*

       ათენი ყელამდე მზით არის სავსე, არადა ხვატი სულ მოდის და მოდის ზემოდან. შიშველ ფეხს ეგრე უბრალოდ ვეღარ დაადგამ ქვაზე - სჯობია, სანდლებით იარო. ამისთანა ამინდში, სხვათაშორის, მუზარადის გარეშეც შეიძლება ომში წასვლა, რაღაი გადახურებული თავი თავისი თვისებებით მთლიანად ჩაანაცვლებს - მძიმეა, ცხელი, წკარუნა და ცარიელი. ერთი სიტყვით, ბრინჯაო. თვალებიც კი ღალატობენ თავიანთ ჩვევას: უკან შეიკეცავენ თავიანთ თხელ, უხილავ საცეცეებს, რომელთა დახმარებით, როგორც ზოგიერთი ფილოსოფოსი ირწმუნება, ხდება დანახვა, და უშუალოდ აღიქვამენ მთელ პაპანაქებას თუ მზის მთელ სიმძიმეს. ო, ჰელიოს! მალე მთელი ქვეყანა ადუღდება - რა თქმა უნდა, თუკი იმისი ოთხი ელემენტიდან მთავარი წყალია. აბა რა, წყალი უნდა იყოს გადამწყვეტი! ზეთისხილის და ლეღვის ფოთლები ალაგ-ალაგ ყვითლდება - ხეებსაც არა ჰყოფნით მაცოცხლებელი ტენი. და თუკი მათ ნიავწანწალა შეეხება, ისე უცნაურად შარიშურობენ, რომ პლატონიც კი ვერ მოვა მათთან თავისი მსჯელობებით. ოღონდ პლატონს რომ შრიალი შესძლებოდა... ამბობენ, რომ ძალიან-ძალიან შორს, მზის ამოსვლის მხარეს (ო, როგორ ვარვარებს, სულ გამოგვაცხო!), არის თვალუწვდენელი ქვიშები, სადაც იზრდება ხეები... იქაურები „საქსაულს“ ეძახიან. ესეც სახელია რა, იგივეა, ხვლიკს რომ ჩხრიალა ბალახი დაუძახო. აი, სხვათაშორის, რას უნდა ჰგავდეს პლატონის სილოგისტიკა! თანაც, კიდევ იმასაც ამბობენ, რომ იქაურ ქვიშებში ზაფხულის დღეს კვერცხს უფრო მალე შეწვავ, ვიდრე ცეცხლზე. ესე იგი, აქ, ჩვენთან მაინც არც თუ ისე ცუდია. ხოლო აგორის განაკიდეზე, ჭკნობაშეპარული ლეღვის ხის რიბი-რაბო ჩრდილში დგას ძაღლი დიოგენი და ცხვება. კმაყოფილებას იმის პირისახეზე ექიდნურობაც შერევია, რომელიც სულაც არ უშლის ხელს, ნეტარებით წამოიწიოს ცერებზე. მგონი, უკვე მთელმა ათენმა მოისმინა მისი კომენტარი ამის თაობაზე: „ნეტავ, ეგრე ადვილად შეიძლებოდეს შიმშილის გაქრობაც, მუცელზე მოფერებით!“ ამბობენ, რომ გუშინ ამ უცნაურმა კაცმა თქვა, რომ ქარონის ნავი ამის სიმძიმეს ვერ გაუძლებსო და თავისი ჯამი გადააგდო. მახლობელი ხის ქვეშ ორი ბიჭი ერთობა. საიდანღაც მოუტანიათ ჩამღრძვალი ძაღლის კუდი. ერთი ლაწირაკი კუდს იმ ალაგთან იჭერს, სადაც დიოგენს, შესაბამისად, ფალოსი აქვს, და ვნებიანად იმეორებს დიოგენის ხელის მოძრაობებს ხან ბეწვის მხარეს, ხანაც მის საწინააღმდეგოდ. მეორე მის გარშემო დარბის ოთხზე, იყეფება, იღრინება და ხანდახან თავის ძმაკაცს კვერცხებზე ჰკბენს. დიოგენე სულაც არ ბრაზობს. გაუშვი, ეს სხვებმა ქნან, თუკი ძალიან უნდათ წყენის ტვირთი ატარონ სულში. არადა, ხომ დასაშვებია, რომ ქარონისთვის წყენა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ჯამი და ფიალა ერთად აღებული. და, თუკი იმასაც არ წაიღებ სტიქსს გადაღმა, საერთოდ, რა ჩემ ფეხებად გინდა? რად გინდა ყველანაირი ნაგვის მოგროვება და თრევა? ღმერთების დედის ტაძრის საფეხურები დღის უმეტეს ნაწილში ცარიელია. აგორაც თითქმის უკაცრიელია, თუ არ ჩავთვლით დიოგენეს და ორ ბიჭს, დილიდან აქამდე ხუთიოდე ადამიანი თუ გამოჩნდა. ბაზრის დღე არ არის, არც სამუშაო, ხალხიანი. კერამიკის მცხოვრებნიც კი, ეტყობა, სახლებში შეიყუჟნენ და სამექოთნეო ციბრუტები იმათ ეზოებში ლანგრებზე დადებულ ნაჭამ ვაშლებს ჰგავს... ვინ იცის, ეგებ გარკვეული სიმაღლიდან მთელი ათენი ახლა ისე გამოიყურება, როგორც განხეთქილების დაბრაწული ვაშლი... თავისებურად კეთილი, კარგი დღეა. იმისთანა სიცხეა, რომ შეხლა-შემოხლები პრომაკედონურ პარტიასა და ატიკის პატრიოტებს შორის, ეტყობა, გამოშრა და დაიმანჭა - და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ დღეს დილას ათენში ალექსანდრე ჩამოვიდა. 

*

       ალექსანდრე მაკედონელს, არა მგონია, წარდგენა სჭირდებოდეს. მეფეა. ეს ყველამ იცის. თავადაც, და სარგებლობს ამ ცოდნით, ადამიანებზე მბრძანებლობს. თუმცა, არის მასში რაღაც ისეთიც, რაც, ეტყობა, ძალაუფლებას აძლევს და არა მხოლოდ ადამიანებზე. ამ მხრივ ნიშანდობლივია თავის ცხენთან, ბუცეფალთან გაცნობის ამბავი. ალექსანდრე ჯერ კიდევ ყრმა იყო, უფრო სწორად, ბიჭი, როცა მამამის ფილიპეს ცხენი მიუყვანეს საყიდლად. მეფესთან დაახლოებულებიდან კაციშვილი არ გაიკარა იმ ცხენმა, ფილიპე განრისხდა და ბრძანა, წაეყვანათ, და მაშინ ახალგაზრდა ალექსანდრემ ხმამაღლა თქვა, რომ ადამიანები მშიშრები არიან, რის გამოც ეგეთ საგანძურს კარგავენ კიდევაც. იმას რომ თავი დავანებოთ, თუ როგორ დაიმორჩილა ბუცეფალი, შეიძლება დავსვათ შეკითხვა: რატომ და რისთვის დასჭირდა ამის თქმა? ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, ამხანაგებთან საუბრისას, ალექსანდრემ თავადვე უპასუხა შეკითხვას, რომელიც საკუთარ თავს დავუსვით. „თუკი ყველაფერი მამაჩემმა დაიპყრო, მე რაღა დამრჩება“, - თქვა მან ფილიპეს მორიგი გამარჯვებისას. სულ ტყუილად სთვლიან ათენელი ობივატელები ალექსანდრეს პატივმოყვარედ. პატივი კი არა, პირადი ძალაუფლება აინტერესებდა. პირადი, ანუ ის კი არა, ტახტზე მჯდომარეს რომ ეკუთვნის, არამედ როგორც კუთვნილება იმ კაცისა, ვინც თავად აიღო იგი. და აინტერესებდა ძალაუფლება იმიტომ, რომ ყველაფერი დაუმორჩილებელი, დამოუკიდებელი და უმართავი მასში იწვევდა გრძნობას, რომელსაც უმეტესობა სიმამაცეს უწოდებს, ხოლო გამჭრიახი უმცირესობა კი - პირშებრუნებულ შიშს. ტყუილად ხომ არ ამბობენ: „თუ რისი ეშინია ადამიანს, მისივე სიმამაცე მიგახვედრებთ“ (ზუსტი ციტატა სტასნისლავ ეჟი ლეცის „დაუვარცხნელი აზრებიდან“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ტექსტის დაწერის დროს - იხილეთ წინათქმა). შიში არ იცის: კატამ - თაგვთან, მგელმა - კურდღელთან და კაცმა - შებოლილ თევზთან. მაგრამ საკმარისია წარმოიდგინო, თუ შენი პოტენციური სადილი როგორ გითვალიერებს სიცხისგან ამოტრიალებული თვალებით ადვილად მოწყვლად ალაგებს, მერე როგორ ამოხტება ჯამიდან და შემოგიტევს, და საბოლოო კბენისთვის დააფჩენს ხახას... აი, სწორედ აქ მჟღავნდება სიმამაცე, თავდადება და გმირობა. თუ კაცმა ბავშვობიდანვე არ იცის შიში, ვერასოდეს გახდება გმირი. ბუცეფალი ალექსანდრესთვის სწორედ ეგეთი პოტენციური სადილი იყო. მოგვიანებით იმისი მადა მთელ ელადაზე გავრცელდა, შემდეგ კი ბარბაროსთა ქვეყნებზე - ჩვენს მიერ აღსაწერი მომენტისათვის სპარსეთს დაადგა თვალი. დავუბრუნდეთ აღსაწერ მომენტს. მეფეებისთვის დამახასიათებელია სასახლეებში ცხოვრება. რამდენადაც ეს მოკრძალებული ფუფუნება ოიკუმენის ყველაზე დემოკრატიულ ქალაქში არ არის, ალექსანდრეს მოუწია თავისი სადგომი ალაგი ისერიგად შეერჩია, რომ სახლიცა და სახლის პატრონიც ღირსნი ყოფილიყვნენ ასეთი პატივისა. და თანაც, ამას გარდა, ეს უკანასკნელი (ამას მხოლოდ თავად მეფე ხვდებოდა) პოტენციური სადილი ყოფილიყო. პატივი ხელისუფლების ერთ-ერთი ბერკეტია რეპუტაციის გასაძლიერებლად. და მეფემ კრათეტეს სახლი აირჩია. კრათეტე, როგორც პოტენციური სადილი, იყო ფილოსოფოსი. ფილოსოფოსები, საერთოდ, ძნელად სამართავი ხალხია, ხოლო კინიკოსების სკოლა, რომელსაც კრათეტე მიეკუთვნებოდა, ამ მხრივ დაუმორჩილებლობის განსახიერება გახლდათ. ანუ, მარტო ის კი არა, რომ ისინი, როგორც პოტენციური სადილი, ჯამიდან ხტებოდნენ - იმათ, ეტყობა, ერთხელ და სამუდამოდ სცვითეს თავი ჯამიდან. კრათეტე კი, როგორც მეფის მიმღები კაცი, განეკუთვნებოდა თებეს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ საგვარეულოს. ისე, რამდენიმე დღე იმასთან ცხოვრების მერე მეფემ აღმოაჩინა, რომ ის ალექსანდრეს საკვირველი, არისტოკრატისთვის არადამახასიათებელი უბრალოებით ექცევა. ამას სალდაფონობის სუნი არ უდიოდა, მაგრამ ალექსანდრემ მალევე იგრძნო, ვიდრე მიხვდა, რომ მაინც არის რაღაც, რაც ნებისმიერ ჯარისკაცთან ანათესავებს ბრძოლის ველზე: თითქოსდა კრათეტე პირადად იცნობდა სიკვდილს და იცოდა, რომ სიკვდილი ყველას ათანაბრებს. კრათეტესთან ყოფნის მესამე დღეს მეფე შეეკითხა: - შენ ხომ ფილოსოფოსი ხარ?

- ვიყავი ფილოსოფოსი, - მიუგო იმან, თითზე იხვევდა მოშვებულ წვერის ბღუჯას.

- და რატომ აღარა ხარ? - შეეკითხა ალექსანდრე და უნებურად ხელი გადაისვა გაპარსულ ლოყაზე.

- ფილოსოფიას მანამდე უნდა მიჰყვე, ვიდრე არ მიხვდები, რომ არავითარი სხვაობა არ არსებობს მთავარსარდალსა და ვირების მდევნელს შორის, - კადნიერების გარეშე მიუგო ყოფილმა ფილოსოფოსმა და მშვიდად გაუღიმა.

- მერე? - ალექსანდრეს ხელი რაღაც ჩაფიქრებულ-მიუხვედრელი დაბნეულობით გაიყინა ნიკაპზე.

- დანარჩენი დიოგენეს ჰკითხე.

- დიოგენეს? - ალექსანდრეს მზერა გვერდზე გადაქანდა, მერე ჭერზე აფრინდა, - ზევსად დაბადებული? (სახელი დიოგენე წარმოდგება სიტყვიდან ΔΙΟΣ (ნათესაობითი ბრუნვა ΖΕΥΣ) - ზევსი, ΓΕΝΟΣ - დაბადება, წარმოშობა, ნათესაობა). ვიცნობ. მამაჩემის ტყვე იყო. ორი-სამი წლის წინათ ვნახე, ჰერონესთნ ბრძოლის მერე.

- მართალი ხარ, ნახე. მაგრამ შენ იმას არ იცნობ.

- ჰოდა, მოიწვიე აქ და გამაცანი.

- შენ დარწმუნებული ხარ, რომ ეს მართლა გინდა, მეფევ? - კრათეტემ სიტყვა „მეფეზე“ დასვა მახვილი.

- როცა მე მინდა, ყოველთვის დარწმუნებული ვარ, - ალექსანდრეს ლოყები გაუწითლდა, - აქ მოიწვიე. მე კიდევ დაგაჯილდოებ: შენს მშობლიურ თებეს აღვადგენ. ტიპიური მეფური ჟესტი! ბეოტიის ყველაზე მსხვილი ქალაქი თავიდან უნდა ავაშენოთო? მაგრამ ეს ჟესტი ალექსანდრეს ტყუილად არ გაუკეთებია: სიტყვები „შენ იმას არ იცნობ“ იმისთვის მსოფლიოს დაუმორჩილებელ ნაწილზე მითითებას ნიშნავდა და შიგ გულში ხვდებოდა. კრათეტემ ახალი ბღუჯა გამოყო თავისი წვერიდან და იმასაც პირველივით დაუწყო დახვევა.

- შენ დაანგრიე თებე და ნანგრევებს შორის ხელუხლებლად დატოვე პინდარეს სახლი. მაგრამ მითხარი, სად ცხოვრობს ახლა პინდარე?

მეფე დუმდა. შესაძლოა, პირველად ჩახვდა იმას, რომ თებელი პოეტი ას წელზე მეტია ცოცხალი აღარ არის.

- შენ შეგიძლია აღადგინო თებე, მაგრამ მითხარი, სად იცხოვრებენ მაშინ თებელები? ალექსანდრე დუმდა და კრათეტეს წვერის ჯადოსნურ გარდასახვას ისე უყურებდა, როგორც მიაშტერდებოდა ცეცხლს, ან მზის ჩასვლას, ან მტრის გვამებს, ანდა მერცხლების ფრენას.

- თანაც გინდა აღადგინო, რომელიმე ახალი ალექსანდრე მაინც დაანგრევს. მართალი ვარ თუ ვერ გაიგე? ალექსანდრე აკვირდებოდა, როგორ ეხვეოდა მესამე ბღუჯა იმ ორივით სქელ ხვეულებად და ყოფილი ფილოსოფოსის მარცხენა ხელს მწიკვით ეჭირა ის ხვეული ბოლოთი.

- მაშ, სულ თან გახლდეს ეგ სიმამაცე და შენზედ სიბრძნეც გარდმოსულიყოს. მე კი დიოგენთან წავალ და ვეცდები, აქ მოვიწვიო, - კრათეტემ ხვეული გაიშალა წვერზე, წამოდგა და გაშორდა.

 

*

       დიოგენე ღმერთების დედის ტაძრის ჩრდილში იჯდა, თავისი თიხის კასრის მახლობლად და მიწაზე იყურებოდა. თვალები ღია ჰქონდა, ხოლო იმის ტუჩებზე კიდევ მშვიდ, სასიხარულო და გესლიან ნახევარ-ღიმილებს სასეირო თამაშობა გაემართათ. რომ მიუახლოვდა, კრათეტემ შენიშნა, რომ მასწავლებელი დაჰყურებს ორ ნიშანს, შეთხზულს კარგად ნაცნობი, პატარა თეთრი ქვებისგან. ერთი მათგანი ჯვარია, რომელიც შედგება ოთხი ასო „Г“-საგან (გამმა), მეორე კიდევ - ამ პირველის სარკული გამოსახულება არის.

- ამ სიმბოლოებს შეხედე, მეგობარო, - წარმოთქვა დიოგენემ, თავი არ აუწევია, - ისინი ინდოეთში გაჩნდა, იქ ასე ეძახდნენ „სუ-ას-ტი“, ელინურად „საკეთილდღეო ყოფნა“. აი, ეს კიდევ, ოთხი „Г“-საგან გაკეთებული შეიძლება აახმოვანო, მაგალითად, ასე: „შეცნობა - სიჩუმის და სიცილის წყაროა“.

- გაახმოვანო? აჰ, ჰო, ოთხი გამმა: ΓΝΩΣΙΣ - შეცნობა; ΓΕΝΕΣΙΣ - წყარო, დასაწყისი, წარმოშობა; ΓΑΛΗΝΗ - სიჩუმე, სიმშვიდე, შტილი; ΓΕΛΑΣΜΑ - სიცილი. ). და მეორე?

- მეორე... შენ ხომ იცი, კრათეტე, რა დამართეს ამ ლათინებმა ჩვენს ასოებს. ჰოდა, ეს იმათთან, - დიოგენემ ხელისგულებით დაფარა ზედა და ორი გვერდითი შტო ნიშნისა „შებრუნებული სუ-ას-ტი“, - აი, ეს, რასაც ხედავ, - ასო ლამბდაა. და ლათინურად შეიძლება გავაჟღეროთ. მაგალითად: „Lectio Leti Libero ex Libidinum“, ელინურად „სიკვდილის მიღება სურვილებისგან გვათავისუფლებს“. დიოგენე ჩაფიქრდა. ჩაფიქრდა კრათეტეც. მაგრამ მასწავლებელმა გააწყვეტინა აზრთა მდინარება.

- რა მოგივიდა, მთელი ეს სირობა მოისმინე, რაც მე ვილაპარაკე?!

... გარინდებიდან რომ გამოერკვა, კრათეტემ წვერის ჩეჩვას მიჰყო ხელი და ნეკაზე რომ დაიხვია ერთი ბღუჯა, შეეკითხა: - და რა არის სირობა?

- ო, ეს სიტყვა მე კოსმოსმა მაჩუქა, და მიყვარს. ხომ იცი, სირი იგივე ჩიტია. ჰოდა „სირობა“ უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე „ჩიტობა“.

- უკეთესად ჟღერს. და რას ნიშნავს? დიოგენემ კრათეტეს შეხედა, აფასებდა, მზად არის თუ არა, პასუხად იგავი მიიღოს.

- ფინიკიის ნაპირებზე ბევრი ებრაელი ცხოვრობს. იმათი ლეგენდა ღაღადებს, რომ ღმერთისგან შექმნილმა პირველმა კაცმა და ქალმა ცნობადის ხისგან ვაშლი შეჭამეს. და მაშინ მიხვდნენ, რომ შიშვლები არიან და სასირცხო ალაგები ლეღვის ფოთლებით დაიფარეს.

- და მერე რა?

- „სირობა“ ნიშნავს რაღაც მნიშვნელოვანის და შენ რომ იცი, იმიტომ აკრძალულის დასამალად რამე წინ ასაფარებელს. არსით ნებისმიერი სიტყვა - ...... ორივ გაჩუმდა. რაღაც დროის შემდეგ კრათეტემ კიდევ ერთხელ გაიგო, რომ არავისთან არ სდუმს ისე კარგად, როგორც დიოგენესთან. და როცა თებელი მასწავლებლისგან წასვლას ეპირებოდა, უცებ გაახსენდა და გამოაცხადა: - ალექსანდრეს შენი გაცნობა უნდა და სტუმრად გეძახის.

- გადაეცი, რომ შვრია ცხენთან არ მიდის, - უთხრა დიოგენემ და მშვიდად გაიღიმა.

კრათეტე ახლა საჩვენებელ თითზე შეუდგა წვერის დახვევას, გეგონება სწრაფად იწერდა მეხსიერებაში იმას, რაც ძაღლმა უთხრა.

- სირზე დაიხვიე და ისე იარე, - გესლიანად შესთავაზა დიოგენმა. კრათეტეს ხელი ჩაკვდა, თავადაც ერთი წამით გაშეშდა, მერე კი ორივემ, ძაღლმაც და თებელმაც ორი ულაყივით ჩაიხვიხვინეს და მაგრად გადაეხვივნენ ერთიმეორეს.

 

*

       სიკვდილთან ნაცნობობა - ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ არ გეშინოდეს მისი. დიოგენე - ეტყობა, კრათეტეს მასწავლებელი ან უფროსი ამხანაგია. ესე იგი, იმასაც არ ეშინია სიკვდილის. ანუ, ძალით შენთან ვერ მოიყვან, თუკი, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ყულფს ან ბადეს არ გადააცმევ. მაგრამ განა ეს ნაცნობობის ხერხია? დაახლოებით ამგვარი განსჯა სცადა ალექსანდრემ მას შემდეგ, რაც დიოგენეს უარით განრისხებულმა ცხელ გულზე ორი თავისი მცველი სიკვდილით დასაჯა და, ბოლოს, დამშვიდდა. სხვათაშორის, მისი დამშვიდება საკმაოდ ფარდობითი იყო. ჯერ ერთი, მაინც... მაინც... მაინც ვინ უნდა იყო, რომ მთლად იმას უთხრა უარი, მეფეს?! და მეორეც, რა არის ეს დამამცირებელი - მისი, მეფის შედარება ცხენთან?! მაგრამ! როგორი ფანტაზია აქვს! მომხიბვლელი თავხედი. მეფეს ძალიან უნდოდა თვალებში ჩაეხედა იმისთვის, ვინც ბედავს ასე გამომწვევად მოიქცეს და... გაუგებრადაც. დიოგენე გაუგებარი იყო ალექსანდრესთვის, და დიოგენე არ ემორჩილებოდა ალექსანდრეს. თუმცა, ეს ხომ ერთი და იგივეა? მაგისი დასჯა დამორჩილების ხერხად ვერ ივარგებსო, უთხრა საკუთარ თავს. მე თვითონ მომიწევს მისვლა, როგორც, სხვათაშორის, ცხენებთან, თავის დროზე მე მივედი ულაყ ბუცეფალთან, უთხრა საკუთარ თავს. იმასაც ვნახავთ, ვინ არის ჩვენ ორს შორის ცხენი? უთხრა საკუთარ თავს და უცებ წაიბორძიკა: ვაი, ის თუ ცხენია, მაშინ მე შვრია ვარ?! ესეც შეყელთებაა, ყვავ-ყორანსაც წაუღია ეგ ოხერ-ტიალი. კიდევ ბევრ რამეს ეუბნებოდა საკუთარ თავს, და ცხადი იყო, ფილოსოფოსმა წამოიკიდა მეფე. იმას ეჩვენებოდა, რომ თოკი, რომელიც შეაბეს (როგორც გამომხმარ თევზს), და რომლის მეორე ბოლო ღმერთების დედის ტაძარზე იყო ჩაბმული, დაიჭიმა. ალექსანდრემ ლამის გარშემო შემოუარა კიბელეს ტაძარს - აბა, სხვანაირად როგორ, როცა თოკი გიჭერს? - და დიოგენე უკანა ეზოში იპოვნა, პეპლის ფარფატით ტკბებოდა. დაცვას ანიშნა, რომ კუდში არ მიჰყოლოდა.

- ფილოსოფოსო, - მიმართა მეფემ ძაღლს, - მე შენთან მოვედი. დიოგენემ პეპელას მოსწყვიტა მზერა, რომელიც იმწამს ყვავილზე დაჯდა - როგორც ყოველთვის, ახლაც არავითარი ჩრდილი არ დაუტოვებია.

- შენ ვინა ხარ?

- მე ალექსანდრე ვარ.

- ჩემთვის ცნობილია შენი სახელი, თუმცა არ ვეთანხმები. რაც შენ თებეში ჩაიდინე, იმის გამო სახელი ალეტანდრედ (სიტყვების თამაშია. ალექსანდრე ბერძნულად ადამიანთა დამცველს ნიშნავს (სიტყვიდან ΑΛΕΞΙΣ - დამცველი და ΑΝΗΡ - ადამიანი, კაცი, ΑΝΔΡΟΣ-ს სახელობითი ბრუნვა), ალეტანდრე - ადამიანთა დამამდაბლებელი (სიტყვიდან ΑΛΕΤΗΣ - დამფქველი, დამაპატარავებელი).) უნდა გადაგიკეთოთ. მაგრამ შენ ხომ შენი სახელი არა ხარ, მაშინ ბგერებისგან და ასოებისგან იქნებოდი აგებული. მართალი ვარ თუ ვერ გაიგე? ამ ბოლო ხანებში მეფეს მეორედ აძლევდნენ ამ ბრიყვულ, პასუხგაუცემელ შეკითხვას, და მეორედაც ვერ უპასუხა.

- მაშ, კარგი; მითხარი, რატომ მოხვედი, თუკი ჩემი გეშინია? იქნებ, სწორედ ამიტომ?

- მე არავისი მეშინია, - მეფის სახემ კარგად გასარჩევი წითელი შეფერილობა მიიღო.

- ტყუილია, სახალხოდ შექმნილი მითია. სიწითლით კი გაწითლდი, მაგრამ თვალები დამალე, ცდილობ საკუთარ გრძნობებში გაერკვიო. მართალი რომ იყოს, რომ არავისი გეშინია, დაცვა არ გეყოლებოდა. კარგი, კიდევ შეგეკითხები: რის გაკეთებას აპირებ უახლოეს ათ-ოც წელიწადში?

- მთელ მსოფლიოს დავიპყრობ და დიადი ხელისუფალი გავხდები.

- შენ ჯერ კიდევ გაზრდაზე ოცნებობ, მაკედონელთა მეფევ? (დედანში - „გახდე მაღალი“. სიტყვების თამაში. ΜΑΚΕΔΝΟΣ - მოსული, მაღალი. ΜΑΚΕΔΟΝΙΚΟΣ - მაკედონელი). შენ, ეტყობა, პატარაობისას გქონდა პრობლემები. მაგრამ ზევსის სახელს გაფიცებ, ნუთუ მართლა გგონია, მთელ მსოფლიოს რომ დაიპყრობ, აღარაფერი შეგაშინებს? ალექსანდრეს სულ უფრო და უფრო უჭარხლდებოდა სახე, ხელებიც ძალაუნებურად ემუშტებოდა. აცოფებდა ეს კაცი. დიოგენეს სახეზე კი მშვიდ ღიმილსა და უძირო თვალები ციმციმებდა.

- მართლა საკვირველი არ არის? - ისევ ალაპარაკდა ფილოსოფოსი, - ერთ კაცს შეუძლია მეორე ადამიანის სხეული მართოს. მაშინ ადამიანებს შორის ზღვარი სადღაა? მე მოვინდომე, რომ სახე გაგწითლებოდა და ხელებიც მოგემუშტა. მე ამას მივაღწიე. მეც ხელისუფალი ვარ.

ახლა ალექსანდრეს მარტო ეს კაცი არ აცოფებდა. ახლა ალექსანდრეს თავად ალექსანდრეც აცოფებდა.

- შენ, ალბათ, შეამჩნიე, რომ მე „მეც“ ვთქვი. იმიტომ, რომ შენც ასე ხარ, - დიოგენე ჩურჩულზე გადავიდა და ალექსანდრე იძულებული შეიქნა, დახრილიყო, - შენ დიადი მბრძანებელი ხარ. მთელი მსოფლიოს მბრძანებელი. უფრო მეტიც - შენ ღმერთი ხარ. ალექსანდრე გაიმართა.

- შენ კიდევ ფილოსოფოსი კი არა, თავგასული ცრუპენტელა ხარ, - ისე გამოდიოდა, რომ მეფემ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა ძაღლის მიმართ.

- მე ცრუპენტელა არა ვარ, მე სიმართლეს ვამბობ, - ხმამაღლა და დარწმუნებით მიუგო დიოგენემ, - ოღონდ შენ ჯერ არ იცი ეს სიმართლე. შენ არ იცი, რომ უკვე მეფე ხარ.

- როგორ თუ არ ვიცი? - კვლავ თავი წამოყო მეფის ინტერესმა დიოგენესადმი.

- აი, ასე. არ იცი. შენ გგონია, რომ მაკედონიის მეფე ხარ? ტყუილია. მაკედონიის მეფე - ეს მხოლოდ ის ადგილია, რომელსაც დროებით იკავებ.

- როგორ თუ დროებით?

- შენ გადაწყვიტე, რომ შენი მეფური როლი უკვდავთა სიაში შეიტანო? მაშინ ისიც გაიხსენე, რომ ღმერთებიც კი ჩამოაგდებდნენ ხოლმე ტახტიდან ერთმანეთს. შენ მაკედონიის მეფე არა ხარ, შენ მხოლოდ დროებით გიკავია ეს ადგილი.

- აბა, მაშ, ვინა ვარ?

- დარწმუნებული ხარ, - გინდა თუ არა, რომ ეს იცოდე?

- თუკი მე მინდა, მაშინ ყოველთვის... - ალექსანდრე შეფერხდა და იმის სახეზე ათამაშებული სიწითლე გაქრა.

- „ყოველთვის“ - ძალიან მავნე სიტყვაა. როცა ნამდვილად მიხვდები, რომ აღარ გეშინია გაიგო, ვინა ხარ, - ჩემთან მოდი.

დიოგენე შეტრიალდა, რითაც მიანიშნა, რომ აუდიენცია დამთავრდა და პეპელის ცქერა განაგრძო.

„მართლა დარტყმულია, ტყუილად კი არ ამბობენ ამაზე ათენელები“, - გაიფიქრა ალექსანდრემ და დაცვას იმის ნიშანი მისცა, რომ უკან უნდა მიეცილებინათ, კრათეტეს სახლამდე. და მხოლოდ თავად მიხვდა იმას, რომ აზრი დიოგენეს შეშლილობაზე - ეს მხოლოდ მისი შინაგანი ცდა იყო, თავი დაეცვა პოტენციური ვახშმის ჯამიდან ამოხტომისგან.

 

*

       ათენს ჩამავალი მზის სინათლე ეფინება - მეწამული, როგორც ალექსანდრეს სახე, როცა ის მრისხანებს, მაგრამ არავის აშინებს, პირიქით, ძალიან მშვიდობიანია. ბაზრის ხმები, მოფიქრალ ფილოსოფოსთა ხმები, ჩიტების, ხოჭოების და ბუზებისა, ურმებში შებმული ხარების და მოტრიალე ურმების ჭრიალი - ყველაფერი ერთვის ამ დამამშვიდებელ მეწამულს, და ზეცის უშველებელი ქიტონი მხარზე აბრწყინებული საღამოს პლანეტის ბალთით, და დიდი გაბრტყელებული მზე, სულ უფრო და უფრო რომ ბრტყელდება მოძლიერებული ღამის დაწოლით და ოკეანის ჰორიზონტზე რომ იძირება, და მთვარის ჩალისფერი სილუეტი, ჩალისფერი რომ ხდება მერწყულისკენ და დამტკბარი ან მიწიერი სიმშვიდით, ანდა საკუთარი თავით - ეს სამი და კიდევ ბევრი თითქოს უფრო შესამჩნევი და მნიშვნელოვანი ხდება, ხდება ერთადერთი, რაც კი მნიშვნელოვანია სამყაროში, და შეიძლება, საერთოდაც ერთადერთი? მთლიანი და განუყოფელი, იმიტომ რომ, როგორ შეიძლება სამყარო ამად და იმად დაჰყო, იქად და აქად, მაშინად და ახლად, შიშად და სიმამაცედ, სიკეთედ და ბოროტებად, ატომებად და სიცარიელედ. ყველაფერი ერთიანია. ყველაფერი სავსეა მშვიდობით და სიწყნარით, ყველაფერი მეწამულდება, მერე ბნელდება და წყნარდება, ყველაფერი ჩადის და ბრწყინავს ზეცის მხარზე, ყველაფერი ტკბება მიწიერი სიმშვიდით ანდა საკუთარი თავით. ყველაფერი დასაძინებლად ემზადება - აი, რა არის ბინდი. ხვალამდე! ხვალამდე, ჩემო ყველაფერო, ჩემო საყვარელო, აღმტაცო ყველაფერო! სადღაც, კერამიკის გარეუბანში ყველაფერი უმღერის წყნარ იავნანას თავის შვილს, და ეს ყველაფრის შვილი, მსოფლიოს მოქალაქე - ისიც ხომ ყველაფერია - თითის წუწვნით იძინებს, და უკვე ესიზმრება საკვირველი სიზმარი, რომელშიც მიფრინავს უცხო ქვეყნების, მთების, ზღვების თავზე, და სადღაც იქ, ზღვის სიღრმეში ან მთის მწვერვალზე იმალება მძლავრი, მაგრამ მშვიდი ყველაფერი, თავისი სამკაპა რომ გადაუხუხავს ანდა კამათელში წაუგია მთელი თავისი ჭექა-ქუხილები და ამიტომაც გაბრაზების ვეღარშემძლე, სამაგიეროდ გახარებული წყნარი სიხარულით და საშუალების მიმცემი მზისთვის, რომ დღისით ყველაფერში ჩაასხას თავისი სხივები და ღამით დაისვენოს, რადგან ყველაფერი ციკლურია, რაღაი ყველაფერი მოდის და მიდის; აგრეთვე მთვარესაც აძლევს საშუალებას ყველაფერი აავსოს უცხოდ ვერცხლისფერი შუქით, დღისით კი იშვიათად გამოაჩინოს თავისი ფერმკრთალი სახე განათებულ ცაზე, მაგრამ ახლა არც დღე არ არის და არც ღამე, დაე, სამყაროს ყმაწვილი მოქალაქე უკვე ხედავდეს მეორე თუ მესამე სიზმარს პოსეიდონზე და ზევსზე - ახლა არც ღამეა და არც დღე, ახლა ბინდბუნდია. ახლა სწორედ ის დროა, როცა საღამოს პლანეტა უფრო და უფრო ბრწყინავს ზეცის მხარზე, მზე კი უკვე მზადაა თავისი უკანასკნელი სხივის გასაგზავნად მეწამულ ცაზე - დღეისთვის უკანასკნელი, თორემ ისე მორიგი, დაუთვლელი დღეთა უთვალავ წრებრუნვაში, სწორედ ამ უთვალავობის შუაგულში რომ მდებარეობს. ბოლოს დარჩენილი ფილოსოფოსები, ბოლო ვაჭრები მიეხეტებიან სახლებში, მხოლოდ სადღაც მიწაზე ჰყეფს ძაღლი, უხილავი და მარტოხელა, და სადღაც ცაზე, ჰორიზონტის ხაზის ქვემოთ, მდუმარედ და წყვილად კიაფობენ დიდი და პატარა ძაღლები.

 

*

- საით გაგიწევია, მეფევ? - შეეკითხა კრათეტე ალექსანდრეს, რაკი დაინახა, როგორ მიუმარჯვა იმან ფეხი მონას, რომლის მოვალეობაში შედიოდა პატრონისთვის სანდლების ჩაცმა.

- რა შენი საქმეა, ყოფილო ფილოსოფოსო, - მკაცრად მიუგო მაკედონელმა, და ეგრევე მკაცრად გაუვარდისფრდა ლოყები.

- შენი ნებაა, მაგრამ სწორედ იმიტომ გეკითხები, რომ ვიცი, სადაც მიდიხარ.

- შენ კი ახლა ყვავ-ყორნებთან წახვალ, თუკი ასე ბევრი იცი, - კიდევ უფრო მკვახედ უპასუხა ალექსანდრემ და თმის ძირებამდე გაწითლდა, - რაც უფრო მეტ ხანს ვცხოვრობ შენთან, მით მეტად მექავება ხელები შენ დასასჯელად.

- შენ სულსწრაფი ხარ, მეფეო. გპირდები, რომ აუცილებლად მოვკვდები. ოდესმე, - კრათეტეს ხელი წვერისკენ წავიდა. უცებ მისი ტუჩები დაიმანჭა, სწრაფი სიცილი მოსწყდა მათ, თებელმა შუათითი გამოსწია, დანარჩენები მოკეცა, და ზედ კულულის ჩვეული რაოდენობის დახვევას შეუდგა.

- აი, რას ვაკეთებდი აქამდე ისე, რომ არც კი ვიცოდი, - მხიარულად თქვა მან და იქვე ჩაფიქრდა, - საინტერესოა, საიდან მაქვს ეს?

- რაზე ამბობ? - შეეკითხა ალექსანდრე და მონას მეორე ფეხი მიუმარჯვა.

- ჩემსაზე ვამბობ, ხოლო მე და შენსაზე კი ვჩუმდები.

- ჰო? - ალექსანდრემ ვერაფერი ნახა დასამატებლად და ხელში მახვილის ტრიალსა და იმის აწონვას შეუდგა. მერე სარტყელზე დაიმაგრა - მაინც ძალაუფლების ატრიბუტია - და გავიდა.

კვლავაც ძაღლისკენ გაემართა. რატომ? იმიტომ, რომ ძაღლი მართალი იყო.

- აი, მაკედონიის მფლობელიც დაბრუნდა, - გესლიანი კომენტარი დაურთო მის მისვლას დიოგენემ თავისი კასრიდან გამოძრომისას, - მე კიდევ შენთვის ახალი ამბავი მაქვს.

- რა ამბავი?

- ჩემთვის კარგა ხანია ახალი აღარ არის. რამდენიმე წლის წინათ ორაკულმა მითხრა, რომ მაკედონიის მეფესთან ერთად ერთ დღეს მოვკვდები. ოღონდ ის აღარ უთქვამს, სახელდობრ რომელ დღეს. საინტერესოა, არა?

ალექსანდრე მზად არ აღმოჩნდა, რომ ამ უცნაური კაცის უცნაური მხიარულებისთვის დაეჭირა მხარი და ესღა თქვა: - შენს მოსასმენად მოვედი.

- გიცნობთ. ამასწინათ ჩემს სანახავად მოხვედი, ახლა - მოსასმენად, შემდეგ - ხელშესავლებად, მერე დასაყნოსად, ასალოკად და ეგეთები.

მეფის სახეზე ნერვიულმა სიწითლემ დაიწყო თამაში.

- განსაცვიფრებელია, - თქვა დიოგენმა, - ყოველთვის, როცა ჩვენი მაკედონელი გმირად გრძნობს თავს, სახე ამდგარი ფალოსის თავივით უწითლდება. ალექსანდრეს მუშტები შეიკრა, მაგრამ როცა შეკუმშვის ძალამ გადალახა რაღაც ზღვარი, თითები კრუნჩხვით გაშალა. რატომღაც არაფრით შეიძლებოდა ამ ჩამოძენძილთან მისულიყო და ცხვირ-პირი დაემტვრია. შეიძლება იმიტომ, რომ ძაღლი მართალი იყო. იმის ბაგეთაგან შიშზე და ბავშვურ პრობლემებზე რომ მოისმინა, მეფემ თავს ძალა დაატანა და საკუთარ თავს ის უთხრა, რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ადრე ეშინოდა ეთქვა. და რისი ეშინოდა? უცხოსი, უცნობისა, უმართავისა. როგორც კი აღიარებს ამას - ვიღაც მიხვდება, რომ ლაჩარი ხარ, ჭორები გავრცელდება ჯარში, არმია უმართავი გახდება, მერე კიდევ - მთელი ხალხი. და აბა, ისე როგორ გამამაცდა, რომ საკუთარ თავს შიშში გამოუტყდა? მაგრამ აღიარება უკვე მოხდა, ყველაფერი შეიცვალა, და ახალი ხერხი უნდა იპოვნოს საკუთარი თავის ხელში ასაყვანად. ეს დიოგენე კიდევ არაფერს ასწავლის, მარტო დასცინის, და ეს აცოფებს. სხვები საკუთარ ჯამში ვერ გრძნობენ თავს. ახლა ალექსანდრე თავს ისე გრძნობდა, როგორც უბრალოდ ჯამში. როგორც სადილი.

- ის ანეგდოტი იცი, მუშტით მებრძოლზე? - თვალი ჩაუკრა ძაღლმა და უამბო ამბავი პატარა თავზე, ისეთ პატარაზე, რომ იმისი მორტყმა ძნელი იყო. მეტად ცოცხლად ასახიერებდა ხან შეკითხვების დამსმელ ბიჭს, ხანაც მოკრივეს, ფიქრს რომ ცდილობდა.

- ჰოდა, მეც იქა ვარ! - მხიარულად დაამთავრა დიოგენმა და წამიერი დაფიქრების შემდეგ, ალექსანდრეს შესთავაზა: - ასე რომ, შეგიძლია, დამამახინჯო.

არავის და არასდროს ასე არ დაუცინია მაკედონიის მეფისთვის, და იმასაც უილაჯობისგან ყმუილი მოუნდა.

- შენ ხომ ჰერაკლეს შთამომავალი ხარ, - უცებ დასერიოზულდა ფილოსოფოსი, - და, რასაკვირველია, ყველაფერი იცი მის გმირობებზე.

ალექსანდრე გაფაციცდა. ამ კაცისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.

- ასევე, - განაგრძო დიოგენმა, - არისტოტელემ, ალბათ, გიამბო ოდისევსის, აქილევსის და სხვების გმირობებზე.

- ისე, არისტოტელეზე რა აზრის ხარ? - ალექსანდრემ ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, სხვა რამეზე გადაეტანა ლაპარაკი.

- ო, ამ ადამიანმა ბევრი რამე იცის ცხოვრებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იცის თავად ცხოვრება.

- და პლატონი?

- იგივე ამბავია. იმან ყველაფერი იცოდა ღმერთზე, მაგრამ ღმერთი არ იცოდა.

- და...

- საკმარისია, - ძაღლი ისეთი სერიოზული იყო, როგორც არასდროს, - აბა, მითხარი, რა იცი დიადი სამეფოს შემქმნელი დიადი მეფის ცხოვრებაზე? მე ვამბობ: „მეფის ცხოვრებაზე“, და არა „მეფის ცხოვრება“.

- კიროსი?

- რომელი კიროსი! იმას, ვისზეც მე ვამბობ, მთელი ეს კიროსები, კამბიზები და დარიოსები კოჭამდეც ვერ შესწვდებიან.

- ვისზე ამბობ? რომელიმე სინაქერიბი? რამზესი?

- როგორც ვატყობ, შენი ისტორიული ცოდნა ინდაზე შორს ვერ მიდის. დაჯექი და მომისმინე. სიდჰართა გაუტამაზე გიამბობ.

 

*

       საერთოდ, სირვათასიდჰართა ერქვა. ელინურად ეს ნიშნავს დაახლოებით „ყველაფერში სრულყოფილს“ ანდა „სამძღვარს მიღწეულს“. სიდჰართა - ეს შემოკლებული სახელია, ხოლო გაუტამა - გვარის სახელი, საიდანაც წარმოსდგებოდა, უფრო სწორედ, წინაპრის სახელი - ბრძენი გაუტამასი. იმისი სამეფო დინასტია კი საქიების სახელს ატარებდა. იდჰართა გაუტამა დაიბადა 54-ე ოლიმპიადის მე-2 წელს, ანუ პითაგორას თანამედროვე იყო; ოთხი წლის რომ იყო, სოლონი მოკვდა, ხოლო ჩვიდმეტი წლისა რომ შეიქმნა, თალესი აღესრულა. მამამისი, მეფე სუდჰოდანა მართავდა მომცრო, მაგრამ ფეხზე კარგად მდგარ კაპილავასტუს სამეფოს, და მართავდა საკმაოდ ბრძნულად. მისი ქვეშევრდომი გლეხები იმ მარცვლეულის უხვ მოსავალს იღებდნენ, რომელსაც ბრინჯი ჰქვია, ვაჭრები - იმ მეტალის უხვ მოსავალს, რომელსაც ოქრო ჰქვია, ქურუმები - არსობის უხვ მოსავალს, რომელსაც სულიერი ძალაუფლება ჰქვია. მხოლოდ ერთი ფენა ჯერ-ჯერობით ვერ იღებდა თავის მოსავალს - ესენი იყვნენ მეომრები, და იმ სითხის მოსავალი, რასაც სისხლი ჰქვია, სიდჰართას დაბადებისთვის ჯერაც არ მომწიფებულიყო. და ეს კარგი იყო. კაპილავასტუს ქვეყანა მრავალი უხვწყლიანი მდინარით ირწყვებოდა, მაგნოლიების და ბალზამინების ჭალებით გრილდებოდა, და ამ ყველაფერზე, თავად მეფე სუდჰოდანას ჩათვლით, მეფობდნენ ჰიმალაის მთები, რომელთაგან ყველაზე პატარა ჩვენს ოლიმპოზე მაღალია. ქვეყანაში მრავალრიცხოვანი ბრძენები დაეხეტებოდნენ, და ერთი იმათგანი ასიტა დევალა სუდოჰანას სასახლესთან სწორედ იმ დღეს გამოჩნდა, როცა სიდჰართა დაიბადა. სიდჰართას დედა ისეთი იყო, რომ იმაზე ცალკე არის მოსაყოლი, და ეს იქნება საოცრად ლამაზი ზღაპარი. ამ ზღაპარს მაია ერქვა - სწორედ ისე, როგორც ჰერმესის დედას. იმ ღამეს, როცა ის სუდჰოდანასთან დაწვა და სიდჰართა ჩაესახა, ჯადოსნური სიზმარი ესიზმრა, რომ თითქოს იმის საშოში თეთრი სპილო შევიდა, რომელსაც შვიდი წყვილი ეშვი ჰქონდა. ეს სიზმარი მეფის ოჯახის მონაპოვრად იქცა, და იმ სიზმარს, რასაკვირველია, ასიტას მოუყვნენ. ეს მონათხრობი რომ მოისმინა, ბრძენმა ახალშობილის ნახვა ისურვა და იმის სხეულზედ რჩეულობის ნიშნები იპოვნა - 32 მთავარი და 80 მეორეხარისხოვანი. „შენს შვილს განსაკუთრებული ბედი ელის, - უთხრა ასიტამ მეფეს, - თუკი მიწიერ გზას აირჩევს, მაშინ ყველა მეფის მეფე გახდება, ჩაკრავარტინი, ხოლო თუ ზეციურ გზას აირჩევს, მაშინ დიადი წმინდანი გახდება, სანიასინი“. მეფე შეფიქრიანდა. რომელ ხელისუფალს მოეწონება, რომ იმისი შვილი შეიძლება მაწანწალა გახდეს, და თუნდაც წმინდანი? ის ხედავდა, რომ ბრძენი წასასვლელად ემზადება, და ესმოდა, რომ სწრაფად უნდა იფიქროს, მალევე უპასუხოს. მაგრამ როგორ უპასუხოს, ვინ უკარნახებს? და სუდჰოდანამ გამოავლინა ნიჭი სიბრძნისა - ის მოეშვა და ჭკუა იმ ყველაფრისგან გაითავისუფლა, რაც იმ კარნახის გამოჩენას უშლიდა ხელს. ლეგენდის თანახმად, კარნახი სასახლის მოურავისგან მოვიდა. რაღაც გაუთვალისწინებელი მოუხდა მონებთან დაკავშირებით - შესაძლოა, ტკბილეულის მომტანი მონა, ადგა და მოკვდა. და მოურავი მბრძანებელთან მივიდა შეკითხვით, იმ სიგრილით ხომ არ დაკმაყოფილდება, რომელიც ამჟამად არტყამს გარს. სუდჰოდანამ უცებ იგრძნო, რომ მართლა სასიამოვნო სიგრილე არტყამს გარს, და უთხრა კიდეც მოურავს ამის თაობაზე. იმან კიდევ დაუყოვნებლივ უბრძანა მარაოს მქნეველს, რომ თავი დაენებებინა თავის მარაოსთვის და გააგდო იგი - როგორც მერე გაირკვა, დამათრობელი სასმელისა და ხილისთვის. „აი, ისიც, - მიხვდა სუდჰოდანა, - სხვას არ უთხრა შენს გაჭირვებაზე და მწუხარე ფიქრებზე“. და ასიტას იმაზე ჰკითხა, რაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა მიეღო - ისე როგორ გაეკეთებინა, რომ მისი შვილი სანიასინი გამხდარიყო. „ყველაფერი მიეცი, დაე, გულს აზიდებდეს მიწიერ სიამეთაგან“, - მიუგო ასიტა დევალამ და მშვიდად გაიღიმა. ახლა სუდჰოდანამ ზუსტად იცოდა, რა არ უნდა გაეკეთებინა შვილისთვის; შესაძლოა, სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა გადამწყვეტი სიდჰართას ცხოვრებაში, შესაძლოა, სწორედ ეს სიტუაცია, სწორედ ეს მოურავი, სწორედ ეს გარდაცვლილი მონა... სუდჰოდანამ თავი გამოავლინა არა მხოლოდ როგორც ბრძენმა მმართველმა, არამედ როგორც ადამიანის სულის მესაიდუმლემ. იმან შვილს ყველა სიკეთე მაშინათვე კი არ წაართვა, არამედ სამი წლის განმავლობაში - ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბავშვის სულში მოესწრო აღბეჭდვა, რომ სიმდიდრე და ფუფუნება, სიამე და უსაქმურობა სამყაროში არსებობს და ხანდახან ხელმისაწვდომიც არის. ეს წლები მეფემ იმისთვის გამოიყენა, რომ შვილისთვის სათანადო აღმზრდელ-მამობილი მოეძებნა. მალემსრბოლელები კაპილავასტუს ქვეყნის ყველა მხარეს გაიგზავნენ, და ისინი სასახელოდ გაისარჯნენ.

 

*

- აბა, მითხარი, კრათეტე, - ჩვეულებად ქცეული საუბარი წამოიწყო ალექსანდრემ და იმ მონას გაუწოდა ფეხი, რომლის მოვალეობაში პატრონისთვის სანდლების ჩაცმევა შედიოდა, - მითხარი, დიდი ხანია, დიოგენეს იცნობ?

- რამდენი ხანია, რაც ძაღლს ვიცნობ? ამაზე არ შეიძლება თქვა „დიდი ხანია“ ანდა „ცოტა ხანია“. ის, რომ მე მასწავლებელს ვიცნობ, დროს არ ეკუთვნის, - პასუხობდა ყოფილი ფილოსოფოსი, რომლის გადაჯაჭვული ხელები მუცელზე განისვენებდნენ.

- კარგი, კარგი. მაშინ მითხარი, ყოველთვის ესეთი უცნაურია?

- უცნაური? - კრათეტეს თითები შეხტა, ერთმა მათგანმა კი წრიული მოძრაობები გააკეთა. - რაც დღეს უცნაურია, ხვალ ჩვეულებრივი იქნება. შეხედე ათენის მცხოვრებლებს: ახლა ყველანი კინიკოსებს ჰბაძავენ. ყოველ მეოცეს ლაბადაზე ნახვრეტი აქვს, როგორც განსვენებულ ანტისთენეს, ყოველ მეათეს ლაბადა ორად აქვს მოკეცილი, როგორც დიოგენეს. კიდევ ოცი წელი და ყოველ მეხუთეს ლაბადაზე ცხვრის ტყავი ეკერება, როგორც მე. ასე რომ, დიოგენეს ყველა უცნაურობა, ისევე როგორც ნებისმიერი უბრალო მოქალაქის ჩვეულებანი, სრული სირობაა.

- სირობა? - დაბნეულად ჩაეკითხა ალექსანდრე და მსახურს მეორე ფეხი მიუშვირა. - ეს რა არის?

კრათეტემ შუა თითი გამართა, დანარჩენები მომუჭა და მეფეს ეს კომბინაცია ხელის ზურგიდან დაანახა.

- ამას ხედავ?

ალექსანდრე თმის ძირებამდე გაწითლდა, მერე, ეტყობა, თავი ხელში აიყვანა - სახის წითელი ფერი ჯერ ალისფერი შეიქმნა, შემდეგ გავარდისფრდა, ბოლოს ეს სივარდისფრე მთლად გაქრა სახის უმეტესი ნაწილიდან, ღაწვებზე თუღა შემორჩა.

- მერედა ამით რა, თუ ვხედავ? - შეეკითხა დაყოვნებით.

- ყველაფერი, რაც შენგან საზღვრავს ამ კოსმიურ ნიშანს, სწორედ რომ სირობა არის.

- სირობაო, გაიძახი? - ალექსანდრემ მეტი ვერაფერი მიამატა ნათქვამს და ხელში ხმალი შეათამაშა. მერე ხმალი სარტყელზე დაიკიდა - მაინც ძალაუფლების ატრიბუტია - და გავიდა. კვლავაც ძაღლისკენ მიდიოდა. ვინაიდან ძაღლის გარდა ვინ მოუთხრობდა მეფე სიდჰართა გაუტამას საოცარ ისტორიას, რომელშიც, შესაძლოა, იმ შეკითხვების პასუხებია, ალექსანდრეს რომ აწუხებდა? ბოლოს და ბოლოს, იმან შეიტანა ალექსანდრეს აწყობილ სამყაროში არეულობა, ის შემოძვრა თავისი ბრიყვული შიშებით, რომლებზეც შეიძლებოდა ხმა არ ამოეღო მთელი ცხოვრება, - ჰოდა, იმანვე დაამყაროს თუნდაც რამენაირი წესრიგი. ფილოსოფოსი ვერ იპოვნა ვერც იმის თიხის კასრთან, ვერც კიბელეს ტაძრის ახლო-მახლო და ალექსანდრემ შემხვედრი მოქალაქეების გამოკითხვას მიჰყო ხელი, ჰოდა, მცოდნეები საითკენღაც იშვერდნენ ხელებს - ან თებეს მხარეს, ან მაკედონიისა, თითქოს ოლიმპისა, ანდა სულაც პოლარული ვარსკვლავისკენ. სიმართლე უფრორე იოლი გამოდგა. აგორიდან ნაჩვენები მიმართულებით რომ დაეშვა, კერამიკის უბანი გაიარა და ქალაქის კედლებს გასცდა, მეფემ მდინარე კეფისის ნაპირზე ჩამომჯდარი ძაღლი იპოვნა. დიოგენეს თვალები დახუჭული ჰქონდა, სხეული - მოდუნებული, ხელები მუხლებზე ეწყო - ხელისგულებით ზემოთ.

- დიოგენე, - დაუძახა ალექსანდრემ.

- გაჩუმდი, ყბედო მაკედონელო, - ჩუმად გააწყვეტინა ფილოსოფოსმა, - გვერდით დამიჯექი და მდინარის ხმას მოუსმინე.

- მაგისი დრო არა მაქვს, - მეფის ხმამ პოლემიკური ნოტა კი შეიძინა, მაგრამ დადაბლდა, - მე ბევრი რამე მაქვს სასწავლი შენგან, მე ხომ მალე მომიწევს ათენიდან წასვლა ოიკუმენის დასაპყრობად.

- შენც კაი სულელი ხარ რა. რაში გჭირდება ეს ამბავი?

- მე მსოფლიოს დავიპყრობ, მერე კი სავანეებში ვინეტარებ, რომ მძიმე შრომისგან დავისვენო.

- ტყუი. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. აი, მე უკვე ვისვენებ. თუ გინდა, ცოტა მაინც ისწავლო, დაჯექი და კეფისის ხმას მოუსმინე. ამას რომ ამბობდა, ძაღლი არ შემობრუნებულა ალექსანდრესკენ, თვალები არ გაუხელია, პოზა არ შეუცვლია, არ დაძაბულა. მდინარის მოსმენას განაგრძობდა; უბრალოდ ამ ხმაურში ახალი მელოდია გამოიკვეთა, რომელსაც ძალიან უნდოდა მოესმინათ მისთვისაც და დაჟინებით ითხოვდა პასუხს. მაგრამ ახლა ეს მეფის მელოდია მიჩუმდა. რა უნდა ექნა მეფეს? დიოგენეს გვერდით ჩამოჯდა, თვალები დახუჭა, და რაც მთავარია - პირი მოკუმა.

„აჰა, დიოგენეს გვერდით ვზივარ“, - თქვა თავისთვის ალექსანდრემ და უცებ გარკვევით გაიგონა საკუთარი თავის მარცხენა მხრიდან მომავალი წყნარი და საკმაოდ მჟღერი ხმა. „შენც კაი სულელი ხარ რა“, - თქვა ხმამ სუფთა მაკედონურ დიალექტზე. „შენ თვითონა ხარ სულელი“, - მიუგი ალექსანდრემ თავისთვის მაკედონურად, და უცებ მიხვდა, რომ თავის სიცოცხლეში პირველად აი, ეგრე ელაპარაკება საკუთარ თავს.

- რაო, შინაგანი ხმაა? - მოულოდნელად ჰკითხა დიოგენემ. ალექსანდრე გაწითლდა და მუშტები შეკრა, მაგრამ მისი თავი სულ უფრო და უფრო დაბლა იხრებოდა.

- მითხარი, ფილოსოფოსო, ჭკუიდან გადავდივარ? რა ვუყო ამას? - შეეკითხა ძლივს გასაგონად.

- ჯერ თქვი „ჰო“.

- კარგი... ჰო.

- „კარგი, ჰო“ კი არა, „ჰო“.

- ჰო.

- ხმამაღლა! მტკიცედ!

- ჰო! შინაგანი ხმაა!

- მითხარი, მეფეო, როცა შიკრიკი მოგივა, იმას რას უშვრები?

- ვუბრძანებ, შემოუშვან და ვღებულობ.

- ჰოდა, იგივე ჰქენი შენ შინაგან ხმასთან. ის ხომ შენთვის უცნობი მოკავშირის შიკრიკია. როცა გაიგებ, რა უნდა, მოდი ჩემთან, მე მზად ვარ, შენი მრჩეველი ვიყო ამ საქმეში. ახლა კი - მდინარის სმენაში ნუ მიშლი ხელს. დიოგენეს ხმა მიწყდა, ალექსანდრეს კი ისღა დარჩენოდა, რომ წამომდგარიყო და წამოსულიყო, თან იმაზე ეფიქრა, კიდევ როგორ დაეჭირა ეს შინაგანი ხმა.

 

*

       სახელმწიფო კაპილავასტუს ოთხივ კუთხივ მაცნეები დაიგზავნენ და ისინი ამაოდ არ გარჯილან. სიდჰართას მამინაცვალი შეურჩიეს - უოჯახო მონადირე, მართალია სხვა კასტიდან, მაგრამ უზადო. აი, აქ კი დროული იქნება მოვყვეთ, თუ რა არის კასტები. ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ არეოპაგში და ხმათა უმრავლესობით სტრატეგად დავნიშნოთ წარმატებული ვაჭარი. ვაჭარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, კითარედიც კი (თუმცა ყველა ისინი რეგვნები არიან), კითარედობა კიდევ შეიძლება ნებისმიერ მწყემსსა და მეთუნეს ასწავლო. ჩვენს შორის სათნო ადამიანები თავის მონებს თავისუფლებას აძლევენ, ხოლო ყველაზე სათნონი მზად არიან სხვისი მონაც კი გამოისყიდონ, თუკი ის - კარგი ადამიანია. ინდოელებს კი, რომელთაც მიეკუთვნებოდა სახელმწიფო კაპილავასტუს ხალხი, სულ სხვანაირად აქვთ. იმათი მითი ღაღადებს, რომ ღმერთებმა ადამიანები არათანასწორად შექმნეს; პირველი ადამიანის, პურუშის სხეულის სხვადასხვა ნაწილებისგან ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები შექმნეს. სწორედ აი, ეს ჯგუფები არის კასტები. ადამიანი ისე იბადება, ცოცხლობს და კვდება, რომ არის რომელიმე კასტის წევრი. თუკი, დავუშვათ, შენი წინაპრები მოდიან პურუშიც ფეხებიდან, შენ ამას ვერსად გაქცევი - შენ შუდრა ხარ, მონა. სუდჰოდანა და მისი შვილი სიდჰართა მეფეები იყვნენ წარმოშობით, ესე იგი, მეომრების კასტას განეკუთვნებოდნენ. მონადირე კი ეკუთვნოდა ვაჭრების და ხელოსნების უფრო დაბალ კასტას - იმათ ვაიშიები ერქვათ - და, შესაბამისად, შეეძლო მეომრებთან, ქშატრიებთან მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ურთიერთობა დაემყარებინა, თუ არადა სერიოზულად უნდა დაესაჯათ, მეფე კი მთელი ცხოვრება უნდა განბანილიყო ხოლმე. მაგრამ სუდჰოდანა არა მარტო ბრძენი მმართველი იყო, არამედ - მოწინავე ადამიანიც, ცრურწმენების გარეშე, და შვილის კეთილდღეობისთვის საკუთარ თავსაც კი გადაუვლიდა, არათუ კასტებისს მთელ სისტემას. ბოლოს და ბოლოს, ბევრი ხომ არ უნდოდა? მხოლოდ ის, რომ სიდჰართა თავისი კასტის ღირსეული წარმომადგენელი გამხდარიყო. და მერე როგორი აუცილებელია - იყო ღირსეული... ჰოდა, სამი წლის სიდჰართა აღსაზრდელად მიაბარეს მარტოხელა მონადირეს, სახელად ვაჩიაჰანტარას. მონადირე კიდევ სანადირო სიბრძნეებში ამეცადინებდა - როგორ დაეგო კაკანათები ფრინველებისთვის, მახეები - ცხოველებისთვის, ზუსტად ესროლა მშვილდიდან, გაერჩია მხეცთა ნაკვალევი, ეპოვნა ბილიკები და ტყეში ცეცხლიც დაენთო. სიდჰართა ყველაფერს სწრაფად და სიამოვნებით ითვისებდა და რვა წლისას ეჩვენებოდა, რომ არც ერთ მონადირეს ტოლს არ დაუდებდა, მით უმეტეს, რომ ინდოეთში მონადირეები არც ისე ბევრია - მონადირის ხელობა აგდებულია და არავისთვის საჭირო არ არის, რადგან ინდოელებიდან ძალიან ცოტა თუ ჭამს ხორცს. უფლისწულის მამობილი საკუთარ თავს ინახავდა და თითქმის არავისთან ჰქონდა ურთიერთობა; მხოლოდ ხანდისხან იმ მხარეში იშვიათი სოფლებიდან ერთი საწყაული ბრინჯის სანაცვლოდ რომელიმე გაცოფებული ვეფხვის მოკვლას სთხოვდნენ, რომელსაც გლეხების დახოცა იზიდავდა. სიდჰართა რომ მეცხრე წელიწადში გადადგა, ერთი ამისთანა შემთხვევისას ვაჩიაჰანტარა სასიკვდილოდ დაკოდა გააფთრებულმა ვეფხვმა. მზე დასაბინდებლად გადახრილიყო, - იმ მხარეში კიდევ ძალიან, ძალიან სწრაფი ბინდი იცის, - მშობლიურ სახლად ქცეულ ქოხთან თავისი პატარა მშვილდიდან ისრის სროლაში ვარჯიშობდა სიდჰართა და ამ დროს ტყიდან სახლის კუთხემდე გამომავალ ბილიკზე ის გამოჩნდა, ვისაც უფლისწული მამად იცნობდა, თუმცა ზოგჯერ ეჭვობდა, რომ იმისი შვილი არ არის. მონადირე ფეხებს ვეღარ მართავდა, ერთი ხელით შუბის მონატეხს ეყრდნობოდა, მეორეთი რაღაც ისეთი ეჭირა, რომ თუ იმისი სისხლის ნაკადებსა და ტანსაცმლის ნაგლეჯებში კარგად გაარჩევდი, მუცლიდან გადმოყროდა. ბიჭს შეეშინდა და არ იცოდა, რა ექნა, მშვილდიც გადააგდო, ისრებიც და ადგილზე მიჯაჭვულივით იდგა. „ნახე, - წყნარად და დიდი წვალებით თქვა მონადირემ, - მე ვეფხვმა მომკლა. იცოდე, რომ შენ ჩემი შვილი არა ხარ; შენ ქშატრიას შვილი ხარ. როცა მოვკვდები...“ ძალა აღარ ჰქონდა, მიწაზე დაეცა და შუბის ნატეხიც იმის გვერდით დავარდა. სიდჰართა მიუახლოვდა და იქვე გაჩერდა. „ცეცხლი, ცეცხლი“, - ამოიგმინა მარტოხელა მონადირემ. ბიჭი ქოხში შევარდა, კერიიდან მუგუზალი რომ გამოეღო. მაგრამ როცა უკან მიბრუნდა იმ მუგუზლიანად, მისი მამობილი მკვდარი იყო. სიდჰართამ არ იცოდა, რა უნდა ექნა მკვდარი კაცისთვის და წარმოდგენა არა ჰქონდა, რაში უნდა დასჭირვებოდა მომაკვდავს ცეცხლი. აი, ჩვენ კი ვუწყით, რომ ინდოელები, ჩვენი წინაპრების მსგავსად, მიცვალებულებს სწვავენ, ფერფლს კი მდინარეზე მოაბნევენ, მაგრამ სიდჰართა ჯერ კიდევ პატარა იყო და მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ტყეში გაეტარებინა, განმარტოებით. ვაჩიაჰანტარას სხეული შინ შეათრია, საწოლზე დაასვენა, რადგან არ უნდოდა მხეცების შესაჭმელად მიეგდო, თავად კი პატარა მშვილდით ხელში სახლის ზღურბლთან გაათენა ღამე. ეგრე გაიარა რამდენიმე ღამემ, დღისით კი ბიჭი ცდილობდა საჭმლის მოპოვებას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფრის შესწავლა ვერ მოასწრო: მისი ხელები გრძნობდნენ, სწორად როგორ გაეკეთებინა მახე, მაგრამ თვალები ვერ პოულობდნენ, სად უნდა დაეყენებინა ის მახე, შეეძლო ფეხებით ეგრძნო ბილიკი, მაგრამ არ შეეძლო გაერჩია, იმ ბილიკს წყლის დასალევად მიჰყავდა თუ მხეცებზე სანადირო ალაგისკენ, ან სამწყემსურისკენ, ან ბუნაგისკენ, შეეძლო კოცონის დანთება, მაგრამ იმისი მოვლა და კარგი შეშის პოვნა აღარ იცოდა, და ტყიდან შინისკენ მიმავალ გზას ბიჭი ძნელად პოულობდა - რამდენჯერმე კინაღამ დაიკარგა. ეჩვენებოდა, რომ მის სხეულს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ გამოცდილი თვალი აკლდა. სიდჰართას თვალებს მარტო ერთი რამის კარგად გაკეთება შეეძლოთ - მიზანი ეპოვათ სასროლად. ჰო, ჩინებულად ისროდა მშვილდიდან. ოღონდ მშვილდი კი პატარა ჰქონდა; ისეთიდან მხოლოდ პატარა ჩიტის ან თაგვის მოკვლა შეიძლებოდა. გადიოდა დღეები, ბიჭი თაგვებითა და ჭრელბუმბულა ჩიტებით იკვებებოდა, ღამ-ღამობით მკვდარს იცავდა ხელში სასროლად გამზადებული საბავშვო მშვილდით, და გონებიდან არ ამოუდიოდა აზრი, რომ ის საძაგელი ვეფხვი უნდა მომკვდარიყო. ცოტა თუ დიდი ხნის მერე ბავშვი მიხვდა, რომ ნელ-ნელა ხდებოდა - შეეძლო არა მარტო ხელი შეეხო, არამედ დაენახა კიდეც ნეკნები კანის ქვეშ. და არც ისრები მიფრინავდნენ მისი მშვილდიდან ადრინდელივით შორს, თუმცა ადრეც მისი საბავშვო მშვილდი სულ ახლოს ჰქონდა. სიდჰართა მიხვდა, რომ მარტო ვერ გამოიკვებებოდა და, მით უმეტეს, ვეფხვს ვერ მოკლავდა, და გადაწყვიტა ადამიანებთან მისულიყო. ქოხში რომ შევიდა მონადირესთან გამოსამშვიდობებლად, დაბარბაცდა, ისეთი სიმყრალე იდგა შიგნით. მსუქანი ბუზები ხმამაღალი ბზუილით დაფრინავდნენ, ხოლო მარტოხელა მონადირის მთელ სხეულზე საზიზღარი ჭია-ღუები ფუთფუთებდნენ.

„ჰო, მხეცებისაგან ვერ დაგიცავი, დიდმა მოგკლა, ახლა კი ყველაზე პატარები გჭამენ“, - სულის შემხუთველი სევდით გაიფიქრა სიდჰართამ და გამოვიდა იმ ქოხიდან, მისი სახლი რომ იყო ექვსი წელიწადი. სოფლისკენ მიდიოდა.

 

*

        ალექსანდრემ მდუმარედ მიუმარჯვა ფეხი მონას, რომლის მოვალეობა პატრონისთვის სანდლის ჩაცმა იყო. პირქუში იყო, სოფოკლეს ტრაგედიებზე უფრო პირქუში და სულაც არ იყო განწყობილი კრათეტესთან ჩვეულებისამებრ სასაუბროდ. გუშინღა მოახერხა დიალოგში შესულიყო თავის შინაგან ხმასთან, რომელზეც ძაღლთან ბოლო შეხვედრისას გაიგო პირველად. მრავალი დღე და ღამე მეფე სიჩუმეს და სიწყნარეს ეძიებდა, ცდილობდა გონება მოეკრიბა, მოდუნებულიყო, საკუთარ თავში ჩაღრმავებულიყო. და რა გამოვიდა? ხმამ უთხრა, რომ დიოგენესთან შეხვედრებისთვის თავი უნდა დაენებებინა და ლაშქრობაში წასულიყო, ხოლო როცა ალექსანდრე ფილოსოფოსებთან ურთიერთობით ნასწავლ, ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენების სტილში ხმას დაეკითხა, რაში სჭირდება ეს იმას, ხმას, იმან მიუგო: „მე შენი სიკვდილი მინდა“. სიკვდილისა ალექსანდრეს აქამდე არ შეშინებია, თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ ასე ფიქრობდა, სხვათაშორის, უფრო ახშობდა თავის აზრებს იმაზე, რომ სიკვდილისა ეშინოდა. იმას ვერ დაიპყრობ, ვერც დაიმორჩილებ. სიკვდილი არასოდეს იქნება პოტენციური სადილი. სამაგიეროდ იმისი პოტენციური სადილი შენ ყოველთვის ხარ. და ჯერაც ვერავინ შეძლო ამ ჯამიდან ამოხტომა. მაგრამ როცა შენი მოკვლა უნდა შენში მყოფ ვიღაცას... აფორიაქებულმა დაუდგა მონას მეორე ფეხი, მერე კი დაბნეულად ხმლის ხელში აწონ-დაწონვას და ტრიალს შეუდგა. ბოლოს ხმალი მექანიკურად ჩამოიკიდა სარტყელზე და გამოვიდა. ძაღლისკენ მიდიოდა და დღეს ზუსტად იცოდა, ეს რაში სჭირდებოდა. ტაძრის უკანა ეზოში რომ იპოვნა ფილოსოფოსი, ალექსანდრე გაქვავდა: ტიტველი დიოგენე თავის ლაბადაზე იჯდა, ხოლო იმის თეძოებზე გაშიშვლებული დიაცი ამხედრებულიყო, მამრის ტანისთვის ფეხები შემოერტყა, და იმის დუნდულებზე ხელებჩაჭიდებული კაცი რიტმულად ამოძრავებდა მდედრის გრაციოზულ სხეულს წინ და უკან.

- რას უდგახარ? - გამარჯობის მაგივრად შეუძახა ძაღლმა, სიტყვებს მძლავრ შესუნთქვა-ამოსუნთქვებს უნაცვლებდა. - შემოგვიერთდი. პირში მიეცი, სწორედ ეს უნდა. ხო მართალია, ქრისიპა? ქრისიპამ ვნებიანად დაუქნია თავი და გარინდებიდან გამორკვეულმა ალექსანდრემ ყოყმანით გაიძრო ლაბადა და ქიტონი. დიოგენემ მჟღერი სილა დაჰკრა მდედრს დუნდულზე, ქალი მისი თეძოებიდან ჩამოვიდა, ოთხზე დადგა და სანეტაროდ გაიღუნა წელში. ალბათ, ალექსანდრე ვერ აცნობიერებდა, რა მოსდიოდა ამ დამატყვევებელი ლამაზმანის მეოხებით, რომლის სახის წინ ის მუხლებზე დადგა (ჰო, სახის წინ, იმიტომ რომ, მეორე მხრიდან, ეტყობა, დიოგენე იმყოფებოდა). მაკედონელის მთელი ყურადღება სხეულში წარმოშობილი დამათრობელი გრძნობისკენ იყო მიპყრობილი, და მხოლოდ იმ ყურადღების განაკიდეზე გამუდმებით იყო ქალის ტუჩები - ისინი მაშინვე ჩაებეჭდა მეხსიერებაში, როცა იმათ ჯერ კიდევ არა ჰფარავდა საკუთარი სხეული. ტუჩების კუთხეები სანეტარო აღტკინებით ოდნავ დაშვებულიყვნენ ქვემოთ, თითქოს გამოხატავდნენ მსუბუქ სევდას, რომელიც მიწიერი ცხოვრების არსიდან მომდინარეობდა. ო, რეებს სჩადიოდა ეს ქალი ალექსანდრესთან! ეს ხან საბრძოლო საყვირთან თამაშს ჰგავდა, მეომრებს რომ მოუხმობდა, ხან განზავებული ღვინის წრუპვას ლერწმის მილიდან, ხანაც მშიერი ძაღლის დაუმცხრალ მადას, ჯამს რომ ლოკავდა. ჰო, ჯამს.

- შევიცვალეთ! - უცებ გამოაცხადა დიოგენემ. უცნობია, როგორ შეაღწიეს ამ სიტყვებმა ალექსანდრეს ყურადღებაში, მაგრამ ორივემ ადგილები გაცვალა. და დაიწყო და რა დაიწყო!.. როგორ გრძელდებოდა ეს!.. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ცხელმა ტალღებმა, რომლებმაც, ეტყობა, რომელიღაც მომენტში ქალის მთელი სხეული გაირბინეს. დიოგენემ (უვნებო ძაღლმა) ფხიზელი ხმით თქვა: „ყოჩაღ! ეს სწორედ ის არის“. მაგრამ ალექსანდრეს ფეხებზე ეკიდა იმისი სიტყვები, იმიტომ რომ, უცებ გაათავა. ერთი წუთის შემდეგ სამყარო უინტერესო გახდა. ეგრეა, როგორც ლათინები ამბობენ, ყოველი ცხოველი მიდგომის მერე ნაღვლიანია. ალექსანდრემ ქრისიპადან ასო გამოიღო და ზარმაცად დაეშვა დიოგენეს გაშლილი ლაბადის გვერდით. ქალიც იქვე დაწვა, მიმნდობად დაადო თავი მუცელზე, და მაკედონელი უცებ მიხვდა, თუ რა ტალღებმა გადაირბინეს ქალის სხეული. ადრე არასოდეს სმენოდა ქალურ ორგაზმზე.

ლაბადის მოპირდაპირე მხარეს დიოგენე წამოწვა.

- მართალია, რომ, - შენიშნა მან, თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო, - დასასრული ისე საინტერესო არ არის, როგორც თვითონ პროცესი (დედანში სიტყვების თამაშია: ΠΕΙΡΑΡ - დასასრული, ამოწურვა; ΠΕΙΡΑ - ცდა, წარმოება, გამოცდილება)? ალექსანდრემ და ქრისიპამ ზანტად, მაგრამ ერთხმად წაიბურტყუნეს პასუხად რაღაც „ჰო“-ს მსგავსი.

- მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ნებისმიერი პროცესი არის გზა თავისივე დასასრულისკენ? - განაგრძო ფილოსოფოსმა.

ორივემ დაიზმუვლეს თანხმობის ნიშნად. კარგი იყო ცაში ცქერა და კარგი იყო თანხმობითი პასუხები დიოგენეს შეკითხვებზე, თუმცა მთლად ეგრეც არა - ო, ეგრე არა! - კარგი, როგორც სასიყვარულო მოქმედება.

- და მართალი ხომ არ არის, რომ რასაც არა აქვს დასასრული, ანუ უსაზღვროება, ის არის ჩვენი ძიების მიზანი? - განაგრძო მან.

კვლავაც დაეთანხმნენ ორივენი.

- და მართალი ხომ არ არის ისიც, რომ თუკი ყველა პროცესს აქვს თავისი დასასრული, მაშინ უსაზღვროება შეიძლება ვიპოვნოთ მხოლოდ იქ, სადაც არ არის არავითარი პროცესი? - განაგრძო დიოგენემ. და ორივენი ისევ და ისევ ეთანხმებოდნენ, რადგან სიყვარული - ეს სრული მიღებაა, მთლიანი „ჰო“. და დიოგენე გარკვეული ხანი ჩუმად იყო, ხოლო ისინი კიდევ მდუმარედ ეთანხმებოდნენ იმას თავის უსიტყვობაში. დასვენებული ქრისიპა ლაბადაზე წამოჯდა და დიოგენეს მიმართა: - საყვარელო, კიდევ როდის მომანიჭებ ასეთ ნეტარებას?

- რაო, მშვენიერო, გინდა, დაეჩვიო? ჩვევებზე უფრო დამღუპველი არაფერია, ისინი სიყვარულსაც ჰკლავენ და თავად ცხოვრებასაც. სჯობია, სხვა კაცებს ის ასწავლო, რაც მე გასწავლე. წადი, ჩემო სიხარულო. შენ კიდევ, მაკედონელო, მომიყევი, რით აგაფორიაქა შინაგანმა ხმამ.

- მითხრა, რომ ჩემი სიკვდილი უნდა, - ზანტად მიუგო ალექსანდრემ - სად გაქრა მისი ტრაგიკული პირქუშობა!

- რას ვიზამთ, ჩვენ ყველა მოკვდავები ვართ და ყველანი ვუსურვებთ სიკვდილს ვინმეს, - დაეთანხმა ძაღლი, - აი, მაგალითად, შენ, მეფევ, ვის სიკვდილს ისურვებდი?

- მეფე? - შეეკითხა გაოცებული ქრისიპა, იცმევდა, მაგრამ მისი წყნარი გაკვირვება მამაკაცებმა ვერ გაიგეს.

- სიამოვნებით მოვკლავდი დარიოსს, საკუთარი ხელებით, - ზარმაცად წამოწოლილი მეფის სახეზე წითელმა გაითამაშა.

- რაო, მოგწყინდა გაგრძელებული კალლიის ზავი? (კალლიის ზავი დაიდო სუზაში ათენის ელჩ კალლისა და სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს შორის 449 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, 114 წლით ადრე აღწერილი მოვლენებიდან. ამ ზავის თანახმად სპარსეთი აღიარებდა ყველა ბერძნული კოლონიის დამოუკიდებლობას, ეგეოსის ზღვა ცხადდებოდა ელადის აკვატორიად - ავტორის შენიშვნა). სხვათაშორის, ეს არაფერ შუაშია, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ კარგი, კეთილი და მნიშვნელოვანი რაღაც დგას შენი სურვილის უკან, მოკლა დარიოსი, მართალია?

- ვიცი, - ცოტა ფიქრის შემდეგ მიუგო ალექსანდრემ.

- მაშინ ისღა დაგრჩა საკითხავი, კარგი, კეთილი და მნიშვნელოვანი რამ თუ იდგა შინაგანი ხმის იმ სურვილის უკან, რასაც ის გეუბნეოდა?

- საინტერესო ლაპარაკი გაქვთ, კაცებო, - ხმამაღლა ჩაერთო ქრისიპა, რომელიც დიდი ხანია იდგა ჩაცმული და ამათ საუბარს უსმენდა, - ოღონდ ჩემი წასვლის დრო მოვიდა.

ტუჩებში აკოცა ჯერ დიოგენეს, მერე ალექსანდრეს.

- კარგად, მშვენიერო, - უპასუხა ფილოსოფოსმა, - ისე მეჩვენება, რომ მეფურ საჩუქარს უნდა დაელოდო აი, ამ ახალგაზრდა ქმრისგან.

- მეფურს? მართლა მეფურს?

- აბა, რა, - წამოდგა ალექსანდრე, - იცოდე, ქალო, მე მაკედონიის მეფე ვარ.

ქრისიპამ პატივისცემით დაუხარა თავი მეფეს და უცებ ჩაიკისკისა.

- რა იყო, ქალო? - დაინტერესდა ალექსანდრე.

- ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მონარქს, თან ესეთ ახალგაზრდას და ესეთ მეომარს, შეუძლია ამდენი სიამოვნება მოგანიჭოს სიყვარულში, - უპასუხა ლამაზმანმა, მხიარული ღიმილი არ შეუკავებია, და მსუბუქად, თითქოს უწონომ, სწრაფად, თითქოს ქარისგან წაღებულმა გასწია, ხელით მიჰქონდა სანდლები.

- დააკვირდი, - უთხრა დიოგენემ მაკედონელს, - ქალწულობა დაკარგა და სირცხვილი მოიშორა, მაგრამ მთავარს იცავს - სიბრძნეს. მხოლოდ ბრძენ ადამიანს შეუძლია ეგრე ბავშვურად გაიხაროს მეფის წინაშე. მოკლედ, ვუბრუნდები ჩვენს სირობას, შენ ყველაფერი გაიგე, მაკედონელო? წადი და შინაგანი ხმის პასუხის გარეშე აქ არ დაგინახო.

 

*

       ქალაქი სიბნელეში ჩაძირულა. სადღაც ძაღლი იყეფება, უხილავი და ეული, ქალაქის ხაზს იქით, საღამოს მზიდან რამდენიმე ათეული სტადიუმის მანძილზე აენთო და თანაბრად ციმციმებენ მეთევზეთა კოცონები. ზეცაზე კი საკუთარ თავზე შეყვარებული ღამის მანათობელი ანთია - ტყუილად ამბობენ, რომ მისი შუქი ვერცხლისფერია, აქ ოქროს მინარევის ხსენებას ვერ გადავურჩებით, და მხოლოდ ფერით არა. ამბობენ, ვერცხლი მუქდება ვულკანების ამოფრქვევების დროს (შეცდომა. ვერცხლი მუქდება გოგირდწყალბადთან კონტაქტისას, ხოლო ვულკანების ამოფრქვევისას გამოიყოფა გოგირდიანი გაზი), და რამდენი იყო ატლანტიდის დაღუპვის დროიდან - ვერ მოითვლი; საოცარი მთებიდან ამომავალი ალმური ცამდე ადიოდა და რა მოუვიდა მთვარეს? ანათებს, როგორც ანათებდა ოდისევსის დროს. ჰო, მართლები არიან, ვინც ანაქსაგორასავით თვლის, თითქოს მზეცა და მთვარეც - ქვის დიდი ფილებია, პელოპონესზე დიდი ზომისა, მზე - გამდნარია, ხოლო მთვარე - ცივი, და ძალიან შორს არიან ორივენი. არადა, რამდენი რამე იყო, რამაც ცაზე გაიარა - წვიმებიც, ღრუბლებიც, ქუხილიც, თოვლიც კი და არც მზეს მოსვლია რამე და არც მთვარეს. აი, ახლაც ათენის თავზე ანათებს თავისი ვერცხლისფერი, ოქროს სუსტი მინარევით, თუმცა ანათებს მხოლოდ ხის კენწეროებს და ტაძრების სახურავებს. არადა, ესეც, სრული სიბნელის საპირისპიროდ, რომლითაც სავსეა ქუჩები და ეზოები, გეჩვენება, რომ ტაძრების სახურავებზე სინათლეა, სცადე აბა, აძვერი სახურავზე, წაიკითხე მთვარის შუქზე, რამის დაწერა სცადე, დაინახე სად იწყება მარმარილოს ერთი ფილა და იწურება მეორე - გამოგივა რამე? ღამე - არის კიდევაც ღამე. ამ დროს საუკეთესო ხედი ცისაა. დაწექი სახურავზე, სადაც ყველანაირი ქარი უბერავს და უყურე, მერწყულთან პირისპირ მდგომი პეგასი როგორ სვლეპავს წყალს იმისი ვარსკვლავიერი ჯამიდან; გმირი პერსევსი, გორგონას თავს იქნევს, ქუსლით თხის რქას ეყრდნობა; ხოლო მშვენიერი კასიოპეა, მსგავსად გადაბრუნებული ასო „მიუ“ -სი, უკანალს უთამაშებს თავის ზეციურ მეუღლეს. ვარსკვლავები გამოუცნობად ციმციმებენ, თუმცა რაღა გამოუცნობად, - სწორედ ასევე ციმციმებენ მეთევზეების კოცონები ზღვის ნაპირზე; სწორედ ასევე ციმციმებს მაშხალა, რომელიც ქუჩაში გამოაქვთ; სწორედ ასევე ციმციმებს ადამიანის ცხოვრება, განსაკუთრებით თუ ვარსკვლავური სიმაღლიდან და ვარსკვლავური სიმშვიდით დავხედავთ. ყველაფერი ციკლურია. აი, ეს ვარსკვლავი, ჰორიზონტთან რომ დგას, ანტარესია, ომის ღმერთს ეძღვნება, - ახლახანს უფრო ჩამქრალი იყო, ვიდრე ახლა; აი, ახლა ისევ ქრება, არა, ისევ ნათელია... ამას უსასრულოდ შეიძლება უყურო. ეგებ ეს არის სწორედ ის უსასრულობა, რომელსაც ვეძებთ, ოღონდ მერე, სახურავიდან რომ ჩამოხვალ, სიცივისგან მოიბუზები და ფეხისწვერებზე შეხვალ შინ, გააცნობიერებ, რომ ის მომენტი, როცა შენ სახურავზე იწექი და ანტარესს უყურებდი, იყო კიდევაც მარადისობა, მაგრამ უკვე ნაპოვნი მარადისობა, როცა უკვე აღარაფერია მოსაძებნი, როცა აღარაფერია გასაკეთებელი. და საღამოს, მზის ჩასვლისას, - გახსოვს? - შენ უკვე წინდაწინ გრძნობდი, რომ ახვალ სახურავზე, თან გაიყოლებ წყვილ ლაბადას, რომ არ გაიყინო, ფეხებს კი ქიტონით დაიფარავ და ეგრე უყურებ; და იცოდი, რომ ეს იქნებოდა მარადისობა? რომელიც შენ მოგევლინა და რომლადაც შენ გადაიქცევი, და სახურავიდან რომ ჩამოხვალ, გაიხსენებ, როგორ იყავი მარადისობა და მარადისობაშიც როგორ იყავი, და გაიხსენებ, შესაძლოა, მზის ჩასვლას, წითელს, როგორც ალექსანდრეს სახეს, ხოლო დილით, ეგებ გაიხსენო, როგორ ჩამოხვედი სახურავიდან, მოიბუზე სიცივისგან და ფეხისწვერებზე შეხვედი შინ, მაგრამ ახლა წევხარ და უკვე გადაანაცვლე შენი მზერა წითელი ანტარესიდან ცისფერ ვეგაზე, რომელიც აი, ახლა ოდნავ ჩამქრალია, ვიდრე ახლახანს, არა, ისევ ნათელია... აი, აქვე გაურკვეველი ფერის ვარსკვლავი, სახელად „დენები“ და ისიც ასევე ციმციმებს, და აი, ახლა... ვაი! მომწყდარი ვარსკვლავი! რამხელა ბედნიერებაა! როგორ ელვარებს ცაზე, - უკვე დაიკარგა. საწყენია, სურვილი უნდა ჩამეთქვა. და ეს იქნება, ჩაფიქრდები, რა სურვილი უნდა ჩაგეთქვა და როგორ გმირულად უნდა გებრძოლა მის განსახორციელებლად, ადრევე რომ გცოდნოდა, როდის და საიდან ჩამოვარდება ვარსკვლავი, სულ თავს ანებებ ვარსკვლავების წყნარი, ცივი შუქის მოსმენას, ხოლო როცა უცებ გამოფხიზლდები ოცნებებიდან - პირველად ყურადღებას აქცევ იმას, თუ რა ლამაზად მღერიან ჭრიჭინები. მათი მრავალხმიანი ქორო თითქოს მთელ სივრცეს ავსებს, მაგრამ აი, ზეთისხილის ჭალაში გახმიანდება ბულბული, აი, ძაღლიც ყეფს, უხილავი და მარტოხელა, და ამას რომ გაიგებ, ხვდები, რომ სივრცეში ადგილი ყველასთვის არის, და რომ სივრცე, ზოგადად რომ ვთქვათ, ჩაკეტილიც რომ იყოს, უსასრულოა უსასრულო გადაკვეთებისა და ურთიერთშეღწევით ერთისა მეორეში, მეორისა მესამეში... თუ ძალიან ყურადღებიანი იქნები, შეიძლება აღმოაჩინო, რომ ჭრიჭინს აი, იმ ჭრიჭინისა, მარცხნივ და უკან რომ ზის და სხვებზე ოდნავ ხმამაღლა რომ მღერის, შენ აღიქვამ არა მხოლოდ ყურებით, არამედ კანითაც... რატომღაც ხელისგულების მეორე მხრის კანით. რატომ? არ ვიცი. ეგრეა მოწყობილი ეს სამყარო. ბგერები გადადიან შერძნებებში, შეგრძნებები ბადებენ შუქს, შუქის თამაში იწვევს მუსიკას, ხოლო აქ განსჯა რაღაც არ გინდება. მუსიკა... აი, მუცელში დაირუყრუყა - ეს შეიძლება იგრძნო კიდეც და მოისმინო კიდეც. და აქაც განსასჯელი არაფერია - უნდა ჩამოხვიდე და შინ წახვიდე, როგორც ჩანს, საღამოს ტრაპეზის მერე ერთი-ორი ღვეზელი, ყურძნის კუმპალები და ცხვრის ბეჭი დარჩა.

*გაგრძელება*

ნახვა: 121

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters