეულებრივ, ერთობიან ხოლმე სამხედროები საგარნიზონო ქალაქებში. ამიტომაც ისინი ძალიან მალე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდების გამორჩეულ, საყვარელ არსებებად იქცნენ. მათ უფრო ღირსეულ, შესაფერის კომპანიად მიიჩნევდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ, სხვა გოგონებს. მაგრამ ასეთი მეგობრობა შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს - საყვირი სალაშქროდ იხმობს და... მორჩა, დამთავრდა ყველაფერი - მშვიდობით, მეგობრობა! ბოლო მოეღო ყველა სხვა ურთიერთობასაც! და რადგან გოგონები მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მკერავები იყვნენ, მარტოოდენ პირადი ღირსება და შარმი, რასაც ვერავინ წაართმევდა, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მათი დაბალი სოციალური მდგომარეობა დაევიწყებინათ. რამდენიმე კვირის შემდეგ ისინი ხასხასა წითელ შარვლებში, ჩექმებსა და ბრანდენბურებიან ცისფერ მუნდირებში გამოწყობილი ელეგანტური ოფიცრების წრეში ნახეს; გოგონები მათთან ერთად მაგიდას უსხდნენ „როტონდაში“ - ქალაქის ორი კაფეშანტანიდან ერთ-ერთში (მეორეს მეპატრონის გვარის მიხედვით „ლე ბოდარი“ ერქვა). კაფეს წრიული ფორმის შენობა, რომელიც  III-ის მმართველობის დროს აშენდა, თავისი არქიტექტურით ქვაბის ფორმის ქუდს მოგაგონებდათ; მწვანედ შეღებილ ნაგებობას თავზე მინის პატარა ჯიხური ჰქონდა დაშენებული. გარშემო, ზრდილობისთვის, პატარა ბაღი გაეშენებინათ რამდენიმე მომჭკნარი ბუჩქით. შიგნით სცენა იყო, სადაც „არტისტები“ გამოდიოდნენ, ხოლო რამპის ქვეშ - ადგილი მუსიკოსებისთვის: ერთი ფორტეპიანოსა და ერთი, ან ორი ვიოლინოსთვის. პუბლიკა თავს იყრიდა მარმარილოს ცალფეხა მაგიდების ირგვლივ, რომლებზეც ლუდის კათხები და მანდილოსნებისთვის განკუთვნილი ლიმონათით სავსე ბოკალები იყო დახვავებული. პარკეტი, როგორც მაშინდელი კაფეების უმეტესობაში, აქაც ნახერხის სქელი ფენით მოეფინათ. აქა-იქ თვალს მოჰკრავდით მსგავსი დაწესებულებისთვის აუცილებელ ატრიბუტს - უბადრუკ ტილოებს, რომლებითაც გარსონები გულგრილი გამომეტყველებით ასუფთავებდნენ მაგიდებს ახალი კლიენტებისათვის. „როტონდას“ ძირითადად ოფიცრები სტუმრობდნენ (ბოდარის კაფეში კი დაბალი ჩინის სამხედროები დადიოდნენ; მეთაურები მას „სამიკიტნოს“ ეძახდნენ). ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ „როტონდას“ სცენაზე ევროპის საუკეთესო ხმები გამოდიოდნენ; იქაური მომღერლები პროვინციული მასშტაბის „ვარსკვლავები“ იყვნენ, რომლებსაც დედაქალაქის პუბლიკა, რასაკვირველია, სტვენით ხვდებოდა. ხანდახან ჩნდებოდნენ „ნორჩი ტალანტებიც“, რომელთა უნიჭობას ახალგაზრდული ასაკი, ცხადია, ვერ ამართლებდა. შემონახულია იმდროინდელი ფოტოსურათი, რომელზეც გაბრიელი, მოკრძალებული მზერითა და მშვიდი ღიმილით, აღბეჭდილია კავალერიის ახალგაზრდა ოფიცერთან ერთად. ეს ოფიცერი ერთ-ერთი იმათთაგანი უნდა იყოს, ვინც მას „როტონდაში“ ეპატიჟებოდა ხოლმე. რასაკვირველია, ახალგაზრდა ქალი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რაოდენ უბადრუკი იყო იქაური სანახაობები, რა უფერულები იყვნენ თავად შემსრულებლები; მან ხომ ბევრი წელი, სამყაროს მოწყვეტილმა, იზოლაციაში გაატარა! მაგრამ რასაც ხედავდა, საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაცნობიერებლად, რომ აუცილებელი იყო რადიკალურად შეეცვალა თავისი მდგომარეობა, რათა მის ტყვეობაში არ აღმოჩენილიყო. მთელი ცხოვრება მკერავი ხომ არ იქნებოდა?! რა თქმა უნდა, თავისი ნააზრევი მაშინვე ადრიენს გაუზიარა, რადგან ამქვეყნად ყველაზე მეტად მას ენდობოდა.

       მაგრამ როგორ, რა გზით უნდა შეეცვალა თავისი ხვედრი? სიმღერა ყოველთვის უყვარდა. ობაზინში, სხვა აღსაზრდელებთან ერთად, კაპელის გუნდში მღეროდა, შემდეგ „ღვთისმშობლის ინსტიტუტის“ გუნდის წევრი იყო და ახლაც, მას შემდეგ, რაც ამ დაწესებულების კედლები დატოვა, წინამძღვარი ხშირად სთხოვდა, გუნდში რომელიმე ხმაჩახლეჩილი მომღერალი გოგონა შეეცვალა. და აი, თავში ბრწყინვალე აზრმა გაუელვა: რატომ არ უნდა გამოცადოს საკუთარი თავი „როტონდაში“? ვინ იცის, იქნებ უცებ ახალ ივეტ გილბერად მოევლინოს სამყაროს? იქნებ, ბოლოს და ბოლოს, თავი დააღწიოს ამ უმიზნო, უშინაარსო არსებობას, რისთვისაც თითქოს ყველამ და ყველაფერმა გაწირა! ეს გეგმები სასწრაფოდ გააცნო თავის გალანტებს. „რა ბრწყინვალე აზრია!“ - ერთხმად შესძახეს მათ. მშობლიური კაფეშანტანის სცენაზე გაბრიელისთვის ტაშის დაკვრის პერსპექტივამ ყველა ერთბაშად მოხიბლა. თანაც მობეზრებული ჰქონდათ ჩვეულებრივი მულენური გასართობები და ნებისმიერ, უმნიშვენლო სიახლესაც დიდი ენთუზიაზმით ხვდებოდნენ. მაგრამ ასეთმა აღტყინებამ საბრალო გაბრიელი უფრო გააწითლა, ვიდრე შეაგულიანა. მან ხომ ეს იდეა სრულიად გაუაზრებლად წამოისროლა და სერიოზულად არც უფიქრია, რომ მისი განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა. დიდი ხნით იზოლაციაში ცხოვრების შემდეგ დარწმუნებული არ იყო, რომ მაყურებლის წინაშე გამოსვლას შეძლებდა. ერთი წუთით ისიც იფიქრა, იქნებ „როტონდის“ დირექტორმა, მუსიე შაბასიემ მიწვევაზე უარი მითხრასო. მაგრამ, რას ბრძანებთ! მან კარგად იცოდა, რომ გაბრიელი საკმაოდ პოპულარული იყო გარნიზონის ოფიცრებს შორის და ხვდებოდა, რომ დიდად არ გარისკავდა, თუკი მიიწვევდა მას, არა როგორც პროფესიონალ მომღერალს, რომლის სახელსაც დიდი ასოებით წერდნენ აფიშებზე, არამედ, თუნდაც, როგორც სტატისტს. „ბელ-ეპოკისა“ და უფრო ადრეულ ხანაშიც, კაფეშანტანებში წარმოდგენის დროს სცენის სიღრმეში იჯდა ექვსიოდე ქალიშვილი, რომლებიც ქალთა სალონს წარმოადგენდნენ და, სანამ სცენაზე „ვარსკვლავები“ გამოდიოდნენ, ეს გოგონები მაყურებელს ისე აჩვენებდნენ თავს, თითქოს ერთმანეთში საუბრობდნენ ან ხელსაქმით იყვნენ დაკავებულები - კერავდნენ და ქარგავდნენ... ანტრაქტის დროს მათი ჯერიც დგებოდა. ეს „მეორეხარისხოვანი“ მომღერლები, რომლებსაც ხშირად აბუჩად იგდებდნენ, ერთმანეთის მიყოლებით ასრულებდნენ თავიანთ კუპლეტებს მხოლოდ იმისათვის, რომ ნამდვილი არტისტების გამოსვლამდე დარბაზს არ მოეწყინა. რადგანაც „სტატისტებს“ არც კონტრაქტს უფორმებდნენ და არც ჰონორარს აძლევდნენ, ერთ-ერთი მათგანი წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მაგიდებს შორის დადიოდა და წვრილმან გასამრჯელოს აგროვებდა. გაბრიელი, თავისი სიამაყის მიუხედავად, დათანხმდა, ამგვარი სტატუსით სცენაზე გამოსულიყო. მალე ამ ინტრიგაში ადრიენიც ჩაითრია. ის ხომ ყოველთვის იზიარებდა გაბრიელის ბედს?! მაშ, ახლა რატომ უნდა მომხდარიყო სხვაგვარად? ადრიენმა ამჯერადაც დათმო: შეუძლებელი იყო მეგობრის შეუპოვარ ხასიათს შეწინააღმდეგებოდა. შემდეგში გაბრიელის ურყევი ნება კიდევ ბევრ, ძალიან ბევრ ადამიანს დაიყოლიებს!.. ლეგენდას, რომელიც ჩვენი გმირის სახელს მომხიბვლელ საბურველში ხვევს, სურს წარმოდგენა შეგვიქმნას, თითქოს მისი პირველივე გამოსვლა „როტონდაში“ ნამდვილი ტრიუმფი იყო. მერე რა, რომ ხმა საერთოდ არ ჰქონდა? სამაგიეროდ, როგორც ეს მუსიე შაბასიემ წინასწარ განჭვრიტა, გაბრიელს თავისი მაყურებელი ჰყავდა, რომელიც ახალბედა მომღერალს ისეთად იღებდა, როგორიც იყო. მეტიც, ის ამ პუბლიკის ერთგვარი თილისმა იყო... და გულშემატკივართა ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია მულენის გარნიზონის კავალერიის ოფიცერთა პრაქტიკულად მთელ კორპუსს აერთიანებდა. მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე, როცა უბრალო სტატისტი მეტ აპლოდისმენტს იმსახურებს, ვიდრე პროფესიონალი მომღერალი, ის ვერსად გაექცევა ეჭვიანობასა და შურს. ამჯერადაც ასე მოხდა და დაიწყო!.. ხან საგრიმიოროს კარქვეშ შეურაცხმყოფელ და გესლიან წერილებს შეუცურებდნენ, ხან ჭორებს უვრცელებდნენ, განსაკუთრებით, ზნეობასთან დაკავშირებით. რადგან გაბრიელი და მისი ყმაწვილი მამიდა განუყრელნი იყვნენ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ცილისწამება ადრიენსაც შეეხო. ბუნებით უაღრესად პატიოსანი გაბრიელი იძულებული გახდა, ტანისამოსის გამოცვლის დროს საგრიმიოროს კარი ჩაეკეტა, მაგრამ ესეც თვალთმაქცობად ჩაუთვალეს (ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ჩაკეტილ კარს მიღმა ხდება რამე სამარცხვინო?!).

       მოშურნეები შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან, ახალგაზრდა მეტოქის ფიზიკურ მონაცემებს რომ არ შეხებოდნენ. ეპოქა, რომელიც ქალს ფუშფუშა ფორმებით აფასებდა, იმის საშუალებას იძლეოდა, რომ სინაზე და სინატიფე „სიგამხდრედ“ მოენათლათ და სწრაფადვე მოენახათ მისთვის ახსნა: „ხელაღებით, განურჩევლად ყველასთან ქეიფობს, ამიტომაც გახდა და გაილია!“ მას მარგარიტა გოტიეს („ქალი კამელიებით“) ბედს უწინასწარმეტყველებდნენ... მეორე მხრივ, მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქტუალური ფოტოების გავლენით (მათზე აღბეჭდილი მოშიმშილე რეგიონებში მცხოვრები საშინლად გამხდარი ადამიანები უმძიმეს შთაბეჭდილებას ახდენდნენ მნახველზე), მეტსახელიც გამოუგონეს - „მოშიმშილე ინდოელი“. სინამდვილეში გაბრიელმა, ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებდა, ამას, ბევრად გაუსწრო დროს და დასაბამი მისცა ახალ სტილს, რომელიც მოგვიანებით გამეფდა და, მისი ხელდასხმით, მთელ მსოფლიოს მოედო. და მაინც, ნეტავ, რას მღეროდა იქ, „როტონდაში“? მისი საკმაოდ ღარიბი რეპერტუარი სულ რაღაც სამი-ოთხი სიმღერით შემოიფარგლებოდა; მათ შორის იყო „კო-კო-რი-კო“, რომელიც პარიზული კაფეშანტანების შიკად მიიჩნეოდა და რომელსაც დიდი წარმატება ჰქონდა „ლა სკალაშიც“ კი. ამ სიმღერაში გაბრიელს უნდა მიებაძა მამლის ყივილისათვის, რაც ყოველთვის კარგად არ გამოსდიოდა, სუსტი ხმის გამო, რომელიც ზოგჯერ უკანკალებდა კიდეც. მერე რა! პუბლიკა, რომელიც ძირითადად მისი უერთგულესი მსმენელებისგან შედგებოდა, მზად იყო ეპატიებინა მისთვის ნებისმიერი თავისუფალი ინტერპრეტაცია და, როგორც შეეძლო, გაემხნევებინა; ბოლოს და ბოლოს, „გრანდ-ოპერაში“ ხომ არა ვართ, ის კი ისეთი მომხიბვლელია თავისი მოკრძალებული და, ამავე დროს, თამამი ღიმილით! გაბრიელმა ეს სიმღერა ნაწილობრივ იმიტომაც აირჩია, რომ ის დაწერილი იყო ქალბატონ პოლერისათვის, დაახლოებით მისი აღნაგობის ცნობილი მომღერალი ქალისთვის. პოლერი იყო მისი იდეალი და, ამავე დროს, ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას მაშინაც კი, როცა ვერ აკმაყოფილებ სილამაზის შენი ეპოქისთვის პრიორიტეტულ კრიტერიუმებს. აპლოდისმენტები ჯერაც არ ჩამცხრალიყო, როცა მან კიდევ ერთი სიმღერა გამოაცხადა - „ვის უნახავს კოკო ტროკადეროში?“. ეს სიმღერა, რომელმაც უფრო დიდი წარმატება მოუტანა დამწყებ მომღერალს, მსმენელს მოუთხრობდა ერთი ახალგაზრდა ქალის მწუხარებაზე, რომელსაც საყვარელი ძაღლი პარკში დაეკარგა. გაბრიელს ძალიან უყვარდა „კოკო ტროკადეროში“ და აღმოჩნდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა! ეს მართლაც ტრიუმფი იყო! მსმენელის თვალში ასეთი თვითმყოფადი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შარმით გამორჩეული შემსრულებელი, ფლობს იმ რაღაც უხილავ ძალას, რომელიც ერთი შეხედვითაც ხიბლავს და აჯადოებს მაყურებელს. მას უხმობენ ბისზე და ისიც, ასაჩუქრებს რა თაყვანისმცემლებს მოკრძალებული ღიმილით, ისევ მღერის.

       რა თქმა უნდა, ამ სიმღერებს შემდგომ კიდევ არაერთი წარმატება ხვდა წილად და, როცა პუბლიკა ითხოვდა თავისი საყვარელი შემსრულებლის გამოსვლას ბისზე, ერთხმად სკანდირებდა: „კო-კო! კო-კო!“ ასე შერჩა მას სახელი „კოკო“ და მთელი ცხოვრება, როგორც თავის „მარკას“, ისე იცავდა. სიმართლე გითხრათ, ვერ იტანდა ამ დამცინავ მეტსახელს, მაგრამ რა უნდა ექნა? ამ შემთხვევაში ბედს უნდა დამორჩილებოდა. ამასობაში ადრიენი თავისი ძმისშვილის ჩრდილში რჩებოდა. მართალია, ისიც მშვენიერი იყო, მაგრამ მისი სილამაზე უფრო სადა, სტანდარტული, ნაკლებად პიკანტური და არცთუ ორიგინალური გახლდათ; არც ხმა ჰქონდა დიდად სასიამოვნო. ამიტომაც, დარბაზში ფულის ასაკრეფად მეგობრები ხშირად მას უშვებდნენ და ისიც მათ თხოვნას ღიმილითა და ყოველგვარი წყენის გარეშე ასრულებდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ კოკოს (ამიერიდან ჩვენ მას სწორედ ასე მოვიხსენიებთ) სახელი სწრაფად გასცდა „როტონდისა“ და გარნიზონის ყაზარმების ფარგლებს. ის, თუ რით იყვნენ დაკავებულები ახალგაზრდა მკერავები თავისუფალ დროს, „წმინდა მარიას“ მფლობელთა ყურამდეც მივიდა და საშინლად აღაშფოთა ისინი: სად გაგონილა?! გამოდის, რომ ასეთი სერიოზული დაწესებულება სამიკიტნოს ორ მომღერალს იფარებს! რას იფიქრებს ქალბატონი დე ბურბონ-ბიუსე? რას იტყვიან გრაფინია დე შაბანი ან ბარონესა დე ნეკსონი? მეტისმეტი ხომ არ მოგივიდათ, საცოდავო ობლებო? და ერთ წამში ორივენი მაღაზიიდან გამოაბრძანეს. სხვებისათვის ეს ტრაგედია იქნებოდა. გაბრიელისთვის კი ნებისმიერი სირთულე ცხოვრების გზის გარკვეულ ეტაპზე გავლებულ საზღვარს წარმოადგენდა და წინსვლისკენ უბიძგებდა. ცხადია, ის არ აპირებდა, მთელი ცხოვრება მკერავი ყოფილიყო! ინციდენტმა აიძულა, შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად გამოსავალი მოეძებნა. ჯერჯერობით კი, საჭირო იყო, თავის სარჩენად ლუკმაპური ეშოვა. საბედნიეროდ, მომდევნო კვირებში გაირკვა, რომ ძველი კლიენტები კვლავ მისი ერთგულები დარჩნენ, მეტიც, თავიანთი მეგობრებიც მიუყვანეს. ისინიც კმაყოფილები იყვნენ, რომ მოხვდნენ ორ შესანიშნავ კუტიურიესთან, რომლებიც მშვენივრად კერავდნენ და, თანაც, სრულიად მისაღებ ფასად. თუმცა, მათს თვალს არ გამოჰპარვია, ცოტა არ იყოს, გაუგებარი, ჩაკეტილი გარემო, რომელშიც გოგონები მუშაობდნენ: უკაცრიელი ქუჩა, სახლის კარი აბრის გარეშე, მანსარდაზე ასასვლელი უბადრუკი კიბე...

       ასე იყო თუ ისე, ამ საქმიანობის წყალობით გოგონები იმაზე უარესად არ ცხოვრობდნენ, ვიდრე „წმინდა მარიას“ მაღაზიაში მუშაობის დროს. რაც მთავარია, მათ თავიანთი ნებისყოფითა და შრომით მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რისკენაც ამდენ ხანს ისწრაფოდნენ. ასეთი იყო ცხოვრების პირველი გაკვეთილი, რომელიც გაბრიელს სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დაავიწყდება... რა თქმა უნდა, გაბრიელისა და ადრიენის საქმიანობის ამბავმა ვარენამდეც ჩააღწია. თავიდან მამიდა კოსტიე სახტად დარჩა, საკუთარ ყურებს არ უჯერებდა, შემდეგ აღშფოთდა, იფიცებოდა, იმ ორ პატარა მეამბოხეს სახლში აღარ შემოვუშვებო. „გამოსასწორებელ სახლში უნდა გაამწესოს კაცმა!“ - ბობოქრობდა ის. მაგრამ, საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ბაბუა ადრიენი და ბებია ანჟელინა, რომლებიც გოგონებს გამოესარჩლნენ: ისინი უკვე სრულწლოვანები არიან და უფლება აქვთ, თავად, სხვისი კარნახის გარეშე, გადაწყვიტონ, რა გზით ირჩენენ თავსო. ასეთი არაჩვეულებრივი წარმატების გამო „როტონდის“ დირექტორმა, მესიე შაბასიემ კოკოს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რასაც გოგონამ დიდი სიხარულით მოაწერა ხელი. ადრიენს, რომელსაც ასეთი პატივი არ ერგო, სულაც არ უეჭვიანია. მან კარგად იცოდა, რომ არ ჰქონდა ისეთი ნიჭი, ისეთი შარმი და არც იმგვარი სულიერი მხნეობა, როგორითაც ბუნებამ მისი ძმისშვილი დააჯილდოვა. მერე რა მოხდა! ის გაბრიელის დამსახურებათა დაფასებას სამართლიანობის დიდი ხნის ნანატრ ზეიმად მიიჩნევდა.

       მაგრამ რამდენიმე თვის ეიფორიის შემდეგ, სწორედ მაშინ, როცა გაბრიელი საკუთარ თავს ბრწყინვალე კარიერის ზღურბლთან ხედავდა, ახალბედა მომღერალმა მოულოდნელად მოიწყინა: უცბად მთელი სიცხადით დაინახა, რომ მისი წარმატება პატარა ქალაქის ფარგლებს არ სცილდება და რეალობამ გული მოუკლა. დიახ, მას კარგად იცნობენ მულენში, შესაძლოა, მეტისმეტად კარგადაც, მაგრამ განა ასეთ მომავალზე ოცნებობდა? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მხოლოდ მულენია! და გადაწყვიტა, ბედი ვიშიში ეცადა. მაშინ, „ბელ-ეპოკში“, საკურორტო სეზონის დროს ეს ქალაქი მართლაც რომ პარიზს ემსგავსებოდა; იქ მოღვაწე მსახიობებისთვის ვიში ზოგჯერ ერთგვარი ეტაპიც იყო დედაქალაქის დაპყრობის გზაზე. „სამკურნალო ქალაქების მეფე“, როგორც მას ახლა უწოდებენ, მდიდარ, კოსმოპოლიტურ პუბლიკას იზიდავდა. „ასე გგონია, რომ ნილოსის ნაპირზე ხარ, და არა ალეს სანაპიროზე“ - შენიშნა ერთხელ „ფიგაროს“ ერთ-ერთმა ქრონიკიორმა. წყლის ფარდულებთან (აქ წინსაფრიანი და თეთრქუდიანი მადმუაზელები წყალს მენზურა-ჭიქებში ასხამდნენ) დგომისა და სამკურნალო პროცედურების შემდეგ ღვიძლის ჭვალით გაწამებულ ადამიანებს გართობა სწყუროდათ. ავადმყოფობა ხელს არ უშლიდათ, დიდი ენთუზიაზმით დაეკრათ ტაში კომედიებისთვის, ოპერებისა და ოპერეტებისთვის, მიუზიკჰოლის წარმოდგენებისა თუ რევიუსათვის. მარტო ვარიეტეს თეატრი ქალაქში ოთხზე ნაკლები არასდროს ყოფილა: მაგალითად, „ალკაზარი“, ან „ელიზე-პალასი“, რომლის ექსტრავაგანტური ფასადი, წმინდა „№ouille“ -ს სტილში, მხიარულ კონტრასტს ქმნიდა ირგვლივ გაშენებული ბურჟუაზიული ვილების ბრძნულ კლასიკასთან. მართლაც, მხოლოდ ეშმაკის ხრიკები თუ შეუშლიდა ხელს გაბრიელს, რევიუში ან ოპერეტაში მომღერლის ანგაჟემენტი მიეღო! ცხადია, ადრიენიც აიყოლია. 1905 წლის ზამთარში გაბრიელმა თაყვანისმცემლებს განუცხადა, რომ ტოვებდა მულენს. ამის გამგონე ახალგაზრდა კაცებმა ფერი დაკარგეს; მათთვის ხომ კოკო ღამის მულენის ცაზე მოკაშკაშე პატარა ვარსკვლავი იყო, რომლის ყოველი გამოსვლა პოეზიით სუნთქავდა და რომლის ცოტათი უცნაური, მაგრამ ლამაზი სახის დავიწყება შეუძლებელი იყო! მის გარეშე საღამოები ხომ საშინლად მოსაწყენი იქნებოდა!

- ჰოდა, ჩემს საყურებლად ვიშიში ჩამობრძანდით! - შესთავაზა მან.

ისინიც დაჰპირდნენ... და შეასრულეს კიდეც თავიანთი სიტყვა.

*გაგრძელება*

ნახვა: 137

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Elden Ring Dragon Power: MMoexp Heart of Stone

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 24, 2025.
საათი: 6:47am 0 კომენტარი

Elden Ring Runes vast world holds many secrets, and among them is the mysterious Heart of Stone. This artifact is deeply connected to the ancient practice of Dragon Communion, granting players the ability to wield the power of these legendary creatures.

To obtain the Heart of Stone, players must solve the intricate puzzle of the "Dragon's Domain" painting. This quest requires tracking down the elusive soul of the…

გაგრძელება

Yeastar Dubai: State-of-the-art Business Enterprise Interaction Alternatives

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 24, 2025.
საათი: 4:44am 0 კომენტარი







Yeastar Dubai: The Wise Option for Small business Mobile phone Methods

In now’s quickly-paced business earth, possessing a dependable and successful communication technique is important for results. Yeastar, a global leader in business enterprise telephony answers, presents reducing-edge PBX devices and unified communications platforms to boost productiveness and connectivity. In Dubai, businesses of all sizes are leveraging Yeastar’s impressive solutions to streamline…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters

TOP.GE