Qwelly, heminguei, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეი - ნათელი სოფლისა

      ბარმენმა კარებშივე დაგვინახა, თავი ასწია და ჯამებს გადაწვდა, მინის ხუფები დაახურა ორ უფასო საუზმეს.

- ლუდი დამისხი, - ვუთხარი მე. ჩამომისხა ლუდი, ქაფი კოვზით მოხადა და ტოლჩას ხელი ჩასჭიდა. როცა ფული დახლზე დავუდე, ჩემკენ გამოაცურა ტოლჩა.

- შენ? - ჰკითხა მან ტომს.

- მეც ლუდი.

      ჩამოასხა, ქაფი მოხადა და, ფული რომ დაინახა, ახლა ტომისკენ გააცურა ტოლჩა.

- რა მოგივიდა? - ჰკითხა ტომმა.

      ბარმენს არაფერი უპასუხნია, თავი ასწია და კარებისკენ გაიხედა.

- შენა? - ჰკითხა ახალშემოსულს.

- არაყი, - უთხრა მან.

      ბარმენმა ბოთლი გადმოიღო, ჭიქა დადგა და მეორე ჭიქით წყალიც მიაყოლა.

      ტომი უფასო საუზმის ჯამს მისწვდა და მინის ხუფი მოხადა. გოჭის პოჭიკების ლაბასხმული იყო. კერძის ამოსაღებად იქვე რაღაც იარაღი იდო, მაკრატლისნაირი, ხის ორი ჩანგალი გადაებათ ერთმანეთზე.

- ხელი! - შესძახა ბარმენმა და მინის ხუფი ისევ დაახურა ჯამს. ტომს ხელში შერჩა ხის ჩანგლების მაკრატელი, - დადე! - უთხრა ბარმენმა.

- ერთი შენი... - შეუტია ტომმა.

      ბარმენი დაიხარა და დახლქვეშ შეჰყო ხელი, ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჩვენთვის. ორმოცდაათ ცენტიანი დავდე დახლზე და მაშინ ისევ წამოდგა.

- რა გინდა? - მკითხა მან.

- ლუდი, - ვუთხარი მე. მანამ ლუდს დამისხამდა, ჯამებს ხუფები მოხადა.

- ყარს ეგ შენი გოჭის ლაბა, - უთხრა ტომმა და ლუკმა უკანვე გადმოაგდო, იატაკზე. ბარმენს არაფერი უპასუხნია. იმ კაცმა არყის ფული გადაიხადა და, უკან აღარც მოუხედავს, ისე გავიდა გარეთ.

- შენ თვითონ ყარხარ, - უთხრა ბოლოს ბარმენმა, - დამპლები ხართ სულყველანი და ყარხართ.

- ხედავ, დამპლები ხართო! - მე მომიბრუნდა ტომი.

- მოეშვი ერთი, - ვუთხარი მე, - წავიდეთ.

- აქედან აიცოცხეთ, თქვე დამპლებო, - აღარ ცხრებოდა ბარმენი.

- აკი ჩვენ თვითონვე მივდიოდით, - ვუთხარი მე, - რაღა შენი დარიგება გვინდოდა!

- ისევ მოვალთ, - თქვა ტომმა.

- ვერაფერსაც ვერ მოხვალთ, - მიუგო ბარმენმა.

- წავედით, - ვთქვი მე.

      გარეთ ბნელოდა და სასიამოვნო იყო.

- სად მოვხვდით მაინც, რა ჯოჯოხეთში? - თქვა ტომმა.

- არ ვიცი, - ვუპასუხე მე, - წამო, სადგურზე გავიდეთ.

      ერთი ბოლოდან შემოვედით ამ ქალაქში და ახლა მეორედან გავდიოდით. ჰაერი ტყავის, მუხის ქერქისა და დაზვინული ნახერხის სუნით იყო გაჟღენთილი. როცა ქალაქში შემოვედით, ბინდი წვებოდა, ახლა კი, სულ რომ დაბნელდა, აცივდა კიდეც და ქუჩაში გუბეებს კიდეები მოეყინა.

      სადგურში ხუთი კახპა, ექვსი თეთრკანიანი კაცი და ოთხი ინდიელი დაგვიხვდა, მატარებელს ელოდნენ. ღუმელი გიზგიზებდა - მაგრად ცხელოდა და მძიმე ჰაერი იდგა. ჩვენ რომ შევედით, კაციშვილი ხმას არ იღებდა და სალაროს სარკმელი ჩამოშვებული იყო.

- კარი მიუგდეთ, თუ შეიძლებოდეს, - თქვა ვიღაცამ.

      გადავხედე, ვინ არის-მეთქი. თეთრკანიანი მამაკაცი იყო: მასაც, სხვებივით, ტყავის შარვალი, ტყისმჭრელის რეზინის ჩექმები და უჯრულა პერანგი ეცვა, მაგრამ ქუდი არ ეხურა, თეთრი, გაქათქათებული სახე ჰქონდა, ხელებიც - თეთრი და წვრილი.

- კარის დაკეტვას აღარ აპირებთ?!

- რატომაც არა, - ვთქვი და მივკეტე კარი.

- გმადლობთ, - თქვა მან. ერთმა იმათგანმა ჩაიხითხითა.

- მზარეულთან არასოდეს არა გქონია საქმე? - მკითხა მან.

- არა.

- აბა, აგერ ინებეთ, - მზარეულს შეხედა, - უყვარს კიდეც ამისთანები.

      მზარეულმა პირი მაგრად მოკუმა და განზე გაიხედა.

- ლიმონის წვენით იბანს ხელებს, - განაგრძო იმ კაცმა - მოკვდება და ჭურჭლის სარეცხ ჯამში არ ჩაჰყოფს. ხედავ, რა ქათქათა ხელები აქვს!

      ერთ-ერთმა კახპამ გემრიელად გადაიხარხარა. ჩემს დღეში არ მენახა ამხელა კახპა, საერთოდ ამხელა ქალი. ისეთი აბრეშუმის კაბა ეცვა, რომ წამდაუწუმ ფერს იცვლიდა. გვერდზე ორი კახპა ეჯდა, ისინიც დიდები იყვნენ, მაგრამ ის ერთი ალბათ ცხრა ფუთამდე იქნებოდა. უყურებდი და თვალს არ უჯერებდი, მართლა თუ შეიძლება ამოდენა ქალიო. სამივეს ის პრიალა აბრეშუმის კაბები ეცვათ. გვერდიგვერდ ისხდნენ, დიდ სკამზე. მართლაც რომ უშველებელი ქალები იყვნენ. დანარჩენი ორი კი ჩვეულებრივი კახპა იყო, პერჰიდროლით თმაშეღებილები.

- ერთი, ხელებზე დახედე, - განაგრძო იმ კაცმა და თავი მზარეულისკენ მიღრიცა. კახპას კვლავ სიცილი აუტყდა და მთელი ტანით აძიგძიგდა.

      მზარეული მიუბრუნდა და შეუტია: - კარგი ერთი, შე ხორცის გორავ!

      კახპა მაინც ხარხარებდა და ძიგძიგებდა.

- ო, ღმერთო ჩემო, - თქვა მან. სასიამოვნო ხმა ჰქონდა, - ო, ღმერთო ჩემო, შენ გენაცვალე! ის ორი კახპა, სქელუები, წყნარად ისხდნენ, თითქოს ვერც კი გრძნობდნენ, ირგვლივ რა ხდებაო. მართლაც რამოდენა ქალები იყვნენ! არაფრით ჩამოუვარდებოდნენ იმ ზორზოხას. ექვს-ექვს ფუთზე მეტი გამოვიდოდნენ. იმ ორ კახპასაც ღირსეულად ეჭირა თავი.

      მზარეულსა და იმ მოლაპარაკე კაცს გარდა, დარბაზში კიდევ ორი ტყისმჭრელი იყო - ერთი ინტერესით ისმენდა ლაპარაკს, მაგრამ მორცხვობდა, მეორე კი, ეტყობოდა, საუბარში ჩარევას აპირებდა. აქვე იყო აგრეთვე ორი შვედი. ორი ინდიელი გრძელი სკამის ბოლოში იჯდა, ერთი კი კედელს მიყუდებოდა.

      იმ კაცმა, საუბარში ჩარევას რომ აპირებდა, ხმადაბლა გადმომილაპარაკა: - ასე გგონია, თივის ზვინზე ადიხარო.

      გამეცინა, ტომსაც ვუთხარი.

- ღმერთმანი, ჩემს დღეში ამისთანას არაფერს გადავყრივარ, - თქვა მან, - შეხედე ერთი, სამივეს!

      ახლა მზარეულიც ალაპარაკდა.

- რამდენი წლისა ხართ, ბიჭებო?

- მე ოთხმოცდათექვსმეტის, ეს კი - ოთხმოცდაექვსის, - უპასუხა ტომიმ.

- ჰო, ჰო, ჰო, - ვკლავ აძიგძიგდა ზორზოხა კახპა. მართლაც სასიამოვნო ხმა ჰქონდა. დანარჩენ კახპებს არც გაუღიმიათ.

- არ შეიძლება, ცოტა უფრო წესიერად მოიქცეთ?! - თქვა მზარეულმა, - მე ხომ მეგობრულად გკითხეთ.

- ჩვიდმეტისა და ცხრამეტისა ვართ, - ვუთხარი მე.

- რა მოგივიდა? - მე მომიბრუნდა ტომი.

- არა უშავს.

- შეგიძლიათ ალისი დამიძახოთ, - განაცხადა ზორზოხა კახპამ და ისევ ძიგძიგი აუტყდა.

- ალისი გქვია? - ჩაეკითხა ტომი.

- მაშა, - უპასუხა კახპამ, - ალისი, ხომ მართალს ვამბობ? - ჰკითხა მან იმ კაცს, რომელიც მზარეულის გვერდით იჯდა.

- ჰო. ალისი.

- შენ გინდა, ალისი დაგიძახონ, - უთხრა მზარეულმა.

- მქვია კიდეც, - მიუგო კახპამ.

- ამათ? - ჰკითხა ტომმა.

- ჰეიზლი და ეთელი, - უპასუხა ალისმა. ჰეიზლიმა და ეთელმა გაიღიმეს. დიდი ჭკუის კოლოფები ვერ იყვნენ.

- შენ რაღა გქვია? - ვკითხე ერთ-ერთს, იმ თმაშეღებილთაგან.

- ფრენსისი, - მიპასუხა მან.

- გვარი?

- ფრენსის უილსონი. რაში გეკითხება?

- შენა? - ვკითხე მეორეს.

- რას ჩაგვაცივდი! - თქვა მან.

- მაგას ის უნდა, რომ დავმეგობრდეთ ყველანი, - თქვა იმ კაცმა, პირველად რომ წამოიწყო ლაპარაკი, - შენ არ გინდა, დავმეგობრდეთ?

- არა, - მიუგო თმაშეღებილმა, - შენთან მეგობრობა სულაც არ მინდა.

- ჰოი, რა კაპასი ყოფილა, - თქვა ტყისმჭრელმა, - ნამდვილი კაპასია.

      ქერა კახპამ მეორე ქერას შეხედა და თავი გააქნია.

- ყეყეჩი! - ჩაილაპარაკა მან.

      ალისს ისევ აუტყდა სიცილი და მთელი ტანით ააძიგძიგა.

- რა ნახე სასაცილო?! - შეუტია მზარეულმა, - ძალიან გულიანად კი იცინით, მაგრამ სასაცილო არაფერია აქა. თქვენ საით გაგიწევიათ, ყმაწვილებო?

- თქვენ თვითონ საით მიემგზავრებით? - ჰკითხა ტომმა.

- კადილაკში მინდა ჩავიდე, - მიუგო მზარეულმა, - ყოფილხართ ოდესმე? და მყავს იქა.

- თვითონ და არ არის! - თქვა ტყავისშარვლიანმა ტყისმჭრელმა.

- აღარ მოგწყინდათ მაგისთანა ლაპარაკი! - შესძახა მზარეულმა, - არ შეიძლება, წესიერად ვილაპარაკოთ?

- სტივ კეტჩელი იყო კადილაკელი, ედ უოლგერტიც, - შენიშნა მორცხვმა ტყისმჭრელმა.

- სტივ კეტჩელი! - შესძახა ერთ-ერთმა ქერამ, თითქოს ამ სახელის გაგონებამ ერთბაშად შეანჯღრიაო, - საკუთარმა მამამ ესროლა და მოჰკლა. ჰო, ღმერთმანი, საკუთარმა მამამ. ახლა სადღა შეხვდები სტივ კეტჩელისთანა კაცს!

- სტივი თუ სტენლი კეტჩელი? - იკითხა მზარეულმა.

- მოკეტე, ერთი! - შეუტია ქერამ, - სტივ კეტჩელის ამბავს შენ ვინ გეკითხება. სტენლი! სტენლი საიდან მოიტანე?! სტივ კეტჩელისთანა ლამაზი და მოხდენილი კაცი ჯერ არ გაჩენილა ქვეყანაზე. ჩემს დღეში არ მინახავს მაგისთანა სუფთა, მაგისთანა წმინდა და ლამაზი კაცი. მაგნაირი კაცი არ მოსწრებია ქვეყანას. ვეფხვივით რომ გაივლიდა, ჰოი, რა შეუდარებელი სილამაზის პატრონი იყო, რა გულუხვი და რა მხარჯველი.

- იცნობდი? - ჰკითხა ერთ-ერთმა ტყისმჭრელმა.

- იცნობდიო? მე თუ ვიცნობდი? იქნებ ისიც მკითხო, თუ გიყვარდაო! მე მეკითხები მაგას? შენ ვის იცნობ ისე, მე რომ იმას ვიცნობდი, და ღმერთი არ გიყვარს შენ ისე, მე რომ ის მიყვარდა. მაგისთანა ღონიერი, მოხდენილი, წმინდა და ლამაზი კაცი მეორე არ დადიოდა ქვეყნად, და საკუთარმა მამამ კი გაიმეტა - ძაღლივით მოკლა.

- სანაპიროზეც ყოფილხარ იმასთან ერთად?

- არა. მე უფრო ადრე ვიცნობდი. რამდენ კაცს შევხვედრივარ, მაგრამ მაგის მეტი არავინ მყვარებია.

      ყველა პატივისცემით განიმსჭვალა თმაშეღებილი ქალის მიმართ, რომელმაც მგზნებარე თეატრალური ტონით წარმოთქვა ეს სიტყვები. ალისი კი ისევ აძიგძიგდა. გვერდით ვეჯექი და მაშინვე ვიგრძენი.

- შენც ცოლად გაჰყვებოდი, - უთხრა მზარეულმა.

- მისი კარიერის გაფუჭებას მოვერიდე, - მიუგო თმაშეღებილმა კახპამ, - ზედმეტ ბარგად რად უნდა ავკიდებოდი. ცოლი არ იყო მისი საქმე. ო, ღმერთო, რა ვაჟკაცი იყო!

- კარგია, რომ ასე იხსენიებ, - უთხრა მზარეულმა, - მაგრამ, მგონი, ჯეკ ჯონსონმა ნოკაუტი გაუკეთა იმას.

- უხიმანკეს, - თქვა თმაშეღებილმა, - მოტყუებით აჯობა იმ სიფათგაპრტყელებულმა ზანგმა. რა დიდი რამე უნდოდა ჯეკ ჯონსონის, მაგ ნაბუშარა ზანგის გალახვას. მაგრამ მოტყუებით აჯობა.

      სალაროს სარკმელი გაიღო და სამივე ინდიელი იქითკენ გაემართა.

- გაუკეთა კიდეც სტივმა ნოკდაუნი, - განაგრძო თმაშეღებილმა, - მერე მე მომხედა და გამიღიმა.

- აკი, სანაპიროზე არ შევხვედრივარო, - თქვა ვიღაცამ.

- საგანგებოდ ჩავედი მაგ შეჯიბრებაზე დასასწრებლად. სტივმა მე მომიხედა და გამიღიმა, იმ ძაღლის გაგდებულმა კი დრო იხელთა და მოულოდნელად ამოარტყა. ას მაგისთანა ძაღლის გაგდებულს გალახავდა სტივი.

- დიდებული მოკრივე იყო, - შენიშნა ტყისმჭრელმა.

- მაშ არადა! - თქვა თმაშეღებილმა, - ერთი ახლა მოიკითხონ მაგისთანა მოკრივეები. ნამდვილი ღმერთი იყო. სუფთა, წმინდა, ლამაზი, რბილი, ვეფხვივით სწრაფი, ელვასავით გავარდებოდა ხოლმე.

- კინოში მინახავს ეგ მატჩი, - თქვა ტომმა. ყველანი დავღონდით. ალისი ისევ ძიგძიგებდა, გავხედე და ვნახე, ტიროდა. ინდიელები ბაქანზე გაკრეფილიყვნენ.

- იმას რა ქმარი შეედრებოდა, - განაგრძო თმაშეღებილმა, - ღვთის განგებით ვიყავით ჩვენ დაქორწინებულები, ახლაც კი მისი საკუთრება ვარ, მუდამაც მისი ვიქნები მთელი ჩემი არსებით. სხეულს რას დავეძებ. ვისაც უნდა, იმან წაიღოს ეს სხეული. ჩემი სული კი მხოლოდ სტივ კეტჩელს ეკუთვნის. ო, ღმერთო, რა ვაჟკაცი იყო!

      ყველანი ავირიეთ. გულზე დარდი შემოგვაწვა. ბოლოს ალისმა, რომელიც ისევ ისე ძიგძიგებდა, დაიწყო.

- რა ბინძურად ტყუი! - უთხრა მან თავისი დაბალი ხმით, - შენ თვითონ ხომ იცი, რომ სტივ კეტჩელთან ერთხელაც არ წოლილხარ.

- როგორ მიბედავ შენ მაგას! - ამაყად შესძახა თმაშეღებილმა.

- იმიტომ გიბედავ, რომ მართალს ვამბობ, - მიუგო ალისმა, - აქ მყოფთაგან ერთადერთი მე ვიცნობდი სტივ კეტჩელს, მე თვითონ მანსელონელი ვარ, და სწორედ იქ შევხვდი. ამას მართალს ვამბობ, შენც ხომ იცი, რომ მართალს ვამბობ, და ღმერთმა ახლავე გამაცხებინოს სული, თუ მართალს არ ვამბობდე.

- მეც გამაცხებინოს, - თქვა თმაშეღებილმა.

- მართალს ვამბობ, მართალს, მართალს, შენც ხომ იცი, რომ მართალს ვამბობ. არაფერი არ მომიგონია და ახლაც კარგად მახსვოს, რა მითხრა მაშინ.

- რა გითხრა მაინც? - ჰკითხა თმაშეღებილმა, რომელსაც სახეზე კმაყოფილება აღბეჭდოდა.

      ტირილისაგან ისე აძიგძიგებდა ალისს, რომ ენა ძლივს დაიმორჩილა.

- შენაო, ისეთი გემრიელი ნაჭერი ხარ, ალისო. სწორედ ასე მითხრა.

- ტყუილია, - შესძახა თმაშეღებილმა.

- მართალს გეუბნები, უპასუხა ალისმა, - ნამდვილად ასე მითხრა.

- ტყუილი, - მედიდურად გაიმეორა თმაშეღებილმა.

- არა, არა ვტყუი, არა ვტყუი, არა-მეთქი. ღვთიშობლის მადლმა, მართალს ვამბობ.

- სტივი მაგას არ იტყოდა. მაგნაირი ლაპარაკი არ იცოდა, - თმაშეღებილს ბედნიერი ღიმილი გადაეფინა სახეზე.

- მართალს გეუბნებით, - თავისი სასიამოვნო ხმით წარმოთქვა ალისმა, - გინდა დაიჯერე, გინდა არა, მე რა მენაღვლება, - უკვე დამშვიდებულიყო, აღარ ტიროდა.

- სტივი მაგისთანა რამეს არასდიდებით არ იტყოდა, - განაცხადა თმაშეღებილმა.

- სწორედ ასე მითხრა, - თქვა ალისმა და გაიღიმა, - ახლაც კარგად მახსოვს, როდის მითხრა, და მართლაც რომ გემრიელი ნაჭერი ვიყავი მაშინ, ის კი არადა, შენ ახლაც კი გჯობივარ, შე წყლისგან დაცლილო სათბურა ბოთლო.

- აბა, აბა, ნუ იკბინები, - შეუტია თმაშეღებილმა, - შე ბალღამის გორავ. მე კარგი მახსოვრობა მაქვს.

- ვერ მოგართვეს, - თავისი ტკბილი ხმით მიუგო ალისმა - ვერაფერიშვილი მახსოვრობა გქონია. მარტო ის თუ გახსოვს, როგორ გიმკურნალეს. დანარჩენი გაზეთებში გაქვს ყველაფერი ამოკითხული. მე კიდე სუფთა ქალი ვარ, შენც კარგად მოგეხსენება ეს, ხომ ამდენა ქალი ვარ, მამაკაცებს მაინც მოვწონვარ, ეგეც კარგად მოგეხსენება, და არც ტყუილი მიყვარს, ესეც აგრეთვე კარგად მოგეხსენება.

- ჩემს მახსოვრობას მოეშვი, თუ შეიძლებოდეს. - უთხრა თმაშეღებილმა, - ჩემს წმიდა და მშვენიერ მოგონებებთან შენ ხელი არა გაქვს.

      ალისმა მას შეხედა, მერე ჩვენ მოგვავლო თვალი, გაგულისება სულაც გადაეყარა სახიდან, გაიღიმა და ერთბაშად მომეჩვენა, ამისთანა ლამაზი ქალი ჩემს დღეში არ მინახავს-მეთქი. ლამაზი სახე ჰქონდა, ნაზი, პრიალა კანი, სასიამოვნო ხმა, და, საერთოდ, ძალიან სასიამოვნო ქალი იყო. მაგრამ, ღმერთო შენ მიშველე, რამოდენა იყო! სამი ქალი გამოიჭრებოდა. ტომმა შენიშნა, როგორ მივშტერებოდი, და გადმომილაპარაკა.

- წამო, წავიდეთ.

- ნახვამდის, - გვითხრა ალისმა. მართლაც რომ საამური ხმა ჰქონდა.

- ნახვამდის, - ვუთხარი მე.

- საით მიდიხართ, ყმაწვილებო? - გვკითხა მზარეულმა.

- ყოველ შემთხვევაში, იქით არა, საითაც თქვენ მიდიხართ, - უპასუხა ტომმა.

ნახვა: 280

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters