კალი - საზარელი ქალღმერთი ინდოეთის ველებში დახეტიალობს. მას ყველგან შეხვდები: ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც, წმინდა ადგილებზეც და ბაზრებშიც. ქალები ძრწიან მისი დანახვისას, ახალგაზრდა კაცები ნესტოების ქშინვით აწყდებიან სახლის ზღურბლს, თოთო ბავშვებმაც კი იციან მისი სახელი. შავი კალი შიშისმომგვრელიცაა და ლამაზიც. მის სიფრიფანა ტანს პოეტები ბანანის ხეს ადარებენ. კალის შემოდგომის მთვარესავით მრგვალი მხრები და გასაფურჩქნი კვირტებივით ამობურცული ძუძუები აქვს. მისი თეძოები ახალშობილი სპილოს ხორთუმივით ირხევიან, მისი მოცეკვავე ფეხები ყლორტებსა ჰგვანან, მისი ტუჩები სიცოცხლესავით მწველია, თვალები - სიკვდილივით უძირო. ქალღმერთი თავს იწონებს ღამის ბრინჯაოსფერში და აისის ვერცხლისფერში, დაისის სპილენძისფერში და შუადღის ოქროსფერში. მაგრამ მის ბაგეებს ღიმილი არასოდეს გაჰკარებია. წვრილ კისერზე ძვლების მძივი შემოუხვევია, სხეულთან შედარებით ბევრად უფრო თეთრ სახეზე მისი დიდრონი თვალები კრიალა და სევდიანია. კალის სახე, სამარადისოდ ცრემლებით დანამული, ფერმკრთალია და განთიადივით ცვრიანი. საზარელია კალი. მან დაკარგა თავისი ღვთაებრივი წარმომავლობა, რადგან მიენდო პარიებსა და ავაზაკებს. კეთროვანთაგან ამბორქმნილი მისი სახე მნათობთა ქერქივით უხეშია. კალი ყუჩდება ჩრდილოეთიდან მოსულ მექარავნეთა მუნიან მკერდზე, რომელთაც დიდი ყინვების გამო არასოდეს უბანავიათ; ბრმა გლახაკებთან ერთად ბინძურ საწოლში წვება; ბრაჰმანებთან ხვევნა-კოცნის მერე იგი ეალერსება უპოვართ, აყროლებულ, საზიზღარ ხალხს, რომელთაც ცხედრების განბანვა ევალებათ. მერე კალი კოცონთან პირამიდისებურად აღმართულ ჩრდილში განმარტოვდება. მას უხეში და ძლიერი მებორნეებიც უყვარს, საპალნე ცხოველებზე უარესად ნაცემ ბაზრის ზანგებთანაც მიდის და მათ გადატყავებულ მკერდზე გაყუჩდება. წყალზე გახელებული, ხურვება შეპყრობილივით დადის კალი სოფელ-სოფელ, შარა-შარა ბინძური სიამოვნების ძიებაში. მისი პატარა ფეხები გაშმაგებული ცეკვავენ; ფეხსამკაულები ჟღარუნობენ; თვალები ვერ იტევენ ცრემლებს. მისი სასტიკი ბაგეები არავისთვის იმეტებენ ამბორს, მისი წამწამები არ ეალერსებიან ლოყებს. სახე უბიწო მთვარესავით გაჰფითრებია.

***

       ოდესღაც, სრულყოფილი ლოტოსი - კალი ინდრას ცაზე ისე მეფობდა, როგორც საფირონში. მის გამოხედვაში დილა ბრილიანტებად იღვრებოდა. სამყარო მისი გულის ფეთქვით ცოცხლობდა. მაგრამ ყვავილივით სრულქმნილმა კალიმ არაფერი იცოდა თავისი სრულქმნილების შესახებ. დღესავით წმინდა არ ცნობდა თავის სიწმინდეს. ერთ საღამოს, დაბნელებისას ეჭვიანი ღმერთები კალის ჩრდილის კონუსში, თანამზრახველი პლანეტის კუთხეში ჩაუსაფრდნენ. მას თავი მოჰკვეთა მეხმა. მოჭრილი კეფიდან სისხლის ნაცვლად სინათლის ნიაღვარმა ამოხეთქა. მისი ორ ნაწილად გაპობილი გვამი სულებმა ქვესკნელში მოისროლეს, იქ, სადაც ღვთიური სიცოცხლის უარმყოფელნი იტანჯებიან და ქვითინებენ. ცივმა ქარმა დაჰბერა და ციდან ჩამოსული სინათლე გაამკვრივა. თეთრი ტახტი გამოჩნდა მთების მწვერვალზე, ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ. მწუხრი დგებოდა. მონსტრი, პირუტყვისსახიანი, მრავალხელფეხიანი, თავიანთი შარავანდედით დაბრმავებული ღმერთები სიბნელეში ბორბლებივით ტრიალებდნენ. სახეშეცვლილი უკვდავები ჩადენილ ცოდვას ინანიებდნენ. დაღონებული ღმერთები სამყაროს მწვერვალებიდან უფსკრულში ჩადიოდნენ, სადაც მოკვდავები იტანჯებიან. მათ გაიარეს ცხრა განსაწმენდელი, ცივი და ტალახიანი სატანჯველი, სადაც სინდისის ქენჯნისაგან დაღრღნილი აჩრდილები ინანიებენ ჩადენილ ცოდვებს, ცეცხლოვანი ციხეების წინ ავხორცობის გამო ნაწამები გარდაცვლილები ვერჩადენილ შეცდომებს მისტირიან. ღმერთებს უკვირდათ ადამიანებში ბოროტების უსასრულო ფანტაზიის უნარი, სიამოვნებისა და ცდუნების უთვალავი ხერხი და საშუალება რომ აღმოაჩინეს. ჭაობში, უამრავ გვამთა შორის კალის თავი ლოტოსივით ირწეოდა, შავი გრძელი თმები თავის ირგვლივ ფესვებივით ჩამოშლოდა. ღმერთებმა მოწიწებით აიღეს ლამაზი, სიცოცხლედაშრეტილი თავი და მისი ტანის ძებნას შეუდგნენ. კბოდეზე თავმოკვეთილი გვამი ეგდო. ღმერთებმა უთავო ტანი აიღეს, კალის თავი მხრებზე დაადეს და გააცოცხლეს ქალღმერთი. ეს ტანი მეძავისა იყო, რომელიც ახალგაზრდა ბრაჰმანის ცდუნებისთვის დაისაჯა. სისხლისაგან დაცლილი, ფერწასული ტანი უმწიკვლო ჩანდა. მარცხენა თეძოზე ქალღმერთსაც და მეძავსაც ხალი ჰქონდათ. კალი - სრულყოფილი ლოტოსი ინდრას ცაზე აღარ დაბრუნებულა. სხეულს, რომელსაც ღვთაებრივი თავი დაადგეს, ენატრებოდა სახელგატეხილი უბნები, აკრძალული ალერსი, ოთახები, სადაც მეძავები გარყვნილებაზე ფიქრობენ და მწვანე დარაბებთან ჩასაფრებულნი ელოდებიან მუშტრებს. კალი - ბავშვების მაცდუნებელი, მოხუცთა აღმგზნები და ახალგაზრდა მამაკაცთა დესპოტი საყვარელი გახდა. ქმრებისაგან უარყოფილი ქალაქის დედაკაცები, რომლებიც თავს ქვრივებად თვლიდნენ, კალის სხეულს კოცონის ალებს ადარებდნენ. წყალსადენის ვირთხასავით საზიზღარი და სინდიოფალასავით საძაგელი კალი ისე ისაკუთრებდა გულებს, როგორც მეხაშე იპარავს დუქნიდან შიგნეულს. უმოწყალო ბედმა ქალღმერთს ფიჭის თაფლივით გაუსვარა ხელები. შეუსვენებლივ დადიოდა კალის სხეული ბენარესიდან კაპილავისტუმდე, ბენგალორიდან სრინაგარამდე და თან დაათრევდა ქალღმერთის პატივაყრილ თავს. წმინდა თვალთაგან ცრემლი შეუჩერებლივ სდიოდა. ერთ დილას ბენარესში ქანცგაწყვეტილი და მთვრალი კალი ბარბაცით გამოვიდა მეძავთა ქუჩიდან. სოფელში ერთი სულელი ნეხვის გორასთან იჯდა და ჩუმად ბილწსიტყვაობდა. კალი დაინახა თუ არა, უკან აედევნა. სულელს ქალღმერთთან უკვე თავისი ჩრდილიღა აშორებდა. კალიმ ნაბიჯი შეანელა და კაცს ნება მისცა, მიახლოებოდა. როცა კაცმა იგი მიატოვა, კალიმ გეზი უცნობი ქალაქისაკენ აიღო. ბავშვმა მოწყალება სთხოვა. კალიმ არ ანიშნა პატარას ქვებიდან საკბენად წამომართულ გველზე. იგი ყველა სულიერი არსების მოსპობის სურვილმა შეიპყრო, თუმცა, იმავე არსებებითვე სურდა გაძლიერება. ჟინი იპყრობდა, სხეული დაენაყრებინა ცოცხალთა ჟლეტით. ამის შემდეგ მას საფლავების კიდესთან ჩაცუცქულს ხედავდნენ. ქალღმერთი ძუ ლომივით ხრავდა ადამიანთა ძვლებს. როგორც მდედრი მწერი ავლებს მუსრს მამრებს, ისე ხოცავდა ცოცხალთ, მერე ზედ შედგებოდა და ცეკვავდა. მის სისხლით მოსვრილ ტუჩებს საყასბოს მყრალი სუნი ასდიოდა. მსხვერპლთათვის ნუგეში კალის ალერსი და მისი მხურვალე მკერდის შეხება იყო. ტყის პირას კალი ბრძენს შეხვდა.

       კაცს ხელისგულები ერთმანეთზე მიებჯინა და ფეხმორთხმით დამჯდარიყო. დალეული სხეული ხმელი შეშასავით იყო გამოფიტული. ვერავინ მიხვდებოდა, ძალიან ახალგაზრდა იყო თუ ძალიან მოხუცი. დახრილი ქუთუთოებიდან ძლივს მოუჩანდა ყოვლისმჭვრეტელი თვალები. ირგვლივ შარავანდედი მოჰფენოდა. და კალის თითქოს შინაგანმა ხმამ უკარნახა, რომ დადგა დრო უსაზღვრო და საბოლოო სიმშვიდისა, დრო წუთისოფლის აღსასრულისა, სულიერთა განთავისუფლებისა, დღე ნეტარებისა, როცა სიცოცხლეცა და სიკვდილიც ამაო ხდება; დრო, როცა ყველაფერი არარად იქცევა; ეს წმინდა არარაობაც, რომელიც კალიმ ის-ის იყო შეიცნო, თითქოს მომავალი ბავშვივით თრთოდა მის არსებაში. ბრძენმა მგზავრის დასალოცად თანაგრძნობით ასწია ხელი.

- ჩემი წმინდა თავი მეძავის ტანს დაადგეს, - უთხრა კალიმ, - მე მსურს და... არც მსურს, ვიტანჯები და... თან ვხარობ, მზარავს სიცოცხლე... თუმცა სიკვდილისაც მეშინია.

- არავინ არის სრულყოფილი, - თქვა ბრძენმა, - ჩვენ ყველანი, დანაწევრებულნი და დაყოფილნი, უსხეულო აჩრდილები და მოჩვენებები ვართ. საუკუნეთა მანძილზე ვიცინით და ვტირით.

- მე ინდრას ცის ქალღმერთი ვიყავი, - თქვა მეძავმა.

- და მაინც არ იყავი თავისუფალი მოვლენათა მსვლელობისაგან. მეძავის შებილწული სხეულის მსგავსად, არც შენი ბრილიანტის ტანი იყო დაცული უბედურებისაგან. და, იქნებ სწორედ შენ, უბადრუკმა და პატივაყრილმა შეიცნო ის, რაც უსახოა.

- მე დაღლილი ვარ, - ამოიკვნესა ქალღმერთმა.

ბრძენი თითებით შეეხო ფერფლში ამოსვრილ მის შავ ნაწნავებს და თქვა:

- სურვილმა შენ სურვილის ამაოება გასწავლა, სინანულმა - სინანულისა. მოთმინება იქონიე. ჰოი, ცოდვავ, რომელშიც ყველას მიგვიძღვის წვლილი; ჰოი, არასრულყოფილებავ, შენი წყალობით თავად სრულყოფილება შეიცნობს თავის თავს; ჰოი, რისხვავ, უეჭველია, რომ არც შენ ხარ მარადიული...

ნახვა: 652

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters