მარკ ტვენი - ელვა და მისის მაკუილიამსი
ჰოდა, სერ, - გააგრძელა მისტერ მაკუილიამსმა, აბა, ასე ხომ არ დაიწყებდა ლაპარაკს, - იმას გეუბნებოდით, ელვის შიში ყველაზე სამწუხარო სისუსტეა კაცობრიობისთვის. უფრო ხშირად ქალებს აწუხებთ; მაგრამ ზოგჯერ პატარა ძაღლებშიც გვხვდება, იშვიათად კაცებშიც. როგორც გითხარით, ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო უძლურებაა, დედამიწის ზურგზე მისნაირად არაფერი ართმევს ადამიანს სიმამაცეს, თან ვერც ვერავის დაარწმუნებ, სისულელეა, რატომ უნდა გაკანკალებდეს ელვის დანახვაზეო; ვერც შეარცხვენ, რამ შეგაშინაო. მამაც ქალს, არც ეშმაკთან და არც თაგვთან პირისპირ შეხვედრას რომ არ უფრთხის, საკმარისია, ერთი გაიელვოს და სული კოჭებში ეპარება. მერედა, რა სევდისმომგვრელი სანახაობაა. ჰოდა, იმას გეუბნებოდით, რომ დილით შემზარავმა ყვირილმა გამაღვიძა. ვიღაც ყურში ჩამჩხაოდა: „მორტიმერ, მორტიმერ!“; სანამ მოვახერხე და გონება მოვიკრიბე, ხელების ფათურს მოვყევი: „ევანჯელინ, შენ ყვირი? რა დაგემართა, რამ გაგაცოფა? კი მაგრამ, სად ხარ?“
„მოკეტე! ფეხსაცმლის კარადაში. არც კი გრცხვენია, წევხარ აქ და მშვიდად გძინავს, ნახე, გარეთ რა საშინელი ქარიშხალია!“
„რატომ უნდა მრცხვენოდეს? რა ნახე ძილში სამარცხვინო? ამისთანა სიშტერე გაგონილა! მითუმეტეს ადამიანს ძილში ვერ შერცხვება, ევანჯელინ.“ „შენ არც კი ცდილობ. მორტიმერ, ჩემზე უკეთ მოგეხსენება, რომ არც კი ცდილობ.“
და სლუკუნს მოვკარი ყური.
ამ ხმამ პირზე მომდგარ გესლიან სიტყვებს ერთი ხელის მოსმით მოუღო ბოლო. „მაპატიე, ძვირფასო, მართლა ძალიან ვწუხვარ. არ მინდოდა... მოდი, ლოგინში დაბრუნდი და...“
„მორტიმერ!“
„ღმერთო ჩემო, ამჯერად რაღა მოხდა, საყვარელო?“
„შენ გინდა თქვა, რომ ჯერ კიდევ ლოგინში წევხარ?“
„ჰო, რა თქმა უნდა. რა იყო?“
„ახლავე ადექი. შენ რა, საერთოდ არ განაღვლებს შენი სიცოცხლე?! საკუთარი თავი თუ არ გენაღვლება, ბავშვებსა და ჩემზე მაინც იფიქრე.“
„კი მაგრამ, საყვარელო...“
„ხმა არ გამცე, მორტიმერ. კარგად იცი, ასეთ ჭექა-ქუხილში ყველაზე საშიში ადგილი სწორედ საწოლია... ასე წერია წიგნებში. შენ კიდევ, ჯერაც მანდ გორაობ, ღმერთმა უწყის, შენი ნებით რატომ იკლავ თავს. მაგრამ შენ ოღონდ მე მეკამათო...“ „კი მაგრამ, ევანჯელინ, უკვე აღარ ვარ საწოლში. უკვე...“
(ისე გაიელვა, სიტყვა გამიწყდა, რასაც თავზარდაცემული მისის მაკუილიამსის განწირული კივილი და შედარებით მძლავრი ქუხილი მოჰყვა.) „აი! აი, შედეგიც. ოოო, მორტიმერ, შენ რა, იგინები?! რა დროს გარყვნილებაა?“ „არ შემიგინია. სულ ჩემს გინებას უყურებს ახლა ეგ, მეტი საქმე არ აქვს, ხმაც რომ არ ამომეღო საერთოდ, მაინც ასე დაიქუხებდა; თვითონაც მშვენივრად იცი, ევანჯელინ, ყოველ შემთხვევაში, უნდა იცოდე მაინც, როცა ატმოსფერო დამუხტულია ელექტრონული მუხტით...“
„ჰო, მიდი, ახლა ამის მტკიცება დაიწყე, მიდი, ამტკიცე და ამტკიცე!... ვერ ვხვდები, რატომ იქცევი ასე, თან იცი, რომ აქ მეხამრიდიც არ არის და შენი საწყალი ცოლი და შვილები თავიდან ბოლომდე ღვთის ანაბარად არიან მიტოვებული. რას აკეთებ, მორტიმერ? ასეთ დროს ასანთს ანთებ? შენ სულ გააფრინე?“ „დამანებე, ქალო, თავი, რას ხედავ ამაში ცუდს? ურჯულოს სულივით არის ჩაბნელებული აქაურობა, სწორედ ამ...“
„ჩააქრე! ჩააქრე ახლავე! შენ რა, გადაწყვიტე ბოლო მოგვიღო? ხომ იცი, რომ შუქზე ძალიან არაფერი იზიდავს მეხს (ბახ! გავარდა მეხი! ბუჰ! ბახ! ბახ!). გესმის? გაიგონე? ხედავ, რა გააკეთე?!“
„ვერა, ვერ ვხედავ და არც არაფერი გამიკეთებია! კი, ბატონო, ასანთს შეუძლია, მოიზიდოს ელვა, მაგრამ ელვის გამოწვევა ხომ არ შეუძლია, მგონი არის ხომ განსხვავება. საერთოდ არაფერ შუაში არაა ჩემი ასანთი. ამას თუ უმიზნებდა ელვას ის ვიღაცა, ვაი, მაგისთანა მსროლელის ბრალი, - მილიონში ერთი შანსი არ იყო მაგის მოხვედრის. დოლიმაუნთში მაგისთანა მსროლელს...“ „გრცხვენოდეს, მორტიმერ! ჩვენ აქ სიკვდილის პირას ვართ, შენ კიდევ რაებს ლაპარაკობ. თუ შენ არ გინდა... მორტიმერ!“
„რა იყო?“ „ილოცე ძილის წინ?“ „მე, მე ვაპირებდი, ნამდვილად ვაპირებდი, მაგრამ... მერე უეცრად იმაზე ფიქრმა გამიტაცა, რამდენია 12 ჯერ 13-მეთქი, ჰოდა...“ (ბუხ-ბახ-ბუხ! ბახბახ-უბახ-ბუხ, - კიდევ გავარდა მეხი!) „ვაიმეე, დავიღუპეთ, რა გვეშველება! როგორ დაგავიწყდა ასეთი მნიშვნელოვანი რამ, მითუმეტეს ახლა, ასეთ დროს?“
„მაგრამ რა ჩემი ბრალია, მაშინ არ იყო ეს ჭექა-ქუხილი. ღრუბლებიც კი არ ჩანდა. საიდან უნდა მცოდნოდა, ერთი ბეწო შეცდომის გულისთვის თუ ამხელა უბედურება დატრიალდებოდა? და, საერთოდ, უსამართლოდ იქცევი, რა მოხდა, რა ამბავი ატეხე, მითუმეტეს, მშვენივრად იცი, რომ ასეთი რამ იშვიათად მემართება. ოთხი წლის წინ მიწისძვრა რომ მოხდა ჩემ გამო, აბა, ერთხელ თუ დამვიწყებია მის მერე ლოცვა?“
„მორტიმერ! რანაირად ლაპარაკობ! უკვე დაგავიწყდა ყვითელი ციებ-ცხელება?“ „ძვირფასო, შენ სულ ყვითელ ციებ-ცხელებას გაიძახი, მე კიდევ მგონია, არ ხარ მართალი. აგერ, მემფისში ვერ გააგზავნი პირდაპირ დეპეშას, მთელი შუალედური სადგურები თუ არ გაიარა და იმსიშორეს ასე უცებ როგორ გაიგეს, მე ცოდვა ჩავიდინე თუ არა? მიწისძვრაზე კი ბატონო, დაგიჯერე, რაც უნდა იყოს, ყურის ძირში მოხდა. ისე, ყველაფერზე პასუხს თუ მომკითხავენ, მირჩევნია, ბარემ ჩამომახრჩონ.
(ბუუმ, ბუბუუმ-ბუუმ! ბოომ! ბახ!) „ვაი, ძვირფასო, ვაი, ვაი! მეხი დაეცა რაღაცას, მორტიმერ.
გული მიგრძნობს, დღის სინათლეს ვეღარ ვნახავთ; რამეს თუ გიშველის ეს, როცა აღარ ვიქნებით, გახსოვდეს, რომ შენი საშინელი ენა... მორტიმერ!“
„ახლა რაღა მოხდა?“
„ხმა, შენი ხმა... მორტიმერ, ბუხრის წინ დგახარ?“
„ჰო, ზუსტად მაგ დანაშაულს ჩავდივარ.“
„ახლავე, ამ წუთას მოშორდი იქაურობას. საბოლოოდ გადაწყვიტე ხომ ბოლო მოგვიღო. არ იცი რომ ღია ბუხარი ყველაზე უკეთესი გამტარია? ახლა სადღა წახვედი?“ „აგერ ვარ, ფანჯარასთან.“
„ღმერთო შეგვიწყალე. სულ გადაირიე? მოშორდი მანდედან, ახლავე. აკვნის ბავშვმაც კი იცის, რა მოჰყვება ჭექა-ქუხილის დროს ფანჯრის წინ დგომას. ძვირფასო, მე ვიცი, დარწმუნებული ვარ, ვეღარასდროს ვიხილავ დღის შუქს. მორტიმერ?“
„ჰო?“
„რა ფაჩუნობს მანდ?“
„მე ვარ.“
„რას აკეთებ?“
„ჩემს შარვალს ვეძებ.“
„სასწრაფოდ! ხელი გაუშვი მაგ რაღაცას! დარწმუნებული ვარ, განძრახ იცვამ ტანსაცმელს ახლა. გეგონება არ იცოდე, რომ ყველა მეცნიერი ერთხმად ამტკიცებს, შალის ქსოვილი სასწაულად იზიდავს მეხსო. ეჰ, ძვირფასო, ძვირფასო, ბუნებრივი კატასტროფა რომ გემუქრება ადამიანს, ეგ არ კმარა? შენ თვითონაც უნდა შეუწყო ხელი თუ, პირიქით, თავი უნდა მოარიდო? ოო, შენ რა, მღერი? რაზე ფიქრობ საერთოდ?“
„ამაში მაინც რას ხედავ ცუდს?“
„მორტიმერ, ათასჯერ მითქვამს შენთვის, რომ სიმღერა ვიბრაციას იწვევს ატმოსფეროში და აბრკოლებს დამუხტული ჰაერის ნაკადს და... და, კარს რა ჯანდაბად აღებ?“
„ღმერთო შემიწყალე, ქალო, ნუ გადამრიე, ამაში რაღას ხედავ ცუდს?“
„ცუდს? ცუდს რას ხედავო, ხომ? ცუდი კი არა, სიკვდილი არ აგვცდება. ყველამ, პატარა ჭკუა თუ მოეკითხება, იცის, ამისთანა ამინდში გინდა ორპირი გაგიკეთებია სახლში და გინდა, მეხი დაგიპატიჯებია სტუმრად, ერთი ფასი აქვს. ღიაა კიდევ? დახურე წესიერად, მიკეტე, აუჩქარე ცოტა, თუ შეიძლება, თორემ დავწყდებით ყველანი. მორტიმერ, ახლა რაღას აკეთებ?“ „არაფერს. ონკანი მოვუშვი. ჩახუთულია ჰაერი ოთახში, ცხელა. წყალს შევისხამ.“ „სულ დაკარგე ჭკუა?! არ იცი, რომ თუ სხვა დანარჩენ ნივთიერებას ერთხელ არტყამს, წყალს 50-ჯერ ეცემა მეხი. ახლავე გადაკეტე ონკანი. ვაიმე, აღარაფერი ჩვენ აღარ გვიშველის. თითქოს... მორტიმერ, რა ხმაურია?“ „ეე ... სურათია, კედლიდან ჩამოვხსენი.“
„კედელიო? გინდა თქვა, რომ კედელთან დგახარ? ამისთანა წინდაუხედაობა გაგიგია?! არ გაგიგია ხომ არასდროს, კედელი ყველაზე უკეთესი გამტარიაო? მოშორდი მანდედან! ოოო, რა ბოროტი ხარ, არადა, შენი ოჯახის ბედი ბეწვზე კიდია! მორტიმერ, მე რომ გითხარი, ის ბუმბულის საწოლი, შეუკვეთე?“ „არა, დამავიწყდა.“
„დაგავიწყდა! დაგავიწყდა და შეიძლება საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაგიჯდეს ეგ. ახლა რომ ბუმბულის საწოლი გქონოდა, გაშლიდი ოთახის შუაგულში და დაწვებოდი, აღარც არაფრის შიში არ გექნებოდა. მოდი აქ, მოდი მალე, სანამ კიდევ რამე სიბრიყვე არ ჩაგიდენია.“
ვიფიქრე, მეც შევძვრები მეთქი, მაგრამ რად გინდა, არ გვეყო განჯინა, ვერ დავეტიეთ ორივენი, თან ჰაერიც აღარ გვყოფნიდა. სული შემეხუთა კინაღამ, მერე როგორც იქნა გამოვძვერი. ცოლმა დამიძახა: „მორტიმერ, რაღაც უნდა ვიღონოთ შენს გადასარჩენად, მომაწოდე ის გერმანული წიგნი, ბუხრის თავზე რომ დევს და სანთელიც; მაგრამ მანდ არ გაბედო და არ აანთო; ასანთიც მომეცი და აქ ავანთებ. ამ წიგნში კარგი რჩევებია.“
ლარნაკი და კიდევ ერთი-ორი რაღაცა კი მივამსხვრიე, მაგრამ, სამაგიეროდ, როგორც იქნა, ხელში ჩავიგდე წიგნი და მივაწოდე; ჩემმა ქალბატონმა გამომართვა ისიც, სანთელიც და ისევ განჯინაში ჩაიკეტა. ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია, აუ, რა სიჩუმე იყო. მაგრამ ვინ გაცალა, მალე აყვირდა ისევ: „მორტიმერ, ეს რა იყო?“
„ისეთი არაფერი, კატამ გაირბინა.“
„კატაო?! დავიღუპეთ! დაიჭირე ის წყეული და სააბაზანოში ჩაკეტე. სწრაფად, საყვარელო; კატები ელექტროობით არიან გამოტენილები. ვაიმე, რა მეშველება, ამაღამ თუ გადავრჩი, ერთი ღერი შავი თმა აღარ შემრჩება თავზე.“ ისევ გავიგონე სლუკუნის ხმა. მაგრამ ხელიც არ გამინძრევია, ესეც საშიში რომ ყოფილიყო? შარის თავი სად მქონდა იმ უკუნეთში.
თუმცა ბოლოს მაინც გამოვეკიდე კატას - სკამებსა და სხვა დამაბრკოლებელ მყარ საგნებზე ძრომიალის შემდეგ, რომელთაც, სხვათა შორის, წვეტიანი კიდეები ჰქონდათ, მოვახერხე, ვტაცე კატას ხელი და შევაგდე კარადაში, ოღონდ მთელი ეს პროცესი, სულ რაღაც ოთხას დოლარამდე დამიჯდა, დავამსხვრიე ავეჯი, დავილეწე წვივები.
მერე კი ისევ გამომძახა ცოლმა სლუკუნ-სლუკუნით განჯინიდან: „აქ ასე წერია, რომ ყველაზე დაცული მაშინ ხარ, როცა ოთახის შუაგულში, სკამზე დგახარო, მორტიმერ; ოღონდ სკამის ფეხები დენგაუმტარ საგანში უნდა იყოს მოთავსებული. მიდი და სკამს ფეხები შუშის ბოკალში ჩაადებინე, დამიჯერე, საყვარელო (ბუმ, ბთქშ! მსხვრევის ხმა!). ხომ გესმის, მორტიმერ! მიდი, მოასწარი, სანამ დაგეცა.“
არ ვიცი, როგორ, მაგრამ რის ვაი-ვაგლახით მოვახერხე და მივაგენი ჭიქებს. ბოლო ოთხი ცალი ძლივს გადავარჩინე, დანარჩენი ხელში შემომეფშვნა. სკამის ფეხები ჩავაწყვე შიგ და ჩემი ცოლის მორიგ და უფრო რთულ დავალებას დავუწყე ლოდინი.“
„მორტიმერ, აქ ასე წერია: Während eines Gewitters entferne man Metalle, wie z. B., Ringe, Uhren, Schlüssel, etc., von sich und halte sich auch nicht an solchen Stellen auf, wo viele Metalle bei einander liegen, oder mit anderen Körpern verbunden sind, wie an Herden, Öfen, Eisengittern u. dgl. რას ნიშნავს ეს, მორტიმერ? ვეღარ გავიგე, ლითონის ნივთები შენთან ახლოს უნდა გქონდეს თუ, პირიქით?“
„სიმართლე გითხრა, წარმოდგენაც არა მაქვს. მგონი რაღაც აურიეს. საერთოდ, რაღაცნაირი არეულ-დარეული რჩევების მოცემა იციან ამ გერმანელებმა. მე კი მგონია, რომ წინადადება, ძირითადად, მიცემით ბრუნვაშია, თუმცა, საბედნიეროდ, მასში აქა-იქ ნათესაობითი და ბრალდებითი ბრუნვის ელემენტებსაც მოკრავს კაცი თვალს, აქედან ვასკვნი, რომ ეს ნიშნავს, ლითონის ნივთები ახლოს უნდა გაიჩეროო.“
„ჰო, მასე უნდა იყოს. ჭკვიანურად თუ განსჯი, მართლაც ასეა. მათ მეხამრიდების ბუნება აქვთ, იცი... დაიფარე შენი მეხანძრის მუზარადი, მორტიმერ. სულ ერთიანად ლითონის არ არის?!“
როგორც იქნა, ვიპოვე და დავიფარე, ამაზე მძიმე, უხეში და მოუხერხებელი საგნის წარმოდგენაც კი ძნელია, მით უმეტეს ღამით და მით უმეტეს ჩახუთულ ოთახში. ისე მცხელოდა, ტანზე ხომ მარტო პიჟამა მეცვა და ასე მეგონა, პალტო მაცვია-მეთქი.
„მორტიმერ, მე მგონი, შენი გულ-მკერდი უფრო კარგად უნდა იყოს დაცული. არ გინდა, შენი სამხედრო ხმლის ბალთა შეიკრა?! გეხვეწები, მორტიმერ.“ მე დავემორჩილე.
„ახლა შენი ფეხების უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩემი ხათრით, მორტიმერ, დაიმაგრე დეზები.“
ასეც მოვიქეცი, - ხმა არ ამომიღია, რაც შემეძლო, ვიკავებდი თავს.
„მორტიმერ, აქ წერია, Das Gewitter läuten ist sehr gefährlich, well dier Glocke selbst ,sowie der durch das Läuten veranlasste Liftzug und die Höhe des Turmes den Blitz anziehen könnten. რას ნიშნავს ეს, ჭექა-ქუხილის დროს ეკლესიის ზარები თუ არ რეკენ, ცუდის მაუწყებელიაო, მორტიმერ?“ „ჰო, მგონი ამას უნდა ნიშნავდეს, თუ ეს ნამყო მიმღეობაა სახელობით ბრუნვაში, მაშინ თავს ვდებ, რომ ამას ნიშნავს. დიახ, დიახ, თუ გავითვალისწინებთ ეკლესიის სიმაღლეს და იმას, რომ Luftzug არ გვაქვს, ძალიან საშიში უნდა იყოს, თუ ასეთ დროს ეკლესიის ზარები არ რეკენ; უფრო მეტიც, ვერ ამჩნევ, რომ ზუსტად ეს სიტყვა...“
„არა უშავს, მორტიმერ; ძვირფას დროს ლაპარაკში ნუ კარგავ. აიღე სასადილო ოთახის დიდი გონგი; მისაღებ ოთახშია. იჩქარე, მორტიმერ, საყვარელო. ცოტაც და გადავრჩებით. ვაიმე, საყვარელო, აი, ახლა უკვე მჯერა, რომ იქნება გადავრჩეთ!“
ჩვენი პატარა საზაფხულო სახლი მაღალ გორაკებზე დგას, მთელ ხეობას გადასცქერის და უახლოეს ფერმას, დაახლოებით, სამასი-ოთხასი იარდით არის დაშორებული. ზუსტად მაშინ, როცა მე სკამზე ამხედრებული, 7 თუ 8 წუთის განმავლობაში იმ წყეულ ზარს ვაქნევდი იქით-აქეთ, უეცრად დარაბები შემოგვიმტვრიეს, გაბრდღვიალებული ფარანი შემოგვიყო ოთახში ვიღაცამ და ხრინწიანი ხმით იკითხა: „რა ჯანდაბას აკეთებთ აქ?“
ფანჯარაში უამრავი ადამიანის თავი დავინახე, ამ თავებზე კიდევ უფრო მეტი გაოცებით მომზირალი თვალი, ისინი ჩემს პიჟამასა და საბრძოლო აღჭურვილობას მოშტერებოდნენ.
ზარი დავაგდე, დაბნეულმა ვისკუპე სკამიდან.
„არაფერიც არ ხდება, მეგობრებო, ეს პატარა აურზაური მხოლოდ ჭექა-ქუხილის ბრალია. მე, უბრალოდ, ვცდილობდი, მეხი არ დამცემოდა თავში, მეტი არაფერი.“„
„რა ჭექა-ქუხილი, რის მეხი? მისტერ მაკუილიამს, რამ გადაგრიათ? მშვენიერი ვარსკვლავიანი ცაა და ჭექა-ქუხილი არა, ის.“
გარეთ გავიხედე და იმდენად შევცბუნდი, ცოტა ხანი ენა ვერ მოვაბრუნე პირში. ბოლოს, როგორც იქნა, ამოვიღე ხმა: „არაფერი მესმის. მე და ჩემმა ცოლმა, ორივემ დავინახეთ, დარაბებიდან როგორ გაანათა ელვამ აქაურობა, ქუხილიც გავიგონეთ.“
ამის თქმა იყო და იქ შეკრებილი ხალხი სიცილისგან ერთმანეთის მიყოლებით გაწვა მიწაზე, ორი მოკვდა კიდევაც, ერთ-ერთმა გადარჩენილმა კი აღნიშნა: „სამწუხაროა, რომ ერთხელაც არ მოგაფიქრდათ დარაბების გაღება, თორემ ხომ გაიხედავდით გორაკებისკენ. რაც თქვენ ჭექა-ქუხილი გეგონათ, სინამდვილეში ქვემეხების ხმა იყო. შუქსაც ეგენი აფრქვევდნენ. დახედეთ, შუაღამისას რა ამბავი მოგვიტანა ტელეგრაფმა: გარფილდი გახდა პრეზიდენტი, ამიტომაა ამისთანა ამბავი!“
ჰოდა, ასე, მისტერ ტვენ, როგორც დასაწყისში გითხარით (გამახსენა მისტერ მაკუილიამსმა), ხალხური წესები, მეხის წინააღმდეგ საბრძოლველ წესებს ვგულისხმობ, ისეთი გადასარევია და თან იმდენია, რომ ყველაზე ძალიან ის მაკვირვებს, როგორ ახერხებენ ზოგიერთები, მეხმა დაარტყათო.
თქვა ეს, დაავლო ზურგჩანთასა და ქოლგას ხელი და ჩავიდა; მატარებელი უკვე მის ქალაქში შესულიყო.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•