literature | literatura | mark tveni | mark tvenis motxrobebi | mark tvenis novelebi | motxrobebi kartulad | motxrobebi qartulad | mark tvenis wignebi | mark tvenis tsignebi | მარკ ტვენი | მარკ ტვენის მოთხრობები | მარკ ტვენის წიგნები | ბიბლიოგრაფია | მარკ ტვენის ნოველები

მარკ ტვენი - მკვდარია თუ ცოცხალი?

       1892 წელს მთელი მარტის თვე მენტონში, რივიერაზე გავატარე. ამ, კაცის თვალისგან მოშორებულ ადგილას, შეგიძლიათ მარტოდმარტო დატკბეთ ყველა იმ უპირატესობით, რაც აქედან ორიოდე მილის მოშორებით მონტე კარლოსა თუ ნიცაში საქვეყნოდ გამოუფენიათ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აქ არც მზე მოგაკლდებათ, ჰავაც რბილია, ზღვა კი თვალისმომჭრელად ლურჯი, თან არც ადამიანური ფაციფუცი, რია-რია, ბაქიაობა და ტრაბახი შეგაწუხებთ. მენტონი მშვიდი, წყნარი, სადა, უბრალო ადგილია. შეძლებული და ცნობილი ხალხი აქაურობას არ ეტანება. მინდოდა მეთქვა, როგორც წესი, არ ეტანება-მეთქი. ისე, ხანდახან, რა თქმა უნდა, მდიდარი კაციც გამოჩნდება ხოლმე. ამას წინათ, სწორედ ერთ-ერთი მათგანი გავიცანი. ნაწილობრივ მაინც რომ შევუნახო საიდუმლო, მოდით, სმიტს დავარქმევ. მშვენიერი დილა იყო. ინგლისურ სასტუმროში მეორე საუზმეს ვუჯექით, იმან კიდევ უცებ გვერდზე მიმახედა: - ნახეთ, ნახეთ! ვინ გამოდის კარიდან. კარგად დააკვირდით, არაფერი გამოგრჩეთ.

- რატომ?

- არ იცით, ვინ არის?

- ვიცი. თქვენს ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა დასასვენებლად. კარჩაკეტილი მოხუცია, ძალიან მდიდარიც, ამბობენ, აბრეშუმის ქარხანა აქვს ლიონშიო, მთელი დღე ცხვირ-პირი ისე ჩამოსტირის, მგონი, ამ ქვეყნად გალოკილი თითივით მარტო უნდა იყოს, თან ხმასაც არავის სცემს. თეოფილ მანიანი ჰქვია. ველოდი, სმიტი აი, ახლა გააგრძელებს ლაპარაკს და ამიხსნის, ასე ძალიან რატომ აინტერესებს ბატონი მანიანი-მეთქი, მაგრამ არა, შენც არ მომიკვდე, პირიქით, ფიქრში გაერთო და რამდენიმე წუთს არც მე გავხსენებივარ და აღარც დანარჩენი სამყარო. დროდადრო რბილ, ჭაღარა თმაზე გადაისვამდა ხელს, თითქოს ეს მოძრაობა ფიქრში ეხმარებაო, არადა, ამ დროს საუზმე წინ ედო და უცივდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ამოიღო ხმა: - არა. დამავიწყდა. ვერაფრით ვიხსენებ.

- რას ვერ იხსენებთ?

- ჰანს ანდერსენს ერთი შესანიშნავი პატარა მოთხრობა აქვს. ოღონდ შინაარსი კარგად აღარც მახსოვს. მგონი დაახლოებით ასეა, ბიჭს ჩიტი ჰყავს გალიაში, სიყვარულით უყვარს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს ხოლმე. ჩიტი კი ჭიკჭიკებს და ჭიკჭიკებს, მაგრამ არც ყურს უგდებს არავინ და არც არაფერი. ასე გადის დრო, შიმშილი და წყურვილი ძალ-ღონეს გამოაცლის ჩიტუნას, ისიც ჯერ მწუხარე ჰანგზე გადადის, მერე ნელ-ნელა ხმასაც კარგავს, ბოლოს კი სულაც დუმდება - კვდება ჩიტი. ბიჭი მოდის, ქენჯნის სინდისი, სინანულისგან გული უკვდება, ცხარე ცრემლით ტირის და მოთქვამს. მეგობრებს ეძახის და ყველანი დიდი ზარზეიმით, ოღონდ სევდისაგან სულდამძიმებულები, მიწას მიაბარებენ ჩიტუნას. და რა იციან უმანკოებმა, რომ მხოლოდ ბავშვებს როდი სჩვევიათ შიმშილით სული ამოხადონ პოეტებს, შემდეგ კი მათ დაკრძალვებსა და ძეგლებზე იმდენი დახარჯონ, იმავე პოეტებს მთელი ცხოვრება რომ ეყოფოდათ, რათა უზრუნველად და სასიამოვნოდ გაელიათ წუთისოფელი. ახლა... მაგრამ აი, აქ გაგვაწყვეტინეს საუბარი. დაახლოებით, საღამოს ათი საათი იყო, სმიტს რომ ისევ გადავეყარე, დამპატიჟა, ჩემთან ავიდეთ, ცოტა მოვწიოთ და თითო ჭიქა ცხელი სკოჩიც გადავკრათო. ძალიან მოხერხებული ოთახი ეჭირა, რბილი სავარძლებით გაწყობილი, ნათურებიც მხიარულად ციმციმებდნენ და ბუხარშიც შარშანდელი ზეთისხილის მორი გიზგიზებდა. ამ ყველაფერს კი ზღვიდან მობერილი აქაფებული ტალღების ყრუ გუგუნი აგვირგვინებდა. ერთ ხანს ზანტად, დინჯად ვსაუბრობდით, აი, მეორე ჭიქა ვისკიც რომ გამოვცალეთ, სმიტმა მითხრა: - როგორც იქნა, მარტონი დავრჩით და მე მინდა ერთი მეტისმეტად საკვირველი ამბავი გიამბოთ, ყური დამიგდეთ. მრავალი წლის მანძილზე საიდუმლოდ ვინახავდით, საიდუმლოდ ვინახავდით-მეთქი მე და ჩემი სამი მეგობარი. მაგრამ ახლა ვაპირებ, თქვენ გაგიმჟღავნოთ. მოხერხებულად მოეწყვეთ?

- შესანიშნავად. განაგრძეთ.

       აი, რა მიამბო მან: - დიდი ხნის წინ ახალგაზრდა მხატვარი გახლდით, სიმართლე გითხრათ, ძალიან ახალგაზრდაც. მთელ საფრანგეთში დავწანწალებდი, დავეხეტებოდი სოფელ-სოფელ, ხან აქ ჩავიხატავდი ესკიზს, ხან - იქ. მალე ორი ახალგაზრდა სასიამოვნო ფრანგი ყმაწვილიც შემომიერთდა, ჩემი არ იყოს, ისინიც მხატვრები იყვნენ. ზუსტად იმდენად ბედნიერები ვიყავით, რამდენადაც ღარიბები, უფრო სწორად, იმდენად ღარიბები, რამდენადაც ბედნიერები - როგორც თქვენ გაგიხარდეთ, ისე დააწყვეთ ეგ ფრაზა, გინდათ ასე თქვით, გინდათ - ისე. იმ ბიჭებს კლოდ ბერი და კარლ ბულანჟე ერქვათ, მშვენიერი, პირდაპირ გადასარევი, გულღია ყმაწვილკაცები იყვნენ, დღენიადაგ სასაცილოდ იგდებდნენ სიღარიბეს და სულ ცა რომ ჩამოქცეოდათ თავზე, ერთხელ არ შეიკრავდნენ შუბლს. ბოლოს ბრეტონის ერთ სოფელში ამოვყავით თავი, მაგრად გაგვიჭირდა და ერთმა ჩვენსავით ღატაკმა მხატვარმა შეგვიფარა, ლიტერატურულად რომ ვთქვათ, სიკვდილისაგან გვიხსნა. ეს იყო ფრანსუა მილე...

- რაო? თვით დიდმა ფრანსუა მილემ?

- დიდმაო? მაშინ ჩვენზე დიდი რომ იყო, სამაგისო არაფერი ეტყობოდა. საკუთარ სოფელშიც კი არ ჰქონდა სახელი გავარდნილი. თან იმდენად ღარიბიც გახლდათ, თალგამის მეტი საჭმელად არც არაფერი მოეძევებოდა, ხანდახან კი ეგეც არ ჰქონდა. ოთხივენი მალე გავუშინაურდით ერთმანეთს, დავძმაკაცდით, განუყრელ მეგობრებად ვიქეცით. ვხატავდით და ვხატავდით, დღეს და ღამეს ვასწორებდით, სახლში სურათების მთელი გორები გვედგა, ოღონდ იშვიათად თუ გავყიდდით რომელიმეს. ერთად კარგ დროს ვატარებდით, მაგრამ, ეჰ, ღმერთო, ზოგჯერ პირდაპირ სული გვხდებოდა შიმშილისაგან! ასე გრძელდებოდა ორ წელიწადს. ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, კლოდმა გამოგვიცხადა: - ბიჭებო, წასულია ჩვენი საქმე. გამიგონეთ, წასულია-მეთქი, წასულია და მორჩა. თითქოს ყველამ პირი შეკრა ჩვენ წინააღმდეგო. მთელი სოფელი შემოვიარე, როგორც გითხარით, ზუსტად მასეა საქმე. უარს გვეუბნებიან, ერთ სანტიმსაც აღარ გასესხებთ, სანამ ყველა ვალს და ნისიას არ გადაიხდითო. თითქოს ცივი წყალი გადაგვასხესო. შიშის ზარი დაგვეცა. მივხვდით, არსაიდან არაფრის იმედი არ უნდა გვქონოდა. კარგა ხანს კრინტი არ დაგვიძრავს. ბოლოს მილემ ამოიოხრა: - აღარაფერი აღარ მომდის თავში, აღარაფერი. მირჩიეთ რამე, ძმებო. პასუხი არ გაგვიცია, თუ, რა თქმა უნდა, დარდით სავსე დუმილს არ ჩავთვლით. კარლი წამოდგა, ბოლთის ცემას მოჰყვა წინ და უკან, მერე ამოღერღა: - რა სირცხვილია! შეხედეთ ამ დასტა-დასტა დაწყობილ ტილოებს, აბა, რით ჩამოუვარდებიან, რომელიც გინდათ ევროპელი მხატვრის ნამუშევარს. არაფრით. ეგრეა ეგ, მარტო მე კი არა, აუარება საქმეგამოლეული უცხოელიც ამას გაიძახოდა, ყოველ შემთხევაში, დაახლოებით ამას მაინც.

- მაგრამ არ კი უყიდიათ, - გამოეპასუხა მილე.

- ეგ არაფერი, მთავარია ხომ თქვეს. რადგან თქვეს, მაშასადამე, მასეცაა. შენს „ანგელოზს“ შეხედე, თუ გინდა! აბა, ვინ მეტყ-ვის...

- ეჰ, კარლ, - მაგ ჩემს „ანგელოზში“ ხუთ ფრანკს მაძლევდნენ.

- როდის?

- ვინ?

- სად?

- რატომ არ მიეცი მერე?

- მოიცათ, ყველა ერთად ნუ ლაპარაკობთ. ვიფიქრე, მეტსაც შემომთავაზებს-მეთქი. ეჭვიც არ შემპარვია, ისეთი სახე ჰქონდა. ჰოდა, რვა ფრანკი მოვთხოვე.

- მერე, იმან რაო?

- კიდევ შემოვივლიო.

- ათასი ჯანდაბა და დოზანა! რატომ ფრანსუა...

- ჰო, ვიცი, ვიცი! შევცდი. სულელურად მოვიქეცი. ბიჭებო, მე კარგი მინდოდა, ამ ერთხელ მაპატიეთ და მე...

- კარგი, კარგი, რა თქმა უნდა, გვჯერა, ვიცით, რა კეთილი გულიც გაქვს, ოღონდ მეორედ აღარ მოიქცე მასე...

- მე? ნეტა ვინმე მოვიდოდეს, აგერ თქვენ ერთი თავი კომბოსტო და მომეცით სურათიო, და მაშინ ნახავთ, რასაც ვიზამ.

- ვაიმე, კომბოსტო! კომბოსტოს სახელი აღარ გამაგონო, თორემ ნერწყვი მომდის. ნაკლებად მგრძნობიარე რამეებზე ილაპარაკეთ.

- ბიჭებო, - გვითხრა კარლმა, - ამ სურათებს რამე აკლიათ? მიპასუხეთ ერთი.

- არა.

- არის თუ არა ეს სურათები ძალიან მაღალი დონის? მიპასუხეთ ერთი.

- არის.

- არის თუ არა ისეთი მაღალი დონის, ქვეშ ცნობილი მხატვრის გვარი რომ მიაწეროს კაცმა, დიდებულ ფასად გაიყიდება?

- რა თქმა უნდა, არის. არავის არ ეპარება მაგაში ეჭვი.

- მაგრამ - მე არ ვხუმრობ, იცოდეთ, არის მართლა?

- არის-მეთქი, ცხადია, არის, არც ჩვენ არ ვხუმრობთ. მაგრამ რა მერე. რა ხეირი? ჩვენ რა შუაში ვართ?

- როგორ, რა შუაში ვართ, მეგობრებო, ჩვენც ავდგეთ და ცნობილი გვარები მივაწეროთ ქვეშ. ასეთი გაცხოველებული საუბარი ერთი ხელის მოსმით ჩაკვდა. ყველა გაოცებით შეაცქერდა კარლს. რას ლაპარაკობს ეს კაცი? სად ვიშოვით ახლა ჩვენ ამ ცნობილ გვარს? ან ვინ მოგვცემს? კარლი დაჯდა მოხერხებულად და გვითხრა: - ერთი სერიოზული წინადადება მაქვს თქვენთან. მე მგონი, ეს არის ერთადერთი გზა, დავრდომილთა თავშესაფარში რომ არ ამოვყოთ თავი, თან ეჭვიც არ მეპარება, გაჭრის. ჩემი მოსაზრება ეყრდნობა უამრავ, კაცობრიობის ისტორიაში გვარიანად ცნობილ ამბებს. მჯერა, ჩემი გეგმა ყველას გაგვამდიდრებს.

- გაგვამდიდრებს არა ის! მგონი ჭკუაზე შეიშალე.

- არა, რას ლაპარაკობთ.

- კი, კი, გეტყობა, რომ ვეღარ ხარ ცოტა. რას ეძახი სიმდიდრეს?

- აი, ასი ათასი ფრანკი რომ გვქონდეს თითოეულს.

- მართლა გადარეულა. ასეც ვიცოდი.

- კი, გადარეულა. კარლ, ხელმოკლეობის ბრალია ყველაფერი, შენ...

- კარლ, დალიე წამალი და სასწრაფოდ დაწექი ლოგინში.

- თავი წაუკარით ჯერ, წაუკარით თავი და მერე...

- არა, ფეხები გაუკარით. შემჩნეული მაქვს, ტვინს ისედაც არ ანძრევს ხოლმე.

- მოკეტეთ! - გვითხრა მილემ მოჩვენებითი სიმკაცრით, - დაამთავრებინეთ, იქნება რისი თქმა უნდა. აბა, გვითხარი, რა გეგმა გაქვს, კარლ. რას აპირებ?

- მოკლედ, ნება მომეცით, შესავლის მაგიერ კაცობრიობის ისტორიაში ერთ ძალიან ცნობილ ამბავზე გავამახვილო თქვენი ყურადღება: ბევრ დიდ მხატვარს ჯერ შიმშილისგან ამოხდა სული და მხოლოდ შემდეგ ეღირსა აღიარებას. ისე ხშირად ხდებოდა ეს ამბავი, რომ გავბედე და გარკვეული კანონზომიერებაც დავადგინე. აი, ეს კანონიც: ყველა დიდი უცნობი და მივიწყებული მხატვარი აუცილებლად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მიაღწევს დიდებას და მის ნახატებსაც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დაედება ცეცხლის ფასი. ახლა რაც შეეხება ჩემს გეგმას: წილი უნდა ვყაროთ და ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა მოკვდეს.

       ისე მშვიდად გვითხრა ეს, თან ნათქვამი ისეთი მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რომ ლამის ფეხზე წამოხტომაც ვერ მოვახერხეთ. მერე ისევ ატყდა რჩევა-დარიგებები, სამკურნალოაო, კარლის ტვინს რამე უნდა ვუშველოთო. მაგრამ კარლმა მოთმინებით გვიცადა, როდის მოვრჩებოდით მხიარულებას და ისევ თავის გეგმას მიუბრუნდა: - ჰო, ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა მოკვდეს, ამით ჩვენც გვიშველის და თავის თავსაც. წილს ვყრით. ვისაც შეხვდება კენჭი, ის გახდება ცნობილი და ყველანი გავმდიდრდებით. მოისვენეთ ახლა, გაჩერდით, ნუ მაწყვეტინებთ. ხომ გითხარით, ვიცი, რასაც ვამბობ. ახლა რაც შეეხება, თვითონ აზრს: მომდევნო სამი თვის განმავლობაში ერთი ჩვენგანი, ვისაც სიკვდილი მოუწევს, ადგება და ხატავს და ხატავს, რაც შეიძლება, გაამდიდრებს თავის შემოქმედებას - არა, ოღონდ სურათებით არა! პატარ-პატარა ჩანახატებს გააკეთებს, ესკიზებს, ეტიუდებს, ეტიუდების ფრაგმენტებს, ათ-თორმეტჯერ მოუსვამს ფუნჯს, უაზროდ, რა თქმა უნდა, მაგრამ, რაც მთავარია, ბოლოს თავის გვარს მიაწერს. დღეში ორმოცდაათს გააკეთებს ამისთანას, თითოეულს უნდა ემჩნეოდეს რაღაც განსაკუთრებული, იოლად ამოსაცნობი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერა - ხომ იცით ზუსტად ეგენი იყიდება ხოლმე, დიდი კაცი რომ მოკვდება, მერე მთელი მსოფლიოს მუზეუმები ზღაპრულ ფასად აქუჩებენ ამისთანა რამეებს. ჩვენ წინდაწინ მოვუმზადებთ მთელ ტონას, არც მეტს, არც ნაკლებს, აი, მთელ ტონას მოვუმზადებთ! დარჩენილ დროში ყველა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს მომაკვდავზე, თან იმუშაოს პარიზში, შეამზადოს ნიადაგი დილერებთან, აი, თითქოს დიდი ამბავი ხდება, ხომ იცით. და როცა საქმე საქმეზე მიდგება, პირდაპირ თავზე დავატეხავთ ამ სიკვდილს და მოვაწყობთ დიდებულ დაკრძალვას. გაიგეთ?

- ვერა, მაინცდამაინც...

- მაინცდამაინც? რა ვერ გაიგეთ? ის კაცი მართლა კი არ მოკვდება. გამოიცვლის სახელს და გაქრება უბრალოდ. ფიტულს დავმარხავთ და მთელ ქვეყანასთან ერთად დავიტირებთ. და მე... მაგრამ ვინღა დაამთავრებინა, რომ წამოვცვივდით ვაშას ძახილით! დავხტოდით, დავრბოდით ოთახში, სიხარულისგან გადარეულები ვეხვეოდით ერთიმეორეს. სადღა გვახსოვდა შიმშილი, საათობით ვლაპარაკობდით ამ დიდებულ გეგმაზე. ბოლოს, როცა ყველა წვრილმანი წარმატებით შევათანხმეთ, წილი ვყარეთ და კენჭი მილეს შეხვდა, სასიკვდილოდ რა, როგორც ჩვენ ვეძახდით. მერე მოვჩხრიკეთ თუ რამე გვებადა, რასაც მარტო მომავალი სიმდიდრის ხათრით თუ შეელევა ხოლმე კაცი, პატარა სამახსოვრო სამშვენისები და მაგისთანები, და დავაგირავეთ, იმდენად, რომ აღებული ფული ერთ ღარიბულ გამოსამშვიდობებელ ვახშამს და საუზმეს გასწვდებოდა, გზის ფულად ერთი-ორი ფრანკიც დაგვრჩებოდა და თალგამს და მაგისთანებსაც ვუყიდდით მილეს, ცოტა ხანს შიმშილით რომ არ გაძვრომოდა სული. მეორე დილით, ალიონზე, სამივემ მოვათავეთ თუ არა საუზმე, დავადექით გზას, ფეხით, რასაკვირველია. თითოეულს მილეს ათი-თორმეტი პატარა სურათი მიგვქონდა თან. უნდა გაგვეყიდა. კარლი პარიზისკენ გაემართა, სადაც დათქმული დღისთვის დიდი სახელი უნდა ჰქონოდა გავარდნილი უკვე მილეს. მე და კლოდიც გავიყავით, წავედით საფრანგეთის გარშემო საბორიალოდ.

       გაგიკვირდებათ პირდაპირ, ისე იოლად აგვეწყო საქმე. ჯერ ორ დღეს ვიარე, მერე გავჩერდი და ერთი დიდი ქალაქის გარეუბანში ვილას დავუწყე ხატვა - დავინახე, აივანზე რომ იდგა პატრონი და იმიტომ. ჩამოვიდა დაბლა, დააინტერესა, რას შვრებაო. მასეც ვფიქრობდი. სწრაფად გავაგრძელე მუშაობა, ინტერესი არ დაეკარგოს-მეთქი. დროდადრო, მოწონების ნიშნად, ღრმად ამოისუნთქავდა ხოლმე, მერე და მერე ხმაც ამოიღო და მითხრა, ნამდვილი ოსტატი ხართო. გადავდე განზე ფუნჯი, ჩავყავი ხელი ჩანთაში, ამოვიღე მილეს ნახატი და ვაჩვენე კუთხეში გაკეთებული ხელმოწერა. თან ამაყად ვუთხარი: - იმედი მაქვს, გეცნობათ. იგია ჩემი მასწავლებელი, თუ რამე გამეგება ჩემს ხელობაში, ყველაფერი მისი წყალობითაა. იმ კაცმა ცოტა დაირცხვინა და ხმა აღარ ამოუღია. მე სევდიანი ხმით გავაგრძელე: - ოღონდ არ მითხრათ, რომ ვერ სცნობთ ფრანსუა მილეს ხელს!

რა თქმა უნდა, არ იცნობდა, მაგრამ ისეთი მადლობელი დამირჩა, იოლად რომ გამოვიყვანე უხერხული მდგომარეობიდან, მაგისთანა მადლობელი მეორე არ გენახოთ. მითხრა: - არა! ცხადია, მილეა! რაზე ვფიქრობდი! რა თქმა უნდა, ვცნობ. მერე მომყიდეთო, მთხოვა. მე ვუთხარი, რა ვუყოთ, რომ მდიდარი არა ვარ, მაგრამ არც მასე ღარიბი მეთქმის-მეთქი. თუმცა ბოლოს რვაას ფრანკად მაინც დავუთმე.

- რვაას ფრანკად?

- დიახ. მილე ალბათ ერთ ნაჭერ ღორის ხორცში გაცვლიდა. დიახ, რვაასი ფრანკი ვიშოვე ამ ერთი ბეწო სურათით. ახლა 80 ათასსაც სიამოვნებით მივცემდი, უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, მაგრამ რას ვიზამთ, ჩაიარა იმ დრომ, წავიდა. მშვენივრად დავხატე იმ კაცის სახლი და ერთი პირობა ვიფიქრე, 10 ფრანკად მივყიდი-მეთქი, მაგრამ ამისთანა ცნობილი ოსტატის შეგირდი ვიყავი და არ გამოდიოდა, ამიტომ 100 ფრანკად დავუთმე. იმავე დღეს, იმავე ქალაქიდან გადავუგზავნე მილეს ის 800 ფრანკი და მეორე დილით გავაგრძელე გზა.

       მაგრამ ფეხით კი აღარ წავსულვარ, არა, ეტლით. იმის მერე სულ ეტლით დავდივარ. დღეში თითო სურათს ვყიდდი, ერთხელაც არ მიცდია, ორი გამეყიდა. სულ ერთსა და იმავეს ვეუბნებოდი ჩემს მუშტარს: - სისულელეს ვაკეთებ, ფრანსუა მილეს ნახატს რომ ვყიდი, დიდი, დიდი, სამიოდე თვის სიცოცხლე ჰქონდეს დარჩენილი საწყალს, სიკვდილის მერე კიდევ რა ფული ეყოფა მაგის ნახატების ყიდვას. ამ პატარა ამბავს სადამდეც ხელი მიმიწვდებოდა, ვავრცელებდი და წინდაწინ ვამზადებდი სამყაროს. რაც შეეხება სურათების გაყიდვის გეგმას, ჩემი მოფიქრებულია თავიდან ბოლომდე. წინა საღამოს შევთავაზე ბიჭებს, ჩვენს კამპანიას რომ ვგეგმავდით, მაშინ და გადავწყვიტეთ, ჯერ ეს გამოგვეცადა ძირისძირობამდე და თუ არ გაამართლებდა, სხვა გეგმაზე მერე გადავსულიყავით. მაგრამ გამოგვივიდა. მე მხო-ლოდ ორ დღეს ვიარე, კლოდმაც ორ დღეს იარა, ორივეს იმის გვეშინოდა, სახლთან ძალიან ახლოს არ გაგვეთქვა მილესთვის სახელი. აი, კლოდმა კიდევ, ამ თაღლითმა, ამ შეუდარებელმა უნამუსომ ამან, მხოლოდ ნახევარი დღე იარა ფეხით და ამის მერე ჰერცოგივით მოგზაურობდა.

დროდადრო რომელიმე პროვინციული გაზეთის რედაქტორსაც შევუთანხმდებოდით ხოლმე და გაზეთის ფურცლებზე პატარა სტატიასაც მოვათავსებდით. ამ სტატიებში იმას კი არ ვწერდით, ახალი მხატვარი აღმოვაჩინეთო, პირიქით, თავი ისე გვეჭირა, თითქოს, ვინ იყო, რომ არ იცოდა ფრანსუა მილეს სახელი და გვარი. ხოტბას კი არ ვასხამდით, უბრალოდ, ორი სიტყვით აღვნიშნავდით ხოლმე „ოსტატის“ ჯანმრთელობის მდგომარეობას - ხან იმედიანი სიტყვით, ხან სევდიანად, მაგრამ ყოველთვის ოდნავ შიშისმომგვრელად, უარესის მოლოდინი რომ გაქვს კაცს, ისე. მოვნიშნავდით ამ პარაგრაფებს და ვუგზავნიდით იმ ხალხს, ვინც სურათები იყიდა ჩვენგან.

კარლი მალე ჩავიდა პარიზში და რომ იტყვიან, მიხედა საქმეს. კორესპონდენტებს დაუმეგობრდა, იმდენი ქნა, მილეს ჯანმრთელობის ამბავი მთელ კონტინენტურ ევროპასა და ინგლისს ხომ მოედო, ამერიკასაც მისწვდა და კიდევ იმის იქითაც გავრცელდა.

ექვსი კვირის შემდეგ, როცა სამივენი პარიზში შევიყარეთ და გადავწყვიტეთ, მილესთვის შეგვეთვალა, სურათები აღარ გამოგვიგზავნოო, იმისთანა აურზაური იყო ატეხილი, ისეთი მომწიფებული იყო სიტუაცია, რომ მიუტევებელ შეცდომას დავუშვებდით, თუ მა-შინვე, იმწამსვე არ გადავიდოდით გადამწყვეტ მოქმედებაზე. ჰოდა, მივწერეთ მილეს, ჩაწექი ლოგინში და რაც შეიძლება მალე ჩამოხმიო, გვინდოდა, თუ მოხერხდებოდა, ათ დღეში მომკვდარიყო.

მერე დავთვალეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სამივეს ერთად სულ 85 პატარა სურათი და ეტიუდი გაგვიყიდია, 69 ათას ფრანკად. უკანასკნელი საუკეთესო გარიგება კარლმა დადო „ანგელოზები“ ორი ათას ორას ფრანკად გაასაღა. ვაქეთ და ვადიდეთ. ის კი ვეღარ გავითვალისწინეთ, რომ დადგებოდა დღე, როცა მთელი საფრანგეთი ჭკუას დაკარგავდა ამ სურათისთვის და ბოლოს ვიღაც უცხოელი 550 ათას ფრანკად ჩაიგდებდა ხელში.

იმ ღამით ვახშამზე ზღვა შამპანური დავლიეთ, მეორე დღეს კი მე და კლოდმა შევკარით ბარგი და წავედით მილესთან, უკანასკნელი დღეები მის გვერდით უნდა გაგვეტარებინა, მოგვევლო, აბეზარი ხალხი სახლისთვის ახლოს არ გაგვეკარებინა და ყოველ დღე ბიულეტენები გვეგზავნა პარიზში კარლისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ყველაფერს სხვადასხვა კონტინეტზე გამომავალ გაზეთებს გააგებინებდა, მთელი მსოფლიო ლოდინად იყო ქცეული. ბოლოს, როგორც იქნა, სამწუხარო ამბავიც მოხდა, მაშინ კარლიც ჩვენ გვერდით იყო, ამ სამწუხარო რიტუალების შესრულებისას მხარში ხომ უნდა ამოგვდგომოდა.

გემახსოვრებათ ეგ დიდებული დაკრძალვა, გემახსოვრებათ, როგორ ააწრიალა მთელი ქვეყანა, ორივე სამყაროდან უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო გასვენებას და გამოხატა თავისი მწუხარება. ისევ ჩვენ, ოთხ განუყრელ მეგობარს მიგვქონდა კუბო, კაციშვილს არ მოვაკიდებინეთ ხელი. მართლებიც ვიყავით, ცვილის თოჯინის მეტი არაფერი იდო შიგ, სხვა რომ წაგვშველებოდა, ხომ მიხვდებოდა, რაღაცა მეტისმეტად მსუბუქია ამათი სასახლეო. დიახ, სწორედ ჩვენ, ოთხ მეგობარს, ერთსულოვნად რომ ვუმკლავდებოდით აწ სამუდამოდ გარდასულ ხელმოკლეობას, მიგვქონდა კუბ...

- რომელ ოთხს?

- ჩვენ - მილე გვეხმარებოდა თავისი კუბოს ტარებაში. გადაცმული, რასაკვირველია. ნათესავი იყო თითქოს, შორეული.

- საოცარია.

- მაგრამ სიმართლეა. მოკლედ, გემახსოვრებათ, როგორ ავარდა ფასები სურათებზე. ფული? ფული იმდენი გვქონდა, სად წაგვეღო, აღარ ვიცოდით. პარიზში ერთი კაცი ცხოვრობს, მილეს 70 ნახატი აქვს, ორი მილიონი ფრანკი გადაგვიხადა მაგაში. რაც შეეხება ესკიზებსა და ეტიუდებს, იმ ექვს კვირას, დღე და ღამე რომ ხატავდა მილე, როცა ჩვენ გზაზე ვიყავით გაკრულები, გაგიკვირდებათ და იმათ ახლაც ვყიდით ხოლმე - ისე, შიგადაშიგ თუ შეველევით.

- გადასარევი ამბავია, სრულიად წარმოუდგენელი.

- დიახ, მართლაც.

- მილეს რა დაემართა?

- საიდუმლოს შენახვა შეგიძლიათ?

- შემიძლია.

- გახსოვთ ის კაცი, სასადილო ოთახში რომ დაგანახეთ, ყურადღება მიაქციეთ-მეთქი? ის იყო ფრანსუა მილე.

- დიდი...

- ღმერთო ჩემო! დიახ, ამ ერთხელ მაინც მოხდა ისე, რომ გენიოსს არ ამოსძვრა სული შიმშილით და მისი კუთვნილი ფული კიდევ სიკვდილის შემდეგ სხვამ არ ჩაიჯიბა. ჩვენი ჩიტუნა არ მომკვდარა მარტოობაში, უმეგობროდ და უთვისტომოდ და არც ცივი საზეიმო დაკრძალვა არ მოუწყვიათ მისთვის. ჩვენ წინდაწინ მივხედეთ საქმეს.

ნახვა: 1356

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters