მეცნიერება იღბლის წინააღმდეგ
იმ დროს კონექტიკუტში, - წამოიწყო პატ. მისტერ კ-მ, - კანონი ძალიან მკაცრად კრძალავდა იმას, რასაც „იღბლის თამაშები ქვია“. იმ დღესაც ლამის მთელ დუჟინ ბიჭს ჩაავლეს, „შვიდიანს“, აი, „ძველ მარხილსაც“ რომ ეძახიან, იმას თამაშობდნენ, ფულზე. ჰოდა, სასამართლოში სარჩელიც შევიდა მაგათ წინააღმდეგ. დამცველად ჯიმ სტარჯისი უნდა გამოსულიყო, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, რა თქმა უნდა. რაც მეტად სწავლობდა ამ შემთხვევას, ეცნობოდა ჩვენებებს, სტარჯისი მით უფრო აშკარად ხვდებოდა, ამ საქმეს უეჭველად წავაგებო. აი, ეგეთი იყო მტკივნეული სიმართლე. აბა, თუ ბიჭი იყავი, გვერდი აგევლო. ის ბიჭები ნამდვილად აზარტულ თამაშს თამაშობდნენ და ფულსაც ჩამოდიოდნენ ბლომად. ხალხმაც კი სტარჯისის მხარე დაიჭირა, ამბობდნენ, ეჰ, რა წარმატებული კარიერა წაიხდინა ამისთანა გახმაურებული საქმის გულისთვის, განაჩენს ხომ მაინც მის წინააღმდეგ გამოიტანენო.
მაგრამ ერთი-ორი თეთრად გათენებული ღამის მერე სტარჯისს შთაგონება ეწვია და აღტაცებული გადმოფრინდა ლოგინიდან. იფიქრა, გამოსავალი ვიპოვნეო. მეორე დღეს თავის კლიენტებს და რამდენიმე მეგობარს კარგა ხანს ეჩურჩულა და მერე სასამართლომ საქმის გარჩევა რომ დაიწყო, აღიარა, კიო, „შვიდიანსაც“ თამაშობდნენ, ფულსაც ჩამოდიოდნენ, მაგრამო, ამას რომ იძახდა, თვალი არ დაუხამხამებია, თავი შეგვიძლია იმით გავიმართლოთ, რომ „შვიდიანი“ აზარტული თამაში არ არისო! ცხოვრებაში გამობრძმედილ მსმენელებს ყურებამდე შემოეხათ პირები. მოსამართლესაც კი გაეღიმა. სტარჯისს კი ისევ ისეთი ძველებურად სერიოზული სახე ჰქონდა, იფიქრებდით, ეს რა პირქუში კაცი ყოფილაო. პროკურორმა იფიქრა, დავცინებ, ეგ რა პოზიცია აგირჩევიაო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მოსამართლემაც დინჯად, მოსამართლეს რომ შეეფერება ისე, გაიოხუნჯა, მაგრამ სტარჯისს წარბი არ შეუხრია. საქმე უკან-უკან წავიდა. მოსამართლესაც აევსო მოთმინების ფიალა და გამოაცხადა, ვიხუმრეთ და გვეყოფაო. ჯიმ სტარჯისმა კიდევ, აბა, ხუმრობა რა საკადრისია, ვიღაც-ვიღაცების ხუშტურებზე ვერ ვივლი, სანამ არ დამტკიცდება, რომ „შვიდიანში“ გამარჯვება იღბლის საქმეა, ჩემი კლიენტები არ უნდა დაისაჯონო. მოსამართლემ და პროკურორმა, მაგაზე იოლი რა არიო და მაშინვე დიაკვნებს გამოუძახეს, ჯობს, პიტერს, ბერკს, ჯონსონსა და სკოლის მასწავლებლებს ვირტსა და მიგლსს, ჩვენება მოგვეცითო. იმათაც ერთსულოვნად და დიდი გზნებით უარყვეს სტარჯისის იურიდიული კალამბური, გამოაცხადეს, „ძველი მარხილი“ იღბლის თამაშიაო.
- ახლა რაღას იტყვით? - ჰკითხა მოსამართლემ.
- რას ვიტყვი და ეგ მეცნიერული თამაშია, - არ დაუთმო სტარჯისმა, - და დაგიმტკიცებთ კიდეც მაგას! ყველა მიხვდა, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
სტარჯისი ადგა და აუარებელი მოწმე გამოიძახა, იმათაც ზღვა საბუთი მოიტანეს იმის დასამტკიცებლად, „ძველი მარხილი“, რას ლაპარაკობთ, მეცნიერული თამაშიაო. თითქოს ამაზე იოლი სხვა რომელი საქმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი ჩახლართული გამოდგა. მოსამართლემ ცოტა ხანს იქექა თავი და მერე თქვა, მასე განაჩენს ვერ გამოვიტან, რამდენი კაციც ერთი მხარის დასაცავად მისცემს ჩვენებას, მეორესაც იმდენი კაცი დაუჭერს მხარსო. და ისიც დაუმატა, ამ საქმეს რომ ნათელი მოვფინოთ, მზად ვარ, მისტერ სტარჯისს თუ რამე წინადადება აქვს, გავითვალისწინოო.
მისტერ სტარჯისი იმ წუთში წამოდგა ფეხზე.
ჟიურიში ექვსი ისეთი კაცი შეიყვანეთ, ეგ თამაში იღბლის საქმეაო, რომ გაიძახის, ექვსიც ისეთი, მეცნიერებააო, რომ ამტკიცებს. გამოვა იღბალი მეცნიერების წინააღმდეგ, მიეცით მათ სანთლები, ორი შეკვრა კარტი და სათათბირო ოთახში გაუშვით და ვნახოთ ერთი, რა შედეგით დამთავრდება ყველაფერიო. ყოვლად პატიოსანი წინადადება იყო და აღარ უკამათიათ. ოთხი დიაკონი და ორი მასწავლებელი „იღბლის“ მხარდამჭერებად შევიდნენ ჟიურიში, „ძველი მარხილის“ ექვსი გამოუსწორებელი მოთამაშე კიდევ „მეცნიერების“ და სათათბირო ოთახში გავიდნენ.
ორ საათში დიაკონმა პიტერსმა კაცი გამოაგზავნა მეგობართან, სამი დოლარი მასესხეო (დარბაზი აღელდა). კიდევ ორი საათიც და მასწავლებელმა მიგლსმაც გამოაგზავნა კაცი მეგობართან, პატარა „მაყუთი“ გამოგატანოსო (დარბაზი უფრო აღელდა). გავიდა კიდევ სამი-ოთხი საათი და იმ მეორე მასწავლებელმა და დანარჩენმა დიაკონებმაც იკადრეს კაცის გამოგზავნა მეგობრებთან, გვასესხეთ ერთი-ორი კაპიკიო. სასამართლო დარბაზში თავმოყრილი ხალხი კი იჯდა და იცდიდა პატიოსნად, ამ კუთხეში ამისთანა საოცარ ამბავს თავის დღეში არავინ მოსწრებია, თან ყველა ოჯახის მამა სასიცოცხლოდ იყო დაინტერესებული, ნეტა როგორ განაჩენს გამოიტანენო. ჰოდა, მოკლედ მოვჭრი. გათენებას აღარაფერი უკლდა, ჟიური რომ სათათბირო ოთახიდან გამოვიდა და დიაკონმა ჯობმა, უხუცესი ის იყო, წაიკითხა შემდეგი. განაჩენი: ჩვენ, ჟიურის წევრებმა, საქმეში კენტუკის საზოგადოება ჯონ უილერისა და სხვათა წინააღმდეგ, ყურადღებით განვიხილეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საბუთი, რამდენიმე თეორიასაც გავე-ცანით და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, რომ თამაში, რომელიც ცნობილია „ძველი მარხილისა“ და „შვიდიანის“ სახელით, ნამდვილად მეცნიერული თამაშია და აზარტული. ჩვენ არა ერთხელ გადავამოწმეთ ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ მთელი ღამის განმავლობაში იღბლის საქმეაო, ვინც იძახდა, იმათ ერთხელ არ მისვლიათ კოზირი და ერთი ხელიც არ მოუგიათ, მაშინ როცა მოწინააღმდეგე მხარე ერთსაც და მეორესაც ხშირ-ხშირად ახერხებდა. უფრო მეტიც, ჩვენი განაჩენის მხარდასაჭერად, იმაზეც შეგვიძლია გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რომ „იღბლის“ ხალხს ცენტი აღარ დარჩათ ჯიბეში, „მეცნიერების“ მომხრეები კიდევ გაკეთდნენ. ჟიურიმ კარგად აწონ-წონა ყველაფერი, „შვიდიანთან“ დაკავშირებით, „იღბლის“ თეორია ზიანის მეტს არავის არაფერს მოუტანს, სამაგიეროდ, ენით გამოუთქმელ ტანჯვას ხომ მიაყენებს და მიაყენებს და არც მის ქისას დააყრის ხეირს. „აი, ასე ჩაიწერა კენტუკის კანონთა კრებულში, „შვიდიანი“ აზარტული კი არა, მეცნიერული თამაშია და ამიტომაც კანონით არ იკრძალებაო“, - მითხრა მისტერ კ-მ, - „განაჩენმა კანონის ძალა შეიძინა და დღემდე მოქმედებს“.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•